Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 30 - მტრობა ადამიანსა და სატანას შორის

    `მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის; ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!” (დაბ. 3:15). ადამიანის დაცემის შემდეგ სატანის მიმართ გამოტანილი ღვთიური განაჩენი - ეს იყო წინასწარმეტყველება, რომელიც მოიცავდა მთელ საუკუნეებს ბოლო ჟამამდე და რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ყველა თაობის დიდ ბრძოლას მოასწავებდა.დბ 317.1

    ღმერთი ამბობს:“მტრობას ჩამოვაგდებ”. ეს მტრობა არ არის ბუნებრივად გამოწვეული გრძნობა. როდესაც ადამიანმა დაარღვია ღვთიური კანონი, მისი ბუნება ცოდვით გაუწმიდურდა და ამ გზით დამყარდა ერთობა სატანასა და მას შორის. რა თქმა უნდა, ცოდვილ ადამიანსა და ცოდვის მთავარ წყაროს შორის არ არსებობს არავითარი მტრობა. ერთიც და მეორეც ცოდვილი გახდა განდგომილების შედეგად. და მას შემდეგ მოღალატემ დაკარგა სიმშვიდე, რომელსაც კვლავ იბრუნებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მის მიერ ცდუნებულნი და მოტყუებულნი მის მაგალითს ბაძავდნენ. სწორედ ამიტომ დაცემული ანგელოზები და უწმიდური ადამიანები ურჯულოთა კავშირში ერთიანდებიან. უფლის განსაკუთრებული ჩარევა რომ არა, სატანა და ადამიანი ზეცის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდებოდნენ და სატანასთან დაპირისპირების მაგიერ კაცობრიობა ღმერთის წინააღმდეგ საბრძოლველად დაირაზმებოდა.დბ 317.2

    სატანამ ისევ უბიძგა ადამიანებს დანაშაულის ჩადენისაკენ, როგორც თავის დროზე აცდუნა ანგელოზები, რათა მიეღო მათგან მხარდაჭერა ზეცის წინააღმდეგ ბრძოლაში. სატანას და მის დაცემულ ანგელოზებს ერთნაირი ძალით სძულდათ ქრისტე. თუმცა სხვა დანარჩენ საკითხებში მათ განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნდათ, მაგრამ სამყაროს გამგებლის ძლიერების წინააღმდეგ ბრძოლამ დიდად შეაკავშირა ისინი. როდესაც სატანამ მოისმინა იმ მტრობის შესახებ, რომელიც დედაკაცსა და მას შორის, მის თესლსა და დედაკაცის თესლს შორის იარსებებდა, მიხვდა, რომ მის მიერ კაცობრიობის გარყვნის მცდელობას ოდესმე ზღვარი დაედებოდა და ადამიანს მიეცემოდა შესაძლებლობა, წინ აღდგომოდა მის გავლენას და ძლიერებას.დბ 317.3

    ადამიანის მიმართ სატანის სიძულვილი კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, როდესაც დაინახა, თუ როგორ დაეხმარა ქრისტე ადამიანებს ღვთიური სიყვარულისა და გულმოწყალების შეძენაში. სატანას სურს, ხელი შეუშალოს ადამიანის გამოსყიდვის ღვთიურ გეგმას იმით, რომ რყვნის და აუწმიდურებს უფლის ამ ჩინებული შემოქმედების ნაყოფს, რათა ამგვარად ჩრდილი მიაყენოს შემოქმედის სახელს და ზეცაზე უდიდესი მწუხარება გამოიწვიოს, დედამიწა ტანჯვითა და უბედურებით აივსოს, შემდეგ კი გამოაცხადოს, რომ ყველა ამ უბედურებაში ადამიანის შემქმნელი ღმერთია დამნაშავე.დბ 317.4

    ქრისტეს მიერ ბოძებული მადლით ადამიანი წინააღმდეგობას უწევს სატანას. ამ გარდამქმნელი წყალობისა და განმაახლებელი ძალის გარეშე ადამიანი სამუდამოდ დარჩებოდა სატანის ტყვედ, მის მონად და მორჩილ მსახურად. მაგრამ ღვთის მადლი ადამიანის სულს ბრძოლისაკენ მოუწოდებს. ქრისტე მას აძლევს ძალას, რომლითაც შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ტირანს და უზურპატორს. და მაშინ, სიყვარულის ნაცვლად, იგი სიძულვილს გრძნობს ცოდვის მიმართ და იმარჯვებს თავის ადრინდელ ვნებებზე - ასე მოქმედებს ადამიანში ზემოდან მოცემული ძალა.დბ 318.1

    ქრისტეს სულსა და სატანას სულს შორის წინააღმდეგობა განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა იმაში, თუ როგორ მიიღო ქრისტე წუთისოფელმა. იუდეველებმა უფალი უარყვეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მოვიდა ღარიბი ადამიანის სახით, ყოველგვარი ბრწყინვალებისა და დიდების გარეშე. ისინი ხედავდნენ, რომ იგი ფლობს ძალას, რომელსაც შეეძლო, დაუბრკოლებლად დაებრუნებინა მათთვის დაკარგული უპირატესობა. მაგრამ ქრისტეს სიწმიდემ და უმანკოებამ ურჯულოთა სიძულვილი გამოიწვია. მისი თავგანწირვითა და უსაზღვრო ერთგულებით აღსავსე ცხოვრება საყვედური იყო ამ ამაყი და პატივმოყვარე ხალხის მიმართ, რამაც უფლის ძისადმი სიძულვილი აღძრა მათში. სატანა და ბოროტი ანგელოზები ერთ ძალად გაერთიანდნენ დაცემულ ადამიანებთან ერთად. განდგომილმა ყველა ძალა და ენერგია დარაზმა სიმართლის დამცველის წინააღმდეგ საბრძოლველად.დბ 318.2

    შემოქმედისადმი მტრული დამოკიდებულება მის მიმდევართა მიმართაც ვლინდება. ყოველი ადამიანი, რომელიც შეიცნობს ცოდვის სისაძაგლეს და ზემოდან მოცემული ძალის დახმარებით იწყებს ცდუნებასთან ბრძოლას, აუცილებლად იწვევს სატანისა და მის ხელქვეითთა მრისხანებას. წმიდა ჭეშმარიტების პრინციპთა მიმართ სიძულვილი, მის დამცველთა მიმართ ბრალდება და ღვთის ერთგულთა დევნა იარსებებს მანამ, სანამ არსებობს ცოდვა და ცოდვილი. ქრისტეს მიმდევართა და სატანის მსახურთა შორის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე თანხმობა. ქრისტეს ჯვარი დღესაც შეურაცხყოფს სატანას და უწმიდურ ადამიანებს.”და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში ღვთისმოსაობით იცხოვროს, დევნილი იქნება” (2ტიმ. 3:12).დბ 318.3

    სატანის ქვეშევრდომნი მუდამ ცდილობენ განამტკიცონ მისი ძალაუფლება და სამფლობელო, ვინც წინააღმდეგობას უწევს ღვთის მმართველობას. ამისათვის ისინი ცდილობენ, აცდუნონ ქრისტეს მიმდევარნი და აიძულონ, უღალატონ ღმერთს. თავიანთი წინამძღოლის მსგავსად, ამ მიზნის მისაღწევად ისინი დამახინჯებით განმარტავენ წმიდა წერილს. სატანის მსგავსად, რომელიც ცდილობს, ცილი დასწამოს ღმერთს, მისი მიმდევარნიც ცდილობენ, ცილი დასწამონ ღვთის ხალხს. იგივე სული, რომელმაც ჯვარს აცვა ქრისტე, უწმიდურთ უფლის ხალხის დასაღუპავად მოქმედებისაკენ მოუწოდებს. ყოველივე ეს ნათქვამია პირველ წინასწარმეტყველებაში:“მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის”. და ეს ბრძოლა ბოლო ჟამამდე გაგრძელდება. დბ 318.4

    სატანა ძალას იკრებს ამ ბრძოლისათვის და მთელ ენერგიას ახმარს მას. რატომ არ ხვდება იგი სერიოზულ წინააღმდეგობას? რატომ არის ქრისტეს მხედრობა ასეთი სუსტი და გულგრილი? იმიტომ, რომ ისინი ფაქტიურად შორს არიან ქრისტესგან და მათში არ არის მისი სული. ისინი ცოდვას არ თვლიან ისეთ სისაძაგლედ და ამაზრზენად, როგორიც იგი შემოქმედის თვალშია. ისინი არ უწევენ მას ისეთ მტკიცე და გადამწყვეტ წინააღმდეგობას, როგორც ამას ქრისტე აკეთებდა; ისინი ღრმად ვერ აცნობიერებენ ბოროტების დამღუპველობას, ცოდვის ვერაგობას და კარგად არ იცნობენ ბნელეთის მეფეს. სატანის საქმეებს არ ხვდება სათანადო წინააღმდეგობანი იმის გამო, რომ მეტად მცირე რამ არის ცნობილი მისი ძალისა და ვერაგობის, შესაძლებლობებისა და ბრძოლისუნარიანობის შესახებ, რომელიც ქრისტესა და მისი ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ არ იციან, რომ მათი მტერი ძლიერი მხედართმთავარია, მეფე ბოროტი ანგელოზებისა, რომელიც გულმოდგინედ მოფიქრებული გეგმებითა და ოსტატური სტრატეგიით იბრძვის ქრისტეს წინააღმდეგ, რათა ხელი შეუშალოს მას ადამიანთა გადარჩენის საქმეში. მორწმუნენი და თვით სახარების მსახურნიც კი, ძალზე ცოტას ლაპარაკობენ სატანის საქმეებზე და იშვიათად და შემთხვევით ახსენებენ მას. ისინი ყურადღების გარეშე ტოვებენ მისი მუდმივი მოღვაწეობისა და წარმატებების მტკიცებებს. ადამიანები თავს არიდებენ გაფრთხილებებს მისი ვერაგობის შესახებ და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ მის არსებობას.დბ 318.5

    ადამიანებმა არაფერი იციან იმ ვერაგი მტრის ხრიკების შესახებ, რომელიც ყოველ ნაბიჯზე თან სდევს მათ. იგი იჭრება ოჯახურ ცხოვრებაში; მასთან შეხვედრა ქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე შეიძლება; იგი ესწრება სამლოცველო შეკრებებს, სახელმწიფო თათბირებს, სასამართლო სხდომებს და ყველგან შეაქვს არეულობა, შფოთი და ცდუნება. იგი ღუპავს სულს და სხეულს, ანგრევს ოჯახებს და თესავს სიძულვილს, მტრობას, განხეთქილებასა და სიკვდილს. ხოლო ქრისტიანები ღებულობენ ყოველივე ამას, როგორც ღვთისაგან განწესებულს.დბ 319.1

    სატანა გამუდმებით ცდილობს დაამარცხოს ღვთის ხალხი იმ წინააღმდეგობათა დანგრევით, რომელიც მას წუთისოფლისაგან hყოფს. ძველმა ისრაელმა შესცოდა, არ შეისმინა უფლის სიტყვა და წარმართებთან აკრძალულ ურთიერთობებში შევიდა. ამგვარ ცდუნებას ვერსად გაექცა თანამედროვე ისრაელიც.”ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ ებრწყინა სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც უხილავი ღვთის ხატია” (2კორ. 4:4). ყოველი ადამიანი, რომელიც მთელი გულით არ უერთგულებს ქრისტეს, სატანის მსახურია. თუკი ადამიანის გულში ჭეშმარიტების ნათელმა ვერ შეაღწია, იგი აუცილებლად მიილტვის ცოდვისაკენ, მალავს და ამართლებს მას. განახლებული გულის მქონე ადამიანს სძულს ცოდვა და მტკიცე წინააღმდეგობას უწევს. როდესაც მორწმუნე ადამიანი უპირატესობას ანიჭებს უწმიდურთა და ურჯულოთა საზოგადოებას, დიდია ცდუნების საშიშროება. ფარული, დახვეწილი ხრიკების მეშვეობით იგი ვეღარ არჩევს ჭეშმარიტებას სიცრუისაგან, რადგან სატანა თვალს უბრმავებს და იგი ვერ ხვდება, რომ ასეთი საზოგადოება მხოლოდ ზიანს აყენებს, წუთისოფლისადმი წამხედურობა კი უფრო აბრმავებს მას. და ასეთი ადამიანისათვის სულ უფრო ძნელი ხდება სიმართლის გარჩევა სიცრუისაგან.დბ 319.2

    ამქვეყნიური ადათწესების მიღებით ეკლესია თავად ხდება მისი მსგავსი და ამით სულაც არ აახლოვებს წუთისოფელს ქრისტესთან. ცოდვისადმი ლოიალური დამოკიდებულება აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ იგი ნაკლებად საძულველი მოგვეჩვენება. სატანის მსახურებთან ურთიერთობის მქონე ადამიანს მალე მათი ბატონისაც აღარ შეეშინდება. როდესაც ჩვენი მოვალეობის აღსრულებისას განსაცდელს ვაწყდებით, როგორც ეს დანიელს შეემთხვა მეფის კარზე, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ უფალი დაგვიცავს; მაგრამ თუკი ჩვენ თავად მივისწრაფით ცდუნებისაკენ, ადრე თუ გვიან დაცემა გარდაუვალია.დბ 319.3

    მაცდური ხშირად დიდი წარმატებით მოქმედებს მათი მეშვეობით, ვისშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს, რომ იგი სატანის მსახურია. ნიჭიერი და განათლებული ადამიანები, რა თქმა უნდა, პატივისცემითა და ყურადღებით სარგებლობენ, თითქოს მათი ეს ღირსება შეცვლის ღვთისადმი მოწიწებას ან გამოიწვევს უფლის კურთხევას. ნიჭი და კულტურა თავისთავად ღვთის ნაბოძვარია, მაგრამ როდესაც უფლის ამ ძღვენით ღვთისმოსაობის შეცვლას ცდილობენ და ამ თვისებებით ადამიანთა უფალთან დაახლოების ნაცვლად, მათ დაშორებას უწყობენ ხელს, მაშინ იგი წყევლა და თავგზის აბნევაა. ბევრს hგონია, რომ მაღალი კულტურა და დახვეწილი მანერები მათი მფლობელის ქრისტიანობაზე მეტყველებს. ეს უდიდესი შეცდომაა. ასეთი თვისებებით უნდა იყოს შემკული ყოველი ქრისტიანი, რადგან იგი ხელს შეუწყობს ადამიანის ჭეშმარიტი რელიგიისაკენ მოქცევას. მაგრამ ეს ღირსებანი უფლისადმი უნდა იყოს მიძღვნილი; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბოროტ ძალად იქცევა. ხშირია შემთხვევა, როდესაც უნიჭიერესი და მაღალი კულტურის მქონე ადამიანი უზნეო საქციელს სჩადის და სატანის ხელში ჩინებულ იარაღად იქცევა. ასეთი ადამიანი - მრავალ ცდუნებათა წყარო, ქრისტეს უფრო საშიშ მტრად იქცევა, ვიდრე მისი გაუნათლებელი და უკულტურო მოწინააღმდეგენი.დბ 320.1

    ლოცვებითა და ღმერთთან გულწრფელი ურთიერთობით მიაღწია სიბრძნეს მეფე სოლომონმა, რომელიც მთელ მსოფლიოს აკვირვებდა და აოცებდა. მაგრამ როდესაც იგი დაშორდა თავისი ძლიერების წყაროს და საკუთარ ძალას დაეყრდნო, ცდუნების ლუკმა გახდა. და ღვთისაგან ბოძებულმა ამ უდიდესმა ნიჭმა სატანის მოქმედ იარაღად აქცია იგი.დბ 320.2

    თუმცა სატანა გამუდმებით ცდილობს ადამიანთა გონების დაბნელებას, მაგრამ ქრისტიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი იბრძვიან არა”სისხლის და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6:12). საუკუნეთა მანძილზე ესმოდათ ქრისტიანებს გაფრთხილება:“მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს” (1პეტ. 5:8).”შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შესძლოთ წინააღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას” (ეფ. 6:11).დბ 320.3

    ადამის დროიდან დღემდე კაცობრიობის მტერი არ დაღლილა ნგრევით, დაღუპვითა და განადგურებით. ახლა იგი ეკლესიის წინააღმდეგ თავისი უკანასკნელი ბრძოლისათვის ემზადება. ქრისტეს ყველა მიმდევარი ჩაებმება ამ ბრძოლაში საშიში და მოულოდნელი მტრის წინააღმდეგ. რაც უფრო მეტად ბაძავს ქრისტიანი ღვთის ხატებას, მით უფრო სავარაუდოა, რომ იგი სატანის სამიზნედ იქცეს. ქრისტეს სახელით მშრომელი ყოველი ადამიანი, რომელიც ამხილებს ეშმაკის მზაკვრობას და ხალხის წინაშე მოწმობს მაცხოვარს, შესძლებს შეუერთდეს პავლე მოციქულის მოწმობას, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთის მსახურება დაკავშირებულია მრავალ შეურაცხყოფასთან,“ცრემლებთან და ცდუნებასთან”.დბ 320.4

    სატანა მზაკვრული ცდუნებებითა და ეშმაკობით მიუდგა ქრისტეს, მაგრამ იგი მუდამ მარცხდებოდა. იესო ჩვენი კეთილდღეობისათვის იბრძოდა: მისი გამარჯვებით ჩვენც გავიმარჯვეთ. ქრისტე დახმარების ხელს უწვდის ყველა მთხოვნელს. სატანა ვერ დაამარცხებს ადამიანს მისი ნების გარეშე. მაცდური ვერ აიძულებს ადამიანს, შესცოდოს. მას შეუძლია ბევრი ტკივილი მიაყენოს ადამიანს, მაგრამ ვერ გააუწმიდურებს მას. ქრისტეს გამარჯვებით შთაგონებულმა მისმა მიმდევრებმა მამაცურად უნდა იბრძოლონ ცოდვისა და სატანის წინააღმდეგ.დბ 320.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents