Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 61 - საულის უარყოფა

    პირველი მეფეთა 15

    ვერ გაუძლო რწმენის გამოცდას საულმა გილგალში მძიმე ვითარების ჟამს და გააუწმიდურა ღვთის მსახურება, მაგრამ ჯერ კიდევ შეეძლო თავისი დანაშაულის გამოსწორება. კვლავ მისცა ღმერთმა ღვთის სიტყვისადმი მტკიცე რწმენისა და მისი ბრძანებებისადმი მორჩილების შესაძლებლობა მეფეს.პწ 412.5

    როდესაც წინასწარმეტყველმა იგი გილგალში ამხილა, საულმა დიდი მნიშვნელობა არ მისცა თავის შეცდომას. პირიქით, უსამართლობადაც კი მიიჩნია იგი და თავისი დანაშაულის გამართლებას შეეცადა. მას შემდეგ იშვიათად ხვდებოდა იგი წინასწარმეტყველს. საკუთარი შვილივით უყვარდა სამუელს საული, მამაცი და ფიცხი მეფე კი, თავის მხრივ, დიდ პატივს სცემდა წინასწარმეტყველს; მაგრამ მისგან მხილებას დაუმსახურებლად თვლიდა და მასთან შეხვედრას გაურბოდა.პწ 412.6

    უფალმა კვლავ გაგზავნა თავისი მსახური საულთან, მაგრამ სხვა დავალებით. თავისი მორჩილებით ჯერ კიდევ შეეძლო საულს, დაემტკიცებინა უფლისათვის ერთგულება და ისრაელის ნდობაც გაემართლებინა. მოვიდა მასთან სამუელი და უფლის დანაბარები აუწყა. იმისათვის, რომ მეფეს შეეგნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ სიტყვების შესმენა, სამუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოვიდა უფლის დავალებით იმისგან, ვინც საული სამეფო ტახტზე დასვა. „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, - თქვა მან, - მე მახსოვს, როგორ ექცეოდა ისრაელს ყამალეკი, როგორ აბრკოლებდა გზაზე ეგვიპტიდან გამომავალს. ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი”. ყამალეკმა პირველმა გამოუცხადა ომი ისრაელს უდაბნოში და ამ ცოდვის და, აგრეთვე, იმის გამო, რომ უარყო უფალი და კერპთაყვანისმცემლობის მორევში ჩაიძირა, უფალმა მოსეს მეშვეობით ასეთი განაჩენი გამოუტანა მას: „მოსპე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს” /რჯლ. 25:19/. ოთხასი წლით გადაიდო ამ განაჩენის აღსრულება, მაგრამ არ მიატოვა ყამალეკმა ცოდვის გზა. კარგად იცოდა უფალმა, რომ ეს უწმიდური ხალხი, რომ შეძლებოდა, არ დაინდობდა და პირისაგან მიწისა აღგვიდა ისრაელიანთ და მათ რელიგიას. ახლა კი დადგა დრო ამდენი ხნის გადადებული განაჩენის აღსრულებისა.პწ 413.1

    უფლის დიდსულოვნებამ უფრო გაათავხედა ეს ხალხი ურჯულოებაში და დრომაც ვერ შეარბილა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი. „რადგან აღიმართება უფალი როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის როგორც გიბყონის ველზე თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების ჩასადენად” /ეს. 28:21/. ჩვენი მოსიყვარულე ღმერთისათვის დასჯა უჩვეულო, უცხო საქმეა. „უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს” /ეზეკ. 33:11/. „ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი... შეუნდობს ბრალს და დანაშაულს, და ცოდვას”. თუმცა - „არ გაუშვებს დაუსჯელად” /გამ. 34:6,7/. და, თუმცა მას არ სიამოვნებს შურისძიება, მაგრამ მაინც სჯის მისი რჯულის დამრღვევთ. იძულებულია უფალი, ასე მოიქცეს, რათა სრული გახრწნისა და დაღუპვისაგან იხსნას წუთისოფელი. ადამიანთა ერთი ნაწილის გადასარჩენად იგი იძულებულია, გაანადგუროს ისინი, ვინც გული ცოდვაში გაისასტიკა. „სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს” /ნაუმ. 1:3/. საშინელი მართლმსაჯულებით აღადგენს უფალი ფეხქვეშ გათელილ თავის რჯულს. თვით ის ფაქტი, რომ მას არ სურს ამ მართლმსაჯულების აღსრულება, მეტყველებს იმ ცოდვის სიღრმეზე, რომელმაც ეს სასჯელი გამოიწვია და შურისძიების სისასტიკეზე, ცოდვილს რომ ელის.პწ 413.2

    მაგრამ სამართლიან მსაჯულს არც გულმოწყალება დავიწყებია. ყამალეკელები უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ მათ შორის მცხოვრები კენიელები კი დაინდო უფალმა. ეს ხალხი, მართალია, კერპთაყვანისმცემლობისაგან სრულად ვერ გათავისუფლდა, მაგრამ ღმერთს ემსახურებოდა და ისრაელის მიმართაც კეთილად იყო განწყობილი. ამ ტომს მიეკუთვნებოდა მოსეს ცოლისძმა ხობაბი, რომელიც ისრაელიანთ ახლდა თან უდაბნოში მოგზაურობისას, კარგად იცნობდა იმ ადგილებს, რითაც დიდად დაეხმარა ებრაელებს.პწ 413.3

    მიქმაშში ფილისტიმელთა დამარცხების შემდგომ საული შეებრძოლა მოაბს, ყამონს, ედომს, ყამალეკს და ფილისტიმელთ და ბრწყინვალედ იმარჯვებდა მათზე. ყამალეკელთა წინააღმდეგ საბრძოლო ბრძანების მიღებისთანავე გამოუცხადა ომი მათ საულმა. წინასწარმეტყველის სიტყვებით დამოწმებული მისი ბრძანება მთელ ქვეყანაში გამოცხადდა. ყოველი ბრძოლისუნარიანი ებრაელი საბრძოლო მოქმედებებისათვის მოემზადა. ამ ბრძოლის მიზანი არ იყო ნადავლის მოპოვება და გამდიდრება. ამ ომში ისრაელიანთ არ უნდა მიეთვისებინათ არც გამარჯვება და არც ნადავლი. მათ მხოლოდ იმიტომ უნდა ებრძოლათ, რომ აღესრულებინათ უფლის ნება და მართლმსაჯულება ყამალეკზე. უფალს სურდა, ყველას ეხილა, თუ რა დაემართებოდა ტომს, რომელიც მის ხელმწიფებას აღუდგებოდა წინ და რომ მათ სწორედ ის ხალხი გაანადგურებდა, რომელიც ასე ძლიერ სძულდათ.პწ 414.1

    „შემუსრა საულმა ყამალეკი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ რომ არის. ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილით გაანადგურა. დაინდეს საულმა და ლაშქარმა აგაგი და საუკეთესო ცხვარძროხა, საკვები, ბაღვენახები და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო და რისი განადგურებაც არ მოინდომეს. ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს”.პწ 414.2

    ეს გამარჯვება უბრწყინვალესი იყო საულის სხვა გამარჯვებათა შორის. და კვლავ სიამაყით აენთო გული, რაც ყველაზე მეტ საშიშროებას წარმოადგენდა. ღვთიური ბრძანება მისი მტრების სრული განადგურების შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. ბრძოლის ველიდან გამარჯვებით დაბრუნება რომ უფრო მეტი დიდებით შეემკო, საულმა, ირგვლივ მყოფ წარმართ ტომთა ჩვეულებისამებრ, სიცოცხლე აჩუქა ყამალეკელთა სასტიკ და ბოროტ მეფეს, აგაგს. ხალხმა კი საუკეთესო ხარები, ცხვარძროხა და სხვა პირუტყვი მიითვისა. ეს ცოდვა კი იმით გაამართლეს, თითქოსდა მათი უფლისათვის შეწირვა სურდათ. მათ თავისი პირუტყვის სანაცვლოდ გამოიყენებდნენ, საკუთარს კი შეინარჩუნებდნენ.პწ 414.3

    უკანასკნელი გამოცდა იყო ეს საულისათვის. უფლის ნების წინააღმდეგ მისი თვითდაჯერებული მოქმედება იმაზე მეტყველებდა, რომ მას, როგორც მონარქს, დამოუკიდებელი მოქმედება ჰქონდა განზრახული. ამით კი იმას ამტკიცებდა, რომ ღირსი არ იყო, ღმერთის წარმომადგენელი ყოფილიყო.პწ 414.4

    იმ დროს, როცა საული და ბრძოლაში გამარჯვებით თავბრუდახვეული მისი ხალხი სახლში ბრუნდებოდა, უდიდესი მწუხარება სუფევდა სამუელ წინასწარმეტყველის ოჯახში: მეფის მოქმედების გამკიცხავი სიტყვა მიიღო უფლისაგან: „ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს”. ძლიერ შეწუხდა წინასწარმეტყველი ჯიუტი მეფის მოქმედებით. მთელი ღამე ტიროდა და ლოცულობდა იგი, საშინელი განაჩენის შეცვლას სთხოვდა უფალს.პწ 414.5

    არ ჰგავს უფლის სინანული ადამიანის სინანულს. „არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი ხომ არ არის, რომ გადაიფიქროს”. ადამიანის სინანული და მონანიება მისივე გონების გარდაქმნას ნიშნავს. უფლის სინანული კი - ვითარებისა და დამოკიდებულების შეცვლას. ადამიანს ძალუძს, შეცვალოს ღვთისადმი თავისი დამოკიდებულება, დაეთანხმოს პირობებს და უფლის კეთილგანწყობა მოიპოვოს; ან, თავისი საქმეებისა და საქციელის შედეგად, დარჩეს უფლის კურთხევის გარეშე; მაგრამ უფალი ღმერთი “იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდეც” /ებრ. 13:8/. დაუმორჩილებლობამ შეცვალა ღვთისადმი საულის დამოკიდებულება, მაგრამ უფლის მოთხოვნები მის მიმართ ისევე უცვლელი დარჩა, როგორც ადრე, ვინაიდან მასში “არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა” /იაკ. 1:17/.პწ 414.6

    გულისტკივილით გამოვიდა წინასწარმეტყველი დილით მეფესთან შესახვედრად. კვლავ დარჩენოდა მცირე იმედი, რომ გონს მოვიდოდა საული, თავის ცოდვას აღიარებდა, მოინანიებდა, თავის სიამაყეს დათმობდა და კვლავ უფლის კეთილგანწყობას მოიპოვებდა. მაგრამ ურჯულოების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ სხვა ბოროტ ქმედებათა ჩადენა უკვე ძნელი აღარაა. თავისი დაუმორჩილებლობის გამო უკვე გაუწმიდურებული საული სამუელს ცრუ სიტყვებით შეხვდა: „კურთხეული ხარ უფლისაგან! აღვასრულე უფლის სიტყვა”.პწ 415.1

    წამსვე წინასწარმეტყველის ყურს მისწვდა ხმები, რომელმაც ამხილა ჯიუტი მეფე. შეკითხვაზე: „რა არის, ცხვრისა და ძროხის ბღავილი რომ მესმის?” - საულმა მიუგო: “ყამალეკისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ლაშქარმა საუკეთესო ცხვარძროხა, რომ უფლის, შენი ღმერთისთვის, შეეწირა. დანარჩენი გავანადგურეთ”. ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ საულის ბრძანება შეასრულა, მაგრამ თავის გასამართლებლად იგი მზად იყო, ყველაფერი მისთვის დაებრალებინა.პწ 415.2

    ენით გამოუთქმელი ტკივილი მიაყენა სამუელს საულის განდგომამ. ყოველივე ეს უნდა გაეგო ისრაელიანთა ლაშქარს, რომელსაც მედიდურობა დ სიამაყე შეჰმატა ამ ბრწყინვალე გამარჯვებამ და რომელიც ამ წარმატებას მხოლოდ მეფის გამჭრიახობასა და სიბრძნეს მიაწერდა. არც საული აკუთვნებდა ისრაელის ამ გამარჯვებას უფლის ხელს. დარწმუნდა სამუელი საულის განდგომილებაში და რისხვამ შეიპყრო - უფლის რჩეულმა კაცმა უარყო ზეცის ნება და აცდუნა ისრაელი. ვერ მოატყუა სამუელი მეფის ცრუ სიტყვებმა. გულისტკივილით უთხრა მას აღშფოთებულმა წინასწარმეტყველმა: „მათქმევინე, რა გამომიცხადა უფალმა წუხელ... ხომ არ გეღირსებოდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა?” კვლავ გაიმეორა მან უფლის ბრძანება ყამალეკთან დაკავშირებით და პასუხი მოსთხოვა საულს.პწ 415.3

    თავის გამართლებას შეეცადა საული: „მე გავიგონე უფლის სიტყვა და წავედი იმ გზით, რაზედაც დამაყენა უფალმა; მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკი გავანადგურე. ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა - დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლის, შენი ღმერთისათვის შეეწირა მსხვერპლად გილგალში”.პწ 415.4

    დაუყოვნებლივ, მკაცრად უარყო საკუთარი თავის გადასარჩენად საულის მიერ ნათქვამი ტყუილი და უკვე გამოტანილი, შეუცვლელი განაჩენი აუწყა: „განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც შესმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება - ცხვრების ლურთებზე. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას”.პწ 415.5

    მოისმინა მეფემ ეს საშინელი განაჩენი და შესძახა: „შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას”. ჭინას- წარმეტყველის მიერ წარმოთქმულმა უფლის განაჩენმა შეაშინა საული და აღიარა მან დანაშაული, აქამდე რომ ასე ჯიუტად უარყოფდა, მაგრამ, კვლავინდებურად, ყველაფერი ხალხს გადააბრალა და განაცხადა, რომ ხალხისა ეშინოდა და ამიტომ შესცოდა.პწ 415.6

    სასჯელის შიში აწუხებდა საულს და არა ჩადენილ ცოდვაზე ურვა, როცა სამუელს ევედრებოდა: „შემინდე ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს”. დულწრფელი სინანულის შემთხვევაში, საული საქვეყნოდ აღიარებდა თავის ცოდვას, მაგრამ მას მხოლოდ საკუთარი ავტორიტეტისა და ხალხის ერთგულების შენარჩუნება აინტერესებდა. ეშინოდა საულს, ხალხზე გავლენა არ დაეკარგა და ამიტომ არ სურდა სამუელის გაშვება.პწ 416.1

    „არ დავბრუნდები შენთან ერთად, - მიუგო სამუელმა, - რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ”. წასასვლელად მიბრუნებულ წინასწარმეტყველს ტანსაცმელში სწვდა შეშინებული მეფე. გაიხა სამოსელი, რაზედაც ასე თქვა სამუელმა: „გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს”.პწ 416.2

    სამუელის გაუცხოებაზე უფრო წუხდა საული, ვიდრე ღვთის უკმაყოფილებაზე. კარგად იცოდა საულმა, რომ ხალხი სამუელს უფრო დიდ პატივს სცემდა, ვიდრე მას. იმასაც გრძნობდა, ვერ მოთოკავდა ხალხს, თუკი შეატყობინებდნენ, რომ სხვა ვინმე იყო ცხებული ისრაელის მეფედ. ეშინოდა, თუკი ახლა სამუელი მას მიატოვებდა, ხალხი ამბოხდებოდა, ამიტომ ევედრებოდა წინასწარმეტყველს, პატივი ეცა მისთვის ხალხისა და უხუცესთა წინაშე და რელიგიურ მსახურებაში მასთან ერთად მიეღო მონაწილეობა. უფლის თანხმობით უსმინა წინასწარმეტყველმა მეფის თხოვნას, რათა აჯანყების საბაბი არ მიეცა ხალხისათვის. მაგრამ ამ ღვთისმსახურებას იგი მხოლოდ მდუმარედ, უსიტყვო მოწმედ ესწრებოდა.პწ 416.3

    მაგრამ კიდევ ერთი საქმე იყო გასაკეთებელი მთელი საზოგადოების წინაშე, სასტიკი და სამართლიანი. სახალხოდ უნდა ემხილებინა სამუელს საული და პატივი უნდა მიეძღვნა უფლის წმიდა და სამართლიანი სახელისათვის. ყამალეკის მეფის მოყვანა ბრძანა მან. ისრაელიანთა მახვილით დაცემულთა შორის, ყველაზე დიდი დამნაშავე სასტიკი და სისხლისმოყვარული აგაგი იყო, რომელსაც ძლიერ სძულდა ღვთის რჩეული ხალხი, მისი განადგურება სურდა და კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებასაც დიდად უწყობდა ხელს. მოიყვანეს აგაგი წინასწარმეტყველის ბრძანებით. ასე ეგონა ყამალეკის მეფეს, რომ თავი დააღწია სიკვდილს. თქვა სამუელმა: “როგორც უშვილო ქმნა შენმა მახვილმა დედაკაცები, ასევე უშვილო იქნება დედაშენი ქალთა შორის და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში უფლის წინაშე”. ამის შემდეგ „გაბრუნდა სამუელი რამათს, საული კი თავის სახლში, საულის გიბყაში წავიდა”. მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ამის შემდგომ მეფე და წინასწარმეტყველი ერთმანეთს.პწ 416.4

    თავისი მეფობის დასაწყისში მეტად მოკრძალებული იყო საული; არ იყო დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში და სიამოვნებით ისმენდა რჩევებს: არც გამოცდილება ჰქონდა მაშინ და არც ცოდნა და მრავალი სერიოზული ნაკლიც გააჩნდა. მაგრამ სულიწმიდა დაუყენა მას მასწავლებლად და დამხმარედ უფალმა და ისეთი პირობები შეუქმნა, რომ თავისუფლად შეძლებოდა ისრაელის მეფისათვის აუცილებელი თვისებების შეძენა. თავმდაბლობა და უბრალოება რომ შეენარჩუნებინა და ღვთიური სიბრძნით ხელმძღვანელობა ესურვა, თავის მაღალ მოწოდებას წარმატებითა და პატივით აღასრულებდა. ღვთიური მადლის ზეგავლენით ადამიანში ყოველი კეთილი თვისება ძლიერდება, მანკიერება კი სუსტდება. ასე შრომობს უფალი ყოველ პიროვნებაში, ვინც თავს მას მიუძღვნის. მრავალი მოუხმია უფალს თავისი საქმის აღსასრულებლად მხოლოდ იმიტომ, რომ თავმდაბალნი და თვინიერნი არიან და ამ თვისებათა გამო ღვთიურ მოძღვრებებს ადვილად ითვისებენ. თავისი უდიდესი სიბრძნით და შორსმჭვრეტელობით იგი ადამიანებს უქმნის პირობებს, რათა შეძლონ მისგან სწავლა. უფალი მათ მანკიერებებზე მიუთითებს და მისი დახმარების ყველა მსურველს საკუთარი შეცდომის გამოსასწორებლად ძალას აძლევს.პწ 416.5

    მაგრამ საული იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ თავისი ურწმუნოებითა და დაუმორჩილებლობით შელახა უფლის სიწმიდე. თუმცა თავისი მეფობის დასაწყისში იგი მეტად თავმდაბალი და საკუთარ ძალებში დაეჭვებული კაცი იყო, წარმატებებმა თავდაჯერებულობა შეჰმატა. პირველივე წარმატებამ პატივმოყვარეობა და სიამაყე აღუძრა სულში, რაც მისთვის ყველაზე დიდ საშიშროებად იქცა. საულის საბრძოლო ოსტატობამ, საზრიანობამ და მოხერხებულობამ, რაც გალაადის იაბეშის ბრძოლისას აშკარად გამოვლინდა, ხალხის აღტაცება გამოიწვია. პატივი მიაგეს მეფეს და ის კი სულ გადაავიწყდათ, რომ იგი მხოლოდ იარაღი იყო უფალი ღმერთის. და, თუმცა თავდაპირველად საულმა ღმერთს შესწირა მადლი და დიდება ამისათვის, მოგვიანებით თავად მიითვისა წარმატება. დაივიწყა საულმა, რომ ღმერთზე იყო ყველაფრით დამოკიდებული და მისი გულიც დაშორდა უზენაესს. ასე მომზადდა ნიადაგი მკრეხელური საქმეებისათვის გილგალში. თვითდაჯერებულობამ აიძულა საული, არ მიეღო სამუელის მხილებანი. მან აღიარა სამუელი ღვთის წინასწარმეტყველად, ამიტომ უნდა შეესმინა მისი მხილებანი, თუმცა თავს უდანაშაულოდ თვლიდა. მას რომ შეესმინა და ეღიარებინა თავისი შეცდომა, ეს მწარე გაკვეთილი მომავალში შეცდომებისაგან დაიცავდა.პწ 417.1

    უფალს რომ საერთოდ მიეტოვებინა საული, წინასწარმეტყველს აღარ გაუგზავნიდა და არც დავალებას მისცემდა წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად. როცა ვინმე, ვისაც საკუთარი თავი ღვთის შვილად მიაჩნია, გულგრილად ეკიდება უფლის ნების შესრულებას, ამით სხვებსაც ცუდ მაგალითს უჩვენებს და მათაც ხელს უწყობს, არასერიოზულად და უპატივცემულოდ მოეკიდონ უფლის მითითებებს. მას ჯერ კიდევ შეუძლია ცოდვაზე გამარჯვება, თუკი გულწრფელად მიიღებს მხილებას და მორჩილებითა და რწმენით დაუბრუნდება ღმერთს. დამარცხებით გამოწვეული დამცირება ხშირად კურთხევად იქცევა, რადგან ერთობ უძლურნი ვართ აღვასრულოთ უფლის ნება მისივე დახმარების გარეშე.პწ 417.2

    როცა საულმა არ მიიღო ღვთის სულიწმიდისგან მხილება და ჯიუტად განაგრძობდა თავის მართლებას, ამით ის ერთადერთი საშუალება უარყო, რომლითაც უფალი იხსნიდა მას ამპარტავნობისაგან. იგი თავისი ნებით დაშორდა ღმერთს, ამიტომ ვეღარ ისარგებლებდა ღვთიური ხელმძღვანელობით ან დახმარებით მანამ, სანამ ცოდვას არ მოინანიებდა და უფალს არ დაუბრუნდებოდა.პწ 417.3

    გილგალში საულმა ვითომდა დიდი კეთილსინდისიერებით აღუვლინა აღსავლენი ღმერთს მთელი ისრაელის ლაშქრის წინაშე. მაგრამ მისი ეს ღვთისმოსაობა გარეგნული იყო. უფლის ბრძანებათა სრულიად საწინააღმდეგო რელიგიურმა მსახურებამ მხოლოდ დაასუსტა საული და ის დახმარებაც დააკარგვინა, რომლის გაწევაც მისთვის უფალს სურდა. ასე ეგონა საულს, რომ ყამალეკთან ბრძოლით მან ყველაფერი გააკეთა უფლის ბრძანების აღსასრულებლად, მაგრამ უფალს არ აკმაყოფილებს მხოლოდ ნაწილობრივი მორჩილება. შეუძლებელი იყო, უფალს არ შეემჩნია ის, რაც ღვთისმოსაობის ნიღაბქვეშ იმალებოდა. არ გაუთავისუფლებია უფალს ადამიანები მისი მოთხოვნების შესრულებისაგან. ღმერთმა გააფრთხილა ისრაელი: „ნუ მოიქცევით ისე... ვისაც როგორ მოსწონს”, არამედ „დაიმარხე და შეიგონე ყველა ეს სიტყვა, რასაც გიცხადებ, რომ კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, უკუნისამდე, თუ კარგად და სწორად მოიქცევი, უფლის, შენი ღმერთის თვალში” /რჯლ. 12:8,28/. რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს არა ის, წავაგებთ თუ არა, არამედ ის, არის თუ არა ეს უფლის ნება. „ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა” /იგავ. 14:12/.პწ 417.4

    „მოსმენა უკეთესია საკლავზე”. სამსხვერპლო ძღვენი, თავისთავად, არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენდა უფლის თვალში. მსხვერპლის შეწირვით ადამიანი გამოხატავდა თავისი ცოდვის მონანიებას, რწმენას ქრისტეს მიმართ და უფლის რჯულისადმი შემდგომ მორჩილებას. მონანიების, რწმენისა და გულწრფელი მორჩილების გარეშე ამ მსხვერპლს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. როცა საულმა უხეშად დაარღვია უფლის ბრძანება, როცა მოინდომა, მსხვერპლად შეეწირა ის, რისი სრული განადგურებაც ბრძანა უფალმა, მან საჯაროდ გამოავლინა ღვთის ხელმწიფებისადმი დაუმორჩილებლობა. ასეთი მსახურება ზეცის შეურაცხყოფა იქნებოდა. ბევრისთვის ცნობილია საულის ცოდვები და მისი შედეგებიც, მაგრამ მაინც მის მსგავსად იქცევიან! უარს ამბობენ უფლის ზოგიერთი მოთხოვნის შესრულებაზე და მის წინაშე ფორმალური რელიგიური მსახურებით კმაყოფილდებიან. არ ღებულობს სულიწმიდა ასეთ მსახურებას. რაც არ უნდა გულმოდგინედ ცდილობდნენ ადამიანები რელიგიური ცერემონიების ჩატარებას, უფალს არ შეუძლია მათი მიღება, თუკი ირღვევა მისი მცნებებიდან ერთერთიც კი.პწ 418.1

    „რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე”. სიჯიუტის საწყისი სატანაშია და ღვთის წინააღმდეგ ყოველგვარი ამბოხება მისგან იწყება. ადამიანი, რომელიც ღვთიურ მმართველობას ეწინააღმდეგება, უდიდეს მაცდურთან შედის კავშირში, ის კი ძალღონესა და ეშმაკობას არ დაიშურებს მათი გრძნობებისა და გონების დამონებისათვის. იგი ყველაფერს მცდარად წარმოგვიდგენს, ისევე, როგორც ჩვენს წინაპრებს ეგონათ, რომ უდიდეს სარგებელს ნახავდნენ უფლის რჯულის დარღვევის შედეგად.პწ 418.2

    სატანის მომაჯადოებელი ძალის ყველაზე დიდი დასტურია ის, როცა მისგან ცდუნებული მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთს ემსახურება. როდესაც კორახი, დათანი და აბირამი მოსეს აუმხედრდნენ, ფიქრობდნენ, რომ ისინი მხოლოდ წინამძღოლის, თავისი მსგავსი ადამიანის წინააღმდეგ იბრძოდნენ და სწამდათ, რომ ამით უფალს ემსახურებოდნენ. მაგრამ უფლის იარაღის უარყოფით თვით ქრისტე უარყვეს და ღვთის სული შეურაცხყვეს. ასევე იყო ქრისტეს დღეებშიც: იუდეველმა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, ღვთისადმი უდიდესი ერთგულებისა და გულმოდგინების გამო, ჯვარს აცვეს უფლის ძე. ასეთივე სული მეფობს დღეს მათშიც, ვინც უფლის ნებას ეწინააღმდეგება და საკუთარი სურვილებით ცხოვრობს. საულმა იმის ნათელი მტკიცება მიიღო, რომ სამუელი ნამდვილად ღვთის სულით ხელმძღვანელობდა. ის გამბედაობა, რომლითაც მან წინასწარმეტყველის მიერ გადმოცემული უფლის ბრძანება დაარღვია, მისი მხრიდან დიდი უგუნურება იყო. მხოლოდ სატანის ჯადოსნობას შეიძლება მიეწეროს მისი საბედისწერო თვითდაჯერებულობა და სიჯიუტე. საული მკაცრად კრძალავდა კერპთაყვანისმცემლობასა და ჯადოსნობას, მაგრამ, უარყო რა ღვთიური ბრძანება, იგი იმავე სულით შეეწინააღმდეგა ღმერთს და ისევე ცდუნდა სატანისაგან, როგორც ის ჯადოსნები; ხოლო, როცა იგი ამხილეს, მის დაუმორჩილებლობას სიჯიუტე დაერთო. ამრიგად, აშკარად შეუერთდა კერპთაყვანისმცემელთ, რითაც დიდად შეურაცხყო ღვთის წმიდა სული.პწ 418.3

    მეტად სახიფათოა უფლის სიტყვისაგან მხილებისა და სულიწმიდისაგან გაფრთხილების თავიდან აცილების მცდელობა. ბევრი ცდუნდება საულის მსგავსად, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ცოდვით დაბრმავებულნი, ცოდვის არსს შეამჩნევენ. ისინი თავს იმით იმშვიდებენ, რომ არაფერი ჩაუდენიათ უფლის საწინააღმდეგოდ და არც უფლის მოთხოვნა დაურღვევიათ. ამგვარად, ღვთის მადლის უგულებელყოფით კარგავენ უფლის ხმის შესმენის უნარს და იმ ცდუნების ბადეში ებმებიან, რომელიც თვითონვე აირჩიეს.პწ 419.1

    აუსრულა სურვილი ისრაელს უფალმა და მისცა მეფე მათი ნებისამებრ, როგორც სამუელმა თქვა ეს გილგალში: „ამიერიდან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით” /1 მეფ. 12:13 - ხაზგასმა ავტორისა/. კეთილშობილური და მიმზიდველი, მეფური გარეგნობის მქონე საული ზუსტად პასუხობდა ისრაელიანთა წარმოდგენას მეფური ღირსებების შესახებ, მისი სიმამაცისა და მეომართა ხელმძღვანელობის უნარით კი მეზობელ ხალხთა თვალში პატივისა და დიდების მოხვეჭაზე ოცნებობდნენ. მათ ნაკლებად აწუხებდათ ის საკითხი, ჰქონდა თუ არა მათ მეფეს ის კეთილშობილური თვისებები, რომელთა მეშვეობითაც მიუკერძოებლად და სამართლიანად უხელმძღვანელებდა ერს. მათ არ უთხოვიათ მეფე, რომელსაც ჭეშმარიტად კეთილშობილური ხასიათი, ღვთის შიში და სიყვარული ექნებოდა. არც უფლისთვის უკითხიათ რჩევა, თუ როგორი თვისებებით უნდა ყოფილიყო დაჯილდოებული მათი მეფე, რათა ისრაელს თავისი განსაკუთრებული, რჩეული ხალხისათვის დამახასიათებელი წმიდა თვისებები შეენარჩუნებინა. ისინი ეძებდნენ არა უფლის გზას, არამედ - თავისას. ამიტომ მისცა მათ უფალმა მეფე მათი სურვილისამებრ, ხასიათით მათივე მსგავსი. არც მათ გულში იყო უფალი და არც მათი მეფე იყო ღვთიური მადლის მორჩილი. ასეთი მეფის მმართველობის შედეგად მათ უნდა შეეცნოთ ის, რაც თვალს აუხელდა და ღმერთთან დააბრუნებდა მათ.პწ 419.2

    მაგრამ უფალმა ღმერთმა, დააკისრა რა საულს ასეთი საპასუხისმგებლო საქმე - ერის მმართველობა, არ მიატოვა იგი ბედის ანაბარა. არამედ მისცა სულიწმიდა, რათა მუდამ მასში ყოფილიყო და თვალი აეხილა ღვთიური მადლის საჭიროებაზე. საულს რომ ღმერთის იმედი ჰქონოდა, უფალიც მუდამ მასთან იქნებოდა. სანამ იგი ღვთის მორჩილი იყო და მის წმიდა სულს უსმენდა, ყველაფერში წარმატებას აღწევდა უფლის წყალობით. მაგრამ, როცა საულმა დამოუკიდებლად, უფლის ხელმძღვანელობის გარეშე გადაწყვიტა მოქმედება, უფალს მისი წინამძღვრობა აღარ შეეძლო და იძულებული გახდა, გადაეყენებინა ურჩი მეფე და სამეფო ტახტისათვის თავისი სასურველი კაცი გამოეძებნა /იხ. 1 მეფ. 13:14/; არც ის იყო სრულყოფილი და უნაკლო, მაგრამ ჰქონდა იმედი არა საკუთარი ძალისხმევისა, არამედ ღმერთისა და სულიწმიდის მორჩილი იყო; კაცი, რომელმაც შეიძლება შესცოდოს, მაგრამ მორჩილად მიიღებს მხილებას და გამოსწორდება.პწ 419.3