Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 24 - პასექი

    გამოსვლა 11; 12:1-32

    ისრაელის გათავისუფლების პირველივე მოთხოვნისთანავე ეგვიპტის მეფე ყველაზე საშინელი სასჯელის შესახებაც გააფრთხილეს. მოსეს ებრძანა, ეთქვა ფარაონისათვის: „ასე ამბობსთქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი. გეუბნება, გაუშვიო ჩემი შვილი, რათა თაყვანი მცეს. თუ არ გაუშვებ, მოგიკლავ შვილს, შენს პირმშოს” /გამ.4:22,23/. ეგვიპტელთაგან საძულველი ისრაელიანნი თავისი რჯულის შემნახველ ღირსეულ ერად სცნო უფალმა ღმერთმა. განსაკუთრებული კურთხევისა და უპირატესობის მქონე ეს ხალხი გამოირჩეოდა სხვა ერებისაგან, როგორც პირმშო თავის ძმათა შორის.პწ 171.4

    სასჯელი, რომლის შესახებაც ეგვიპტე თავიდანვე გააფრთხილეს, უკანასკნელ წყლულად უნდა მოვლენოდა მას. უფალი რისხვაგვიანი და მრავალმოწყალეა. იგი სიყვარულით ზრუნავს თავის ხატად შექმნილ არსებებზე. პირუტყვისა და მოსავლის დანაკარგს ეგვიპტე რომ გამოეფხიზლებინა და მონანიებამდე მიეყვანა, მის შვილებს არაფერი დაემართებოდათ. მაგრამ ეგვიპტელნი ჯიუტად განაგრძობდნენ ღვთის მოთხოვნათა უარყოფას და უკანასკნელი სასჯელიც მზად იყო მათთვის.პწ 171.5

    მოსე გააფრთხილეს, რომ ფარაონის წინაშე კვლავ წარდგომის შემთხვევაში სიკვდილით დაისჯებოდა. მაგრამ მას კიდევ ერთხელ უნდა ემცნო ჯიუტი მბრძანებლისათვის ღვთის უკანასკნელი ნება. ამიტომ მოსე კვლავ მივიდა ფარაონთან საშინელი გაფრთხილებით: „ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში. მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. ატყდება დიდი გლოვა მთელს ეგვიპტეში, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება. ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა გეცოდინოთ, რომ ზღვარი დასდო უფალმა ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის. ჩამოვლენ ჩემთან ეგ შენი მორჩილნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: გადით შენ და მთელი შენი ხალხი, შენს კვალზე მავალი. მხოლოდ ამის მერე გავალ” /გამ. 11:4-8/.პწ 172.1

    ამ განაჩენის აღსრულებამდე, მოსეს მეშვეობით, უფალმა ეგვიპტიდან გამოსვლის გზა უჩვენა ისრაელს და საგანგებოდ გააფრთხილა, თუ როგორ დაეღწია თავი სასჯელისთვის. ყოველ ოჯახს - დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად - უნდა დაეკლა „საღი” კრავი ან თიკანი და უსუპის კონით სისხლი ეცხო კარისთავსა და ორთავე წირთხლზე, რათა დამღუპველ ანგელოზს, შუაღამისას რომ ჩამოივლდა, გვერდი აევლო მათი საცხოვრებლისათვის. ისრაელიანებს ღამით უნდა ეჭამათ ცეცხლზე შემწვარი კრავის ხორცი ხმიადთან და მწარე ბალახთან ერთად, როგორც მოსემ უთხრა მათ: „წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გეცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს”.პწ 172.2

    უფალმა ბრძანა: „მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს... სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსვრას დავიწყებ”.პწ 172.3

    ამ დიადი გათავისუფლების აღსანიშნავად ისრაელიანთა მთელ მომავალ თაობებს ყოველწლიურად უნდა ედღესასწაულა ეს დღე. „სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული”. შემდგომ წლებში ამ დღესასწაულის აღნიშვნით მათ თავიანთი შვილებისათვის უნდა მოეთხროთ თავისი მონობიდან გათავისუფლების ეს საოცარი ისტორია, როგორც მოსემ უბრძანა: „ეს პასექის მსხვერპლია უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს და დაინდო ჩვენი სახლები”.პწ 172.4

    ამიერიდან ყოველი პირმშო, ადამიანისა და პირუტყვისა, უფალს მიეკუთვნა და მხოლოდ გამოსყიდვის საფასურის გაღებით შეეძლო ადამიანს მისი კვლავ დაბრუნება. ასე გამოხატავდა ისრაელი მადლიერებას იმის გამო, რომ მათი პირმშონი, რომელთაც, სამართლიანობის გამო, ეგვიპტის პირმშოთა ხვედრი უნდა გაეზიარებინათ და დაღუპულიყვნენ, შესაწირავი მსხვერპლის წყალობით სიკვდილს გადაურჩნენ. „ჩემია ყველა პირმშო, - ამბობს უფალი, - იმ დღეს, როცა დავხოცე ყველა პირმშო ეგვიპტელთა ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში ადამიანიდან პირუტყვამდე; ჩემები არიან” /რიცხ. 3:13/. საწმიდარში მსახურების დაწესების შემდგომ ღმერთმა მასში მსახურებისათვის პირმშოთა ნაცვლად ლევის შტო აირჩია. „რადგან ჩემთვის არიან ისინი შემოწირულნი ისრაელიანთაგან, თქვა მან, - ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ვიღებ მათ ჩემთვის” /რიცხ. 8:15,16/. მაგრამ ღვთის წყალობის აღიარების ნიშნად ისრაელიანთ მაინც კვლავინდებურად უნდა გაეღოთ გამოსასყიდი თავიანთი პირმშოთათვის /ნახ. რიცხ. 18:15,16/.პწ 172.5

    პასექის დღესასწაული არა მხოლოდ ებრაელი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლის გასახსენებლად დაწესდა, არამედ იგი მომავალში ქრისტეს მიერ თავისი ხალხის ცოდვისაგან დახსნაზე მიუთითებდა. სამსხვერპლო კრავი სიმბოლოა „ღვთის კრავისა”, ჩვენი გადარჩენის ერთადერთი იმედისა. მოციქული ამბობს: „ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა” /1 კორ. 5:7/. კრავი არა მხოლოდ უნდა დაეკლათ, არამედ მისი სისხლი კარის წირთხლებზე უნდა ესხურებინათ. ასევე დაღვარა ქრისტემ თავისი ძვირფასი სისხლი ყოველი ადამიანისათვის. უნდა გვჯეროდეს, რომ იგი არა მხოლოდ მთელი კაცობრიობისათვის, არამედ თითოეული ჩვენგანისათვისაც მოკვდა. გამოსასყიდი მსხვერპლი ყოველი ჩვენგანისათვის იქნა გაღებული.პწ 173.1

    უსუპი, რომელიც სისხლის საპკურებლად გამოიყენებოდა, განწმედის სიმბოლო იყო. მას კეთროვანთა და მათ განსაწმედად იყენებდნენ, ვინც გვამის შეხებით გაუწმიდურდა. ნეფსალმუნე თავის ლოცვაში სწორედ ასე ამბობს: „მასხურე უსუპი და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები” /ფს. 50:9/.პწ 173.2

    კრავი ისე უნდა დაეკლათ და შემდეგ ისე მოემზადებინათ საჭმელად, რომ მისი არც ერთი ძვალი არ უნდა დაზიანებულიყო, ისევე, როგორც ჩვენთვის შეწირულ ღვთის კრავს ყოველი ძვალი მთელი უნდა ჰქონოდა. ეს ქრისტეს მსხვერპლის სისრულის სიმბოლოა.პწ 173.3

    კრავის ხორცი უნდა ეჭამათ. არაა საკმარისი ერწმუნო ქრისტეს მხოლოდ ცოდვების მიტევების მისაღებად. მისგან, მისი სიტყვისაგან განუწყვეტლივ უნდა ვღებულობდეთ სულიერ ძალასა და საკვებს. ქრისტე ამბობს: „თუ არ ჭამთ ხორცს და არ სვამთ კაცის ძის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში... ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს”. შემდეგ კი თავად აუხსნა ამ სიტყვების მნიშვნელობა: „სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე” /იოან. 6:53,54,63/. იესომ მიიღო თავისი მამის რჯული, განახორციელა თავის ცხოვრებაში მისი პრინციპები, გამოავლინა მამის სული და აჩვენა მისი კეთილი ზეგავლენა ადამიანის გულზე. იოანე ამბობს: „სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე; და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება” /იოან. 1:14/. ქრისტეს მიმდევრებმა საკუთარი გამოცდილებით უნდა შეიგრძნონ ეს. მათ უნდა მოისმინონ და მიიღონ უფლის სიტყვა მათ მაცოცხლებელ, მოქმედ ძალად, ყოველგვარ სურვილთა და ზრახვათა წინამძღვრად. ქრისტეს ძალით უნდა ემსგავსონ მაცხოვარს და გამოავლინონ ღვთიური თვისებები. მათ უნდა ჭამონ უფლის ძის ხორცი და შესვან მისი სისხლი - წინააღმდეგ შემთხვევაში არ ექნებათ სიცოცხლე. ქრისტეს სული და ცხოვრება მის მოწაფეთა სულად და ცხოვრებად უნდა იქცეს.პწ 173.4

    კრავის ხორცი მწარე ბალახთან ერთად უნდა ეჭამათ ეგვიპტეში მონობის სიმწარის გასახსენებლად. ქრისტესთან მიახლოება ჩვენი ცოდვების გახსენებით და მათი გულწრფელი მონანიებით არის მხოლოდ შესაძლებელი. ხმიადის ჭამასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. პასექის დღესასწაულის დაწესებისას არავითარი საფუარი არ უნდა ყოფილიყო მათ სახლებში, რასაც ყოველი იუდეველი მკაცრად იცავდა. ასევე, ვისაც საკვებად ქრისტეს სიცოცხლე სურს, ცოდვის საფუარისგან უნდა გათავისუფლდეს. პავლე მოციქული კორინთოს ეკლესიას წერდა: „გაწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი... ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა. ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით” /1 კორ. 5:7,8/.პწ 174.1

    გათავისუფლებამდე დამონებულ ხალხს უპირველესად უნდა ერწმუნა, რომ მისი ხსნა აუცილებლად მოხდება. ისინი უნდა განცალკევებულიყვნენ ეგვიპტელთაგან, თავიანთ კართა წირთხლებზე სისხლიანი ნიშანი უნდა დაესვათ და იმ ღამეს ყველა საკუთარ სახლში უნდა ყოფილიყო. ებრაელებს რომ ამ მითითებათაგან რომელიმე არ შეესრულებინათ, მაგალითად: თავისი შვილები ცალკე რომ არ შეეკრიბათ, დაკლული კრავის სისხლი კარის წირთხლებზე არ წაესვათ ან სახლიდან გარეთ გამოსვლა გაებედათ, საფრთხეს თავს ვერ დააღწევდნენ და თუმცა ისინი დარწმუნებული იქნებოდნენ, რომ ყველა მითითება შეასრულეს, ეს გულწრფელობა მაინც ვერ იხსნიდა მათ. დაიღუპებოდა ყოველი ოჯახის პირმშო, რომელმაც ზუსტად ვერ შეასრულა ყოველივე.პწ 174.2

    უფლის სიტყვისადმი მორჩილებით უნდა გამოევლინა ხალხს თავისი რწმენა. ასევე ყოველმა, ვისაც ქრისტეს სისხლით გადარჩენის იმედი აქვს, უნდა იცოდეს, რომ გადარჩენისათვის საკუთარი ძალისხმევაცაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია დამსახურებული სასჯელისაგან ჩვენი გათავისუფლება, უფლისადმი მორჩილებით თავად უნდა მივატოვოთ ცოდვა. ადამიანი გადარჩება არა საქმეებით, არამედ რწმენით, მაგრამ რწმენა მაინც საქმეებში უნდა გამოვლინდეს. უფალმა მოგვცა თავისი ძე, რათა იგი ჩვენი ცოდვების გამო შეწირულიყო, მოუვლინა წუთისოფელს ჭეშმარიტების ნათელი და სიცოცხლის გზა, მისცა ადამიანს განსაკუთრებული შესაძლებლობანი, მითითებანი და უპირატესობანი, მან კი უნდა შეაფასოს და გამოიყენოს ყოველივე, რაც უფალმა მისი გადარჩენისათვის გაითვალისწინა - ირწმუნოს და დაემორჩილოს უფლის ყოველ მითითებას.პწ 174.3

    როდესაც მოსემ გაუმეორა ისრაელიანებს უფლის ბრძანება მათი გათავისუფლების შესახებ, „მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა” უფალს. იმ მომენტში ყველაფერი დაივიწყა ხალხმა: გათავისუფლების სიხარული და იმედი, საშინელი ცნობა მათ მტანჯველთა მომავალი სასჯელის შესახებ, უამრავი საქმეები და სიძნელეები მათი ეგვიპტიდან სასწრაფოდ გამოსვლასთან დაკავშირებით და მხოლოდ მოწყალე მხსნელისადმი ღრმა მადლიერების გრძნობამ მოიცვა მათი გული. მრავალი ეგვიპტელი უკვე სცნობდა ებრაელთა ღმერთს ერთადერთ ჭეშმარიტ, ცოცხალ ღმერთად და ახლა ისინი ევედრებოდნენ ისრაელიანებს, შეეფარებინათ თავიანთ სახლებში, როცა დამღუპველი ანგელოზი ქვეყანაში ჩამოივლიდა. სიხარულით მიიღეს ისინი ებრაელებმა და ეგვიპტელებმაც აღუთქვეს, რომ ამიერიდან მხოლოდ იაკობის ღმერთი იქნებოდა მათი ღმერთი და მის რჩეულ ხალხთან ერთად მოისურვეს ქვეყნიდან გასვლა.პწ 174.4

    ისრაელიანები დაემორჩილნენ უფლის მითითებებს. სწრაფად, მალულად მოემზადნენ მგზავრობისათვის. შეიკრიბნენ ოჯახები, დაკლეს და ცეცხლზე შეწვეს საპასექო კრავი, გამოაცხვეს ხმიადი და მოამზადეს მწარე ბალახი. ყოველი ოჯახის მამამ, როგორც მღვდელმა, ასხურა კრავის სისხლი თავისი სახლის კარის წირთხლებს და შესასვლელი ჩაიკეტა. სწრაფად, მდუმარედ შეჭამეს საპასექო კრავის ხორცი. მოწიწებით ლოცულობდნენ და ფხიზლობდნენ. ყოველ პირმშოს, დიდსა თუ პატარას, ენით გამოუთქმელი შიშით უცემდა გული. მშობლები გულში იკრავდნენ თავიანთ პირმშოებს. საშინელება იყო იმ სასჯელზე ფიქრი, რომელიც ამ ღამით დაატყდება თავს ხალხს. მაგრამ არც ერთი ებრაელის კარს არ შეეხო სიკვდილის ანგელოზი. ტისხლი ეცხო მათ კარს - მხსნელის მფარველობის ნიშანი და ანგელოზიც არ მიეკარა.პწ 175.1

    შუაღამისას „შეიქნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ”. „მოაკვდინა უფალმა ყველა პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული”. ეგვიპტის ამ უზარმაზარ ქვეყანაში ყოველი ოჯახის პირმშო იქნა მოკლული. ჰაერი შესძრა მგოდებელთა შემზარავმა მოთქმამ და ვაებამ. მეფე და მისი მოხელენი, გაფითრებულნი, შეძრწუნებულნი და თავზარდაცემულნი იდგნენ. და ფარაონს გაახსენდა საკუთარი სიტყვები: „ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ” /გამ. 5:2/.პწ 175.2

    ახლა მთელი მისი სიამაყე გაცამტვერდა. უხმო მან ღამით მოსესა და აარონს და უთხრა: „ადექით და გაეცალეთ ჩემს ხალხს შენც და ისრაელიანებიც. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით. თქვენი ცხვარძროხაც წაიყვანეთ, როგორც ამბობდით, წადით და მეც დამლოცეთ”. „აიძულეს ეგვიპტელებმა ხალხი, სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ფიქრობდნენ, ამოვწყდებითო ყველანი” /გამ. 12:31-33/.პწ 175.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents