Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 19 - იაკობის დაბრუნება ქანაანში

    დაბადება 34;35;37

    იორდანეს გადაკვეთით „მოვიდა მშვიდობით ფადანარამიდან წამოსული იაკობი შექემქალაქად, ქანაანის ქვეყანაში რომ არის”. ასე უპასუხა უფალმა ბეთელში წარმოთქმულ ლოცვას, რომლითაც იაკობი სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას სთხოვდა უზენაესს. ერთხანს იგი შექემის ველზე ცხოვრობდა. ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც თითქმის ასი წლის წინათ აბრაამი დაბანაკდა და აღთქმულ მიწაზე პირველი სამსხვერპლო აღმართა. „შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა. აღმათა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელი - ღმერთი ისრაელისა” /დაბ. 33:18-20/. აბრაამის მსგავსად, იაკობმაც აღმართა თავისი კარვის მახლობლად ღვთის სამსხვერპლო, სადაც თავისი ოჯახის წევრებს იწვევდა დილისა და საღამოს ღვთისმსახურებაზე. იქვე ამოთხარა ჭა, რომელიც თითქმის ჩვიდმეტი საუკუნის შემდეგ მოინახულა იაკობის ძემ - მაცხოვარმა, სადაც პაპანაქება სიცხეში დაისვენა და განცვიფრებულ მსმენელთ უამბო იმ წყლის წყაროს შესახებ, „რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს” /იოან. 4:14/.პწ 125.3

    შექემში იაკობის ოჯახის ცხოვრება ძალადობითა და სისხლისღვრით დამთავრდა. მის ერთადერთ ქალიშვილს ნამუსი ახადეს და შეარცხვინეს. იაკობის ორი ვაჟი მკვლელობის თანამონაწილე გახდა და მთელი ქალაქი დაინგრა და განადგურდა ერთი გაუფრთხილებელი ყმაწვილის უკანონო საქციელისათვის შურისძიების გამო. და ამ საშინელ მოვლენათა გრძელი ჯაჭვი იმით დაიწყო, რომ „გავიდა დინა, ლეას ასული, იქაური ქალიშვილების სანახავად”, რითაც უღვთო ხალხთან ურთიერთობა მოინდომა. ის, ვინც სიამოვნებას უღვთოთა შორის ეძებს, სატანის ტერიტორიაზე ადგამს ფეხს და ცდუნების ხიფათს იტეხს თავს.პწ 125.4

    მართალია, იაკობის ვაჟების, სიმონისა და ლევის ვერაგულ სისასტიკეს თავისი საბაბი გააჩნდა, მაგრამ შექემის მკვიდრთა ამოხოცვით მათ მეტად მძიმე ცოდვა ჩაიდინეს. ისინი გულმოდგინედ უმალავდნენ თავიანთ განზრახვას იაკობს და შემდგომში, შურისგების ამ საშინელი ამბის გაგებამ თავზარი დასცა მას. შვილების სასტიკი საქციელით და მზაკვრობით განცვიფრებულმა პატრიარქმა წარმოთქვა მხოლოდ: „რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ... ცოტანი ვართ. შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ, მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც”. მაგრამ რა დიდი მწუხარებითა და ზიზღით გაიხსენა თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ ეგვიპტეში, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე პატრიარქმა თავისი ვაჟების სისხლიანი დანაშაული: „სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული! მათ თათბირზე ნუმც მისულა ჩემი სული, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი!.. წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია; და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია” /დაბ. 49:5-7/.პწ 126.1

    ამ შემთხვევამ დიდად დააფიქრა იაკობი. მისი ვაჟების ხასიათში ბოროტებამ და სიცრუემ იჩინა თავი. მის ბანაკში გაჩნდა კერპები და მის საკუთარ ოჯახშიც კერპთაყვანისმცემლობის ფესვების გადგმის საშიშროება შეიქმნა. მიაგებს თუ არა ღმერთი საზღაურს დამსახურებისამებრ და ჩაუგდებს თუ არა შურისგებისათვის გარშემომყოფ წარმართებს მის ოჯახს? მაგრამ აქ მწუხარებითა და საზრუნავით გულდამძიმებულ იაკობს უფალმა უბრძანა, ამდგარიყო და ბეთელს წასულიყო. ამ სახელმა გაახსენა იაკობს არა მხოლოდ თავისი ხილვა ანგელოზთა შესახებ და უფლისაგან წყალობის აღთქმა, არამედ ერთგულების ფიცი, რომელიც მან უფალს მისცა. მან გადაწყვიტა: სანამ მისი ოჯახის წევრები ამ წმიდა ადგილისაკენ დაიძვრებიან, კერპთაყვანისმცემლობის სიბილწისაგან უნდა განიწმიდონ. ამიტომ ბრძანა ბანაკში: „გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ. განიწმიდენით და გამოიცვალეთ სამოსელი. ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი”.პწ 126.2

    კვლავ ღრმა მღელვარებით უამბო იაკობმა თავის ხალხს მისი ბეთელში პირველად წასვლის ამბავი: თუ როგორ დატოვა მამის სახლი და გაიქცა, რათა ხიფათს გასცლოდა და არ მომკვდარიყო; როგორ გამოეცხადა უფალი მაშინ ღამის ხილვაში. და როცა გაიხსენა, თუ რა საოცარი სიყვარული და ზრუნვა გამოიჩინა მის მიმართ მაშინ ღმერთმა, გულში სითბო ჩაეღვარა და შვილებმაც აღტაცება ვერ დამალეს ამ ყოვლისშემძლე, დაუმარცხებელი ძალის გამო. და იაკობმა მტკიცედ გადაწყვიტა, მოემზადებინა ისინი ცოცხალი ღმერთის თაყვანისცემისათვის, როცა ბეთელს მივიდოდნენ. „მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ და საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ”.პწ 126.3

    უფალმა ისე დააშინა იმ მიწის მკვიდრნი, რომ მათ არც კი უცდიათ, შური ეძიათ შექემში მომხდარი სისხლისღვრისათვის. მგზავრებმა სრულიად უვნებლად, მშვიდობით მიაღწიეს ბეთელს. აქ უფალი კვლავ გამოეცხადა იაკობს და თავისი აღთქმა განაახლა მასთან. „მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა”.პწ 126.4

    ბეთელში იაკობს დიდი უბედურება შეემთხვა. გარდაიცვალა მისი დედის, რებეკას ძიძა, დებორა, რომელსაც მისი მამის ოჯახში დიდ პატივს სცემდნენ და რომელიც თან ახლდა თავის ქალბატონს მესოპოტამიიდან ქანაანის ქვეყანაში მოგზაურობისას. იგი დიდხანს ცხოვრობდა მათ ოჯახში და ყველას უყვარდა. თვით იაკობისთვის მეტად ძვირფასი იყო ეს მოხუცი ქალი, მასთან ბავშვობის მოგონებები აკავშირებდა, განსაკუთრებით დედაზე, ასე ძლიერ და ნაზად რომ უყვარდა იგი. ისეთი დიდი და გულწრფელი იყო მწუხარება მისი სიკვდილის გამო, რომ მუხას, რომლის ქვეშაც იგი დამარხეს, ეწოდა „მუხა გლოვისა”.პწ 127.1

    ბეთელი ხებრონიდან სულ რაღაც ორი დღის სავალზეა, მაგრამ იაკობს აქ დიდი მწუხარება დაატყდა თავს: მოკვდა რახელი, მისი ცოლი. თოთხმეტი წელი იმსახურა იაკობმა მისი გულისათვის და მხოლოდ მისდამი სიყვარული უმსუბუქებდა ამ მძიმე ჯაფას. თუ რა ღრმა და ძლიერი იყო ეს სიყვარული, იქიდანაც ჩანს, რომ დიდი ხნის შემდეგ, ეგვიპტეში, იაკობმა სიკვდილის წინ, როცა იოსები მივიდა მის სანახავად, წარსული გაიხსენა და თქვა: „ფადანიდან წამოსულს, მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყნად, გზაში, ეფრათამდე არც ვიყავი მისული და დავმარხე იქ, ეფრათის გზაზე, სადაც ახლა ბეთლემია” /დაბ. 48:7/. თავისი ოჯახის მთელი ხანგრძლივი და მღელვარე ისტორიებიდან იაკობმა სიკვდილის წინ მხოლოდ რახელის სიკვდილი გაიხსენა.პწ 127.2

    რახელმა მეორე ვაჟი გააჩინა და, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენყონი /ძე ჩემი ტკივილისა/, ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი /ძე მარჯვენისა ანუ ძალა ჩემი/. რახელი იქვე დამარხეს და მის საფლავზე სვეტი აღმართეს.პწ 127.3

    ეფრათიდან გამგზავრების შემდეგ კვლავ სხვა მძიმე დანაშაულმა შებილწა იაკობის ოჯახი, რის შედეგადაც რეუბენს, როგორც პირმშოს, პირმშოობის უფლება, უპირატესობა და პატივი ჩამოერთვა.პწ 127.4

    და, როგორც იქნა, დასრულდა იაკობის მოგზაურობა. „მივიდა იაკობი მამამისთან, ისაკთან, მამრეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისააკი” და დარჩა იქ მამის სიკვდილამდე. უსინათლო, მძიმე დანაკარგით დამწუხრებული და დაუძლურებული ისააკისათვის ამდენი ხნის დაკარგული შვილის ნაზი ყურადღება და თანაგრძნობა დიდი ნუგეშისცემა იყო.პწ 127.5

    იაკობი და ესავი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს მამის სასიკვდილო სარეცელთან. ოდესღაც უფროსი ძმა მოუთმენლად ელოდა ამ მომენტს, რათა შური ეძია, მაგრამ მას შემდეგ მისი გრძნობები დიდად შეიცვალა. სულიერი კურთხევის უპირატესობით ბედნიერმა იაკობმა მამის მთელი ქონება, ერთადერთი მემკვიდრეობა, რომელსაც აფასებდა და რისკენაც მიილტვოდა ესავი, ძმას დაუთმო. მათ აღარ ჰქონდათ სიძულვილი ან შური ერთმანეთის მიმართ, მაგრამ მაინც ცალცალკე ცხოვრება არჩიეს. ესავი სეყირის მთისკენ გაემართა. ღმერთმა, რომელიც ასეთი უხვია თავის კურთხევაში, მიწიერი სიმდიდრის გარდა იაკობს ის სულიერი საგანძურიც უბოძა, რისკენაც ასე ილტვოდა იგი. იმდენად მდიდარი იყო ორივე ძმა, რომ „ვერ შეძლეს ერთად ცხოვრება, ვერ დაიტია ისინი ჯოგების სიმრავლის გამო მათი მდგმურობის ქვეყანამ”. მათი დაშორიშორება მოხდა უფლის ნებით, რომელსაც განსაკუთრებული ჩანაფიქრი ჰქონდა იაკობის მიმართ. ვინაიდან ძმებს ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული რწმენა ჰქონდათ, უკეთესი იყო, ცალცალკე ეცხოვრათ.პწ 127.6

    ესავსა და იაკობს ერთნაირი ცოდნა ჰქონდათ მიღებული ღმერთის შესახებ, ორივეს შეეძლო, დაეცვა უფლის მცნებები და მისი კურთხევა დაემსახურებინა; მაგრამ ერთერთმა მათგანმა არ მოისურვა ამ გზით სიარული. ძმები სხვადასხვა გზას დაადგნენ და რაც დრო გადიოდა, ეს გზები სულ უფრო იყრებოდა.პწ 128.1

    უფლის მიერ გაკეთებული ეს არჩევანი მისი ახირებული სურვილი როდი იყო, რამაც ესავს კურთხევა წაართვა. პირიქით, უფალი თავის მადლს ქრისტეს მეშვეობით ყველას უანგაროდ სთავაზობს. თითოეული ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს, რომელიც ან გადაარჩენს, ან დაღუპავს. თავის სიტყვაში უფალმა წამოგვიყენა პირობები, რომელთა დაცვით ყოველ ადამიანს საუკუნო სიცოცხლე ეძლევა. ეს პირობები მისი მცნებების ქრისტეს რწმენით დაცვაში მდგომარეობს. უფალი უპირატესობას აძლევს მათ, ვისი ხასიათიც ჰარმონიულად ეწყობა მის რჯულს და ყოველს, ვინც მის დადგენილებათა ნორმებს დაემორჩილება, დიდების სასუფეველში შესვლის უფლება მიეცემა. ქრისტემ თავად ბრძანა: „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ურჩი ძისა ვერ იხილავს სიცოცხლეს” /იოან.3:36/. „ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს” /მათ.7:21/. გამოცხადების წიგნში მაცხოვარი ამბობს: „ნეტარნი არიან, ვინც იცავს მის მცნებებს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭეთი შევიდნენ ქალაქში” /გამოცხ.22:14/. აი, ერთადერთი პრინციპი, რის საფუძველზეც, ღვთის სიტყვის თანახმად, გადარჩება ადამიანი.პწ 128.2

    საუკუნო სიცოცხლისათვის ამორჩეულია ყოველი ადამიანი, ვინც ღვთის შიშითა და კრძალვით შრომობს საკუთარი გადარჩენისათვის. ამორჩეულია ის, ვინც ფხიზლობს ლოცვებში, სწავლობს წმიდა წერილს და თავს არიდებს ცდუნებებს. ამორჩეულია ის, ვინც შეინარჩუნებს მტკიცე რწმენას და ღვთის პირიდან გამოსულ ყოველ სიტყვას შეისმენს. ხსნა ეძლევა ყველას, მაგრამ შედეგით დატკბება მხოლოდ ამ პირობების შემსრულებელი.პწ 128.3

    ესავმა უარყო აღთქმის კურთხევები. მან დროებითი კეთილდღეობა მარადიულს არჩია და მიიღო ის, რისკენაც ისწრაფოდა. ღვთის ხალხისაგან გამოყოფა მან თავად მოიფიქრა და გადაწყვიტა. იაკობმა რწმენის მემკვიდრეობა ამჯობინა. იგი სხვადასხვა გზებით შეეცადა მის მიღებას: თვალთმაქცობით, ვერაგულად, სიცრუით. მაგრამ უფალმა დაუშვა, რომ ჩადენილი ცოდვა იაკობს გამოსწორებაში დახმარებოდა. და, მომდევნო წლებში, მისი მძიმე ცხოვრების მიუხედავად, არასოდეს დავიწყებია თავისი მიზანი. იგი მიხვდა, რომ მზაკვრობითა და ტყუილით ცდილობდა კურთხევის მიღებას, იგი უფლის წინააღმდეგ მოქმედებდა. იაბოკის სანაპიროზე ღამის ბრძოლის შემდეგ იაკობი სრულიად შეიცვალა. მისი თვითდაჯერებულობა და ადრინდელი თვალთმაქცობა სადღაც გაქრა. მთელი მისი შემდგომი ცხოვრება ძველისაგან უბრალოებითა და სიმართლით გამოირჩევა. მან ისწავლა ყოვლადძლიერის ხელზე დაყრდნობა და განსაცდელისა და მწუხარების ჟამს მორჩილად ენდობოდა უფლის ნებას. მისი ადრინდელი ხასიათი ცეცხლის ღუმელში გამოიწრთო, ჭეშმარიტი ოქრო მინარევებისაგან გაიწმინდა და მის ცხოვრებაში აბრაამისა და ისააკის რწმენა მთელი სისრულით აირეკლა.პწ 128.4

    კაკობის ცოდვას და მისგან გამოწვეულ მოვლენებს მრავალი სამწუხარო შედეგი მოჰყვა, რამაც მწარე ნაყოფი გამოიღო მისი ვაჟების ხასიათსა და ცხოვრებაში. მოწიფულობის ხანაში შესულ მის ვაჟებს მრავალი სერიოზული ნაკლი აღმოაჩნდათ. თავი იჩინა მრავალცოლიანობის შედეგმაც. ამ საშინელმა ბოროტებამ დააშრო ჭეშმარიტი სიყვარულის წყარო და შეასუსტა ყველაზე წმიდა კავშირები. დედების შური და ეჭვიანობა ოჯახის სიმშვიდეს არღვევდა; ბავშვები მოუთმენელნი და მოჩხუბარნი იზრდებოდნენ. და ოჯახის უფროსის ცხოვრება მწუხარებისა და ტანჯვის ჩრდილით იყო მოფენილი.პწ 128.5

    თუმცა მათ შორის იყო ერთი, რომელიც თავისი ხასიათით მათგან მკვეთრად გამოირჩეოდა, - რახელის უფროსი ვაჟი, იოსები, რომელშიც ერთმანეთს ჰარმონიულად შერწყმოდა იშვიათი გარეგნული სილამაზე და გონებისა და სულის მშვენიერება. აზრიანი, ენერგიული, მხიარული ჭაბუკი იმავდროულად მეტად სერიოზული და ზნეობრივად ამაღლებული იყო. იგი უსმენდა მამის დარიგებებს და მორჩილად ასრულებდა უფლის მითითებებს. ზნეობრივი თვისებანი, რომლითაც იგი ასე გამოირჩეოდა შემდგომში, ეგვიპტეში ყოფნისას: კეთილშობილება, ერთგულება და სამართლიანობა, უკვე ვლინდებოდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. დედის სიკვდილის შემდეგ მთელი გრძნობები მან მამისკენ მიმართა და იაკობმაც მთელი გულით შეიყვარა ეს ნაგვიანევი შვილი. „სხვა შვილებზე მეტად უყვარდა” იაკობს იოსები.პწ 129.1

    მაგრამ ეს სიყვარულიც კი განხეთქილებისა და მწუხარების მიზეზი გახდა. იაკობმა დაუფიქრებლად გამოთქვა უპირატესობა იოსების მიმართ, რამაც შური გამოიწვია მის დანარჩენ შვილებში. იოსებს ძლიერ აღელვებდა მის მიმართ ძმების ასეთი სიძულვილი და ცდილობდა, რბილად შეეგონებინა ისინი, მაგრამ ეს უფრო აძლიერებდა მათ სიძულვილს და მისდამი ბოროტ განწყობას. მას არ შეეძლო, უსიტყვოდ ეცქირა, თუ როგორ სცოდავდნენ მისი ძმები ღმერთის წინაშე და ყველაფერი უამბო მამას იმ იმედით, რომ მამის ავტორიტეტი გონს მოიყვანდა მათ.პწ 129.2

    იაკობი მეტად ფრთხილობდა, რომ თავისი მკაცრი მოქცევით ან უხეში სიტყვით შვილების გულისწყრომა არ გამოეწვია. ღრმად შეწუხებული პატრიარქი ევედრებოდა მათ, პატივი ეცათ მისი ასაკისათვის და არ შეელახათ მამის სახელი, ყველაზე მეტად კი - არ შეებღალათ უფლის სიწმიდე მისი მცნებების უგულებელყოფით.პწ 129.3

    საკუთარი ურჯულოების მხილებით შერცხვენილმა იაკობის ვაჟებმა თითქოს მოინანიეს თავიანთი საქციელი, მაგრამ, სინამდვილეში, ცოდვების გამოაშკარავებით კიდევ უფრო გასასტიკებულ გულებში მზაკვრული გულისთქმანი ჩაიმარხეს.პწ 129.4

    იაკობის წინდაუხედავმა ნაბიჯმა - იოსებისთვის ეჩუქებინა ძვირფასი კვართი, რომელსაც, ჩვეულებრივ, წარჩინებული ადამიანები ატარებდნენ, - კიდევ ერთხელ დაამტკიცა იოსებისადმი მამის განსაკუთრებული ყურადღება და ძმებმა იფიქრეს, რომ მამა უფროს ვაჟებს გვერდს უვლის და რახელის ვაჟის პირმშოდ კურთხევა სურს. მათი ეჭვი უფრო გაძლიერდა, როცა ყმაწვილმა ერთხელ თავისი სიზმარი უამბო. “აჰა, ძნებს ვკონავთ შუაგულ ყანაში, - თქვა მან, - აჰა, წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა. გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს ჩემს ძნას”.პწ 129.5

    “ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონად გაგვიხდები?” - წამოიძახეს რისხვითა და შურით ანთებულმა ძმებმა.პწ 129.6

    მალე მან სხვა სიზმარი ნახა, რომელიც ძალიან ჰგავდა პირველს და კვლავ უამბო ძმებს: “კვლავ დამესიზმრა სიზმარი: აჰა, მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემენ თაყ- ვანს”. ეს სიზმარიც ისევე ნაჩქარევად იქნა ახსნილი, როგორც პირველი. იქვე მყოფმა მამამაც კი უსაყვედურა იოსებს: “რა არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ?” მიუხედავად იმისა, რომ გაკიცხა შვილი, იაკობმა ირწმუნა, რომ ღმერთი უჩვენებს სიზმარში თავის მომავალს იოსებს.პწ 129.7

    როცა ყმაწვილი ძმებს სიზმარს უყვებოდა, მისი სულიწმიდით გასხივოსნებული, მშვენიერი სახე ისეთ საოცარ ნათელს გამოსცემდა, რომ ძმები აღტაცებას ვერ მალავდნენ. მაგრამ მათ არ მოისურვეს ბოროტების გზის დატოვება და შეიძულეს სიწმიდე, რომელიც მარად ამხელდა მათ ცოდვებს. სულმა, რომლითაც კაენი ხელმძღვანელობდა, მათ გულში დაიბუდა.პწ 130.1

    საძოვრების მოსაძებნად ძმებს უხდებოდათ ადგილების გამოცვლა და ზოგჯერ თვეების განმავლობაში ვერ მოდიოდნენ ხოლმე სახლში. სწორედ ამიტომ გაემართნენ ისინი იმ ადგილისაკენ, რომელიც მამამ შექემისგან იყიდა. დრო გადიოდა და მათგან არაფერი ისმოდა. ნამა წუხდა, რადგან კარგად იცოდა თავისი შვილების შექემის მკვიდრთა მიმართ ადრინდელი სიძულვილის შესახებ. ამიტომ იოსებს დაავალა მათი მოძებნა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ძმებს ცუდი არაფერი შეემთხვათ. იაკობს ეჭვადაც რომ გაევლო გულში, თუ რაოდენ დიდი იყო ძმების სიძულვილი იოსებისადმი, არასდიდებით მას მარტო არ გაუშვებდა მათთან, მაგრამ ძმები გულმოდგინედ მალავდნენ თავიანთ ჭეშმარიტ გრძნობებს.პწ 130.2

    სიხარულით გამოეთხოვა იოსები მამას. არც მოხუცმა და არც ყმაწვილმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რამდენი რამ უნდა მომხდარიყო, სანამ ისინი კვლავ შეხვდებოდნენ ერთურთს. როცა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ იოსები შექემში მივიდა, არც ძმები დახვდა და არც საქონელი. გამოიკითხა მათი გზები და დოთაინს გაემგზავრა. დაახლოებით ორმოცდაათი მილი ექნებოდა გავლილი. თხუთმეტამდე კი გასავლელი ჰქონდა. სულ დაავიწყდა დაღლილობა, მეტად ჩქარობდა, რადგან კარგად ახსოვდა, თუ როგორ ღელავდა მამა, თან ძმების ნახვაც ძლიერ სურდა, რადგან კვლავინდებურად უყვარდა ისინი, თუმცა გრძნობდა კი მათ გაუცხოებას.პწ 130.3

    ძმებმა დაინახეს შორიდან მომავალი იოსები. ვერც თანაგრძნობამ იმის გამო, რომ ასეთი გრძელი მანძილი გაიარა მათი გულისათვის, რომ ასე დაიღალა და მოშივდა კიდეც, ვერც სტუმართმოყვარეობისა და ძმური სიყვარულის ვალმა ვერ მოალბო სიძულვილით სავსე მათი გულები. იოსების ტანსაცმელმა კი, რაც მამის უმცროსი შვილისადმი განსაკუთრებულ სიყვარულზე მოწმობდა, უკიდურესად განარისხა ძმები. “შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე”, - დაცინვით ეუბნებოდნენ ერთმანეთს. ახლა მიეცათ მათ სიძულვილის გადმონთხევისა და შურისძიების საშუალება, რასაც ამდენ ხანს გულში დაფარულად ატარებდნენ. “ახლა, მოდი, მოვკლათ, - თქვეს მათ, - და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ. ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.პწ 130.4

    რეუბენი რომ არა, ძმები სისრულეში მოიყვანდნენ თავიანთ ჩანაფიქრს. მას არ სურდა, ძმის მკვლელობის თანამონაწილე გამხდარიყო და შესთავაზა, ცოცხლად ჩაეგდოთ იოსები ჭაში და დაეტოვებინათ იქ, სანამ მოკვდებოდა. გულში კი გადაწყვიტა, როგორმე ეხსნა და მამასთან დაებრუნებინა იოსები. დაითანხმა რა ძმები თავის წინადადებაზე, რეუბენმა დატოვა ისინი იმის შიშით, რომ ვერ შეძლებდა თავისი გრძნობების დამალვას და ძმები ჩანაფიქრს მიუხვდებოდნენ.პწ 130.5

    იოსები, გახარებული იმით, რომ მძიმე, ხანგრძლივი მოგზაურობის მიზანს უკვე მიაღწია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სიყვარულით მიუახლოვდა ძმებს. მაგრამ მისალმების ნაცვლად შურისძიების რისხვით ანთებული ძმების თვალები შემოეფეთა. იოსები დაიჭირეს და ტანსაცმელი შემოახიეს. და იოსები მიხვდა, რომ ძმების დამცინავი, მუქარით აღსავსე სიტყვები კარგს არაფერს უქადდა. მის თხოვნამუდარას ყურადღებას არავინ აქცევდა. იგი გონსგადასულ ადამიანთა ალყაში მოექცა. იოსები უხეშად წაათრიეს ღრმა ჭისკენ, ერთხელ კიდევ დარწმუნდნენ, რომ იქიდან ვერსად გაიქცევა და შიგ ჩააგდეს. დატოვეს იოსები ჭაში, რათა შიმშილით მომკვდარიყო იქ, თავად კი “დასხდნენ პურის საჭმელად”.პწ 131.1

    მაგრამ ზოგიერთ მათგანს ამ საქციელმა მოსვენება დაუკარგა, რადგან შურისძიებამ ის კმაყოფილება ვერ მოუტანა, რასაც ელოდნენ. მალე შორიდან სავაჭრო ქარავანი გამოჩნდა. ვსენი იყვნენ ისმაელიანები, რომლებიც იორდანეს მეორე მხარეს ცხოვრობდნენ, ახლა კი, სანელებლებითა და სხვადასხვა საქონლით დატვირთულნი, ეგვიპტეში მიემართებოდნენ სავაჭროდ. მათ დანახვაზე იუდამ ძმებს შესთავაზა, ამ ვაჭრებისათვის მიეყიდათ იოსები, რითაც სამუდამოდ გათავისუფლდებიან მისგან და, ამავე დროს, მის სისხლში ხელს არ გაისვრიან. “რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი”, - თქვა მან. ამ წინადადებას ყველა დაეთანხმა და იოსები მაშინვე ჭიდან ამოიყვანეს.პწ 131.2

    ვაჭრების დანახვაზე იოსები ყველაფერს მიხვდა და საშინელებამ შეიპყრო. მონობას სიკვდილი ერჩივნა. სასოწარკვეთილი, ცრემლმორეული ევედრებოდა ხან ერთ და ხან მეორე ძმას, არ გაეყიდათ იგი, მაგრამ ამაოდ. ზოგი შეყოყმანდა, მაგრამ დაცინვის შიშმა აიძულა, გაჩუმებულიყო. ყოველი მათგანი გრძნობდა, რომ ღრმად შეტოპეს და უკან დასახევი გზა მოიჭრეს. იოსების გათავისუფლების შემთხვევაში, იგი აუცილებლად ყველაფერს მოუყვება მამას, - ფიქრობდნენ ისინი, - მამა კი არ აპატიებს მათ მისი საყვარელი შვილის მიმართ ასეთ საქციელს. სისასტიკემ გაიმარჯვა მათში და, იოსების ვედრების მიუხედავად, მიჰყიდეს იგი წარმართ ვაჭრებს. ქარავანი ადგილიდან დაიძრა და მალე თვალს მიეფარა.პწ 131.3

    სეუბენი დაბრუნდა ჭასთან, მაგრამ იქ ვერავინ აღმოაჩინა. სინდისის საშინელი ქენჯნით შეწუხებულმა ტანისამოსი შემოიხია და ძმების დანახვაზე წამოიძახა: “აღარსადაა ბავშვი. რა ვქნა ახლა, სად წავიდე?” შემდეგ, როცა იოსების ამბავი გაიგო და მიხვდა, რომ ვეღარაფრით უშველიდა, რეუბენი იძულებული გახდა, დანაშაულის კვალის დასაფარავად ძმებთან პირი შეეკრა. აიღეს იოსების კვართი, დაკლეს თხა და მოსვარეს მისი სისხლით კვართი, მივიდნენ მამასთან და განუცხადეს, რომ ეს ტანსაცმელი მინდორში ნახეს. უთხრეს: “ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?” იქნებ ეს ჩვენი ძმის სამოსელია? მათ წარმოდგენილი ჰქონდათ ეს მომენტი და შიშით ელოდნენ ამ წუთის დადგომას, მაგრამ მაინც მოუმზადებელნი ჩანდნენ საკუთარი თვალით ეხილათ მამის სულისშემძვრელი მწუხარება და სასოწარკვეთილება. “ჩემი შვილის კვართია! ნადირს შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები!” ამაოდ ცდილობდნენ მისი ვაჟები და ასულები იაკობის ნუგეშისცემას. “ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს”. დრომ ვერ განკურნა მისი წყლულები. “მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” ისმოდა გულგამგმირავი გოდება მისი. შვილები თავზარდაცემულნი იყვნენ საკუთარი ნამოქმედარის გამო და მაინც, მამის საყვედურების შიშით, დაფარეს თავიანთი დანაშაული, რომელიც თავადაც უდიდეს ცოდვად მიაჩნდათ.პწ 131.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents