Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
პატრიარქები და წინასწარმეტყველები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 62 - დავითის არჩევა მეფედ

    პირველი მეფეთა 16:1-13

    “დიდი მეფის ქალაქიდან” - იერუსალიმიდან რამდენიმე მილის დაშორებით, სამხრეთით მდებარე ბეთლემში ათას წელიწადზე მეტი ხნით ადრე, ვიდრე ბაგაში დაბადებულ იესოს აღმოსავლეთიდან დაძრული ბრძენი მოგვნი სცემდნენ თაყვანს, დაიბადა დავითი, იესეს ძე. დედამიწაზე მაცხოვრის მოსვლამდე მრავალი საუკუნით ადრე, ჯერ კიდევ ყრმა დავითი ბეთლემის ირგვლივ მდებარე ბორცვებზე ცხვრებს აძოვებდა. თავის ჩვეულ საქმეს აკეთებდა ეს უბრალო ბიჭუნა, მწყემსი, თან თავის შეთხზულ სიმღერებს მღეროდა, ქნარი კი შესანიშნავ აკომპონიმენტს უწევდა მის მელოდიურ, სუფთა და ლამაზ ხმას. უფალმა აირჩია დავითი და სწორედ ამ განმარტოებული, მწყემსური ცხოვრებით ამზადებდა საქმისათვის, რომელსაც მომავალში მიანდობდა. იმ დროს, როცა დავითი მწყემსის ჩვეული საქმიანობით იყო დაკავებული, უფალმა უთხრა სამუელს: „როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისაგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე... წაიყვანე ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედითქო. მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო; ზეთს სცხებ მას, ვისზედაც გეტყვი. ყველაფერი გააკეთა სამუელმა, რაც ბრძანა უფალმა და წავიდა ბეთლემს. პატივით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: მშვიდობით მოგვიხვედი. მიუგო სამუელმა: მშვიდობა!” უხუცესებთან ერთად იესე და მისი ვაჟებიც მოიწვია სამუელმა. ააგეს სამსხვერპლო და ყველაფერი მოამზადეს მსხვერპლშეწირვისათვის. იესეს მთელი ოჯახი აქ იყო, ყველაზე უმცროსი ვაჟის, დავითის გარდა, რომელიც ცხვრების ყარაულად დატოვეს, რადგან პირუტყვის უმეთვალყუროდ მიტოვება მეტად საშიში იყო.პწ 420.1

    მსხვერპლშეწირვის ცერემონიალი დამთავრდა და სამსხვერპლო ნადიმის გამართვამდე სამუელმა თავისი წინასწარმეტყველური თვალით დიდი ყურადღებით დაათვალიერა იესეს მშვენიერი ვაჟები. უფროსი ვაჟი, ელიაბი, გარეგნულად, ტანითა და სილამაზით საულს წააგავდა. მისმა ლამაზმა სახემ და უზადო ტანადობამ წინასწარმეტყველის ყურადღება მიიპყრო. ამ მეფური აღნაგობის, მიმზიდველი ჭაბუკის დანახვაზე სამუელმა იფიქრა: „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული”, - და დაელოდა უფლის ბრძანებას, რათა მისთვის ზეთი ეცხო. მაგრამ იეჰოვასთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის გარეგნობა. ღვთის შიში არ ჰქონდა ელიაბს. მეტად ამაყი, სასტიკი მმართველი იქნებოდა, თუ სამეფო ტახტზე ავიდოდა. უფალმა სამუელს უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს”. გარეგნული სილამაზე არაფერს ეუბნება ღმერთს ადამიანის სულზე. ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზე მისი სიბრძნე და ხასიათისა და საქციელის სრულყოფილებაა. და ეს ის შინაგანი ფასეულობა, გულის ის სრულყოფილებაა, რომელიც განსაზღვრავს, გვღებულობს თუ არა ღმერთი. კარგად უნდა შევიმეცნოთ ეს ჭეშმარიტება საკუთარი თავისა და სხვების შესახებ. სამუელის შეცდომა გვიჩვენებს, თუ რა ფუჭია ადამიანის სახის სილამაზესა და მშვენიერ ტანადობაზე აგებული შეხედულება. რაოდენ უძლურია ადამიანური სიბრძნე, შეიცნოს გულის საიდუმლო ან ჩასწვდეს უფლის რჩევებს განსაკუთრებული, ზეციური ნათლის მიღების გარეშე. უფლის გზებისა და ზრახვების შეცნობის უნარი ჩვენს შეზღუდულ გონებას აღემატება, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ უფალი ღმერთი თავის შვილებს სწორედ იქით გაგზავნის, სადაც ისინი მისი დავალების შესრულებას შეძლებენ; სადაც უფლის ნებას დამორჩილდებიან, რათა მისი კეთილშობილური გეგმები ადამიანის თვითნებობამ არ ჩაშალოს.პწ 420.2

    ამგვარად, ელიაბზე აღარ შეაჩერა ყურადღება წინასწარმეტყველმა, არამედ ღვთისმსახურებაზე მოსულ მის ძმებზე გადაიტანა. მაგრამ არც ერთ მათგანზე არ შეაჩერა თავისი არჩევანი უფალმა. დიდად ღელავდა სამუელი, როცა ჯერი ამ ყმაწვილთაგან უკანასკნელზე მიდგა. დაიბნა და შეშფოთდა წინასწარმეტყველი. შემდეგ კი იესეს ჰკითხა: „სულ ეს არიან შენი ყმაწვილები? მიუგო: კიდევ დარჩა უმცროსი, მაგრამ ცხვარშია ახლა. უთხრა სამუელმა იესეს: გაგზავნე კაცი და მოაყვანინე, რადგან არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი”.პწ 421.1

    დიდად გააკვირვა მარტოხელა მწყემსი ამ მოულოდნელმა მიპატიჟებამ. მასთან მოსულმა მაცნემ აუწყა, რომ ბეთლემში მოვიდა წინასწარმეტყველი, რომელმაც დავითის წასაყვანად გამოგზავნა იგი. გაკვირვებით იკითხა დავითმა, თუ რისთვის დასჭირდა წინასწარმეტყველსა და ისრაელის მსაჯულს მისი ნახვა, მაგრამ დაუყოვნებლივ გაეშურა. „წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი”. და როცა სამუელი ყურადღებით აკვირდებოდა ამ ლამაზ, მამაც და მოკრძალებულ ყმაწვილ მწყემსს, უფალმა უთხრა: „ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის”. მწყემსის მოკრძალებული საქმიანობით დაკავებული დავითი გამბედავი და ერთგული ყმაწვილი აღმოჩნდა და უფალმაც ისრაელის მმართველად აირჩია იგი. „აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს”. შეასრულა დავალება წინასწარმეტყველმა და გულდამშვიდებული დაბრუნდა რამათში.პწ 421.2

    თვით იესეს ოჯახსაც კი არ გაანდო სამუელმა თავისი მოქმედების მიზანი, ამიტომ დავითის ცხება საიდუმლოდ მოხდა, რითაც წინასწარმეტყველმა მიახვედრა ყმაწვილს, თუ რა დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები ელოდა მას, რათა მომავალ ჟამთა გაჭირვებებში და ხიფათში ყოფნისას ყოველივე ამის გახსენება დახმარებოდა უფლის იმ მოწოდებისადმი ერთგულების შენარჩუნებაში, რომელიც მის ცხოვრებაში უნდა აღსრულებულიყო.პწ 421.3

    არ გაამაყებულა დავითი ამ უდიდესი პატივის გამო. მიუხედავად იმ მაღალი მდგომარეობისა, რომელიც მას უნდა დაეკავებინა, იგი მშვიდად განაგრძობდა თავის ჩვეულ საქმიანობას და მორჩილებით ელოდა უფლის გეგმების განხორციელებას მის მიერვე განსაზღვრულ დროში და მისივე დადგენილი გზით. მოკრძალებული და მორჩილი, როგორიც ადრე იყო, მწყემსი ბიჭუნა კვლავ თავის ფარას დაუბრუნდა და კვლავინდებურად სიყვარულით მწყემსავდა მათ. ნაგრამ კიდევ უფრო მეტი შთაგონებით განაგრძობდა მელოდიების შექმნას და ქნარზე დაკვრას. თვალებით ეტრფოდა მის წინ გადაშლილ დიდებულ პეიზაჟებს. მრავალფრად აელვარებდა მზის სხივები ყურძნის მძიმე მტევნებს. წყნარად არხევდა ქარი ტყეში მწვანით მოსილ ხეებს. მზერით ეალერსებოდა დავითი მზეს, თავის სასახლიდან გამოსულ ნეფეს რომ ჰგავდა და მთელ ზეცას ნათელს ჰფენდა, დოღში მონაწილე მორბენალივით რომ ჩქარობდა და ზეიმობდა. ზეცამდე აწვდილიყო მთათა ციცაბო მწვერვალები, გაღმა, შორს, მოაბის მთაგრეხილის ფრიალო, შიშველი ფერდობები მოჩანდა. ყოველივე ამას კი ზემოდან უძირო, მოალერსე ცა დაჰყურებდა. მასზე მაღლა კი იყო ღმერთი. არ შეეძლო ყმაწვილს უზენაესის თვალით ხილვა, მაგრამ მის დიდებულ საქმეთა შეცნობა ხომ შესაძლებელი იყო! ნათელი დღე, ოქროსფერი სხივებით მოფენილი ტყეები და მთები, ველმინდვრები და ნაკადულები - ყოველივე ამას სინათლის წყაროსთან, სიკეთისა და სრულყოფილების ავტორთან მიჰყავდა ფიქრებით დავითი. შემოქმედის არსისა და დიდებულების ყოველდღიური გამოცხადება უფლისადმი უდიდეს სიყვარულსა და აღტაცებას იწვევდა ახალგაზრდა პოეტში. უფალზე ფიქრში და მისი საქმეების კვლევაში თანდათან უვითარდებოდა და უმტკიცდებოდა დავითს სხვადასხვა გონებრივი და სულიერი ნიჭი, რაც მომავალი მსახურებისათვის ამზადებდა. უფლის უფრო ღრმა შემეცნების წყალობით სულ ახალახალ თემებს პოულობდა იგი თავისი სიმღერებისა და მელოდიებისათვის. სულ უფრო ხშირად იღვრებოდა ჰაერში მისი ლამაზი, ძლიერი ხმა; ექოდ მეორდებოდა მთებში, თითქოსდა, ზეციურ ანგელოზთა საზეიმო საგალობელთა პასუხად.პწ 421.4

    ვის ძალუძს, გაზომოს იმ წლების შრომის სიმძიმე და უკაცრიელ მთებში ხეტიალის შედეგები? უფალთან და ბუნებასთან ურთიერთობა, ცხვარზე ზრუნვა, ხიფათი და მისგან თავის დახსნა, მისი უბრალო ყოფის ჭირვარამი და სიხარული არა მხოლოდ ხასიათის ჩამოყალიბებაში უნდა დახმარებოდა დავითს და მის მომავალ ცხოვრებაზე მოეხდინა ზეგავლენა, არამედ ამ ებრაელი პოეტისა და მგოსნის საგალობლებს მომავალ საუკუნეებში სიყვარულისა და რწმენის ცეცხლი უნდა დაენთო ღვთის ხალხის გულებში და უფლის უსაზღვროდ მოყვარულ გულთან უნდა დაეახლოებინა, უფლისა, რომელიც სიცოცხლის წყაროა მის მიერ შექმნილი ყოველი არსებისათვის.პწ 422.1

    სიმამაცისა და სილამაზის აყვავების ხანაში მყოფ დავითს საპატიო ადგილი უნდა დაეკავებინა დედამიწის უკეთილშობილეს ადამიანთა შორის. მისი მრავალმხრივი ნიჭი, როგორც უფლის უძვირფასესი ძღვენი, უზენაესის ძალისა და ძლიერების განდიდებას ემსახურებოდა. უფლის დიდებულ საქმეთა ხილვამ და მასზე ფიქრმა სიბრძნე და ღვთისმოსაობა შესძინა მას, რამაც ღვთისა და ანგელოზთათვის მოსაწონი გახადა. შემოქმედის სრულქმნილებაზე ფიქრისას უფრო ნათლად ეცხადებოდა მისი სიდიადე. შეუცნობ საგნებს ნათელი ეფინებოდა, სიძნელეები უმსუბუქდებოდა, დაბნეულობა ჰარმონიით იცვლებოდა და სინათლის ყოველი ახალი სხივი ახალახალ აღტაცებას და მოშურნეობას იწვევდა მასში და სულ უფრო ლამაზ მელოდიებს ქმნიდა იგი უფლისა და მაცხოვრის სადიდებლად. სიყვარული, რომელმაც მთელი მისი არსება მოიცვა, მწუხარება, რომელიც ხშირად იპყრობდა, გამარჯვებები - ყოველივე ეს საზრდო იყო მისი ცოცხალი გონებისათვის. და, როცა ცხოვრებაში მისდამი ღმერთის სიყვარულზე ფიქრობდა, გული უფრო დიდი სიყვარულითა და მადლიერებით ევსებოდა. ნთელი გულით მღეროდა დავითი, ახალახალ, ლამაზ მელოდიებს ქმნიდა, უფრო საზეიმოდ და სიყვარულით ჟღერდა მისი ქნარი... და მიაბიჯებდა მწყემსი ბიჭუნა ნათელიდან ნათელში, მტკიცდებოდა მისი ცოდნა, რამეთუ უფლის სული დავანებულიყო მასზე.პწ 422.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents