Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 38 - მოგზაურობა ედომის გარშემო

    რიცხვნი 20:14-29; 21:1-9

    კადეში, სადაც ისრაელიანნი დაბანაკდნენ, ძლიერ ახლოს იყო ედომის საზღვრებთან და მოსეს, ისევე როგორც მთელ ხალხს, გულით სურდა, ამ ქვეყანაზე გავლით სწრაფად შესულიყო აღთქმულ მიწაზე. და საკითხის მოსაგვარებლად, უფლის ბრძანებით, ებრაელებმა მაცნეები გაუგზავნეს ედომის მეფეს.პწ 272.1

    „ასე ამბობს შენი ძმა ისრაელი: შენ იცი ყველა უბედურება, რაც შემემთხვა. ჩავიდა ჩვენი მამაპაპა ეგვიპტეს და ვცხოვრობდით ეგვიპტეში მრავალი ხანი. ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები ჩვენ და ჩვენს მამაპაპას. შევღაღადეთ უფალს და მან ისმინა ჩვენი ხმა, გამოგვიგზავნა ანგელოზი და გამოგვიყვანა ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ, შენს მოსაზღვრე ქალაქში. გაგვატარე შენს ქვეყანაზე: არ გადავუვლით შენს ყანებს და ვენახებს, არ დავლევთ შენი ჭის წყალს; სამეფო გზით ვივლით, არც მარჯვნივ გავუხვევთ, არც მარცხნივ, ვიდრე შენს საზღვარს არ გავსცდებით” /რიცხ. 20:14-17/.პწ 272.2

    მუქარით სავსე პასუხი მიიღეს ისრაელიანებმა ამ თავაზიან თხოვნაზე: „არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით დაგხვდები”.პწ 272.3

    უარის მიღებით განცვიფრებულმა წინამძღოლებმა მეორედ მიმართეს მეფეს და აღუთქვეს: „მთავარი გზით წამოვალთ. თუ შენს წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საზღაურს გადაგიხდი. ეს იქნება და ეს, ჩემი ფეხით გავივლი”.პწ 272.4

    „ვერ გაივლი”, - იყო პასუხი. ყველაზე ძნელ გზებზე შეიარაღებული რაზმები დააყენეს ედომელებმა. ასე რომ, ისრაელიანთა მშვიდობიან გავლაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იყო, ძალის გამოყენება კი აკრძალული ჰქონდა ისრაელს. და იძულებული გახდნენ ებრაელები, ედომის ქვეყნის გარშემოვლით განეგრძოთ გზა აღთქმული ქვეყნისაკენ.პწ 272.5

    ებრაელ ხალხს რომ გამოცდის ჟამს ერწმუნა უფლისა, ზეციური მხედრობის თავი გაატარებდა მას ედომის მიწაზე. დიდად შეშინდებოდნენ ამ ქვეყნის მკვიდრნი და მტრულად კი არა, მეგობრულად შეხვდებოდნენ. მაგრამ მაშინვე არ უსმინეს ისრაელიანებმა უფლის ხმას და, სანამ ისინი ბუზღუნებდნენ და უკმაყოფილებას ანთხევდნენ, ხელიდან გაუშვეს ეს ძვირფასი შესაძლებლობა. და ბოლოს, როცა შეიკრიბნენ და მეფეს თხოვნით მიმართეს, სასტიკი უარი მიიღეს. თავიდანვე, ეგვიპტიდან გამოსვლის პირველი დღეებიდანვე, ცდილობდა სატანა სხვადასხვა დაბრკოლებები შეექმნა მათთვის, სხვადასხვა გზით ეცდუნებინა ისინი, რომ აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება დაეკარგათ. ებრაელები კი საკუთარი უნდობლობით ეწინააღმდეგებოდნენ უფლის ჩანაფიქრის აღსრულებას და თავად უწყობდნენ ხელს თავის წარუმატებლობას.პწ 272.6

    მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს მოქმედების დაწყებას მაშინვე, როცა ღვთის სიტყვას ირწმუნებთ და სანამ უფლის ანგელოზები მზად არიან დასახმარებლად. ბოროტი ანგელოზები მუდამ ცდილობენ, ხელი შეუშალონ წინსვლის ყოველ ნაბიჯს. როცა უზენაესი თავის შვილთ წინსვლისაკენ მოუწოდებს, როცა იგი მზადაა, მათთვის უდიდესი საქმეები მოიმოქმედოს, სატანა კარნახობს ღვთის შვილთ, არ იჩქარონ, იჭოჭმანონ და ამით ღმერთი გაანაწყენონ; იგი ცდილობს, წარმოშვას კამათი ან ურწმუნოება და წაართვას კურთხევა, რომლის მიცემაც უფალს მათთვის სურს. უფლის მსახურნი მუდამ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, დაიწყონ მოქმედება იმ მომენტში, როცა უზენაესი ამის გზას უჩვენებს. ყოველი დაყოვნება საშუალებას აძლევს სატანას, რათა ღვთის ხალხზე გაიმარჯვოს.პწ 273.1

    მაშინ, როცა მოსეს ებრძანა, გაევლო ედომზე და შემდეგაც, როცა ღმერთმა გამოუცხადა, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებნი ისრაელს შეუშინდებოდნენ, ღმერთმა აუკრძალა მათ ამ უპირატესობის გამოყენება. ვინაიდან ისრაელს ღვთიური ძალის მიცემა აღუთქვა ღმერთმა, მათ წინაშე შიში კი ადვილად დაამარცხებდა ედომელებს, ამიტომ ებრაელებს მათი გაძარცვა ეკრძალებოდათ. ასეთი იყო ღვთიური ბრძანება: „ნუ წაეკიდებით მათ, რადგან ფეხის ერთ დაბიჯებასაც არ მოგცემთ მათი ქვეყნიდან, რადგან ესავს მივეცი სამკვიდროდ სეყირის მთა” /რჯლ. 2:4,5/. აბრაამისა და ისააკის შთამომავალნი იყვნენ ედომელები და თავის მსახურთა გულისათვის შეიწყალა უფალმა ესავის შვილები; სამკვიდროდ სეყირის მთა მისცა და ყველას აუკრძალა მათი ხელყოფა, სანამ საკუთარი ცოდვებისათვის არ შეუწყდებოდათ ღვთიური წყალობა. ქანაანის მცხოვრებნი კი, რომელთაც საკუთარი ურჯულოების თასი უკვე აევსოთ, სრულად უნდა გაენადგურებინათ ისრაელიანთ. მაგრამ ედომელებს ჯერ კიდევ დარჩენოდათ მადლის დრო და სასჯელის გადმოღვრის დადგომამდე თანაგრძნობას უწევდა უფალი მათ. ისრაელის მიერ ქანაანის განადგურებამდე უზენაესი ედომის მკვიდრთა დანდობას ითხოვს.პწ 273.2

    ედომელთა და ისრაელიანთა წინაპრები ძმები იყვნენ და მათ შორის ძმური სიყვარული და პატივისცემა უნდა ყოფილიყო. ისრაელიანთ აეკრძალათ შურისგება ოდესმე იმის გამო, რომ ერთ დროს ედომის მიწაზე არ გაატარეს. ებრაელებს იმაზე ფიქრიც ვერ უნდა გაებედათ, რომ ოდესმე დაისაკუთრებენ ედომის ნაწილსაც კი. და, თუმცა ღვთის რჩეული და პრივილეგირებული ხალხი იყვნენ ისრაელიანნი, მაგრამ უფლისაგან შეზღუდვებს უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდნენ. მშვენიერი ქვეყანა აღუთქვა მათ უფალმა სამკვიდროდ, მაგრამ ამ მიწის სრულუფლებიან ბატონპატრონად არ უნდა ჩაეთვალათ თავი და სხვები არ უნდა შეევიწროებინათ. ებრაელებს ებრძანათ, არ გამოეჩინათ უსამართლობა ედომელთა მიმართ და მათთან სავაჭრო ხელშეკრულებები დაედოთ: ე.ი. ეყიდათ, რაც სჭირდებოდათ და ანგარიში მაშინვე გაესწორებინათ. მომავალშიც მუდამ უნდა ესმინა ისრაელს ღვთის სიტყვა და მუდამ მისი იმედი ჰქონოდა, ამისათვის გაახსენა უფალმა: „უფალმა, შენმა ღმერთმა, გაკურთხა ყველა საქმეში... არაფერი მოგკლებია” /რჯლ. 2:7/. არ სჭირდებოდათ ებრაელებს ედომელთა მოწყალება, რადგან მათი ღმერთი თავად იყო უხვად გამცემი და მწყალობელი. არც იძულებით და არც მოტყუებით არ შეეძლოთ მათ რაიმეს შეძენა, არამედ მათ ურთიერთობაში ედომელებთან ხორცი უნდა შეესხა ღვთიურ რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.პწ 273.3

    ისრაელს რომ ედომზე ისე გაევლო, როგორც ეს თავად უფალს ჰქონდა ჩაფიქრებული, ეს იქნებოდა უდიდესი კურთხევა არა მხოლოდ ებრაელთათვის, არამედ ედომის მკვიდრთათვისაც, რადგან ღვთის ხალხის ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მიეცემოდათ. იხილავდნენ ღვთისადმი მათ მსახურებას და იმასაც, თუ როგორ სწყალობს იაკობის ღმერთი მის მოყვარულთ და პატივისმცემელთ. მაგრამ ისრაელის ურწმუნოებამ ხელი შეუშალა ყოველივე ამას. ღმერთმა მისცა ისრაელიანთ წყალი, როცა მათ მოითხოვეს, მაგრამ სასჯელი კი მოუვლინა ურწმუნოებისათვის. კვლავ უნდა ევლოთ მათ უდაბნოში და ესვათ წყალი იმ სასწაულებრივი წყაროდან, რომელიც არ დასჭირდებოდათ, უფალს რომ სრულად მინდობოდნენ.პწ 274.1

    ასე რომ, კვლავ ჩრდილოეთისკენ გაბრუნდნენ ისრაელიანნი, უკაცრიელი უდაბნოსაკენ, რომელიც უფრო პირქუშად მოეჩვენათ ედომის მწვანე კორდებისა და ველების დანახვის შემდეგ. მთის შვერილთა შორის, უდაბნოს რომ მაღლიდან დასცქეროდა, ჰორის მთა აღმართულიყო, რომლის მწვერვალიც აარონის სიკვდილისა და დამარხვის ადგილი უნდა გამხდარიყო. როცა ისრაელიანნი ამ მთას მიუახლოვდნენ, მოსეს ებრძანა:პწ 274.2

    „ხელი მოჰკიდე აარონსა და მის ძეს ელეაზარს და ჰორის მთაზე აიყვანე. გახადე სამოსელი აარონს და მით ელეაზარი, მისი ძე შემოსე. შეერთოს აარონი და მოკვდეს იქ”.პწ 274.3

    ორი მხცოვანი უხუცესი ელეაზართან ერთად ჰორის მთის მწვერვალისაკენ გაეშურა. ას ოც ზამთარს დაეთოვა მოსესა და აარონის თმაზე. მრავალი მძიმე განსაცდელი და მრავალი პატივიც ხვდა წილად ღვთის ამ ორ მსახურს თავისი სიცოცხლის გრძელ, მოვლენებით აღსავსე გზაზე. უდიდესი სიბრძნე და გონიერება მიეცათ და ყველა მათ ნიჭსა და უნარს უფალთან ახლო ურთიერთობამ კეთილშობილება და სულიერება შეჰმატა. თავიანთი სიცოცხლე ღვთისა და მოყვასისადმი უანგარო მსახურებაში განვლეს. უდიდესი ინტელექტუალური ძალის, სიმტკიცის, კეთილშობილური სწრაფვისა და უდიდესი სიყვარულის ბეჭედი ესვა მათ სახეებს.პწ 274.4

    მრავალი წლის განმავლობაში ერთად შრომობდნენ მოსე და აარონი; ერთად ზრუნავდნენ ხალხზე. ერთად ხვდებოდნენ უამრავ განსაცდელს და ინაწილებდნენ ღვთის კურთხევებს. მაგრამ მოახლოვდა განშორების ჟამი. აუჩქარებლივ, სვენებსვენებით მიჰყვებოდნენ ისინი მთის ფერდობს. ერთად ყოფნის ყოველი წუთი ძვირფასი იყო მათთვის. ციცაბო იყო მთის კალთა, მეტად დამღლელი. ხშირად ისვენებდნენ და საუბრობდნენ ძმები წარსულსა თუ მომავალზე. მათ წინაშე, თვალსაწიერამდე, გადაჭიმულიყო ვრცელი უდაბნო - მათი ხანგრძლივი მოგზაურობის ადგილი. ქვემოთ, დაბლობზე, ისრაელიანთა ურიცხვ მხედრობას მოეყარა თავი, რომელსაც მათ ცხოვრების საუკეთესო წლები შესწირეს; რომელთა კეთილდღეობაზეც ასე ზრუნავდნენ და ვისთვისაც ასეთი დიდი მსხვერპლი გაიღეს. იქ, ედომის მთებს იქით, გზა მიდიოდა აღთქმული ქვეყნისაკენ, რომლის ნაყოფს ვერ იგემებენ ვერც მოსე და ვერც აარონი. წყრომის ნასახიც კი არ იყო მათ გულებში, ერთი საყვედურიც კი არ დასცდენია მათ ბაგეებს. მაგრამ მწუხარება და ნაღველი გაჩნდა მათ თვალებში, როცა გაიხსენეს მიზეზი, რის გამოც მამათა სამკვიდრებელში ვერ შევიდოდნენ.პწ 274.5

    დასრულდა აარონის მისია. ორმოცი წლის წინათ, როცა იგი ოთხმოცდასამი წლის იყო, უფალმა მოუწოდა, მოსესთან ერთად ეკეთებინა დიდი და მეტად მნიშვნელოვანი საქმე. იგი ეხმარებოდა ძმას ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოყვანაში; მას ეჭირა დიდი წინამძღოლის მაღლა აწეული ხელები, როცა ებრაელები ყამალეკს ებრძოდნენ. მას მიეცა ნება, ასულიყო სინაის მთაზე უფლის წინაშე და ეხილა უფლის დიდება. უფალმა აარონის ოჯახს დაავალა საწმიდარში მსახურება და მღვდელმთავრობა უბოძა. იგი ეხმარებოდა წმიდა მსახურებაში, როცა კორახსა და მის თანამზრახველთ უფალმა თავისი ღვთიური სასჯელი მოუვლინა. აარონის შუამდგომლობით შეწყდა ეს საშინელება. როდესაც მისი ორი ვაჟი ღვთიური ბრძანების შეუსრულებლობის გამო დაიღუპა, იგი არც ამბოხებულა და არც დაუჩივლია. მაგრამ მისი კეთილშობილური, წმიდა ცხოვრება შეილახა. მძიმე დანაშაული ჩაიდინა აარონმა, როცა ხალხის მოთხოვნით კერპი - ოქროს ხბო ჩამოასხა სინაის მთასთან და მაშინაც, როცა მხარი დაუჭირა მირიამს და მოსეს მიმართ მისი შური და უკმაყოფილება გაიზიარა. მანვე მოსესთან ერთად შეურაცხყო ღმერთი კადეშში. როცა ღვთიურ ბრძანებას ყური არ უგდო და სიტყვით არ მიმართა კლდეს, მოეცა წყალი.პწ 274.6

    უფალ ღმერთს სურდა, რომ მისი რჩეული ერის ამ ორ წინამძღოლს ქრისტეს ხასიათი გამოევლინა. ისრაელის შტოთა სახელებს ატარებდა მკერდზე აარონი. იგი ატყობინებდა ხალხს უფლის ნებას. იგი შედიოდა წმიდათა წმიდაში მიტევების დღეს „არა სისხლის გარეშე”, როგორც შუამდგომელი ისრაელიანთათვის. შემდეგ იქიდან გამოდიოდა და ლოცავდა მთელს საკრებულოს ისევე, როგორც ქრისტე აკურთხებს თავის მომლოდინე ხალხს, როდესაც მათი ხსნისათვის მსახურებას დაასრულებს. იმ წმიდა მსახურების დიდებულებამ, რომელიც ჩვენს უდიდეს მღვდელმსახურს /ქრისტეს/ წარმოგვიჩენდა, უფრო მეტად დაამძიმა აარონის მიერ კადეშში ჩადენილი დანაშაული.პწ 275.1

    უდიდესი მწუხარებით გახადა მოსემ აარონს მღვდელმთავრის სამოსელი და ჩააცვა ელეაზარს, რომელიც, უფლის ბრძანებით, ამიერიდან მღვდელმთავრად ინიშნებოდა. კადეშში ჩადენილი დანაშაულის გამო წაერთვა აარონს, როგორც ისრაელის მღვდელმთავარს, ქანაანში მსახურების უპირატესობა - შეეწირა პირველი აღსავლენი ამ მშვენიერ მიწაზე და ეკურთხებინა ისრაელის სამკვიდრო. მოსეს კი ჯერ კიდევ უნდა ეტარებინა თავისი მძიმე ტვირთი - ქანაანის საზღვრებამდე მიეცილებინა თავისი ხალხი. მას მხოლოდ შორიდან შეეძლო აღთქმული ქვეყნის დანახვა, მასში შესვლის უფლება კი არ ჰქონდა. უფლის ამ ორ მსახურს კადეშის კლდესთან უსიტყვოდ რომ გაეძლოთ გამოცდისათვის, სულ სხვაგვარად წარიმართებოდა მათი მომავალი ცხოვრება. ყოველ ბოროტებას თავისი შედეგი აქვს. შესაძლოა, მთელს სიცოცხლეში გაწეულმა შრომამ ვერ შეავსოს ის, რაც ცდუნების ან, უბრალოდ, დაუდევარი საქციელის გამო ერთ წამში შეიძლება დაიკარგოს.პწ 275.2

    ერის ამ წინამძღოლთა ელეაზართან ერთად წასვლამ, რომელსაც, როგორც ბანაკში იყო ცნობილი, აარონი უნდა შეეცვალა წმიდა მსახურებაში, რაღაც მძიმე წინათგრძნობა აღუძრა ხალხს, რომელიც მოუთმენლად ელოდა მათ დაბრუნებას. გაჰყურებდა ხალხი ამ მრავალრიცხოვან საკრებულოს და ხედავდა, რომ თითქმის ყველა, ვინც ეგვიპტიდან გამოსვლისას სრულწლოვანი იყო, უდაბნოში დაიღუპა. გულს უკლავდა ხალხს აარონისა და მოსეს მიმართ გამოტანილი განაჩენი. ზოგი ხვდებოდა წინამძღოლთა ჰორის მთაზე საიდუმლო ასვლის მიზანს და მათ მწუხარებასა და ტანჯვას მწარე მოგონებები აძლიერებდა.პწ 275.3

    და ბოლოს, შორიდან მოსესა და ელეაზარის სილუეტები გამოჩნდა. აუჩქარებლად ჩამოდიოდნენ მთიდან. აარონი კი აღარ იყო მათ შორის. ახლა ელეაზარს ეცვა მღვდელმთავრის სამოსელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მამის წმიდა მსახურება შვილს დაევალა. როცა გულდამძიმებული ხალხი წინამძღოლის გარშემო შეიკრიბა, უამბო მათ მოსემ, თუ როგორ განუტევა სული აარონმა მის ხელში ჰორის მთაზე და რომ იქვე დამარხეს იგი. მწარედ ატირდა და მწუხარე გოდებას მოჰყვა მთელი საკრებულო, ვინაიდან ძლიერ უყვარდათ აარონი, თუმცა ხშირად დაუმსახურებლად ტკივილს აყენებდნენ. „და დასტიროდა აარონს მთელი ისრაელის სახლი ოცდაათ დღეს”.პწ 275.4

    მეტად ძუნწ ცნობებს იძლევა წმიდა წერილი ისრაელის მღვდელმთავრის დაკრძალვის შესახებ: „იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა” /რჯლ. 10:6/. რაოდენ დიდი განსხვავებაა დაკრძალვის თანამედროვე ტრადიციებსა და იმდროინდელ უბრალო პროცესს შორის, რომელიც უფლის მითითებით ხდებოდა. ჩვენს დროში მაღალი თანამდებობის პირის დაკრძალვა ხშირად ფუფუნების უაზრო დემონსტრაციად იქცევა ხოლმე. აარონის - დედამიწის მკვიდრთა შორის ამ უაღრესად განდიდებული ადამიანის სიკვდილს მისი მხოლოდ ორი უახლოესი მეგობარი დაესწრო; მხოლოდ მათ მიაცილეს იგი განსასვენებელ ადგილამდე, მისი განმარტოებული საფლავი კი ვეღარასოდეს იხილა ისრაელმა. დაკრძალვის დიდებული ცერემონიები, წუთისოფელში ხშირად რომ აწყობენ, ღვთისადმი პატივისცემის გამოხატულება არ არის; და არც ხრწნადი სხეულისათვის გაწეული უდიდესი ხარჯები განადიდებს უფალს.პწ 276.1

    მთელი საკრებულო დასტიროდა აარონს, მაგრამ ყველაზე მწვავედ ამ დანაკარგზე მოსე წუხდა. აარონის სიკვდილი უნებურად ახსენებდა მას, რომ მისი აღსასრულიც მალე დადგებოდა. და, თუმცა სიცოცხლისათვის მეტად მცირე დრო დარჩენოდა, მაგრამ მაინც დიდად განიცდიდა მუდმივი მეგობრის დაკარგვას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მის ჭირვარამს, სიხარულსა და მწუხარებას იზიარებდა. ახლა მოსეს მარტოდ, აარონის გარეშე უნდა განეგრძო შრომა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ღმერთი იყო მისი მეგობარი და უფრო მეტად მიენდო მას.პწ 276.2

    მალე მას შემდეგ, რაც ჰორის მთა დატოვეს, დამარცხება იგემეს ისრაელიანებმა ქანაანის ერთერთ მეფესთან, ყარადთან შეტაკებისას. მაგრამ, როდესაც უფალს გულწრფელად სთხოვეს დახმარება, დაიფარა ისინი მან და მტერიც დამარცხდა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მადლიერება გამოეხატათ და დარწმუნებულიყვნენ, რომ უფლის დახმარების გარეშე ვერსად ვერაფერს გახდებოდნენ, ამ გამარჯვებამ თავდაჯერებულობა უფრო განუმტკიცა ებრაელებს და იკვეხნიდნენ კიდეც ამით. მალე მათ კვლავ გაიხსენეს ადრინდელი ჩვევა და დრტვინვას მოჰყვნენ. ამჯერად ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ისრაელს ნება არ მიეცა, ორმოცი წლის წინათ შესულიყო ქანაანში, მაშინვე, ამბოხების შემდეგ, რომელიც მზვერავთა შეტყობინებას მოჰყვა. ფუჭად მიაჩნდათ მათ უდაბნოში თავიანთი ხანგრძლივი ხეტიალი და ფიქრობდნენ, რომ მაშინაც ასევე ადვილად შეძლებდნენ მტრის დამარცხებას, როგორც ამჯერად შეძლეს.პწ 276.3

    გზა სამხრეთისაკენ განაგრძეს. მეტად ცხელი იყო ქვიშიანი უდაბნო, ყოველგვარი მცენარეულობის გარეშე. მეტისმეტად გრძელი და ძნელი ეჩვენებოდათ გზა. დაღლილობა და წყურვილი სტანჯავდა ხალხს. კვლავაც ვერ გაუძლეს თავისი რწმენისა და მოთმინების გამოცდას. თავიანთი ცხოვრების ისტორიის მხოლოდ ბნელ ფურცლებს იხსენებდნენ, რითაც უფრო შორდებოდნენ ღმერთს. დაავიწყდათ, რომ ედომის გარშემო მათი ხანგრძლივი მოგზაურობის მიზეზი მათი უკმაყოფილო დრტვინვა იყო იმის გამო, რომ წყალი შემოაკლდათ. ეს რომ არა, ისინი გზას შეიმოკლებდნენ. მადლიერნი უნდა ყოფილიყვნენ ისინი იმისათვის, რომ ასე მსუბუქად სჯიდა ღმერთი მათ ცოდვების გამო. ამის ნაცვლად კი თავს ირწმუნებდნენ, რომ უფლისა და მოსეს მიერ მათ წინაშე დაბრკოლებების აღმართვა რომ არა, უკვე დიდი ხანია დაისაკუთრებდნენ აღთქმულ ქვეყანას. ებრაელებმა თავად დაიტეხეს თავს უბედურება, თავად დაამძიმეს საკუთარი ხვედრი, უფლის სურვილის გარეშე და მაინც ყოველგვარი უბედურების მიზეზად ღმერთს მიიჩნევდნენ. ემდუროდნენ უფალს იმის გამო, რომ ცუდად ექცეოდა მათ და ასე იყო მანამ, სანამ უკმაყოფილებამ მთლად არ დარია ხელი. ახლა ეგვიპტე უფრო სასურველი და მიმზიდველი იყო მათთვის, ვიდრე თავისუფლება და მიწა, რომელიც ღმერთს მათთვის უნდა მიეცა.პწ 276.4

    უკმაყოფილების სულს აყოლილი ისრაელიანნი მიღებულ კურთხევასაც კი უკუღმა ხსნიდნენ. „საყვედურით დაუწყო ხალხმა ლაპარაკი უფალს და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა”.პწ 277.1

    ნათლად მიუთითა მოსემ ხალხს მის უდიდეს ცოდვაზე. მხოლოდ ღვთიური ძალის წყალობით გამოიარეს ებრაელებმა „დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის” /რჯლ. 8:15/. ღვთიური სასწაულებითა და წყალობით იფარავდა უფალი მათ ამ ხანგრძლივი მოგზაურობისას. უფლის ხელმძღვანელობით მავალნი, ისინი ყველგან პოულობდნენ წყალს წყურვილისა და ზეციურ მანანას - შიმშილის მოსაკლავად; მშვიდობასა და უსაფრთხოებას დღისით ღრუბლის და ღამით - ცეცხლის სვეტის ჩრდილქვეშ. ანგელოზები ეხმარებოდნენ მათ მთათა კლდოვანი მწვერვალებისა და უდაბნოს მიუვალი ბილიკების გადალახვისას. მიუხედავად გადატანილი გაჭირვებისა, მათ შორის არავინ გამხდარა ავად. არც ფეხები უსივდებოდათ და არც ტანისამოსი უცვდებოდათ ამ ხანგრძლივი სიარულისას. საშიშ მტაცებელთ აოკებდა უფალი მათ წინაშე და შხამიანი ქვეწარმავლებისაგან იცავდა. და რადგან, მიუხედავად ღვთიური სიყვარულის ამ მრავალრიცხოვანი მტკიცებისა, ხალხი კვლავ განაგრძობდა საყვედურებსა და ჩივილს, უფალმა გადაწყვიტა, ხელი აეღო მათზე მოწყალებით ზრუნვაზე, რათა შემდგომ დაეფასებინათ ყოველივე ეს და მორჩილებით და მონანიებით მისულიყვნენ მასთან.პწ 277.2

    ღვთიური ძალით დაცულთ არც უფიქრიათ იმ უამრავ საშიშროებაზე, რომელიც მუდამ არსებობდა მათ გარშემო. ეს უმადური, ურწმუნო ხალხი გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას და ახლა უფალმაც დაუშვა მათი განადგურება. შხამიან გველებს, რომლითაც სავსე იყო მთელი უდაბნო, ცეცხლოვანს უწოდებდნენ მათი საშინელი ნაკბენის გამო, რომელიც სასტიკ ანთებას და სწრაფ სიკვდილს იწვევდა. და, როცა უფლის მფარველი ხელი მოსცილდა ისრაელს, ბევრი მათგანი ამ საშინელ ქვეწარმავალთა მსხვერპლი გახდა.პწ 277.3

    საშინელმა არეულობამ მოიცვა მთელი ბანაკი. თითქმის ყოველ კარავს ჰყავდა მკვდარი ან მომაკვდავი. არავინ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ. ღამის მდუმარებას ხშირად არღვევდა გულგანმგმირავი ყვირილი - ახალი მსხვერპლის მაუწყებელი. არავის ეცალა. ყველა ცდილობდა განწირულთა შველას ან მათ გადარჩენას, ვისაც ეს უბედურება ჯერ არ სწვეოდა. ერთი საყვედურიც კი არ გამოუთქვამთ ახლა მათ ბაგეებს. ამ ტანჯვასთან შედარებით ძველ, გადატანილ განსაცდელზე და სიძნელეებზე ფიქრიც კი არ ღირდა.პწ 277.4

    მორჩილებით დახარა თავი ხალხმა ღვთის წინაშე. მოვიდნენ ისრაელიანნი მოსესთან, აღიარეს და მოინანიეს თავიანთი ცოდვები: „ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ”. სულ ცოტა ხნის წინათ უბოროტესი მტერი და ყველა მათი უბედურებისა და ტანჯვის მიზეზი უწოდეს მას. ყველაფერში ადანაშაულებდნენ, თუმცა კარგად იცოდნენ, რომ ცილს სწამებდნენ და მართლაც, როცა ნამდვილი უბედურება ეწიათ, მხოლოდ მას მიმართეს, როგორც ერთადერთ მეოხს უფლის წინაშე. „ილოცე უფლისადმი, - ევედრებოდნენ ისინი, - რომ მოგვცილდეს გველი”.პწ 278.1

    უფალმა უბრძანა მოსეს, გაეკეთებინა სპილენძის გველი, ცოცხალი გველის მსგავსი და მაღალ კეტზე დაემაგრებინა იგი, რათა ყოველ დაკბენილს შეეხედა მისთვის და განკურნებულიყო. შეასრულა მოსემ უფლის ეს ბრძანება და მალე მთელ ბანაკში გავარდა ხმა, რომ გადარჩება ყველა დაკბენილი, რომელიც სპილენძის გველს შეხედავს. ბევრი უკვე დაიხოცა და როცა მოსემ მაღლობზე სპილენძის გველი მიამაგრა, ზოგმა არც დაიჯერა, რომ ლითონისაგან დამზადებული ამ გამოსახულების უბრალო შეხედვით განიკურნებოდა. და ეს ადამიანებიც იღუპებოდნენ თავიანთი ურწმუნოების გამო. მაგრამ მრავალმა ღრმად ირწმუნა, რომ უფალი ღმერთი ამ გზით გადაარჩენდა. მშობლები, ძმები და დები მთელი ძალღონით ცდილობდნენ, დახმარებოდნენ ახლობლებს და მათი უსიცოცხლო მზერა გველისკენ მიეპყროთ. მიუხედავად უღონობისა და მოახლოებული სიკვდილისა, ერთი მზერაც კი საკმარისი იყო, რომ ადამიანი სრულად განკურნებულიყო.პწ 278.2

    ხალხმა კარგად იცოდა, რომ თავად სპილენძის გველს არავითარი განსაკუთრებული ძალა არ გააჩნდა, რათა განეკურნა ყოველი, ვინც მას შეხედავდა. ეს ძალა მხოლოდ ღვთისაგან გამოდიოდა. უზენაესმა სიბრძნით აირჩია ასეთი მეთოდი თავისი ძალის გამოსაჩენად. ამ უბრალო საშუალების მეშვეობით ხალხს უნდა შეეგნო, რომ მათ თავს დატეხილი უბედურება მათივე ცოდვებით იყო გამოწვეული. იგი ასევე საწინდარი იყო იმისა, რომ სანამ ადამიანები ღმერთს ემორჩილებიან, შიშის მიზეზი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან უფალი იცავს მათ.პწ 278.3

    სპილენძის გველის ამაღლება მეტად მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო ისრაელისათვის. ისრაელს თავად არ შეეძლო საკუთარი თავის გადარჩენა ამ შხამის საშინელი ზემოქმედებისაგან. მხოლოდ უფალ ღმერთს შეეძლო ადამიანთა განკურნება. მაგრამ მათ უნდა ერწმუნათ და მიეღოთ ღმერთის მიერ შემოთავაზებული საშუალება. გადარჩენისათვის შეხედვა იყო საჭირო. უფალს უნდა ეხილა და მიეღო მათი რწმენა, რაც გველზე თვალის შევლებაში გამოიხატებოდა. ებრაელებმა იცოდნენ, რომ თვით გველს არავითარი ღირსება არ გააჩნდა, მაგრამ იგი იყო ქრისტეს სიმბოლო და ამით მათ შეგნებაში ყალიბდებოდა ქრისტეს დამსახურებებისადმი რწმენის აუცილებლობა. ადრე ბევრს მოჰქონდა მსხვერპლი უფლის წინაშე, რაც საკმარისი ეგონათ ცოდვათა გამოსასყიდად. მათ არ ჰქონდათ რწმენა მომავალი მხსნელისა, რომლის სიმბოლოსაც ყველა ეს მსხვერპლშეწირვა წარმოადგენდა. ახლა კი უფალს სურდა, მათთვის ესწავლებინა, რომ თავისთავად ამ მსხვერპლს არავითარი ღირსება ან ძალა არ გააჩნია, ამ სპილენძის გველის მსგავსად, არამედ საშუალებაა მათი გონების ქრისტესკენ მიმართვისა, რომელიც ცოდვის გამოსასყიდი უდიდესი მსხვერპლია.პწ 278.4

    „როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე. რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე” /იოან. 3:14,15/. დედამიწის ყველა მკვიდრს, ვისაც კი ოდესმე ამქვეყნად უცხოვრია, გამოუცდია სასიკვდილო კბენა ძველი გველისა, „რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია” /გამოცხ. 12:9/. ცოდვის საბედისწერო შედეგის თავიდან აცილება მხოლოდ უფლის მიერ შემოთავაზებული საშუალებითაა შესაძლებელი. ისრაელიანები მხოლოდ მაშინ იკურნებოდნენ, როცა სპილენძის გველს უცქერდნენ. მათ მზერაში რწმენა იყო ჩაქსოვილი. ისინი არ კვდებოდნენ იმიტომ, რომ სჯეროდათ ღვთის სიტყვისა და მის მიერ მოცემული განკურნების საშუალებისა. ასევე იცოცხლებს ცოდვილი, თუკი მისი მზერა ქრისტესკენ იქნება მიპყრობილი. იგი ღებულობს მიტევებას გამომსყიდველი მსხვერპლისადმი რწმენით. უსიცოცხლო და უძლური სიმბოლოს საპირისპიროდ, ქრისტეს გააჩნია ღირსება და ძალა იმ ცოდვილის განკურნებისათვის, რომელიც თავის დანაშაულს მოინანიებს.პწ 279.1

    თუმცა ცოდვილს საკუთარი თავის გადარჩენა არ შეუძლია, მაგრამ მანაც რაიმე უნდა გააკეთოს გადარჩენისათვის. „ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ” /იოან. 6:37/, - ამბობს ქრისტე. და ჩვენც უნდა მივიდეთ მასთან. და როცა დანაშაულს მოვინანიებთ, უნდა გვჯეროდეს, რომ იგი მიგვიღებს და მოგვიტევებს. რწმენა ღვთით ბოძებული ნიჭია, მაგრამ ჩვენც გვჭირდება ძალისხმევა, რომ იგი გამოვიყენოთ. რწმენა - ეს არის ხელი, რომლითაც ადამიანი იღებს ძღვენს ღვთიური მადლისა და წყალობის სახით.პწ 279.2

    მხოლოდ ქრისტეს სიმართლეს შეუძლია მოგვცეს აღთქმული მადლისა და კურთხევის მიღების უფლება. ბევრი ძლიერ ესწრაფვის და ცდილობს ამ მადლის მიღებას, მაგრამ ვერ იღებს, რადგან თვლის, რომ საკუთარი საქმეებით დაიმსახურებს მას. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს უმზერენ და ავიწყდებათ, რომ მხოლოდ იესოა ჩვენი მხსნელი, რომელიც მზადაა, ყველა ჩვენი საჭიროება დააკმაყოფილოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პირადი ძალისხმევა და დამსახურება ვერ გადაგვარჩენს. ქრისტეა ჩვენი ხნის ერთადერთი იმედი. „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით” /საქ. 4:12/.პწ 279.3

    უფლისადმი სრული ნდობითა და ქრისტეს - ცოდვათა მიმტევებელი მხსნელის დამსახურებებზე დაყრდნობით, ვღებულობთ ყოველგვარ დახმარებას ჩვენი სურვილისამებრ. ნურავინ იფიქრებს, რომ გააჩნია რაიმე ძალა თავის გადასარჩენად. სწორედ იმიტომ მოკვდა ჩვენთვის იესო, რომ ჩვენ საკუთარი თავის ხსნა არ შეგვეძლო. მასშია ჩვენი იმედი, ჩვენი გამართლება და ჩვენი სიმართლე. მართალია, ცოდვილნი ვართ, მაგრამ სულით არ უნდა დავეცეთ, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს არ გვყავდეს მხსნელი და არვინ გვყავდეს თანამგრძნობი. სწორედ ჩვენი უძლურების მომენტში გვიხმობს იგი, მივიდეთ მასთან და მივიღოთ ხსნა.პწ 279.4

    არ სჯეროდა ბევრ ისრაელიანს, რომ ზეცის მიერ შემოთავაზებული საშუალება დაეხმარებოდა მათ. ირგვლივ უამრავი გვამი და მომაკვდავი იყო და ისინი გრძნობდნენ, რომ ღვთიური დახმარების გარეშე მათაც იგივე ბედი ეწეოდათ, მაგრამ კვლავ განაგრძნობდნენ ჩივილსა და კვნესას ჭრილობების, ტკივილისა და მოახლოებული სიკვდილის გამო, სანამ ძალა არ გამოეცლებოდათ და სულს არ განუტევებდნენ. ამ დროს კი შესაძლებელი იყო მათი განკურნება. შეიძლება ძლიერ გვიჭირდეს, მაგრამ საყვედურზე და ბუზღუნზე ძალა არ უნდა დავხარჯოთ. ქრისტეს გარეშე მეტად უსუსურნი ვართ, მაგრამ სულმოკლეობა კი არ უნდა გამოვიჩინოთ, არამედ უნდა დავეყრდნოთ ჩვენი ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის დამსახურებას. უმზირეთ და იცოცხლეთ! იესომ აღგვითქვა, რომ ყოველ მასთან მისულს გადაარჩენს. და, თუმცა მილიონობით ადამიანი, რომელთაც განკურნება სჭირდება, უარს ამბობს მის წყალობაზე, მაგრამ მასზე მინდობილი არ დაიღუპება.პწ 279.5

    ბევრს არ სურს ქრისტეს მიღება მანამ, სანამ ხსნის გეგმის საიდუმლო გასაგები არ გახდება მათთვის. არ სურთ, რწმენით შეხედონ, თუმცა მშვენივრად ხედავენ, რომ ქრისტეს ათასობით მიმდევარი ძალას იძენს. ბევრი ფილოსოფიის ლაბირინთებში ეძებს მტკიცებებს, მაგრამ ვერასოდეს იპოვის, ვიდრე უფლის მიერ მოცემულ მტკიცებებს არ მიიღებს. მათ არ სურთ სიმართლის მზის ნათელში სიარული, სანამ მისი ნათების მიზეზს არ აუხსნიან. ვერც ერთი მათგანი ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას. ღმერთი არასოდეს წაშლის ეჭვის ყოველგვარ საბაბს. მან საკმარისი მტკიცება მოგვცა რწმენის განსამტკიცებლად და თუკი ადამიანი მათ არ ღებულობს, ბნელში დარჩება. გველით დაკბენილნი რომ შეყოვნებულიყვნენ, დაეჭვებულიყვნენ და სპილენძის გველის შეხედვამდე რაიმე კითხვები დაესვათ, დაიღუპებოდნენ. ჩვენ მოვალენი ვართ, უპირველესად, შევხედოთ და რწმენა მოგვცემს სიცოცხლეს.პწ 280.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents