Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 53 - პირველი მსაჯულნი

    მსაჯულნი 6-8;10

    ქანაანში დასახლების შემდგომ ებრაელმა ხალხმა არაფერი იღონა ამ მიწის სრული დასაკუთრებისათვის; უკვე მიღებული ტერიტორიით დაკმაყოფილდა, ამ საქმისადმი ძველებური გულმოდგინება დაკარგა და დაპყრობის პროცესიც შეწყდა. “როცა მომძლავრდა ისრაელი, დახარკა ქანაანელები, აყრით კი ვერ აჰყარა” /მსაჯ. 1:28/.პწ 356.1

    უფალმა, თავის მხრივ, ერთგულად შეუსრულა ისრაელს ყველა დანაპირები. იესო ნავეს ძემ დაამარცხა ქანაანნი და მიწა ებრაელთ შტოების მიხედვით გაუნაწილა. მათ მხოლოდ ის უნდა გაეკეთებინათ, რომ ღვთიური ძალის დახმარებით საბოლოოდ აეყარათ ამ მიწიდან მისი მკვიდრნი. მაგრამ ეს არ გააკეთეს. ქანაანელებთან კავშირის დადებით მათ უხეშად დაარღვიეს ღვთის ბრძანება და არ შეასრულეს პირობა, რომლის თანახმადაც ქანაანის მიწა სამკვიდროდ მიეცა მათ.პწ 356.2

    თავიდანვე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოსეს მეშვეობით მათ სინაის მთიდან უზენაესი რჯული გამოუცხადა, უფალმა ისრაელიანნი ქანაანელთა ტომების შესახებ გააფრთხილა: “თაყვანი არა სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არ აკეთო მათებური საქმეები, არამედ ჩაშალე ისინი და დალეწე მათი სვეტები. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს და გიკურთხებთ იგი პურსა და წყალს. არ გავაჭაჭანებ სნეულებას თქვენს შორის” /გამ. 23:24,25/. მაგრამ უფალი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამარცხებდა მათ მტრებს, თუკი ისინი მისი მორჩილნი იქნებოდნენ. “წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშსა და ზარს, შევაძრწუნებ ყოველ ხალხს, ვისთანაც კი მიხვალ. ზურგს შევაქცევინებ შენთვის შენს მტრებს. კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და მოგაშორებენ ისინი ხივიელებს, ქანაანელებს და ხეთელებს. არ მოგაშორებ მათ ერთ წელიწადს, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ გარეული მხეცები. იანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა... ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ. ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს. არ უნდა იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში გაებმები” /გამ. 23:27-33/. საზეიმოდ გაიმეორა მოსემ სიკვდილის წინ ეს დადგენილებანი. იგივე გააკეთა იესო ნავეს ძემ.პწ 356.3

    ღმერთმა ქანაანში დაასახლა თავისი ხალხი, რათა მას, ძლიერი ფარის მსგავსად, წუთისოფლის წამლეკავი უზნეობის ნაკადი შეეკავებინა. ერთგულების შემთხვევაში ისრაელი გამარჯვებას გამარჯვებაზე მოიპოვებდა, რადგან ქანაანელებზე უფრო ძლიერ ტომებს დაუმორჩილებდა მას უფალი. “თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომლებსაც გიცხადებთ, რათა ასრულებდეთ მათ... მოგაშორებს უფალი ყველა ამ ხალხს და თქვენც დაეპატრონებით თქვენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს. ყოველი ადგილი, სადაც კი დაიდგმება თქვენი ტერფი, თქვენი იქნება - უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, ევფრატის მდინარიდან უკანა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი. ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის” /რჯლ. 11:22-25/.პწ 356.4

    მაგრამ, მათი დიადი მოწოდების მიუხედავად, ისრაელიანებმა უფრო ადვილი გზა და საკუთარი სურვილებით მოქმედება ირჩიეს. ხელიდან გაუშვეს ქვეყნის მთლიანად დასაკუთრების შესაძლებლობა, რის გამოც მთელი თაობები მრავალი საუკუნის მანძილზე იტანჯებოდნენ წარმართთა გამო. წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, ისინი “ეკლად ექცევიან თქვენს თვალებს და ნემსებად - თქვენს ფერდებს” /რიცხ. 33:55/.პწ 357.1

    ისრაელიანნი “აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები” /ფს. 105:35/; ქანაანელებზე ქორწინდებოდნენ და კერპთაყვანისმცემლობა შავი ჭირივით სწრაფად ვრცელდებოდა მთელს დედამიწაზე. “ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადაიქცნენ მათთვის. შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს... და შეირყვნა ქვეყანა სისხლით... მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი” /ფს. 105:36-40/.პწ 357.2

    ტანამ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ისინი, ვინც შეგონება იესო ნავეს ძისგან მიიღო, კერპთაყვანისმცემლობას დიდი წარმატება არ ჰქონია. მაგრამ მშობლებმა მოუმზადეს შვილებს გზა განდგომილებისაკენ. უფლის შეზღუდვების უგულებელყოფამ მათი მხრიდან, ვინც ქანაანის მიწა დაიმკვიდრა, დათესა ბოროტების თესლი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მწარე ნაყოფი გამოჰქონდა. უბრალო ცხოვრების ნირი ფიზიკური ჯანმრთელობის წყარო იყო ებრაელთათვის, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მიეჩვივნენ საკუთარ სურვილთა და ვნებათა დაკმაყოფილებას, რაც, თანდათანობით, უარყოფით ზეგავლენას ახდენდა მათ ჯანმრთელობაზე და ზნეობრივ და გონებრივ ძალებსაც ასუსტებდა. ცოდვებმა ღმერთს დააშორა ისრაელიანნი. აღარ იყო მათთან ღვთიური ძალა და მტერსაც ვეღარ ამარცხებდნენ. ამის შედეგად, ისრაელიანნი იმ ხალხებმა დაიმორჩილეს, რომელნიც, ღვთის ძალით, თავად უნდა დაემარცხებინათ.პწ 357.3

    “დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამაპაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი”. “წაიყვანა ცხვარივით ხალხი თავისი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა... განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გამოაღვიძეს მისი შური”. ამიტომ უფალმა “მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ” /მსაჯ. 2:12; ფს. 77:52-58,60,61/. თუმცა მთლად არ უარყო უფალმა თავისი ხალხი. ისრაელიანთა შორის ყოველთვის იყო ნარჩომი, რომელსაც არასოდეს დაუკარგავს იეჰოვას მიმართ ერთგულება და დროდადრო უფალი აგზავნიდა ამ მამაც და ერთგულ ადამიანებს კერპთაყვანისმცემლობის დასამხობად და ისრაელიანთა მტრისაგან სახსნელად. მაგრამ, როგორც კი განმათავისუფლებელი მოკვდებოდა, მისი ზეგავლენისაგან დახსნილი ხალხი უმალვე თავის კერპებს უბრუნდებოდა. ამრიგად, განდგომილებისა და დასჯის, მონანიებისა და ხსნის ისტორია ისევ და ისევ მეორდებოდა.პწ 357.4

    რიგრიგობით იპყრობდნენ ისრაელს მესოპოტამიისა და მოაბის, შემდეგ კი ფილისტიმელთა და ქანაანელთა მეფეები ხაცორიდან, სისარას ხელმძღვანელობით. ხალხმა ამოირჩია თავის განმათავისუფლებლებად ღოთენიელი, აჰუდი, შამგარი, დებორა და ბარაკი, მაგრამ “უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და უფალმა მიდიანის ხელში ამყოფა ისინი შვიდ წელიწადს”. თუკი აქამდე იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრებ შტოთა შევიწ- როება თითქმის უმნიშვნელო და არცთუ ისე მძიმე იყო, ახლა უკვე დიდად იტანჯებოდნენ ისინი.პწ 357.5

    ქანაანის სამხრეთით მცხოვრები ყამალეკნი და მის აღმოსავლეთით, უდაბნოს მხრიდან - მიდიანელნი, კვლავინდებურად ისრაელის შეურიგებელი მტრები იყვნენ. მოსეს დროს ისრაელმა თითქმის სრულად გაანადგურა მიდიანელნი, მაგრამ სწრაფად გამრავლდნენ და მრავალრიცხოვან, ძლიერ ტომად იქცნენ. შურისძიება სწყუროდათ და, როცა უფლის მფარველმა ხელმა ისრაელი დატოვა, ხელსაყრელი მომენტი დაუდგათ. არა მხოლოდ იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრები ისრაელიანთა შტოები, არამედ მთელი ქვეყანა იტანჯებოდა მათი შემოსევებისაგან. უდაბნოს ეს ველური, სასტიკი ტომები, “კალიასავით ურიცხვნი” /მსაჯ. 6:5/, თავიანთი ჯოგებითა და საქონლით შემოდიოდნენ ქვეყანაში. გამანადგურებელი წყლულივით ედებოდნენ ისინი მთელ მიწას იორდანედან ფილისტიმელთა დაბლობებამდე. მოდიოდნენ მაშინ, როცა მოსავალი მწიფდა და უკანასკნელი ნაყოფის აღებამდე რჩებოდნენ. აცამტვერებდნენ ყანებს, ძარცვავდნენ ხალხს, შემდეგ კი, კვლავ უდაბნოში ბრუნდებოდნენ. გაშლილ ველებზე მცხოვრები ისრაელიანნი კი იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები და ციხესიმაგრეებში, მთის გამოქვაბულებში ან ხეობებში შეეფარებინათ თავი. შვიდ წელიწადს გრძელდებოდა ეს ტანჯვა; და როცა სასოწარკვეთილმა ხალხმა უფლის გაფრთხილებები გაიხსენა და თავისი ცოდვები მოინანია, უფალმა კვლავ გაუგზავნა მათ მხსნელი.პწ 358.1

    იოაშის ძე, გედეონი მენაშეს შტოს შთამომავალი იყო. მის საგვარეულოს არ ეჭირა თვალსაჩინო საზოგადოებრივი მდგომარეობა, მაგრამ სიმამაცითა და პატიოსნებით გამოირჩეოდა. იოაშის მამაც შვილებზე ნათქვამია: “ყველანი მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით”. ვრთის გარდა, ყველა დაიღუპა მიდიანელებთან ბრძოლაში და მისი სახელი შიშის ზარს სცემდა მტერს. გედეონი ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, როცა უფლის ხმა მოესმა, თავისი ხალხის გამოხსნას რომ ავალებდა. ცოტაოდენი ხორბალი ჰქონდა გადამალული გედეონს, მისი კალოზე ლეწვა ვერ გაებედა და საწნახელში აკეთებდა ამას, ვინაიდან რთველი ჯერ კიდევ შორს იყო და მტრები ვენახებში არ შედიოდნენ. ადამიანთა თვალს მოფარებული, მდუმარედ მუშაობდა, წუხდა ისრაელის ასეთი გაჭირვების გამო და დღედაღამ ფიქრობდა, თავისი ერი დამპყრობთა უღლისაგან როგორ გაეთავისუფლებინა.პწ 358.2

    მოულოდნელად უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: “უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო!”.პწ 358.3

    “ვაგლახ, ჩემო ბატონო, - უპასუხა მან, - უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს უბედურება რატომ დაგვემართებოდა? სადღაა მთელი მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ: უფალი იყო, ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანაო? ახლა მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო”.პწ 358.4

    ამაზე ზეციურმა მაცნემ უპასუხა: “წადი მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელთაგან. ხომ მე გაგზავნი”.პწ 358.5

    ძლიერ უნდოდა გედეონს, დარწმუნებულიყო, რომ მისი მოსაუბრე ნამდვილად აღთქმის ანგელოზი იყო, რომელიც ძველთაგანვე ისრაელთან იყო. გაახსენდა, რომ ღვთის ანგელოზმა, აბრაამს რომ ესაუბრებოდა, მიიღო მასპინძლის გულითადი მიწვევა და გედეონმაც შეიპატიჟა იგი. სასწრაფოდ შევიდა კარავში, თავისი ღარიბული მარაგიდან მოამზადა თიკანი, ხმიადები, გამოიტანა და ანგელოზს მიართვა. ანგელოზმა უბრძანა: “აიღე ხორცი და ხმიადები, მანდ, ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი”. ასეც მოიქცა გედეონი, რის შემდგომაც მიეცა ნიშანი, ასე ძლიერ რომ სურდა მის გულს. “გაიშვირა უფლის ანგელოზმა კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა, და მისი წვერი ხორცსა და ხმიადებს შეახო, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორცი და ხმიადები. მერე თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი”.პწ 358.6

    გედეონის მამამ, იოაშმა, ღვთისაგან განდგომილ სხვა თანამოძმეებთან ერთად, ყოფრაში, თავის საცხოვრისში, უზარმაზარი სამსხვერპლო აუგო ბაალს, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქალაქის მკვიდრნი. გედეონს ამ სამსხვერპლოს დანგრევა ებრძანა, ხოლო იმ ქვაზე, სადაც მისი შესაწირავი ცეცხლმა შთანთქა - უფლისათვის სამსხვერპლოს აგება და მსხვერპლის შეწირვა. მსხვერპლის შეწირვის უფლება მხოლოდ მღვდელმსახურთ ჰქონდათ და იგი სილოამის სამსხვერპლოთი შემოიფარგლებოდა, მაგრამ ის, ვინც მსახურების ეს წესი დაადგინა და ვისზედაც თავად ეს მსხვერპლი მიუთითებდა, უფლებამოსილი იყო, მოეხსნა ეს შეზღუდვები. ისრაელის გათავისუფლებამდე ბაალის გადაგდება იყო საჭირო. თავისი ხალხის მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებამდე გედეონს ბრძოლა ჯერ კერპებისათვის უნდა გამოეცხადებინა.პწ 359.1

    ზუსტად შესრულდა უფლის ბრძანება. იცოდა რა, რომ ეს მოქმედება დიდ წინააღმდეგობას გამოიწვევდა, გედეონმა ეს საქმე ღამით, მსახურთა დახმარებით გააკეთა. ძლიერ განრისხდა ქალაქის მოსახლეობა, როცა მეორე დილას თაყვანსაცემად მისულ ხალხს სამსხვერპლო დანგრეული დახვდა. სიცოცხლეს გამოასალმებდნენ გედეონს იოაში რომ არა, რომელსაც ღამით ანგელოზი გამოეცხადა და შვილის დაცვა უბრძანა. “რა თქვენი დასაცავია ბაალი, - უთხრა მათ, - რა თქვენი საპატრონოა? მისი დამცველი ამ დილითვე სიკვდილით დაისჯება. თუ ღმერთია, თავად დაიცვას თავი, რადგან გედეონის დანგრეულია მისი სამსხვერპლო”. თუკი ბაალმა თავისი სამსხვერპლო ვერ დაიცვა, როგორღა უნდა ენდონ მისი თაყვანისმცემლები მას?პწ 359.2

    ხელი აიღეს გედეონის მკვლელობაზე. და, როცა მან ხალხს საყვირის ხმით საბრძოლველად მოუხმო, ყოფრას კაცები პირველ რიგში მოვიდნენ და მისი დროშის ქვეშ დადგნენ. მაცნეები გაგზავნა გედეონმა მენაშეს შტოსთან, რომელსაც თავად ეკუთვნოდა იგი; აშერის, ზებულონისა და ნაფთალის შტოებსაც უხმო. ყველა გამოეხმაურა მის მოწოდებას.პწ 359.3

    ვერ გაბედა გედეონმა, სათავეში ჩასდგომოდა ლაშქარს. არ იყო სრულად დარწმუნებული, რომ ნამდვილად ღმერთმა დაავალა ამის შესრულება და რომ თავადაც მასთან იქნებოდა. შეევედრა უფალს: “თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი, მაშინ საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, ვირწმუნებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი”. დილას, მართლაც, მატყლი სველი იყო, მიწა კი - მშრალი. კვლავ ეჭვი შეეპარა გედეონს: მატყლი ხომ ადვილად ღებულობს სინოტივეს ნესტიანი ჰაერისგან. ამიტომ ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და კვლავ სთხოვა ღმერთს, საპირისპირო ქმედება ჩაედინა და არ განრისხებულიყო მასზე. აასრულა უფალმა გედეონის თხოვნა.პწ 359.4

    ამგვარად გამხნევებულმა გედეონმა დამპყრობთა წინააღმდეგ საბრძოლველად წაიყვანა თავისი ხალხი. “შეიყარა იმჟამად მთელი მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები, გადმოლახეს მდინარე და იზრეყელის ველზე დაბანაკდნენ”. ოცდათორმეტი ათასი კაცი ჰყავდა გედეონს, მაგრამ მრავალრიცხოვანი მტრის დანახვისას უფლის ხმა მოესმა: “ძალზე ბევრი ხალხი გყავს. არ ჩავაგდებ ამათ ხელში მიდიანს, რომ არ გამიდიდგულდეს ისრაელი, არ თქვას, ჩემმა ხელმა მიხსნაო. ამიტომ გამოუცხადე ხალხს და უთხარი: ვინც შეშინებულია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს, წავიდეს გალაადის მთიდან”. ის, ვინც ხიფათს და გაჭირვებას გაურბოდა, ვისაც მიწიერზე ზრუნვა ერჩივნა ღვთის სამსახურს, ვერ შემატებდა ძალას ისრაელის ლაშქარს. პირიქით, მათი იქ ყოფნა მებრძოლთ უფრო შეასუსტებდა.პწ 360.1

    ისრაელში არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც ომში წამსვლელთ უცხადებდნენ: “ვინც ახალი სახლი ააშენა და არ გაუნათლავს, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ განათლოს იგი. ვინც ვაზი დარგო და ვერ მოიწია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოიწიოს იგი. ვინც ქალი დანიშნა და არ მოუყვანია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და ქალი სხვამ არ წაიყვანოს”. და კიდევ, ზედამხედველთ ხალხისათვის უნდა გამოეცხადებინათ: “ვინც მშიშარაა და გულით ძაბუნი, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ მოძმეებსაც არ დაუძაბუნოს გული თავისავით” /რჯლ. 20:5-8/.პწ 360.2

    ვინაიდან გედეონს, მოწინააღმდეგესთან შედარებით, მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა, თავი შეიკავა ამ ტრადიციული მიმართვისაგან და დიდად განცვიფრდა, როდესაც უფალმა უთხრა, რომ ბევრი ხალხი ჰყავს. მაგრამ ურწმუნოებასა და ამპარტავნობას ხედავდა უფალი თავისი ხალხის გულში. ისინი მზადყოფნით გამოეხმაურნენ გედეონის მგზნებარე მოწოდებას, მაგრამ ბევრი შეშინდა მიდიანელთა მრავალრიცხოვანი ჯარის დანახვაზე. ისრაელს რომ გაემარჯვა კიდეც, ეს ადამიანები გამარჯვებას ღმერთს კი არ მიაკუთვნებდნენ, არამედ თავად მიითვისებდნენ.პწ 360.3

    დაემორჩილა გედეონი უფლის ბრძანებას - გულისტკივილით ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ დატოვა ლაშქარი ოცდაორი ათასმა ისრაელიანმა - ეს კი მეომართა ორ მესამედზე მეტი იყო - და სახლში დაბრუნდა. კვლავ მოესმა გედეონს უფლის ხმა: “მაინც ბევრია ხალხი. წყალზე ჩაიყვანე და იქ გამოგირჩევ მათ. ვისზეც გეტყვი, გამოგყვესმეთქი, ის გამოგყვეს, ვისზეც გეტყვი, ნუ გამოგყვებამეთქი, ნუ გამოგყვება”.პწ 360.4

    მტერზე იერიშის მიტანის მოლოდინში ხალხი წყალს მიეტანა. ზოგმა პეშვით სწრაფად ამოიღო წყალი, დალია და გზა განაგრძო. სხვებმა კი ჩაიმუხლეს და აუჩქარებლად დალიეს. ათი ათასიდან სამასმა კაცმა დალია წყალი პეშვით და სწორედ ისინი აირჩია უფალმა, დანარჩენნი კი სახლში დააბრუნა.პწ 360.5

    ხშირად ადამიანის ხასიათი ძალიან უბრალოდ შეიცნობა. ის, ვინც ხიფათის დროს პირად საჭიროებათა დაკმაყოფილებაზე ფიქრობს, არ არის სანდო კრიტიკულ მომენტში. ღვთისადმი მსახურებაში არა აქვთ ადგილი ზარმაცთ და მხოლოდ საკუთარ საზრუნავზე მოფიქრალთ. ადამიანები, რომლებიც უფალმა ამოირჩია, სწორედ ის უმცირესობა იყო, ვინც მოვალეობის აღსრულება საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენა. ეს სამასი რჩეული ებრაელი არა მხოლო სიმამაცითა და თავშეკავებით გამოირჩეოდა, არამედ ისინი რწმენის გმირებიც იყვნენ: არ შებილწულან უწმიდური კერპების თაყვანისცემით. სწორედ მათ შეეძლოთ, უფლის ხელმძღვანელობით ეხსნათ ისრაელი. წარმატება არ არის დამოკიდებული რაოდენობაზე. ღმერთს შეუძლია, მიაღწიოს მიზანს მცირედითაც და ბევრითაც. უფლის განდიდება ხდება არა მრავალრიცხოვნობით, არამედ მის მსახურთა ხასიათით.პწ 360.6

    გორაკის სიმაღლეებიდან გასცქეროდნენ ისრაელიანნი დაბლობს, სადაც მოწინააღმდეგის ბანაკი იყო გაშლილი. “მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები ვაკეზე იყვნენ დაბანაკებულნი, კალიასავით ურიცხვნი. თვლა არ ჰქონდათ მათ აქლემებს. იმდენი იყვნენ, როგორც ზღვაში ქვიშა” /მსაჯ. 7:12/. ხვალინდელ ბრძოლაზე ფიქრი ზარავდა გედეონს. მაგრამ უფალმა მოუხმო მას ღამით და უბრძანა, თავის მსახურ ფურასთან ერთად მიდიანელთა ბანაკში ჩასულიყო, სადაც გამამხნევებელ სიტყვებს მოისმენდა. წავიდა გედეონი მტრის ბანაკში და მდუმარედ დადგა ბნელ ადგილას. მალე გაიგონა, რომ ერთი მეომარი მეორეს თავის სიზმარს უყვებოდა: “მესიზმრა, ვითომ ქერის პურის კოკორი დაგორავდა მიდიანის ბანაკში. კარავთან მიგორდა, დაეჯახა და დასცა. და დაემხო კარავი”. მეორის პასუხმა გულის სიღრმემდე შეძრა სიბნელეში მდგომი გედეონი: “ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა გედეონის მახვილი, იოაშის ძისა, ისრაელიანისა. მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი”. უფლის ხმა შეიცნო გედეონმა, მიდიანელი მეომრის ბაგეებით მას რომ მიმართავდა. დაბრუნდა იგი თავის მცირერიცხოვან რაზმში და უთხრა მათ: “ადექით, ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანის ბანაკი”.პწ 361.1

    უფალმა შესთავაზა თავდასხმის გეგმა გედეონს და ისიც უმალ მის განხორციელებას შეუდგა. სამ რაზმად დაჰყო სამასი კაცი. “ხელთ ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში ანთებული კვარები ჩააწყობინა”. ხალხი ისე გაანაწილეს, რომ სამივე მხრიდან მისდგომოდნენ მიდიანელთა ბანაკს. შუაღამისას, გედეონის საბრძოლო საყვირის ხმაზე სამივე რაზმმა დაჰკრა ბუკი, შემდეგ ქოთნები დაამტვრიეს და, ანთებული კვარებით ხელში, მტრის ბანაკზე მიიტანეს იერიში შეძახილებით: “მახვილები უფლისათვის და გედეონისათვის!”პწ 361.2

    უცბად აიშალა მტრის მძინარე ბანაკი. ანთებულ ჩირაღდნებს ელვარება გაჰქონდა ირგვლივ. საყვირის ხმა და თავდამსხმელთა ყვირილი ისმოდა ყოველი მხრიდან. ძლიერ დაიბნენ და შეშინდნენ მიდიანელნი, ეგონათ რა, რომ მათზე მრავალრიცხოვანი მტრის ალყაში მოექცნენ. სასოწარკვეთილი შეძახილებით აქეთიქით აწყდებოდნენ თავგზააბნეული მიდიანელები, მოყვარეს მტრისგან ვერ არჩევდნენ და ერთმანეთს ხოცავდნენ. როცა ხმა გავარდა ისრაელიანთა გამარჯვების შესახებ, სახლში დაბრუნებული მეომრებიც შეუერთდნენ დანარჩენთ და ბოლომდე მისდიეს გაქცეულ მტერს. იორდანეს მიაშურეს მიდიანელებმა იმ იმედით, რომ მეორე ნაპირზე გადავიდოდნენ და თავიანთ მიწაზე დაბრუნდებოდნენ. ეფრემის შტოსთან აფრინა ხალხი გედეონმა დავალებით, გზა გადაეჭრათ მტრისთვის სამხრეთით, ფონებთან, თავად კი სამასი დაღლილი, მაგრამ მტრის განადგურების სურვილით ანთებული კაცით იორდანეში შევიდა და მის მეორე ნაპირთან დაეწია მტერს. შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი, ყორები და ზეები, მტრის ლაშქრის ხელმძღვანელები, რომელთაც სხვა, თხუთმეტი ათასთან ერთად, გაქცევა მოახერხეს; მათი არმია გაანადგურეს, ისინი კი შეიპყრეს და მოკლეს.პწ 361.3

    ამ ბრწყინვალე გამარჯვებამ მტრის ას ოცი ათასი მეომარი შეიწირა. ისე გაავლეს მიდიანელთ მუსრი, რომ იგი ვეღარასოდეს შეებრძოლებოდა ისრაელს. ირგვლივ სწრაფად გავრცელდა ხმა, რომ ისრაელის ღმერთი კვლავ იბრძოდა თავისი ხალხისათვის. ენით აუწერელმა შიშმა შეიპყრო ირგვლივ მცხოვრები ხალხები, როცა გაიგეს, თუ რა უბრალო მეთოდით დაამარცხეს ეს ძლიერი და მამაცი მეომრები ებრაელებმა.პწ 362.1

    წინამძღოლი, რომელიც უფალმა მიდიანელთა დასამარცხებლად აირჩია, არ იყო დიდი თანამდებობის პირი ისრაელში. არც მთავარი იყო იგი, არც მღვდელმსახური და არც ლევიანი. ყველაზე უბრალო ადამიანად თვლიდა იგი საკუთარ თავს მამის სახლში. მაგრამ უფალი ღმერთი ხედავდა მასში სიმამაცეს და პატიოსნებას. საკუთარი ძალის იმედი არ ჰქონდა გედეონს, არამედ ყველაფერში უფლის ბრძანებას ემორჩილებოდა.პწ 362.2

    ღმერთი თავისი მსახურებისათვის ხშირად ირჩევს არა გამოჩენილ ადამიანებს, არამედ მათ, ვისი გამოყენებაც უკეთესად შეუძლია: “მორჩილება წინ უძღვის დიდებას” /იგავ. 15:33/. ყველაზე ერთგულად ღმერთს ისინი ემსახურებიან, ვინც თავის უძლურებას უკეთ შეიცნობს და მთლიანად მიენდობა ღმერთს, როგორც წინამძღოლს და ძალის წყაროს. სწორედ მათ აძლევს ღმერთი სიბრძნესა და ძალას; მისი მსახურის უძლურებას უზენაესის ძლიერება ერწყმის, მის უმეცრებას კი - სიბრძნე უფლისა.პწ 362.3

    ბევრად უფრო მეტს გააკეთებდა უფალი თავისი ხალხისთვის, თითოეულს რომ ჭეშმარიტი მორჩილება ესწავლა. მაგრამ რა ცოტანი არიან ისინი, ვინც თვითდაჯერებულობას გაურბის და არ ავიწყდება, რომ ყველაფერში ღმერთზეა დამოკიდებული, როცა იგი პასუხისმგებლობის ან წარმატების ტვირთს ჰკიდებს მას. ამიტომაა, რომ ღმერთის საქმეთა შესასრულებლად ადამიანთა არჩევისას უფალი უყურადღებოდ ტოვებს წუთისოფლისათვის ცნობილ და ნიჭიერ პიროვნებებს. ვინაიდან ისინი ამაყნი და თვითდაჯერებულნი არიან და თვლიან, რომ თავად საკმარისი ძალა გააჩნიათ და უფლის რჩევა არ ესაჭიროებათ.პწ 362.4

    იესო ნავეს ძის მხედრობის საყვირთა უბრალო ხმამ, იერიხონის კედლების ირგვლივ შემოვლისას რომ გაისმა და გედეონის მცირერიცხოვანმა რაზმმა, მიდიანელთა ლაშქარი ალყაში რომ მოაქცია, უფლის ძალის დახმარებით შეძლო უძლიერესი მტრის დამარცხება. ადამიანთა მიერ გამოგონებული, უფლის ძალასა და სიბრძნეს მოკლებული ურთულესი სისტემები უძლური იქნება იქ, სადაც მუშაობის უბრალო, უმნიშვნელო მეთოდებს წარმატება ელის, თუკი ის უფლის დადგენილია და მორჩილებითა და რწმენით სრულდება. ქრისტიანებიც, თავიანთ სულიერ ბრძოლებში, უნდა მიენდონ ღმერთს და მის ნებას დაემორჩილონ, როგორც ეს აუცილებელი იყო გედეონისა და იესო ნავეს ძისათვის ქანაანელებთან ბრძოლის დროს. ხშირად ავლენდა თავის ძლიერებას უფალი ისრაელის დაცვისას, რადგან სურდა, თავის მიმართ რწმენა განემტკიცებინა მათთვის, რათა სხვა, ნებისმიერ ვითარებაში ეჭვის გარეშე მიემართათ დახმარებისათვის. დღესაც ასეთი თანამშრომლობა სურს ღმერთს თავის ხალხთან უბრალო საშუალებებით უდიდესი საქმის შესასრულებლად. ზეცა იმედოვნებს, რომ ჩვენ ვიგრძნობთ მისი სიბრძნისა და ძალის საჭიროებას. ღმერთს “შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ” /ეფეს. 3:20/.პწ 362.5

    მტრის განდევნისა და სრული განადგურების შემდგომ შინ დაბრუნებულ გედეონს მოძმეთა უამრავი საყვედური და ბრალდება ელოდა. როცა მისი მოწოდებით ისრაელიანნი მიდიანელთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბნენ, ეფრემის შტოს მასში მონაწილეობა არ მიუღია. კსინი ამას სარისკო საქმედ თვლიდნენ და, რადგან გედეონმა მათ განსაკუთრებული მოწვევა არ გაუგზავნა, ამით ისარგებლეს და თავი გაიმართლეს იმის გამო, რომ ძმებს არ მიეხმარნენ. ნაგრამ, როცა ისრაელის გამარჯვების ამბავი გაიგეს, ძლიერ შეშურდათ. გედეონის ბრძანებით დაედევნენ და იორდანეს ფონებთან გზა გადაუკეტეს, მტერს გაქცევის საშუალება წაართვეს და ბევრიც დახოცეს. მათ შორის აღმოჩნდა მტრის ორი მთავარი - ყორები და ზეები. ასე შეუწყვეს ხელი ეფრემელებმა ისრაელის საბოლოო გამარჯვებას. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ თვლიდნენ, რომ გედეონი საკუთარი სურვილითა და განზრახვით მოქმედებდა. ვერ დაინახეს, რომ უფლის ხელმა უზრუნველყო ისრაელის გამარჯვება; ვერ შეაფასეს უზენაესის ძალა და წყალობა მათი ხსნისათვის და სწორედ ამ ვითარებამ ნათლად აჩვენა, რომ უფლის ხელში რჩეულ იარაღად ყოფნის ღირსნი არ იყვნენ.პწ 362.6

    ლაშქრობიდან ნადავლით დაბრუნებულნი, ცხარედ საყვედურობდნენ გედეონს: “რას გვერჩოდი, რატომ ჩვენც არ გვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი?”პწ 363.1

    “მე რა გამიკეთებია თქვენი ფასი? - უპასუხა გედეონმა, - ეფრემის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს? ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები ყორები და ზეები. მე სად შემეძლო, გამეკეთებინა თქვენდენი?”პწ 363.2

    შურსა და ბოროტებას ადვილად შეეძლო კამათის გამოწვევა, რაც, შესაძლოა, ბრძოლითა და სისხლისღვრით დამთავრებულიყო, მაგრამ გედეონის უბრალო, თავმდაბლურმა პასუხმა დააცხრო ეფრემელთა რისხვა და ისინი მშვიდობიანად დაიშალნენ. პრინციპულ საქმეთა მიმართ უკომპრომისო და მტკიცე, ძლიერ მეომარს დიდი თავშეკავებულობა და მოთმინება აღმოაჩნდა, რაც ასე იშვიათია ადამიანებში.პწ 363.3

    მიდიანელთა ტომებისაგან ისრაელის გათავისუფლებისათვის მადლიერების ნიშნად ებრაელებმა ისრაელის სამეფო ტახტი და მისი მის შთამომავალთათვის დაკანონება შესთავაზეს გედეონს. ეს წინადადება თეოკრატიის პრინციპების სრული დარღვევა იყო. ისრაელის მეფე თავად ღმერთი იყო, ადამიანის გამეფება კი ღვთიური მონარქის უარყოფას ნიშნავდა. ლარგად ესმოდა ყოველივე ეს გედეონს. ამაზე მსაჯულის პასუხი მისი წმიდა და კეთილშობილი ზრახვების დამადასტურებელია: “მე ვერ ვიბატონებ თქვენზე და ვერც ჩემი შვილი იბატონებს თქვენზე, უფალმა იბატონოს თქვენზე!”პწ 363.4

    მაგრამ გედეონმა სხვა შეცდომა დაუშვა, რამაც უბედურება მოუტანა მის ოჯახსაც და მთელ ისრაელსაც. დიდი ბრძოლის შემდეგ ჩამოვარდნილი მშვიდობა ხშირად გადატანილ სიძნელეებზე უფრო საშიშია. სწორედ აქ ელოდა საფრთხე გედეონს. მოუსვენრობამ შეიპყრო იგი. აქამდე თუ ყველაფერში ღვთის ნებას ემორჩილებოდა, ახლა, იმის ნაცვლად, რომ უფლის შემდგომ მითითებებს დალოდებოდა, საკუთარი გეგმების შედგენას შეუდგა. როცა უფლის მხედრობამ ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, სატანამ გააორმაგა თავისი ძალები, რათა უფლის საქმეებისათვის ხელი შეეშალა; ისეთი აზრი ჩაუნერგა გედეონს, რომელიც ებრაელ ერს ჭეშმარიტების გზიდან გადაიყვანდა.პწ 363.5

    რადგან გედეონს ებრძანა, აღსავლენი შეეწირა ლოდზე, სადაც ღვთის ანგელოზი ეჩვენა, მან გადაწყვიტა, მღვდელმსახური გამხდარიყო. არ დალოდებია ამის თაობაზე ღვთის მითითებას, ისე დაიწყო მსახურებისათვის შესაფერისი ადგილის ძებნა, რათა აქ ისეთივე მსა- ხურება დაედგინა, როგორიც სადღესასწაულო კარავში ტარდებოდა. ხალხის უდიდესი კეთილგანწყობით სარგებლობდა გედეონი, ამიტომ არ გაძნელებია თავისი განზრახვის ასრულება. მისი თხოვნისამებრ, შეუგროვეს და გადასცეს ოქროს საყურეები, მიდიანელთ რომ წაართვეს. სხვა მრავალი განძიც შეაგროვა ხალხმა, მათ შორის მიდიანელ მთავართა მდიდრული ტანსაცმელიც. ამათგან ეფოდი გააკეთა გედეონმა და სამკერდულიც დაამზადა, მღვდელმთავრის სამოსლის მსგავსად. “მახედ ექცა იგი გედეონს და მის სახლს” და მთელ ისრაელს. ამ უკანონო მსახურებამ ბევრს დაავიწყა ღმერთი და კერპებისკენ უბიძგა. გედეონის სიკვდილის შემდეგ მრავალი ადამიანი, მათ შორის მისი ოჯახიც, კერპთაყვანისმცემლები გახდნენ. ნრავალნი დაშორდნენ ღმერთს იმ ადამიანის წყალობით, რომელმაც ერთ დროს თავად დაამსხვრია წარმართთა კერპები.პწ 363.6

    ბევრს არ ესმის, თუ რა ძალა აქვს სიტყვასა და საქმეს. ძალიან დიდია ის დამღუპველი ზეგავლენა, რომელსაც ხშირად ახდენს მშობელთა შეცდომები მათ შვილებსა და შვილიშვილებზე მათი სიკვდილიდან მრავალი წლის შემდეგაც კი. ყოველ ადამიანს აქვს ზეგავლენა მეორეზე, ამიტომ პასუხს აგებს იგი მისი შედეგების გამო. ჩვენს სიტყვასა და საქმეებს მეტად დიდი ძალა აქვს და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეგვიძლია, ვიხილოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ზეგავლენის ნაყოფი. ჩვენი სიტყვებითა და საქმეებით გამოწვეული შთაბეჭდილება ჩვენთვის ან კურთხევა იქნება, ან - წყევლა. ეს უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ხალხისა და ღმერთის წინაშე, ამიტომ მორჩილად უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ თავისი სიბრძნით გვიხელმძღვანელოს.პწ 364.1

    მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთ ადვილად შეუძლიათ, აცდუნონ ხალხი. ყველაზე ბრძენნი ცდებიან, ყველაზე ძლიერნი ეცემიან. ძლიერ გვჭირდება ზეციური ნათელი, რომელიც მუდამ გაგვინათებს ცხოვრების ბილიკებს. ჩვენი ერთადერთი იმედი ისაა, რომ სრულად მივენდოთ მას, ერთადერთს, რომელმაც თქვა: “გამომყევი!”პწ 364.2

    გედეონის სიკვდილის შემდეგ “უზნეობდნენ ისრაელიანები ბაალის კვალზე... აღარ გაიხსენეს ისრაელიანებმა უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან. არც იერუბაალგედეონის სახლს მიაგეს მადლი ყველა იმ სიკეთისათვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს”. დაავიწყდათ გედეონის, მათი მხსნელისა და მსაჯულის, ყოველი დამსახურება. ებრაელებმა მისი უკანონო ვაჟი, აბიმელექი, აირჩიეს მეფედ, რომელმაც, თავისი ხელმწიფების განსამტკიცებლად, გედეონის ყველა კანონიერი შვილი დახოცა, ერთის გარდა. როდესაც ადამიანები ღვთის შიშს ივიწყებენ, პატიოსნებასა და ერთგულებასაც ადვილად კარგავენ. ვისაც უფლის წყალობის დანახვა შეუძლია, ის იმ ადამიანებსაც დააფასებს, ვინც, გედეონის მსგავსად, უფლის ხელში მისი ხალხის კურთხევის იარაღად იქცა. მაგრამ იმ ხალხისაგან, ვინც უფლის მიმართ ასეთი უმადურობა გამოიჩინა, გედეონის სახლისადმი სისასტიკის გამოვლენაც იყო მოსალოდნელი.პწ 364.3

    აბიმელექის სიკვდილის შემდგომ ღვთისმოშიშ მსაჯულთა ხელმწიფება ერთხანს უწევდა წინააღმდეგობას კერპთაყვანისმცემლობის ზეგავლენას, მაგრამ შემდგომ ხალხი კვლავ მიუბრუნდა ირგვლივ მცხოვრებ წარმართთა ტომების ზნეჩვეულებებს. ქვეყნის ჩრდილოეთის მკვიდრთა შორის მრავალი თაყვანს სცემდა არამისა და სიდონის ღმერთებს. სამხრეთდასავლეთით - ფილისტიმელთა კერპებმა, აღმოსავლეთით კი - მოაბისა და ყამონის ღმერთებმა აცდუნეს ისრაელი და თავისი მამების ღმერთს დააშორეს. მაგრამ განდგომილებას მალე საკადრისი პასუხი გაეცა. აღმოსავლეთის მკვიდრთა დაპყრობის შემდეგ იორდანე გადალახეს ყამონელებმა და იუდასა და ეფრემის სამფლობელოებში შეიჭრნენ. დასავლეთით, ზღვისპირა ველებიდან, ფილისტიმელები უტევდნენ, ძარცვავდნენ და წვავდნენ ყველაფერს. და კვლავ უმოწყალო მტრების გარემოცვაში დარჩა ისრაელი.პწ 364.4

    ისევ მოუბრუნდა განდგომილი ერი მას, ვინც ასე შეიძულეს და შეურაცხყვეს. “შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უთხრეს: შეგცოდეთ, რადგან დავივიწყეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაალებს”. მაგრამ ეს არ იყო გულწრფელი მონანიება; ხალხი იმის გამო წუხდა, რომ თავისი ცოდვილი ცხოვრებით ტანჯვა დაიტეხა თავს და არა იმიტომ, რომ ღვთის რჯულის დარღვევით შეურაცხყვეს უფალი. ჭეშმარიტი მონანიება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ცოდვაზე ურვა, არამედ ეს მტკიცე გადაწყვეტილებაა ბოროტების გზის მიტოვებისა.პწ 365.1

    ასე უპასუხა უფალმა მათ თავისი ერთერთი წინასწარმეტყველის პირით: “ხომ მიხსნიხართ ეგვიპტისაგან, ამორეველთაგან, ყამონიანთაგან და ფილისტიმელთაგან? ციდონელები, ყამალეკი და მაყონი გავიწროებდნენ და, როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან? თქვენ კი დამივიწყეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს, ამიტომაც აღარ გიხსნით. წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში”.პწ 365.2

    უფლის ეს მრისხანე, საჯაროდ თქმული სიტყვები სხვა სურათს გვახსენებს - უკანასკნელი სამსჯავროს დიად დღეს, როდესაც უფლის მადლისა და წყალობის უარმყოფელნი და მოძულენი პირისპირ შეხვდებიან უზენაესის სამართლიანობას. პასუხი უნდა აგონ ამ სამსჯავროზე იმის გამო, რომ ღვთით ბოძებული დრო, შესაძლებლობა, ნიჭი და უნარი ამ წუთისოფლის ღმერთების მსახურებას შესწირეს; ანაცვალეს თავიანთი მართალი და მოსიყვარულე მეგობარი ამქვეყნიურ სიამტკბილობებს. თუმცა ზოგჯერ აპირებდნენ კიდეც უფალთან დაბრუნებას, მაგრამ წუთისოფელმა, თავისი უაზრო ცდუნებებით, სრულად დაიპყრო მათი გრძნობები. უაზრო გართობებმა და ცხოვრებისეულმა მოთხოვნილებებმა გული გაუსასტიკა, სინდისის ხმა ისე ჩაუხშო მათ, რომ მათი სულები დაიხურა ჭეშმარიტების ხმისათვის. თავიანთი მოვალეობა დაივიწყეს. ვერ შეაფასეს მარადიული ფასეულობანი და სრულად დაკარგეს იმისადმი მსახურების ყოველგვარი სურვილი, ვინც ამდენი რამ გააკეთა ადამიანისათვის. მაგრამ უკანასკნელი მკის დროს ისინი იმას მოიმკიან, რაც დათესეს.პწ 365.3

    ასე ამბობს ზეციური სიბრძნე: “მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო. უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით... დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება. მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან. რაკი შეიძულეს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს, არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება, იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან”. “ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება” /იგავ. 1:24-31,33/.პწ 365.4

    ახლა ისრაელიანნი დამორჩილდნენ ღმერთს, “უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ”. და კვლავ შეწუხდა მოსიყვარულე მამა, “ვეღარ აიტანა... ისრაელის ტანჯვა”. ო, რა დიდია ადამიანის მიმართ ჩვენი ღმერთის მოთმინება და თანაგრძნობა! როცა მისი ხალხი ცოდვილ ცხოვრებას, რაც მას უფალთან აშორებდა, გამოერიდა, ისმინა უზენაესმა მისი ვედრება და მაშინვე დაეხმარა.პწ 365.5

    იფთახ გალაადელი მოუვლინა ზეციერმა მამამ მხსნელად ისრაელს, რომელიც ყამონელებს შეებრძოლა და დაამარცხა კიდეც. ამ დღემდე თვრამეტ წელიწადს გმინავდა ისრაელი თავისი მტრების უღელქვეშ, თუმცა ეს მწარე გაკვეთილებიც მალე დაივიწყა.პწ 366.1

    როცა ისრაელი კვლავ განუდგა ჭეშმარიტების გზას, უფალმა ძლიერი მტრის, ფილისტიმელების ხელში ჩააგდო იგი. მრავალი წლის განმავლობაში ავიწროებდა ისრაელს ეს ვერაგი, სასტიკი, მეომარი მტერი, დროდადრო კი სრულიად იპყრობდა მას. შეერივნენ ამ წარმართებს ისრაელიანნი, მონაწილეობდნენ მათ გართობებსა და კერპთმსახურებაში; უკვე ერთი სული და ერთი ინტერესი ჰქონდათ. შემდგომში კი ეს მოჩვენებითი მეგობრები ისრაელის უბოროტეს მტრებად იქცნენ და ყველა ღონეს ხმარობდნენ მის გასანადგურებლად.პწ 366.2

    ძველი ისრაელის მსგავსად, ქრისტიანებიც ხშირად ექცევიან წუთისოფლის ზეგავლენის ქვეშ, ღებულობენ მის პრინციპებსა და ტრადიციებს, რათა ურჯულოებთან მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნონ, მაგრამ შემდგომში მიხვდებიან, რომ ეს ცრუმეგობრები მათი ყველაზე საშიში მტრები არიან. გასაგებად გვასწავლის ბიბლია, რომ ღვთის ხალხსა და წუთისოფელს შორის არავითარი კავშირი არ უნდა არსებობდეს. “ნუ გაგიკვირდებათ, ძმანო, თუ სძულხართ წუთისოფელს” /1 იოან. 3:13/. ჩვენი მაცხოვარი ამბობს: “თუ თქვენ წუთისოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა” /იოან. 15:18/. მოჩვენებითი მეგობრობის ნიღაბს ამოფარებული სატანა ურჯულოთა მეშვეობით მოქმედებს, ღვთის ხალხს ცოდვის ქსელში ახვევს და ღმერთს აშორებს, ხოლო, როცა იგი უფლის მფარველობას კარგავს, ბოროტ ანგელოზთ ამხედრებს მის წინააღმდეგ და მის დაღუპვას ცდილობს.პწ 366.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents