Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 2 - სამყაროს შექმნა

    დაბადება 1;2

    “უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო”. “რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს” /ფსალმ. 32:6, 9/. “დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე” /ფსალმ. 103:5/.პწ 15.3

    არაჩვეულებრივად ლამაზი იყო დედამიწა, როცა უფლის ხელმა შექმნა იგი. დიდებული მთები, ბორცვები და დაბლობები, მდორე მდინარეები და მშვენიერი ტბები ამშვენებდა მას; არ არსებობდა მიუვალი, სალი კლდეები და საშინელი უფსკრულები, როგორც დღეს. წვეტიან, კლდოვან შვერილებს მწვანედ აბიბინებული ნოყიერი ნიადაგის სქელი ფენა ფარავდა. არსად იყო საზიზღარი ჭაობები და უნაყოფო უდაბნოები. თვალს ახარებდა მწვანედ აქოჩრილი ბუჩქნარი და მრავალფეროვანი, ნაზი ყვავილები. მწვანე, მაღალი ხეები, ახლანდელთან შედარებით უფრო წელგამართული და დიდებული, საოცრად ამშვენებდა ბორცვთა მწვერვალებს. სუფთა და ჯანსაღი ჰაერი თავისუფალი იყო ყოველგვარი მავნე მინარევებისა და ორთქლისაგან. დღევანდელ დიდებულ სასახლეთა ბაღები მხოლოდ აჩრდილია დედამიწის პირვანდელი სილამაზისა. ზეციური მხედრობა სიხარულითა და აღტაცებით ადევნებდა თვალს უფლის დიდებულ შემოქმედებას.პწ 15.4

    მას შემდეგ, რაც დედამიწა თავისი მრავალრიცხოვანი ცხოველებითა და მდიდარი მცენარეულობით ადამიანისათვის მომზადდა, უფლის შემოქმედების გვირგვინმა ფეხი შედგა თავის სამფლობელოში. მას მიეცა ხელმწიფება მთელ დედამიწაზე, ვინაიდან ღმერთმა თქვა: “გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად, ეპატრონოს... მთელს დედამიწას... შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი”. აქ ნათლადაა ნათქვამი კაცობრიობის წარმოშობის შესახებ. უფალმა ისე გასაგებად გვამცნო ამის თაობაზე, რომ სხვა, მცდარი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა. აქ არაფერია დაფარული და საიდუმლო. არავითარი საფუძველი არ არსებობს იმ თვალსაზრისის გასამართლებლად, რომ ადამიანი ევოლუციის, ცხოველთა და მცენარეთა უმდაბლესი ფორმების თანდათანობითი განვითარების შედეგია. ასეთ თეორიას შემოქმედის ხელთა უდიდესი ნამოქმედარი ადამიანის შეზღუდულ, მიწიერ კონცეფციამდე დაჰყავს. ადამიანებს ისე ჯიუტად სურთ, ჩამოართვან ღმერთს სამყაროს მმართველობის უზენაესი ხელმწიფება, რომ დაამცირეს ადამიანი და მოტყუებით წაართვეს მას თავისი წარმოშობის კეთილშობილება. ის, ვინც შექმნა ვარსკვლავთა სამყარო ზეცაში, ვინც მშვენიერი მინდვრის ყვავილებით მორთო დედამიწა, ვინც ცა და მიწა თავისი ძლიერების საოცარი ნიშნებით აავსო, განა ვერ შეძლებდა თავის დიდებულ საქმეთა დაგვირგვინებას სიცოცხლის მომცემის ღირსეული არსების შექმნით, არსებისა, რომელსაც დედამიწის მფლობელობას უბოძებდა? ადამიანის წარმოშობას, როგორც ღვთის სიტყვა მიგვითითებს, მივყავართ არა უმარტივეს მიკრობებთან, მოლუსკებთან და ოთხფეხებთან, არამედ უზენაეს შემოქმედთან. ადამი, თუმცა მიწისაგან შეიქმნა, “ღვთის შვილად” იწოდებოდა.პწ 16.1

    მას, როგორც ღვთის წარმომადგენელს, უნდა ებატონა თავისზე მდაბალ არსებებზე, რომელთაც არ შეეძლოთ უფლის არსში ჩაწვდომა და მისი ხელმწიფების აღიარება, მაგრამ მიეცათ უნარი ადამიანის მიმართ სიყვარულით მსახურებისა. მეფსალმუნე ამბობს: “გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე. ყველა პირუტყვი - მსხვილფეხა და წვრილფეხა და ასევე - ნადირი ველისა, ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ” /ფსალმ. 8:7-9/.პწ 16.2

    ადამიანი უნდა ემსგავსებოდეს ღმერთს როგორც გარეგნულად, ასევე ხასიათითაც. თუმცა მხოლოდ ქრისტეა “მისი არსების ანარეკლი” /ებრ. 1:3/, მაგრამ ადამიანი ღვთის მსგავსად შეიქმნა. თავდაპირველად მისი ბუნება ჰარმონიულად იყო შერწყმული უფლის ნებასთან, მის გონებას შეეძლო, ღვთიურ ჭეშმარიტებებს ჩასწვდომოდა, მისი გრძნობები წმიდა იყო, მისი ვნებები და სურვილები კი გონებას ექვემდებარებოდა. ადამიანი წმიდა იყო და ბედნიერი იმით, რომ ღვთის ხატებას ატარებდა და უფლის ნებას სრულად ემორჩილებოდა.პწ 16.3

    უფლის შექმნილ ადამიანს დიდებული გარეგნობა და სრულყოფილი აღნაგობა ჰქონდა. მისი ჯანსაღი სახე მუდამ კმაყოფილებასა და სიხარულს გამოხატავდა. ადამი თანამედროვე ადამიანზე ბევრად უფრო მაღალი იყო; ევა - მასზე ოდნავ დაბალი, მაგრამ ტანადი და მშვენიერი. უცოდველ წყვილს არ ეცვა რაიმე ხელოვნური ტანსაცმელი; ანგელოზთა მსგავსად, ისინიც დიდების ბრწყინვალებით იყვნენ მოსილნი. და სანამ უფლის ნების მორჩილნი იყვნენ, ასეთი ზეციური ტანსაცმელი ფარავდა მათ სხეულს.პწ 16.4

    ღმერთმა შექმნა ადამი, შემდეგ მოუყვანა ყველა ცხოველი, რათა თითოეული მათგანისათვის სახელი დაერქმია. ადამი ხედავდა, რომ ყოველ მათგანს თავისი მსგავსი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ “ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი”. უფლის მიერ შექმნილ მიწიერ არსებათა შორის არ მოიძებნებოდა ადამიანის ტოლი, მისი მსგავსი. და ღმერთმა თქვა: “არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს”. ადამიანი არ იყო მარტოობისათვის გაჩენილი. არც სამოთხის ულამაზეს ხედებს, არც სიხარულის მომგვრელი საქმის კეთებას ბაღში არ შეეძლო, ბედნიერება მიენიჭებინა ადამისთვის ცხოვრების თანამგზავრის გარეშე. თვით ანგელოზებთან ურთიერთობაც კი ვერ დააკმაყოფილებდა თანაგრძნობისა და მეგობრობის იმ მოთხოვნილებას, რომელიც ადამიანის სულს გააჩნდა. მის გარშემო მყოფ არსებათაგან არავინ იყო მისი მსგავსი, ვინც შეიყვარებდა მას და ისიც სიყვარულით უპასუხებდა.პწ 17.1

    თავად ღმერთმა უბოძა ადამს ცხოვრების მეგობარი. “მისი შესაფერი”, მისი მეგობრობის, სიყვარულისა და პატივისცემის ღირსი შემწე. ევა ადამის ნეკნიდან შექმნა უფალმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ევა ვერ იბატონებდა მასზე, ვერც ადამი დაამცირებდა მას, არამედ როგორც თანასწორს, ექნებოდა მისი სიყვარულისა და დაცვის უფლება. თვით ადამის ნაწილი, მისი ძვალი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი, იგი იყო მისი მეორე “მე”. ეს კი იმაზე მეტყველებდა, თუ რაოდენ მჭიდრო და ნაზი კავშირი უნდა ყოფილიყო მათ შორის. “ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას” /ეფეს. 5:29/, “ამიტომაც მიატოვებს კაცი დედმამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ” /დაბ. 2:24/.პწ 17.2

    უფალმა აკურთხა პირველი ქორწინება. ამგვარად, ოჯახის კერაც სამყაროს შემოქმედის მიერაა შექმნილი. ქორწინება საპატიოა. ესაა ღმერთის მიერ ადამიანისათვის ბოძებული ერთერთი პირველი ძღვენი. იგი იყო ერთერთი იმ ორი დადგენილებიდან, რომლებიც ადამმა სამოთხიდან თავისი დაცემის შემდეგ გამოიტანა. როდესაც ქორწინებაში ღვთიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ და მათ ემორჩილებიან, მაშინ ასეთი ქორწინება კურხეულია და ადამიანთა მოდგმის ზნეობრივი სიწმინდისა და ბედნიერების შენარჩუნებას ემსახურება. ასეთი ქორწინება აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს და ყოველმხრივ აღამაღლებს ადამიანს.პწ 17.3

    “უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა”. ყოველივეს, ღვთის მიერ შექმნილს, სრულყოფილი სილამაზის ბეჭედი ესვა. და თითქოს არაფერი აკლდა ამ წმიდა წყვილს ბედნიერებისათვის, მაგრამ შემოქმედმა თავისი სიყვარულის კიდევ ერთი მტკიცება მიუძღვნა მათ, როდესაც შექმნა სამოთხე, რომელიც მათი საცხოვრისი უნდა გამხდარიყო. ამ ბაღში საოცარი, სურნელოვანი ნაყოფით დახუნძლული უამრავი სხვადასხვა ხე იდგა. დიდებული ვაზის სავსე მტევნები, ათასფრად აელვარებული, მიწამდე სწვდებოდა. ხასხასა ფოთლებისა და ნაყოფით დაფარული ტოტებისაგან იყო შექმნილი ადამისა და ევას საცხოვრებელი. ირგვლივ ყვავილთა სურნელი იფრქვეოდა. სამოთხის შუაგულში იდგა სიცოცხლის ხე, ყველაზე ლამაზი მცენარეთა შორის. მისი ვერცხლისფერი და ოქროსფერი ნაყოფი ხანგრძლივი სიცოცხლისათვის ძალას იძლეოდა.პწ 17.4

    შემოქმედებითი საქმიანობა დასრულებული იყო. “გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ”. “დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა და აჰა, ძალიან კარგი იყო”. დედამიწაზე უჩვეულო სილამაზით ყვაოდა ედემის ბაღი. ადამსა და ევას შეეძლოთ თავისუფლად მისულიყვნენ სიცოცხლის ხესთან. არსად იყო უფლის მშვენიერ შემოქმედებაში ცოდვისა და სიკვდილის ჩრდილი. “როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ” /იობ. 38:7/.პწ 18.1

    დიდებულმა იეჰოვამ დააფუძნა დედამიწა, სილამაზით შეამკო მთელი სამყარო და ყოველივე სასარგებლოთი აავსო იგი. მიწისა და ზღვის ყოველი საოცრება მან შექმნა. ექვს დღეში დამთავრდა უზენაესის შემოქმედებითი მოღვაწეობა. და უფალმა ღმერთმა “დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა”. უდიდესი კმაყოფილებით უმზერდა უფალი თავის შემოქმედებას, უფლის ხელით შექმნილი, ყოველივე სრულყოფილი იყო და იგი ისვენებდა არა იმიტომ, რომ დაიღალა, არამედ თავისი სიბრძნის, სიკეთისა და დიდების გამოცხადების ნაყოფით ტკბებოდა.პწ 18.2

    მას შემდეგ, რაც უფალი დატკბა მეშვიდე დღის სიმშვიდით, მან აკურთხა ეს დღე და ადამიანის დასასვენებლად გამოყო იგი. შემოქმედის მაგალითისამებრ, ადამიანმა უნდა დაისვენოს ამ წმიდა დღეს, რათა დატკბეს ზეცისა და დედამიწის მშვენიერებით და იფიქროს უზენაესის საოცარ შემოქმედებაზე, რათა ღვთიური სიბრძნისა და სიკეთის ამ უტყუარ მტკიცებულებათა დანახვისას სიყვარულითა და მადლიერებით აევსოს გული თავისი შემოქმედის მიმართ.პწ 18.3

    მეშვიდე დღის კურთხევა იყო ნიშანი, რომელიც უფალმა ედემში დაგვიტოვა თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიშნად. შაბათის სიმშვიდე მიეცა ადამს - მთელი კაცობრიობის მამას და წარმომადგენელს. შაბათის დაცვით ადამის შთამომავლობას მადლიერება უნდა გამოეხატა უფლის, თავისი შემოქმედისა და მბრძანებლის მიმართ, მათი, როგორც თავისი სამეფოს ქვეშევრდომთა შექმნისათვის. ასე დაკანონდა ყოველი ადამიანისათვის განკუთვნილი ეს წესი და გადაეცა კაცობრიობას.პწ 18.4

    უფალი ღმერთი ხედავდა, რომ სამოთხეშიც საჭირო იყო შაბათის სიმშვიდე ადამიანისათვის. მას სჭირდებოდა დრო, როდესაც ყოველგვარი შრომისაგან დაისვენებდა და უფლის საქმეებზე, მის ძალასა და სიკეთეზე იმსჯელებდა. ადამიანს ესაჭიროებოდა შაბათი დღე, რომელიც მას ღმერთს გაახსენებდა და შემოქმედის კეთილი საქმეების გამო მადლიერების გრძნობას გაუღვიძებდა.პწ 18.5

    შაბათი დღის სიმშვიდის დაკანონებით უფალს სურდა, რომ ამ დღეს ადამიანს მთელი ყურადღება ღმერთის შემოქმედებითი საქმეებისათვის დაეთმო. ბუნება ადამიანებს ესაუბრება ცოცხალ ღმერთზე - ყოვლისშემძლე მბრძანებელზე და შემოქმედზე. “ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს” /ფს. 18:2,3/. დედამიწის სილამაზე უფლის სიყვარულის ნიშანია. შეგვიძლია დავინახოთ ის მარადიული მთების დიდებულებაში, აშოლტილ ხეებში, გაღვიძებულ კვირტებში, ნაზ ყვავილებში... გარშემო ყველაფერი ღმერთზე ღაღადებს. შაბათი, როგორც უფლის შემოქმედების მარადიული ნიშანი, ადამიანებს ასწავლის, გადაშალონ ბუნების საოცარი წიგნი და ამოიკითხონ მასში შემოქმედის სიბრძნე, ძლიერება და სიყვარული.პწ 18.6

    თუმცა ჩვენი წინაპრები ღმერთმა წმიდა და უცოდველ ადამიანებად შექმნა, მაგრამ მათაც ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეცოდათ. უფალმა ისინი ზნეობრივად თავისუფალ ადამიანებად შექმნა, რომელთაც შეეძლოთ ჩასწვდომოდნენ შემოქმედის სიბრძნესა და სიკეთეს, მის დადგენილებათა სამართლიანობას. მათ სრული თავისუფლება მიეცათ არჩევანში: ყოფილიყვნენ უფლის ნების მორჩილნი, თუ დაერღვიათ იგი. მათ მიეცათ ბედნიერება უფალთან და მის ანგელოზებთან ურთიერთობისა. მაგრამ სანამ ამ მარადიული სიხარულის მოზიარენი გახდებოდნენ, ისინი უფლისადმი ერთგულებაში უნდა გამოცდილიყვნენ. უფალს სურდა, მათი არსებობის დასაწყისშივე გამოეცადა, გააჩნიათ თუ არა მათ ეს დამღუპველი, ეგოისტური ვნება, რომელმაც სატანა დაცემამდე მიიყვანა. ბაღის შუაგულში, სიცოცხლის ხის სიახლოვეს მდგარი შეცნობის ხე უნდა გამხდარიყო ჩვენი წინაპრების რწმენის, მორჩილებისა და სიყვარულის გამოცდის საშუალება. მათ ნება ეძლეოდათ, მოეწყვიტათ ყველა ხის ნაყოფი, მაგრამ სიკვდილის მუქარით ეკრძალებოდათ შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა. მათ წინ სატანის ცდუნება ელოდათ და მისი შემოტევისათვის მამაცურად რომ გაეძლოთ, სამუდამოდ დაიცავდნენ თავს მისი ხელმწიფებისაგან და ღვთის მარადიული სიყვარულით დატკბებოდნენ.პწ 19.1

    ღმერთმა ადამიანი რჯულის ხელმწიფების ქვეშ მოაქცია და მისი დაცვა არსებობის აუცილებელ პირობად აქცია. ადამიანი უფლის სამეფოს ქვეშევრდომია, ხოლო არც ერთი მმართველობა არ არსებობს კანონის გარეშე. ღმერთს შეეძლო შეექმნა ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ შეძლებდა რჯულის დარღვევას, მას შეეძლო არ დაეშვა ადამის მიერ აკრძალული ნაყოფის მოწყვეტა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ადამიანი იქნებოდა არა თავისუფალი არსება, არამედ ავტომატი, რობოტი. არჩევანის თავისუფლების გარეშე მისი მორჩილება იქნებოდა იძულებითი და არა საკუთარი ნებით. ასეთ პირობებში არ ხდება პიროვნების ჩამოყალიბება. ეს უფლის გეგმის საპირისპირო ქმედება იქნებოდა სხვა სამყაროების მცხოვრებთა მიმართაც. და ბოლოს, ეს დაამცირებდა ადამიანის, როგორც გონიერი არსების, ღირსებას და გაამართლებდა სატანის ბრალდებას ღმერთის დესპოტიზმის შესახებ.პწ 19.2

    ღმერთმა შექმნა ადამიანი - მართალი და წმიდა. მისცა კეთილშობილური ხასიათის თვისებები, მოკლებული ყოველგვარ მიდრეკილებას ბოროტებისაკენ. უბოძა დიდი გონებრივი შესაძლებლობები და ყველა პირობა შეუქმნა იმისათვის, რომ ღვთის ერთგული დარჩენილიყო. სრული და მუდმივი მორჩილება მარადიული ბედნიერების წინაპირობა იყო. მხოლოდ ასეთი პირობით შეეძლო ადამიანს, სიცოცხლის ხესთან მისასვლელი ჰქონოდა.პწ 19.3

    ჩვენი წინაპრების საცხოვრისი საჩვენებელი მაგალითი უნდა ყოფილიყო სხვებისათვის დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მათი შვილების გაფანტვის შემთხვევაში. უფლის ხელით შემკული მათი პირველი სამშობლო სულაც არ ჰგავდა ბრწყინვალე სასახლეს. ადამიანები სიამაყით, ქებადიდებით ამკობენ საკუთარ შემოქმედებას; მათში აღტაცებას იწვევს გრანდიოზული ნაგებობანი. მაგრამ უფალმა ადამი ბაღში დაამკვიდრა. ეს იყო მისი სახლი. ლურჯი ცა იყო მისი საფარი, ნაზი ყვავილებით მორთული მიწა და მარადმწვანე ბალახით დაფარული მდელოები იატაკად ჰქონდა ფეხქვეშ გაშლილი და დასასვენებლად იწვევდა მას, აქოჩრილ ხეთა მწვანე ტოტები თავისი ჩრდილით აგრილებდა მის სხეულს და იგი ყველაზე დიდი მხატვრის უმშვენიერეს ქმნილებათა გარემოცვაში იმყოფებოდა. ყოველივეს, რაც ამ წმიდა წყვილის გარშემო იყო, დღესაც არ დაუკარგავს თავისი შემგონებლური მნიშვნელობა: ჭეშმარიტი ბედნიერება გამოიხატება არა ფუფუნებისადმი პატივმოყვარულ მისწრაფებაში, არამედ უფალთან ურთიერთობაში მის ხელთა ნასაქმარის მეშვეობით. ადამიანები ასეთ დიდ ყურადღებას რომ არ უთმობდნენ ცივილიზაციის მიღწევებს და უბრალოებისაკენ ისწრაფოდნენ, მათი ცხოვრების წესი უფრო მეტად დაემსგავსებოდა ღმერთის პირველდაწყებით გეგმას. სიამაყე და პატივმოყვარეობა არასოდეს კმაყოფილდება, მაგრამ ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანები პოვებენ უდიდეს სიამოვნებას სიხარულის იმ წყაროებში, რომელსაც უფალი ყველას სთავაზობს.პწ 19.4

    ედემში მცხოვრებთ უნდა ეზრუნათ ბაღზე, დაემუშავებინათ და დაეცვათ იგი. მათი შრომა მძიმე და დამღლელი კი არა, სასიამოვნო და განმამტკიცებელი იყო. უფალმა შრომა კურთხევად დაუწესა ადამიანს, გონების საკვებად, სხეულის განსამტკიცებლად და სხვადასხვა ნიჭის განსავითარებლად. დაცემამდე ადამს უდიდეს კმაყოფილებას ანიჭებდა ფიზიკური და გონებრივი შრომა. და როდესაც დაუმორჩილებლობის გამო იგი თავისი მშვენიერი სამშობლოდან გააძევეს და საკუთარი ოფლის ფასად უნდა მოეპოვებინა საკვები, იგივე შრომა, რომელიც სულ არ ჰგავდა მის ადრინდელ საქმიანობას ბაღში, მისი ბედნიერების წყაროდ და ცდუნებისაგან თავდაცვის საშუალებად იქცა. თუმცა შრომა ზოგჯერ მეტად დამღლელი და მტანჯველი საქმიანობაა, მაგრამ დიდად ცდება ის, ვინც მას წყევლად თვლის. მდიდარი ადამიანები ხშირად აბუჩად იგდებენ მშრომელთ, მაგრამ შრომისადმი ასეთი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება უფლის ჩანაფიქრს ადამიანის შექმნისას. მაგრამ რა არის ყველაზე შეძლებულ ადამიანთა სიმდიდრე იმ მემკვიდრეობასთან შედარებით, რომელიც ადამმა მიიღო? და მაინც, ადამს დრო უქმად არ უნდა დაეხარჯა. ჩვენმა უფალმა კარგად იცოდა, თუ რა იყო საჭირო ადამიანის ბედნიერებისათვის და ამიტომაც მისცა მას შრომის შესაძლებლობა. მხოლოდ შრომას მოაქვს ჭეშმარიტი სიხარული ცხოვრებაში. თვით ანგელოზებიც ძალზე მუყაითი მშრომელები, უფლის მსახურნი არიან მის მიწიერ შვილთათვის. შემოქმედს არა აქვს ადგილი ზარმაცებისათვის.პწ 20.1

    სანამ ადამი და მისი შემწე უფლის ერთგულნი იყვნენ, ბატონობდნენ მთელ დედამიწაზე. მათი მმართველობა ყველა ცოცხალ არსებაზე ვრცელდებოდა. ლომი და ცხვარი მშვიდად ძოვდნენ მათ სიახლოვეს და მათ ფერხთით ისვენებდნენ. მათ თავთან უშიშრად მოფრთხიალე ჩიტები თავიანთი ჭიკჭიკით ადიდებდნენ ღმერთს, ადამი და ევა კი უერთდებოდნენ მათ მამისა და ძის სამადლობელი საგალობლებით.პწ 20.2

    წმიდა წყვილი სამოთხის ბაღში ისე ცხოვრობდა, როგორც მზრუნველი მამის მფარველობის ქვეშ მყოფი შვილები ცხოვრობენ, მაგრამ იმავდროულად ისინი გამუდმებით ეცნობოდნენ უზენაესის სიბრძნეს. მათთან ხშირად მოდიოდნენ ანგელოზები. მათ ჰქონდათ ბედნიერება, თავიანთი შემოქმედი ეხილათ. სიცოცხლის ხის ნაყოფით ივსებდნენ ენერგიას და თავიანთი გონების განვითარებით ისინი მხოლოდ მცირედ თუ ჩამორჩებოდნენ ანგელოზებს. სამყაროს საიდუმლოებანი - “ყოვლადბრძენის საკვირველებანი” /იობ. 37:16/ - შემეცნებისა და სიხარულის წყაროდ იქცა მათთვის. ბუნების კანონები და მოვლენები, რასაც აგერ უკვე ექვსი ათასი წლის განმავლობაში იკვლევს ადამიანი, უდიდესმა ოსტატმა და შემოქმედმა გაუხსნა მათ გონებას. ისინი სწავლობდნენ ფოთლების, ყვავილების, ხეების აგებულებას და მათი სიცოცხლის საიდუმლოს. ადამი კარგად იცნობდა ყოველ ცოცხალ არსებას - დაწყებული დიდებული ლევიათანით და დამთავრებული მზის სხივებში მოციმციმე უმცირესი მწერით. ყოველ მათგანს თავად ადამმა დაარქვა სახელი. მათ თვისებებსაც კარგად იცნობდა. ღვთიური დიდება ზეცაში, უამრავ სამყაროთა წრიული ბრუნვა, “ღრუბელთა განფენილობის ამბავი” /იობ. 37:16/, სინათლისა და ბგერის, დღისა და ღამის საიდუმლო - ყოველივე ეს ცნობილი იყო ჩვენი წინაპრებისათვის. ტყის ყოველი ფოთოლი, კლდის ყოველი შვერილი, ყოველი კაშკაშა ვარსკვლავი - ყველაფერი დედამიწაზე, ჰაერში და ცაში - შემოქმედზე მიუთითებდა. სამყაროში გამეფებული ჰარმონია და წესრიგი უფლის უსაზღვრო სიბრძნესა და ძლიერებაზე მეტყველებდა. ისინი ყოველდღიურად ახალახალ მშვენიერებას იკვლევდნენ, რაც უდიდესი სიყვარულით ავსებდა მათ გულებს და კვლავ და კვლავ შემქმედის მიმართ მადლიერების გამოხატვის ძლიერ სურვილს ჰგვრიდა.პწ 20.3

    უფლისადმი ერთგულების შენარჩუნების შემთხვევაში მათი შემეცნების, სიხარულისა და სიყვარულის შესაძლებლობანი თანდათან უფრო გაიზრდებოდა. ისინი შეიძენდნენ შემეცნების ახალ საგანძურს, მიაგნებდნენ ბედნიერების ახალ სათავეებს და უფრო ნათლად შეიცნობდნენ ღვთის განუზომელ, უსასრულო სიყვარულს.პწ 21.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents