Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 17 - ქრისტეს აღთქმა მისი მეორედ მოსვლის შესახებ

    ერთერთი ყველაზე დიდებული და ბრწყინვალე ჭეშმარიტება, რომელსაც ბიბლია გვიცხადებს, ესაა სიმართლე ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, - რითიც დასრულდება კაცობრიობის გამოსყიდვა. უფლის მომთაბარე შვილებისათვის, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში”სასიკვდილო ჩრდილსა და წყვდიადში” იმყოფებოდნენ, აღთქმა უფლის მეორედ მოსვლის შესახებ, რომელიც არის”აღდგომა და სიცოცხლე”, და რომელიც კვლავ შემოიკრებს თავის გაფანტულ შვილებს, მეტად ძვირფასი და სასიხარულო იმედია. უფლის მეორედ მოსვლის მოძღვრება წმიდა წერილის ძირითად შინაარსს შეადგენს. იმ დღიდან, რაც პირველი წყვილი ნაღვლიანად გამოეთხოვა ედემს, რწმენის შვილებმა ცხოვრება დაიწყეს აღთქმულის მოსვლის მოლოდინში, რომელსაც დამღუპველი ძალაუფლება უნდა გაენადგურებინა და მათთვის დაკარგული სამოთხე დაებრუნებინა. მესიის დიდებით მოსვლა ძველი აღთქმის ყოველი წმიდანის იმედის საყრდენი იყო. ენოქი, ოდესღაც სამოთხეში მცხოვრებ ადამიდან მეშვიდე, რომელიც 300 წლის განმავლობაში “დადიოდა უფლის წინაშე” დედამიწაზე, ღირსი გახდა, ეხილა მომავალი მხსნელი:“აhა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდანთან ერთად, - ამბობს იგი, - რათა ყველა განიკითხოს” (იუდ.14:15). პატრიარქი იობი თავისი ტანჯვის ღამეს უდიდესი სასოებით ამბობს:“მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და იგი აღადგენს მკვდრეთით ამ ჩემს დაშლილ კანს; მე ჩემი სხეულით ვიხილავ ღმერთს! მე თავად დავინახავ მას და ჩემი თვალები იხილავენ, არა სხვისნი” (იობ. 19:25-27; თარგმ. ორიგ.).დბ 185.1

    სიმართლის ზეიმად მოხსენიებული ქრისტეს მოსვლის იმედი აღამაღლებდა და აღაფრთოვანებდა ამ წმიდა წიგნის ავტორთ. ბიბლიური პოეტები და წინასწარმეტყველები ზეციური ცეცხლოვანი სიტყვებით მეტყველებდნენ. ისრაელის მეფის ძალასა და დიდებას უმღეროდა მეფსალმუნე:“სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან გამობრწყინდება უფალი. მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე” (ფს.49:2-4).”გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. იხმაურებს ზღვა და სავსება მისი... უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თავისი ჭეშმარიტებით” (ფს.95:11,13).დბ 185.2

    ესაია წინასწარმეტყველი ამბობს:“გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და მიწა ამოანთხევს მიცვალებულთ”.”შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელ ქვეყანაზედ, რადგან უფალმა ასე ბრძანა. იტყვიან იმ დღეს: აhა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! გავიხაროთ და გავმხიარულდეთ მისმიერი ხსნით!” (ესაია, 26:19; 25:8,9; თარგ. ორიგ.).დბ 186.1

    აბაკუმ წინასწარმეტყველიც აღიტაცა მისი მოსვლის წმიდა ხილვამ:“თემანიდან მოდის ღმერთი და უწმიდესი - ფარანის მთიდან. დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა; დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი... შედგა, შეატორტმანა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები; საუკუნოა მისი გზები; შენ ამხედრდი შენს ცხენებზე, შენი ძლევის ეტლებზე... დაგინახეს და შედრკნენ მთები, გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები, მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში, შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე, გაფრენილი შუბების შარავანდედზე... შენი ერის გამოსახსნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად” (აბაკ.3:3-13).დბ 186.2

    თავის მოწაფეებთან განშორებისას მაცხოვარმა დაამშვიდა ისინი და აღუთქვა, რომ კვლავ დაბრუნდება:“ნუ შეკრთება თქვენი გული... მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა... მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ” (იოან. 14:1-3).”ხოლო, როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი” (მათ. 25:31-32).დბ 186.3

    ანგელოზებმა, რომელნიც ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდგომ ზეთისხილის მთაზე შეყოვდნენ, მოციქულებს გაუმეორეს უფლის აღთქმა მისი დაბრუნების შესახებ:“ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ” (საქ. 1:11). სულიწმიდით შთაგონებული პავლე მოციქული მოწმობდა:“ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე” (1თეს. 4:16). და პატმოსზე გადასახლებული წინასწარმეტყველიც გვეუბნება:“აhა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი” (გამოცხ. 1:7).დბ 186.4

    ქრისტეს მოსვლასთან არის დაკავშირებული დიდება”ყოვლისა კვლავ აღდგინებისა, რასაც უკუნისიდან წარმოთქვამდა ღმერთი ყველა თავისი წმიდა წინასწარმეტყველის პირით” (საქ. 3:21). მაშინ წერტილი დაესმევა ბოროტების ბატონობას:“წუთისოფლის სამეფო” გახდება”ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე” (გამოცხ. 11:15).”გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს” (ეს. 40:5).”უფალი ღმერთი აღმოაცენებს სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე” (ეს. 61:11).”იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის” (ეს. 28:5).დბ 186.5

    მაშინ დედამიწაზე მოვა დიდი ხნის ნანატრი მესიის სამეფო. “რადგან ანუგეშებს უფალი სიონს, ანუგეშებს ყოველ მის ნაოხარს; სამოთხედ გადააქცევს მის უდაბნოს და უფლის ბაღად მის ტრამალს” (ეს. 51:3).”აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას - დაპატრონებული, რადგან შენ hსურხარ უფალს და ქვეყანას პატრონი ეყოლება... როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი” (ეს. 62:4,5).”ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე” (ეს. 35:2).დბ 187.1

    ქრისტეს მოსვლის აღთქმა იმედის ფრთებს ასხამდა მის მიმდევართ ყველა საუკუნეში. ზეთისხილის მთაზე გამომშვიდობებისას მაცხოვარმა დაბრუნება აღუთქვა მოციქულებს და ამან გაანათა მათი მომავალი, სიხარულითა და იმედით აღავსო მათი გულები, რომელთაც მწუხარებამ და გამოცდამ ვერაფერი დააკლო. დევნისა და ტანჯვის ქარცეცხლში”უზენაესი ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს გამოჩენა” მათთვის”ნეტარი სასოება” იყო. როდესაც თესალონიკელი ქრისტიანები მწუხარებით მარხავდნენ თავიანთ მიცვალებულებს - ჭეშმარიტ მორწმუნეთ, რომელთაც იმედი hქონდათ, რომ საკუთარი თვალით იხილავდნენ უფლის მოსვლას, პავლე მოციქული, მათი მოძღვარი ახსენებდა მათ მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რომელიც მაცხოვრის მოსვლისას მოხდება. მაშინ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან და ცოცხლებთან ერთად”ზეატაცებულნი იქნებიან”, რათა hაერში შეეგებონ უფალს.”და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით - ამბობს მოციქული (1თეს. 4:16-18).დბ 187.2

    პატმოსის მთაგორიან კუნძულზე უფლის საყვარელმა მოწაფემ გაიგონა აღთქმა:“hე, მალე მოვალ!”, და გამოხატა რა ყველა საუკუნის ეკლესიების სურვილი, უპასუხა:“hე, მოდი, უფალო იესო!” (გამოცხ. 22:20).დბ 187.3

    ყოველი საუკუნის საპყრობილეებიდან, კოცონის ალიდან და ეშაფოტებიდან, სადაც წმიდანები ჭეშმარიტების შესახებ მოწმობდნენ, ისმის მათი რწმენითა და იმედით აღსავსე ხმები:“დარწმუნებულნი მის აღდგომაში და ასევე თავიანთში, მისი მეორედ მოსვლის დროს” - ამბობს ერთერთი მათგანი ამ ქრისტიანთაგან, -“მათ სძულდათ სიკვდილი და ისინი მასზე მაღლა იდგნენ”.”ისინი მზად იყვნენ ჩასულიყვნენ საფლავებში”, რათა შემდეგ”ამოსულიყვნენ თავისუფალნი”. ისინი ელოდნენ უფლის გამოჩენას”ზეცით ღრუბლებზე მამის დიდებაში”,“რომელმაც მართლებს უნდა მოუტანოს ხსნა”. სწორედ ასეთი რწმენა hქონდათ ვალდენსებს. მხსნელის გამოჩენას უიკლიფი ეკლესიის იმედს უწოდებდა.დბ 187.4

    ლუთერი ამბობდა:“მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ განკითხვის დღე დადგება არა უგვიანეს 300 წლისა. ღმერთი არ მოისურვებს და ვერც შეძლებს ამ უწმიდური წუთისოფლის მოთმენას... დიადი დღე დადგება, როდესაც ეს გახრწნილი წუთისოფელი განადგურდება”.დბ 187.5

    `კაცობრიობის აღსასრული მალე დადგება”, - ამბობდა მელანქტონი. კალვინი არწმუნებდა მორწმუნეთ”არ შეეჭვებულიყვნენ, არამედ იმედით დალოდებოდნენ ქრისტეს მოსვლას, როგორც უდიდეს მოვლენას კაცობრიობის ისტორიაში” და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ”მთელი ქრისტიანული ოჯახი უნდა ელოდოს ამ დღის დადგომას... ჩვენ უნდა ვიგრძნოთ შიმშილი ქრისტეს მიმართ; უნდა ვეძებოთ იგი, ვიფიქროთ მასზე და ვიმსჯელოთ მის შესახებ, სანამ არ გამობრწყინდება ის დიდებული დღე, როდესაც ჩვენი უფალი მთელი სისრულით გამოავლენს თავისი სამეფოს დიდებას”.დბ 187.6

    `განა ჩვენი უფალი იესო ადამიანის სხეულით არ ამაღლდა ზეცად? - ამბობს შოტლანდიელი რეფორმატორი ნოქსი. - და განა ასევე არ დაბრუნდება? ჩვენ ვიცით, რომ იგი დაბრუნდება და ეს მალე იქნება”. რიდლი და ლათიმერი, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე ჭეშმარიტებას შესწირეს, რწმენით ელოდნენ ქრისტეს მოსვლას. რიდლი წერდა:“მე მჯერა და ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ მსოფლიო თავის აღსასრულს უახლოვდება. და ამიტომ, უფლის მსახურ იოანესთან ერთად გულით მივმართოთ ჩვენს მაცხოვარს:“მოდი მალე, უფალო იესო!”დბ 188.1

    `უფლის მეორედ მოსვლაზე ფიქრი, - ამბობდა ბაქსტერი, - ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და ბედნიერებაა. მორწმუნეთა რწმენა და ხასიათი იმაში ვლინდება, რომ ისინი სიყვარულითა და ნეტარი სასოებით ელიან ქრისტეს მოსვლას. თუკი სიკვდილი იქნება უკანასკნელი მტერი, რომელიც აღდგომით განადგურდება, ამან უნდა აღგვიძრას ლოცვისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის სურვილი, როდესაც სრული იქნება მტერზე გამარჯვება”.”ამ დღის მალე დადგომას რწმენით უნდა ელოდოს ყველა მორწმუნე; ამ დღეს დასრულდება მათი გამოსყიდვის მსახურება და მათი სულის ყოველი სურვილი და მისწრაფება აღსრულდება. უფალო, ჩემო ღმერთო, მოგვიახლოვე ეს ნეტარი დღე!” ასეთი იყო მოციქულთა ეკლესიის იმედი,“ეკლესიისა უდაბნოში” და რეფორმატორთა იმედიც.დბ 188.2

    წინასწარმეტყველება გვაუწყებს არა მხოლოდ ქრისტეს მეორედ მოსვლის მიზანსა და იმას, თუ როგორ მოხდება ეს, არამედ მიგვითითებს კიდეც იმ ნიშნებზე, რითაც ადამიანები უნდა მიხვდნენ მის მოახლოებას. იესო ამბობს:“და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე” (ლუკ. 21:25)...”მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს შუქს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით” (მარკ. 13:24-26). იოანე ღვთისმეტყველი ასე აღწერს მეორედ მოსვლის დასაწყისის ნიშნებს:“...აhა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ბალნის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა...” (გამოცხ. 6:12).დბ 188.3

    ეს ნიშნები XIX საუკუნის დამდეგამდე გამოჩნდა. 1755 წელს მოხდა ერთერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა დედამიწის მთელი ისტორიის მანძილზე. თუმცა ის ცნობილი იყო ლისაბონის მიწისძვრის სახელწოდებით, მაგრამ მისი მოქმედება ევროპის, აფრიკისა და ამერიკის უდიდეს ნაწილზე გავრცელდა. იგი იგრძნობოდა გრენლანდიაში, ვესტინდოეთში, კუნძულ მადეირაზე, შვედეთსა და ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. მან მოიცვა ტერიტორია არა უმცირეს 4 მილიონი კვადრატული მილი ტერიტორია. აფრიკაშიც ისეთივე ძლიერი ბიძგები იყო, როგორც ევროპაში. ალჟირის უდიდესი ნაწილი დაინგრა, ხოლო მაროკოს მახლობლად მიწის უფსკრულმა ჩაყლაპა სოფელი მისი 8-10 ათასი მცხოვრებით. ესპანეთისა და აფრიკის ნაპირებს უზარმაზარი ტალღა დაატყდა თავს, რომელმაც ქალაქები წალეკა და მთელი რიგი რაიონები გააუკაცრიელა.დბ 188.4

    ესპანეთში და პორტუგალიაში მეტად ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა. ამბობდნენ, რომ კადისს ეძგერა ტალღა, რომლის სიმაღლე 18 მეტრს აღწევდა.”პორტუგალიის ყველაზე მაღალი მთები მწვერვალიდან ძირამდე ირყეოდნენ. ზოგიერთი მწვერვალი დასკდა და რაღაც საოცარი, უჩვეულო ფორმა მიიღო. უზარმაზარი კლდეები გადმოეფშვნა ახლომდებარე სოფლებს. იტყობინებოდნენ, რომ ნაპრალებიდან ცეცხლის ალი იფრქვეოდა”.დბ 188.5

    ლისაბონში”თავდაპირველად მიწის სიღრმიდან მოისმა გრგვინვის მსგავსი ხმა და მაშინვე უძლიერესმა ბიძგმა დაანგრია ქალაქის უდიდესი ნაწილი; სულ რაღაც 6 წუთში 60 ათასი ადამიანი დაიღუპა. თავიდან ზღვა უკუიქცა და გააშიშვლა ქვიშიანი ნაპირი, შემდეგ კი თავისი ჩვეულებრივი დონიდან 15 მეტრით მაღლა აიწია. სხვა უჩვეულო შემთხვევებიდან, რომელთაც ლისაბონის კატასტროფის დროს hქონდა ადგილი, განსაკუთრებით აღსანიშნავია სუფთა მარმარილოთი მოპირკეთებული სანაპიროს წალეკვა. მისი მშენებლობა სახელმწიფოს მეტად ძვირი დაუჯდა. ჩამოქცეული კლდის ნატეხებისაგან თავის დასაღწევად იქ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მაგრამ უცბად მთელი სანაპირო ზღვამ დაფარა და წყლის ზედაპირზე არც ერთი დაღუპული არ ამოტივტივებულა”.დბ 188.6

    მიწისქვეშა ბიძგებმა მომენტალურად დაანგრია ყველა ეკლესია და მონასტერი, თითქმის ყველა დიდი შენობა და საცხოვრებელ სახლთა მეოთხედი. ბიძგიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ ზოგ კვარტალში ხანძარი გაჩნდა და სამი დღის განმავლობაში ქალაქში საშინელი ცეცხლი ბობოქრობდა, რომელმაც სრულად გაანადგურა იგი. მიწისძვრა მოხდა უქმე დღეს, როდესაც ეკლესიები და მონასტრები ხალხით იყო სავსე და მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა გადარჩენა.”ამ საშინელების აღწერა შეუძლებელია. არავინ ტიროდა. ეს ყოველივე ცრემლებს აღემატებოდა. ადამიანები აქეთიქით აწყდებოდნენ. ამ საშინელი მოულოდნელობისაგან გონებადაბნელებულნი, მკერდში მუშტებს იცემდნენ და ყვიროდნენ:“დადგა მსოფლიოს აღსასრული!” დედებმა მიატოვეს ბავშვები და წინ და უკან დარბოდნენ ჯვრებით ხელში. თავის გადასარჩენად ისინი ეკლესიებში შეცვივდნენ, მაგრამ ამაოდ ევედრებოდნენ”წმიდა ნაწილებს”, განრთხმული ხალხი ამაოდ იშვერდა ხელებს საკურთხევლებისაკენ, - სამწუხაროდ, ერთნაირი ხვედრი ეწია ხატებს, მღვდლებსა და ხალხს”. როგორც შემდგომში დაადგინეს, იმ საშინელ დღეს 90 ათასი ადამიანი დაიღუპა. დბ 189.1

    25 წლის შემდეგ გამოჩნდა წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული სხვა ნიშანი - მზისა და მთვარის დაბნელება. ყველა განაცვიფრა იმან, რომ ეს წინასწარმეტყველება ზუსტად დათქმულ დროს აღსრულდა. ზეთისხილის მთაზე თავის მოწაფეებთან საუბრისას იესომ აღწერა მწუხრის პერიოდი მისი ეკლესიისათვის - 1260 წლის განმავლობაში მისი დევნა პაპის ეკლესიის მიერ - და თქვა, რომ ეს დღეები შემოკლდება; ასევე აღნიშნა რამდენიმე მოვლენა, რომელსაც ადგილი ექნება მისი მოსვლის წინა პერიოდში და დაასახელა მათი აღსრულების დრო:“იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს შუქს” (მარკ. 13:24). 1260 დღის პერიოდი დასრულდა 1798 წელს. ამ თარიღამდე 25 წლით ადრე ქრისტიანთა დევნა თითქმის სრულად შეწყდა. დევნის შემდეგ, ქრისტეს სიტყვებით, უნდა მომხდარიყო მზის დაბნელება. და 1780 წლის 19 მაისს ეს წინასწარმეტყველებაც აღსრულდა.დბ 189.2

    1780 წლის 19 მაისის”პირქუში დღე”, როდესაც საოცარმა წყვდიადმა მოიცვა ახალი ინგლისის მთელი ზეცა, ერთადერთ ამოუცნობ და უდიდესი საიდუმლოებით მოცულ ფენომენად დარჩება.დბ 189.3

    მასაჩუსეტსის შტატის მოქალაქე, ერთერთი თვითმხილველი, ასე აღწერს ამ მოვლენას:დბ 189.4

    `მოწმენდილ ცაზე ჩვეულებრივად ამოვიდა მზე, მაგრამ სულ მალე იგი ღრუბელმა დაფარა, რომელიც სულ უფრო დაბლა და დაბლა ეშვებოდა. ამ ბნელ და ავისმომასწავებელ ღრუბლებს დროდადრო ელვა hკვეთდა; ცაზე გრგვინვამ გადაიარა და მცირე წვიმა წამოვიდა. დაახლოებით დილის 9 საათისათვის ღრუბელი გაფერმკრთალდა და მოყვითალო სპილენძის ფერი მიიღო, ასე რომ, დედამიწა, მთები, ხეები, შენობები, წყალი და ადამიანები, - ყველაფერი შეცვლილი მოჩანდა ამ უჩვეულო, იდუმალ ნათელში. რამდენიმე წუთის შემდეგ უზარმაზარმა შავმა ღრუბელმა დაფარა მთელი ზეცა, hორიზონტის ვიწრო ზოლის გარდა და ისე ჩამობნელდა, როგორც ეს ზაფხულობით, საღამოს 9 საათზე ხდება...დბ 189.5

    მღელვარებამ, შიშმა და რაღაც მოკრძალებულმა თრთოლვამ მოიცვა ხალხი. ქალები მდუმარედ იდგნენ თავიანთი სახლების ზღურბლზე და ცას შესცქეროდნენ; მამაკაცები დაბრუნდნენ მინდვრის სამუშაოებიდან; დურგლებმა მიატოვეს თავიანთი ხელსაწყოები; მჭედლებმა - სამჭედლოები. ვაჭარმა დახურა თავისი დახლი. შეშინებული ბავშვები სკოლებიდან შინ გაუშვეს, მგზავრებმა ახლომახლო ფერმერთა სახლებს მიაშურეს. გაფითრებული ბაგეებით ყველა ერთი და იგივე კითხვას იმეორებდა:“რა ხდება?” ყველას ეგონა, რომ დიდი ქარიშხალი ამოვარდება, წალეკავს მთელ ქვეყანას და ქვეყნის აღსასრული დადგება.დბ 190.1

    დაინთო სანთლები და ბუხარში ცეცხლი ისე ანათებდა, როგორც შემოდგომის უმთვარო ღამეს... ქათმებმა ქანდარაზე მოიკალათეს დასაძინებლად, ნახირი ბღაოდა, ბაყაყები ყიყინებდნენ, ჩიტები თავიანთ ღამის სიმღერას გალობდნენ და ყველგან ღამურები დაფრინავდნენ. მაგრამ ადამიანებმა კარგად იცოდნენ, რომ დაღამებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო.დბ 190.2

    “სალემის კარვად” წოდებული ეკლესიის პასტორმა, დოქტორმა ნათანაელ უითეიკერმა, რომელიც ამ დროს ღვთისმსახურებას ატარებდა, თავის ქადაგებაში წარმოთქვა, რომ ეს წყვდიადი ზებუნებრივი წარმოშობისაა. ღვთისმსახურება სხვა ეკლესიებშიც ტარდებოდა. თავიანთ იმპროვიზირებულ ქადაგებებში პასტორები იყენებდნენ იმ ადგილებს წმიდა წერილიდან, რომლებიც ამ მოვლენებზე მიუთითებდნენ... განსაკუთრებით ჩამობნელდა 11 საათის შემდეგ”.”ქვეყნის ბევრ ადგილას შუადღისას იმდენად ბნელოდა, რომ სანთლების გარეშე შეუძლებელი იყო საათის ციფერბლატის გარჩევა, სადილობა და რაიმე სხვა საქმის კეთება”.დბ 190.3

    წყვდიადში ჩაიძირა უზარმაზარი ტერიტორიები - ფალმუტის აღმოსავლეთიდან ...კონეკტიკუტისა და ალბანის შორეულ დასავლეთ საზღვრებამდე. სამხრეთში წყვდიადმა მოიცვა ზღვის მთელი სანაპირო, ხოლო ჩრდილოეთით - ამერიკის მთელი დასახლებები.დბ 190.4

    დღის ბოლოს, დაღამებამდე ერთიორი საათით ადრე, ღრმა წყვდიადი გაიფანტა, ცა ნაწილობრივ გადაიწმინდა, მზე გამოჩნდა, თუმცა შავი, სქელი ნისლი კვლავ შემოხვეოდა მას.”მზის ჩასვლის შემდეგ ცა კვლავ ღრუბლებით დაიფარა და ძალიან მალე დაბნელდა. ღამის სიბნელეც ისეთივე უჩვეულო და საშინელი იყო, როგორც დღისით; მიუხედავად სავსე მთვარისა, სანთლების გარეშე რაიმეს გარჩევა შეუძლებელი იყო. ისინი ოდნავ ბჟუტავდა სახლების ფანჯრებში, რომლებიც თითქოს ეგვიპტურ უკუნეთ ბნელში ჩაფლულიყვნენ”. ერთ-ერთი თვითმხილველი აღწერს:“მე სულ იმას ვფიქრობდი, რომ თუნდაც ყველა ციური მნათობი სქელი ნისლით რომ შემოსილიყო ან სრულებით ჩამქრალიყო, დედამიწა მაშინაც კი არ იქნებოდა ასეთი წყვდიადით მოცული”. საღამოს 9 საათზე ამოვიდა სავსე მთვარე, მაგრამ”მანაც ვერ გაფანტა უკუნეთი სიბნელე”. შუაღამისას წყვდიადი გაიფანტა და გამოჩნდა მუქი სისხლისფერი მთვარე”.დბ 190.5

    ეს დღე, 1780 წლის 19 მაისი, ისტორიაში შევიდა”პირქუში დღის” სახელწოდებით. მოსეს პერიოდიდან ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, რომ ამგვარი სქელი ნისლი ასეთ უზარმაზარ ტერიტორიაზე ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოწოლილიყო. თვითმხილველთა მიერ ამ მოვლენათა აღწერა მხოლოდ სუსტი გამოძახილია უფლის სიტყვისა, იოველ წინასწარმეტყველის მიერ მათ აღსრულებამდე 25 საუკუნით ადრე რომ დაიწერა:“მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი” (იოვ. 2:31). ქრისტემ თავის ხალხს დაუბარა, თვალყური ედევნებინათ მისი მოსვლის ნიშნებისათვის, რათა შეემჩნიათ და სიხარულით აღენიშნათ მეუფის მოსვლის მოახლოება.”როცა ამის აღსრულება დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა”. მან თავის მიმდევართ გაზაფხულის ახლად აკვირტულ ხეებზე მიუთითა:“როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და თვითონ იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული; ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სასუფეველი” (ლუკ. 21:28,30,31). დბ 190.6

    მაგრამ, რადგან მორჩილებამ და ერთგულებამ ეკლესიაში ადგილი დაუთმო სიამაყესა და ფორმალიზმს, ქრისტეს მიმართ სიყვარული და მისი მოსვლის რწმენა განელდა. ამქვეყნიური პრობლემებით გადატვირთულმა და სიამოვნებათა მიმდევარმა ადამიანებმა, ვინც თავს ღვთის ხალხად თვლიდა, უგულვებელყვეს მაცხოვრის დარიგება მისი მეორედ მოსვლის ნიშნების შესახებ. მისი ეს მოძღვრება უყურადღებოდ დარჩა, ხოლო ამ საკითხთან დაკავშირებული წმიდა წერილის ტექსტები ცრუ განმარტებათა ნისლით დაიფარა, სანამ ჭეშმარიტება სრულ დავიწყებას არ მიეცა. ეს განსაკუთრებით ამერიკის ეკლესიებს ეხებოდა. საზოგადოების ყველა ფენისათვის ხელმისაწვდომი თავისუფლება და აწყობილი ცხოვრება, სიმდიდრისაკენ პატივმოყვარული სწრაფვა, გამდიდრების, სახელისა და ძალაუფლების მოხვეჭის დაუოკებელი სურვილი, რაც თითქმის ყველასათვის ადვილად მისაღწევი ჩანდა, - ამ ყველაფრის გამო ადამიანთა ინტერესები, იმედები და ყურადღება ამქვეყნიურმა ცხოვრებამ მიიპყრო და შორეულ მომავალში იქნა გადასროლილი ის დიდებული დღე, როცა მიწიერი ცხოვრების წესი სამუდამოდ შეწყვეტს თავის არსებობას.დბ 191.1

    მიუთითებდა რა თავისი მეორედ მოსვლის ნიშნებზე, მაცხოვარმა წინასწარ განჭვრიტა ის უდიდესი განდგომილება, რომელსაც ადგილი ექნებოდა მისი მეორედ მოსვლის წინ. ამ დროს კაცობრიობა იმავე მდგომარეობაში იქნება, როგორც იყო ნოეს დღეებში: ადამიანები მთლიანად ჩაეფლობიან ამქვეყნიურ საქმეებსა და სიამოვნებებში: ჭამენ, სვამენ, იყიდიან, გაყიდიან, ააშენებენ, იქორწინებენ და სრულიად დაივიწყებენ ღმერთსა და მომავალ საუკუნო სიცოცხლეს. ქრისტემ ამ პერიოდის ყველა მცხოვრები გააფრთხილა:“გაფრთხილდით, რომ არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად”.”მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა ღირსნი იქმნეთ იმისა, რომ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ” (ლუკ. 21:34,36).დბ 191.2

    მაცხოვარი ასე აღწერს ამ პერიოდის ეკლესიის მდგომარეობას:“გაქვს სახელი, თითქოს ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ”. უფალი ასეთ საზეიმო გაფრთხილებას აძლევს მათ, ვინც უზრუნველ ცხოვრებას არის მიჩვეული:“და თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ” (გამოცხ. 3:3).დბ 191.3

    ადამიანებმა აუცილებლად უნდა იგრძნონ თავიანთი სახიფათო მდგომარეობა და მოემზადონ სიძნელეებთან შესახვედრად, რომელიც უკანასკნელ გამოცდასთან არის დაკავშირებული. უფლის წინასწარმეტყველი ამბობს:“რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი. ვინ გაუძლებს მას?” (იოვ. 2:11). ხოლო მათ მიმართ, ვინც გაუძლებს მისი მოსვლის დღეს, ნათქვამია:“სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა” (აბაკ. 1:13). ხოლო მათთვის, ვინც ამბობდა:“ღმერთო ჩემო! ჩვენ შეგიცანით, ჩვენ”, მაგრამ დაარღვიეს აღთქმა და სხვა ღმერთებს სცეს თაყვანი (ოსია, 8:2,1; ფს. 15:4), გულში ატარებდნენ ურჯულოებას და უწმიდურება უყვარდათ, უფლის დღე”წყვდიადია და შუქის ნატამალი არ არის მასში” (ამოს. 5:20).”მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ:“არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო” (სოფ. 1:12).”მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ - მათ დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ” (ეს. 13:11).”ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს... განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები” (სოფ. 1:13,18).დბ 191.4

    იერემია წინასწარმეტყველი ამ საშინელი პერიოდის შესახებ ამბობს:“მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა. უბედურება უბედურებას მოსდევს” (იერ. 4:19,20).დბ 192.1

    `რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე”, ჯანღისა და ბურუსის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე” (სოფ. 1:15,16).”აhა, მოდის უფლის დღე... ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან” (ეს. 13:9).დბ 192.2

    ამ”საშინელი დღის” მოლოდინში ღვთის სიტყვა სერიოზულად და დამაჯერებლად მოუწოდებს ღვთის ხალხს,“გამოფხიზლდნენ და მონანიებითა და მორჩილებით ეძებონ უფალი”.”ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დაეცით ყიჟინა ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, ახლოვდება”.”დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა. შეhყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები... გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი თავისი სანთიობოდან! ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი”.”მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმაგოდებით. გული დაიგლიჯეთ და არა სამოსელი. დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი” (იოვ. 2:15-18,12,13).დბ 192.3

    იმისათვის, რომ ღვთის ხალხმა გაუძლოს უფლის დღეს, უდიდეს რეფორმათა განხორციელება იყო საჭირო. უფალი ხედავდა, რომ ბევრნი მისი ხალხიდან არ ირჯებიან საუკუნო სასუფევლისათვის; და მაშინ მან თავისი მოწყალებით წინასწარ გააფრთხილა ისინი, რათა გამოფხიზლებულიყვნენ და უფლის შესახვედრად მომზადებულიყვნენ.დბ 192.4

    ეს გაფრთხილება შესულია გამოცხადების წიგნის მე-14 თავში, სადაც კარგად ჩანს, რომ სამი ანგელოზის გაფრთხილების შემდეგ დგება კაცის ძის მოსვლის ჟამი,“რათა მოემკა სამკალი დედამიწაზე”. პირველი ანგელოზის სახარება გვაფრთხილებს სამსჯავროს დადგომის შესახებ. წინასწარმეტყველმა დაინახა ანგელოზი,“რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას hქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის - ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად; ამბობდა დიდი ხმით:“გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს” (გამოცხ. 14:6,7).დბ 192.5

    ეს გაფრთხილება”მარადიული სახარების” ნაწილია. სახარების ქადაგება უფალმა დააბარა არა ანგელოზებს, არამედ ადამიანებს. ანგელოზებმა კი უნდა უხელმძღვანელონ ადამიანთა გადარჩენის ამ დიადი მოძრაობის საქმეს. სახარების ქადაგების საქმე დედამიწაზე - ღვთისმსახურთა საქმეა.დბ 192.6

    და ამ სახარებას დედამიწის ყველა კუთხეში ქადაგებდნენ ღვთისა და მისი სიტყვის მორჩილი ადამიანები - ისინი, ვინც მიმართა”უმტკიცეს წინასწარმეტყველურ სიტყვას, რომელიც ბნელში ანათებს, როგორც ლამპარი, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს” (2პეტ. 1:19). ისინი ეძებდნენ უფალს, ყველაზე ძვირფასს სხვა საგანძურთა შორის, რადგან იცოდნენ, რომ სიბრძნის შეძენა”სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - ხალას ოქროს” (იგავ. 3:14). და უფალმა გაუხსნა მათ სასუფევლის უდიდესი ჭეშმარიტებანი.”საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა და თავის აღთქმას აუწყებს მათ. (ფს. 24:14).დბ 193.1

    ისინი, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება და უქადაგა იგი მსოფლიოს, არ იყვნენ განსწავლული ღვთისმეტყველნი. ისინი უფლის ერთგული დარაჯნი რომ ყოფილიყვნენ, ეცოდინებოდათ, რომ ჩამოწვა ღამის სიბნელე; წინასწარმეტყველება მათ მომავლის მოვლენებს გაუმხელდა. მაგრამ ისინი არ აღმოჩდნენ უფლის ერთგულნი და ამიტომ სახარების ქადაგება უბრალო ადამიანებს დაევალათ:“იარეთ სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ” (იოან. 12:35). ის, ვინც არ ღებულობს ღმერთის მიერ გამოგზავნილ ნათელს ან არ ეძებს მას, ბნელში რჩება. მაგრამ მაცხოვარი ამბობს:“ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას” (იოან. 8:12). ვინც გულმოდგინედ ცდილობს ღვთის ნების აღსრულებას, ვინც მის მიერ გამოგზავნილ ნათელს ღებულობს, უფრო დიდ ნათელს მიიღებს. ასეთი სულისათვის კაშკაშა ვარსკვლავი უფრო მეტად გაბრწყინდება, რათა მთელი ჭეშმარიტება გაუხსნას.დბ 193.2

    ქრისტეს პირველად მოსვლის დროს მღვდლებსა და მწიგნობრებს, ვისაც უფლის ჭეშმარიტების გავრცელება ევალებოდათ, შეეძლოთ გამოეცნოთ ნიშნები და დრო და ეცნობებინათ აღთქმული მესიის მოსვლის შესახებ. მიქას წინასწარმეტყველებაში მითითებული იყო მესიის დაბადების ადგილი; დანიელ წინასწარმეტყველმა განსაზღვრა მისი დაბადების თარიღი (მიქა 5:1; დან. 9:25). ეს წინასწარმეტყველებანი უფალმა ებრაელი ხალხის წინამძღოლებს მიანდო, რომელთაც არა აქვთ არავითარი გამართლება, რადგან ვერ განსაზღვრეს, რომ მესია უკვე ახლოსაა და არ აცნობეს ხალხს ამის შესახებ. ასეთი უმეცრება მათი ურწმუნოების შედეგი იყო. იუდეველები ძეგლებს უგებდნენ ღვთის წამებულ წინასწარმეტყველთ და იმავდროულად, მიაგებდნენ რა პატივს ამა სოფლის ძლიერთ, სატანის მსახურნი ხდებოდნენ. თავისი ამბიციებისა და საზოგადოებაში პირველობისათვის ბრძოლის გამო მათ მხედველობიდან გამორჩათ ზეციური მეფის შემოთავაზებული ღვთიური წყალობა და კურთხევა.დბ 193.3

    ისრაელის უხუცესობას ძირფესვიანად და წრფელი ინტერესით უნდა შეესწავლა მსოფლიო ისტორიაში უდიდესი მოვლენის ადგილის, დროისა და მდგომარეობის - უფლის ძის ადამიანთა გამოსასყიდად მოსვლის შესახებ. მთელი ერი მზად უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ ერთერთი პირველთაგანი მისალმებოდა ქვეყნიერების გამომხსნელს. მაგრამ ამაოდ! ორი დაღლილი მგზავრი ნაზარეთიდან მოვიდა ბეთლემში და ღამის გასათევის ამაოდ ძებნაში მთელი ქალაქი შემოიარეს. კარი არავინ გაუღო და ბოლოს თავშესაფარი საქონლის ბოსელში იპოვეს. სწორედ იქ დაიბადა ქვეყნიერების მხსნელი.დბ 193.4

    ზეციურ ანგელოზებს ნანახი hქონდათ მამისა და ძის დიდება სამყაროს შექმნამდე და ახლა მეტად დაძაბული ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს დედამიწაზე მის დაბადებას - მოვლენას, რომელსაც უდიდესი სიხარული უნდა მოეტანა ყველა ადამიანისათვის. ანგელოზებს ნაბრძანები hქონდათ, ემცნოთ ეს სასიხარულო ამბავი ყველასათვის, ვინც მზად იყო მის მისაღებად და ვინც ამ ბედნიერებას სხვებს გაუზიარებდა. ქრისტემ დაიმდაბლა თავი, მოვიდა რა ადამიანის სახით წუთისოფლის ცოდვებისაგან გამოსასყიდად. მას თავის თავზე უნდა აეღო ენით აუწერელ ტანჯვათა სიმძიმე, მაგრამ ანგელოზებს სურდათ, რომ ასეთ დამცირებულ მდგომარეობაშიც კი უზენაესის ძე ადამიანებს თავის დიდებაში ეხილათ. ნუთუ ამა სოფლის ძლიერნი არ შეიკრიბებიან იერუსალიმში, ისრაელის დედაქალაქში და არ მიესალმებიან მის დაბადებას? - ფიქრობდნენ ისინი. - ნუთუ ანგელოზთა ლეგიონები არ წარუდგენენ უფლის ძეს მის მომლოდინე ხალხს?დბ 193.5

    ანგელოზი ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა გაეგო, თუ ვინ მოემზადა იესოსთან შესახვედრად. მაგრამ ვერსად შეამჩნია მოლოდინის ნიშანწყალი. ვერ გაიგონა ქებადიდების ვერავითარი შეძახილი იმის შესახებ, რომ მესია სულ მალე მოვა. ანგელოზი დიდხანს დაფრინავდა იმ ქალაქისა და ტაძრის თავზე, სადაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ისრაელს უფლის დიდება ეცხადებოდა, მაგრამ აქაც სრული გულგრილობა დაინახა. ამაყ და ზარზეიმის მოყვარულ მღვდლებს ტაძარში გაუწმიდურებული მსხვერპლი მოhქონდათ შესაწირავად. ფარისევლები კი ხმამაღლა მიმართავდნენ ხალხს ან ყველა გზაჯვარედინზე, ყველას გასაგონად და დასანახად ლოცულობდნენ. სამეფო პალატებში, ფილოსოფოსთა შეკრებებზე და რაბინთა სკოლებში - არსად არავინ იყო მზად ამ საუკუნო ამბის მისაღებად, რომელმაც მთელი ზეცა სიხარულითა და ქებადიდებით აავსო. ვერავინ იგრძნო იმ მომენტის დადგომა, როდესაც დედამიწაზე ქვეყნიერების მხსნელი უნდა დაბადებულიყო.დბ 194.1

    ვერსად შეამჩნია ანგელოზმა ქრისტეს მოლოდინის რაიმე ნიშანიც კი: არავითარი მზადება სიცოცხლის მეფესთან შესახვედრად! შეშფოთებულ და განცვიფრებულ ანგელოზს ისის იყო უნდა დაეტოვებინა დედამიწა და ამ სამარცხვინო ცნობით ზეცაში დაბრუნებულიყო, როდესაც ერთგან მწყემსების ჯგუფი შეამჩნია, რომლებიც თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. ისინი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეhყურებდნენ და მომავალი მესიის შესახებ წინასწარმეტყველებაზე მსჯელობდნენ. აშკარა იყო, რომ მათ მთელი თავისი არსებით სურდათ გამომსყიდველის მოსვლა. ზეციური უწყების მისაღებად სწორედ ეს ადამიანები იყვნენ მზად და სწორედ მათ გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც ეს უდიდესი სიხარული ამცნო. ზეციური დიდებით აივსო მინდორი, უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდძალი გუნდი, რადგან სიხარული მეტად დიდი იყო იმისათვის, რომ მხოლოდ ერთ მაცნეს ეხარებინა იგი კაცობრიობისათვის და გაისმა მრავალხმიანი საზეიმო გალობა, რომელსაც მომავალში ყველა გამოსყიდული იმღერებს:“დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე, და კაცთა შორის სათნოება!” (ლუკ. 2:14).დბ 194.2

    რა მნიშვნელოვანი გაკვეთილია ჩადებული ამ ისტორიაში, რომელიც ბეთლემში მოხდა! როგორ ამხელს იგი ჩვენს ურწმუნოებას, სიამაყესა და თვითკმაყოფილებას! როგორ გვაფრთხილებს და გვიცავს დანაშაულებრივი გულგრილობისაგან, რომელმაც შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ვერ შევამჩნიოთ დროის ნიშნები და ვერ გავიგოთ უფლის მოსვლა!დბ 194.3

    არა მარტო იუდას გორაკებზე და უბრალო მწყემსთა შორის ნახეს ანგელოზებმა მესიის მომლოდინენი. წარმართთა შორისაც იყვნენ ადამიანები, ვინც მის მოსვლას ელოდებოდნენ - აღმოსავლეთის ბრძენი, მდიდარი და დიდგვაროვანი ფილოსოფოსები. ისინი დაკვირვებით სწავლობდნენ ბუნებისმეტყველებას, რომელშიც შემოქმედის ხელს ხედავდნენ. ებრაელთა წერილებიდან მათ გაიგეს იაკობის ვარსკვლავის შესახებ და მოუთმენლად ელოდნენ მის გამოჩენას, რომელიც არა მარტო”ისრაელის ნუგეშისცემა” იქნებოდა, არამედ”ნათელი წარმართთა გასაბრწყინებლად”,“ხსნად ქვეყნის კიდემდე” (ლუკ. 2:25,32; საქ. 13:47). ისინი ეძებდნენ ნათელს და უფლის ტახტიდან გამოსულმა ნათელმაც არ დააყოვნა და გაანათა მათი გზები. იმ დროს, როდესაც იერუსალიმის სამღვდელოება და მოძღვრები, ჭეშმარიტების კანონიერი შემნახველნი და დამცველნი ბნელით იყვნენ მოცულნი, ზეციურ ვარსკვლავს წარმართები მეფის დაბადების ადგილისაკენ მიhყავდა.დბ 194.4

    მის მომლოდინე ხალხისათვის კი ქრისტე”მეორედ გამოჩნდება ...მის მომლოდინეთა სახსნელად” (ებრ. 9:28). მაცხოვრის დაბადების ამბის მსგავსად, მისი მეორედ მოსვლის სახარება უფალმა არ მიანდო ხალხის რელიგიურ წინამძღოლებს. ისინი შორს იყვნენ ღმერთისაგან და უარყვეს ზეცით მოვლენილი ნათელი. ამიტომაც მათ შესახებ არ წერს პავლე მოციქული, როცა ამბობს:“მაგრამ თქვენ, ძმებო, სიბნელეში არ იმყოფებით, რომ დღე ქურდივით წამოგეწიოთ. ვინაიდან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები; არც ღამისანი ვართ ჩვენ და არც ბნელისანი” (1თეს. 5:4,5).დბ 195.1

    სიონის კედლების გუშაგებს პირველებს უნდა მიეღოთ სახარება მესიის მოსვლის შესახებ. პირველებს უნდა აემაღლებინათ ხმა ადამიანთა გასაფრთხილებლად და მასთან შესახვედრად მოემზადებინათ. მაგრამ ისინი განცხრომით ცხოვრობდნენ, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ოცნებობდნენ, ხალხი კი ცოდვის ძილქუშში ეფლობოდა. იესო ხედავდა, რომ მისი ეკლესია hგავდა ლეღვის ხეს, რომელიც უხვად არის ფოთლებით შემოსილი, მაგრამ ძვირფას ნაყოფს არ იძლევა. ეკლესია ამაყობდა რელიგიურ ფორმალობათა დაცვით, მაგრამ მასში არ იყო მორჩილების, მონანიებისა და ჭეშმარიტი რწმენის სული - ის, რაც ღმერთს სწადია. სულის ნაყოფის ნაცვლად თავი იჩინა სიამაყემ, ფორმალიზმმა, საკუთარ თავზე ზრუნვამ, პატივმოყვარეობამ, ანგარებამ და იძულებამ. განდგომილმა ეკლესიამ ვერ შეამჩნია დროის ნიშნები. ღმერთს არ დავიწყებია თავისი ეკლესია. ეკლესიისადმი მისი ერთგულება უცვლელი იყო, მაგრამ თვით ეკლესია განუდგა მას და მის სიყვარულს. მან უარი თქვა პირობის შესრულებაზე და ამიტომ უფალს არ შეეძლო თავისი კურთხევის მათზე გადმოფრქვევა.დბ 195.2

    ასეთია გარდაუვალი შედეგი სინათლის უარყოფისა და იმ უპირატესობაზე უარის თქმისა, რომელსაც ღმერთი გზავნის. თუკი ეკლესია არ ივლის უფლის მიერ მითითებულ ჭეშმარიტ გზაზე, თუკი იგი არ მიიღებს მისგან გამოგზავნილი სინათლის ყოველ სხივს და არ შეასრულებს თავის მოვალეობას მის წინაშე, მაშინ რელიგია უბრალო ფორმალობად იქცევა და პრაქტიკული ღვთისმოსაობის სული დატოვებს მას. ეს ჭეშმარიტება არაერთხელ დამტკიცებულა ეკლესიის ისტორიაში. უფლის მიერ მინიჭებულ უპირატესობათა და წყალობათა შესაბამისად, უფალი თავისი ხალხისაგან ითხოვს რწმენასა და მორჩილებას. მორჩილება კი ნიშნავს თავგანწირვასა და ჯვარს და ამ მიზეზის გამო ბევრმა ეგრეთ წოდებულმა ქრისტეს მიმდევარმა უარი თქვა ზეციური ნათლის მიღებაზე და ძველ იუდეველთა მსგავსად,“ვერ შეიცნო მისი მონახულების ჟამი” (ლუკ. 19:44). უფალმა გვერდი აუარა მათ, ამაყთა და ურწმუნოთ და თავისი ჭეშმარიტება გაუხსნა მათ, ვინც ბეთლემის მწყემსთა და აღმოსავლეთის ბრძენთა მსგავსად, მიიღო ზეცით გამოგზავნილი მთელი ნათელი.დბ 195.3