Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 29 - სატანა ღვთის რჯულის წინააღმდეგ

    სატანის პირველი მცდელობა, დაემხო ღვთის რჯული ზეციურ მკვიდრთა შორის, თავიდან, თითქოსდა, წარმატებით მიმდინარეობდა. მრავალი ანგელოზი ცდუნდა, მაგრამ მალე სატანის ზეიმი დამარცხებით დამთავრდა: იგი განიდევნა ზეციდან.პწ 209.2

    კონფლიქტი დედამიწაზე გაგრძელდა და კვლავ იზეიმა სატანამ გამარჯვება. შესცოდა ადამიანმა და მის ტყვედ იქცა, ადამიანის სამფლობელო - დედამიწა კი მის მმართველობაში გადავიდა. მაშინ ეგონა მაცდურს, რომ დამოუკიდებელი სამეფოს შექმნის შესაძლებლობა მიეცემოდა და ღმერთსა და მის ძეს ომს გამოუცხადებდა. მაგრამ გადარჩენის გეგმამ შესაძლებლობა მისცა ადამიანს, აღედგინა ღმერთთან კავშირი, დაეცვა მისი მცნებები და მაცდურის ბრჭყალებიდან გათავისუფლებულიყო.პწ 209.3

    კვლავ დამარცხდა სატანა და კვლავ მიმართა სიცრუეს, რათა მარცხი გამარჯვებით შეეცვალა. დაცემულ ადამიანებში აღშფოთებისა და წინააღმდეგობის სულის დასათესად მზაკვარმა ღმერთს უსამართლობა დასწამა იმის გამო, რომ ადამიანის მიერ მისი რჯულის დარღვევა დაუშვა. “ხომ კარგად იცოდა ღმერთმა ცოდვის შედეგები, - არწმუნებდა მაცდური, - მაშ, რატომ დაუშვა ადამიანის გამოცდა, დაცემა, ტანჯვა და სიკვდილი?” და დაივიწყეს ადამის შვილებმა მოთმინება და გულმოწყლება ზეციური მეფისა, რომელმაც საოცარი და თანაც საშინელი მსხვერპლის გაღებით /სატანის ამბოხების გამო/ ხსნის სხვა გზა გამოუნახა მათ. უსმენდნენ მაცდურის ბოროტ ჩურჩულს და საყვედურობდნენ ღმერთს - სატანის დამღუპველი ხელმწიფებისაგან მათ ერთადერთ მხსნელს.პწ 209.4

    დღესაც ბევრი იმეორებს ისრაელიანთა ამგვარ ქცევას. არ ესმით, რომ, წაართვა ადამიანს არჩევანის უფლება, ნიშნავს: წაართვა დამოუკიდებლად აზროვნების უნარი და რობოტად აქციო იგი. უფალმა ზნეობრივად თავისუფალ არსებად შექმნა ადამიანი და არ სურს მისი დამონება. სხვა სამყაროების მკვიდრთა მსგავსად, მისი მორჩილებაც უნდა გამოეცადა ღმერთს, მაგრამ უფალი არასოდეს უქმნის ადამიანს ისეთ ვითარებას, რომელიც აიძულებს მას, დაემორჩილოს ცოდვას. არ დაუშვებს უფალი მის ცხოვრებაში ისეთ განსაცდელს ან გამოცდას, რომლის გადალახვასაც იგი ვერ შეძლებს. ყოველივე უბოძა ღმერთმა ადამიანს, რაც საჭიროა სატანასთან ბრძოლაში გამარჯვებისათვის.პწ 209.5

    გაიფანტნენ ადამიანები დედამიწაზე და მოიცვა მთელი ქვეყნიერება ამბოხების სულმა. და, თითქოსდა, ამჯერადაც გაიმარჯვა სატანამ. მაგრამ ყოვლისშემძლე ძალამ კვლავაც აღკვეთა ურჯულოება წარღვნის წყლებით და განიწმიდა დედამიწა უწმიდურებისაგან. ასე ამბობს წინასწარმეტყველი: “როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს. შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის... და უფლის დიდებას არად ჩააგდებს!” /ეს. 26:9, 10/. ასე იყო წარღვნის შემდგომ. ღვთის სასჯელს გადარჩენილნი კვლავ აუჯანყდნენ ღმერთს. ორჯერ უარყო წუთისოფელმა უფლის აღთქმა და მისი დადგენილებანი. წარღვნამდელმა წუთისოფელმაც და ნოეს შთამომავლობამაც უარყო ღმერთის ხელმწიფება. მაშინ აბრაამს დაუდო უფალმა თავისი აღთქმა და აირჩია ხალხი, რომელიც მისი რჯულის შემსრულებელი იქნებოდა. მაგრამ სატანამ უმალ დაიწყო ღვთის შვილთა ცდუნებისა და დაღუპვის გზების ძებნა. ცდუნდებოდნენ იაკობის შვილები, როცა წარმართებზე ქორწინდებოდნენ და მათ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. მაგრამ იოსებმა ბოლომდე შეინარჩუნა უფლისადმი ერთგულება, რაც ჭეშმარიტი რწმენის მუდმივი მოწმობა იყო. სწორედ ამ ჭეშმარიტების შუქის ჩასაქრობად გამოიყენა სატანამ თავის იარაღად იოსების ძმები, როცა შთააგონა მათ, ძმა მონად გაეყიდათ წარმართთა ქვეყანაში. მაგრამ უფალმა ისე წარმართა მოვლენები, რომ ეგვიპტელ ხალხს ცოცხალ ღმერთზე ცოდნა შეეძინა. ფოტიფარის სასახლეში და საპყრობილეში მიღებულმა გამოცდილებამ, ღვთისადმი მოწიწებამ და შიშმა იოსები ეგვიპტის ქვეყნის განმგებლის თანამდებობისთვის მოამზადა. ფარაონის სასახლიდან მისი გავლენა და, შესაბამისად, ღმერთის შესახებ შემეცნებაც, მთელ ქვეყანაში გავრცელდა. დიდად აღზევდა და გამდიდრდა ებრაელი ერი ეგვიპტეში. უფლის ერთგულნი კეთილ გავლენას ახდენდნენ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. წარმართი ქურუმები შიშით ადევნებდნენ თვალს მათ ქვეყანაში ახალი რელიგიის განვითარებას, რომლისკენაც ასე ძლიერ ილტვოდა მოსახლეობა. სატანის წაქეზებით, რომელმაც ცოცხალი ღმერთისადმი თავისი სიძულვილი შთაუნერგა მათ, ქურუმებმა ამ ნათელის მოსპობა გადაწყვიტეს. მათ დავალებული ჰქონდათ ტახტის მემკვიდრის აღზრდა და ღმერთის მიმართ შეურიგებელმა მტრობამ და წარმართულ მსახურებაში გულმოდგინებამ ისე ჩამოაყალიბა მომავალი მონარქის ხასიათი, რომ მან შემდგომში ებრაელთა სასტიკ დევნას და შევიწროებას მიჰყო ხელი.პწ 209.6

    ეგვიპტიდან მოსეს გაქცევის დღიდან ორმოცი წლის მანძილზე გამარჯვება, თითქოსდა, კერპთაყვანისმცემლობის მხარეზე იყო. დღითიდღე იმედს კარგავდა ისრაელი. მეფეც და ხალხიც ქედმაღლურად იკვეხნიდნენ თავიანთი ძლიერებით და ლანძღავდნენ ისრაელის ღმერთს. ყოველივე ეს აშკარად გამოვლინდა ფარაონში, რომელსაც წინ მოსე აღუდგა, როცა ებრაელი ხალხის წინამძღოლი ისრაელის ღმერთის, დიდი იეჰოვას დავალებით წარდგა ფარაონის წინაშე. სიტყვები: “ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო... არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ” /გამ. 5:1,2/, - მეტყველებდა არა იმაზე, რომ იგი მართლაც არ იცნობდა ცოცხალ ღმერთს, არამედ ეს იყო უტიფარი გამოწვევა უზენაესისა. ფარაონის ჯიუტი წინააღმდეგობა თავიდან ბოლომდე გამოწვეული იყო არა მისი უმეცრებით, არამედ სიძულვილითა და ამპარტავნობით.პწ 210.1

    თუმცა ეგვიპტელები დიდხანს უარყოფდნენ ცოცხალ ღმერთს და არც სურდათ, რაიმე სცოდნოდათ მის შესახებ, უფალი კვლავ აძლევდა მათ მონანიების შესაძლებლობას. იოსების დღეებში ეგვიპტე ისრაელიანთა თავშესაფრად იქცა. განდიდდა უფალი მაშინ თავისი ხალხისადმი გამოვლენილი სიკეთით და ახლა სულგრძელი და თანამგრძნობი ღმერთი თითოეულ სასჯელს დროის გარკვეულ მონაკვეთს უთმობდა, რათა ამ სასჯელს თავისი საქმე გაეკეთებინა; ეგვიპტელებმა, რომლებიც სწორედ იმისგან იტანჯებოდნენ, ვისაც თაყვანს სცემდნენ, საკუთარი თვალით იხილეს იეჰოვას ძლიერება და ყოველ მსურველს შეეძლო, დამორჩილებოდა უფალს და თავიდან აეცილებინა მისი სასჯელი. ფარაონის ფანატიზმმა და სიჯიუტემ ხელი შეუწყო ღმერთის სახელის გავრცელებას და მრავალ ეგვიპტელს უბიძგა ცოცხალი ღმერთის მსახურებისაკენ.პწ 210.2

    რადგანაც ისრაელიანნი ასე დაახლოებულნი იყვნენ წარმართებთან და კერპთაყვანისმცემლობასთან, უფალმა დაუშვა მათი ეგვიპტეში წასვლა, სადაც იოსები უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა და სადაც მათ კარგი პირობები ჰქონდათ რჩეულ ერად დარჩენისათვის. ეგვიპტის რელიგიის უხეშ, წარმართულ რიტუალებს, ებრაელების მიმართ ეგვიპტელთა სისასტიკეს და ძალადობას, განსაკუთრებით მათი იქ ცხოვრების ბოლო პერიოდში, კერპთაყვანისმცემლობისადმი სიძულვილი და თავისი მამების ღმერთთან თავშესაფრის ძებნის სურვილი უნდა გამოეწვია. უფლის ეს ჩანაფიქრი სატანამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა: გონება აურია ებრაელებს და აიძულა, თავიანთ წარმართ ბატონთა წესებისათვის მიებაძათ. ძხოველებისადმი ეგვიპტელთა ცრურწმენის გამო ხანგრძლივი ტყვეობის მანძილზე ებრაელთ მსხვერპლშეწირვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მათი ფიქრები აღარ იყო მიმართული იმ უდიდესი მსხვერპლისაკენ, რომელიც მათ გადასარჩენად უნდა გაღებულიყო და რწმენაც შესუსტდა. სატანა მთელი ძალებით წინ აღუდგა უფლის განზრახვას ისრაელიანთა ხსნის დადგომისას, რათა ისინი ეგვიპტიდან არ გამოსულიყვნენ, რადგან მტკიცედ სურდა, ცრურწმენისა და უმეცრების ატმოსფეროში ჰყოლოდა ეს მრავალრიცხოვანი ერი /ორ მილიონზე მეტი/. ტატანა ყველა ღონეს ხმარობდა იმისათვის, რომ სულიერ წყვდიადში და მონობაში ჰყოლოდა ეს ხალხი, რათა სრულად აღმოეფხვრა მათი გონებიდან უფლის სახელი: არადა ეს იყო ერი, რომელსაც უფალმა კურთხევა, გამრავლება და გაძლიერება აღუთქვა; ხალხი, რომელიც თავისი რჯულის დამცველად ამოარჩია, ის, ვისაც უფლის არსი და ნება კაცობრიობისათვის უნდა ემცნო.პწ 211.1

    როდესაც მოსე ფარაონის წინაშე ღვთის სასწაულებს ახდენდა, ბრძოლის ველზე სატანა გამოჩნდა, რათა ფარაონზე მათი დიდი ზეგავლენა შეემცირებინა, რომ არ შეეცნო მას ყოვლისშემძლე ღმერთის ძალა და მის ბრძანებას არ დამორჩილებოდა. სატანამ დიდი ოსტატობით გაიმეორა უფლის სასწაულები, რითაც წინააღმდეგობა გაუწია მის ნებას. მაგრამ ყველა მისმა მცდელობამ უფრო შეუწყო ხელი ღვთიური ძალისა და დიდების გამოვლინებას და მაშინ ებრაელებმა და მთელმა ეგვიპტის ქვეყანამ უფრო კარგად შეიცნო ჭეშმარიტი, ცოცხალი ღმერთის არსებობა და მისი უზენაესი ძალაუფლება.პწ 211.2

    გაათავისუფლა უფალმა ისრაელი თავისი უდიდესი ძალის გამოვლინებით და ეგვიპტის ყველა ღმერთის დამარცხებით. “გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარზეიმით... რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ” /ფს. 104:43-45/. გაათავისუფლა ისინი იმ მიწაზე დასასახლებლად, რომელიც მტრებისგან თვშესაფრად გაუმზადა და სადაც უზენაესის მფარველობა ექნებოდათ მუდამ. მარად თავის გვერდით სურდა ჰყოლოდა უფალს თავისი ერი და სიყვარულით ეზრუნა მასზე, მისი მოწყალებისა და სიკეთის პასუხად არ უნდა ჰყოლოდათ სხვა ღმერთი, გარდა მარადცოცხალისა და უნდა განედიდებინათ მისი სახელი მთელ დედამიწაზე.პწ 211.3

    მონობის წლებში მრავალმა ისრაელიანმა, არსებითად, დაკარგა ცოდნა ღმერთის რჯულის შესახებ; წარმართულ წესებსა და ტრადიციებში აურია მისი პრინციპები. ამიტომ მიიყვანა უფალმა ისინი მთასთან და თავად გამოუცხადა თავისი რჯული.პწ 212.1

    სატანა და მისი ბოროტი ანგელოზები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ყოველივეს, რაც იქ ხდებოდა. იმ მომენტშიც კი, როცა უფალი თავის ხალხს რჯულს უცხადებდა, სატანა მათი ცდუნების ქსელს ხლართავდა. მთელი ზეცის წინაშე ლამობდა იგი, ხელიდან გამოეტაცა უფლისათვის მისი რჩეული ხალხი. ისრაელიანებში კერპთაყვანისმცემლური მსახურების განმტკიცებით მთელი ღვთისმსახურების სისტემის დანგრევას ცდილობდა მაცდური: აბა, როგორ შეუძლია ადამიანს, ამაღლდეს, თუკი მას ემსახურება, ვინც მასზე დიდი არაა და ვისი სიმბოლოც მისი საკუთარი ხელითაა შექმნილი? თუკი ადამიანს იმდენად დაუბნელებ გონებას, რომ უსასრულო ღმერთის ძალას, ძლიერებასა და სიდიადეს რაიმე კონკრეტულ გამოსახულებაში, ცხოველისა იქნება ის თუ ქვეწარმავლისა, გამოსახავს; თუკი დაივიწყებს, რომ შემოქმედის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და ამ უსულო, საზიზღარ ქმნილებათა თაყვანისცემას დაიწყებს, გზა გაეხსნება აღვირახსნილობას, სიმდაბლეს, ბოროტ სურვილთა უსასრულობას და სატანაც სრულ ძალაუფლებას მოიპოვებს მასზე.პწ 212.2

    იქვე, სინაის მთის ძირას დაიწყო სატანამ თავისი გეგმის განხორციელება უფლის რჯულის დამხობის მიზნით, რაც ზეციური ამბოხის გაგრძელებას წარმოადგენდა. ორმოცი დღის განმავლობაში, სანამ მოსე სინაის მთაზე, უფალთან იმყოფებოდა, სატანა მხოლოდ ერთი საქმით იყო დაკავებული: ეჭვს თესდა ადამიანთა გულებში და ამბოხებისა და განდგომილებისაკენ უბიძგებდა მათ. იმ დროს, როცა უფალი თავისი მარჯვენით წერდა წმიდა რჯულს, რათა გადაეცა ხალხისათვის, რომელმაც აღთქმა დაუდო უფალს, ისრაელიანებმა უღალატეს და ოქროს ღმერთები მოითხოვეს. როცა მოსემ ღვთიური დიდების მრისხანე ადგილი დატოვა და ღვთიური რჯულით ხელში, რომლის შესრულებაც ისრაელიანებმა უფალს აღუთქვეს, თავის ხალხთან დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ხალხმა სრულიად უარყო იგი და ოქროს კერპი აირჩია თაყვანისცემისათვის.პწ 212.3

    სატანა ისრაელს ღვთისმგმობელი საქციელისა და იეჰოვას თავხედური შეურაცხყოფისაკენ უბიძგებდა და ამით ადამიანების დაღუპვა სურდა. ვინაიდან ასეთი მანკიერება გამოიჩინეს და უფლის მიერ შემოთავაზებული უპირატესობებისა და კურთხევების ღირსი არ აღმოჩნდნენ და, თანაც, საზეიმოდ დადებული ერთგულების ფიცი გატეხეს, სატანას იმედი ჰქონდა, რომ უფალი უარყოფს და გაანადგურებს მათ. ამ გზით შეეცადა მზაკვარი აბრაამის თესლის დაღუპვას; იმ აღთქმული თესლისა, რომელსაც მარად უნდა შეენახა ცოდნა ცოცხალ ღმერთზე და რომლისგანაც უნდა გამოსულიყო ჭეშმარიტი თესლი - სატანის დამმარცხებელი. უდიდესი მზაკვარი მთელი ისრაელის დაღუპვას და ამით უფლის გეგმების ჩაშლას იმედოვნებდა. ნაგრამ კვლავ დამარცხდა. არ დაღუპა ღმერთმა თავისი ცოდვილი ხალხი. სატანის ჯიუტი მიმდევარნი კი განადგურებულ იქნენ. ხალხმა მოინანია დანაშაული და მოწყალე უფალმაც მიუტევა. ამ დანაშაულის ისტორია მარადიული მოწმობაა იმისა, რომ კერპთაყვანისმცემლობა ყოველთვის დაისჯება, უფლის გულმოწყალება და სამართლიანობა კი გაიმარჯვებს.პწ 212.4

    მთელი სამყარო ადევნებდა თვალყურს მოვლენებს, რომელიც სინაის მთასთან ხდებოდა. ორი მოწინააღმდეგე ძალის შეჭიდებამ გამოავლინა სხვაობა ღმერთისა და სატანის მმართველობას შორის. კვლავ იხილა ზეციურმა, უცოდველმა სამყარომ სატანის განდგომილების შედეგი და მიხვდა, თუ რა საშინელი იქნებოდა სატანის მმართველობა, რომლის დაფუძნებაც მას ზეცაში სურდა.პწ 213.1

    მეორე მცნების უარყოფის შთაგონებით სატანა ამცირებდა შემეცნებას უფლის ღვთიურ არსზე. მეოთხე მცნების უარყოფით კი ცდილობდა, საერთოდ დაევიწყებინა მათთვის უზენაესი. უფალს სურდა, ადამიანებს წარმართთა ყველა ღმერთზე მაღლა აეწიათ მისი ავტორიტეტი, მისთვის მიეგოთ პატივი და ემსახურათ, რადგან ისაა შემოქმედი და ყველა დანარჩენი არსება კი - მისი შექმნილი. ამას მოწმობს ბიბლია; იერემია წინასწარმეტყველი ამბობს: “უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია; ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. ...ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა, აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან. ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით”. “ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას. არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს. ასე არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი” /იერ. 10:10-12; 14-16/.პწ 213.2

    შაბათი ნიშანია ღვთიური შემოქმედების ძალისა და მიგვანიშნებს მასზე, როგორც ცისა და მიწის შემქმნელზე. მაშასადამე, შაბათი მისი არსებობის, დიდების, სიბრძნისა და სიყვარულის მარადიული ნიშანია. ადამიანები რომ სათანადოდ აფასებდნენ და იცავდნენ ამ წმიდა დღეს, მსოფლიოში არც ერთი ათეისტი ან კერპთაყვანისმცემელი არ იარსებებდა.პწ 213.3

    შაბათის მცნება უძველესი დროიდან, ედემიდან მოდის. ყველა პატრიარქი იცავდა მას. ეგ ვიპტის ტყვეობაში ყოფნისას ზედამხედველნი აიძულებდნენ ებრაელთ, დაერღვიათ შაბათი, რის გამოც თანდათანობით დაკარგეს მათ შემეცნება მისი სიწმიდის შესახებ. სინაის მთაზე გამოცხადებული რჯულის მეოთხე მცნების პირველივე სიტყვები: “გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი...”, იმაზე მიუთითებდა, რომ ეს დღე დიდი ხნით ადრე, თავისი შემოქმედების დღეებში დაადგინა უფალმა. ამ დღის გაუქმებით ცდილობდა სატანა, დაევიწყებინა ღმერთი ადამიანებისათვის. მაშინ მტრის ძალას წინ ვეღარ აღუდგებოდნენ და სატანის ნადავლად იქცეოდნენ.პწ 213.4

    თითოეულ პრინციპს უფლის ათი მცნებიდან სასტიკად ებრძვის სატანა. ღვთისადმი, კაცობრიობის მამისადმი, სიყვარულისა და ერთგულების პრინციპებთან მჭიდროდაა დაკავშირებული მშობლებისადმი შვილების სიყვარულისა და მორჩილების მცნება. მშობლის ავტორიტეტისადმი უპატივცემულობას აუცილებლად ღვთის ავტორიტეტის უარყოფამდე მივყავართ. ამიტომ სატანა მთელი ძალისხმევით ახშობს მეხუთე მცნების მიმართ მოვალეობის გრძნობას. წარმართნი ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას ამ საკითხს. მრავალი წარმართი ტომის წესჩვეულების თანახმად, ხანდაზმულ მშობლებს, რომელთაც თავის რჩენა უკვე აღარ შეეძლოთ, კლავდნენ ან უპატრონოდ ტოვებდნენ. დედას ოჯახში უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ და ქმრის სიკვდილის შემთხვევაში იგი თავისი უფროსი ვაჟის ხელქვეითი ხდებოდა. მშობლებისადმი შვილების მორჩილება მოსეს მიერ იქნა დაკანონებული, მაგრამ, როცა ისრაელიანებმა ღმერთი დაივიწყეს, ეს მცნებაც უარყვეს.პწ 213.5

    სატანა “კაცის მკვლელი იყო თავიდან” /იოან. 8:44/ და როგორც კი კაცობრიობაზე ხელმწიფება მოიპოვა, არა მხოლოდ სიძულვილისა და ერთმანეთის მკვლელობისაკენ აქეზებდა მათ, რათა უფრო მეტი სისასტიკით გაეთელა ღმერთის ავტორიტეტი, არამედ მეექვსე მცნების დარღვევა მათი საკუთარი რელიგიის ნაწილად აქცია.პწ 214.1

    ღმერთის არსზე დამახინჯებულმა წარმოდგენამ დაარწმუნა წარმართნი, რომ ღვთაების წყალობის მოსაპოვებლად საჭიროა ადამიანის მსხვერპლად შეწირვა და ამის შედეგად, მრავალი საშინელი დანაშაული ხდებოდა კერპთაყვანისმცემლობის საფარველქვეშ. დანსაკუთრებით მტკიცედ იყო დაკანონებული კერპთა წინაშე ბავშვების ცეცხლში გატარების ტრადიცია. როცა ამ საშინელი რიტუალის აღსრულებისას ბავშვი ცეცხლიდან უვნებლად გამოჰყავდათ, ხალხს სჯეროდა, რომ კერპმა მიიღო მათი მსხვერპლშეწირვა, ხოლო ასეთ ბავშვს ღმერთების განსაკუთრებული წყალობის საგნად თვლიდნენ, უხვად ასაჩუქრებდნენ და განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ; შემდგომში კი მის ყოველნაირ დანაშაულს დაუსჯელად ტოვებდნენ. მაგრამ, თუკი რომელიმე ბავშვი ცეცხლში გატარებისას მცირე დამწვრობას მაინც მიიღებდა, მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. ხალხს სჯეროდა, რომ ასეთ შემთხვევაში ამ უბედურის მსხვერპლად შეწირვა ღმერთების რისხვას ააცილებდა მათ თავიდან და, რა თქმა უნდა, ასეც იქცეოდნენ. უდიდესი განდგომილების პერიოდში მსგავსი სისაძაგლეები, ამა თუ იმ ფორმით, ისრაელიანთა შორისაც ხდებოდა.პწ 214.2

    მეშვიდე მცნებაც რელიგიის სახელით ირღვეოდა. წარმართთა რელიგია ძირითადად საზიზღარ, უზნეო წესჩვეულებებზე იყო დაფუძნებული. ღმერთები, რომლებსაც ისინი ემსახურებოდნენ, მანკიერ არსებებად ჰყავდათ გამოსახული და მათი თაყვანისმცემლებიც მდაბალ, უწმიდურ ვნებებს ეძლეოდნენ. ინერგებოდა საშინელი მანკიერებანი და რელიგიური დღესასწაულები დაუფარავი, საყოველთაო აღვირახსნილობით გამოირჩეოდა.პწ 214.3

    მრავალცოლიანობა კაცობრიობის ისტორიის ადრეულ ეტაპზე იქნა შემოღებული, რაც წარღვნამდელ წუთისოფელზე ღვთის რისხვის ერთერთი მთავარი მიზეზი იყო. მაგრამ წარღვნის შემდეგაც ფართოდ გავრცელდა ეს ურჯულოება. სატანამ განსაკუთრებული ძალისხმევა გამოავლინა ქორწინების გაუფასურებისათვის, მისი დანიშნულების შესუსტებისა და გაუწმიდურებისათვის; რადგან არ არსებობს სხვა, უკეთესი ხერხი ადამიანში ღვთიური ხატების დამახინჯებისათვის, ტანჯვისა და მანკიერებისათვის გზის გასახსნელად.პწ 214.4

    დიადი ბრძოლის დასაწყისიდანვე სატანა მუდამ ცდილობდა, ცრუდ წარმოესახა უფლის ხასიათი, აეჯანყებინა ხალხი მისი რჯულის წინააღმდეგ და ყოველი მისი მცდელობა, თითქოსდა, წარმატებით მთავრდებოდა. დღესაც ბევრი უსმენს მას და ღვთის წინააღმდეგ ილაშქრებს. მაგრამ ამ ბოროტების ატმოსფეროში უფლის ჩანაფიქრი მტკიცედ უახლოვდება თავის დასასრულს. მის მიერ შექმნილი ყოველი გონიერი არსების მიმართ უფალი სამართლიანი და კეთილია. სატანის ცდუნების წყალობით მთელმა კაცობრიობამ დაარღვია უფლის მცნებები, მაგრამ მისი ძის მსხვერპლის მეშვეობით გაიხსნა უფალთან დაბრუნების გზა. ქრისტეს მადლის წყალობით ადამიანს კვლავაც შეუძლია, დაემორჩილოს ზეციერი მამის რჯულს. ამგვარად, სულიერი წყვდიადით მოცულ ყოველ საუკუნეში უფალი კრებს თავის ერთგულ შვილებს - ხალხს, რომელსაც მისი რჯული გულში აქვს ამოკვეთილი /ეს. 51:7/.პწ 214.5

    ზეციური ანგელოზებიც თავისი სიცრუით აცდუნა სატანამ. ასე მოქმედებდა იგი ყოველთვის და ასე იმოქმედებს მომავალშიც. მას რომ გახსნილად ეომა ღმერთისა და მისი რჯულის წინააღმდეგ, ადამიანები არ წამოეგებოდნენ მის ანკესზე, მაგრამ სიცრუისა და სიმართლის აღრევით ინიღბება იგი. ყველაზე საშიში სიცრუე სიმართლეში შერეული ტყუილია. და ადამიანებიც ღებულობენ მას, რაც ასე ამონებს და ანადგურებს ადამიანის სულს. ასე ღუპავს სატანა მთელ წუთისოფელს. მაგრამ დადგება მომენტი, როცა მის ზეიმს სამუდამოდ მოეღება ბოლო.პწ 215.1

    მაშინ უფალი სრულად ამხილებს სატანის ხრიკებს, რომელთაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე ოსტატურად ნიღბავდა მაცდური. სატანის მმართველობის შედეგები - ღვთიურ დადგენილებათა გაუქმების ნაყოფი - გაცხადებულ იქნება მთელი სამყაროს წინაშე. უფლის რჯულის მიმართ სამართლიანობა აღდგება. ყველა დარწმუნდება, რომ ღმერთის ყველა ქმედება მხოლოდ მისი ხალხისა და მთელი სამყაროს კეთილდღეობისაკენ იყო გამიზნული. თავად სატანა აღიარებს უფლის რჯულის სიმართლეს და მისი მმართველობის სამართლიანობას.პწ 215.2

    ახლოვდება დრო, როცა აღდგება უფალი თავისი გათელილი რჯულის ავტორიტეტის აღსადგენად. “რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის” /ეს. 26:21/. “ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას?” /მალ. 3:2/. ისრაელიანთ თავიანთი ცოდვების გამო არ მიეცათ მთასთან მიახლოების ნება, როცა ღმერთი თავისი წმიდა რჯულის გამოსაცხადებლად უნდა ჩამოსულიყო იქ, რადგან მისი დიდების წმიდა ბრწყინვალებას ვერ გაუძლებდა ხალხი. და, თუკი რჯულის გამოცხადების ადგილას ასეთი ძლიერებით გამოვლინდა მისი დიდება, რა საშინელი იქნება მისი სამსჯავრო, როცა თავისი წმიდა აღთქმის აღსასრულებლად მოვა იგი! როგორ გაუძლებენ შურისგების ამ უკანასკნელ დიდებულ დღეს მისი ხელმწიფების აბუჩად ამგდებნი? სინაის მთასთან განცდილი შიშით საბოლოო სამსჯავროს სცენები უნდა წარმოედგინა ხალხს. საყვირის ხმა ისრაელიანებს უფალთან შესახვედრად იხმობდა. მთავარანგელოზისა და ღვთის საყვირის ხმა შეკრებს ცოცხლებსა და მიცვალებულთ მთელი დედამიწის ზურგზე მსაჯულის წინაშე წარსადგომად. ურიცხვ ანგელოზთა თანხლებით ჩამოვლენ მთაზე მამა და ძე. ფკანასკნელი სამსჯავროს დღეს “მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად” /მათ. 16:27/. მაშინ დაჯდება ქრისტე თავისი დიდების ტახტზე და შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი.პწ 215.3

    შემჭმელ ცეცხლად მოევლინა ისრაელიანებს ღვთიური დიდება სინაის მთაზე. ხოლო როცა ქრისტე გამოჩნდება დიდებითა და უთვალავი ზეციური მხედრობის თანხლებით, საოცარი, გაუსაძლისი შუქით გაბრწყინდება მთელი დედამიწა. “მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი. გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე” /ფს. 49:3, 4/. ცეცხლოვანი მდინარე იდინებს მის წინ და გაანადგურებს ყველაფერს ცოცხალს; მთელი დედამიწა და საქმეები, რაც მასზეა, გადაიბუგება. “უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავისი ძალის ანგელოზებითურთ, რომელიც ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას” /2 თეს. 1:7,8/.პწ 215.4

    თავისი შექმნის დღეებიდან დღემდე ადამიანს არასოდეს უხილავს ღვთიური ძლიერების ასეთი საოცარი გამოვლენა, როგორც იქ, სინაის მთასთან, უფლის რჯულის გამოცხადებისას. “დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა” /ფს. 67:9/. ბუნების ძალთა საშინელ რყევაში, ღრუბლებიდან, საყვირის მსგავსად ისმოდა ღმერთის ხმა. მთელი მთა, ძირიდან მწვერვალამდე, საშინლად ირყეოდა და გაფითრებული, შიშისაგან თავზარდაცემული ისრაელიანნი მიწას განერთხნენ მის წინაშე. “კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც” /ებრ. 12:26/, გამოაცხადა მან, ვინც ასე შეარყია მთელი დედამიწა. წმიდა წერილი გვამცნობს: “ზეგარდმო იგრგვინვებს უფალი და თავისი წმიდა სადგომიდან მოიღებს ხმას”; “შეირყევა ცა და მიწა” /იერ. 25:30; იოვ. 3:16/. იმ დიდებულ დღეს ზეცა გაუჩინარდება “დაგრაგნილი წიგნივით” /გამოცხ. 6:14/. ყოველი მთა და კუნძული დაიძვრის თავისი ადგილიდან. “მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება” /ეს. 24:20/.პწ 216.1

    “ამიტომაც დაუძლურდა ყოველი მკლავი და ყოველი კაცის გული შემდრკალია. შიშის ზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს”. “მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ - მათ დანაშაულს, - ამბობს უფალი, - ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ” /ეს. 13:7, 8, 11; იერ. 30:6/.პწ 216.2

    მთიდან ჩამოსულ მოსეს, რომელსაც ხელთ აღთქმის ფიქალები ეპყრა, თვალი ვერ გაუსწორეს ისრაელიანებმა. ცოდვილმა ხალხმა ვერ გაუძლო მის სახეზე დავანებულ ღვთიურ ნათელს. მით უმეტეს ვერ შეხედავენ უწმიდურნი უფლის ძეს, როცა მოვა მამის დიდებით და მთელი ზეციური მხედრობის თანხლებით, რათა განსაჯოს მისი მცნებების დამრღვევნი და მისი შემორიგების უარმყოფელნი. “დედამიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მიიმალნენ მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში. უთხრეს მთებსა და კლდეებს: ზედ დაგვეცით და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან. ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?” /გამოცხ. 6:15-17/. “იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს... რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიდის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება” /ეს. 2:20,21/.პწ 216.3

    მაშინ იხილავს ყოველი თვალი, რომ სატანის ამბოხება ღმერთის წინააღმდეგ მისი და იმ ადამიანთა დაღუპვით დამთავრდა, რომელნიც ნებაყოფლობით დაემორჩილნენ მას. მუდამ არწმუნებდა მაცდური ხალხს, რომ არაფერი დააკლდებათ მათ ღმერთის რჯულის დარღვევით, მაგრამ მაშინ მიხვდებიან, რომ “ცოდვის საზღაური სიკვდილია” /რომ. 6:23/. “რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ავისმოქმედი და ამპარტავანი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე, რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს” /მალ. 4:1/. ცოდვის ფესვი - სატანა და რტოები - ყველა უწმიდური, სრულად განადგურდება. ბოლო მოეღება ცოდვას და მის ნაყოფს: ყოველგვარ უბედურებას და მწუხარებას. მეფსალმუნე ამბობს: “შენ... მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე. ...მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება” /ფს. 9:6,7/.პწ 216.4

    მაგრამ ღვთიური სამსჯავროს ქარიშხალს არ შეუშინდებიან ღვთის შვილნი. “უფალი დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელიანებს” /იოვ. 3:16/. დღე, რომელიც ღვთის მცნებათა დამრღვევთ დაღუპვას და განადგურებას მოუტანს, ღვთის მორჩილთათვის უსასრულო სიხარულისა და დიდების დღე იქნება. “შემოიკრიბეთ ჩემი წმიდანები, - ბრძანებს უფალი, - რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე. და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს, რადგან ღმერთია მსაჯული იგი” /ფს. 49:5,6/.პწ 217.1

    “კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს” /მალ. 3:18/. “მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული!” “აჰა, გართმევ შენი ხელიდან სიბრუვის თასს, ფიალას, თასს ჩემი რისხვისა, რომ მეტჯერ აღარ შესვა იგი”. “მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი” /ეს. 51:7,12,22/. “მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალობა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი” /ეს. 54:10/.პწ 217.2

    გადარჩენის დიადი გეგმა დედამიწისადმი უფლის კეთილგანწყობის სრულად დაბრუნებით მთავრდება. აღდგება ყველაფერი, რაც ცოდვის გამო დაკარგა კაცობრიობამ. არა მხოლოდ ადამიანს, არამედ დედამიწასაც გამოისყიდის უფალი, რათა სამარადისო მემკვიდრეობად გადასცეს თავის მორჩილთ. ექვსი ათასი წლის განმავლობაში იბრძოდა სატანა ამ მიწის მფლობელობისათვის. ახლა აღსრულდება უზენაესის თავდაპირველი ჩანაფიქრი: “შემდეგ უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე” /დან. 7:18/.პწ 217.3

    “მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა” /ფს. 112:3/. “იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე; იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება” /ზაქ. 14:9/. წმიდა წერილი ამბობს: “უკუნისამდეა, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებული ზეცაში”. “სარწმუნოა ყველა მცნება მისი. იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე” /ფს. 118:89; 110:7,8/. წმიდა მცნებები, რომლებიც ასე შეიძულა სატანამ და რომელთა განადგურებაც გადაწყვიტა, კვლავ განდიდდება უცოდველ სამყაროში. “რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს თავის ამონაზარდს და ბაღი ამოზრდის თავის დანათესს, ასევე უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე! /ეს. 61:11/.პწ 217.4