Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 9 - შვიდდღიანი კვირის ჭეშმარიტი წარმოშობა

    შაბათის მსგავსად, კვირეული სათავეს იღებს სამყაროს შექმნიდან და ბიბლიური ისტორიების მეშვეობით უცვლელად მოდის ჩვენამდე. უფალმა თავად გამოყო შვიდდღიანი კვირა მომავალ კვირეულთა საზომად ბოლო ჟამამდე. ყოველ კვირაში შვიდი დღეა. ექვსი დღის განმავლობაში ქმნიდა უფალი სამყაროს, მეშვიდე დღეს კი დაისვენა, შემდეგ კი აკურთხა ეს დღე და ადამიანსაც დასვენების დღედ დაუწესა.პწ 63.2

    სინაის მთაზე მოცემულ რჯულში უფალმა დაამოწმა კვირეული და ის პრინციპები, რომლებზედაც იგი იყო დაფუძნებული. მას შემდეგ, რაც მოგვცა მცნება: “გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი”, დაადგინა, თუ რა უნდა გვეკეთებინა ექვსი დღის განმავლობაში და რა - მეშვიდე დღეს. უფალმა განსაზღვრა კვირეულის დაცვის მიზეზი საკუთარი მაგალითით: “რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი” /გამ. 20:8,11/. ეს მიზეზი მეტად დამაჯერებელი და ამაღლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ უფლის შემოქმედების დღეებს ზუსტად, სიტყვასიტყვით ვღებულობთ. კვირის პირველი ექვსი დღე შრომისათვის დაუწესდა ადამიანს, ვინაიდან დროის ეს მონაკვეთი უფალმა თავისი შემოქმედებისთვის გამოიყენა. მეშვიდე დღეს კი ადამიანმა არ უნდა იმუშაოს უფლის სიტყვის პატივისცემის ნიშნად.პწ 63.3

    მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ პირველ კვირაში მომხდარი ყველა მოვლენა თითქოსდა მრავალ ათასწლეულთა მანძილზე ვითარდებოდა, პირდაპირ დარტყმას აყენებს უფლის მეოთხე მცნების საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, თითქოსდა შემოქმედმა ადამიანებს უბრძანა შვიდდღიანი კვირის დაცვა დროის უსასრულო პერიოდის აღსანიშნავად, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება მის მიერ შექმნილ არსებებთან შემოქმედის დამოკიდებულების პრინციპებს. ეს გაუგებარს ხდის იმას, რაც ადვილად გასაგებია და ნათელი. ესაა ურწმუნოების მეტად მზაკვრული და საშიში ფორმა. მისი ჭეშმარიტი არსი ისე ოსტატურადაა შენიღბული, რომ მრავალი მორწმუნე იზიარებს ამ ვარაუდს და ასევე ასწავლის სხვებსაც.პწ 63.4

    “უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო... რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს” /ფსალმ. 32:6-9/. ბიბლია არ აღიარებს ხანგრძლივ საუკუნეთა განმავლობაში ქაოსური უწესრიგობიდან დედამიწის თანდათანობით განვითარებას. შემოქმედების ყოველი ახალი დღე, წმიდა წერილის თანახმად, საღამოსა და დილისაგან შედგებოდა. ყოველი დღის დასრულებისას გადმოიცემა შემოქმედის მოღვაწეობის შედეგი და პირველი კვირეულის დასასრულს კი ითქვა: “ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას” /დაბ. 2:4/. მაგრამ ეს სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ შემოქმედების დღეები განსხვავდებოდა სხვა დღეებისაგან. ყოველი დღე ახალი საქმით განისაზღვრებოდა, რადგან ღმერთი ამ დღეს თავისი საქმის ახალ ნაწილს ასრულებდა.პწ 63.5

    გეოლოგები გვარწმუნებენ, რომ მოპოვებულ მტკიცებათა თანახმად, დედამიწა ბევრად უფრო დიდი ხნისაა, ვიდრე მოსეს ხელნაწერები გვამცნობს. ადამიანთა და ცხოველთა ძვლები, აგრეთვე იარაღი, გაქვავებული ხეები და ა.შ., რომლებიც თავიანთი ზომებით დიდად აღემატება ყველაფერს, რაც დღეს არსებობს და რაც ათასი წლის წინათ იყო, მეცნიერებში იწვევს აზრს, რომ სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიურ აღწერამდე დედამიწაზე ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც თავისი ფიზიკური აღნაგობით და განვითარებით დიდად აღემატებოდნენ კაცობრიობის თანამედროვე წარმომადგენელთ. მეცნიერთა ასეთი დასკვნები ბევრ მორწმუნეს აფიქრებინებს, რომ შემოქმედების დღეები იყო ხანგრძლივი და განუსაზღვრელი.პწ 64.1

    მაგრამ გეოლოგები ვერაფერს დაუმატებენ იმას, რასაც ბიბლია გვამცნობს. ადამიანებს, რომლებსაც ბრმად სჯერათ სხვადასხვა სახის აღმოჩენებისა, არავითარი წარმოდგენა არა აქვთ წარღვნამდელი პერიოდის ადამიანთა და ცხოველთა ფიზიკური ღირსებების, ხეების ზომებისა და მას შემდეგ მომხდარი უდიდესი ცვლილებების შესახებ. მიწაში ნაპოვნი ჩონჩხები მოწმობს თანამედროვე პირობებისაგან სრულიად განსხვავებულ პირობებზე. მხოლოდ ბიბლიას ძალუძს, ნათელი მოჰფინოს წარსულში ასეთი პირობების არსებობას. ღვთივსულიერი სიტყვა გვიცხადებს იმას, რასაც გეოლოგია ვერასოდეს ჩასწვდებოდა. ნოეს დღეებში ცხოველები და ხეები, რომლებიც დღევანდელზე ბევრად უფრო დიდები იყვნენ, მიწით დაფარულნი და დაცულნი აღმოჩნდნენ, რათა მომავალ თაობებს გაეგოთ ძველი სამყაროს წარღვნით განადგურების ამბავი. ღმერთს სურდა, წარსულის გაცხადებით განემტკიცებინა ადამიანთა რწმენა წმიდა წერილების მიმართ, მაგრამ მათ თავიანთი პატივმოყვარე დასკვნებით ისეთივე შეცდომა დაუშვეს, როგორიც - წარღვნამდელი სამყაროს მოსახლეობამ, რომელმაც ღვთის საბოძვარის არასწორად გამოყენებით წყევლად აქცია ის.პწ 64.2

    სატანის ერთერთი მზაკვრული ხერხი ადამიანების ურწმუნოების იგავებით გამოკვებისაკენ სწრაფვაშია, რადგან ამ გზით შეძლებს, დაამახინჯოს უფლის რჯული და ღვთიური მმართველობის წინააღმდეგ ამბოხებისაკენ უბიძგოს ადამიანებს. განსაკუთრებული სისასტიკით იგი უფლის მეოთხე მცნებას ებრძვის, რომელიც ასე აშკარად მიგვითითებს ცოცხალ ღმერთზე, როგორც ცისა და დედამიწის შემქმნელზე.პწ 64.3

    ადამიანები კვლავაც ენერგიულად ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ სამყარო ბუნებრივი პროცესების შედეგია და, მიუხედავად წმიდა წერილის ნათელი მტკიცებებისა, ამგვარ დასკვნებს თვით ე.წ. ქრისტიანებიც უჭერენ მხარს. ბევრი უარს ამბობს წინასწარმეტყველების შესწავლაზე, განსაკუთრებით დანიელისა და გამოცხადების წიგნების გამოკვლევაზე და ამტკიცებს, რომ ისინი მეტად ბუნდოვანი და გაურკვეველია; თუმცა იგივე ადამიანები სიამოვნებით ღებულობენ გეოლოგთა ვარაუდს, რომელიც მოსეს წერილების საწინააღმდეგოა. მაგრამ, თუკი ასე ძნელია იმის გაგება, რაც ღმერთმა გამოგვიცხადა, როგორი წინდაუხედაობაა ვივარაუდოთ ის, რაც მას არ გაუცხადებია!პწ 64.4

    “დაფარული ეკუთვნის უფალს, ჩვენს ღმერთს, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე” /2 რჯ. 29:29/. უფალმა ღმერთმა არ აუხსნა ხალხს, სახელდობრ რა გზით განახორციელა თავისი შემოქმედებითი საქმეები. ადამიანურ მეცნიერებას არ ძალუძს უზენაესის საიდუმლოებაში ჩახედვა. მისი შემოქმედებითი ძლიერება ისევე ჩაუწვდომელია, როგორც თვით მისი არსებობა.პწ 64.5

    უფალმა ღმერთმა უხვად მისცა ადამიანებს მეცნიერებისა და ხელოვნების აღქმის უნარი, მაგრამ, თუკი მეცნიერები ამ სფეროს მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით განიხილავენ, აუცილებლად ცრუ დასკვნებს გამოიტანენ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება წმიდა წერილებში მოცემულის გარდა არა ერთი მოსაზრება გაგვაჩნდეს, მაგრამ იმ პირობით, თუკი ჩვენი შეხედულება ბიბლიურ ფაქტებს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ ის, ვინც ბიბლიის გარეშე, მეცნიერული თვალსაზრისით ცდილობს, ახსნას სამყაროს შემოქმედებითი პროცესები, ვითარცა რუკისა და კომპასის გარეშე, დაიკარგება უსასრულო ოკეანეში. უნიჭიერესი მეცნიერები, თუკი თავიანთ გამოკვლევებში წმიდა წერილებით არ იხელმძღვანელებენ, უფლის გამოცხადებასა და მეცნიერებას შორის ურთიერთ დამოკიდებულების დადგენის მცდელობისას ჩიხში მოემწყვდევიან. ვინაიდან თავად შემოქმედი და მისი საქმეები მიუწვდომელია მათი გონებისათვის და, რადგან ბიბლიურ ისტორიას ბუნების კანონების მიხედვით ვერ ხსნიან, მეცნიერები უბრალოდ უარყოფენ მას და ლეგენდად თვლიან. ძველი და ახალი აღთქმის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულნი უფრო შორს მიდიან და თვით შემოქმედის არსებობასაც კი უარყოფენ. და ამგვარად ვერ პოულობენ სწორ გეზს და მიჰყვებიან ტალღებს, სანამ ურწმუნოების კლდეზე არ გადაიჩეხებიან.პწ 65.1

    ასეთი ადამიანები კარგავენ რწმენის უბრალოებას. აუცილებელია, მტკიცედ გვჯეროდეს წმიდა წერილის ღვთიური ავტორიტეტისა. ბიბლია არ გამოიცდება ადამიანთა მეცნიერული იდეებით. ადამიანური ცოდნა გზის არასაიმედო მაჩვენებელია. სკეპტიკოსები, რომლებიც ბიბლიას მხოლოდ იმისათვის კითხულობენ, რომ საკამათო საგნად გახადონ იგი, შესაძლოა, მეცნიერული ან ღვთის სიტყვის არასაკმარისი ცოდნის გამო მოჰყვებიან მტკიცებას, რომ მეცნიერება და ბიბლია ერთურთს ეწინააღმდეგება, მაგრამ საკითხის სწორი შემეცნებისას გასაგები გახდება, რომ მათ შორის სრული ჰარმონიაა. სულიწმიდის შთაგონებით დაწერა მოსემ თავისი წიგნები და ჭეშმარიტ გეოლოგიურ თეორიას არასდროს დაუმტკიცებია მისი მონაცემების საწინააღმდეგო თვალსაზრისი. ბუნებისა და ღვთის სიტყვის ყოველგვარი ჭეშმარიტება თავისთავად კანონზომიერია თავის გამოცხადებაში.პწ 65.2

    წმიდა წერილში არის საკითხები, რომელთაც ყველაზე ცნობილი მეცნიერებიც კი ვერ გასცემენ პასუხს. თუკი მათ ღრმად ჩავუფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი მრავლადაა მოვლენები, რომელთაც ადამიანის გონება მთელი თავისი მკვეხარა სიბრძნით ვერასოდეს ჩასწვდება.პწ 65.3

    და მაინც, მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეძლებენ, ღვთის სიბრძნეს ჩასწვდნენ, მიხვდნენ, თუ რა შექმნა ან რისი შექმნა შეეძლო შემოქმედს. მისივე კანონებით უფლის შეზღუდვის იდეამ დიდი გაქანება პოვა. ადამიანები ან საერთოდ უარყოფენ ღმერთის არსებობას, ან ჯიუტად არ სურთ, იცოდნენ რამე მის შესახებ, ან კიდევ ცდილობენ, სულიწმიდის ადამიანის გულზე ზემოქმედებასაც კი მოუძებნონ ახსნა. მათ არ გააჩნიათ არც მოწიწება და არც შიში მისი სახელისა და ძალის წინაშე. მათ არ სჯერათ ზებუნებრივი ძალის, ვერ აუხსნიათ უფლის რჯული, ვერც მისი უსაზღვრო ძლიერება და ძალა, რაც ადამიანს ღმერთის მცნებების შესრულებაში ეხმარება. ცნება “ბუნების კანონები”, მათი აზრით, მხოლოდ ის სფეროა, რომელშიც მათ შეძლეს შეღწევა და რომელიც ფიზიკურ სამყაროს მართავს. მაგრამ რა შეზღუდულია მათი ცოდნა და რა ვრცელი და უსასრულო სამყარო, სადაც უფალი საკუთარი კანონების თანახმად მოქმედებს; ყოველივე კი მოკვდავის გონებისა და შემეცნების ზღვარს სცილდება!პწ 65.4

    ბევრი ასწავლის, რომ მატერიას გააჩნია სიცოცხლის ძალა და უნარი, რომ ეს მისი უცვლელი თვისებაა, რომ იგი საკუთარი ენერგიით მოქმედებს, რომ ბუნების მოვლენებს მართავს მისივე მარადიული კანონები, რომელთა შეცვლაც თვით ღმერთსაც კი არ ძალუძს. ეს ცრუ მეცნიერებაა და არ მტკიცდება ღვთის სიტყვით. ბუნება შემოქმედის მსახურია. ღმერთი არ ცვლის თავის კანონებს და არც არღვევს მათ, არამედ კანონი იარაღია მის ხელში. ბუნება მოწმობს მუდმივად მოქმედ გონებრივ ძალაზე, რომელიც ვლინდება როგორც ღვთის მცნებებში, ასევე მათი მეშვეობითაც. ბუნებაში მოუღლელად შრომობენ მამა და ძე. ქრისტე ამბობს: “მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ” /იოან. 5:17/.პწ 66.1

    ნეემიას მიერ დაწერილ საგალობელში ლევიანები ასე მიმართავდნენ ღმერთს: “უფალო, შენ ერთადერთი ხარ; შენ შეჰქმენ ცანი და ცანი ცათანი თავისი მორთულობით, მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა... ამის ყველაფრის მაცოცხლებელი შენა ხარ” /ნეემ. 9:6/. ხოლო, რაც შეეხება ჩვენს დედამიწას, უფლის შემოქმედებითი საქმიანობა მასზე დასრულებულია, ვინაიდან “ღვთის საქმენი დასრულდა ჯერ კიდევ წუთისოფლის დასაბამიდან” /ებრ. 4:9/. მაგრამ შემოქმედის ძალა მუდამ ვლინდება შექმნილთა მმართველობაში. ერთხელ ამოქმედებული მექანიზმი მუდმივ მოქმედებაშია არა იმიტომ, რომ მასში ჩადებული ძალა ფუნქციონირებს, რომ ამ მიზეზით უცემს გული ყოველ ცოცხალ არსებას; არამედ ყოველი ამოსუნთქვა და გულისცემა მოწმობს მის ყოვლისმომცველ მზრუნველობაზე, ვისი მეშვეობითაც “ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ” /საქ. 17:28/. განა მასში ერთხელ ჩადებული ენერგიით წარმოშობს დედამიწა ყოველივე ცოცხალს და ბრუნავს იგი მზის გარშემო? არა, უზენაესის ხელი მართავს პლანეტების მოძრაობას მთელ სამყაროში; ის, “ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა, ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს” /ეს. 40:26/. დიახ, მხოლოდ მისი ძალით იკვირტება მცენარე, იშლება ფოთოლი და ჰყვავის ყვავილი.... იგი “აღმოაცენებს მთაში ბალახს” /ფს. 146:8/ და მხოლოდ მისი ძალით ნაყოფიერდება ყანები. ტყის ყოველ ბინადარს უგზავნის იგი საკვებს და ყოველი ცოცხალი არსება, დაწყებული პატარა მწერით და დამთავრებული ადამიანით, შემოქმედის მუდმივ მზრუნველობაზეა დამოკიდებული. რა მშვენიერია მეფსალმუნის სიტყვები: “ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავთავის დროზე... გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით” /ფს. 103:27,28/. მისი სიტყვა მართავს ბუნების ძალებს: იგი ფარავს ღრუბლებით ზეცას და აგზავნის წვიმას დედამიწაზე. “წარმოგზავნის თოვლს მატყლივით; თრთვილს ფერფლივით მიმოფანტავს” /ფს. 147:5,6/. “მის ხმაზე ხმაურობს წყლები ცაში, ის კრებს ღრუბლებს ქვეყნის კიდეებიდან; ის წარმოშობს საწვიმრად ჭექაქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან” /იერ. 10:13/.პწ 66.2

    უფალია საფუძველი ყოველივესი. ყოველი ჭეშმარიტი მეცნიერება სრულ თანხმობაშია მის შემოქმედებით საქმეებთან; ყოველ ჭეშმარიტ სწავლაგანათლებას უფლის მმართველობის კანონებისადმი მორჩილებისაკენ მივყავართ. ჭეშმარიტი მეცნიერება სულ ახალახალ სასწაულებს გვამცნობს. იგი იჭრება შორეულ სივრცეებში და იკვლევს ახალ სიღრმეებს, მაგრამ არაფრით ეწინააღმდეგება ღვთიურ გამოცხადებას. უმეცრება შეიძლება ეყრდნობოდეს მეცნიერულ მტკიცებებს, რათა მხარი დაუჭიროს უფალზე ცრუ შეხედულებებს, მაგრამ ბუნების წიგნი და ღვთის სიტყვა ნათელს ჰფენს ერთმანეთს. ამ მოწმეთა მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, ვისწავლოთ შემოქმედისადმი პატივისცემა და გონებით ვირწმუნოთ მისი სიტყვა.პწ 66.3

    ვერც ერთი შეზღუდული გონება ვერ ჩასწვდება უსასრულო ღმერთის შემოქმედების არსს, ძლიერებასა და სიბრძნეს. ღვთის წმიდა მსახური წერდა: “ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ცასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას? ცათა მწვერვალებია - რა გამოგივა? ღვესკნელზე უღრმესია - რას შეიცნობ?” /იობ. 11:7-9/. უდიდესი გენიოსებიც კი ვერ შეიცნობენ ღმერთს. ადამიანებს ძალუძთ, გამოიკვლიონ, გააკეთონ აღმოჩენები, მაგრამ ბევრი საიდუმლო კვლავ მიუწვდომელი რჩება.პწ 67.1

    შემოქმედის საქმეები მის დიდებაზე და ძლიერებაზე მოწმობს. “ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო” /ფს. 18:2/. ვინც ღვთის სიტყვით იხელმძღვანელებს, მისთვის მეცნიერება იქნება საშუალება ღვთის შემეცნებისათვის. “ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა” /რომ. 1:20/.პწ 67.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents