Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 18 - ახალი ნათელი ახალ ქვეყანაში

    /ამერიკელი რეფორმატორი/

    უილიამ მილერი ერთი პატიოსანი და მოკრძალებული ფერმერი იყო, რომელსაც წმიდა წერილის ღვთიური ავტორიტეტის მიმართ მტკიცე რწმენა არ გააჩნდა, თუმცა ჭეშმარიტების შეცნობა გულწრფელად სურდა. სწორედ იგი აირჩია უფალმა ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ ქადაგებისათვის. მრავალ სხვა რეფორმატორთა მსგავსად, უილიამ მილერი ადრეული ყმაწვილობიდან ებრძოდა სიღარიბეს და არსებობისათვის ბრძოლამ მას ბევრი რამ ასწავლა; მათ შორის ორი უდიდესი რამ: საკუთარ სურვილებზე უარის თქმა და ძალების მოკრების უნარი. მისი ოჯახის წევრები დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვით, თავისუფლებისა და სამშობლოს მხურვალე სიყვარულით გამოირჩეოდნენ; ერთი სიტყვით, მისი ხასიათის ძირითადი თვისებებიც სწორედ ეს გახდა. მამამისი რევოლუციური არმიის კაპიტანი იყო და ოჯახმა დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ბრძოლისა და ტანჯვის მძიმე პერიოდში. სწორედ ამან განაპირობა მილერის შეჭირვებული ცხოვრება ახალგაზრდობაში.დბ 196.1

    ფიზიკურად მეტად ძლიერი და ჯანმრთელი უილიამ მილერი ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ნიჭითა და გონებით გამოირჩეოდა, რაც მის ზრდასთან ერთად სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა. მისი შემოქმედებითი და განვითარებული ბუნება ცოდნის შეძენისაკენ ისწრაფოდა. თუმცა მას არ ხვდა წილად ბედნიერება, განათლება მიეღო უნივერსიტეტში, მაგრამ ცოდნის მიღების უდიდესმა სურვილმა, სწავლის სიყვარულმა, სერიოზული მსჯელობის უნარმა და გულმოდგინე მეცადინეობამ იგი იმ ყოველმხრივ განვითარებულ ადამიანთა რიგებში ჩააყენა, რომელთაც ჯანსაღი მსჯელობის უნარი გააჩნიათ. ეს იყო მაღალი ზნეობისა და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე პიროვნება, ყველასგან პატივცემული თავისი პატიოსნების, მომჭირნეობისა და კეთილმოსურნეობის გამო. თავისი ენერგიული შრომისა და გულმოდგინების წყალობით მან სულ მალე მიაღწია მატერიალურ დამოუკიდებლობას, თუმცა პარალელურად სწავლაგანათლების მიღება არასოდეს შეუწყვეტია. დიდ წარმატებებს მიაღწია სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობებზე ყოფნის დროს და მისთვის სიმდიდრისა და დიდებისაკენ გზა ხსნილი იყო.დბ 196.2

    მილერს დედა მეტად ღვთისმოსავი hყავდა და ბიჭიც რელიგიურ ატმოსფეროში გაიზარდა. მაგრამ ახალგაზრდა მილერი მოხვდა დეისტთა საზოგადოებაში, რომელნიც თავისი კეთილი, hუმანური ქმედებებით უდიდეს ზეგავლენას ახდენდნენ ადამიანებზე. მათ ზნეობრივ თვისებებს დიდად განაპირობებდა ის ქრისტიანული გარემოცვა, რომელშიც ცხოვრება უხდებოდათ. რასაკვირველია, თავის მაღალ ზნეობრივ თვისებებს, საზოგადოების პატივისცემასა და ნდობას ბიბლიას უმადლოდნენ, მაგრამ წმიდა წერილის ჭეშმარიტებებს იმდენად დამახინჯებულად სწავლობდნენ, რომ ეს ხალხი საზოგადოებაზე, ნებით თუ უნებლიეთ, ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო გავლენას ახდენდა. მათთან ურთიერთობისას მილერმა თავისდაუნებურად მათი თვალსაზრისი გაიზიარა. იმდროინდელი ბიბლიური ახსნაგანმარტება ისეთ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რომ მილერს იგი შეუძლებლად მიაჩნდა. მისმა ახალმა რელიგიამ, რომელიც უარყოფდა ბიბლიას და სანაცვლოს არაფერს მატებდა მის სულს, ვერ დააკმაყოფილა იგი. მიუხედავად ამისა, იგი დეისტთა თვალსაზრისს 12 წლის განმავლობაში იზიარებდა. 34 წლის ასაკში, სულიწმიდის ძალის ზემოქმედებით შეიცნო თავისი ცოდვილი მდგომარეობა. თავის რელიგიაში მან ვერ hპოვა რწმენა სიკვდილის შემდეგ ბედნიერი ცხოვრების შესახებ. ამიტომ მომავალი წყვდიადით მოცული და საიდუმლოებით აღსავსე ეჩვენებოდა. შემდგომში, თავისი მტანჯველი ფიქრების გახსენებისას, იგი ამბობდა:დბ 197.1

    `სიკვდილზე ფიქრი იმდენად ამაზრზენი და საშინელი იყო, რომ მთელი სხეული სიცივისაგან მეკუმშებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობის მტანჯველი გრძნობა საყოველთაო დაღუპვისაკენ მიმაქანებდა. ზეცა ჩემთვის იყო სპილენძი, ფეხქვეშ დედამიწა კი - რკინა. მარადიულობა - რა არის ეს? რისთვის არის საჭირო სიკვდილი? რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამის შესახებ, მით უფრო ვშორდებოდი მტკიცებებს. რაც მეტს ვმსჯელობდი, მით უფრო უაზრო იყო ჩემი დასკვნები. შევეცადე შემეწყვიტა ამაზე ფიქრი, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ ვფლობდი. ასეთ საცოდავ მდგომარეობაში ვიყავი და ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს. ვშფოთავდი და თვითონაც არ ვიცოდი, ვის რაში ვადანაშაულებდი. ვგრძნობდი, რომ რაღაც რიგზე არაა, მაგრამ არ ვიცოდი, სად მეძებნა ჭეშმარიტება. მაშინ ვქვითინებდი და ეს იყო სასოწარკვეთილების ცრემლები.”დბ 197.2

    ასეთი მდგომარეობა რამდენიმე თვეს გაგრძელდა.”უცბად, - იხსენებდა იგი, - მე მივხვდი, როგორი იყო ჩემი მაცხოვარი სინამდვილეში. თვალწინ წარმომიდგა ვიღაცა - იმდენად კეთილი და მოწყალე, რომ კვდება ჩვენი ურჯულოებისაგან გამოსყიდვისათვის და ჩვენივე ცოდვების გამო ჩვენი კუთვნილი სასჯელისაგან გვათავისუფლებს. მაშინვე ვიგრძენი მისი სიყვარული ჩემს მიმართ და ვიფიქრე, ახლავე დავემხობი მის ფერხთით და სრულად მივენდობი მის წყალობასმეთქი. მაგრამ მაშინვე სხვა კითხვა წამოიჭრა ჩემს გონებაში:“როგორ უნდა დავამტკიცო მისი ჭეშმარიტი არსებობა, ვინც”იყო, არის და იქნება”? და მე მივხვდი, რომ ბიბლიის გარდა, სხვაგან ვერსად ვიპოვიდი მაცხოვრის არსებობის მტკიცებას და მომავალი ცხოვრების არსს...დბ 197.3

    ბიბლიამ გადამიშალა მაცხოვრის ხასიათი, რომელიც ასე მჭირდებოდა და დავრწმუნდი, რომ მხოლოდ უფლის მიერ დაწერილ ღვთივსულიერ წიგნში შეიძლება იყოს ჩაწერილი ის წესები, რაც დაცემულ კაცობრიობას სჭირდება და გულში დავეთანხმე იმ აზრს, რომ წმიდა წერილი არის ღვთის გამოცხადება. ბიბლია გახდა ჩემი სიხარული და სიცოცხლის მიზანი, იესოში კი მეგობარი ვიპოვე. მაცხოვარი ჩემთვის”სხვა, ათიათასზე უკეთესი” გახდა, წერილი კი, რომელიც ადრე ასე გაუგებარ ურთიერთსაწინააღმდეგო პრინციპების მქონე წიგნად მეჩვენებოდა, ახლა ჩემი ცხოვრების გზის მანათობელ ლამპრად გადაიქცა. მე დავმშვიდდი და დავრწმუნდი, რომ უფალი - კლდეა ჩემი ცხოვრების ოკეანეში. ამიერიდან ბიბლია გახდა ჩემი გამოკვლევების საგანი და გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ მისი შესწავლა უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. ამავე დროს აღმოვაჩინე, რომ აქამდე არ მსმენია ამ წიგნში მონათხრობის თითქმის ნახევარზე მეტი; მიკვირდა, რომ ადრე ვერ ვამჩნევდი მის სილამაზესა და დიდებას და უარვყოფდი მას. მასში ვპოვე პასუხი ყველა ჩემს გულისთქმაზე, ვპოვე ჩემი ყველა სულის ტკივილის წამალი. დავკარგე სხვა წიგნებისადმი ინტერესი და ჩემი გული უფლის სიბრძნის შემეცნებას მივუძღვენი”.დბ 198.1

    მილერმა სახალხოდ აღიარა იმ რელიგიისადმი ერთგულება, რომელსაც ადრე უგულვებელყოფდა. მისმა ურწმუნო მეგობრებმა არ დააყოვნეს იმ მტკიცებათა წამოყენება, რომლითაც ადრე თვით მილერი უარყოფდა წმიდა წერილის ღვთიურ წარმოშობას. მაშინ იგი ჯერ კიდევ არ იყო მზად პასუხის გასაცემად და ასე მსჯელობდა: თუკი ბიბლია ნამდვილად უფლის გამოცხადებაა, მაშინ მასში არ უნდა იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები; თუკი იგი ადამიანის სასწავლებლად არის განკუთვნილი, მაშინ მისი შინაარსი გასაგები უნდა იყოს. და მან გადაწყვიტა ბიბლიის დამოუკიდებლად შესწავლა, რათა გაეგო, შეიძლებოდა თუ არა ამ მოჩვენებითი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების შეთანხმება.დბ 198.2

    გარეშე აზრთა ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, მას არ უსარგებლია არც ერთი კომენტარით, არამედ წერილებს ერთმანეთს ადარებდა და მხოლოდ პარალელური ადგილებითა და სიმფონიით სარგებლობდა. იგი ბიბლიას რეგულარულად და სისტემატურად სწავლობდა: დაიწყო ყოველი ტექსტის შესწავლა დაბადების წიგნიდან და გაუგებრობის შემთხვევაში დიდხანს ჩაhკირკიტებდა ერთსა და იმავე ადგილს. ბიბლიის ძნელ ადგილებს მისი სხვა, პარალელური ტექსტებით სხნიდა. რა თქმა უნდა, წმიდა წერილის ყოველ ტექსტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მილერი მათ მნიშვნელობას სხვა ტექსტებთან შედარებით იგებდა. იგი გულმოდგინე ლოცვებით იკვლევდა ბიბლიას: სთხოვდა უფალს, მიეცა მისთვის ღვთიური ნათელი და დახმარებოდა იმ კითხვებზე პასუხის მოძებნაში, რომელიც ადრე მისთვის დაფარული იყო. მან საკუთარი გამოცდილებით შეიცნო მეფსალმუნის სიტყვები:“საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს” (ფს. 118:130).დბ 198.3

    განსაკუთრებული ინტერესით დანიელისა და გამოცხადების წიგნებს სწავლობდა, იყენებდა რა მათი განმარტებისათვის იმავე პრინციპებს, რასაც სხვა ტექსტების განხილვისას. უდიდესი სიხარულით აღმოაჩინა, რომ წინასწარმეტყველურ სიმბოლოთა გაშიფვრა შესაძლებელი ყოფილა. მან დაინახა, რომ წინასწარმეტყველებანი სიტყვასიტყვით სრულდება, რომ სხვადასხვა სიმბოლოების, მეტაფორების, იგავების, შედარებებისა და სხვათა ახსნა შეიძლება ტექსტების ურთიერთდამოკიდებულებით ან მათში ჩადებული აზრი წმიდა წერილის სხვა ადგილებით განიმარტება და აქედან გამომდინარე, ისინი პირდაპირი მნიშვნელობით შეიმეცნება.”ამ გზით იმ დასკვნამდე მივედი, - ამბობდა მილერი, - რომ ბიბლია - ეს არის ნათელ ჭეშმარიტებათა სისტემა, იმდენად უბრალო და ადვილად გასაგები, რომ ამისთვის განათლება სულაც არ არის საჭირო”. წინასწარმეტყველებათა გრძელ ჯაჭვს ის თანდათანობით, რგოლიდან რგოლამდე წარმატებით სწავლობდა და მისი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა. მის აზრებს ზეციური ანგელოზები მართავდნენ და მას გონებას უხსნიდნენ.დბ 198.4

    იმაზე დაყრდნობით, რომ წარსულის ყველა წინასწარმეტყველება ზუსტად აღსრულდა, მილერი დარწმუნდა, რომ ასევე ზუსტად აღსრულდება წინასწარმეტყველება მომავლის მოვლენების შესახებ. ამგვარად, მან გააკეთა დასკვნა, რომ საყოველთაოდ გავრცელებული აზრი ქრისტეს სულიერ სასუფეველზე - კაცობრიობის ისტორიის დასასრულის წინა ათასწლიან პერიოდზე - არ მტკიცდება ღვთის სიტყვით. ამ თეორიის თანახმად, რომელიც უფლის მეორედ მოსვლის წინა პერიოდს სიმართლისა და მშვიდობის პერიოდს უწოდებს, უფლის დღე, დიდი და საშინელი, მეტად შორეული დროისათვის გადაიწეოდა. რამდენადაც დამამშვიდებლად არ უნდა გამოიყურებოდეს ეს თეორია, იგი სრულად ეწინააღმდეგება ქრისტესა და მის მოციქულთა მოძღვრებას, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ ხორბალი და ღვარძლი ერთად უნდა გაიზარდოს, სანამ არ დადგება მკის დრო, ე.ი. მსოფლიოს აღსასრული, რომ”ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები წინ წაიწევენ უარესისკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან” (მათ. 13:30,38-41; 2ტიმ. 3:13,1),“და უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი”, ხოლო გაბატონებული ბოროტების სამეფო იარსებებს უფლის მოსვლის დღემდე,“რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გამოცხადებით” (იხ. 2თეს. 2:8).დბ 199.1

    მოციქულთა დროის ეკლესია არ აღიარებდა აზრს მთელი სამყაროს უფლისკენ მოქცევისა და ქრისტეს სულიერი სასუფევლის დამყარების შესახებ. ამ დოქტრინას ქრისტიანთა მიერ XVIII საუკუნის დასაწყისამდე არ hქონდა ფართო აღიარება. სხვა მრავალ შეცდომათა მსგავსად, ამ თეორიის შედეგიც დამღუპველი იყო. ამ დოქტრინიდან გამომდინარე, ადამიანები უფლის მოსვლას შორეულ მოვლენად მიიჩნევდნენ და არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ მისი მოახლოების უკვე აღსრულებულ ნიშნებს. იგი ადამიანებში თავდაჯერებულობისა და უშიშროების გრძნობას აღძრავდა და ხალხიც უფალთან შეხვედრის სამზადისის აუცილებლობას მეტად გულგრილად ეკიდებოდა.დბ 199.2

    მილერმა აღმოაჩინა, რომ წმიდა წერილი ნათლად მიუთითებს უფლის მეორედ მოსვლის ჭეშმარიტებაზე. პავლე მოციქული ამბობს:“ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე” (1თეს. 4:16). მაცხოვარი ამბობს:“მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში... და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით”.”ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც” (მათ. 24:30,27). იგი გამოჩნდება მთელი ზეციური მხედრობის თანხლებით:“მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად” (მათ. 25:31).”მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს” (მათ. 24:31). მისი მოსვლისას ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან; ცოცხალნი კი - შეიცვლებიან:“ყველანი არ განვისვენებთ, - ამბობს პავლე მოციქული, - მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით” (1კორ.15:51-53). თავის წერილში თესალონიკელთა მიმართ იგი ასე აღწერს ქრისტეს მოსვლის შემდგომ მოვლენებს:“ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა hაერში შევეგებოთ უფალს და, ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ” (1თეს. 4:16,17).დბ 199.3

    ღვთის ხალხი სასუფეველს მხოლო ქრისტეს პირადად მოსვლის შემდეგ დაიმკვიდრებს. მაცხოვარმა თქვა:“როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავის დიდების ტახტზე, შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან, და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ, მაშინ ეტყვის მეუფე, თავის მარჯვნივ მდგომთ:“მოდით მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი” (მათ. 25:31-34). წმიდა წერილის აქ მოყვანილი ტექსტებიდან გასაგები ხდება, რომ კაცის ძის მოსვლისას განსვენებულნი აღდგებიან უხრწნელად და ცოცხლები შეიცვლებიან. და ეს უდიდესი გარდაქმნა, რომელიც მათში მოხდება, მოამზადებს სასუფევლისათვის, რადგან პავლე მოციქული ამბობს, რომ”ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღვთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას” (1კორ.15:50). ადამიანი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში მოკვდავია და ხრწნადი, მაგრამ ღვთის სასუფეველი უხრწნადი და მარადიული იქნება. სწორედ ამიტომ ვერ შევა ადამიანი თავისი ბუნებრივი მდგომარეობით ღვთის სასუფეველში. მაგრამ მოვა იესო და მისცემს თავის ხალხს უკვდავებას, შემდეგ კი შესთავაზებს საუკუნო სასუფეველს, რომლის მემკვიდრენი ისინი დასაბამიდან იყვნენ.დბ 200.1

    ეს და სხვა ტექსტები წმიდა წერილიდან მილერისათვის მეტად დამაჯერებელი მტკიცებანი იყო იმისა, რომ მოვლენებს, რომელთაც ქრისტეს მოსვლამდე ელოდნენ - ე.ი. საყოველთაო კეთილდღეობას და ღვთის სასუფევლის დედამიწაზე დაარსებას, სინამდვილეში ადგილი ექნება ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ. უფრო მეტიც: დროის ყველა ნიშანი და კაცობრიობის მდგომარეობა სრულად შეესაბამებოდა წინასწარმეტყველებაში აღწერილ ბოლო დღეებს. მხოლოდ წმიდა წერილის გამოკვლევის შედეგად მივიდა იგი იმ დასკვნამდე, რომ დედამიწის ისტორიისათვის განკუთვნილი დრო იწურებოდა.დბ 200.2

    `ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, - ამბობდა იგი, - წმიდა წერილის ქრონოლოგიამ. მე აღმოვაჩინე, რომ წარსულში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები ზუსტად განსაზღვრულ დროში ახდა. 120 წელი წარღვნის წინ (დაბ. 6:3); შვიდი დღე წარღვნის უშუალო დაწყებამდე და წვიმები 40 დღის განმავლობაში (დაბ. 7:4);”აბრაამის თესლის” მოხეტიალე ცხოვრება 400 წლის განმავლობაში (დაბ. 15:13), სამი განსაზღვრული დღე მწდესა და მეპურესათვის (დაბ. 40:12-20), შვიდი წელი ფარაონის ქვეყანაში (დაბ. 41:28-54); 40 წელი უდაბნოში (რიცხ. 14:34); შიმშილობა სამნახევარი წლის განმავლობაში (3 მეფ. 17:1); ტყვეობის 70 წელი (იერ. 25:11); ნაბუქოდონოსორის შვიდი დრო (დან. 4:13-16); იუდეველთათვის განსაზღვრული შვიდი შვიდეული, 62 შვიდეული და კიდევ ერთი შვიდეული, რომელიც ერთად 70 შვიდეულს უდრიდა - (დან. 9:24-27) - ყველა ეს მოვლენა უფლის წინასწარმეტყველთა მიერ ნათქვამი, უკიდურესი სიზუსტით აღსრულდა”.დბ 200.3

    შემდგომში ბიბლიის გამოკვლევისას, იგი პოულობდა სხვადასხვა ქრონოლოგიურ პერიოდებს, რომლებიც, მისი აზრით, ქრისტეს მეორედ მოსვლის დრომდე გრძელდებოდა და დროის ამ მონაკვეთებს იგი უყურებდა, როგორც”განსაზღვრულ დროს”, რომელიც უფალმა ღმერთმა თავის მორჩილთ გაუხსნა.”დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს, გაცხადებული კი - ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რომ შესრულდეს ამ რჯულის ყოველი სიტყვა” (მეორ. რჯ. 29:29). უფალი ამოს წინასწარმეტყველის პირით ამბობს, რომ”არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ” (ამოს. 3:7). და ამიტომ, ღვთის სიტყვის მკვლევართ წერილში შეუძლიათ აღმოაჩინონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მითითებები იმ ჭეშმარიტ მოვლენათა შესახებ, რომელთაც ადგილი უნდა hქონდეს კაცობრიობის ისტორიაში.დბ 200.4

    `როდესაც სავსებით დავრწმუნდი, - ამბობდა მილერი, - რომ”მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლო” (2ტიმ. 3:16),“რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას” (2პეტ. 1:21) და, რომ იგი”ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი” (რომ. 15:4), უკვე აღარ შემიძლია, ბიბლიის ქრონოლოგიური ნაწილი არ მივიჩნიო ღვთის სიტყვის ნაწილად, რომელიც სხვა ტექსტებთან ერთად მეტად სერიოზულ და ღრმა შესწავლას მოითხოვს. ამიტომ ვაღიარებ: ვცდილობ რა ღრმად შევიმეცნო ის, რაც უფალმა თავისი კეთილი ნებით გაგვიხსნა, უფლება არა მაქვს გვერდი ავუარო წინასწარმეტყველურ პერიოდებს”.დბ 201.1

    დანიელის წიგნში (8:14) მოცემული იყო წინასწარმეტყველება, რომელიც, როგორც ეგონათ, უეჭველად მიუთითებდა ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღზე:“ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანსო და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი”, ჩვენ ვიცით წესი, რომლის თანახმადაც წმიდა წერილი თავად განმარტავს საკუთარ თავს. ამის მიხედვით მილერმა აღმოაჩინა, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველის დროის ერთი დღე ერთ წელიწადს ნიშნავს (რიცხ. 14:34; ეზეკ. 4:6). მან გამოიანგარიშა, რომ 2300 წინასწარმეტყველური დღე რეალურად 2300 წელიწადს აღნიშნავს, რაც სცილდება იუდეველთათვის განსაზღვრულ მადლის პერიოდის ზღვარს და აქედან გამომდინარე, იგი არ ეხება ძველი აღთქმის საწმიდარს. მილერი იზიარებდა იმ პერიოდში საერთოდ მიღებულ თვალსაზრისს და თვლიდა, რომ დედამიწა ქრისტიანულ ხანაში წარმოადგენს საწმიდარს, და ამის გამო დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები საწმიდარის გაწმედა (დან. 8:14) ნიშნავს დედამიწის ცეცხლით გაწმედას ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს. თუკი 2300 დღის გამოსათვლელად ვიპოვით ათვლის წერტილს, მსჯელობდა იგი, მაშინ შეიძლება ქრისტეს მოსვლის დროც დავადგინოთ და ეს იქნება ის დიადი დასასრული, როდესაც თანამედროვე მსოფლიო თავისი სიამაყით, ფუფუნებით, ძალაუფლებით,“თავისი ამპარტავნობით, უწმიდურებითა და ბატონობით” თავის აღსასრულს იხილავს, როდესაც”წყევლა განქარდება, სიკვდილი გაცამტვერდება, ხოლო ღვთის მორჩილნი, წინასწარმეტყველნი და წმიდანები, ყველა ღვთის მოშიშნი მიიღებენ თავის საბოძვარს, ხოლო მტერი განადგურდება”.დბ 201.2

    მილერი განსაკუთრებულად ღრმა და განახლებული ინტერესით განაგრძობდა წინასწარმეტყველების გამოკვლევას და მთელ თავის დროს იმ ჭეშმარიტებათა შესწავლას ანდომებდა, რაც მისთვის მეტად სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმედ იქცა. დანიელის წიგნის VIII თავში მან ვერ მიაგნო 2300 დღის ათვლის წერტილს; თუმცა გაბრიელ ანგელოზს დავალებული hქონდა, დანიელისათვის ეს ხილვა აეხსნა, მან კი იგი ნაწილობრივ შეასრულა. როდესაც წინასწარმეტყველმა ხილვაში დაინახა დევნის საშინელება, რომელიც ღვთის ეკლესიას მომავალში ელოდა, ძალღონე გამოეცალა. ამ სურათის დანახვა აუტანელი იყო მისთვის და ანგელოზმაც დროებით დატოვა იგი. დანიელი რამდენიმე დღით ავად გახდა”შეძრწუნებული ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერაფერი გავიგე მასში” (დან. 8:27, თარგ. ორიგ.), - ამბობს იგი.დბ 201.3

    მაგრამ ღმერთმა თავის მაცნეს უბრძანა:“განუმარტე მას ეს ხილვა!” რამდენიმე ხნის შემდეგ ამ დავალების შესასრულებლად ანგელოზი კვლავ დაბრუნდა დანიელთან:“დანიელ, ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო”.”დაუკვირდი ამ სიტყვას და გამოიცანი ხილვა” (დან. 8:27,16; 9:22, 23, 25-27;). მე-8 თავში აღწერილ ხილვაში იყო მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც აუხსნელი დარჩა, სახლდობრ: 2300 დღის პერიოდი. ამიტომ მეორედ გამოჩენისას ანგელოზმა დროის საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.დბ 202.1

    `შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისათვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი... ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და 62 შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს. 62 შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული, მაგრამ ბრალი არ ექნება.. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლსა და ძღვენს”.დბ 202.2

    ანგელოზი დანიელთან დაბრუნდა, რათა განემარტა ის, რაც მან ხილვაში ვერ გაიგო (მე-8 თავი), - სიტყვები, რომელიც დროს ეხებოდა:“ორიათას სამასი საღამო და დილა. და მაშინ საწმიდარი განიწმიდება”. უბრძანა რა დანიელს, დაhკვირვებოდა და გამოეცნო ეს ხილვა, ანგელოზმა მაშინვე აუხსნა:“შენი ერისთვის და წმიდა ქალაქისთვის 70 შვიდეულია დადგენილი”. სიტყვა - დადგენილი ორიგინალში ნიშნავს:“გადაწყვეტილს, მოჭრილს”. 70 შვიდეული, ანუ 490 წელიწადი, ანგელოზის სიტყვისამებრ, დადგენილია სპეციალურად იუდეველთათვის. მაგრამ რისგან არის იგი მოჭრილი? რადგანაც მე-8 თავში მოცემულია ერთადერთი დროის მონაკვეთი 2300 დღე, აქედან გამომდინარე, 70 შვიდეული უნდა გამოაკლდეს 2300 დღეს და დროის ეს ორი მონაკვეთი ერთდროულად უნდა დაიწყოს. ანგელოზის ახსნის თანახმად ეს 70 კვირა იწყებოდა იმ დღიდან, როდესაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღდგენის შესახებ. ამ ბრძანებულების დადგენის თარიღის შესაძლებლობის შემთხვევაში სავსებით ადვილი იქნებოდა 2300 დღის ათვლის წერტილის დადგენა.დბ 202.3

    ეზრას წიგნის მე-7 თავში ნათქვამია ამ დადგენილების შესახებ (ეზრ. 7:12-26). საბოლოო, სრული სახით ეს ბრძანებულება სპარსეთის მეფის, ართახშაშთას მიერ ქრისტეს დაბადებამდე 457 წელს გამოიცა. მაგრამ ეზრას წიგნში ნათქვამია (6:14), რომ უფლის სახლი უნდა აშენდეს”ისრაელის ღმერთის ნებით, კიროსის, დარიოსის, ართახშაშთას, სპარსთა მეფის მიერ”. სამმა მეფემ შეადგინა, დააზუსტა და სრულყოფილი გახადა ეს ბრძანებულება ამ დღემდე, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად, 2300 დღის ათვლის წერტილად ითვლება. თუკი ქრისტეს დაბადებამდე 457 წელს ათვლის წერტილად ჩავთვლით, ადვილად შესაძლებელია დეტალურად გამოვითვალოთ, თუ როგორ აღსრულდა წინასწარმეტყველება 70 შვიდეულის შესახებ.დბ 202.4

    `იმ დღიდან, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად, ქრისტე უფალის მოსვლამდე, შვიდი შვიდეული და 62 შვიდეული”, - ე.ი. სულ 69 შვიდეული, ანუ 483 წელია. მეფე ართახშაშთას მიერ გამოცემული ბრძანება ძალაში შევიდა ძვ.წ. 457 წლის შემოდგომაზე. თუკი ამ მომენტიდან გადავთვლით 483 წელიწადს, მივიღებთ თარიღს ახალი წელთაღრიცხვით: 27 წლის შემოდგომას, - როდესაც სრულად აღსრულდა ეს წინასწარმეტყველება. სიტყვა”მესია” ნიშნავს”ცხებულს”. 27 წლის შემოდგომაზე ქრისტე, იოანე ნათლისმცემლის მიერ იორდანეს წყალში მოინათლა და სულიწმიდით ცხებულ იქნა. პავლე მოციქული მოწმობს, რომ”სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველი” (საქ. 10:38). თვით მაცხოვარი გვეუბნება:“უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად” (ლუკ. 4:18). თავისი ნათლობის შემდეგ”იესო მოვიდა გალილეას და ღვთის სახარებას ქადაგებდა” (მარკ. 1:14-15).დბ 202.5

    `იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში”. აქ ნახსენები შვიდეული არის 70 შვიდეულის ბოლო კვირა და ეს უკანასკნელი შვიდი წელი სპეციალურად იუდეველთათვის იყო განკუთვნილი. ამ პერიოდში, ახ.წ. 27-34 წლებში, ჯერ თვით იესო, შემდეგ კი მოციქულები მხოლოდ იუდეველთათვის ქადაგებდნენ სახარებას. გაგზავნა რა მოციქულები ზეციური სასუფევლის საქადაგებლად, მაცხოვარმა გააფრთხილა ისინი:“წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ; არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან” (მათ. 10:5,6).დბ 203.1

    `შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლსა და ძღვენს”. ახალი წელთაღრიცხვით 31 წელს, ნათლობიდან სამნახევარი წლის გასვლის შემდეგ, უფალი ჯვარცმულ იქნა. გოლგოთაზე გაღებული ამ უდიდესი მსხვერპლით დასრულდა თვით მსხვერპლშეწირვის სისტემის არსებობა, რომელიც ოთხი ათასი წლის განმავლობაში ღვთის კრავზე მიუთითებდა. ჯვარზე ერთმანეთს შეხვდნენ პირველსახე და რეალობა და აქ მსხვერპლშეწირვამ და შესაწირავთა ცერემონიებმა ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა.დბ 203.2

    70 შვიდეული, ანუ 490 წელიწადი, რომელიც სპეციალურად ებრაელებისათვის იყო დადგენილი, როგორც ვხედავთ, ახ.წ. 34 წელს გასრულდა. ამ წელს იუდეველთა სინედრიონის გადაწყვეტილებით, უფლის რჩეულმა ხალხმა საბოლოოდ უარყო სახარება, როცა ქვებით ჩაქოლეს უფლის მორჩილი სტეფანე და იწყეს ქრისტეს მიმდევართა დევნა. იმ დღიდან ხსნის სახარების ქადაგება არ შემოიფარგლა მხოლოდ უფლის რჩეული ხალხით, არამედ იგი მთელ მსოფლიოს ემცნო. ქრისტეს დევნილმა მოწაფეებმა დატოვეს იერუსალიმი,“გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას”.”ასე ჩავიდა ფილიპე სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრისტეს”. უფლისაგან განსწავლულმა პეტრემ ხსნის სახარება აუწყა კესარიელ ასისთავს, ღვთისმოშიშ კორნელიუსს, მგზნებარე პავლემ, იწამა რა ქრისტე, მიიღო დავალება, ექადაგა იგი”შორს წარმართებთან” (საქ. 8:4,5; 22:21).დბ 203.3

    ცხადი იყო, რომ აღსრულდა ამ წინასწარმეტყველების ყოველი წვრილმანი: 70 შვიდეულის ათვლის წერტილად, რა თქმა უნდა, ითვლება 457 წელი ქრ. დაბმდე, ხოლო ამ პერიოდის დასასრული — ახ.წ. 34 წელია. ამ მონაცემებით არ არის ძნელი 2300 დღის დასასრულის თარიღის დადგენა. 70 შვიდეული - 490 დღე -“მოკვეთილია” 2300 დღიდან და ვღებულობთ 1810 დღეს, რომელიც უნდა დარჩეს 490 დღიანი პერიოდის შემდგომ. რომ გადავითვალოთ 1810 წელიწადი 34 წლიდან (ახ.წ.), მივიღებთ 1844 წელს. აქედან გამომდინარე 2300 დღე, რომელზედაც საუბარია დანიელის წიგნის წინასწარმეტყველებაში (8:14), მთავრდება 1844 წელს. ამ უდიდესი წინასწარმეტყველური პერიოდის გასრულებისას - ქრისტეს მეორედ მოსვლის დღეს, უნდა მომხდარიყო”საწმიდარის განწმედა”. ამგვარად, საწმიდარის გაწმედის დრო ზუსტად იყო გამოთვლილი.დბ 203.4

    თავიდან მილერი და მისი თანამშრომლები დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ 2300 დღე გასრულდება 1844 წლის გაზაფხულზე, თუმცა წინასწარმეტყელება იმავე წლის შემოდგომაზე მიუთითებდა. ამ ტექსტის არასწორმა გაგებამ იმედები გაუცრუა მათ, ვინც ქრისტეს მოსვლას გაზაფხულზე ელოდა. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ჩრდილავდა იმ ჭეშმარიტებას, რომ 2300 დღე სრულდებოდა 1844 წელს და ამ წელს უნდა მომხდარიყო უდიდესი მოვლენა, რომელიც საწმიდარის გაწმედასთან იყო დაკავშირებული.დბ 203.5

    წმიდა წერილის გამოკვლევა მილერმა თავდაპირველად იმის დასამტკიცებლად დაიწყო, რომ იგი ნამდვილად უფლის გამოცხადებას წარმოადგენს. და იმის წარმოდგენაც კი არ შეეძლო, თუ როგორ დასკვნამდე მივიდოდა. მას თავადაც ძლივს სჯეროდა თავისი გამოკვლევის შედეგებისა, მაგრამ წმიდა წერილში მოცემული მტკიცებანი იმდენად ნათელი და აშკარა იყო, რომ მათი უგულვებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.დბ 204.1

    ორი წელი მოანდომა მილერმა ბიბლიის შესწავლას და 1818 წელს გააკეთა საზეიმო დასკვნა - 25 წლის შემდეგ იესო ქრისტე მეორედ მოვა თავისი ხალხის გამოსასყიდად.”ძნელია იმ სიხარულის აღწერა, - წერდა მილერი, - რომელიც ჩემს გულს აღავსებდა დიდების მომავალზე ფიქრისას. ჩემს სულს გამოსყიდვის ბედნიერების სხვებისთვის გაზიარების მგზნებარე სურვილი დაეუფლა. ახლა ბიბლია თავიდან, ახლებურად გადაიშალა ჩემს წინაშე. ჭეშმარიტად, ეს გონების ზეიმი იყო: ყველაფერი, რაც ადრე მის მოძღვრებაში საიდუმლო, გაუგებარი და წყვდიადით მოცული მეჩვენებოდა, გაიფანტა სინათლის სხივებში, რომელსაც მისი წმიდა ფურცლები აშუქებდა. რა ნათელი და მშვენიერი მეჩვენა ჭეშმარიტება! გაქრა ყოველგვარი წინააღმდეგობა და აზრთა სხვაობა, რომელიც ადრე თვალში მხვდებოდა და თუმცა ჯერ კიდევ წმიდა წერილის ბევრი ადგილი დამრჩა გამოსაკვლევი, მაგრამ ღვთის სიტყვიდან გამოსულმა ასეთმა დიდმა ნათელმა ისე გაანათა ჩემი დაბნელებული გონება, რომ წმიდა წერილის შესწავლა ჩემთვის ჭეშმარიტ სიამოვნებად იქცა.დბ 204.2

    მტკიცედ დარწმუნებული იმაში, რომ წერილში ნაწინასწარმეტყველები მნიშვნელოვანი მოვლენები ძალიან მალე უნდა აღსრულდეს, გამუდმებით ვფიქრობდი ჩემს მოვალეობაზე მსოფლიოს წინაშე”. იგი გრძნობდა, რომ მისი პირდაპირი მოვალეობა იყო ნათელი სხივის სხვებისათვის გაზიარება. კარგად იცოდა, რომ დიდი ბრძოლა ელოდა ურწმუნო ადამიანებთან, მაგრამ დარწმუნებული იყო, ყველა ქრისტიანი სიხარულით შეხვდებოდა თავის საყვარელ უფალს. ერთადერთი, რისიც მას ეშინოდა, იყო ის, რომ უჩვეულო მოვლენა ხალხს არ მიეღო ღვთის სიტყვაში ღრმად ჩაწვდომის გარეშე, თორემ ხელი შეეშლებოდათ, სრულად დარწმუნებულიყვნენ მის ჭეშმარიტებაში. იგი ბოლომდე არ ენდობოდა საკუთარ თავს, ამიტომაც ვერ გადაეწყვიტა თავისი კვლევის შედეგების საჯაროდ გამოცხადება, რათა ცდუნებაში არ შეეყვანა ხალხი. და კვლავ დაიწყო თავის მსჯელობათა გადამოწმება, განსაკუთრებით კი წმიდა წერილში ძნელად გასაგები ადგილებისა. და დაინახა, რომ უფლის ჭეშმარიტების ნათელი სხივის წინაშე ნისლივით გაქრა ყოველგვარი ეჭვი. 5 წელი გავიდა იმ დრომდე, სანამ იგი თავისი დასკვნების სისწორეში საბოლოოდ დარწმუნდებოდა.დბ 204.3

    და მილერმა კვლავ ახალი ენერგიით იგრძნო სხვა ადამიანებისათვის ღვთის სიტყვის მოწმობის გაზიარების აუცილებლობა.”როდესაც ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული, - ამბობდა იგი, - ყურში მუდამ მესმოდა სიტყვები:“წადი და გააფრთხილე კაცობრიობა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ!” მუდამ ჩამესმოდა ყურში უფლის ხმა:“ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდებიმეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე. ბოროტეული თავისი ცოდვების გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ. თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს” (ეზეკ. 33:8,9). მე ვგრძნობდი, რომ თუკი ბოროტეულს მისწვდება ეს გაფრთხილება, ბევრი მათგანი მოინანიებს, ხოლო თუ ისინი არ გავაფრთხილე, მათ სისხლს უფალი მე მომკითხავს”.დბ 204.4

    და მან გადაწყვიტა თავისი თვალსაზრისი გაეზიარებინა ყველგან, სადაც კი ამისი შესაძლებლობა ექნებოდა, გამუდმებით ლოცულობდა იმისათვის, რომ ეკლესიის რომელიმე მსახურს შეეცნო ამ სახარების უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც მას წმიდა წერილის გამოკვლევამ გაუხსნა. და მილერმა სახალხოდ იწყო ხალხის გაფრთხილება, რითაც დარწმუნებული იყო, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე. მის ყურს გამუდმებით ესმოდა სიტყვები:“წადი და გამოუცხადე მსოფლიოს ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სისხლს შენ მოგკითხავ”. ცხრა წლის განმავლობაში დუმდა იგი, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მის სულს, სანამ 1831 წელს პირველად არ გამოაქვეყნა თავისი მტკიცებანი. დბ 205.1

    ელისეს მსგავსად, რომელიც უფალმა მინდვრის სამუშაოებიდან პირდაპირ თავის სამსახურში წაიყვანა, უილიამ მილერსაც უნდა დაეტოვებინა თავისი გუთანი, რათა კაცობრიობისათვის ღვთის სასუფევლის საიდუმლო გაემხილა. უდიდესი მღელვარებით უხატავდა იგი ხალხს წინასწარმეტყველური პერიოდების სურათს თავიდან ბოლომდე, ქრისტეს მეორედ მოსვლის დღემდე. გაბედულება და ძალა თანდათან ემატებოდა და უმტკიცდებოდა, როცა მისი სიტყვების მიმართ ხალხის დიდ ინტერესს ხედავდა.დბ 205.2

    მხოლოდ თავისი მორწმუნე ძმების დაჟინებული მოთხოვნით, რომელთა სიტყვებშიც უფლის მოწოდება ესმოდა, გადაწყვიტა მილერმა, გამოექვეყნებინა თავისი თვალსაზრისი. იმ დროისათვის მას 50 წელი შეუსრულდა; იგი ადრე არასოდეს გამოსულა დიდი აუდიტორიის წინაშე და მისთვის მეტად ძნელი იყო ეს საქმე. მაგრამ ადამიანთა ხსნისათვის მის შრომას უფლისაგან თავიდანვე დიდი კურთხევა hქონდა. მის პირველ გამოსვლას ხალხის წინაშე ისეთი დიდი რელიგიური გამოღვიძება მოhყვა, რომ ცამეტი ოჯახი, ორი სულის გამოკლებით, მოიქცა უფლისაკენ. მას იწვევდნენ სხვადასხვა ადგილებში გამოსვლებისათვის და მის მიერ ღვთის სიტყვის ქადაგებას ყველგან უდიდესი წარმატება hქონდა. ცოდვილები ინანიებდნენ, ქრისტიანები უფლის სიტყვის უფრო ღრმად შეცნობისაკენ ისწრაფოდნენ, დეისტები და ათეისტები ბიბლიური ჭეშმარიტებისა და ქრისტიანული რელიგიისაკენ მობრუნდნენ. ადამიანები, რომელთა შორისაც მილერი მოღვაწეობდა, მოწმობდნენ:“მან დაატყვევა ისინიც, ვინც არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა”. მისი ქადაგება მიმართული იყო უდიდეს რელიგიურ ჭეშმარიტებათა მიმართ საზოგადოების ინტერესების გაღვივებისა და საუკუნის სულ უფრო და უფრო მზარდი გახრწნილების შეჩერებისაკენ.დბ 205.3

    მისი ქადაგების შემდეგ თითქმის ყველა ქალაქში ქრისტეს ჭეშმარიტებას ათობით და ასობით ადამიანი ღებულობდა. მას ბევრი პროტესტანტული ეკლესია და დენომინაცია სიამოვნებითა და კეთილმოსურნეობით უხსნიდა კარს. და მილერმა ერთდროულად მიიღო რამდენიმე რელიგიური საზოგადოების წარმომადგენელთა მოწვევა მსახურებისათვის. მას უცვლელ წესად hქონდა, ქადაგებით გამოსულიყო იქ, სადაც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ სულ ცოტა ხანში აღარ hყოფნიდა იმის დრო და შესაძლებლობა, რომ ამ მოწვევათა ნახევარზე მაინც ეპასუხა.დბ 205.4

    თუმცა ბევრი არ იზიარებდა მის თვალსაზრისს ქრისტეს მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღის შესახებ, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდათ მის მოახლოებაში და ხალხის მომზადების საჭიროებაში. ბევრ დიდ ქალაქში მისმა მოღვაწეობამ უდიდესი ზეგავლენა იქონია საზოგადოებაზე. ღვინით მოვაჭრენი კეტავდნენ თავიანთ მაღაზიებს და ამ დარბაზებს სამლოცველო შეკრებებისათვის იყენებდნენ; აზარტული თამაშები აიკრძალა; დეისტთა, უნივერსალისტთა, ათეისტთა და თვით უკანასკნელ ნაძირალათა ცხოვრებაში უდიდესი ძვრები მოხდა: ზოგიერთი მათგანი ხომ წლების განმავლობაში არ აღებდა ეკლესიის კარს. სხვადასხვა რელიგიური საზოგადოებები ქალაქის ყველა კუთხეში თითქმის საათში ერთხელ იკრიბებოდა სალოცავად, საქმიანი ადამიანები კი - შუადღით, სამლოცველო სახლებში. არსად არ hქონია ადგილი ფანატიკურ აღტკინებას, არამედ ყველგან სერიოზული და საზეიმო განწყობა სუფევდა. მილერი, ადრეულ რეფორმატორთა მსგავსად, ცდილობდა ემოქმედა ადამიანთა ცნობიერებაზე, გაეღვიძებინა მათი სინდისი და არა მხოლოდ მათი ემოციები გამოეწვია.დბ 205.5

    1833 წელს მილერმა მიიღო ოფიციალური თანხმობა, ექადაგა ბაპტისტთა ეკლესიის სახელით, რომლის წევრიც თავად იყო. ამ ეკლესიის წევრთა უმრავლესობა ემხრობოდა მას და მათი ფორმალური თანხმობით განაგრძობდა თავისი საქმის კეთებას. იგი მუდამ მოგზაურობდა და ქადაგებდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში, თუმცა ძირითადად ახალ ინგლისში და ჩრდილო აღმოსავლეთის შტატებში მსახურობდა. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მხოლოდ თავისი პირადი ხარჯებით ცხოვრობდა და ასე იყო შემდგომაც, რადგან აღებული ფული გზის ხარჯებსაც კი ვერ უფარავდა. ამგვარად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მძიმე ტვირთად აწვა და მისი პირადი ქონება თანდათან მცირდებოდა. იგი დიდი ოჯახის პატრონი იყო და მხოლოდ მისი ოჯახის წევრთა მომჭირნეობა და შრომისმოყვარეობა ხდიდა შესაძლებელს ფერმის მცირე შემოსავლით ცხოვრებას. დბ 206.1

    ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მილერმა საჯაროდ დაიწყო ქადაგება ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ. და აი, 1833 წელს აღსრულდა ბოლო ჟამის ერთერთი ნიშანი, რომლის შესახებაც მაცხოვარმა თქვა:“...და ვარსკვლავები ჩამოცვივა ციდან” (მათ. 24:29). იოანემ, მიიღო რა ხილვა უფლის დღის შესახებ, თქვა:“ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს გასცვივა მკვახე ლეღვი” (გამოცხ. 6:13). ეს წინასწარმეტყველება საოცარი სიზუსტით ახდა 1833 წლის 13 ნოემბერს, მეტეორიტული წვიმის დროს. არასოდეს გამხდარა ადამიანი ვარსკვლავთცვენის ასეთი დიდებული და გრანდიოზული სურათის მოწმე. რამდენიმე საათის განმავლობაში”შეერთებული შტატების მთელ ზეცას ცეცხლის ფეირვერკი ანათებდა. ამ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა ასეთი ზეციური მოვლენები, რომელმაც ერთნი დიდად გააოცა, მეორენი კი შიშსა და საგონებელში ჩააგდო”.”ამ სანახაობის დიდებულება ჯერ კიდევ ნათლად შერჩა ხალხის მეხსიერებას... ყველაზე კოკისპირული წვიმაც კი ვერ შეედრებოდა ამ მეტეორიტთა ნაკადს, რომელიც განუწყვეტლივ მოდიოდა ამერიკის მთელ ტერიტორიაზე: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით, რომელიც საოცარ შთაბეჭდილებას ქმნიდა. თითქოს, მთელი ზეცა მოძრაობაში მოვიდა... და ეს სანახაობა, როგორც პროფესორ სილიმანის ჟურნალი იტყობინებოდა, მრავალი საათის განმავლობაში მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში გრძელდებოდა... სრულიად მოწმედილ და კამკამა ცაზე ღამის 2 საათიდან განთიადის დადგომამდე ბრწყინვალე მნათობთა დამაბრმავებელი თამაში არ შეწყვეტილა”.დბ 206.2

    `შეუძლებელია ამ სანახაობის სიტყვებით გადმოცემა... ვისაც იგი არ უნახავს, ვერასოდეს წარმოიდგენს მის დიდებულებას. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ვარსკვლავებით მოჭედილი მთელი ზეცა ერთ წერტილში, ზენიტთან იკუმშებოდა და იქიდან ელვისებური სისწრაფით მთელ ცაზე სინათლის ისრები იფანტებოდა. და ასე უსასრულოდ: ათასობით ცვლიდნენ ისინი ერთმანეთს, თითქოს ამ სანახაობისათვის საგანგებოდ იყვნენ მომზადებული”.”ამაზე უკეთესი შედარება არც შეიძლება: ეს სანახაობა მოგაგონებდათ ლეღვის ხეს, რომელსაც მკვახე ნაყოფი სცვივა დიდი ქარიშხლის დროს”.დბ 206.3

    ნიუიორკის ერთერთ კომერციულ ჟურნალში 1833 წლის 14 ნოემბერს დაიბეჭდა ვრცელი სტატია ამ საოცარი მოვლენის შესახებ. მისი ავტორი ამტკიცებდა:“არც ერთ მეცნიერს ან ფილოსოფოსს არასოდეს არაფერი დაუწერია ისეთი საოცრების შესახებ, როგორიც გუშინ დილას მოხდა. დღეს ჩვენ გვიძნელდება ზუსტად განვმარტოთ ეს მოვლენა, მაგრამ 18 საუკუნის წინათ წინასწარმეტყველმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ვარსკვლავთცვენა, რაც დღეს ახდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით”.დბ 207.1

    ამგვარად, აღსრულდა ბოლო ჟამის ერთერთი ნიშანი, რომელიც უფლის მოსვლის წინ უნდა მოხდეს და რომლის შესახებაც იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა:“ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი” (მათ. 24:33). ამ ნიშნის შემდეგ იოანემ დაინახა, რომ ცა დაიგრაგნა და გაუჩინარდა, ყოველი მთა და კუნძული დაიძრა თავისი ადგილიდან და ურჯულონი ცდილობდნენ მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში მიმალულიყვნენ, რათა გაქცეოდნენ კაცის ძის რისხვას. (იხ. გამოცხ. 6:12-17).დბ 207.2

    ბევრი თვითმხილველი ვარსკვლავთცვენას მომავალი სამსჯავროს მომასწავლებლად თვლიდა, როგორც”მრისხანე ნიშანს, უდავო წინასწარ უწყებას, დიდი და საშინელი დღის მოწყალების ნიშანს”. ასეთი გზით ამ წინასწარმეტყველების აღსრულებამ ადამიანთა ყურადღება მიიპყრო და ბევრმა ყურად იღო გაფრთხილება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ.დბ 207.3

    1840 წელს განსაკუთრებული სახით აღსრულდა სხვა წინასწარმეტყველებაც, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ მოვლენამდე ორი წლით ადრე ერთერთმა ცნობილმა ღვთისმსახურმა იოსებ ლიტჩმა, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებას ქადაგებდა, გამოაქვეყნა გამოცხადების წიგნის მეცხრე თავის წინასწარმეტყველებათა ახსნა ოსმალეთის იმპერიის დაცემასთან დაკავშირებით. მისი გამოანგარიშებით, ეს 1840 წლის აგვისტოში უნდა მომხდარიყო, ხოლო მის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი წერდა:“თუ დავუშვებთ, რომ 150-წლიანი პერიოდის ბოლო ზუსტად ემთხვევა დიაკოზესის თურქთა ნებართვით ტახტზე ასვლას და, რომ 391 წელი და 15 დღე პირველი პერიოდის ბოლოდან დაიწყო, მაშინ იგი 1840 წლის 11 აგვისტოს უნდა დამთავრდეს, როდესაც მოსალოდნელია ოსმალეთის ხელისუფლების დამხობა კონსტანტინოპოლში. ამას კი, მე დარწმუნებული ვარ, შემთხვევითობას მიაწერენ”.დბ 207.4

    მითითებულ დროს თურქეთმა თავისი ელჩების მეშვეობით თანხმობა განაცხადა ევროპის სახელმწიფოთა კავშირის მფარველობის მიღებაზე და იგი ქრისტიანულ ხალხთა კონტროლის ქვეშ მოექცა. ყველაფერი ზუსტად დათქმულ დროში მოხდა. როდესაც ეს ფაქტი ცნობილი გახდა, ბევრმა ირწმუნა მილერისა და მისი თანამოაზრეების მიერ წინასწარმეტყველებათა განმარტების პრინციპები, რაც ადვენტისტური მოძრაობის წარმატების საწინდარი გახდა. მეცნიერები და გავლენიანი პირები მილერს შეუერთდნენ ღვთის სიტყვის ქადაგებასა და მის გამოქვეყნებაში და 1840-1844 წლებში მათმა მსახურებამ ფართო გაქანება მიიღო.დბ 207.5

    უილიამ მილერი დიდი, მეტად განვითარებული ინტელექტის პატრონი იყო გულმოდგინე მეცადინეობისა და გონებრივი ვარჯიშის და ამავე დროს, იმ ზეციური სიბრძნის წყალობით, რომელსაც მარადიული სიბრძნის წყაროდან იღებდა. მას ზედმიწევნით პატიოსან ადამიანად იცნობდნენ, ამიტომ მისი მაღალი ზნეობისა და კეთილშობილების გამო უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობოდნენ. მისი გულისხმიერი კეთილშობილება შერწყმული იყო ქრისტიანულ სათნოებასა და თავდაჭერილობასთან. იგი ერთნაირ ყურადღებას იჩენდა ყველას მიმართ და ყოველთვის მზად იყო სხვისი მოსაზრებებისა და არგუმენტების მოსმენისათვის. ყოველგვარი გაღიზიანებისა და აღელვების გარეშე ყველა თეორიას და მოძღვრებას ღვთის სიტყვით ამოწმებდა და წმიდა წერილის ჯანსაღი და ძირფესვიანი ცოდნა ყოველგვარი სიცრუისა და შეცდომების თავიდან აცილების შესაძლებლობას აძლევდა.დბ 207.6

    და მაინც, მას ხშირად უხდებოდა სასტიკი წინააღმდეგობის გადალახვა. ძველ რეფორმატორთა მსგავსად, ქვეყნის ცნობილი ღვთისმეტყველნი მისი მოძღვრების მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილი. წმიდა წერილის საფუძველზე თავიანთი თვალსაზრისის დამტკიცებაში უძლურნი, ისინი იძულებული იყვნენ დაყრდნობოდნენ ადამიანურ გადმოცემებსა და დოქტრინებს, ეკლესიების წმიდა მამათა ტრადიციებს. ხოლო ადვენტისტური ჭეშმარიტების მქადაგებელნი მხოლოდ ღვთის სიტყვის მოწმობას ემყარებოდნენ.”ბიბლია და მხოლოდ ბიბლია!” - ეს იყო მათი ლოზუნგი. სიმართლის მტრები თავიანთ ბიბლიურ უმეცრებას დაცინვითა და ლანძღვით ანაზღაურებდნენ. დროს, ფულსა და ნიჭს - ყოველივეს იმ ადამიანთა შეურაცხყოფისათვის იყენებდნენ, რომელთა ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ სიხარულით ელოდნენ თავიანთი უფლის დედამიწაზე დაბრუნებას, ცდილობდნენ უმანკო ცხოვრებით ეცხოვრათ და სხვებსაც ურჩევდნენ უფალთან შესახვედრად მომზადებას. დბ 208.1

    ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ადამიანის ყურადღება უფლის მოსვლის დღისაკენ არ მიეპყროთ. ისინი ცდილობდნენ ადამიანებისათვის ჩაენერგათ, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველების შესწავლა დანაშაულია და სამარცხვინოცაა. ამით ეკლესიების მოძღვარნი ხალხს ღვთის სიტყვის მიმართ რწმენას უცრუებდნენ. მათი მოძღვრება ადამიანებს ურწმუნოებისა და თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებისაკენ უბიძგებდა. შემდგომში კი ყველა ეს მანკიერებანი ბოროტების მასწავლებლებმა ადვენტისტებს გადააბრალეს.დბ 208.2

    იმ დროს, როცა მილერის ქადაგების მოსასმენად მოსული ხალხისაგან დარბაზებში ტევა არ იყო, მისი სახელი იშვიათად თუ გაიელვებდა რელიგიურ პრესაში და ისიც მხოლოდ დაცინვისა და ბრალდების საბაბით. რელიგიურ წინამძღვართა მხარდაჭერითა და წაქეზებით არასერიოზული და უღვთო ადამიანები შეურაცხმყოფელ ეპითეტებს, ღვთისმკრეხელურ ხუმრობებსა და ანეგდოტებს უძღვნიდნენ მას, რათა აბუჩად აეგდოთ მილერი და მისი საქმე. ეს თმაჭაღარა, ხანში შესული ადამიანი, რომელმაც მიატოვა სახლკარი, მშვიდი ცხოვრება და დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, რათა გაეფრთხილებინა კაცობრიობა სამსჯავროს დღის მოახლოების შესახებ, საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც ფანატიკოსი, მატყუარა და გაიძვერა.დბ 208.3

    მის წინააღმდეგ მიმართულმა ბოროტმა დაცინვამ და ბილწსიტყვაობამ სახელმწიფო პრესაშიც კი გამოიწვია აღშფოთება. ამგვარი არასერიოზულობისა და უპატივცემულობის გამოჩენა”ასეთი დიდი, უმნიშვნელოვანესი საკითხის და მისი მეტად სერიოზული შედეგების მიმართ, - განაცხადა ხალხმა, - ეს არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ღვთის სამსჯავროს დღის დაცინვაა. ეს თვით უფლის და მისი სამართლიანობის გაკიცხვაა”.დბ 208.4

    ავტორი ყოველგვარი ბოროტებისა შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია არა მხოლოდ ადვენტისტთა მოძრაობისათვის, არამედ - მქადაგებლის მოსპობაც განიზრახა. მილერი ქადაგებებში მსმენელთა ურჯულოებას ბიბლიურ ჭეშმარიტებას ადარებდა, რითიც ამხილებდა მათ ცოდვებსა და თავდაჯერებულობას და მისი ეს პირდაპირი, მამხილებელი გამოსვლები სიძულვილს იწვევდა ადამიანებში. ერთხელ მის წინააღმდეგ ეკლესიის მტრულად განწყობილმა წევრებმა მკვლელები მოისყიდეს, რომ ღვთისმსახურებიდან უკან დაბრუნებისას გზაზე მოეკლათ. მაგრამ წმიდა ანგელოზები გაერივნენ ბრბოში. ერთმა ადამიანის სახით მოსულმა ანგელოზმა ხელი მოhკიდა ღვთის მსახურს და ხალხის გამძვინვარებულ ბრბოს მოაშორა. მისი მსახურება ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული და სატანის თანამზრახველთა ჩანაფიქრი ჩაიშალა. დბ 208.5

    მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ინტერესი ადვენტისტური მოძრაობის მიმართ თანდათანობით იზრდებოდა. თუკი ადრე ღვთისმსახურებაზე ათობით და ასობით ადამიანი მოდიოდა, ახლა მათი რიცხვი ათასს აღწევდა. დიდად გაიზარდა ახალმოქცეულთა რიცხვი, რამაც ოპოზიციის რისხვა გამოიწვია და ეკლესიებმა დისციპლინარულ ზომებს მიმართეს მათ მიმართ, ვინც მილერის თვალსაზრისს იზიარებდა. ამან მილერი აიძულა წერილობით მიემართა ყველა რელიგიური დენომინაციისათვის მოთხოვნით, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მის მოძღვრებას ცრუდ მიიჩნევენ, ეს წმიდა წერილზე დაყრდნობით დაამტკიცონ.დბ 209.1

    `განა ჩვენი რწმენა, - ამბობდა იგი, - არ ეყრდნობა ღვთის სიტყვას, რომელსაც თავადაც ჩვენი რწმენისა და ცხოვრების საზომად ვთვლით? რით დავიმსახურეთ ბრალდებათა ასეთი ნიაღვარი თქვენი კათედრებიდან და გაზეთის ფურცლებიდან? რატომ აძლევთ თავს თქვენი ეკლესიებიდან და საზოგადოებიდან ჩვენი (ადვენტისტების) გარიცხვის უფლებას? თუკი ჩვენ არა ვართ მართალი, გთხოვთ მიგვითითოთ ჩვენს შეცდომებზე. გვიჩვენეთ ისინი წმიდა წერილის საფუძველზე. მართალია, ჩვენ დღეს დაცინვის საგანი გავხდით, მაგრამ ეს არ არის დამამტკიცებელი საბუთი ჩვენი შეცდომებისა. მხოლოდ ღვთის სიტყვას შეუძლია ჩვენი თვალსაზრისის შეცვლა. ამ დასკვნამდე ჩვენ დაფიქრებულად, ლოცვებითა და წმიდა წერილზე დაყრდნობით მივედით”.დბ 209.2

    საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობის მიმართ უფლის გაფრთხილებას, რომელსაც მისი ერთგული მსახურნი გადასცემდნენ, წუთისოფელი მუდამ უნდობლობითა და ეჭვით ღებულობდა. როდესაც წარღვნამდელი წუთისოფლის გარყვნილებამ უფალი იძულებული გახადა, წარღვნით დაესაჯა იგი, მას არ დაუფარავს ეს განზრახვა, რითაც ადამიანებს გამოსწორების საშუალება მისცა. 120 წლის განმავლობაში გაისმოდა ხმა, რომელიც მონანიებისაკენ მოუწოდებდა ხალხს და აფრთხილებდა, რომ ღმერთი მოსპობდა მათ, თუკი არ მოინანიებდნენ. მაგრამ ეს გაფრთხილება უაზრო მონაჩმახად მიიჩნიეს და ყურად არ იღეს. ურჯულოების მოქმედნი დასცინოდნენ უფლის მაცნეს, მის გაფრთხილებებს და ქედმაღლობაც კი დასწამეს - როგორ შეუძლია ერთ ადამიანს წინ აღუდგეს ამ წუთისოფლის ძლიერებას? თუკი ნოეს გაფრთხილება ჭეშმარიტი იყო, მაშინ რატომ არ აღიარა კაცობრიობამ და არ ირწმუნა იგი? რას ნიშნავს ერთი ადამიანის სიტყვა ათასთა სიბრძნის წინააღმდეგ? არა, ისინი არ დაიჯერებენ და კოდობანში არ დაიწყებენ თავშესაფრის ძებნას!დბ 209.3

    ურწმუნონი მიუთითებდნენ ბუნების მოვლენებზე: წელიწადის დროთა თანაბარ მონაცვლეობაზე, მოწმენდილ ცაზე, საიდანაც წვიმის ერთი წვეთიც კი არასოდეს ჩამოვარდნილა; მწვანე ველებზე, რომელიც დილის ცვარნამით ირწყვებოდა და ამბობდნენ:“იგავებით ხომ არ ლაპარაკობს იგი?” უფლის მაცნეს, როგორც შეშლილ ფანატიკოსს, სიძულვილით აქციეს ზურგი და უფრო მეტი ვნებით მიეცნენ გარყვნილებასა და ურჯულოებას. მაგრამ მათმა ურწმუნოებამ ხელი ვერ შეუშალა იმას, რაც უფლის ნებით უნდა მომხდარიყო. უფალმა დიდხანს ითმინა მათი უკეთურება, მისცა მონანიების საშუალება, მაგრამ მის მიერ განსაზღვრულ დროს უფლის სამსჯავრო ეწია ყველას, ვინც მისი წყალობა უარყო.დბ 209.4

    ქრისტე ამბობს, რომ მის მეორედ მოსვლასაც ასეთივე უნდობლობით შეხვდებიან ადამიანები:“ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც”.”და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა მოვიდოდა” (მათ. 24:37,39). როდესაც ეგრეთ წოდებული”ღვთის ხალხი” წუთისოფელს შეერევა, მისი ცხოვრებით იცხოვრებს და მონაწილე იქნება მისი გარყვნილებისა; როდესაც წუთისოფლის სიმდიდრე ეკლესიის მონაპოვარი გახდება, როცა ყველგან მოისმენენ საქორწინო ზარების რეკვას და ადამიანები დარწმუნებული იქნებიან მომავალი წლების კეთილდღეობასა და აყვავებაში, მაშინ უცბად, ელვისებურად დადგება მათი ბრწყინვალე ოცნებებისა და ამაო იმედების აღსასრული. დბ 210.1

    როგორც მაშინ გამოგზავნა უფალმა თავისი მსახურნი წარღვნის შესახებ წუთისოფლის გასაფრთხილებლად, ისევე ახლაც გამოგზავნა მაცნეები უკანასკნელი სამსჯავროს მოახლოების საუწყებლად და როგორც ნოეს, ამ სიმართლის მღაღადებელს დასცინოდნენ, ასევე მილერის დღეებშიც ბევრი, თვით უფლის რჩეულთაგან, აბუჩად იგდებდა მის გაფრთხილებას.დბ 210.2

    რატომ ხვდებიან ეკლესიები ასეთი შეუწყნარებლობით ქადაგებას ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ? უფლის მოსვლას ურწმუნოთათვის უბედურება და დაღუპვა მოაქვს, ხოლო მართალთათვის - სიხარული და იმედი. ყველა საუკუნეში ეს უდიდესი ჭეშმარიტება დიდი ნუგეშისცემა იყო უფლის ერთგული შვილებისათვის, მაგრამ რატომ გახდა იგი, ქრისტეს მსგავსად,“ლოდი შებორკილებისა” და”კვლავ ცდუნებისა” მისი ხალხისათვის? თვით მაცხოვარმა აღუთქვა თავის მოწაფეებს”როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ” (იოან. 14:3). გულშემატკივარ მაცხოვარს კარგად ესმოდა თავის მიმდევართა მარტოობა და მწუხარება, ამიტომაც უბრძანა ანგელოზებს დედამიწაზე ჩამოსვლა და მათი ნუგეშისცემა იმედის მომცემი სიტყვებით მისი დაბრუნების შესახებ. როდესაც მოციქულები თვალმოუშორებლად შესცქეროდნენ ზეცით მიმავალ მაცხოვარს, შემდეგი სიტყვების გაგონებაზე მზერა მოწყვიტეს თავის საყვარელ მოძღვარს:“გალილეველო კაცებო! რას დგახართ და შეhყურებთ ზეცას? ეს იესო, ,,რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ” (საქ. 1:11). ანგელოზთა სიტყვებმა კვლავ გააცოცხლეს იმედი მათ გულში. მოწაფეები”დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. სულმუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი” (ლუკ. 24:52-53). მათ ის კი არ ახარებდათ, რომ იესო მათ გვერდით აღარ იყო და ახლა თავად უნდა ებრძოლათ სიძნელეებისა და წუთისოფლის ცდუნებათა წინააღმდეგ, არამედ ის, რომ ანგელოზის სიტყვების თანახმად, იესო კვლავ დაბრუნდებოდა. დბ 210.3

    და დღესაც, ცნობამ ქრისტეს მოსვლის შესახებ ისეთივე სიხარული უნდა მოგვიტანოს, როგორიც მაშინ, შორეულ წარსულში, ანგელოზებმა ბეთლემელ მწყემსებს რომ მოგვარეს. უფლის ჭეშმარიტად მოყვარულნი მხოლოდ სიხარულს იგრძნობენ ღვთის სიტყვაზე დამყარებული უწყების მოსმენით. ის, ჩვენი მარადიული სიცოცხლის იმედი, მეორედ მოვა არა იმისათვის, რომ უარყონ, დაამცირონ და სიძულვილი გამოუცხადონ, არამედ მოვა”მთელი თავისი ძალითა და დიდებით” თავისი ხალხის გადასარჩენად. მისი მოსვლა მხოლოდ მის მოძულეთ არ სურთ და აი, ყველაზე ნათელი დასტური ეკლესიის ჭეშმარიტი ღმერთისაგან განდგომისა - სიბრაზე და სიძულვილი, რითაც ისინი ზეცით გამოგზავნილ უფლის სიტყვას ხვდებიან.დბ 210.4

    ისინი, ვინც ადვენტისტური მოძღვრება მიიღო, უფლის წინაშე მონანიებისა და მორჩილების აუცილებლობის გრძნობით განიმსჭვალნენ. ბევრი მათგანი ყოყმანობდა ღმერთსა და წუთისოფელს შორის, მაგრამ ახლა გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დადგა:“მარადიულობამ მათ თვალში უჩვეულო რეალობა hპოვა. ზეცა მიუახლოვდა მათ და იგრძნეს, თუ რაოდენ დიდი ცოდვილები იყვნენ ღმერთის წინაშე”. მორწმუნენი ახალი სულიერი ცხოვრებისათვის გამოფხიზლდნენ; გაუჩნდათ პასუხისმგებლობის გრძნობა მოყვასთა მიმართ. ყოველმა ამქვეყნიურმა ფასი დაკარგა მათ თვალში; გრძნობდნენ, რომ სულ მალე მოვა მარადისობა. უფლის სული იყო მათზე, რომელმაც ძალა მისცა ცოდვილთათვის გულწრფელი მოწოდებით ემცნოთ, რომ უფლის დღისათვის მომზადებულიყვნენ. მათი ყოველდღიური ცხოვრების უტყვი მოწმობა მუდმივი საყვედური იყო ურწმუნოთათვის. ადამიანებს არ სურდათ, რომ მათთვის ვინმეს შეეშალა ხელი დროსტარებისა და ფუფუნებისაკენ სწრაფვაში, ამქვეყნიური პატივისა და დიდების მოპოვებაში. და შედეგად ადვენტისტთა რწმენისა და მის მაცნეთა წინააღმდეგ უკმაყოფილების ომი და დაუფარავი ბრძოლა გაჩაღდა. დბ 211.1

    როდესაც ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეებმა ვერაფერი იღონეს წინასწარმეტყველური პერიოდების ბიბლიურ მტკიცებათა წინააღმდეგ, მთელი ძალებით შეეცადნენ, იმედები გაეცრუებინათ იმ მორწმუნეთათვის, ვისაც სჯეროდა მათი, ამიტომ უმტკიცებდნენ, რომ წინასწარმეტყველება დაფარულია ხალხისაგან. ამ შემთხვევაში პროტესტანტებმა პაპისტებს მიბაძეს. იმ დროს, როცა პაპის ხელისუფლება, კათოლიკური ეკლესია ხალხს ბიბლიას უმალავდა, პროტესტანტები ამტკიცებდნენ, რომ წმიდა სიტყვის ყველაზე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ნაწილი - სწორეს ის, რომელიც ჩვენს დროს ეხება - თითქოსდა მიუწვდომელია ჩვენი გონებისათვის.დბ 211.2

    ღვთისმსახურნი და ხალხი ამტკიცებდნენ, რომ დანიელის წინასწარმეტყველება და გამოცხადების წიგნი ამოუცნობი საიდუმლოებით არის მოცული. მაგრამ ქრისტემ თავის მოწაფეთა ყურადღება მიმართა დანიელის სიტყვებისაკენ იმ მოვლენების მიმართ, რომელიც მათ დღეებში უნდა მომხდარიყო, მან თქვა:“წამკითხველმა გაიგოს” (მათ. 24:15). ხოლო იმის მტკიცება, რომ გამოცხადების წიგნი - ესაა საიდუმლო, რომლის აღქმაც ადამიანთა გონებას არ ძალუძს, ეწინააღმდეგება თვით ამ წიგნის სათაურს:“გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მორჩილთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე... ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი” (გამოცხ. 1:1,3).დბ 211.3

    წინასწარმეტყველი ამბობს:“ნეტარია წამკითხველი”, - ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქნებიან ისეთნიც, რომელნიც მას არ წაიკითხავენ და ეს კურთხევა მათთვის არ არის განკუთვნილი”და მომსმენი”, - ე.ი. ისეთნიც, ვინც არ მოისურვებს ამ წინასწარმეტყველების მოსმენას და ეს კურთხევა არც მათთვისაა განკუთვნილი.”მასში დაწერილის დამცველნი”, - ე.ი. ბევრი უარს იტყვის იმ გაფრთხილებებსა და მოძღვრებებზე, რომელსაც გამოცხადების წიგნი მოიცავს და რა თქმა უნდა, ვერც ერთი მათგანი ვერ მიიღებს აღთქმულ კურთხევას. ყოველი, ვინც აბუჩად აიგდებს გამოცხადების წიგნში მოცემულ სიმბოლოებსა და წინასწარმეტყველებებს, ვინც უარს იტყვის თავისი ცხოვრების წესის შეცვლაზე და კაცის ძის შესახვედრად მომზადებაზე, ამ კურთხევის გარეშე დარჩება.დბ 211.4

    როცა გვაქვს ასეთი შთამაგონებელი და სარწმუნო მოწმობა, როგორ ბედავენ ადამიანები იმის მტკიცებას, რომ გამოცხადების წიგნი - ამოუცნობი საიდუმლოა? იგი ამოცნობილი, ყველასათვის გახსნილია. გამოცხადების წიგნის შესწავლა ადამიანის გონებას დანიელის წინასწარმეტყველური წიგნისაკენ მიმართავს, ამ ორი უმნიშვნელოვანესი წიგნის მეშვეობით უფალმა ხალხს ამცნო იმ მოვლენების შესახებ, რომელთაც ადგილი ექნება დედამიწის ისტორიის დასასრულს.დბ 212.1

    მაცხოვარმა იოანეს დაანახა მოვლენები, რომლებიც ეკლესიის მღელვარე და ღრმა ინტერესს იწვევს. მან იხილა ღვთის ხალხის მდგომარეობა, ხიფათი, ბრძოლა და მათი საბოლოო გათავისუფლება. მან იხილა, რომ სახარების ქადაგების დასრულების შემდეგ დედამიწაზე დაიწყება მკა - თავთავთა შეგროვება ზეციური ბეღლისათვის და ჩალისა - ცეცხლში დასაწვავად. მისთვის გაცხადებულ იქნა უდიდესი ჭეშმარიტებანი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ჟამის ეკლესიას ეხება, რათა უფლის ერთგულმა შვილებმა ყველაფერი იცოდნენ მოსალოდნელ ბრძოლასა და საშიშროებაზე. ყოველმა ადამიანმა უნდა გაიგოს მომავალი მოვლენების შესახებ.დბ 212.2

    მაშ, რითი შეიძლება აიხსნას ღვთის სიტყვის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის უგულვებელყოფა? რატომ არის გაბატონებული ამ ბიბლიური მოწმობების შემეცნების მიმართ ასეთი უარყოფითი სურვილი? ეს არის ბოროტების მეფის მიზანდასახული მცდელობა, ხალხს დაუმალოს ყველაფერი ის, რაც მის სიცრუეს ამხელს. გამოცხადების წიგნის ავტორმა, იესო ქრისტემ, კარგად იცოდა, რომ ამ წიგნის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა გაჩაღდებოდა და სწორედ ამიტომ აკურთხა ისინი, ვინც წაიკითხავს, მოისმენს და აღასრულებს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს.დბ 212.3