Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 39 - ბაშანის დაპყრობა

    მეორე რჯული 2; 3:1-11

    გამობრუნდნენ ებრაელები ედომის სამხრეთიდან და კვლავ ჩრდილოეთისაკენ, აღთქმული მიწისაკენ აიღეს გეზი. გასავლელი ჰქონდათ ვრცელი მაღლობები, სადაც მახლობელი გორაკებიდან სასიამოვნო, გრილი ნიავი აღწევდა. დიდად ეამათ ეს ცვლილება ისრაელიანთ, განსაკუთრებით მხურვალე უდაბნოს შემდეგ, რომელიც ტანჯვით გამოიარეს და ახლა, სიცოცხლითა და იმედით სავსენი, მხნედ მიაბიჯებდნენ. ზარედის ხევის გავლის შემდეგ აღმოსავლეთით, მოაბის ქვეყნისკენ გაეშურნენ, რადგან ბრძანა უფალმა: “ნუ გადაემტერები მოაბს და ნუ გამართავ ომს, რადგან არ მომიცია თქვენთვის სამკვიდრო მათი ქვეყნიდან, რადგან ყარი ლოტის შთამომავლებს მივეცი სამკვიდროდ”. ასეთივე ბრძანება იქნა გაცემული ყამონელთა მიმართაც, რადგან ლოტის შთამომავლები იყვნენ ისინიც.პწ 280.2

    ისევ ჩრდილოეთით განაგრძეს გზა ისრაელიანებმა და მალე ამორეველთა ქვეყნის საზღვრებს მიუახლოვდნენ. ამ ძლიერ და მეომარ ხალხს ადრე ქანაანის სამხრეთი ნაწილი ეკავა, მაგრამ, როცა ძლიერ გამრავლდნენ, იორდანეს გაღმა გავიდნენ, მოაბელებს შეებრძოლნენ და მათი ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს. აქ დაფუძნდნენ ამორეველნი, რომელთაც დიდი ძალაუფლება გააჩნდათ არნონიდან იაბოკამდე. სწორედ მათ ქვეყანაზე გადიოდა გზა იორდანესაკენ, სადაც ისრაელიანნი უნდა მისულიყვნენ. მოციქულები გაუგზავნა მოსემ სიხონს, ამორეველთა მეფეს, მის ქალაქში და მეგობრულად სთხოვა: “გამატარე შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზებზე ვივლი, არც მარჯვნივ გადავუხვევ, არც მარცხნივ. საჭმელი მომყიდე ვერცხლზე და შევჭამ, წყალიც ვერცხლზე მომეცი და დავლევ. მხოლოდ ჩემი ფეხით გავივლი”. სასტიკი უარი მიიღო მოსემ ამ თხოვნაზე. შეიკრიბა ამორეველთა მთელი მხედრობა, რათა თავის მიწაზე არ შემოეშვათ მოსულნი. შეაშინა ისრაელი ძლიერმა ლაშქარმა, რადგან უსუსურნი იყვნენ კარგად შეიარაღებული და მომზადებული ლაშქრის წინააღმდეგ. პსტატურად შეეძლოთ ბრძოლა ამორეველთ და დიდი უპირატესობა ჰქონდათ ისრაელიანთა წინაშე. ადამიანური თვალსაზრისით, მალე დაიღუპებოდა ისრაელი.პწ 280.3

    მაგრამ მოსეს მზერა ღრუბლის სვეტისკენ იყო მიმართული და იმით ამხნევებდა წინამძღოლი ხალხს, რომ ღმერთი კვლავინდებურად მათთან იყო. იმავე დროს, ბრძანება გასცა მან, რომ შეძლებისდაგვარად მომზადებულიყვნენ ბრძოლისათვის. მათი მოწინააღმდეგე მოუთმენლად ელოდა ბრძოლის დაწყებას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ სრულად გაანადგურებდა ომში გამოუცდელ, მოუმზადებელ ისრაელიანთ. მაგრამ მთელი დედამიწის მბრძანებელმა მიმართა ისრაელიანთა წინამძღოლს: “ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. იცოდე, შენს ხელთ ჩამიგდია სიხონი, ეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა. დაიწყე დამკვიდრება. ბრძოლა გაუმართე მას. დღეიდან შიშსა და ძრწოლას მოვგვრი თქვენით ხალხებს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, შიშის ზარი დაეცემა ყველას”.პწ 281.1

    არ გაწყდებოდნენ ქანაანის საზღვრებთან მცხოვრებნი, უფლის სიტყვა რომ შეესმინათ და ისრაელისათვის ხელი არ შეეშალათ წინსვლაში. ამ წარმართი ხალხისადმიც კი გამოიჩინა უფალმა სულგრძელობა, მოწყალება და თანაგრძნობა. როცა აბრაამს ხილვაში გამოეცხადა უფალი და უთხრა, რომ მისი თესლი, ისრაელის შვილები ოთხას წელიწადს უცხო მიწაზე მონობაში გაატარებენ, ასეთი აღთქმაც მიეცა მას: “მხოლოდ მეოთხე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული” /დაბ. 15:16/. თუმცა კერპთაყვანისმცემლობისა და თავისი უდიდესი ურჯულოების გამო უკვე დაკარგეს ამორეველებმა არსებობის უფლება, მაგრამ დაინდო უფალმა ისინი ოთხასი წლის განმავლობაში და მთელი ამ ხნის მანძილზე მრავალჯერ დაუმტკიცა, რომ იგია ერთადერთი ცოცხალი ღმერთი, ცისა და დედამიწის შემქმნელი. ამ წარმართ ხალხს მრავალჯერ სმენოდა იმ უამრავი სასწაულის შესახებ, რომელნიც ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლას ახლდა თან. მტკიცებები საკმარისზე მეტი ჰქონდათ, რათა კერპთაყვანისმცემლობა და ურჯულოება მიეტოვებინათ და ჭეშმარიტება შეეცნოთ. მაგრამ ნათელი უარყვეს და კერპებს ჩაეჭიდნენ.პწ 281.2

    როცა უფალმა მეორედ მიიყვანა ქანაანის საზღვრებთან თავისი ხალხი, ყველა წარმართს უზენაესის ყოვლადძლიერების მოწმობა კვლავ მიეცა. კარგად ხედავდნენ ისინი, რომ ღმერთი იყო ისრაელთან ყარადსა და ქანაანელებზე გამარჯვებისას და იქ, უდაბნოშიც, როცა შხამიან გველთა სასიკვდილო ნაკბენისაგან იცავდა მას. ისრაელიანთ არ მისცეს ედომის მიწაზე გავლის უფლება, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ, მეტად მძიმე და გრძელი გზით კვლავ მეწამული ზღვისკენ წასულიყვნენ. მაგრამ არსად, ედომელთა, მოაბელთა და ყამონელთა ქვეყნების საზღვრებთან გავლისას, არ გამოუჩენიათ მტრობა და არ დაუზიანებიათ არც ადამიანები და არც მათი ქონება. ამორეველთა საზღვართან მისვლისას ისრაელმა მხოლოდ ითხოვა მათ მიწაზე გავლა და ყველა იმ პირობის შესრულება აღუთქვა, რომელიც მათ სხვა ხალხებთან ურთიერთობაში ჰქონდათ დაწესებული. როცა ისრაელიანთა ამ მორიდებულ თხოვნას ამორეველთა მეფემ სასტიკი უარით უპასუხა და მათთან საბრძოლველად ლაშქარი შეკრიბა, მაშინ აივსო ამორეველთა ურჯულოების თასი და ღვთის ძლიერების გამოვლენისა და ურჯულოთა დაღუპვის ჟამი დადგა.პწ 281.3

    განვლეს ისრაელიანებმა არნონის ხეობა და მტერთან პირისპირ შესახვედრად მოემზადნენ. გაჩაღდა ბრძოლა, რომელიც ებრაელთა გამარჯვებით დამთავრდა. მათ ამ მიღწევებით ისარგებლეს და სულ მალე ამორეველთა მთელი ქვეყანა დაიპყრეს. ეს უფლის მხედრობის თავმა დამარხა თავისი ხალხის მტერი, რისი გაკეთებაც მას ჯერ კიდევ ოცდათვრამეტი წლის წინათ შეეძლო, ისრაელს რომ ერწმუნა მისი.პწ 282.1

    იმედიანად, მხნედ და სწრაფად მიიწევდა წინ ისრაელის მხედრობა. კვლავინდებურად ჩრდილოეთით ეჭირათ გეზი და მალე მიადგნენ ქვეყანას, სადაც მათი სიმამაცე და რწმენა კვლავ უნდა გამოცდილიყო. ეს იყო ძლიერი, მჭიდროდ დასახლებული ბაშანის სამეფო ქვის გალავნიანი ქალაქებით, რომლებიც დღესაც მსოფლიოს გაკვირვებას იწვევს. სამოცი ქალაქი, “მაღალი გალავნით მოზღუდული, კარიბჭეებიანი და ურდულებიანი, გარდა უამრავი უგალავნო ქალაქისა” /რჯლ. 3:5/, შავი ქვით აგებული, უჩვეულოდ დიდი სახლებით, სრულიად მიუდგომელს ხდიდა მათ. უძლური იყო მათ წინაშე იმ დროისათვის არსებული კედლის დამანგრეველი ყველანაირი იარაღი; ეს იყო ველურ გამოქვაბულთა, თავბრუდამხვევ, უძირო ხეობათა და მტკიცედ გამაგრებულ ქალაქთა სამეფო. გოლიათთა თაობები ცხოვრობდნენ იქ, უჩვეულოდ მაღალი და ძლიერი, სასტიკი და მძვინვარე ადამიანები, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ მეზობელ ერებს; ხოლო ამ ქვეყნის მეფე, ყოგი, თავის გოლიათ ხალხზე ბევრად უფრო მეტად მაღალი და უშიშარი იყო.პწ 282.2

    მაგრამ ღრუბლის სვეტი კვლავ წინ მიიწევდა და ებრაელთა მხედრობაც მიჰყვებოდა მას ქალაქ ედრეიმდე, სადაც გოლიათი მეფე თავის ლაშქრითურთ მოუთმენლად ელოდა მათ გამოჩენას. ოსტატურად შეარჩია ყოგმა საბრძოლო ადგილი. ქალაქი ედრეი მდებარეობდა ზეგანზე, რომელსაც ირგვლივ მაღალი მწვერვალები და ვულკანური ფრიალო კლდეები ერტყა. აქ მოხვედრა ვიწრო, ციცაბო ბილიკებით შეიძლებოდა მხოლოდ. დამარცხების შემთხვევაში მთათა უდაბურ გამოქვაბულებში შეეძლო შეეფარებინა თავი მის ლაშქარს, სადაც უცხონი ვერ დაედევნებოდნენ.პწ 282.3

    ბრძოლის წარმატებით დამთავრებაში სრულიად დარწმუნებული მეფე უამრავი მხედრითურთ ველზე გამოჩნდა; მაღლა, ფრიალო ფერდობებიდან, ბრძოლას მოწყურებულ ათასობით მეომართა მხნე, გამარჯვების შეძახილები ისმოდა. ამ საოცარი გოლიათის დანახვაზე, რომელიც აშკარად განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი გოლიათებისაგან, უამრავ მეომართა და ქალაქის მიუვალ ცხესიმაგრეთა დანახვაზე, რომლის მიღმაც მოწინააღმდეგის ათასობით უხილავი მეომარი იმალებოდა, მრავალი ისრაელიანი შეშინდა. მოსე კი კვლავ ჩვეული სიმშვიდით, მტკიცედ იდგა, ვინაიდან ღმერთმა უთხრა ბაშანის მეფეზე: “ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას, მთელს მის ხალხს და მის ქვეყანას. იმგვარადვე მოექცევი მას, როგორც მოექეცი სიხონ ამორეველ მეფეს, რომელიც ხეშბონში იჯდა”.პწ 282.4

    წინამძღოლის მტკიცე რწმენამ უფლისადმი ნდობა განუმტკიცა ხალხს. მიენდნენ ისინი უზენაესის ყოვლადძლიერ ხელს და მანაც არ მიატოვა თავისი ერი. რას გახდებოდნენ გიგანტი გოლიათები, გამაგრებული ქალაქები, შეიარაღებული ლაშქარი ან კლდოვანი ციხესიმაგრეები უზენაესის მხედრობის თავის წინაშე! თავად უფალი ხელმძღვანელობდა ისრაელიანთა ლაშქარს - ეს მან შეაშინა და თავგზა აუბნია მტრის ჯარს. თავად უფალი ღმერთი იბრძოდა ისრაელისათვის! გაანადგურა უფალმა გოლიათი მეფე და მისი ჯარი და ისრაელიანთ მისცა მათი ქვეყანა. ასე განადგურდა სამარადისოდ ეს უჩვეულო, უწმიდური და კერპთაყვანისმცემელი ხალხი.პწ 282.5

    გალაადისა და ბაშანისათვის ბრძოლაში ის ადამიანებიც მონაწილეობდნენ, ორმოცი წლის წინ კადეშში მომხდარი მოვლენების მოწმენი რომ იყვნენ. სწორედ ეს მოვლენები გახდა ისრაელიანთა უდაბნოში ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობის მიზეზი. ახლა დარწმუნდნენ ისინი, რომ აღთქმული მიწის შესახებ მაშინდელ მსტოვართა მონათხრობი სიმართლეს შეეფერებოდა. ქალაქები, მართლაც, მაღალი გალავნებით იყო გამაგრებული. იქ ნამდვილად ცხოვრობდნენ გოლიათები, რომელთა გვერდით ისრაელიანნი მართლაც ქონდრისკაცებად გამოიყურებოდნენ. ახლა მიხვდნენ ისინი, თუ რა საბედისწერო შეცდომა ჩაიდინეს მათმა მამებმა, ღვთის ძალას რომ არ მიენდვნენ. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მათ ვერ იხილეს ეს მშვენიერი ქვეყანა.პწ 283.1

    მაშინ უფრო ადვილი იყო ქანაანში შესვლა, ვიდრე ახლა. უფალმა აღუთქვა თავის ერს, რომ თუკი ისინი უფალს მოუსმენენ, იგი თავად გაუძღვება წინ და იბრძოლებს მათთვის; რომ უამრავ კრაზანას მიუსევს ამ ხალხს, რათა განდევნოს ისინი საკუთარი მიწიდან. მაშინ ამ ხალხებს ძლიერ ეშინოდათ ღვთის რჩეული ერისა, ამიტომ სერიოზული დაბრკოლების გარეშე შეეძლოთ შესვლა ისრაელიანთ აღთქმულ ქვეყანაში. მაგრამ ახლა, როცა უფალმა იერიშისაკენ მოუწოდა მათ, ძლიერ და საშიშ, მრავალრიცხოვან და კარგად მომზადებულ მებრძოლ ლაშქარს უნდა შებრძოლებოდნენ.პწ 283.2

    ბაშანთან და სიხონთან ბრძოლაში ისრაელიანთ იგივე გამოცდა ელოდათ, რომელსაც მათმა მამებმა ვერ გაუძლეს. მაგრამ ეს გამოცდა უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მაშინ, როცა უფალმა ისრაელს წინ წასვლა უბრძანა. ახლა უფრო მეტ სიძნელეებს წააწყდნენ, ვიდრე მაშინ, როცა უფლის ხელმძღვანელობაზე უარი თქვეს. ასე სცდის უფალი ყოველთვის თავის ხალხს. თუკი მან პირველ გამოცდას ვერ გაუძლო, მეორედ უფრო მკაცრად გამოიცდება. და ასე გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი არ გამოიწრთობა; ხოლო, თუკი იგი კვლავ ურჩობს, ღმერთი წაართმევს თავის ნათელს და სამუდამო წყვდიადში დატოვებს.პწ 283.3

    ახლა გაახსენდათ ებრაელებს, თუ როგორ დამარცხდნენ ერთხელ ისინი ბრძოლაში, რომელშიც ათასობით ადამიანი დაიღუპა. ისიც გაიხსენეს, რომ მაშინ უფლის ბრძანების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, საომრად ღვთის მიერ მათთვის დანიშნული წინამძღოლის, მოსეს გარეშე გამოვიდნენ; არც ღრუბლის სვეტი - ღვთიური ნიშანი უძღოდათ წინ და არც კიდობანი. ახლა კი მათთან იყო მოსე, იმედის და რწმენის სიტყვებით რომ ამხნევებდა თავის ხალხს. ღრუბელში გახვეული უფლის ძე გზას უჩვენებდა, წმიდა კიდობანი კი წინ მიუძღოდათ. დიდი გაკვეთილია ჩვენთვის ეს მოვლენა. ისრაელის ყოვლადძლიერი ღმერთი ჩვენი ღმერთია. შეგვიძლია, ვერწმუნოთ მას და, თუკი მის სიტყვას დავემორჩილებით, იგივეს გააკეთებს ჩვენთვის, რაც ერთ დროს ძველი ისრაელისათვის გააკეთა. ყოველი მორწმუნის ცხოვრებაში დადგება ჟამი, როცა გაუჩნდება ეჭვი და უნდობლობა; ცხოვრების გზაზე ზოგჯერ თითქოსდა დაუძლეველი დაბრკოლება შეხვდება, რაც სასოწარკვეთილებას მოჰგვრის ყოველ სულმოკლე ადამიანს, მაგრამ ასეთებს ღმერთი მიმართავს: “არ შეყოვნდეთ! მტკიცედ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და დაბრკოლებები, რომლისაც ასე გეშინიათ და გადაულახავად გეჩვენებათ, გაქრება, ოღონდ, თუკი მიენდობით უფალს და მორჩილებით აასრულებთ მის ნებას”.პწ 283.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents