Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 7 - ლუთერი - თავისი დროის გმირი

    მათ შორის, ვინც მოწოდებული იყო ეკლესია პაპის წყვდიადიდან გამოეყვანა უფრო წმიდა და სრულყოფილი რწმენის ნათელში, ყველაზე დიდი ადგილი მარტინ ლუთერს უჭირავს. ენერგიული, მგზნებარე და ერთგული ლუთერი, რომელმაც ღვთის შიშის გარდა სხვა შიში არ იცოდა და რომელიც რწმენის საფუძვლად მხოლოდ წმიდა წერილს თვლიდა, სწორედ ის ადამიანი იყო, რომლის მეშვეობით უფალმა დიდი საქმე გააკეთა ეკლესიის გარდაქმნისა და ქვეყნიერების განათლების საქმეში.დბ 68.1

    სახარების პირველ მაცნეთა მსგავსად, ლუთერიც ღარიბი ოჯახიდან იყო. თავისი ადრეული ბავშვობა გერმანელი მემაღაროეს ოჯახში გაატარა. მისი მამა მადანს თხრიდა და ლუკმაპურს მძიმე შრომით შოულობდა. მას სურდა, რომ ვაჟს განათლება მიეღო და ვექილი გამოსულიყო, მაგრამ ღმერთმა გადაწყვიტა იგი გამხდარიყო უდიდესი მშენებელი ტაძრისა, რომელიც ფეხს იდგამდა და მტკიცდებოდა შემდგომ საუკუნეთა განმავლობაში. სიძნელეები, ხელმოკლეობა და მკაცრი დისციპლინა იყო ის სკოლა, რომელშიც უზენაესის უსასრულო სიბრძნე ლუთერს ამზადებდა მისი ცხოვრების მთავარი საქმიანობისათვის.დბ 68.2

    ლუთერის მამა მეტად პრინციპული, ჯიუტი ადამიანი იყო და მტკიცე ხასიათით, სიმამაცითა და პატიოსნებით გამოირჩეოდა. იგი თავისი მოვალეობის ერთგული აღმსრულებელი და პასუხისმგებელი იყო. ჯანსაღი გონება მას უნდობლობას ჩააგონებდა ბერთა მიმართ. მამა ძალზე უკმაყოფილო იყო ლუთერის საქციელით, როდესაც იგი მისი თანხმობის გარეშე ბერად აღიკვეცა და მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეურიგდა შვილს, მაგრამ მაშინაც კი მისი თვალსაზრისი არ შეცვლილა.დბ 68.3

    ლუთერის მშობლები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ თავიანთი შვილების განათლებას. ისინი ცდილობდნენ მათში ქრისტიანული შემეცნება გაღვიძებინათ. მამა ხშირად ლოცულობდა შვილის თანდასწრებით იმის შესახებ, რომ მარტინს არასოდეს დავიწყებოდა ღმერთი და მისი ჭეშმარიტების გავრცელებისთვის ეშრომა. მშობლები ძალღონეს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ ღვთისმოსავი და პატიოსანი შვილები აღეზარდათ. ისინი ხშირად ზედმეტ სიმტკიცესა და გულმოდგინებასაც კი იჩენდნენ, მაგრამ როგორც თავად რეფორმატორი თვლიდა, მისი მშობლები ზოგჯერ ცდებოდნენ, თუმცა მათი მცდელობა ქებას უფრო იმსახურებდა, ვიდრე კრიტიკას.დბ 68.4

    სკოლაში, სადაც ძალიან ადრე შეიყვანეს, ლუთერს მკაცრად და სასტიკადაც კი ეპყრობოდნენ. მისი მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ სხვა ქალაქში სასწავლებლად გამგზავრების შემდეგ იგი იძულებული გახდა ლუკმაპური კარდაკარ სიარულითა და სიმღერით ეშოვა, მაგრამ მაინც ხშირად მშიერი რჩებოდა. მას საშინლად hზარავდა იმ დროისათვის გაბატონებული, რელიგიის სამოსში გახვეული ცრურწმენები. ის დასაძინებლად წვებოდა გულდამძიმებული, მღელვარებით უცქერდა სასტიკ გაურკვეველ მომავალს და მუდამ შიშის გრძნობას განიცდიდა ღმერთზე ფიქრისას, რომელიც მას უმოწყალო მოსამართლედ და სასტიკ ტირანად წარმოედგინა და არა მოსიყვარულე მამად.დბ 68.5

    მაგრამ მიუხედავად იმედების მრავალჯერ გაცრუებისა, ლუთერი მაინც ისწრაფოდა გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ, რომელიც მის სულს ასე სწყუროდა. იგი ხარბად ეწაფებოდა ცოდნას, მისი სერიოზული, სხარტი გონება ყოველი მნიშვნელოვანი საგნის ან მოვლენის ღრმად შეცნობისაკენ ილტვოდა.დბ 68.6

    როდესაც 18 წლის ლუთერი ერფურტის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მისი მატერიალური მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა. ლუთერის შრომისმოყვარე და მომჭირნე მშობლებმა იმ დროისთვის ცოტაოდენ ფულს მოუყარეს თავი და ახლა უკვე შეეძლოთ შვილის დახმარება იმაში, რაც მისთვის აუცილებელი იყო. კეთილი მეგობრების შეძენამ და მათთან ურთიერთობამ თითქმის წაშალა მის გონებაში ბავშვობის ბნელი ჩრდილები. იგი გულმოდგინედ სწავლობდა გამოჩენილ მწერალთა ნაწარმოებებს, რომელნიც მას გონიერებასა და სიბრძნეს მატებდნენ. ადრინდელი მკაცრი დისციპლინის პირობებშიც კი იგი დიდ იმედებს იძლეოდა და ახლა, შედარებით უკეთეს პირობებში, ლუთერი სწრაფად ყალიბდებოდა, როგორც პიროვნება. ბრწყინვალე მეხსიერება, მდიდარი ფანტაზია, ძლიერი ინტელექტი და სიბეჯითე - ყველა ამ თვისებით იგი საუკეთესო იყო თავის ამხანაგებს შორის. სულიერად მოწესრიგებული მისი გონება თანდათან მწიფდებოდა და სიცოცხლესა და სიბრძნეს იძენდა, რომელიც შემდგომ სასიცოცხლო ბრძოლაში დიდად გამოადგა.დბ 68.7

    ლუთერს ეშინოდა ღმერთისა და ეს ეხმარებოდა, უფლის მორჩილი ყოფილიყო, არ გადაეხვია იმ გზიდან, რომელსაც იგი დასახული მიზნისაკენ მიhყავდა. შეგნებული hქონდა, რომ მისი ყოველდღიური ცხოვრება უფალზეა დამოკიდებული. იგი ყოველ ახალ დღეს ლოცვით იწყებდა: ღმერთს მთელი გულით სთხოვდა შემწეობას და მხარდაჭერას.”გულიდან ამოსული ლოცვა, - ხშირად ამბობდა იგი, - ნახევრად შესრულებულ დავალებას ჯობია”.დბ 69.1

    ერთხელ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნების თვალიერებისას ლუთერმა ლათინურ ენაზე დაწერილი ბიბლია აღმოაჩინა. აქამდე მას არასოდეს ენახა ეს წიგნი და არაფერი იცოდა მისი არსებობის შესახებ. საერთო ღვთისმსახურების დროს მას ხშირად ესმოდა სახარებიდან და წერილებიდან ამოღებული ცალკეული ფრაზები და ვარაუდობდა, რომ ეს იყო მთელი ბიბლია. ახლა კი ამ წიგნს სრულად ხედავდა. მოწიწებითა და გაოცებით ფურცლავდა ამ წმიდა წერილს, თრთოლვით კითხულობდა სიცოცხლის სიტყვებს, დროდადრო ჩერდებოდა და აღტაცებით იმეორებდა:“ნეტავი ღმერთმა მომცეს ასეთი წიგნი!” უფლის ანგელოზები გარს ეხვეოდნენ მას და უფლის ტახტიდან გამოსული ნათელი ჭეშმარიტების საგანძურს უხსნიდა. ლუთერს ყოველთვის ეშინოდა უფლის შეურაცხყოფისა, ახლა კი ისე, როგორც არასდროს, აშკარად იგრძნო თავისი ცოდვილი მდგომარეობა.დბ 69.2

    ცოდვების მიტევებისა და ღმერთთან თანხმობით ცხოვრების მტკიცე სურვილმა იგი მონასტერში მიიყვანა. იქ მას აიძულებდნენ, გაეკეთებინა ყველაზე ჭუჭყიანი საქმე და ხშირად კარდაკარ მოწყალების სათხოვნელადაც აგზავნიდნენ. იგი იმ ასაკში იყო, როდესაც ადამიანები ადვილად ექცევიან სხვისი აზრების ზეგავლენის ქვეშ და რა თქმა უნდა, იტანჯებოდა ამ სამუშაოს შესრულებისას, მაგრამ მოთმინებით იტანდა დამცირებას, რადგან ფიქრობდა, რომ თავისი ცოდვებისათვის ისჯებოდა.დბ 69.3

    ყოველ თავისუფალ წუთს (თუკი ამის საშუალება მიეცემოდა), იგი სწავლას ანდომებდა. მეცადინეობაში ატარებდა უძილო ღამეებს და ჭამისათვის განკუთვნილ დროსაც კი. მას ყველაზე დიდ კმაყოფილებას ბიბლიის კითხვა hგვრიდა. მან აღმოაჩინა ბიბლია, ჯაჭვით მიბმული მონასტრის კედელზე, და ხშირად ესტუმრებოდა ხოლმე მას. რაც უფრო ღრმად გრძნობდა იგი საკუთარ ცოდვიანობას, მით უფრო მეტად ცდილობდა თავისი საქმეებით მიეღო მიტევება და სიმშვიდე ღვთისაგან. ცხოვრობდა მკაცრ რეჟიმში, ცდილობდა მარხვით, სიფხიზლითა და თვითგვემით საკუთარი მანკიერებების აღმოფხვრას, რაც თავისი მონასტრული მორჩილებითაც კი ვერ შეძლო. იგი მზად იყო ყოველგვარი მსხვერპლის გაღებისათვის, ოღონდ წმიდად წარმდგარიყო უფლის წინაშე.”მე ჭეშმარიტად ღვთისმოსავი ბერი ვიყავი, - ამბობდა იგი მოგვიანებით, - და ისე ზუსტად ვასრულებდი ორდენის დადგენილ წესებს, რომ ამის გადმოცემა სიტყვებით არ შემიძლია. და თუ ბერთაგან ვინმეს შეეძლო თავისი საქციელით ცათა სასუფეველი დაემსახურებინა, ერთერთი მათგანი, ეჭვგარეშეა, მე ვიქნებოდი”.”ჩემი ასეთი მდგომარეობა ცოტა მეტ ხანს რომ გაგრძელებულიყო, ალბათ, სიკვდილის პირამდე მიმიყვანდა.” ამ თავისი ნებაყოფლობითი თვითგვემითა და დაუზოგავი საქციელით ლუთერი ძლიერ დასუსტდა, დაეწყო კრუნჩხვები და გულის შეტევები, რომლისგანაც იგი სრულად ვეღარასოდეს განთავისუფლდა. მაგრამ, მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, მისი ტანჯული სული ვერსად პოულობდა შვებას. და ბოლოს იგი სრულ სასოწარკვეთილებამდე მივიდა.დბ 69.4

    იმ დროს, როდესაც ლუთერმა ყველაფრის იმედი დაკარგა, უფალმა მას მეგობარი და თანაშემწე გამოუგზავნა. ღვთის სიტყვის შემეცნებაში მას ღვთისმოსავი შტაუპიცი დაეხმარა. მან ლუთერს ყურადღება საკუთარი თავიდან იესო ქრისტეზე გადაატანინა. მისი დახმარებით ლუთერი გათავისუფლდა უფლის კანონის დარღვევის გამო დანაშაულის შეგრძნების მტანჯველი ფიქრებისაგან და მზერა მიაპყრო იესოს - ცოდვათა მიმტევებელსა და მხსნელს...”საკუთარი ცოდვების გამო ტანჯვის ნაცვლად მიდი შენს მხსნელთან... მიენდე მას, მისი ცხოვრების სიმართლეს, ირწმუნე მისი ჯვარცმის გამომსყიდველი ძალა... დაემორჩილე ღვთის ძეს. იგი განკაცდა, რათა შენ დაგარწმუნოს ღვთის კეთილ ნებაში. შეიყვარე იგი, რადგან მან პირველმა შეგიყვარა შენ”. ასე ასწავლიდა მას ეს მადლის მაცნე. მისმა სიტყვებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ლუთერზე. საკუთარ თავში დამკვიდრებულ მანკიერებასთან დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ მან შეძლო ჭეშმარიტების აღქმა და მის მშფოთვარე სულში სიმშვიდე გამეფდა.დბ 70.1

    სასულიერო ჩინის მიღების შემდეგ ლუთერი ვიტენბერგის უნივერსიტეტში მასწავლებლად მიიწვიეს. იქ შეუდგა ბიბლიის ორიგინალის შესწავლას. იმავდროულად დაიწყო ლექციების კითხვა ბიბლიიდან. მისით აღტაცებულმა მსმენელებმა შეძლეს ფსალმუნების, სახარებისა და წერილების კითხვა და გაგება. შტაუპიცმა, მისმა მეგობარმა და მასწავლებელმა, უბიძგა მას კათედრიდან ღვთის სიტყვის ქადაგებისაკენ. ლუთერი ყოყმანობდა, რადგან თავს არ თვლიდა იმის ღირსად, რომ ხალხისთვის ქრისტეს სახელით მიემართა. ხანგრძლივი შინაგანი ბრძოლის შემდეგ იგი დაეთანხმა მეგობართა თხოვნას. ამ დროისათვის მას უკვე კარგად hქონდა შესწავლილი ბიბლია და ღვთის მადლიც სუფევდა მასზე. მისი მჭევრმეტყველება ატყვევებდა მსმენელთა ყურს: მის მიერ გადმოცემული ჭეშმარიტების ნათელი და ძალა ზეგავლენას ახდენდა ადამიანთა გონებაზე, ხოლო მისი მგზნებარე სიტყვები მათ გულებს აღელვებდა.დბ 70.2

    ლუთერი კვლავინდებურად რჩებოდა პაპის ეკლესიის ერთგულ შვილად და სხვაგვარი აზრი არც გაუვლია გონებაში. უფალმა იგი რომში გაგზავნა. ლუთერი ფეხით მოგზაურობდა და გზად მონასტრებში ჩერდებოდა. ერთმა იტალიურმა სავანემ იგი თავისი ფუფუნებითა და სიმდიდრით გააოცა. ბერები დიდებულ აპარტამენტებში სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე ცხოვრობდნენ. დიდი მწუხარებით ადარებდა ლუთერი ამ სურათს თავისი ცხოვრების თვითგანწირვასა და სიძნელეებს... და იგი დაიბნა.დბ 70.3

    ბოლოს, შვიდ ბორცვზე გაშენებულ ქალაქს მიაღწია. სულის სიღრმემდე შეძრული ლუთერი მიწაზე დაემხო და შესძახა:“მოგესალმები, წმიდა ქალაქო!” იგი დადიოდა ქალაქში, შედიოდა ტაძრებში, ყურს უგდებდა ბერთა და მღვდელთა საუბრებს, რომლებიც დაუღალავად ლაპარაკობდნენ სხვადასხვა სასწაულებზე, მონაწილეობას იღებდა ყველა რელიგიურ ცერემონიაში. საკუთარი თვალით ნანახმა მასში საშინელი აღშფოთება გამოიწვია. იგი კარგად ხედავდა, თუ რა უკანონობა სუფევდა ყველა რანგის სასულიერო პირთა შორის, ესმოდა პრელატთა უხამსი ხუმრობები და თავზარდაცემული იყო მათი ამაზრზენი, ღვთისმკრეხელური სიტყვების მოსმენით, რომელთაც ღვთისმსახურების პროცესშიც კი წარმოთქვამდნენ. როგორც მონასტრებში, ასევე ქალაქის ცხოვრებაშიც თავაშვებულ და გარყვნილ ცხოვრებას ამჩნევდა. სიწმიდისა და სიმართლის ნაცვლად ყველგან ჭუჭყს ხედავდა.”არავინ დაიჯერებს, - წერდა იგი, - თუ რა ცოდვები და სამარცხვინო საქმეები ტრიალებს რომში; რომ დარწმუნდე, ყოველივე საკუთარი თვალით უნდა ნახო; ისე, რომ ანდაზებიც კი გაჩნდა:“თუკი ჯოჯოხეთი არსებობს, მაშინ რომი მასზე დგასო. ეს არის უფსკრული, საიდანაც ყველა ცოდვა მოედინება!”დბ 70.4

    თავის გამოცემულ დადგენილებაში პაპმა ცოდვების მიტევება აღუთქვა ყველას, ვინც ფორთხვით აივლიდა ე.წ.”პილატეს კიბეს”, რადგან ნათქვამი იყო, რომ სწორედ მაცხოვარმა ამ კიბეზე ჩამოიარა რომის უმაღლესი სასამართლოდან გამოსვლისას და რომ იგი იერუსალიმიდან რომში რაღაც ზებუნებრივი ძალით იქნა გადმოტანილი. და ერთხელ, როდესაც ლუთერი მოწიწებით მიფორთხავდა ამ საფეხურებზე, უცბად საოცრად ძლიერი ხმა მოესმა:“მართალი იცოცხლებს რწმენით!” იგი მაშინვე წამოხტა და სირცხვილისაგან თავზარდაცემული, სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას. მას შემდეგ ეს ბიბლიური სიტყვები მის სულში მუდამ ჟღერდა. თავისდა მოულოდნელად, მან ნათლად დაინახა ადამიანის საკუთარი საქმეებით გადარჩენის იმედის ამაოება და შეიგნო ქრისტეს დამსახურებისადმი მარადიული რწმენის აუცილებლობა; მას თვალი აეხილა პაპის მაცდურობაზე. და ამ მომენტიდან ზურგი აქცია რომს, მისი გული თანდათანობით ჩამოშორდა პაპის ეკლესიას და ბოლოს მასთან ყოველგვარი კავშირიც გაწყვიტა.დბ 71.1

    რომიდან დაბრუნების შემდეგ ლუთერს ვიტენბერგის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭეს. ახლა მას შესაძლებლობა მიეცა, უფრო მეტი დრო დაეთმო წმიდა წერილის შესწავლისათვის, რასაც მოწიწებით ასრულებდა კიდეც. მან საზეიმო ფიცი დადო, რომ მთელ ცხოვრებას შესწირავდა ღვთის სიტყვის შესწავლას და ერთგულად იქადაგებდა არა პაპის დოქტრინებსა და გამონათქვამებს, არამედ ღვთის სიტყვას. ახლა ის უკვე უბრალო ბერი, ანდა ღვთისმეტყველების პროფესორი კი აღარ იყო, არამედ გავლენიანი ბიბლიური მაცნე, მოწოდებული უფლის ცხვართა სამწყემსად, რომელთაც ჭეშმარიტება სწყუროდათ. მან გაბედულად განაცხადა, რომ ქრისტიანული რელიგიის სწავლების ერთადერთი წყარო წმიდა წერილი უნდა იყოს. ეს სიტყვები, რომელშიც რეფორმაციის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრინციპები იყო ჩაქსოვილი, გამანადგურებელ დარტყმას აყენებდა პაპის ძალაუფლებას. დბ 71.2

    ლუთერი კარგად ხედავდა ღვთის სიტყვის დაკნინებას და ადამიანური თეორიების აღზევების შედეგს. იგი გაბედულად აკრიტიკებდა სქოლასტიკურ მოძღვრებას, ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას, რაც ასე ხანგრძლივად ბატონობდა ადამიანთა გონებაზე. ლუთერი მიუთითებდა, რომ ეს მოძღვრებები არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ - მავნეც. ამასთან ერთად ცდილობდა, მსმენელთა ყურადღება სოფისტური ფილოსოფიიდან და ღვთისმეტყველებიდან გადაეტანა მარადიულ ჭეშმარიტებებზე, რომელთაც მოციქულები და წინასწარმეტყველები ქადაგებდნენ.დბ 71.3

    რა ძვირფასი იყო ეს სახარება ადამიანებისათვის, რომლებიც უდიდესი გულისყურით ისმენდნენ მის თითოეულ სიტყვას. ადრე არასოდეს გაეგონათ ასეთი რამ. კეთილი უწყება მაცხოვრის სიყვარულის შესახებ, უფლის გაღებული სისხლით მიღებული მიტევებისა და მშვიდობის რწმენა - ყოველივე ეს სიხარულითა და მარადიულობის იმედით ავსებდა მათ გულებს. ვიტენბერგში აინთო ნათელი, რომლის სხივები დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეებს მისწვდა და რომელიც ბოლო ჟამის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო კაშკაშებს.დბ 71.4

    მაგრამ ნათელი და ბნელი ერთად ვერ იარსებებენ. ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის შეურიგებელი ბრძოლა მიმდინარეობს. ერთი რომელიმე მხარის დაცვა და მხარდაჭერა - მეორის წინააღმდეგ ბრძოლასა და მის უარყოფას ნიშნავს. ჩვენმა მაცხოვარმა თვითონ თქვა:“ნუ გგონიათ, თითქოს დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი” (მათ. 10:34). ლუთერმა კი თავისი რეფორმატორული მოღვაწეობიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღნიშნა:“უფალს არა თუ უბრალოდ მივყავარ, არამედ მიბიძგებს წინისაკენ. იგი მიზიდავს და მე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი. მინდა მშვიდად ვიცხოვრო, მაგრამ ამის ნაცვლად მღელვარებისა და რევოლუციების შუაგულში ვექცევი”. ახლა კი მას ნამდვილად ბრძოლის ველი ელოდა.დბ 71.5

    კათოლიკური ეკლესია ღვთის მადლით ვაჭრობდა. სამსხვერპლოს გვერდით ფულის გადამცვლელთა მაგიდებთან მყიდველთა და გადამყიდველთა გნიასი იდგა. რომში წმიდა პეტრეს ტაძრის მშენებლობის საბაბით დაიწყო პაპის მიერ გამოშვებული ინდულგენციების საყოველთაო გაყიდვა. დანაშაულის გზით მოპოვებული ფულით უნდა აღმართულიყო ტაძარი უფლის სახელის განდიდებისათვის! ურჯულოების გზით უნდა დადებულიყო ტაძრის ქვაკუთხედი! მაგრამ იმან, რასაც რომისათვის დიდება უნდა მოეტანა, პირიქით, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მის ძლიერებას და დიდებულებას. ამ ნაბიჯმა პაპს საკმაოდ ძლიერი მტრები შესძინა. გაჩაღდა ბრძოლა, რომელმაც პაპის ტახტი შეარყია და მას გვირგვინი დააკარგვინა. დბ 72.1

    გერმანიაში ინდულგენციებით ვაჭრობას ხელმძღვანელობდა ერთერთი კათოლიკე მოხელე ტეცელი, რომელიც ადრე საზოგადოებისა და უფლის კანონის საწინააღმდეგო სულმდაბლურ დანაშაულში იყო მხილებული, მაგრამ დამსახურებული სასჯელი თავიდან აიცილა და უფრო მეტიც: პაპის ანგარებიანი და არაკეთილსინდისიერი განზრახვის განხორციელება დაავალეს. შეუდარებელი თავხედობით, უსირცხვილოდ ყვებოდა იგი ზღაპრებს სასწაულების შესახებ, რითაც აცდუნებდა უმეცარ და ცრუმორწმუნე ხალხს. ადამიანებს რომ ღვთის სიტყვა სცოდნოდათ, ასე ადვილად არ მოტყუვდებოდნენ. ბიბლიას სწორედ იმიტომ უმალავდნენ ხალხს, რომ რომის ეკლესიას იგი უსიტყვო მორჩილებაში hყოლოდა, რათა მის პატივმოყვარე ხელმძღვანელებს უფრო განემტკიცებინათ თავიანთი ძალაუფლება და სიმდიდრე. დბ 72.2

    ქალაქის ქუჩებში ტეცელს წინ მიუძღოდა შიკრიკი, რომელიც ხალხს მიმართავდა:“ღვთის და წმიდა მამის მადლი ახლა თქვენს კართანაა მომდგარი” და ხალხიც ამ უკეთურ თვალთმაქცს ისე ესალმებოდა, როგორც თვით უზენაესს, ზეციდან მოვლენილს. ეკლესიაში გაჩაღდა გულისამრევი ვაჭრობა. კათედრაზე მდგომი ტეცელი ქებადიდებას ასხამდა ინდულგენციებს, როგორც უფლის ძვირფას ნაბოძვარს. იგი ხალხს უხსნიდა, რომ ინდულგენციების საშუალებით ხდება მათ მფლობელთა ცოდვების მიტევება როგორც აწმყოში, ასევე მომავალშიც ისე, რომ”მონანიებაც არ არის საჭირო”. უფრო მეტიც, იგი მსმენელთ არწმუნებდა, რომ ინდულგენციებს შეუძლიათ არა მარტო ცოცხლების, არამედ მიცვალებულთა გადარჩენაც და რომ ყუთში ჩაგდებული ფულის წკრიალზე სული საწმიდარიდან ამოფრინდება და ზეცაში წავა.დბ 72.3

    როდესაც სიმონმოგვმა ფული შესთავაზა მოციქულებს იმ ძალის ყიდვის მიზნით, რომლითაც იგი სასწაულებს მოიმოქმედებდა, პეტრე მოციქულმა უპასუხა:“შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, ვინაიდან ღვთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე” (საქ. 8:20.) მაგრამ ტეცელის წინადადებას ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი. ოქრო და ვერცხლი მდინარედ მიედინებოდა მის სალაროში. გადარჩენის ფულით ყიდვა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ხსნა, რომელიც ცოდვილისაგან მონანიებას, რწმენას და ცოდვასთან მუდმივ ბრძოლას მოითხოვდა.დბ 72.4

    სწავლულებმა და კათოლიკური ეკლესიის ღვთისმოშიშმა ადამიანებმა ინდულგენციების წინააღმდეგ გაილაშქრეს, უარყვეს და უაზრობა უწოდეს მას. არც ერთმა პრელატმა არ აღიმაღლა ხმა ამ ღვთის საწინააღმდეგო ვაჭრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ღვთისმოსავი ადამიანები საგონებელში და მწუხარებაში ჩაცვივდნენ და იმედოვნებდნენ: იქნებ უფალმა რაიმე საშუალებებით განწმინდოსო ეკლესია.დბ 73.1

    ლუთერი, რომელიც კვლავაც პაპის ერთგული მიმდევარი იყო, აღაშფოთა ინდულგენციებით მოვაჭრეთა ასეთმა ღვთისმკრეხელურმა თავხედობამ. მრავალი ადამიანი ნაყიდი ინდულგენციებით მიდიოდა მასთან მის სამრევლოში, როგორც თავის პასტორთან. ისინი აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს და მისგან ელოდნენ მიტევებას არა იმიტომ, რომ ინანიებდნენ თავიანთ დანაშაულს და ახალი ცხოვრების დაწყება სურდათ, არამედ იმიტომ, რომ ინდულგენციები შეიძინეს. ლუთერი უარს ამბობდა აღსარების მიღებაზე და ასწავლიდა, რომ თუკი ისინი არ მოინანიებენ და არ შეცვლიან თავიანთ ცხოვრებას, დაიღუპებიან. საგონებელში ჩავარდნილნი, ისინი ტეცელთან ბრუნდებოდნენ და შესჩიოდნენ, რომ მათი პასტორი უარს ამბობს აღსარების მიღებაზე, ხოლო ზოგიერთნი, უფრო გაბედულნი, ფულის უკან დაბრუნებასაც მოითხოვდნენ. ამან მეტად განარისხა ბერი და საშინელი წყევლაკრულვით გასცა ბრძანება, კოცონები დაენთოთ საზოგადოებრივ ადგილებში, თან განაცხადა:“ბრძანება მივიღე პაპისგან: ვინც გაბედავს და მისი წმიდა ინდულგენციების წინააღმდეგ გამოვა, ერეტიკოსად ჩაითვლება და კოცონზე დაიწვება.”დბ 73.2

    მაშინ ლუთერმა გაბედულად დაიწყო სიმართლისათვის ბრძოლა. იგი კათედრიდან სერიოზულად და საჯაროდ აფრთხილებდა ხალხს, უხსნიდა ცოდვის საშინელებას და ასწავლიდა, რომ საკუთარი საქმეებით ადამიანს არ შეუძლია ცოდვების წაშლა ან სასჯელის თავიდან აცილება. მხოლოდ ქრისტეს რწმენით, ღვთის წინაშე მონანიებით შეუძლია ცოდვილს, მოიპოვოს ხსნა. ქრისტეს მადლის შეძენა ფულით შეუძლებელია. მადლი - ეს უფლის უანგარო ძღვენია. ლუთერი ხალხს ურჩევდა, ინდულგენციების შეძენის ნაცვლად, რწმენით მიეპყროთ მზერა ჯვარცმულ მაცხოვარზე. იგი ხალხს უზიარებდა თავის მწარე გამოცდილებას, რომ ერთ დროს ისიც საკუთარი თავის დამცირებითა და თვითგვემით ცდილობდა ხსნის მიღებას. და მსმენელთ არწმუნებდა, რომ მხოლოდ მაშინ ეწვია სიმშვიდე და სიხარული, როდესაც იგი კი აღარ დაეყრდნო საკუთარ საქმეებს, არამედ რწმენით მიმართა ქრისტეს.დბ 73.3

    ტეცელი კვლავინდებურად განაგრძობდა ვაჭრობას, თავისი უწმიდური პრეტენზიების წამოყენებას და ლუთერმა გადაწყვიტა, უფრო მკაცრი ზომები მიეღო ამ აშკარა ბოროტების წინააღმდეგ. მალე მას ამის საშუალება მიეცა. ვიტენბერგის ეკლესიაში დიდი რაოდენობით ინახებოდა”წნიდანთა ნაწილები”, რომელნიც დიდ დღესასწაულებზე ხალხის წინაშე გამოhქონდათ, და ყველას, ვინც ამ დღეს მოვიდოდა ეკლესიაში და აღსარებას იტყოდა, ცოდვები მიეტევებოდა. ახლოვდებოდა უდიდესი დღესასწაული -“ყველა წმიდას” დღე. ამ დღესასწაულის დადგომამდე ლუთერი ეკლესიაში მიმავალ ბრბოს შეერია და ეკლესიის კარს მიაკრა ფურცელი, რომელზედაც ჩამოწერილი იყო ინდულგენციების საწინაამდეგო 95 თეზისი. ამასთან ერთად მან განაცხადა, რომ მზად არის თავისი თეზისები დაიცვას უნივერსიტეტში თავის მოწინააღმდეგეთა თანდასწრებით.დბ 73.4

    ამ განცხადებამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ყველა კითხულობდა ლუთერის თეზისებს. ქალაქში და უნივერსიტეტში დიდი მღელვარება დაიწყო. ლუთერის თეზისებში ნათქვამი იყო, რომ არც პაპს, არც რომელიმე სხვა ადამიანს არასოდეს მისცემია უფლება ცოდვათა მიტევებისა და მისთვის სასჯელის გაუქმებისა, რომ ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე და ცრუმორწმუნე ადამიანთა უმეცრებაზე დაყრდნობით ფულის ოსტატური გამოძალვა, რომ ეს სატანას მზაკვრული გეგმაა იმ სულთა დასაღუპავად, რომელნიც მას მიენდობიან. ლუთერი გასაგებად უხსნიდა ხალხს, რომ ეკლესიის ყველაზე ძვირფასი საგანძური - ქრისტეს სახარებაა და სახარებით გადმოცემული ღვთის მადლი უსასყიდლოდ ეძლევა ყველას, ვინც მას მონანიებითა და რწმენით ეძებს.დბ 74.1

    ლუთერის თეზისები - ეს იყო ჭეშმარიტების მტერთა გაბედული გამოწვევა, მაგრამ ვერავინ გაბედა მისი მიღება. რამდენიმე დღეში ლუთერის მიერ წამოყენებული საკითხები მთელი გერმანიისათვის ცნობილი გახდა, სულ მალე კი მასზე მთელი ქრისტიანული სამყარო ალაპარაკდა. ბევრი ღვთისმოსავი კათოლიკე, რომელიც ძალზე განიცდიდა ეკლესიაში გაბატონებულ საშინელ ურჯულოებას, მაგრამ არ იცოდა, როგორ აღდგომოდა წინ, უდიდესი სიხარულით კითხულობდა ლუთერის თეზისებს და სწამდა, რომ ეს იყო უფლის ხმა. ისინი მასში ხედავდნენ უფლის მოწყალე ხელს, რომელსაც სურდა ბოლო მოეღო რომის ტახტის უკანონობისათვის. მთავრები და მაგისტრები გულში ზეიმობდნენ იმის გამო, რომ მალე შეიზღუდებოდა პატივმოყვარე პაპის ძალაუფლება, რომელიც ყველას თავს ახვევდა თავის განკარგულებათა შესრულებას და მის წინააღმდეგ სიტყვის თქმის უფლება არავის hქონდა. დბ 74.2

    ცრუმორწმუნე, ცოდვებით დამძიმებული ბრბო შეშინდა იმის გამო, რომ წაართმევდნენ ამ ტკბილ ტყუილს, რომელიც ყოველგვარ საფრთხეს არიდებდა და შიშს უქარწყლებდა. ცბიერმა სამღვდელოებამ, რომელიც ხელს უწყობდა დანაშაულს, კარგად დაინახა საფრთხე, მის შემოსავალს რომ დაემუქრა და საშინლად აღშფოთდა. რეფორმატორს მეტად მძვინვარე მტერთან შეხვედრა ელოდა. ლუთერს ზოგი აჩქარებისათვის და ასეთი სწრაფი მოქმედებისათვის კიცხავდა, სხვები კი მას თავდაჯერებულობაში ადანაშაულებდნენ და თვლიდნენ, რომ იგი მოქმედებს არა უფლის ნებით, არამედ თავისი სიამაყითა და მოჩვენებითი გამბედაობით.”ვინ არ იცის, რომ ხშირად ახალი იდეების გამტარებელ ადამიანს ამაყი შეხედულება აქვს და ეს ყოველთვის კამათს იწვევს? - პასუხობდა ლუთერი. რატომ აწამეს ქრისტე და მისი მრავალი მიმდევარი? იმიტომ, რომ მათ თვლიდნენ ამპარტავნებად, რომლებიც დამცინავად უყურებდნენ იმდროინდელ სიბრძნეს. ისინი ხომ გაბედულად გამოთქვამდნენ ახალ იდეებს და რჩევისათვის არ მიმართავდნენ მოძველებული ტრადიციებისა და ცოდნის მქონე პირებს.”დბ 74.3

    და კიდევ ამბობდა:“ყველაფერი, რის გაკეთებასაც მე ვაპირებ, აღსრულებული იქნება არა ადამიანური სიბრძნით, არამედ ღვთის ნებით. თუკი ეს უფლის სამუშაოა, ვინ შესძლებს მის შეჩერებას? და თუკი ეს ღვთისგან არ არის, ვინ წასწევს მას წინ?”ეს არ არის ჩემი ნება, და იყოს ნება შენი და არა ჩვენი, ო, წმიდა მამავ, რომელიც ხარ ცათა შინა!”დბ 74.4

    თუმცა ლუთერის მთელ ამ მოღვაწეობას სულიწმიდა ხელმძღვანელობდა, წინ მაინც სასტიკი ბრძოლა ელოდა. მას ძლიერ ნაკადად დაატყდა თავს მოწინააღმდეგეთა საყვედურები. და რა თქმა უნდა, მისი განზრახვის არასწორ ახსნას, მისი პიროვნებისა და მოქმედების უსამართლო შეფასებას - უკვალოდ არ ჩაუვლია. იგი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ხალხთა წინამძღოლები როგორც ეკლესიაში, ასევე სასწავლებლებში, მზადყოფნით შემოუერთდებოდნენ მას რეფორმაციის საქმეში. გული სიხარულითა და იმედით ევსებოდა, როდესაც მხარდაჭერას გრძნობდა მაღალი თანამდებობის პირებისაგან და ხედავდა, რომ მათ ესმოდათ მისი ჩანაფიქრი. მას სწამდა, რომ ეკლესიისათვის განთიადი დადგებოდა. მაგრამ მალე ეს თანაგრძნობა საყვედურებმა და კრიტიკამ შეცვალა. მრავალი სახელმწიფო და ეკლესიის მოხელე დარწმუნებული იყო ლუთერის თეზისების ჭეშმარიტებაში, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ლუთერის მოძღვრების მიღებას დიდი ცვლილებები მოhყვებოდა. განათლება და სახალხო რეფორმა რომის ძალაუფლების ძირის გამოთხრას ნიშნავდა. აშკარა იყო, რომ ხაზინის უხვი შემოსავლის წყარო, რომლითაც პაპის სასახლის კარი იკვებებოდა, მალე დაშრებოდა. უფრო მეტიც, მოძღვრება, რომელიც ხალხს დამოუკიდებელი აზროვნების, მოქმედების და ხსნის ერთადერთი იმედის - ქრისტეს დანახვის საშუალებას აძლევდა, პაპის ტახტის ავტორიტეტის დაცემას გულისხმობდა, რაც საბოლოოდ ამ ჩინოსანთა ავტორიტეტის შელახვას გამოიწვევდა. და ისინი უარს ამბობდნენ ღვთისაგან შემოთავაზებული შემეცნების გზის მიღებაზე. იმ ადამიანის წინააღმდეგ გამოსვლა, რომელმაც ღვთიური ნათელი მოუტანა მათ, ქრისტესა და მისი ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამოსვლას ნიშნავდა.დბ 74.5

    ხშირად ჩაფიქრებულა ლუთერი თავის ცხოვრებაზე; იგი მარტო აღმოჩნდა ამა სოფლის ძლიერთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ზოგჯერ ეჭვები ღრღნიდა: ნამდვილად იყო თუ არა უფლის ნება, რომ ლუთერს ეკლესიის ხელისუფლების წინააღმდეგ ებრძოლა.”ვინ ვარ მე? - წერდა იგი, - რომ შევებრძოლო პაპის დიდებულებას, რომლის წინაშე ძრწიან მიწიერი მეფეები და მთელი მსოფლიო?... არავინ იცის, რა ტანჯვა გადავიტანე ამ ორ წელიწადში და რა სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში ვიყავი ჩავარდნილი”. მაგრამ იგი არ მიატოვა უფალმა. როდესაც ადამიანის მხარდაჭერის იმედი გაუქარწყლდა, ლუთერი სრულად მიენდო ღმერთს და ისწავლა მის ყოვლისშემძლე ხელზე დაყრდნობა.დბ 75.1

    ლუთერი ასე მიმართავდა წერილში თანამოაზრეს:“ჩვენ ვერ შევიმეცნებთ წმიდა წერილს ვერც გაძლიერებული მეცადინეობით, ვერც საკუთარი ინტელექტის დაძაბვით. შენი უპირველესი მოვალეობაა - ლოცვით შესთხოვო ღმერთს, რომ მან თავისი უდიდესი მოწყალებით გაგიხსნას თავისი სიტყვის ჭეშმარიტი აზრი. რადგან ღვთის სიტყვის ერთადერთი ამხსნელი - თვით ამ სიტყვის ავტორია, მან თავად თქვა:“უფლისაგან იქნება ნასწავლი ყველა.” ნუ დაეყრდნობი საკუთარ ძალისხმევას, მიენდე მხოლოდ უფალს და სულიწმიდას.”მერწმუნე მე, ადამიანს, რომელსაც ამისი დიდი პირადი გამოცდილება მაქვს”. უფლისაგან ამ დიდებული ჭეშმარიტების გავრცელებისათვის მოწოდებულ ყოველ ადამიანს ამ სიტყვებიდან ბევრი სასარგებლო რამის მიღება შეუძლია. მათ მიერ წარმოთქმული ჭეშმარიტება განარისხებს სატანას და იმ ადამიანებს, რომლებიც იგავებისა და ზღაპრების მოსმენით მშვიდდებიან. ბოროტ ძალებთან საბრძოლველად საკმარისი არაა მხოლოდ ადამიანური სიბრძნე და გონება.დბ 75.2

    თუკი ლუთერის მტრები პატივს სცემდნენ ადათწესებსა და ტრადიციებს, პაპის ავტორიტეტსა და დადგენილებებს, რეფორმატორი მხოლოდ ბიბლიას მიმართავდა. განრისხებულმა ფორმალისტებმა და ცრუმორწმუნეებმა ვერ შეძლეს წმიდა წერილის ჭეშმარიტ მტკიცებათა უარყოფა, ამიტომ მათ, ქრისტეს სისხლის მოწყურებულ იუდეველთა მსგავსად, ლუთერის სიკვდილი სურდათ.”ის მწვალებელია! - ყვიროდნენ რომის ერთგულნი. - ერთი საათის სიცოცხლის ნებაც რომ მივცეთ მას, ეს ეკლესიის წინააღმდეგ მიუტევებელი ცოდვა იქნება. სასწრაფოდ ეშაფოტზე!!!” მაგრამ ლუთერს არ ეწერა მათი მძვინვარების მსხვერპლი გამხდარიყო. მას უფლის დავალება უნდა შეესრულებინა და ზეციური ანგელოზები იცავდნენ მას. ბევრი იმ ადამიანთაგან, ვინც ლუთერისაგან ძვირფასი ნათელი მიიღო, სატანის განსაკუთრებული სიძულვილის საგანი გახდა და საბოლოო ჯამში, ჭეშმარიტებისათვის ტანჯვა და სიკვდილი მორჩილად მიიღო.დბ 75.3

    ლუთერის მოძღვრებამ მთელი მოაზროვნე გერმანიის ყურადღება მიიპყრო. მის ქადაგებებსა და ნაშრომებს მოhქონდათ სინათლე, რომელიც აღვიძებდა ათასობით ადამიანის შეგნებას. ცოცხალი რწმენა ცვლიდა მკვდარ ფორმალიზმს, რომლის ტყვეობაშიც ეკლესია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა. ხალხს თანდათანობით ეკარგებოდა ნდობა ცრუ კათოლიციზმის მიმართ და მისი ბორკილებიც თანდათან იმსხვრეოდა. ღვთის სიტყვა, ორლესული მახვილის მსგავსად, რომლითაც მოწმდებოდა ყოველგვარი მოძღვრება და სწავლება, გზას იკვლევდა ადამიანთა გულებისაკენ. ყველგან შეიმჩნეოდა სულიერი პროგრესისა და განათლებისაკენ სწრაფვა. ყველას სწყუროდა ჭეშმარიტება. ამისი მსგავსი არაფერი შეინიშნებოდა გასულ საუკუნეებში. ხალხი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იმედებს ტრადიციებზე, ადამიანურ დადგენილებებზე და მიწიერ დამცველებზე ამყარებდა, მონანიების ვედრებითა და რწმენით მიდიოდა ჯვარცმულ ქრისტესთან.დბ 76.1

    ეს სულიერი აღმავლობა პაპის ჩინოსანთა დიდ შეშფოთებას იწვევდა. ლუთერი რომში გამოიძახეს ახსნაგანმარტების მისაცემად. მისი მეგობრები შიშით შეხვდნენ ამ ბრძანებას, ვინაიდან კარგად ესმოდათ, თუ რა დიდი საფრთხე ელოდა მათ მეგობარს ამ უწმიდურ, ქრისტეს მოწმეთა სისხლით შეღებილ ქალაქში. მათ პროტესტი გამოთქვეს ლუთერის რომში წასვლის გამო და მოითხოვეს, დარჩენილიყო გერმანიაში, იქიდან კი წერილობითი ახსნაგანმარტება გაეგზავნა რომში.დბ 76.2

    ბოლოს მათი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ლუთერის საქმის მოსასმენად პაპის წარმომადგენელი ჩამოვიდა დირექტივებით, რომელთა თანახმადაც იგი უკვე ერეტიკოსად იყო გამოცხადებული. პაპის დესპანს დავალებული hქონდა”მისი გასამართლება და დაპატიმრება”. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, თუკი რეფორმატორის შეპყრობა შეუძლებელი გახდებოდა, დესპანს ეძლეოდა უფლებამოსილება”ლუთერი კანონგარეშედ გამოეცხადებინა მთელ გერმანიაში, აგრეთვე, მის მიმდევართა დევნა, შეჩვენება და ეკლესიიდან მოკვეთა”. ამას გარდა, პაპმა ამ შხამიანი ერესის სრული აღმოფხვრისათვის თავის წარმომადგენელს დაავალა ეკლესიისაგან მოეკვეთა და რომის რისხვა გადმოეფრქვია მათზე, ვინც არაფერი გააკეთა ლუთერისა და მისი მომხრეების მოღვაწეობის აღსაკვეთად და ისინი რომისათვის გადაეცა, გამონაკლისს მხოლოდ იმპერატორი წარმოადგენდა.დბ 76.3

    ყოველი ასეთი მოქმედება კარგად აშიშვლებდა პაპის ხელისუფლების ჭეშმარიტ სულს. ამ დოკუმენტში მინიშნებითაც კი არაფერი იყო თქმული ქრისტიანული ქცევის პრინციპების ან უბრალო საქციელის შესახებ. ლუთერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რომისგან ძალიან შორს და თავისი თვალსაზრისის გამოთქმის შესაძლებლობას მოკლებული იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი საქმის გარჩევის დაწყებიდანვე იგი ერეტიკოსად გამოაცხადეს, ერთი დღის განმავლობაში ჩაატარეს გამოძიება, წაუყენეს ბრალდება და განაჩენიც გამოუტანეს. და ყველაფერი ეს გაკეთდა”წმიდა მამის” მიერ, რომელმაც უცოდველობის უზენაესი ავტორიტეტი მიითვისა ეკლესიასა და მთელ სახელმწიფოში!!!დბ 76.4

    იმ დროს, როცა ლუთერს ასე აკლდა ერთგული და ჭეშმარიტი მეგობრის რჩევა და თანაგრძნობა, უფლის წინასწარგანჭვრეტით ვიტენბერგში ჩამოვიდა მელანქტონი. სათნო და მოკრძალებულმა ახალგაზრდა მელანქტონმა თავისი ჯანსაღი მსჯელობით, ფართო შემეცნებით, მჭევრმეტყველებით, გულწრფელობითა და პატიოსნებით საზოგადოების ყურადღება და პატივისცემა დაიმსახურა. ასეთი მრავალმხრივი ნიჭის მიუხედავად, იგი მეტად თავმდაბალი და თავაზიანი ახალგაზრდა იყო. სულ მალე კი სახარების სერიოზული მიმდევარი, ლუთერის ყველაზე ახლო მეგობარი და მისი ფასდაუდებელი თანაშემწე გახდა. მისი თავაზიანობა და პუნქტუალურობა მშვენივრად ეთავსებოდა და ავსებდა ლუთერის მხნე და ენერგიულ ბუნებას. მასთან თანამშრომლობამ დიდად გააძლიერა ლუთერი და ახალი ძალა შემატა რეფორმაციას.დბ 76.5

    სასამართლო აუგსბურგში დანიშნეს და ლუთერიც ფეხით დაადგა მისკენ მიმავალ გზას. მას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, რადგან აშკარად ემუქრებოდნენ გზაზე მოკვლით. მეგობრები ემუდარებოდნენ, არ გაეწირა თავი, მცირე ხნით დაეტოვებინა ვიტენბერგი და თავი დროებით რომელიმე მეგობართან შეეფარებინა, მაგრამ ლუთერს არ სურდა იმ საქმის მიტოვება, რომელიც თვით ღმერთმა დაავალა. მან იცოდა, რომ უნდა გაევლო ეს გზა და მიუხედავად მის გარშემო ამტყდარი მღელვარე ქარიშხლისა, ერთგულად უნდა დაეცვა ჭეშმარიტება. იგი ამბობდა:“მე ვემსგავსები იერემიას - მთელი ქვეყნის ბრალმდებელს და მოდავეს” (იერ. 15:10). და რაც უფრო მეტად მემუქრებიან, მით უფრო მიხარია... მათ უკვე შელახეს ჩემი რეპუტაცია და პატიოსანი სახელი; მხოლოდ ერთიღა დამრჩა: ჩემი უძლური სხეული. დაე, ისიც წამართვან, ამით ჩემს სიცოცხლეს რამდენიმე საათით შეამოკლებენ. მაგრამ სულს ვერ წამართმევენ. ქრისტეს სიტყვის მახარებელი ყოველ წუთს მზად უნდა იყოს სიკვდილისათვის.”დბ 77.1

    ლუთერის აუგსბურგში ჩამოსვლის ცნობამ დიდად გაახარა პაპის დესპანი. მოუსვენარი ერეტიკოსი, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რომს ჩაუვარდა კლანჭებში; და პაპის წარმომადგენელმა გადაწყვიტა, ყველა ღონე ეხმარა, რომ ხელიდან არ გაეშვა იგი. რეფორმატორს არ hქონდა დაცვის სიგელი. მეგობრები ევედრებოდნენ, არ წასულიყო დესპანთან ამ სიგელის გარეშე და იმპერატორს თავად წარუდგინეს თხოვნა ლუთერისათვის დაცვის სიგელის გაცემის შესახებ. ლეგატს იმედი hქონდა, რომ ლუთერს აიძულებდა თავისივე მოძღვრების უარყოფას, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილი hქონდა მისი რომში ჩაყვანა, სადაც იგი hუსისა და იერონიმეს ბედს გაიზიარებდა. პრელატის მიერ მოსყიდული ადამიანები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ლუთერი, წასულიყო დაცვის სიგელის გარეშე, პაპის წარმომადგენელთა მოწყალების იმედით. მაგრამ რეფორმატორმა მტკიცედ განაცხადა უარი პაპის ელჩის წინაშე წარდგომაზე იმ საჭირო საბუთების გარეშე, რომელიც მისთვის იმპერატორის მფარველობის გარანტია იქნებოდა.დბ 77.2

    მაშინ ლუთერის მტრებმა გადაწყვიტეს, თავაზიანი მოქცევით ემოქმედათ მასზე. შეხვედრისას ლეგატი მეგობრულად ესაუბრებოდა ლუთერს, მაგრამ მტკიცედ მოითხოვდა ეკლესიის ავტორიტეტის წინაშე მის მორჩილებას და მისი მოძღვრებების ყოველი პუნქტის უარყოფას ყოველგვარი მსჯელობისა და მტკიცებების გარეშე. მან, რა თქმა უნდა, ღირსეულად ვერ შეაფასა მის წინაშე მდგომი პიროვნება; თავის პასუხში ლუთერმა გამოთქვა ეკლესიისადმი პატივისცემა, სწრაფვა ჭეშმარიტებისაკენ და მზადყოფნა, პასუხი გაეცა ყველა კითხვაზე, რომელიც მის სწავლებას ეხებოდა და მისი შრომები გაეტანა მოწინავე უნივერსიტეტებში განსახილველად. ამავე დროს მან უარი თქვა, რომ დამორჩილებოდა პრელატს, რომელიც მისგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა.დბ 77.3

    მას ერთი და იგივეს ჩასჩიჩინებდნენ:“უარhყავი, უარhყავი!” რეფორმატორმა აღნიშნა, რომ იგი ეყრდნობოდა წმიდა წერილს და მტკიცედ განაცხადა, რომ არ შეუძლია ჭეშმარიტების უარყოფა. პრელატი, რომელიც უძლური აღმოჩნდა ლუთერის მტკიცებათა წინაშე, ხან ლანძღვითა და საყვედურებით ავსებდა, ხან ფარისევლურად ცდილობდა მის მოსყიდვას, ხან კი მრისხანედ იმეორებდა ეკლესიის მამების ტრადიციულ გამონათქვამებსა და ციტატებს, რათა მისთვის სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობა არ მიეცა. ამ მრავალი უნაყოფო საუბრის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ლუთერს პასუხის წერილობითი გაცემის ნება დართეს.დბ 78.1

    `ამით, - წერდა ლუთერი თავის მეგობარს, - ბრალდებული ორმაგად მოგებული რჩება: უპირველესად, ნაწერი შეიძლება სხვადასხვა ადამიანთა მსჯელობის საგანი გახდეს, მეორე კი ის, რომ თუკი სინდისზე ვერ იმოქმედებს, პატივმოყვარე და მოლაყბე დესპოტის დაშინებას მაინც შეძლებს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავისი დაჟინებული სიტყვით დაგამარცხებთ.”დბ 78.2

    შემდგომი შეხვედრისას ლუთერმა წარადგინა სრული ახსნაგანმარტება წმიდა წერილის მრავალრიცხოვან ამონაწერებზე დაყრდნობით. ლუთერმა დაწერილი ხმამაღლა წაიკითხა და გადასცა კარდინალს, რომელმაც ზიზღით გადაუგდო უკან და მრისხანედ დასძინა, რომ ეს ცარიელი სიტყვებისა და ციტატების კორიანტელია, რომელთაც საქმესთან არაფერი აქვთ საერთო. მაშინ ლუთერმა შთამაგონებლად ამხილა ეკლესიის დოქტრინებსა და ტრადიციებზე დამყარებული პრელატის რწმენა და სრულიად უარყო მისი მტკიცებანი.დბ 78.3

    ლუთერის მტკიცება იმდენად უნაკლო იყო, რომ პრელატმა თავშეკავების უნარი დაკარგა და განრისხებულმა ყვირილი დაიწყო:“უარყავი! წინააღმდეგ შემთხვევაში წარდგები რომის სასამართლოს წინაშე, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე. შენ და ყველა შენს მიმდევარს ანათემას გადაგცემ და ყველა შენს თანამგრძნობს ეკლესიიდან გავაძევებ”. და მრისხანედ დაუმატა”უარყავი, ან თვალით აღარ დამენახო!”დბ 78.4

    ლუთერმა და მისმა მეგობრებმა სწრაფად დატოვეს იგი, რითაც ნათლად აგრძნობინეს, რომ არავითარ უარყოფაზე არ შეიძლებოდა ლაპარაკი. კარდინალი საქმის ასეთ დასრულებას არ ელოდა. ის იმედოვნებდა, რომ ძალითა და მუქარით დაიმორჩილებდა ლუთერს. ახლა კი, როდესაც მთელი გეგმები წყალში ჩაეყარა, თავის მრისხანებას ვერ მალავდა.დბ 78.5

    ლუთერის გაბედულ გამოსვლებს უკვალოდ არ ჩაუვლია. შეხვედრის მოწმე ადამიანებმა მშვენიერი შესაძლებლობა მიიღეს, შეედარებინათ ამ ორი ადამიანის საქციელი და შესაბამისი დასკვნა გამოეტანათ თითოეული მათგანის ძლიერებისა და სიმართლის შესახებ. რა მკვეთრი განსხვავება იხილეს! მათ წინაშე იდგა თავმდაბალი, უბრალო, მაგრამ შეუდრეკელი, ღვთის ძალით მოსილი რეფორმატორი, რომელიც ჭეშმარიტებას იცავდა; და მეორე პიროვნება - პაპის დესპანი მედიდური და მბრძანებლური იერით, ამაყი და უგუნური, რომელმაც არც ერთი მტკიცება არ მოიყვანა წმიდა წერილიდან, არამედ გაგულისებული, მხოლოდ ყვიროდა:“უარყავი! თორემ გაგგზავნი რომში და იქ მიიღებ საკადრის სასჯელს!”დბ 78.6

    მიუხედავად იმისა, რომ ლუთერს დაცვის სიგელი hქონდა, მისი დაპატიმრების საფრთხე მაინც არსებობდა. ლუთერის მეგობრები ხედავდნენ მისი აუგსბურგში დარჩენის უაზრობას და დაჟინებით მოითხოვდნენ დაუყოვნებლივ ვიტენბერგში დაბრუნებას. დიდი სიფრთხილე იყო საჭირო. და ლუთერმა ღამით, მაგისტრის მიერ გამოყოფილი მხოლოდ ერთი გამცილებლის თანხლებით, ცხენით დატოვა აუგსბურგი. მწუხარე წინათგრძნობით შეპყრობილი რეფორმატორი გზას მიიკვლევდა ქალაქის ბნელ და უკაცრიელ ქუჩებში, მან იცოდა, რომ ვერაგმა და სასტიკმა მტრებმა მისი მოსპობა განიზრახეს. შესძლებს თუ არა იგი მათი დაგებული მახიდან თავის დაძვრენას? ეს იყო მისი უდიდესი მწუხარებისა და მგზნებარე ლოცვების წუთები. აი, უკვე ქალაქის კედელს მიაღწია. კედელში ჩაყოლებული კარი გაიღო და ლუთერი თავის გამცილებელთან ერთად დაუბრკოლებლად გამოვიდა ქალაქიდან. გამოვიდნენ თუ არა სამშვიდობოზე, ნაბიჯს აუჩქარეს და როცა რომის დესპანმა ლუთერის ქალაქიდან გასვლის ამბავი გაიგო, იგი უკვე შორს იყო. სატანა და მისი ემისრები დამარცხდნენ. კაცი, რომელსაც ისინი უკვე თავის ნადავლად თვლიდნენ, ხელიდან დაუძვრათ, როგორც გალიიდან გაფრენილი ჩიტი.დბ 78.7

    ლუთერის გაქცევის გამო პრელატი მეტად განრისხდა და გაცოფდა. მას იმედი hქონდა, რომ მისი მცდელობა ამ მეამბოხის გასანადგურებლად და ეკლესიის სიმშვიდის დასაცავად ღირსეულად შეფასდებოდა და სათანადო ჯილდოსაც მიიღებდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მთელი თავისი რისხვა მან ფრიდრიხის, საქსონიის მმართველის მიმართ გაგზავნილ წერილში გადმოანთხია, რომელშიც მკაცრად ადანაშაულებდა ლუთერს და ფრიდრიხისაგან რეფორმატორის რომში გაგზავნას ან მის საქსონიიდან გაძევებას მოითხოვდა.დბ 79.1

    თავის მხრივ ლუთერი პრელატისაგან ან პაპისაგან მოითხოვდა, წმიდა წერილის საფუძველზე დაემტკიცებინათ, თუკი ცდებოდა და სახალხოდ დებდა პირობას, რომ თუკი ისინი ამას შესძლებენ, მაშინ იგი უარყოფს თავის თვალსაზრისს. ამასთან ერთად იგი განუწყვეტლივ მადლობას სწირავდა ღმერთს იმისთვის, რომ უფალმა მისი წმიდა საქმისათვის ტანჯვის ღირსი გახადა.დბ 79.2

    საქსონიის მმართველი ცუდად იცნობდა ლუთერის მოძღვრებას, მაგრამ დიდად განაცვიფრა რეფორმატორის სიტყვების გულწრფელობამ, ძლიერებამ, ნათელმა აზრმა და მტკიცედ გადაწყვიტა, მისთვის მფარველობა გაეწია საქმის საბოლოო გარკვევამდე. პრელატის მიმართვას მან ასეთი პასუხი გასცა:“ვფიქრობ, თქვენ უნდა დაკმაყოფილებულიყავით მარტინ ლუთერის აუგსბურგში ჩამოსვლით. ჩვენ არ მოველოდით, რომ თქვენ აიძულებდით მას საკუთარი მოძღვრების უარყოფას იმის ნაცვლად, რომ დაგერწმუნებინათ შეცდომებში. არც ერთ სწავლულს ჩემს სახელმწიფოში არ მოუმართავს ჩემთვის იმის გამო, რომ მარტინ ლუთერის მოძღვრება ღმერთის საწინააღმდეგო, ანტიქრისტიანული და ერეტიკულია”. და ფრიდრიხმა უარი თქვა ლუთერის რომში იძულებით გაგზავნაზე ან მისი საქსონიიდან გაძევებაზე.დბ 79.3

    ფრიდრიხი კარგად ხედავდა ზნეობრივად დაცემული საზოგადოების სავალალო მდგომარეობასა და რეფორმების გატარების საჭიროებასაც. მას კარგად ესმოდა, რომ თუკი ადამიანები ჭეშმარიტებით განწმედილი სინდისით უფლის მცნებათა აღმსრულებლები იქნებიან, საჭირო აღარ იქნება ამდენი სახსრების ხარჯვა დანაშაულთან ბრძოლაში. ის გრძნობდა, რომ ლუთერის შრომების იდეა და მიზანი სწორედ ეს იყო და გულის სიღრმეში უხაროდა, რომ ეკლესიის შიგნით კეთილი ძვრები მოხდებოდა.დბ 79.4

    შეუძლებელი იყო იმის არ დანახვაც, რომ ლუთერი, როგორც პროფესორი, უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. მხოლოდ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლუთერმა თავისი თეზისები ეკლესიის კარს მიაკრა, რის შემდეგაც”ყველა წმიდანის” დღესასწაულზე ეკლესიაში მოსულ მომლოცველთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. რომმა დაკარგა თავისი ადრინდელი ქვეშევრდომნი, შემცირდა შესაწირავებიც, მაგრამ ვიტენბერგი არ დაცარიელებულა - ქალაქი სავსე იყო არა”წმიდა ნაწილების” თაყვანის საცემად მოსული მლოცველებით, არამედ უნივერსიტეტის სტუდენტებით. ლუთერის ნაშრომებმა წმიდა წერილის მიმართ ინტერესი აღუძრა საზოგადოებას არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ - ვიტენბერგის უნივერსიტეტში სასწავლებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებსაც. ვიტენბერგში ჩამოსვლისას”ყმაწვილები ზეცით აღაპყრობდნენ ხელებს და მადლობას სწირავდნენ უფალს იმისთვის, რომ ამ ქალაქიდან ვრცელდებოდა ჭეშმარიტების ნათელი სხივი ისევე, როგორც ძველ დროში სიონიდან ეფინებოდა ღვთიური შუქი დედამიწის ყველა კუთხეს”.დბ 79.5

    მიუხედავად ამისა, ლუთერი ჯერ კიდევ სრულად ვერ გათავისუფლებულიყო კათოლიციზმისაგან. იგი წმიდა ჭეშმარიტებას პაპის დოქტრინებსა და დადგენილებებს ადარებდა და გაოცებით წერდა:“ვკითხულობ პაპის მიერ გამოცემულ ბრძანებულებებს და ვერ გამიგია, პაპი თვითონ არის ანტიქრისტე თუ მისი მოციქულია, იმდენად დამახინჯებული და შეურაცხყოფილია ქრისტე მათ საქმეებში.” მაგრამ ლუთერი კვლავაც რომის ეკლესიის მიმდევრად რჩებოდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე გამოეყოფოდა მას.დბ 80.1

    ლუთერის ნაშრომები და მისი მოძღვრება თანდათან მთელ საქრისტიანოში ვრცელდებოდა. მისმა იდეებმა ფესვი გაიდგა შვეიცარიასა და hოლანდიაში. მისმა ნაშრომებმა გზა გაიკაფა საფრანგეთსა და ესპანეთში. ინგლისში მისი მოძღვრება აღიქვეს, როგორც სიცოცხლის სიტყვა. ჭეშმარიტებამ გზა გაიკვლია ბელგიასა და იტალიაშიც. ათასობით ადამიანი გამოფხიზლდა სასიკვდილო ძილისაგან და კვლავ გაიხარა ნათელი ცხოვრების იმედის რწმენით.დბ 80.2

    ლუთერის გამოსვლები კვლავ დიდ მრისხანებას იწვევდა რომში. ზოგიერთი თავდადებული კათოლიკე და თვით კათოლიკური უნივერსიტეტების ზოგიერთი სწავლულიც კი აცხადებდა, რომ ვინც ამ მოამბოხე ბერს მოკლავდა, ცოდვაში არ ჩაეთვლებოდა. ერთხელ რეფორმატორთან მივიდა უცნობი, რომელსაც ჯიბეში მის მოსაკლავად იარაღი ედო და hკითხა, თუ რატომ დადიოდა იგი მარტო, დაცვის გარეშე.”ჩემი სიცოცხლე უფლის ხელშია, - უპასუხა ლუთერმა. - იგია ჩემი ძალა, ჩემი ფარი და რას მიზამს ადამიანი?” ამ სიტყვების გაგონებაზე უცნობი გაფითრდა და ისე სწრაფად გაშორდა მას, თითქოს ზეციური ანგელოზი დაენახოს.დბ 80.3

    რომი ყველა ღონეს ხმარობდა ლუთერის გასანადგურებლად, მაგრამ მას ღმერთი იცავდა. ლუთერის მოძღვრებას ქადაგებდნენ ყველგან - “ქოხებსა და მონასტრებში,.. მთავართა სასახლეებსა და უნივერსიტეტებში და თვით სამეფო კარზეც”. მრავლად იყვნენ კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ იდეებს.დბ 80.4

    როცა იან hუსის მოძღვრებებს გაეცნო, ლუთერი მიხვდა, რომ ბოhემიელი რეფორმატორი აღიარებდა რწმენით გამართლების უდიდეს ჭეშმარიტებას, რასაც იგი ასე დიდხანს ეძებდა და თავად ქადაგებდა.”ჩვენ ყველანი, - ამბობდა ლუთერი, - პავლეც, ავგუსტინიც და მეც, hუსის მიმდევრები ვყოფილვართ, რაც თვითონაც არ ვიცოდით”.”უფალი მართლაც განსჯის მსოფლიოს, - განაგრძობდა იგი. - რადგან ჭეშმარიტების ქადაგება 100 წლის წინათ დაიწყო, მსოფლიომ კი იგი ცეცხლს მისცა.”დბ 80.5

    იმპერატორისა და გერმანიის მთავრებისადმი მიმართვაში ლუთერი ქრისტიანებს რეფორმაციისაკენ მოუწოდებდა და პაპის შესახებ წერდა: “საშინელებაა და მწარე იმის დანახვა, რომ ის, ვინც თავის თავს ქრისტეს ნაცვალს უწოდებს, ისეთ ფუფუნებაში ცხოვრობს, რომ იმპერატორიც კი ვერ შეედრება. განა ეს ქრისტეს ან პეტრე მოციქულის ცხოვრებას hგავს? ამბობენ, რომ პაპი მსოფლიოს მბრძანებელია! მაგრამ ქრისტემ, რომლის”ნაცვალადაც” ის თავის თავს თვლის, თქვა:“ჩემი სამეფო არ არის წუთისოფლისა”. შეიძლება თუ არა მოადგილის სამფლობელო მეფის სამფლობელოს აღემატებოდეს?”დბ 80.6

    უნივერსიტეტების შესახებ იგი წერდა:“ძალიან მეშინია, რომ უმაღლესი სასწავლებლები ჯოჯოხეთის კარიბჭედ არ გადაიქცნენ, თუკი მათში მთელი სერიოზულობით არ შეისწავლება წმიდა წერილი და ყმაწვილები მისით არ იხელმძღვანელებენ. მე ვერ ვურჩევ მშობლებს თავიანთი შვილების იმ სასწავლებელში შეყვანას, სადაც მთავარი ადგილი არ ეთმობა ღვთის სიტყვას. ნებისმიერი სასწავლებელი, სადაც დიდი ყურადღება არ ექცევა წმიდა წერილის შესწავლას, დაამახინჯებს ყმაწვილთა ზნეობას.”დბ 81.1

    ეს მიმართვა ელვისებური სისწრაფით გავრცელდა მთელ გერმანიაში და ხალხში დიდი მღელვარება გამოიწვია. აღელვებული ხალხი პროტესტის ნიშნად რეფორმაციის დროშის ქვეშ ერთიანდებოდა. ლუთერის გამძვინვარებულმა მოწინააღმდეგეებმა აიძულეს პაპი, გადამწყვეტი ზომები მიეღო. გადაწყვიტეს, სასწრაფოდ შეეჩვენებინათ ლუთერის მოძღვრება. რეფორმატორს და მის თანამოაზრეებს 60 დღე მისცეს მოსაფიქრებლად და გააფრთხილეს, რომ თუ ამ ხნის განმავლობაში არ უარყოფდნენ თავიანთ იდეებს, ეკლესიისგან მოიკვეთებოდნენ.დბ 81.2

    ეს მეტად მრისხანე და გადამწყვეტი მომენტი იყო რეფორმაციის საქმეში. საუკუნეთა მანძილზე რომის განაჩენი ეკლესიისგან მოკვეთის შესახებ შიშს უნერგავდა უძლიერეს მონარქებსაც კი; იგი განადგურებასა და უბედურებას უქადდა უძლიერეს იმპერიებს. პაპის მიერ შეჩვენებულებს შიშითა და სიძულვილით უყურებდნენ. ადამიანები სამუდამოდ კარგავდნენ უახლოეს მეგობრებს, რომლებიც კანონგარეშე ითვლებოდნენ და უნდა განადგურებულიყვნენ. ლუთერმა ყველაფერი იცოდა იმ საშინელი ქარიშხლის შესახებ, რომელიც თავს უნდა დატყდომოდა, მაგრამ მედგრად იდგა, რადგან იცოდა, რომ უფალი დაეხმარებოდა და დაიცავდა. მოწამებრივი რწმენითა და გაბედულებით წერდა:“მე არ ვიცი, რა მომივა და არც მინდა ვიცოდე... რა დარტყმაც არ უნდა მივიღო, მშვიდად ვიქნები... თუკი ფოთლებიც არ ცვივა ხიდან ზეციერი მამის ნების გარეშე, მით უმეტეს, უნდა გვჯეროდეს, რომ იგი ზრუნავს ჩვენზე. არ არის ძნელი წმიდა სიტყვისათვის სიკვდილი, რადგან სიტყვა, რომელიც იქცა ხორცად, თვითონ მოკვდა. თუკი მასთან ერთად მოვკვდებით, მასთან ერთად აღვდგებით. და თუკი ჩვენც გამოვცდით იმას, რაც მან ჩვენზე ადრე გამოსცადა, ჩვენც საუკუნოდ, მარადიულად ვიქნებით იქ, სადაც ის არის”.დბ 81.3

    როდესაც ლუთერმა პაპის მიერ გამოცემული ბულა წაიკითხა, თქვა:“მე მძულს და უარვყოფ მას, რადგან მასში ვხედავ ურჯულოებასა და უსამართლობას... რადგან იგი თვით ქრისტეს საწინააღმდეგოა... მიხარია, რომ შემიძლია ცოტათი მაინც ვიტანჯო ამ ნათელი იდეალისთვის. მე დღეს უფრო ვგრძნობ თავისუფლებას, რადგან საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ პაპი - ანტიქრისტეა და მისი ტახტი - სატანის ტახტია”.დბ 81.4

    რომის დეკრეტი მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩენილა. საპყრობილე, წამება და მახვილი საკმაოდ ძლიერი საშუალება იყო ადამიანის დასამორჩილებლად. სუსტებს და ცრუმორწმუნეებს ეშინოდათ პაპის ბრძანებისა, ხოლო იმ დროს, როდესაც ლუთერი საყოველთაო თანაგრძნობით სარგებლობდა, ძალიან ბევრი უკვე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სიცოცხლე მეტად ძვირფასია იმისთვის, რათა რეფორმაციის საქმემ შეიწიროს. ყველაფერი მოწმობდა იმას, რომ მოვიდა რეფორმატორის საქმის აღსასრული.დბ 81.5

    მაგრამ ლუთერს გაბედულებამ არ უღალატა. რომმა იგი ანათემას გადასცა და ყველას ეგონა, რომ მოინანიებდა ან დაიღუპებოდა. მაგრამ მან რომს არაჩვეულებრივი სიძლიერით დაატეხა თავს საპასუხო ბრალდებანი და თვითონვე საჯაროდ განაცხადა თავისი საბოლოო გადაწყვეტილება ეკლესიიდან გასვლის შესახებ. მან მრავალრიცხოვან სტუდენტთა, სწავლულთა და ქალაქის მკვიდრთა წინაშე დაწვა პაპის ბულა მთელი თავისი კანონებით, დადგენილებითა და პაპის ავტორიტეტის მხარდამჭერი სპეციალური წესებით.”ჩემი მტრები წვავდნენ ჩემს წიგნებს, - განაცხადა მან, - უბრალო ადამიანთა გონებაში ამახინჯებდნენ სიმართლეს და ღუპავდნენ მათ სულებს; ახლა ამის საპასუხოდ მე ვწვავ მათ წიგნებს. ახლა იწყება ნამდვილი, სერიოზული ბრძოლა. აქამდე მე არც თუ ისე ვაწუხებდი პაპს; ეს საქმე ღმერთის სახელით წამოვიწყე და უჩემოდ, უფლის ძალით დამთავრდება”.დბ 81.6

    მტრების საყვედურებზე, რომლებიც დასცინოდნენ ლუთერის დაწყებულ საქმეს, იგი პასუხობდა:“ვინ იცის, იქნებ უფლის რჩეული ვარ მისი საქმის აღსასრულებლად? ნუთუ არ ეშინიათ, რომ ჩემდამი სიძულვილით მათ ღმერთი სძულთ? მოსე მარტო იყო ეგვიპტიდან გამოსვლისას; ელია მარტო იყო აქაბის სამეფოში; ესაია მარტო იყო იერუსალიმში; ეზეკიელი მარტო იყო ბაბილონში... ღმერთი არასოდეს ირჩევდა წინასწარმეტყველად მღვდელმთავარს ან სხვა რომელიმე თანამდებობის პირს, არამედ მისი რჩეულნი ყოველთვის უბრალო, შეუმჩნეველი ადამიანები იყვნენ. თვით მწყემსი ამოსიც კი იყო მისი წინასწარმეტყველი. ყველა თაობაში უფალს hყავდა მართლები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამხელდნენ მეფეებს, მთავრებს, სწავლულებსა და მღვდლებს. მე არ ვუწოდებ ჩემს თავს წინასწარმეტყველს, მაგრამ ვაცხადებ, რომ მათ შიში უნდა hქონდეთ, რადგან მე მარტო ვარ, ისინი კი ბევრი არიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფალი ლაპარაკობს არა მათი, არამედ ჩემი ბაგეებით.”დბ 82.1

    მაგრამ ეკლესიისაგან გამოყოფა ლუთერს საშინელი შინაგანი ბრძოლის ფასად დაუჯდა. იმ პერიოდში იგი წერდა:“რაც დრო გადის, მით უფრო ვგრძნობ, რა ძნელია მოშორდე იმას, რაც შენში ბავშვობიდანვეა ჩანერგილი. თუმცა წმიდა წერილი მამხნევებს, მაგრამ რამდენი ტანჯვა გადავიტანე მანამ, სანამ დავრწმუნდებოდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება პაპის, როგორც ანტიქრისტეს, წინააღმდეგ ბრძოლაში... სწორია! რა ძრწოლამ შემიპყრო! რა ხშირად ვუსვამდი ჩემს თავს ერთსა და იმავე კითხვას, რასაც პაპისტები ხშირად მეკითხებოდნენ:“მარტო შენ ხარ ასეთი ბრძენი და სხვა ყველა ცდება? და რა იქნება, თუკი შენი სწავლება მცდარი აღმოჩნდება და თუკი უკვე აცდუნე მრავალი სული, რომელნიც სამუდამოდ დაიღუპებიან?” მე ვებრძოდი საკუთარ თავს და სატანას, სანამ ქრისტემ თავისი წმიდა სიტყვით არ გამიმაგრა გული ამ ყველა ეჭვის საპირისპიროდ.”დბ 82.2

    პაპი ანათემით ემუქრებოდა ლუთერს, თუ იგი თავის იდეებს არ უარყოფდა, და ახლა თავისი მუქარა შეასრულა. ახალმა ბულამ, რომელმაც ლუთერი საბოლოოდ გააძევა რომის ეკლესიისაგან, შეაჩვენა ლუთერი და ყველა ის, ვინც მის მოძღვრებას მიიღებდა. დაიწყო დიდი ბრძოლა.დბ 82.3

    ბრძოლა - ეს ყველა იმ ადამიანის ხვედრია, ვისაც უფალი ავალებს ჭეშმარიტების ქადაგებას, მნიშვნელოვანს განსაზღვრული დროისათვის. ლუთერის პერიოდში ვრცელდებოდა ჭეშმარიტება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა hქონდა იმ დროისათვის, დღეს კი მსოფლიოს ექადაგება ჭეშმარიტებანი, რაც მნიშვნელოვანია ახლანდელი ეკლესიისათვის. ის, ვისი ნებითაც ხდება ყოველივე, ადამიანებს სხვადასხვა პირობებს სთავაზობს და აკისრებს იმ დროისა და პირობების შესაბამის მოვალეობას, რომელშიც ცხოვრობენ. თუკი ისინი შეეცდებიან ზეციდან გამოგზავნილი სინათლის სხივის შეფასებას, მაშინ ჭეშმარიტებას უფრო ღრმად შეიცნობენ. მაგრამ დღეს ადამიანებს ისევე სურთ ჭეშმარიტების შეცნობა, როგორც ლუთერთან მებრძოლ პაპისტებს. ჩვენს დღეებშიც, ისევე როგორც გასულ საუკუნეებში, პატივს მიაგებენ ადამიანურ ტრადიციებსა და მოძღვრებებს და არა ღვთის სიტყვას. ნუ იფიქრებენ ჭეშმარიტების მქადაგებელნი, რომ სიმართლეს დღეს უფრო მეტი სიხარულითა და მზადყოფნით მიიღებენ, ვიდრე რეფორმაციის დღეებში. დიდი ბრძოლა ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, ქრისტესა და სატანას შორის სულ უფრო გაძლიერდება წუთისოფლის აღსასრულამდე.დბ 82.4

    იესომ თავის მოწაფეებს უთხრა:“თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანი. და რაკი არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არისმეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ” (იოან. 15:19-20). ამას გარდა, უფალი აშკარად გვიცხადებს:“ვაი, თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველთ მათი მამები” (ლუკ. 6:26). თანამედროვე მსოფლიოს სული ისევე ეწინააღმდეგება ქრისტეს სულს, როგორც ადრე. ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის მქადაგებელი დღეს ნაკლებ წინააღმდეგობას როდი ხვდება, ვიდრე მისი წინამორბედნი. შეიძლება შეიცვალოს ჭეშმარიტების წინააღმდეგ ბრძოლის ფორმები, მტრული დამოკიდებულება შეიძლება არ იყოს ისე აშკარა და გაცხადებული, მაგრამ ჭეშმარიტებისადმი სიძულვილი არსებობს და ბოლო ჟამამდე იარსებებს.დბ 83.1