Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 11 - აბრაამის მოწოდება

    დაბადება 12

    ბაბილონის კოშკის დანგრევისა და ენების აღრევის შემდგომ, როდესაც ადამიანები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ და კერპთაყვანისმცემლობა თითქმის მთელი დედამიწის ზურგზე გაავრცელეს, უფალმა ღმერთმა ბოლოს და ბოლოს დატოვა ბოროტი ურჯულონი, რათა ევლოთ ცოდვის გზაზე, ხოლო სემის შტოდან აირჩია აბრაამი, რომელსაც დაავალა თავისი წმიდა მცნებების დაცვა მომავალი თაობებისათვის.პწ 72.1

    აბრაამი ცხოვრობდა და იზრდებოდა რელიგიური ცრურწმენისა და წარმართობის ატმოსფეროში. მისი მამის ოჯახიც კი, რომლის წყალობითაც უფლის შემეცნება შენარჩუნდა, ცდუნების გავლენის ქვეშ მოექცა და იეჰოვას ნაცვლად სხვა ღმერთებს ემსახურებოდა. ნაგრამ ჭეშმარიტი რწმენა ღვთისადმი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გამქრალიყო. უფალს ყოველთვის ჰყავდა ნატამალი, რომელიც მას ერთგულად ემსახურებოდა. ადამი, შეთი, ენოქი, მეთუშალახი, ნოე, სემი მრავალ საუკუნეთა მანძილზე განუწყვეტლივ გადასცემდნენ თაობიდან თაობას უზენაესის ფასდაუდებელ ნებას. თერახის ძე გახდა ამ უდიდესი საგანძურის მემკვიდრე. მას ყოველ ნაბიჯზე ცდუნება უსაფრთებოდა, მაგრამ ამაო იყო სატანის მცდელობანი. მორწმუნე ურწმუნოთა შორის, უმანკო - საყოველთაო გახრწნილებაში, იგი ჭეშმარიტი ღმერთისადმი ურყევ რწმენას ინარჩუნებდა. “ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით” /ფს. 144:18/. უფალმა აბრაამს გაუცხადა თავისი ნება და ნათელი წარმოდგენა მისცა თავისი რჯულისა და ადამიანის გადარჩენის შესახებ, რაც ქრისტეს მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო.პწ 72.2

    აღთქმა მიეცა აბრაამს, იმ დროის ადამიანებისათვის მეტად ძვირფასი აღთქმა, რომ ეყოლება მრავალრიცხოვანი შთამომავლობა და დიდად ძლიერი იქნება ეს ხალხი. “გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები”. ამას მიემატა კიდევ ერთი, ამ რწმენის მემკვიდრისათვის ყველაზე ძვირფასი - რომ მისი გვარიდან წარმოდგება კაცობრიობის მხსნელი: “კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა”. მაგრამ ამ აღთქმის აღსრულებისათვის პირველი პირობა აბრაამის რწმენის გამოცდა უნდა ყოფილიყო. მისგან საჭირო იყო მსხვერპლის გაღება.პწ 72.3

    აბრაამს ებრძანა უფლისაგან: “წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ”. იმისათვის, რომ უფალს აბრაამი წმიდა ჭეშმარიტებათა დამცველის უდიდესი საქმეებისათვის მოემზადებინა, მას უნდა დაეტოვებინა სამშობლო, მამის სახლი, სადაც თავისი სიყმაწვილე გაატარა, რათა მის მეგობართა და ნათესავთა ზეგავლენას ხელი არ შეეშალა უფლისათვის თავისი მსახურის აღზრდასა და მომზადებაში. ახლა, როცა აბრაამს ზეცასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, მას უცხოთა შორის უნდა ეცხოვრა. იგი ყველასაგან გამორჩეული უნდა ყოფილიყო. მან ვერც კი შეძლო, მეგობრებისათვის სათანადოდ აეხსნა თავისი საქციელი. სულიერი საქმეები სულიერთათვის არის გასაგები და ამიტომ წარმართ ახლობლებს არ შეეძლოთ, გაეგოთ აბრაამის ზრახვები და საქმეები.პწ 72.4

    “რწმენით იყო, რომ დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას წასულიყო ქვეყანაში, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა” /ებრ. 11:8/. აბრაამის უსიტყვო მორჩილება რწმენის ერთერთი საოცარი მაგალითია ბიბლიაში. მისთვის რწმენა იყო “ხორცშესხმა - არსი იმისა, რასაც მოველით, და ცხადყოფა უხილავისა” /ებრ. 11:1/. იგი მიენდო ღვთიურ აღთქმას მაშინ, როცა მისი აღსრულების სულ მცირე გარეგნული მტკიცებაც კი არ მოეპოვებოდა, დატოვა სახლი, ნათესავები, სამშობლო და წავიდა... და თავადაც არ იცოდა, საით წაიყვანდა უფალი ღმერთი. “რწმენით ცხოვრობდა აღთქმულ მიწაზე, ისე, ვით უცხო ქვეყნად და მკვიდრობდა კარავში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად” /ებრ. 11:9/.პწ 72.5

    მეტად ძნელი გამოცდა ელოდა აბრაამს - უდიდესი მსხვერპლის გაღება. მეტად ძნელი იყო მშობლიური სახლისა და ნათესავების დატოვება, მაგრამ იგი უყოყმანოდ დაემორჩილა უფლის მოწოდებას. არ დაინტერესებულა აღთქმული მიწით: იყო თუ არა იქ ნოყიერი ნიადაგი და ჯანსაღი ჰავა; არც მისი გეოგრაფიული მდებარეობით და არც მასში სიმდიდრის შეძენის შესაძლებლობებით. არამედ, უზენაესმა ბრძანა და... მისი მსახურიც დაემორჩილა მის მოწოდებას. მისთვის ყველაზე სასურველი ადგილი ის მიწა იყო, სადაც უფალმა გააგზავნა.პწ 73.1

    დღესაც ბევრი გამოიცდება აბრაამის მსგავსად. თუმცა მათ პირდაპირ ზეციდან არ ესმით უფლის ხმა, მაგრამ იგი მოუწოდებს მათ თავისი ჭეშმარიტი სიტყვის მეშვეობით და ვითარებით, რომელსაც თავის მსახურს უქმნის. შესაძლოა, მათ მოუხდებათ კარიერის დატოვება, რომელიც სიმდიდრეს და პატივს უქადის; ხელსაყრელი და ნათესაური კავშირების გაწყვეტაც კი, რათა თვითგანწირვის, სიდუხჭირისა და ტანჯვის გზით იარონ. ღვთიური ჩანაფიქრით მათ განსაზღვრული სამუშაო უნდა შეასრულონ, უზრუნველი ცხოვრება, მეგობართა და ნათესავთა ზეგავლენა კი ხელს შეუშლის ამ საქმისათვის საჭირო ხასიათის თვისებათა ჩამოყალიბებაში. უფალი მოუწოდებს მათ, გათავისუფლდნენ ამ ხლართებისაგან და მიჰყავს იმ გზით, რომელიც მისი დახმარების საჭიროებას აგრძნობინებს, რათა სრულად მიენდონ მხოლოდ მას, უზენაესს და ცხადი გახდეს მისი დახმარების აუცილებლობა. ვინ უპასუხებს დღეს უფლის მოწოდებას, უარყოფს თავის სანუკვარ ოცნებებს და მტკიცე მეგობრულ კავშირებს? ვინ იტვირთავს ახალ ვალდებულებებს და წავა შორეულ, უცხო მხარეებში, რათა გულმოდგინედ და სიამოვნებით შეასრულოს უფლის დავალება და ყოველივე დანაკარგს მონაპოვრად ჩათვლის ქრისტეს გულისათვის? ვინც ასე მოიქცევა, აბრაამის რწმენას გამოავლენს და გაიზიარებს მასთან ერთად “მომეტებულ საუკუნო დიდებას”, რომელთანაც შედარებით “ახლანდელი ტანჯვანი არაფერია” /2 კორ. 4:17; რომ. 8:18/.პწ 73.2

    აბრაამმა უფლის მოწოდება პირველად მაშინ გაიგონა, როცა “ქალდეველთა ურში” ცხოვრობდა, დაემორჩილა მას და ხარანს მიაშურა. აქამდე აბრაამი ჯერ კიდევ თავისი მამის ოჯახში ცხოვრობდა, რომელიც კერპთაყვანისმცემლობას ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას უთავსებდა. აქ დარჩა აბრაამი საცხოვრებლად მამამისის, თერახის სიკვდილამდე. მაგრამ მალე ღვთიურმა ხმამ უბრძანა დაეტოვებინა მამის კერა და გზა განეგრძო. მისმა ძმამ, ნახორმა, მთელ თავის ოჯახთან ერთად თავისი სახლისა და კერპების დიდი სიყვარული ვერ დათმო და უარი თქვა ძმასთან ერთად წასვლაზე. აბრაამის ცოლის, სარას გარდა მხოლოდ ლოტმა, აბრაამის უკვე გარდაცვლილი ძმის, ჰარანის ძემ მოისურვა გაჰყოლოდა პატრიარქს და მისი მომთაბარე ცხოვრება გაეზიარებინა. და მაინც, მესოპოტამიის საზღვრები დიდმა ჯგუფმა დატოვა. იმ დროისათვის აბრაამს ჰყავდა ურიცხვი საქონელი, რაც აღმოსავლეთში მთავარ სიმდიდრედ ითვლებოდა, მრავალი მსახური და ყმა. აბრაამი ტოვებდა მშობლიურ მიწას, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა მას, ამიტომ ყველაფერი, რაც გააჩნდა, თან წაიღო: “მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს”. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პირად ინტერესებზე და სამუშაოზე მაღლა უფრო ამაღლებულ მიზნებს აყენებდნენ. ხარანში ყოფნისას აბრაამმა და სარამ მრავალ ადამიანს ასწავლეს უფლის გზა და ჭეშმარიტი ღვთისმსახურების არსი. და მათ ისე შეუყვარდათ პატრიარქის სახლობა, რომ მათთან ერთად გაემართნენ აღთქმული ქვეყნისაკენ. “დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში”.პწ 73.3

    ადგილს, სადაც ისინი პირველად შეჩერდნენ, შექემი ეწოდებოდა. მამრეს მუხების ჩრდილში, ვრცელ მწვანე ველზე, ზეთისხილის ჭალებსა და ანკარა წყაროებით მდიდარ ადგილებში, ღებალისა და გერიზიმის მთებს შორის, გაშალა აბრაამმა თავისი კარვები. პატრიარქი მოვიდა მშვენიერ, მდიდარ, “მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად, ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში” /2 რჯ. 8:7,8/. მაგრამ იეჰოვას ერთგულთათვის ტყით შემოსილი გორაკებიც და ნოყიერი მდელოებიც თითქოს მძიმე, შავი ჩრდილებით იყო მოცული, ვინაიდან “ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში”. აბრაამმა მიაღწია თავისი მოგზაურობის სანუკვარ მიზანს, მაგრამ მიწა, რომელიც მან იხილა, უცხო ტომებითა და კერპთაყვანისმცემლებით იყო დასახლებული. ჭალები სავსე იყო ცრუღმერთებით, რომლებსაც ახლომახლო გორაკებზე ცოცხალ ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად. და, თუმცა აბრაამს მტკიცედ სჯეროდა ღვთიური აღთქმისა, მაინც დიდი შიშით გაშალა კარვები იქ. მაშინ “გამოეცხადა უფალი აბრაამს და უთხრა: შენი მოდგმისთვის მომიცია ეს ქვეყანა”. უფლის გამოცხადებამ და მისმა სიტყვამ განამტკიცა პატრიარქის რწმენა, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ ღმერთმა იგი წარმართებში ბედის ანაბარა არ დატოვა. და “იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას”. მან კვლავ განაგრძო გზა, მალე მიაღწია ბეთილის აღმოსავლეთ მხარეს, კვლავ გაშალა კარვები, “აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა მისი სახელი”.პწ 74.1

    აბრაამი, რომელსაც “უფლის მეგობარი” ეწოდა, ჩვენთვის საუკეთესო, მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. მისი ცხოვრება მუდმივი ლოცვის ცხოვრება იყო. სადაც კი კარვებს გაშლიდა, იქვე სამსხვერპლოს უგებდა უფალს და ყველას იწვევდა დილისა და საღამოს ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მისაღებად. შემდეგ ისინი გზას განაგრძობდნენ, სამსხვერპლო კი რჩებოდა. დროთა განმავლობაში მომთაბარე ქანაანელთა შორის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჭეშმარიტების ნათელი აბრაამისგან მიიღეს და მოგზაურობის დროს სამსხვერპლოს დანახვისას მათ უკვე იცოდნენ, თუ ვინ ააგო იგი. შემდეგ შლიდნენ კარვებს იმავე ადგილას, ანახლებდნენ სამსხვერპლოს და ცოცხალ ღმერთს სცემდნენ თაყვანს.პწ 74.2

    აბრაამი განაგრძობდა გზას სამხრეთისაკენ. და კვლავ გამოიცადა მისი რწმენა: ზეცამ არ მისცა დედამიწას წვიმა; ნაკადულები დაშრა, მზემ გადაწვა ველის ბალახი; აღარ იყო საძოვრები პირუტყვისათვის; საშინელი შიმშილობა გამეფდა მთელს ბანაკში. იქნებ დაეჭვდა პატრიარქი იმაში, რომ უფალი ხელმძღვანელობდა მას? იქნებ ნანობდა კიდეც ქალდეველთა ნოყიერ მდელოებთან გამოთხოვებას? როცა აბრაამი დიდად დააფიქრა ამ მძიმე ვითარებამ, ყველა დაძაბული ელოდა, თუ რას მოიმოქმედებდა იგი. და აბრაამის სრულმა სიმშვიდემ აგრძნობინა მათ, რომ იმედი კვლავაც არსებობს და დარწმუნდნენ, რომ ღმერთი მისი მეგობარი იყო და ახლაც ხელმძღვანელობდა მათ.პწ 74.3

    აბრაამს ვერ აეხსნა უფლის ჩანაფიქრი. მართალია, მოლოდინი არ გაუმართლდა, მაგრამ მაინც მტკიცედ სწამდა უფლის აღთქმისა: “გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები”. გულწრფელად ლოცულობდა და ფიქრობდა, თუ როგორ გადაერჩინა თავისი ხალხი და პირუტყვი და თანაც ისე, რომ ეჭვი არ შეჰპაროდა უფლის აღთქმაში. შიმშილისაგან თავის დასაღწევად იგი ეგვიპტისაკენ გაემართა. მან არ დატოვა ქანაანი და გაჭირვების გამო არ დაბრუნდა ქალდეველთა მიწაზე, საიდანაც გამოვიდა და სადაც უხვად იყო პური და საკვები, არამედ სურდა, მოეძებნა დროებითი თავშესაფარი და ცდილობდა, აღთქმული მიწის სიახლოვეს დარჩენილიყო, რათა მალე დაბრუნებულიყო იქ, სადაც უფალმა დაამკვიდრა.პწ 75.1

    თავისი ღვთიური წინასწარგანჭვრეტით მოუწყო ეს გამოცდა უფალმა აბრაამს, რათა მორჩილების, მოთმინებისა და რწმენის გაკვეთილები მიეცა მისთვის, რაც მაგალითი უნდა ყოფილიყო მომავალში ასეთი გამოცდისათვის მოწოდებულთათვის. უფალი მიუძღვის თავის შვილებს მათთვის უცნობ გზებზე, მაგრამ არასოდეს ავიწყდება და არ ტოვებს მათ, ვინც მიენდობა. მან დაუშვა იობის გამოცდა, მაგრამ არ მიუტოვებია იგი. მან აგრეთვე დაუშვა, რომ მისი საყვარელი მოწაფე, იოანე, უკაცრიელ კუნძულ პატმოსზე გადაესახლებინათ, მაგრამ სწორედ იქ ეწვია ღვთის ძე და უკვდავი დიდებით აღსავსე ხილვები მისცა. უფალი ხშირად უშვებს თავისი ერთგული შვილების გამოცდას, რათა ერთგულებისა და მოთმინების გამოვლენით სულიერად გაამდიდროს ისინი და მოთმინების წყაროდ აქციოს სხვების სამაგალითოდ. “რადგან მხოლოდ მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი” /იერ. 29:11/. ხშირად ჩვენი რწმენის ასეთი მკაცრი გამოცდა გვაფიქრებინებს, რომ უფალმა, ალბათ, დაგვივიწყა, მაგრამ სინამდვილეში ყოველივე ამას ქრისტესთან მივყავართ, რათა მან გაგვათავისუფლოს მძიმე ტვირთისაგან და დაგვამშვიდოს.პწ 75.2

    უფალი თავის ხალხს ყოველთვის აწრთობს განსაცდელის ცეცხლში, ვინაიდან მხოლოდ გავარვარებულ ღუმელში შეიძლება გაიწმიდოს ქრისტიანული ხასიათის ჭეშმარიტი ოქრო სხვადასხვა მინარევებისაგან. იესო თვალყურს ადევნებს ამ გამოცდას. მან იცის, თუ რა არის საჭირო კეთილშობილი ლითონის გაწმედისათვის, რათა მისი სიყვარულის ნათელი აირეკლოს. ძნელია გამოცდა, რითაც უფალი აწრთობს თავის მსახურთ; ხედავს, რომ ზოგს შეუძლია უფლისათვის იშრომოს და განსაზღვრულ გამოცდასაც უტარებს მას. იგი მათ უქმნის პირობებს, რომელშიც გამოიცდება მათი ხასიათი, ნაკლი და სუსტი მხარეები, რომელთა არსებობის შესახებ მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. უფალი აძლევს ამ ნაკლოვანებათა გამოსწორების შესაძლებლობას და ამგვარად ამზადებს მსახურებისათვის. იგი ადამიანებს მიუთითებს საკუთარ უძლურებაზე და აღუძრავს სურვილს - მიენდონ მას, რადგან მხოლოდ მას, უზენაესს, შეუძლია იყოს მათი საყრდენი და თავშესაფარი. ასე ახორციელებს უფალი თავის ჩანაფიქრს. ადამიანი სრულიად შეცვლილი გამოდის ამ გამოსაცდელი ბრძმედიდან - განწმედილი, მობილიზებული და იგი უკვე მზადაა იმ კეთილშობილური საქმიანობისათვის, რის აღსასრულებლადაც მიეცა შესაბამისი ნიჭი. გაისმის უფლის მოწოდების ხმა და უფლის შვილებიც მზად არიან. ზეციური ანგელოზები კი თანამშრომლობენ მათთან იმ საქმეებში, რომლებიც დედამიწაზე უნდა აღსრულდეს.პწ 75.3

    ეგვიპტეში ყოფნისას გამომჟღავნდა, რომ აბრაამიც ვერ გათავისუფლებულიყო ადამიანური სისუსტეებისა და ნაკლისაგან. როცა ცოლი თავის დად გაასაღა, ამით მისდამი უფლის მზრუნველობაში შეიტანა ეჭვი. აღმოჩნდა, რომ აღარ ჰქონდა ის ამაღლებული, მტკიცე რწმენა და გამბედაობა, რაც ასე ხშირად კეთილშობილური მაგალითი იყო გარშემომყოფთათვის. სარა მეტად ლამაზი იყო და აბრაამს ეშინოდა, რომ მისი მშვენიერებით მოხიბლული შავგვრემანი ეგვიპტელები ყველა ღონეს იხმარდნენ მის ხელში ჩასაგდებად, შეიძლება აბრაამის მოკვლასაც კი არ მორიდებოდნენ. იგი ფიქრობდა, რომ არც ისე დიდი ცოდვა იქნება, თუკი სარას თავის დად გაასაღებს, ვინაიდან ის მართლაც მისი და იყო მამის მხრიდან. მაგრამ ეს სიცრუე იყო, რითაც იგი უფლის მოწონებას ვერ დაიმსახურებდა. აბრაამის ურწმუნოების წყალობით სარას უდიდესი საშიშროება დაემუქრა. ეგვიპტის მეფემ, გაიგო რა ქალის სილამაზის შესახებ, მისი სასახლეში მოყვანა ბრძანა, რათა ცოლად შეერთო იგი. მაგრამ მოწყალე უფალმა დაიფარა სარა იმით, რომ დასაჯა მეფის ოჯახი. როდესაც მონარქმა სიმართლე გაიგო, მეტად განრისხდა ამ სიცრუის გამო, უსაყვედურა აბრაამს, ცოლი დაუბრუნა და უთხრა: “ეს რა მიყავი? რატომ თქვი, და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!”პწ 76.1

    ეგვიპტის მმართველი მეტად მოწყალედ განეწყო აბრაამის მიმართ; სიცრუეში მისი მხილების შემდეგაც კი მან არავითარი ზიანი არ მიაყენა არც მას და არც მის ხალხს. პირიქით, ბრძანა, დაეცვათ ისინი, სანამ მისი სამფლობელოს საზღვრებს არ დატოვებდნენ. კმდროინდელი წესების მიხედვით ეგვიპტელებს ეკრძალებოდათ უცხო მწყემსებთან ახლო ურთიერთობა - სმა და ჭამა მათთან ერთად. ფარაონი სულგრძელად და პატივისცემით მოეპყრო აბრაამს, მაგრამ უბრძანა, დაეტოვებინა ეგვიპტე. თუმცა არაფერი იცოდა, მან კინაღამ სერიოზულად არ ავნო აბრაამს, მაგრამ ღმერთი ჩაერია და ფარაონი უდიდესი ცოდვისაგან იხსნა. და ეგვიპტის მმართველი მიხვდა, რომ ეს უცხოელი უფლის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა და თავის მიწაზე მისი დატოვება შეეშინდა. ეგვიპტეში აბრაამის დარჩენის შემთხვევაში მისი სიმდიდრე აუცილებლად გამოიწვევდა ეგვიპტელთა შურს, რის გამოც ვნებას მიაყენებდნენ აბრაამს და მაშინ ფარაონი და მისი სახლი დამსახურებულად დაისჯებოდა.პწ 76.2

    უფლის მიერ ფარაონის გაფრთხილებამ დაიცვა აბრაამი წარმართებს შორის მისი შემდგომი მოგზაურობისას, რადგან ის, რაც მას ეგვიპტეში შეემთხვა, ყველგან გავრცელდა და ცხადი გახდა, რომ ღმერთი, რომელსაც აბრაამი ეთაყვანებოდა, იცავს თავის მსახურს და მისთვის ბოროტის განმზრახველს სამაგიერო მიეზღვება. ძალზე სახიფათოა ზეციური მეფის შვილთათვის ზიანის მიყენება. მეფსალმუნე იხსენებს აბრაამის გამოცდილებას, როცა ამბობს, რომ ღმერთმა იზრუნა თავის რჩეულ ხალხზე, “არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და ამუნათებდა მათთვის მეფეებს” და აფრთხილებდა: “არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ” /ფს. 104:14,15/.პწ 76.3

    ეგვიპტეში მიღებული გამოცდილება ცხადად განმეორდა აბრაამის შთამომავლებში რამდენიმე საუკუნის შემდეგ. აბრაამის მსგავსად, შიმშილობის გამო მათ ეგვიპტეს შეაფარეს თავი და რამდენიმე ხანს იქ ცხოვრობდნენ. უფლის ჩარევის წყალობით ეგვიპტელებს ძლიერ შეეშინდათ მათი და მაშინ, წარმართთა ძღვენით გამდიდრებულებმა, დატოვეს ეგვიპტე და თან უამრავი ქონება წამოიღეს.პწ 76.4