Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 50 - მეათედი და შესაწირავი

    ისრაელიანთა შემოსავლის მეათედი ნაწილი სახალხო ღვთისმსახურების ხელშესაწყობად იყო განკუთვნილი. მოსემ გამოუცხადა ისრაელს: “ყოველი მეათედი მიწისა, მიწის ნათესისა, ხის ნაყოფისა უფლისაა, უფლის წმიდაა”. “ყოველი მეათედი ხარძროხისა და ცხვრისა... უფლის წმიდაა” /ლევ.27:30,32/.პწ 342.3

    მაგრამ მეათედის სისტემა ებრაელებიდან არ იღებს სათავეს. უძველესი დროიდანვე ითხოვდა ღმერთი ადამიანებისაგან მეათედ ნაწილს, როგორც თავის კუთვნილს და მისი შვილებიც აღიარებდნენ და პატივს მიაგებდნენ მის მოთხოვნას. აბრაამმა მეათედი მისცა მელქიცედეკს, უზენაესის მღვდელს /იხ. დაბ.14:20/. სახლიდან გაქცეულმა, დევნილმა იაკობმა უფალს ბეთელში აღუთქვა: “ყველაფრისაგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი” /დაბ.28:22/. სოდესაც ისრაელიანნი ერად უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ, უფალმა კვლავ დაუდგინა მათ მეათედი წესად, რის შესრულებაზეც დამოკიდებული იყო მათი კეთილდღეობა.პწ 342.4

    მეათედისა და შესაწირავის სისტემის დაწესება ხელს უწყობდა ადამიანებს, შეეცნოთ უდიდესი ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ღმერთია კურთხევისა და კეთილდღეობის წყარო ყოველი მის მიერ შექმნილი ცოცხალი არსებისათვის და მხოლოდ მას ეკუთვნის მადლობა ადამიანისაგან ყველა კეთილი საბოძვარისათვის.პწ 342.5

    უფალი “ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს” /საქმე. 17:25/. უფალი ამბობს: “რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში” /ფს. 49:10/. “ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო” /ანგ.2:8/. “რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას” /რჯლ. 8:18/. და, იმის აღიარების ნიშნად, რომ ყოველივე უფლისგან მოდის, დააწესა უფალმა, რომ მისი სიუხვის ნაწილი კვლავ მას დაბრუნებოდა ძღვენისა და შესაწირავის სახით ღვთისმსახურებისათვის ხელის შეწყობის მიზნით.პწ 342.6

    “მეათედი... უფლისაა”. აქ გამოყენებულია გამოთქმის ისეთივე ფორმა, როგორიც რჯულში - შაბათთან დაკავშირებით. “მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია” /გამ. 20:10/. თავისთვის დაიტოვა ღმერთმა ადამიანის დროისა და ქონების განსაზღვრული ნაწილი და არავის აქვს ამის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენების უფლება.პწ 342.7

    მეათედით სარგებლობა მხოლოდ ლევიანებს შეეძლოთ, შტოს, რომელიც საწმიდარში მსახურებისათვის იყო განწესებული. მაგრამ შესაწირავი რელიგიური საჭიროებისათვის ამით არ შემოიფარგლებოდა. საწმიდარი, მოგვიანებით კი ტაძარი, ნებაყოფლობით შესაწირავებზე შენდებოდა; გარდა ამისა, მოსემ დაადგინა, რომ აუცილებელი სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად და სხვა საჭიროებებისათვის ყოველთვის, ხალხის აღრიცხვის დროს, ყოველ ადამიანს “სადღესასწაულო კარვის სამსახურისათვის” ნახევარი შეკელი უნდა შეეწირა. ნეემიას პერიოდში იმავე საჭიროებისათვის წლიური შესატანი იყო დაწესებული /იხ. გამ.30:12-16; 4 მეფ.12:4,5; 2 ნეშტ.24:4-13; ნეემ.10:32-33/. დროდადრო მოჰქონდათ შესაწირავი ცოდვებისათვის და სამადლობელი ძღვენი. განსაკუთრებით უხვად სწირავდნენ ყოველწლიურ დღესასწაულებზე. ყველაზე უხვი შესაწირავი ღარიბთათვის გროვდებოდა.პწ 343.1

    სანამ ადამიანი მეათედს გადადებდა, უფლის მოთხოვნები უნდა შეეცნო და ეღიარებინა. ყოველი პირველნაყოფი ღმერთისა იყო. ცხვრის პირველი ნაპარსი, პურის პირველი მარცვლები დაფქვისას, პირველი ზეთი და ღვინო უფალს ეკუთვნოდა ისევე, როგორც პირველმოგებული საქონელი; პირველშობილი ძისათვის კი გამოსასყიდი შეჰქონდათ. საწმიდარში მოჰქონდათ პირველი ნაყოფი უფლის წინაშე, რომელიც მღვდელმსახურთა საჭიროებისათვის იყო განკუთვნილი.პწ 343.2

    ამ დადგენილებათა წყალობით ადამიანებს ყოველთვის ახსოვდათ, რომ მათი ყანების და პირუტყვის ჭეშმარიტი მფლობელი ღმერთი იყო; რომ იგი გზავნის მზესა და წვიმას თესვისა და მოსავლის აღებისას; რომ ყველაფერი, რაც მათ აქვთ, უფლის შემოქმედების ნაყოფია და რომ ისინი მნეები არიან მხოლოდ.პწ 343.3

    როცა ისრაელიანნი, ყანების, ბაღებისა და ვენახების პირველნაყოფით დატვირთულნი, საწმიდრის ეზოში იკრიბებოდნენ, ამით სახალხოდ აღიარებდნენ მათ მიმართ უფლის კურთხევასა და მადლს. როცა ამ ძღვენს მღვდელმსახურნი ღებულობდნენ, მომტანი უფლის წინაშე ასეთ სიტყვებს წარმოთქვამდა: “მოხეტიალე არამელი იყო ჩემი მამა” და აღწერდა ეგვიპტეში მის ჩასვლას და იმ გაჭირვებას, რომლიდანაც გამოიყვანა უფალმა “მაგარი ხელით და შემართული მკლავით, დიდი ზარით, სასწაულებითა და ნიშნებით”. შემდეგ კვლავ განაგრძობდა: “მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდიდარი ქვეყანა. ახლა კი, აჰა, მომიტანია პირველმოწეული ნაყოფი ამ მიწისა, რომელიც მომცა უფალმა” /რჯლ. 26:5,8-11/.პწ 343.4

    ებრაელთა მიერ რელიგიური და საქველმოქმედო საჭიროებებისათვის გაღებული შესაწირავი, საერთო ჯამში, მათი შემოსავლის მეოთხედს შეადგენდა. ასეთი დიდი გადასახადის გამო ხალხისაგან დიდი უკმაყოფილება და საყვედურები იყო მოსალოდნელი. მაგრამ, პირიქით, ამ მოვალეობათა ერთგულად შესრულება მათი კეთილდღეობის ერთერთი პირობა იყო. “შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახდეთ მინდორში ვაზი... ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ, ამბობს ცაბაოთ უფალი” /მალ. 3:11,12/.პწ 343.5

    ანგია წინასწარმეტყველის წიგნში ნათლადაა ნაჩვენები უფლისათვის შესაწირავის გაღებაზე ადამიანთა უარის თქმის შედეგი. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ იუდეველებმა ღვთის ტაძრის აღდგენა დაიწყეს, მაგრამ მტრის მტკიცე წინააღმდეგობის გამო აღდგენითი სამუშაოები შეწყვიტეს, რასაც საშინელი გვალვა მოჰყვა. ამან ისეთ შეჭირვებულ მდგომარეობაში ჩააყენა ისრაელიანნი, რომ უარი თქვეს ტაძრის მშენებლობაზე. “ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი”, - ამბობდნენ ისინი. მაგრამ უფალმა წინასწარმეტყველის პირით ამცნო მათ: “იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს? ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს. ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტასა მკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ქისისთვის იღებს მშრომელი შრომის საზღაურს” /ანგ.1:2-6/. შემდეგ კი, ქვემოთ, აღნიშნულია ყოველივე ამის მიზეზი: “ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ, რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი. იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ დაგიკავათ მოსავალი. გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე” /ანგ.1:9-11/. “მივიდოდნენ ოცძნიან ზვინთან და აღმოჩნდებოდა ათი. ნივიდოდნენ საწნახელთან ორმოცდაათი საწყაულის ამოსახაპავად და აღმოჩნდებოდა ოცი. დინადგურებდით მთელს ნამუშაკევს ხორშაკით, სიყვითლით და სეტყვით და მაინც არ მოიქეცით ჩემკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი” /ანგ.2:16-17/.პწ 344.1

    ამ გაფრთხილებებით შეშინებული ხალხი უფლის სახლის მშენებლობას შეუდგა. და კვლავ გაუგზავნა უფალმა მათ სიტყვა: “დააკვირდით რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა... ამიერიდან კი ვაკურთხებ” /ანგ. 2:18-19/.პწ 344.2

    ასე ამბობს სოლომონ ბრძენი: “ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია” /იგავ. 11:24/. მსგავსი რჩევადარიგებები ეკუთვნის პავლე მოციქულს ახალ აღთქმაში: “ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის”. “ხოლო ღმერთს ძალუძს გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით, რათა თქვენ, ყველაფერში მუდამ ყოველივეს საკმარისად მქონენი, მდიდარნი იყოთ ყოველ საქმეში” /2 კორ. 9:6,8/.პწ 344.3

    უფალს განზრახული ჰქონდა, კაცობრიობისათვის ანთებულ სანთლად ექცია ებრაელი ერი. უფლისადმი მსახურებისათვის გაღებული შესაწირავებით მათ ცოცხალი ღმერთის არსებობისა და მისი უზენაესი ხელმწიფების შესახებ უნდა დაემოწმებინათ. ეს მსახურება შესაძლებლობას აძლევდა მათ, უზენაესისადმი სიყვარული და ერთგულება გამოეხატათ. უფალმა ბრძანა, რომ ჭეშმარიტების ნათლის დედამიწაზე გავრცელება მათ ძალისხმევასა და შესაწირავებზე იყო დამოკიდებული, ვინც ზეციურ საბოძვარს ეზიარა. ჭეშმარიტების მაცნეებად უფალს ანგელოზთა გამოგზავნა შეეძლო; მას შეეძლო, ხალხისთვის თავისი ნება ემცნო ისე, როგორც თავისი რჯული გამოაცხადა სინაის მთაზე; მაგრამ თავისი უსაზღვრო სიბრძნისა და სიყვარულის გამო ადამიანები აირჩია ამ საქმიანობისათვის და თანამშრომლებად გაიხადა ისინი.პწ 344.4

    ისრაელის დღეებში მეათედი და ნებაყოფლობითი შეწირულობანი აუცილებელი იყო უფლისადმი მსახურებისათვის. მაგრამ განა დღეს ნაკლები შეწირულობა უნდა გაიღოს ღვთის ხალხმა? ქრისტეს დაწესებული პრინციპი აცხადებს: შევწიროთ უფალს ძღვენი მისგან მიღებული მადლისა და უპირატესობის თანახმად: “ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ” /ლუკ. 12:48/. მაცხოვარმა ასე უთხრა თავის მოწაფეთ, როცა წუთისოფელში აგზავნიდა მათ: “უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით” /მათ.10:8/. ვინაიდან ჩვენს მიერ მიღებული კურთხევა და უპირატესობანი მრავლდება, მით უმეტეს, რომ ჩვენ წინაშეა განდიდებული ღვთის ძის უპრეცედენტო მსხვერპლი. განა ჩვენი მადლიერება უფრო უხვ ძღვენში არ უნდა გამოიხატოს, რათა ხსნის სახარება ყველა ადამიანის ყურს მისწვდეს? ახლა, როცა უფრო მეტად ვრცელდება სახარების ზეგავლენა, უფრო მეტი სახსრებია საჭირო, ვიდრე ძველად. ამიტომ ახლა უფრო საჭიროა მეათედებისა და შესაწირავების კანონი, ვიდრე - ძველ ისრაელში. ღვთის ხალხმა, საკუთარი ქონების არაქრისტიანული და არასწორი გზებით გამრავლების ნაცვლად, უფლის საქმისათვის უფრო უხვად რომ გაიღოს ნებაყოფლობითი შეწირულობანი, დიდად განდიდდება ღმერთი და მრავალ სულს შეიძენს ქრისტე.პწ 345.1

    მოსეს გეგმას საწმიდრის მშენებლობისათვის შესაწირავების აკრების შესახებ უდიდესი წარმატება ჰქონდა. არ დასჭირვებიათ იძულებითი ზომების მიღება. არც რაიმე ხრიკი გამოუყენებია მას, რასაც დღეს ხშირად მიმართავენ დღევანდელი ეკლესიები. არც დიდებულ ნადიმებს აწყობდა და არც საცეკვაო და სხვა გასართობ ადგილებში იწვევდა ადამიანებს; არც ლატარიის გათამაშება უცდია და არც სხვა, საეჭვო საშუალება გამოუყენებია უფლის საწმიდრის აღდგენისათვის ფულის შესაგროვებლად. უფალმა უბრძანა მოსეს, შესაწირავის გაღება ეთხოვა ისრაელისათვის. მხოლოდ მისგან უნდა მიეღო იგი, ვინც მას გულწრფელად, ნებაყოფლობით გაიღებდა; და შესაწირავი იმდენად ბევრი იყო, რომ მოსე იძულებული გახდა, აეკრძალა ხალხისათვის მისი მოტანა, რადგან უფრო მეტი შეგროვდა, ვიდრე საჭირო იყო.პწ 345.2

    თავის მნეებად დააწესა უფალმა ადამიანები. ქონება, რომელიც მათ ჩააბარა, სახარების გასავრცელებელი საშუალებაა. მას, ვინც თავი ერთგულ მნედ გამოიჩინა, უფრო მეტ უპირატესობას მისცემს უფალი. უზენაესი ამბობს: “ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ” /1 მეფ. 2:30/. “სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს”. და, როცა გულწრფელად, მადლიერებით გაიღებს მისი ხალხი ძღვენსა და შესაწირავს ღმერთისთვის, “არც შეწუხებით და არც ძალდატანებით” /2 კორ.9:7/, დიდი იქნება მაშინ უფლის კურთხევა მათ მიმართ, არასოდეს დატოვებს იგი, როგორც აღუთქვა: “მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად” /მალ.3:10/.პწ 345.3