Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 11 - დიდგვაროვანთა პროტესტი

    რეფორმაციის მხარდამჭერი ერთერთი ყველაზე ცნობილი აქცია იყო გერმანიის ქრისტიან მთავართა პროტესტი სახელმწიფო სეიმზე შპეიერში 1529 წელს. ამ ღვთისშვილთა სიმამაცე, რწმენა და სიმტკიცე სინდისისა და სიტყვის თავისუფლების მოპოვების საწინდარი იყო მომავალ საუკუნეთათვის. ამ პროტესტის გამო რეფორმატორთა ეკლესიას ეწოდა პროტესტანტული, რადგან მისი პრინციპები სწორედაც რომ”პროტესტანტულია”.დბ 117.1

    რეფორმაციას პირქუში და სასტიკი დღეები დაუდგა. ვორმსის ედიქტის მიუხედავად, რომელმაც ლუთერი კანონგარეშედ გამოაცხადა და მისი ნაშრომები აკრძალა, ქვეყანამ მაინც რელიგიური შემწყნარებლობა გამოამჟღავნა მის მიმართ. ყოვლისმჭვრეტელი ღმერთი აკავებდა ჭეშმარიტებასთან მებრძოლ ძალებს. კარლოს V ბევრჯერ დაპირდა, რეფორმაციისათვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა, მაგრამ იძულებული იყო, უკან დაეხია. ხშირად უცილობელი სიკვდილი ელოდა რომის მამაც მოწინააღმდეგებს, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, აღმოსავლეთ საზღვრებზე, გამოჩნდებოდა თურქეთის ჯარი ან საფრანგეთის მეფე, ან თვით პაპი, რომელიც შურის თვალით უცქერდა იმპერატორის მზარდ ძლიერებას და იწყებოდა ომი... და ამგვარ შუღლსა და მღელვარებაში რეფორმაცია განაგრძობდა ძალების მოკრებასა და გაფართოებას.დბ 117.2

    და ბოლოს, პაპისტებმა შეწყვიტეს ერთმანეთში მტრობა და გაერთიანდნენ რეფორმატორთა წინააღმდეგ საბრძოლველად. სახელმწიფო სეიმმა, რომელიც 1526 წელს შპეიერში შეიკრიბა, გერმანიის მთელ ტერიტორიაზე გამოაცხადა რელიგიის თავისუფლება მსოფლიო კრების მოწვევამდე, მაგრამ როგორც კი საშიშროებამ, რომელმაც ისინი აიძულა, ამ დათმობაზე წასულიყვნენ, ჩაიარა, იმპერატორმა 1529 წელს მეორე სეიმი მოიწვია ერეტიკოსთა წინააღმდეგ, სადაც გადაწყდა, რომ მთავრები რეფორმაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი გზით იბრძოლებდნენ, მაგრამ მარცხის შემთხვევაში კარლოს V მზად იყო, მახვილისათვის მიემართა.დბ 117.3

    ზეიმობდნენ პაპის მესვეურები. ისინი უმრავლესობას წარმოადგენდნენ შპეიერის სეიმზე და რეფორმატორთა და მათ მფარველთა მიმართ თავიანთ მტრულ განწყობას არც მალავდნენ. მელანქტონი წერდა:“ჩვენ ამ წუთისფლის მიერ დაწყევლილი და მოძულებული გავხდით, მაგრამ უფალი შეგვიწყალებს. იგი გადაარჩენს თავის ერთგულთ”. სეიმზე ჩამოსულ პროტესტანტ მთავრებს აკრძალული hქონდათ ქადაგება იმ სახლებშიც კი, სადაც ისინი დროებით ცხოვრობდნენ. მაგრამ შპეიერის მცხოვრებთ სწყუროდათ ღვთის სიტყვის მოსმენა და აკრძალვის მიუხედავად, ათასობით ადამიანი მოდიოდა ღვთისმსახურებაზე, რომელიც საქსონიის მმართველის სამლოცველოში ტარდებოდა.დბ 118.1

    ამან დააჩქარა კრიზისი. იმპერატორმა სეიმისაგან მოითხოვა რელიგიის თავისუფლების შესახებ ბრძანებულების გაუქმება და განაცხადა, რომ სწორედ იგი გახდა მრავალრიცხოვან უწესრიგობათა მიზეზი. ამ თვითნებობამ ქრისტიან პროტესტანტებში დიდი აღშფოთება და შიში გამოიწვია. ერთერთმა მათგანმა აღნიშნა:“ქრისტე კვლავ კაიაფასა და პილატეს ხელში აღმოჩნდა”. რომის სამღვდელოება სულ უფრო აგრესიული ხდებოდა. პაპის მომხრე ერთმა ფანატიკოსმა თქვა:“თურქები ლუთერანებზე უკეთესი არიან, რადგან ისინი მარხულობენ, ლუთერანები კი არა. თუკი ჩვენ უნდა მოვახდინოთ არჩევანი ღვთის სიტყვასა და ეკლესიას შორის, მაშინ უნდა უარვყოთ პირველი”. მელანქტონი ფაბერის შესახებ წერდა:“იგი ყოველდღე ქვებს გვესვრის ჩვენ, სახარების მაცნეებს”.დბ 118.2

    რელიგიური შემწყნარებლობა კანონით იყო დამტკიცებული და პროტესტანტმა მთავრებმა გადაწყვიტეს ებრძოლათ თავიანთ უფლებათა ასეთი დარღვევების წინააღმდეგ. ვორმსის ედიქტის თანახმად, ლუთერი კვლავ კანონგარეშედ იყო გამოცხადებული და არ hქონდა სეიმზე დასწრების უფლება, მაგრამ მის ნაცვლად წავიდნენ მისი თანამოაზრეები და მთავრები, რომელთაც უფალმა შთააგონა, მისი საქმე სიტყვით დაეცვათ სეიმზე. კეთილშობილი ფრიდრიხ საქსონელი, ლუთერის ძველი მფარველი, უკვე გარდაცვლილი იყო. მისი ტახტი დაიკავა მისმა ძმამ იოhანმა, რომელიც რეფორმაციის მომხრე იყო, და ამ მშვიდობის მოსურნე უშიშარმა და მამაცმა ადამიანმა მთელი ძალღონე შეალია რწმენის საქმეს.დბ 118.3

    სამღვდელოება მოითხოვდა, რომ რეფორმაციის მომხრე მთავრები უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ რომის მართლმსაჯულებას. რეფორმატორებს კი ადრე გამოცხადებული რელიგიის თავისუფლების მიღება სურდათ. მათ არ შეეძლოთ იმაზე ფიქრიც კი, რომ სახელმწიფო, რომელმაც ასეთი დიდი სიყვარულით მიიღო ღვთის სიტყვა, კვლავ რომის ძალაუფლების გავლენის ქვეშ მოქცეულიყო.დბ 118.4

    ბოლოს და ბოლოს შემოთავაზებული იქნა კომპრომისი.”იქ, სადაც რეფორმაციას ჯერ კიდევ არ გაედგა ფესვი, ვორმსის ედიქტი ძალაში დარჩეს, ხოლო იქ, სადაც ხალხი არ დაემორჩილა მას და ამბოხების საშიშროება არსებობს, არ ჩატარდეს არავითარი რეფორმა და არ შეეხონ ქადაგებაში საკამათო საკითხებს; არ მოხდეს მესის აკრძალვა და კათოლიკეებს არ მიეცეს ლუთერანობის მიღების უფლება”. პაპის სამღვდელოებისა და პრელატთა სასიხარულოდ, ეს წინადადება სეიმმა მოიწონა.დბ 118.5

    აქ მიღებული გადაწყვეტილება ცხოვრებაში რომ გატარებულიყო, “რეფორმაცია ვერ გავრცელდებოდა... ახალახალ ადგილებში და ფეხს ვერ მოიკიდებდა იქ, სადაც უკვე არსებობდა. რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება აიკრძალებოდა და ჭეშმარიტი რწმენის დამკვიდრება შეუძლებელი გახდებოდა. რეფორმაციის მომხრეებისაგან მოითხოვდნენ ამ აკრძალვებისა და შეზღუდვების უსიტყვო და დაუყოვნებლივ აღსრულებას. მშვიდობის იმედი თითქმის აღარ არსებობდა”.”რომის იერარქიის აღდგენას უცილობლად მოhყვებოდა მათი ძველ ბოროტმოქმედებათა კვლავ აღორძინება” და სულ მალე მიეცემოდათ შესაძლებლობა”მოძრაობის სრული განადგურებისათვის, რომელიც ისედაც შერყეული იყო” ფანატიზმითა და შინა ბრძოლებით.დბ 118.6

    სათათბიროდ შეკრებილი პროტესტანტული პარტიის წარმომადგენლები სასოწარკვეთილებაში და საგონებელში ჩავარდნენ. ყველას ერთი აზრი აწუხებდა:“რა გავაკეთოთ?” ამ კითხვაზე პასუხს უდიდესი მნიშვნელობა hქონდა მთელი მსოფლიოსთვის. მიიღებენ თუ არა ამ ახალ დადგენილებას რეფორმაციის ხელმძღვანელები? ამ გადამწყვეტ წუთებში რა ადვილი იყო საკუთარი თავის დარწმუნება არასწორი პოზიციის მიღების აუცილებლობაში! რამდენ გასასამართლებელ მიზეზსა და სამართლიან დასკვნას იპოვიდნენ ისინი იმისათვის, რომ გაემართლებინათ რომისადმი თავისი მორჩილება! ლუთერან მთავრებს აძლევდნენ რწმენის თავისუფლების გარანტიას. ასეთი უფლება ექნებოდათ მათაც, ვინც ბრძანებულების გამოსვლამდე უკვე იყო რეფორმაციის მხარეზე. განა ეს საკმარისი არ იყო? რამდენ ხიფათს გადაურჩებიან ისინი, თუკი ამ ახალ ბრძანებას დაემორჩილებიან! და მომავალში რა წარმოუდგენელი საშიშროების ქარიშხალი ელით დაუმორჩილებლობის შემთხვევაში!”იქნებ მომავალში უფრო ხელსაყრელი პირობები და შესაძლებლობები გამოჩნდეს? მოდით, მშვიდობა ვარჩიოთ: მივიღოთ რომის გამოწვდილი ზეთისხილის ტოტი და მოვაშუშოთ გერმანიის ჭრილობები”. ამგვარი მსჯელობებით შეეძლოთ რეფორმატორებს გაემართლებინათ ამ კომპრომისული წინადადების მიღება, რომელიც სულ ცოტა ხანში მათ მოძრაობას განადგურებამდე მიიყვანდა.დბ 119.1

    `საბედნიეროდ, მათ მოქმედებებს ხელმძღვანელობდა ღრმა რწმენა. სერიოზული ყურადღება დაუთმეს იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ამ შემოთავაზებულ წინადადებას ედო საფუძვლად. რაში მდგომარეობდა იგი? ეს მისცემდა რომს სინდისისა და სიტყვის თავისუფლების აღკვეთის უფლებას. მაგრამ განა პირადად მათ და მათ მომხრეებს არ ეძლეოდათ რწმენის აღიარების თავისუფლება? დიახ, მაგრამ ეს იყო მოწყალება, რომელიც ამ წინადადებით იყო განპირობებული და არა - უფლება. ხოლო რაც შეეხება სხვა რამეს, რომელიც მოლაპარაკების მიღმა დარჩა, იქ კვლავინდებურად ირღვეოდა სინდისის თავისუფლება და არსებობდა ხელისუფლების კულტი, რომი კვლავ რჩებოდა უცოდველი მსაჯულის როლში, რომელსაც ყველა უნდა დამორჩილებოდა. ამ შეთანხმების მიღება ნიშნავდა იმას, რომ რელიგიის თავისუფლება დაიშვებოდა მხოლოდ პროტესტანტულ საქსონიაში, ხოლო დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროში აზრის თავისუფლება და რეფორმაციის მხარდაჭერა გამოცხადდებოდა დანაშაულად, რასაც საპყრობილე და კოცონი მოhყვებოდა. განა შეეძლოთ მათ თანხმობა განეცხადებინათ მკაცრი ჩარჩოებით შემოფარგლულ რელიგიურ თავისუფლებაზე და ამით ეთქვათ, რომ ყველას უკვე მიღებული აქვს ჭეშმარიტი რწმენა? შეეძლოთ კი მათ იმის დაშვება, რომ იმ ვრცელ ტერიტორიებზე, საითაც კი რომს ხელი მიუწვდებოდა, მისი ბატონობა მარადიულად დაკანონებულიყო და უკვდავყოფილიყო? შეეძლოთ კი რეფორმატორებს არ ეგრძნოთ თავი დამნაშავედ იმ ათასობით ადამიანის დაღუპვაში, რომლებიც ამ კომპრომისის შედეგად დაკარგავდნენ თავის სიცოცხლეს პაპის სამფლობელოებში? ეს სახარებისა და ქრისტიანთა თავისუფლების ღალატს უდრიდა ყველაზე კრიტიკულ მომენტში”. არა, უმჯობესი იყო”მათ მსხვერპლად გაეღოთ ყველაფერი: თავიანთი თანამდებობა, ქონება და თვით სიცოცხლეც კი”.დბ 119.2

    `ჩვენ არ ვღებულობთ ამ დადგენილებას, - განაცხადეს მთავრებმა. - იმ საკითხებში, რომელიც სინდისს ეხება, უმრავლესობის აზრს ძალა არა აქვს”. დეპუტატებმა განაცხადეს:“იმპერიაში დამყარებული მშვიდობა 1526 წლის დეკრეტის შედეგია. ამ დეკრეტის გაუქმება გერმანიაში შფოთსა და მღელვარებას გამოიწვევს. სეიმს სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ მხარი დაუჭიროს რელიგიის თავისუფლებას მსოფლიო კრების მოწვევამდე”. სინდისის თავისუფლების დაცვა - სახელმწიფოს ვალია, აქაა მისი უფლებამოსილების ზღვარი რელიგიურ საქმეებში. ყოველი ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო კანონებით ცდილობს სულიერი ცხოვრების მართვას, სწორედ იმ პრინციპებს უგულვებელყოფს, რისთვისაც ასე თავდადებით იბრძოდნენ ქრისტიანი პროტესტანტები.დბ 120.1

    პაპისტებმა გადაწყვიტეს ამ”თავხედური სიჯიუტის”, როგორც ისინი მას უწოდებდნენ, ჩახშობა. ისინი შეეცადნენ რეფორმაციის დამცველთა შორის განხეთქილების ჩამოგდებას და აშინებდნენ მათ, ვინც მხარს არ დაუჭერდა პაპის მესვეურებს. საბოლოოდ, სეიმმა მოიწვია თავისუფალ ქალაქთა წარმომადგენლები და მათგან პირდაპირი პასუხი მოითხოვა: თანახმა არიან თუ არა შემოთავაზებულ პირობებზე? ისინი შეყოყმანდნენ, მაგრამ ქალაქის დეპუტატთა თითქმის ნახევარი რეფორმატორთა მხარეზე იყო. სინდისის და სიტყვის თავისუფლების მომხრეებმა კარგად იცოდნენ, რომ მათ ელით ცილისწამება, მსჯავრი და დევნა. ერთერთმა დელეგატმა თქვა:“ჩვენ ან უნდა უარვყოთ ღვთის სიტყვა, ან კოცონზე დავიღუპოთ”.დბ 120.2

    იმპერატორის წარმომადგენელი სეიმზე მეფე ფერნანდელი ხედავდა ამ დადგენილებით გამოწვეულ სერიოზულ უთანხმოებას, რომელსაც აუცილებლად ექნებოდა ადგილი იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მოტყუებით ვერ აიძულებენ მთავრებს მის მიღებასა და მხარდაჭერას. ამიტომ მან მთელი თავისი ოსტატობა გამოიყენა მათ დასარწმუნებლად, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ ძალადობა მათ გადაწყვეტილებებს უფრო განამტკიცებდა. იგი”სთხოვდა მთავრებს, მიეღოთ ეს დადგენილება, რითაც იმპერატორს ძალზე გაახარებენ”. მაგრამ უფლის ეს ერთგული ადამიანები ემორჩილებოდნენ მხოლოდ იმის ძალაუფლებას, ვინც ყველა მიწიერ მეფეზე მაღალია და მშვიდად უპასუხეს:“ჩვენ იმპერატორს ვემორჩილებით ყველაფერში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მშვიდობის შენარჩუნებას და უფლის განდიდებას”.დბ 120.3

    ბოლოს, მეფემ მთელი სეიმის წინაშე კურფიურსტსა და მის მომხრეებს განუცხადა, რომ”მალე ეს ედიქტი გამოვა იმპერატორის ბრძანებულების სახით და მათ ისღა დარჩენიათ, რომ უმრავლესობას დაემორჩილონ”. თქვა და მაშინვე დატოვა კრება, რითაც რეფორმატორებს მსჯელობის და პასუხის არავითარი შესაძლებლობა აღარ მისცა.”ამაოდ გაგზავნეს მასთან დელეგაცია თხოვნით, დაბრუნებულიყო”, ის კი ყველა მათ თხოვნაზე ასე პასუხობდა:“საქმე გადაწყვეტილია და თქვენ უნდა დამორჩილდეთ”.დბ 120.4

    იმპერატორის მომხრეებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ქრისტიანი მთავრები კვლავაც ყველა მოძღვრებაზე და მოთხოვნაზე მაღლა წმიდა წერილის ავტორიტეტს დააყენებდნენ. მათ ისიც იცოდნენ, რომ მათი ამ პრინციპების გამო პაპი, საბოლოო ჯამში, ყოველთვის მარცხდებოდა, მაგრამ მრავალ თანამედროვეთა მსგავსად,“მხოლოდ ხილულის მაცქერალნი” თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ პაპისა და იმპერატორის მომხრეები რეფორმატორებზე უფრო ძლიერი არიან. რა თქმა უნდა, რეფორმატორებს მხოლოდ ხალხის დახმარების იმედი რომ hქონოდათ, მაშინ ისინიც ისეთივე უძლური იქნებოდნენ, როგორც მათი მტრები ფიქრობდნენ მათზე. მაგრამ, მიუხედავად მცირერიცხოვნებისა და რომთან ცუდი დამოკიდებულებისა, ისინი ძლიერი იყვნენ. მათ”სეიმის გადაწყვეტილების შემდეგ ღვთის სიტყვას მიმართეს და იმპერატორ კარლოსის შემდეგ - იესო ქრისტეს, მეფეთ მეფესა და უფალთ უფალს”.დბ 120.5

    რადგან მეფე ფერნდინანდმა უარი განაცხადა მათ მოსმენაზე, მთავრებმა გადაწყვიტეს, დაუყოვნებლივ წარედგინათ პროტესტი სახელმწიფოს საბჭოზე განსახილველად, მიუხედავად იმისა, რომ მეფე მას არ ესწრებოდა. მათ საზეიმო დეკლარაცია შეადგინეს და სეიმს წარუდგინეს.დბ 121.1

    `ჩვენი ღმერთის, ერთადერთი შემოქმედის, ჩვენი გამომსყიდველის, ჩვენი დამცველისა და მხსნელის წინაშე, რომელიც სამსჯავროს დღეს ყველას განიკითხავს. და აგრეთვე, ყველა ადამიანის წინაშე საზეიმოდ ვაცხადებთ, რომ არც ჩვენ და არც ჩვენი ხალხი არ ვეთანხმებით დადგენილების არც ერთ პუნქტს, რომელიც ჩვენს ღმერთს, მის წმიდა სიტყვას, ჩვენს სუფთა სინდისსა და ჩვენი სულების გადარჩენას ეწინააღმდეგება.დბ 121.2

    როგორ შეგვიძლია მივიღოთ ეს დადგენილება?! ვინ დაეთანხმება იმას, რომ როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთი ყოველ ჩვენგანს მოუწოდებს თავისი სიტყვის შემეცნებისაკენ, ადამიანს უფლის შეცნობის ყოველგვარი უფლება აქვს წართმეული? ჭეშმარიტად და სწორად შეიძლება ჩაითვალოს ის სწავლება, რომელიც ღვთის სიტყვას ეთანხმება. უფალი გვიკრძალავს სხვა რამის სწავლას... წმიდა წიგნი, რომელიც ასე სჭირდებათ ქრისტიანებს, ადვილად შეიმეცნება და მოცემულია წყვდიადის გასაფანტავად. ღვთის მადლით, ჩვენ ვღებულობთ გადაწყვეტილებას, ვიქადაგოთ მისი ჭეშმარიტი სიტყვა, რომელსაც ძველი და ახალი აღთქმა წარმოადგენს და არაფერი მივამატოთ მას, რაც უფლის ნებას ეწინააღმდეგება. მისი სიტყვა - ერთადერთი ჭეშმარიტებაა, ცხოვრების საიმედო წესი და ყველა მოძღვრების საფუძველი; იგი არასოდეს გვიღალატებს და არ მოგვატყუებს. ის, ვინც ამ საფუძველზე დგას, გაუმკლავდება ჯოჯოხეთის ყველა ძალას, ხოლო ნებისმიერი მისი საწინააღმდეგო ადამიანური პატივმოყვარეობა არაფერია ღვთის სახის წინაშე.დბ 121.3

    სწორედ ამ მიზეზით გვინდა მოვიშოროთ უღელი, რომელიც მძიმე ტვირთად გვაწევს. ამავე დროს ვიმედოვნებთ, რომ მისი უმაღლესობა იმპერატორი შეისმენს ჩვენს თხოვნას ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანს, რომლისთვისაც უმაღლესი ავტორიტეტი მხოლოდ ღმერთია; და ჩვენ კი მისი უდიდებულესობის, აგრეთვე თქვენს წინაშე, მოწყალეო ხელმწიფენო, ვაცხადებთ ჩვენს მორჩილებასა და სიყვარულს, რადგანაც ეს ჩვენი პირდაპირი და კანონიერი მოვალეობაა.”დბ 121.4

    ამ მიმართვამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა სეიმზე. პროტესტის განმცხადებელთა გაბედულებამ ბევრი მათგანი გააოცა და შეაშფოთა. მათ თვალწინ წარმოუდგათ მომავლის სასტიკი და საშინელი სურათი. უთანხმოება, მტრობა და სისხლისღვრა გარდაუვალი იყო. მაგრამ თავიანთი საქმის სამართლიანობაში დარწმუნებული რეფორმატორები ყოვლადძლიერის იმედით”სიმამაცითა და სიმტკიცით აღივსნენ”.დბ 121.5

    ამ საზეიმო პროტესტში ჩამოყალიბებული პრინციპები პროტესტანტიზმის ძირითად არსს გამოხატავდა. ეს პროტესტი მიმართული იყო რწმენის საკითხში ორი ბოროტმოქმედების წინააღმდეგ: ადამიანის სულიერ ცხოვრებაში საერო ხელისუფლების ჩარევისა და სამღვდელოების თავნებობის წინააღმდეგ. პროტესტანტიზმი ამტკიცებდა სინდისის უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ღვთის სიტყვის უპირატესობას ეკლესიის ავტორიტეტზე. საერო ხელისუფლების რელიგიურ საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ მებრძოლი პროტესტანტები მოციქულებთან ერთად ამბობდნენ:“ჩვენ მეტად უნდა ვუსმინოთ ღმერთს, ვიდრე ადამიანს”. პროტესტანტებს არ აინტერესებდათ კარლოს V სამეფო, ისინი იესო ქრისტეს სასუფევლისაკენ ისწრაფოდნენ.”ადამიანის მიერ შექმნილი ყოველგვარი მოძღვრება უნდა ექვემდებარებოდეს უფლის ჭეშმარიტებისადმი მსახურებას”. პროტესტანტებმა აგრეთვე მოითხოვეს თავიანთი რელიგიური მრწამსის საჯაროდ აღიარების უფლება. მათ სურდათ, არა მარტო ერწმუნათ და აღესრულებინათ უფლის ნება, არამედ ექადაგათ ღვთის სიტყვა ისე, რომ ამ საქმეში არ ჩარეულიყვნენ მღვდლები და ხელისუფალნი. შპეიერის პროტესტი, რომელიც საზეიმო მოწოდება იყო რელიგიის დათრგუნვის წინააღმდეგ, ყოველი ადამიანის საკუთარი სინდისის მიხედვით ღვთისმსახურების უფლებას ამტკიცებდა.დბ 121.6

    პროტესტი გამოქვეყნდა. იგი დარჩა ათასობით ადამიანის მეხსიერებაში. იგი შეტანილია ზეციურ წიგნებში, რომელსაც ვერავითარი ხელი ვერ წაშლის. მთელმა პროტესტანტულმა გერმანიამ მხარი დაუჭირა ამ პროტესტს, როგორც თავისი რწმენის გამოხატულებას. ხალხი ამ დეკლარაციაში თავისი ცხოვრების ახალი და ნათელი მომავლის დასაწყისს ხედავდა. ერთერთმა მთავარმა შპეიერში პროტესტანტებს განუცხადა:“დაე, ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომლის წყალობითაც თქვენ შეგიძლიათ ასე ენერგიულად, თავისუფლად და უშიშრად აღიაროთ საკუთარი რწმენა, დაიფაროს თქვენი ქრისტიანული სიმტკიცე ქრისტეს მოსვლამდე”.დბ 122.1

    განსაზღვრული წარმატებების მოპოვების შემდეგ რეფორმაცია მსოფლიოს პატივისცემის მოსაპოვებლად დროისა და მდგომარეობის პირობებს რომ შეგუებოდა, მაშინ ის ღმერთისა და საკუთარი იდეების მოღალატე გახდებოდა და თავს დაიღუპავდა. ამ კეთილშობილ რეფორმატორთა გამოცდილება გაკვეთილია ყველა მომავალი თაობისათვის. საშუალებანი, რასაც სატანა ღმერთისა და მისი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს, არ შეცვლილა. იგი ისევე, როგორც XVI საუკუნეში, დღესაც სასტიკად იბრძვის იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანმა თავის ცხოვრებაში არ იხელმძღვანელოს წმიდა წერილით. ჩვენს დროშიც მნიშვნელოვანი გადახრები ხდება წმიდა წერილის უდიდესი პროტესტანტული პრინციპიდან და იგრძნობა ბიბლიისაკენ დაბრუნების სერიოზული საჭიროება. ბიბლია და მხოლოდ ბიბლიაა რწმენისა და მოვალეობის ერთადერთი საზომი. სატანა კვლავ განაგრძობს თავისი საქმის კეთებას და ყველა საშუალებას ხმარობს რელიგიის თავისუფლების გასანადგურებლად. ერთ დროს შპეიერის პროტესტანთა მიერ უარყოფილი ანტიქრისტიანული ძალაუფლება ამჟამად ახალი ძალებით ცდილობს დაკარგული ბატონობის აღდგენას. და დღევანდელ პროტესტანტთა ერთადერთი იმედი - ღვთის სიტყვისადმი ერთგულებაა, რომლითაც რეფორმატორებმა გაიმარჯვეს XVI საუკუნის კრიზისის დროს.დბ 122.2

    როდესაც პროტესტანტებს ხიფათი დაემუქრა, ყოვლისშემძლე უფალმა თავის ერთგულ შვილთ თავისი მფარველი და ყოვლისშემძლე დახმარების ხელი გაუწოდა. აი, ამის ერთერთი მაგალითი: მელანქტონი თავის მეგობარ, სიმონ გრენაუსთან ერთად მიიჩქაროდა შპეიერის ქუჩებით. იგი მეგობარსაც აჩქარებდა რეინის მეორე ნაპირზე გადასასვლელად. სიმონს ძალიან უკვირდა მისი ასეთი აჩქარება.”მე გამომეცხადა დიდებული ჭაღარათმიანი მოხუცი, - უპასუხა მელანქტონმა, - და მამცნო, რომ უახლოეს ხანში ფერდინანდი გასცემს ბრძანებას გრენაუსის დაპატიმრების შესახებ”.დბ 122.3

    დღისით პაპის ცნობილი ღვთისმეტყველი ფაბერი გამოვიდა ქადაგებით, რომელშიც იერიში მიიტანა გრენაუსზე. გრენაუსმა თავისი აღშფოთება იმით გამოხატა, რომ განაცხადა:“ფაბერი იცავს საძაგელ სიცრუეს”. ფაბერმა იქ თავი შეიკავა, მაგრამ სასწრაფოდ გაემართა ფერდინანდისაკენ და თანხმობა მიიღო ამ”მომაბეზრებელი hაიდელბერგელი პროფესორის” შეპყრობაზე. მელანქტონს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ღმერთმა მას თავისი ანგელოზი გამოუგზავნა მეგობრის გადასარჩენად.დბ 122.4

    იგი დიდხანს იდგა რეინის სანაპიროზე და ელოდა, სანამ გრენაუსს მეორე ნაპირზე გადაიყვანდნენ. “მადლობა ღმერთს, - თავისუფლად ამოისუნთქა მელანქტონმა, როდესაც გრენაუსმა მდინარის მეორე ნაპირს ფეხი დაადგა, - იგი გადაურჩა მათ მძვინვარებას, ვისაც მისი უდანაშაულო სისხლის დაღვრა სურდა”. შინ დაბრუნებისას მელანქტონს აცნობეს, რომ გრენაუსის ძებნაში ოფიცრებმა მთელი სახლი ყირაზე დააყენეს.დბ 123.1

    რეფორმაციის ავტორიტეტი უნდა ამაღლებულიყო ამა სოფლის ძლიერთა წინაშე. ფერდინანდმა უარი განაცხადა პროტესტანტთა მოსმენაზე, მაგრამ მათ შესაძლებლობა მიეცათ, თავიანთი პრობლემების შესახებ ხმამაღლა განეცხადებინათ იმპერატორის, სახელმწიფო მოხელეთა და უმაღლეს სასულიერო პირთა წინაშე. იმპერიაში არსებულ მტანჯველ უთანხმოებათა მოსპობის მოსურნე კარლოს V შპეიერის პროტესტიდან ერთი წლის შემდეგ მოიწვია სეიმი აუგსბურგში და მასზე თავმჯდომარეობის სურვილი გამოთქვა; ამ სეიმზე პროტესტანტთა ხელმძღვანელებიც მოიწვიეს.დბ 123.2

    რეფორმაციას კვლავ უდიდესი საფრთხე დაემუქრა, მაგრამ მის ერთგულ მსახურთ უფლის იმედი hქონდათ და სახარების ერთგულების ფიცი დადეს. საქსონიის მეფის ახლობლები ურჩევდნენ ლუთერს, არ გამოჩენილიყო სეიმზე.”იმპერატორს მთავართა მოტყუება სურს, - ამბობდნენ ისინი, - ქალაქში ასეთ ძლიერ მტერთან პირისპირ ყოფნა მეტად სარისკო საქმეა”. მაგრამ სხვა კეთილშობილი მთავრები აცხადებდნენ:“მთავარია, არ შევშინდეთ, და ღმერთის საქმეც გადარჩება”.”უფალი არ მიგვატოვებს,” - თქვა ლუთერმა. ფრიდრიხ საქსონელი თავისი ამალით აუგსბურგს გაემგზავრა. ყველასთვის ცნობილი იყო, თუ რა ხიფათი ელოდა მას და მწუხარებით გულდამძიმებულნი აცილებდნენ. მაგრამ ლუთერი, რომელმაც კობურგამდე მიაცილა იგი, საგალობლების მღერით ეხმარებოდა რწმენის განმტკიცებაში. საგალობელს, რომელიც მათ გამგზავრებასთან დაკავშირებით იყო დაწერილი, ეწოდებოდა”უფალი - ჩვენი სიმაგრეა”. ამ შთამაგონებელმა ფსალმუნმა მგზავრებს საშიშროების მძიმე წინათგრძნობა შეუმსუბუქა.დბ 123.3

    რეფორმაციის მომხრე მთავრებმა გადაწყვიტეს თავიანთი თვალსაზრისის ქაღალდზე ჩამოყალიბება, მისი განმტკიცება წმიდა წერილიდან ამოღებული სიტყვებით და ამგვარი დოკუმენტის წარდგენა სეიმის წინაშე. მისი შედგენა დაევალათ ლუთერს, მელანქტონსა და მათ თანაშემწეებს. პროტესტანტთა რწმენის ასეთი აღიარება მიღებული იქნა, როგორც მათი რწმენის სიმბოლო და ისინი შეიკრიბნენ, რათა ყველას მოეწერა ხელი ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე. რა საზეიმო და საპასუხისმგებლო მომენტი იყო!დბ 123.4

    რეფორმატორები ცდილობდნენ, შორს მდგარიყვნენ პოლიტიკისაგან, რადგან მშვენივრად ესმოდათ, რომ რეფორმაცია არ უნდა იყოს სხვა რაიმეზე დამოკიდებული, გარდა ღვთის სიტყვისა. როდესაც პროტესტანტი მთავრები ხელის მოსაწერად გაემზადნენ, მელანქტონი წამოდგა და განაცხადა:“დაე, ეს აქტი აღასრულონ ეკლესიის მსახურებმა და ღვთისმეტყველებმა, ხოლო ამა სოფლის ძლიერთა ავტორიტეტი სხვა საკითხებისათვის შემოვინახოთ”.”ღმერთო, გაგვათავისუფლე ასეთი აკრძალვებისაგან”, - წამოიძახა იოhან საქსონელმა, - მე მზადა ვარ ყველაფრის აღსასრულებლად, რასაც სამართლიანობა მოითხოვს და სულაც არ ვწუხვარ ჩემი ტახტის გამო. მე მზადა ვარ, ყველას წინაშე ვაღიარო ჩვენი უფალი. ჩემთვის იესო ქრისტეს ჯვარი უფრო ძვირფასია, ვიდრე მეფის მანტია და გვირგვინი”. ამ სიტყვებით მან ხელი მოაწერა დოკუმენტს. მეორე მთავარმა აიღო კალამი და წარმოთქვა:“თუკი იესო ქრისტეს სახელისათვის საჭირო იქნება, მე მზადა ვარ გავცე ჩემი ქონება... და სიცოცხლეც. მე უმალ უარს ვიტყვი საკუთარ სამფლობელოზე და უბრალო ჯოხით ხელში დავტოვებ ჩემი მამაპაპის მიწაწყალს, - განაგრძო მან, - ვიდრე იმ მოძღვრებათა მიღებაზე დავთანხმდები, რომლებიც არ შეესაბამება ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს”. აი, როგორი რწმენა hქონდათ ამ გაბედულ, ღვთის მამაც შვილებს!დბ 123.5

    დადგა იმპერატორის წინაშე წარდგომის ჟამი. მთავართა და დიდგვაროვანთა ამალით გარშემორტყმულმა ტახტის მფლობელმა კარლოს V მიიღო პროტესტანტი რეფორმატორები. წაკითხულ იქნა მათი რწმენის სიმბოლოს პუნქტები. ამ დიდებულთა კრების წინაშე პროტესტანტებმა ნათლად და კონკრეტულად ჩამოაყალიბეს სახარების ჭეშმარიტებანი და მიუთითეს პაპის შეცდომებზე. ამაოდ არ უწოდეს ამ დღეს”რეფორმაციის ერთერთი უდიდესი დღე და უმშვენიერესი დღე ქრისტიანული სამყაროს ისტორიაში”.დბ 124.1

    მხოლოდ რამდენიმე წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ვიტენბერგელი ბერი ვორმსის ეროვნული საბჭოს წინაშე წარდგა. ახლა მის ადგილზე აღმოჩნდნენ იმპერიის უძლიერესი და უკეთილშობილესი მთავრები. ლუთერს არ მისცეს აუგსბურგში ჩამოსვლის ნება, მაგრამ იგი თავისი ფიქრებით და ლოცვებით მათთან იყო.”მე უაღრესად მოხარული ვარ, - წერდა იგი, - რომ იმ დროს მოვესწარი, როდესაც ქრისტეს სახელს ასეთი ცნობილი ქრისტიანები მოწმობენ ასეთი ბრწყინვალე კრების წინაშე”. ასე აღსრულდა წერილის სიტყვები:“ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება” (ფს. 118:46).დბ 124.2

    პავლე მოციქულის დღეებში, მისი საპყრობილეში ტანჯვის პერიოდში, სწორედ ამ გზით იქადაგებოდა სახარება მეფეთა და წარჩინებულთა წინაშე. ისტორია განმეორდა: სასახლეში ქადაგებდნენ იმას, რისი წარმოთქმაც კათედრიდან აკრძალული იყო თვით იმპერატორის მიერ. მას, რისი მოსმენაც მსახურებსაც კი აკრძალული hქონდათ, ახლა განცვიფრებითა და ყურადღებით ისმენდნენ იმპერიის დიდგვაროვანი მმართველნი. მსმენელნი იყვნენ გვირგვინოსანი და ტიტულოვანი პირები, მქადაგებელნი - უძლიერესი მთავრები, ქადაგება კი მიძღვნილი იყო ღვთის ზეციური ჭეშმარიტებისადმი.”მოციქულთა დღეებიდან, - ამბობს მწერალი, - არავინ ყოფილა ამაზე უფრო დიდებული აქტის მოწმე; არ ყოფილა რწმენის ამაზე უფრო დიდი აღიარება და გამოვლენა დიდებულთა წინაშე”.დბ 124.3

    `ლუთერანთა ნათქვამი ყველა სიტყვა ჭეშმარიტებაა და მისი უარყოფა არ შეგვიძლია”, - განაცხადა კათოლიკე ეპისკოპოსმა.”შეგიძლიათ თუ არა დასაბუთებით უარყოთ მთავართა ეს აღსარება?” - hკითხა მეორემ პროფესორ ეკენს.”მოციქულთა და წინასაწარმეტყველთა წერილებით - არა, - გაისმა პასუხი, - მაგრამ ეკლესიის მამების სწავლებისა და მსოფლიო კრებების დადგენილებათა საფუძველზე - კი!””გასაგებია, - შენიშნა შემკითხველმა, - თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, ლუთერანები ხელმძღვანელობენ წმიდა წერილით, ჩვენ კი - არა”.დბ 124.4

    ზოგიერთმა გერმანელმა მთავარმა მიიღო რეფორმატორთა რწმენა. თვით იმპერატორმა განაცხადა, რომ პროტესტანტული რელიგია ჭეშმარიტია. მრავალ ენაზე თარგმნილი რწმენის ეს სიმბოლო მთელ ევროპაში გავრცელდა და მილიონობით მომავალმა თაობამ იგი თავისი რელიგიის საფუძვლად მიიღო.დბ 124.5

    უფლის ერთგული მსახურნი ცალცალკე არ შრომობდნენ. იმ დროს, როდესაც”მთავრობანი, ძალაუფლებანი და ცისქვეშეთის ბოროტი სულები” გაერთიანდნენ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, უფალმა არ დაივიწყა თავისი ხალხი. მათ რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის მსგავსად, სულიერი თვალები ახელილი hქონოდათ, აუცილებლად იხილავდნენ მათ გვერდით უფლის არსებობის უეჭველ მტკიცებულებას. როდესაც მტრის მეომრებით ალყაშემორტყმული ელისეს მსახური ძლიერ შეშინდა და იფიქრა, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, წინასწარმეტყველმა უფალს შეhღაღადა:“უფალო, აუხილე თვალი, რომ დაინახოს” (4მეფ. 6:17). და მსახურმა დაინახა ღვთის მსახურის დასაცავად უფლის მიერ გამოგზავნილი უამრავი ცეცხლოვანი ეტლი და ზეციური მხედრობა. რეფორმატორებსაც ასეთივე სახით იცავდნენ ანგელოზები.დბ 125.1

    ერთერთი ძირითადი პრინციპის არსი, რომელსაც მტკიცედ და დაჟინებით იცავდა ლუთერი, იმაში მდგომარეობდა, რომ რეფორმაციის დაცვისათვის არ არის საჭირო არც საერო ხელისუფლების დახმარება და არც იარაღი. მას უხაროდა, როდესაც გერმანიის მთავრებმა მიიღეს სახარების რწმენა, მაგრამ როდესაც თავდაცვის კავშირის შექმნა გადაწყვიტეს, ლუთერმა განაცხადა:“მხოლოდ ღმერთი დაიცავს სახარების ჭეშმარიტებას... რაც უფრო ნაკლები ხალხი ჩაერევა ამ საქმეში, მით უფრო ცხადი გახდება უფლის ჩარევა. თავდაცვისათვის ყველა სხვა პოლიტიკური ზომების მიღება - ეს სამარცხვინო შიში და უფლის მიმართ დანაშაულებრივი უნდობლობაა.”დბ 125.2

    როდესაც ძლიერი მოწინააღმდეგენი გაერთიანდნენ რეფორმატორთა რელიგიის საბოლოო დამარცხებისათვის, როცა ათასობით პირალესილი მახვილი აღიმართა მის წინააღმდეგ, ლუთერი წერდა:“სატანა აშკარად ავლენს თავის მძვინვარებას; უღმერთო ეპისკოპოსები შექმულებებს აწყობენ და ომით გვემუქრებიან. აცნობეთ ხალხს, რომ უფლის ტახტის წინაშე რწმენითა და ლოცვებით მამაცურად იბრძოლონ, რათა უფლის ძალით დამარცხებული ჩვენი მტრები იძულებული გახდნენ, მშვიდობა დაამყარონ. ჩვენი მთავარი მოვალეობა, მთავარი შრომა - ლოცვაა; დაე, იცოდეს ხალხმა, რომ მათ წინააღმდეგ მახვილით გამძვინვარებული სატანა იბრძვის; დაე, ილოცონ!”დბ 125.3

    შემდგომში, პროტესტანტ მთავართა მიერ შემოთავაზებული თავდაცვის კავშირის გახსენებისას, ლუთერი ამბობდა, რომ ამ ომში მხოლოდ ერთი იარაღის გამოყენება შეიძლება:“სულის მახვილი”. იგი საქსონიის მმართველს წერდა:“სინდისი არ მოგვცემს ამ კავშირის შექმნის ნებას. ჩვენ ათჯერ სიკვდილი გვირჩევნია, ვიდრე სახარების გამო ადამიანის ერთი წვეთი სისხლის დაღვრა. ჩვენი ბედი იმ კრავისას hგავს, რომელიც დასაკლავად წაიყვანეს. ჩვენ ქრისტეს ჯვარი უნდა ვატაროთ. გთხოვთ, თქვენო უმაღლესობავ, არ იდარდოთ. ლოცვებით ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ, ვიდრე ჩვენი მტრების თავისი ტრაბახით. ოღონდ თქვენი ხელი ნუ გაისვრება მოძმეთა სისხლით და, თუკი იმპერატორი მოითხოვს ჩვენს წარდგომას სამსჯავროს წინაშე, მზადა ვართ ამისათვის. თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი რწმენის დაცვას; ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ქრისტიანები თავისი რწმენის გამო სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ და ამისათვის მზად არიან”.დბ 125.4

    იმ საიდუმლო ადგილებიდან, სადაც უფლის შვილები ლოცულობდნენ, გამოდიოდა ძალა, რომელმაც რეფორმაციის სახით მთელი მსოფლიო გამოაფხიზლა. ღვთის ჭეშმარიტი მსახურნი წმიდა სიმშვიდით ეყრდნობოდნენ უფლის აღთქმის ქვაკუთხედს. აუგსბურგში ყოფნისას ლუთერი ყოველდღე სამ საათს უძღვნიდა ლოცვებს. ეს იყო ის საუკეთესო დრო, რომელსაც ჩვეულებრივ მეცადინეობას უთმობდა.”თავის ოთახში განმარტოებული, იგი მოწიწებით, შიშითა და იმედით უშლიდა გულს უფალს; იგი ესაუბრებოდა მას, როგორც თავის მეგობარს.”მე ვიცი, რომ შენ ჩვენი მამა და ჩვენი ღმერთი ხარ, - ლოცულობდა იგი, - რომ შენ გაფანტავ შენი შვილების მდევნელთ, რადგან ჩვენთან ხარ ყოველგვარი საშიშროების დროს. ეს შენი საქმეა და მხოლოდ იმიტომ მოვკიდეთ ამ საქმეს ხელი, რომ ეს შენი ნება იყო. შენ დაგვიცავი და დაგვიფარე, მამაზეციერო!”დბ 125.5

    ზრუნვითა და შიშით დამძიმებულ მელანქტონს იგი წერდა:“ქრისტეს მადლი და მშვიდობა შენთან. “ქრისტეში” - ვამბობ და არა წუთისოფელში. ამინ. მე ძალიან მძულს შენი უსაზღვრო წუხილი, რომელიც გღუპავს. თუკი ეს არაა მართალი საქმე, მაშინ მივატოვოთ იგი. მაგრამ თუკი ჩვენ მართლები ვართ, რატომღა უარვყოფთ მის აღთქმას, ვინც გვიბრძანებს, არაფრის გვეშინოდეს?.. ქრისტეს შეუძლია ჭეშმარიტი და სამართლიანი საქმის დასრულება. იგი ცოცხალია, იგი მბრძანებლობს; მაშ, მითხარი, რისი უნდა გვეშინოდეს?”დბ 126.1

    უფალმა შეისმინა თავის მორჩილთა ვედრება და ამა ქვეყნის ძლიერთა წინააღმდეგ მებრძოლ ჭეშმარიტების დამცველ მთავართ და მსახურთ მხნეობა და მადლი უძღვნა. უფალი ამბობს:“აhა, მე ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს და ძვირფასს და მისი მორწმუნე არ შერცხვება” (1პეტ. 2:6). პროტესტანტი რეფორმატორები ქრისტეს საძირკველზე აშენებდნენ და ამიტომ ჯოჯოხეთი ვერ დაამარცხებდა მათ.დბ 126.2