Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 69 - დავითის ასვლა სამეფო ტახტზე

    მეორე მეფეთა 2:1-5:5

    საულის სიკვდილმა დავითს თავიდან ააცილა ის საშიშროება, რომელმაც დევნილად აქცია. თავის მიწაზე დასაბრუნებელი გზა ხსნილი იყო დავითისათვის. როცა საულზე და იონათანზე გლოვის დღეები გასრულდა, „დაეკითხა უფალს დავითი: შევიდე თუ არა იუდას რომელიმე ქალაქში? მიუგო უფალმა: შედი. თქვა დავითმა: სად შევიდე? მიუგო: ხებრონში”.პწ 458.1

    ხებრონი ბერშებადან ოცი მილის მანძილზე, მის ჩრდილოეთით მდებარეობდა, დაახლოებით შუა გზაზე ამ ქალაქსა და მომავალ იერუსალიმის შორის. თავდაპირველად კირიათარბაყი ერქვა მას - ყანაკის მამის, არბაყის ქალაქი. მოგვიანებით კი მამრე უწოდეს. იქ, მახფელას გამოქვაბულში, პატრიარქთა სამარხი იყო. ხებრონი, ქალებ იეფუნეს ძის ყოფილი ქალაქი, იუდეველთა მთავარ ქალაქად იქცა. ნაყოფიერი მიწები და მდელოები ერტყა გარს ხეობას, სადაც იგი იყო გაშენებული. პალესტინის უმშვენიერესი ვენახები, ზეთისხილის ბაღები და სხვა მსხმოიარე ხეები ამშვენებდა.პწ 458.2

    დაუყოვნებლივ შეუდგნენ უფლის ბრძანების შესრულებას დავითი და მისი ხალხი. ექვსასი შეიარაღებული მეომარი, თავისი ცოლშვილითა და ხარძროხით მყისვე ხებრონს გაემართა. შევიდნენ ქალაქში, სადაც უკვე ელოდნენ იუდეველნი, რათა მისალმებოდნენ დავითს, როგორც თავის მეფეს. ყოველივე, აუცილებელი და საჭირო, მომზადდა დავითის გამეფებისათვის. „და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე”. არავის უცდია, დავითის ხელმწიფება ისრაელიანთა სხვა შტოებზე ძალის გამოყენებით დაემყარებინა.პწ 458.3

    უპირველეს ყოვლისა, საულისა და იონათანის ხსოვნისადმი პატივისცემა ისურვა ახალმა მეფემ. გაიგო რა გალაადის იაბეშელთა კეთილშობილური საქციელის შესახებ, რომლებმაც დაღუპულ მთავართა გვამები იხსნეს და სათანადო ღირსებით მიწას მიაბარეს, კაცი გაგზავნა იაბეშში დავითმა დანაბარებით: „კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს, და დამარხეთ იგი. უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისათვის, თქვენ რომ აღასრულეთ”. და, შეატყობინა რა იუდას ტახტზე ასვლის ამბავი, ხაზგასმით აღნიშნა მათი ერთგულება და გულწრფელობა.პწ 458.4

    ფილისტიმელთ რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევიათ იუდას მცხოვრებთათვის დავითის მეფედ ცხებასთან დაკავშირებით. როცა დავითი იდევნებოდა, ისინი დაუმეგობრდნენ მას, რათა საულის სამეფო დაესუსტებინათ და ახლაც შეეცადნენ, რაიმე სარგებელი ენახათ ამ საქმიდან. მაგრამ არ ყოფილა ხიფათს მოკლებული დავითის მეფობა. მისი გამეფების დღიდან იწყება შეთქმულებათა და ამბოხებათა შავბნელი მატიანე. ვერაგობით არ ასულა დავითი სამეფო ტახტზე. ღმერთმა აირჩია იგი ისრაელის მეფედ და აქ ადგილი არ უნდა ჰქონოდა რაიმე ეჭვს ან წინააღმდეგობას. მაგრამ, როცა აბნერის წყალობით ისრაელზე საულის ვაჟი, იშბოშეთი გამეფდა, იუდეველთა მთავრებმა თითქმის შეწყვიტეს დავითის ხელმწიფების აღიარება.პწ 459.1

    მეტად სუსტი ნებისყოფისა და სახელმწიფო საქმეებში გაუთვითცნობიერებელი იყო საულის სახლის ეს წარმომადგენელი. დავითს კი ამ საპასუხისმგებლო საქმის გაძღოლის უდიდესი ნიჭი მიეცა. აბნერი, რომელმაც იშბოშეთი სამეფო ტახტზე დასვა, საულის ლაშქრის მხედართმთავარი - ისრაელის ერთერთი ყველაზე დიდებული სარდალი იყო. მან კარგად იცოდა, რომ უფალმა სცხო დავითი ისრაელის მეფედ, მაგრამ ხანგრძლივი მტრობის გამო არ მოიდრიკა თავი და ვერ შეურიგდა იმ აზრს, რომ იესეს ძე საულის ტახტის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო.პწ 459.2

    ყველაფერი ისე წარიმართა, რომ გაცხადდა აბნერის ჭეშმარიტი ხასიათი, მისი პატივმოყვარეობა და უპრინციპობა. მეტად ახლო ურთიერთობა ჰქონდა საულთან მას და მეფის ზეგავლენით შესძულდა კაცი, რომელიც ღმერთმა ისრაელის მეფედ სცხო. სიძულვილი მას შემდეგ უფრო გაუმწვავდა, რაც დავითმა მწარედ უსაყვედურა იმის გამო, რომ ღრმად ეძინა ბანაკში, როცა საულს წყლის ჭურჭელი და მახვილი მოსტაცეს. კარგად ახსოვდა აბნერს, როგორ ყვიროდა დავითი ხმამაღლა, მეფისა და მთელი ხალხის გასაგონად: „ხომ კაცი ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი. მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს ბატონს, მეფეს?.. ვერ არის კარგი საქმე, რასაც შენ აკეთებ. უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს” /1 მეფ. 26:15-16/.პწ 459.3

    სულს უმწარებდა ეს საყვედური აბნერს და გადაწყვიტა, შური იმით ეძია, რომ ისრაელი გაეხლიჩა და თავად აღზევებულიყო. და თავისი მდაბალი, ეგოისტური ზრახვების განსახორციელებლად საულის სახლის წარმომადგენელი გამოიყენა. კარგად იცოდა მან, რომ ხალხს ძლიერ უყვარდა იონათანი, წმიდად ინახავდა მის ხსოვნას; არც მეომრებს დავიწყებოდათ საულის პირველი ბრწყინვალე ლაშქრობები. და ამბოხებული მხედართმთავარი მტკიცედ შეუდგა თავისი გეგმის განხორციელებას.პწ 459.4

    იორდანეს მეორე ნაპირზე, მახანაიმში მდებარეობდა სამეფო სახლი, რადგან უფრო უსაფრთხო იყო ეს ადგილი და ნაკლებ საშიში დავითისა და ფილისტიმელთა თავდასხმისაგან. ტწორედ იქ მოხდა მეფედ ცხება. ახალი მონარქის უფლებამოსილება თავდაპირველად იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრებმა ყველა შტომ აღიარა, მოგვიანებით კი - მთელმა ისრაელმა, იუდას გარდა. ორ წელიწადს ტკბებოდა საულის ვაჟი მეფური პატივით თავის განმარტოებულ დედაქალაქში. მაგრამ აბნერმა, მისი ხელმწიფების მთელ ისრაელზე გავრცელების მიზნით, დამპყრობლური ომისათვის იწყო მზადება. „გაიმართა ხანგრძლივი ბრძოლა საულის სახლსა და დავითის სახლს შორის. დავითი უფროდაუფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფროდაუფრო სუსტდებოდა”.პწ 459.5

    და ბოლოს, ბოროტებითა და ეგოიზმით აგებული ტახტი დაეცა. იშბოშეთის უუნარობითა და სისუსტით განაწყენებულმა აბნერმა დავითს მიმართა წინადადებით, მთელს ისრაელზე გაევრცელებინა თავისი ხელმწიფება. მიღებულ იქნა მისი წინადადება და დიდი პატივით გამოუშვეს აბნერი, რათა თავისი გეგმა განეხორციელებინა. მაგრამ ამ დიდებული მხედართმთავრის წინადადების კეთილგანწყობით მიღებამ შური აღუძრა დავითის მხედართმთავარს, იოაბს. მოსისხლე მტრები იყვნენ ერთურთის აბნერი და იოაბი, ვინაიდან იოაბის ძმა, ყასაელი, მოკლა აბნერმა ისრაელიუდეველთა ომის დროს. ახლა ხელსაყრელი მომენტი ნახა იოაბმა, რათა ძმისათვის შური ეძია და თან გზიდან ჩამოეცილებინა ისეთი ბრწყინვალე მეტოქე, როგორიც აბნერი იყო. ისარგებლა მან ამ შემთხვევით, ჩაუსაფრდა აბნერს და მოკლა.პწ 460.1

    შეაძრწუნა დავითი ამ მუხანათურმა საქციელმა და შეჰღაღადა: „ბრალი არ გვადევს მე და ჩემს სამეფოს უფლის წინაშე სამარადისოდ აბნერ ნერის ძის სისხლში. დაატყდეს იოაბის თავს და მამამისის სახლს!” ვერ შეძლო დავითმა დამნაშავეთა სათანადოდ დასჯა თავისი სამეფოს არამყარი მდგომარეობისა და მკვლელთა ძლიერების გამო, ვინაიდან იოაბის ძმამ, აბიშაიმმაც მიიღო მასში მონაწილეობა, მაგრამ სახალხოდ გამოთქვა თავისი გულისწყრომა ამ სულმდაბლური საქციელის გამო. შესაფერისი პატივით დაკრძალეს აბნერი. ტანსაცმელი უნდა შემოეგლიჯათ და ჯვალო უნდა შემოერტყათ იოაბსა და მის მხედრობას და ისე უნდა მიეღოთ აბნერის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობა. დამწუხრებულ, მგლოვიარე მეფეს მთელ დღეს არაფერი უჭამია. მკვლელების მისამართით მწარე საყვედური გამოთქვა საფლავზე გამოსათხოვარ სიტყვაში: „იგლოვა მეფემ აბნერი და თქვა:პწ 460.2

    განა სამარცხვინო სიკვდილით
    უნდა მომკვდარიყო აბნერი?
    ხელი შეკრული არა გქონია,
    ფეხებზე ბორკილები არა გდებია.
    დაეცი, როგორც ბოროტმოქმედთა ხელით ეცემიან”.
    პწ 460.3

    დიდსულოვნება გამოიჩინა დავითმა თავისი მოსისხლე მტრის მიმართ, რითაც მთელი ისრაელის ნდობა და აღტაცება დაიმსახურა. „გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა ამ დღეს, რომ უბრალო იყო მეფე აბნერ ნერის ძის მკვლელობაში”. ახლობელთა ვიწრო წრეში მეფემ განაცხადა ამ დანაშაულისა და დამნაშავეთა დასჯაში საკუთარი უძლურების შესახებ, უფალ ღმერთს მიანდო განაჩენის გამოტანა: „იცით თუ არა, როგორი სარდალი და დიდებული დაეცა დღეს ისრაელში? მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. მიუზღოს უფალმა ბოროტმოქმედს მისი ბოროტების წილ”.პწ 460.4

    მართალია, აბნერმა გულწრფელად შესთავაზა დავითს სამსახური, მაგრამ დაბალი და ეგოისტური მიზნები ამოძრავებდა. ადრე ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა დავითის გამეფებას, რადგან თავად იმედოვნებდა დიდების მწვერვალზე ასვლას. მხოლოდ შელახულმა თავმოყვარეობამ, აღშფოთებამ და ფიცხმა ხასიათმა დაავიწყა დავითისადმი ძველი დამოკიდებულება და მასთან მისვლა გადააწყვეტინა: ყველაზე დიდებული და საპატიო ადგილის დაკავება სურდა მის კარზე. თავისი მიზნების განხორციელების შემთხვევაში, მისი ნიჭი და პატივმოყვარეობა, მისი უდიდესი გავლენა და განდიდების წყურვილი დიდ საფრთხეს შეუქმნიდა დავითის ტახტს, მთელი ერის მშვიდობას და კეთილდღეობას.პწ 460.5

    „როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, წარეკვეთა იმედი და შეშფოთდა მთელი ისრაელიც”. ცხადი იყო, რომ მისი სამეფო ვეღარ იარსებებდა. მალე სულ სხვა მუხანათურმა ღალატმა დაასრულა ეს ისედაც შერყეული ხელმწიფება: ბოროტულად მოკლეს იშბოშეთი სამეფო კარის მხლებლებმა, თავი მოაჭრეს და მიუტანეს იუდეველთა მეფეს მისი კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით.პწ 461.1

    მივიდნენ მეფესთან გასისხლიანებული თავით - თავიანთი ბოროტი დანაშაულის საბუთით - ხელში და უთხრეს: „აჰა, იშბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის ძისა, რომელსაც შენი სიკვდილი უნდოდა. შური უძია უფალმა ჩემს მეფებატონს საულისგან და მისი ნაშიერისგან”. მაგრამ დავითს, რომელსაც თავად უფალმა უბოძა ტახტი და იხსნა მდევნელთაგან, არ სურდა თავისი ხელმწიფების ბოროტი საქმეებით განმტკიცება. გაახსენა მკვლელებს, თუ რა ბედი ეწია მათ, ვინც საულის მკვლელობით ტრაბახობდა. „რას იმსახურებენ ის ბოროტეული კაცები, რომელთაც უდანაშაულო კაცი თავისსავე სახლში, თავის საწოლში მოკლეს? ახლა განა თქვენ ხელს არ უნდა მოვკითხოთ მისი სისხლი და აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან? უბრძანა დავითმა მსახურებს და დახოცეს ისინი... ხოლო იშბოშეთის თავი აიღეს და აბნერის საფლავში დამარხეს, ხებრონში”.პწ 461.2

    იშბოშეთის სიკვდილის შემდეგ ისრაელის ყველა მთავარს სურდა, რომ დავითი ისრაელის ყველა შტოზე გამეფებულიყო. „მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი. წინათ, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი, შენ გითხრა უფალმა: შენ უნდა მწყემსო ჩემი ერი ისრაელი, შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი. მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე”. ასე გაუხსნა უზენაესის სიბრძნემ დავითს გზა ტახტისაკენ. პატივმოყვარეობის გამო არ ასულა დავითი ისრაელის სამეფო ტახტზე, ვინაიდან არ კლავდა მას დიდების მოპოვების სურვილი.პწ 461.3

    აარონისა და ლევიანთა რვა ათასზე მეტი შთამომავალი ახლდა თან დავითს. შესამჩნევად შეეცვალა ხალხს გუნებაგანწყობა; უდიდესი გარდაქმნა მოხდა ხალხში. მხოლოდ სასიკეთო იყო ეს გარდაქმნა; ყველა მზად იყო იმ დიდი საქმეებისათვის, მომავალში რომ იყო გასაკეთებელი. საულის თითქმის ნახევარ მილიონამდე ყოფილი ქვეშევრდომი შეიკრიბა ხებრონსა და მის შემოგარენში. მთელი ფერდობები და გორაკები ხალხით იყო მოფენილი. დაინიშნა დრო მეფედ ცხებისათვის; კაცი, რომელიც საულის სახლიდან განდევნეს და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მთახეობებსა და გამოქვაბულებში იმალებოდა, ახლა უდიდესი პატივით და ღირსებით უნდა აღზევებულიყო თავისი ხალხის წინაშე. მღვდელმსახურნი და უხუცესნი, სამღვდელო შესამოსელში გამოწყობილნი, მთავრები და მეომრები ელვარე ხმლებითა და მუზარადებით, შორეული კუთხეებიდან მოსული უამრავი ადამიანი - ყველა აქ შეიკრიბა, რათა მეფედ ცხების ცერემონიას დასწრებოდა. მეფური სამოსელი ემოსა დავითს. წმიდა ზეთი სცხო მღვდელმთავარმა მის შუბლს, ვინაიდან სამუელის მიერ დავითის ცხება წინასწარმეტყველება იყო იმისა, რასაც დავითის მეფედ ცხების დროს ექნებოდა ადგილი. დადგა დრო და საზეიმოდ აკურთხეს დავითი ღმერთის რჩეულ მსახურად. სამეფო კვერთხი მისცეს ხელთ. განსაკუთრებულმა დოკუმენტმა დაადასტურა მისი უზენაესი ხელმწიფება და ხალხმაც ერთგულება შეჰფიცა მას. თავზე მონარქის გვირგვინი დაადგეს და ცხების ცერემონიაც დასრულდა. ამიერიდან ისრაელს უფლის მიერ განწესებული მეფე ჰყავდა. მოთმინებით ელოდა დავითი მის მიმართ უფლის სიტყვით აღთქმულის აღსრულებას. „სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და უფალი, ცაბაოთ ღმერთი მასთან იყო” /2 მეფ. 5:10/.პწ 461.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents