Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 46 - კურთხევა და წყევლა

    იესო ნავეს ძე 8

    ყაქანის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების შემდეგ კვლავ ებრძანა იესოს, შეეკრიბა მეომრები და თავს დასხმოდა ჰაღაის. უფლის ძალა იყო ისრაელიანთა შორის, ამიტომ სულ მალე დაისაკუთრეს ქალაქი.პწ 324.3

    ამის შემდგომ დროებით შეწყდა საომარი მოქმედებები, რათა მთელ ისრაელს საზეიმო ღვთისმსახურებაში მიეღო მონაწილეობა. ხალხი მოუთმენლად ელოდა ქანაანის მიწაზე დასახლების ჟამს; არც სახლები ჰქონდათ და არც მიწის ნაკვეთები ოჯახებისათვის - ყოველივე ამის შეძენისათვის ქანაანელთა განდევნა იყო საჭირო; მაგრამ ამ მეტად მნიშვნელოვანმა საქმემ ადგილი დაუთმო უფრო სერიოზული მოვალეობის აღსრულებას, რომელიც მათ განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდა.პწ 324.4

    მემკვიდრეობის მიღებამდე უფლისადმი ერთგულების აღთქმის განახლება იყო საჭირო. თავის უკანასკნელ დარიგებებში ორჯერ მოითხოვა მოსემ, შეკრებილიყვნენ შექემში, ღებალისა და გარიზიმის მთებზე უფლის რჯულის საზეიმო აღიარებისათვის. მისი სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელიანნი და არა მხოლოდ კაცებმა, არამედ ქალებმაც, ბავშვებმაც და მდგმურებმაც, მათ შორის რომ იყვნენ, დატოვეს გილგალი და, მტრის ტერიტორიაზე გავლით, შექემის ველისაკენ გაემართნენ, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს მდებარეობდა. ჯერ კიდევ დაუმორჩილებელი მტრებით იყვნენ გარშემორტყმულნი, მაგრამ, სანამ ღვთის ერთგულნი რჩებოდნენ, უზენაესის ძლიერება ფარავდა მათ. აქ, როგორც იაკობის დღეებში, “ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე” და ებრაელებმა მშვიდად მიაღწიეს დანიშნულ ადგილს /დაბ. 35:5/.პწ 324.5

    საზეიმო მსახურებისათვის დანიშნული ეს ადგილი უკვე წმიდა იყო, ვინაიდან მათი მამების ისტორიას უკავშირდებოდა. აქ აუგო აბრაამმა დიდ იეჰოვას თავისი პირველი სამსხვერპლო ქანაანის მიწაზე; აქ გაშალეს კარვები აბრაამმაც და იაკობმაც. ნოგვიანებით აქ შეისყიდეს მინდორი, სადაც იოსების ძვლები უნდა დაემარხათ ებრაელებს. აქვე იყო იაკობის მიერ ამოთხრილი ჭა და მუხა, რომლის ძირშიც მან თავისი ოჯახის კერპები ჩამარხა.პწ 325.1

    შექემი, პალესტინის ერთერთი მშვენიერი კუთხე, სრულიად შესაფერისი ადგილი იყო იმ საზეიმო დიდებული ცერემონიის ჩასატარებლად, აქ რომ უნდა აღსრულებულიყო. გაშიშვლებულ გორაკებს შორის მწვანე, მინდვრის ნაირფერი ყვავილებით მორთული ველი გაწოლილიყო; რომელსაც ზეთისხილის წარაფები ამშვენებდა, წყალუხვი ნაკადულებითა და წყაროებით რომ ირწყვებოდა. ხეობის ორივე მხარეს ერთმანეთზე თითქმის გადაბმული ღებალისა და გარიზიმის მთები აღმართულიყო, რომელთა ფუძის შვერილები ბუნებრივ პლატფორმას ქმნიდა; ერთ მთაზე წარმოთქმული ყოველი სიტყვა მკაფიოდ ისმოდა მეორეზე, ხოლო ორივე მთის ფერდობები მრავალ ადამიანს იტევდა.პწ 325.2

    მოსეს მითითებისამებრ, ღებალის მთაზე ააგეს “სამსხვერპლო მთლიანი ლოდებისაგან”. ჭინასწარ კირის სქელი ფენით დაფარულ ქვებზე დაწერილ იქნა რჯული: არა მხოლოდ სინაის მთაზე გამოცხადებული და ქვის ფიქალებზე ამოტვიფრული ათი მცნება, არამედ მოსეს მიერ წიგნში ჩაწერილი რჯული, რომელიც მას მიეცა. ამ მონუმენტის მახლობლად, გაუთლელი ქვებისაგან სამსხვერპლოზე აღსავლენი აღუვლინეს უფალს. ის, რომ სამსხვერპლო აგებულ იქნა ღებალის მთაზე, რომელზედაც წყევლა უნდა წარმოთქმულიყო, იმას ნიშნავდა, რომ ისრაელმა დაარღვია უფლის რჯული, რის გამოც ღვთის რისხვა დაიმსახურა და, უწევდა კიდეც ღვთის სასჯელი, ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლი რომ არა. სწორედ მის სიმბოლოს წარმოადგენდა ეს სამსხვერპლო.პწ 325.3

    ისრაელიანთა ექვსი შტო, ლეასა და რახელის შთამომავლობა, გარიზიმის მთაზე იდგა. სხვები კი, მხევალთა შთამომავლობა, რეუბენთან და ზებულონთან ერთად, ღებალის მთაზე ავიდნენ. მღვდელმსახურნი კი, უფლის კიდობანთან ერთად, მათ შორის, ხეობაში დაბანაკდნენ. ბუკის ხმამ დუმილისაკენ მოუწოდა ხალხს, შემდეგ კი, სამარისებურ სიჩუმეში, მთელი საკრებულოს წინაშე, წმიდა კიდობანთან მდგარმა იესო ნავეს ძემ წაიკითხა ის, რაც ქვებზე ეწერა. ჯერ ჩამოთვალა უფლის რჯულის აღმსრულებელთათვის აღთქმული კურთხევა. დარიზიმზე მდგარმა ყველა შტომ ერთხმად უპასუხა “ამინ!” შემდეგ წყევლის სიტყვები გამოაცხადა, რაზედაც ღებალის მთაზე მდგარმა დანარჩენმა ხალხმა თანხმობა განაცხადა. ათასობით ადამიანმა ერთხმად, საზეიმოდ დაადასტურა ნათქვამი. და ბოლოს, წაკითხულ იქნა უფლის რჯული, დადგენილებებთან და მცნებებთან ერთად, რომელიც მოსეს მიეცა.პწ 325.4

    თავად უფლის ბაგემ წარმოთქვა რჯული ისრაელიანთათვის სინაის მთაზე. მისი ყოვლისშემძლე ხელით დაწერილი მცნებები, კვლავინდებურად, კიდობანში ინახებოდა. ახლა, კიდევ ერთხელ დაიწერა ისინი და მოთავსდა იქ, სადაც ყველას შეეძლო მათი წაკითხვა. ახლა ყველას შეეძლო აღთქმის პირობების დანახვა, რომელთა აღსრულების შემთხვევაში მიიღებდნენ ქანაანის მიწას ებრაელები. ყველას უნდა მიეცა თავისი თანხმობა ამ აღთქმის პირობებზე და აერჩია: კურთხევა - მათი დაცვის შემთხვევაში და წყევლა - მათი დარღვევისათვის. მხოლოდ ქვებზე როდი იქნა დაწერილი რჯული, არამედ იესო ნავეს ძემ თავად წაიკითხა იგი მთელი საკრებულოს გასაგონად. თუმცა არცთუ ისე დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც მოსემ მეორე რჯულის წიგნი გადასცა ხალხს, მაგრამ იესო ნავეს ძემ კვლავ წაიკითხა იგი.პწ 325.5

    წაკითხული რჯული ებრაელთაგან მოისმინა ყველამ: კაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა. ყველას უნდა სცოდნოდა და შეესრულებინა იგი. ასე უბრძანა უფალმა მათ: “გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ. ასწავლეთ თქვენს შვილებს... რათა იმდენ ხანს იცოცხლოთ თქვენ და თქვენმა შვილებმა ამ მიწაზე, რომელიც მისაცემად აღუთქვა უფალმა თქვენს მამაპაპას, რამდენ ხანსაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ” /რჯლ. 11:18-21/.პწ 326.1

    ყოველ მეშვიდე წელიწადს უნდა წაეკითხათ მთელი რჯული ისრაელიანთა საკრებულოს წინაშე, როგორც მოსემ ბრძანა: “მეშვიდე წლის ბოლოს, პატიების დანიშნულ წელს, კარვობის დღესასწაულზე, როცა გამოცხადდება მთელი ისრაელი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს იგი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად. შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა. მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს” /რჯლ. 31:10-13/.პწ 326.2

    სატანა განუწყვეტლივ ცდილობს, დაამახინჯოს ღვთის ყოველი სიტყვა, რათა ადამიანებმა მისი ჭეშმარიტების შეცნობის უნარი დაკარგონ და ცოდვა ადვილად ჩაიდინონ. ამიტომ ჩამოაყალიბა ასე ნათლად და გასაგებად ღმერთმა თავისი მოთხოვნები, რომ არავინ შემცდარიყო. უფალი მუდამ ცდილობს, სატანის დამღუპველი, სასტიკი, მზაკვრული ხელმწიფებისაგან დაიცვას ადამიანები. ისე დაიმდაბლა თავი უფალმა, რომ თავად დაელაპარაკა მათ და საკუთარი ხელით დაუწერა სიცოცხლის მომცემი ჭეშმარიტებანი. ეს ჭეშმარიტების სხივით შუქმოფენილი, ნათელი, კურთხეული სიტყვები საიმედო მეგზურად მიეცა ადამიანებს. დიდი გულმოდგინებაა საჭირო გონებაში და გულში მათ აღსაბეჭდად, რადგან სატანა მუდამ ცდილობს, მოადუნოს ადამიანის ყურადღება და შეასუსტოს მისი სიყვარული უფლის აღთქმისა და მოთხოვნების მიმართ.პწ 326.3

    რელიგიის მასწავლებლებმა ისე უნდა განუმარტონ ადამიანებს ბიბლიური ისტორიის გაკვეთილები, რომ მათთვის უფლის რჯული და გაფრთხილება გასაგები იყოს. იგი მარტივი, მისაწვდომი ენით უნდა ისწავლებოდეს, რომ ბავშვმაც კი ადვილად აითვისოს. წმიდა წერილის ჭეშმარიტებებში ყმაწვილთა გასარკვევად ღვთისმსახურებმა და მშობლებმა დაუზარებლად უნდა იშრომონ.პწ 326.4

    მშობლებმა უნდა დააინტერესონ შვილები წმიდა წერილის ჭეშმარიტების მრავალმხრივი ცოდნით. მაგრამ, უპირველესად, თავად უნდა დაინტერესდნენ ამით. მშობლებმა თავად უნდა შეისწავლონ ბიბლიური მოძღვრებები და, უფლის ბრძანების თანახმად, “სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას” /რჯლ. 6:7; 11:19/ უნდა ჩააგონებდნენ შვილებს მათი შესწავლის აუცილებლობას. მათ, ვისაც სურთ, ღვთისადმი პატივისცემა და მოკრძალება ჩაუნერგონ შვილებს, ისე უნდა ესაუბრონ უფლის სიყვარულსა და ძლიერებაზე, როგორც მისი სიტყვა მოგვითხრობს და მისი შემოქმედების საქმეები მოწმობს.პწ 326.5

    ბიბლიის ყოველი თავი და მუხლი უფლის მიმართვაა ადამიანებისადმი. მისი მცნებები “ხელზე ნიშნად და თვალებს შორის ბეჭდად” უნდა გვქონდეს, რაც იმის მოწმობა იქნება, რომ ქრისტეს ვეკუთვნით /იხ. გამ. 13:16/. თუკი ღვთის ხალხი შეისწავლის და შეისმენს ღვთის მცნებებს, მაშინ მათი გზის მაჩვენებელი, ისრაელიანთა მსგავსად, დღისით ღრუბლის, ღამით კი ცეცხლის სვეტი იქნება.პწ 327.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents