Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 5 - კაენისა და აბელის გამოცდა

    დაბადება 4:1-15

    ადამის შვილები, კაენი და აბელი, დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. უფლის ერთგული აბელი კარგად ხედავდა დაცემული კაცობრიობისადმი შემოქმედის სამართლიან დამოკიდებულებას, თანაგრძნობასა და სიყვარულს და სწორედ ამიტომ მადლიერებით მიიღო გამოსყიდვის იმედი. კაენის გულში კი თანდათან უფლის წინააღმდეგ ამბოხების სული იბუდებდა და ძლიერდებოდა. დასასრული არ უჩანდა მის საყვედურებს ღვთის მიმართ, რადგან ღმერთმა ადამის დაცემის გამო დასწყევლა მთელი დედამიწა და მისი მკვიდრნი. მასში ჩაბუდებულმა თვითგანდიდების სრვილმა და ეჭვებმა ღვთიური სამართლიანობისა და ავტორიტეტის შესახებ მისი სული იმ გზისაკენ წარმართა, რომელმაც სატანა დაცემამდე მიიყვანა.პწ 36.1

    ღვთის სიტყვისადმი ძმების რწმენა და მორჩილება ადამის მსგავსად გამოიცადა. ნათთვის ცნობილი იყო ადამიანის გამოსყიდვის გეგმაც და უფლის მიერ დაწესებული მსხვერპლშეწირვის სისტემაც. მათ კარგად იცოდნენ, რომ შესაწირავის გაღება მათი მაცხოვრისადმი რწმენის გამოხატულება იყო, მაცხოვრისა, რომლის პირველსახეს მსხვერპლად შეწირული ცხოველები წარმოადგენდნენ. და კიდევ, ეს იყო აღიარება იმისა, რომ მათი შეწყალება და ხსნა მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული. ძმებმა ასევე კარგად იცოდნენ, რომ, თუკი გამოსყიდვის ღვთიური გეგმის თანახმად იცხოვრებდნენ, ამით უფლის ნებისადმი მორჩილებას გამოავლენდნენ. სისხლის გაღების გარეშე შეუძლებელი იყო ცოდვის მიტევება. ამიტომ ცხვრების პირმშოთა შეწირვით ისინი გამოხატავდნენ რწმენას იესო ქრისტეს სისხლის, როგორც აღთქმული შემორიგების, მიმართ. ამავე დროს მადლიერების ნიშნად მათ ღვთის წინაშე უნდა მოეტანათ მიწის პირველი ნაყოფი.პწ 36.2

    ორივე ძმამ ერთნაირი სამსხვერპლოები ააგო და ყოველმა მათგანმა მოჰგვარა უფალს შესაწირავი. აბელმა, უფლის დადგენილი წესისამებრ, შესწირა მას თავისი ფარიდან. “მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს” /დაბ.4:4/. ზეციდან ჩამოვარდნილმა ცეცხლმა შთანთქა მსხვერპლი. მაგრამ კაენმა არად ჩააგდო უფლის ეს პირდაპირი მოთხოვნა და მხოლოდ მიწის პირველნაყოფი შესწირა. ზეციდან არ გამოჩნდა რაიმე ნიშანი იმის დასამოწმებლად, რომ მსხვერპლი მიღებულ იქნა. აბელი ემუდარებოდა ძმას, დამორჩილებოდა უფლის მოთხოვნას, მაგრამ ამან უფრო გაასასტიკა კაენი. უფროსი ძმის უპირატესობიდან გამომდინარე, კაენმა უარყო აბელის რჩევა.პწ 36.3

    როდესაც კაენი უფლის წინაშე წარსდგა, მისი გული სავსე იყო დრტვინვით, იგი აღთქმული მსხვერპლისა და მისი გაღების აუცილებლობისადმი უნდობლობით იყო გამსჭვალული. მისი ძღვენი ცოდვების მონანიების არავითარ ნიშანს არ გამოხატავდა. მრავალ ჩვენ თანამედროვეთა მსგავსად, იგი სისუსტედ მიიჩნევდა ღვთიურ დადგენილებათა ზუსტ ასრულებას და ამიტომაც სრულად ვერ მიანდო თავისი ხსნა აღთქმულ მესიას. მან გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ემოქმედა და ღვთის წინაშე საკუთარი დამსახურებით წარმდგარიყო. მან არ შესწირა კრავი და არ შეურია მისი სისხლი გაღებულ შესაწირავს, არამედ საკუთარი შრომის შედეგი - მიწის ნაყოფი მოიტანა, რითაც უფლის კეთილგანწყობის დამსახურებას იმედოვნებდა და რასაც უფლისადმი პატივისცემად მიიჩნევდა. კაენმა მორჩილად ააგო სამსხვერპლო, შესწირა მსხვერპლი, მაგრამ მისი მორჩილება არ იყო სრული. მან უყურადღებოდ დატოვა ყველაზე მთავარი, სახელდობრ: არ აღიარა, რომ მაცხოვარს საჭიროებდა.პწ 36.4

    ორივე ძმა ერთსა და იმავე ოჯახში დაიბადა, ერთნაირი რელიგიური აღზრდა მიიღო; ორივე ცოდვილი იყო და ორივე აღიარებდა, რომ აუცილებელია უფლის მოთხოვნათა შესრულება, უზენაესის პატივისცემა და თაყვანისცემა. ერთი შეხედვით, თითქოს ძმებს ღვთისადმი ერთნაირი რწმენაც კი ჰქონდათ, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის დიდი განსხვავება იყო.პწ 37.1

    “რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი” /ებრ. 11:4/. აბელი ჩასწვდა გამოსყიდვის უდიდეს პრინციპებს; აღიარა თავი ცოდვილად, მიხვდა, რომ ცოდვა და მისი საზღაური - სიკვდილი, ესაა სწორედ ის დაბრკოლება, რომელიც დგას მის სულსა და ღმერთს შორის. პირუტყვის სიცოცხლის გამოსალმებით და მისი შეწირვით იგი დარღვეული კანონის მოთხოვნას აღიარებდა. დაკლულ კრავში იგი ხედავდა მომავალ მსხვერპლს - გოლგოთის ჯვარზე გაკრულ ქრისტეს და, უფალთან ურთიერთობის აღდგენის რწმენით, რაც მომავალში უნდა მომხდარიყო, მიიღო მოწმობა იმისა, რომ იგი გამართლებულია და მისი შესაწირავი - მიღებული.პწ 37.2

    კაენსაც ჭეშმარიტების შემეცნებისა და მისი მიღების იგივე შესაძლებლობა ჰქონდა, რაც მის ძმას. იგი არ იყო უფლის მიერ წინასწარდასახული მსხვერპლი. უსამართლობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ უფალმა ერთი ძმა წინასწარ დაადგინა მართლად, მეორე კი მოიძულა. აბელმა რწმენა და მორჩილება აირჩია, კაენმა კი - ურწმუნოება და დაუმორჩილებლობა. ტწორედ ამაშია საქმის არსი.პწ 37.3

    კაენისა და აბელის სახით წარმოდგენილია ადამიანთა ორი ჯგუფი, რომელიც წუთისოფლის აღსასრულამდე იარსებებს. ერთნი ღებულობენ მიტევებას ცოდვის მსხვერპლის მეოხებით, მეორენი კი საკუთარ ძალებზე დაყრდნობას ამჯობინებენ. მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს არ ესაჭიროება ღვთიური შუამდგომლობა და არც ადამიანთა უფალთან შემორიგება შეუძლია. მხოლოდ იესო ქრისტეს დამსახურებითაა შესაძლებელი ჩვენი ცოდვების მიტევება. ის, ვინც არ საჭიროებს მაცხოვრის მიერ გაღებულ სისხლს, ვინც ღვთიური მადლის გარეშე უფლის კეთილგანწყობის მოპოვებას იმედოვნებს, კაენის შეცდომას იმეორებს. განმწმედელი სისხლის მიღების გარეშე ადამიანები კანონის მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან ცოდვის წყევლისაგან გათავისუფლების სხვა გზა არ არსებობს.პწ 37.4

    ქრისტიანთა უმრავლესობა წუთისოფელში კაენის მაგალითისამებრ ცხოვრობს. თითქმის ყოველი ცრუ რელიგია იმავე პრინციპზეა დაფუძნებული - ადამიანის გადარჩენა პირად დამსახურებაზეა დამოკიდებული. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ კაცობრიობა საჭიროებს არა გამოსყიდვას, არამედ განვითარებას, რომ ადამიანებს საკუთარი ძალისხმევით ძალუძთ შეიძინონ კეთილშობილება, განიწმიდონ და გარდაიქმნან. ეს ადამიანები, კაენის მსგავსად, რომელიც ღვთის წყალობის მოპოვებას გამომსყიდველ სისხლს მოკლებული მსხვერპლის მეშვეობით შეეცადა, იმედოვნებენ, ღვთიური ზნეობის სიმაღლეებამდე აამაღლონ კაცობრიობა ღმერთთან შემორიგების გარეშე. მაგრამ კაენის ისტორია ცხადყოფს, თუ რა შეუძლია ადამიანს ქრისტეს გარეშე და რა გზას დაადგება იგი. კაცობრიობა უძლურია, ამაღლდეს ზნეობრივად საკუთარი ძალისხმევით, ვინაიდან იგი მიემართება არა სიმაღლეებისაკენ, ღვთიურობისაკენ, არამედ დაბლა, ცოდვის უფსკრულისაკენ. ქრისტეა ჩვენი ერთადერთიი იმედი. “სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით” /საქ. 4:12/.პწ 37.5

    ჭეშმარიტი რწმენა, რომლის დროსაც ქრისტეს სავსებით არიან მინდობილნი, უფლის ყველა მოთხოვნის მორჩილებით აღსრულებაში მჟღავნდება. ადამის დროიდან დღემდე არსებული დიადი ბრძოლის მიზეზს სწორედ უფლის რჯულისადმი მორჩილების საკითხი წარმოადგენს. ყველა საუკუნეში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც უარყოფდნენ უფლის ზოგიერთ მცნებას და ამავე დროს ამტკიცებდნენ, რომ უფლება აქვთ უფლის წყალობაზე. მაგრამ წმიდა წერილი ამბობს, რომ “საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა” და რომ რწმენა, “თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია” /იაკ. 2:22,17/. “ვინც ამბობს, შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება” /1 იოან. 2:4/.პწ 38.1

    როდესაც კაენმა დაინახა, რომ მისი შესაწირავი უარყოფილ იქნა, იგი განრისხდა ღმერთზეც და აბელზეც; ღმერთზე იმიტომ, რომ მან თავის მიერ დადგენილი მსხვერპლის ნაცვლად არ მიიღო ადამიანის მიერ შემოთავაზებული; ხოლო ძმაზე იმიტომ, რომ იგი, იმის ნაცვლად, რომ ამბოხებული ძმისთვის დაეჭირა მხარი, ღმერთს დაემორჩილა. მაგრამ, ღვთის მცნებისადმი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, უფალს არ მიუტოვებია კაენი. იგი შეეცადა, გამოეფხიზლებინა და შეეგონებინა ადამიანი, რომელმაც ასეთი უგუნურება გამოიჩინა. უთხრა უფალმა კაენს: “რად გამწარდი? რად ჩაღუნე თავი?”. ღვთიური მაცნის მეშვეობით უფალმა გააფრთხილა კაენი: “თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იარო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულა კართან”. ახლა კაენს დაეკისრა სწორი არჩევანისათვის პასუხისმგებლობა: თუ აღიარებს აღთქმული მაცხოვრის დამსახურებას და ღვთის მოთხოვნებს დაემორჩილება, მოიპოვებს უზენაესის კეთილგანწყობას, მაგრამ თუ კვლავ ჯიუტად აირჩევს ურწმუნოებისა და ურჯულოების გზას, მაშინ მისი საყვედური იმის გამო, რომ უფალმა უარყო იგი, ყოველგვარ საფუძველს იქნება მოკლებული.პწ 38.2

    მაგრამ საკუთარი დანაშაულის გულწრფელად აღიარების ნაცვლად, კაენი კვლავ თვლიდა, რომ ღმერთი უსამართლოა. იგი ამბოხების სულმა და აბელისადმი შურისა და სიძულვილის გრძნობამ შეიპყრო. გაბრაზებული საყვედურობდა თავის ძმას და ცდილობდა, იგი უფლის საქმეებზე კამათში ჩაება. მშვიდად, მაგრამ მტკიცედ და უშიშრად უჭერდა მხარს აბელი უფლის სამართლიანობასა და გულმოწყალებას, ძმას შეცდომებზე მიუთითებდა და ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ კაენის უკმაყოფილების მიზეზი თავად მასშია დაფარული. აბელმა გაახსენა ძმას, თუ რა დიდი მოწყალება გამოიჩინა ღმერთმა მათი მშობლების მიმართ და მიუტევა, თუმცა მათ შესცოდეს და სიკვდილს იმსახურებდნენ. აბელი არწმუნებდა კაენს მათ მიმართ უფლის უანგარო სიყვარულში, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ გასწირავდა თავის ერთადერთ, უცოდველ ძეს ტანჯვისა და იმ სასჯელისათვის, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნოდა. მაგრამ ყოველივე ეს კიდევ უფრო არისხებდა კაენს. გონება და სინდისი კარნახობდა მას, რომ აბელი მართალია, მაგრამ მის გაშმაგებას იწვევდა გამბედაობა აბელისა, რომელიც აქამდე ყველაფერში ეთანხმებოდა უფროს ძმას, ახლა კი ასეთი მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია. გამძვინვარებულმა კაენმა მოკლა თავისი ძმა.პწ 38.3

    კაენმა შეიძულა და შემდეგ კი მოკლა საკუთარი ძმა არა იმიტომ, რომ მან რაიმე დააშავა, არამედ “იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა - მართალი” /1 იოან. 3:12/. და ასე იყო ყოველთვის: ურჯულოთ სძულდათ ისინი, ვინც მათზე უკეთესი იყო. უფლის მორჩილი აბელის ცხოვრება და მისი ურყევი რწმენა მუდამ მტანჯველი საყვედური იყო კაენისათვის. “ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმენი” /იოან. 3:20/. რაც უფრო დიდია უფლის ერთგულ მსახურთა გულებში არეკლილი ზეციური ნათელი, მით უფრო გარკვევით ამხელს იგი ურჯულოთა ცოდვებს და მით უფრო მტკიცე იქნება მათი გადაწყვეტილება, გაანადგურონ თავისი სიმშვიდის დამრღვევნი.პწ 38.4

    აბელის მკვლელობისას პირველად გამოვლინდა ის მტრობა, რომლის შესახებაც უფალმა თქვა, რომ იარსებებდა იგი გველსა და დედაკაცის თესლს შორის, სატანასა და მის თანამზრახველთა და ქრისტესა და მის მიმდევართა შორის. ცოდვით დაცემამ ადამიანები სატანის ხელმწიფებას დაუმორჩილა, მაგრამ ქრისტეში ისინი პოვებენ ძალას მისი უღლისაგან თავის დასაღწევად. ყოველთვის, როგორც კი ადამიანი ღვთის კრავისადმი რწმენის მეშვეობით ტოვებს ცოდვას, სატანის რისხვა იზრდება. აბელის წმიდა ცხოვრებამ სრულიად გააქარწყლა სატანის მტკიცება იმის შესახებ, რომ ადამიანისათვის შეუძლებელია უფლის მცნებების დაცვა. როდესაც ეშმაკის მიერ წაქეზებული კაენი დარწმუნდა, რომ აბელი მას აღარ ემორჩილებოდა, ისე გაშმაგდა, რომ ძმა მოკლა. და ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ვინც უფლის კანონის სამართლიანობაზე მოწმობს, მათ იგივე სული შეეწინააღმდეგება, სული, რომელიც ყველა საუკუნეში ანთებდა კოცონს, რომელზედაც წვავდნენ ქრისტეს ერთგულ მსახურთ. სატანა და მისი ბოროტი ანგელოზები სასტიკად დევნიან იესოს მომხრეთ, ვინაიდან მათი დამორჩილება არ შეუძლიათ. ეს უკვე დამარცხებული მტრის მძვინვარებაა. ქრისტეს ყოველი მოწაფე გამარჯვებული მოკვდა. წინასწარმეტყველის სიტყვის თანახმად, “დიდი გველეშაპი, ძველი გველი.... გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი სული, თვით სიკვდილამდე” /გამოცხ. 12:9-11/.პწ 39.1

    კაენმკვლელს მალე მოეთხოვა პასუხი თავისი დანაშაულისათვის. “უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?” კაენი ისე ჩაეფლო ცოდვის მორევში, რომ უკვე ვეღარ გრძნობდა უფლის არსებობას თავის გვერდით, მის დიდებულებას და ყოვლისმცოდნეობას და თავისი დანაშაულის დასაფარავად იცრუა.პწ 39.2

    კვლავ მიმართა უფალმა კაენს: “ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს”. უფალმა კვლავ მისცა შესაძლებლობა კაენს, ეღიარებინა ჩადენილი დანაშაული. მას საკმაო დრო მიეცა პასუხისათვის. კაენს კარგად ესმოდა ჩადენილი ბოროტების საშინელება, მის დასაფარავად წარმოთქმული სიცრუის სისაძაგლე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯიუტად უარყო იგი და მალე განაჩენიც გამოტანილ იქნა. ღვთიურმა ხმამ, რომელიც ადრე ევედრებოდა და აფრთხილებდა, ახლა მკაცრად წარმოთქვა: “ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე”.პწ 39.3

    მიუხედავად იმისა, რომ კაენი ჩადენილი ბოროტებისათვის სასიკვდილო განაჩენს იმსახურებდა, შემოქმედმა თავისი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამო შეიწყალა იგი და მონანიების შესაძლებლობა მისცა. მაგრამ კაენმა კვლავ გაისასტიკა გული, უფრო და უფრო ძლიერ აუჯანყდა ღვთიურ მმართველობას და ამრიგად, იგი უტიფარ, გარყვნილ ცოდვილთა გვარის ფუძემდებელი გახდა. ღვთისაგან განდგომილმა სატანის ქვეშევრდომმა სხვებიც აცდუნა. მის მაგალითს და საქმეებს ისეთი ძლიერი ზეგავლენა ჰქონდა, რომ მთელი დედამიწა გაიხრწნა და ისეთი ძალადობით აივსო, რომ მალე საჭირო გახდა მისი განადგურება.პწ 39.4

    უფალმა სიცოცხლე შეუნარჩუნა პირველ მკვლელს, რითაც გაკვეთილი მისცა მთელ სამყაროს დიად ბრძოლასთან დაკავშირებით. კაენისა და მისი შთამომავლობის ბნელი ისტორია თვალსაჩინო მაგალითი იყო იმისა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა უფლის მოქმედებას, თუკი ცოდვილს მარადიული ცხოვრების ნება და ამბოხების ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემოდა. უფლის დიდი მოთმინება მხოლოდ ხელს უწყობდა უწმიდურთა ურჯულოებას და სისასტიკეს. კაენის მიმართ განაჩენის გამოტანის დღიდან თხუთმეტი საუკუნის შემდეგ საშინელმა დანაშაულმა და ცოდვამ წალეკა მთელი დედამიწა და მთელი სამყაროსათვის ცხადი გახდა, რომ ეს მისი საქმეების დამღუპველი ზეგავლენის შედეგი იყო. მაშინ ნათელი გახდა, რომ ცოდვილის მიმართ უფლის რჯულის დარღვევისათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი სამართლიანიც იყო და შემწყნარებლურიც. რაც უფრო მეტ ხანს ცხოვრობდნენ ადამიანები ცოდვაში, მით უფრო იხრწნებოდნენ. ღვთიური განაჩენი, რომელიც აკავებდა ურჯულოებას, აღვირახსნილობას და ათავისუფლებდა წუთისოფელს ამბოხებულთა სასტიკი, დამღუპველი ზეგავლენისაგან, უფრო კურთხევა იყო, ვიდრე წყევლა.პწ 40.1

    სატანა გამუდმებით, უშრეტი ენერგიით იღწვის, რათა დამახინჯებულად წარმოადგინოს უფლის არსი და მისი მმართველობის პრინციპები. უჩვეულო ოსტატობით, მოფიქრებულად ცდილობს იგი, სიცრუესა და სიბნელეში ამყოფოს მთელი ქვეყნიერება. უსასრულო და ყოვლისმცოდნე ღმერთმა დასაბამიდანვე იცის დასასრული და მისი გეგმები ცოდვის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი და დიდებულია. მას განზრახული აქვს არა მხოლოდ ბოლო მოუღოს ამბოხებას, არამედ მთელ უსასრულო სამყაროს სატანის არსი აჩვენოს. ღვთის გეგმა გამჟღავნდა და დაგვანახა უფლის როგორც სამართლიანობა, ასევე წყალობა, რამაც სრულად გაამართლა უზენაესის სიბრძნე და სიმართლე ბოროტებასთან მიმართებაში.პწ 40.2

    სხვა, უცოდველ სამყაროთა მკვიდრნი უდიდესი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ყველაფეს, რაც დედამიწაზე ხდებოდა. წარღვნამდელი წუთისოფლის მდგომარეობა ლუციფერის მმართველობის შედეგებზე მეტყველებდა, მმართველობისა, რომლის განხორციელებაც მას ზეცაში ქრისტეს ხელმწიფებისა და უფლის წმიდა რჯულის გაუქმებით სურა. წარღვნამდელი სამყაროს თავნება ცოდვილებში ისინი სატანის ქვეშევრდომთ ხედავდნენ. “უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა” /დაბ. 6:5/. ადამიანი ყოველმხრივ: თავისი გრძნობებით, სურვილებითა და წარმოდგენებით - მტრულად განეწყო ღვთიური პრინციპების - სიწმიდის, მშვიდობის და სიყვარულის მიმართ. ეს იყო საშინელი მაგალითი მანკიერებისა, რომელიც გახდა შედეგი სატანის მცდელობისა, ქმნილება შემოქმედის წმიდა რჯულის მოთხოვნებისაგან გაეთავისუფლებინა.პწ 40.3

    დიად ბრძოლაში გაცხადებული ფაქტებით უფალი წარმოგვიდგენს თავისი მმართველობის პრინციპებს, რომლებიც გააყალბა სატანამ და ყველამ, ვისი ცდუნებაც მანშეძლო. საბოლოოდ უფლის სამართლიანობას აღიარებს მთელი სამყარო, თუმცა ამბოხებულთათვის ხსნა უკვე გვიანი იქნება. მთელი სამყაროს თანაგრძნობითა და მხარდაჭერით, ნაბიჯნაბიჯ ახორციელებს უფალი თავის უდიდეს ჩანაფიქრს - ამბოხების საბოლოო ჩახშობას. მაშინ ცხადი გახდება, რომ ღვთიურ დადგენილებათა ყოველი უარმყოფელი სატანას მიემხრო ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც წუთისოფლის მთავარი დაისჯება და მისი თანამზრახველნიც მის ხვედრს გაიზიარებენ, მაშინ ზეცის ყველა მკვიდრი, მოწმე განაჩენისა, გამოაცხადებს: “წრფელი და ჭეშმარიტია შენი გზები, წმიდანთა მეფეო!” /გამოცხ. 15:3/.პწ 40.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents