Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 37 - გაპობილი კლდე

    რიცხვნი 20:1-13

    ხორების კლდიდან, მოსეს კვერთხით დარტყმის შემდეგ, პირველად წამოვიდა მაცოცხლებელი ნაკადი, რომელმაც წყურვილი მოუკლა ისრაელიანთ. უდაბნოში ხანგრძლივი ხეტიალისას, როგორც კი მგზავრებს მოსწყურდებოდათ, მოსიყვარულე ღმერთი თავისი სასწაულებით აკმაყოფილებდა მათ სურვილს. ხორების კლდის წყარო მალე დაშრა; მაგრამ, ნებისმიერ ადგილას, კლდის ნაპრალთაგან მუდამ მოედინებოდა კამკამა წყალი და აცოცხლებდა დაუძლურებულ ხალხს.პწ 265.2

    ეს ქრისტეს სიტყვის ძალით ეძლეოდა ისრაელს მაცოცხლებელი ნაკადი. “და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ; ხოლო ის კლდე იყო ქრისტე” /1 კორ. 10:4/. სწორედ ის იყო მატერიალურ თუ სულიერ კურთხევათა წყარო. ქრისტე - ჭეშმარიტი კლდე - მუდამ მათ გვერდით იყო უდაბნოში მოგზაურობისას. “არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა”; “გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ” /ეს. 48:21; ფს. 104:41/.პწ 265.3

    კლდე, საიდანაც წყალმა იჩქეფა, არის სიმბოლო ქრისტესი, რომელიც ყველაზე ღრმა სულიერ ჭეშმარიტებათა წყაროს წარმოადგენს. წყლის მაცოცხლებელი ნაკადის მსგავსად, ქრისტე, “ღვთისაგან... ნაცემნაგვემი”, “ჩვენი ცოდვებისათვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისათვის დალეწილი” /ეს. 53:4,5/ და ხსნის წყაროდ მოევლინა დაცემულ კაცობრიობას. კლდეზე მხოლოდ ერთხელ დარტყმასავით, ქრისტემაც “ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა” /ებრ. 9:28/. მაცხოვრის სიცოცხლის მეორედ შეწირვა არაა საჭირო მისი მადლისა და კურთხევის მძებნელთათვის. საკმარისია მონანიებითა და მორჩილი სულით ითხოვონ იგი იესოს სახელით. ასეთი ლოცვა ღმერთს წარუდგენს იესოს ჭრილობებს და მაშინ გადმოდინდება მისი მაცოცხლებელი სისხლის ნაკადი, განსახიერებული ისრაელისათვის მიცემული წყლის წყაროში.პწ 265.4

    დიდი სიხარულით იხსენებდნენ ისრაელიანნი ქანაანში დასახლების შემდგომ ამ მომენტს, როცა უდაბნოში მოგზაურობისას კლდიდან გადმოდენილი წყლით იკლავდნენ წყურვილს. ქრისტეს დღეებში ეს დღესასწაული მეტად შთამბეჭდავ რიტუალად იქცა. მას, ჩვეულებისამებრ, კარვობის დღესასწაულზე აღნიშნავდნენ, როცა ქვეყნის ყოველი მხრიდან უამრავი ხალხი მოდიოდა იერუსალიმში. ზეიმის მეშვიდე დღეს მგალობელ ლევიანთა თანხლებით მღვდელმსახურნი შილოახის აუზისაკენ მიემართებოდნენ და მისი წყლით ოქროს ჭურჭელს ავსებდნენ. უამრავი ხალხი მიჰყვებოდათ უკან და ვინც წყაროს მიაღწევდა, სიხარულით სვამდა, საზეიმო საგალობელი კი აუწყებდა: “სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან” /ეს. 12:3/. შემდეგ კი მღვდლები წყლით სავსე ოქროს ჭურჭლით ხელში ტაძრისკენ მიემართებოდნენ, გაისმოდა საყვირის ხმა და საზეიმო ჰიმნის სიტყვები: “იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო” /ფს. 121:2/. წყალს ყოვლადდასაწველის სამსხვერპლოზე ღვრიდნენ და გაისმოდა ირგვლივ სახოტბო საგალობლები, ადამიანთა ხმებთან, მუსიკალურ ინსტრუმენტებთან და საყვირის დაბალ ხმებთან ჰარმონიულად შერწყმული საზეიმო აკორდები.პწ 265.5

    მაცხოვარმა ეს სიმბოლური მსახურება გამოიყენა, რათა ხალხის ყურადღება იმ კურთხევისაკენ წარემართა, რომლის გასაცემადაც იგი დედამიწაზე მოვიდა. “დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. ვისაც ჩემი სწამს, მოვიდეს ჩემთან და შესვას; ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი მუცლიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები”. “ეს მან იმ სულზე თქვა, - ამბობს იოანე, - მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ” /იოან.7:37-39/.წყალი, რომელსაც უდაბური, გამშრალი უდაბნოს ბაღნარად გადაქცევა ძალუძს და დაღუპულთ აცოცხლებს, სიმბოლოა ღვთიური მადლისა, რომლის მოცემაც მხოლოდ ქრისტეს შეუძლია და რომელიც ადამიანის სულის განმწმედი და განმაახლებელი ცოცხალი წყალია. ადამიანში, ვისშიც ქრისტე სუფევს, არის დაუშრობელი წყარო მისი მადლისა და ძალისა. იესო ამხნევებს და ცხოვრების გზას უნათებს ყოველს, ვინც გულწრფელად ეძებს მას. გულში შეღწეული მისი სიყვარული კეთილ საქმეებში ვლინდება და საუკუნო სიცოცხლის საწინდარია. და კურთხევაა იგი არა მხოლოდ ამ წყაროს მფლობელისათვის, არამედ, მართალ სიტყვებსა და საქმეებში გამოვლენილი ეს ცოცხალი წყალი, ააღორძინებს ყველა მწყურვალს თავის გარშემო.პწ 266.1

    იგივე სიმბოლო გამოიყენა მაცხოვარმა სამარიელ ქალთან საუბარში იაკობის ჭასთან. “ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს” /იოან. 4:14/. ქრისტეში შერწყმულია ორი სიმბოლო: კლდეა იგი და, ამავე დროს, სიცოცხლის წყარო.პწ 266.2

    ბიბლიაში თითქმის ყველგან ვპოულობთ ამ მშვენიერ, დიდმნიშვნელოვან სიმბოლოებს. ეედამიწაზე ქრისტეს მოსვლამდე მრავალი საუკუნით ადრე მოსე მიუთითებდა მასზე, როგორც ისრაელის ხსნის კლდეზე /იხ. რჯლ.32:15/. თავის სახოტბო ფსალმუნებში ავტორი ასე მიმართავს მას: “კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო”, “ჩემი ბურჯი”, “ჩემი მფარველი”, “ჩემი სიმაგრე”, “ჩემი გულის სიმაგრე”, “ჩემი თავშესაფრის კლდე”. დავითის ფსალმუნებში უფლის მადლი წარმოსახულია “წყნარ წყლებად” ხასხასა მოლზე, სადაც ზეციური მწყემსი თავის ფარას მიუძღვის. “შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასმევ მათ, რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა” /ფს. 17:3; 61:7; 60:4; 70:3; 72:26; 93:22; 22:2; 35:9-10/. სოლომონ ბრძენი ამბობს: “სიბრძნის სათავე - მოჩუხჩუხე ნაკადულია” /იგავ. 18:4/. იერემიასთვის ქრისტე - “ცოცხალი წყაროსთვალია”, ზაქარიასთვის კი - “წყარო... ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად” /იერ.2:13; ზაქ.13:1/.პწ 266.3

    ესაია წინასწარმეტყველი “საუკუნო კლდეს” და „ურწყულ მიწაზე მაღალი კლდისაგან დაფენილ ჩრდილს” უწოდებს მას /ეს. 26:4; 32:2/. იგი გადმოგვცემს ძვირფას აღთქმას, რომელიც საუცხოოდ წარმოსახავს ისრაელისათვის მომდინარე სიცოცხლის წყლის ნაკადს: “ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისაგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ”. “წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას”, „რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე - ნიაღვრები”. ყველასთვის ისმის მოწოდება: “მწყურვალნო! ყველანი წყალთან მიდით” /ეს. 41:17; 44:3; 35:6; 55:1/. წმიდა წერილის ბოლო ფურცლებზეც იგივე მოწოდება ისმის. “სიცოცხლის წყლის მდინარე, ბროლივით კრიალა”, “ღვთისა და კრავის ტახტიდან” მოედინება და საუკუნეებს გასდევს მადლის მოწოდება: “მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი” /გამოცხ. 22:1,17/.პწ 267.1

    სწორედ კადეშის საზღვრებთან დაშრა სიცოცხლის წყარო, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მათი ბანაკის სიახლოვეს მოჩქეფდა. უფალმა კვლავ გადაწყვიტა თავისი ხალხის გამოცდა. მიენდობიან მას თუ, წინაპართა მსგავსად, უნდობლობას გამოუცხადებენ?პწ 267.2

    შორს, ჰორიზონტზე, უკვე გამოჩნდა ქანაანის მთები. სულ რამოდენიმე დღეც და მიაღწევენ კიდეც აღთქმული მიწის საზღვრებს. გამოჩნდა ედომიც, ესავის შთამომავალთა კუთვნილი მიწა, რომლის გავლითაც ებრაელები ქანაანში უნდა შესულიყვნენ. ებრძანა მოსეს: “ჩრდილოეთისაკენ გაბრუნდით. ასე დაარიგე ხალხი: ახლა თქვენი ნათესავების, ესავიანთა, სეყირის მკვიდრთა საზღვარზე მოგიწევთ გავლა. მათ შეეშინდებათ თქვენი... საჭმელი შეიძინეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ, წყალიც იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით” /რჯლ. 2:3-6/. ასე აუწყათ მათ, რომ წყაროს წყალი აღარ ექნებოდათ. ისრაელიანთ უნდა გაევლოთ მდიდარი ქვეყანა, რომელსაც სასმელი წყალიც უხვად ჰქონდა. უფალმა აღუთქვა, რომ დაუბრკოლებლად გაივლიან ედომს, სადაც საკვებისა და წყლის ყიდვას შეძლებენ. დამშრალი წყაროები, აქამდე რომ უფლის სასწაულებით აწვდიდა მათ დასალევ წყალს, იმას ნიშნავდა, რომ წინ უდიდესი სიხარული ელით ისრაელიანთ: მათი უდაბნოში ხეტიალი მალე დასრულდება. ურწმუნოება რომ არა, რომელმაც ასე დააბრმავა ისინი, მიხვდებოდნენ ამას. მაგრამ უფლის აღთქმის ასრულების სწორედ ეს მტკიცება გახდა მათი საყვედურებისა და უკმაყოფილების საბაბი. ხალხს, ეტყობა, საბოლოოდ გაუცრუვდა იმის იმედი, რომ უფალი მისცემს მათ ქანაანს და ხმამაღლა მოითხოვა კურთხევა, რომელიც უხვად ჰქონდა უდაბნოში.პწ 267.3

    სანამ უფალი საბოლოოდ დაუმკვიდრებდა აღთქმულ მიწას, ისრაელიანთ მისი აღთქმისადმი მტკიცე რწმენა უნდა გამოევლინათ. წყაროები მანამდე დაშრა, სანამ ისინი ედომის საზღვრებს მიაღწევდნენ. აქ მათ შესაძლებლობა მიეცათ, თუნდაც მცირე ხნით ეცხოვრათ რწმენით ღვთის ხილული დახმარების გარეშე. მაგრამ პირველი გამოცდისთანავე ისეთივე ამბოხებისა და უმადურობის სული გამოავლინეს, როგორიც - მათმა მამებმა. როგორც კი ბანაკში ხმა გავარდა, რომ წყალი არ არის, რჩეულმა ერმა მაშინვე დაივიწყა შემოქმედი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მათ ყოველ საჭიროებას აკმაყოფილებდა და იმის ნაცვლად, რომ კვლავ ზეციერი მამისთვის მიემართათ, ჩივილი დაიწყეს და საყვედურები გამოთქვეს: “ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით უფლის წინაშე!” /რიცხ. 20:1-3/, რაც იმას ნიშნავდა, რომ კორახის ამბოხების დროს დაღუპულთა ხვედრის გაზიარება სურდათ.პწ 267.4

    კვლავ აღშფოთდნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ: “რისთვის მოგვიყვანე უფლის კრებული ამ უდაბნოში, ჩვენი და ჩვენი საქონლის გასაწყვეტად? რისთვის ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან ამ უბედურ არემარეში, სადაც არ არის თესლის ადგილი, არც ლეღვი, არც ყურძენი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალია?”პწ 268.1

    მივიდნენ მოსე და აარონი კარვის შესასვლელთან და პირქვე დაემხნენ. კვლავ გამოჩნდა უფლის დიდება და მოსეს უბრძანა: “აიღე კვერთხი და შეჰყარეთ საზოგადოება შენ და შენმა ძმამ, აარონმა. დაელაპარაკეთ მათ თვალწინ კლდეს და მოგცემთ იგი წყალს. ამოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან და დაარწყულებ მთელს საზოგადოებას მათი საქონელითურთ”.პწ 268.2

    გამოვიდნენ ძმები ხალხის წინაშე. ღვთის კვერთხი ეჭირა მოსეს ხელში. ხანდაზმულნი იყვნენ უკვე მოსე და აარონი. დიდხანს მოთმინებით იტანდნენ ისინი ისრაელის სიჯიუტესა და ურჩობას, მაგრამ ახლა მოსემაც დაკარგა მოთმინება: “ყური მიგდეთ, ურჩებო, - შესძახა მან, - ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?” და იმის ნაცვლად, რომ უფლის ბრძანებისამებ მხოლოდ დალაპარაკებოდა კლდეს, “ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი”.პწ 268.3

    “უხვად იდინა წყალმა” კლდიდან. მაგრამ დაშვებულ იქნა უხეში შეცდომა: გაბრაზებული მოსეს სიტყვებში უფრო ადამიანური აღშფოთება გამოჩნდა, ვიდრე წმიდა წყრომა უფლისადმი მიყენებული შეურაცხყოფის გამო. “ყური მიგდეთ, ურჩებო!” - თქვა მან. ბრალდება სამართლიანი იყო, მაგრამ თვით ჭეშმარიტებაც კი არ უნდა წარმოითქვას რისხვით ან გაბრაზებით. როცა უფალმა მოსეს უბრძანა გამოეცხადებინა ისრაელისათვის, რომ მას სასჯელი ელის ამბოხებისათვის, მოსეს დიდად გაუჭირდა ამ მძიმე განაჩენის ხალხისთვის თქმა, მაგრამ უფალმა მისცა ძალა მისი ნების გამოსაცხადებლად. ახლა კი, როცა მოსემ თავად წაუყენა მათ ბრალდება, წმიდა სული გაანაწყენა და მხოლოდ ვნება მოუტანა ხალხს. ცხადი იყო, რომ თავშეკავება და მოთმინება დაკარგა წინამძღოლმა, რითაც ეჭვის მიზეზი გაუღრმავა ხალხს: ნამდვილად ხელმძღვანელობდა კი მას უფალი? გაჩნდა საკუთარი ცოდვების გამართლების ცდუნება. მოსემ, მათ მსგავსად, შეურაცხყო ღმერთი; მისი საქციელი, ამბობდნენ, თავიდანვე არ იმსახურებდა ნდობას და გაკიცხვის ღირსი იყო. ახლა კი, იპოვეს საბაბი, რომელსაც დიდხანს ეძებდნენ, რათა არ მიეღოთ მხილება უფლისაგან, ღმერთი რომ მოსეს მეშვეობით უცხადებდა მათ.პწ 268.4

    ურწმუნოება გამოიჩინა მოსემ ღვთის მიმართ. “ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?” - იკითხა მან, თითქოსდა უფალი თავის ნათქვამს არ შეასრულებდა. თქვენ “არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში”, - უთხრა უფალმა ძმებს. უწყლობის გამო ხალხის უკმაყოფილებამ და აღშფოთებამ შეასუსტა მათი რწმენა უფლის აღთქმის აღსრულების მიმართ. ურწმუნოება იყო მათ წინაპართა უდაბნოში დაღუპვის მიზეზი და ახლაც იგივე სული გამოვლინდა მათ შვილებში. ნუთუ ისინიც ვერ მიიღებენ აღთქმულს? მოსე და აარონი, დაღლილნი და დამწუხრებულნი, აღარ ცდილობდნენ ხალხის ვნებათაღელვის შეკავებას. ღვთისადმი ურყევი რწმენის გამოვლენის შემთხვევაში, შეძლებდნენ ადამიანთა შთაგონებას, რათა მოეკრიბათ მთელი თავისი ძალები და ამ გამოცდისთვისაც გაეძლოთ. მიცემული ხელმწიფების მტკიცე და სწრაფი გამოყენება დაამშვიდებდა უკმაყოფილოთ. ეს მათი პირდაპირი მოვალეობა იყო. ყველა ღონე უნდა ეხმარათ ადამიანთა გამხნევებისათვის მანამ, სანამ ღმერთს შესთხოვდნენ ამის გაკეთებას. რაოდენ დიდი უბედურების თავიდან აცილება შეეძლოთ კადეშში, ხალხის უკმაყოფილება დროზე რომ ჩაექროთ!პწ 268.5

    მოსეს ამ წინდაუხედავმა ნაბიჯმა გააუფასურა უფლის მიერ ისრაელისათვის განკუთვნილი გაკვეთილი. კლდე ქრისტეს სიმბოლო იყო და, როგორც ქრისტე მხოლოდ ერთხელ უნდა შეწირულიყო, ასევე ერთხელ უკვე დაჰკრა მოსემ კლდეს კვერთხი. მეორედ კი საჭირო იყო, მხოლოდ მიემართა კლდისთვის, ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვითხოვოთ კურთხევა იესოს სახელით. კლდეზე მეორედ დარტყმით კი ამ დიდებული სიმბოლოს მნიშვნელობა გაცამტვერდა.პწ 269.1

    უფრო მეტიც, მოსემ და აარონმა მიითვისეს ძალა, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა. ღვთიური ჩარევის აუცილებლობა განსაკუთრებულ მიმზიდველობას და საზეიმო სახეს ანიჭებდა ამ ვითარებას და ისრაელის წინამძღოლებს უნდა გამოეყენებინათ ეს იმისათვის, რომ ღვთისადმი უფრო მეტი მოწიწება აღეძრათ ხალხის გულში, რაც ხელს შეუწყობდა უფლის ძლიერებისა და მოწყალებისადმი მათი რწმენის განმტკიცებას. რისხვით წარმოთქმული სიტყვებით: “ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?”, მათ მიითვისეს ღმერთის ძალა, თითქოსდა მათ სუსტ, ხრწნად სხეულში მართლაც ყოფილიყოს იგი. ხალხის მუდმივი საყვედურებითა და უმადურობით დაღლილმა მოსემ თვალთახედვის არიდან დაკარგა ყოვლისშემძლე ღმერთი და ღვთის ძალისგან მიტოვებულმა, ადამიანური სისუსტის გამოვლენით საკუთარი ღირსება შელახა. ადამიანი, რომელსაც ბოლომდე შეეძლო, შეენარჩუნებინა სიწმიდე, სიმტკიცე და გულწრფელობა, თავისი მსახურების დასასრულს დამარცხებული აღმოჩნდა. განდიდებისა და აღზევების ნაცვლად ხალხის თვალში უფალი შეურაცხყოფილი დარჩა.პწ 269.2

    ამ შემთხვევაში უფალმა არ გაკიცხა ის ხალხი, ვისმა უღირსმა საქციელმაც გადაადგმევინა მოსესა და აარონს ეს არასწორი ნაბიჯი. რისხვა მხოლოდ მათ წინამძღვრებს დაატყდათ თავს. ხალხში მყოფმა ღმერთის წარმომადგენლებმა არ განადიდეს იგი. მოსემ და აარონმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და სრულად გადაავიწყდათ, რომ ხალხი ღმერთს ეწინააღმდეგებოდა და არა მათ. მხოლოდ იმის გამო შესცოდეს მათ უნებლიედ და არ ამხილეს ხალხი ღმერთის წინაშე დანაშაულისათვის, რომ იმ წუთებში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ და საკუთარ გრძნობებს ემორჩილებოდნენ.პწ 269.3

    მეტად მწარე და დამამცირებელი იყო მათ მიმართ უფლის მიერ წარმოთქმული განაჩენი: “უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული”. ვეღარ გადავიდოდნენ ისინი იორდანეს გაღმა, რადგან ამბოხებულ ისრაელთან ერთად უნდა დახოცილიყვნენ მის საზღვრებთან. მოსეს და აარონს რომ თვითგანდიდებისათვის ეღვაწათ ან გულის სიღრმეში რაიმე ხინჯი ან უკმაყოფილება გასჩენოდათ ღვთიური გაფრთხილებისა და მხილების წინააღმდეგ, მათი დანაშაული უფრო დამძიმდებოდა. მაგრამ მათ ეს შეუგნებლად ჩაიდინეს; უეცრად ცდუნდნენ და მაშინვე გულწრფელად მოინანიეს. ღმერთმა მიიღო მათი მონანიება, თუმცა, ხალხზე მათი ცოდვის დამღუპველი ზეგავლენის გამო, მაინც დასაჯა.პწ 269.4

    მოსეს არ დაუმალავს ეს განაჩენი, არამედ ხალხის წინაშე აღიარა, რომ სათანადოდ ვერ განადიდა უფლის სახელი და ვეღარ გაუძღვება ისრაელს აღთქმული ქვეყნისაკენ. სთხოვა ისრაელიანთ, ყურად ეღოთ მისი სასჯელის სიმკაცრე და ეფიქრათ, თუ როგორ უპასუხებდა ღმერთი მათ უმადურობას და იმას, რომ უბრალო ადამიანს გადააბრალეს ის სამსჯავრო, რომელიც საკუთარი ცოდვებით დაიტეხეს თავს. ისიც უთხრა მოსემ ხალხს, თუ როგორ ევედრებოდა ღმერთს, შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ უარი მიიღო. “განმირისხდა უფალი თქვენს გამო, - თქვა მან, - და არ მისმინა” /რჯლ. 3:26/.პწ 270.1

    ყოველი განსაცდელისა და სიძნელის ჟამს ისრაელიანნი მუდამ მოსეს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მან გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან, თითქოს ღმერთს არაფერი გაეკეთებინოს მათთვის. მთელი მათი ხანგრძლივი მოგზაურობისას, როცა ისინი თავიანთ წინამძღოლთა მისამართით ბუზღუნებდნენ, მოსე უცხადებდა: “თქვენი უმადურობა უფლის წინააღმდეგაა მიმართული. მე კი არა, ღმერთი შრომობს თქვენში”. მაგრამ კლდესთან დაუფიქრებლად წარმოთქმული სიტყვები: “ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?” იმაზე მეტყველებდა, რომ ის იზიარებს მათ ბრალდებას და ამართლებს მათ ურწმუნოებას და უკმაყოფილებას. უფალს სურდა, სამუდამოდ აღმოეფხვრა ეს მცდარი აზრი და არ მისცა მოსეს აღთქმულ ქვეყანაში შესვლის უფლება. ეს კი უდავო მტკიცება იყო იმისა, რომ მათი წინამძღოლი მოსე კი არა, უძლიერესი ანგელოზი იყო, რომელზედაც უფალმა თქვა: “აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარავდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე. უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა... რადგან მასშია ჩემი სახელი” /გამ. 23:20,21/.პწ 270.2

    “განმირისხდა უფალი თქვენს გამო”, - თქვა მოსემ. მთელი ისრაელის ყურადღება მოსესკენ იყო მიპყრობილი და მისი ცოდვა ჩრდილს აყენებდა უზენაესს, რომელმაც ხალხის წინამძღოლად დაადგინა იგი. მთელმა საკრებულომ იცოდა ამ დანაშაულის შესახებ და მისი დაუსჯელობა შექმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ურწმუნოება და გულფიცხობა /თუნდაც პროვოცირებული/ ეპატიება მათ, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია. მაგრამ, როცა ცნობილი გახდა, რომ ერთი და იგივე ცოდვის გამო აარონი და მოსე აღთქმულ ქვეყანაში ვერ შევიდოდნენ, ხალხი მიხვდა, რომ ღმერთი მიუკერძოებელია და აუცილებლად მიუზღავს დამნაშავეს.პწ 270.3

    მომავალი თაობებისათვის გაკვეთილად და გაფრთხილებად უნდა ჩაწერილიყო წმიდა წერილში ძველი ისრაელის ისტორია. ყოველი საუკუნის ადამიანებს მომავალში უნდა სცოდნოდათ, რომ მიუკერძოებელი ზეციერი მბრძანებელი არც ერთ შემთხვევაში არ გაამართლებს ცოდვას. მაგრამ ბევრს არ ესმის, თუ რა დამღუპველია ცოდვა. ხშირად თავს იტყუებენ ადამიანები, როცა ფიქრობენ, რომ უფალი არ დასჯის ცოდვილს, რადგან კეთილია იგი. მაგრამ წმიდა წერილის ისტორიების შუქში აშკარად ჩანს, რომ სწორედ მისი დიდმოწყალებისა და სიყვარულის გამო სჯის იგი ცოდვას, როგორც ბოროტებას, რომელიც საბედისწერო გავლენას ახდენს სამყაროს მშვიდობასა და ბედნიერებაზე.პწ 270.4

    ვერც თავისი პატიოსნებით და ვერც ერთგულებით ვერ აიცილა მოსემ თავიდან დანაშაულისათვის სასჯელი. მრავალჯერ უპატიებია ღმერთს უფრო დიდი ცოდვა თავისი ხალხისათვის, მაგრამ წინამძღოლთა დანაშაულს ვერ გაათანაბრებდა შემოქმედი იმ ხალხის დანაშაულთან, რომელთაც ხელმძღვანელებად დაუდგინა ისინი. ღმერთმა აღამაღლა მოსე ყველა ადამიანზე მეტად დედამიწაზე: გამოუცხადა თავისი დიდება და თავისი რჯული გადასცა ხალხს მისი მეშვეობით. და სწორედ იმ ვითარებამ, რომ ასეთი დიდი, ნათელი შემეცნებით დააჯილდოვა იგი ღმერთმა, უფრო დაამძიმა მისი დანაშაული. წინანდელმა ერთგულებამ ვერ გააბათილა ერთადერთი შეცდომა. რაც უფრო მეტი ნათელი და უპირატესობა ეძლევა ადამიანს, მით უფრო დიდია მისი პასუხისმგებლობა და უფრო მძიმე - მისი დანაშაული და სასჯელი.პწ 270.5

    ადამიანური თვალსაზრისით, არცთუ ისე დიდია მოსეს დანაშაული. უბრალო, ჩვეულებრივი იყო მისი ცოდვა. მეფსალმუნე ამბობს: “სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით” /ფს. 105:33/. ადამიანის აზრით, ეს არცთუ ისე სერიოზული დანაშაულია, მაგრამ თუკი ასეთი ცოდვის გამო ასე სასტიკად დასაჯა უფალმა თავისი ერთგული და აღზევებული მსახური, სხვასაც არ აპატიებს მსგავს საქციელს. ქედმაღლობის, თვითგანდიდებისა და მოყვასის განკითხვის სულს არ იწონებს ღმერთი ადამიანში. ამ თვისებათა მქონე ადამიანი ეჭვის ქვეშ აყენებს ღმერთის მოქმედებას და თავისი ურწმუნოების გამართლების საშუალებას აძლევს ურწმუნოს. რაც უფრო განდიდებულია ადამიანი ღვთის მიერ, რაც უფრო დიდია მისი ზეგავლენა, მით უფრო სჭირდება მას მოთმინება და მორჩილება.პწ 271.1

    სატანა ზეიმობს, როცა ხედავს, რომ ღვთის შვილნი, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ითვისებენ უფლის კუთვნილ დიდებას. ეს მისი გამარჯვებაა. სწორედ ამან დაღუპა ლუციფერი. და ეს მისი საუკეთესო მეთოდია სხვების დასაღუპავად. ჩვენც ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ ვცდუნდეთ, ვინაიდან თავის წერილებში ღმერთი ძალზე ხშირად გვაფრთხილებს თვითგანდიდების საფრთხის შესახებ. შოველი ჩვენი სურვილი, ნიჭი და გულისთქმა ყოველ წუთს ღვთის სულის ზეგავლენის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. არ არსებობს არც ერთი კურთხევა, ღვთისგან მიცემული და არც ერთი გამოცდა, მის მიერ დაშვებული, რომელთა გამოყენებასაც სატანა არ ცდილობდეს ადამიანის სულის საცდუნებლად და დასაღუპავად, თუკი ამის რაიმე საბაბს მივცემთ. და რა დიდი კურთხევა, ღვთიური წყალობა და ღრმა სულიერი ნათელიც არ უნდა მიეცეს ადამიანს, ყოველთვის თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს უზენაესის წინაშე და რწმენით უნდა სთხოვოს მას, განწმიდოს ყოველი მისი აზრი და მის ყოველ ნაბიჯს უხელმძღვანელოს.პწ 271.2

    ის, ვინც თავის თავზე ამბობს, რომ ღვთისმოსავია, ყველაზე წმიდა პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე: ნებისმიერ ვითარებაში, მაშინაც კი, როდესაც დიდადაა გაღიზიანებული, უნდა შეინარჩუნოს მოთმინება, თავი შეიკავოს და ყოველი ქმედება გააკონტროლოს. მეტად მძიმე იყო ტვირთი, მოსეს რომ დაეკისრა. არცთუ ისე ბევრი გამოიცადა ასე სასტიკად, მაგრამ ამის გამო მისი ცოდვის გამართლება შეუძლებელი იყო. ღმერთმა ყველაფერი გააკეთა თავისი ხალხისათვის და თუკი იგი მის ძალას დაეყრდნობა, მუდამ სიმტკიცეს შეინარჩუნებს. ყველაზე ძლიერ ცდუნებასაც კი არ ძალუძს ცოდვის გამართლება. როგორი დამძიმებულიც არ უნდა იყოს ჩვენი სული, ცოდვის ჩადენაში პირადად ჩვენ მიგვიძღვის ბრალი. მიწიერი, ბოროტი ძალები ადამიანს ბოროტების ჩადენას ვერ აიძულებს. სატანა ცდილობს, იერიში მიიტანოს ჩვენს სუსტ მხარეებზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ. ცდუნება, შესაძლოა, მოულოდნელი და ძლიერი აღმოჩნდეს, მაგრამ უფალს ჩვენს დასახმარებლად ყველა საშუალება გააჩნია და მისი ძლიერებით ჩვენ გავიმარჯვებთ.პწ 271.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents