Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 3 - ცდუნება და დაცემა

    დაბადება 3

    სატანას ზეცაში ამბოხების გაგრძელების შესაძლებლობა რომ წაერთვა, უფლის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სფერო იპოვა - კაცობრიობის დაღუპვა. ედემში მყოფი უცოდველი წყვილის ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება მას თავის საუკუნოდ დაკარგულ ნეტარებას ახსენებდა. შურითა და სიძულვილით აღვსილმა სატანამ გადაწყვიტა, დაუმორჩილებლობის თესლი დაეთესა მასში, ვინაიდან ამას დანაშაულისათვის სასჯელი მოჰყვებოდა და მაშინ უფლისადმი ადამისა და ევას სიყვარული სიძულვილით, მათი ქებადიდების საგალობლები კი შემოქმედის მიმართ საყვედურებით შეიცვლებოდა. ასე ფიქრობდა სატანა ტანჯვის უფსკრულში, რომელშიც თავად უკვე იმყოფებოდა, არა მხოლოდ ამ უცოდველ არსებათა ჩათრევას, არამედ უფლის შეურაცხყოფას და ზეცის ღრმა მწუხარებაში გახვევას.პწ 21.2

    ჩვენი წინაპრები გააფრთხილეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ზეციურმა მაცნეებმა გააცნეს მათ სატანის დაცემის ისტორია, ისიც უთხრეს, რომ მზაკვარს მათი დაღუპვა აქვს ჩაფიქრებული, სრულად გაუხსნეს ღვთიური მმართველობის არსი, რომლის დამხობაც ასე ძალიან სურდა ბოროტების მეფეს. სწორედ უფლის სამართლიანი კანონებისადმი დაუმორჩილებლობამ მიიყვანა სატანა და მისი მხედრობა დაცემამდე. ამიტომ იყო ასე საჭირო, რომ ადამსა და ევას დაეცვათ უფლის რჯული - წესრიგისა და სამართლიანობის ერთადერთი გარანტია.პწ 21.3

    უფლის რჯული ისეთივე წმიდაა, როგორც თავად ღმერთი. იგი მისი ნებისა და ხასიათის, მისი ღვთიური არსის, სიყვარულისა და სიბრძნის გამოცხადებაა. მთელი შექმნილი სამყაროს ჰარმონია ამ სამყაროს შემოქმედის მიერ დადგენილი რჯულისადმი სრულ მორჩილებაზეა დამოკიდებული. ღმერთმა დაადგინა კანონები, რომლებიც არა მხოლოდ ცოცხალ არსებებს, არამედ ბუნებაში მიმდინარე ყველა პროცესს მართავს. ყველაფერი შემოქმედის უცვლელ კანონებს ემორჩილება. დედამიწაზე ყველაფერს ბუნების კანონები განაგებს, მხოლოდ ადამიანი ხელმძღვანელობს ზნეობრივი კანონებით. მხოლოდ ადამიანს - თავისი შემოქმედების გვირგვინს მისცა ღმერთმა მათი შემეცნების უნარი, მისი კანონის სამართლიანობისა და კეთილმოწყალების გააზრების შესაძლებლობა და საპასუხოდ მორჩილებას მოელის მისგან.პწ 21.4

    ანგელოზთა მსგავსად, ედემის მკვიდრნიც გამოიცადნენ: ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდნენ ბედნიერნი, თუკი შემოქმედის კანონს დაიცავდნენ. ან დაემორჩილებოდნენ მას და იცოცხლებდნენ, ან უარყოფდნენ და მოკვდებოდნენ. უფალმა მათ მემკვიდრეობად უხვი კურთხევა უბოძა, მაგრამ მისი ნების ჯიუტად უარმყოფელთ იგი არ შეიწყალებს, როგორც არ შეიწყალა შემცდარი ანგელოზები. ცოდვა ღვთის კურთხევების მიღების უფლებას წაართმევდა და ტანჯვასა და სიკვდილს მოუტანდა მათ.პწ 22.1

    ანგელოზები აფრთხილებდნენ ადამსა და ევას, რომ სატანა მთელი ძალებით ეცდება მათ ცდუნებას. მაგრამ სანამ ისინი უფლის ერთგულნი იქნებიან, მზაკვარი ვერაფერს ავნებს, რადგან მთელი ზეციური მხედრობა დაეხმარება მათ. თუკი ადამი და ევა მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევენ სატანის ცდუნებას, ისინი ისევე დაცულნი იქნებიან, როგორც ზეციური მაცნეები. მაგრამ საკმარისია ერთხელ ცდუნდნენ, რომ მათი ცოდვილი ბუნება მაშინვე დაკარგავს ძალას და სურვილს, წინააღმდეგობა გაუწიოს სატანას.პწ 22.2

    კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის მეშვეობით გამოიცადა ადამისა და ევას რწმენა და სიყვარული ღვთის მიმართ. ბევრი ხე იდგა ბაღში, უფალმა კი მხოლოდ ერთი მათგანის ნაყოფის შეჭმა აუკრძალა მათ და გააფრთხილა, რომ თუკი უფლის ნებას არ დაემორჩილებიან, პასუხს აგებენ დანაშაულის გამო. ადამი და ევა ყოველმხრივ დაცულნი იყვნენ სატანისაგან, მათ საცდუნებლად მზაკვარს მხოლოდ აკრძალულ ხესთან შეეძლო მისვლა. კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხესთან მიახლოებისთანავე იგემებდნენ ადამი და ევა მის შემოტევას. ანგელოზები ევედრებოდნენ მათ, ყურად ეღოთ უფლის გაფრთხილება და რჩევები.პწ 22.3

    დასახული მიზნის ფარულად განხორციელებისათვის სატანამ გადაწყვიტა, გველი გამოეყენებინა - ეს საუკეთესო ნიღაბი იყო მისი მზაკვრული ჩანაფიქრის აღსასრულებლად. გველი ერთერთი ყველაზე ლამაზი და ბრძენი არსება იყო მთელ დედამიწაზე. მას ჰქონდა ფრთები, რომლის ბრწყინვალება ფრენის დროს საოცრად მიმზიდველ სანახაობას ქმნიდა. იგი მოხერხებულად მოეწყო აკრძალული ხის ნაყოფით დამძიმებულ ტოტებზე და ამ მშვენიერი ნაყოფით ცდილობდა ცნობისმოყვარე მზერის თავისკენ მიზიდვას. ასე უთვალთვალებდა სამოთხის ბაღის სიღრმეში მიმალული მაცდური თავის ნადავლს.პწ 22.4

    ანგელოზები აფრთხილებდნენ ევას, ბაღში ყოველდღიური საქმიანობისას გვერდიდან არ მოსცილებოდა ქმარს, ვინაიდან ადამის სიახლოვეს საფრთხე ნაკლები იყო. მაგრამ ერთხელ ფიქრებში გართული ევა ისე მოშორდა მას, რომ ვერც კი შეამჩნია. მარტოდ დარჩენილი ევა მოსალოდნელი საფრთხის რაღაც მძიმე წინათგრძნობამ შეიპყრო. მაგრამ მალე შეეცადა, თავიდან მოეშორებინა ეს შიში იმ აზრით, რომ ის საკმაოდ გონიერი და ძლიერია, რათა ამოიცნოს ბოროტება და წინ აღუდგეს მას. ევას სრულიად გადაავიწყდა ანგელოზების გაფრ- თხილება და სულ მალე აკრძალულ ხესთან აღმოჩნდა, რომელსაც ცნობისმოყვარეობითა და გაოცებით შეაცქერდა. ამ ხის ნაყოფი მეტად მშვენიერი იყო და ევას გაუკვირდა, რატომ აუკრძალა ღმერთმა მისი შეჭმა. მაცდურს ხელსაყრელი მომენტი დაუდგა; თავი ისე აჩვენა, თითქოს მისთვის ცნობილი იყო ევას აღელვების მიზეზი და ჰკითხა: “მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?” განცვიფრებულმა და შეშინებულმა ევამ გველის სიტყვებში თითქოს თავის საიდუმლო ფიქრზე პასუხი მიიღო. გველი კი თავისი მელოდიური ხმით განაგრძობდა საუბარს და ოსტატურად აქებდა ევას მშვენიერ გარეგნობას, რასაც იგი კმაყოფილებით უსმენდა. იმის ნაცვლად, რომ მაშინვე გასცლოდა ამ ხიფათიან ადგილს, ევა შეყოვნდა, ვინაიდან გველის სიტყვებმა დიდად დააინტერესა. ევას რომ ასეთი სიტყვები ანგელოზის მსგავსი არსებისაგან მოესმინა, შესაძლოა, შეშინებოდა, მაგრამ ახლა აზრადაც არ მოსვლია, რომ ისეთი მომხიბლავი არსება, როგორიც გველი იყო, შეიძლებოდა მტრის - დაცემული ანგელოზის შუამავალი ყოფილიყო.პწ 22.5

    და ევამ ასეთი პასუხი გასცა მაცდურს: “რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთო, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით. ნაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი”.პწ 23.1

    თუკი ამ ხის ნაყოფს შეჭამთ, - უთხრა გველმა, - ყოფიერების უმაღლეს სფეროებში შეაღწევთ და უფრო დიდ ცოდნას შეიძენთ. შემდეგ, თითქოსდა თავისი სიტყვების დასამტკიცებლად, აღნიშნა, რომ თავადაც იგემა აკრძალული ნაყოფი, რის შედეგადაც მეტყველების ნიჭი მიეცა და ლაპარაკი დაიწყო. ფრთხილად შეაპარა მან ევას, რომ მხოლოდ იმიტომ აუკრძალა ღმერთმა მათ ამ ხის ნაყოფის შეჭმა, რომ ისინი მას არ გატოლებოდნენ. და რადგან ამ ნაყოფში სასწაულებრივი სიბრძნე და ძალაა დაფარული, ღმერთმა არა მხოლოდ მისი შეჭმა, არამედ მასთან მიახლოებაც კი აკრძალა. თან მაცდურმა, თითქოს სხვათა შორის, აღნიშნა, რომ უფალი არ შეასრულებს თავის მუქარას, არამედ, უბრალოდ, მათი შეშინება უნდა. როგორ შეიძლება მოკვდეს ცოცხალი არსება? განა ისინი არ ჭამენ სიცოცხლის ხის ნაყოფს? ღმერთს, უბრალოდ, სურს, ხელი შეუშალოს მათ უმაღლეს განვითარებას და ბედნიერებას.პწ 23.2

    ასე იღწვის სატანა ადამის დროიდან დღემდე და დიდი წარმატებითაც. იგი აცდუნებს ადამიანებს, ეჭვი შეიტანონ ღვთის სიყვარულსა და სიბრძნეში. იგი მუდამ ცდილობს, გააღვიძოს ადამიანებში უადგილო ცნობისმოყვარეობა და მგზნებარე ჟინი ღვთიური სიბრძნისა და ძალის საიდუმლო სიღრმეებში შეჭრისა; და რამდენი ადამიანი ასეთი მცდელობით გვერდს უვლის მისი გადარჩენისათვის საჭირო და აუცილებელ ჭეშმარიტებას. უბიძგებს რა ურჩობისაკენ, სატანა ცდილობს, შთააგონოს ადამიანებს, რომ ისინი შემეცნების დიდებულ და საოცარ სფეროში შეაბიჯებენ. მაგრამ სიცრუეა ყოველივე. თავიანთი ყალბი წარმატებებით მოხიბლულნი, უფლის დადგენილებათა უარყოფით ისინი განადგურებისა და სიკვდილის გზას ირჩევენ.პწ 23.3

    სატანა არწმუნებდა უცოდველ წყვილს, რომ უფლის რჯულის დარღვევით ბევრ რამეს შეიძენს. და განა დღეს ნაკლებად გვესმის მსგავსი მსჯელობები? მრავალი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ფლობს მსოფლმხედველობის ფართო დიაპაზონს და თავისუფლად მოქმედებს, გონებაშეზღუდულ პიროვნებად თვლის უფლის ნების ყოველ მორჩილს. განა ეს არ არის ედემში თქმულის გამოძახილი? “როგორც კი შეჭამთ” /ღმერთის ნებას გადახვალთ/, “შეიქნებით ღმერთივით”. სატანა არწმუნებდა ევას, რომ მან თავად შეჭამა აკრძალული ნაყოფი და ბევრსაც მიაღწია, მაგრამ ყოველმხრივ ცდილობდა დაემალა ის ფაქტი, რომ უფლის რჯულის წინააღმდეგ ამბოხებისათვის იგი ზეციდან გააძევეს. თუმცა უკვე დარწმუნდა, რომ ცოდვა საშინელი დაცემაა, მაგრამ მაინც დამალა თავისი არასახარბიელო, საცოდავი მდგომარეობა, რათა სხვებიც უფსკრულში გადაეჩეხა. ასეა დღესაც: კანონის დამრღვევი ყოველთვის ცდილობს, დამალოს თავისი ჭეშმარიტი სახე და თავი წმიდად წარმოგვიდგინოს, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი კიდევ უფრო სახიფათოა.პწ 23.4

    ევამ გულწრფელად ირწმუნა სატანის სიტყვები, მაგრამ ამ რწმენამ ვერ იხსნა იგი დამსახურებული სასჯელისაგან. იგი დაეჭვდა უფლის სიტყვებში, რამაც მისი დაცემა გამოიწვია. სამსჯავროზე ადამიანები განისჯებიან არა იმის გამო, რომ გულწრფელად იწამეს სიცრუე, არამედ იმისათვის, რომ არ ირწმუნეს ჭეშმარიტება და უარყვეს მისი შეცნობის შესაძლებლობა. მიუხედავად სატანის ურთიერთსაწინააღმდეგო დასაბუთებებისა, უფლის რჯულისადმი დაუმორჩილებლობას ყოველთვის საბედისწერო შედეგი მოჰყვება. მთელი გულით უნდა ვისწრაფოთ ჭეშმარიტების შემეცნებისაკენ. ღვთის სიტყვაში მოცემული მისი ყოველი შეგონება - რჩევა და გაფრთხილებაა ჩვენთვის, რომლებიც იმისათვის მოგვეცა, რომ არ შევცდეთ. მათი უარყოფით თავს დავიღუპავთ. ვჭვგარეშეა, რომ ღვთის სიტყვის მიმართ ყოველი წინააღმდეგობა სატანისაგან მოდის.პწ 24.1

    გველმა მოწყვიტა აკრძალული ნაყოფი და მისცა ევას, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. შემდეგ შეახსენა მისივე ნათქვამი, რომ უფალმა სიკვდილის მუქარით აუკრძალა, ამ ნაყოფს შეხებოდა. ახლა კი, როცა ეს ნაყოფი ევას უკვე ხელში ეჭირა, სატანა შეეცადა დაერწმუნებინა ის, რომ ნაყოფის შეჭმაც ისევე უვნებელია, როგორც მისი ხელით შეხება. და ევაც შესამჩნევად გათამამდა, როცა ნახა, რომ ნაყოფის შეხებით არაფერი ცუდი არ შეემთხვა. როცა მან დაინახა, “რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა”. იგემა თუ არა ნაყოფი, ევას მოეჩვენა, თითქოს რაღაც ცხოველმყოფელმა ძალამ მოიცვა, რომ მან ყოფიერების უმაღლეს სფეროებში შეაბიჯა. და ევა უკვე სრულიად უშიშრად წყვეტდა და ჭამდა ნაყოფს. ამგვარად შესცოდა მან და იარაღად იქცა სატანის ხელში, რომელმაც მისი ქმრის დაღუპვაც მოინდომა. ევამ მოწყვიტა აკრძალული ხის ნაყოფი და ადამის საძებნელად გაემართა, იპოვა და უამბო ყველაფერი, რაც მოხდა.პწ 24.2

    ადამი განცვიფრდა. მღელვარებამ და მწუხარებამ მოიცვა და ევას გულისტკივილით აუხსნა, რომ ეს, ალბათ, სწორედ ის მტერია, რომლის შესახებაც უფლის ანგელოზები აფრთხილებდნენ და რომ ახლა, უფლის განაჩენის თანახმად, ევა უნდა მოკვდეს. პასუხის ნაცვლად ევა დაჟინებით სთხოვდა ადამს, შეეჭამა ეს ნაყოფი და გაუმეორა გველის სიტყვები, რომ არავითარი სიკვდილის საფრთხე მას არ ემუქრება. და ბოლოს, უამბო თავისი შინაგანი განცდების შესახებ და დაარწმუნა, რომ სრულებით არ გამოუვლენია ღმერთს მის მიმართ უკმაყოფილება, არამედ, პირიქით, მან მთელი არსებით იგრძნო ენერგიის მოზღვავება.პწ 24.3

    ადამი მიხვდა, რომ მისი ცხოვრების თანამგზავრმა დაარღვია უფლის კანონი და უგულებელყო ერთადერთი აკრძალვა, რომელიც უფლისადმი მათი სიყვარულისა და ერთგულების გამოცდა იყო. საშინელი ბრძოლა ხდებოდა მის სულში. იგი ძლიერ წუხდა იმაზე, რომ ევას მისგან შორს წასვლის ნება დართო. მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი დამთავრდა და იგი უნდა დაშორდეს ადამიანს, რომელმაც ამდენი სიხარული და ბედნიერება მოუტანა. როგორ შეეგუოს ამას? ადამი ბედნიერი იყო უფალთან და მის წმიდა ანგელოზებთან ურთიერთობით. იგი ჭვრეტდა უფლის დიდებას და კარგად ესმოდა, თუ რა ბედნიერი იქნებოდა მომავალი კაცობრიობა, უფლისადმი ერთგულება რომ შეენარჩუნებინა. და მაინც, უფლის ამ დიდებული ძღვენის დაკარგვას, რომელიც მისთვის ასე ძვირფასი იყო, ზემოჩამოთვლილ კურთხევათა უარყოფა არჩია. შემოქმედისადმი სიყვარული, მადლიერება და ერთგულება დაჩრდილა უდიდესმა სიყვარულმა ევას მიმართ, რომელიც თვით მისი ნაწილი იყო და მასთან განშორებაზე ფიქრიც კი არ შეეძლო. მას არ ესმოდა, რომ უსასრულო ძალას, რომელმაც მიწის მტვრისაგან შექმნა იგი და მისდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო ცხოვრების თანამგზავრი უძღვნა, მისთვის სხვა მეგობრის შექმნა შეეძლო. და ადამმა გადაწყვიტა, ევას ხვედრი გაეზიარებინა. თუკი ის უნდა მოკვდეს, მაშინ, დაე, ერთად მოკვდნენ. ბოლოს და ბოლოს, ფიქრობდა იგი, იქნებ ბრძენმა გველმა სიმართლე თქვა? მის წინაშე მდგომი ევა ისეთივე მშვენიერი და გარეგნულად უმანკო იყო, როგორც ადრე. პირიქით, მას ადამისადმი სიყვარული კიდევ უფრო გაუძლიერდა. ადამმა სიკვდილის ვერავითარი ნიშანი ვერ შეამჩნია მასში და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - გამოართვა ნაყოფი და სწრაფად შეჭამა.პწ 25.1

    შემდეგ ადამსაც მოეჩვენა, რომ უმაღლეს ყოფიერებაში შეაბიჯა, მაგრამ სულ მალე ჩადენილი დანაშაულის გამო მისი სული საშინელმა ტანჯვამ მოიცვა. დამნაშავე წყვილმა შეამჩნია, რომ თითქოს ამინდიც კი შეიცვალა: ადრე რბილი და სასიამოვნო, ახლა ცივი და პირქუში გახდა. მათ გულებში დავანებული სიყვარული და სიმშვიდე ცოდვის შეგნებამ, მომავლის შიშმა და სულიერმა სიცარიელემ შეცვალა. ნათელი, რომელიც გარს ერტყათ, გაქრა და იძულებულნი გახდნენ, სხვა რამ მოეძებნათ სიშიშვლის დასაფარავად: შიშვლები ხომ არ წარდგებოდნენ უფლისა და წმიდა ანგელოზთა წინაშე!პწ 25.2

    თანდათანობით მიხვდნენ ისინი ჩადენილი დანაშაულის ჭეშმარიტ არსს. ადამი საყვედურობდა ევას იმის გამო, რომ მარტო დატოვა იგი ბაღში, თავად კი გველს დაუჯერა. მაგრამ ისინი თავის დამშვიდებას იმით ცდილობდნენ, რომ ის, ვინც მათ თავისი სივარული მრავალგზის დაუმტკიცა, მიუტევებს ამ ერთადერთ დანაშაულს და არ გამოუტანს საშინელ სასჯელს, რისაც ასე ეშინიათ.პწ 25.3

    სატანა დიდად გაახარა ამ წარმატებამ, ვინაიდან ევას გულში ღვთის სიყვარულისა და სიბრძნისადმი ეჭვი დათესა, რასაც შედეგად უფლის კანონის დარღვევა და ადამის ცდუნება მოჰყვა.პწ 25.4

    მაგრამ უზენაესმა კანონმდებელმა გადაწყვიტა ეჩვენებინა ამ წყვილისათვის მათი დაუმორჩილებლობის შედეგი. ბაღში უფლის დიდება გამოჩნდა. ადრე ეს წმიდა, უცოდველი წყვილი სიხარულით ეგებებოდა თავის შემოქმედს, ახლა კი შიშით გაიქცა მისგან და ბაღის სიღრმეში დაიმალა. “დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე. უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგი კრძალე?”პწ 25.5

    ადამმა ვერ უარყო ჩადენილი ცოდვა და ვერც თავი გაიმართლა. მონანიების ნაცვლად კი ბრალი ცოლს დასდო და, აქედან გამომდინარე, თავად უფალ ღმერთს: “შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”. ადამი, რომელმაც ევასადმი უდიდესი სიყვარული უფლის კურთხევას, სამოთხეში ცხოვრებას, საუკუნო სიხარულს არჩია, ახლა, დაცემის შემდეგ, ცდილობდა, ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისმგებლობა ცოლისთვის და თვით შემოქმედისათვის დაეკისრებინა. ასეთი საშინელია ცოდვის ძალა.პწ 26.1

    როდესაც ღმერთმა ევას ჰკითხა: “ეს რა ჩაიდინე?” მან უპასუხა: “გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე”. მის პასუხში იგრძნობოდა საყვედური და ცოდვის გამართლების მცდელობა: “რატომ შეჰქმენი გველი? რატომ დართე ბაღში შემოსვლის ნება?” ამგვარად, ადამის მსგავსად, თავისი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობას ევა ღმერთს აკისრებდა. თვითგამართლების სული სათავეს სიცრუის მამისაგან იღებს. ცოდვის ჩადენის მომენტში ჩვენს წინაპრებში გამოვლენილი სული ადამის მთელ შთამომავლობაშიც ვლინდება. გულწრფელი მონანიების ნაცვლად ადამიანები ცდილობენ, თავი გაიმართლონ და საკუთარი დანაშაული თავის მოყვასს, ვითარებას ან ღმერთს გადააბრალონ და თვით უზენაესის კურთხევაც საყვედურად აქციონ.პწ 26.2

    და ღმერთმა სასჯელი გამოუტანა გველს: “რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის. მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე”. ვინაიდან გველი სატანის თანაშემწედ იქცა, მასაც ეკუთვნოდა ღვთიური სასჯელი და ეს დიდებული და უჩვეულოდ ლამაზი არსება ადამიანებშიც და ცხოველებშიც შიშისა და სიძულვილის აღმძვრელ ერთერთ საძაგელ ქვეწარმავლად იქცა. გველის მიმართ წარმოთქმული სიტყვების შემდეგ ნათქვამი უშუალოდ სატანას ეხებოდა და მის საბოლოო დამარცხებასა და დაღუპვას გულისხმობდა: “მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!”პწ 26.3

    ევას გამოუცხადეს, რომ ამიერიდან მისი ხვედრი იქნება ტანჯვა და მწუხარება. და თქვა ღმერთმა: “სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.” შემოქმედების პროცესში ღმერთმა ევა ადამის თანასწორად შექმნა. უფლის ერთგულნი რომ დარჩენილიყვნენ და უზენაესის სიყვარულის დიად კანონთან თანხმობაში ეცხოვრათ, ისინი კვლავ ერთსულოვანნი იქნებოდნენ, მაგრამ ცოდვამ განხეთქილება შვა და მათ შორის თანასწორუფლებიანობა დაირღვა: პირველმა ევამ შესცოდა უფლის წინაშე და ცდუნდა იმის გამო, რომ მცირე ხნით მოშორდა ქმარს. მანვე აცდუნა ადამი და ამიერიდან მისი მორჩილი უნდა ყოფილიყო. ცოდვილი კაცობრიობა უფლის რჯულის პრინციპებს რომ დამორჩილებოდა, მაშინ თვით ეს განაჩენი - ცოდვის შედეგი, კურთხევად იქცეოდა როგორც დედაკაცისათვის, ასევე მამაკაცისათვისაც. მაგრამ მამაკაცები ხშირად ბოროტად იყენებენ მინიჭებულ უპირატესობას და მეტად ამძიმებენ ქალის ხვედრს.პწ 26.4

    ევა სრულიად ბედნიერი იყო თავისი ქმრის გვერდით სამოთხის ბაღში, მაგრამ, თანამედროვე მოუსვენარ ქალთა მსგავსად, იგი უფრო მაღალ სამოღვაწეო ასპარეზზე გასვლას იმე- დოვნებდა, ვიდრე უფალმა განუსაზღვრა მას. იგი უფრო მაღალი მდგომარეობისაკენ ისწრაფოდა, მაგრამ ყველაზე დაბლა აღმოჩნდა. ასეთია ყველას ხვედრი, ვისაც არ სურს, უფლის ჩანაფიქრის თანახმად აღასრულოს ცხოვრებისეული მოვალეობანი. ბევრი ქალი ტოვებს ღმერთის მიერ მისთვის განკუთვნილ სარბიელს, სადაც მოყვასისათვის კურთხეული საქმეების კეთება შეეძლო და საზოგადოებაში მაღალი ადგილის დამკვიდრებისათვის სწრაფვაში კარგავს თავის ღირსებას, ხასიათის კეთილშობილებას და ვერ ასრულებს ზეცის მიერ დაკისრებულ მოვალეობას.პწ 26.5

    ღმერთმა ადამს უთხრა: “რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი”.პწ 27.1

    უფალი ცდილობდა, ცოდვისაგან დაეცვა ეს წმიდა წყვილი. უხვად უძღვნა ყოველგვარი სიკეთე და ამასთანავე დაფარა მათგან ბოროტება. მაგრამ, მისი ბრძანების მიუხედავად, მათ ჭამეს აკრძალული ნაყოფი და ამიერიდან მუდამ უნდა ეჭამათ იგი, რათა შეეცნოთ ბოროტება მთელი თავისი სიცოცხლე. ამიერიდან ადამიანთა მოდგმა დაიტანჯება სატანის ცდუნებათა გამოისობით. ბაღში მსუბუქი შრომის ნაცვლად მათი ხვედრი საზრდოს მოსაპოვებლად მუდმივი ზრუნვა და მძიმე შრომა იქნება. მათ ელით იმედების გაცრუება, მწუხარება, ტანჯვა და ბოლოს - სიკვდილი.პწ 27.2

    დაწყევლილმა დედამიწამ უნდა აჩვენოს ადამიანს, თუ რას ნიშნავს ღმერთისგან განდგომა და მის წინააღმდეგ ამბოხება. შექმნა რა ადამიანი, ღმერთმა მთელ დედამიწაზე და მის ყოველ ცოცხალ არსებაზე ბატონობა დაუდგინა მას. სანამ ადამი ზეციური პრინციპების ერთგული იყო, ბუნებაც ემორჩილებოდა მას. მაგრამ ღვთიური კანონის დარღვევის შემდგომ ცხოველთა სამყარო, რომელიც აქამდე ადამის მორჩილი იყო, მისი მმართველობის წინააღმდეგ აღდგა. თავისი უდიდესი თანაგრძნობის გამო ასე სურდა ღმერთს ადამიანებისათვის თავისი რჯულის სიწმიდე ეჩვენებინა და დაემტკიცებინა, რომ ამ რჯულის სულ მცირე დარღვევაც კი დამღუპველია მათთვის.პწ 27.3

    სიყვარულის გამო მიეცა ადამიანს შრომითა და ზრუნვით აღსავსე ცხოვრება. ასეთმა სკოლამ, რომლის აუცილებლობაც ადამიანის დაცემამ გამოიწვია, უნდა ასწავლოს მას ვნებებისა და სურვილების მოთოკვა და განუვითაროს ნებისყოფა. ეს უფლის უდიდესი ჩანაფიქრის ნაწილი იყო ცოდვისა და გადაგვარების უფსკრულიდან ადამიანის აღდგენის საქმეში.პწ 27.4

    გაფრთხილება, რომელიც ჩვენს წინაპრებს მიეცათ: “რადგან, როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო” /დაბ. 2:17/, არ ითვალისწინებდა სიკვდილს იმავე დღეს, როცა აკრძალული ნაყოფი იგემეს, არამედ იმავე დღეს გამოტანილ იქნა საბოლოო განაჩენი. უკვდავება მათ მხოლოდ მორჩილების შემთხვევაში ეძლეოდათ. კანონის დარღვევით კი საუკუნო სიცოცხლის უფლება დაკარგეს. იმავე დღეს მათ სასჯელად სიკვდილი დაუწესდათ.პწ 27.5

    საუკუნოდ სიცოცხლისათვის ადამიანს სიცოცხლის ხის ნაყოფი უნდა ეჭამა. ამ უპირატესობის დაკარგვით ადამიანი თანდათან კარგავდა ძალას, სანამ საბოლოოდ არ ჩაქრებოდა მისი სიცოცხლე. სატანა იმისკენ ისწრაფოდა, რომ ადამი და ევა ღმერთს არ დამორჩილებოდნენ და ღვთის რისხვა დაემსახურებინათ, თანაც იმედოვნებდა, რომ ისინი, მიუტევებლობის შემთხვევაშიც კი, მაინც შეჭამდნენ ნაყოფს სიცოცხლის ხიდან, რითაც ტანჯვასა და ცოდვას სამარადისოდ დაამკვიდრებდნენ დედამიწაზე. მაგრამ ადამიანის დაცემისთანავე სიცოცხლის ხის დასაცავად ზეციდან ცეცხლოვან მახვილთა მსგავსი სინათლის სხივებით შემოსილი ანგელოზები გამოგზავნეს. ადამის ოჯახიდან არავის შეეძლო ამ ხესთან მიახლოება და მისი ნაყოფის შეჭმა, რის გამოც ყველა ცოდვილი მოკვდავია.პწ 27.6

    ჩვენი წინაპრების დაცემით გამოწვეულ უდიდეს უბედურებას ბევრი ასეთი უმნიშვნელო ცოდვისათვის ძალზე დიდ სასჯელად მიიჩნევს. ადამიანებს ეჭვი ეპარებათ ადამიანის მიმართ უფლის სამართლიანობასა და სიბრძნეში. მაგრამ თუკი ამ საკითხზე ღრმად დაფიქრდებიან, მიხვდებიან თავიანთ შეცდომას. უფალმა ადამიანი თავის მსგავსად და ხატად, უცოდველ არსებად შექმნა. დედამიწაზე უნდა ეცხოვრათ არსებებს, რომლებიც თავისი ღირსებით ანგელოზებზე ოდნავ ნაკლები თუ იქნებოდნენ, მაგრამ მათი ერთგულება აუცილებლად უნდა გამოცდილიყო, ვინაიდან უფალს არ შეეძლო, დედამიწა ისეთი არსებებით დაესახლებინა, რომლებიც პატივს არ მიაგებდნენ მის რჯულს. და მაინც, თავისი უდიდესი თანაგრძნობის გამო, არ დაუდგინა მან ადამს ძალიან მძიმე გამოცდა. სწორედ აკრძალვის უმნიშვნელობამ დაამძიმა ასე ჩადენილი ცოდვა. რადგან ადამმა ასეთ მცირე ცდუნებას ვერ გაუძლო, იგი მით უმეტეს ვერ გაუძლებდა უფრო სერიოზულ და საპასუხისმგებლო გამოცდას.პწ 28.1

    ადამს რომ უფრო მკაცრი გამოცდა ჰქონოდა, ბოროტების კეთებას მიჩვეული ადამიანები თავს გაიმართლებდნენ თავისი უმნიშვნელო დანაშაულის გამო: “ასეთ მცირე ცოდვას უფალი ყურადღებას არ მიაქცევს”. და ამგვარად მოჰყვებოდნენ თავისი უცოდველობის მტკიცებას უფლის რჯულის დარღვევის გამო, რადგან სრულიად უმნიშვნელო საქმედ ჩათვლიდნენ მას. მაგრამ უფალმა ღმერთმა ნათლად გვიჩვენა, რომ ნებისმიერი ცოდვა საძაგლობაა მის თვალში.პწ 28.2

    ევას სერიოზულ დანაშაულად არ მიაჩნდა აკრძალული ნაყოფის შეჭმა, ამით უფლის ნების წინააღმდეგ წასვლა და შემდგომში თავისი ქმრის ცდუნება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ მიერ ჩადენილმა დანაშაულმა გზა გაუხსნა ტანჯვის მორევს, რომელმაც მთელი წუთისოფელი წალეკა. ვის შეეძლო წარმოედგინა ცდუნების იმ მომენტში ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯის ასეთი საშინელი შედეგი?პწ 28.3

    ბევრი თვლის, რომ უფლის რჯული სულაც არ სჭირდება ადამიანს და ამტკიცებს, რომ მათი აღსრულება შეუძლებელია. მაგრამ თუკი ეს ასეა, რატომ დაისაჯა ადამი? ჩვენი წინაპრების ცოდვამ გზა გაუხსნა ტანჯვასა და მწუხარებას დედამიწაზე და უფლის გულმოწყალება და თანაგრძნობა რომ არა, ადამიანს არავითარი იმედი აღარ ექნებოდა. ნურავინ მოიტყუებს თავს: “ცოდვის საზღაური სიკვდილია” /რომ. 6:23/. უფლის კანონის დარღვევა დღესაც ისევე ისჯება, როგორც მაშინ, როცა კაცობრიობის მამას განაჩენი გამოუტანეს.პწ 28.4

    დაცემის შემდეგ ადამსა და ევას სამოთხეში ცხოვრება უკვე აღარ შეეძლოთ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, დაეტოვებინა ამ ბედნიერ, წმიდა სავანეში. აცნობიერებდნენ, რომ დაკარგეს ამ სიხარულსა და სიმშვიდეში ცხოვრების ყოველგვარი უფლება და იფიცებოდნენ, რომ მომავალში აღარასოდეს გადაუხვევდნენ ღვთის ნებას. ნაგრამ მათ განუმარტეს, რომ ცოდვის გამხრწნელი ზეგავლენის გამო მათ დაკარგეს ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის ძალა და სატანას დამორჩილდნენ. თუკი, ჯერ კიდევ უცოდველები, ასე ცდუნდნენ, ახლა, კანონის შეგნებულად დარღვევის შემდგომ, მათ ღირსების შენარჩუნების კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ.პწ 28.5

    მორჩილებითა და ენით გამოუთქმელი სევდით დატოვეს მათ თავიანთი მშვენიერი საცხოვრისი და წავიდნენ, რათა დაწყევლილ მიწაზე ეცხოვრათ. პირვანდელი რბილი და მდგრადი ჰავა გაუარესდა და მოწყალე უფალმა მათ ტყავის სამოსი ჩააცვა, რათა დაეცვა სიცხისა და სიცივისაგან.პწ 29.1

    როდესაც ადამმა და ევამ დამჭკნარ ყვავილში და ჩამოცვენილ ფოთლებში სიკვდილის პირველი ნიშნები შეამჩნიეს, მათი მწუხარება უფრო დიდი იყო, ვიდრე დღევანდელი ადამიანისა, რომელმაც თავისი ახლობელი დაკარგა. ნაზი ყვავილების ჭკნობამ, რა თქმა უნდა, დიდად დაამწუხრა ისინი, მაგრამ, როცა ტანაშოლტილმა ხეებმა ფოთლები ჩამოყარეს, მათ ცხადად დაინახეს სიკვდილის რეალობა და გარდუვალობა, რომელსაც ადრე თუ გვიან, ვერც ერთი ცოცხალი არსება გვერდს ვერ აუვლის.პწ 29.2

    სამოთხის ბაღი კიდევ დიდხანს არსებობდა დედამიწაზე ადამის გაძევების შემდგომ. დაცემულ კაცობრიობას კიდევ დიდხანს შეეძლო შორიდან ეცქირა თავისი დაკარგული სამოთხისათვის, რომელსაც ახლა ანგელოზები იცავდნენ. ქერუბიმებით დაცულ კარიბჭესთან უფლის დიდება იშლებოდა. იქ სცემდნენ თაყვანს ღმერთს ადამი და მისი ვაჟები. სწორედ აქ აღადგინეს მათ თავიანთი აღთქმა უფლის იმ კანონის აღსრულებისა, რომლის დარღვევის გამოც გამოაძევეს ედემიდან. როცა ურჯულოებამ მთელი დედამიწა მოიცვა და მასზე სიცოცხლე წარღვნით უნდა განადგურებულიყო, უფლის ხელმა, რომელმაც შექმნა ეს მშვენიერება დედამიწაზე, წაიღო და დაფარა იგი. მაგრამ როდესაც შემოქმედი “ახალ ცას და ახალ მიწას” /გამოცხ. 21:1/ შექმნის, სამოთხე კვლავ დაბრუნდება, ოღონდ უფრო მეტად დიდებული, ვიდრე ადრე იყო.პწ 29.3

    და მაშინ ისინი, ვინც ღვთის მცნებებს იცავდა, უსასრულო საუკუნეთა განმავლობაში დატკბებიან უკვდავების სურნელით სიცოცხლის ხის ქვეშ. უცოდველ სამყაროთა მკვიდრთათვის ნეტარების ეს ბაღი უფლის სრულყოფილი შემოქმედების, მისი სიწმიდის მაგალითი იქნება. მაგალითი იმისა, თუ როგორი იქნებოდა დედამიწა, ადამიანს რომ უფლის უდიდესი ჩანაფიქრი განეხორციელებინა.პწ 29.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents