Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 5 - გოლგოთა

    სახარება მათესი, 27:31-53; მარკოზისა, 15, 20:38; ლუკასი, 20:26-46

    „როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს იგი” /ლუკა 23:33/.ქვ 68.1

    იესო „კარიბჭის გარეთ იტანჯა”, „რათა განეწმინდა ხალხი თავისი სისხლით” /ებრ. 13:12/. ადამმა და ევამ დაარღვიეს უფლის კანონი და გამოიდევნენ სამოთხის ბაღიდან. ქრისტეს ჩვენთვის იერუსალიმის კარიბჭის გარეთ უნდა ეტანჯა. იგი ჯვარს აცვეს ქალაქის გარეთ, იქ, სადაც მკვლელებსა და სხვა დამნაშავეთ სჯიდნენ. დიდი აზრითაა სავსე სიტყვა: „ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად” /გალ. 3:13/.ქვ 68.2

    უამრავმა ადამიანმა მიაცილა იესო სასამართლოდან გოლგოთამდე. მაცხოვრის გასამართლების ამბავი უცბად გავრცელდა მთელს იერუსალიმში და მისი ჯვარცმის ადგილას თავი მოიყარა ყველა ფენისა და წოდების საზოგადოებამ. მღვდელმსახურებმა და უხუცესებმა აღუთქვეს ხალხს, რომ არავითარ ვნებას არ მიაყენებდნენ ქრისტეს მიმდევართ და ამიტომ მოწაფეები და მორწმუნეები იერუსალიმიდან და მის გარეუბნებიდან შეუერთდნენ ბრბოს, რომელიც მაცხოვარს მიაცილებდა.ქვ 69.1

    პილატეს სასახლის კარიბჭიდან გამოსვლისას იესოს დაწყლულებულ, დასისხლიანებულ მხრებზე აჰკიდეს ბარაბასათვის გამზადებული ჯვარი. ასევე მოექცნენ ბარაბას ორ თანამონაწილე ბოროტმოქმედს, რომელნიც იესოსთან ერთად უნდა დაესაჯათ. ეს ტვირთი მაცხოვრისათვის მეტად მძიმე იყო, ვინაიდან იგი მეტად დასუსტებული და განაწამები იყო. თავის მოწაფეებთან პასექის სერობის შემდეგ მას არაფერი უჭამია და წყალიც კი არ დაულევია. ის საშინლად იტანჯა გეთსიმანიის ბაღში სატანის ძალებთან ჭიდილის დროს. მისთვის მეტად მტკივნეული იყო ის, რომ ერთერთმა მოწაფემ გაყიდა, სხვებმა კი მიატოვეს და გაიქცნენ. თავიდან იგი ანასთან, შემდეგ კაიაფასთან, სულ ბოლოს კი პილატესთან წაიყვანეს. მთელი ეს ღამე მეტად მძიმე გამოცდა იყო ადამიანისათვის. ქრისტემ გაუძლო შეურაცხყოფას, დაცინვას, გაშოლტვას. მას ერთხელაც არ დაუჩივლია, პირიქით - ღმერთს ადიდებდა. საშინელი სასამართლოს ცრუ პროცესის დროს იესოს მტკიცედ და ღირსეულად ეჭირა თავი. მაგრამ, როდესაც მეორედ გაშოლტვის შემდეგ ზურგზე მძიმე ჯვარი აჰკიდეს ჯვარცმის ადგილამდე წასაღებად, მისმა ადამიანურმა სხეულმა ამ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ქანცგამოცლილი წაიქცა.ქვ 69.2

    სეირის საყურებლად მის უკან მიმავალმა ბრბომ დაინახა, თუ სისუსტისაგან როგორ ბარბაცებდა მაცხოვარი, მაგრამ არავინ თანაუგრძნო. პირიქით, აბუჩად აიგდეს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეამკეს იმის გამო, რომ მძიმე ჯვრის ტარება არ შეეძლო. იგი წამოდგა, მაგრამ ისევ აჰკიდეს ჯვარი და ისევ წაიქცა. ქრისტეს მწვალებლები მიხვდნენ, რომ იესო ამ მძიმე ჯვარს ადგილამდე ვერ მიიტანდა და ძებნა დაუწყეს კაცს, რომელიც ამ სამარცხვინო ბოძს წაიღებდა. არც ერთმა იუდეველმა ხელი არ ახლო მას, რათა არ გაუწმინდურებულიყო და პასექის ზეიმში მონაწილეობის მიღებაში ხელი არ შეშლოდა. არავის უფიქრია, შეშველებოდა იესოს ჯვრის ტარებაში.ქვ 69.3

    ამ დროს იერუსალიმში მომავალი ვინმე უცხო კაცი, სიმონ კვირინელი, გზაში ხვდება ბრბოს. ესმის ადამიანთა დამცინავი ხმები და უწმაწური ხუმრობა და შეძახილები: „გზა მიეცით იუდეველთა მეფეს!” ამ სცენით გაოცებული კვირინელი თანაგრძნობით უცქერს მაცხოვრის ტანჯვას. შეამჩნიეს თუ არა იგი, იუდეველებმა ხელი სტაცეს, ზურგზე აჰკიდეს იესოს ჯვარი.ქვ 70.1

    სიმონს გაგონილი ჰქონდა მაცხოვრის შესახებ. მისმა ვაჟებმა იწამეს იესო, როგორც მესია, მაგრამ თვითონ სიმონი არ იყო მისი მოწაფე. გოლგოთას ჯვრის ტარება ღვთის კურთხევა აღმოჩნდა მისთვის. რისთვისაც შემდგომში იგი მადლიერი იყო უფლისა. ამ შემთხვევამ შესაძლებლობა მისცა მას ნებაყოფლობით, სიხარულით ეტარებინა ქრისტეს ჯვარი სიცოცხლის ბოლომდე.ქვ 70.2

    ბრბოში, რომელიც უკან მიჰყვებოდა ამ უმანკო კრავს საშინელი წამების ადგილისაკენ, ბევრი ქალი იყო. მთელი მათი ყურადღება იესოსკენ იყო მიპყრობილი. ზოგიერთ მათგანს იესო ადრეც ჰყავდა ნანახი. ზოგი პირადად განკურნა უფალმა და ზოგსაც ნათესავი და ახლობელი გადაურჩინა. ეს ქალები ერთმანეთში საუბრობდნენ ქრისტეს საქმეების შესახებ და განცვიფრებული იყვნენ იესოს მიმართ ბრბოს სასტიკი სიძულვილით. ისინი შეძრა ამ სანახაობამ და გულები მაცხოვრისადმი სიბრალულით აევსოთ. მათ არ ეშინოდათ მღვდელთა და მთავართა ბოროტი შეძახილებისა და უშიშრად, საჯაროდ თანაუგრძნობდნენ მას. როდესაც იესომ ჯვრის სიმძიმეს ვერ გაუძლო და წაიქცა, ქალები ხმამაღლა, მწარედ ატირდნენ.ქვ 70.3

    ამან ქრისტეს ყურადღება მიიპყრო. მიუხედავად მისი ენით გამოუთქმელი ტანჯვისა, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში მის მხრებს მთელი ქვეყნიერების ცოდვები აწვა, მან ვერ შეძლო გულგრილად მოესმინა მათი მწუხარე ხმები. მან თანაგრძნობით გადახედა მტირალთ. იესომ იცოდა, რომ ეს ქალები არ იყვნენ მისი მორწმუნენი და ისინი დასტიროდნენ მას არა როგორც ღვთის მაცნეს, არამედ უბრალოდ ეცოდებოდათ იგი, როგორც ადამიანი. იესომ არ უარყო მათი გრძნობა, პირიქით, თავად განიმსჭვალა მათდამი თანგრძნობით. „იერუსალიმის ასულნო! - უთხრა მათ, - ნუ ტირიხართ ჩემზე, არამედ თქვენს თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ”. ქრისტე ხედავდა იმაზე მეტს, რაც ახლა მის წინ ხდებოდა. იგი ჭვრეტდა იერუსალიმის დანგრევას, როცა ბევრი მათგანი, ვინც ახლა იესოს დასტირის, თავის შვილებთან ერთად დაიღუპება.ქვ 71.1

    იერუსალიმის დაცემიდან იესოს ფიქრებმა ბოლო ჟამის საყოველთაო სამსჯავროსაკენ გადაინაცვლა. ამ ქალაქის დანგრევაში იგი ჭვრეტდა წუთისოფლის საბოლოო განადგურების ნიშანს. და მან თქვა: „მაშინ ეტყვიან მთებს: „დაგვეცით ზედ!” და ბორცვებს, „დაგვფარეთ ჩვენ!”, ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?” ნედლ ხეში იესო საკუთარ თავს, უცოდველ გამომსყიდველს გულისხმობდა. ღმერთმა ინება, რომ მისი რისხვა ურჯულოებისათვის მის საყვარელ ძეს მიეღო თავის თავზე. იესო ჯვარცმით უნდა მომკვდარიყო ყველა ადამიანის ცოდვათა გამო. მაშ, რა სასჯელი მოელოდათ ადამიანებს, რომლებიც ამის შემდეგ კვლავ ჯიუტად აირჩევდნენ ცოდვაში დარჩენას?! ყოველი მათგანის ხვედრი იმდენად მძიმე და მტანჯველი იქნება, რომ ამის აღწერაც კი შეუძლებელია.ქვ 71.2

    გოლგოთას გზაზე მიმავალ მაცხოვარს აცილებდნენ ისინიც, ვინც პალმის ტოტების რხევითა და „ოსანას” მხიარული შეძახილებით ხვდებოდნენ იერუსალიმში მაცხოვრის საზეიმო შესვლას. მაშინ ისინი ადიდებდნენ მას იმიტომ, რომ ყველა ასე იქცეოდა, ახლა კი იგივე ადამიანები სხვებთან ერთად ყვიროდნენ: „ჯვარს აცვი იგი, ჯვარს აცვი!” იერუსალიმში შესვლისას ღვთიურ მოძღვარს გარს ეკვროდნენ მომავლის იმედით ფრთაშესხმული მოწაფეები, ვისთვისაც იესოს სიახლოვე უმაღლესი პატივი იყო. მაგრამ ახლა ისინი შორს იდგნენ დამცირებული, დამდაბლებული მაცხოვრისაგან. აუხდენელი იმედებით გამოწვეულმა ტკივილმა დაამწუხრა მათი გულები. რა ზუსტად ასრულდა იესოს სიტყვები: „თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: „დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები” /მათ. 26:31/.ქვ 71.3

    ბრალდებულნი ჯვარცმის ადგილას მიიყვანეს და ბოძებზე გააკრეს. ორივე ბოროტმოქმედი ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა განაჩენის სისრულეში მომყვანთ. მხოლოდ იესო არ ეწინააღმდეგებოდა მათ. იესოს დედა მაცხოვრის საყვარელ მოწაფესთან ერთად თან გაჰყვა შვილს გოლგოთამდე. მან დაინახა, თუ როგორ წაიქცა იესო, ვინაიდან ვერ გაუძლო ჯვრის სიმძიმეს. როგორ სურდა დედას შეშველებოდა მას, მოეწმინდა სისხლის წვეთებით დაცვარული შუბლი, წყლულებით დაფარული თავი, რომელსაც ოდესღაც გულში იკრავდა და ეფერებოდა. მაგრამ ვერ შეძლო. მოწაფეების მსგავსად, ისიც იმედოვნებდა, რომ იესო თავის ღვთიურ ძალას გამოავლენდა და მტერს ხელიდან გაუსხლტებოდა და კვლავ სულით ეცემოდა, როდესაც იხსენებდა, რომ იესომ თავად იწინასწარმეტყველა ის, რაც ახლა ხდებოდა. როდესაც ორივე ბოროტმოქმედი ჯვარზე გააკრეს, დედის გული კვლავ მწარე ფიქრებმა მოიცვა: ნუთუ ის, ვისაც გაცოცხლება შეუძლია, დაუშვებს, რომ ჯვარს აცვან? ნუთუ ღვთის ძე ნებას დართავს, რომ ასე სასტიკად დასაჯონ? ნუთუ მან იმის რწმენა უნდა დაკარგოს, რომ იესო მესიაა? რატომ უნდა იყოს იგი მოწმე იესოს სირცხვილისა და წამებისა და ვერ უნდა შეუმსუბუქოს ტანჯვა? დედამ დაინახა, თუ როგორ გაუკრეს მის ძეს ხელები ჯვარზე, როგორ მოიტანეს გრდემლი და ლურსმნები და, როდესაც იგი ბოძს მიალურსმეს, დამწუხრებულმა მოწაფეებმა იქაურობას მოაშორეს იესოს გონდაკარგული და გულშეწუხებული დედა.ქვ 72.1

    მაცხოვარს ერთხელაც არ დაუჩივლია. იგი მშვიდად იყო, მხოლოდ მისი სათნო და ნათელი შუბლი ოფლის მსხვილმა წვეთე- ბმა დაფარა. და არავინ აღმოჩნდა მის გვერდით, ვინც მოწმენდდა ამ სასიკვდილო ოფლის ცივ წვეთებს. არსაიდან ისმოდა ერთგულებისა და თანაგრძნობის სიტყვები, უდიდესი გაჭირვების ჟამს რომ გაამხნევებდა და ძალას შემატებდა. იმ დროს, როდესაც მტარვალნი თავის საშინელ საქმეს აკეთებდნენ, იესო მათთვის ლოცულობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. მაცხოვარი ფიქრობდა არა თავის ტანჯვაზე, არამედ თავისი მტრების ცოდვაზე და იმ საშინელ შურისგებაზე, რომელიც მალე მიეწევა მათ. ქრისტემ არ დაწყევლა მეომრები, რომელნიც ასე უმოწყალოდ ექცეოდნენ. არც შურისძიება უთხოვია ურჯულო მღვდლებისა და უხუცესების მიმართ, რომელთაც ასე უხაროდათ, რომ საწადელს მიაღწიეს. ქრისტეს შეეცოდა ისინი თავიანთი უმეცრებისა და ცოდვების გამო. და იგი სთხოვდა მამას: „მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”.ქვ 72.2

    რა შიში შეიპყრობდა მათ და როგორ დასტანჯავდა სინდისი, რომ სცოდნოდათ, ვის აწამებდნენ - იმას, ვინც ცოდვილი კაცობრიობის საუკუნო დაღუპვისაგან დასახსნელად მოვიდა. მაგრამ უმეცრება არ ამართლებდა მათ დანაშაულს. ვინაიდან ისინი მოვალენი იყვნენ შეეცნოთ და თავიანთ მხსნელად ეღიარებინათ მაცხოვარი. ზოგი მათგანი შემდგომში აღიარებს თავის ცოდვას, მოინანიებს და მოიქცევა. ზოგიერთი კი არ მოინანიებს და იესოს ლოცვა მათზე არ გავრცელდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღვთის გეგმა მალე უნდა აღსრულებულიყო და იესოს უნდა მოეპოვებინა უფლება, ადამიანთა შუამდგომლად წარმდგარიყო მამის წინაშე.ქვ 73.1

    ქრისტე ამ ლოცვაში თავის ზეციერ მამას ავედრებდა არა მხოლოდ თავის მდევნელთ, არამედ მთელ წუთისოფელს, ყველა დროის ყოველ ცოდვილს დედამიწის დასაბამიდან დასასრულამდე. ყველა ჩვენგანს მიუძღვის წვლილი უფლის ძის ჯვარცმაში. ყველას უსასყიდლოდ სთავაზობს უფალი მიტევებას. ყოველს შეუძლია შეურიგდეს ღმერთს და საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრე გახდეს.ქვ 73.2

    როგორც კი ქრისტე ჯვარს მიალურსმეს, რამდენიმე ღონიერმა ხელმა ასწია და წინასწარ ამოთხრილ ორმოში ჩაარჭო იგი. ამ მოქმედებამ დიდი ტკივილი მიაყენა ღვთის ძეს. პილატემ ბრძანა ჯვარზე, იესოს თავს მაღლა, დაემაგრებინათ ფიცარი, რომელზედაც ებრაულად, ბერძნულად და ლათინურად ეწერებოდა: „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე”. ამ წარწერამ გააღიზიანა იუდეველები. პილატეს ეზოში ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი იგი!” „ჩვენ არ გვყავს მეფე კეისრის გარდა” /იოან. 19:15/. ამით მათ განაცხადეს, რომ ყველა, ვინც სხვას აღიარებს მეფედ, მოღალატეა. და პილატემაც მათი სურვილის თანახმად გააკეთა ეს წარწერა, რომელშიც არ იყო მითითებული იესოს სხვა დანაშაული, გარდა იმისა, რომ იგი იუდეველთა მეფეა. ეს წარწერა რომის ხელისუფლებისადმი იუდეველთა ერთგულებას ნიშნავდა. იგი აფრთხილებდა: ყოველს, ვინც თავს ისრაელის მეფედ გამოაცხადებს, ასეთივე განაჩენს გამოუტანს იუდეველი ხალხი. მღვდელმსახურებმა ყველას გადააჭარბეს, როდესაც ქრისტეს მოკვლა განიზრახეს. კაიაფამ განაცხადა, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს. ახლა მათი მლიქ ვნელობა ყველას წინაშე გაცხადდა. ქრისტე მოეკლათ და, ისინი მზად იყვნენ მსხვეპლად შეეწირათ თავისი ეროვნული დამოუკიდებლობა.ქვ 74.1

    როდესაც მიხვდნენ, რაც ჩაიდინეს, მღვდელმსახურებმა სთხოვეს პილატეს, შეეცვალა წარწერა: „ნუ დაწერ: „იუდეველთა მეფე”, არამედ, რაც მან თქვა: „მე ვარ იუდეველთა მეფეო”. მაგრამ პილატემ, რომელიც ისედაც გაბრაზებული იყო თავის თავზე საკუთარი სისუსტის გამო და სძულდა შურიანი და მზაკვარი მღვდლები და მთავრები, ცივად უპასუხა: „რაც დავწერე, დავწერე”.ქვ 74.2

    ეს წარწერა ჯვარზე, თავს ზემოთ, პილატესა და იუდეველთა ძალაუფლებაზე უფრო მაღალი ხელისუფლების მიერ გაკეთდა. უფლის წინასწარგანჭვრეტით, ამ სიტყვებს უნდა აღეძრა ადამიანებში წმინდა წერილისადმი დიდი ინტერესი. ქრისტე ჯვარს აცვეს ქალაქთან ახლოს. იმ დღეებში იერუსალიმში უამრავი ხალხი ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან და წარწერა, რომელიც იესო ნაზარეველს მესიად აცხადებდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ეს იყო უფლის სურვილით და ნებით დაწერილი ცოცხალი ჭეშმარიტება.ქვ 74.3

    თავისი ჯვარცმით ქრისტემ აღასრულა წინასწარმეტყველება. მის ჯვარცმით სიკვდილამდე მრავალი საუკუნით ადრე მაცხოვარმა იწინასწარმეტყველა, თუ როგორ მოექცეოდნენ. „გარს შემომეხვევიან მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომთა მსგავსად ჩემი ხელფეხის განსაგმირავად. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი კი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე” /ფს. 21:17-19/. წინასწარმეტყველება ქრისტეს სამოსელის შესახებ აღსრულდა ჯვარცმულის მეგობრების ან მტრების მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. თვით ჯალათებმა, რომლებმაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, გაინაწილეს მისი სამოსელი. ქრისტეს კარგად ესმოდა, თუ როგორ კამათობდნენ ისინი მისი განაწილებისას. მისი „კვართი არ იყო შეკერილი, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო” და ვინაიდან მისი დანაწილება არ მოისურვეს, ერთმანეთს უთხრეს: „ნუ დავხევთ. წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ, ვის შეხვდება”.ქვ 75.1

    სხვა წინასწარმეტყველებაში მაცხოვარმა თქვა: „დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და ვერ ვპოვე. და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი” /ფს. 68:21-22/. ჯვარცმულთ სიკვდილის წინ ტკივილგამაყუჩებელ სასმელს ასმევდნენ. იგივე შესთავაზეს იესოს, მაგრამ „რომ იგემა, დალევა არ ინდომა”. მაცხოვარმა არ ისურვა მიეღო ისეთი რამ, რაც გონებას დაუბნელებდა. მისი ერთადერთი ძლიერება ღვთისადმი სასოებაში იყო. გრძნობებზე კონტროლის დაკარგვა კი სატანის ზეგავლენის ქვეშ მოქცევას ნიშნავდა.ქვ 75.2

    ჯვარზე გაკრულ მაცხოვარზე იყარეს ჯავრი მისმა მტრებმა. მღვდლები, მთავრები, მწიგნობრები ბრბოსთან ერთად დასცინოდნენ მომაკვდავ ქრისტეს. იესოს ნათლობისა და ფერიცვალების დროს ზეციდან გაისმა ხმა, რომელმაც ქრისტე თავის ძედ გამოაცხადა. მაცხოვრის მუხანათურად გაცემის წინაც დაამოწმა უფალმა იესოს ღვთიურობა. ახლა კი ზეცა დუმდა: ერთი სიტყვაც კი არსაიდან თქმულა ქრისტეს დასაცავად. უწმინდურთა ლანძღვასა და დაცინვას იგი მარტოდმარტო იტანდა.ქვ 75.3

    „თუ ღვთის ძე ხარ, - დასცინოდნენ ისინი, - გადმოდი ჯვრიდან”. თუკი იგი ქრისტეა, ღვთის რჩეული, გადაირჩინოს თავი. უდაბნოში იესოს ცდუნების მცდელობისას, სატანამ განაცხადა: „თუ შენ მართლაც ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ”, „თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ტაძრის ქიმიდან” /მათ. 4:3,6/. იესოს ჯვართან სატანაც და მისი ანგელოზებიც იდგნენ ადამიანთა სახეებით. კაცობრიობის მტერი და მისი მხედრობა გაერთიანდნენ მღვდლებთან და მთავრებთან. ერის მოძღვრებმა წააქეზეს უმეცარი ბრბო იმის წინააღმდეგ, ვინც ზოგიერთ მათგანს ადრე ერთხელაც არ ენახა. მღვდლები, მთავრები, ფარისევლები და მთელი ეს გასასტიკებული ბრბო სატანის ძალის ქვეშ გაერთიანდნენ. იუდეველთა რელიგიური წინამძღვრები ეშმაკსა და მის დემონებს შეუერთდნენ. მათ სატანის ნება აღასრულეს. იტანჯებოდა, წამებით კვდებოდა და მაინც მკაფიოდ ესმოდა მაცხოვარს მღვდელმსახურთა ყოველი სიტყვა: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია; თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას”. ქრისტეს შეეძლო ჯვრიდან გადმოსვლა, მაგრამ იმიტომ, რომ საკუთარი თავი არ დაიხსნა, ყოველ ცოდვილს შეუძლია ჰქონდეს ღვთის წყალობისა და მიტევების იმედი.ქვ 76.1

    დასცინოდნენ რა მაცხოვარს, ეგრეთ წოდებული, რჯულის მცოდნენი და წინასწარმეტყველებათა განმმარტებელნი ზუსტად იმ სიტყვებს წარმოთქვამდნენ, რომლებიც, წინასწარმეტყველებათა თანახმად, უნდა თქმულიყო ამგვარ ვითარებაში. სიძულვილით დაბრმავებულებმა ვერც კი შეამჩნიეს, რომ თვითონვე ასრულებდნენ წინასწარმეტყველებას. ისინი, ვინც დაცინვით ამბობდა: „ღმერთს იყო მინდობილი და, ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს, ვინაიდან თქვა, ძე ღვთისა ვარო”, ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათი ეს მოწმობა ექოსავით გამეორდებოდა ყველა საუკუნეში და, თუმცა ეს სიტყვები დაცინვით იყო ნათქვამი, ჩააფიქრა ადამიანები და მათ უფრო მეტი სერიოზულობით დაიწყეს ღვთის სიტყვის შესწავლა. ბრძენნი ისმენდნენ, იკვლევდნენ, მსჯელობდნენ და ლოცულობდნენ და მხოლოდ მაშინ კმაყოფილდებოდნენ, როდესაც წმინდა წერილის სხვადასხვა ადგილების ერთმანეთთან შედარებით ღრმად წვდებოდნენ ქრისტეს დედამიწაზე პირველი მოსვლის არსს. არასდროს ადრე არ იცნობდა ქრისტეს ამდენი ხალხი, როგორც ახლა, მისი ჯვარცმის დღეს. ჯვარცმის მრავალ მოწმეს, ვინც ქრისტეს სიტყვები მოისმინა, ამოუბრწყინდა ჭეშმარიტების ნათელი.ქვ 76.2

    ჯვარზე გაკრულ ქრისტეს მხოლოდ ერთი რამ ანუგეშებდა - ავაზაკის მონანიების ლოცვა. თავდაპირველად ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ორი ავაზაკი ლანძღავდა მას. ერთი მათგანი ტანჯვამ უფრო გაასასტიკა და გაათავხედა, მისი ამხანაგი კი სხვანაირად მოიქცა. ეს კაცი არ იყო ჩამოყალიბებული დამნაშავე, არამედ, გზას აცდა და ცუდ წრეში მოხვდა. მისი დანაშაული ნაკლებად მძიმე იყო მათთან შედარებით, ვინც ჯვართან იდგა და მაცხოვარს ლანძღავდა. მან ადრე ნახა იესო, მოისმინა მისი მოძღვრება და მიიღო კიდეც, მაგრამ შემდეგ, მღვდლებისა და უხუცესების ზეგავლენით, უარყო იგი. ცდილობდა სინდისის ხმის ჩახშობას და უფრო ღრმად ეფლობოდა იგი ცოდვის მორევში, ვიდრე არ შეიპყრეს და გაასამართლეს, როგორც დამნაშავე და ჯვარცმით სიკვდილი არ მიუსაჯეს. სასამართლოშიც და გოლგოთას გზაზეც იგი იესოს გვერდით იყო. მოისმინა პილატეს სიტყვები: „ვერავითარ დანაშულს ვერ ვპოულობ მასში” /იოან. 19:4/, ჩაწვდა იესოს ღვთიურობას და დიდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მამას მის მტანჯველთა მიტევებას სთხოვდა. შემდეგ კი, ჯვარზე გაკრულს, ესმოდა, თუ როგორ დაცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ მღვდლები უფალ იესოს, მისი ამხანაგი ავაზაკი კი საყვედურობდა: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავიც და ჩვენც”. ბრბოში იგი იესოს მომხრეებსაც ხედავდა, რომლებიც იმეორებდნენ იესოს სიტყვებს და იხსენებდნენ მის სასწაულებრივ საქმეებს. და კვლავ გულის სიღრმეში ირწმუნა ავაზაკმა, რომ იესო მესია იყო, მიუბრუნდა ამხანაგს და უთხრა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?” სიკვდილმისჯილ ავაზაკებს აღარ ეშინოდათ ადამიანებისა. მხოლოდ ერთერთ მათგანს გაუჩნდა რწმენა იმისა, რომ უნდა ეშინოდეს ღმერთის. მომავალი აძრწუნებდა მას. მისი ცოდვით დამძიმებული ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. „ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, - ამოიკვნესა მან, - ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი ცუდი არ ჩაუდენია”.ქვ 77.1

    იგი აღარაფერს ამბობდა, არ ეჭვობდა და არ საყვედურობდა. როდესაც დანაშაულის გამო ამ ავაზაკს განაჩენი გამოუტანეს, ყოველგვარი იმედი დაკარგა და სასოწარკვეთილებამ მოიცვა. მაგრამ ახლა მასში რაღაც საოცარმა, თბილმა გრძნობამ გაიღვიძა. გაახსენდა ყველაფერი, რაც მოსმენილი ჰქონდა იესოს შესახებ, ისიც, თუ როგორ კურნავდა იგი სნეულთ და მიუტევებდა ცოდვილთ. ესმოდა ქრისტეს მორწმუნეთა ლაპარაკი, რომელნიც ტირილით მიყვებოდნენ უფალს გოლგოთას გზაზე. წაიკითხა იესოს თავს ზემოთ, ჯვარზე გაკრული წარწერა; ხედავდა, როგორ იმეორებდა ხალხი ამ სიტყვებს: ზოგი მწუხარებით და მთრთოლვარე ბაგეებით, ზოგიც ნიშნის მოგებითა და დაცინვით. სულიწმიდამ გაუნათა გონება ჯვარცმულ ავაზაკს და გაახსენდა მთელი ჯაჭვი ქრისტეს ღვთიურობის მტკიცებებისა და აი, გალანძღულ, აბუჩად აგდებულ, ჯვარზე გაკრულ ადამიანში იგი ხედავს ღვთის კრავს, რომელიც „იღებს წუთისოფლის ცოდვას”. და ამ დაცემული ადამიანის ხმაში გამოკრთის უძლურება, უსუსურება, ტანჯვა და იმედი, როდესაც მომაკვდავ იესოს მიმართავს: „გამიხსენე, უფალო, როდესაც შენი სასუფევლით მოხვალ”.ქვ 78.1

    და მაშინვე პასუხად თბილი, მელოდიური, სიყვარულითა და თანაგრძნობით აღსავსე ძლიერი ხმა მოესმა: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”. საათობით ისმენდა იესო შეურაცხყოფასა და ლანძღვას თავისი მისამართით. ახლაც, ჯვარზე გაკრულს, კვლავინდებურად ესმის წყევლაკრულვა. როგორ წყურია მას, გაიგონოს თუგინდ ერთი სიტყვა თანაგრძნობისა, რწმენის სულ მცირე გამოვლინებაც კი თავის მოწაფეთაგან. მაგრამ მის ყურს სწვდება ნაღვლიანი სიტყვები: „ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ ეს იყო ისრაელის მხსნელი”. და რა დიდი სიხარულია მომაკვდავი ავაზაკის რწმენითა და სიყვარულით აღსავსე სიტყვები! იმ დროს, როდესაც ებრაელი ერის წინამძღვრებმა უარყვეს მესია და თვით მოწაფეებსაც ეჭვი შეეპარათ ქრისტეს ღვთიურობაში, უბედური ავაზაკი თავისი სიკვდილის წინ უფალს უწოდებს მას! ბევრი იყო მზად, ეღიარებინა იესო უფლად მაშინ, როდესაც სასწაულებს ახდენდა და შემდეგაც, როდესაც მკვდრეთით აღდგა. მაგრამ როდესაც ჯვარზე კვდებოდა, არავინ სცნო, გარდა სინანულით აღსავსე ავაზაკისა. ქვ 78.2

    იქვე ახლოს მდგომმა ხალხმა გაიგონა ბოროტმოქმედის სიტყვები, იესოს რომ უფალი უწოდა. გრძნობამ, რომლითაც მან ეს სიტყვები წამოთქვა, ისე განაცვიფრა ისინი, ვინც იესოს სამოსელს იყოფდა, რომ თავი დაანებეს თავიანთ საქმიანობას და სმენად იქცნენ. ხმა გაკმინდეს და სულგანაბულნი ელოდნენ, თუ რას უპასუხებდა მომაკვდავი მაცხოვარი.ქვ 79.1

    როდესაც იესომ აღთქმის სიტყვები წარმოთქვა, ჯვარს შემოხვეული შავი ღრუბელი გაიფანტა და საოცარმა შუქმა გაანათა იქაურობა. როგორც კი მონანიებულმა ავაზაკმა ღმერთი აღიარა, მის გულში სრულმა სიმშვიდემ დაისადგურა. თვით დამცირების დროსაც კი განდიდდა ქრისტე. ის, ვინც ხალხმა დამარცხებულად ცნო, სინამდვილეში გამარჯვებული აღმოჩნდა. იგი აღიარეს მესიად, რომელმაც სხვისი ცოდვები იტვირთა. ადამიანებს შეუძლიათ აწამონ მისი სხეული, თავზე დაადგან ეკლის გვირგვინი, შემოახიონ სამოსი და იკამათონ მის გაყოფაზე, მაგრამ მათ არ შუძლიათ წაართვან მაცხოვარს ცოდვების მიტევების ძალაუფლება. სიკვდილის წინ დაამტკიცა თავისი ღვთიური არსი და განადიდა მამა. მას ისევ მახვილი სმენა აქვს, ვინაიდან ესმის, თუ როგორ ითხოვენ შველას; მისი ხელი არ დასუსტებულა, ვინაიდან კვლავ უწვდის დაღუპულთ. ეს მისი მეფური ძალაუფლება იყო: უკანასკნელ წუთამდე გადაერჩინა ყველა, ვინც მიდიოდა ღმერთთან მისი მეშვეობით.ქვ 79.2

    მე დღესვე გპირდები, რომ ჩემთან იქნები სამოთხეში. ქრისტეს არ უთქვამს, რომ ავაზაკი იმ დღესვე მასთან ერთად წავიდოდა სამოთხეში. იესო თვითონაც არ წასულა მაშინვე იქ. იგი სამარხში იწვა, ხოლო აღდგომის დილას კი თქვა: „ჯერ არ ავსულვარ მამასთან” /იოან. 20:17/. ჯვარცმის დღეს - ამ საშინელი წყვდიადის, მაგრამ ამავე დროს უდიდესი გამარჯვების დღეს - დაიდო აღთქმა. „დღესვე, - არწმუნებს მისივე მსგავსად ჯვარცმული, მომაკვდავი ქრისტე საცოდავ ცოდვილს, - ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”.ქვ 80.1

    ქრისტესთან ერთად „ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი - მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ”. ეს მღვდელთა და მთავართა მითითებით მოხდა, რაც ნიშნავდა, რომ იესო ყველაზე დიდი ბოროტმოქმედია მათ შორის. ასე აღსრულდა წინასწარმეტყველება: „და ცოდვილთა შორის შეირაცხა” /ეს. 53:12/. მაგრამ მათ ჭეშმარიტ მნიშვნელობას ვერ ჩაწვდნენ მღვდლები. ჯვარი, რომელზედაც ქრისტე გააკრეს ორ ავაზაკს შორის, მთელი ცოდვილი დედამიწის შუაგულში იყო აღმართული, ხოლო მონანიე ცოდვილისადმი მიმართული მიტევების სიტყვები სინათლის წყაროდ იქცა მთელი ქვეყნიერებისათვის.ქვ 80.2

    ანგელოზები სიყვარულითა და აღტაცებით ადევნებდნენ თვალს იესოს, რომელიც, მიუხედავად ასეთი ძლიერი სულიერი და ფიზიკური ტანჯვისა, მხოლოდ სხვებზე ზრუნავდა და რწმენით ამხნევებდა მონანიე ცოდვილის სულს. თავისი დამცირების წუთებში მან, წინასწარმეტყველმა, გააფრთხილა იერუსალიმელი ქალები; მან, მღვდელმთავარმა და შუამდგომელმა, მიტევება სთხოვა მამას თავის მკვლელთათვის; ხოლო, როგორც მოწყალე მაცხოვარმა, მიუტევა ცოდვები ჭეშმარიტების გზაზე დამდგარ ავაზაკს.ქვ 80.3

    ჯვართან შეკრებილთა შორის ერთმა პიროვნებამ მიიპყრო იესოს ყურადღება: ეს იყო იესოს დედა, რომელსაც მხარში იოანე ამოდგომოდა. დედამ ვერ აიტანა შვილთან განშორება და იოანემ, იცოდა რა, რომ აღსასრული მოახლოებულია, ჯვართან მიიყვანა იგი. ჯვარცმული, ნაწამები ქრისტე დედაზე ზრუნავდა. შეხედა მის დამწუხრებულ, მჭმუნვარე სახეს, შემდეგ იოანეს გადახედა და დედას მიმართა: „დედაკაცო, აჰა, შენი ძე!” იოანეს კი უთხრა: „აჰა, დედაშენი!” იოანე მიხვდა, რისი თქმაც სურდა მაცხოვარს და ღვთისმშობლის სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულით ზრუნავდა მასზე. ო, რა დიდია მაცხოვრის სიყვარული და წყალობა! ტანჯვითა და წამებით ღონემიხდილი დედაზე ზრუნავდა! მას არ ჰქონდა ფული, რომ მისთვის დაეტოვებინა, მაგრამ, იოანეს კეთილ ბუნებაში დარწმუნებულმა, მას ჩააბარა დედა, როგორც ძვირფასი განძი. დედამ მიიღო მისგან ის, რაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა - მისი სიყვარული და თანაგრძნობა. იოანემ მადლიერებით მიიღო ეს ძვირფასი განძი, რაც უდიდესი კურთხევა იყო მისთვის. იესოს დედა ყოველთვის მას თავის საყვარელ მოძღვარს ახსენებდა.ქვ 80.4

    დედისადმი ქრისტეს სიყვარული შვილის მშობლისადმი სიყვარულის სრულყოფილი მაგალითია და ჩაუქრობელ მნათობად ბრწყინავს საუკუნეთა წყვდიადში. თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში თავისი ყოველდღიური შრომით იზიარებდა მაცხოვარი ოჯახის მძიმე ტვირთს. და ახლაც, სასიკვდილო აგონიაში მყოფს არ ავიწყდება თავისი დაქვრივებული, უბედური დედა. ასეთივე მზრუნველობის სული იქნება ჩადებული ქრისტეს ყოველ მოწაფეში. ქრისტიანებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ მშობლის პატივისცემა და მათზე ზრუნვა - მათი რელიგიის განუყოფელი ნაწილია. ის, ვისი გულიც სავსეა ქრისტეს სიყვარულით, ყოველთვის იზრუნებს მშობლებზე და თანაუგრძნობს მათ. ჯვარზე კვდებოდა დიდების უფალი, რათა დაცემული კაცობრიობა გამოესყიდა. ქრისტეს მსხვერპლს არ გამოუწვევია ზეიმი და საყოველთაო სიხარული. ყველგან დამთრგუნველი წყვდიადი ჩამოწოლილიყო. იესოს არ ეშინოდა სიკვდილის და არც ეს სამარცხვინო ბოძზე გაკვრა აყენებდა დიდ ტკივილს. ქრისტეს უდიდესი, ენით გამოუთქმელი ტანჯვა გამოწვეული იყო მხოლოდ ცოდვის სიბილწით და ბოროტების საშინელებისადმი ადამიანის გულგრილობით. ქრისტე ხედავდა, თუ რა ღრმად გაიდგა ფესვი ცოდვამ ადამიანის გულში და რა ცოტანი იბრძვიან მის წინააღმდეგ. იესომ იცოდა, რომ უფლის დახმარების გარეშე კაცობრიობა დაიღუპება და ხედავდა კიდეც მრავალ დაღუპულს, მათ, ვინც უარი თქვა ზეციურ დახმარებაზე.ქვ 81.1

    ქრისტემ, ჩვენმა შუამდგომელმა და გამომსყიდველმა, იტვირთა ყველა ჩვენგანის ცოდვა. იგი „ავაზაკთა შორის შეირაცხა”, რათა რჯულის განკითხვისაგან გავეთავისუფლებინეთ. ადამის მთელი მოდგმის დანაშაული ამძიმებდა მას. ცოდვისადმი უფლის სიძულვილი, ღვთის საშინელი რისხვა ყოველგვარი უწმინდურების მიმართ მწუხარებით ავსებდა უფლის ძის სულს. მთელი თავისი სიცოცხლე ქრისტე უქადაგებდა ამ დაცემულ წუთისოფელს სახარებას მამის გულმოწყალებისა და ყოვლისმიმტევებელი სიყვარულის შესახებ. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ შესაძლებელია ყველაზე დიდი ცოდვილის ხსნაც კი, მაგრამ ახლა, როდესაც თავად იტვირთა მთელი ქვეყნიერების ცოდვათა ეს საშინელი სიმძიმე, ვეღარ ხედავდა ზეციერი მამის შემწყნარებელ სახეს. ტანჯვის წუთებში არ იყო მასთან მამის ხელი და ამის გამო ისეთი გულისტკივილი იგრძნო, როგორსაც ვერასოდეს შეიცნობს ადამიანი. ეს ტანჯვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ფიზიკურ ტკივილს იესო თითქმის ვერც კი გრძნობდა.ქვ 82.1

    სატანის საშინელი ცდუნებები ტანჯავდა იესოს გულს. მაცხოვარს არ შეეძლო დაენახა, თუ რა ელოდა სიკვდილის შემდეგ. ცხადად ვერ წარმოედგინა, თუ როგორ ამოვიდოდა სამარხიდან გამარჯვებული. არ იცოდა, მიიღებდა თუ არა მამა მის მსხვერპლს, ვინაიდან კარგად იცოდა, თუ როგორ სძულდა ღმერთს ცოდვა. ქრისტეს ეშინოდა, რომ იგი სამუდამოდ დააშორებდა მამას. იგი გრძნობდა ისეთ ტანჯვას, როგორსაც გამოცდის ცოდვილი იმ დროს, როდესაც უფალი შუამდგომლობას აღარ გაუწევს დაცემულ კაცობრიობას. სწორედ თავის თავზე აღებული ცოდვის სიმძიმის შეცნობამ, რამაც ზეციერი მამის რისხვა გამოიწვია, გაამწარა ასე მაცხოვრის ტანჯვის ფიალა და დაამსხვრია მისი გული.ქვ 82.2

    ანგელოზები განცვიფრებით უცქერდნენ მაცხოვრის ტანჯვას. მთელი ზეციური მხედრობა იტანჯებოდა ამ საშინელი სანახაობის გამო. უსულო ბუნებაც თანაგრძნობას უცხადებდა თავის დამცირებულ და სასიკვდილოდ გამეტებულ შემოქმედს. მზემ უარი თქვა ამ საშინელი სურათის გაშუქებაზე. უცბად ჩამობნელდა. ჩამოწოლილი წყვდიადი სუდარასავით შემოეხვია ჯვარს და „მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე”. ეს პროცესი არ იყო გამოწვეული მზის დაბნელებით ან სხვა ბუნებრივი მოვლენებით. ეს იყო უფლის სასწაულებრივი მოწმობა მომავალ თაობათა რწმენის განსამტკიცებლად.ქვ 83.1

    ამ სრული წყვდიადით უფალმა დაუმალა ადამიანებს თავისი სიახლოვე და დიდება. წმინდა ანგელოზებთან ერთად მობრძანდა იგი ჯვართან. მამამ არ მიატოვა თავისი ძე, მაგრამ მისი იქ ყოფნა უხილავი იყო. იქ რომ უფლის დიდება გამობრწყინებულიყო ღრუბლიდან, მის ნათელს ვერც ერთი იქ მყოფი ვერ გაუძლებდა და დაიღუპებოდა. იმ საშინელ წუთებში ქრისტეს არ უნდა მიეღო მამისაგან ნუგეში. იგი მარტო წნეხდა თავის საწნახელს და ადამიანთაგან არავინ იყო მის გვერდით.ქვ 83.2

    წყვდიადით დაფარა უფალმა თავისი ძის უკანასკნელი ტანჯვა. მაცხოვრის ყოველი მნახველი დარწმუნდა მის ღვთიურობაში. ის, ვინც თუნდაც ერთხელ იხილა იესოს სახე, ვერასოდეს დაივიწყებდა მას. როგორც კაენის სახეზე აღიბეჭდა მკვლელობის დანაშული, ასევე ქრისტეს სახეზე აღბეჭდილიყო უფლის ხატება: უმანკოება, სიმშვიდე და კაცთმოყვარეობა. მაგრამ იესოს ბრალმდებლებმა ვერ შენიშნეს მასში ეს ზეციური ნიშანი. მრავალი საათის განმავლობაში ქრისტეს ტანჯვას დამცინავად უცქერდა ეშმაკისაგან დაბრმავებული ბრბო, მაგრამ ახლა გულმოწყალე უფალმა ღვთიური საფარველით დაფარა იგი.ქვ 83.3

    გოლგოთაზე სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. ენით აღუწერელმა შიშმა შეიპყრო იქ შეკრებილნი. წყევლა და შეურაცხმყოფელი სიტყვები ბაგეებზე შეაშრათ, ბავშვები, ქალები და კაცები მიწას განერთხნენ. ელვა დროდადრო ჰკვეთდა წყვდიადს და ანათებდა ჯვარს და მასზე გაკრულ მაცხოვარს. მღვდლები, მთავრები, მწიგნობრები, ჯალათები, სეირის მოყვარულნი ფიქრობდნენ, რომ დადგა შურისძიების წუთები. ცოტა ხნის შემდეგ ხალხი ჩურჩულით ამცნობდა ერთურთს, ახლა იესო ჩამოვაო ჯვრიდან. ზოგიერთი გულში მჯიღის ცემით და საშინელი ყვირილით ცდილობდა გასცლოდა იქაურობას და კვლავ ქალაქში დაბრუნებულიყო.ქვ 83.4

    ცხრა საათისათვის წყვდიადი გაიფანტა და შეკრებილებმა შეძლეს ერთმანეთის დანახვა, მაგრამ მაცხოვარი ჯერ კიდევ წყვდიადით იყო მოცული. რასაც იესო ახლა განიცდიდა, იყო საშინელი ტანჯვის სიმბოლო. ვერავინ ხედავდა ჯვრის გარშემო ჩამოწოლილ წყვდიადში მაცხოვრის ტანჯვასა და მწუხარებას. იქ, შიგნით, სიბნელეში, თითქოს რისხვის ელვა ჰკვეთდა ჯვარცმულს. შემდეგ „შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?” როდესაც ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წყვდიადმა დაფარა, ბევრმა ნიშნისმოგებით წამოიძახა: „უზენაესის რისხვაა მასზე და მისი რისხვის ისრები განგმირავენ მას, ვინაიდან თავი უფლის ძედ გამოაცხადა”. ბევრმა მისმა მორწმუნემ გაიგონა მაცხოვრის სასოწარკვეთილი შეძახილი და ყოველგვარი იმედი გაუქრა: თუკი იესო მიატოვა ღმერთმა, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ მის მიმდევრებს?ქვ 84.1

    როდესაც წყვდიადი გაიფანტა, ქრისტეს კვლავ დაუბრუნდა ფიზიკური ტანჯვის შეგრძნება და თქვა: „მწყურია”. ერთმა რომაელმა მეომარმა, შეხედა რა მაცხოვრის გამშრალ, დახეთქილ ტუჩებს, „ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპს წამოაცვა და პირთან მიუტანა”. მღვდლები კვლავინდებურად დასცინოდნენ წამებულს. როდესაც დედამიწა წყვდიადმა დაფარა, ისინი შეშინდნენ. როდესაც ამ შიშმა გაუარა, ახლა იმისი შეეშინდათ, რომ იესო ხელიდან წაუვიდოდათ. ქრისტეს სიტყვები: „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?” - მათ არასწორად გაიგეს და სიძულვილით და დაცინვით თქვეს: „აჰა, ელიას უხმობსო იგი”. მათ არც უფიქრიათ, რაღაცით მაინც შეემსუბუქებინათ იესოს ტანჯვა. „აბა, ვნახოთ, - ამბობდნენ ისინი, - თუ მოვა ელია მის გარდმოსახსნელად”.ქვ 84.2

    უფლის უცოდველი ძე ჯვარზე იყო გაკრული. მთელი სხეული წყლულებით ჰქონდა დაფარული. ხელებით, რომლებითაც მუდამ მზად იყო ადამიანთა კურთხევისათვის, ბოძს იყო მილურსმული. ფეხები, დაუღალავად რომ ატარებდა მას კეთილ საქმეთა საკეთებლად, ახლა უძრავად იყო ბოძზე გაკრული. მისი მეფური დიდებულებით მოსილი თავი ეკლებს დაეჩხვლიტა. მისი მთრთოლვარე ბაგე მზად იყო სიმწრის ყვირილი აღმოხდენოდა. და მისი გასისხლიანებული შუბლი, ხელები და ფეხები, მისი აუტანელი წამებით ნაგვემი სხეული, ენით გამოუთქმელი სულიერი ტანჯვა, როდესაც მამამ სახე მოარიდა - ეს ყოველივე ახსენებს ადამის ყოველ ძეს: ეს შენი გულისათვის იტვირთა ცოდვის სიმძიმე ღვთის ძემ, შენი გულისათვის დაამარცხა სიკვდილი და გახსნა სამოთხის კარი. ის, ვინც ზღვის აღელვებულ ტალღებს ამშვიდებდა და მის აქაფებულ ზვირთებზე დადიოდა, ვინც ეშმაკებს შიშის ზარს სცემდა და სნეულთ კურნავდა, ბრმებს თვალისჩინს უბრუნებდა და მკვდრებს აცოცხლებდა, შენი სიყვარულის გამო ავიდა ჯვარზე! მან, რომელმაც იტვირთა ცოდვები, გადაიტანა ღვთიური სამართლიანობის რისხვა და შენი გულისთვის თვითონ გახდა ცოდვა.ქვ 85.1

    იქ მყოფნი მდუმარედ ელოდნენ ამ საშინელი სურათის დასასრულს. მზემ კვლავ გაანათა იქაურობა, მაგრამ ჯვარი კვლავინდებურად წყვდიადით იყო მოცული. მღვდლები და მთავრები იერუსალიმს გასცქეროდნენ. და აი, სქელმა ნისლმა დაფარა ქალაქიც და იუდეას დაბლობებიც. სიმართლის მზე, წუთისოფლის ნათელი უკვე აღარ ანათებდა ადრე ასე დიდად კურთხეულ ქალაქს - იერუსალიმს. ღვთის რისხვის მძვინვარე ელვის ისრები ამ დასაღუპად განწირული ქალაქისაკენ იყო მიმართული.ქვ 85.2

    მოულოდნელად ჯვრის გარშემო წყვდიადი გაიფანტა და გაისმა ქუხილის მსგავსი ხმა, რომელიც თითქოს მთელს წუთისოფელს მიწვდა: „აღსრულდა!”, „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული”. შუქმა გაანათა ჯვარი და მაცხოვრის სახე საოცარი დიდებით გაბრწყინდა. შემდეგ თავი დახარა და სული განუტევა.ქვ 85.3

    ასეთ უკუნეთ წყვდიადში, მამის თანადგომის გარეშე დარჩენილმა იესომ შესვა უკანასკნელი წვეთი ადამიანური მწუხარების მწარე თასიდან. ამ საშინელ წუთებში იგი დაეყრდნო მისთვის ადრე მიცემულ აღთქმას, მოწყალებას და უსაზღვრო სიყვარულს. იესო მიენდო მას, ვისაც ყოველთვის სიხარულით ემორჩილებოდა. და როდესაც იგი მორჩილებით მიენდო მამას, უკვე ვეღარ გრძნობდა მამის კურთხევის გარეშე დარჩენას. მაცხოვარმა რწმენით გაიმარჯვა.ქვ 86.1

    დედამიწაზე აქამდე არასოდეს მომხდარა მსგავსი რამ. ხალხი დამბლადაცემულივით იდგა და სუნთქვაშეკრული უცქერდა მაცხოვარს. და უკვე სიბნელე ჩამოწვა დედამიწაზე და გაისმა საშინელი, გამაყრუებელი ჭექაქუხილის მსგავსი გრუხუნი: დაიწყო ძლიერი მიწისძვრა. გაოგნებული ადამიანები ერთმანეთს მიეკვრნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ. კედლები საშინელი ხმაურით გაირღვა და დაიძრა უზარმაზარი ლოდები, რომლებიც დიდი სისწრაფით მიექანებოდა დაბლობებისაკენ და გზადაგზა ყველაფერს სპობდა. სამარხები გაიხსნა და ამოვიდნენ მკვდრები. ამ საშინელი სურათით გაოგნებული ადამიანები მიწაზე პირქვე დამხობილიყვნენ და თავის მაღლა აწევისა ეშინოდათ.ქვ 86.2

    იმ დროს, როდესაც იესოს ხმამაღლა აღმოხდა: „აღსრულდა!”, იერუსალიმის ტაძარში მღვდლები ღვთისმსახურებას ატარებდნენ. საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამი დამდგარიყო. მოიყვანეს კრავი - ქრისტეს სიმბოლო. თავის განსაკუთრებულ და ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილმა მღვდელმა მახვილი აღმართა აბრაამის მსგავსად, როდესაც მას თავისი შვილი მსხვერპლად უნდა შეეწირა. ხალხი დაძაბული ყურადღებით ელოდა, თუ რა მოხდებოდა შემდეგ. მაგრამ, აი, მიწა საშინლად შეირყა, ვინაიდან თვით ღმერთი მიუახლოვდა ტაძარს. უხილავი ხელი ხმაურით ფხრეწს ტაძრის შუა ფარდას მთლიანად, მაღლიდან დაბლა და ადამიანთა წინაშე გაშიშვლდა ადგილი ტაძრის შიგნით, სადაც ოდესღაც ღმერთი სუფევდა. აქ, მადლის ტახტზე, უფალი სუფევდა დიდებით. მღვდელმთავრის გარდა არასდროს არავის ჰქონდა უფლება ხელით შეხებოდა და აეწია ფარდა, რომელიც ამ განყოფილებას ტაძრის სხვა ნაწილებისაგან ჰყოფდა. იგი შედიოდა წელიწადში ერთხელ, რათა თავისი ხალხის ცოდვების გამოსყიდვის მსახურება აღესრულებინა. მაგრამ აი, ახლა ეს ფარდა შუაზეა ჩახეული. მიწიერი საწმიდარის წმიდათაწმიდა უკვე აღარ არის წმინდა.ქვ 86.3

    ყველა შეშინებული და დაბნეულია. მღვდელმსახური კრავის დასაკლავად მოემზადა, მაგრამ დანა ხელიდან უსხლტება და კრავი გარბის. უფლის ძის სიკვდილის წუთებში რეალობა და პირველსახე პირისპირ შეხვდა ერთმანეთს. უდიდესი მსხვერპლი გაღებულია. წმიდათაწმიდასკენ გზა გახსნილია. უშუალოდ ღმერთისაკენ მიმავალი ახალი გზა მომზადებულია. ცოდვათა ჭაობში ჩაფლული, დამწუხრებული კაცობრიობა უკვე აღარ საჭიროებს მღვდელმთავრის მსახურებას. ამიერიდან მაცხოვარი იქნება შუამდგომელი და დამცველი ზეცაში. თითქოს ცოცხალმა ხმამ მოუწოდა თაყვანისმცემლებს: დამთავრდა ცოდვების გამოსასყიდი ყოველგვარი აღსავლენი და შესაწირავი. უფლის ძე მოვიდა თავისი სიტყვის თანახმად: „აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო!” იგი „საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა” /ებრ. 10:7; 9:12/.ქვ 87.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents