Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 42 - ბრძოლის დასასრული

    ათასი წლის გასვლის შემდეგ ქრისტე კვლავ მოვა დედამიწაზე გამოსყიდულთა და უამრავ ანგელოზთა თანხლებით. როდესაც იგი გამოჩნდება დიადი ძალითა და დიდებით, გასცემს ბრძანებას, რათა ყოველი განსვენებული უწმიდური აღდგეს თავისი განაჩენის მისაღებად. სამარხებიდან ამოსულთა რიცხვი უამრავია, ვითარცა ზღვის ქვიშა. რა მკვეთრად განსხვავდებიან ისინი მათგან, ვინც პირველი აღდგომისას გაცოცხლდა! მართალნი გახვეული არიან უკვდავი სილამაზისა და ახალგაზრდობის სამოსელში! უწმიდურთ კი ავადმყოფობისა და სიკვდილის კვალი აქვთ დამჩნეული.დბ 420.1

    მათი მზერა მიპყრობილია უფლის ძისაკენ. უამრავი უკეთური ერთხმად წამოიძახებს:“კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!” მაგრამ ეს არ არის იესოს სიყვარულით გამოწვეული სიტყვები. ჭეშმარიტების ძალა ათქმევინებთ მათ ამ უნებლიედ წამოსროლილ სიტყვებს. საფლავებიდან ამოსულ უწმიდურთ ისეთივე მტრობა, წინააღმდეგობისა და შეურიგებლობის ისეთივე სული აქვთ ქრისტეს მიმართ, რომლითაც ისინი სამარხებში ჩავიდნენ. მათ უკვე აღარა აქვთ მადლის დრო წარსული ცხოვრების მანკიერებების გამოსასწორებლად. და რომ მიეცეს კიდეც, ეს არაფერს შეცვლიდა მათში. ურჯულოებაში გატარებულმა ცხოვრებამ ვერ მოალბო მათი გულები. რომ მისცემოდათ კიდეც უფლის მადლი, ისინი მაინც ისეთად დარჩებოდნენ, როგორიც ადრე იყვნენ: უფლის რჯულის დამრღვევნი და ღვთის წინააღმდეგ ამბოხებულნი.დბ 420.2

    ქრისტე ჩამოდის ზეთისხილის მთაზე, საიდანაც იგი ზეცად ამაღლდა თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და სადაც ანგელოზებმა გაიმეორეს აღთქმა მისი დაბრუნების შესახებ. წინასწარმეტყველი ამბობს:“მოვა უფალი, ჩემი ღმერთი და ყველა წმიდა მასთან ერთად”.”შედგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით. შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა... და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა”.”იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება” (ზაქ. 14:4,5,9). და შემდეგ ზეციდან დამაბრმავებელი ბრწყინვალებით ჩამოვა ახალი იერუსალიმი, დადგება მისთვის მომზადებულ, განწმედილ ადგილზე და ქრისტე თავის ხალხთან და ანგელოზებთან ერთად შევა წმიდა ქალაქში.დბ 420.3

    ახლა სატანა სამყაროში ძალაუფლების მოსაპოვებლად უკანასკნელი დიადი ბრძოლისათვის ემზადება. მას უკვე აღარა აქვს ძალა და ადამიანთა ცდუნების შესაძლებლობა. ბოროტების მეფე მეტად საცოდავ მდგომარეობაში და სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. მაგრამ ახლა, მრავალ უწმიდურთა აღდგომის შემდეგ, მას კვლავ უჩნდება იმედი, რადგან ისინი მის მხარეზე არიან და იგი ღებულობს გადაწყვეტილებას, არ დამარცხდეს ამ დიად ბრძოლაში. თავისი დროშის ქვეშ დარაზმავს სატანა ყველა დაღუპულს და მათი დახმარებით შეეცდება თავისი გეგმების აღსრულებას. უკეთურნი - მისი ტყვეები არიან. მათ უარყვეს ქრისტე, ხელმძღვანელად სცნეს სატანა და მზად არიან, დაემორჩილონ მის ყველა განკარგულებას. მაგრამ სატანა კვლავ მიმართავს ჩვეულ ეშმაკობას, თავის ნამდვილ ზრახვებს კი მალავს. იგი თავს აცხადებს დედამიწის სრულ ბატონპატრონად, რომელსაც არაკანონიერად წაართვეს საკუთარი სამფლობელო. თავი მოაქვს თავის ქვეშევრდომთა განმათავისუფლებლად და არწმუნებს მათ, რომ სწორედ მან ამოიყვანა ისინი საფლავებიდან თავისი ძალით, ახლა კი ამ საშინელი ტირანიისაგან მათ გათავისუფლებას აპირებს. სატანა ახდენს სასწაულებს, რათა დაარწმუნოს ისინი თავის სიმართლეში. სუსტებს აძლიერებს და ყველას თავის ძალასა და ენერგიას აძლევს. მოუწოდებს, გაილაშქრონ წმიდანებზე, გადავიდნენ შეტევაზე და დაეუფლონ უფლის ქალაქს. ბოროტი სიხარულით მიუთითებს მილიონობით მკვდრეთით აღმდგარ უწმიდურზე და საზეიმოდ აცხადებს, რომ თავად გაუძღვება წინ მათ, რადგან აქვს ძალა ქალაქის დასამხობად და თავისი ტახტისა და სამფლობელოს დასაბრუნებლად.დბ 421.1

    ამ უთვალავ ბრბოში წარღვნამდელი მსოფლიოს უამრავი წარმომადგენელიცაა, რომელთა სიცოცხლის დღეები მეტად ხანგრძლივი იყო. ესენი არიან გიგანტური აღნაგობისა და ძლიერი ინტელექტის ადამიანები, რომლებიც დაცემული ანგელოზების გავლენის ქვეშ მოექცნენ და თავიანთი ცოდნა და ნიჭი საკუთარი თავის განდიდებას მოახმარეს. ამ ადამიანებმა შექმნეს ხელოვნების ნიმუშები; მათი ტალანტის წინაშე მუხლს იყრიდა მთელი მსოფლიო, მაგრამ თავისი სისასტიკითა და საშინელი გამოგონებებით გააუწმიდურეს დედამიწა, დაამახინჯეს უფლის სახე და თავიანთი საქმეებით აიძულეს უფალი, აღეგავა ისინი პირისაგან მიწისა. აქ არიან მეფეები და გენერლები - ხალხთა დამპყრობნი; მამაცი მეომარნი, რომელნიც არც ერთ ბრძოლაში არ დამარცხებულან; ამაყი და პატივმოყვარე სარდლები, რომელნიც შიშის ზარს სცემდნენ სამეფოებს. სიკვდილმა ვერ შეცვალა ისინი. სამარხებიდან ამოსვლის შემდეგ კვლავ განაგრძობენ იმაზე ფიქრს, რაც სიკვდილის წინ აღელვებდათ. ისინი კვლავ ისევე ისწრაფვიან დაპყრობისაკენ, როგორც წარსულში.დბ 421.2

    სატანა ეთათბირება თავის ანგელოზებს, მეფეებს, დამპყრობთ და ამა სოფლის ძლიერთ. ისინი აღიარებენ თავიანთ ძალთა უპირატესობას, მრავალრიცხოვნებას და აცხადებენ, რომ ქალაქის კედლებს იქით მეომართა რიცხვი საგრძნობლად მცირეა მათ ძალებთან შედარებით, ამიტომ მათი დამარცხება შესაძლებელია. ისინი ადგენენ ახალი იერუსალიმის დიდებისა და სიმდიდრის ხელში ჩაგდების გეგმას. ყველა ბრძოლისათვის ემზადება. იარაღის დამზადების საუკეთესო ოსტატები საბრძოლო იარაღს ამზადებენ. სახელგანთქმული, დაუმარცხებელი მხედართმთავრები მეომართა რიგებს აწყობენ.დბ 422.1

    ბოლოს ისმის იერიშის ბრძანება და უთვალავი ლაშქარი მიიწევს წინ. მას შემდეგ, რაც ომები არსებობს დედამიწაზე, მიწიერ დამპყრობთ არასოდეს hყოლიათ ასეთი უზარმაზარი არმია, რომელშიც გაერთიანებულია ყველა დროის ძალები. მათი ყველაზე ძლიერი წინამძღოლი, სატანა, წინ მიუძღვის მათ და მისი ბოროტი ანგელოზებიც თავს უყრიან ძალებს ამ უკანასკნელი ბრძოლისათვის. მის რიგებშია მეფეები და მხედართმთავრები. ურიცხვ ადამიანთა ბრბო ჯგუფებადაა დაყოფილი და ყოველ ჯგუფს თავისი ხელმძღვანელი hყავს. ყოველი რიგი საბრძოლო მზადყოფნაშია და შემჭიდროვებულნი ოღროჩოღრო, დანგრეულ მიწაზე მიიწევენ წინ უფლის ქალაქისაკენ. იესოს ბრძანებისთანავე ქალაქის შესასვლელი იხურება, სატანის არმია ალყას არტყამს ქალაქს და თავდასხმისათვის ემზადება.დბ 422.2

    ახლა მტრები კვლავ ხედავენ ქრისტეს. შორს, ქალაქის თავზე, ოქროს ბრწყინვალე საძირკველზე დგას მისი ტახტი, დიდი და ამაღლებული. მასზე ზის ღვთის ძე, მის გარშემო კი - მისი სამეფოს ქვეშევრდომნი. ვერც ერთი კალამი, ვერც ერთი ენა ვერ აღწერს ქრისტეს დიდებასა და ძლიერებას. მარად ცოცხალი მამის დიდება გარს აკრავს ძეს. მისგან გამოსული ნათელი ავსებს უფლის ქალაქს, მისი შუქი ქალაქის კარიბჭედან გარეთ გამოდის და მთელ დედამიწას ანათებს.დბ 422.3

    ტახტის გარშემო დგანან ისინი, ვინც ერთ დროს ერთგულად ემსახურებოდნენ სატანას, მაგრამ შემდეგ”ცეცხლიდან ამოტაცებული მუგუზლებივით” ღრმა, გულწრფელი ერთგულებით გაhყვნენ თავიანთ მხსნელს. მათ უკან დგანან ისინი, ვინც წუთისოფლის სიცრუესა და ურჯულოებაში მონახა ჭეშმარიტების გზა და სრულქმნილებას ქრისტეში მიაღწია, ვინც უფლის მცნებები მაშინ დაიცვა, როდესაც მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ უარყო ისინი, უფრო მოშორებით კი - ყველა საუკუნის მილიონობით მოწამენი რწმენისათვის. და მათ გარდა,“უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან; იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ სპეტაკი სამოსელით შემოსილნი და პალმებით ხელში” (გამოცხ. 7:9). მათი ბრძოლა დამთავრებულია, ისინი გამარჯვებული არიან. მათ ისე განვლეს თავიანთი ცხოვრების გზა, რომ ჯილდო დაიმსახურეს. პალმის ტოტები ხელში - მათი ტრიუმფის სიმბოლოა, თეთრი სამოსი კი - ქრისტეს შეურყვნელი სიმართლის ნიშანი, რომელიც ახლა მათი სიმართლეცაა.დბ 422.4

    გამოსყიდულთა ბაგეთაგან ისმის ქებადიდების საგალობელი, რომელსაც ეხმაურება ზეცის გუმბათები:“ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მდომარეს, და კრავს” (გამოცხ. 7:10). მათ აღტაცებით უერთდება ანგელოზთა და სერაფიმთა ხმები. გამოსყიდულნი ხედავენ სატანის ძალასა და ბოროტებას და საბოლოოდ ისე, როგორც არასდროს, რწმუნდებიან, რომ მათი გამარჯვება მხოლოდ ქრისტეს ძალამ გახადა შესაძლებელი. გამოსყიდულთა ამ ბრწყინვალე რაოდენობაში არ მოიძებნება არც ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მისი საკუთარი ძალისხმევით მოხდა გადარჩენა ან გამარჯვებას თავისი კეთილი საქმეებითა და ძლიერებით მიაღწია. სიტყვაც არ არის თქმული მათი საქმეებისა და ტანჯვის შესახებ. ყოველ საგალობელს და hიმნს ლეიტმოტივად გასდევს სიტყვები:“ხსნა ჩვენს ღმერთს და კრავს!”დბ 422.5

    ერთად თავმოყრილი დედამიწისა და ზეცის მცხოვრებნი თავიანთ მეუფედ ერთხმად აღიარებენ ღვთის ძეს. და ახლა, უმაღლესი დიდებითა და ძლიერებით მოსილი მეფეთმეფე წარმოთქვამს განაჩენს მისი მმართველობის წინააღმდეგ ამბოხებულთა მიმართ და სამართლიან მსჯავრს გამოუტანს მათ, ვინც მის კანონს არღვევდა, მის ხალხს ჩაგრავდა და ავიწროებდა. უფლის წინასწარმეტყველი ამბობს:“ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ; და გადაშლილი იყო წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ” (გამოცხ. 20:11,12).დბ 423.1

    როგორც კი ზეციური წიგნები გადაიშლება, სადაც ჩანაწერებია გაკეთებული და იესო გადახედავს უწმიდურთ, ისინი მაშინვე გაიხსენებენ ყველა მათ მიერ ჩადენილ ცოდვას. გაახსენდებათ მომენტი, თუ როდის გადაუხვიეს სიმართლისა და სიწმიდის გზიდან და როგორ მიიყვანა საკუთარმა სიამაყემ და ურჩობამ უფლის კანონის დარღვევამდე. თითქოს ცეცხლის კალმით დაწერილი წარდგება მათ წინაშე ის ცდუნებანი, რომელთაც წინააღმდეგობა არ გაუწიეს და ამით თავიანთი დანაშაულებრივი სურვილები დაიკმაყოფილეს; არასწორად გამოიყენეს უფლის წყალობა, აბუჩად იგდებდნენ ღვთის მაცნეებს, არ მიიღეს გაფრთხილება და უფლის არც ერთი კურთხევა არ მიაკარეს თავიანთ ურჩ, მოუნანიებელ გულს.დბ 423.2

    უფლის ტახტის თავზე ამაღლებულია ჯვარი, ერთმანეთს ცვლიან ადამის ცდუნების, დაცემის სცენები და გადარჩენის უდიდესი გეგმის შემდგომი მოვლენები. ქრისტეს ღარიბული, მოკრძალებული დაბადება; მისი უბრალო და მორჩილებაში გატარებული ბავშვობა; მისი ნათლობა იორდანეში; მარხვა და ცდუნება უდაბნოში; მისი მსახურება, რამაც ადამიანებს გაუხსნა ზეცის უძვირფასესი წყალობანი; სიყვარულისა და მოწყალების საქმეებით დატვირთული დღეები, ლოცვებში გატარებული ღამეები, სიფხიზლისა და სიმარტოვის წუთები მთებში. შურით, სიძულვილითა და ბოროტებით გამოწვეული შეთქმულება მისი კეთილი საქმეების პასუხად; საიდუმლოებით მოცული, საშინელი ტანჯვა გეთსიმანიის ბაღში მთელი მსოფლიოს ცოდვათა სიმძიმისაგან გამოწვეული; აი ის, სისხლისმღვრელი ბრბოს გარემოცვაში; აი, ის საშინელი ღამე, როცა იგი შეიპყრეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და ყველაზე ახლო მეგობართაგან მიტოვებული, იერუსალიმის ქუჩებში მუჯლუგუნების კვრით მიhყავთ; ბოროტი სიხარულის შეძახილებით მიhყავთ ღვთის ძე ანასთან და ასამართლებენ მღვდელმთავრის სასახლეში; პილატეს სამსჯავროზე, მხდალ და სასტიკ hეროდეს წინაშე, სადაც აბუჩად იგდებენ, შეურაცხყოფენ, აწამებენ და სიკვდილს მიუსჯიან - ყოველივე ამას ადამიანები საკუთარი თვალით ხედავენ.დბ 423.3

    და ახლა თავზარდაცემულ ბრბოს წინაშე ბოლო მოვლენები სცვლიან ერთმანეთს: წამებული ღვთის ძე მოთმინებით ადის გოლგოთაზე; ზეციური მეფე ჯვარზეა გაკრული; პატივმოყვარე მღვდლები და მდაბიონი დასცინიან მის სასიკვდილო ტანჯვას; ზებუნებრივი სიბნელე; დედამიწა ირყევა; ისმის კლდეთა ნგრევის ხმაური, იხსნება საფლავები - ასე აღინიშნება ქვეყნიერების მხსნელის სიკვდილის მომენტი.დბ 424.1

    ეს საშინელი სანახაობა თვალწინ იშლება მთელი თავისი სისრულით. სატანა, მისი ანგელოზები და სხვა ერთგულნი თვალს ვერ აშორებენ საკუთარი საქმეების შედეგების ილუსტრაციებს. და თითოეული ხვდება, თუ რა წილი მიუძღვის ამ ბოროტებაში. hეროდე, რომლის ბრძანებითაც ამოხოცეს ბეთლემის უცოდელი ჩვილები, რათა ამ გზით მოეკლათ ისრაელის მეფე. ბოროტი hეროდიადა, რომელმაც იოანე ნათლისმცემლის სიცოცხლე შეიწირა. სუსტი ნებისყოფის მქონე პილატე, რომელიც ყველა დროს და მდგომარეობას კარგად ერგებოდა. დამცინავი ჯალათები, მღვდლები, მთავრები და გონსგადასული ბრბო, რომელიც ყვიროდა:“ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი” - ყველა ხედავს საკუთარი დანაშაულის საშინელებას. ისინი ამაოდ ცდილობენ უფლის დიდებული სახისაგან დამალვას, რომლის დიდება მზის ნათელის დიდებას აღემატება, იმ დროს, როდესაც გამოსყიდულნი თავიანთ გვირგვინებს მაცხოვრის ფერხთით ყრიან სიტყვებით:“იგი ჩემთვის მოკვდა!”დბ 424.2

    მრავალ გამოსყიდულთა შორის არიან ქრისტეს მოციქულებიც. აქ არის მამაცი პავლე, ერთგული პეტრე, საყვარელი და მოყვარული იოანე, მათი ღვთისმოსავი ძმები და მათთან ერთად მრავალი მოწამე, ხოლო კედლებს მიღმა არიან ისინი, ვინც დევნიდა, საპყრობილეში აგდებდა და კლავდა მათ - ყოველგვარი მანკიერებისა და სიბილწის მატარებელნი. აქ არის ნერონი - სასტიკი და გარყვნილი ურჩხული. იგი ხედავს მათ ბედნიერებასა და სიხარულს, ვისაც ერთ დროს აბუჩად იგდებდა და რომელთა საშინელი ტანჯვაწამება სატანურ კმაყოფილებას hგვრიდა. აქაა ნერონის დედა, რომელიც ხედავს თავისი შრომის ნაყოფს, რადგან მისი გავლენით, მისი ხასიათის მემკვიდრეობითა და მაგალითების მიბაძვით მისმა შვილმა ჩაიდინა დანაშაული, რომელმაც მთელი მსოფლიო შეაძრწუნა.დბ 424.3

    აქ არიან პაპის მღვდლები და პრელატები, რომელნიც თავიანთ თავს მოციქულებს უწოდებდნენ და რომლებიც უფლის ხალხის სინდისის დასამონებლად არ იშურებდნენ წამებას, საპყრობილეებსა და კოცონს. აქ არიან პატივმოყვარე პაპებიც, ღმერთზე მაღლა რომ აყენებდნენ საკუთარ თავს, რომლებმაც თავს მისცეს ღმერთის კანონის შეცვლის უფლება. ამ ეგრეთწოდებულმა ეკლესიის მამებმა პასუხი უნდა აგონ უფლის წინაშე, თუმცა მისი თავიდან აცილება ძლიერ სურთ. ძალზე გვიან ხვდებიან ისინი, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი - შურისმგებელი და სამართლიანი ღმერთია და რომ იგი არასოდეს გაამართლებს დამნაშავეს. ახლა ისინი ხედავენ, რომ ქრისტე მოწამეთა მხარეზეა და აღიარებენ მისი სიტყვების ძალას:“რაც კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ” (მათ. 25:40).დბ 424.4

    უწმიდურნი, რომელთაც ბრალად ედებათ ზეციური მმართველობის მიმართ ღალატი, ახლა ღვთის სამსჯავროს წინაშე წარდგნენ. მათ არა hყავთ დამცველი, არა აქვთ გამართლება და მათი განაჩენი ასეთია: საუკუნო სიკვდილი.დბ 424.5

    ახლა ყველასათვის გასაგები ხდება, რომ ცოდვის საზღაური - ეს არაა თავისუფლების უმაღლესი საფეხური და საუკუნო სიცოცხლე, არამედ ეს არის მონობა, ნგრევა და სიკვდილი. უწმიდურნი ხედავენ, თუ რა დაკარგეს თავიანთი ურჩობის გამო. მათ აბუჩად აიგდეს უფლის მიერ შემოთავაზებული საუკუნო დიდება, მაგრამ რა სასურველია ახლა იგი მათთვის!”ყველაფერი ეს შეიძლებოდა ჩემი ყოფილიყო, - აღმოხდება დაღუპულ ცოდვილს, - მაგრამ უარი ვთქვი მასზე”.”ო, ეს საშინელი სიბრმავე! მშვიდობა, ბედნიერება და პატივი სასოწარკვეთილებას, უბედურებას და სირცხვილს ვანაცვალე!” ახლა ყველას ესმის, რომ უფლის განაჩენი სამართლიანია. თავიანთი ცხოვრებით ისინი ყოველთვის აცხადებდნენ:“ჩვენ არ გვსურს, რომ ეს ადამიანი, იესო ჩვენზე მეფობდეს”.დბ 425.1

    მოჯადოებულებივით შეhყურებენ უწმიდურნი უფლის ძის გამეფებას. მის ხელში ღვთიური მცნებების ფიქალებს ხედავენ. ეს ის მცნებებია, რომლებსაც ისინი უარყოფდნენ და არღვევდნენ. ესმით გამოსყიდულთა გაკვირვებული, აღტაცებითა და უფლის სიყვარულით აღსავსე ხმები და როდესაც საგალობელთა მომაჯადოებელი hანგები მათ ყურს მისწვდება, ვინც ქალაქის კედლებს მიღმა დგას, ყველა ერთხმად წამოიძახებს:“დიდია და საკვირველი შენი საქმეები, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, წმიდანთა მეფევ!” და პირქვე დამხობილნი, თაყვანს სცემენ სიცოცხლის მეფეს.დბ 425.2

    ქრისტეს დიდებისა და ძლევამოსილების დანახვაზე სატანას ელდა ეცემა. ერთ დროს ნათელი ქერუბიმი ახლა თავისი დაცემის წუთებს იხსენებს. როგორ შეიცვალა ნათელი სერაფიმი,“ძე განთიადისა!” როგორ დაეცა! სამუდამოდ გაძევებულია საკრებულოდან, სადაც ერთ დროს ასეთ დიდ პატივს სცემდნენ. ხედავს, რომ დღეს, მის ნაცვლად სხვა დგას მამის წინაშე, მისი დიდებით შემოსილი. ხედავს, თუ როგორ ადგამს ქრისტეს თავზე გვირგვინს ძლიერი და დიდებული აღნაგობის ანგელოზი და იმასაც ხვდება, რომ ეს უდიდესი პატივი შეიძლებოდა მისი, ლუციფერის ხვედრი ყოფილიყო.დბ 425.3

    მას ახსენდება თავისი უმწიკვლოებისა და სიწმიდის სავანე, შინაგანი სიმშვიდე და მშვენიერი ცხოვრება, რომელიც hქონდა, მანამ მასში არ გაიღვიძა წინააღმდეგობის სულმა და ქრისტესადმი შურმა. რა საოცარი სიცხადით ახსენდება მას თავისი ბრალდებანი, ამბოხება, სხვადასხვა მზაკვრული ხრიკები, რომელთაც ანგელოზთა სიმპათიისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებდა, - მაშინ ღმერთს ჯერ კიდევ შეეძლო მისი მიტევება, მაგრამ თავად ლუციფერმა სასტიკი უარი განაცხადა მონანიებაზე. ახსენდება ყველა მის მიერ ჩადენილი დანაშაული: მტრობა ადამიანთა შორის, საშინელი მკვლელობანი, სამეფოთა აღმოცენება და დაცემა, მეფეთა დამხობა და აჯანყებათა გრძელი ჯაჭვი, კონფლიქტები და რევოლუციები; იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა, მუდამ ხელი შეეშალა ქრისტეს მსახურებისათვის და სულ უფრო ღრმად ჩაეძირა ადამიანი ცოდვის მორევში. ახლა კი ხედავს, რომ მისი საშინელი შეთქმულებები უძლური აღმოჩნდა ქრისტეს მიმდევართა გასანადგურებლად. და, თვალს გადაავლებს რა თავის სამფლობელოს, თავისი შრომის ნაყოფს, ყველგან დამარცხებასა და სიკვდილს ხედავს. მან ახლაც დაარწმუნა ეს უამრავი ხალხი, რომ უფლის ქალაქის აღება ადვილია, მაგრამ თავად იცის, რომ ეს სიცრუეა. ამ დიად ბრძოლაში იგი არაერთხელ დამარცხებულა, და ბევრჯერ დაუხევია უკან. და მისთვის კარგად არის ცნობილი მარად ცოცხალის ძალაცა და ძლიერებაც.დბ 425.4

    ეს უდიდესი მეამბოხე ცდილობდა თავის გამართლებას, ამბოხებისათვის პასუხისმგებლობას კი უფლის მმართველობას აკისრებდა. ამ მიზნისათვის იგი მთელ თავის უმაღლეს ინტელექტს იყენებდა. მიზანდასახულად, სისტემატურად მუშაობდა და საოცრად დიდი შედეგიც hქონდა: მრავალი ადამიანი იზიარებდა მის თვალსაზრისს ამ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შესახებ. მრავალ ათასწლეულთა მანძილზე ეს უდიდესი კონსპირატორი ჭეშმარიტებას სიცრუით ცვლიდა. მაგრამ დგება დრო, როდესაც მის ამბოხებას ბოლო მოეღება და სატანის ზრახვები და მისი არსი ცხადი გახდება. ეს უდიდესი თვალთმაქცი სრულად მოიხსნის ნიღაბს მაშინ, როდესაც საბოლოოდ ეცდება ქრისტეს ტახტის ხელში ჩაგდებას, მისი ხალხის მოსპობასა და უფლის ქალაქის დაპყრობას. და ყველა მასთან მდგომი ხედავს, რომ მათ მიზნებს განხორციელება არ უწერია. სატანის ხრიკები ღვთის მმართველობის წინააღმდეგ სრულიად ცხადი ხდება ქრისტეს მიმდევრებისა და მისი ერთგული ანგელოზებისათვის. და ყველა სიძულვილს გრძნობს სატანის მიმართ.დბ 426.1

    სატანამ კარგად იცის, რომ მისი თავხედური ამბოხების გამო შეუძლებელი გახდა მისი ზეცაში ყოფნა. თავისი ძალა მან ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა: სიწმიდე, სიმშვიდე და ზეციური hარმონია მისთვის უკვე ძალზე მძიმე სატანჯველია. ახლა იგი დუმს, აღარ უყენებს ბრალდებას უფლის მოწყალებას და სამართლიანობას. საყვედური, რომელსაც იგი ყოვლისშემძლე ღმერთის მიმართ წარმოთქვამდა, მის სამარედ გადაიქცა. ახლა სატანა ხრის თავს და აღიარებს მისთვის გამოტანილი განაჩენის სამართლიანობას.დბ 426.2

    `ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახეს? რადგან მხოლოდ შენ ხარ წმიდა. ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოვლინდნენ შენი სიმართლენი” (გამოცხ. 15:4). ყოველგვარ ჭეშმარიტებას და შეცდომას, რომელიც ადრე საკამათო იყო, ახლა ნათელი მოეფინა. ყოველი გონიერი არსების თვალწინ იშლება აჯანყების - უფლის კანონთა დარღვევის შედეგები. მთელი სამყაროსათვის გასაგები ხდება, თუ საით არის მიმართული სატანის მმართველობა და საით მივყავართ ღვთის მმართველობას. სატანას მსჯავრი თავისივე საქმეების მიხედვით ედება. უფლის სიბრძნე, მისი სამართლიანობა და სიკეთე სრულიად გამართლებულია. ყველა ხვდება, რომ მისი ყოველი მოქმედება ამ დიდ ბრძოლაში მიმართული იყო თავისი ხალხის კეთილდღეობისა და მის მიერ შექმნილი ქვეყნების ბედნიერებისაკენ.”გადიდებდეს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ” (ფს. 144:10). ცოდვის ისტორია მარადიული მოწმობა იქნება იმისა, რომ უფლის მიერ შექმნილი ყოველი არსების ბედნიერება დამოკიდებულია ღმერთის კანონების აღსრულებაზე. დიადი ბრძოლის დასასრულს მთელი სამყარო: - უფლის ერთგულნიც და ამბოხებულნიც, ერთხმად აღიარებენ:“მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, წმიდანთა მეფევ!”დბ 426.3

    მთელმა სამყარომ ნათლად დაინახა მამისა და ძის მიერ ადამიანისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი. დადგა დრო, როდესაც ქრისტეს სამართლიანად გადაეცემა ძალაუფლება და მიეცემა ხელმწიფება ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე და სახელზე. სწორედ ამ სიხარულისათვის - თავისი შვილების განდიდებისათვის - დაითმინა მან ჯვარი და სირცხვილი. და თუმცა ენით აუწერელი ტანჯვა და შეურაცხყოფა გადაიტანა, მაინც მისი დიდება და სიხარული შეუდარებლად დიდია. იგი შეhყურებს გამოსყიდულთ, მათში აღდგენილ თავის ხატებას, ყოველ გულს, რომელიც ღვთიურობის სრულყოფილ ბეჭედს ატარებს, ყოველ სახეს, თავიანთი მეფის სახის მსგავსს; კმაყოფილებით უმზერს თავისი თავდადების ნაყოფს, თავისი სულის ნამოქმედარს. შემდეგ, ყოველ მართალსა და უწმიდურს ესმის მისი სიტყვები:“აი, ჩემი სისხლით გამოსყიდულნი! მათთვის ვეწამე, მათთვის მოვკვდი, რათა ისინი ჩემთან ერთად იყვნენ უკუნითი უკუნისამდე”. და ტახტთან მდგომი გამოსყიდულნი, თეთრ სამოსელში გახვეულნი, გალობენ ქებადიდების hიმნს:“ღირსია დაკლული კრავი მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა” (გამოცხ. 5:12).დბ 426.4

    თუმცა სატანა იძულებულია აღიაროს ღმერთის სამართლიანობა და ქრისტეს უმაღლესი ძალა, მაგრამ მისი არსი მაინც უცვლელი რჩება. დაუმორჩილებლობის სულის ძლიერი ნაკადი კვლავ იჭრება მასში. მძვინვარებით ანთებული გადაწყვეტს, არ დანებდეს ამ დიდ ბრძოლაში. დადგა ზეციურ მეფესთან მისი უკანასკნელი შეტაკების მომენტი. იგი შედის თავის ქვეშევრდომთა რიგებში, გაშმაგებული ცდილობს, გაამხნევოს ისინი და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ბრძოლა. მაგრამ ამ ამბოხებაში ჩართული მილიონებიდან უკვე აღარავინ ემორჩილება მის ძალაუფლებას. მის ბატონობას ბოლო მოეღო. უწმიდურნი ისეთივე სიძულვილით არიან გამსჭვალულნი უფლის მიმართ, როგორც თვით სატანა, მაგრამ ისინი ხედავენ, რომ მათი მცდელობა ამაოა და ვერ დაამარცხებენ ღმერთს. ისინი რისხვით ინთებიან სატანისა და მის თანამზრახველთა მიმართ და დემონური სიშმაგით ეცემიან მათ.დბ 427.1

    უფალი ამბობს:“რაკი შენს გულს ღმერთის გულს უტოლებ, ამიტომ, აhა, მოგისევ უცხოელებს, უსასტიკესთ ხალხთა შორის, და იშიშვლებენ მახვილს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ და შელახავენ შენს ბრწყინვალებას; საფლავად ჩაგიყვანენ”.”მე მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის... ამიტომ დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე... ნაცრად გაქცევ მიწაზე ყოველი მხილველის თვალწინ. ყოველი შენი მცნობელი ხალხებში შეძრწუნდება შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე” (ეზ. 28:7,8,16-19).დბ 427.2

    `რადგან ყოველი ხამლი, ბრძოლაში ნატარები, და სამოსელი, სისხლში ნათრევი, დასაწვავი იქნება, როგორც ცეცხლის კერძი”.”რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლდება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცავად გასწირა”,“ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი” (ეს. 9:4; 34:2; ფს. 10:6). ზეციდან ჩამოსული ცეცხლით სკდება მიწა, და მის სიღრმეებში ჩამალული სასიკვდილო იარაღი თავს იჩენს. უფსკრულებიდან ამოდის მჭამელი ცეცხლი. კლდეებიც კი იწვიან. მოვიდა დღე, თონესავით ავარვარებული.”გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა გადაიბუგება” (მალ. 4:1; 2პეტ. 3:10). მთელი დედამიწის ზედაპირი hგავს გავარვარებულ მასას, უზარმაზარ, მდუღარე ცეცხლოვან ზღვას.”რადგან დადგა უფლის შურისგების დღე, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის” (ეს. 34:8).დბ 427.3

    უწმიდურთ სანაცვლო მიეზღებათ ამქვეყნად (იგავ. 11:31). ისინი იქნებიან,“როგორც ჩალა და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი” (მალ. 3:19). ერთნი მყისვე მოისპობიან, სხვანი კი დიდხანს დაიტანჯებიან. ყველას მიეზღვება თავიანთი საქმეების მიხედვით. მართალთა ცოდვები სატანას აკისრია, ამიტომ იგი უნდა ეწამოს არა მარტო თავისი ურჩობისათვის, არამედ ყველა ცოდვისათვის, რომლისკენაც უფლის ხალხს უბიძგებდა. იგი უფრო მკაცრად დაისჯება, ვიდრე მის მიერ ცდუნებულნი. მას შემდეგ, რაც ცოდვილნი განადგურდებიან, სატანა კიდევ იცოცხლებს და დაიტანჯება. განმწმედელ ცეცხლში უწმიდურნი, - ფესვებიც და ტოტებიც საბოლოოდ მოისპობიან. სატანა - ფესვია, მისი მიმდევარნი კი - ტოტები. აღსრულდა სრული შურისგება უფლის კანონის დარღვევისათვის. სამართლიანობის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და ზეცა და დედამიწაც აღიარებენ უფლის სიმართლეს.დბ 427.4

    სატანის დამანგრეველ საქმიანობას სამუდამოდ მიეღო ბოლო. ექვსი ათასი წლის განმავლობაში იგი თავის ნებაზე მოქმედებდა, უბედურებით ავსებდა დედამიწას და ტკივილს აყენებდა მთელ ქვეყნიერებას. ყოველი ცოცხალი არსება გმინავდა და იტანჯებოდა ტკივილისაგან. ახლა კი უფლის შექმნილნი სამუდამოდ გათავისუფლდნენ მისგან და მისი ცდუნებისაგან.”დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს” (ეს. 14:7). უფლის ერთგული მთელი სამყარო ქებადიდებას უძღვნის უფალს და აღტაცებულია.”გავიგონე ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი!” (გამოცხ. 19:6).დბ 428.1

    როდესაც დედამიწას გამანადგურებელი ცეცხლი მოედება, მართლები სრულიად უშიშრად იქნებიან წმიდა ქალაქში. პირველი აღდგომის მონაწილეებზე მეორე სიკვდილს არ ექნება ძალაუფლება. თუკი უწმიდურთათვის ღმერთი არის მჭამელი ცეცხლი, თავისი ხალხისათვის იგი არის”მზე და ფარი” (გამოცხ. 20:6; ფს. 83:12).დბ 428.2

    `ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი დედამიწა გარდახდა და ზღვა აღარ იყო” (გამოცხ. 21:1). ცეცხლი, რომელიც ანადგურებს უწმიდურთ, დედამიწასაც წმედს. აღარ იქნება წყევლის არავითარი კვალი. ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლი გამოსყიდულთ არასოდეს გაახსენებს ცოდვის საშინელ შედეგებს.დბ 428.3

    სამუდამოდ დარჩება მხოლოდ ერთი: ჯვარცმის ნაკვალევი ჩვენი მხსნელის სხეულზე; ჭრილობები - მის გასისხლიანებულ შუბლზე, ფერდზე, ხელებზე და ფეხებზე, - ესაა ერთადერთი, რაც გაგვახსენებს ცოდვის სისასტიკეს. როდესაც ქრისტეს დიდება იხილა, წინასწარმეტყველმა თქვა:“შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება” (აბაკ. 3:4). განგმირული ფერდი, საიდანაც ღმერთთან შემარიგებელი მისი ძვირფასი სისხლი გადმოიღვარა - ესაა მხსნელის დიდება, აქ არის მისი ძლიერების საიდუმლო. იგი”ძლიერია, რათა გადაგვარჩინოს” თავისი გამოსყიდვის მსხვერპლით და ამავე ძლიერების ძალით შეუძლია განიკითხოს ისინი, ვინც მისი წყალობა უარყო. მისი დამცირების ეს ნიშნები მისი უდიდესი ღირსებაა. გოლგოთას ჭრილობები უსასრულო საუკუნეთა განმავლობაში განადიდებენ მას და მის ძლიერებაზე იღაღადებენ.დბ 428.4

    `შენ კი, ფარეხის გოდოლო, გორაკო სიონის ასულისა! შენამდე მოვა, დაგიბრუნდება წინანდელი ხელმწიფება” (მიქა 4:8). დადგა ნანატრი მომენტი, რომელსაც ელოდა ყოველი წმიდანი მას შემდეგ, რაც ცეცხლოვანმა მახვილმა პირველ წყვილს ედემის გზა გადაუღობა, - მომენტი”თავისი საკუთრების გამოსასყიდად” (ეფ. 1:14). გამოსყიდვის უდიდესი გეგმა ადამიანს კვლავ უბრუნებს დედამიწას, რომელიც თავიდან მიეცა მას სამფლობელოდ, მაგრამ რომელიც შემდგომში სატანას დაუთმო და ამდენი ხნის განმავლობაში ამ ძლიერი მტრის ხელში იმყოფებოდა. ყველაფერი, ცოდვისაგან დაკარგული, ბრუნდება.”რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (რადგან ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა. მან დაამყარა იგი. საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა)” (ეს. 45:18). სრულდება ღმერთის პირვანდელი ჩანაფიქრი, რომელიც მას დედამიწის შექმნისას hქონდა და დედამიწა გამოსყიდულთა სამუდამო საცხოვრებელი ხდება.”მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე” (ფს. 36:29).დბ 428.5

    იმის შიშით, რომ წმიდანთა მომავალი მემკვიდრეობა მიწიერებას არ მიუახლოვდეს, ბევრი ცდილობდა, მხოლოდ სულიერი ახსნა მიეცა იმ ჭეშმარიტებისათვის, რომელიც უფლებას გვაძლევს, საკუთარ სახლად მივიჩნიოთ ჩვენი მომავალი სამშობლო. ქრისტემ თავის მოწაფეებს აღუთქვა, რომ იგი მიდის მამასთან მათთვის ადგილის მოსამზადებლად. ვინც ღვთის სიტყვის მოძღვრებას ღებულობს, იგი არ არის სრულად უმეცარი ზეციური სავანის შესახებ. და მაინც:“რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს” (1კორ. 2:9). ადამიანის ენა ვერ აღწერს, თუ რა ჯილდო ელით მართლებს. ეს მხოლოდ მისთვის გახდება გასაგები, ვინც ნახავს მას. ადამიანის შეზღუდულ გონებას არ შეუძლია წარმოიდგინოს ღვთის სამოთხის დიდება.დბ 429.1

    ბიბლიაში გამოსყიდულთა მემკვიდრეობას”სამშობლოდ” იხსენიებენ (ებრ. 11:14-16). იქ ზეციურ მწყემსს დაhყავს თავისი ცხვრები სიცოცხლის წყაროს სათავეებთან. იქ სიცოცხლის ხეს ყოველთვიურად გამოაქვს ნაყოფი და მისი ფოთლებიც ადამიანთა კეთილდღეობისთვისაა. იქ მოედინება სიცოცხლის წყლის მდინარენი, კრისტალივით სუფთა და მათ ნაპირებზე ხეთა ჩრდილები ფარავენ უფლის გამოსყიდულთათვის მომზადებულ ბილიკებს. იქ ვრცელი ველები თანდათან მშვენიერ გორაკებში გადადიან და უფლის მთებს ამაყად აღუმართავთ თავისი მწვერვალები. და იქ, მშვიდ ველებში, სიცოცხლის მდინარეთა ნაპირებზე ღვთის ხალხი - ეს დაქანცული ხიზნები და მგზავრები - იპოვიან თავიანთ სამშობლოს.დბ 429.2

    `დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში”.”აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა - შენს საზღვრებში. ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებელს - შენს კარიბჭეებს. ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად... და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები” (ეს. 32:18; 60:18; 65:21,22).დბ 429.3

    `მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება”.”ეკლის ადგილზე ალვის ხე ამოვა და ქაცვის ადგილზე მურტი ამოვა”.”დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად... და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ”.”არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს ჩემს წმიდა მთაზე”, თქვა უფალმა (ეს. 35:1; 55:13; 11:6,9).დბ 429.4

    ზეცაში არ იქნება ტკივილი. იქ არ იქნება ცრემლი, არც სამგლოვიარო პროცესიები, არც ვაება და მოთქმა.”და აღარ იქნება სიკვდილი; გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება; რადგან წინანდელნი გარდახდნენ” (გამოცხ. 21:4).”არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული” (ეს. 33:24).დბ 429.5

    იქ არის ახალი იერუსალიმი, განწმედილი დედამიწის,“ახალი მიწის” დედაქალაქი,“მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად - შენი ღვთის მარჯვენაში”.”მისი შუქი მსგავსია პატიოსანი თვლისა, როგორც იასპის ქვა, ბროლივით გამჭვირვალე”.”ერები ივლიან მის ნათელზე და მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებასა და პატივს”. უფალი ამბობს:“მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო”.”აhა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან” (ეს. 62:3; გამოცხ. 21:11,24; ეს. 65:19; გამოცხ. 21:3).დბ 430.1

    უფლის ქალაქში”ღამე არ იქნება”. იქ საჭირო არ იქნება დასვენება. უფლის ნების აღსრულება და მისი სახელის განდიდება არ გამოიწვევს დაღლას. ჩვენ ყოველთვის გვექნება უსასრულო დილის სიგრილის შეგრძნება.”აღარ დასჭირდებათ არც სასანთლის შუქი და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ” (გამოცხ. 22:5). მზის ნათებას შეცვლის რბილი, სასიამოვნო ნათელი, რომელიც ბევრად აღემატება შუადღის მზის ბრწყინვალებას. მამისა და კრავის ჩაუქრობელი ნათელი მარადიულად გაანათებს ქალაქს. გამოსყიდულნი იქნებიან მარადიული დღის დიდებაში, თუმცა ეს არ იქნება მზის ნათელი.”ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი” (გამოცხ. 21:22). ღვთის ხალხს ექნება უფალთან გახსნილი, თავისუფალი ურთიერთობის უპირატესობა.”ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ” (1კორ. 13:12). ჩვენ ვხედავთ ღვთის ხატებას, სარკიდან არეკლილს, მის შემოქმედებაში და მის ადამიანებთან ურთიერთობაში, მაგრამ მაშინ პირისპირ დავინახავთ და ჩვენს შორის აღარ იქნება ბუნდოვანი ფარდა, ვიქნებით მასთან და მისი სახის დიდებას ვიხილავთ.დბ 430.2

    გამოსყიდულნი იქ შეიცნობენ ისევე, როგორც თავად არიან შეცნობილნი. თანაგრძნობისა და სიყვარულის ნაზი გრძნობა, რომელიც თვით უფალმა მისცა მათ სულებს, ახლა ჭეშმარიტად და თავისუფლად გამოვლინდება. უანგარო ურთიერთობა წმიდანებთან, hარმონიული ცხოვრება ნეტარ ანგელოზებთან და ყველა საუკუნის ერთგულებთან ერთად, რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსელი და კრავის სისხლით გაასპეტაკეს ისინი წმიდა დამოკიდებულება, რომელიც აკავშირებს”ყოველ მამობას ცაში და ქვეყანაზე” (ეფ. 3:15) - ყოველივე ეს ნეტარებას მისცემს გამოსყიდულთ.დბ 430.3

    იქ ადამიანთა უკვდავი გონება დაუღალავი აღტაცებით შეიცნობს გამომსყიდველი სიყვარულის საიდუმლოს და შემოქმედების ძალის სასწაულებს. იქ აღარ იქნება ადამიანის სასტიკი მტერი - მაცდური, რომელიც ღმერთს ავიწყებდა მას. განვითარდება ყოველგვარი ნიჭი, გამრავლდება ყოველი ტალანტი. ცოდნის შეძენა არ გამოიწვევს ადამიანის გონების გადაღლას და სიცოცხლის ძალების ამოწურვას. იქ შესაძლებელი იქნება ყველაზე გრანდიოზული გეგმების განხორციელება. იქ შესაძლებელია ამაღლებულ მისწრაფებათა ცხოვრებაში განხორციელება, ყველაზე გაბედული გეგმების აღსრულება. მაგრამ ამის შემდეგაც იქნება ახალი მწვერვალები, რომელთა დაპყრობაც გახდება საჭირო, ახალი სასწაულები, რომელნიც აღტაცებას გამოიწვევენ; ახალი ჭეშმარიტებანი, რომელნიც უნდა შევისწავლოთ. ახალი ობიექტები, რომელთაც სხეულის, სულის, გონებისა და ძალთა ძალისხმევა სჭირდება.დბ 430.4

    უფლის მიერ გამოსყიდულ ადამიანთა წინაშე, მათი შემეცნებისათვის, სამყაროს მთელი საუნჯე გადაიშლება. სიკვდილის ბორკილთაგან დახსნილნი, თავიანთ აზრთა ფრენას წარმართავენ იმ შორეული სამყაროებისკენ, რომელთა მკვიდრნიც ღრმად წუხდნენ, როდესაც ადამიანთა სატანჯველს ადევნებდნენ თვალყურს, და რომელნიც სიხარულის hიმნებით ხვდებოდნენ ყოველი სულის გადარჩენას. ენით გამოუთქმელი აღტაცების გრძნობით შეუერთდებიან დედამიწის შვილნი წმიდა არსებათა სიხარულსა და სიბრძნეს; ისინი მათ გაუზიარებენ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში უფლის საქმეთაგან შემეცნებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ისინი ნათლად დაინახავენ მისი შემოქმედების დიდებას - მზეს, ვარსკვლავებსა და ზეციურ სისტემებს, რომლებიც დაწესებული განრიგით მოძრაობენ უფლის ტახტის გარშემო. შემოქმედების ყოველ ნაყოფს, მცირეს თუ დიდს, ბეჭდად ადევს შემოქმედის სახელი და ყოველ მათგანში გამოსჭვივის უზენაესის ძალის სიმდიდრე და სიძლიერე.დბ 431.1

    მარადიულობაში გატარებული წლები სულ უფრო და უფრო გაგვიხსნის უდიდეს და დიდებულ ჭეშმარიტებებს ღმერთისა და მისი ძის შესახებ. და ცოდნის გამრავლებასთან ერთად, გამრავლდება სიყვარული, უფლის წინაშე მოწიწება და ბედნიერება. რაც უფრო მეტად შეიცნობენ ღმერთს, მით უფრო ღრმა იქნება მათი სიყვარული მის მიმართ და როდესაც იესო მათ გადაუშლის გამოსყიდვის სიდიადეს და სატანასთან დიად ბრძოლაში საოცარ მიღწევებს, გამოსყიდულთა გულში უფრო მეტად აინთება სიყვარული, უფრო დიდი სიხარულით აჟღერდება მათი ოქროს ქნარები და ურიცხვი ხმები შეუერთდება მგალობელთა ძლიერ გუნდს.დბ 431.2

    `და ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და დედამიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, - მესმოდა, რომ ამბობდნენ:“ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე” (გამოცხ. 5:13).დბ 431.3

    დიადი ბრძოლა დამთავრებულია. ცოდვა და ცოდვილნი აღარ არსებობენ. მთელი სამყარო განწმედილია. უფლის უამრავ შექმნილთა შორის დამყარებულია სიხარული და თანხმობა. უსასრულო სივრცის ყოველ მხარეს მოედინება სიცოცხლის მდინარეები, სიცოცხლისა და სინათლის ნაკადები მისგან, ვინც შექმნა ყოველივე ეს. უმცირესი ატომიდან დაწყებული სამყაროს უდიდესი სისტემებით დამთავრებული - ყოველი სულიერი თუ უსულო, თავისი შეურყვნელი სილამაზითა და სრული სიხარულით წარმოთქვამს:“ღმერთი სიყვარულია”.დბ 431.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents