Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 28 - კერპთაყვანისმცემლობა სინაის მთასთან

    გამოსვლა 32-34

    მოსეს გარეშე დარჩენილ ისრაელიანებს მოლოდინისა და გაურკვევლობის დღეები დაუდგათ. ხალხმა იცოდა, რომ მათი წინამძღოლი იესო ნავეს ძესთან ერთად მთაზე ავიდა და სქელ ღრუბელში გაუჩინარდა; ახლა ამ ღრუბელს მთის მწვერვალი დაეფარა, რომელსაც, ღმერთის იქ დავანების ნიშნად, დროდადრო ელვა ანათებდა. მოუთმენლად ელოდა ხალხი მოსეს დაბრუნებას. ეგვიპტის მონობაში მყოფი ისრაელიანნი მიჩვეულნი იყვნენ, რომ ღვთაებას რეალური სახე ჰქონდა და ახლა ძლივს სჯეროდათ უხილავი ღმერთის არსებობისა, მაგრამ მოსეს წყალობით ინარჩუნებდნენ ამ რწმენას. ახლა კი მოსე არ იყო მათ გვერდით. გადიოდა დღეები, ის კი არ ჩანდა. და თუმცა ღრუბელი კვლავინდებურად მთაზე იყო დავანებული, ბევრს ეჩვენებოდა, რომ წინამძღოლმა დატოვა თავისი ხალხი ან ღვთიურმა ცეცხლმა შთანთქა იგი.პწ 199.1

    მოსეს მოლოდინში ისრაელიანთ შეეძლოთ, ეფიქრათ და ემსჯელათ უკვე მოსმენილ რჯულზე და შინაგანად მომზადებულიყვნენ ღვთიური ნების შემდგომი გამოცხადებისათვის, მაგრამ არ მოისურვეს ამ საქმეზე დროის დახარჯვა. მათ რომ გულწრფელად მოესურვებინათ ღვთიურ მოთხოვნებში უფრო ღრმად ჩახედვა და მორჩილება რომ გამოეჩინათ, ცდუნებას თავიდან აიცილებდნენ. მაგრამ ვერ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და მალე თავი იჩინა უზრუნველობამ, უყურადღებობამ და აღვირახსნილობამ; მით უმეტეს, რომ მათ შორის ბევრი უცხოტომელი იყო. ისინი მოუთმენლად ელოდნენ მომენტს, როცა კვლავ გაუდგებოდნენ გზას აღთქმული მიწისაკენ, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი. მაგრამ დაავიწყდათ, რომ ამ მდიდარ მიწას იმ პირობით მიიღებდნენ, თუკი ღვთის სიტყვისადმი მორჩილებას გამოიჩენდნენ. ზოგმა ეგვიპტეში დაბრუნების სურვილიც კი გამოთქვა, მაგრამ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი გადაწყვეტილება - წინ, ქანაანისკენ წასვლა თუ უკან, ეგვიპტეში დაბრუნება - ხალხმა გადაწყვეტა, აღარ დალოდებოდა მოსეს.პწ 199.2

    წინამძღოლის გარეშე დარჩენილნი უმწეობამ მოიცვა და ისინი კვლავ ძველ ცრურწმენას დაუბრუნდნენ. განდგომილების მთავარი დამწყებნი სწორედ ის უცხოტომელნი იყვნენ, რომლებიც მათში ყოველთვის უკმაყოფილებისა და აღშფოთების თესლს თესავდნენ. სხვა ღმერთების გარდა ეგვიპტელთა თაყვანისცემის საგანი იყო ხარი ან ხბო. და აი, ამ წარმართულ მსახურებას მიჩვეულმა ხალხმა დაამზადა ხბო, რათა თაყვანი ეცა. ხალხს სურდა, ეხილა გამოსახულება, რომელიც ღმერთს განასახიერებდა და მოსეს ნაცვლად გაამხნევებდა. უფალმა არ დაუტოვა ხალხს რაიმე საკუთარი ხატება და აუკრძალა მისი გამოსახულების შექმნა. ტასწაულებს, რომელნიც მან ეგვიპტეში და მეწამულ ზღვასთან მოახდინა, უნდა განემტკიცებინა რწმენა მის მიმართ, როგორც ისრაელის ყოვლისშემძლე დამცველის, უხილავი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ. ხოლო ხალხის სურვილი, ჰქონოდა მისი მათთან ყოფნის რაიმე ხილული მტკიცება, დაკმაყოფილებულ იქნა ღრუბლისა და ცეცხლის სვეტების გამოჩენით, რომელიც წინ უძღოდა ისრაელიანებს და, აგრეთვე, სინაის მთაზე მისი დიდების ხილვით. და, თუმცა კვლავინდებურად იდგა ღრუბელი მთაზე, ისინი მაინც დაუბრუნდნენ კერპთაყვანისმცემლობის ეგვიპტურ ფორმას და უხილავი ღმერთის დიდება ხბოს ხატებაში გამოსახეს.პწ 199.3

    მოსემ თავის ნაცვლად ისრაელიანთა მსაჯულად აარონი დატოვა და აი, უზარმაზარი ბრბო გარს შემოერტყა მის კარავს და მოითხოვა: „ადექ, გაგვიკეთე ჩვენ ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა” /გამ. 32:1/. როგორც ისინი ამბობდნენ, ღრუბელი, რომელიც აქამდე გზას უჩვენებდათ, ახლა იდგა და ადგილიდან არ იძვროდა. ამიტომ მათ სჭირდებოდათ კერპი, რომელსაც წინ წაიმძღვარებდნენ ეგვიპტეში დაბრუნების შემთხვევაში, რათა ეგვიპტელთა ღმერთის პატივისცემით კვლავ მადლი ეპოვათ მათ თვალში.პწ 200.1

    ამ მეტად რთულ ვითარებაში საჭირო იყო კაცი - მტკიცე, ურყევი, მამაცი, რომელიც ადამიანთა მისდამი კეთილგანწყობაზე, საკუთარ უსაფრთხოებასა და თვით სიცოცხლეზე მაღლაც კი ღმერთის ავტორიტეტს დააყენებდა. მაგრამ ისრაელის ამ წინამძღოლს ასეთი თვისებები არ გააჩნდა. მეტად სუსტი აღმოჩნდა აარონის შეგონება; ასეთ გადამწყვეტ ვითარებაში მისმა გაუბედაობამ და ყოყმანმა უფრო გაათავხედა ისრაელიანნი. ყვირილი და ხმაური გაძლიერდა. მხოლოდ მცირე ნაწილმა შეინარჩუნა ღვთისადმი ერთგულება, უმრავლესობა კი განუდგა მას. უმიზეზო, ბრმა მრისხანებამ მოიცვა თითქმის მთელი ბანაკი. რამოდენიმე კაცი, რომელმაც ამ კერპს კერპი უწოდა და არა ღმერთი, აღელვებულმა, უმართავმა ბრბომ სიცოცხლეს გამოასალმა.პწ 200.2

    შეშინდა აარონიც. და უფლის ავტორიტეტის დაცვის ნაცვლად ხალხის ნებას დაჰყვა. გრძანება გასცა აარონმა, შეეკრიბათ და მასთან მოეტანათ ოქროს სამკაულები. სადღაც, გულის სიღრმეში კი იმედი ჰქონდა, რომ ხალხი თავისი სიამაყის გამო არ გაიღებდა ასეთ მსხვერპლს. მაგრამ სწრაფად შეკრიბეს ისრაელიანებმა ოქროს სამკაულები, რომლისგანაც აარონმა ოქროს ხბოს კერპი ჩამოასხა, ეგვიპტელთა ღმერთების მსგავსი. და ხალხმაც ხმამაღლა გამოაცხადა: „ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან!” და აარონმაც სულმდაბლობა გამოიჩინა, როდესაც უფლის ასეთი შეურაცხყოფის უფლება მისცა ხალხს. უფრო მეტიც: დაინახა რა, თუ როგორ სიხარულით მიიღეს ეს ოქროს კერპი, „სამსხვერპლო ააგო მის წინ” და გამოაცხადა: „საუფლო დღესასწაულია ხვალ!” მალე მთელ ბანაკს ეუწყა მისი ეს სიტყვები. „მეორე დღეს, დილაადრიან ადგნენ და შესწირეს აღსავლენი და მიიტანეს სამადლობელი მსხვერპლი. დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე ადგნენ და ცეკვათამაში გამართეს”. საუფლო დღესასწაულის საბაბით ღორმუცელობასა და თავაშვებულ ღრეობას მიეცნენ.პწ 200.3

    რა ხშირად გვხვდება დღესაც ღვთისმოსაობის სამოსელში გახვეული აღვირახსნილობა! წველი ისრაელის მსგავსად, დღესაც დიდად აკმაყოფილებთ ადამიანებს რელიგია, რომელიც ღვთისმსახურების წესების აღსრულებისას მათ თავისი ეგოისტური სურვილებისა და გრძნობების დაკმაყოფილების ნებას რთავს. ახლაც ბლომად არიან სუსტი ნებისყოფის მქონე აარონები, რომელთაც ეკლესიის ხელმძღვანელობა აბარიათ, მაგრამ მხარს უბამენ ადამიანთა უღირს სურვილებს, რითაც ცოდვისკენ უბიძგებენ მათ.პწ 200.4

    მხოლოდ რამოდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ებრაელებმა საზეიმო აღთქმა დაუდეს უფალს, რომ მუდამ მისი მორჩილნი იქნებოდნენ. შიშით ძრწოდნენ ისინი მაშინ, როცა იქ, სინაის მთის ძირას მდგარნი, უფლის ხმას უსმენდნენ: „არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები”; მთელი ბანაკი ჯერ კიდევ ხედავდა უფლის დიდებას, სინაის მთაზე დავანებულს, მაგრამ ზურგი აქციეს მას და სხვა ღმერთები მოითხოვეს. „გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს. და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში” /ფს. 105:19,20/. განა არსებობს ამაზე მეტი უმადურება და შეურაცხყოფა იმის მიმართ, ვინც ამდენჯერ დაუმტკიცა მათ თავისი უსაზღვრო სიყვარული და ძლევამოსილება, როგორც ყოვლისშემძლე მეფემ.პწ 200.5

    გააფრთხილა უფალმა მოსე მთაზე ყოფნისას ამ განდგომის შესახებ და უბრძანა, დაუყოვნებლივ ჩასულიყო ძირს: „ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას”. უფალს თავიდანვე შეეძლო, აღეკვეთა ეს უმსგავსოება, მაგრამ დაუშვა მრისხანების ფიალის ავსება, რათა მოღალატეთა და განდგომილთა დასჯა სამაგალითო გამხდარიყო დანარჩენთათვის.პწ 201.1

    ამგვარად, გაუქმდა უფლის მიერ თავის ხალხთან დადებული აღთქმა და უფალმა მოსეს გამოუცხადა: „ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო”. უფალი ხედავდა, რომ ისრაელიანნი, განსაკუთრებით კი უცხოტომელნი, ხშირად უჯანყდებოდნენ ღმერთს; რომ არ მოუსმენდნენ თავიანთ წინამძღოლს, გაანაწყენებდნენ თავიანთი უნდობლობითა და სიჯიუტით, ამიტომ აღთქმულ მიწაზე მათი მიყვანა მეტად მძიმე გამოცდა იქნებოდა მათთვის. მათმა დანაშაულმა უკვე დააკარგვინა ისრაელიანებს უფლება ღვთის წყალობაზე. სამართალი მათ სიკვდილს ითხოვდა. ამიტომ გადაწყვიტა უფალმა მათი განადგურება და მოსეს შთამომავლობიდან უძლიერესი ერის ჩამოყალიბება.პწ 201.2

    „მიმიშვი, რათა... გადავბუგო”, - თქვა ღმერთმა. ვინ დაიცავდა ისრაელს, თუკი ღმერთმა მისი განადგურება გადაწყვიტა? ვინ ააცილებდა ცოდვილთ ამ საშინელ ხვედრს, რაც სამართლიანად დაიმსახურეს? ვინ არ გაცვლიდა სიხარულით თავის მძიმე, ზრუნვითა და თავგანწირვით აღსავსე ყოფას, რომელსაც მხოლოდ უმადურებითა და საყვედურებით პასუხობდნენ, მშვიდ, საპატიო ცხოვრებაზე. თანაც მაშინ, როცა ამას თავად უფალი გთავაზობს.პწ 201.3

    მაგრამ უფლის ამ რისხვისა და იმედგაცრუების სიტყვაში იმედის ნაპერწკალი გაკრთა. უფლის სიტყვაში: „მიმიშვი” მან არა მხოლოდ გულისწყრომა ამოიკითხა, არამედ მოსეს მხრიდან შუამდგომლობის შესაძლებლობა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მხოლოდ მის ლოცვას შეეძლო ისრაელის გადარჩენა და მხოლოდ მისი თხოვნით დაინდობდა ღმერთი თავის ხალხს. “და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით?”.პწ 201.4

    უფალმა უარყო თავისი ხალხი, როცა მოსეს უთხრა: „გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე”. მაგრამ მოსემ მორჩილებით თქვა უარი ისრაელის ხელმძღვანელობაზე. ის მისი კი არა, უფლის ხალხი იყო - “შენს ხალხზე, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით”. „რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირისგან აღეგავაო!”პწ 201.5

    ისრაელის გათავისუფლების დღიდან რამდენიმე თვის მანძილზე მისი საოცარი ხსნის ამბავი სწრაფად მოედო მეზობელ ქვეყნებსა და ხალხებს. მოსალოდნელი საფრთხის საშინელმა შიშმა მოიცვა წარმართთა ტომები. ყველა ელოდა, თუ კიდევ რას მოიმოქმედებდა ღმერთი თავისი ხალხისათვის. თუ ახლა ისრაელი დაიღუპება, მისი მტრები გაიხარებენ, ღმერთს კი სახელი გაუტყდება. მაშინ ეგვიპტელთა ბრალდებაც გამართლდება: უდაბნოში მსხვერპლშეწირვისათვის გაყვანის ნაცვლად ისრაელი თავად იქცევაო მსხვერპლად. ეს ხალხი ვერ მიხვდება, თუ რა ცოდვა ჩაიდინა ისრაელმა და უფლის მიერ სხვა ერებისგან გამორჩეული და განდიდებული ხალხის დაღუპვა ჩრდილს მიაყენებს მისსავე წმიდა სახელს. რა დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა უფალმა მათ, ვინც ასე გამოარჩია და აამაღლა და ვისაც თავისი უზენაესი სახელის ტარების უფლება მისცა დედამიწაზე! როგორ უნდა გაფრთხილებოდნენ ისინი მის წმიდა სახელს, რომ თავს არ დასტეხოდათ მისი სასჯელი და უწმიდურთათვის არ მიეცათ მისი სახელის შეურაცხყოფის უფლება.პწ 202.1

    სად გაქრა მოსეს გაუბედაობა, როცა ისრაელს შუამდგომლობას უწევდა! უდიდესმა გაბედულებამ შეცვალა იგი მათ მიმართ იმ დიდი სიყვარულისა და ერთგულების გამო, ვისაც უფლის იარაღად მყოფმა, ასეთი დიდი ამაგი დასდო. უფალმა უსმინა მის ვედრებას და უპასუხა მის თავგანწირულ ლოცვას. ღმერთმა გამოცადა თავისი მსახური; გამოცადა მისი სიყვარული ამ გზააბნეული და უმადური ხალხის მიმართ და მოსემაც შესანიშნავად გაუძლო ამ გამოცდას. ისრაელისადმი მისი ასეთი ერთგულება არ იყო ეგოისტური გრძნობებიდან გამომდინარე. ღვთის რჩეული ერის კეთილდღეობა მისთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე მისი პირადი ავტორიტეტი და უპირატესობა - გამხდარიყო მრავალრიცხოვანი ერის მამა. ფზენაესს ესიამოვნა მოსეს ასეთი ერთგულება, სისადავე, პატიოსნება და მას, როგორც უკვე გამოცდილ, ერთგულ მწყემსს, უდიდესი საპასუხისმგებლო საქმე დააკისრა - წასძღოლოდა თავის ხალხს აღთქმული მიწისაკენ.პწ 202.2

    ჩამოვიდნენ მთიდან მოსე და იესო ნავეს ძე. აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა ხელში მოსეს. აღგზნებული ბრბოს მღელვარე ხმები მისწვდა მათ ყურს. თავდაპირველად იესო ნავეს ძეს, როგორც მხედარს, ეგონა, რომ მტერი დაეცა ისრაელიანთა ბანაკს. „საომარი ყიჟინაა ბანაკში”, - უთხრა მან მოსეს. მაგრამ მოსე უფრო ზუსტად მიხვდა ყოველივეს. ომის ყიჟინა კი არა, ღრეობის ხმა იყო. „თქვა მოსემ: ეს არც გამარჯვების ყიჟინაა და არც დამარცხების ზარი, არამედ სიმღერის ხმები მესმის”.პწ 202.3

    მიუახლოვდნენ ბანაკს თუ არა, დაინახეს, თუ როგორ ცეკვავდა ხალხი ხელთქმნილი კერპის გარშემო. ეს იყო ჩვეულებრივი წარმართული რიტუალი, ეგვიპტის წარმართულ დღესასწაულთა მსგავსი - მაგრამ როგორ განსხვავდებოდა ყოველივე ეს ამაღლებული და მოკრძალებული ღვთისმსახურებისაგან! გაოცდა მოსე. სულ ახლახანს დატოვა მან ღვთიური დიდების სავანე და, მიუხედავად გაფრთხილებისა, მაინც არ იყო მზად ისრაელიანთა დაცემის ასეთი საშინელი სურათის ხილვისათვის. დიდად განრისხდა მოსე. ამ საშინელებისადმი უდიდესი აღშფოთებისა და ზიზღის ნიშნად „ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას” მთელი ბანაკის თვალწინ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებმა დაარღვიეს უფლის წინაშე დადებული პირობა და ღმერთმაც გააუქმა თავისი აღთქმა.პწ 202.4

    გაარღვია მოსემ მოზეიმეთა ბრბო, სწვდა კერპს, აიღო მათი გაკეთებული ხბო და ცეცხლში დაწვა, შემდეგ ის, რაც მისგან დარჩა, მტვრად აქცია, მთიდან ჩამომავალი წყლის ნაკადს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა, რითაც იმ კერპის არარაობა დაუმტკიცა, რომელსაც ისინი თაყვანს სცემდნენ.პწ 202.5

    მოსემ მაშინვე იხმო თავისი ძმა, რომელმაც ეს ცოდვა ჩაიდინა და მკაცრად ჰკითხა: „რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთ დიდ ცოდვაში რომ ჩააგდე?” აარონი თავის მართლებას შეეცადა - ხალხის დაჟინებული მოთხოვნა რომ არ აესრულებინა, მას მოკლავდნენ. „ნუ აღეგზნება ჩემი ბატონის რისხვა, - უთხრა აარონმა, - შენ იცნობ ამ ხალხს, რომ ბოროტია იგი. მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება წინ, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით რა შეემთხვა. და მე ვუთხარი მათ, ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას, და მე მომცესმეთქი. და ჩავაგდე იგი ცეცხლში და გამოვიდა ეს ხბო”. აარონს სურდა, დაერწმუნებინა მოსე, რომ მოხდა სასწაული - ცეცხლში ჩაგდებული ოქრო, ზებუნებრივი ძალების ზეგავლენით, ხბოდ იქცა. მაგრამ არ უშველა აარონს თავის მართლებამ და ტყუილის თქმამ. დამსახურებისამებრ მიიღო მან, როგორც მომხდარში მთავარმა დამნაშავემ.პწ 203.1

    იმ ფაქტმა, რომ აარონი სხვებზე მეტად იყო აღზევებული და კურთხეული თავის ხალხს შორის, უფრო საშინელი გახადა მისი დანაშაული. აარონმა, „უფლის წმიდანმა” /ფს. 105:16/, კერპი გააკეთა და ზეიმი მოაწყო. სწორედ აარონი დანიშნა უფალმა მოსეს მოლაპარაკე ბაგედ და თავად თქვა მასზე: „ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს” /გამ. 4:14/. და მან ხელი არ შეუშალა კერპთაყვანისმცემელთა ამ თავხედურ ჩანაფიქრს. აარონი, რომლის მეშვეობითაც ღმერთს მსჯავრი გამოჰქონდა ეგვიპტელებზე და მათ ღმერთებზე, ახლა გულგრილად ისმენდა ჩამოსხმული კერპის თაყვანისმცემელი ხალხის შეძახილებს: „ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს”. მან, რომელიც მოსესთან ერთად ავიდა სინაის მთაზე, საკუთარი თვალით იხილა უფლის დიდება და დარწმუნდა, რომ უზენაესის ყოვლადძლიერებას რაიმე კონკრეტული გამოსახულებისათვის არავითარი საფუძველი არ მოუცია, ნანახი დიდება ჩამოსხმულ კერპში მოაქცია. მან, ვისაც ღმერთმა მოსეს ბანაკში არყოფნის დროს თავისი ხალხის წინამძღოლობა დაავალა, მოიწონა მათი ამბოხება. უფალი „ძლიერ გაუწყრა აარონს, დაღუპვა უნდოდა მისი”/რჯლ. 9:20/, მაგრამ მოსეს გულწრფელი თხოვნისა და შუამდგომლობის შემდგომ შეუნდო მას; და აარონმაც, თავისი გულწრფელი მონანიებით კვლავ მადლი ჰპოვა უფლის თვალში.პწ 203.2

    აარონს რომ არ შეშინებოდა და გაბედულად ემოქმედა, თავიდან ააცილებდა ხალხს ამ განდგომილებას. მას რომ ღვთის მიმართ მტკიცე ერთგულება გამოეჩინა, მიეთითებინა სინაის მთიდან წამოსულ საშიშროებაზე და შეეხსენებინა ხალხისათვის მათ მიერ უფლის წინაშე დადებული ფიცი - რომ მისი მცნებების მორჩილნი იქნებოდნენ მუდამ, შეძლებდა ბოროტების შეჩერებას. მაგრამ ხალხის სურვილისადმი მისმა ასეთმა შემწყნარებლობამ და მათი მოთხოვნის გულგრილად ასრულებამ იმაზე უფრო დიდი ცოდვისაკენ უბიძგა მათ, ვიდრე ის, რომელიც პირველად მოუვიდათ აზრად.პწ 203.3

    როცა ბანაკში დაბრუნებულმა მოსემ ეს უმსგავსოება იხილა, საშინლად განრისხდა, მკარად გაკიცხა ისინი და წმიდა ფიქალები დაამსხვრია. მისი ასეთი საქციელი აარონის მშვიდ და ტკბილ საუბარს შეადარეს ისრაელიანებმა და თავიანთი სიმპათიები აარონისადმი გამოამჟღავნეს. საკუთარი თავის გასამართლებლად აარონი ცდილობდა, მთელი თავისი დანაშაული ხალხისთვის გადაებრალებინა; მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა აღტაცებული იყო ამ კაცის მოთმინებითა და დამყოლი ხასიათით. აარონმა დაუთმო ხალხს, სურვილი შეუსრულა და ვერ დაინახა თავისი დანაშაულის საშინელება. მისმა საქციელმა, რომელმაც ისრაელი ცოდვაში ჩააგდო, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რა დიდად განსხვავდებოდა მისგან მოსე, რომელმაც, თუმცა მთელი სისრულით განახორციელა უფლის ბრძანება ისრაელიანთა დასჯის შესახებ, მაგრამ მაინც აჩვენა, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე, დიდებაზე და თვით სიცოცხლეზეც კი ძვირფასია მისთვის ღმერთის რჩეული ერი.პწ 203.4

    იმ ცოდვათა შორის, რომლისთვისაც გვსჯის უფალი, ყველაზე მძიმედ ითვლება ის, რომელიც ხელს უწყობს სხვებს ბოროტი საქმეების კეთებაში. უფალს სურს, რომ მისმა ერთგულმა შვილებმა გაკიცხონ ცოდვა, რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს და ამით დაამტკიცონ უფლისადმი ერთგულება. ღმერთის მსახურნი არ უნდა იყვნენ სუსტი ნებისყოფის მქონე, დამთმობი მოჯამაგირეები. ისინი არ უნდა ისწრაფოდნენ თვითგანდიდებისაკენ და თავი არ უნდა აარიდონ არასასურველ დავალებებს, არამედ მტკიცე რწმენით აღასრულონ უფლის ნება.პწ 204.1

    უფალმა შეისმინა მოსეს ლოცვები და დაინდო ისრაელი, თუმცა სათანადო სასჯელს იმსახურებდა. ის უზნეობა და დაუმორჩილებლობა, რომლისკენაც აარონმა უბიძგა ადამიანებს, მაშინვე რომ არ აღმოფხვრილიყო, უწმიდურ ამბოხებაში გადაიზრდებოდა, რაც მთელ ხალხს დაცემას უქადდა. ბოროტების აღმოფხვრისათვის ყველაზე სასტიკი ზომების მიღება იყო საჭირო. ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და მიმართა ხალხს: “ვინც უფლისაა, ჩემთან!” ისინი, რომლებიც ამ ამბოხებაში არ მონაწილეობდნენ, მოსეს ხელმარჯვნივ უნდა შეგროვილიყვნენ, ხოლო დამნაშავენი, რომელთაც არ მოინანიეს - ხელმარცხნივ. დაემორჩილა ხალხი ბრძანებას. აღმოჩნდა, რომ ლევიანები არ მონაწილეობდნენ ამ წარმართულ ზეიმში. ისრაელიანთა სხვა შტოებმა, თუმცა შესცოდეს, მაგრამ მათ შორის ბევრმა მოინანია. მაგრამ ხალხის უმრავლესობა ჯიუტად განაგრძობდა წინააღმდეგობას, უპირატესად კი უცხოტომელები, რომელნიც სხვებსაც აქეზებდნენ ოქროს კერპის დამზადებაში. მაშინ „უფლის, ისრაელის ღმერთის” სახელით უბრძანა მოსემ მის მარჯვნივ მდგომთ, რომელნიც არ მონაწილეობდნენ ამ ამბოხებაში, შეებათ მახვილი და გაენადგურებინათ ამბოხებულნი. „სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს”. არ უშველა მათ არც ნათესაურმა და არც მეგობრულმა კავშირებმა, არც საზოგადოებრივმა მდგომარეობამ; გაწყვიტეს ყველა ურჯულოების მოქმედი. ხოლო ვინც მოინანია, მიეტევა.პწ 204.2

    ამ შურისგების საშინელი საქმის მოქმედნი უფლის ნებით აკეთებდნენ ყოველივეს. ისინი ზეციური მეფის მიერ გამოტანილ განაჩენს ასრულებდნენ. ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ მოყვასის გაკიცხვისა და განკითხვისაგან საკუთარი ადამიანური სიბრმავის გამო. მაგრამ, ვისაც უფალი უწმიდურზე თავისი განაჩენის აღსრულებას უბრძანებს, იგი უნდა დაემორჩილოს. ამ მეტად ძნელი საქმის შემსრულებლებმა უფრო სრულად მიუძღვნეს თავი ჭეშმარიტი ღმერთის სამსახურს. უფალმაც შეაფასა მათი ერთგულება და განსაკუთრებით გამოარჩია ლევის ტომი.პწ 204.3

    ისრაელიანებმა დააშავეს, როცა აუმბოხდნენ მათ კეთილისმყოფელ მეფეთმეფეს, რომელსაც მორჩილება აღუთქვეს. სამართლიანად უნდა დასჯილიყვნენ მოღალატენი იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ღვთიური მმართველობის განხორციელება. თუმცა აქაც გამოჩნდა ღვთიური თანაგრძნობა. მართალია, უფალი მტკიცედ იცავდა თავისი რჯულის სამართლიანობას, მაგრამ არჩევანისა და მონანიების საშუალება ყველას ეძლეოდა. მხოლოდ ისინი განადგურდნენ, ვინც ჯიუტად განაგრძობდა ღმერთის უარყოფას.პწ 204.4

    დამნაშავეთა სამართლიან დასჯას უნდა დაერწმუნებინა ხალხები და ერები, რომ ღმერთი კერპთაყვანისმცემლობას არასოდეს შეურიგდება. მოსეს, ვითარცა იარაღს უფლის ხელში, წმიდა წერილის ფურცლებზე გახსნილად, მთელი სიმართლით უნდა აღებეჭდა ამ საშინელი დანაშაულის მრისხანე ისტორია. ვინაიდან შემდგომში ისრაელიანთ თავად მოუხდებოდათ გარეშე ტომებისა და ერების წარმართული წესებისა და ზეიმების გაკიცხვა, მტრები აუცილებლად გაახსენებდნენ მათ, რომ ერთ დროს იმ ხალხმა, რომლის ღმერთიც იეჰოვა იყო, ჩამოასხა ხბოს კერპი და თაყვანი სცა მას ხორებში. მაშინ ისრაელი იძულებული გახდებოდა, ეღიარებინა ეს სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ ეთქვა, რომ ეს დანაშაული გამართლებული და მოწონებული კი არ იქნა, არამედ საშინელი ბედი ეწიათ ურჯულოთ.პწ 205.1

    სწორედ სიყვარული ითხოვდა ამ ცოდვის სამართლიან დასჯას. ღმერთი თავისი ხალხის დამცველი და მეუფეა. მაგრამ იძულებულია, გაანადგუროს მისი ჯიუტი მოწინააღმდეგენი, რათა სხვებიც არ ჩაითრიონ ცოდვის მორევში. სიცოცხლე შეუნარჩუნა უფალმა კაენს, რათა მთელი სამყაროსათვის ეჩვენებინა, თუ საით მივყავართ დაუსჯელობას. კაენის დამღუპველი ზეგავლენა იმდენად დიდი იყო, იმდენად გარყვნა კაცობრიობა, რომ წარღვნით მისი განადგურება გამოიწვია. წარღვნამდელი ისტორია გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა არ წარმოადგენს კურთხევას ცოდვილისათვის. უფლის უდიდესი მოთმინება არ აკავებს მათ უწმიდურებას. რაც უფრო დიდხანს ცოცხლობენ ადამიანები, მით უფრო იხრწნებიან.პწ 205.2

    ასე იყო სინაის მთასთან განდგომილებისას. ადგილზევე ცოდვის დაუსჯელობას იგივე შედეგი მოჰყვებოდა, გაიხრწნებოდა დედამიწა, როგორც ნოეს დღეებში. განდგომილთა მიტევება უფრო მეტ უბედურებას მოიტანდა, ვიდრე კაენის სიცოცხლის შენარჩუნება. მოწყალე უფალმა ათასობით ადამიანის დაღუპვა დაუშვა, რათა გადაერჩინა მილიონობით ადამიანი. უმრავლესობის გადასარჩენად უმცირესობა უნდა დასჯილიყო. ამას გარდა, ხალხმა, რომელიც უფალს განუდგა, დაკარგა ღვთიური მფარველობა და, მისი დაცვის გარეშე დარჩენილს, მრავალი საფრთხე ელოდა გარეშე მტრისაგან. ბოროტება რომ მაშინვე არ აღმოფხვრილიყო, ისრაელი მალე თავისი უძლიერესი და მრავალრიცხოვანი მტრების ლუკმა გახდებოდა. კსრაელის საკეთილდღეოდ და მომავალ თაობათა სასწავლებლად იყო საჭირო განდგომილთა დასჯა. ხოლო მათი დანდობის შემთხვევაში, ამბოხების სული სიძულვილსა და განხეთქილებას დათესდა ხალხში, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთს არ დახოცავდნენ. წუთისოფლის, ისრაელისა და თვით ამბოხებულთა მიმართ სიყვარულის გამოც კი დაისაჯა დანაშაული დაუყოვნებლივ და ასე მკაცრად.პწ 205.3

    როცა ხალხი გონს მოეგო და თავისი დანაშაულის საშინელება გააცნობიერა, დიდად შეშფოთდა. შიშმა მოიცვა მთელი ბანაკი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ყოველ განდგომილს მოსპობდა უფალი. შეეცოდა მოსეს ეს სასოწარკვეთილი ხალხი და აღუთქვა, რომ უფალს შეევედრებოდა მათ სიცოცხლეს.პწ 205.4

    „დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი, - თქვა მან, - ახლა ავალ უფალთან, ვინძლო ვაპატიებინო თქვენთვის ეს ცოდვა”. იშუამდგომლა ხალხისთვის ღმერთის წინაშე და თქვა: “დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან”. ასე უპასუხა უფალმა: „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან. ახლა წადი და წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. განკითხვის დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს”.პწ 205.5

    საყურადღებოა, რომ მოსეს ლოცვებში ფიგურირებს ზეციური წიგნები, სადაც ყოველი ადამიანის სახელი და საქმეები - კეთილი თუ ბოროტი - ზუსტადაა აღნიშნული. სიცოცხლის წიგნში ჩაწერილია ყველა იმ ადამიანის სახელი, ვინც ოდესმე ღმერთს ემსახურებოდა. თუკი რომელიმე მათგანი ღმერთს განუდგება, ჯიუტად დაადგება ცოდვის გზას, სულიწმიდის წინააღმდეგ გაისასტიკებს გულს, ასეთ ადამიანთა სახელები სიცოცხლის წიგნიდან ამოიშლება და ისინი დაიღუპებიან. მოსე კარგად ხედავდა ცოდვილის ხვედრის საშინელებას, თუმცა, უფლის მიერ მთელი ისრაელის უარყოფის შემთხვევაში, იგი თავადაც ისურვებდა მათ სახელებთან ერთად თავისი სახელის სიცოცხლის წიგნიდან ამოშლას. შეუძლებლად მიაჩნდა მას ხალხის სრული განადგურება, ვინც ასე სასწაულად იხსნა უფალმა ეგვიპტის მონობიდან. მოსეს შუამდგომლობა ისრაელისათვის ძლიერ წააგავს ქრისტეს შუამდგომლობას ცოდვილთათვის. მაგრამ უფალმა არ დაუშვა ცოდვილთა ნაცვლად მოსეს დასჯა. „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან”, - ბრძანა მან.პწ 206.1

    ღრმა მწუხარებით მიაბარეს მიწას დაღუპულნი. მახვილისაგან სამი ათასი კაცი დაეცა; სულ მალე დამღუპველი სენი გაჩნდა ისრაელიანთა ბანაკში; ამასთანავე, ებრაელთათვის ცნობილი გახდა, რომ დიდი იეჰოვა აღარ გაჰყვებოდა მათ მოგზაურობაში. „მე აღარ ვივლი შენს შორის, რადგან თვითრჯული ხალხი ხართ და ვაითუ მოგსპოთ გზაში”, - განაცხადა მან. შემდეგ გაისმა ბრძანება: „მოიხსენით სამკაულები, მე ვიცი, როგორც უნდა მოგექცეთ”. გლოვა იწყო ისრაელიანთა ბანაკმა. მაშინვე მორჩილებით „მოიხსნეს ისრაელიანებმა სამკაულები ხორების მთასთან”.პწ 206.2

    უფლის ბრძანებით, კარავი, რომელიც თაყვანისცემის დროებით ადგილად ითვლებოდა, ბანაკს გარეთ გაიტანეს, რაც კიდევ ერთი მოწმობა იყო იმისა, რომ უფალმა დატოვა ისინი. და შემდგომშიც იგი მხოლოდ მოსეს გამოეცხადება და არა ამ ხალხს. სინდისი ქენჯნიდა ისრაელიანთ, დიდად ჯავრობდნენ ყოველივეს გამო და უფრო დიდი უბედურების მოლოდინში იყვნენ. იქნებ იმიტომ გაიყვანა მოსე, რომ საბოლოოდ გაანადგუროს დანარჩენნი? მაგრამ არ დარჩენილან ისინი იმედის გარეშე. ბანაკს გარეთ გაშალეს კარავი, რომელსაც მოსემ „სადღესასწაულო კარავი” უწოდა. ყველას, ვინც გულწრფელად ინანიებდა და უფალთან დაბრუნება სურდა, შეეძლო იქ მისვლა და ცოდვების აღიარება, რათა კვლავ ეპოვა ღვთიური წყალობა. როცა ისინი თავიანთ კარვებში ბრუნდებოდნენ, მოსე „სადღესასწაულო კარავში” შედიოდა. დაძაბული აკვირდებოდა ხალხი - იქნებ გამოჩნდეს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მათთვის შუამდგომლობა მიღებულია! რომ სრულად არ განადგურდებიან. ტიროდნენ ისრაელიანნი სიხარულისაგან, როცა ხედავდნენ, როგორ ჩამოეშვებოდა ღრუბლის სვეტი და კარვის შესასვლელთან გაჩერდებოდა. მაშინ „ადგებოდა მთელი ხალხი და თავთავის კარვის შესასვლელთან სცემდა თაყვანს”.პწ 206.3

    კარგად იყო ცნობილი მოსესთვის მისთვის მიბარებული ხალხის სიჯიუტე და სიბრმავე; ისიც კარგად იცოდა, თუ რა სიძნელეები ელოდა მომავალში. მიხვდა, რომ ხალხის წინამძღოლობისათვის უფლისაგან დახმარების მიღებაა საჭირო. პირისპირ ხილვა სურდა უფლისა მოსეს, რათა მის იქ ყოფნაში დარწმუნებულიყო. „აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში. და თუ მართლაც მადლი მიპოვნია შენს თვალში, მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ, რომ მადლი ვპოვო შენს თვალში; იცოდე, რომ შენი ერია ეს ხალხი”.პწ 206.4

    მიუგო უფალმა: „მე თავად წაგიძღვები და დაგავანებ”. მაგრამ ვერ დაამშვიდა მოსე ამ სიტყვებმა. სტანჯავდა ისრაელის საშინელ მომავალზე ფიქრი: რა იქნება, თუკი ხალხის სისასტიკისა და მოუნანიებლობის გამო უფალი დატოვებს მათ? ვერ შეეგუებოდა მოსე იმ აზრს, რომ ვეღარ ნახავდა თავის ძმებს და ევედრებოდა უფალს, მოწყალება გამოეჩინა მათ მიმართ და კვლავაც გასძღოლოდა მისი დიდება მოგზაურობისას. „თავად შენ თუ არ წაგვიძეხი, მაშინ ნუ გაგვიყვან აქედან. როგორ მივხვდე, რომ მადლი ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ერმა? ხომ იმით, რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა ხალხიდან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?”პწ 207.1

    უპასუხა უფალმა მოსეს: “მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ”. წინასწარმეტყველი კვლავაც განაგრძობდა ვედრებას. და თუმცა თავის ყველა ლოცვაზე პასუხი მიიღო, მის სულს ღვთიური წყალობის უფრო დიდი ნიშნის ხილვა სწყუროდა. და მოსე სთხოვდა უფალს იმას, რაც არც ერთ ადამიანს არასოდეს უთხოვია: „მახილვინე შენი დიდება”.პწ 207.2

    არ გაკიცხა უფალმა მოსე ასეთი თავდაჯერებული მოთხოვნის გამო, არამედ მოწყალედ უპასუხა: „ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ”. შეუძლებელი იყო, რომელიმე მოკვდავს სრულად ეხილა უფლის მთელი სიდიადე და არ მომკვდარიყო. მოსეს კი აღუთქვა უფალმა, რომ იხილავს იგი მის დიდებას იმდენად, რამდენადაც ამის ატანას შეძლებს. კვლავ მთის მწვერვალისკენ მოუხმეს მოსეს, შემდეგ კი ხელმა, რომელმაც შექმნა მთელი სამყარო, რომელმაც „შეძრა მთები ისე, რომ არავინ უწყის” /იობ. 9:5/, აიყვანა ეს ძლიერი რწმენის კაცი და კლდის ნაპრალში მოათავსა იმ დროს, როცა გამოჩნდა ღვთიური დიდება და მთელი მისი სიკეთე.პწ 207.3

    ეს განცდა და, უფრო მეტად კი აღთქმა, რომ უფალი კვლავ მათთან იქნება გზაში, მოსეს მისიის წარმატების საწინდარი იყო. მთელი ეგვიპტის სიბრძნეზე და ისრაელიანთა მმართველობაში და ბრძოლის ველზე მოპოვებულ მიღწევებზე უფრო ძვირფასი იყო მისთვის იგი. ვერავითარი მიწიერი ძლიერება, ხელოვნება ან ცოდნა ვერ შეცვლის უფალთან მუდმივი ყოფნის ბედნიერებას.პწ 207.4

    ცოდვილ ადამიანს ეშინია ცოცხალი ღმერთის ხილვა, მაგრამ მოსე უშიშრად იდგა მარადცოცხალის წინაშე, რადგან შემოქმედის სურვილისამებრ იქცეოდა იგი. „სიმრუდე რომ შეემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი” /ფს. 65:18/; მაგრამ „საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ” /ფს. 24:14/.პწ 207.5

    თქვა უფალმა თავის თავზე: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი. ინახავს წყალობას ათასეულებისათვის, შეუნდობს ბრალს და დანაშაულს, და ცოდვას. დამნაშავეს არ გაუშვებს დაუსჯელად. მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილთაშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.პწ 207.6

    „იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა”. კვლავ სთხოვა ღმერთს, მიეტევებინა თავისი ურჯულო ერისათვის: „შეგვინდე დანაშაული და შეცოდება და შენს სამკვიდროდ გაგვხადე”. და შეისმინა უფალმა ეს თხოვნა; ისრაელთან აღთქმის განახლებას და ისეთი სასწაულების მოხდენას დაჰპირდა, „როგორიც არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ ხალხში არ მომხდარა”.პწ 208.1

    ორმოცი დღე და ღამე დარჩა მოსე მთაზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში უფალი ისევე, როგორც პირველად, სასწაულებრივად ინახავდა მას. სხვას არავის ჰქონდა მთაზე ასვლის ან მასთან მიახლოების უფლება. დაამზადა მოსემ უფლის ბრძანებით ქვის ორი ფიქალი და აიტანა მწვერვალზე და კვლავ დაწერა მასზე უფალმა აღთქმის სიტყვები - ათი მცნება.პწ 208.2

    ღვთიური დიდების ნათელი ეფინა მოსეს უფალთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო. ეამაბრმავებელი შუქით უბრწყინავდა სახე მთიდან ჩამოსვლისას, მაგრამ თავად არაფერი იცოდა ამის შესახებ. ასეთივე ნათელი ეფინა სტეფანეს, როცა თავის მსაჯულთა წინაშე იდგა. „ყველა, ვინც სინედრიონში იჯდა, უყურებდა მას და ხედავდა მის სახეს, როგორც ანგელოზის სახეს” /საქმე. 6:15/. უკუიქცა აარონი და მთელი ხალხი მოსეს დანახვაზე; „ვერ გაბედეს მიახლოება”. არ იცოდა მოსემ მათი შიშისა და დაბნეულობის მიზეზი და თავისთან უხმობდა მათ. საუბრობდა უფლის შერიგების შესახებ და არწმუნებდა მათ, რომ კვლავ კეთილად განეწყო მათ მიმართ უფალი. მხოლოდ სიყვარული და თანაგრძნობა ისმოდა მის ხმაში და ბოლოს, ვიღაცამ გაბედა და მიუახლოვდა მას. ხმა ვერ ამოიღო მოწიწებითა და შიშით მოცულმა; მხოლოდ უსიტყვოდ გაიშვირა ხელი ჯერ მოსეს სახისკენ, შემდეგ კი ზეცისკენ. მიხვდა წინამძღოლი ამ ჟესტის მნიშვნელობას. საკუთარი სინდისის მხილებით გატანჯულებმა ვერ გაუძლეს ზეციურ ნათელს, რომელიც, მათი ღვთისადმი მორჩილების შემთხვევაში, მუდმივი სიხარულის წყაროდ იქცეოდა. დანაშაული ბადებს შიშს. ცოდვისაგან განწმედილი სული არ დაემალება ზეციურ ნათელს.პწ 208.3

    ბევრი რამ უნდა ეთქვა მათთვის მოსეს. შეეცოდა ისინი და „რიდე ჩამოიფარა სახეზე” და შემდგომშიც ყოველთვის ასე იქცეოდა, როცა უფალთან საუბრის შემდეგ ბანაკში ბრუნდებოდა.პწ 208.4

    ამ შუქით უფალს თავისი წმიდა რჯულის ამაღლებული არსისა და ქრისტეს მიერ გამოცხადებული სახარების დიდების ისრაელიანთა გონებაში შთაბეჭდვა სურდა. მთაზე ყოფნისას ღმერთმა არა მხოლოდ აღთქმის ფიქალები მისცა მოსეს, არამედ ხსნის გეგმაც გაუზიარა. ხედავდა მოსე, რომ ებრაელთა ეპოქის ყველა სიმბოლო და პირველსახე ქრისტეს მსხვერპლზე მიუთითებდა და გოლგოთიდან გამოსული ზეციური ნათელი უფლის რჯულის ნათელზე არანაკლები დიდებით ეფინა მოსეს სახეს. ეს ღვთიური ნათელი სიმბოლო იყო აღთქმის დიდებისა. აღთქმისა, რომლის ხილული შუამდგომელი იყო მოსე - ერთადერთი ჭეშმარიტი ქომაგის, ქრისტეს, წარმომადგენელი.პწ 208.5

    მოსეს სახეზე არეკლილი დიდება იმ კურთხევებზეც მიგვითითებს, რომლებიც ქრისტეს შუამდგომლობის მეშვეობით უფლის მცნებების დამცველ ხალხს გარდმოეფინება. ეს მოწმობაა იმისა, რომ რაც უფრო ახლოს ვიქნებით ღმერთთან და რაც უფრო ღრმად შევიცნობთ მის რჯულს, მით უფრო მალე დავემსგავსებით მას და მით უფრო მეტად გაგვიჩნდება სურვილი მისი არსის მოზიარეობისა.პწ 208.6

    მოსე ქრისტეს პირველსახე იყო. როგორც ისრაელიანთა შუამდგომელმა ჩამოიფარა რიდე სახეზე, რათა მისი ხალხი ამ დიდების ნათელს არ დაებრმავებინა, ასევე იესომ, ღვთიურმა ქომაგმა, ადამიანის სხეულქვეშ დამალა თავისი ღვთიური სახე, როდესაც დედამიწაზე მოვიდა. ქრისტე რომ ზეციური დიდებით გაბრწყინებული მოსულიყო, ვერ იპოვიდა ადამიანებთან მისადგომს მათი ცოდვილი მდგომარეობის გამო. ისინი ვერ გაუძლებდნენ მის სიდიადეს. ამიტომ დაიმდაბლა თავი და მოვიდა „ცოდვილი ხორცის მსგავსებაში” /რომ. 8:3/, რათა თავისთან დაეახლოებინა და აღემაღლებინა დაცემული კაცობრიობა.პწ 209.1