Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 71 - დავითის ცოდვა და მისი მონანიება

    მეორე მეფეთა 11;12

    მეტად თავშეკავებულია ბიბლია ადამიანის ქებისას. ნაკლებად მოიხსენიებს იგი საუკეთესო ადამიანთა დამსახურებებსაც კი. ეს დუმილი შემთხვევითი არაა, ეს მაგალითი და გაკვეთილია ჩვენთვის. ადამიანების ყველა ღირსეული თვისება უფლის მიერ ბოძებული ნიჭია. მათი კეთილი საქმეები სრულქმნილი ხდება ღვთის მადლით იესო ქრისტეს მეშვეობით. ისინი მხოლოდ უფალზე არიან დამოკიდებულნი, ყველა კარგ საქმეს უფალს უნდა უმადლოდნენ, ამიტომ მათი საქმეების შეფასებით ჩვენ, ფაქტობრივად, ვადიდებთ ღმერთს, რადგან ადამიანები მხოლოდ იარაღს წარმოადგენენ უფლის ხელში. გარდა ამისა, მთელი ბიბლიური ისტორია გვასწავლის, რომ ძლიერ საშიშია ადამიანის შექება და განდიდება, ვინაიდან, თუკი იგი დაივიწყებს, რომ ღმერთზეა დამოკიდებული და საკუთარ ძალისხმევას დაეყრდნობა, დაცემა გარდაუვალია. ადამიანი ებრძვის მტერს, რომელიც მასზე გაცილებით ძლიერია. „რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლის და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ” /ეფეს. 6:12/. ჩვენ საკუთარი ძალებით ბრძოლა არ შეგვიძლია, ამიტომ ყველაფერი, რაც ღმერთს გვაშორებს, რასაც თვითგანდიდებისა და დამოუკიდებლობისაკენ მივყავართ, ეჭვგარეშეა, არის გზა დამარცხებისაკენ. ბიბლია ცდილობს, შთააგონოს ადამიანებს, არ ერწმუნონ ადამიანის ძალას, არამედ სრულად მიენდონ ღმერთს.პწ 471.4

    თვითდაჯერებულობამ და თვითგანდიდებამ უბიძგა დავითს დაცემის გზისკენ. დიდად აცდუნა იგი პირფერობამ, ხოტბამ და ფუფუნებამ. სხვა ტომებთან ურთიერთობამაც იქონია მასზე უარყოფითი ზეგავლენა. აღმოსავლეთის მეფეთა შორის გავრცელებული წესის თანახმად, მეფე არავითარ შემთხვევაში არ განიკითხებოდა იმ დანაშაულთა გამო, რომლებიც დაუშვებლად ითვლებოდა მისი ქვეშევრდომებისათვის. მონარქზე არ ვრცელდებოდა თავშეკავების კანონი, რომელსაც მისი ქვეშევრდომნი უნდა დამორჩილებოდნენ. ყოველივე ამან დავითს ცოდვაზე წარმოდგენა შეუსუსტა და იმის ნაცვლად, რომ იეჰოვას მინდობოდა, საკუთარ სიბრძნესა და ძალას დაეყრდნო. სატანას როგორც კი მიეცემა შესაძლებლობა, მოაშოროს ადამიანი ღმერთს - ძალისა და ძლიერების ერთადერთ წყაროს, მაშინვე ცდილობს, უწმიდური სურვილები გაუღვიძოს ადამიანის ხორციელ გულს. გულგრილად და აუჩქარებლად მოქმედებს მტერი, თავიდან - თითქმის შეუმჩნევლად, თანდათანობით. ესაა მისი საიდუმლო ქმედება, პრინციპთა სიმტკიცეს რომ უთხრის ძირს. იგი თითქმის უმნიშვნელოდ იწყება: ღვთისადმი ადამიანის ერთგულება სუსტდება, იგი თვლის, რომ სულაც არაა აუცილებელი, სრულად მიენდოს უზენაესს და წუთისოფლის ადათწესებისაკენ იხრება.პწ 472.1

    ყამონელებთან ბრძოლის დამთავრების წინ დავითმა ლაშქარი იოაბს ჩააბარა, თავად კი იერუსალიმში დაბრუნდა. არამელები უკვე დაიმორჩილა ისრაელმა და არც ყამონელებზე გამარჯვებაში ეპარებოდა ეჭვი. თავისი ბრძნული მმართველობის წარმატებებისა და პატივის ნაყოფით ტკბებოდა დავითი. ხოლო იმ მომენტში, როცა მან სიფხიზლე დაკარგა და ყურადღება მოადუნა, ისარგებლა მაცდურმა და მისი გონების დაპყრობა სცადა. სწორედ ის ვითარება, რომ ასე ახლოს იყო მასთან უფალი და ასეთი უხვი წყალობა უბოძა, უნდა ყოფილიყო დავითისათვის უძლიერესი ფარი დაცემისაგან. მაგრამ განცხრომაში მყოფი დავითი აღარ მიენდო ღმერთს, უსმინა სატანის ცდუნებას და სული ცოდვით გაიუწმიდურა. ზეცის მიერ ერის წინამძღოლად განწესებულმა, ღვთისაგან მისივე რჯულის აღსრულებისათვის არჩეულმა, თავადვე დაარღვია ამ რჯულის მოთხოვნები. მან, ვისაც ბოროტ საქმეთა ჩამდენთათვის შიში უნდა შთაენერგა, თავისი პირადი მაგალითით მათ წისქვილზე დაასხა წყალი.პწ 472.2

    მრავალი საფრთხე ელოდა დავითს თავისი სიცოცხლის ადრეულ წლებში, მაგრამ მაშინ წმიდა სინდისით შეეძლო მას ღმერთზე დაყრდნობა. უფლის ხელი ეხმარებოდა ყმაწვილს მის წინ გახლართულ უამრავ საშიშროებათა ქსელში გზის გასაკვალად. მაგრამ ახლა, როცა შესცოდა და არ მოინანია, არც დახმარება, არც ღვთის ხელმძღვანელობა უთხოვია ზეცისათვის, პირიქით, თავად შეეცადა იმ ხიფათისაგან თავის გამოხსნას, რომელიც საკუთარი დანაშაულის გამო დაემუქრა. ბარშებაყი, რომლის სილამაზეც საბედისწერო გახდა დავითისათვის და სატანის მიერ დაგებულ მახედ იქცა, ცოლი იყო ურია ხეთელისა, მეფის ერთერთი ყველაზე მამაცი და ერთგული მეომრისა. არავის შეეძლო იმის თქმა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამ დანაშაულს, როცა იგი ცნობილი გახდებოდა. უფლის რჯული მრუშობაში დამნაშავის სიკვდილს ითხოვდა და ამაყ, შერცხვენილ მეომარს შეეძლო, შური ეძია, მეფე მოეკლა ან ხალხი აეჯანყებინა მის წინააღმდეგ.პწ 472.3

    მრავალჯერ სცადა დავითმა თავისი დანაშაულის კვალის დაფარვა, მაგრამ ამაოდ. სატანის ნებას დაემორჩილა იგი. ხიფათი ელოდა მეფეს, სირცხვილი და თავლაფის დასხმა, რაც სიკვდილზე უარესი იყო. სხვა ვერაფერი გამოსავალი ნახა, გარდა ერთისა... და, სასოწარკვეთილმა, მრუშობის დანაშაულს უმალ მკვლელობის ცოდვაც დაუმატა. საულის დამღუპველმა სატანამ დავითის დასაღუპავადაც არ დაიშურა ძალღონე. თუმცა მათი ცდუნება სხვადასხვა იყო, მაგრამ შედეგი - ერთი, - უფლის რჯულის დარღვევა. ასე ფიქრობდა დავითი: თუ ურია ბრძოლაში მტრის ხელით მოკვდება, მეფის სახლი არაფერში იქნება დამნაშავე; ბარშებაყი გათავისუფლდება, დავითი მას ცოლად შეირთავს, ეჭვი გაქარწყლდება და მეფის სახელიც არ შეიბღალება.პწ 473.1

    ურია თავად გახდა საკუთარი სიკვდილის მაცნე. მეფის წერილში, მას რომ იოაბთან გაატანა, ეწერა: „დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს”. იოაბი, რომელსაც უკვე გასვრილი ჰქონდა ხელი უდანაშაულო სისხლში, უყოყმანოდ დაემორჩილა მეფის ბრძანებას და მალე ყამონელთა ხელით განიგმირა ურია.პწ 473.2

    ამ დღემდე მეფე დავითის ცხოვრების ისტორია ისეთი უმწიკვლო იყო, რომ თითქმის სწორი არ ჰყავდა. ასეა ნათქვამი მასზე: „მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელს თავის ხალხს” /2 მეფ. 8:15/. თავისი პატიოსნებით ხალხის ერთგულება და ნდობა მოიპოვა, მაგრამ, როცა ღმერთს განუდგა და სატანის ხელმწიფებას დაემორჩილა, ერთხანს სატანის თანაშემწე გახდა, თუმცა ჯერ კიდევ უფლის მიერ ბოძებულ ტახტზე იჯდა, ამიტომ უსიტყვო მორჩილება მოითხოვა ადამიანისაგან, რომელსაც მისი ბრძანება უნდა შეესრულებინა და რომლის სულსაც საფრთხე დაემუქრა. იოაბმა, რომელიც უფრო მეფის ერთგული იყო, ვიდრე ღვთისა, დაარღვია უფლის რჯული, ვინაიდან ასე ბრძანა მეფემ.პწ 473.3

    ღმერთმა დავითს მისცა ხელმწიფება, რათა უფლის რჯულთან თანხმობაში გამოეყენებინა იგი. როცა მან ისეთი საქმის გაკეთება ბრძანა, რაც ღვთის რჯულს ეწინააღმდეგებოდა, მისი ბრძანების აღსრულება ცოდვის ჩადენის ტოლფასი იყო.პწ 473.4

    „არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან” /რომ. 13:1/, მაგრამ თუკი იგი ღვთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, არ უნდა დავემორჩილოთ. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ თავის პირველ წერილში ხაზგასმით აღნიშნავს იმ პრინციპებს, რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. იგი ამბობს: „მომბაძეთ მე, როგორც მე - ქრისტეს” /1 კორ. 11:1/.პწ 473.5

    მალე დავითს შეატყობინეს, რომ მისი ბრძანება აღსრულებულია. ამბავი ისე ოსტატურად იყო შეთხზული, რომ ეჭვი არავის გასჩენოდა ურიას მკვლელობასთან დავითისა და იოაბის კავშირზე. იოაბმა ასე უბრძანა მაცნეს: „ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი და, თუ ბრაზი მოერია მეფეს... უთხარი: ხეთელი ურიაც მოკვდათქო, შენი მორჩილი”.პწ 473.6

    „უთხრა დავითმა მაცნეს: ასე უთხარი იოაბს, ნუ გაწუხებსთქო ეს ამბავი, რადგან ხან ერთს ჭამს მახვილი, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხეთქო. ასე გაამხნევე იოაბი”.პწ 473.7

    დაიტირა ქმარი ბარშებაყმა და, „როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად”. ის, ვისაც შეუბღალავმა სინდისმა და პატიოსნებამ უფლის ცხებულზე ხელის აწევის უფლება მაშინაც კი არ მისცა, როცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, იმდენად დაეცა, რომ თავისი ყველაზე ერთგული და მამაცი მეომარი მოაკვლევინა. თანაც ამ საშინელი დანაშაულის ჩადენის შემდგომ ბედნიერებითა და სიმშვიდით დატკბობის იმედი ჰქონდა. რა სამწუხაროა! როგორ გაფერმკრთალდა ელვარე ოქრო! რა ფერიცვალება განიცადა!პწ 473.8

    თავიდან სატანა ლამაზად ხატავს მიზნებს, რომელთაც რჯულის დარღვევის შედეგად მიაღწევს ადამიანი. ასე აცდუნა მან ანგელოზები. ამ გზით აცდუნა ადამი და ევა და იმავე ხერხით უბიძგებს დღეს მრავალთ ღვთისადმი დაუმორჩილებლობისაკენ. ნიმზიდველად ხატავს იგი ურჯულოების გზებს, „მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა” /იგავ. 14:12/. ნეტარ არს იგი, ვინც დროზე მიატოვა ეს გზა, რადგან მიხვდა, თუ რა მწარეა ცოდვის ნაყოფი. არ დაუშვა დიდად მოწყალე უფალმა დავითის საბოლოო დაღუპვა მაცდურის მახეში.პწ 474.1

    ისრაელის გულისთვისაც ჩაერია უფალი ამ საქმეში. გავიდა დრო და ხალხმა შეიტყო დავითისა და ბარშებაყის დანაშაულის შესახებ. გავრცელდა ეჭვი, რომ ურიას სიკვდილში მეფის ხელი ურევია. ყოველივე ამან შეურაცხყო ღმერთი. უხვი წყალობა მისცა მეფეს უფალმა, დიდი პატივი მიაგო, დავითის დანაშაულმა კი დაამახინჯა უფლის არსი და შეიბღალა უზენაესის სახელი. ამ ურჯულოებამ ხელი შეუწყო ისრაელის ზნეობის დაცემას. ბევრს უკვე აღარ შეეძლო ცოდვის სათანადოდ შეფასება, ისინი კი, ვისაც არ უყვარდა და არც ეშინოდა ღვთისა, უფრო გათავხედდნენ თავიანთ ცოდვებში.პწ 474.2

    ნათან წინასწარმეტყველს დაევალა დავითთან წასვლა და მისი მხილება. მეტად სასტიკი იყო ეს მხილება. მხოლოდ გამონაკლისს მბრძანებელთა შორის შეუძლია, მოისმინოს ასეთი მკაცრი მხილება და მიუტევოს მამხილებელს. მტკიცე ხმით აუწყა ნათანმა მეფეს უფლის გადაწყვეტილება. ზეციდან მოცემულმა სიბრძნემ ათქმევინა სიტყვები, რომელნიც მეფეს სინდისის ქენჯნას მოჰგვრიდა და აიძულებდა, თავად გამოეტანა საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი. ნათანმა მიმართა დავითს, როგორც ზეცის რჩეულს და ადამიანის უფლებათა დამცველს და მოუთხრო ამბავი ერთი დიდი უსამართლობისა და ძალადობისა, შურისგებას რომ ითხოვდა.პწ 474.3

    „ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, - დაიწყო მან, - მდიდარი და ღარიბი. მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა, ღარიბს არაფერი გააჩნდა პატარა ბატკნის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა, და კვებავდა და ზრდიდა თავისთან, თავის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, როგორც ქალიშვილი, ისე ჰყავდა. ეწვია ერთხელ ვინმე მგზავრი მდიდარ კაცს. ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარძროხიდან დასაკლავად, რომ გამასპინძლებოდა თავის სტუმარს, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და გაუმზადა სტუმრებულ კაცს”.პწ 474.4

    დიდად განრისხდა მეფე ამის გაგონებაზე და წამოიძახა: “უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი! ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და შეუბრალებლად მოიქცა” /2 მეფ. 12:5-6/.პწ 474.5

    გამჭოლი მზერა ესროლა ნათანმა მეფეს, შემდეგ ხელი ცისკენ აღმართა და ხმამაღლა წარმოთქვა: „შენა ხარ ის კაცი”. „რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში?”. დამნაშავენი, დავითის მსგავსად, შეეცდებიან თავიანთი ცოდვების დამალვას; ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ სამუდამოდ დაფარონ ადამიანის თვალთაგან ჩადენილი ბოროტება, მაგრამ „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს” /ებრ. 4:13/. „არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება და საიდუმლო, რომელიც არ შეიტყობა” /მათ. 10:26/.პწ 474.6

    უთხრა ნათანმა დავითს: “ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან... რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი? შამონიანთა მახვილით მოჰკალი იგი. ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს სამარადისოდ... აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ... თუმც შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამ საქმეს”.პწ 475.1

    სულის სიღრმემდე შეძრა დავითი წინასწარმეტყველის სიტყვებმა. სინდისმა დაუწყო ქენჯნა; თვალწინ დაუდგა ჩადენილი დანაშაულის საშინელება. მოიდრიკა მისი სული უზენაესის წინაშე და მთრთოლვარე ბაგეებით წარმოთქვა: „შევცოდე უფალს!” სხვებისადმი მიყენებული ყოველი ბოროტება - ბოროტებაა ღვთის წინაშე. უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა დავითმა ურიასა და ბარშებაყის წინაშე და გრძნობდა ამას. მაგრამ რა უსასრულოდ დიდი იყო მისი დანაშაული ღმერთის წინაშე!პწ 475.2

    თუმცა არ მოიძებნებოდა კაცი მთელს ისრაელში, ვინც ღვთის ცხებულის მიმართ სასიკვდილო განაჩენს აღასრულებდა, მაგრამ ძლიერ შიშობდა დავითი, რომ ცოდვილს და მოუნანიებელს, ღვთის რისხვა არ დასტეხოდა თავს. მაგრამ ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით უთხრა: „უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები”. მაგრამ სამართლიანობა უნდა აღმდგარიყო. დავითის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი მის შვილს ეწია. ამგვარად მიეცა მეფეს მონანიების შესაძლებლობა, თუმცა ბავშვის ტანჯვა და სიკვდილი, როგორც დავითის სასჯელის ნაწილი, საკუთარ სიკვდილზე მძიმე იყო მისთვის. გააფრთხილა წინასწარმეტყველმა: „რაკი ამ საქციელით ალანძღვინე უფალი მის მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა”.პწ 475.3

    როცა ბავშვი მძიმედ დასნეულდა, ღრმა მწუხარებამ და სინანულის გრძნობამ შეიპყრო დავითი; მარხვითა და ლოცვით ევედრებოდა უფალს, სიცოცხლე მიეცა მისი ვაჟისათვის. გაიხადა სამეფო სამოსელი, მოიხსნა გვირგვინი, დღედაღამ მიწაზე იწვა და ღმერთს ევედრებოდა, დაენდო უდანაშაულო ყრმა, რომელიც მისი ცოდვის გამო უნდა მომკვდარიყო. „თავზე დაადგნენ მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა”. ხშირად, როცა ცალკეულ პიროვნებებს და მთელ ქალაქებს ღვთის სამართლიანი რისხვა ელოდა, ყოვლადმოწყალე და მიმტევებელი ღმერთის წინაშე მორჩილება და მონანიება თავიდან აცილებდა მათ სასჯელს და უფალიც მშვიდობის მაცნეთ უგზავნიდა. ამით გამხნევებული დავითიც ევედრებოდა ღმერთს ბავშვის გადარჩენას, სანამ იგი ცოცხალი იყო. ხოლო, როცა ყრმის სიკვდილი აუწყეს, მეფე მშვიდად დაემორჩილა უფლის გადაწყვეტილებას. შურისგების პირველი დარტყმა, რომელსაც თავად მან სამართლიანი უწოდა, უკვე მოხდა, მაგრამ ღვთის გულმოწყალებაზე მინდობილი დავითი უნუგეშოდ არ დარჩენილა.პწ 475.4

    დავითის დაცემის ამ ისტორიის მრავალ მკითხველს ებადება კითხვა: „რატომ ცნო ღმერთმა საჭიროდ ზეცის მიერ ასე განდიდებული ადამიანის ცხოვრების ბნელი მონაკვეთის წუთისოფლისათვის გამხელა?” დავითის მხილებისას წინასწარმეტყველმა თქვა მის ცოდვაზე: „ამ საქციელით ალანძღვინე უფალი მის მტრებს”. ყოველ მომდევნო თაობაში ურჯულონი დავითის ამ ცოდვაზე მიუთითებდნენ და ნიშნისმოგებითა და დაცინვით წარმოთქვამდნენ: „ესაა უფლის რჩეული და მოწონებული კაცი?!” ამრიგად, გაილანძღა რელიგია, ღმერთი და მისი სიტყვა, ადამიანთა გულში ურწმუნოება ფესვს იდგამდა და ბევრი, ღვთისმოსაობის ნიღაბქვეშ, უსირცხვილოდ სცოდავდა.პწ 475.5

    მაგრამ დავითის ისტორიაში ცოდვის გამართლების მცირედი მცდელობაც კი არ შეინიშნება. ღვთისათვის მოსაწონი კაცი მაშინ ეწოდა დავითს, როცა იგი ღვთის ნებას დაემორჩილა. როცა შესცოდა, ეს სიტყვები მას აღარ ეხებოდა, სანამ ღრმა მონანიებით ღმერთს არ დაუბრუნდა. ღვთის სიტყვა დაუფარავად ამბობს: „არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა”/2 მეფ. 11:27/. განა არ უთხრა უფალმა დავითს წინასწარმეტყველის პირით: „რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში?... ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს სამარადისოდ, რადგან უგულვებელმყავი”. თუმცა მოინანია დავითმა თავისი დანაშაული და მიუტევა და მიიღო უფალმა, მაინც მოიმკო ის სასიკვდილო ნაყოფი, რაც თავად დათესა. ღვთიური სასჯელი, რომელიც მას და მის სახლს მოევლინა, ცოდვისადმი უფლის სიძულვილზე მეტყველებს.პწ 476.1

    აქამდე უფალი მუდამ იცავდა დავითს მისი მტრების ბოროტი ხრიკებისაგან; ეს განსაკუთრებით ნათლად ვლინდება იმაში, თუ როგორ აკავებდა ღმერთი საულს. მაგრამ დავითის მიერ ჩადენილმა ცოდვამ შეცვალა ღმერთისადმი მისი დამოკიდებულება. უფალს არ შეეძლო, სასჯელის გარეშე დაეტოვებინა ეს ურჯულოება; არ შეეძლო მისი დანაშაულის შედეგისაგან დავითის დაცვა, როგორც ამას აკეთებდა, როცა საულისაგან იცავდა.პწ 476.2

    უდიდესი გარდატეხა მოხდა დავითში. მოდრიკა მისი სული საკუთარი დანაშაულის შეცნობამ და მისი შედეგის საშინელებამ. დამცირებულად გრძნობდა თავს თავის მორჩილთა წინაშე. მისი ზეგავლენაც შესუსტდა. აქამდე დავითის ყოველ წარმატებას ღვთის მცნებებისადმი მისი უსიტყვო, კეთილსინდისიერი მორჩილებით ხსნიდნენ; მაგრამ ახლა ყველამ იცოდა მისი დანაშაულის შესახებ და ქვეშევრდომთაც თავისუფლად შეეძლოთ დანაშაულის ჩადენა. დაეცა მისი ავტორიტეტი საკუთარ ოჯახში, დაიკარგა პატივისცემა და მორჩილება შვილების მხრიდან. დანაშაულის გრძნობა ბაგეს უკრავდა და სხვისი ცოდვის მხილების უფლებას არ აძლევდა. ეს კი საკუთარ სახლში სამართლიანობის დამყარებაში დიდად უშლიდა ხელს. მისმა ცუდმა საქციელმა დიდი გავლენა იქონია მის ვაჟებზე და უფალს არ შეეძლო ამ შედეგების თავიდან აცილება. არ ერევა უფალი მოვლენათა კანონზომიერ განვითარებაში, ამიტომ მიიღო დავითმა ასეთი მკაცრი სასჯელი.პწ 476.3

    თავისი დაცემის დღიდან თითქმის მთელი წლის განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდა დავითი. ღვთის რისხვის ნიშანწყალიც კი არსად შეიმჩნეოდა. მაგრამ ღვთიური განაჩენი უკვე გამოტანილი იყო. სწრაფად ახლოვდებოდა გარდაუვალი სამსჯავროსა და შურისგების დღე, რომელიც ვერც მონანიებამ, ვერც სულიერმა ტანჯვამ და სირცხვილმა, მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე თან რომ სდევდა, ვერ ააცდინა დავითს. მათ, რომლებიც დავითის მაგალითზე მიუთითებენ და ცდილობენ, ამით საკუთარი დანაშაული შეამსუბუქონ, უნდა იცოდნენ, რომ უწმიდურება წმიდა წერილში შავი ფერებითაა დახატული. თუმცა, დავითის მსგავსად, ისინიც მოინანიებენ, მაგრამ აუცილებლად იწვნევენ ცოდვის შედეგს და დაინახავენ, თუ რა მძიმე და მწარეა იგი აქაურ ცხოვრებაშიც კი.პწ 476.4

    უფალს სურდა, რომ დავითის დაცემის ისტორია ყოფილიყო გაფრთხილება იმათთვისაც კი, ვისაც უფლის კურთხევა და წყალობა უხვად მიეცა, რათა უშიშრად არ იგრძნონ თავი, არ გამოიჩინონ უზრუნველობა, არ დაივიწყონ ლოცვა და სიფრთხილე. უფლის ამ მაგალითის შემსწავლელთათვის ყოველთვის გაფრთხილება იყო ეს ისტორია. მისი წყალობით ათასობით თაობამ შეძლო, შეეცნო საფრთხე, რომელიც მაცდურისაგან მოდის. უფლისაგან ამგვარად აღზევებული დავითის დაცემა საკუთარი თავისადმი უნდობლობის გრძნობას აღვიძებს ადამიანებში და ისინი ხვდებიან, რომ მხოლოდ უფალ ღმერთს შეუძლია, დაიცვას თავისი მორწმუნენი ღვთიური ძალით; რადგან უწყიან, რომ მასშია მათი ძალა და უსაფრთხოება, არ შეადგამენ ფეხს სატანის ტერიტორიაზე.პწ 477.1

    ჯერ კიდევ ღვთიური განაჩენის გამოცხადებამდე იგემა დავითმა თავისი ცოდვის ნაყოფი. სინდისი ძლიერ ქენჯნიდა მას. 31ე ფსალმუნში საოცრადაა გამოხატული დავითის მაშინდელი სულიერი განცდები:პწ 477.2

    „ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული,
    ვისი ცოდვებიც დაიფარა.
    ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის
    და ვის სულშიც არ არის სიყალბე.
    როდესაც ვდუმდი - გაცვითა ჩემი ძვლები
    ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
    რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა
    შენი ხელი ჩემზე,
    სინედლე ჩემი შეიცვალა
    ზაფხულის გვალვით” /ფს. 3:1-4/.
    პწ 477.3

    50ე ფსალმუნში კი გადმოცემულია დავითის მონანიება მას შემდეგ, რაც უფალმა ამხილა:პწ 477.4

    „შემიწყალე, ღმერთო,
    შენი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
    მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან
    და ჩემი ცოდვისაგან განმწმიდე.
    რადგან ვიცი ჩემი დანაშაული
    და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
    შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე
    და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში,
    ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში
    და სწორი - შენს სამართალში...
    მასხურე უსუპი და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
    მომასმენინე ლხინი და მხიარულება,
    გაახარე ჩემი ძვლები,
    შენ რომ დათრგუნე.
    სახე აარიდე ჩემს შეცდომებს
    და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
    სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო,
    და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
    ნუ უკუმაგდებ შენგან
    და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
    დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით
    და დიდებული სულით გამამაგრე.
    ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს
    და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
    მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო,
    ღმერთო ჩემი ხსნისა,
    და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს” /ფს. 50:3-16/.
    პწ 477.5

    ამგვარად, ამ წმიდა საგალობელში, რომელიც მთელი ერის საკრებულოში, სამეფო კარის, მღვდელთა და მსაჯულთა, მთავართა და მეომართა წინაშე უნდა ეგალობათ და რომელსაც მთელი მომავალი თაობებისათვის უნდა ემცნო მისი დაცემის შესახებ, ისრაელის მეფემ დაწვრილებით აღწერა თავისი დანაშაული, სინანული და მოწყალე უფლისაგან მიტევების იმედი. არ უცდია მას თავისი დანაშაულის დამალვა - პირიქით, სურდა, რომ მისი დაცემის ნაღვლიანი ისტორია გაკვეთილი ყოფილიყო მრავალთათვის.პწ 478.1

    მეტად გულწრფელი და ღრმა იყო დავითის სინანული. ერთხელაც არ უცდია თავისი დანაშაულის გამართლება. ლოცულობდა არა იმიტომ, რომ სასჯელის თავიდან აცილება სურდა, არამედ, ღვთის წინაშე თავისი ცოდვის საშინელებას გრძნობდა, თავისი სულის სიმდაბლეს ხედავდა და სძულდა თავისი დანაშაული. არა მხოლოდ მიტევებას ითხოვდა დავითი, არამედ - გულის სიწრფელეს. არ დანებდა იგი სასოწარკვეთილებას. უფლის აღთქმებში მომნანიებელი ცოდვილის მიმართ ხედავდა იმედს, რომ უფალი მიუტევებს და მიიღებს.პწ 478.2

    „რადგან მსხვერპლი არა გსურს,
    რომ შემოგწირო,
    და ყოვლადდასაწველს არ ინებებ.
    შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი;
    მოდრეკილისა და მორჩილის გული
    არ დაამცირო, ღმერთო” /ფს. 50:18,19/.
    პწ 478.3

    თუმცა დაეცა დავითი, მაგრამ ხელი შეაშველა და ფეხზე დააყენა უფალმა. ახლა უფრო ახლოს იყო იგი ღმერთთან და მოყვასთან, ვიდრე დაცემამდე. გადარჩენის სიხარულმა აამღერა იგი:პწ 479.1

    „ცოდვა ჩემი გაუწყე
    და ბრალი ჩემი არ დამიმალავს.
    ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე”
    და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა...
    შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ,
    ხსნის სიხარული შემომარტყი გარს” /ფს. 31:5-7/.
    პწ 479.2

    ბევრი უსამართლოდ მიიჩნევს იმას, რომ ღმერთმა ასეთი დიდი დანაშაული მიუტევა დავითს, საული კი, რომელიც, მათი აზრით, ნაკლებ დამნაშავეა, უარყო. მაგრამ ავიწყდებათ, რომ დავითმა თავი დაიმდაბლა და დანაშაული მოინანია, საულმა კი არ მიიღო მხილება, გული გაისასტიკა და არ მოინანია.პწ 479.3

    დავითის ცხოვრების ამ ისტორიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომნანიებელი ცოდვილისათვის. ერთერთი ნათელი ილუსტრაციაა იგი ბრძოლისა და ცდუნებისა, ადამიანს რომ ხვდება თავისი ცხოვრების გზაზე; ღვთის წინაშე ჭეშმარიტი მონანიებისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს რწმენისა. ყოველ საუკუნეში ეს მაგალითი იმედისა და მხნეობის წყარო იყო მათთვის, ვინც შესცოდა და ვისაც დანაშაულის სიმძიმე სტანჯავს. ათასობით მორწმუნისათვის, რომლებმაც შესცოდეს და სასოწარკვეთას მიეცნენ, ის ფაქტი, რომ ღმერთმა მიიღო დავითის გულწრფელი მონანიება და აღსარება, თუმცა დანაშაულისათვის დაისაჯა კიდეც, ეს დიდი იმედი იყო: ინანიებდნენ, ღმერთთან ბრუნდებოდნენ და ღვთის მცნებათა გზით სიარულს ესწრაფოდნენ.პწ 479.4

    ყველას, ვინც, დავითის მაგალითისამებრ, უფლისაგან მხილებას მიიღებს, დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ არსებობს იმედი. არასოდეს მიატოვებს უფალი მას, ვინც გულწრფელად მოინანიებს. გვპირდება უფალი: „მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი!” /ეს. 27:5/. „მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია” /ეს. 55:7 - ავტორის ხაზგასმა/.პწ 479.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents