Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 13 - რეფორმაცია ნიდერლანდებსა და სკანდინავიაში

    ნიდერლანდებსა და სკანდინავიაში გაბატონებულმა დესპოტიზმმა ძალიან ადრე გამოიწვია მწვავე პროტესტი. ლუთერის მოძღვრებამდე 700 წლით ადრე რომის პაპის წინააღმდეგ გაბედულად გამოვიდა ორი ეპისკოპოსი, რომელთაც რომში ჩასვლისას იხილეს ჭეშმარიტი ხასიათი იმისა, ვინც”წმიდა ტახტზე” იჯდა. უფალმა”საუკუნოდ დააარსა ეკლესია, თავისი სასძლო და დედოფალი ყველა ქრისტიანის საკეთილდღეოდ და მისცა მას ამაღლებული და მარადიული სიკეთე; მან ეკლესიას მისცა გვირგვინი და კვერთხი; შენ კი, როგორც ქურდმა, მიითვისე უფლის ნაბოძვარი; შენ ზიხარ ტაძარში, როგორც ღმერთი; იმის ნაცვლად, რომ მწყემსი ყოფილიყავი, გახდი მგელი ცხვრებს შორის; გსურს დაგვარწმუნო, რომ შენ ხარ უზენაესი მღვდელმთავარი, მაგრამ ისე იქცევი, როგორც დესპოტი. შენ უნდა იყო მსახურთა მსახური, როგორც თავს უწოდებ, მაგრამ გაბატონებულთა ბატონი გახდი. შენ გძულს უფლის კანონები... ყველა ეკლესიას მთელ დედამიწაზე სულიწმიდა აშენებს... უფლის ქალაქი, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, ზეცას სწვდება. იგი იმ ქალაქზე უფრო დიდია, რომელსაც წინასწარმეტყველნი ბაბილონს უწოდებდნენ, რომელიც ღვთიურ ქალაქად თვლის თავს, რომელიც ცამდე ადის და თავს იწონებს თავისი უკვდავი სიბრძნით, რისთვისაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია და თვლის, რომ ის არასოდეს შემცდარა და არც შეიძლება შეცდეს”.დბ 143.1

    ამ საპროტესტო გამოსვლას საუკუნიდან საუკუნემდე იმეორებდნენ სულ ახალახალი ადამიანები. იმ პირველმა მასწავლებლებმა, რომლებიც მრავალ ქვეყანაში მოგზაურობდნენ, სხვადასხვა სახელებით იღწვოდნენ, ვალდენსელი მისიონერების მსგავსად ყველგან სახარების ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ, ნიდერლანდებამდეც მიაღწიეს, სადაც მათი მოძღვრება სწრაფად გავრცელდა. მათ ბიბლია ვალდენსთა ენიდან hოლანდიურ ენაზე თარგმნეს, ვინაიდან, კარგად იცოდნენ, რომ “იგი დიდ სარგებლობას მოუტანდა ხალხს, რადგან მასში არაფერია ფუქსავატური, არანაირი ხუმრობა, დაცინვა და ეშმაკობა, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტების სიტყვა; რასაკვირველია, აქაც გვხვდება თავისებური სირთულე, მაგრამ მასში მოცემული სიკეთისა და სიწმიდის სითბო და არსი სრულიად გასაგებია ყოველი ადამიანისათვის”. - ასე წერდნენ ჭეშმარიტი რელიგიის მეგობრები მეთორმეტე საუკუნეში.დბ 144.1

    დაიწყო დევნა. მაგრამ ტანჯვაწამებისა და კოცონთა სიმრავლის მიუხედავად მორწმუნეთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა. ისინი ბიბლიას უშიშრად უწოდებდნენ ერთადერთ უცოდველ ავტორიტეტს რელიგიის საკითხებში და ამტკიცებდნენ, რომ”ვერც ერთ ადამიანს ვერ მიაღებინებენ რწმენას ძალით, არამედ - მხოლოდ ქადაგებით”.დბ 144.2

    ლუთერის მოძღვრებამ ნოყიერი ნიადაგი hპოვა ნიდერლანდებში. იქ სახარების საქადაგებლად გამოჩნდნენ მისი გულწრფელი და ერთგული დამცველები. მენო სიმონსი hოლანდიის ერთერთი პროვინციის მკვიდრი იყო. რომის კათოლიკური რწმენით აღზრდილმა, ხელდასხმულმა მღვდელმა სრულებით არ იცოდა ბიბლია და არც სურდა მისი წაკითხვა იმის შიშით, რომ ერეტიკოსთა ბადეში არ გაბმულიყო. ერთხელ მას ეჭვი შეეპარა საკითხთა საფუძვლიანობაში, მაგრამ ეს სატანურ ცდუნებას მიაწერა და შეეცადა, ლოცვებითა და აღსარებით გათავისუფლებულიყო ასეთი აზრებისაგან, მაგრამ ამაოდ. იგი ფუქსავატი გართობებით შეეცადა გამოღვიძებული სინდისის ხმის ჩახშობას, მაგრამ ამანაც არ უშველა. ცოტა ხნის შემდეგ ახალი აღთქმისა და ლუთერის ნაშრომების შესწავლა დაიწყო და ბოლოს და ბოლოს, რეფორმატორული რწმენა მიიღო. ერთხელ იგი მოწმე გახდა ადამიანის დასჯისა, რომელსაც თავი მოhკვეთეს მხოლოდ იმის გამო, რომ მეორედ მოინათლა. ამ შემთხვევამ აიძულა იგი მიემართა ბიბლიისათვის ბავშვთა ნათლობის პრობლემის გადასაწყვეტად.წმიდა წერილში მან ვერ მონახა ამის დამამტკიცებელი შემთხვევა. პირიქით, იგი დარწმუნდა, რომ ნათლობის მიღებისათვის აუცილებელია მხოლოდ მონანიება და რწმენა.დბ 144.3

    მენომ მიატოვა კათოლიკური ეკლესია და მთელი თავისი სიცოცხლე ჭეშმარიტების ქადაგებას მიუძღვნა. გერმანიაში და ნიდერლანდებში იმ პერიოდში ბევრი ფანატიკოსი გამოჩნდა, რომლებიც აბსურდულ და ბუნტარულ მოძღვრებებს ავრცელებდნენ და ხალხს წესრიგის დარღვევისაკენ, ძალადობისა და ამბოხებისაკენ მოუწოდებდნენ. მენომ წინასწარ განჭვრიტა ამ მოძრაობის შედეგები და მთელი ძალით ჩაება ფანატიკოსთა ამ ცრუ იდეებისა და მათი ველური გეგმების წინააღმდეგ ბრძოლაში. თავდაპირველად ამ ბუნტარული მოძღვრებით გატაცებული ბევრი ადამიანი ბოლოს გამოეყო ამ დამღუპველ მოძრაობას. მათ გარდა, ნიდერლანდებში მრავლად იყვნენ ძველი ქრისტიანული რელიგიის მიმდევარნი - ვალდენსელთა შთამომავლობის წარმომადგენელნი; სწორედ ამ ადამიანებში დაიწყო მენომ თავისი მსახურება და დიდი წარმატებითაც.დბ 145.1

    25 წლის განმავლობაში მოგზაურობდა იგი ცოლშვილთან ერთად; არ მოhკლებია გაჭირვება, სიძნელეები და თავი ხშირად ჩაუგდია საფრთხეში; მოგზაურობდა მთელ ნიდერლანდებში და ჩრდილოეთ გერმანიაში, სადაც ძირითადად, უბრალო ადამიანთა შორის შრომობდა და დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა. მას მჭევრმეტყველების თანდაყოლილი ნიჭი hქონდა, თუმცა დიდი განათლება არ მიუღია. ეს ზედმიწევნით პატიოსანი, მეტად მგრძნობიარე და მორიდებული, სერიოზული და ჭეშმარიტად ღვთისმოსავი კაცი, საკუთარ ცხოვრებაში ატარებდა იმ პრინციპებს, რომელთა შესახებაც ხალხს უქადაგებდა და ამიტომაც მათ შორის დიდი ნდობით სარგებლობდა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული მისი მიმდევრები ხშირად დიდ სიძნელეებს იტანდნენ იმის გამოც, რომ ისინი ფანატიკოსმუნსტერებში ეშლებოდათ. და მაინც, მისი მცდელობისა და ნაშრომების მეშვეობით, ბევრი ადამიანი მობრუნდა ღმერთისაკენ.დბ 145.2

    არსად არ მიუღიათ რეფორმატორული მოძღვრებანი ისე ფართოდ, როგორც ნიდერლანდებში. და ეს - მიუხედავად დევნისა, რაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იყო უფრო ძლიერი. გერმანიაში კარლოს V აკრძალა რეფორმაცია და დიდი სიამოვნებით გაგზავნიდა ყოველ ლუთერანს კოცონზე, მაგრამ მთავრები გაბედულად დაუპირისპირდნენ მის დესპოტიზმს. ნიდერლანდებში მას დიდი გავლენა და ძალაუფლება hქონდა და აქაც გაუთავებლად გამოდიოდა ბრძანებულებები რეფორმატორთა დევნის შესახებ. ბიბლიის კითხვა, მის ჭეშმარიტებათა ქადაგება ან მოსმენა, მის შესახებ უბრალო საუბარიც კი კოცონზე სიკვდილს ნიშნავდა. ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა განცალკევებულ ადგილას და არა ხელქმნილი ხატების წინაშე, ფსალმუნთა გალობაც კი დანაშაულად ითვლებოდა, რაც სიკვდილს იმსახურებდა. მამაკაცები მახვილისაგან იღუპებოდნენ, ქალებს კი ცოცხლად მარხავდნენ. ათასობით ადამიანი დაიღუპა კარლოს V და ფილიპე II მეფობის პერიოდში.დბ 145.3

    ერთხელ ინკვიზიციის წინაშე წარდგა მთელი ოჯახი, რომელსაც ბრალი დასდეს იმაში, რომ მონაწილეობას არ ღებულობდა მესაში და სახლში ლოცულობდა. ამ ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის დაკითხვისას მათი ოჯახური ღვთისმსახურების წესის შესახებ, ბავშვმა უპასუხა:“ჩვენ მუხლებზე დაჩოქილნი ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, გაგვინათოს გონება და მოგვიტევის ცოდვები; ვლოცულობთ ჩვენი მეფისათვის და ღმერთს ვთხოვთ, რომ მის სამფლობელოში წესრიგი იყოს, თვითონ კი - ბედნიერი; ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქალაქის მთავრებისათვის, რათა ღმერთმა დაიცვას ისინი.” ამ სიტყვებმა ერთერთ მოსამართლეს აუჩუყა გული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ბავშვის ერთერთი ძმა და მამა კოცონზე დაწვეს.დბ 145.4

    მდევნელთა მძვინვარება მოწამეთა რწმენას უთანასწორდებოდა. არა მარტო მამაკაცები, არამედ ნაზი ქალები და ახალგაზრდა გოგონებიც კი ურყევ რწმენას ავლენდნენ და დიდ გმირობას იჩენდნენ.”ცოლები არ შორდებოდნენ კოცონს, რომლის ალში იწვებოდნენ მათი ქმრები; ისინი ლოცვითა და წმიდა გალობებით ამხნევებდნენ მათ. ახალგაზრდა ქალიშვილები, რომელთაც ცოცხლად მარხავდნენ მიწაში, ისე იქცეოდნენ, თითქოს თავიანთ საძინებელ ოთახში დასაძინებლად წვებოდნენ. ეშაფოტზე ან კოცონზე ასვლისას ისინი იცმევდნენ ყველაზე ლამაზ კაბებს, თითქოს ქორწილისათვის ემზადებოდნენ და არა სიკვდილისათვის”.დბ 146.1

    როცა წარმართნი სახარების განადგურებას ცდილობდნენ, მაშინ ქრისტიანთა დაღვრილი სისხლი წმიდა თესლად იქცეოდა. დევნა უფრო ზრდიდა ჭეშმარიტების მიმდევართა რიცხვს. წლიდან წლამდე ამ მტკიცე, დაუმარცხებელი ხალხის უდრეკი სულით გაცოფებული მეფე განაგრძობდა თავის საშინელ საქმიანობას, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. ბოლოს, კეთილშობილი ვილhელმ ორანელის მეფობის შემდეგ hოლანდიამ ღვთისმსახურების თავისუფლება მიიღო.დბ 146.2

    პიემონტის მთებში, საფრანგეთის ველებსა და hოლანდიის ნაპირებზე სახარება ქრისტეს მოწაფეთა დაღვრილი სისხლით ვრცელდებოდა. ჩრდილოეთის ქვეყნებში კი ყველაფერი მშვიდობიანი გზით მიმდინარეობდა. რეფორმატორთა რწმენა სკანდინავიაში ვიტენბერგიდან სამშობლოში დაბრუნებულმა სტუდენტებმა ჩამოიტანეს. ლუთერის ნაშრომებიც დიდად უწყობდა ხელს სახარების გავრცელებას. ჩრდილოეთის უბრალო, გულწრფელმა ადამიანებმა ზურგი აქციეს რომის მანკიერებას, ცრუმორწმუნეობასა და მის გარეგნულ დიდებულებას, რათა მიეღოთ წმიდა და ნათელი ბიბლიური მოძღვრება.დბ 146.3

    დანიელი რეფორმატორი თაუზენი უბრალო გლეხის შვილი იყო. მას ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი აღმოაჩნდა. განათლების მიღების დიდი სურვილიც hქონდა, მაგრამ მშობლებს ამის შესაძლებლობა არ გააჩნდათ და იგი იძულებული გახდა, მონასტერში წასულიყო. თავისი გონიერებით, გულმოდგინებითა და პატიოსნებით ყმაწვილმა მალე მონასტრის ხელმძღვანელის პატივისცემა დაიმსახურა. გამოცდების ჩაბარებისას მან მრავლისმომცველი ნიჭი გამოავლინა, რითაც მომავალში ეკლესიას კარგ სამსახურს გაუწევდა. მალე მისი გერმანიის ან ნიდერლანდების ერთერთ უნივერსიტეტში სასწავლებლად გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს. ახალგაზრდა სტუდენტს ნება დართეს, თვითონვე ამოერჩია უმაღლესი სასწავლებელი - ვიტენბერგის გარდა. მომავალი ღვთისმეტყველი ერესის შხამიან მოძღვრებას უნდა მოერიდოს, - ამბობდნენ ბერები.დბ 146.4

    თაუზენი გაემგზავრა კიოლნში, რომელიც იმ დროისათვის პაპის ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. ძალიან მალე კათოლიკე მასწავლებელთა მისტიციზმმა ყმაწვილში ზიზღი გამოიწვია. დაახლოებით ამ პერიოდისათვის იგი გაეცნო ლუთერის ნაშრომებს, რასაც განცვიფრებული აღტაცებით კითხულობდა და რეფორმატორის ნახვისა და მისგან რჩევის მიღების დიდი სურვილი აღეძრა. მან, რა თქმა უნდა იცოდა, რომ ამით შეურაცხყოფას მიაყენებდა მონასტრის წინამძღოლს და მის მხარდაჭერასა და წყალობას დაკარგავდა. მაგრამ მალე არჩევანი გაკეთდა და ცოტა ხნის შემდეგ თაუზენი ვიტენბერგის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.დბ 146.5

    დანიაში დაბრუნების შემდეგ იგი ისევ თავის მონასტერში მივიდა. ჯერ კიდევ არავინ იცოდა მისი ლუთერანული რწმენის მხარეზე გადასვლის ამბავი. მან არავის გაანდო თავისი საიდუმლო, მეგობრები კი ისე ფრთხილად მიhყავდა ჭეშმარიტი რწმენისა და წმიდა ცხოვრებისაკენ, რომ ცდილობდა, მათ ცრუმორწმუნეობას არ შეხებოდა. იგი ბიბლიას კითხულობდა და მის ჭეშმარიტ მნიშვნელობას უხსნიდა მათ. და ბოლოს, საჯაროდ დაიწყო სახარების ქადაგება, ქადაგება ცოდვილთა გამართლებისა და გადარჩენის ერთადერთი იმედის, ქრისტეს შესახებ. საშინელი იყო მონასტრის წინამძღვრის რისხვა იმ ახალგაზრდა სტუდენტის მიმართ, რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებდა, როგორც რომის ეკლესიის ერთგულ დამცველზე. თაუზენი სასწრაფოდ სხვა მონასტერში გადაიყვანეს და სენაკში მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მოათავსეს.დბ 147.1

    მის ახალ წინამძღვართა საუბედუროდ, მალე რამდენიმე ბერმა თავი პროტესტანტად გამოაცხადა. თავისი სენაკის გისოსებიდან თაუზენი მეგობრებს ჭეშმარიტების შესახებ ესაუბრებოდა. აქაურ მამებს რომ სცოდნოდათ, როგორ ექცეოდნენ ერეტიკოსებს, თაუზენის ხმა სამუდამოდ დადუმდებოდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სადმე მიწისქვეშა დილეგში ჩაეგდოთ, იგი მონასტრიდან გააძევეს. ახლა კი ისინი უკვე უძლური იყვნენ. მეფის ახლად გამოსული ბრძანებულება მფარველობას უცხადებდა ახალი მოძღვრების ყველა მასწავლებელს. თაუზენმა კვლავ დაიწყო სახარების ქადაგება. მის წინაშე გაიხსნა ეკლესიების კარი და მის მოსასმენად უამრავმა ხალხმა იწყო დენა. ღვთის სიტყვას სხვებიც ქადაგებდნენ. დანიურ ენაზე გადათარგმნილი ახალი აღთქმა ფართოდ ვრცელდებოდა მთელ სახელმწიფოში. პაპისტების ძალისხმევამ, შეეჩერებინათ ეს პროცესი, პირიქით, მისი ფართოდ გავრცელება გამოიწვია და სულ მოკლე ხანში დანიამ განცხადება გააკეთა პროტესტანტული რელიგიის მიღების შესახებ.დბ 147.2

    შვედეთში ახალგაზრდა ქრისტიანებმა ჩამოიტანეს ვიტენბერგის წყაროს მაცოცხლებელი წყალი და უსასყიდლოდ გაუზიარეს თანამემამულეებს. შვედ რეფორმატორთა ბელადთაგან ორნი - ალაფი და ლავრენტი პეტრები - ორებრუელი მჭედლის შვილები, ლუთერისა და მელანქტონის მოწაფეები, სახარების მგზნებარე მქადაგებლები იყვნენ. უდიდესი რეფორმატორის მსგავსად, ოლიფი თავისი გულმოდგინებითა და მჭერმეტყველებით სულიერად აღაფრთოვანებდა ხალხს, ხოლო სიტყვაძვირი და დინჯი ლავრენტი, მელანქტონის მსგავსად, სწავლულს უფრო წააგავდა. ორივე ნამდვილი ღვთისმოსავი, თეოლოგიის დიდი მცოდნე და ჭეშმარიტების უშიშარი მქადაგებელი იყო. მაგრამ პაპისტებიც უქმად არ კარგავდნენ დროს. კათოლიკე მღვდლები რეფორმატორთა წინააღმდეგ ამხედრებდნენ უმეცარ და ცრუმორწმუნე ხალხს. ოლაფ პეტრის ხშირად ესხმოდა თავს ქუჩის ბრბო და ბევრჯერ სიკვდილსაც გადაურჩა. მიუხედავად ამისა, მეფე კეთილად იყო განწყობილი ამ რეფორმატორთა მიმართ და მათ მფარველობას უწევდა.დბ 147.3

    რომის ეკლესიის უღელმა დააბეჩავა ხალხი. წმიდა წერილისგან გარიყულთ, სიმბოლური გარეგნული რელიგია ვერავითარ სულიერ საზრდოს ვერ აწვდიდა, ამიტომ ადამიანები კვლავ წინაპართა წარმართულ რელიგიას - კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდნენ. ერი ორ მოწინააღმდეგე ბანაკად გაიყო და მათ შორის გაუთავებელმა ბრძოლებმა უფრო დაამონა და გააღარიბა ხალხი. მეფემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოში და ეკლესიაში რეფორმაციის დაკანონების შესახებ და ამ ნიჭიერ მებრძოლთ ყოველმხრივ ეხმარებოდა რომის საწინააღმდეგო მოღვაწეობაში.დბ 147.4

    მეფისა და შვედეთის უმაღლეს მმართველთა თანდასწრებით ოლაფ პეტრი კათოლიკე ღვთისმეტყველებთან დისპუტის დროს წარმატებით იცავდა რეფორმატორთა რწმენას. მან განაცხადა, რომ მამების მოძღვრების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეთანხმება წმიდა წერილს; რომ რწმენის ყველა აუცილებელი პრინციპი ბიბლიაში ნათელი და გასაგები ფორმითაა მოცემული ისე, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მისი შემეცნება. ქრისტემ თქვა:“ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა” (იოან. 7:16), ხოლო პავლე მოციქულმა განაცხადა:“თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი” (გალ. 1:8).”მაშინ რატომ ბედავს ადამიანი, - თქვა რეფორმატორმა, - თავისი დოგმების დადგენას და რატომ ახვევს თავს მას სხვა ადამიანებს, როგორც გადარჩენის აუცილებელ საშუალებას?” ამ დისპუტზე მან დაამტკიცა, რომ ეკლესიის დადგენილებებს არავითარი ძალა არა აქვს, როცა ისინი უფლის მცნებათა საწინააღმდეგოა და გამოაცხადა პროტესტანტიზმის უდიდესი პრინციპი:“ბიბლია და მხოლოდ ბიბლიაა” - ცხოვრებისა და რწმენის წესი.დბ 148.1

    ეს არც თუ ისე დიდად ცნობილი ბრძოლა”გვაცნობს ადამიანებს, რომელნიც რეფორმაციის არმიის რიგით წევრებს შეადგენდნენ. ისინი არ იყვნენ გაუნათლებელი და ხმაურიანი ფანატიკოსები. არავითარ შემთხვევაში! ეს ადამიანები ღრმად ჩაწვდნენ ღვთის სიტყვის არსს და კარგად იცოდნენ, სად, როდის და როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს ღვთით ბოძებული იარაღი. რაც შეეხება ცოდნას და განათლებას, მათ წინ გაუსწრეს დროს. თუკი ჩვენს ყურადღებას შევაჩერებთ განათლების ისეთ ბრწყინვალე ცენტრებზე, როგორიცაა ვიტენბერგი და ციურიხი და ისეთ ცნობილ პიროვნებებზე, როგორებიც იყვნენ ლუთერი და მელანქტონი, ცვინგლი და ეკოლამპადიუსი, ჩვენ, რასაკვირველია, გვიპასუხებენ, რომ ისინი მოძრაობის ბელადები არიან და დახვეწილი გონება და ბრწყინვალე საქმეები აქვთ, ხოლო მათი მიმდევრები დიდად განსხვავდებოდნენ მათგან. დიახ, ეს ასეა. მაგრამ, მოდით, გადავხედოთ შვედეთის მოვლენებს, ამ დიდი მასწავლებლების მოკრძალებულ მოწაფეებს - ოლაფსა და ლავრენტს. რას ვხედავთ? ესენი არიან სწავლული და ღვთისმეტყველი ადამიანები, რომლებმაც სრულად შეისწავლეს სახარების ჭეშმარიტება და სიტყვით დაამარცხეს რომის თეოლოგები და სოფისტები”.დბ 148.2

    ზემოხსენებული დისპუტის შედეგად შვედეთის მეფემ პროტესტანტული რწმენა მიიღო, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ პარლამენტიც მის გზას დაადგა. ოლაფ პეტრიმ შვედურ ენაზე თარგმნა ახალი აღთქმა და მეფის სურვილის თანახმად, მთელი ბიბლიის თარგმნა დაიწყეს. ამგვარად, შვედმა ხალხმა თავისი არსებობის მანძილზე პირველად მიიღო ღვთის სიტყვა მშობლიურ ენაზე. პარლამენტმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ეკლესიაში, ღვთის მსახურთ მრევლისათვის უნდა განემარტათ წმიდა წერილი, ხოლო სკოლებში ბავშვებისათვის ბიბლია წაეკითხათ.დბ 148.3

    სახარების კურთხეული ნათელი თანდათანობით, მაგრამ მტკიცედ ფანტავდა ცრუმორწმუნეობისა და უმეცრების წყვდიადს. რომის ტყვეობიდან განთავისუფლებულმა ერმა არნახულ დიდებასა და განვითარებას მიაღწია. შვედეთი პროტენტატიზმის მტკიცე ციხესიმაგრედ იქცა. ასი წლის შემდეგ, უდიდესი საშიშროების მომენტში ამ პატარა და წარსულში სუსტმა ქვეყანამ, ერთადერთმა ევროპაში, გაბედა და დახმარების ხელი გაუწოდა გერმანიას საშინელი, 30-წლიანი ომის დროს. დადგა მომენტი, როდესაც მთელი ჩრდილოეთი ევროპა კვლავ რომის ტირანიის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო, მაგრამ შვედეთის ჯარმა შეაჩერა ჯარები, რომლებიც გერმანიისაკენ მიიწევდნენ, მიაღწია რელიგიურ შემწყნარებლობას გერმანელი პროტესტანტების - კალვინისტებისა და ლუთერანებისათვის და სინდისის თავისუფლების დაბრუნებაში დაეხმარა ქვეყნებს, რომელთაც რეფორმაცია მიიღეს.დბ 148.4