Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 31 - ნადაბისა და აბიჰუს ცოდვა

    ლევიანნი 10:1-11

    სადღესასწაულო კარვის კურთხევის შემდეგ მღვდელმსახურნიც აკურთხეს წმიდა მსახურებისათვის. შვიდ დღეს გრძელდებოდა ეს ცერემონიები. ყოველი დღე განსაკუთრებული მსახურებით გამოირჩეოდა. მერვე დღეს კი მსახურებას შეუდგნენ. თავისი შვილების დახმარებით, უფლის მოთხოვნის თანახმად, აარონმა მოიტანა ყველა საჭირო მსხვერპლი, შემდეგ კი ხელები ცისკენ აღაპყრო და ხალხი აკურთხა. ყველაფერი უფლის ნებისამებრ გაკეთდა. ფფალმაც მიიღო ეს მსხვერპლი და განსაკუთრებული სახით გამოავლინა თავისი დიდება - მისგან გამოსულმა ცეცხლმა შთანთქა სამსხვერპლოზე დადებული აღსავლენი. მოწიწებით, შიშითა და ღრმა ინტერესით უცქერდა ხალხი ღვთიური ძლიერების ამ საოცარ გამოვლინებას. უფლის დიდების ნიშანს და კეთილგანწყობას ხედავდნენ მასში. საყოველთაო ქებადიდება და ხოტბა აღმოხდათ, პირქვე დაემხენ და თაყვანი სცეს დიდ იეჰოვას.პწ 227.6

    მაგრამ სულ მალე მღვდელმთავრის ოჯახს საშინელი უბედურება დაატყდა თავს. ნსახურების დროს, როცა ხალხის ლოცვები და მადლობის სიტყვები ზეცაში, უფლის ტახტამდე აღწევდა, აარონის ორმა ვაჟმა აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური, ჩადეს მათში ცეცხლი, დადეს მასზე საკმეველი და მიიტანეს უფლის წინაშე “უცხო ცეცხლი”, რითაც უფლის ბრძანება დაარღვიეს. კმევისათვის მათ გამოიყენეს ჩვეულებრივი და არა წმიდა ცეცხლი, თავად უფლის მიერ დანთებული და მისი ბრძანებით მსგავსი მიზნებისათვის მიცემული. სწორედ ამ ცოდვის გამო გამოვიდა ცეცხლი უფლისგან და მთელი ხალხის წინაშე შთანთქა ისინი.პწ 228.1

    ნადაბსა და აბიჰუს ყველაზე მაღალი ადგილი ეკავათ ისრაელში მოსესა და აარონის შემდეგ. უფალმა განსაკუთრებულად გამოარჩია ისინი, როდესაც ნება დართო, ისრაელის სამოცდაათ უხუცესთან ერთად ასულიყვნენ უფლის მთაზე და მისი დიდება ეხილათ. მაგრამ ამის გამო დანაშაულზე თვალის დახუჭვა ან გამართლება შეუძლებელი იყო. პირიქით, ამ გარემოებამ უფრო დაამძიმა მათი დანაშაული. ის, რომ უდიდესი ნათელი მიიღეს და, როგორც ისრაელიანთა მთავრებს, მთაზე ასვლისა და უფალთან უშუალო ურთიერთობის უპირატესობა ხვდათ წილად, სულაც არ აძლევდა მათ ჩადენილი ცოდვის დაუსჯელობის იმედს; რომ, ვინაიდან უფალმა ასეთი დიდი პატივი მიაგო, მკაცრად არ დაისჯებიან. ეს უდიდესი შეცდომა იყო. ჩვენთვის მოცემული უდიდესი ნათელი და უპირატესობანი ჩვენგანაც შესაბამის სიწმიდეს და კეთილგონიერებას ითხოვს. უფრო მცირეზე არ თანხმდება უფალი. უდიდესმა კურთხევამ და უპირატესობამ ჩვენში უზრუნველობა და უპასუხისმგებლობა არ უნდა გამოიწვიოს. ეს უფლებას არ გვაძლევს, შევცოდოთ ან ვიფიქროთ, რომ ღმერთი არ იქნება მკაცრი და მომთხოვნი ჩვენს მიმართ. უფლის მიერ ბოძებულმა ყველა უპირატესობამ უნდა გააძლიეროს მისდამი ჩვენი მსახურების გულმოდგინება და მოგვცეს ძალა მისი წმიდა ნების შესასრულებლად.პწ 228.2

    ნადაბსა და აბიჰუს სიყმაწვილიდანვე არ გააჩნდათ თავშეკავების უნარი. თავისი დამთმობი ხასიათისა და სამართლიანობის საკითხებში უუნარობისა და სისუსტის გამო მამამ ვერ შეძლო შვილების სათანადოდ აღზრდა. თავის ნებაზე მიუშვა აარონმა შვილები. ეგოისტურმა გრძნობებმა ისე იმძლავრა მათში, რომ თავისი წმიდა მოვალეობაც კი დაავიწყდათ. მათთვის არ უსწავლებიათ მამის ავტორიტეტისადმი პატივისცემის გამოვლენის საჭიროება და არც უფლის მოთხოვნათა შესრულების აუცილებლობა ესმოდათ. თავისი შვილებისადმი აარონის გულგრილმა დამოკიდებულებამ ღვთიური სასჯელის მსხვერპლნი გახადა ისინი.პწ 228.3

    უფალს სურდა, ესწავლებინა ხალხისათვის, მოწიწებითა და თრთოლვით მიახლოებოდნენ მას და მისი დადგენილებისამებრ ემსახურათ. იგი არ იღებს ნაწილობრივ მსახურებას და ნაწილობრივ მორჩილებას. სულაც არაა საკმარისი, მხოლოდ ღვთისმსახურების დროს აღასრულო ზუსტად მისი დადგენილებები. უფალმა დასწყევლა ისინი, ვინც მის მცნებებს არ შეასრულებს და წმიდას ჩვეულებრივისაგან არ განასხვავებს. წინასწარმეტყველის მეშვეობით ამბობს უფალი: “ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას!.. ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!.. ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისათვის და ალალმართლის გამამტყუნებელს!.. რადგან შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის შეგონება არად ჩააგდეს” /ეს. 5:20-24/. ნურვინ მოიტყუებს თავს, თითქოს უფლის ზოგიერთი მცნების შესრულება სავალდებულო არაა და თითქოს ღმერთი მიიღებს სხვა რაიმეს ნაცვლად იმისა, რასაც თავად ითხოვს. იერემია წინასწარმეტყველი ამბობს: “ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა?” /გოდ. 3:37/. უფალს არ მოუცია წმიდა წერილებში რაიმე მითითება იმის შესახებ, რომ ადამიანები თავიანთი თავისუფალი საქციელის გამო დაუსჯელნი დარჩებიან. ვინც მორჩილების მკაცრ გზას გადაუდგება და სხვა გზით ივლის, აღმოჩნდება, რომ “მისი ბოლო სიკვდილის გზაა” /იგავ. 14:12/.პწ 228.4

    “უთხრა მოსემ აარონს, და მის შვილებს - ელიაზარს და ითამარს: თავს ნუ გაიშიშვლებთ და ტანისამოსს ნუ შემოიგლეჯთ, რომ არ დაიხოცოთ... რადგან საუფლო მირონია თქვენზე”. დიდმა წინამძღოლმა უფლის სიტყვები გაახსენა ძმას: “ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვდიდდები”. დუმდა აარონი. შვილების ასეთი მოულოდნელი სიკვდილი, თანაც ასეთი საშინელი ცოდვის გამო, ცოდვისა, რომელიც, ამას ახლა უკვე მიხვდა, საკუთარი გულგრილობის შედეგი იყო, საშინლად სტანჯავდა მამის გულს, მაგრამ თოკავდა თავის გრძნობებს. სულ მცირე მწუხარებითაც კი არ უნდა გამოეხატა მას თავისი ნაღველი, რათა ცოდვის თანაგრძნობად არ მიეღოთ და ღვთის წინააღმდეგ საყვედურების საბაბად არ გამოეყენებინათ.პწ 229.1

    უფალს სურდა, ესწავლებინა თავისი ხალხისათვის მისი ქმედებების სამართლიანობის აღიარება, რათა სხვებს ღვთის შიში ჰქონოდათ. ბევრ ისრაელიანს ეს საშინელი სასჯელი, შესაძლოა, გაფრთხილებად მიეღო და უფლის დიდი მოთმინება ბოროტად აღარ გამოეყენებინა, სანამ თავის ბედს თავად არ გადაწყვეტდა. უფალი კიცხავს იმ ცოდვილისადმი ცრუ თანაგრძნობას, რომელიც თავის დანაშაულს ამართლებს. ცოდვა იმდენად ასუსტებს ადამიანის ზნეობას, რომ იგი ვეღარ გრძნობს დანაშაულის საშინელებას და სულიწმიდის ძალის გარეშე დარჩენილი, თავის ცოდვას ვეღარც ამჩნევს. ქრისტეს მსახურთა უპირველესი მოვალეობაა, მიუთითონ გზააბნეულთ, აუხსნან, თუ რა საშიშროება ელით. ის, ვინც ცოდვილს არ აფრთხილებს, სიმართლეს არ უცხადებს და ცოდვის შედეგებზე არ მიუთითებს, ხშირად თავს იმით იმშვიდებს, რომ, თითქოსდა, გონივრულად იქცევა, მაგრამ ასეთი საქციელით სულიწმიდას მსახურებაში უშლის ხელს. ასეთი ადამიანები უფსკრულის პირას მდგარ ცოდვილთ ამშვიდებენ, რითაც მათი დანაშაულის მოზიარენი ხდებიან და საშინელ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე მათი დაღუპვისათვის. ბევრი, ძალზე ბევრი ადამიანი გახდა მსხვერპლი ასეთი ცრუ, მოჩვენებითი თანაგრძნობისა.პწ 229.2

    ნადაბი და აბიჰუ არასოდეს ჩაიდენდნენ ასეთ საბედისწერო შეცდომას, ფხიზლად რომ ყოფილიყვნენ. მათ კარგად იცოდნენ, რომ საწმიდარში, უფლის წინაშე წარდგომისათვის განსაკუთრებული, საზეიმო მომზადება იყო საჭირო. მაგრამ თავშეუკავებლობამ მათ უღირსი საქციელისკენ უბიძგა: გონება დაუბნელდათ დ ზნეობრივად ისე დაეცნენ, რომ წმიდა ჩვეულებრივისაგან ვეღარ განასხვავეს. აარონსა და მის ცოცხლად დარჩენილ შვილებს ებრძანათ: “როცა სადღესასწაულო კარავში ხართ შესასვლელი, ნუ დალევთ - ნურც შენ და ნურც შენი შვილები ღვინოს და მათრობელ სასმელს, რომ არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენს თაობებში. რომ გაირჩეს საღვთო და საერო, უწმიდური და განწმედილი; რომ ასწავლოთ ისრაელიანებს ყოველი წესი, რომელიც მოსეს პირით გამოაცხადა უფალმა”. ალკოჰოლური სასმელები ასუსტებს სხეულს, აბნელებს გონებას და ამდაბლებს ზნეობას, რის გამოც ადამიანებს ვერ გაუცნობიერებიათ, თუ რაოდენ წმიდა და უცილობელია ის, რასაც უფალი მოითხოვს. ყოველი ღვთისმსახური ძალზე თავშეკავებული უნდა იყოს, რომ შეეძლოს სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვრის დადება; პრინციპული სიმტკიცე და სიბრძნე გააჩნდეს, სამართლიანად უხელმძღვანელოს და გამოიჩინოს მოწყალება.პწ 229.3

    მსგავსი მოვალეობა ეკისრება ქრისტეს ყოველ მიმდევარს. პეტრე მოციქული ამბობს: “თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი” /1 პეტრ. 2:9/. უფალი მოითხოვს, წმიდად შევინახოთ ჩვენი სხეული და სული, რათა ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს შემოქმედს. ალკოჰოლური სასმელების მიღება ისეთივე შედეგს მოგვიტანს, რაც - ისრაელის მღვდლებს. ამ შემთხვევაში ადამიანის სინდისი უგრძნობია ცოდვის მიმართ და ეს იმდენად ასასტიკებს გრძნობებს, რომ ყოველი განსხვავება ჩვეულებრივსა და წმიდას შორის კარგავს თავის მნიშვნელობას. როგორღა უნდა აღვასრულოთ ღვთიური მოთხოვნები? “ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით. ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისანი არიან” /1 კორ. 6:19,20/. “ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად” /1 კორ. 10:31/. ეს საზეიმო და სასტიკი გაფრთხილება ყველა საუკუნის ეკლესიისადმია მიმართული: “თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენ ხართ” /1 კორ.3:17/.პწ 230.1