Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 36 - მოახლოებული ბრძოლა

    სატანის მიერ ზეცაში დიდი ბრძოლის დაწყების მიზანი უფლის კანონის დამხობა იყო. სწორედ ამ განზრახვით აუჯანყდა იგი შემოქმედს და შემდგომში, ზეციდან გამოძევებულმა, იგივე ბრძოლა დედამიწაზე განაგრძო. მიზანი, რომელსაც იგი შეუპოვრად ახორციელებს, არის ადამიანთა ცდუნება და იძულება, რომ დაარღვიონ ღვთის კანონი. იქნება ეს მთელი კანონის დარღვევა თუ ერთერთი მცნების უარყოფა - საბოლოო ჯამში შედეგი ერთი და იგივეა. ერთი მცნების დამრღვევი მთელ კანონს უგულვებელყოფს. თავისი მაგალითით და გავლენით სატანა ხელს უწყობს ურჯულოებას და”იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება” (იაკ. 2:10).დბ 367.1

    უფლის კანონზე ჩრდილის მიყენების მიზნით სატანამ დაამახინჯა ბიბლიური სწავლება, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი, რომელსაც სჯერა წმიდა წერილისა, შეცდომათა ქსელში გაეხვია. უკანასკნელი დიადი ბრძოლა ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მიმდინარეობს, მთავრდება. ეს არის ბრძოლა ადამიანურ კანონებსა და ღვთის მცნებებს, ბიბლიურ რელიგიასა და მითებისა და გადმოცემების რელიგიას შორის.დბ 367.2

    ჭეშმარიტებისა და სიმართლის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში გაერთიანებული ძალები უკვე აქტიურად მოქმედებენ. როგორ გაუფასურდა ღვთის წმიდა სიტყვა, რომელმაც ტანჯვისა და სისხლის ფასად გაიკვლია გზა ჩვენამდე! ბიბლია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიხადა იგი ცხოვრების ხელმძღვანელად. დიდად საგანგაშოა ის, რომ ურწმუნოება მეტად გავრცელდა არა მარტო წუთისოფელში, არამედ თვით ეკლესიაშიც. ბევრი იქამდე მივიდა, რომ უარყოფს წმიდა წერილს, როგორც ქრისტიანული რწმენის დედაბოძს. სამყაროს შექმნის უდიდესი მატიანე, გადმოცემული ღვთის სულით შთაგონებულ წინასწარმეტყველთა მიერ, ადამიანის დაცემა, შემორიგება, უფლის კანონის მარადიულობა - ყველაფერი ეს ქრისტიანთა უმრავლესობის მიერ პრაქტიკულად უარყოფილია, თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც. ათასობით ადამიანს, რომელიც თავისი სიბრძნითა და დამოუკიდებლობით ამაყობს, დამცირებად მიაჩნია ბიბლიისადმი სრული ნდობა. ბიბლიის კრიტიკა და მის უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებათა თავისუფალი ახსნა მათ მიერ შეფასებულია, როგორც ნიჭისა და ერუდიციის გამოვლენა. ბევრი სულიერი მსახური, მეცნიერი და მასწავლებელი ხალხს შთააგონებს, რომ ღვთის კანონი უკვე მოძველებულია და ისინი, ვისაც ჯერ კიდევ სწამთ მისი სიტყვის მარადიულობისა და მის მცნებათა მორჩილნი არიან, მხოლოდ შებრალებასა და დაცინვას იმსახურებენ.დბ 367.3

    ჭეშმარიტების უკუგდებით ადამიანები მის ავტორსაც უარყოფენ. ფეხქვეშ თელავენ რა ღმერთის მცნებებს, ამით ისინი თვით კანონმდებლის ავტორიტეტსაც აქცევენ ზურგს. ცრუ სწავლებისა და თეორიებისგან კერპის შექმნა ისევე ადვილია, როგორც მათი ქვისაგან ან ხისაგან გაკეთება. სატანამ ადამიანებს უფლის არსის საპირისპირო აზრი შთაუნერგა, რადგან მან თავად დაამახინჯა იგი. ბევრმა, უარყო რა ღმერთი, კერპად ფილოსოფია გაიხადა. მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილს სწამს ცოცხალი ღმერთისა ისე, როგორც ის თავად არის წარმოდგენილი თავის სიტყვაში, ქრისტეში და მის ნამოქმედარში. ათასობით ადამიანი აღმერთებს ბუნებას და ამავე დროს უარყოფს ბუნების შემქმნელს. კერპთაყვანისმცემლობას დღესაც (თუმცა სხვადასხვა ფორმით) ისევე ღრმად აქვს ფესვი გადგმული თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროში, როგორც იგი ძველ ისრაელში, ელია წინასწარმეტყველის დროს იყო გავრცელებული. თვითდაჯერებულ ბრძენთა, ფილოსოფოსთა, პოლიტიკოსთა, ჟურნალისტთა ღმერთი, რომელიც აღიარებულია საზოგადოების ელიტარული წრეების, კოლეჯების, უნივერსიტეტებისა და ზოგიერთი ღვთისმეტყველური დაწესებულებების მიერაც კი, არაფრით ჯობია ბაალს, ფინიკიელთა მზის ღმერთს.დბ 367.4

    ქრისტიანულ სამყაროში დამკვიდრებულ შეცდომათაგან არც ერთი ისე თავხედურად არ არის მიმართული ღმერთის ავტორიტეტის წინააღმდეგ, არც ერთი ისე აშკარად არ ეწინააღმდეგება გონიერებას და არც ერთს არ მოაქვს ისეთი დამღუპველი შედეგები, როგორც ახალ სწავლებას იმის შესახებ, რომ ღმერთის კანონი ადამიანისათვის აღარ არის სავალდებულო. ყველა ქვეყანას აქვს თავისი კანონი, რომელიც მის თითოეულ მოქალაქეს ავალდებულებს - პატივი სცეს და შეასრულოს ის. არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია არსებობა კანონების გარეშე და განა დასაჯერებელია ის, რომ ცისა და დედამიწის შემოქმედს არ hქონდეს კანონი, რომლის მეშვეობითაც მართავს იგი თავის შექმნილთ? დავუშვათ, რომელიმე გამოჩენილმა სახელმწიფო მსახურმა ხმამაღლა განაცხადოს, რომ კანონები, რომლებიც ამ ქვეყანაში ფუნქციონირებენ და იცავენ მოქალაქეთა უფლებებს, სულაც არ არის სავალდებულო, რომ ისინი მხოლოდ ზღუდავენ ადამიანთა თავისუფლებას და ამიტომ მათი შესრულება საჭირო არ არის. როგორ ფიქრობთ, დიდხანს გააჩერებენ ასეთ ადამიანებს კათედრასთან? მაგრამ განა სახელმწიფო კანონების უგულვებელყოფა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ღვთიური განკარგულებებისა, რომელიც ყოველგვარი მმართველობის საფუძველია.დბ 368.1

    უფრო დასაჯერებელია ის, რომ სახელმწიფო გააუქმებს თავის კანონებს და უფლებას მისცემს მოქალაქეებს, საკუთარი სურვილის მიხედვით მოიქცნენ, ვიდრე იმის დაშვება, რომ მთელი სამყაროს მმართველი თავისივე კანონს უარყოფს და სამყაროს იმ საწყაოს გარეშე დატოვებს, რომლის მეშვეობითაც განაჩენი უნდა გამოუტანოს ცოდვილს და გაამართლოს უდანაშაულო. იცით თუ არა თქვენ, სად მიგვიყვანს უფლის მცნებათა უარყოფა? ასეთი გამოცდილება უკვე გვაქვს. რა საშინელი დღეები გადაიტანა საფრანგეთმა, როდესაც იქ ათეიზმი დამკვიდრდა. მაშინ მთელი მსოფლიოსათვის ცხადი გახდა, რომ უფლის ძალაუფლებისაგან თავის დაღწევით საშინელი ტირანიის ტყვე ვხდებით. როდესაც სიმართლის საზომს გადააგდებენ, მაშინ ბნელეთის მეფეს გზა ეხსნება დედამიწაზე საკუთარი ბატონობის აღსადგენად.დბ 368.2

    იქ, სადაც ხდება უფლის ნების უგულვებელყოფა, ცოდვა დაუშვებლად აღარ მიგვაჩნია, სიმართლე კი კარგავს თავის მიმზიდველობას. ვინც ღმერთს არ ემორჩილება, საკუთარი თავის მართვის უნარსაც კარგავს. მათი დამღუპველი სწავლება დაუმორჩილებლობის სულს უნერგავს ახალგაზრდობას, რომელიც თავისი ბუნებით თავისუფლების მოყვარეა და ურჯულოების გამო საზოგადოებაში მანკიერება იდგამს ფესვს. იმ დროს, როდესაც უფლის მცნებათა დამცველთ მათი ბავშვური რწმენისათვის დასცინიან, ბევრი სატანის ცდუნების მსხვერპლი ხდება. ისინი ირჩევენ მანკიერებისა და ცოდვის იმ გზას, რის გამოც წარმართებს ღვთის სამსჯავრო დაატყდათ თავს.დბ 368.3

    ის, ვინც ადამიანებს ასწავლის, რომ ზერელედ მოეკიდონ უფლის მცნებებს, ამბოხების თესლს თესავს და ადრე თუ გვიან ქარიშხალი დაატყდება თავს. ნუ დაექვემდებარებით ღმერთის კანონს და დაინახავთ, რომ ადამიანური კანონებიც ძალზე ჩქარა იქნება დავიწყებული. რამდენადაც უზენაესი კრძალავს უსინდისობას, სიცრუესა და შურს, იმდენად ადამიანები უფრო იღწვიან იმისათვის, რომ გათელონ მისი დადგენილებები, რომლებიც ხელს უშლიან მათ ამქვეყნიურ კეთილდღეობას. მაგრამ მათი გაუქმების შედეგები მეტად დიდი მოულოდნელობა იქნება მათთვის. თუკი კანონი აუცილებელი არ არის, რატომ უნდა შეგეშინდეს მისი დარღვევის? და მაშინ პირად საკუთრებასაც საფრთხე დაემუქრება. ადამიანები დაიტაცებდნენ მეზობლების ქონებას და ვინც ძლიერია, ყველაზე მდიდარიც ის გახდება. ყოველგვარი პატივისცემა დაიკარგება თვით ცხოვრების მიმართ. ქორწინების ერთგულების ცოლქმრულ ფიცს არავითარი ძალა აღარ ექნებოდა. ძლიერისათვის შესაძლებელი გახდებოდა თავისი მოყვასისთვის ცოლის წართმევა. მეხუთე მცნება მეოთხესთან ერთად გაუქმდებოდა. შვილები თავიანთი გარყვნილი ბუნებით უკან არ დაიხევდნენ მშობლის მკვლელობაზე, ცივილიზებული სამყარო ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცეოდა. მშვიდობა, სიმშვიდე და ბედნიერება სამუდამოდ გაქრებოდა პირისაგან მიწისა.დბ 369.1

    მოძღვრებამ იმის შესახებ, რომ ადამიანები უფლის მცნებების დაცვისგან თავისუფალი არიან, უკვე დაასუსტა მათი ზნეობრივი მოვალეობა და მანკიერებას გაუხსნა გზა. ურჯულოება, თავაშვებული ცხოვრება და გარყვნილება წარღვნასავით დაგვატყდა თავს. სატანამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი ბევრ ოჯახში. მისი დროშა ფრიალებს ეგრეთ წოდებულ ქრისტიანთა სახლებზეც, სადაც სუფევს შური, ეჭვი, პირფერობა, გაუტანლობა, მეტოქეობა, კონფლიქტები, ღალატი, ბოროტი ახირებების დაკმაყოფილება. რელიგიური პრინციპებისა და მოძღვრების მთელი სისტემა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების საძირკველი და საყრდენი უნდა იყოს, წარმოადგენს მერყევ მასას, რომელიც ყოველ წუთს მზადაა დასანგრევად.დბ 369.2

    პირწავარდნილი ყაჩაღები, რომლებიც თავიანთი დანაშაულის გამო საპყრობილეში ხვდებიან, ხშირად დაუმსახურებელი ყურადღებით სარგებლობენ - და ისე ასაჩუქრებენ, თითქოს რაღაც გმირული საქმე ჩაედინოთ. მათ ცხოვრებას და ბოროტმოქმედებას დიდ ყურადღებას უთმობენ. პრესაში დაწვრილებით აღწერენ მანკიერებათა აღმაშფოთებელ ფაქტებს და ამ გზით სხვებსაც უბიძგებენ თაღლითობისა და ძალადობისაკენ. სატანას კი თავისი ჯოჯოხეთური გეგმების ასეთი წარმატებები დიდ სიხარულს ანიჭებს. მანკიერების სიმდაბლე, უმიზეზო, უაზრო მკვლელობები, თავშეუკავებლობა, ყველა სახისა და ხარისხის ურჯულოებანი - ყოველივე ეს უნდა აშფოთებდეს და აფიქრებდეს უფლის ყოველ მოშიშს: როგორ შევაჩეროთ ეს მოზღვავებული ბოროტება?დბ 369.3

    მართლმსაჯულება კორუმპირებულია. გამდიდრების წყურვილი და მიწიერი სიამოვნებისადმი სიყვარული ამოძრავებს ადამიანებს, რომელნიც ხელისუფლების სათავეში არიან. თავშეუკავებლობამ ბევრს ისე დაუბნელა გონება, რომ მათზე მთლიანად ბატონობს სატანის ძალა. სამართლიანობის დამცველნი მექრთამეებად, ზნედაცემულ ადამიანებად იქცნენ. ლოთობას, აღვირახსნილობას, შურს, სიმდაბლეს - ყოველივე ამას ღრმადა აქვს ფესვი გადგმული მათში, ვისაც კანონის დამცველი hქვია. და”უკუიქცა სამართალი და სიმართლე შორს გადგა, რადგან წაფორხილდა ქუჩაში ჭეშმარიტება და სიწრფელე ვეღარ შემოდის” (ეს. 59:14).დბ 369.4

    უწმიდურება და სულიერი უმეცრება, რომელიც გაბატონებული იყო პაპის ხელისუფლების დროს, წმიდა წერილის აკრძალვის უცილობელი შედეგი გახდა. მაგრამ სად ვეძებოთ მიზეზი ასე ფართოდ გავრცელებული ურჯულოებისა და უფლის კანონის უარყოფისა, თავისი დამღუპველი შედეგებით ჩვენს დროში - სრული სახარებისეული სინათლისა და რელიგიური თავისუფლების პირობებში? დღეს, როდესაც სატანას აღარ შესწევს ძალა, წმიდა წერილის გარეშე დატოვოს მსოფლიო, იმავე მიზნის განსახორციელებლად სხვა საშუალებებს მიმართავს. ბიბლიის მიმართ რწმენის განადგურება, მისი ჩანაფიქრის მიხედვით - თვით ბიბლიის განადგურების ტოლფასია. იგი შთააგონებს და ასწავლის ადამიანებს, რომ უფლის კანონი არ არის საჭირო და ამით დიდი წარმატებით უბიძგებს მათ მცნებათა დარღვევისაკენ. და ადამიანებიც ისე ცხოვრობენ, თითქოს არასოდეს სმენიათ ამ კანონის შესახებ. როგორც გასულ საუკუნეებში, სატანა თავისი საქმის კეთებას დღესაც ასევე ეკლესიის მეშვეობით განაგრძობს. თანამედროვე რელიგიური ორგანიზაციები უარს ამბობენ იმ არაპოპულარულ ჭეშმარიტებებზე, რომლებიც ასე ნათლად არის წარმოდგენილი წმიდა წერილში და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში იბადება სხვადასხვაგვარი ახსნა ბიბლიისა, რაც ურწმუნოებას თესავს. მიიღეს რა პაპის ცრუსწავლება სულის უკვდავებისა და სიკვდილის შემდეგ ადამიანის შეგნებული ცხოვრების არსებობის შესახებ, მათ დაკარგეს სპირიტიზმის ცდუნებისაგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება. მარადიული ტანჯვის შესახებ სწავლებამ ბიბლიისადმი რწმენა დაუკარგა ხალხს. როდესაც ადამიანებს მეოთხე მცნების მნიშვნელობას უხსნიან და ისინიც ხვდებიან მისი დაცვის აუცილებლობას, მაშინ მათთვის არასასურველი მცნებისაგან განთავისუფლების მიზნით, ცნობილი მასწავლებლები აცხადებენ, რომ ღმერთის კანონი საერთოდ საჭირო არ არის. ამ გზით ისინი უარყოფენ კანონსაც და შაბათსაც. რაც უფრო გაფართოვდება მოძრაობა შაბათი დღის რეფორმაციისათვის, მით უფრო დიდი იქნება მთელი კანონის პრაქტიკულად საჯარო უარყოფის მცდელობა, განსაკუთრებით კი მეოთხე მცნებისა. რელიგიურ მოძღვართა ცრუ სწავლებამ ფართოდ გაუღო კარი ურჯულოებას, სპირიტიზმსა და უფლის წმიდა კანონის აბუჩად აგდებას. სწორედ ამ ადამიანებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა იმ ურჯულოებისათვის, რომელიც დღეს ქრისტიანულ სამყაროში არსებობს.დბ 370.1

    მიუხედავად ამისა, თვით ეს ადამიანები გვარწმუნებენ, რომ უზნეობის ასე სწრაფად გაბატონების მიზეზი სწორედ ის არის, რომ ე.წ. ქრისტიანული შაბათი გაუწმიდურებულია, და რომ კვირა დღის დაცვის აუცილებლობა საზოგადოების მორალურ კლიმატს დიდად გააუმჯობესებდა. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით დაჟინებით გაისმა ამერიკაში, სადაც სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხშირად ისმის ქადაგება შაბათი დღის შესახებ. მოწოდება თავშეკავებისაკენ - ზნეობრივი გარდაქმნის ერთერთ მნიშვნელოვან მაჩვენებლისაკენ - ხშირად ერწყმის მოძრაობას კვირა დღის დაცვისათვის, რომლის დამცველებს თავი საზოგადოების უმაღლესი ინტერესებისათვის მებრძოლებად წარმოუდგენიათ; და მათ, ვინც უარს ამბობს მათთან გაერთიანებაზე, რეფორმებისა და ხალხის კეთილდღეობის მტრად აცხადებენ. მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ სიცრუის დამკვიდრებისაკენ მიმართული ეს მოძრაობა თავისი არსით სასარგებლო საქმეს უერთდება, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს არგუმენტს ცდომილების სასარგებლოდ. საკვებში შხამის გარევით შეიძლება შეუმჩნეველი გავხადოთ იგი, მაგრამ ამით მისი სასიკვდილო თვისებები არ იკარგება. პირიქით, ის უფრო საშიში ხდება, რადგან გარეგნულად საჭმელი ეჭვს არ იწვევს. სატანის ერთერთი ეშმაკური ფანდი იმაში გამოიხატება, რომ სიცრუეს ჭეშმარიტებაში ურევს, რათა მას სიმართლის ელფერი დაhკრავდეს. კვირა დღის დაცვის მომხრეები შეიძლება გამოვიდნენ რეფორმისა და ხალხისათვის მეტად საჭირო იმ პრინციპების დასაცავად, რომლებიც არ იქნება ბიბლიის საპირისპირო, მაგრამ რადგან იმავდროულად წამოაყენებენ მოთხოვნას, რომელიც უფლის კანონის საწინააღმდეგო იქნება, ჭეშმარიტი ღვთისმსახურნი არ შეუერთდებიან მათ. არავითარი გამართლება არ ექნება მას, ვინც უფლის მცნებებს ადამიანური მოძღვრებით შეცვლის.დბ 370.2

    სულის უკვდავება და კვირა დღის სიწმიდე - ეს არის ორი უდიდესი შეცდომა, რომლითაც სატანას დიდი გავლენა აქვს ადამიანებზე. პირველი საფუძველს უმზადებს სპირიტიზმს, მეორეს კი პროტესტანტები რომისაკენ მიhყავს. ამერიკის შეერთებული შტატების პროტესტანტები პირველნი გაუწოდებენ ხელს სპირიტიზმს; შემდეგ ისინი გადალახავენ უფსკრულს, რათა ხელი გაუწოდონ რომის ხელისუფლებას; ამ სამგვარი კავშირის ზეგავლენით ეს სახელმწიფო რომის გზით წავა და ფეხქვეშ გათელავს სინდისის თავისუფლებას.დბ 371.1

    ვინაიდან თანამედროვე სპირიტიზმი უფრო კარგად და ღრმად ბაძავს ქრისტიანობას, უფრო მეტად აძლიერებს მის ცდუნებებს. თვით სატანაც კარგად ერგება თანამედროვე წესებსა და ჩვეულებებს: იგი ღებულობს ნათლის ანგელოზის სახეს; სპირიტიზმის საშუალებით მოახდენს მრავალ სასწაულს, განკურნავს ავადმყოფებს, მოახდენს მრავალ სხვა, მეტად დამაჯერებელ ზებუნებრივ მოვლენებს. და რადგან სულები გამოაცხადებენ, რომ აქვთ ბიბლიური რწმენა და გამოავლენენ ეკლესიის ინსტიტუტებისადმი პატივისცემას, ამის გამო მათ ღვთიური ძალის გამოვლინებად მიიღებენ. ზღვარი ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებსა და უღმერთოებს შორის თითქმის წაშლილია. ეკლესიის წევრებს უყვართ ის, რაც უყვარს წუთისოფელს და მზად არიან შეუერთდნენ მას. და სატანამაც გადაწყვიტა მათი შერწყმა და მათი სპირიტიზმის გავლენის ქვეშ მოქცევა. კათოლიკენი, რომლებიც სასწაულებს ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშნად მიიჩნევენ, ცდუნდებიან ამ სასწაულმოქმედი ძალით. პროტესტანტებიც უარყოფენ ჭეშმარიტების მუზარადს და აგრეთვე ცდუნდებიან. კათოლიკენი, პროტესტანტები, ამქვეყნიური, უბრალო ადამიანები - ყველა მოექცევა მკვდარი ღვთისმოსაობის გავლენის ქვეშ. თუმცა, იმავდროულად, ისინი მიიღებენ ამ კავშირს, როგორც უდიდეს მოძრაობას, რომელიც ემსახურება მთელი მსოფლიოს ჭეშმარიტებისაკენ მობრუნებას და დიდი ხნის ნანატრი ათასწლიანი სასუფევლის მოახლოებას.დბ 371.2

    სპირიტიზმის საშუალებით სატანას თავი მოაქვს მთელი კაცობრიობის კეთილის მსურველად; ადამიანებს სნეულებათა მკურნალად ევლინება და მსოფლიოს რელიგიური რწმენის ახალ, უფრო ამაღელვებელ სისტემას სთავაზობს, მაგრამ ამავე დროს მოქმედებს, როგორც მისი დამანგრეველი. მის ცდუნებებს ადამიანები დაღუპვისაკენ მიhყავს. თავშეუკავებლობა ადამიანებს გონებას აკარგვინებს, რასაც მოაქვს თავაშვებულობა, სისხლისღვრა და სხვა საშინელებანი. სატანას განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას hგვრის ომი, რადგან იგი ადამიანის სულში ყველაზე მდაბალ, უარყოფით ვნებებს აღვიძებს, შემდეგ კი თავის მსხვერპლს, მანკიერებითა და სისხლით გაუწმიდურებულს, სრულად აღგვის პირისაგან მიწისა. მისი მიზანია, წააქეზოს ერები ერთურთის წინააღმდეგ, რადგან ამ მეთოდით მას შეუძლია ადამიანთა ყურადღების გადატანა ქრისტეს მოსვლისათვის მზადებიდან ამ პროცესზე.დბ 371.3

    დაღუპვის პირას მისულ ადამიანთა სულების ხელში ჩასაგდებად სატანა აგრეთვე ხშირად იყენებს ბუნების ძალას. მან კარგად შეისწავლა ბუნების საიდუმლო და ყოველ ღონეს ხმარობს, სტიქია თავისი მიზნების მისაღწევად იმდენად გამოიყენოს, რამდენადაც ამას ღმერთი დაუშვებს. როდესაც მას ნება დაერთო, დაეტანჯა იობი, რა საოცარი სისწრაფით გაუჩინარდა ფარა, სახლები, მოსამსახურეები, შვილები - ერთ უბედურებას მეორე მოსდევდა. მხოლოდ ღმერთი იფარავს თავის შექმნილთ და იცავს მათ დაღუპვისაგან. მაგრამ ქრისტიანულმა სამყარომ ზურგი აქცია ღმერთის კანონებს და უფალიც აასრულებს იმას, რის გაკეთებასაც შეგვპირდა: აღარ მისცემს დედამიწას თავის წყალობას, აღარ დაიცავს მათ, ვინც წინ აღუდგა მის კანონებს, მის სიტყვას და სხვასაც უბიძგებს ამისკენ. ყველა, ვისაც ღმერთის განსაკუთრებული მფარველობა არა აქვს, სატანის ძალაუფლებაში იმყოფება. ერთნი ღებულობენ მის კეთილგანწყობას, რაც დააკმაყოფილებს მათ საკუთარ ინტერესებს, მეორეებს კი - მხოლოდ უსიამოვნებასა და უბედურებას აყენებს. თანაც სატანა შთააგონებს ადამიანებს, რომ მათი ყოველგვარი ტანჯვის მიზეზი მხოლოდ ღმერთია.დბ 372.1

    გამოაცხადებს რა თავს უდიდეს მკურნალად, რომელსაც სურს და შეუძლია კიდეც განკურნოს ყველა სნეულება, იგი მხოლოდ ავადმყოფობასა და უბედურებას მოუტანს და ქალაქებს უკაცრიელ ნანგრევებად აქცევს. იგი უკვე აკეთებს ამ საქმეს. უბედური შემთხვევები წყალში და ხმელეთზე, საშინელი გამანადგურებელი ხანძრები, ქარიშხალი, შემაძრწუნებელი გრიგალი, მიწისძვრები - ყველაფერი ეს მისი ბოროტი ნებით ხდება. იგი მოსავალს იმკის, რასაც მოhყვება შიმშილი და უბედურება. იგი დედამიწას შხამიანი ორთქლით წამლავს და ათასობით ადამიანი ეპიდემიის მსხვერპლი ხდება. სნეულებათა დამღუპველი შემოტევები სულ უფრო ხშირი და საშიში ხდება. კვდება ცხოველიც და ადამიანიც.”დამწუხრდა, დაღონდა ქვეყანა; დაჭკნა, დაღონდა სოფელი; დაჭკნენ ქვეყნიერთა დიდებულნი. წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა” (ეს. 24:4,5).დბ 372.2

    მაშინ უდიდესი თვალთმაქცი შეეცდება დაარწმუნოს ადამიანები, რომ ყველა ამ უბედურებათა მიზეზი სწორედ ღვთის მსახურნი არიან. ცოდვილნი, რომელნიც ღვთის რისხვას გამოიწვევენ, თავიანთ უბედურებაში დაადანაშაულებენ მათ, ვინც ყოველთვის ემსახურებოდა ღმერთს და მისი მცნებების ერთგული დამცველი იყო. გამოცხადდება, რომ ადამიანები, რომელნიც უარყოფენ კვირა დღეს, უფლის შეურაცხმყოფელნი არიან; რომ სწორედ ამ ცოდვამ გამოიწვია ღვთის რისხვა და ის არ დამთავრდება, სანამ უფლის საზეიმო დღედ ყველგან კვირა არ დაწესდება. დაიწყება იმის მტკიცება, რომ მეოთხე მცნების შემნახველნი აუწმიდურებენ კვირა დღეს, შეცდომაში შეhყავთ ხალხი და ამით ართმევენ ღვთის კურთხევას. ამგვარად, განმეორდება ბრალდება, რომელიც ერთ დროს ღვთის მსახურს წაუყენეს:“როცა დაინახა აქაბმა ელია, უთხრა აქაბმა: ეს შენა ხარ, ისრაელის მაოხრებელო? თქვა: მე არ ამიოხრებია ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაალების გზაზე წახვედით” (3მეფ. 18:17,18). და როდესაც ასეთი ცრუ ბრალდებებით აღელვებულ ადამიანთა რისხვა ზღვარს გადასცდება, ეს განრისხებული ხალხი ღვთის შვილებს ისევე მოექცევა, როგორც განდგომილი ისრაელი მოექცა ელიას.დბ 372.3

    სპირიტიზმის სასწაულმოქმედი ძალა მიმართული იქნება მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის მორჩილებას უფლის წინაშე მორჩილება არჩია. სპირიტები მოhყვებიან იმის მტკიცებას, რომ ღმერთის გამოგზავნილები არიან, რათა კვირა დღის უარმყოფელნი თავიანთ შეცდომაში დაარწმუნონ. ისინი დაჟინებით მოითხოვენ, რომ სახელმწიფო კანონებს ისევე უნდა დაემორჩილო, როგორც ღმერთის მცნებებს. ისინი გოდებას მოhყვებიან წუთისოფლის უბედურებაზე და ამავე დროს მხარს დაუჭერენ იმ რელიგიურ მოძღვართ, რომლებიც თვლიან, რომ სწორედ კვირა დღის დარღვევაა ასეთი დიდი ზნეობრივი და მორალური დაცემის მიზეზი. რა დიდი იქნება გულისწყრომა მათ წინააღმდეგ, ვინც მსგავს მოწმობებს უარყოფს.დბ 372.4

    ღვთის ხალხის წინააღმდეგ ამ დიად ბრძოლაში სატანა ისევე იმოქმედებს, როგორც დასაწყისში, ზეცაში ამბოხების დროს. თავიდან მან განაცხადა, რომ მხოლოდ ღვთიური მმართველობის განმტკიცება სურს, ფარულად კი ყველაფერს აკეთებდა, რათა დაემხო იგი. ამავე დროს, იგი ერთგულ ანგელოზებს იმაში სდებდა ბრალს, რისკენაც თვითონ ისწრაფოდა. მსგავსი ფანდები დამახასიათებელია რომის ეკლესიის ისტორიისათვისაც, რომელმაც გამოაცხადა, რომ იგი ღმერთის მოადგილეა დედამიწაზე, და ამავე დროს ყოველთვის ცდილობდა, ღმერთზე მაღალი ყოფილიყო და მისი კანონები შეეცვალა. რომის ბატონობის დროს სახარებისადმი ერთგულების გამო მოწამებრივი სიკვდილით დაღუპული ადამიანები ბოროტმოქმედებად იქნენ გამოცხადებული; მათ ბრალს სდებდნენ სატანასთან კავშირში; ყველა საშუალებას იყენებდნენ იმისათვის, რომ სამარცხვინო ბოძზე გაეკრათ ისინი და ხალხის წინაშე საშინელ დამნაშავეებად გამოეყვანათ. ასევე იქნება ჩვენს დროშიც. ეცდება რა ყველას მოსპობას, ვინც უფლის მცნებებს იცავს, სატანა ისე მოაწყობს, რომ ეს ადამიანები გასამართლდნენ, როგორც კანონის დამრღვევები, როგორც ადამიანები, რომელთაც შეურაცხყვეს ღმერთი და ამით მთელ მსოფლიოს უბედურება მოუვლინეს.დბ 373.1

    უფალი არასოდეს ატანს ძალას ადამიანის ნებას და სინდისს; სატანა კი პირიქით, ყოველთვის ძალასა და სისასტიკეს იყენებს იმათ დასამორჩილებლად, ვისი ცდუნებაც სხვა გზით არ შეუძლია. ძალითა და შიშით ცდილობს იგი ადამიანის სინდისის დამონებას და ამ გზით თაყვანისცემისა და პატივისცემის მიღწევას. ამ მიზნის მისაღწევად იგი რელიგიურ და სახელმწიფო ძალაუფლებას იყენებს, აიძულებს რა მათ ისეთი კანონების გამოცემას, რომელნიც ადამიანთა დადგენილებების დაცვას მოითხოვს და უფლის მცნებათა საწინააღმდეგოა.დბ 373.2

    ბიბლიური შაბათის დამცველნი წესრიგისა და კანონის მტრებად და ზნეობის დამრღვევებად გამოცხადდებიან, რომელთაც მოაქვთ ანარქია და მანკიერება. მათ ღმერთის რისხვის დედამიწაზე გადმოფრქვევის მთავარ მიზეზად ჩათვლიან. მათი კეთილსინდისიერება და ერთგულება ხელისუფლების წინაშე დაუმორჩილებლობად და სიჯიუტედ იქნება მიჩნეული. მათ დაადანაშაულებენ ხელისუფლების მიმართ უპატივცემლობაში. ეკლესიის მსახურნი, რომელნიც უარყოფენ უფლის მცნებათა დაცვის აუცილებლობას, კათედრიდან გამოაცხადებენ, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია დაემორჩილოს სახელმწიფო ხელისუფლებას, რომლის ავტორიტეტიც კურთხეულია. საკანონმდებლო კრებაზე და სასამართლოებზე უფლის მცნებათა შემნახავთ ცილს დასწამებენ და განაჩენს გამოუტანენ. მათ სიტყვებს დაამახინჯებენ, ხოლო ყოველგვარ მოძრაობასა და საქციელს უხამს ელფერს მისცემენ.დბ 373.3

    პროტესტანტული ეკლესიები უარყოფენ წმიდა წერილში ნათლად გამოსახულ მტკიცებებს, რომლებიც უფლის კანონის სასარგებლოდ მოწმობენ და შეეცდებიან მათ დადუმებას, ვისი რწმენის საწინააღმდეგო მტკიცებას ვერ იპოვიან ბიბლიაში. თუმცა არ სურთ ამის აღიარება, მაგრამ ისინი ირჩევენ იმ ადამიანთა დევნის გზას, ვინც სხვა, დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად შეგნებულად იტყვის უარს პაპის შაბათის აღიარების მოთხოვნაზე.დბ 373.4

    ეკლესიის ხელმძღვანელობა და სახელმწიფო გაერთიანდება, რათა ქრთამით, ძალითა თუ დარწმუნებით აიძულოს საზოგადოების ყველა ფენა, აღიარონ კვირა დღე. ღვთიური ავტორიტეტის ნაკლებობა იძულებითი ზომებით შეივსება. პოლიტიკოსთა ღალატი შეარყევს სამართლიანობისადმი სიყვარულს და ჭეშმარიტებისადმი პატივისცემას. და თვით თავისუფალ ამერიკაშიც კანონმდებლობა და ხელისუფალნი დათმობაზე წავლენ და დააკანონებენ კვირა დღის აუცილებლობას, რათა საზოგადოების პატივისცემა დაიმსახურონ. ამგვარად, ასეთი დიდი ფასით მოპოვებული სინდისის თავისუფლება ფეხქვეშ გაითელება. ამ მომავალ ბრძოლაში ნათლად დავინახავთ წინასწარმეტყველის სიტყვების აღსრულებას:“განრისხდა დედაკაცი გველეშაპზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა” (გამოცხ. 12:17).დბ 374.1