Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 8 - წარღვნის შემდეგ

    დაბადება 7:20-9:17

    თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა ყველაზე მაღალ მთებს ზემოთ. კიდობანში მყოფთ ხშირად ეჩვენებოდათ, რომ ესესაა დაიღუპებიან, ვინაიდან ხუთმა გრძელმა თვემ განვლო მას შემდეგ, რაც მათი ნავი ქარიშხლისაგან აბობოქრებულ ზვირთებში შეცურდა. ეს იყო საშინელი გამოცდა, მაგრამ ნოეს რწმენა ერთი იოტითაც არ შერყეულა, რადგან იგი დარწმუნებული იყო, რომ ყოველივე ამას უფლის ხელი ხელმძღვანელობდა.პწ 59.1

    როცა წყალმა დაკლება იწყო, უფლის ხელმა კიდობანი ისეთ ადგილს მიაყენა, რომელიც ყოველი მხრიდან მთებით იყო დაცული და რომელიც, მისი წყალობით, დაუზიანებელი დარჩა. მთები ერთურთისაგან მცირე მანძილით იყო დაშორებული და მაღალ კედელს ქმნიდა. უძირო ოკეანის საშინელი ზვირთებისაგან თავდაღწეული ნავი ახლა მშვიდად ირწეოდა მოლივლივე ტალღებზე ამ წყნარ სავანეში. ამან კი დიდი შვება მოჰგვარა მძვინვარე სტიქიასთან ბრძოლით დაქანცულ ადამიანებს.პწ 59.2

    ნოე და მთელი მისი ოჯახი მოუთმენლად ელოდა მომენტს, როდესაც წყალი დაიკლებდა და ისინი კვლავ დაადგამდნენ ფეხს ხმელეთზე. ორმოცი დღის შემდეგ, როგორც იქნა, მთის მწვერვალები გამოჩნდა, ნოემ გამოუშვა ყორანი - ეს მეტად მგრძნობიარე ფრინველი, რათა გაეგო, გაშრა თუ არა მიწა. ფრინველმა ვერსად მონახა მშრალი ადგილი და ნავის თავზემოთ ფრენა განაგრძო. შვიდი დღის შემდეგ ნოემ მტრედი გამოუშვა, მაგრამ მანაც ვერ იპოვა მშრალი ადგილი და ნავში დაბრუნდა. ნოემ კიდევ მოიცადა შვიდი დღე და კვლავ გამოუშვა მტრედი. და როდესაც მან საღამოს ნისკარტით ზეთისხილის ნედლი რტო მოიტანა, კიდობანში ნამდვილმა დღესასწაულმა დაისადგურა. შემდეგ ნოემ “ახადა სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალია მიწის პირი”. მაგრამ მან კვლავ მოთმინებით განაგრძო ლოდინი. თავის დროზე იგი კიდობანში უფლის მითითებით შევიდა და ახლაც მოთმინებით ელოდა მისგან განსაკუთრებულ მითითებას, რომ დაეტოვებინა იგი.პწ 59.3

    და ბოლოს, ზეციდან მოვიდა ანგელოზი, კიდობნის კარი გახსნა და უბრძანა პატრიარქს და მის ოჯახს, გამოსულიყვნენ და ცხოველებიც გამოეყვანათ. გათავისუფლების უდიდესმა სიხარულმა არ დაავიწყა ნოეს, თუ ვისმა სიყვარულმა და მზრუნველობამ გადაარჩინა იგი და მისი ოჯახი დაღუპვას. პირველი, რაც მან ნავიდან გამოსვლისას გააკეთა, სამსხვერპლოს აგება იყო. შესწირა ნოემ მსხვერპლი ყოველი წმიდა ცხოველისა და ფრინველისაგან ხსნისათვის მადლიერებისა და ქრისტეს უდიდესი მსხვერპლისადმი თავისი ურყევი რწმენის ნიშნად. ეს შესაწირავი მოიწონა უფალმა და უხვად აკურთხა არა მხოლოდ ნოეს ოჯახი, არამედ მისი მომდევნი თაობებიც მთელი დედამიწის ზურგზე. “იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო... ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება”.პწ 59.4

    ეს თვალსაჩინო მაგალითი იყო ყველა მომავალი თაობისათვის. ნოე კიდობნიდან უკაცრიელ მიწაზე გამოვიდა და თავისთვის საცხოვრებლის აშენებამდე უფალ ღმერთს აუგო სამსხვერპლო. თავისი მცირერიცხოვანი პირუტყვიდან, რომელიც ასე მძიმე პირობებში ძლივს შეინარჩუნა, მან დიდი სიხარულით მიუძღვნა ნაწილი ღმერთს, რაც იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის. ამ მაგალითისამებრ, ჩვენც ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ, რათა უფალს ნებაყოფლობითი მსხვერპლი შევწიროთ. მისი მოწყალებისა და სიყვარულის ყოველ გამოვლენას ერთგულებით უნდა ვუპასუხოთ და მისი საქმის აღსასრულებლად შესაწირავი უნდა გავიღოთ.პწ 59.5

    ღრუბელსა და წვიმას წარღვნის გამეორების მუდმივ შიშში რომ არ ჰყოლოდა ადამიანები, უფალმა გაამხნევა ნოე და მისი ოჯახი შემდეგი აღთქმით: “გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად... ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის. როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამქვეყნად”.პწ 60.1

    რა დიდია უფლის მოწყალება და სიყვარული დედამიწის გზააბნეულ შვილთა მიმართ, გაცხადებული მშვენიერ ცისარტყელაში - უფალსა და ადამიანთა შორის აღთქმის სიმბოლოში! უფალი ამბობს, რომ ცისარტყელას ყოველ დანახვაზე გაიხსენებს აღთქმას, რომელიც დედამიწის მკვიდრთ დაუდო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას შეიძლება დაავიწყდეს ის. უფალი მიწიერი ენით გვესაუბრება, რათა უკეთესად გავიგოთ მისი ნათქვამი. უფალს სურდა, რომ, როდესაც მომავალი თაობები დაინტერესდებოდნენ ცისარტყელას მნიშვნელობით, მშობლებს მოეთხროთ მათთვის წარღვნის ისტორია და ამბავი იმისა, თუ როგორ მოათავსა უზენაესმა იგი ღრუბლებში იმის ნიშნად, რომ დედამიწას წარღვნით არასოდეს გაანადგურებდა. ამგვარად, თაობიდან თაობამდე აღთქმის ცისარტყელა ადამიანისადმი ღვთიურ სიყვარულზე უნდა მოწმობდეს და გულში უფლისადმი რწმენასა და ნდობას უნდა სახავდეს.პწ 60.2

    მსგავსი ცისარტყელა გარს აკრავს ღმერთის ტახტს ზეცაში და მთელი ბრწყინვალებით მოსავს ქრისტეს თავს. წინასწარმეტყველი ამბობს: “როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ” /ეზეკ. 1:28/. გამოცხადების ავტორი კი წერს: “აჰა, ტახტი იდგა ცაში და ტახტზე იყო მჯდომარე... და ცისარტყელა გადარკალულიყო ტახტის თავზე, სმარაგდის მსგავსი” /გამოცხ. 4:2,3/. როცა ადამიანთა ურჯულოება და ბოროტი საქმეები უზენაესის სამსჯავროს იწვევს, მაშინ მაცხოვარი შუამდგომლობს მათ მამის წინაშე, მიუთითებს ტახტის და თავის გარშემო შემორკალულ ცისარტყელაზე, როგორც მომნანიებელი ცოდვილისადმი ღვთის უდიდესი წყალობის ნიშანზე.პწ 60.3

    წარღვნის შესახებ ნოესთვის მიცემულ დაპირებას უფალმა ღმერთმა თავისი მადლის ერთერთი უძვირფასესი აღთმა დაუკავშირა: “რადგან ეს ნოეს წყლებია ჩემთვის: როგორც დავიფიცე, რომ აღარ მოვავლენდი ნოეს წყლებს ქვეყანაზე, ასე ვფიცავ, რომ აღარ განვრისხდები შენზე და აღარ დაგემდურები, რადგან მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალობა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი” /ეს. 54:9,10/.პწ 60.4

    ნოეს ძლიერ ეშინოდა, რომ იმ უზარმაზარ მტაცებელ ცხოველებს, მათთან ერთად კიდობნიდან რომ გამოვიდნენ, მისი რვა სულისაგან შემდგარი, მცირერიცხოვანი ოჯახი არ გაენადგურებინა. მაგრამ უფალმა მფარველი ანგელოზი გაუგზავნა თავის მსახურს და გაამხნევა: “თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე და ზღვის ყველა თევზს; თქვენს ხელთ არიან ისინი. ყოველი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს”. აქამდე ღმერთი ხორცის ჭამის ნებას არ რთავდა ადამიანს, მას სურდა, რომ მხოლოდ მიწის ნაყოფი ყოფილიყო მისი საკვები. მაგრამ ახლა, როცა მთელი მცენარეული სამყარო განადგურდა, მან კიდობანში მყოფ წმიდა ცხოველთა ხორცის ჭამის ნება მისცა.პწ 60.5

    წარღვნის შედეგად ძლიერ შეიცვალა დედამიწის იერსახე. ცოდვის შედეგად მესამე საშინელი წყევლის სიმძიმე დაემუქრა მას. წყალმა თანდათან იკლო, თავი იჩინა ბორცვებმა და მთებმა, რომელთაც გარს მღვრიე, უსასრულო ოკეანე შემორტყმოდა. მიწა მოფენილი იყო ადამიანთა და ცხოველთა გვამებით. მაგრამ უფალმა არ დაუშვა, რომ ამ ხრწნად გვამებს ჰაერი მოეწამლა და ყველა მიწაში ჩამარხა. ასე რომ, დედამიწა გახდა მათი საერთო საფლავი. ბობოქარმა, ძლიერმა ქარმა, რომლითაც უფალმა მიწის ზედაპირის გაშრობა გადაწყვიტა, უდიდესი ძალით წარხვეტა გვამები, მთის მწვერვალები, მოთხარა და დაახვავა ხეები, ქვები და ლოდები, რომლებმაც დაფარა დაღუპულთა გვამები. ამგვარად, მიწის ქვეშ მოექცა ოქრო, ვერცხლი, საუკეთესო ჯიშის ხეები, ძვირფასი ქვები, რითაც ასე მდიდრულად იყო მორთული წარღვნამდელი წუთისოფელი და რასაც მისი მცხოვრებნი აღმერთებდნენ. წყლის ძლიერი დინებებით ეს განძი მიწამ, ზოგ ადგილას კი კლდეებმა და მაღალმა მთებმა დაფარა. ღმერთი ხედავდა, რომ რაც უფრო მეტს აძლევდა და ამდიდრებდა ცოდვილთ, მით უფრო მეტად ირყვნებოდნენ ისინი. სიმდიდრისა და სიკეთის უხვი მომცემის განდიდების ნაცვლად ადამიანებმა უარყვეს იგი და მიწიერ საგანძურთა თაყვანისცემა იწყეს.პწ 61.1

    წარღვნით გაუდაბურებული დედამიწა ენით აუწერელ ქაოსსა და საშინელ სანახაობას წარმოადგენდა. ერთ დროს ულამაზესი, სიმეტრიულად განლაგებული მთები ახლა მიწისა და სხვადასხვა ქანების უწესრიგო გროვად იქცა, რასაც კლდოვანი ლოდების ნამტვრევები ფარავდა. ბევრ ადგილას უკვალოდ გაქრა მაღლობები და გორაკები, ხოლო ადრინდელი დაბლობებისა და მდელოების ადგილზე ახლა მაღალი მთაგრეხილები გადაჭიმულიყო. მაგრამ ყველგან ერთნაირი ცვლილებები როდი განიცადა დედამიწამ. ოქროს, ვერცხლისა და ძვირფასი ქვების საბადოებით ერთ დროს მდიდარ ადგილებს ახლა უმძიმესი წყევლის კვალი აჩნდა. ხოლო დედამიწის ნაკლებად დასახლებულ მხარეებს და ადგილებს, სადაც ცოდვა შედარებით ნაკლებად იყო გაბატონებული, წყევლა ნაკლებად შეეხო.პწ 61.2

    უზარმაზარი ტყეები მიწის ქვეშ დაიმარხა და თანდათანობით ნახშირის ბუდობები და დიდი რაოდენობის ნავთობი წარმოშვა, რამაც ჩვენს დღეებამდეც მოაღწია. ნახშირი და ნავთობი ხშირად ალდება და იწვის მიწის ქვეშ, რის შედეგადაც ცხელდება ქვის ქანები და კირი, მადანი კი დნება. წყლის კირზე ზემოქმედება უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას იწვევს, რაც სხვადასხვაგვარი მიწისძვრებისა და ვულკანების ამოფრქვევის მიზეზი ხდება. მადანთან და კირთან ცეცხლისა და წყლის შერევა იწვევს ძლიერ მიწისქვეშა ბიძგებს, რაც ხშირად გრგვინვის ყრუ, დახშულ ხმებს წააგავს. ჰაერის გაცხელებას მოსდევს ვულკანური აფეთქება, რის დროსაც ხშირად ეს გავარვარებული ნივთიერებანი გამოსასვლელს ვერ პოულობს; მიწა ირყევა, მისი ქერქი იბერება და ზღვის ტალღების მსგავსად იწევა. ჩნდება უზარმაზარი ნაპრალები, რომლებიც ზოგჯერ მთელ ქალაქებს, სოფლებსა და დიდ მთებსაც კი შთანთქავს. ასეთი სასწაულებრივი, ტრაგიკული მოვლენები თანდათან უფრო გახშირდება უშუალოდ ქრისტეს მეორედ მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის წინ, როგორც ნიშანი მისი მალე დაღუპვისა.პწ 61.3

    დედამიწის სიღრმეები უფლის საწყობებია. ძველი წუთისოფლის გასანადგურებლად ღმერთმა იქ ჩამალული იარაღი გამოიყენა. ზედაპირზე ამოხეთქილმა მიწისქვეშა წყლებმა ციდან წამოსულ წვიმის ნიაღვართან ერთად გააკეთა თავისი დამღუპველი საქმე. წარღვნის დღეებიდან მოყოლებული ცეცხლი, ისევე, როგორც წყალი, უწმიდურ ქალაქთა გასანადგურებელ იარაღს წარმოადგენდა უფლის ხელში. უფალი უგზავნის ამ სასჯელს დედამიწას, რათა უფლის წმიდა რჯულისა და მისი ავტორიტეტის აბუჩად ამგდებნი შეშინდნენ, დაფიქრდნენ და აღიარონ მისი ძალა და უზენაესი მმართველობა. ამოფრქვეული ცეცხლისა და გავარვარებული ლავის, რომელიც მთელ ქალაქებსა და მდინარეებს ფარავდა, აცამტვერებდა და ანადგურებდა, დანახვაზე ყველაზე უშიშარნი, ურწმუნონი და თავხედი ღვთისმგმობელნიც კი იძულებულნი ხდებოდნენ, ეღიარებინათ ღმერთის უსასრულო ძლიერება.პწ 62.1

    ასეთი სურათების მხილველი ძველი წინასწარმეტყველნი აღმოთქვამდნენ: “ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე! როგორც გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს: შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები. როცა ახდენდი სასწაულებს, რომელთაც არ ველოდი, ჩამოდიოდი და მთები დნებოდნენ შენს წინაშე” /ეს. 64:1-3/. “გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი; ღრუბელი მის ფერხთა მტვერია. დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს და დაშრეტს ყველა მდინარეს” /ნაუმ. 1:3, 4/.პწ 62.2

    ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ადამიანები უფრო საშინელ სურათებს იხილავენ. “მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები. ირყევა მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი. ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ძეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან” /ნაუმ. 1:5,6/. “უფალო, მოდრიკე ცანნი შენი და გადმოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ! გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ” /ფს. 143:5,6/.პწ 62.3

    “ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს და კვამლის ბოლქვებს” /საქ. 2:19/. “იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა!.. ყოველი კუნძული გაიქცა და მთები აღარ იპოვებოდა. ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ციდან ადამიანებზე” /გამოცხ. 16:18-21/.პწ 62.4

    ზეციური ელვა დედამიწის ცეცხლს შეუერთდება და მაშინ მთები, ღუმლის მსგავსად, გავარვარდებიან, საშინელი ლავის ნაკადებს ამოაფრქვევენ, რაც ბაღებს, მინდვრებს, სოფლებსა და ქალაქებს დაფარავს. გავარვარებული მასის ზემოქმედებით მდუღარე წყალი გახეთქავს და დაანგრევს მიუვალ, სალ კლდეებს. მდინარეები დაშრება. მიწა აზვირთდება, ყველგან მოხდება საშინელი მიწისძვრები და აფეთქებები.პწ 62.5

    ასე განწმედს ღმერთი დედამიწას უწმიდურთაგან. ხოლო მართლები დაცულნი იქნებიან ამ საშინელებათაგან ისევე, როგორც ნოე - კიდობანში წარღვნის დროს. უფალი იქნება მათი თავშესაფარი და მის ფრთებქვეშ უშიშრად იქნებიან ისინი. მეფსალმუნე ამბობს: “რადგან ღმერთო, შენა ხარ ჩემი თავშესაფარი; შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი. არ შეგემთხვევა სიავე”/ფს. 90:9,10/. “რადგან შემიფარავს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში” /ფს. 26:5/.პწ 62.6

    უფალი აღგვითქვამს: „რაკი შემიყვარა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო სახელი ჩემი” /ფს. 90:14/.პწ 63.1