Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 6 - აღსრულდა!

    რატომ არ დათმო თავისი სიცოცხლე მანამ, სანამ არ აღსრულდა საქმე, რომლისთვისაც წუთისოფელში მოვიდა და უკანასკნელი ამოსუნთქვისას არ წარმოთქვა: „აღსრულდა!” /იოან. 19:30/. მისმა სიმართლემ და სიწმინდემ ამ ბრძოლაში გამარჯვება მოუტანა. გამარჯვებულმა კი განამტკიცა თავისი ძალაუფლება და სიმართლის დროშა აღმართა მარადიულ სიმაღლეებზე. როგორ გაიხარეს ანგელოზებმა! მთელი ზეცა ზეიმობდა მაცხოვრის გამარჯვებას. დამარცხებულმა სატანამ იცოდა, რომ სამუდამოდ დაკარგა თავისი სამფლობელო.ქვ 87.2

    ანგელოზებისა და მთელი უცოდველი სამყაროსათვის მაცხოვრის უკანასკნელ სიტყვას: „აღსრულდა!” უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მათთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის, იგი ნიშნავდა, რომ დამთავრდა გამოსყიდვის უდიდესი საქმე და შესაძლებელი გახდა ქრისტეს გამარჯვების ნაყოფის მიღება.ქვ 88.1

    ქრისტეს ჯვარცმით სიკვდილამდე სატანის ნამდვილ სახეს ვერ ხედავდნენ ვერც წმინდა ანგელოზები და ვერც მთელი უცოდველი სამყარო. უდიდესი მზაკვარი ისე ოსტატურად შეინიღბა, რომ თვით წმინდა არსებები ვერ ჩაწვდომოდნენ მის ჭეშმარიტ არსს და მისი ამბოხების ნამდვილ მიზანს.ქვ 88.2

    უზენაესის წინააღმდეგ აღდგა უჩვეულო ძალისა და დიდების მქონე ანგელოზი. ლუციფერზე უფალი ამბობს: „სრულყოფილების ბეჭედი ხარ, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული!” /ეზეკ. 23:12/. ლუციფერი ოდესღაც ღვთის სახის ნათელში მყოფი მფარველი ქერუბიმი იყო, ყველაზე სრულყოფილი შექმნილ არსებათაგან, სამყაროსათვის ღვთიური გეგმების პირველი მაუწყებელი. ცოდვის ჩადენის შემდეგ მისი მზაკვრული, ოსტატურად შენიღბული სიცრუის მხილება მეტად ძნელი გახდა იმ მდგომარეობის გამო, რომელიც მას მამის წინაშე ჰქონდა. უფლისათვის სატანისა და მის თანამზრახველთა განადგურება ისეთივე ადვილი იყო, როგორც ადამიანისათვის კენჭის გასროლა. მაგრამ მან არ გააკეთა ეს. ამბოხების ძალისმიერი მეთოდით ჩაქრობა მიუღებელი იყო მისთვის. იძულება სატანის მმართველობის იარაღია. უფლის კანონს სულ სხვაგვარი ნიშნები აქვს. მისი მმართველობის საფუძველია მადლი, წყალობა და სიყვარული, სატანასთან ბრძოლის მთავარი იარაღი კი - ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარება. ღვთიური მმართველობის პრინციპები ზნეობა, ჭეშმარიტება და სიყვარულია.ქვ 88.3

    ღვთიური გეგმის თანახმად, ყველაფერი მარადიულ და მტკიცე საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული. და ზეციურ თათბირზე მიიღეს გადაწყვეტილება, მიეცათ სატანისათვის განსაზღვრული დრო, რათა თავისი მმართველობის სისტემის პრინციპები ცხოვ რებაში გაეტარებინა, ვინაიდან ამტკიცებდა, რომ ეს პრინციპები უფლის კანონზე უკეთესია. ამიტომ მიეცა დრო მათი ცხოვრებაში გამოვლენისთვის, რათა სამყაროს დაენახა სატანის ნამდვილი სახე.ქვ 88.4

    სატანამ აცდუნა ადამიანები და გამოსყიდვის გეგმამაც მაშინვე იწყო განხორციელება. ოთხი ათასი წლის განმავლობაში ქრისტე შრომობდა ადამიანის სულიერი ამაღლებისათვის, სატანა კი - მისი მორალური გახრწნისა და დაღუპვისათვის. და ამას კარგად ხედავდა მთელი სამყარო.ქვ 89.1

    წუთისოფლეში იესოს მოსვლისთანავე სატანამ მთელი ძალები მის წინააღმდეგ მიმართა. ბეთლემში მაცხოვრის დაბადებისთანავე ეს უზურპატორი მის დაღუპვას შეეცადა. რას არ აკეთებდა იმისათვის, რომ ეცდუნებინა უცოდველი ყრმა და შეელახა მისი უმანკოება, ხელი შეეშალა მისთვის წმინდა მსახურებაში და თავისი უმანკო მსხვერპლის გაღებაში! მაგრამ მზაკვარი დამარცხდა. მან ვერ აცდუნა მაცხოვარი. სატანამ ვერ შეაშინა იესო და ვერც იმ საქმეზე ააღებინა ხელი, რისთვისაც იგი დედამიწაზე მოვიდა. უდაბნოდან გოლგოთამდე სატანის რისხვის ქარიშხალი მუდამ თან სდევდა ქრისტეს, მაგრამ რაც უფრო უმოწყალო და სასტიკი იყო, მით უფრო მტკიცდებოდა იესოს კავშირი მამასთან, რომელიც ეკლიან გზაზე სიარულში ეხმარებოდა. სატანის ყოველი მცდელობა, დაეთრგუნა და დაემარცხებინა ქრისტე, უფრო ამტკიცებდა და შარავანდედით მოსავდა უფლის უცოდველ ძეს.ქვ 89.2

    მთელი ზეცა და უცოდველი სამყარო იყო ამ ბრძოლის მოწმე. რა დაძაბული ყურადღებით ადევნებდნენ ისინი თვალს ამ ბრძოლის ბოლო წუთებს! ისინი უყურებდნენ, რა მწუხარებასა და ტანჯვას მოეცვა მაცხოვრის გული გეთსიმანიის ბაღში შესვლისას; ესმოდათ მისი მწუხარე ლოცვა: „მამო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი” /მათ. 26:39/. ხოლო, როდესაც მამამ თვალი მოარიდა თავის ძეს, მთელმა ზეციურმა სამყარომ იხილა მაცხოვრის ღრმა, აუწერელი მწუხარება, რაც თავის სასიკვდილო ტანჯვებსაც კი აღემატებოდა. სისხლიანი ოფლი წვეთავდა მისი ღვთიური სახიდან და მიწას აპკურებდა. სამჯერ აღმოხდა მის ბაგეს ლოცვა ამ სასმისის არიდების შესახებ. და ზეცამ ვეღარ გაუძლო ამ სურათს და ნუგეშისმცემელი მაცნე გაგზავნა უფლის ძესთან.ქვ 89.3

    ზეცა ხედავდა, თუ როგორ მოეპყრო სისხლს მოწყურებული ბრბო თავის მსხვერპლს; როგორ დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, როგორ დაჰყავდათ ერთი სასამართლოდან მეორეში. ზეცას ესმოდა, თუ როგორ დასცინოდნენ მტრები იესოს თავისი წარმოშობის გამო, როგორ განუდგა ფიცით მაცხოვარს მისი ერთერთი საყვარელი მოწაფე, როგორ მძვინვარებდა სატანა და ატყვევებდა ადამიანთა გულებს. რა საშინელი სურათი იხილა მან! მაცხოვარი შუაღამით შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და სასამართლოს დარბაზში მიიყვანეს. ორჯერ წარსდგა იგი მღვდელმთავრის სამსჯავროს, ორჯერ - სინედრიონის, ორჯერ - პილატეს და ერთხელ - ჰეროდეს წინაშე. დასცინეს და აბუჩად აიგდეს, გაშოლტეს და შემდეგ გაასამართლეს, გოლგოთის გზაზე მძიმე ჯვრით დამძიმებულს, იერუსალიმელ ქალთა მოთქმა და ბრბოს დამცინავი შეძახილები მიაცილებდა.ქვ 90.1

    ტკივილისაგან იგრაგნებოდა ზეცა ჯვარცმული ქრისტეს დანახვაზე, რომელსაც სისხლი სდიოდა დაწყლულებული საფეთქლებიდან და სისხლიანმა ოფლმა დაუცვარა შუბლი. განგმირული ხელებიდან და ფეხებიდან ჟონავდა სისხლი და ჯვრის ძირში მიგორებულ ქვას ეწვეთებოდა. საშინლად მტკივნეული იყო ლურსმნით მიყენებული ჭრილობები, სული ეხუთებოდა და სუნთქვა მეტად უმძიმდა. მთელი ამ დროის განმავლობაში წუთისოფლის ცოდვათა სიმძიმისაგან იტანჯებოდა მისი სული. მთელი ზეცა შეძრწუნდა, როდესაც ამ საშინელ ტანჯვებში მყოფმა მაცხოვარმა მამას შესთხოვა: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ” /ლუკ. 23:34/. ჯვრის გარშემო შეკრებილიყვნენ ადამიანები, რომელნიც უფალმა თავის ხატად შექმნა. ახლა ისინი გაერთიანდნენ, რათა დაეღუპათ ერთადერთი ძე. რა საშინელი სურათი იყო ზეციურ ბინადართათვის!ქვ 90.2

    ბოროტი, ბნელი ძალები შეიკრიბნენ ღვთის გარშემო, რათა ადამიანთა გულებში ჯოჯოხეთური ურწმუნოება დაეთესათ. ოდესღაც თვით უფალმა შექმნა ეს არსებები, რათა ისინი მუდმივად ყოფილიყვნენ ტახტის წინაშე - მშვენიერნი და დიდებულნი. მათი სილამაზე და სიწმინდე შეესაბამებოდა მათ მაღალ მდგომარეობას. ისინი, ღვთიური სიბრძნით დაჯილდოებულნი და ზეციური სამოსით მოსილნი, დიდებულ იეჰოვას მსახურნი იყვნენ. მაგრამ ვინ შეიცნობდა ახლა ამ დაცემულ ანგელოზებში იმ დიდებულ სერაფიმებს, რომლებიც ოდესღაც ზეციურ სასახლეებში მსახურებდნენ? ქვ 91.1

    სატანური ძალები ცოდვილთ შეუერთდნენ და ცდილობდნენ შთაეგონებინათ ადამიანებისათვის, რომ ქრისტე უდიდესი ცოდვილია და ამით დაემცირებინათ იგი მათ წინაშე. მასში, ვინც აბუჩად იგდებდა ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს, თვით სატანის - პირველი უდიდესი მეამბოხის - სული ჩაბუდებულიყო. ეს მისი კარნახით წარმოთქვამდნენ მათი წაბილწული ბაგეები სალანძღავ და უშვერ სიტყვებს უფლის ძის მისამართით, მაგრამ მან საწადელს მაინც ვერ მიაღწია.ქვ 91.2

    ქრისტეს ერთი მცდარი ნაბიჯიც რომ გადაედგა, სულ მცირედშიც რომ დაეთმო სატანისათვის საშინელი ტანჯვის თავიდან ასაცილებლად, ღმერთისა და ადამიანის მტერი გამარჯვებას იზეიმებდა. ქრისტემ კი თავი დახარა და სული განუტევა ისე, რომ არ უღალატა თავის რწმენას და ბოლომდე ღვთის მორჩილი დარჩა. „მომესმა დიდი ხმა, რომელიც ლაპარაკობდა ცაში: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე” /გამოცხ. 12:10/.ქვ 91.3

    სატანა მიხვდა, რომ ნიღაბი ჩამოეხსნა: გაცხადდა მისი ბოროტი საქმენი წმინდა ანგელოზთა მთელი უცოდველი სამყაროს წინაშე. ყველა მიხვდა, რომ იგი მკვლელია. დაღვარა რა უფლის ძის წმინდა სისხლი, სატანამ დაკარგა ზეციურ ანგელოზთა მხრიდან ყოველგვარი თანაგრძნობის იმედი და ამის შემდეგ მისი მოღვაწეობა შეიზღუდა. და რა ოსტატურადაც არ უნდა ეთვალთმაქცა, უკვე აღარ შეეძლო დალოდებოდა ზეციური სავანეების ანგელოზთ, რომელთა წინაშეც ადრე ცილს სწამებდა ქრისტეს ერთგულ მიმდევართ იმაში, რომ მათ აცვიათ ჭუჭყიანი სამოსელი და გაუწმინდურებულნი არიან ცოდვით. გაწყდა უკანასკნელი ძაფი, რომელიც სატანას ზეცასთან აკავშირებდა.ქვ 91.4

    მაგრამ კვლავ ცოცხალი დარჩა. ანგელოზებს ჯერ კიდევ სრულად ვერ შეეგნოთ ამ დიდი ბრძოლის არსი, ამიტომ საჭირო იყო ამ ორი მოწინააღმდეგე მხარის სამოქმედო პრინციპების უფრო სრულად განხორციელება. თვით ადამიანის საკეთილდღეოდ მიეცა სატანას სიცოცხლის უფლება. ადამიანებსაც, ანგელოზთა მსგავსად, უნდა ეხილათ განსხვავება სინათლის მეუფესა და წყვდიადის მთავარს შორის. მათ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი, ვის ემსახურონ.ქვ 92.1

    ამ დიადი ბრძოლის დასაწყისშივე სატანამ განაცხადა, რომ უფლის კანონის შესრულება შეუძლებელია, რომ სამართლიანობა შეუთავსებელია მოწყალებასთან და ცოდვილი, რომელიც ღვთის კანონს დაარღვევს, მიტევებას ვერ მიიღებს. ყოველი ცოდვა სასჯელის ღირსია, - ამტკიცებდა სატანა, - და თუკი უფალი მათ მიუტევებს, მაშინ მას აღარ შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტი და სამართლიანი ღმერთი. სატანა ზეიმობდა მაშინ, როდესაც ადამიანი ღვთის მცნებებს არღვევდა და უზენაესის ნებას არ ემორჩილებოდა. იგი აცხადებდა: აი, მტკიცება იმისა, რომ შეუძლებელია ღვთის მცნებათა აღსრულება და ცოდვილთა მიტევება. და ვინაიდან თავისი ამბოხების შემდეგ ზეციდან გააძევეს, იგი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ადამიანსაც არ უნდა მიეცეს წყალობა. ღმერთი, - ამბობდა იგი, - არ შეიძლება ერთდროულად იყოს სამართლიანი და ცოდვისადმი მოწყალე.ქვ 92.2

    მაგრამ ადამიანი, თუნდაც ცოდვილი, სულ სხვა მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე სატანა. მან შესცოდა, როცა ზეცაში ღვთიური დიდების ნათელში იმყოფებოდა. უფლის მიერ შექმნილ არც ერთ არსებას არ ჰქონდა ასე უხვად გაცხადებული ღვთიური სიყვარული. იგი იცნობდა უფალს, მის სიკეთესა და მოწყალებას და, მიუხედავად ამისა, თავის უსამართლო პრინციპებზე დარჩენა არჩია. არჩევანი მისთვის საბოლოო იყო. ღმერთს აღარ შეეძლო მისი გადარჩენა. ადამიანი კი მოტყუვდა. მას გონება დაუბნელა სატანის მზაკვრულმა ხრიკებმა. მას არ ჰქონდა გააზრებული ღვთის სიყვარულის სიღრმე და სიმაღლე. და მაინც არსებობდა იმედი, რომ ადამიანი შეიცნობდა ღვთის სიყვარულს, მის ჭეშმარიტებას და დაუბრუნდებოდა ღმერთს.ქვ 92.3

    იესოს მეშვეობით გაცხადდა უფლის გულმოწყალება ადამიანის მიმართ, მაგრამ წყალობა არავითარ შემთხვევაში არ ცვლის სამართლიანობას. კანონში ცხადდება უფლის ხასიათი და რჯულის „არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი” არ შეიძლება შეიცვალოს დაცემული ადამიანის გასამართლებლად. ღმერთმა თავისი კანონი კი არ შეცვალა, არამედ თავისი თავი შესწირა ქრისტეში ადამიანის გამოსყიდვას. „ღმერთმა ქრისტეში შეირიგა წუთისოფელი” /2კორ. 5:19/.ქვ 93.1

    კანონი ითხოვს სამართლიანობას, უმწიკვლო ცხოვრებას, ზნეობრივ სრულყოფილებას. ყოველივე ეს ადამიანს არ გააჩნია. მას არ ძალუძს ღვთის წმინდა კანონის მოთხოვნების აღსრულება, მაგრამ ხორცშესხმული ქრისტე მოვიდა დედამიწაზე და წმინდა, უმანკო და სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრა ბოლომდე. და იგი ამას სთავაზობს ყველას ძღვენის სახით. მისი მართალი ცხოვრება ცოდვილს დამსახურებად ეთვლება. მისივე მეშვეობით ღებულობენ ადამიანები ცოდვების მიტევებას სულგრძელი ღვთისაგან. უფრო მეტიც: ქრისტე ადამიანებს ღვთის ხატად გარდაქმნის, ღვთიური თვისებებით აჯილდოებს, რათა ჰარმონიულად იყოს შერწყმული მათში სულიერება და სილამაზე. ასე სრულდება მორწმუნეში რჯულის სიმართლე, რათა ღმერთი „იყოს მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი” /რომ. 3:26/.ქვ 93.2

    ღვთის სიყვარული არანაკლებ ცხადდება მის სამართლიანობაში, ვიდრე მოწყალებაში. სამართლიანობა მისი ტახტის საძირკველი და მისი სიყვარულის ნაყოფია. სატანამ მიზნად დაისახა დაეპირისპირებინა წყალობა ჭეშმარიტებასა და სამართლიანობასთან. იგი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ღვთიური კანონის სიმართლე ეწინააღმდეგება წუთისოფელს. მაგრამ ქრისტემ გვიჩვენა, რომ უფალში ეს ორი თვისება მტკიცედაა შერწყმული და ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს. „შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს” /ფს. 84:11/.ქვ 93.3

    თავისი ცხოვრებითა და სიკვდილით ქრისტემ დაამტკიცა, რომ უფლის სამართლიანობა არ გამორიცხავს მის მოწყალებას; რომ ცოდვის მიტევება შესაძლებელია, რომ კანონი სამართლიანია და მისი სრულყოფილად აღსრულება შეიძლება. სატანის ყველა ბრალდება უარყოფილია, ღმერთმა უდავოდ დაუმტკიცა ადამიანს თავისი სიყვარული.ქვ 94.1

    არსებობს კიდევ ერთი მცდარი აზრი: სატანამ განაცხადა, რომ წყალობა გამორიცხავს სამართლიანობას და რომ ქრისტეს სიკვდილმა გააუქმა უზენაესის კანონი. კანონის გაუქმება ან შეცვლა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, რაღა საჭირო იყო ქრისტეს სიკვდილი? კანონის გაუქმება სამყაროში ცოდვის საუკუნო დაკანონებას და სატანის ძალაუფლების განმტკიცებას ნიშნავს. სწორედ იმის გამო, რომ კანონი უცვლელია, სწორედ იმიტომ, რომ ადამიანს მხოლოდ უფლის მცნებათა შესრულებით შეუძლია გადარჩეს, ჯვარს ეცვა ქრისტე. მიუხედავად ამისა, საშუალება, რომლითაც ქრისტემ განამტკიცა კანონის ავტორიტეტი, სატანამ რჯულის გაუქმების საშუალებად გამოაცხადა. სწორედ ამის საფუძველზე მოხდება უკანასკნელი ბრძოლა ქრისტესა და სატანას შორის.ქვ 94.2

    დღეს სატანა აცხადებს, რომ თვით უზენაესი ღმერთის გამოცხადებული კანონი არასრულყოფილია და ზოგიერთი მათგანი - გაუქმებული. ეს მისი უკანასკნელი უდიდესი სიცრუეა, რომელსაც იგი თავს ახვევს კაცობრიობას. მას არ სჭირდება იერიშის მიტანა მთელ კანონზე: საკმარისია დაარღვევინოს ადამიანებს მხოლოდ ერთი რომელიმე მცნება და იგი მიზანს აღწევს, ვინაიდან „ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება” /იაკ. 2:10/. ერთი რომელიმე მცნების დარღვევით ადამიანი სატანის ნების აღმსრულებელი ხდება. წინასწარმეტყველების თანახმად, მზაკვარი ღვთის მცნებებს ადამიანური კანონებით შეცვლის, რითაც შეეცდება გახდეს მთელი წუთისოფლის ბატონპატრონი. სატანის უფლებებით აღჭურვილი განდგომილების უდიდეს ძალაუფლებაზეა ნაწინასწარმეტყველები: „უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას” /დან. 7:25/.ქვ 94.3

    ადამიანები აუცილებლად გამოცემენ უფლის რჯულის საწინა-აღმდეგო კანონებს და მათ აღსასრულებლად შეეცდებიან დათრგუნონ ადამიანის თავისუფლება და დაარღვიონ მისი უფლებები.ქვ 95.1

    ბრძოლა ღმერთის კანონის წინააღმდეგ, რომელიც ზეცაში დაიწყო, ბოლო ჟამამდე გაგრძელდება. ყოველ ადამიანს ელის გამოცდა. კაცობრიობა ერთი მთავარი დილემის წინაშე დადგება: დაემორჩილოს თუ არა ღვთის მცნებებს? ყველა იძულებული გახდება გააკეთოს არჩევანი უფლის კანონსა და ადამიანის მიერ დადგენილ წესებს შორის. მკვეთრი ზღვარი ორ ჯგუფად გაყოფს ადამიანებს. მაშინ ყოველი სრულფასოვანი ადამიანი გამოავლენს თავის შინაგან ბუნებას და ან უფლის მცნებების დამცველთა მხარეს დაიჭერს, ან რჯულის წინააღმდეგ ამბოხებულთ მიემხრობა.ქვ 95.2

    და მაშინ დადგება აღსასრული. უფალი დაამტკიცებს თავისი კანონის სამართლიანობას და იხსნის თავის ხალხს. სატანა და მისი მომხრენი განადგურდებიან. ცოდვა და ცოდვილნი მოისპობიან, უფალი „არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს” /მალ. 4:1/. ძირი - ეს არის სატანა, რტო კი - მისი მიმდევრები. მაშინ აღსრულდება წყვდიადის მთავრის მიმართ ოდესღაც ნათქვამი სიტყვა: „რადგან შენს გონებას ღმერთის სიბრძნეს უტოლებ,… მოგკვეთ ღვთიური მთიდან და გაგანადგურებ, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის... არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე”. მაშინ უკვე „აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი”. თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს” /აბდ. 16/.ქვ 95.3

    ასეთი გადაწყვეტილება უფლის მხრიდან დესპოტიზმის გამოვლინებად არ უნდა ჩაითვალოს. მისი წყალობის უარმყოფელნი მოიმკიან იმას, რაც დათესეს. ღმერთი სიცოცხლის წყაროა და, როდესაც ვინმე ცოდვის გზით სიარულს ირჩევს, ამით შორდება ღმერთს და სიცოცხლესთან კავშირს წყვეტს. ასეთები „ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი” არიან. ქრისტე ამბობს: „ყველას, ჩემს მოძულეს, სიკვდილი უყვარს” /ეფეს. 4:18; იგავ. 8:36/. ღმერთი სიცოცხლეს გვაძლევს იმისათვის, რომ ყოველმა ჩვენგანმა აირჩიოს პრინციპები, რომლებითაც უნდა იცხოვროს. როდესაც ასე ხდება, ადამიანები იმკიან საკუთარი არჩევანის ნაყოფს. უფლის წინაღმდეგ ამბოხებული სატანა და მისი მსახურნი იმდენად დაშორდნენ და დაარღვიეს ღვთიური ჰარმონია, რომ უფალი მათთვის მშთანთქმელი ცეცხლია. სიყვარულის ღმერთის დიდება გაანადგურებს მათ.ქვ 96.1

    ამ დიდი ბრძოლის დაწყებამდე ანგელოზებს არ ესმოდათ ყოველივე ეს. სატანას და მის მხედრობას მაშინვე რომ მოემკოთ თავიანთი ცოდვის ნაყოფი, უეჭველად დაიღუპებოდნენ, მაგრამ ზეციური მცხოვრებნი ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს ცოდვის გარდაუვალი შედეგია. უფლის სიკეთეში შეპარული ეჭვი, შესაძლოა, მათ შემეცნებაში ბოროტ თესლად დარჩენილიყო და მომავალში ცოდვისა და მწუხარების სასიკვდილო ნაყოფი გამოეღო.ქვ 96.2

    მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად იქნება, როდესაც ეს დიადი ბრძოლა დამთავრდება. ახლა, როცა გამოსყიდვის გეგმა აღსრულებულია, უფლის ჭეშმარიტი არსი ყველას წინაშე გაცხადდა. ახლა ყველასათვის ნათელია ღვთიური კანონის სრულყოფილება და მარადიულობა. ცოდვამ და სატანამ გააცხადეს თავისი არსი. ახლა ბოროტების განადგურებაში ღვთის სიყვარული იქნება ჩაქსოვილი, რითაც მისი სახელი და დიდება აღდგება მთელი სამყაროს წინაშე, სადაც ცხოვრობენ ისინი, ვინც სიხარულით ასრულებს უზენაესის ნებას და რომელთა გულებზეც დაწერილია მისი რჯული.ქვ 96.3

    ამიტომაც დიდად ხარობდნენ მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ანგელოზები. თუმცა ყველაფერი სრულად არ ესმოდათ მათ, მაგრამ იცოდნენ, რომ სატანა და ცოდვა საბოლოოდ განადგურდება, რომ ადამიანის გამოსყიდვა აღსრულდა, ცოდვა საბოლოოდ განადგურდება და სამყაროს არასოდეს დაემუქრება მსგავსი საშიშროება. თვით ქრისტესაც კარგად ესმოდა მის მიერ გოლგოთას ჯვარზე გაღებული მსხვერპლის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი წინასწარ იხილა, როდესაც აღმოხდა: „აღსრულდა!”ქვ 97.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents