Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 32 - რჯულდებები და აღთქმები

    შექმნის დღიდანვე იცოდნენ ადამმა და ევამ უფლის რჯული; მათთვის ცნობილი იყო მისი მოთხოვნები; გულზე ჰქონდათ დაწერილი უფლის მცნებები. ადამიანში ცოდვის ჩასახვისას არ შეცვლილა ღმერთის რჯული, არამედ დადგინდა მსახურების განსაკუთრებული სისტემა, რათა ადამიანს ღმერთისადმი მორჩილების გზაზე დაბრუნება შეძლებოდა. მხსნელის შესახებ აღთქმა მიეცათ მათ და მსხვერპლშეწირვაც მიუთითებდა ქრისტეს სიკვდილზე, როგორც ცოდვისათვის გაღებულ უდიდეს მსხვერპლზე. მაგრამ არ იქნებოდა ქვეყანაზე სიკვდილი, უფლის რჯული რომ არ დარღვეულიყო; საჭირო არ იქნებოდა მხსნელი და, აქედან გამომდინარე, საჭირო არ იქნებოდა მსხვერპლი.პწ 230.2

    ადამი თავის თანამედროვეთ ასწავლიდა ღვთის რჯულს; ეს ცოდნა მამიდან შვილებს გადაეცემოდა თაობიდან თაობაში. მაგრამ, მიუხედავად ადამიანის გადარჩენის მრავალმხრივი მცდელობისა, მხოლოდ უმცირესობა დაემორჩილა უზენაესის მცნებებს. და მალე ისე ღრმად დაეცა განდგომილი წუთისოფელი, რომ მისი ცოდვისგან განწმედა მხოლოდ საყოველთაო წარღვნით გახდა შესაძლებელი. ნოე და მისი ოჯახიც იცავდა უფლის მცნებებს. ოჯახის მამა მათ მნიშვნელობას აცნობდა შვილებს. ხოლო, როცა ადამიანები კვლავ განუდგნენ ღმერთს, უფალმა ამოირჩია აბრაამი, რომელზედაც თქვა: “დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს სჯულდებებს” /დაბ. 26:5/. წინადაცვეთის წესი დაუდგინა უფალმა მას, რაც უფლის მსახურებისათვის მთელი ცხოვრების მიძღვნას გულისხმობდა და რაც საწინდარი იყო იმისა, რომ მისი რჯულის აღმსრულებელნი არ ცდუნდებიან კერპებით და მხოლოდ უზენაესის მცნებებს დაემორჩილებიან. ეგვიპტეში ისრაელიანთა ტყვეობის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ აბრაამის შთამომავლობამ არ დაიცვა ეს წესი და მას წარმართებთან კავშირი და მათი ტრადიციები ამჯობინა. წარმართებთან სიახლოვემ და მონურმა მდგომარეობამ კი ის შედეგი გამოიღო, რომ ღვთიური დადგენილებანი უფრო მეტად დამდაბლდა, დამახინჯდა სასტიკი წარმართული მოძღვრებების ზეგავლენით. ამიტომ, ეგვიპტიდან მათი გამოყვანის შემდეგ, თავად ჩამოვიდა უფალი თავის ზეციურ ანგელოზთა თანხლებით და მრისხანე დიდებულებით სინაის მთაზე, სადაც მთელ ერს გამოუცხადა თავისი წმიდა რჯული.პწ 230.3

    არ ენდო უფალი იმ ხალხის მეხსიერებას, რომელსაც ასე ადვილად შეეძლო მისი დადგენილებების დავიწყება; ამიტომ დაწერა თავისი ათი მცნება ქვის ფიქალებზე. ძალიან უნდოდა უფალს, დაეცვა ისრაელი თავისი წმიდა მცნებების წარმართთა ტრადიციებთან ან ადამიანის დადგენილ წესჩვეულებებთან აღრევის საშიშროებისაგან. მაგრამ უფლის ათი მცნება საკმარისი არ აღმოჩნდა ხალხისათვის. შეამჩნია უფლმა მათი ამ საკითხისადმი ზერელე მიდგომა და ყველა გზა ჩაუკეტა ცდუნებას. ამიტომ უბრძანა მოსეს, ჩაეწერა ყველა წესი და კანონი დაწვრილებითი განმარტებებით. ეს წესები, რომლებიც ადამიანს ღმერთის, მოყვასისა და უცხოთა მიმართ თავის მოვალეობას განუმარტავდა, უფლის ათი მცნების პრინციპების განვრცობა იყო მხოლოდ, რათა ვინმეს რაიმე ეჭვი არ აღძვროდა მათ თაობაზე. ეს განმარტებები მოწოდება იყო უფლისა, დაეცვათ ქვის ფიქალებზე ამოკვეთილი ათი მცნების სიწმიდე.პწ 231.1

    ადამიანებს ჩვენი წინაპრებისთვის მიცემული რჯული რომ დაეცვათ, რომელსაც ასე მკაცრად იცავდნენ ნოე და აბრაამი, არ იქნებოდა საჭირო წინადაცვეთის წესის დადგენა. ჯოლო აბრაამის შთამომავლობას რომ დაეცვა აღთქმა, რომლის სიმბოლოც წინადაცვეთა იყო, არასოდეს გაიკეთებდნენ კერპებს და არც ეგვიპტის მონობის სიმძიმეს გაიზიარებდნენ; ისინი გულზე დაიწერდნენ უფლის მცნებებს და სინაიზე მათი გამოცხადება ან ქვის ფიქალებზე დაწერა არ იქნებოდა საჭირო. და ხალხს რომ ათი მცნების მიხედვით ეცხოვრა, მოსეს მათი დამატებითი ახსნაც არ დასჭირდებოდა.პწ 231.2

    ადამისადმი მიცემული მსხვერპლშეწირვის სისტემაც დამახინჯდა მისი შთამომავლობის მიერ. ცრურწმენამ, კერპთაყვანისმცემლობამ, სისასტიკემ და უზნეობამ გაართულა უფლის მიერ დადგენილი ეს უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი მსახურება. წარმართებთან ხანგრძლივი ურთიერთობის ზეგავლენით ისრაელიანებმა მრავალი წარმართული წესი თავის მსახურებასთან აღრიეს და დაიკანონეს. ამიტომ უფალმა სინაიზე ისრაელს განუსაზღვრა მსხვერპლშეწირვის მსახურება. საწმიდრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, მადლის ტახტის ზემოდან, დიდების ღრუბლიდან ელაპარაკა უფალი მოსეს და კვლავ ზუსტი მითითებები მისცა მსხვერპლშეწირვის სისტემასა და საწმიდარში მსახურებასთან დაკავშირებით. და ეს ცერემონიალური კანონი წიგნში ჩაწერა მოსემ. მაგრამ სინაიზე გამოცხადებული ათი მცნება, რომელიც თავად დაწერა უფალმა ქვის ფიქალებზე, წმიდა კიდობანში ინახებოდა.პწ 231.3

    დღესაც ბევრი ცდილობს, გააერთიანოს ეს ორი სისტემა ცერემონიალურ კანონთან დაკავშირებული მუხლების მეშვეობით და დაამტკიცოს, რომ ზნეობრივი კანონი გაუქმებულია. მაგრამ ეს წმიდა წერილის დამახინჯებაა მხოლოდ. ამ ორ სისტემას შორის უდიდესი განსხვავებაა. ცერემონიალური კანონები შედგებოდა სიმბოლოებისაგან, რომელიც ქრისტეზე, მის მსხვერპლზე და მღვდლობაზე მიუთითებდა. მსხვერპლშეწირვისა და სხვა დადგენილებათა ამ რიტუალური კანონის შესრულება ებრაელებს იმ დრომდე ევალებოდათ, სანამ ქრისტეს - ღვთის კრავის სიკვდილში, რომელმაც წუთისოფლის ცოდვები იტვირთა, პირველსახე და რეალობა ერთურთს არ შეხვდებოდა. მაშინ მსხვერპლშეწირვის ყველა ეს რიტუალი თავის მნიშვნელობას კარგავდა. ეს ის კანონია, რომელიც ქრისტემ “აიღო... შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა” /კოლ.2:14/. მაგრამ ათი მცნების შესახებ მეფსალმუნე ამბობს: “უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში” /ფს. 118:89/. მაცხოვარი თავად აცხადებს: “არ იფიქროთ, თითქოს რჯულის... გასაუქმებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ /ხაზს უსვამს ამ სიტყვებს/: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება” /მათ. 5:17,18/. აქ მაცხოვარი არა მხოლოდ განმარტავს რჯულის მოთხოვნებს, არამედ გვარწმუნებს, რომ უცვლელია იგი, სანამ ცა და დედამიწა არსებობს. უფლის რჯული ისეთივე მყარი და უცვლელია, როგორც უზენაესის ტახტი. და კაცობრიობის მიმართ უფლის მოთხოვნებიც მარად იარსებებს.პწ 232.1

    სინაის მთაზე მოცემული რჯულის შესახებ ნეემია წინასწარმეტყველი ამბობს: “სინაის მთაზე ჩამოხველ, ზეციდან ელაპარაკე მათ და სწორი სამართალი, ჭეშმარიტი რჯულნი, კეთილი წესები და მცნებები მიეცი” /ნეემ. 9:13 - ხაზგასმა ავტორისა/. “წარმართთა მოციქული” - პავლე აცხადებს: “ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი” /რომ. 7:12/. ეს განმარტება მხოლოდ ათ მცნებას შეიძლება ეხებოდეს, რადგან ეს რჯული ამბობს: “არ ისურვო” /რომ.7:7/.პწ 232.2

    თუმცა მხსნელის სიკვდილმა გააუქმა სიმბოლოებისა და პირველსახეების კანონი, მაგრამ არ გაუუქმებია ადამიანის მოვალეობანი, რომლებიც ზნეობრივი კანონითაა განპირობებული. პირიქით, ქრისტეს სიკვდილი, რომელიც რჯულის დარღვევათა გამოსასყიდად იყო აუცილებელი, მის უცვლელობაზე მეტყველებს.პწ 232.3

    ის, ვინც ამტკიცებს, რომ ქრისტე ძველი აღთქმისა და უფლის რჯულის გასაუქმებლად მოვიდა, იუდეველთა ეპოქას ბნელ საუკუნედ, ებრაელთა რელიგიას კი უბრალო რიტუალებისა და ცერემონიების შერწყმად მიიჩნევს. ეს დიდი შეცდომაა. წმიდა წერილის ყოველ გვერდზე, სადაც თავის ხალხთან ღმერთის დამოკიდებულებაზეა საუბარი, მოჩანს ცეცხლოვანი კვალი იმისა, ვინც წარმოთქვა: “მე ვარ”. თავისი ძალისა და დიდების ნიშნების უმრავლესობა მხოლოდ მაშინ მოუვლინა მან ადამიანებს, როცა იგი ერთადერთ მბრძანებლად და რჯულის დამდგენლად მიაჩნდათ. მათი მმართველი მოკვდავი ადამიანი კი არ იყო კვერთხით ხელში, არამედ ისრაელის უძლიერესი, უხილავი მეფე.პწ 232.4

    ყოველ ამ გამოცხადებაში ღვთიური სიდიადე ქრისტეს მეშვეობით ვლინდებოდა. არა მხოლოდ მაცხოვრის დედამიწაზე მოსვლისას, არამედ წუთისოფელში ცოდვის გაჩენის და გამოსყიდვის აღთქმის შემდეგ საუკუნეების მანძილზე “ღმერთმა ქრისტეში შეირიგა წუთისოფელი” /2 კორ. 5:19/. ქრისტე იყო საფუძველი და ცენტრი მსხვერპლშეწირვის სისტემისა როგორც უძველეს, პატრიარქალურ, ასევე იუდეველთა ხანაშიც. ჩვენი წინაპრების დაცემის დღიდან გაწყდა უშუალო კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. მამამ წუთისოფლის მმართველობა ქრისტეს გადასცა, რათა თავისი შუამდგომლობით გამოესყიდა ადამიანი და განემტკიცებინა უფლის რჯულის სიწმიდე და ხელმწიფება. ყოველგვარი ურთიერთობა ზეცასა და დაცემულ კაცობრიობას შორის ქრისტეს მეშვეობით ხორციელდებოდა. სწორედ უფლის ძემ აღუთქვა ჩვენს წინაპრებს გამოსყიდვა. სწორედ იგი ეჩვენებოდა პატრიარქებს. ადამი, ნოე, აბრაამი, ისააკი, იაკობი და მოსე ჩასწვდნენ სახარების არსს. მათ იცოდნენ, რომ ადამიანის ხსნა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც მას შეცვლის ჯვარზე და მის ცოდვებს გამოისყიდის. ამ ღვთისმოსავ ადამიანებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მაცხოვართან, რომელიც შემდგომში ადამიანის სხეულით უნდა მოსულიყო დედამიწაზე, ზოგი მათგანი კი პირისპირ ესაუბრებოდა მას და ზეციურ ანგელოზებს.პწ 232.5

    ქრისტე მხოლოდ ის ანგელოზი როდი იყო, რომელიც ებრაელებს უდაბნოში წინ მიუძღოდა, რომელშიც სახელი “იეჰოვა” იყო ჩაქსოვილი და ღრუბლის სვეტში გზას უჩვენებდა თავის ხალხს; ის იყო ისიც, ვინც ისრაელს რჯული მისცა. მრისხანე დიდების ღრუბლით მოცულმა ქრისტემ მთელი ხალხის წინაშე გამოაცხადა ათი მცნება - თავისი მამის რჯული და ქვის ფიქალებზე ამოკვეთილი, მოსეს გადასცა.პწ 233.1

    ეს ქრისტე მიმართავდა თავის ხალხს წინასწარმეტყველთა ბაგეებით. პეტრე მოციქული ქრისტიანული ეკლესიისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ “წინასწარმეტყველნი... თქვენთვის განკუთვნილ მადლზე წინასწარმეტყველებდნენ. იკვლევდნენ, რომელ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას” /1 პეტრ. 1:10,11 - ხაზგასმა ავტორისა/. ეს ქრისტეს ხმა მოგვმართავს ძველი აღთქმის ფურცლებიდან. “ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია” /გამოცხ. 19:10/.პწ 233.2

    ძველი აღთქმისაკენ მიმართავდა ქრისტე იმ ადამიანთა ყურადღებას, რომელთაც ასწავლიდა. “იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემს შესახებ მოწმობენ” /იოან. 5:39/. ამ დროისათვის ბიბლიური წიგნებიდან მხოლოდ ძველი აღთქმის წერილები არსებობდა. ძე ღვთისა ამბობს: “მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი; მათ უსმინონ”. შემდეგ კი განაგრძობს: “თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ” /ლუკ. 16:29, 31/.პწ 233.3

    ცერემონიალური კანონიც ქრისტეს დაწესებულია. მოგვიანებით, როცა ეს კანონი უკვე გაუქმდა, პავლე მოციქულმა დაანახა ებრაელებს მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, მისი ადგილი გამოსყიდვის გეგმაში და ქრისტეს მსახურებაში; ეს უდიდესი მოციქული ღირსეულს და დიდებულს უწოდებს ამ კანონს. საწმიდარში საზეიმო მსახურება ანარეკლი იყო იმ უდიდესი ჭეშმარიტებებისა, რომლებიც გასაგები გახდებოდა მომავალი თაობებისათვის. ისრაელიანთა ლოცვებთან ერთად ზეცას ასული საკმევლის ღრუბელი სიმბოლო იყო ქრისტეს სიმართლისა, რომლის მეშვეობითაც ღებულობს ზეცა ცოდვილის ლოცვებს; სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე მოთავსებული დაკლული მსხვერპლი მომავალ გამომსყიდველზე მოწმობდა; წმიდათა წმიდაში უფლის ხილული დიდება ბრწყინავდა. ასე რომ, განდგომილებისა და უმეცრების ბნელ საუკუნეებშიც გააჩნდათ ადამიანებს გულწრფელი, ცოცხალი რწმენა, ვიდრე აღთქმული მესიის მოსვლის ჟამი დადგებოდა.პწ 233.4

    სანამ დედამიწას ადამიანის სახით მოევლინებოდა, ქრისტე უკვე იყო თავისი ხალხისა და წუთისოფლის ნათელი. სწორედ ქრისტესგან გამოვიდა პირველი სხივი, რომელმაც გაარღვია ცოდვის წყვდიადი. ყოველი ზეციური სხივი დედამიწის მკვიდრთათვის მისგან მოდის. დადარჩენის გეგმაში ქრისტე არის ანი და ჰოე - პირველი და უკანასკნელი.პწ 234.1

    მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა ადამიანთა ცოდვების მიტევებისათვის თავისი სისხლი დაღვარა და ზეცად ამაღლდა, რათა უფლის წინაშე წარმდგარიყო, გოლგოთის ჯვრიდან და ზეციური საწმიდრიდან სინათლის უხვი ნაკადი იღვრება. მაგრამ ეს უხვი ნათელი უფლებას არ გვაძლევს, დავამციროთ იმ სიმბოლოების მნიშვნელობა, რომელიც ძველ დროში მომავალ მაცხოვარზე მიუთითებდა. ქრისტეს სახარება ნათელს ხდის ებრაელთა ცხოვრების წესს და აღნიშნავს ცერემონიალური კანონის მნიშვნელობას. როცა ახალი ჭეშმარიტება გვეცხადება, ძველიც უფრო გასაგები ხდება, უფლის ჩანაფიქრი და ხასიათი უფრო სრულად ვლინდება თავის რჩეულ ხალხთან მის დამოკიდებულებაში. სინათლის ყოველი სხივი სულ უფრო ნათლად და გასაგებად წარმოგვიდგენს გამოსყიდვის გეგმას, რაც უფლის ნების გამოხატულებაა ადამიანთა გადარჩენისათვის. სულ უფრო ახალ სილამაზეს და ძალას ვხედავთ წმიდა წერილში და მისი შესწავლის უფრო ღრმა ინტერესი გვიჩნდება.პწ 234.2

    ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ ღმერთმა გამყოფი კედელი აღმართა ებრაელებსა და სხვა ხალხებს შორის; რომ მის სიყვარულსა და ზრუნვას მოკლებული იყო ყველა ერი, ისრაელიანთა გარდა. მაგრამ უფალს არ სურდა, მის ხალხს გაუცხოების კედელი აეგო თავისსა და თავის მოყვასს შორის. უფლის უსასრულო სიყვარული დედამიწის ყოველი მკვიდრისთვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა ადამიანებმა უარყვეს უფალი, მაგრამ ის მაინც მუდამ ცდილობს, გაუხსნას მათ თავისი ჭეშმარიტება და თავისი სიყვარულისა და მადლის თანაზიარი გახადოს ისინი. მან თავისი კურთხევა უბოძა რჩეულ ხალხს, რათა მას, თავის მხრივ, სხვებისთვის მიეცა იგი.პწ 234.3

    ღმერთმა მოუწოდა აბრაამს, აკურთხა და განადიდა იგი და ღვთისადმი პატრიარქის ერთგულება ანთებულ სანთელს ჰგავდა ყველგან, სადაც კი უცხოვრია. აბრაამი არ გაურბოდა ადამიანებს; მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ერების მმართველებთან; ზოგიერთი მათგანი უდიდესი პატივით ეპყრობოდა აბრაამს. უფლის ხასიათი ჩანდა მის პატიოსნებაში, უანგარობაში, სიმამაცესა და გულუხვობაში. სწორედ თავისი წარმომადგენლის, აბრაამის მეშვეობით გამოუცხადა თავისი ჭეშმარიტი არსი ზეციურმა მეფემ მესოპოტამიის, ქანაანის, ეგვიპტისა და სოდომის მკვიდრთაც კი.პწ 234.4

    იოსებმა გამოუცხადა უფლის ხასიათი ეგვიპტის და ამ უძლიერეს ქვეყანასთან კავშირში მყოფ სხვა ხალხებს. რატომ აირჩია უფალმა იოსები და განადიდა ეგვიპტელთა შორის? განა სხვა გზით არ შეეძლო მას იაკობის შვილების მიმართ თავისი ჩანაფიქრის განხორციელება? ნაგრამ იოსები სურდა ღმერთს თავისი შუქის მატარებლად და გაგზავნა იგი მეფის სასახლეში, რათა მისი მეშვეობით მთელ ქვეყანაში გაფანტულიყო ზეციური ნათელი. ბრძენი, სამართლიანი, კეთილგონიერი და კეთილშობილი, ადამიანთა ინტერესების ერთგული, ეს ადამიანები კი წარმართ ხალხს ეკუთვნოდნენ, იოსები ქრისტეს წარმომადგენელი იყო. თავის კეთილისმყოფელში, ეგვიპტეში ყველას რომ ასე უყვარდა და პატივს სცემდა, ამ წარმართ ხალხს შემოქმედისა და მხსნელის სიყვარული უნდა დაენახა. ასე აანთო ჭეშმარიტების ლამპარი უფალმა წუთისოფლის უძლიერეს სამეფოში, რათა მსურველთ შეეცნოთ ჭეშმარიტი, ცოცხალი ღმერთი. მთელი ეს მადლი ეგვიპტელებს მანამ გაეგზავნათ, სანამ მათზე უზენაესის დამსჯელი ხელი აღიმართებოდა.პწ 234.5

    როცა ღმერთმა ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანა, მისი ძლიერების ამბავი ყველგან გავრცელდა. კარგად გამაგრებულ ქალაქ იერიხონის მამაცი მცხოვრებნი შიშით ძრწოდნენ. “შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე” /იესო. 2:11/. ეგვიპტიდან გამოსვლის მრავალი წლის შემდეგ ფილისტიმელთა ქურუმები თავის ხალხს ეგვიპტის წყლულებს ახსენებდნენ და ურჩევდნენ, დამორჩილებოდნენ ისრაელის ღმერთს.პწ 235.1

    ღმერთმა იმისთვის კი არ აირჩია, აკურთხა და აამაღლა ისრაელი, რომ როგორც უფლის მცნებების შემსრულებელს, მხოლოდ მას ესარგებლა უზენაესის კეთილგანწყობით და კურთხევით, არამედ იმისათვის, რომ მისი მეშვეობით მთელი დედამიწისათვის მიეცა თავისი მადლი და ჭეშმარიტება. სწორედ ამ მიზნით უბრძანა ისრაელიანთ, რომ გარიდებოდნენ მათ გარშემო მცხოვრებ წარმართთა ტომებს.პწ 235.2

    კერპთაყვანისმცემლობა და მასთან დაკავშირებული სხვა ცოდვები სისაძაგლე იყო უფლისათვის და ამიტომ უბრძანა თავის ხალხს, არ შერეოდნენ სხვა ტომებს, არ მიებაძათ მათი საქმეებისათვის და ღმერთი არ დაევიწყებინათ. წარმართებთან ქორწინება აუკრძალა ებრაელებს, რათა მუდამ თავისთან ჰყოლოდა ისინი. მაშინაც ისევე, როგორც დღეს, საჭირო იყო წუთისოფლის ჭუჭყში არ გასვრილიყო ღვთის ხალხი და სიწმიდე შეენარჩუნებინა. კსრაელიანები თავისუფალნი უნდა ყოფილიყვნენ ამ წუთისოფლის საქმეებისა და საზრუნავისაგან, რადგან სიმართლის ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება იგი. მაგრამ უფალს არ სურდა, რომ მისი ხალხი, თავისი განსაკუთრებულობისა და გამორჩეულობის გამო, განცალკევებული ყოფილიყო წუთისოფლისაგან და ზეგავლენა არ მოეხდინა მასზე.პწ 235.3

    თავისი მეუფის მსგავსად, ქრისტეს მიმდევრები ყოველთვის ანთებული ლამპრები უნდა ყოფილიყვნენ წუთისოფლისათვის. მაცხოვარმა ბრძანა: “მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე და ყველას უნათებს სახლში”, - მაშასადამე, მთელ წუთისოფელში. და განაგრძობს: “ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია” /მათ. 5:14-16/. სწორედ ამას აკეთებდნენ ენოქი, ნოე, აბრაამი, იოსები და მოსე. ესაა სწორედ ის, რაც, უფლის ჩანაფიქრით, უნდა გააკეთოს მისმა ხალხმა, ისრაელმა.პწ 235.4

    თავიანთი ბოროტი ურწმუნოებით და სატანის გავლენით ირგვლივ მყოფ ხალხებში გავრცელების ნაცვლად, ისრაელიანებმა დამალეს ეს ჭეშმარიტი ნათელი. ფანატიზმი შთააგონებდა მათ ან წარმართ ურჯულოთა ტრადიციებს გაჰყოლოდნენ, ან წუთისოფელს გაქცეოდნენ და თავიანთი რჩეულობის სიამაყით დამტკბარიყვნენ, თითქოს უფლის სიყვარული და მზრუნველობა მხოლოდ მათი საკუთრება ყოფილიყოს.პწ 235.5

    როგორც ბიბლია წარმოგვიდგენს ორ რჯულს: პირველს - უცვლელს და მარადიულს; და მეორეს - დროებითსა და პირობითს, ასევე არსებობს ორი აღთქმა: მადლისა, რომელიც პირველად ედემში მიეცა ადამიანს, როცა მისი დაცემის შემდეგ გაისმა ღვთიური აღთქმა იმის შესახებ, რომ დედაკაცის თესლი თავს გაუჭეჭყავს გველს. ეს აღთქმა ადამიანს სთავაზობდა მიტევებას და ღვთიური ხსნის მადლს მომავალში ქრისტეს რწმენით. ასევე - საუკუნო სიცოცხლეს უფლის რჯულის ერთგულად დაცვის შემთხვევაში.პწ 235.6

    სწორედ ეს აღთქმა განაახლა ღმერთმა აბრაამთან: “იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა” /დაბ. 22:18/. აღთქმა ქრისტეზე მიუთითებდა. აბრაამმა შეიცნო ეს /იხ. გალ. 3:8,16/ და ირწმუნა, რომ ცოდვათა მიტევება მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობითაა შესაძლებელი. აი, როგორი რწმენა ჩაეთვალა მას სიმართლეში. აბრაამთან დადებული აღთქმა ღმერთის რჯულსაც განამტკიცებდა; გამოეცხადა უფალი აბრაამს და უთხრა: “მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი” /დაბ. 17:1/. შემდეგ უფალი მოწმობს თავის ერთგულ მსახურზე: “დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს სჯულდებებს” /დაბ. 26:5/ და ეუბნება მას: “დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები” /დაბ. 17:7 - ხაზგასმა ავტორისა/.პწ 236.1

    თუმცა ეს აღთქმა ადამს დაუდო უფალმა, შემდეგ კი აბრაამთან განაახლა, მაგრამ არ იყო განმტკიცებული ქრისტეს სიკვდილამდე. ეს იყო პირველი მითითება გამოსყიდვის შესახებ, რომელსაც რწმენით ღებულობდნენ, მაგრამ შემდგომ, ქრისტეს მიერ განმტკიცებულს, ახალი აღთქმა ეწოდა, რომელსაც საფუძვლად უფლის რჯული დაედო, როგორც აუცილებელი საშუალება ადამიანთა ღმერთთან დაბრუნებისა და მისი ღვთიური ნებისადმი მორჩილებისა.პწ 236.2

    სხვა აღთქმა, რომელიც ბიბლიაში “ძველი აღთქმით” არის ცნობილი, დაიდო ღმერთსა და ისრაელს შორის სინაიზე და განმტკიცდა მსხვერპლის სისხლით. აბრაამის აღთქმა კი ქრისტეს სისხლით განმტკიცდა და ეწოდა “მეორე” ანუ “ახალი აღთქმა”, ვინაიდან სისხლი, რომლითაც ის განმტკიცდა, პირველი აღთქმის შემდეგ დაიღვარა. ის, რომ ახალი აღთქმა ძალაში იყო აბრაამის დღეებში, იქიდან ჩანს, რომ მაშინ ის განმტკიცებული იყო როგორც აღთქმით, ასევე უფლის ფიცით “ორ უცვალებელ საქმეში, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს” /ებრ. 6:18/.პწ 236.3

    მაგრამ, თუკი აბრაამისეული აღთქმა გამოსყიდვის იმედს მოიცავდა, რაღა საჭირო იყო მეორის დადება სინაის მთაზე? ტყვეობის წლებში ებრაელმა ხალხმა დაკარგა ცოდნა ღმერთისა და აბრაამის აღთქმის შესახებ. ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდგომ უფალს სურდა, გაეცხადებინა თავისი ძალა და წყალობა თავისი ხალხის სიყვარულისა და ნდობის მოსაპოვებლად. მეწამულ ზღვასთან მოიყვანა ისინი, სადაც, ეგვიპტელთაგან დევნილებმა და დასაღუპავად განწირულებმა, შეიგნეს საკუთარი უძლურება და საშველად უფალს მოუხმეს. და მაშინ იხსნა კიდეც. ღვთისადმი სიყვარულმა და მადლიერების გრძნობამ მოიცვა მათი გული და მიენდნენ კიდეც მის ყოვლადძლიერებას. მაშინ მიწიური მონობისაგან იხსნა უფალმა ისრაელიანნი.პწ 236.4

    მაგრამ არსებობდა სხვა, უფრო დიდი ჭეშმარიტება, რომელიც მათ გონებაში უნდა ჩაბეჭდილიყო. იქ, წარმართთა შორის, გახრწნილების ატმოსფეროში ცხოვრებისას, მათ არ ჰქონდათ სწორი წარმოდგენა ღვთიურ სიწმიდეზე, საკუთარ ცოდვილ ცხოვრებაზე, საკუთარი უძლურების გამო უფლის რჯულის აღსრულების შეუძლებლობაზე და მხსნელის საჭიროებაზე. ყოველივე ეს უნდა შეესწავლათ და შეეგნოთ.პწ 236.5

    ღმერთმა სინაის მთასთან მიიყვანა ისინი. გამოუცხადა თავისი დიდება, მისცა რჯული და მორჩილების შემთხვევაში კურთხევა აღუთქვა. “თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას... მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით” /გამ.19:5,6/. ადამიანებს ვერ შეეცნოთ თავიანთი ცოდვილი მდგომარეობა; ვერ ხვდებოდნენ, რომ ქრისტეს გარეშე შეუძლებელია უფლის რჯულის აღსრულება და... სასწრაფოდ დაუდეს ღმერთს აღთქმა. ვყრდნობოდნენ რა საკუთარ სიმართლეს, განაცხადეს: “ყველაფერს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უბრძანებია უფალს” /გამ. 24:7/. იხილეს საკუთარი თვალით, თუ როგორი მრისხანე დიდებულებით წარმოთქვა ღმერთმა თავისი რჯული, შიშისაგან ძრწოდნენ მთის შემოგარენთან, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ სულ დაივიწყეს დადებული ფიცი და თაყვანსაცემად კერპი ჩამოასხეს. ფიცის გატეხვის შემდეგ მათ აღარ ჰქონდათ უფლის კეთილგანწყობის მოპოვების იმედი; ახლა უკვე შეიგრძნეს თავისი ცოდვილი მდგომარეობა და მიტევების აუცილებლობა, მხსნელის საჭიროება, რომელიც აბრაამის აღთქმაში და მსხვერპლშეწირვის სიმბოლურ მსახურებაში აისახა. ახლა მათი სიყვარული და რწმენა უფლისაკენ წარიმართა, რომელიც ცოდვის მონობიდან გაათავისუფლებდა მათ. ახლა მათ უკვე შეეძლოთ ახალი აღთქმის კურთხევათა შეფასება.პწ 237.1

    პირობა ძველი აღთქმისა: “რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ ცოცხალი დარჩეს”, ასეთია: დაემორჩილე და იცოცხლებ /ეზეკ. 20:11; იხ. ლევ. 18:5/. და, “წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ!” /რჯლ. 27:26/. ახალი აღთქმა “უკეთეს დაპირებებზე” - ცოდვათა მიტევებაზე და უფლის მადლზეა დაფუძნებული, რათა განახლებულმა გულმა უფლის რჯულის პრინციპების მიხედვით ცხოვრება შეძლოს. “ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. ჭიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ... ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს” /იერ. 31:33,34 - ხაზგასმა ავტორისა/.პწ 237.2

    ქვის ფიქალებზე ამოკვეთილი რჯული ახლა სულიწმიდის მადლით გულის ფიქალებზეა ამოკვეთილი. საკუთარი სიმართლის ნაცვლად ქრისტეს სიმართლის მიღებას ვლამობთ. ნხოლოდ მისი სისხლი გვწმედს ცოდვებისაგან. სულიწმიდით განახლებული მორჩილი გული გამოიღებს “სულის ნაყოფს”. ქრისტეს მადლის მეშვეობით შევძლებთ ღმერთის ნების აღსრულებას, რომელიც ჩვენს გულებზეა დაწერილი. ქრისტეს სულის მქონენი, ქრისტეს საქმეებს მივბაძავთ. წინასწარმეტყველის მეშვეობით იგი თავის თავზე ამბობს: “შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია” /ფს. 39:9/. ხოლო დედამიწაზე ყოფნისას თქვა: “ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო” /იოან. 8:29/.პწ 237.3

    პავლე მოციქული გასაგებად გვესაუბრება რწმენისა და რჯულის ურთიერთკავშირზე ახალ აღთქმაში. იგი ამბობს: “მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ”. “მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც; არამედ განვამტკიცებთ რჯულს”. “ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა” ადამიანის გამართლება, რადგან ცოდვილ სხეულში ვერ ასრულებდა მას, ამიტომ “ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად” /რომ. 5:1; 3:31; 8:3, 4 - ხაზგასმა ავტორისა/.პწ 237.4

    უფალი ყოველთვის ერთნაირად მოქმედებს, თუმცა კი მისი ძალა სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვანაირად ვლინდება, ადამიანის საჭიროებისამებრ, ამა თუ იმ დროს. პირველი აღთქმის დღეებიდან დაწყებული, პატრიარქალური და იუდეველთა ეპოქებით გაგრძელებული და ჩვენს დღეებამდე მოყოლებული, ხორციელდება უფლის გეგმა ადამიანის გამოსყიდვისათვის. იუდეველთა რიტუალებში და სიმბოლურ მსახურებაში წარმოდგენილი მაცხოვარი იგივეა, ვინც სახარებაში გვევლინება. მისი ღვთიური ხატების დამფარველი ღრუბელი გაიფანტა, ჩრდილები და წყვდიადი გაქრა და წუთისოფლის მხსნელი მთელი თავისი დიდებულებით გამოგვეცხადა. ის, ვინც სინაის მთაზე რჯული გამოუცხადა და მოსეს მეშვეობით რიტუალური კანონი გადასცა ისრაელიანებს, იგივეა, ვინც ახალ აღთქმაში მთაზე ქადაგებდა. ღვთისადმი სიყვარულის უდიდესი პრინციპები, რომელზედაც დაფუძნებულია რჯული და წინასწარმეტყველნი, მხოლოდ გამეორებაა ებრაელი ხალხისადმი მოსეს მეშვეობით მიმართვისა: “ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით” /რჯლ. 6:4,5/. “გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი” /ლევ. 19:18/, ორივე რჯული ერთმა და იმავე მოძღვარმა გვიქადაგა, უფლის მოთხოვნები ყოველთვის ერთნაირია; მმართველობის პრინციპებიც, რადგან ყოველივე მისგან მოდის, “რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა” /იაკ. 1:17/.პწ 238.1