Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 25 - გამოსვლა

    გამოსვლა 12:34-51; 13-15

    წელზე სარტყელშემორტყმულნი, სანდლებში ფეხჩადგმულნი, ჯოხით ხელში, მოწიწების შიშით შეპყრობილნი, იმედით გულგამაგრებულნი, მდუმარედ იდგნენ ისრაელიანნი და მათი გამოსვლის შესახებ მეფის ბრძანებას ელოდნენ. ალიონს ისინი უკვე გზაში შეხვდნენ. ჭყლულების გადმოღვრისას, როცა ღვთის ძლიერებამ მონების გულში რწმენის ალი ააგიზგიზა, მათ მტრებს კი თავზარი დასცა, ისრაელიანნი თანდათან თავს იყრიდნენ გოშენის მხარეში; და, თუმცა ძალიან ჩქარობდნენ, მაინც შეძლეს ხალხის მოწესრიგება, ჯგუფებად დაყოფა და მათზე თვალყურის დევნება. თითოეულ ჯგუფს თავისი ხელმძღვანელი ჰყავდა.პწ 175.4

    გამოსულთა რიცხვი იყო „ბავშვებს გარდა ექვსასი ათასამდე ქვეითი კაცი. თან გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი”. ისრაელიანთ შეუერთდნენ ისინიც, რომლებსაც ებრაელთა ღმერთის ჭეშმარიტი რწმენა ჰქონდათ და ისინიც, ვისაც მხოლოდ წყლულებისაგან თავის დაღწევა სურდა; ასეთები კი უფრო მეტნი იყვნენ, საერთო მღელვარებას აყოლილნი და ცნობისმოყვარენი. ეს უკანასკნელნი ისრაელისთვის დაბრკოლებისა და ცდუნების მუდმივ სათავედ იქცნენ.პწ 175.5

    ისრაელიანებმა თან გაიყოლეს თავისი საკუთრება - „ცხვარძროხა, ურიცხვი საქონელი”. ებრაელებმა არ მიჰყიდეს ფარაონს თავისი ქონება, როგორც ეს თავად ეგვიპტელებმა გააკეთეს. იაკობმა და მისმა ვაჟებმა უამრავი ცხვარი და საქონელი ჩაიყვანეს ეგვიპტეში, რომელიც შემდგომში დიდად გამრავლდა. გამოსვლის წინ ხალხმა, მოსეს მითითებით, თავისი გაუფასურებული შრომის საზღაური მოითხოვა, რაზედაც ეგვიპტელებს უარი არ უთქვამთ მათგან გათავისუფლების უდიდესი სურვილის გამო. ამგვარად, წავიდნენ მონები და თან წაიღეს თავიანთ მტანჯველთა ფასეულობანი.პწ 176.1

    იმ დღეს დასრულდა ისტორია, რომელიც აბრაამმა თავის წინასწარმეტყველურ ხილვაში იხილა რამდენიმე საუკუნის წინათ: „მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს. იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე განვსჯი; შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან” /დაბ. 15:13,14/. და აი, გავიდა ოთხასი წელიწადი და „სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი მხედრობა ეგვიპტიდან”. ეგვიპტიდან გამოსვლისას ისრაელიანებმა თან წამოიღეს ძვირფასი მემკვიდრეობა - იოსების ძვლები, ამდენ ხანს რომ ელოდნენ ღვთიური აღთქმის აღსრულებას და ტყვეობის პირქუშ დღეებში თავისუფლების იმედს რომ უღვივებდნენ ისრაელს.პწ 176.2

    ფილისტიმელთა მიწის გადაკვეთით პირდაპირ ქანაანისაკენ წასვლის ნაცვლად უფალმა სამხრეთით, მეწამული ზღვის ნაპირებისკენ წასვლა უბრძანა თავის ხალხს. „რადგან იფიქრა ღმერთმა, სინანულს არ შეეპყრო ხალხი ომის დანახვისას და ეგვიპტეში არ დაბრუნებულიყო”. თუ ფილისტიმელთა ქვეყანაზე გავლას ეცდებოდნენ, ებრაელებს უამრავი წინააღმდეგობა შეხვდებოდათ, რადგან ფილისტიმელები გაიგებდნენ მათი გამოსვლის ამბავს, გამოქცეულ მონებად ჩათვლიდნენ და უყოყმანოდ შეებრძოლებოდნენ. ისრაელიანნი კი სულაც არ იყვნენ მზად ამ ძლიერ, მეომარ ხალხთან საბრძოლველად. და ვინაიდან ღრმად არ იცნობდნენ ღმერთს და მცირედმორწმუნენი იყვნენ, შეიძლებოდა შეშინებოდათ და იმედიც გასცრუებოდათ. ამასთანავე, უიარაღო, ბრძოლას შეუჩვეველ, ხანგრძლივი ტყვეობით დაბეჩავებულ ხალხს ახლა გზაში ისედაც მძიმე ტვირთად აწვა ცოლშვილი და საქონელი. ღმერთმა ისინი მეწამული ზღვისაკენ წაიყვანა და ეს ნაბიჯი უფლის სიბრძნეზე და სიყვარულზე მიუთითებდა.პწ 176.3

    „დაიძრნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ეთამში, უდაბნოს ბოლოს. წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. არ მიჰფარებია ხალხის თვალს დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით ცეცხლის სვეტი”. მეფსალმუნე გვატყობინებს: „გადააფარა ღრუბელი საფრად და ცეცხლი - ღამის გასანათებლად” /ფს. 104:39; იხ. აგრეთვე 1 კორ. 10:1,2/. მუდამ მათ გვერდით იყო ებრაელთა უხილავი მფარველი. დღისით ღრუბელი უჩვენებდა გზას ან საფარებლად ეფინებოდა მთელ ხალხს და პაპანაქება სიცხისაგან იფარავდა, სიგრილითა და სინოტივით უხარებდა გულს ამ ხრიოკი უდაბნოს მგზავრებს. ღამით კი, ცეცხლის სვეტად ქცეული, ანათებდა მთელ ბანაკს, რაც მოწმობდა: ღმერთი იყო მათთან.პწ 176.4

    თავისი წინასწარმეტყველების ერთერთ უმშვენიერეს და მანუგეშებელ ნაწყვეტში ესაია იხსენებს ღრუბლისა და ცეცხლის სვეტებს, რათა დააიმედოს ისრაელიანნი, ჩვენ კი გვიჩვენოს უფლის მზრუნველობა თავის ხალხზე ბოროტ ძალებთან უკანასკნელ ბრძოლაში. „მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება. კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანაქებაში და თავშესაფრად და საყუდრად ავდარსა და წვიმაში” /ეს. 4:5,6/.პწ 177.1

    წინ მშრალი, პირქუში უდაბნო გაწოლილიყო კიდით კიდემდე. დაეჭვდნენ ებრაელები - სწორი გზით მიდიან კი ამ უდაბნოში? მძიმე მოგზაურობამ დაღალა ისინი და შიშნარევი ეჭვი აღუძრა: „ვაითუ დაგვედევნონ ეგვიპტელები!”, მაგრამ ღრუბელი კვლავ წინ მიუძღოდათ და ისინიც უკან მიჰყვებოდნენ. შემდეგ უფალმა უბრძანა მოსეს, გზიდან გადაეხვიათ და ზღვისპირა ვიწრო ხეობაში დაბანაკებულიყვნენ. თან ამცნო, რომ მათ ფარაონი გამოედევნადა რომ ეგვიპტიდან მათი გამოყვანით განდიდდება უფლის სახელი.პწ 177.2

    ხმა გავარდა მთელ ეგვიპტეში, რომ უდაბნოში გაჩერებისა და იქ ღმერთის თაყვანისცემის ნაცვლად ებრაელები წითელი ზღვისაკენ გაემართნენ. ფარაონის პირადმა მრჩევლებმა დაბეჯითებით განაცხადეს, რომ ებრაელები გაიქცნენ, რათა აღარასოდეს დაბრუნდნენ ეგვიპტეში. ხალხმა ძლიერ ინანა, რომ ასე შეცდა და პირმშოების სიკვდილი ღმერთის ძალას მიაწერა. გონს მოეგო ეგვიპტის ბრძენკაცობა, რომელიც წყლულებს ბუნების ძალთა მოქმედების შედეგს მიაკუთვნებდა: „ეს რა ვქენით, რომ გავათავისუფლეთ ისრაელიანები ჩვენი მორჩილებისაგან?” - სინანულით ამბობდნენ ისინი.პწ 177.3

    შეკრიბა ფარაონმა „ექვსასი რჩეული ეტლი, ეგვიპტის ყველა ეტლი”, მხედრები, მეთაურები და ქვეითი მეომრები. თავად ჩაუდგა სათავეში მხედრობას, თან დიდგვაროვანი მოხელენი გაიყოლა. ღმერთების კეთილგანწყობის უზრუნველსაყოფად, აქედან გამომდინარე, საქმის წარმატებით დასასრულებლად, ქურუმებიც თან გაჰყვნენ. ფარაონი დარწმუნებული იყო, რომ თავისი ბრწყინვალე მხედრობით ადვილად შეაშინებდა ისრაელიანთ. ეგვიპტელებს ძლიერ ეშინოდათ, რომ ისრაელის ღმერთისადმი მათი იძულებითი მორჩილება გარშემო მყოფ ხალხთა დაცინვას გამოიწვევდა; მაგრამ თუკი ახლა მთელი ძალებით გამოვლენ და გაქცეულთ უკან დააბრუნებენ, კვლავ დაიბრუნებენ ძველ დიდებასაც და მონებსაც.პწ 177.4

    ებრაელები დაბანაკდნენ ზღვის ნაპირზე, რომლის წყლებიც გადაულახავი ბარიერი იყო მათთვის, სამხრეთით აღმართული მასიური მთების გადალახვა კი შეუძლებელი იყო. უცბად უკან, შორს, შეამჩნიეს მათკენ სწრაფად მომავალი ეტლები, შეიარაღებული მხედრები, რომლებიც წინ მოუძღოდნენ მრისხანე ლაშქარს. ცოტა ხნის შემდეგ კი ნათლად დაინახეს მდევარი - ეგვიპტის ცხენოსანთა მხედრობა, მათკენ რომ მოიჩქაროდა. დიდად შეშინდნენ ისრაელიანნი. ზოგმა უფალს შეღაღადა და შველა სთხოვა, უმრავლესობამ კი მოსეს უსაყვედურა: „განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე სასიკვდილოდ? ეს რა გვიყავი, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვანებე თავი და დავემორჩილებით ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მორჩილებაში ყოფნა გვირჩევნია?”პწ 177.5

    მოსე დიდად შეწუხდა, რომ მისმა ხალხმა, მიუხედავად მათ საკეთილდღეოდ უფლის ძალისა და ძლიერების არაერთხელ ხილვისა, ასეთი მცირე რწმენა გამოავლინა. როგორ უსაყვედურეს თავიანთ წინამძღოლს სიძნელეებისა და შექმნილი სახიფათო მდგომარეობის გამო, ის ხომ უფლის მითითებას ზუსტად ასრულებდა? თუმცა, გადარჩენა მართლაც არ ეწერათ, თუკი ღმერთი თავად არ ჩაერეოდა და არ იხსნიდა მათ. უფლის ბრძანებით შეყოვნდა მოსე ამ ადგილას, ამიტომ იმის სულაც არ ეშინოდა, თუ რა მოჰყვებოდა ამას. ამშვიდებდა და ამხნევებდა ხალხს მოსე: „ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით”.პწ 178.1

    ძნელი იყო ამდენი ხალხის დაშოშმინება უფლის დახმარების მოლოდინში. ბევრი გაჯიუტდა, თავშეკავება დაკარგა და უმართავი გახდა. უფრო მეტნი კი ხედავდნენ, რომ მდევნელთ ჩაუვარდებიან ხელთ და ხმამაღლა ტიროდნენ და გოდებდნენ. უფლის საოცარი ღრუბელი ადგილიდან დაიძრა, რითაც ღმერთმა მიუთითა მათ, წინ წასულიყვნენ, მაგრამ ახლა ერთმანეთს ეკითხებოდნენ: უფრო მეტ უბედურებას ხომ არ დავიტეხთო თავს? განა იმავე ღრუბლის სვეტმა არ მოაქცია ისინი ამ ჩიხში, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია? ასე იქცა მათ მცდარ წარმოდგენაში უფლის ანგელოზი უბედურების მაცნედ.პწ 178.2

    მაგრამ აი, მოახლოვდა ეგვიპტის ლაშქარი, რომელსაც გამარჯვების ადვილად მოპოვების დიდი იმედი ჰქონდა. დიდებით აღიმართა ღრუბლის სვეტი მაღლა ცაში, გასცდა ისრაელიანთ, და ეგვიპტის მხედრობის წინ დაეშვა. წყვდიადის კედელი აღიმართა მდევნელთა და დევნილთა შორის. ეგვიპტის მხედრობამ თვალთახედვის არიდან დაკარგა ებრაელთა ბანაკი და იძულებული გახდა, შეჩერებულიყო. ხოლო როცა დაღამდა, ღრუბლის კედელმა საოცრად გაანათა ისრაელიანთა მთელი ბანაკი.პწ 178.3

    ისრაელს კვლავ მიეცა გადარჩენის იმედი. შეღაღადა მოსემ უფალს. „უთხრა უფალმა მოსეს: რას შემომბღავით? უთხარი, დაიძრან, ისრაელიანებს. შენ კი კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში”.პწ 178.4

    ისრაელიანთა ზღვით გასვლის აღწერისას მეფსალმუნე ამბობდა: „ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი. უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით” /ფს. 76:20,21/. აღმართა მოსემ კვერთხი. გაიპო ზღვის წყლები და შევიდა ისრაელი შუა ზღვაში, მშრალ ფსკერზე. კედლად აღიმართა წყლები ორივე მხარეს. ღვთიური ცეცხლის სვეტი საოცრად აშუქებდა, მისი სხივები ზღვის უზარმაზარ, ქაფიან, მთად აღმართულ ტალღებზე ირეკლებოდა, გზას უნათებდა თავის ხალხს და სადღაც შორს, მეორე ნაპირის წყვდიადში იკარგებოდა.პწ 178.5

    „დაედევნენ ეგვიპტელები, შეჰყვნენ შუაგულ ზღვაში ფარაონის ცხენები, მისი ეტლები და მხედრები. დაჰხედა დილის სახმილავზე უფალმა ცეცხლისა და ღრუბლის სვეტიდან ეგვიპტელთა ბანაკს და არივდარია ეგვიპტელთა ბანაკი...” უცნაური ღრუბელი ცეცხლის სვეტად იქცა მათ თვალთა წინაშე. გაისმა გრგვინვა და ქუხილი და ელვამ გადასერა მთელი ზეცა. „გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა გამოსცეს ცებმა, შენი ისრებიც მიმოფრინდნენ. შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირხა დედამიწა” /ფს. 76:18,19/.პწ 178.6

    დაიბნა ეგვიპტელთა ლაშქარი; შიშმა მოიცვა მხედრობა. ბუნების აბობოქრებულ ძალებში უფლის მრისხანე ხმა ჩაესმოდათ. უკან, ნაპირზე დაბრუნება სცადეს, მაგრამ კვლავ გაიწოდა კვერთხი მოსემ და ყალყზე შემდგარი ტალღები სწრაფად მისწვდნენ თავის ნადავლს... წყვდიადის სიღრმეში სამუდამოდ დაიმარხა ეგვიპტის მხედრობა.პწ 179.1

    გათენებისას ისრაელიანებმა იხილეს ის, რაც ეგვიპტელთა უძლიერესი მხედრობიდან დარჩა: მკვდარი მხედრებით მოფენილი ნაპირი. ერთმა, ერთადერთმა ღამემ სრულად იხსნა ისრაელი საშინელი დაღუპვისაგან. ეს უამრავი უმწეო ადამიანი, მძიმე ტვირთითა და საქონლითურთ, ბრძოლას მიუჩვეველი მონები, ქალები, ბავშვები - ზღვასა და ეგვიპტის უძლიერეს ლაშქარს შუა აღმოჩნდნენ. და ყველამ დაინახა, როგორ გაიპო მათ წინ ზღვა და როგორ შთანთქა მან გამარჯვების ზეიმის მომლოდინე ეგვიპტელები. დიდმა იეჰოვამ გაათავისუფლა ისინი და მისდამი მადლიერებით და რწმენით აღივსო ისრაელიანთა გული. ღვთის სადიდებელი ჰიმნებით გამოხატეს ადამიანებმა თავისი გრძნობები. ღვთის სული გარდმოევლინა მოსეს და ხალხთან ერთად აღავლინა მან მადლიერებისა და გამარჯვების საგალობელი - ყველაზე ძველი და ყველაზე ამაღლებული მათ შორის, რაც კი ოდესმე ადამიანს სმენია:პწ 179.2

    „ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად,
    ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი.
    ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი;
    ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ.
    მეომარია უფალი; უფალია მისი სახელი.
    ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი,
    მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში.
    მორევმა ჩაიხვია ისინი,
    ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში.
    შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით;
    შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს...
    ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის?
    ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით,
    ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?..
    ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი;
    მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში.
    გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ...
    დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან.
    ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი,
    ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი.
    შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე,
    იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი” /გამ. 15:1-6, 11, 13, 14, 16, 17/.
    პწ 179.3

    ღრმა უფსკრულიდან ამომავალი ექოს მსგავსად გაისმოდა ყველგან ეს დიდებული საგალობლები, ისრაელიანნი რომ მღეროდნენ. ებრაელი ქალებიც შეუერთდნენ მათ, რომელთაც წინ მოსეს და, მირიამი, მიუძღოდათ როკვით, დაფდაფებით ხელში და მთის ექოც იმეორებდა დიდების სიტყვებს: „უგალობეთ უფალს, რადგან დიდად ამაღლდა და განდიდდა იგი”.პწ 180.1

    ისრაელიანთა გათავისუფლებისადმი მიძღვნილი ეს ჰიმნი არასოდეს არ უნდა დავიწყებოდათ ებრაელებს. საუკუნეთა მანძილზე მუდამ უნდა ეგალობათ ისრაელის გუნდსა და წინასწარმეტყველთ იმის მოწმობად, რომ იეჰოვა არის ძალა და ხსნა მის მორწმუნეთათვის. არა მხოლოდ ისრაელიანთ ეკუთვნით ეს საგალობელი. იგი იმ დროზეც მიგვითითებს, როცა ჭეშმარიტების ყოველი მტერი განადგურდება და ღვთის ისრაელი საბოლოოდ გაიმარჯვებს. ჭინასწარმეტყველმა კუნძულ პატმოსზე იხილა თეთრ სამოსელში ჩაცმული უამრავი ხალხი, რომელთაც „გაიმარჯვეს” და რომელნიც „დგანან მინის ზღვაზე და უპყრიათ ღვთის ქნარები. გალობენ ღვთის მორჩილის მოსეს გალობას და კრავის გალობას” /გამოცხ. 15:2-3/.პწ 180.2

    „ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტებით” /ფს. 113:9/. აი, როგორი სულითაა გამსჭვალული ისრაელიანთა ჰიმნი თავისი მონობიდან გათავისუფლების შესახებ. ასეთივე სული დაივანებს ყოველი უფლის მოშიშისა და მოყვარულის გულში. ცოდვის ტყვეობიდან გათავისუფლებით უფალმა ჩვენ უფრო დიდი ხსნა მოგვიტანა, ვიდრე ებრაელებს მაშინ, მეწამულ ზღვასთან. ისრაელიანთა მსგავსად, ჩვენც უნდა ვადიდოთ უფალი გულით, სულითა და ბაგეებით მისი საოცარი საქმეებისათვის. ის, ვისაც მარად ახსოვს უფლის უდიდესი წყალობა და ვინც მის სულ მცირე ძღვენსაც კი არ ივიწყებს, უზენაესის მოწყალების სარტყლით შემოისარტყლება, შეიმოსება და გულით შეასხამს ხოტბას შემოქმედს. მადლიერება უნდა გამოვხატოთ მუდამ ღვთით ბოძებული ყოველდღიური წყალობისათვის, უფრო მეტად კი იესოს სიკვდილისათვის, რამაც ბედნიერება მოგვიტანა და ზეცისკენ გზა გაგვიხსნა. რა თანაგრძნობა, რა შეუდარებელი სიყვარული გამოავლინა უფალმა ღმერთმა ჩვენს მიმართ, დაღუპულ ცოდვილთა მიმართ, როცა თავის განსაკუთრებულ საგანძურად მიგვიღო! რა საოცარი მსხვერპლი გაიღო ჩვენმა მხსნელმა იმისათვის, რომ ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ! ვადიდოთ ღმერთი იმ კურთხეული იმედისათვის, რომელიც გამოსყიდვის უდიდესი გეგმის სახით მოგვეცა. ვადიდოთ უფალი ზეციური მემკვიდრეობისა და მისი ძვირფასი აღთქმისათვის; ვადიდოთ იგი იმისათვის რომ, იესო ცოცხალია, რათა გვიშუამდგომლოს მამის წინაშე.პწ 180.3

    „მადლობის შემომწირავი, - ამბობს უფალი, - განმადიდებს მე” /ფს. 49:23/. მთელი სამყაროს ბინადარნი ერთად მიაგებენ დიდებას ღვთის სახელს. ამიტომ ახლავე უნდა ვისწავლოთ ანგელოზთა საგალობლები, რათა ვიმღეროთ მაშინ, როცა მათ გვერდით ვიქნებით. მოდით, ვთქვათ მეფსალმუნესთან ერთად: „ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე; ვუგალობებ ღმერთს, ვიდრე ვარსებობ”. „გიწამებენ ხალხები, ღმერთო, განგადიდებენ ხალხები ერთიანად!” /ფს. 145:2; 66:6/.პწ 180.4

    უფლის ხელმა მიიყვანა ებრაელები ზღვის ნაპირზე, ვიწრო ხეობაში, რათა მათი გათავისუფლებით თავისი ძლიერება და ღირსება ეჩვენებინა და დაეთრგუნა ეგვიპტელთა სიამაყე. მას სხვა გზითაც შეეძლო ისრაელის გამოყვანა, მაგრამ აირჩია ეს გზა, რათა გამოეცადა მათი რწმენა და გაეღრმავებინა მისდამი ნდობა. დაიღალა, შიშით გაიტანჯა ხალხი, მაგრამ მოსეს მიერ წინსვლის ბრძანების გაცემის შემდეგ უკან რომ დაბრუნებულიყო, ღმერთი არასოდეს გაუხსნიდა გადარჩენის გზას. „რწმენით იყო, რომ გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე” /ებრ. 11:29/. ზღვაში შესვლით მათ დაამტკიცეს თავისი რწმენა მოსეს მიერ წარმოთქმული ღვთის სიტყვის მიმართ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ და მაშინ ყოვლისშემძლე ღმერთმა გააპო ზღვა და გზა გაუხსნა.პწ 181.1

    ყველა დროისათვის დიდი გაკვეთილია ჩადებული ამ მაგალითში. ქრისტიანი ხშირად ხვდება თავის ცხოვრებაში მრავალ საშიშროებასა და მოვალეობას, რომლის შესრულებაც შეუძლებლად ეჩვენება; ჰგონია, რომ მონობა ან სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ უფლის ხმა ეუბნება: „წინ იარე”. უნდა დავემორჩილოთ ამ ბრძანებას იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჩვენი თვალები სიბნელეში ვერაფერს ხედავს და ფეხებთან ცივი ტალღების შეხებას ვგრძნობთ. დაბრკოლება, რომელიც წინსვლაში ხელს გვიშლის, არასოდეს გაქრება ურწმუნო ადამიანის თვალთა წინაშე. ის, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ მაშინ დაემორჩილება უფლის ხმას, როცა გაქრება ყოველგვარი ეჭვი, ყოველგვარი წარუმატებლობისა და დამარცხების ნიშანი, არასოდეს დაემორჩილება მას. ურწმუნოების ბოროტი ხმა ჩაგვჩურჩულებს: „მოდით, დავიცადოთ, სანამ არ დაინგრევა ყველა დაბრკოლება და ნათლად არ გამოიკვეთება ჩვენი გზა”. მაგრამ რწმენა გვიხმობს ვიაროთ წინ, უკუვაგდოთ ეჭვი და მივენდოთ უფალს.პწ 181.2

    ღრუბელი, რომელიც ეგვიპტელთათვის წყვდიადის კედელს წარმოადგენდა, ებრაელთათვის სინათლის მძლავრ ნაკადად ქცეულიყო, აჩირაღდნებდა მთელ ბანაკს და გზას უცისკროვნებდა. ამგვარად, უფლის სიტყვას ურწმუნოსათვის წყვდიადი და სასოწარკვეთილება, მორჩილისათვის კი სინათლე და მშვიდობა მოაქვს. უფლის მიერ შემოთავაზებული გზა, შესაძლოა, უდაბნოსა და ზღვაზე გადიოდეს, მაგრამ ეს არის გზა უსაფრთხოებისა.პწ 181.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents