Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 51 - უფლის მზრუნველობა ღარიბთათვის

    იმისათვის, რომ უფრო მეტ ხალხს მიეღო მონაწილეობა რელიგიურ მსახურებაში, ღარიბ ადამიანთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მთელი შემოსავლიდან მეორე მეათედი იქნა დაწესებული. პირველ მეათედთან დაკავშირებით უფალმა თქვა: “ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი” /რიცხ. 18:21/. მეორე მეათედის შესახებ კი თქვა: “და ჭამე უფლის, შენი ღმერთის წინაშე, იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად, ხორბლის, ღვინის და ზეთის მეათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის, შიში სამუდამოდ” /რჯლ. 14:23; იხ. 14:29; 16:11-14/. ეს მეათედი ან მისი შესაბამისი თანხა ადამიანებს უნდა მოეტანათ საწმიდარში ორი წლის განმავლობაში. ღვთისათვის სამადლობელი ძღვენის შეწირვისა და განსაზღვრული ნაწილის მღვდელმსახურისათვის განაწილების შემდეგ დარჩენილ ხორაგს რელიგიური დღესასწაულისათვის იყენებდნენ, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ლევიანები, ხიზნები და ქვრივობოლნი. ყოველივე ეს იმისათვის კეთდებოდა, რომ ადამიანებს, რომელთაც სამადლობელი ძღვენი მოჰქონდათ და ყოველწლიურ ზეიმზე ნადიმს მართავდნენ, მღვდელმსახურთა და ლევიანთა საზოგადოებაში ყოფნის შესაძლებლობა ჰქონოდათ, რათა მსახურებისას მათი რჩევადარიგებებით გამხნევებულიყვნენ. ყოველ მესამე წელიწადს მეორე მეათედი განკუთვნილი იყო ლევიანთა და ღარიბთათვის, როგორც მოსემ თქვა: “...რომ ჭამონ შენს კარზე და გაძღნენ” /რჯლ.26:12/. ეს მეათედი საქველმოქმედო საქმეებისა და სტუმართა გამასპინძლებისათვის იყო განკუთვნილი.პწ 346.1

    ღარიბთა დასახმარებლად სხვა გზებსაც პოულობდნენ. მოსეს მიერ დადგენილი წესები განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისუფლების, ღარიბთა მიმართ მზრუნველობისა და სიუხვის სულით. უფალმა უხვი კურთხევა აღუთქვა თავის ხალხს, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ სიღარიბე სრულიად უცხო იქნებოდა მათთვის. უფალმა ბრძანა, რომ ღარიბნი იქნებიან დედამიწაზე და მის ერში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომელნიც თანაგრძნობას, სულგრძელობასა და მზრუნველობას გამოიჩენენ მათ მიმართ. მაშინაც, ისევე, როგორც დღეს, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევებს, სნეულებებს, კარგავდნენ ქონებას, მაგრამ ვიდრე უფლის დადგენილ წესებს ასრულებდნენ, მათ შორის არ იყვნენ არც მათხოვარნი და არც მშიერნი.პწ 346.2

    უფლის რჯულის თანახმად, ღარიბს ჰქონდა უფლება მიწის ნაყოფის გარკვეულ ნაწილზე. მშიერ ადამიანს შეეძლო, წასულიყო მეზობლის ყანაში, ბაღში ან ვენახში და აეღო პურის მარცვალი ან ხილი. ამიტომ იყო, რომ ქრისტეს მოწაფეებმა შაბათ დღეს, ყანებზე გავლისას, თავთავები მოწყვიტეს და პურის მარცვლები შეჭამეს.პწ 346.3

    ყოველივე ის, რაც ყანაში, ბაღში ან ვენახში დარჩებოდა, ღარიბთ ეკუთვნოდათ. “თუ მომკი სამკალს და ძნა დაგავიწყდება სამკალში, ნუღა გაბრუნდები მის წამოსაღებად... როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, რტოებს ნუღა დაუწყებ თვალიერებას... როცა ვენახს დაკრიფავ, მომცვრევას ნუღა დაიწყებ - მდგმურებსა და ქვრივობლებს დარჩეთ. გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში” /რჯლ. 24:19-22; იხ. ლევ. 19:9,10/.პწ 346.4

    ყოველი მეშვიდე წელი განსაკუთრებულ პრივილეგიათა წელი იყო ღარიბთათვის. შაბათის წელიწადი /როგორც მას უწოდებდნენ/ მკის შემდეგ იწყებოდა. სამკლის აღების შემდეგ, თესვის პერიოდის დამდეგს, ადამიანებს არ უნდა დაეთესათ; არც ვენახები და ბაღები უნდა გაეწმინდათ და არც სხვა მოსავალზე უნდა ეფიქრათ. მათ შეეძლოთ, ეჭამათ მიწის ყოველი ახალმოწეული, მაგრამ არაფერი არ უნდა მოეკრიფათ და შეენახათ ბეღლებში. იმ წლის მოსავლის აღების უფლება მხოლოდ მდგმურებს, ქვრივობლებსა და გარეულ პირუტყვს ჰქონდათ /იხ. გამ. 23:10,11; ლევ. 25:5/.პწ 346.5

    მაგრამ, თუკი მიწა მხოლოდ იმდენს აძლევს ადამიანს, რომ საკუთარი საჭიროების დაკმაყოფილება შეძლოს, როგორღა უნდა გაძლოს მთელი წელიწადი მოსავლის გარეშე? ამასთან დაკავშირებით უფალი ბრძანებდა: “ვბრძანებ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს და მოიყვანს მოსავალს სამი წლისთვის. დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ, ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს” /ლევ. 25:21,22/.პწ 347.1

    შაბათის წელიწადის დაცვა კურთხევად უნდა ქცეულიყო ხალხისთვისაც და მიწისთვისაც. ერთი წლის დასვენებული მიწა შემდგომში უხვ მოსავალს იძლეოდა. ადამიანებიც ისვენებდნენ ამ დროს მინდვრის მძიმე სამუშაოებისაგან და, თუმცა ხალხი სხვა სამუშაოს ასრულებდა, ყველა შეხაროდა ამ თავისუფალ დროს, რომელიც მომავალი სამუშაოებისათვის ძალღონის აღდგენის შესაძლებლობას აძლევდა. უფრო მეტი დრო ჰქონდათ მათ მსჯელობისათვის, ლოცვისათვის და იმისათვის, რომ უკეთესად გაცნობოდნენ უფლის რჩევებსა და მოთხოვნებს და ოჯახისთვისაც მეტი ყურადღება მიექციათ.პწ 347.2

    ყოველ შაბათის წელიწადს ყმაებრაელთ ათავისუფლებდნენ. არ შეიძლებოდა მათი ხელცარიელი გაშვება. უფალი ბრძანებდა: “როცა გაათავისუფლებ, ხელცარიელი არ გაუშვა. მიეცი საჩუქრად რაიმე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს, მიეცი” /რჯლ. 15:13,14/.პწ 347.3

    თავის დროზე უნდა მიეცათ შრომისათვის გასამრჯელო. “ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში... მცხოვრები მდგმური. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს” /რჯლ. 24:14,15/.პწ 347.4

    განსაკუთრებული მითითება იყო გაქცეულ ყმებთან დაკავშირებით: “არ გადასცე თავის პატრონს ყმა, რომელიც შენთან გამოექცა პატრონს. იცხოვროს შენთან, შენს წრეში, იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს შენს ერთერთ ქალაქში, სადაც მოეწონება. არ დაჩაგრო იგი” /რჯლ. 23:15,16/.პწ 347.5

    მეშვიდე წელიწადი ვალებისაგან გათავისუფლების წელი იყო ღარიბთათვის. ნაბრძანები ჰქონდათ ებრაელებს, მუდამ დახმარებოდნენ გაჭირვებულ ძმებს და სესხი სარგებლის გარეშე მიეცათ. ღარიბისაგან სარგებლის აღება მკაცრად ეკრძალებოდათ: “თუ შენი მოძმე გაღარიბდება და შენს თვალწინ გაჭირვებაში ჩავარდება, შეეშველე მას, მდგმური იქნება თუ ხიზანი, და იცხოვროს შენთან. ნუ აიღებ მისგან სარგებელს და ვახშს - შენი ღვთისა გეშინოდეს! - და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან. ვერცხლს სავახშოდ ნუ გასცემ და სარგებლისთვის ნუ გასცემ შენს საჭმელს” /ლევ. 25:35-37/. თუკი ადამიანი ვალს გათავისუფლების წლამდე ვერ გადაიხდიდა, ეპატიებოდა, ხალხი კი მკაცრად იყო გაფრთხილებული, რომ ამის გამო მას უარი არ უნდა ეთქვა გაჭირვებული ძმისათვის დახმარებაზე. “თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი... გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ... ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი, არ თქვა: ახლოვდება მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ მოძმეს და არაფერს მისცემ. უფალთან გიჩივლებს და ცოდვა დაგედება... რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეყანაში”. “არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მისი გასაჭირის კვალობაზე, რაც უჭირს” /რჯლ. 15:7-11/.პწ 347.6

    არავის არ უნდა შინებოდა იმისი, რომ ხელგაშლილობა გააღარიბებდა. უფლის ბრძანებისადმი მორჩილს უხვი კურთხევა ჰქონდა უფლისაგან. “ბევრ ხალხს ექნება შენი ვალი, შენ კი არ ისესხებ”, - ბრძანა უფალმა, - ბევრ ხალხზე იბატონებ, შენზე კი არავინ იბატონებს” /რჯლ. 15:6/.პწ 348.1

    “შვიდი უქმობის წელიწადის” ანუ “შვიდჯერ შვიდი წელიწადის” შემდეგ დგებოდა გათავისუფლების უდიდესი წელიწადი - იუბილე. “დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში... მთელს თქვენს ქვეყანაში. წმიდაჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენთქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენთქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი” /ლევ. 25:9,10/.პწ 348.2

    “თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს” საზეიმოდ ისმოდა ბუკის ხმა. მთელს დედამიწაზე, სადაც კი ებრაელი ცხოვრობდა, გაისმოდა ეს ხმა და იაკობის ყველა შვილს ამცნობდა შენდობის დღის შესახებ. ამ დღეს ხდებოდა ისრაელის ცოდვათა მიტევება და ხალხიც სიხარულით ელოდებოდა მას.პწ 348.3

    ამ წელსაც ისე, როგორც სხვა შაბათის წელიწადს, არ თესავდნენ და არც მოსავალს იღებდნენ და ყოველი მიწის ნაყოფი ღარიბთა კანონიერ საკუთრებად ითვლებოდა. ებრაელთა ყმების გარკვეული ჯგუფი - ის, ვინც შაბათის წელიწადს არ გათავისუფლდა - ახლა თავისუფალი იყო. ეს საიუბილეო წელიწადი განსაკუთრებით იმით გამოირჩეოდა, რომ მიწის ყოველი ნაკვეთი თავის ადრინდელ მესაკუთრეს უბრუნდებოდა. უფლის განსაკუთრებული მითითებით, იუდეველთა მთელი მიწა წილისყრით იყო დაყოფილი. განაწილების შემდგომ არავის ჰქონდა თავისი სამკვიდრებლის გაყიდვის უფლება. მაგრამ თუკი გაჭირვების გამო ხდებოდა კიდეც ეს და შემდგომ, თუკი პატრონი ან მისი რომელიმე ნათესავი მის გამოსყიდვას მოისურვებდა, მყიდველს უარი არ უნდა ეთქვა მის კვლავ გაყიდვაზე. თუ მიწა გამოუსყიდავი რჩებოდა, ამ საიუბილეო წელიწადს მის პირველ პატრონს ან მის მემკვიდრეს უბრუნდებოდა.პწ 348.4

    უფალმა გამოუცხადა ისრაელს: “მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან”/ლევ. 25:23/. ადამიანებს უნდა სცოდნოდათ, რომ მიწა, რომლითაც დროებით სარგებლობდნენ ისინი, ღმერთს ეკუთვნოდა; მხოლოდ უფალი იყო მისი ჭეშმარიტი მესაკუთრე და სრულუფლებიანი ბატონი და მანვე იზრუნა ღარიბთათვის და გაჭირვებულთათვის. ყველას უნდა სცოდნოდა, რომ ღარიბებს ისეთივე უფლება აქვთ უფლის ქვეყანაში, როგორც მდიდრებს.პწ 348.5

    აი, რა გააკეთა მოწყალე ღმერთმა გაჭირვებულთა დასახმარებლად, რათა იმედის სხივი და ღვთიური ნათლის ნაპერწკალი შეეტანა ღარიბთა და სასოწარკვეთილთა ცხოვრებაში. უფალს სურდა, შეეზღუდა ადამიანთა სიყვარული საკუთრებისა და ხელმწიფებისადმი. ტაზოგადოების ერთი ფენის მიერ მეორის გაღატაკების ხარჯზე სიმდიდრის დაგროვებას ყოველთვის დიდი უბედურება მოჰქონდა. მდიდართა ხელმწიფება ცოტათი რომ არ შეზღუდულიყო, ღარიბები, თუმცა ძვირფასნი უფლის თვალში, მაინც უარყოფილნი იქნებოდნენ თავიანთი მდიდარი ძმების მიერ. ასეთი უსამართლობა ღარიბი საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევდა, სასოწარკვეთილება და გამოუვალი მდგომარეობა კი - ზნეობის დაცემას, რაც სხვადასხვაგვარ დანაშაულს გაუხსნიდა კარს. უფლის მიერ დადგენილი წესებით ქონების განაწილება ადამიანთა თანასწორობას უწყობდა ხელს. შაბათის წელიწადის, განსაკუთრებით კი საიუბილეო წლის დადგომა აღკვეთდა გასულ წლებში ერის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ხინჯებს.პწ 348.6

    არანაკლები კურთხევა მოჰქონდა ამ დადგენილებას მდიდრებისათვის. იგი იცავდა მათ სიძუნწისა და საკუთარი თავის განდიდებისაგან, ხელს უწყობდა ქველმოქმედების კეთილშობილური სულის აღზევებას, ადამიანთა შორის სიკეთისა და ნდობის დამკვიდრებასა და საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფოებრივი წყობის განმტკიცებას. ჩვენ, ადამიანები, ის ნართი ვართ, რითაც კაცობრიობის დიდი ქსოვილი იქსოვება და ყოველივე, რასაც ერთმანეთის საკეთილდღეოდ ვაკეთებთ, კურთხევით დაგვიბრუნდება. ურთიერთდამოკიდებულების კანონი საზოგადოების ყველა ფენაზე ვრცელდება. მდიდრები არანაკლებ დამოკიდებულნი არიან ღარიბებზე, ვიდრე ეს უკანასკნელნი პირველებზე. ღარიბთ სურთ, იმ კურთხევებში ჰქონდეთ წილი, რომელიც უფალმა მათ მდიდარ მეზობლებს მისცა, მდიდრებს კი ესაჭიროებათ მათი ერთგული სამსახური, მათი გონებრივი და ფიზიკური ძალა - ღარიბთა კაპიტალი.პწ 349.1

    უხვი კურთხევა აღეთქვა ისრაელს უფლის მითითებათა შესმენის შემთხვევაში: “თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს. ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ. მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე... ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით... თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს... და დამირღვევთ აღთქმას... ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ” /ლევ. 26:4-6,12,14-17/.პწ 349.2

    ბევრი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ღვთის კურთხევით ყველამ ერთნაირად უნდა ისარგებლოს. მაგრამ სხვაგვარია უფლის ჩანაფიქრი. განსხვავება ცხოვრების პირობებში - ეს ერთერთია იმ საშუალებათაგან, რითაც უფალი ღმერთი სცდის და წვრთნის ადამიანის ხასიათს. და მაინც, მას სურს, რომ მიწიერი სიმდიდრის პატრონებმა უფლის ქონების მნეებად ჩათვალონ თავი და უქონელთა და გაჭირვებულთა საჭიროებისათვის გამოიყენონ იგი.პწ 349.3

    მაცხოვარმა თქვა, რომ ჩვენს შორის ღარიბნი ყოველთვის იქნებიან. და საკუთარ ინტერესებს იგი თავის ტანჯულ შვილთა ინტერესებს უკავშირებს. უდიდესი თანაგრძნობითაა გამსჭვალული მაცხოვრის გული თავისი მიწიერი შვილებიდან ყველაზე საწყალთა და მოკრძალებულთა მიმართ. დაუშვა უფალმა მათი ჩვენს შორის ყოფნა, რათა ჩვენს გულშიც იგივე სიყ- ვარული აანთოს, როგორითაც თავად მას უყვარს დაჩაგრულნი და გაჭირვებულნი. ამ ადამიანთა მიმართ თანაგრძნობისა და მოწყალების გამოხატვას ქრისტე თავად მის მიმართ გაწეულ დახმარებად ღებულობს. ასევე თავისი მისამართით ღებულობს იგი ამ ადამიანთა მიმართ სისასტიკისა და გულგრილობის გამოვლინებას.პწ 349.4

    ღარიბებთან დაკავშირებით მოცემული კანონი დღესაც რომ მოქმედებდეს, რამდენად მაღალი იქნებოდა წუთისოფლის ზნეობრივი, სულიერი და მატერიალური მდგომარეობა! ასე არ აღზევდებოდა ეგოიზმი და პატივმოყვარეობა, არამედ ყოველი ადამიანი სიხარულით შეხვდებოდა სხვების ბედნიერებასა და კეთილდღეობას. არ იქნებოდა ისეთი გაჭირვება, როგორიცაა დღეს მრავალ ქვეყანაში.პწ 350.1

    უფლის მიერ დადგენილმა პრინციპებმა უნდა დაგვიცვან იმ საშინელი ბოროტებისაგან, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე ჰქონდა ადგილი მდიდართა მიერ ღარიბთა შევიწროებისა და ამ უკანასკნელთაგან მდიდართა მიმართ უნდობლობისა და სიძულვილის გამოვლენის გამო. დიდძალი ქონების თავმოყრისა და უსასრულო ფუფუნებისაკენ სწრაფვის აკრძალვით აღარ იქნებოდა სიღატაკე და ათასობით გაჭირვებული და მშიერი ხალხი, რომელთა ხარჯზეც ეს კოლოსალური სიმდიდრე იქმნება. ეს პრინციპები ხელს შეუწყობდა იმ პრობლემათა მშვიდობიან მოწესრიგებას, რომელსაც დღეს ანარქიისა და სისხლისღვრისაკენ მიჰყავს მსოფლიო.პწ 350.2