Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 58 - წინასწარმეტყველთა სკოლები

    მუდამ ზრუნავდა უფალი ისრაელზე. მისი ზრუნვა მარტო სულიერი სფეროთი არ შემოიფარგლებოდა. მისი ზრუნვის საგანი იყო ყველაფერი, რაც ადამიანის გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებას უწყობდა ხელს და რაც ღვთიურ რჯულს ემორჩილებოდა.პწ 390.2

    უფლის ბრძანებით, ებრაელებს შვილებისათვის უნდა ესწავლებინათ მისი რჯული და ის, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა უფალს მათ მამებთან. ეს იყო ყოველი მშობლის ერთერთი მთავარი მოვალეობა, რომლის სხვისთვის გადაბარებაც შეუძლებელი იყო. არა სხვების, არამედ მოსიყვარულე მშობლების ბაგეთაგან უნდა მოესმინათ შვილებს ძვირფასი ჭეშმარიტებანი. უფალზე ფიქრი და მსჯელობა ყოველდღიური ცხოვრების საქმედ უნდა იქცეს. ფფლის ძლიერება და ძალა, რომლითაც მან თავისი ხალხი იხსნა, აღთქმა მომავალი მხსნელის შესახებ ოჯახური საუბრების აუცილებელ თემად უნდა ქცეულიყო. ყოველივე ეს სიმბოლოებითა და მაგალითებით უნდა განმტკიცებულიყო მათ მეხსიერებაში. ყრმათა გონებაში ნათლად უნდა აღბეჭდილიყო უდიდესი ჭეშმარიტებანი უფლის სიბრძნისა და მომავალი ცხოვრების შესახებ. ბავშვებს ასწავლიდნენ, დაენახათ ღმერთი ბუნების წიაღშიც და გამოცხადების სიტყვებშიც. ცაში მოციმციმე ვარსკვლავები, დიდებული ხეები და მინდვრის ყვავილები, ცამდე აღმართული მთები, მოჩუხჩუხე ნაკადულები - ყოველივე შემოქმედზე ღაღადებდა. საზეიმო მსხვერპლშეწირვანი, საწმიდარში მსახურება და წინასწარმეტყველთა სიტყვები - უფლის გამოცხადება იყო.პწ 390.3

    ასეთი განათლება მიიღო მოსემ გოშენში, თავის მშობლიურ ქოხში; სამუელმა - თავისი ღვთისმოსავი, ერთგული დედისაგან; დავითმა - ბეთლემის გორაკებზე; დანიელმა - უცხო ქვეყანაში ტყვეობამდე; მსგავს ვითარებაში გაატარა თავისი ბავშვობა ქრისტემ ნაზარეთში. ასეთივე განათლება მიიღო ყრმა ტიმოთემ, როდესაც ბებია ლოისი და დედა ევნიკე წმიდა წერილის ჭეშმარიტებებს ასწავლიდნენ /იხ. 2 ტიმ. 1:5; 3:15/.პწ 390.4

    ყმაწვილთა აღსაზრდელად წინასწარმეტყველთა სკოლებიც არსებობდა. სკოლის კარი ღია იყო ყველა მოზარდისათვის, ვისაც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებათა უფრო ღრმად შეცნობა სურდა და ზეციურ სიბრძნეს ეძებდა, რათა ისრაელის მოძღვარი გამხდარიყო. სამუელმა დააარსა წინასწარმეტყველთა სკოლები საყოველთაო განდგომილების თავიდან ასაცილებლად და ყმაწვილებში ზნეობისა და სულიერი სიმაღლეების შესანარჩუნებლად, რაც ერის შემდგომ განვითარებას და აყვავებას შეუწყობდა ხელს ხალხის მმართველებად და მრჩევლებად ღვთისმოშიში ადამიანების მომზადებით. ამ მიზნის განსახორციელებლად კრებდა სამუელი ღვთის- მოსავ, გონიერ და დაუზარელ ახალგაზრდებს. წინასწარმეტყველთა შვილებს უწოდებდნენ მათ. ღვთის სიტყვისა და საქმეების შესწავლით ღმერთთან ურთიერთობისას მათ ბუნებრივ ნიჭს ზემოდან სიბრძნე ემატებოდა. მათ არა მხოლოდ ღვთიურ ჭეშმარიტებათა მცოდნენი ასწავლიდნენ, არამედ ისინიც, ვინც ძალიან ახლოს იყო უფალთან და მისი სულიწმიდის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა მიცემული. ეს ადამიანები თავიანთი განსწავლულობის და ღვთისმოსაობის წყალობით ხალხის დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდნენ.პწ 390.5

    ორი ასეთი სკოლა არსებობდა სამუელის დღეებში. ერთი - რამათში, სადაც თავად წინასწარმეტყველი ცხოვრობდა, მეორე კი - კირიათიეყარიმში, სადაც იმ დროს კიდობანი ინახებოდა. სხვა სკოლები უფრო მოგვიანებით ჩამოყალიბდა.პწ 391.1

    ამ სკოლის მოსწავლეები მიწის დამუშავებით ან სხვადასხვა ხელობით თავადვე ირჩენდნენ თავს. ისრაელში ყველანაირ შრომას პატივს სცემდნენ და ის, ვინც ბავშვების აღზრდისას რაიმე სასარგებლო ხელობას არ ასწავლიდა მათ, დიდ დამნაშავედ ითვლებოდა. უფლის ნების თანახმად, ყოველ ბავშვს რაღაც ხელობა უნდა სცოდნოდა, თუნდაც იგი მომავალი ღვთისმსახური ყოფილიყო. ბევრი სულიერი მოძღვარი საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. მოგვიანებით, მოციქულთა დღეებში, პავლე და აკვილა არანაკლები პატივისცემით სარგებლობდნენ, როცა მეკარვეობით ირჩენდნენ თავს.პწ 391.2

    ამ სკოლებში ძირითადად ისწავლებოდა ღვთის რჯული და მოსეს კანონები; წმიდა ისტორია, სასულიერო მუსიკა და პოეზია. სწავლების მეთოდი ამ სკოლებში დიდად განსხვავდებოდა ღვთისმეტყველების თანამედროვე სკოლებში დამკვიდრებულისაგან, რომელთა კურსდამთავრებულთ უფრო ნაკლები რეალური ცოდნა აქვთ ღმერთისა და სულიერ ჭეშმარიტებათა შესახებ, ვიდრე იქ შესვლისას ჰქონდათ. ძველი დროის წინასწარმეტყველთა სკოლებში მოსწავლეთა უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო ღვთის ნებისა და მის წინაშე ადამიანის მოვალეობის შეცნობა. სწავლობდნენ წმიდა ისტორიის მატიანეს იეჰოვას საქმეების შესახებ. ტიმბოლოებში გაცოცხლებულ უდიდეს ჭეშმარიტებათა კვლევით შეიცნობდნენ ისინი რწმენის მთავარ საგანს - ღვთის კრავს, რომელსაც მთელი წუთისოფლის ცოდვები უნდა ეტვირთა.პწ 391.3

    დიდ ძალისხმევასა და მზრუნველობას იჩენდნენ იმისათვის, რომ ღვთისმოსაობის სული გაეღვიძებინათ მოწაფეებში. არა მხოლოდ იმაში არწმუნებდნენ, რომ ლოცვა აუცილებელია, არამედ ასწავლიდნენ, როგორ ელოცათ და დაახლოებოდნენ ლოცვებში თავიანთ შემოქმედს, როგორ გაეღრმავებინათ რწმენა უფლისადმი, როგორ გაეგოთ მისი მოძღვრება და დამორჩილებოდნენ მას. ღრმად შეიცნობდა ყმაწვილთა ნათელი გონება ახალ თუ ძველ ჭეშმარიტებებს ღვთის საგანძურიდან და ღვთის სულიწმიდა სუფევდა წინასწარმეტყველებებში და წმიდა საგალობლებში.პწ 391.4

    მუსიკის სწავლება წმიდა იდეალისადმი მსახურებას და ადამიანთა აზრების სიწმიდისაკენ სწრაფვას, მათ გულში მადლიერებისა და კეთილშობილური გრძნობების აღზევებას ისახავდა მიზნად. რა საოცრად დიდი სხვაობაა მუსიკისადმი ძველ და დღევანდელ დამოკიდებულებას შორის! რამდენი ადამიანი იყენებს ამ ნიჭს საკუთარი სახელის განდიდებისათვის და არა უფლის დიდებისათვის! მუსიკისადმი სიყვარულს მისი წინდაუხედავი დამფასებელი ამ წუთისოფლის მოყვარულთა გასართობი შეკრებებისაკენ მიჰყავს, სადაც უფალი თავის შვილთ წასვლას უკრძალავს. ამრიგად, ის, რაც სწორი გამოყენებისას უდიდეს კურთხევას წარმოადგენს, შეიძლება იქცეს ერთერთ საშუალებად, რითაც სატანა ჩვენს მოვალეობას და მარადიულ ჭეშმარიტებათა შემეცნებას გვაშორებს.პწ 391.5

    ზეციურ სავანეებში მუსიკა ღვთისმსახურების ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სახოტბო საგალობლები, შეძლებისდაგვარად, ზეციურ გუნდთა ხმებს ვამსგავსოთ. ხმების სწორი განვითარება აღზრდის ერთერთი მთავარი საკითხია და ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. გალობა რელიგიური მსახურების ნაწილია და ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ლოცვას. გულით უნდა იგრძნოს მგალობელმა საგალობლის სულიერი სიღრმე, რათა სათანადოდ გამოხატოს იგი.პწ 392.1

    რა დიდი განსხვავებაა ღვთის წინასწარმეტყველთა სკოლებსა და დღევანდელ სასწავლებლებს შორის! თანამედროვე სკოლების უმრავლესობა ამქვეყნიური პრინციპებითა და ტრადიციებით ხელმძღვანელობს. რა სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ მათში არ არის სათანადო სიმკაცრე და გონივრული დისციპლინა. ზედაპირული საუბრები, იაფფასიანი სენტიმენტალიზმი სულიერი და ზნეობრივი აღზრდის საფუძველი ხდება. ღვთიური სამართლიანობა და გულმოწყალება, სიწმიდის სილამაზე და ღვთისმოსაური ცხოვრების ჭეშმარიტი საზღაური, ცოდვის საშინელება და მისი სასტიკი შედეგის გარდაუვალობა - ყოველივე ეს ღრმად იბეჭდება ყმაწვილთა გონებაში. უღვთო საზოგადოებასთან სიახლოვე დანაშაულის, აღვირახსნილობისა და უზნეობისკენ უბიძგებს ახალგაზრდობას.პწ 392.2

    განა დღევანდელ მასწავლებლებს არ ძალუძთ სწავლების მეთოდების ძველი ებრაული სკოლებიდან გადმოღება? მან, ვინც ადამიანი შექმნა, ყველაფერი იღონა მისი ყოველმხრივი განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, აღზრდის ნამდვილი წარმატება დამოკიდებულია ერთგულებაზე, რომლითაც ადამიანი უფლის ჩანაფიქრს ახორციელებს.პწ 392.3

    აღზრდაგანათლების ჭეშმარიტი მიზანი ადამიანის სულში ღვთიური ხატების აღდგენაა. თავდაპირველად ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა და კეთილშობილური თვისებებით შემოსა. მისი გონება გაწონასწორებული, ნიჭები კი ჰარმონიულად შერწყმული იყო. მაგრამ ცოდვამ და მისმა შედეგმა დაამახინჯა ეს თვისებები. მის კვლავ აღსადგენად იქნა ჩაფიქრებული გადარჩენის გეგმა და განსაცდელით აღსავსე ცხოვრება მიეცა ადამიანს. ამიტომ ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანი, რომელიც საფუძვლად უდევს ყოველივე დანარჩენს, ადამიანისათვის პირვანდელი სრულყოფილების დაბრუნებაა. მშობელთა და მასწავლებელთა მისია კი ახალგაზრდა თაობის აღზრდის ღვთიური განზრახვის გაზიარებაა, რის შედეგადაც ისინი “ღვთის თანამშრომელნი” ხდებიან /1 კორ. 3:9/.პწ 392.4

    მრავალფეროვანი ნიჭი ღმერთმა ადამიანს იმისთვის უბოძა, რომ ყოველგვარი შესაძლებლობებით უმაღლესი სრულყოფილებისათვის მიეღწია. მაგრამ აქ ადგილი არ უნდა ჰქონოდა ეგოიზმს ან განსაკუთრებულობის გრძნობას, რადგან ღვთიური არსი, რომელიც ჩვენში უნდა აღდგეს, სიყვარული და კეთილშობილებაა. ღვთის ბოძებული ყოველი ნიჭი, ხასიათის თვისება, უზენაესის სახელის განდიდებას და მოყვასის სულიერ ზრდას უნდა ემსახურებოდეს - ნიჭის მხოლოდ ასეთი გამოყენება ჩაითვლება ყველაზე წმიდა, კეთილშობილურ, ბედნიერების მომტან საქმედ.პწ 392.5

    ამ პრინციპებს რომ სათანადო ყურადღება ექცეოდეს, აღზრდაგანათლების ჩვეულებრივ სისტემაში ძირეული ძვრები მოხდებოდა. სიამაყესა და პატივმოყვარეობაზე დაყრდნობით მეტოქეობის სულის გაღვივების ნაცვლად, მასწავლებლებმა ადამიანის სულში სიკეთისადმი, სიწმიდისა და სილამაზისადმი სიყვარული და სრულყოფილებისადმი სწრაფვის სული უნდა შთანერგონ. ყოველი მოსწავლე ღვთიური ნიჭის საკუთარ თავში განვითარებას უნდა ცდილობდეს და არა სხვებთან მეტოქეობას და სხვებზე აღზევებას; უფლის ჩანაფიქრის ხორცშესხმას და მასთან მსგავსებას უნდა ესწრაფოდეს. მხოლოდ მიწიერ იდეალებზე ფიქრისა და თვითგანდიდებაზე ზრუნვის ნაცვლად, რაც თავისთავად, სიმდაბლეს წარმოადგენს, ჩვენი ძალები შემოქმედისაკენ უნდა მივმართოთ, რათა შევიცნოთ და ვემსგავსოთ მას.პწ 392.6

    “უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება” /იგავ. 9:10/. ხასიათის ჩამოყალიბება მთელი სიცოცხლის უდიდესი საქმეა, უფლის შეცნობა კი - ჭეშმარიტი აღზრდის საფუძველი. ამ ცოდნის გადაცემა და ხასიათის მის თანახმად ჩამოყალიბება ყოველი მასწავლებლის დანიშნულებაა. ამიტომ ამბობს მეფსალმუნე: “...ყველა შენი მცნება სიმართლეა” და “შენი ბრძანებებით საზრიანი გავხდი” /ფს. 118:172,104/. თავის სიტყვაში და თავის შემოქმედების საქმეებში გამოგვეცხადა ღმერთი. სულიწმიდის შთაგონებით დაწერილი წიგნისა და ბუნების დახმარებით შეგვიძლია შევიძინოთ ცოდნა უფლის შესახებ.პწ 393.1

    ინტელექტუალური მოღვაწეობა იმით ხასიათდება, რომ ადამიანის განვითარების დონე თანდათანობით იმ საგნების დონეს აღწევს, რომლებზედაც იგი გამუდმებით მსჯელობს. თუკი ჩვენი გონება უბრალო, ყოველდღიური საქმეებითაა დატვირთული, იგი თანდათანობით წვრილმანდება და სუსტდება. თუკი ადამიანი არასოდეს შრომობს ძნელი ამოცანების გადასაჭრელად, რამდენიმე ხანში მისი განვითარება წყდება. ამასთან დაკავშირებით, ბიბლიას, როგორც აღმზრდელ ძალას, სწორი არა ჰყავს. უფლის სიტყვაში გონება პოულობს საკვებს ღრმა მსჯელობებისათვის და საყრდენს სულის უმაღლესი აღმაფრენისათვის. ბიბლიაში მოცემულია ყველაზე დიდი აღმზრდელობითი ისტორიები ადამიანისათვის ოდესმე ცნობილთა შორის. მარადიული ჭეშმარიტების წყაროებიდან იღებს იგი სათავეს და ღვთიური ხელი იცავს მის სიწმიდეს საუკუნეთა მანძილზე. იგი ნათელს ჰფენს შორეულ წარსულს, სადაც ამაოდ ცდილობს შეღწევას ადამიანის გონება. ღვთის სიტყვაში ჩანს ძალა, რომელმაც დააფუძნა დედამიწა და გადაჭიმა ცა. მხოლოდ მასში შეიძლება ვიპოვოთ კაცობრიობის ისტორია - ადამიანის ცრურწმენითა და პატივმოყვარეობით შეუბღალავი. იგი გვიამბობს მთელი დედამიწის ზურგზე ყველა ცნობილ ადამიანთა ბრძოლებზე, დამარცხებებსა და წარმატებებზე. ნასში ყველაფერია ნათქვამი ადამიანის დანიშნულებაზე და მის საუკუნო ხვედრზე. ხილული სამყაროს უხილავისაგან გამყოფი ფარდა ახდილია და ვხედავთ ბოროტებისა და სიკეთის ურთიერთდაპირისპირებულ ძალთა ბრძოლას წუთისოფელში ცოდვის გაჩენის მომენტიდან ჭეშმარიტებისა და სიმართლის უკანასკნელ გამარჯვებამდე. და ყოველივე ეს უფლის არსის გამოხატულებაა. მის სიტყვაში გადმოცემულ წმიდა ჭეშმარიტებებზე ფიქრისას, ბიბლიის შეცნობის მოსურნის გონებას უზენაესის გონებასთან შეხების წერტილი უჩნდება. სწავლის ასეთი პროცესი არა მხოლოდ ხასიათის გაკეთილშობილებას ემსახურება, არამედ - გონებრივ ძალთა უეჭველ განახლებასა და გამრავლებას.პწ 393.2

    ბიბლიის შესწავლა არსებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის კეთილდღეობაზე ცხოვრების ყველა სფეროში, რადგან მასში ცხადდება პრინციპები, რომლებიც ერების აყვავებისა და განვითარების ქვაკუთხედია; პრინციპები, რომლებზედაც საზოგადოების კეთილდღეობაა დაფუძნებული, რომლებიც ოჯახის საძირკველია. ე.ი. პრინციპები, რომელთა გარეშეც ვერც ერთი ადამიანი ვერ მიაღწევს წარმატებას, ბედნიერებასა და პატივს ამქვეყნიურ ცხოვრებაში და უკვდავებას - მომავალში. არ არსებობს ცხოვრებაში რაიმე საკითხი, რომ ბიბლიაში არ მოიძებნოს მასზე პასუხი. ღვთის სიტყვის შესწავლა და მისდამი მორჩილება უფრო ძლიერი და მოქმედი ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს, ვიდრე ყველა ადამიანური ფილოსოფიის გულმოდგინე შესწავლა. ეს კი მსოფლიოს ძლიერ, მტკიცე ხასიათის, გონებამახვილ და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს შესძენს, რომლებიც წუთისოფელს უფლის დიდებად და კურთხევად მოევლინებოდნენ.პწ 393.3

    სხვა საგნების შესწავლამაც უფლის შესახებ ცოდნა უნდა შეგვძინოს. ყოველი ჭეშმარიტი მეცნიერება სხვა არაფერია, თუ არა უფლის წერილთა მატერიალურ სამყაროში კვლევა და განმარტება. მეცნიერული გამოკვლევები ღვთის სიბრძნისა და ძლიერების მტკიცებაა მხოლოდ. ბუნების წიგნის თუ დაწერილი სიტყვის სწორი გაგება გვაცნობს უფალს და მის ბრძნულ, ამაღლებულ კანონებს, რომლებშიც უზენაესის ნება ცხადდება.პწ 394.1

    მოწაფეს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ შემოქმედების ყველა საქმეში უფლის ხელი დაინახოს. მასწავლებელმა თავად უნდა მიბაძოს უდიდეს მოძღვარს - ქრისტეს, რომელიც ხშირად იყენებდა საილუსტრაციოდ ბუნების ცნობილ მოვლენებს, რაც ხელს უწყობდა მისი ჭეშმარიტების ადვილად აღქმას. ასეთი მეთოდის წყალობით მსმენელთა გონებაში ჭეშმარიტება უფრო ღრმად იბეჭდებოდა. ამწვანებულ ტყეებში ფრინველთა გალობა, მინდვრის ყვავილებით დაფარული მიწა, ჩამავალი მზის სხივებით ოქროსფრად მორთული ზეცა - ყოველივე სწავლების საშუალებაა. შემოქმედის ხილული საქმეები ქრისტემ სიცოცხლის სიტყვასთან შეადუღაბა, რომელიც მის ბაგეებში ისე ჟღერდა, რომ მუდამჟამს, ყოველივე ამის დანახვაზე, მისი მსმენელნი ამ საგნებთან დაკავშირებული ჭეშმარიტების გაკვეთილებს იხსენებდნენ.პწ 394.2

    გამოცხადების ფურცლებზე გამოსახული ღვთიური ბეჭედია ამოტვიფრული ყველგან: დიდებულ მთებზე, ნაყოფიერ ველებზე და უკიდეგანო, ღრმა ოკეანეებში. ბუნება ადამიანს ღვთის სიყვარულზე ესაუბრება. ურიცხვი ნიშნით ცაზე და დედამიწაზე შეგვაკავშირა თავისთან უზენაესმა. წუთისოფელი არ არის მხოლოდ ტანჯვა და მწუხარება. ყოველ ახლადგაღვიძებულ კვირტზე, ყვავილის ყოველ ფურცელზე, ყოველი ბალახის ღეროზე დაწერილია: “ღმერთი სიყვარულია”. თუმცა ცოდვისაგან დაწყევლილ დედამიწაზე ბევრი ეკალბარდია, მაგრამ ეკლიან ღეროზეც ხომ ყვავის ვარდები? მთელი ბუნება მოწმობს ჩვენი ღმერთის ნაზ, მამაშვილურ მზრუნველობასა და სურვილზე, გააბედნიეროს თავისი შვილები. მისი აკრძალვები და დადგენილებანი არა მხოლოდ მისი ხელმწიფების გამოხატულებაა, არამედ ყოველ მის მოქმედებაში შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვაა ჩაბეჭდილი. არ სურს უფალს, რომ მათ უარი თქვან შემოთავაზებულ სიკეთეზე.პწ 394.3

    საზოგადოების ზოგიერთ ფენაში გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ რელიგია ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბედნიერების წინააღმდეგია, ყველაზე დიდი და საზიანო შეცდომაა. წმიდა წერილი ამბობს: “უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას” /იგავ. 19:23/. “ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად? შეიკავე შენი ენა სიბოროტისაგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან. ერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას” /ფს. 33:13-15/. სიბრძნის სიტყვები “სიცოცხლეა მათი მპოვნელისათვის და ჯანმრთელობა” /იგავ. 4:22/.პწ 394.4

    ჭეშმარიტი რელიგია ეხმარება ადამიანს, ჰარმონიულად მისდიოს ღვთიურ კანონებს ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ ასპექტში. იგი გვასწავლის თავშეკავებას, მოთმინებას და სიმშვიდეს. რელიგია აკეთილშობილებს გონებას, აყალიბებს გემოვნებას და აჯანსაღებს აზროვნებას. იგი ზეციური სიწმიდის თანაზიარს ხდის ადამიანის სულს. რწმენა უფლის სიყვარულისა და ყოვლადძლიერი განგებისადმი ზრუნვისა და ტანჯვის ტვირთს გვიმსუბუქებს; სიხარულითა და კმაყოფილებით გვივსებს გულს ბედნიერების დღეებშიც და უბედურების ჟამსაც. რელიგია უშუალოდ უწყობს ხელს ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას და ყველა მისი კურთხევით გვატკბობს; უსასრულო ბედნიერების წყაროს უხსნის სულს. დაე მათ, ვინც ჯერ ქრისტეს მხარეზე არ გადასულა, შეიგნონ, რომ მაცხოვარი უფრო მეტს გვთავაზობს, ვიდრე თავად ისურვებენ. ადამიანი უდიდეს ზიანს აყენებს საკუთარ თავს, ამავე დროს, დიდ უსამართლობას იჩენს საკუთარი თავის მიმართ, როცა უფლის საწინააღმდეგოდ ფიქრობს და მოქმედებს. ვერვინ ჰპოვებს ჭეშმარიტ სიხარულს მის მიერ აკრძალულ გზაზე, ვინც ძალიან კარგად იცის, რაა ჩვენთვის უკეთესი და ვინც თავის შექმნილთა კეთილდღეობაზე ზრუნავს. ურჯულოების გზა უბედურებასა და დაღუპვას გვიქადის, სიბრძნის გზები კი “ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა” /იგავ. 3:17/.პწ 395.1

    თუკი ყურადღებით დავაკვირდებით, ცხადი გახდება, რომ ებრაელთა სკოლების ფიზიკური და რელიგიური აღზრდის მეთოდების გამოყენებას უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლია. მაგრამ არ ხდება მათი სათანადოდ შეფასება. გონებასა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირია, ამიტომ ზნეობრივი და გონებრივი განვითარების მაღალი დონის მისაღწევად საჭიროა დავიცვათ კანონები, რომელიც ჩვენს ფიზიკურ სხეულს მართავს. ძლიერი, ზომიერი ხასიათის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა გონებრივი და ფიზიკური ძალების ვარჯიში და განვითარება. რა უნდა იყოს ყმაწვილთათვის იმაზე მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე ღმერთის მიერ ბოძებული დიდებული სხეულის გამოკვლევა და იმ კანონთა შესწავლა, რომელიც მისი სიჯანსაღის შენარჩუნებაში გვეხმარება.პწ 395.2

    დღესაც, ისევე როგორც ძველ ისრაელში, ყოველმა მოზარდმა თავისი ყოველდღიური მოვალეობის შესრულება უნდა ისწავლოს. ყოველმა მათგანმა რაიმე ხელობა უნდა იცოდეს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ლუკმაპურის შოვნა შეძლოს. ეს არის არა მხოლოდ გამოსავალი გაჭირვების ჟამს, არამედ ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი განვითარების საშუალებაცაა. იმანაც კი, ვინც დარწმუნებულია, რომ ლუკმაპურის საშოვნელად არასოდეს დასჭირდება ფიზიკური შრომა, მაინც უნდა ისწავლოს მუშაობა. ფიზიკური ვარჯიშის გარეშე ვერავინ გაიკაჟებს სხეულს და ვერ შეინარჩუნებს ჯანმრთელობას, შრომის სწორი ორგანიზების უნარი კი აუცილებელია ძლიერი, მოქმედი გონებისა და კეთილშობილური ხასიათის ჩამოსაყალიბებლად.პწ 395.3

    ყოველმა მოწაფემ დღის ნაწილი ფიზიკურ შრომას უნდა მიუძღვნას. ამგვარად იგი შეეჩვევა შრომას, გაუჩნდება რწმენა საკუთარი თავისადმი. ამასთან ერთად, ახალგაზრდობა დაცული იქნება სხვადასხვა მანკიერი ჩვევების საფრთხისაგან, რაც ხშირად უსაქმურობის შედეგია. ყოველივე ეს ძალზე მჭიდრო კავშირშია აღზრდის თავდაპირველ მიზანთან, ვინაიდან შრომისმოყვარეობის, გულმოდგინებისა და პატიოსნების გზით სიარული უფალთან გვაახლოებს.პწ 395.4

    დაეხმარეთ ახალგაზრდებს სიცოცხლის მიზნის გაგებაში, დაარწმუნეთ ისინი, რომ აუცილებელია ღვთის პატივისცემა, რათა კურთხევად იქცნენ მოყვასისათვის. დაანახეთ ყმაწვილებს მათ მიმართ ზეციერი მამის სიყვარული და საკუთარი დანიშნულება, რისთვისაც ცხოვრებისეულმა სკოლამ უნდა მოამზადოს ისინი. ღვთის შვილებად აღიარება - აი, მათი ფრიად საპატიო დანიშნულება. მაშინ ათასობით მოზარდი სიძულვილითა და ზიზღით შეაქცევს ზურგს მდაბალ, ეგოისტურ ზრახვებს, მისწრაფებებს და უაზრო გართობებს, აქამდე რომ უხვად ჰქონდა. ისინი შეიძულებენ ცოდვას, მოერიდებიან მას არა რაიმე საზღაურის ან სასჯელის შიშის, არამედ საკუთარი მანკიერების შეცნობის გამო, რადგან მიხვდებიან, რომ ყოველივე ეს დამღუპველ ზეგავლენას მოახდენს ღვთით ბოძებულ ნიჭზე და ღვთის ხატებას დაამახინჯებს.პწ 396.1

    უფალი მოუწოდებს ყმაწვილთ, არ დაკმაყოფილდნენ მცირედი მიღწევებით; არ ჩაახშონ საკუთარ თავში ხასიათის ის თვისებები, წარმატებას და საზოგადოების პატივისცემას რომ მოუტანს მათ - სრულყოფილებისაკენ მუდმივი ლტოლვა, მტკიცე ნებისყოფა, ენერგიული შრომა და მიზანდასახულობა. პირიქით, უფლის მადლის დახმარებით ახალგაზრდობა იმ მიზნებისაკენ უნდა წარვმართოთ, რომელიც იმდენად ამაღლებულია ეგოისტურ, დროებით ინტერესებზე, რამდენადაც ზეცა - დედამიწაზე. დედამიწაზე დაწყებული აღმზრდელობითი პროცესი მარადიულობაშიც გაგრძელდება. დღითი დღე ახალი, სხვა სილამაზით გამოეცხადებათ უფლის საოცარი საქმეები, მისი სიბრძნისა და ძალის დადასტურება სამყაროს შექმნასა და მართვაში; გამოსყიდვის გეგმასთან დაკავშირებული სიყვარულისა და სიბრძნის დაუსრულებელი საიდუმლო ახალ ფერებში წარმოუდგება ადამიანის გონებას. “რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს” /1 კორ. 2:9/.პწ 396.2

    ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე ცხოვრებისას შეგვიძლია ვიგრძნოთ მისი სიახლოვე და დავტკბეთ ზეცასთან ურთიერთობის სიხარულით, მაგრამ სრულ ნეტარებას და სიხარულს მხოლოდ მარადიულობაში შევიგრძნობთ. მხოლოდ მარადიულობა გაგვიცხადებს იმ უმაღლეს იდეალს, რომელსაც მიაღწევს ის ადამიანი, ვინც უფლის მსგავსებას დაიბრუნებს.პწ 396.3