Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 10 - ბაბილონის გოდოლი

    დაბადება 9:25-27; 11:1-9

    წარღვნის წყლებით უზნეობისა და უწმიდურებისაგან განწმედილი დედამიწის კვლავ დასასახლებლად უფალმა ღმერთმა მხოლოდ ერთი - ნოეს ოჯახი შემოინახა, რომელსაც უთხრა: “რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში” /დაბ. 7:1/. მაგრამ მალე ნოეს სამივე ვაჟმა იგივე თვისებები გამოავლინა, რაც წარღვნამდელი წუთისოფლისათვის იყო დამახასიათებელი. სემში, ქამსა და იაფეთში წინაპართა ხასიათმა იჩინა თავი. პწ 67.3

    უფლის სულით შთაგონებულმა ნოემ სამი უდიდესი ერის მომავალი იწინასწარმეტყველა, რომელთა წინაპრებიც ნოეს ვაჟები იყვნენ. ქამის შთამომავლობაზე ნოემ თქვა: “წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!” /დაბ. 9:25/. ქამის თავხედური ქცევა იმაზე მეტყველებდა, რომ მშობლისადმი პატივისცემა და მოწიწება მასში უკვე დიდი ხანია გაქრა და სანაცვლოდ მის გულში სიმდაბლე და ურჯულოება დამკვიდრებულიყო. ეს ცუდი ჩვევები განვითარდა მის ძეში ქანაანში და მის შთამომავლობაში, რომელთა დანაშაულებრივი ცხოვრების წესმაც ღვთის სასჯელი გამოიწვია.პწ 67.4

    მეორე მხრივ, სემისა და იაფეთის მიერ მამისადმი გამოჩენილი ყურადღება და მოკრძალება და, აქედან გამომდინარე, ღვთიურ დადგენილებათა მიმართ პატივისცემა, რა თქმა უნდა, ნათელ მომავალს უქადდა მის შთამომავლობას. მათ შესახებ ნათქვამია: “კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი. განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს. დაემორჩილოს მას ქანაანი!” სემის მოდგმა უნდა ყოფილიყო უფლის რჩეული ხალხი და მისგან უნდა წარმომდგარიყო აღთქმული მხსნელი. იეჰოვა სემის ღმერთი იყო. მისგან უნდა გამოსულიყო აბრაამი, ისრაელის ერი და თავად ქრისტე. “ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი ღმერთი” /ფს. 143:15/. და “იაფეთიც სემის კარვებში დაემკვიდროს”. იაფეთის შთამომავლობას სახარების განსაკუთრებული კურთხევა და მადლი უნდა ჰქონოდა. ქანაანის შთამომავლები წარმართობის უმდაბლეს ფორმამდე დაეცნენ. თუმცა, წინასწარმეტყველების თანახმად, ისინი მონებად უნდა ქცეულიყვნენ, მაგრამ ამ წყევლის აღსრულება მთელი საუკუნეების განმავლობაში ჭიანურდებოდა; უფალი მოთმინებით იტანდა მათ უწმიდურებას, გარყვნილებას მანამ, სანამ მისი მოთმინების ფიალა არ აივსო. შემდეგ მათ დაკარგეს თავიანთი დამოუკიდებლობა და სემისა და იაფეთის შთამომავლობის მონები გახდნენ.პწ 67.5

    ნოეს წინასწარმეტყველება არ იყო გამოწვეული სიძულვილით ან რისხვით. ამით არ განისაზღვრა მისი ვაჟების ბედი და ხასიათი. მაგრამ იგი მიუთითებდა თითოეული მათგანის მიერ არჩეული ცხოვრების გზის შედეგებზე და იმაზეც, თუ რას მიაღწევდნენ საკუთარ თავში ღვთიურ თვისებათა შენარჩუნებითა და განვითარებით. ეს წინასწარმეტყველება იყო უფლის ნების გამოვლინება ნოეს შვილებისა და მათი თაობების მიმართ, რაც მათ ხასიათსა და ცხოვრების ნირს შეესაბამებოდა. ჩვეულებისამებრ, შვილებს მემკვიდრეობით გადაეცემათ მშობლების ხასიათი და თვისებები, ისინი მათ ბაძავენ; ასე რომ, მშობლების ცოდვებს შვილები იმეორებენ თაობიდან თაობაში. ამგვარად, ქამის თავხედური ქცევა და უმეცრება წყევლად გადაეცა მის შთამომავლობას. “ერთი ცოდვილი კი ბევრ სიკეთეს დაღუპავს” /ეკლ. 9:18/.პწ 68.1

    მეორე მხრივ, რა უხვად იქნა ანაზღაურებული მამისადმი სემის პატივისცემა და მოკრძალება! მართალთა რამდენი ერთგული თაობა მიეკუთვნება მის გვარს! “იცის უფალმა დღენი უცოდველთა... და მისი შთამომავლობა კურთხეულია” /ფს. 36:18-26/. “იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი მტკიცე ღმერთია, შემნახველი ათას თაობაში აღთქმისა და წყალობისა მის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს” /რჯლ. 7:9/.პწ 68.2

    რამდენიმე ხანს ნოეს შთამომავლობა მთებში ცხოვრობდა, სადაც კიდობანი გაჩერდა, მაგრამ გამრავლებულ ხალხში განდგომილებამ მალე განხეთქილება გამოიწვია. მათ, ვისაც აღარ სურდა, უფლის რჯულის მორჩილი ყოფილიყო, მუდამ აღიზიანებდათ ძმების ღვთისმოსაური ცხოვრება, შეგონებანი, რომლებითაც ისინი უფლისაკენ თავის თვისტომთა მოქცევას ლამობდნენ და მალე მათ ღვთის შვილთაგან გაყრა განიზრახეს, ევფრატის ნაპირებზე შინყარის დაბლობებისაკენ გაემართნენ. მართლაც, მეტად მიმზიდველი, ლამაზი და ნოყიერი იყო ეს მიწა და ისინიც კმაყოფილებით დაფუძნდნენ ამ მშვენიერ ველებზე.პწ 68.3

    აქ განიზრახეს მათ ქალაქისა და ისეთი მაღალი კოშკის აშენება, სამყაროს საოცრება რომ გამხდარიყო. ყოველივე კეთდებოდა, რათა ხალხისთვის არ მიეცათ გაფანტვის საშუალება. უფალმა უბრძანა ადამიანებს, გაფანტულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, აეთვისებინათ იგი და დასახლებულიყვნენ. მაგრამ ბაბილონის გოდოლის მშენებელთ სურდათ, შეექმნათ მონარქიული მმართველობის ფორმა, რათა შემდგომში მთელ დედამიწაზე ებატონათ. ამგვარად, მათი ქალაქი მსოფლიო იმპერიის ცენტრი გახდებოდა, მისი დიდება საყოველთაო აღტაცებასა და თაყვანისცემას გამოიწვევდა და საქვეყნო აღიარებას მოუტანდა მის დამფუძნებელთ. ეს ცადაბჯენილი, დიდებული კოშკი მის ამშენებელთა ძლიერებისა და სიბრძნის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო და მომავალ თაობებში სამარადისოდ უნდა უკვდავეყო მათი სახელი.პწ 68.4

    შინყარის ველის მცხოვრებნი არ ენდობოდნენ ღვთის სიტყვას, რომლის თანახმადაც დედამიწაზე წარღვნა აღარასოდეს მოხდებოდა. ბევრი მათგანი უფლის არსებობასაც კი უარყოფდა და თვლიდა, რომ იგი მხოლოდ ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული. ბევრს სწამდა ზებუნებრივი არსებისა და თვლიდა, რომ სწორედ მან გამოიწვია წარღვნა და, კაენის მსგავსად, აუჯანყდა მას. კოშკის მშენებლობა ისახავდა ერთადერთ მიზანს - ჰქონოდათ თავშესაფარი წარღვნის განმეორების შემთხვევაში. ამ საოცრად მაღალი გოდოლის აშენებით ადამიანებს სურდათ, თავი დაეღწიათ წარღვნის მოსალოდნელი საფრთხისაგან მომავალში. და რადგან ღრუბლებს მიღმა სფეროებში შეღწევა რეალობად მიაჩნდათ, წარღვნის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევას იმედოვნებდნენ, რაც უფრო გაუთქვამდა სახელს კოშკის ამაყ მშენებლებს, დააშორებდა ღმერთს მომავალ თაობებს და კერპთაყვანისმცემლობისაკენ გაუხსნიდა გზას.პწ 69.1

    კოშკის სრულ აშენებამდე მისი ერთი ნაწილი მშენებლების საცხოვრებლად გამოიყენეს, მდიდრულად მორთული მეორე ნაწილი კი კერპებს დაეთმო. ადამიანებს უხაროდათ საკუთარი წარმატება და ხოტბას ასხამდნენ ოქროსა და ვერცხლის ღმერთებს, რითაც სრულიად ეწინააღმდეგებოდნენ ცისა და დედამიწის მეუფის ნებას. მოულოდნელად მშენებლობა, რომელიც ასე წარმატებით მიმდინარეობდა, შეწყდა. ზეციურ ანგელოზებს ებრძანათ, ჩაეშალათ ადამიანთა გეგმები. კოშკი უკვე ძალიან მაღალი იყო და ზემოთ მყოფი მშენებლებისათვის შეუძლებელი გახდა დაბლა მყოფებთან პირდაპირი ურთიერთობა. ამიტომ მის ყოველ სართულზე, სხვადასხვა ადგილებში, იდგნენ ადამიანები, რომელნიც მშენებლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ბრძანებებსა და მითითებებს ერთიმეორეს გადასცემდნენ. და აი, სწორედ იმ დროს, როცა მშენებლები ამგვარი წესით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, უცბად აღმოჩნდა, რომ ისინი სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობდნენ. ქვემოდან აგზავნიდნენ იმას, რაც ზემოთ სულაც არ ესაჭიროებოდათ, ბრძანება ხშირად პირუკუ სრულდებოდა. ხალხი დაიბნა და შეშინდა. მუშაობა შეწყდა, რადგან ერთობლივ მუშაობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ადამიანებს ვერაფრით აეხსნათ ეს უჩვეულო მდგომარეობა და რისხვითა და უკმაყოფილებით საყვედურობდნენ ერთმანეთს. მათი საერთო საქმე განხეთქილებითა და სისხლისღვრით დასრულდა. ზეციურმა ელვამ, როგორც ღვთის რისხვის მოწმემ, დაანგრია კოშკის ზედა ნაწილი. და ადამიანები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ ზეცაში სამყაროს მმართველი სუფევს.პწ 69.2

    აქამდე ადამიანები ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ახლა კი თითოეული იმ ჯგუფს შეუერთდა, რომლის ენაც ესმოდა. ერთნი ერთ მხარეს წავიდნენ, მეორენი - მეორე მხარეს. “გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე”. ასე დასახლდნენ ადამიანები დედამიწის ყველა კუთხეში.პწ 69.3

    უფალმა აღასრულა თავისი ჩანაფიქრი, მაგრამ როგორ დაზარალდნენ მისი ნების მოწინააღმდეგენი! უზენაესს სურდა, რომ ადამიანები გაფანტულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, მის სხვადასხვა კუთხეში შეექმნათ სხვადასხვა სახელმწიფოები, თან წაეღოთ უფლის ნების ცოდნა, რათა ჭეშმარიტების ნათელს ეკაშკაშა მომავალი თაობებისათვის. ნოემ, ჭეშმარიტების ერთგულმა მქადაგებელმა, წარღვნის შემდგომ სამას ორმოცდაათი წელიწადი იცოცხლა, სემმა - ხუთასი და, უფლის ამ ერთგულ მსახურთა წყალობით, მათ თაობებს შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ უფლის მოთხოვნებს და ჩასწვდომოდნენ მათი მამების მიმართ მის უდიდეს წყალობას. მაგრამ არ ისურვეს ამ მათთვის არასასიამოვნო ჭეშმარიტების შესმენა, უფლის შეცნობა და შემდგომ, როცა ენების აღრევა მოხდა, ისინი ძლიერ შორს აღმოჩნდნენ მათგან, ვისგანაც ჭეშმარიტების ნათელის მიღება შეეძლოთ.პწ 69.4

    უფლის მიმართ უკმაყოფილების სული ხელმძღვანელობდა ბაბილონის გოდოლის მშენებლებს. იმის ნაცვლად, რომ მადლიერებით შეენახათ მეხსიერებაში უფლის მიერ ადამისა და ნოესადმი გამოვლენილი გულმოწყალება, ისინი სისასტიკეში სდებდნენ ბრალს უფალს ედემის ბაღიდან პირველი წყვილის განდევნისა და წუთისოფლის წარღვნით განადგურების გამო. დამოთქვამდნენ რა საყვედურს უფლის მიმართ მისი სისასტიკისა და დესპოტიზმის გამო, თავად ხდებოდნენ ყველაზე სასტიკი ტირანის ტყვეები. სატანა მთელი ძალებით ცდილობდა, გამოეწვია ადამიანებში უდიდესი სიძულვილი მსხვერპლშეწირვის ცერემონიისადმი, რაც ქრისტეს სიკვდილის სიმბოლოს წარმოადგენდა და, ვინაიდან მათი გონება კერპთაყვანისმცემლობით იყო დაბნელებული, ასწავლა, მიებაძათ ამ მსხვერპლისათვის და საკუთარი შვილები შეეწირათ ღმერთებისათვის. ადამიანებმა მიატოვეს შემოქმედი; ღვთიური პრინციპები - სამართლიანობა, სიწმიდე და სიყვარული - ზეწოლით, ძალადობითა და სისასტიკით გამოიდევნა.პწ 70.1

    ბაბილონის მკვიდრთ სურდათ, უფლისაგან დამოუკიდებელი მმართველობა ჰქონოდათ. თუმცა მათ შორის იყვნენ ღვთის მოშიშნიც, მაგრამ ისინი ცდუნდნენ უწმიდურთა საქმეებით და მათი გეგმების მოზიარენი გახდნენ. ამ ერთგულთა გამო აყოვნებდა უფალი თავის სამსჯავროს და აძლევდა ადამიანებს დროს, გამოერკვიათ საკუთარი ჭეშმარიტი მისწრაფებები. ხოლო, როცა ეს მოხდა, ღვთის შვილები შეეცადნენ, გაეფანტათ მათი ცრუ შეხედულებანი, მაგრამ უწმიდურებამ სრულად მოიცვა ადამიანთა გრძნობები. მათ რომ მოქმედების თავისუფლება მისცემოდათ, უზნეობა ჯერ კიდევ მაშინ გაბატონდებოდა მთელ დედამიწაზე, როცა ის ჯერ კიდევ ახლად შექმნილი იყო. მათი შეთქმულება დაფუძნებული იყო სიძულვილზე. მათ განიზრახეს სამეფოს შექმნა, რომელიც სახელს და დიდებას მოუტანდა მათ, სამეფოს, სადაც უზენაესსა და შემოქმედს არ ექნებოდა არავითარი პატივი და თაყვანისცემა. ყოველივე ამის განხორციელების შემთხვევაში ასეთი მმართველობა აღმოფხვრიდა დედამიწაზე სამართლიანობას და მასთან ერთად მშვიდობას, ბედნიერებასა და უსაფრთხოებას, ვინაიდან ადამიანები შეეცდებოდნენ, თავიანთი პატივმოყვარე და უწმიდური სურვილებისათვის დაექვემდებარებინათ ღვთიური დადგენილებები და ყოველი მცნება, რომელიც “წმიდაა, მართალი და კეთილი” /რომ. 7:12/.პწ 70.2

    უფლის მოშიშნი დახმარებას ითხოვდნენ უფლისაგან. “ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანთა შვილები აშენებდნენ”. წუთისოფლისადმი წყალობის გამო გაანადგურა ღმერთმა მათი ნახელავი და დაანგრია მათი უაზრო თავხედობის მემორიალი. სწორედ მათდამი წყალობის გამო აღრია უფალმა მათი ენები, რითაც ხელი შეუშალა მათი ჩანაფიქრის განხორციელებას. უფალი დიდხანს ითმენდა ადამიანთა ურჯულოებას და აძლევდა მონანიების შესაძლებლობას. მაგრამ იგი ხედავს მათ ყოველგვარ უწმიდურ ზრახვებს მისი სამართლიანი და წმიდა რჯულის წინააღმდეგ. და დროდადრო, უხილავი ხელი, რომელიც სამეფო კვერთხის მფლობელია, აიწევა, რათა ბოროტება შეაჩეროს. ეს უტყუარი მტკიცებები არწმუნებს ადამიანებს, რომ სამყაროს შემოქმედი, უსასრულო სიბრძნის, სიყვარულისა და ჭეშმარიტების მფლობელი, ცისა და დედამიწის უზენაესი მბრძანებელია და მისი უმაღლესი ხელმწიფების ხელმყოფი დაუსჯელი არ დარჩება.პწ 70.3

    ბაბილონელ მშენებელთა გეგმები სამარცხვინოდ ჩაიფუშა. პატივმოყვარეობის ძეგლი მათივე უაზრობის ძეგლად იქცა. მაგრამ ადამიანები კვლავაც საკუთარ ძალებს ეყრდნობიან და უფლის რჯულს უარყოფენ. ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა სატანაც, როცა თავისი მიზნის განხორციელებას ცდილობდა. იგივე გრძნობებით ხელმძღვანელობდა კაენი თავისი მსხვერპლის შეწირვისას.პწ 71.1

    დღესაც ბლომად არიან ასეთი კოშკის მშენებლები. ურწმუნო ადამიანები თავიანთ თეორიებს მეცნიერულ დასკვნებზე აგებენ და ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას უარყოფენ. ისინი ბედავენ ღვთიური მმართველობის პრინციპების კრიტიკას. მათ უარყვეს უფლის რჯული და რაკი „სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას” /ეკლ. 8:11/.პწ 71.2

    ე.წ. ქრისტიანულ სამყაროში ბევრი ყურადღებას არ უთმობს ნათელ ბიბლიურ ჭეშმარიტებებს და თავის რწმენას ადამიანურ გადმოცემებზე და ყურის საამებელ ზღაპრებზე აგებს, ამავე დროს მათ მიერ აღმართულ კოშკს ზეცასთან დაახლოების საშუალებად წარმოგვიდგენს. ადამიანები აღტაცებით უსმენენ მჭევრმეტყველურ სიტყვებს იმის შესახებ, რომ ურჯულო არ მოკვდება და უფლის რჯულის დაცვის გარეშეც გადარჩება. ე.წ. ქრისტეს მიმდევრებს უფლის საზომით რომ ეხელმძღვანელათ, ერთიანობას მიაღწევდნენ. მაგრამ, სანამ ადამიანურ სიბრძნეს ღვთის სიტყვაზე მაღლა აყენებენ, მანამ იარსებებს სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლება და სექტები, რასაც ზუსტად განსაზღვრავს სიტყვა “ბაბილონი” და რასაც წინასწარმეტყველება /იხ. გამოცხ. 14:8; 18:2/ ბოლო ჟამის მიწიერ ვნებათა მოყვარულ ეკლესიებს უწოდებს.პწ 71.3

    ბევრი საკუთარი სამეფოს შექმნას სიმდიდრისა და ძალაუფლების შეძენით ცდილობს. “ყველას დასცინიან... ქედმაღლურად ლაპარაკობენ” /ფს. 72:8/, თელავენ ადამიანთა უფლებებს და სძულთ ღვთიური ავტორიტეტი. ერთხანს შეიძლება მოგვეჩვენოს კიდეც, რომ ურჯულონი ყოვლისშემძლენი და ძლიერნი არიან, მაგრამ მათი საბოლოო ხვედრია იმედების გაცრუება და ტანჯვა.პწ 71.4

    უფლის სამსჯავროს ჟამი მოახლოებულია. მალე გამოჩნდება ყოვლადძლიერი და დახედავს, თუ რა ააშენეს ადამის შვილებმა. გამოავლენს თავის უზენაეს ხელმწიფებას და ამაყი ადამიანური გონების მიღწევები ფერფლად იქცევა. “ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს. თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს” /ფს. 32:13,14/. “უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს. აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი” /ფს. 32:10,11/.პწ 71.5