Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 57 - უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ხელში

    პირველი მეფეთა 3-7

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება უნდა მოესმინა ელის სახლეულს. აღარ შეეძლო უფალს მღვდელმთავართან და მის შვილებთან ურთიერთობა - მათმა ცოდვებმა, სქელი ღრუბლის მსგავსად, მათკენ მომავალი გზა გადაუკეტა სულიწმიდას. მხოლოდ ყრმა სამუელი იყო ღვთის ერთგული იქ გამეფებულ უწმიდურებათა შორის და სწორედ მას, როგორც უზენაესის წინასწარმეტყველს, დაევალა ელის სახლისათვის განაჩენის გამოცხადება.პწ 382.1

    “უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში; ხილვები არ იყო ხშირი. ერთხელ ელი თავის ადგილზე იწვა /თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა/, ღვთის სანთელი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი და სამუელს უფლის ტაძარში ეძინა, სადაც ღვთის კიდობანი იდგა. დაუძახა უფალმა სამუელს”. ყრმას ეგონა, რომ მღვდელმთავარი ეძახდა, წამოხტა, მის საწოლთან მიირბინა და უთხრა: “აჰა, მოვედი, რომ დამიძახე”. მან კი უპასუხა: “არ დამიძახნიხარ, წადი, დაწექი”. სამჯერ მოესმა სამუელს იგივე ხმა და სამჯერვე ასეთი პასუხი გასცა. მაშინ მიხვდა ელი, რომ ეს იდუმალი ხმა უფალს ეკუთვნოდა. უფალმა გვერდით ჩაუარა თავის არჩეულ მსახურს, ჭაღარა მღვდელმთავარს და ყრმას მიმართა. რა თქმა უნდა, ეს ელისა და მისი სახლის დამსახურებული მხილება იყო.პწ 382.2

    მაგრამ ელის გულში არც შური და არც ეჭვი არ გაუვლია. ურჩია სამუელს, იმავე ხმის კვლავ გაგონების შემთხვევაში ასე ეპასუხა: “ბრძანე, უფალო, გისმენს შენი მორჩილი”. წმიდა შიშმა შეიპყრო ყრმა იმის გაფიქრებაზე, რომ თვით უზენაესი ღმერთი დაელაპარაკებოდა და იმდენად დიდი იყო ეს შიში, რომ დაავიწყდა, ზუსტად გაემეორებინა ელისგან ნასწავლი სიტყვები.პწ 382.3

    “უთხრა უფალმა სამუელს: ისეთ რასმე მოვახდენ ისრაელში, რომ ყოველ მის მსმენელს ორთავე ყური გაუყრუვდება. იმ დღეს თავიდან ბოლომდე აღვასრულებ ელიზე ყველაფერს, რაც მის სახლზე წარმოვთქვი. ხომ გამოვუცხადე, რომ უკუნისამდე განვსჯიდი მის სახლს უკეთურების გამო, რადგან იცოდა, რომ თავს ირცხვენდნენ მისი შვილები და არ ამხილებდა მათ. ამიტომაც დავემუქრე ელის სახლს, არც მსხვერპლით და არც ძღვენით არ გამოისყიდებამეთქი უკუნისამდე ელის სახლის უკეთურება”.პწ 382.4

    “ჯერ კიდევ ვერ სცნობდა სამუელი უფალს, ჯერ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა”. ე.ი. წინასწარმეტყველთაგან განსხვავებით, მან არ იცოდა რომ ტაძარში უფალი სუფევდა. უფლის განზრახვაც სწორედ ეს იყო, რომ მოულოდნელად გამოცხადებოდა ყრმას და რომ ამ გაოცებული ყრმისაგან გაეგო ელის თავისი განაჩენი.პწ 383.1

    ძლიერ შეშინდა და განცვიფრდა სამუელი, როცა მიხვდა, თუ რა საშინელი ამბავი ეუწყა. დილით კვლავ შეუდგა იგი ჩვეული საქმის კეთებას, მაგრამ დიდად დაუმძიმდა სული ყრმას. უფალს არ უბრძანებია მისთვის ამ საშინელი სიტყვების ელისათვის გადაცემა, ამიტომ დუმდა იგი, თუმცა ელის გვერდით ყოფნას გაურბოდა. აშინებდა ფიქრი იმაზე, რომ ელის შეკითხვები აიძულებს, უამბოს ღვთიური სასჯელის შესახებ ადამიანს, რომელიც ასე უყვარდა და ასეთ დიდ პატივს სცემდა. მაგრამ ელი დარწმუნებული იყო, რომ ამ გამოცხადებაში მისი სახლის დიდ უბედურებაზე იქნებოდა ნათქვამი. უხმო სამუელს და სთხოვა, ყველაფერი გულახდილად ეამბნა, რაც ღმერთმა გაუხსნა. დაემორჩილა ყრმა და მოხუცმა მღვდელმთავარმა მორჩილებით მოისმინა საშინელი განაჩენი. შემდეგ კი წარმოთქვა: “უფალი ყოფილა. ქმნას, რაც ენებოს”.პწ 383.2

    არ იყო გულწრფელი ელის მონანიება. დანაშაული კი აღიარა, მაგრამ ცოდვის აღმოფხვრა არ უცდია. რამდენჯერ გადადო უფალმა თვისი საშინელი სამსჯავრო და წარსულის შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა მისცა მას, მაგრამ არაფერი იღონა მოხუცმა მღვდელმა ბოროტების აღსაკვეთად, უფლის საწმიდარს რომ ბილწავდა და ათასობით ისრაელიანთა სულს ღუპავდა. უფლის დიდმა მოთმინებამ კიდევ უფრო გაუსასტიკა გული ხოფნისა და ფინხასს და უფრო მეტად გათავხედდნენ თავის ურჯულოებაში. მთელს ერს აუწყა ელიმ თავისი ოჯახის მიმართ უფლის გაფრთხილებისა და მხილების სიტყვები. როგორღაც შეეცადა, აღეკვეთა წარსულში თავისი არასწორი საქციელის დამღუპველი ზეგავლენა. მაგრამ, რადგან თავად მღვდელმსახურნი გულგრილად შეხვდნენ ამ გაფრთხილებებს, ხალხიც ასევე მოიქცა, ირგვლივ მყოფი ტომები კი, რომლებმაც იცოდნენ ისრაელის ხილული ურჯულოების შესახებ, უფრო ჩაიძირნენ კერპთაყვანისმცემლობისა და ცოდვის მორევში. არ გრძნობდნენ დანაშაულს ჩადენილი ცოდვების გამო: ასე მაშინ მოხდებოდა, ისრაელს რომ სიწმიდე შეენარჩუნებინა. ნაგრამ შურისძიების დღე ახლოვდებოდა. უფლის ავტორიტეტი შეილახა, ღვთისმსახურება წაიბილწა, ამიტომ დადგა უფლის ჩარევის დრო, რათა თავისი სახელის სიწმიდე დაეცვა.პწ 383.3

    “გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ”. ეს ბრძოლა ისრაელმა უფლის რჩევის, მღვდელმთავრის ან წინასწარმეტყველის თანხმობის გარეშე დაიწყო. “დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ; შენივთდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან; ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე”. როცა განადგურებული, სულიერად დაცემული ადამიანები ბანაკში დაბრუნდნენ, “ისრაელის უხუცესებმა თქვეს: რისთვის დაგვამარცხა უფალმა დღეს ფილისტიმელებთან?” აივსო ხალხის ურჯულოების თასი, თუმცა ადამიანები ვერ გრძნობდნენ, რომ საკუთარი ცოდვების გამო დაატყდათ თავს ეს საშინელი უბედურება. და თქვეს: “წამოვიღოთ სილოამიდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის, და გვიხსნას მტრების ხელიდან”. არც კიდობნის ბრძოლის ველზე წაღების მითითება და ნება მიუცია მათთვის უფალს. მაგრამ ისრაელიანნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ბრძოლაში მათ გამარჯვებას უზრუნველყოფდა. და როცა ელის ვაჟებმა კიდობანი ბანაკში მოიტანეს, სიხარულისა და აღტაცების შეძახილები გაისმა ირგვლივ.პწ 383.4

    კიდობანს ისრაელის ღმერთად თვლიდნენ ფილისტიმელნი. თავისი ხალხისათვის უფლის გაკეთებულ ყველა საქმეს კიდობანს მიაწერდნენ წარმართნი. “ეს რა გრიალი დგას ებრაელთა ბანაკში? შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში. შეეშინდათ ფილისტიმელებს, როცა ითქვა: ღმერთი მოვიდაო ბანაკში. თქვეს: ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამე არც გუშინ, არც გუშინწინ არ მომხდარა. ვაი ჩვენ, ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთებისგან! ეს ისინი არიან, ის ღმერთებია, ეგვიპტელები რომ გვემეს უდაბნოში ყოველგვარი საგვემელით. დამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით, ფილისტიმელებო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც თქვენ გემონებიან. ვაჟკაცურად დადექით და შეებრძოლეთ”.პწ 384.1

    ძლიერი შეტევით დაამარცხეს ფილისტიმელებმა ებრაელები. დიდი დანაკარგი ჰქონდათ ისრაელიანთ. ოცდაათი ათასი მეომარი დაეცა ბრძოლის ველზე, აღთქმის კიდობანი ხელთ იგდეს, მისი დამცველნი - ელის ორი ვაჟი - კი მოკლეს. ასეთია კიდევ ერთი ისტორიული მოწმობა მომავალი თაობებისათვის იმის შესახებ, რომ ღვთის ხალხის განდგომილება დაუსჯელი არ დარჩება. რაც უფრო მეტად შეიცნობენ ადამიანები უფლის ნებას, მით უფრო მძიმეა მის უარმყოფელთა ცოდვა.პწ 384.2

    უდიდესი უბედურება დაატყდა თავს ისრაელს - უფლის კიდობანი მტერმა იგდო ხელთ. ჭეშმარიტად დატოვა ისრაელი უფლის დიდებამ, როცა უზენაესის ძალისა და კარავში ყოფნის სიმბოლო დაიკარგა. ღვთიური ჭეშმარიტებისა და ძლიერების რამდენი სასწაულებრივი გამოცხადება იყო დაკავშირებული წმიდა კიდობანთან! უდიდეს გამარჯვებებს აღწევდნენ ისრაელიანნი ყველგან, სადაც კი კიდობანი გამოჩნდებოდა. ოქროს ქერუბიმთა ფრთები ჩრდილავდა მას და უზენაესი ღმერთის ხილული დიდება სუფევდა მასზე წმიდათა წმიდაში. მაგრამ ახლა გამარჯვება არ მოუტანია. დამარცხდნენ ისრაელიანნი, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ აღარ იყო იგი ისრაელის დამცველი და მწუხარებამ მოიცვა მთელი ბანაკი.პწ 384.3

    ვერ გრძნობდნენ ადამიანები, რომ მათი რწმენა არ იყო ჭეშმარიტი, რომ ასეთ სულიერ მდგომარეობაში ვერ გაამარჯვებინებდა ღმერთი. უფლის რჯული, კიდობანში რომ იდო, თავის ერში უფლის ყოფნის სიმბოლო იყო, მაგრამ ამ რჯულის პრინციპებისადმი არასერიოზულმა დამოკიდებულებამ და მისი მოთხოვნების უარყოფამ გაანაწყენა უფლის სული და ღმერთმაც დატოვა ისინი. სანამ ისრაელიანნი უფლის დადგენილებათა მორჩილნი იყვნენ, მათთან იყო უფალი თავისი უსასრულო ძალითა და ძლიერებით. მაგრამ, როცა კიდობანს უფალს აღარ უკავშირებდნენ, როცა უზენაესის ნების გამოცხადებას პატივს აღარ სცემდნენ და მის რჯულს აღარ ემორჩილებოდნენ, მაშინ მათთვის უსარგებლო, ჩვეულებრივ ყუთს დაემსგავსა იგი. ახლა კიდობანი მათთვის იგივე იყო, რაც წარმართთათვის - მათი ღმერთები, თითქოს მათში იყო ხსნა და ძალა დაფარული. მათ დაარღვიეს მასში შენახული რჯული, რადგან თვით კიდობნის წინაშე თაყვანისცემამ ფორმალიზმამდე, განდგომილებამდე და კერპთაყვანისმცემლობამდე მიიყვანა ისინი. ცოდვებმა დააშორა ისინი ღმერთს და უფალიც ვერ მისცემდა მათ გამარჯვებას მანამ, სანამ ცოდვებს არ მოინანიებდნენ და ურჯულოების გზას არ მიატოვებდნენ.პწ 384.4

    კიდობნისა და საწმიდრის ისრაელიანთა შორის ყოფნა არ იყო საკმარისი. არც მღვდელთა მიერ აღსავლენის შეწირვა კმაროდა და არც ის, რომ ისრაელიანნი თავს ღვთის შვილებს უწოდებდნენ. უფალი ვერ შეასრულებდა იმ ადამიანთა თხოვნას, ვინც გულით უწმიდურებას ატარებდა. დაწერილია, რომ “ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა” /იგავ. 28:9/.პწ 385.1

    როცა ისრაელიანნი საბრძოლველად გავიდნენ, მოხუცი, უსინათლო ელი სილოამში დარჩა. ტაშინელ წინათგრძნობას შეეპყრო მისი გული. ამბავს ელოდა ბრძოლის ველიდან, “რადგან გული უკრთოდა ღვთის კიდობნის გამო”. დილიდან საღამომდე კარვის შესასვლელთან იჯდა იგი, გზის პირას და მაცნეს ელოდა.პწ 385.2

    და ბოლოს, ქალაქში შემოსასვლელ ბილიკზე ბენიამინელი კაცი გამოჩნდა, “სამოსელი შემოჰგლეჯოდა და მიწის მტვერი ეყარა თავზე”. ყურადღება არ მიაქცია გზის პირას მჯდომ მოხუცს, ისე შემოვარდა ქალაქში და მოუთმენელ ბრბოს ისრაელიანთა დამარცხება და დანაკარგი აუწყა.პწ 385.3

    მოთქმა და გოდება მოესმა კარვის შესასვლელში მჯდომ მოხუცს. მასთან მიიყვანეს მოსული მაცნე, რომელმაც უთხრა: “უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც - ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ”. რაოდენ საშინელი იყო ეს ცნობა, მაგრამ ეყო ძალა მოხუცს მის მოსასმენად, რადგან ელოდა კიდეც ამას. ხოლო, როცა მაცნემ დაუმატა: “...და ღვთის კიდობანიც წაღებულია”, გამოუთქმელი მწუხარება აღებეჭდა სახეზე მოხუცს. იმის გაფიქრება, რომ სწორედ მისი ცოდვის გამო დატოვა უფალმა ისრაელი, ისეთი შემზარავი იყო, რომ ვერ აიტანა იგი. ძალღონე გამოეცალა, წაიქცა, “ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა”.პწ 385.4

    ფინხასის ცოლი, მიუხედავად ქმრის უზნეობისა, ღვთისმოსავი ქალი იყო. მამამთილისა და ქმრის სიკვდილი, ღვთის კიდობნის დაკარგვის შესახებ კიდევ უფრო საშინელი ამბავი, მისი სიკვდილის მიზეზიც გახდა. გრძნობდა იგი, რომ ჩაქრა ისრაელის უკანასკნელი იმედის სხივი. ამ უბედურების ჟამს დაბადებულ თავის ვაჟს იქაბოდი - “უპატიობა” დაარქვა, თანდათან სუსტდებოდა და მწარედ იმეორებდა: “განეშორა დიდება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი”.პწ 385.5

    მაგრამ სამუდამოდ არ მიუტოვებია უფალს თავისი ხალხი. ვეღარ აიტანა მან წარმართთა ზეიმი. ისრაელის დასასჯელ იარაღად გამოიყენა უფალმა ფილისტიმელნი, კიდობნის მეშვეობით კი ისრაელის მტერი დასაჯა. ადრე ყოველთვის თან ახლდა უფალი კიდობანს ღვთის მორჩილი ერის გასამხნევებლად და გასაძლიერებლად. ახლაც მასთან იყო ეს უხილავი თანხლება, რათა შიში და განადგურება მოეტანა მისი წმიდა რჯულის დამრღვევთათვის. უფალი ხშირად იყენებს თავის უბოროტეს მტრებს თავისი განდგომილი ხალხის დასასჯელად. შეიძლება, დროებით გაიხაროს მტერმა ისრაელის სასჯელით, მაგრამ დადგება დრო, როცა მათაც გამოუტანს განაჩენს მართალი, ცოდვის მოძულე ღმერთი. სადაც ურჯულოება ფესვს იდგამს, იქ მალე დაატყდებათ თავს უფლის რისხვა.პწ 385.6

    ზარზეიმით მიიტანეს ფილისტიმელებმა კიდობანი აშდოდში, ხუთი მთავარი ქალაქიდან ერთერთში და თავიანთი ღმერთის, დაგონის სახლში მოათავსეს; იფიქრეს, რომ ძალა, კიდობანს რომ თან ახლდა, მათ საკუთრებად იქცეოდა და დაგონისა და მისი ერთობლივი ძლიერებით დაუმარცხებელნი გახდებოდნენ. მაგრამ მეორე დღეს, ტაძარში შესვლისას, მათ იხილეს სურათი, რომელმაც თავზარი დასცათ: იეჰოვას კიდობნის წინ, ძირს მათი ღმერთი დაგონი ეგდო. მოკრძალებით ასწიეს ქურუმებმა კერპი და თავის ადგილზე მოათავსეს. მაგრამ მეორე დილას იგივე სურათი იხილეს: დამახინჯებული კერპი კვლავ კიდობნის წინ, მიწაზე ეგდო. ამ კერპის ზედა ნაწილი ადამიანის გამოსახულებას წარმოადგენდა, ქვედა ნაწილი კი - თევზს. ახლა მას ზედა ნაწილი აღარ ჰქონდა, მხოლოდ ქვედა ნაწილი - თევზი შერჩენოდა. თავზარი დაეცათ ქურუმთ და ხალხს. ავის მომასწავებელ ნიშნად მიიჩნიეს ეს იდუმალი მოვლენა: თავისი ხალხისა და ღმერთების დაღუპვად ისრაელის ღმერთის წინაშე, ამიტომ კიდობანი ტაძრიდან გამოიტანეს და ცალკე შენობაში მოათავსეს.პწ 385.7

    მეტად მტანჯველი, სასიკვდილო სენი შეეყარა აშდოდის მცხოვრებთ. გაიხსენეს ფილისტიმელებმა ისრაელის ღმერთის მიერ ეგვიპტეზე მოვლენილი წყლულები და კიდობანი მიიჩნიეს ამ უბედურებათა მიზეზად. ამიტომ მისი გათში წაღება გადაწყვიტეს. მაგრამ წყლულები იქაც გაჰყვათ. ახლა ასკალონს გადააგზავნა კიდობანი ამ ქალაქში მცხოვრებმა ხალხმა. ასკალონის მკვიდრნიც დიდად შეშფოთდნენ ამის გამო, ძლიერ აღელდნენ და თქვეს: “მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც”. გათისა და აშდოდის მოსახლეობის მსგავსად, ისინიც მფარველობას სთხოვდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ დამღუპველი კვლავ განაგრძობდა თავის საქმეს. “ცას მისწვდა ქალაქის ღაღადი.” შეშინდნენ, აღარ გააჩერეს კიდობანი დასახლებულ ადგილებში და გაშლილ მინდორში გაიტანეს. მაგრამ იქაც თაგვებმა დაფარეს მთელი მიწა და ყველაფერი გაანადგურეს ბეღლებშიც და მინდვრებშიც. სენითა და შიმშილით სრული განადგურება დაემუქრა ახლა ამ ხალხს.პწ 386.1

    “შვიდ წელიწადს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში”. და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უცდიათ ისრაელიანთ მისი დაბრუნება. მაგრამ ახლა ფილისტიმელთ ისევე ძლიერ სურდათ კიდობნისგან გათავისუფლება, როგორც ადრე - მისი ხელში ჩაგდება. მათი ძლიერების წყაროდ გახდომის ნაცვლად, იგი მძიმე ტვირთად და საშინელ წყევლად ექცათ. აღარ იცოდნენ, რა ექნათ, რადგან, სადაც არ უნდა წაეღოთ, უფლის სასჯელი ყველგან თან სდევდათ. შიშით ეკითხებოდა ხალხი თავის თავკაცთ, ქურუმთ და მკითხავთ: “რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვასწავლეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე”. ურჩიეს, მდიდარ ძღვენთან ერთად დაებრუნებინათ იგი ისრაელიანთათვის. “მაშინ განიკურნებით, - თქვეს ქურუმებმა, - და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი”.პწ 386.2

    წარმართთა შორის ასეთი ძველი წესი არსებობდა: უბედურების თავიდან აცილების მიზნით ან რაიმე სენის განკურნებისათვის ისინი ოქროს, ვერცხლის ან სხვა ძვირფასი ლითონისაგან აკეთებდნენ იმის გამოსახულებას, რასაც მათთვის უბედურება და სიკვდილი მოჰქონდა ან სხეულის იმ ნაწილს, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ იყო დასნეულებული. შემდეგ ამ გამოსახულებას ბოძზე ან სხვა თვალსაჩინო ადგილას ჰკიდებდნენ. და ხალხსაც სჯეროდა, რომ ამგვარად საიმედოდ იქნებოდნენ უბედურებისაგან დაცულნი. მსგავსი ტრადიცია დღესაც არსებობს წარმართებში. როცა ვინმეს რაიმე გასაჭირი აქვს, განკურნებისათვის თავისი კერპის ტაძარში მიდის და თან სხეულის იმ ნაწილის გამოსახულება ან ქანდაკი მიაქვს, რომელიც ყველაზე მეტადაა დაზიანებული და უტოვებს თავის ღმერთს, როგორც შესაწირავს.პწ 386.3

    გაბატონებული ცრურწმენის თანახმად, ფილისტიმელმა მთავრებმა ხალხს იმ წყლულების გამოსახულებათა გაკეთება ურჩიეს, რომლებმაც ასეთი უბედურება მოუტანა. “ხუთხუთი ოქროს ბუგრი და ხუთხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთია სასჯელი თქვენთვის და ფილისტიმელთა მთავრებისთვის”, - ამბობდნენ ისინი.პწ 387.1

    ფილისტიმელი ბრძენნი აღიარებდნენ იმ იდუმალ ძალას, რომელიც თან ახლდა კიდობანს; ძალას, რომელიც მათ ვერაფრით ვერ დაამარცხეს. მაგრამ ის კი არ ურჩიეს ხალხს, რომ გადაეგდოთ თავიანთი კერპები და თაყვანი ცოცხალი ღმერთისათვის ეცათ, არამედ კვლავ სძულდათ ისრაელის ღმერთი, თუმცა იძულებულნი იყვნენ, გადაულახავი სასჯელის გამო დამორჩილებოდნენ მის ხელმწიფებას. ამგვარად ძალუძს უფლის სასჯელს, დაარწმუნოს ცოდვილნი, რომ ამაოა მასთან ბრძოლა. და თუკი ისინი მის ძლიერებას გარეგნულად დაემორჩილებიან, გულში კი მის წინააღმდეგ წავლენ, ეს ვერ იხსნის მათ. ვიდრე უფალი ადამიანის მონანიებას მიიღებდეს, გულმა ღმერთი უნდა ირწმუნოს და ღვთიურ მადლს დაემორჩილოს.პწ 387.2

    რა დიდია უფლის მოთმინება უწმიდურთა მიმართ! ფილისტიმელი კერპთაყვანისმცემელნი და განდგომილი ისრაელიანნი ერთნაირად სარგებლობდნენ ღვთის მადლით. აურაცხელი უხილავი წყალობა ეძლეოდა ცხოვრების გზაზე ამ უმადურ, ამბოხებულ ხალხს. ყოველი წყალობა მის მომცემზე ღაღადებდა, მაგრამ არაფრად აგდებდნენ უფლის სიყვარულს. დიდი იყო მოთმინება უფლისა კაცთა მიმართ, მაგრამ, როცა ისინი გაჯიუტდნენ თავიანთ ურჯულოებაში, თავისი მფარველობა წაართვა. არ ინდომეს მათ უფლის ხმის მოსმენა მის შემოქმედებაში, გაფრთხილებებში, რჩევებში და მამხილებელ სიტყვაში, ამიტომ იძულებული შეიქნა ღმერთი, მსაჯულის ენით ელაპარაკა მათთან.პწ 387.3

    ფილისტიმელთა შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვინც მზად იყო, ხელი შეეშალა კიდობნის უკან დაბრუნებისათვის, ვინაიდან ისრაელის ღმერთის ძლიერების აღიარება მათ ეროვნულ სიამაყეს დაამცირებდა. მაგრამ “ქურუმები და მისნები” აფრთხილებდნენ ხალხს, არ მიებაძათ ფარაონისა და ეგვიპტელთათვის და სიჯიუტე არ გამოეჩინათ, რადგან უფრო დიდ უბედურებას დაიტეხდნენ თავს. განიხილეს შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველამ მოიწონა და დაუყოვნებლივ შეუდგნენ მის აღსრულებას. კიდობანი დანაშაულის გამოსასყიდ, მსხვერპლად შეწირულ ოქროს ნივთებთან ერთად ახალ ურემზე მოათავსეს, რათა რაიმე ჭუჭყი არ მიჰკარებოდა, შეაბეს ორი უღელდაუდგმელი ფური. მათი ხბოები სადგომში დააბეს, ფურები კი თავისუფლად გაუშვეს. ასე მსჯელობდნენ ფილისტიმელები: თუ კიდობანი ბეთშემეშის, ლევიანთა უახლოესი ქალაქის გავლით ისრაელს დაუბრუნდება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ისრაელის ღმერთს “დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება”.“თუ არადა, - ამბობდნენ ისინი, - გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გვეწვია ეს ამბავი”.პწ 387.4

    პირდაპირ ბეთშემეშის გზას დაადგნენ ფურები. არ გაუხვიეს სადგომისაკენ, სადაც მათი ხბოები იმყოფებოდნენ. თავისუფლად მიდიოდნენ ისინი, კაცის ხელი არ მართავდა მათ. უფალი თან ახლდა კიდობანს და მშვიდობიანად დაბრუნდა იგი დანიშნულ ადგილზე.პწ 388.1

    პურის აღების დრო იყო და ბეთშემეშის მცხოვრებთ მკა ჰქონდათ გაჩაღებული ყანებში. “გაიხედეს და დაინახეს კიდობანი, და გაუხარდათ დანახვა. ბეთშემეშელ იესოს ყანაში შევიდა ურემი და იქ გაჩერდა. დიდი ქვა იდო იქ. ურმის ხეები დაჩეხეს, ფურები კი აღსავლენ მსხვერპლად აღუვლინეს უფალს”. დაინახეს ფილისტიმელმა მთავრებმა, რომლებმაც ბეთშემეშის საზღვრებამდე მიაცილეს ურემი, თუ როგორ მიიღეს ებრაელებმა კიდობანი და ყეკრონს გაბრუნდნენ. წყლულები შეწყდა და ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს უბედურება ნამდვილად ისრაელის ღმერთის სასჯელი იყო.პწ 388.2

    მაშინვე გაავრცელა ხმა ბეთშემეშის მოსახლეობამ, რომ კიდობანი მათთან ინახება. ფამრავი ხალხი მოდიოდა აქ ახლომახლო მხარეებიდან, რათა კიდობნის დაბრუნებას მისალმებოდა. კიდობანი იმ ქვაზე დადეს, ადრე სამსხვერპლოდ რომ იყენებდნენ და მის წინ დამატებით შესწირეს მსხვერპლი ღმერთს. მსხვერპლშემწირავ ამ ადამიანებს რომ საკუთარი ცოდვები მოენანიებინათ, უფალი შეეწეოდა მათ თავისი კურთხევით. არ იყვნენ ისინი უფლის წმიდა რჯულის ერთგულად დამცველნი და, მართალია, გაეხარდათ კიდობნის დაბრუნება, როგორც კეთილი მაცნისა, მაგრამ მის სიწმიდეზე სწორი წარმოდგენა არ ჰქონდათ. მისთვის განსაკუთრებული ადგილის მომზადების ნაცვლად მინდორში დატოვეს კიდობანი. ათვალიერებდნენ ისინი ამ წმიდა ყუთს, საუბრობდნენ მისი დაბრუნების საოცრებაზე და ცდილობდნენ, მიმხვდარიყვნენ, თუ სად უნდა ყოფილიყო ეს განსაკუთრებული ძალა დამალული. და ბოლოს, სძლია რა ცნობისმოყვარეობამ, სახურავი ახადეს და მასში ჩახედვა გაბედეს.პწ 388.3

    კარგად იცოდა მთელმა ისრაელმა, თუ როგორი მოკრძალებით და პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ კიდობანს. მისი ადგილიდან ადგილზე გადატანისას ლევიანებს მხოლოდ მისთვის თვალის შევლების ნება ეძლეოდათ. მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეეძლო მღვდელმთავარს ღვთის კიდობნის ხილვა. წარმართმა ფილისტიმელებმაც კი ვერ გაბედეს მისი სახურავის ახდა. უფლის უხილავი ანგელოზები მიაცილებდნენ მას ყოველი მოგზაურობისას. წამსვე მოევლინათ სასჯელი ბეთშემეშის მცხოვრებთ ასეთი კადნიერებისათვის: უეცარი სიკვდილი ეწია მრავალ მათგანს.პწ 388.4

    ასეთი სასჯელის მიუხედავად, ცოცხლად დარჩენილებმა არ მოინანიეს ცოდვები, თუმცა ცრურწმენის შიშით განეწყვნენ კიდობნის მიმართ. დიდად სურდათ მისი თავიდან მოცილება, მაგრამ ვერ ბედავდნენ და “გაუგზავნეს მოციქულები კირიათიეყარიმის მოსახლეობას: დააბრუნეს ფილისტიმელებმა უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთო”. დიდი სიხარულით შეეგებნენ ამ ქალაქის მკვიდრნი წმიდა კიდობანს. იცოდნენ მათ, რომ იგი ღვთიური წყალობის საწინდარი იყო ყველა ერთგული და მორჩილი მორწმუნისათვის. აღფრთოვანებულმა ხალხმა დიდი პატივით მიიტანა იგი თავის ქალაქში, აბინადაბის, ლევიანის სახლში, რომელმაც მასზე მზრუნველობა თავის ვაჟს, ელეაზარს, დაავალა. დიდხანს იყო კიდობანი ამ ქალაქში.პწ 388.5

    იმ დღიდან, როცა უფალი პირველად გამოეცხადა ხანას ვაჟს, მთელმა ერმა აღიარა სამუელი უფლისგან მოწოდებულ წინასწარმეტყველად. ზუსტად გადასცა მან ღვთიური გაფრთხილება ელის სახლს, თუმცა ძალიან ძნელი იყო მისთვის ამის გაკეთება, მაგრამ ამით უფლისადმი ერთგულება დაამტკიცა, როგორც ღვთიურმა მაცნემ. “უფალი იყო მასთან. ფუჭად არ ჩაუვლია არც ერთ მის სიტყვას. შეიტყო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბერშებამდე, რომ სამუელი უფლის წინასწარმეტყველად იქნა დამტკიცებული”.პწ 388.6

    ისრაელი, როგორც ერი, კვლავ ურწმუნოებასა და კერპთაყვანისმცემლობაში იყო ჩაძირული, რის გამოც ფილისტიმელთა ქვეშევრდომობა მოუვლინა უფალმა სასჯელად. მთელი ამ ხნის განმავლობაში დადიოდა სამუელი ისრაელის ქალაქებსა და სოფლებში და ცდილობდა, მათი მამების ღმერთისკენ შემოებრუნებინა ისინი. ფუჭად არ ჩაუვლია მის მცდელობას. მონობაში ოცი წლის მძიმე ტანჯვის შემდეგ “მოენატრა უფალი მთელს ისრაელს”. ურჩია მათ სამუელმა: “თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ”. ჩვენ ვხედავთ, რომ სამუელის დღეებში პრაქტიკული ღვთისმოსაობა, გულწრფელი რელიგია ისევე ექადაგებოდა ხალხს, როგორც ეს დედამიწაზე ქრისტეს ყოფნის დროს იყო. ძველი ისრაელისათვის რელიგიის გარეგნულ ფორმას, ქრისტეს მადლის გარეშე, არავითარი ფასი არ ჰქონდა. ასევეა ეს დღესაც, დღევანდელი ისრაელისათვის.პწ 389.1

    დღესაც ისევე, როგორც ძველი ისრაელის დღეებში, გულის რელიგიის აღორძინებაა საჭირო. მონანიებაა ის პირველი ნაბიჯი, რომელიც უფალთან დაბრუნების მოსურნემ უნდა გააკეთოს. ვერავინ გააკეთებს ამას სხვის ნაცვლად. თითოეული ჩვენგანი გულწრფელად უნდა დაემორჩილოს ღმერთს და დატოვოს თავისი კერპები. როცა გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაშინ გვიხსნის უფალი.პწ 389.2

    უამრავი ისრაელიანი შეიკრიბა მიცფაში ებრაელ მთავართა დახმარებით. ყველამ ერთად იმარხულა აქ. ღრმა სინანულით აღიარებდნენ ადამიანები საკუთარ ცოდვებს და შესმენილ მითითებათა მიმართ მორჩილების ნიშნად მთელი ერის მსაჯულად აირჩიეს სამუელი.პწ 389.3

    ფილისტიმელთ ეგონათ, რომ საბრძოლო თათბირზე მოვიდნენ ებრაელები და დიდი ჯარი შეკრიბეს ამ ადგილის სიახლოვეს, რათა რაიმე გეგმის მიღებამდე დაეშალათ ისინი. ამ ამბავმა შიშის ზარი დასცა ისრაელს. სამუელს ევედრებოდნენ ებრაელები: “ნუ შეგვიწყვეტ უფლის, ჩვენი ღვთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთაგან”.პწ 389.4

    როდესაც სამუელი უფალს კრავს სწირავდა, ახლოს მოვიდნენ ფილისტიმელნი და მათთან საბრძოლველად განეწყვნენ. მაშინ ყოვლადძლიერმა, რომელიც ცეცხლით, კვამლითა და გრგვინვით ჩამოვიდა სინაიზე, წითელი ზღვა ორად გააპო და იორდანეზე გზა გაუკვალა ებრაელ ხალხს, კვლავ გამოაჩინა თავისი უზენაესი ძალა. საშინელი ქარტეხილი დაატყდათ თავს შეტევაზე გადმოსულ მეომრებს და მთელი მიწა მათმა გვამებმა დაფარა.პწ 389.5

    წმიდა მდუმარებას შეეპყრო ისრაელიანნი, შიშის ძრწოლვითა და იმედით აღვსილნი. და როცა მტრის მარცხი იხილეს, მიხვდნენ, რომ უფალმა მიიღო მათი მონანიება და მიუტევა. და თუმცა საბრძოლველად სულაც არ იყვნენ მომზადებულნი, ხელი დაავლეს დაღუპულ ფილისტიმელთა იარაღს და მტერს ბეთქორამდე სდიეს. და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს სწორედ იმ ადგილას, სადაც ოცი წლის წინათ ფილისტიმელებმა სასტიკად დაამარცხეს ისრაელიანნი, სადაც დაიხოცნენ მღვდელმსახურნი და დაკარგეს ღვთის კიდობანი. როგორც სახელმწიფოებისათვის, ასევე თითოეული ადამიანისათვის უსაფრთხოებისა და ბედნიერების მოპოვების ერთადერთი გზა ღვთისადმი მორჩილების გზაა, რადგან ურწმუნოებას მხოლოდ დამარცხება და უბედურება მოაქვს. ახლა ფილისტიმელნი იმდენად დაცხრნენ, რომ დაუბრუნეს ებრაელებს მიტაცებული ქალაქები და მრავალი წლის განმავლობაში აღარ შემოდიოდნენ ისრაელის საზღვრებში. სხვა ტომებმაც მათ მაგალითს მიბაძეს და ისრაელიანნი, სანამ მათი ერთადერთი მმართველი სამუელი იყო, მშვიდობიანი ცხოვრებით ტკბებოდნენ.პწ 389.6

    იმისათვის, რომ ეს მოვლენა არასოდეს დავიწყებოდა ხალხს, სამუელმა ლოდი დადო მიცფასა და კლდის შვერილს შორის. უწოდა იმ ადგილს სახელად “ებენყეზერი” - “ქვა შეწევნისა” და უთხრა ხალხს: “აქამდე შეგვეწია უფალი”.პწ 390.1