Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 48 - ქანაანის დანაწილება

    იესო ნავეს ძე 10:40-43; 11;14-22

    ბეთხორონის გამარჯვების შემდგომ, სულ მალე, ებრაელებმა მთელი ქანაანი დაისაკუთრეს. “მახვილით მოსრა იესომ მთიანეთი, სამხრეთი მხარე, შეფელა და მთის ძირები, და ყველა მათი მეფე... ყველა ეს მეფე და მათი ქვეყნები ერთ ჯერზე ჩაიგდო ხელში იესომ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი იბრძოდა მისთვის. დაბრუნდა იესო მთელს ისრაელთან ერთად ბანაკში, გილგალს” /იესო. 10:40-43/.პწ 330.5

    ჩრდილოეთ პალესტინაში მცხოვრებმა, ისრაელიანთა გამარჯვებით შეშინებულმა ტომებმა ერთმანეთში კავშირი შეკრეს, რომლის ხელმძღვანელობაც ხაცორის მეფემ, იაბონმა, მერიმის ტბის მიდამოების მფლობელმა ითავა. “გამოვიდნენ მთელი თავიანთი ლაშქრითურთ”. ბევრად სჭარბობდა მტრის ძალა იმ მეომართა რიცხვს, რომელთანაც აქამდე უხდებოდათ ბრძოლა ისრაელიანთ ქანაანში. “ზღვის ქვიშასავით უთვალავი ხალხით, უამრავი ცხენებითა და ეტლებით. შეიყარა ყველა ეს მეფე, წავიდნენ და ერთად დაიბანაკეს მერიმის წყლებთან, რომ ისრაელიანებს შებრძოლებოდნენ”. და იესომ კვლავაც გაიგონა უფლის გამამხნევებელი სიტყვები: “ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ დროისთვის ყველას შევმუსრავ ისრაელის წინაშე”.პწ 331.1

    მერიმის ტბასთან დაესხა თავს მოკავშირეთა ბანაკს იესო ნავეს ძე და სრულიად გაანადგურა იგი. “ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელიანებს... მუსრი გაავლეს, ისე რომ ცოცხალი არვინ დაუტოვებიათ”. ეტლები და ცხენები - ქანაანელთა სიამაყე და დიდება - არ უნდა მიესაკუთრებინა ისრაელს. უფლის ბრძანებისამებრ, ეტლები დაწვეს, ცხენებს კი ძარღვები გადაუსერეს. ამრიგად, ეს საომარი ძალა სრულიად გამოუსადეგარი გახდა ისრაელისათვის. ეტლებისა და ცხენების იმედი კი არ უნდა ჰქონოდათ იუდეველთ, არამედ უფლის, თავისი ღმერთის ძალისა.პწ 331.2

    ერთიმეორის მიყოლებით აიღეს ქალაქები ისრაელიანებმა. მოკავშირეთა მთავარ ქალაქს “ხაცორს კი ცეცხლის წაუკიდეს” და მთლიანად დაწვეს. რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა ეს ომი, სანამ სრულად არ დაიპყრო იესო ნავეს ძემ ქანაანის მიწა. და “დაისვენა ბრძოლისაგან ქვეყანამ”.პწ 331.3

    თუმცა ქანაანელთა წინააღმდეგობის დაძლევა შეძლო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაიმორჩილა ეს ხალხი იესო ნავეს ძემ. დასავლეთით ფილისტიმელებს კვლავ ეკავათ სანაპიროს ნაყოფიერი მიწები. ჩრდილოეთით კი, ლიბანში, კვლავ ციდონელები ცხოვრობდნენ. ტამხრეთით, ეგვიპტის საზღვრებიც ისრაელის მტრებით იყო დასახლებული.პწ 331.4

    ნაგრამ იესოს ბრძოლა უნდა შეეწყვიტა. ამ დიდ წინამძღოლს ისრაელზე თავისი მმართველობის დასრულებამდე სხვა მნიშვნელოვანი მისია უნდა შეესრულებინა; მთელი მიწა, დაპყრობილი თუ დასაპყრობი, ისრაელის შტოთა შორის უნდა განაწილებულიყო. ყოველი შტოს შემდგომი მოვალეობა კი მისთვის გამოყოფილი მიწის დაუფლება იყო. ღვთის მიმართ ისრაელიანთა ერთგულების გამოვლენის შემთხვევაში უფალი გარეკავდა მათ მტრებს - მისი აღთქმის ერთგულად შესრულების პასუხად უფალმა ხომ უფრო დიდი სამფლობელოები აღუთქვა მათ!პწ 331.5

    მიწების დაყოფა იესო ნავეს ძეს, ელეაზარ მღვდელმთავარს და შტოთა თავკაცთ დაევალათ. სამკვიდროს გამოყოფა ყოველი მუხლისათვის წილისყრით ხდებოდა. თავად მოსემ დააწესა საზღვარი მიწებზე, რომელიც, დაპყრობის შემდეგ, ამა თუ იმ საგვარეულოს კუთვნილება გახდებოდა. მანვე დაუდგინა ყოველ შტოს მთავარი, რომელსაც გაყოფაში უნდა მიეღო მონაწილეობა. ლევის შტოს, რომელიც საწმიდარში მსახურებისათვის იყო განწესებული, არ ჰქონდა წილი ამ მემკვიდრეობაში, თუმცა, ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში მათ სამკვიდროდ 48 ქალაქი მიაკუთვნეს.პწ 331.6

    მიწების დანაწილების დაწყებამდე, ისრაელის შტოთა ხელმძღვანელების თანხლებით, განსაკუთრებული თხოვნით მოვიდა ქალები. იესო ნავეს ძის გარდა, ქალებიც ისრაელის ერთერთი მხცოვანი ადამიანი იყო. მზვერავთაგან მხოლოდ ქალებმა და იესო ნავეს ძემ მოიტანეს კეთილი ცნობა აღთქმული მიწის შესახებ; მხოლოდ ისინი მოუწოდებდნენ ხალხს, წასულიყვნენ და ღმერთის სახელით დაესაკუთრებინათ იგი. ახლა ქალებმა გაახსენა იესოს ერთგულებისათვის დაპირებული ჯილდო. “შენი და შენი შვილების სამკვიდრო იყოს ის მიწა, სადაც შენ ფეხი დაგიდგამს, რადგან ბოლომდე უერთგულე უფალს”. აი, ამის საფუძველზე მოითხოვა ქალებმა სამკვიდროდ ხებრონის მთა. იქ მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა აბრაამი, ისააკი და იაკობი; იქვე, მახფელას გამოქვაბულში დამარხეს ისინი. ხებრონი იყო გოლიათი ყანაკის მუდმივი საცხოვრისი, რომლის გიგანტურმა აღნაგობამაც თავზარი დასცა მზვერავთ და შეაშინა ისრაელი. ქალები უფლის ძალას მიენდო და სწორედ ეს ადგილი ამოირჩია საცხოვრისად.პწ 331.7

    “აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, ოთხმოცდახუთი წლის ვარ. ჯერაც ისეთივე მაგარი ვარ, როგორც მაშინ, მოსე რომ მაგზავნიდა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საბრძოლველად და მისასვლელმოსასვლელად. ახლა მომეცი ის მთა, რომელზეც უფალი ლაპარაკობდა იმ დღეს, რადგან შენ გაგებული გქონდა იმ დღეს, რომ ყანაკები იყვნენ იქ და დიდი ციხექალაქები ეჭირათ. იქნებ უფალი შემეწიოს და ავყარო ისინი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს”. მის თხოვნას იუდას შტოს თავკაცებმაც დაუჭირეს მხარი. ამ შტოდან იყო დანიშნული ქალები მიწების გაყოფაში მონაწილეობის მისაღებად და სწორედ ისინი წაიყვანა თან თავისი თხოვნის გამოსაცხადებლად, რათა არავის აღძვროდა ეჭვი, თითქოს თავის უფლებამოსილებას საკუთარი მიზნებისათვის იყენებდა.პწ 332.1

    მყისვე აუსრულეს თხოვნა ქალებს. არც ეგულებოდათ სხვა ვინმე, ვისაც ამ უზარმაზარი ციხესიმაგრეების აღებას მიანდობდნენ. “აკურთხა ქალებ იეფუნეს ძე იესომ და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი... რადგან ბოლომდე უერთგულა მან უფალს, ისრაელის ღმერთს”. ახლაც ისეთივე მტკიცე რწმენა ჰქონდა ქალებს უფლისადმი, როგორც მრავალი წლის წინათ, როცა მისი მოწმობა ძლიერ ეწინააღმდეგებოდა დანარჩენ მზვერავთა ჩვენებებს. მას მტკიცედ სწამდა, რომ უფალი შეასრულებს თავის აღთქმას და მისცემს თავის ხალხს მემკვიდრეობად ქანაანს. ერთი წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი მასში იესოს. თავის ხალხთან ერთად იყო იგი უდაბნოში; იზიარებდა მის ჭირვარამს, მწუხარებასა და დანაშაულის სიმძიმეს, მაგრამ არასოდეს გამოუთქვამს საყვედური. პირიქით, ადიდებდა ღვთის გულმოწყალებას, სიცოცხლე რომ უბოძა მაშინ, როცა მისი ძმები უდაბნოში დაიხოცნენ. უფალი იცავდა მას გაჭირვების, ხიფათისა და წყლულებისაგან, რომელიც უხვად ჰქონდა მის ხალხს უდაბნოში ხეტიალისას და ქანაანის ომების დროს. ახლაც, ოთხმოცდახუთი წლის ასაკშიც მშვენივრად გრძნობდა თავს. უკვე დაპყრობილი მიწა კი არ უთხოვია ქალებს თავისთვის, არამედ ის ადგილები, რომლის დასაკუთრებაც შეუძლებლად მიაჩნდათ სხვა მზვერავთ. ღვთის დახმარებით ფიქრობდა იგი ამ მიწების მფლობელ გოლიათთა დამარცხებას, რომელთა ძალამაც ასე შეურყია რწმენა ისრაელს. ეს სურვილი ქალებს პატივმოყვარეობისა და დიდების მოპოვების მიზნით არ გასჩენია. მხცოვან, მამაც მეომარს სურდა, მაგალითი ეჩვენებინა მოძმეთათვის, რომელიც ღმერთის სახელს განადიდებდა და ყველა შტოს იმ მიწების დასაკუთრების სურვილს აღუძრავდა, რომელთა დაპყრობაც მათ მამებს შეუძლებლად მიაჩნდათ.პწ 332.2

    მიიღო ქალებმა მემკვიდრეობა, რომელზედაც ორმოცი წელი ოცნებობდა, უფლის ძალითა და რწმენით “აჰყარა იქიდან ქალებმა ყანაკის სამი ნაშიერი”. მისი გულმოდგინება მას შემდეგაც არ შენელებულა, რაც ეს მიწები დაიმკვიდრა მან თავისთვის და თავისი სახლეულობისათვის; ადგილზე არ შეჩერებულა იგი, რათა მიღწეულით დამტკბარიყო, არამედ იბრძოდა და იმარჯვებდა თავისი ხალხისა და ღვთის დიდებისათვის.პწ 333.1

    მხდალნი და ურჩნი უდაბნოში დაიღუპნენ, ჭეშმარიტი მოწმენი კი ეშქოლის ვაზის ნაყოფს ჭამდნენ. საკუთარი რწმენისამებრ მიიღო ყველამ. მცირედ მორწმუნეებმა დაინახეს, რომ მათი შიში გამართლდა. უფლის აღთქმის მიუხედავად, ქანაანის აღება შეუძლებლად მიიჩნიეს და ვერც დაიმკვიდრეს ის. ისინი კი, რომლებიც სიძნელეებს არ შეუშინდნენ და ყოვლადძლიერის ძალას მიენდვნენ, მშვენიერ ქვეყანაში შევიდნენ. ძველი დროის გმირები “რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს... ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს” /ებრ. 11:33,34/. “ეს არის ძლევა, წუთისოფლის მძლეველი - ჩვენი რწმენა” /1 იოან. 5:4/.პწ 333.2

    მიწების განაწილებასთან დაკავშირებით კვლავ გაისმა ერთი მოთხოვნა, მაგრამ როგორ განსხვავდებოდა იგი ქალებ იეფუნეს ძის თხოვნისაგან! იოსების შთამომავლებმა, ეფრემისა და მენაშეს ნახევარშტომ წამოაყენეს ეს მოთხოვნა. თავიანთი მრავალრიცხოვნების გამო ორმაგ წილს თხოულობდნენ ეს შტოები. მათ წილად ხვდათ მდიდარი მიწები შარონის ნაყოფიერი ველების ჩათვლით, მაგრამ მისი ბევრი მთავარი ქალაქი ჯერ კიდევ ქანაანელთა საკუთრება იყო. ზედმეტი შრომისა და ბრძოლასთან დაკავშირებული ხიფათის თავიდან აცილების მიზნით მათ დამატებით მოითხოვეს უკვე დასაკუთრებული მიწების ნაწილი. ეფრემის საგვარეულო ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი შტო იყო - მასვე მიეკუთვნებოდა იესო ნავეს ძეც - და ისინი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ პრივილეგიას ითხოვდნენ. “რატომ მომეცი ერთი წილი სამკვიდრო და ერთი ნაკვეთი, მე ხომ ბევრი ვარ?” - ამბობდნენ ისინი. მაგრამ ვერავინ შეძლო წინამძღოლის მტკიცე სამართლიანობის შერყევა.პწ 333.3

    “თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქ ახო, ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთა გევიწროება,” - ასეთი იყო იესოს პასუხი.პწ 333.4

    ნათმა პასუხმა შუქი მოჰფინა მათი საყვედურის ჭეშმარიტ მიზეზს. მათ არ ჰყოფნიდათ რწმენა და გამბედაობა ქანაანელთა გასადევნად. “არ შეგვრჩება, რადგან რკინის ეტლები აქვთ ბარის ქანაანელებს”.პწ 333.5

    ისრაელის ღმერთის ძლიერება იყო მისი ხალხის უძლეველობის გარანტია. ეფრემიანელთ რომ ქალებ იეფუნეს ძის რწმენა და გამბედაობა ჰქონოდათ, ვერც ერთი მტერი ვერ აღუდგებოდათ წინ. მათ სურვილს, თავიდან აეცილებინათ სიძნელეები და ხიფათი, იესომ მტკიცე გადაწყვეტილებით უპასუხა: “ბევრი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს... აჰყრი ქანაანელებს, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან”. ამგვარად, თავადვე დაუპირისპირდნენ საკუთარ ნათქვამს. ასეთ მრავალრიცხოვან ხალხს, როგორც ამას თავადაც აღნიშნავდნენ, თვითონვე შეეძლო გზის გაკვლევა თავისი ძმების მსგავსად. უფლის იმედი უნდა ჰქონოდათ და რკინის ეტლებისა არ უნდა შეშინებოდათ.პწ 333.6

    აქამდე ხალხისა და საწმიდრის ძირითადი ადგილსამყოფელი გილგალი იყო. მაგრამ ახლა კარვისთვის მუდმივი ადგილი უნდა მიეჩინათ ეფრემის წილხვედრ მიწაზე, პატარა ქალაქ სილოამში, რომელიც ქვეყნის თითქმის შუაგულში მდებარეობდა, ამიტომ ისრაელის ყველა შტოსათვის მისი მონახულება ფრიად მოსახერხებელი იყო. ქვეყნის ეს ნაწილი ისრაელიანებმა უკვე დაისაკუთრეს, ამიტომ აქ ღვთის თაყვანსაცემად მოსულთ არავინ შეაწუხებდათ. “შეიყარა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში და დადგეს იქ სადღესასწაულო კარავი” /იესო. 18:1/. ჯერ კიდევ ბანაკში მყოფი ისრაელიანთა შტოები გილგალიდან კვალდაკვალ მიჰყვნენ კარავს და სილოამის ახლომახლო დასახლდნენ. აქ დარჩნენ ისინი თავიანთი წილის მიღებამდე.პწ 334.1

    სამასი წლის მანძილზე იმყოფებოდა აღთქმის კიდობანი სილოამში, სანამ ელის სახლის ცოდვების გამო ფილისტიმელთ არ ჩაუვარდა ხელში, ქალაქი კი დაინგრა. ამის შემდეგ კიდობანი აღარასოდეს დაბრუნებია ამ ადგილს. შემდგომში კარვის მსახურება იერუსალიმის ტაძარში გადაიტანეს, სილოამმა კი დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა. მხოლოდ ნანგრევებიღა მოწმობდა, რომ აქ ერთ დროს ქალაქი იყო. სილოამის ბედი, მრავალი საუკუნის შემდეგ, გაფრთხილებად იქცა იერუსალიმისათვის. “აბა, წადით ჩემს ადგილზე, სილოამში, - თქვა უფალმა იერემიას მეშვეობით, - სადაც თავდაპირველად დავამკვიდრე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ერის, ისრაელის, უკეთურების გამო... რაც სილოამს დავმართე, იმასვე დავმართებ ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რომელსაც ესავთ, და ამ ადგილს, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამაპაპას” /იერ. 7:12,14/.პწ 334.2

    როდესაც “დაამთავრეს ქვეყნის დანაწილება სამკვიდროებად საზღვრების მიხედვით” და ყველა შტომ თავისი წილი მიიღო, იესომაც მოითხოვა თავისი კუთვნილი. ქალების მსგავსად, მასაც განსაკუთრებული აღთქმა მიეცა წილთან დაკავშირებით. მაგრამ მას არ უთხოვია ვრცელი მიწები, არამედ მხოლოდ ერთი ქალაქი ითხოვა. “მისცეს მას ქალაქი, რომელსაც მოითხოვდა... ააშენა ქალაქი და დასახლდა იქ”. ამ ქალაქის სახელი - თიმნათსერახი /დარჩენილი/ მისი მფლობელის უანგარო საქციელსა და კეთილშობილურ ხასიათზე მეტყველებს... იმის ნაცვლად, რომ ნადავლზე პირველს წამოეყენებინა თავისი უფლებამოსილება, გადადო ეს საქმე მანამ, სანამ საზოგადოების ყველა რიგითმა წევრმა არ მიიღო თავისი წილი.პწ 334.3

    ლევის შთამომავლობისათვის გამოყოფილი ექვსი ქალაქი, იორდანეს ორივე სანაპიროზე რომ მდებარეობდა, თავშესაფარ ქალაქებად იწოდებოდა, სადაც შურისგებისაგან გაქცეულ მკვლელს თავის შეფარება შეეძლო. ამ ქალაქების დანიშნულებაზე მოსემ მიუთითა: “თავშესაფარ ქალაქებად გქონდეთ ისინი, სადაც შეეძლება თავის შეფარება მკვლელს, რომელსაც უნებურად შემოაკვდება კაცი. გქონდეთ ეს ქალაქები თავშესაფრად შურისმაძიებლისაგან, რათა არ მოიკლას მკვლელი, ვიდრე საზოგადოების წინაშე წარდგებოდეს სამსჯავროდ” /რიცხ. 35:11,12/. სიფრთხილისა და მოწყალების ეს აქტი აუცილებელი იყო, ვინაიდან მესისხლეობის ძველი ტრადიციის თანახმად, მკვლელზე მოკლულის ახლო ნათესავს ან მემკვიდრეს უნდა ეძია შური. აშკარად ჩადენილ დანაშაულს სასამართლო გარჩევა არ სჭირდებოდა. შურისმაძიებელს შეეძლო, დადევნებოდა დამნაშავეს და სადაც დაეწეოდა, იქვე მოეკლა. იმ დროს უფალი არ თვლიდა საჭიროდ ამ წესის გაუქმებას, მაგრამ სიფრთხილის ღონისძიებები გაითვალისწინა მათთვის, ვინც დანაშაულს შემთხვევით ჩაიდენდა.პწ 334.4

    ეს ქალაქები ისე იყო განლაგებული, რომ ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან თავშესაფრამდე ნახევარი დღის სავალი ყოფილიყო. ამ ქალაქებისკენ მიმავალი გზები ყოველთვის წესრიგში უნდა ყოფილიყო. ყველგან უნდა დაედგათ სანიშნებელი ბოძები უბრალოდ გასაგები წარწერით: “თავშესაფარი”, რათა დევნილს გზა არ შეშლოდა და დროც ტყუილად არ დაეკარგა. ამ უფლებით შეეძლო ესარგებლა ყველას: ებრაელს, მოსულსა თუ მდგმურს. სიფრთხილის ამ ზომების დაცვით უდანაშაულო სწრაფ შურისძიებას აცდებოდა, ნამდვილი დამნაშავე კი დამსახურებულ სასჯელს მაინც მიიღებდა. დევნილის საქმეს მიუკერძოებლად იკვლევდნენ თავკაცნი და, უდანაშაულობისა და შემთხვევით მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში, მას სწორედ ამ ქალაქებში აძლევდნენ თავშესაფარს. დამნაშავეს კი შურისმაძიებელს გადასცემდნენ. ის, ვისაც ქალაქში დარჩენის უფლება მიეცემოდა, მხოლოდ შიგ ქალაქშივე იქნებოდა დაცული. ხოლო ვინც დადგენილ საზღვრებს გასცდებოდა, სადაც კი შურისმაძიებელი დაესხმებოდა თავს, გამოესალმებოდა სიცოცხლეს, რადგან უგულებელყო უფლის გულმოწყალება. მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ ამ ქალაქებში თავშეფარებულთ სახლში დაბრუნება შეეძლოთ.პწ 335.1

    მკვლელობაში ბრალდებულს ერთი მოწმის ჩვენებით არ ასამართლებდნენ, რაგინდ უტყუარიც არ უნდა ყოფილიყო ეს ჩვენება. უფლის ბრძანება ასეთი იყო: “ყოველი მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას, ერთი მოწმის ჩვენებით კაცს სიკვდილით ვერ დასჯიან” /რიცხ. 35:30/. თავად ქრისტემ მისცა მოსეს ასეთი მითითება ისრაელისათვის და მოგვიანებით, დედამიწაზე თავის მოწაფეებთან ყოფნისას, როცა ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ ცოდვილთ, უდიდესმა მოძღვარმა კვლავ გაიმეორა, რომ ერთი კაცის მოწმობა საკმარისი არაა ადამიანის გამართლებისა ან განსჯისათვის, ერთი ადამიანის აზრმა ან თვალსაზრისმა არ უნდა გადაწყვიტოს საკამათო საკითხები. ყოველგვარ მსგავს საქმეებში აუცილებელია ორი ან მეტი მოწმე, რომელნიც ერთად იქნებიან ყველაფერზე პასუხისმგებელნი, “რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა” /მათ. 18:16/.პწ 335.2

    თუკი დამნაშავე სიკვდილს იმსახურებდა, ვერავითარი ანაზღაურება ან გამოსასყიდი ვერ იხსნიდა მას. “ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი” /დაბ.9:6/. “ნუ აიღებთ გამოსასყიდს მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილოა, რადგან სიკვდილით უნდა დაისაჯოს” /რიცხ. 35:31/. “ჩემი სამსხვერპლოდან წაიყვანე მოსაკლავად”, - ბრძანებდა უფალი, - “ვერ განიწმიდება მიწა მასზე დაღვრილი სისხლისაგან, თუ არა თავად მისი დამღვრელის სისხლით” /გამოს.21:14; რიცხ.35:33/. ერის უშიშროება და სიწმინდე მკვლელის მკაცრ დასჯას ითხოვდა. ღმერთმა მისცა სიცოცხლე ადამიანს და ამ სიცოცხლეს წმიდად გაფრთხილება სჭირდება.პწ 335.3

    ქალაქები, ღმერთმა რომ თავშესაფრად მისცა ძველ ხალხს, ქრისტეს მიერ ჩვენთვის მომზადებული თავშესაფრის სიმბოლოა. იმავე მოწყალე მაცხოვარმა, რომელმაც ადამიანთა დროებით თავშესაფარზე იზრუნა, თავისი დაღვრილი სისხლით მოუმზადა უფლის რჯულის დამრღვევთ საიმედო თავშესაფარი, სადაც ისინი უშიშრად დაიფარავენ თავს მეორე სიკვდილისაგან. ვერვინ გამოსტაცებს უფალს ხელიდან მასთან მიტევების თხოვნით მისულთ: “ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად”. “და ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მით უმეტეს, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის”. “რათა... დიდი ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, რომელნიც გავეშურეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს” /რომ. 8:1,34; ებრ. 6:18/.პწ 335.4

    დაუყოვნებლივ უნდა ეძებნა თავშესაფარი დამნაშავეს. უნდა დაეტოვებინა ოჯახიც და სამუშაოც. საყვარელ ადამიანებთან გამოსამშვიდობებელი დროც აღარ ჰქონდა. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ ყველაფერი უნდა მიეტოვებინა, რათა სწრაფად მისულიყო თავშესაფარში. არ უნდა ეფიქრა მას არც დაღლილობაზე და არც სიძნელეებზე. წუთიც არ უნდა დაეკარგა, ისე უნდა ერბინა სასურველ ადგილამდე.პწ 336.1

    ყოველი ცოდვილი სიკვდილმისჯილად ითვლება, ვიდრე ქრისტეს არ შეაფარებს თავს. და, როგორც დაყოვნება და უზრუნველობა, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს გაქცეულს, ასევე შესაძლებელია, გადარჩენის ერთადერთი საშუალება წაერთვას ადამიანს ამის გამო. ფდიდესი მზაკვარი - სატანა, ფხიზლად დგას უფლის რჯულის ყოველი დამრღვევის გზაზე და ის, ვინც მოსალოდნელ საშიშროებას არ აცნობიერებს და მარადიულ თავშესაფარში შესვლისაკენ არ ისწრაფვის, დამღუპველის ნადავლად იქცევა.პწ 336.2

    ტუსაღი, რომელიც თავშესაფარ ქალაქს დატოვებდა და მის გარეთ გამოვიდოდა, შურისმაძიებლის ხელში ხვდებოდა. ამგვარად, ადამიანებს ასწავლიდნენ, მტკიცედ დადგომოდნენ გზას, რომელიც მათივე უშიშროებისათვის დაუდგინა უზენაესმა სიბრძნემ. საკმარისი არაა ცოდვილისთვის, მხოლოდ სჯეროდეს, რომ ქრისტე მიუტევებს ცოდვებს, არამედ რწმენითა და მორჩილებით უნდა დარჩეს მასში /ქრისტეში/. “ვინაიდან, თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შემეცნება, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი” /ებრ. 10:26,27/.პწ 336.3

    ისრაელის ორმა შტომ - გადელებმა და რეუბენელებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა იორდანეზე გადასვლის წინ მიიღო თავისი წილი. ქანაანის ვერც ერთი კუთხე ვერ შეედრებოდა გალაადისა და ბაშანის მთიან ფერდობებსა და დიდებულ ტყეებს, სადაც მეტად ძვირფასი საძოვრები იყო მათი საქონლისათვის. ზემოთ აღნიშნულმა ორმა შტომ და მენაშეს ნახევარმა შტომ, რომელთაც ამ ადგილებში ცხოვრება მოისურვეს, ფიცით აღუთქვეს ისრაელიანთ, რომ თავისი ტომიდან გაუგზავნიდნენ შეიარაღებულ მეომრებს, რომლებიც მათთან ერთად გადალახავდნენ იორდანეს, ყველა ბრძოლაში მიიღებდნენ მონაწილეობას, სანამ ძმები თავთავიანთ წილს არ დაისაკუთრებდნენ, რაც აასრულეს კიდეც. როცა ისრაელიანთა ათი შტო ქანაანში შევიდა, “გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით... ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად” /იესო.4:12,13/. წლების განმავლობაში ერთგულად იბრძოდნენ ისინი თავიანთი ძმების გვერდით. ახლა კი დადგა დრო კუთვნილ მიწაზე მათი დაბრუნებისა. და, რადგან ისინი ძმებთან ერთად თანაბრად მონაწილეობდნენ ყველა ბრძოლაში, ნადავლსაც მათთან ერთად ინაწილებდნენ. ასე რომ, დიდი ქონებით დაბრუნდნენ ისინი თავთავიანთ სახლებში: “დიდძალი პირუტყვით, ოქროვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით”. და ყოველივე ეს მათთვის უნდა გაენაწილებინათ, ვინც ოჯახებში და საქონელთან იყო დატოვებული.პწ 336.4

    მათი კუთვნილი მიწა საწმიდრიდან შორს იყო. ამიტომ დიდად წუხდა იესო ნავეს ძე მათი უკან დაბრუნებისას, რადგან იცოდა, თუ რა დიდი იყო ცდუნება, რომელიც იქ ელოდათ: განმარტოებულთ, მომთაბარე ცხოვრებისას, ადვილად შეეძლოთ იმ მხარეში დასახლებულ წარმართთა ტომების წესჩვეულებათა გადმოღება.პწ 337.1

    და, როდესაც იესო ნავეს ძე და სხვა თავკაცნი ამ ნაღვლიან ფიქრებს და მძიმე წინათგრძნობას შეეპყრო, უცნაური ხმები მისწვდა მათ ყურს. იორდანეს ნაპირზე, იმ ადგილის მახლობლად, სადაც უფლის სასწაულებით გადალახეს ეს მდინარე, ისრაელიანთა ორნახევარმა შტომ სილოამის სამსხვერპლოს მსგავსი დიდი საკურთხეველი ააგო. უფლის რჯული სიკვდილის მუქარით კრძალავდა საწმიდრის გარდა სხვაგვარი მსახურების დაწესებას. თუკი სამსხვერპლო მსახურებისთვის იქნა აგებული, მისი ხელშეუხებლად მიტოვების შემთხვევაში, იგი ჭეშმარიტ რწმენას დაუკარგავდა ხალხს.პწ 337.2

    ამის გამო ერის წარმომადგენელნი სილოამში შეიკრიბნენ და მრისხანე აღშფოთებით ითხოვდნენ განდგომილთა წინააღმდეგ ბრძოლით წასვლას. მაგრამ უფრო წინდახედულთა წინადადებით გადაწყდა: ამოერჩიათ ამ განსაკუთრებული საქმისათვის განწესებული ადამიანები და გაეგზავნათ, რათა ახსნაგანმარტება მიეღოთ ამ ორნახევარი შტოსაგან თავისი საქციელის გამო. ყოველი შტოდან ათი თავკაცი იქნა არჩეული ფინხასის ხელმძღვანელობით, რომელიც ჯერ კიდევ ადრე, ფეღორთან წარმოჩინდა ღვთისადმი თავისი ერთგულებით.პწ 337.3

    შეცდომა ჩაიდინა ამ ორნახევარმა შტომ, ყოველგვარი წინასწარი განმარტების გარეშე რომ გააკეთა ეს, რითაც ასეთი მძიმე ეჭვები აღუძრა ძმებს. მათ დანაშაულში დარწმუნებულმა ელჩებმა მკაცრად უსაყვედურეს, უფლის წინააღმდეგ ამბოხებაში დაადანაშაულეს და გაახსენეს, თუ რა სასჯელი მოუვლინა ღმერთმა ისრაელს, როცა ბაალფეღორს მიეკედლა იგი. მთელი ისრაელის სახელით გამოუცხადა ფინხასმა გადისა და რეუბენის შთამომავლებს, რომ თუკი ამ მიწაზე სამსხვერპლოს გარეშე ცხოვრება არ სურთ, მაშინ დასახლდნენ იორდანეს მეორე მხარეს თავის სხვა ძმებთან ერთად.პწ 337.4

    ბრალდებულებმა პასუხად მოახსენეს, რომ ეს სამსხვერპლო მსხვერპლის შესაწირად არ აუგიათ, არამედ - იმის მოწმობად, რომ, თუმცა მათ მდინარე ყოფთ ერთმანეთისაგან, მაგრამ ისინი იმავე რელიგიას აღიარებენ, რომელსაც მათი ძმები იორდანეს გაღმა, რადგან შიშობდნენ, მათი შვილები საწმიდრისაგან არ გარიყულიყვნენ და არ ეფიქრათ, რომ ისრაელში წილი არა აქვთ. ეს სამსხვერპლო, სილოამის საკურთხევლის მსგავსად აგებული, მუდამ უნდა მოწმობდეს, რომ მისი მშენებლები ცოცხალი ღმერთის თაყვანისმცემელნი არიან.პწ 337.5

    უდიდესი სიხარულით მოისმინეს წარგზავნილებმა ეს ახსნაგანმარტება, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ უკან და ეს ამბავი საზოგადოების ხელმძღვანელთ მოახსენეს. მოსალოდნელი ბრძოლისათვის მზადების გეგმა თავისთავად ჩაიშალა. დიდად გაიხარა ხალხმა და მადლობა შესწირა ღმერთს.პწ 337.6

    გადისა და რეუბენის შვილებმა სამსხვერპლოზე გააკეთეს წარწერა, რომელიც მისი აგების მიზანს განმარტავდა: “მოწმე არის იგი ჩვენს შორის, რომ ღმერთია უფალი”, რითაც მომავალში ყოველგვარ გაუგებრობას და ცდუნებას აიცილებდნენ თავიდან.პწ 338.1

    რა ხშირად ვაწყდებით ხოლმე სერიოზულ სიძნელეებს უბრალო გაუგებრობის გამო მათ შორისაც კი, ვინც კეთილშობილური მიზნებით მოქმედებს; და, თუკი ამ დროს მოთმინებასა და თავაზიანობას არ გამოვავლენთ, შესაძლოა, მეტად სერიოზული და საბედისწერო შედეგიც კი მივიღოთ. ისრაელის ათივე შტოს კარგად ახსოვდა, თუ როგორ დასაჯა ღმერთმა ისინი ყაქანის შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა მათი მოძმის მიერ ჩადენილი ცოდვის მხილებას ასე არასერიოზულად მოეკიდნენ. ახლა მათ მეტად სწრაფი, მეტად სერიოზული ზომების გატარება ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ, ადრინდელი შეცდომის განმეორების შიშით, სხვა უკიდურესობაში ჩაცვივდნენ. შემთხვევის მოთმინებითა და მშვიდად გამოკვლევის ნაცვლად საყვედურებისა და ბრალდებების კორიანტელი დაატრიალეს. გადისა და რეუბენის შვილებსაც რომ იგივეთი ეპასუხათ, ომი გაჩაღდებოდა. როდესაც ერთი მხარისაგან ცოდვისადმი მეტად სერიოზული და პატიოსანი მიდგომაა საჭირო, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მეორე მხარემაც თავი შეიკავოს სწრაფი დასკვნებისა და უსაფუძვლო ეჭვისაგან.პწ 338.2

    ბევრი ადამიანი, რომელიც მეტად მგრძნობიარეა თავისი საქციელის სულ მცირე გაკიცხვის დროსაც კი, დიდ სისასტიკეს იჩენს მათ მიმართ, ვის ბოროტებაშიც თავად შეაქვს ეჭვი. გაკიცხვას და საყვედურებს ჯერ არავინ გამოუსწორებია, არამედ ბევრი ამის შემდეგ უფრო შორდება ჭეშმარიტების გზას და გულს ისასტიკებს. სიკეთის, მოთმინებისა და ყურადღების სულს ცოდვილის გადარჩენა და მრავალი მანკიერების აღმოფხვრა შეუძლია.პწ 338.3

    მიბაძვის ღირსია რეუბენის ძეთა და მისი ძმების საქციელი. ცილი დასწამეს და სასტიკად გაკიცხეს ისინი მაშინ, როცა მათ ჭეშმარიტი რელიგიის უკვდავყოფა მოისურვეს, მაგრამ არავითარი მრისხანება ამის გამო არ გამოუვლენიათ. სანამ ბრალდებებისაგან თავს დაიცავდნენ, მოთმინებითა და გულისყურით მოუსმინეს ძმებს, შემდეგ ყველაფერი აუხსნეს და თავიანთ უდანაშაულობაში დაარწმუნეს. ამრიგად, გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, უბედურებით დამთავრებულიყო, მეგობრულ, ძმურ ვითარებაში გაირკვა.პწ 338.4

    მართალმა კაცმა სიმშვიდე და თავშეკავებულობა უნდა შეინარჩუნოს, თუნდაც ცრუ ბრალდება წაუყენონ. ღმერთმა კარგად იცის ყოველივე ის, რასაც ადამიანები არასწორად აღიქვამენ და განმარტავენ. ამიტომ, მშვიდად უნდა მივანდოთ უფალ ღმერთს ჩვენი საქმე. იგი აუცილებლად გაამართლებს მის მოიმედეს, ისევე, როგორც ყაქანის დანაშაული გამოავლინა. ქრისტეს სულით მოარული ყოველი კეთილი და მომთმენი ადამიანი, მუდამ შეძლებს სიყვარულის გამოვლენას.პწ 338.5

    უფალს სურს, მისი ხალხი ერთობითა და ძმური სიყვარულით გამოირჩეოდეს. ჯვარცმის წინ ქრისტე ლოცულობდა, მისი მოწაფეები ერთნი ყოფილიყვნენ, ისევე, როგორც ის არის ერთი მამასთან და მაშინ წუთისოფელი ირწმუნებს, რომ იგი ღმერთის მიერ არის წარმოგზავნილი. ამ უმშვენიერესმა და სულისშემძვრელმა ლოცვამ დღემდე მოაღწია, რამეთუ იგი ლოცულობდა: “მე მხოლოდ მათზე არ გევედრები, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მოწამენი იქნებიან თავიანთი სიტყვით” (იოან.17:20). ჩვენ მუდამ ამ ერთობისაკენ უნდა ვისწრაფოდეთ, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ჭეშმარიტების არც ერთი პრინციპი არ უნდა დავთმოთ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ იესოს მოწაფეები ვართ. მან თქვა: “ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის” (იოან. 13:35). პეტრე მოციქული მოძღვრავს ეკლესიას: “ბოლოს, იყავით ყველა ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი, ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტისა წილ და ლანძღვას ლანძღვისა წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ” (1 პეტრ.3:8,9).პწ 338.6