Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 68 - დავითი ციკლაგში

    პირველი მეფეთა 29; 30
    მეორე მეფეთა 1

    დავითსა და მის ხალხს არ მიუღია მონაწილეობა საულსა და ფილისტიმელთა შორის გამართულ ბრძოლაში, თუმცა ბრძოლის ველზე კი გავიდნენ. მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იესეს ძე ამ ორი ძალის შეჯახებისას. ფიქრობდნენ, რომ იგი ფილისტიმელთა მხარეზე იბრძოლებდა. ბრძოლის ველზე თავისი ადგილის მიტოვება და წასვლა არა მხოლოდ სიმხდალეს, არამედ აქიშის მიმართ ღალატისა და უმადურობის გამოვლენას ნიშნავდა, რომელიც მფარველობდა და ენდობოდა დავითს. ასეთი საქციელით მხოლოდ სახელს როდი შეირცხვენდა, არამედ საულზე უფრო მძვინვარე მტრის რისხვას გამოიწვევდა. მაგრამ, ამასთანავე, ერთი წუთითაც არ გაუვლია აზრად ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ შემთხვევაში იგი სამშობლოს მოღალატედ, ღმერთისა და ხალხის მტრად იქცეოდა, რაც სამუდამოდ მოუჭრიდა გზას ისრაელის სამეფო ტახტისაკენ. თანაც საული რომ ამ ბრძოლაში მომკვდარიყო, მის სიკვდილში დავითს დაადანაშაულებდნენ.პწ 453.2

    ახლა ნათლად შეიცნო დავითმა, რომ არასწორად მოიქცა. რამდენად უკეთესი იქნებოდა მისთვის, ეძებნა თავშესაფარი მთებში და არა იეჰოვასა და მისი ხალხის მტრებთან. მაგრამ დიდად მოწყალე ღმერთმა არ მიატოვა თავისი სასოწარკვეთილი და მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი მსახური, რადგან: თუმცა შესცოდა დავითმა, როცა ღვთიური დახმარება უარყო და სიწმიდისა და პატიოსნების გზიდან გადაუხვია, მაგრამ მისი გული ყოველთვის ისწრაფოდა ღვთისადმი ერთგულებისაკენ. სანამ სატანა და მისი მესვეურნი უფლისა და ისრაელის მტრებს ღვთისაგან განდგომილი მეფის წინააღმდეგ ბოროტი ხრიკების დაგეგმვაში ეხმარებოდნენ, უფლის ანგელოზნი შექმნილი საფრთხიდან დავითის გამოსახსნელად იღწვოდნენ. ზეციურ მაცნეთა შთაგონებით თავად ფილისტიმელმა მთავრებმა არ ისურვეს, რომ დავითს ამ ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა.პწ 453.3

    „რა უნდათ ამ ებრაელებს?” - აღშფოთებით მიმართავდნენ ფილისტიმელი სარდლები აქიშს. არ სურდა მეფეს ასე დიდებულ მოკავშირესთან განშორება, ამიტომ მიუგო მათ: „ეს ხომ დავითია, საულ ისრაელის მეფის მორჩილი. რამდენიმე წელია ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის დღიდან მისი გამოქცევისა დღემდე”.პწ 453.4

    მაგრამ ჯიუტად ითხოვდნენ ფილისტიმელი მთავრები: „უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი, დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაც გაგიწესებია; ნუ წამოვა ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რათა ომის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავის ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით? ეს ხომ ის დავითია, რომელზეც მღეროდნენ მროკველები: მოსრა საულმა თავის ათასი, ხოლო დავითმა ათიათასიო?” ჯერაც კარგად ახსოვდათ ფილისტიმელ მთავრებს მთელი ისრაელის ზეიმი, როცა დავითმა მათი სახელგანთქმული გოლიათი მოკლა. არც ის სჯეროდათ, რომ დავითი თავისი ხალხის წინააღმდეგ წავიდოდა საბრძოლველად და ფიქრობდნენ, რომ შუა ბრძოლაში იგი ებრაელთა მხარეზე გადავიდოდა და ფილისტიმელთ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე საულის მრავალრიცხოვანი ჯარი.პწ 453.5

    იძულებული გახდა აქიში, დაეთმო. მოიხმო დავითი და უთხრა: „ცხოველ არს უფალი! სიგიანი კაცი ხარ და მახარებს შენი მისვლამოსვლა, ჩემს ბანაკში. რადგან ცუდი არაფერი შემინიშნავს შენთვის დღიდან შენი მოსვლისა ჩემთან. მაგრამ წინამძღოლებს არ მოუდიხარ თვალში. ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც თვალში არ მოსდით ფილისტიმელ წინამძღოლებს”.პწ 454.1

    თავისი ჭეშმარიტი გრძნობების გამომჟღავნებისა შეეშინდა დავითს და მიუგო: „რა გავაკეთე ან რა შენიშნე ისეთი შენს მორჩილს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ ამეკრძალოს ჩემი ბატონი მეფის მტრების წინააღმდეგ ბრძოლა?”პწ 454.2

    სირცხვილისა და სინდისის ქენჯნის გრძნობა უნდა აღეძრა დავითის გულში აქიშის პასუხს, ვინაიდან კარგად იცოდა მან, რომ ღვთის მსახურს არ შეშვენის ასეთი ტყუილის თქმა. „ვიცი, რომ ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, - უთხრა მეფემ, - მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ, არ წამოგვყვესო საბრძოლველად. ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მორჩილნი, შენ რომ მოგყვნენ, ადექი დილაადრიან და როცა ინათებს, გაბრუნდით უკან”. ასე გაირღვა ბადე, რომელშიც გაება დავითი და კვლავ გათავისუფლდა იგი.პწ 454.3

    სამი დღე მოანდომეს დავითმა და მისმა ექვსასკაციანმა ჯგუფმა ფილისტიმელთა მიწაზე მათ საცხოვრებელ ადგილას მისვლას. მაგრამ რა საშინელი სურათი იხილეს დაბრუნებისას! ისარგებლეს დავითისა და მისი ამალის არყოფნით ყამალეკელებმა და შური იძიეს მათ ტერიტორიაზე შეჭრისათვის. ალყა შემოარტყეს დაუცველ ქალაქს, გაძარცვეს, გადაწვეს და მდიდარი ნადავლით უკან გაბრუნდნენ, თან ტყვედ ბავშვები და ქალები წაიყვანეს.პწ 454.4

    გაშრა დავითი ამ საშინელების დანახვაზე. განცვიფრებულნი და დამწუხრებულნი, უსიტყვოდ მისჩერებოდნენ გაშავებულ, ნაცრად ქცეულ ქალაქს. ბოლოს კი, როცა გამოერკვნენ და მიხვდნენ, რაც მოხდა, ბრძოლებში გამობრძმედილმა ვაჟკაცებმა „გამართეს მოთქმა და... ტიროდნენ, ვიდრე ძალა შესწევდათ”.პწ 454.5

    კვლავ დაისაჯა დავითი საკუთარი ურწმუნოების გამო, რამაც ფილისტიმელთა ქვეყანაში მიიყვანა. ახლა საბოლოოდ დარწმუნდა, თუ რამდენად საშიშია ღმერთისა და მისი ხალხის მტრებს შორის ყოფნა. ამის გამო საყვედურებით აიკლეს თავისმა კაცებმა დავითი და ამ უბედურებაში დამნაშავედ ცნეს: სწორედ ყამალეკზე მისმა თავდასხმამ გამოიწვია მტრის საპასუხო აქტი შურისძიებისა, მაგრამ მაინც, მტკიცედ დარწმუნებულმა იმაში, რომ მტრის გარემოცვაში არავითარი საფრთხე არ მოელის, ქალაქი დაუცველი დატოვა. დავითის მეომრები, რისხვისა და მწუხარებისაგან გონდაკარგულნი, მზად იყვნენ ყოველგვარი უგუნური საქციელის ჩასადენად; ჩაქოლვითაც კი ემუქრებოდნენ თავიანთ წინამძღოლს.პწ 454.6

    როგორც ჩანდა, ყოველგვარი მხარდაჭერა დაკარგა დავითმა ადამიანთა მხრიდან. ყველაფერი, რაც მისთვის მეტად ძვირფასი იყო, წაერთვა. საულმა მშობლიური მიწიდან გააძევა, ფილისტიმელებმა - ბრძოლის ველიდან; ყამალეკელებმა ქალაქი გაუძარცვეს, მისი ცოლშვილი ტყვეებად წაასხეს, უახლოესი მეგობრები აუმხედრდნენ და სიკვდილითაც დაემუქრნენ. და ამ უკიდურესი ძნელბედობის ჟამს, უიმედობისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად, დავითმა გულწრფელად სთხოვა დახმარება ღმერთს. „უფლის, თავისი ღვთის იმედით გაიმხნევა დავითმა თავი”. ყველაფერი გაიხსენა, რაც წარსულში მოუხდა. განა უფალს მიუტოვებია იგი ოდესმე? გამხნევდა მისი სული უფლის უამრავი უხვი წყალობის გახსენებისას. ირგვლივ მყოფთ საკუთარი რისხვა და მოუთმენლობა ტანჯვას უორკეცებდა, ღვთის კაცი კი, რომელსაც ყველაზე მეტი სატანჯველი ჰქონდა, წონასწორობას ინარჩუნებდა. „საშიშროების დღეს შენ მოგენდობი”, - მრავალჯერ იმეორებდა იგი /ფს. 55:4/. თუმცა მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს თავად ვერ პოულობს, მაგრამ უფალი ასწავლის, როგორ მოიქცეს!პწ 454.7

    მოიხმო დავითმა აბიათარ მღვდელი, ახიმელექის ძე და „დაეკითხა დავითი უფალს: დავედევნო იმ ურდოს? მივეწევი? მიუგო: დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და წაართმევ ნადავლს” /1 მეფ. 30:8/.პწ 455.1

    ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე გაუქარწყლდა დავითს სულიერი მღელვარება და მწუხარება. მყისვე დაედევნენ დავითი და მისი მეომრები გაქცეულ მტერს. ისე სწრაფად მიდიოდნენ, რომ მდინარე ბესორთან, რომელიც ღაზას მიდამოებში ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება, დავითის ჯგუფიდან ორასი დაღლილდაქანცული კაცი იძულებული გახდა, შეესვენა. მაგრამ დავითი და დარჩენილი ოთხასი კაცი მთელი შემართებით, გაბედულად დაედევნა მტერს.პწ 455.2

    გზად ეგვიპტელ მონას წააწყდნენ. შიმშილისგან დაუძლურებული იყო იგი. საჭმელსასმელი მიუტანეს, დააპურეს და, როცა სული მოითქვა, თავისი ამბავი უამბო დავითის ხალხს, თუ როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ მისმა სასტიკმა, ყამალეკელმა ბატონმა, ისრაელიანთა ბოროტმა მტერმა. ისიც უამბო, თუ როგორ დაესხნენ თავს დავითისა და მის ახლობელთა საცხოვრისს და გაძარცვეს. შემდეგ კი იმ პირობით, რომ არ მოკლავდნენ და თავის ბატონთანაც არ დააბრუნებდნენ, დათანხმდა, დავითისთვის მოწინააღმდეგის ბანაკი ეჩვენებინა.პწ 455.3

    რა ზარზეიმი იხილეს მათ მტრის ბანაკში! ზეიმობდნენ გამარჯვებულნი. „აჰა, გაფანტულან მთელს არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო”. სწრაფად და მოულოდნელად დაესხნენ თავს მტერს დავითი და მისი მეომრები. არეულობა და დაბნეულობა შეიტანეს მტრის ბანაკში ამ უეცარი თავდასხმით. მთელ ღამეს და მეორე დღესაც გრძელდებოდა ბრძოლა, სანამ თითქმის მთლად არ შემუსრეს მტერი იმ ოთხასი კაცის გარდა, „რომელნიც მოახტნენ აქლემებს და გაიქცნენ”. ასე აღსრულდა უფლის ნათქვამი. „უკან დაიბრუნა დავითმა ყველაფერი, რაც წაღებული ჰქონდა ყამალეკს; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა. არაფერი დაჰკარგვიათ, არც მცირე, არც დიდი, არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან. მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ, ყველაფერი დაიბრუნა დავითმა”.პწ 455.4

    ყამალეკის ტერიტორიაზე შეჭრისას მახვილით განგმირეს დავითმა და მისმა მეომრებმა ყველა, ვინც ხელთ იგდეს. მხოლოდ ღვთის შემკავებელი ძალის ზეგავლენით არ მოექცნენ ამგვარადვე ყამალეკელნი ციკლაგის მცხოვრებთ. დაინდეს მათ ტყვეები, რომელთაც, შემდგომ, მონებად გაყიდვას უპირებდნენ, რათა ტრიუმფალური ყოფილიყო მათი გამარჯვებით დაბრუნება. ასე თავისდაუნებურად აღასრულეს მათ უფლის ჩანაფიქრი და სიცოცხლე შეუნარჩუნეს ტყვეებს, რომელნიც, შემდგომ, უვნებელნი დაუბრუნდნენ თავიანთ მამებს და ქმრებს.პწ 455.5

    ყველა მიწიერ ხელმწიფებას უზენაესი აკონტროლებს. ასე მიმართავს იგი ყველაზე ძლიერ ხელმწიფეს და ყველაზე სასტიკ მჩაგვრელს: „და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ” /იობ. 38:11/. ღვთიური ძალა მუდამ ებრძვის ბოროტ ძალებს. ღმერთი მუდამ ცდილობს, კი არ გაანადგუროს, არამედ გამოასწოროს და გადაარჩინოს ადამიანები.პწ 456.1

    უდიდესი სიხარულით დაბრუნდნენ უკან გამარჯვებულნი. როდესაც ზურგში დარჩენილ მეომრებს შეუერთდნენ, ზოგიერთმა ურჩმა და ეგოისტმა მეომარმა ამ ოთხასიდან არ მოინდომა ნადავლის განაწილება. მათ ისიც ეყოფათ, რომ ოჯახის წევრები და ახლობლები დავუბრუნეთ, - ამბობდნენ ისინი. „თქვა დავითმა: ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო... რა წილიც ნაბრძოლებ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს ბანაკში დარჩენილს, ყველას უნდა ხვდეს წილი”. ასეც მოიქცნენ. და მას შემდეგ დაკანონდა ისრაელში ის, რომ ერთნაირად ღებულობდნენ წილს ბრძოლაში უშუალოდ მონაწილენი თუ მოლაშქრენი.პწ 456.2

    გარდა ყამალეკელთა მიერ ციკლაგიდან გატაცებულის დაბრუნებისა, მტრის ურიცხვი ხარძროხა წამოასხეს დავითმა და მისმა ხალხმა. „დავითის ნადავლად” იწოდებოდა იგი და ციკლაგში დაბრუნებისას, იუდას გვარის უხუცესთ გაუგზავნა მისი ნაწილი საჩუქრად დავითმა. ისინიც არ დავიწყნია მას, ვინც მთებში მის რაზმს ეხმარებოდა, როცა იძულებულნი იყვნენ, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასულიყვნენ. სიკეთე და თანაგრძნობა, რაც ასე ძვირფასია დევნილისათვის, სიკეთითა და მადლიერებით აუნაზღაურდათ.პწ 456.3

    დავითისა და მისი მეომრების ციკლაგში დაბრუნებიდან სამი დღე გავიდა. დანგრეული სახლების აღდგენა დაიწყეს ებრაელებმა და თან მოუთმენლად ელოდნენ ამბავს ბრძოლის ველიდან, სადაც, როგორც მათ იცოდნენ, ფილისტიმელნი ისრაელიანთ უნდა შებმოდნენ. ნოულოდნელად ქალაქში მოვიდა მაცნე, „სამოსელი შემოგლეჯოდა და თავზე ნაცარი ეყარა”. დაუყოვნებლივ მიიყვანეს დავითთან, რომელსაც მოწიწებით სცა თაყვანი უძლიერესი მთავრის პატივისცემის ნიშნად, რომლის კეთილგანწყობის დამსახურებაც სურდა. მოუთმენლად იკითხა დავითმა, თუ რით დასრულდა ბრძოლა. საულის დამარცხების, მისი და იონათანის სიკვდილის შესახებ ამბავი დამახინჯებულად მოუთხრო დავითს მაცნემ. ალბათ, ეგონა, რომ დავითს ძლიერ სძულდა თავისი სასტიკი მდევნელი და მეფის სიკვდილის ცნობისათვის რაიმე ჯილდოს მიიღებდა. კვეხნით მოუყვა დავითს, თუ როგორ იპოვა ბრძოლის ველზე დაჭრილი და მტრისაგან ალყაშემორტყმული ისრაელის მეფე და როგორ მოკლა იგი მისივე თხოვნით. საულის გვირგვინი და სამაჯურები კი დავითს მოუტანა. მაცნე დარწმუნებული იყო, რომ გაუხარდებოდა დავითს ეს ამბავი და უხვადაც დააჯილდოებდა მას.პწ 456.4

    მაგრამ „ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო. მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ”.პწ 456.5

    როცა ამ საშინელი ცნობისაგან გამოწვეული მწუხარება და ელდა ცოტათი დაცხრა, დავითს გაახსენდა ამ თავზარდამცემი ამბის მომტანი და დანაშაული, რომელიც, თავისივე სიტყვით, მან ჩაიდინა. და ჰკითხა ყმაწვილ კაცს: „სადაური ხარ? მიუგო: ხიზანის შვილი ვარ, ყამალეკელი. უთხრა მას დავითმა: როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?” ორჯერ ჩაუვარდა საული ხელთ დავითს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ აღმართა ხელი მასზე, ვინც უფალმა ისრაელის მმართველად სცხო, თუმცა ხალხი მოითხოვდა, მოეკლა მეფე. ეს ყამალეკელი კი ბედავდა და ტრაბახით ამბობდა, რომ მოკლა ისრაელის მეფე. თავად გაამჟღავნა საკუთარი დანაშაული, რომელიც სიკვდილს იმსახურებდა და სასჯელმაც არ დააყოვნა. „უთხრა მას დავითმა: შენს თავზეა შენი სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული”.პწ 457.1

    ღრმა მწუხარებით, გულწრფელად იგლოვა დავითმა საული, რაც მის დიდსულოვნებასა და კეთილშობილებაზე მეტყველებდა. არ გახარებია მას თავისი მტრის სიკვდილი. გზა სამეფო ტახტისაკენ გათავისუფლდა, მაგრამ ბედნიერება ვერ მოჰგვარა ამან დავითს. საულის სიკვდილმა დაავიწყა მისი სისასტიკე და შური. ახლა მხოლოდ კეთილსა და კარგს იხსენებდა მისი მეფობის დღეებიდან. საულის სახელი იონათანთან იყო დაკავშირებული, რომელიც გულწრფელად, უანგაროდ უყვარდა დავითს.პწ 457.2

    თავისი ღრმა მწუხარება მეფის სიკვდილის გამო დავითმა გამოხატა საგალობელში, რომელიც ებრაელი ერისა და ხალხის საგანძურად იქცა ყველა საუკუნეში:პწ 457.3

    „შეიბღალა შენი მშვენება,
    ისრაელო, შენს მაღლობებზე!
    როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
    ნუ გაამხელთ გათში,
    ნუ გამოაცხადებთ ასკალონის ქუჩებში,
    რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა,
    არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა.
    გილბოაყის მთებო!
    არ გეღირსოს ცვარი და წვიმა,
    ნაყოფიერი მინდვრები,
    რადგან მანდ გაცუდდა ვაჟკაცის ფარი,
    საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!
    განგმირულთა სისხლისგან,
    ვაჟკაცთა გულღვიძლისგან
    არ ბრუნდებოდა უკან იონათანის მშვილდი;
    საულის ხმალი ფუჭად არ ბრუნდებოდა!
    საულ და იონათან!
    საყვარელნი და სანატრელნი სიცოცხლეში,
    სიკვდილშიაც განუყრელნი არიან!
    არწივზე უსწრაფესნი, ლომზე ძლიერნი იყვნენ.
    ისრაელის ასულნო! იტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით,
    ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ შესამოსელს.
    როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში!
    განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
    ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან!
    დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის,
    საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი,
    ქალის სიყვარულზე ძლიერი.
    როგორ დაეცნენ ვაჟკაცები,
    როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!” /2 მეფ. 1:19-27/.
    პწ 457.4