Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 34 - შეუძლიათ თუ არა მკვდრებს ლაპარაკი?

    /სპირიტიზმი/

    წმიდა ანგელოზთა მსახურება, რომლის შესახებაც წმიდა წერილი გვესაუბრება, ერთერთი ყველაზე დამამშვიდებელი და ფასდაუდებელი ჭეშმარიტებაა ყოველი ქრისტიანისათვის. მაგრამ ბიბლიური სწავლება დაჩრდილული და დამახინჯებულია პოპულარული თეოლოგიის შავბნელი ხრიკებით. სულის ბუნებრივ უკვდავებაზე წარმოდგენამ, რომელიც გადმოღებულია წარმართული ფილოსოფიიდან და ქრისტიანულ რწმენაში დიდი განდგომილების შავბნელ პერიოდშია დანერგილი, დაიკავა იმ ჭეშმარიტების ადგილი, რომელიც ასე გასაგებად და ნათლად არის წარმოდგენილი წმიდა წერილის ფურცლებზე, სახელდობრ: -“მკვდრებმა არაფერი იციან”. და ბევრმა დაიჯერა, თითქოს”მომსახურე სულები, რომლებიც გამოგზავნილები არიან მათი მსახურებისათვის, ვინც გადარჩენის მემკვიდრენი არიან”, გარდაცვლილთა სულებია. ასეთი წარმოდგენა განმტკიცდა ბიბლიური მოწმობის საწინააღმდეგოდ, რომელიც ნათლად გვასწავლის ზეციურ ანგელოზთა არსებობისა და იმ კავშირის შესახებ, რომელიც მათ აქვთ ადამიანებთან მთელი ცხოვრების განმავლობაში, ადამიანის სიკვდილამდე.დბ 346.1

    სწავლებამ ადამიანის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ, განსაკუთრებით კი იმ რწმენამ, რომ მიცვალებულთა სულები ემსახურებიან ცოცხლებს, გზა გაუხსნა თანამედროვე სპირიტიზმს. თუკი მიცვალებულნი უფალთან და წმიდა ანგელოზებთან ურთიერთობაში არიან და იმაზე უფრო მეტი ცოდნა აქვთ მიღებული, რაც ადრე hქონდათ, რატომ არ უნდა დაბრუნდნენ დედამიწაზე ცოცხლების სასწავლებლად? და თუკი, როგორც ღვთისმეტყველნი ამტკიცებენ, მკვდართა სულები დაhქრიან დედამიწაზე მათი მეგობრების გარშემო, რატომ არ შეუძლიათ, გაესაუბრონ, გააფრთხილონ მოსალოდნელი უბედურების შესახებ და ნუგეში სცენ მათ მწუხარებაში? რასაკვირველია, ადამიანებს, რომელნიც დარწმუნებული არიან ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი შეგნებული ცხოვრების არსებობაში, არ შეუძლიათ, უარყონ ეს სულები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სჯერათ, რომ სულებს ღვთიური ნათელი მოაქვთ. და ამ წმიდა (საერთო გაგებით) გზით ახორციელებს სატანა თავის გეგმებს. დაცემული ანგელოზები, რომლებიც მის ბრძანებებს ასრულებენ, ადამიანებს ეცხადებიან, როგორც სულიერი სამყაროს მაცნეები. სატანა ცდილობს, ადამიანები დაარწმუნოს მკვდრებთან ურთიერთობის შესაძლებლობაში, რითაც მზაკვარი ბოროტ ზეგავლენას ახდენს მათ გონებაზე.დბ 346.2

    სატანას შეუძლია ადამიანებს გარდაცვლილი მეგობრები აჩვენოს მათი ნამდვილი სახით; საოცარი სიზუსტით შეუძლია, შექმნას ადამიანის გარეგნობა, თვალთა გამომეტყველება, ხმა და საუბრის მანერა. და ბევრს უხარია, რომ მათი ახლობლები ბედნიერი არიან ზეცაში და ვერც კი გრძნობენ საშიშროებას, როცა უსმენენ”მაცდურ სულებს და ეშმაკის მოძღვრებებს”.დბ 346.3

    როდესაც ადამიანები იწყებენ იმის მტკიცებას, რომ მიცვალებულნი ბრუნდებიან მათთან ურთიერთობისათვის, სატანას შეუძლია, მათ გამოუცხადოს იმათი ხატება, ვინც მოუმზადებლად ჩავიდა სამარეში. გამოცხადებისას ისინი ყვებიან თავიანთ ბედნიერ ცხოვრებაზე, იმ უმაღლეს დიდებაზე, რომელიც ზეცაში აქვთ და ამგვარად, ფართოდ ვრცელდება მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ სიკვდილის შემდეგ არ არსებობს განსხვავება მართალსა და უწმიდურს შორის. ეს ცრუ სტუმრები, სულების ქვეყნიდან მოსულნი, ზოგჯერ მომავალი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ თავიანთ ახლობლებს და შემდგომში მათი სიტყვები მართლდება კიდეც. ამგვარად, ნდობის მოპოვების შემდეგ, ისინი თავს ახვევენ ადამიანებს ისეთ აზრებს, რომლითაც ძირს უთხრიან წმიდა წერილისადმი მათ ნდობას. მიწიერი მეგობრების მიმართ დიდი მზრუნველობის გამოჩენის მიზნით, ეს სულები ცდილობენ, ადამიანებს ჩაუნერგონ მეტად საშიში და მაცდური აზრები. მათ მტკიცებებს დამაჯერებლობას მატებს ისიც, რომ ისინი ზოგჯერ სიმართლეს ამბობენ, შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება და ადამიანებიც ამ ცრუ სწავლებას ისეთი მზადყოფნითა და მტკიცე რწმენით ხვდებიან, როგორც წმიდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას. და აი, უფლის კანონი დავიწყებულია, მადლი უარყოფილია და აღთქმის სისხლი ამ ადამიანთა თვალში კარგავს თავის წმიდა მნიშვნელობას. სპირიტები უარყოფენ ქრისტეს ღვთიურობას და თვით შემოქმედს უტოლებენ თავს. და ამგვარად, უდიდესი მეამბოხე ახალი ნიღბის ქვეშ კვლავ განაგრძობს უფლის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ზეცაში დაიწყო და აგერ უკვე ექვსი ათასწლეულის განმავლობაში გრძელდება დედამიწაზე.დბ 346.4

    ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა სპირიტულ გამოვლინებას მხოლოდ და მხოლოდ მედიუმის ხელის სისწრაფესა და ხრიკებს მიაწერს. მართლაც, ძალიან ხშირად, ჭეშმარიტებად ღებულობენ თაღლითთა ფოკუსებს, მაგრამ აღინიშნება ზებუნებრივი ძალის აშკარა ჩარევაც. იდუმალი კაკუნი - სწორედ ასე გამოვლინდა თანამედროვე სპირიტიზმი - ეს იყო არა ადამიანთა ეშმაკობისა და სიცრუის ფანდები, არამედ დემონთა ჩარევის შედეგი, რამაც ამ გზით საფუძველი ჩაუყარა სიცრუეს, რომელიც წარმატებით ღუპავს ადამიანთა სულებს. თავდაპირველად სპირიტიზმს უყურებენ, როგორც უმნიშვნელო ოინებს, მაგრამ, როდესაც პირისპირ ხვდებიან ისეთ მოვლენებს, რომელთაც მხოლოდ ზებუნებრივი ძალის გამოვლინება შეიძლება დაერქვას, ადამიანები ტყუვდებიან და ღმერთის უდიდეს ძალად მიიჩნევენ.დბ 347.1

    ამ ადამიანებს არ შეუმეცნებიათ წმიდა წერილის გაფრთხილება სატანისა და მის ხელქვეითთა სასწაულების შესახებ. სწორედ სატანის ჩარევით შეძლეს ფარაონის გრძნეულებმა უფლის საქმეების მიბაძვა. პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ გახშირდება სატანის ძალის ამგვარი გამოვლინებები. უფლის მოსვლის წინ”გამოჩნდება ურჯულო... რომელიც მოვა სატანის მოქმედებით, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის” (2თეს. 2:9,10). იოანე მოციქული ბოლო ჟამის სასწაულების აღწერისას ამბობს:“ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე. აცდუნებდა დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად” (გამოცხ. 13:13,14). მოციქული არ თვლის ამ სასწაულებს უბრალო სიცრუედ. ეშმაკები ადამიანებს ნამდვილი სასწაულებით აცდუნებენ და არა უბრალო ფანდებით.დბ 347.2

    ბნელეთის მეფე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ხვეწდა თავის ნიჭს მთელი კაცობრიობის მოტყუებით, ძალზე ოსტატურად აცდუნებს საზოგადოების ყველა ფენის ადამიანებს. განათლებულ და დახვეწილ პიროვნებათა წინაშე იგი სასწაულებს ისეთ სრულყოფილ და ინტელექტუალურ ფორმებში ახდენს, რომ მრავალი ექცევა მის ნასროლ ბადეში. სპირიტიზმის სიბრძნეზე მოციქული იაკობი ასე ამბობს:“ეს არაა მადლით გარდმოვლენილი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკური” (იაკ. 3:15). ამას, რასაკვირველია, უდიდესი თვალთმაქცი მალავს, რათა უფრო ადვილად განახორციელოს თავისი გეგმები. ის, ვინც ცდუნების უდაბნოში ქრისტესთან მივიდა, როგორც ნათელი სერაფიმი, ადამიანებს უფრო მომხიბვლელ ფორმაში, სინათლის ანგელოზის სახით ეცხადება. ამაღლებულ თემებზე საუბრებით ატყვევებს იგი ადამიანთა გონებას; სხვადასხვა წარმტაცი სურათებით მოქმედებს მის წარმოდგენებზე და სიყვარულისა და სულგრძელობის მომხიბვლელი აღწერით ზეგავლენას ახდენს მის გრძნობებზე. იგი ადამიანის გონებას კვებავს დიდებული წარმოდგენებით და ამით თვითაღზევების გრძნობას, თვითრწმენისა და საკუთარი სიბრძნის განდიდების აზრს უნერგავს, რათა მან თავის გულში უარყოს უზენაესი. უძლიერესი მტერი, რომელმაც ქვეყნის მხსნელი ყველაზე მაღალ მთაზე აიყვანა და იქიდან აჩვენა დედამიწის ყველა სამეფო და მათი დიდება, მონახავს საჭირო საშუალებას და გზას, რათა მიუახლოვდეს მათ, ვინც ღვთიური ძალით არ არიან დაცული.დბ 347.3

    დღესაც სატანა ისევე აცდუნებს ადამიანებს, როგორც თავის დროზე ედემში აცდუნა ევა - ფარისევლობით, აკრძალული ცოდნის სურვილის აღგზნებით და თვითგანდიდებისკენ სწრაფვით. სწორედ ამ ვნებებმა მიიყვანა სატანა დაცემამდე და ამ გზებითვე ცდილობს იგი ადამიანთა დაღუპვას.”შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი” - განაცხადა მან (დაბ. 3:5). სპირიტიზმი ასწავლის, რომ -“ადამიანი თავისი ბუნებით შემოქმედია. იგი მოწოდებულია მარადიული თვითგანვითარების სწრაფვისაკენ, რათა მიაღწიოს ღვთიურობის დონეს”. და შემდეგ:“ყოველმა უნდა განიკითხოს თავისი თავი და არა სხვა”.”ტახტი თვითონ თქვენშია”. სპირიტიზმის ერთმა მასწავლებელმა, როდესაც მასში”სულიერმა შეგნებამ” გაიღვიძა, თქვა:“ჩემი ძმებიადამიანები ყველა ნახევრადღმერთები იყვნენ, რომელთაც არასოდეს შეუცოდავთ”. მეორე კი აცხადებს:“ყოველი სამართლიანი და სრულქმნილი არსება - ქრისტეა”.დბ 348.1

    ამგვარად, უსასრულო ღმერთის სიმართლისა და სრულყოფილების ნაცვლად, რომელიც ერთადერთია ღირსი თაყვანისცემისა და პატივისცემისა, მისი კანონის სრულყოფილი სიმართლის ნაცვლად, რომელიც ადამიანთა მისწრაფებების ერთადერთი საზომია, სატანა გვთავაზობს, თაყვანი ვცეთ ცოდვილ, მანკიერ არსებას - ადამიანს და ჩავთვალოთ იგი ხასიათისა და მსჯელობის ერთადერთ საზომად. ეს მართლაც პროგრესია, მაგრამ არა წინ, არამედ საპირისპირო მხარეს.დბ 348.2

    როგორც სულიერი, ასევე ინტელექტუალური კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შემეცნებისდა მიხედვით ჩვენ აუცილებლად ვიცვლებით. ადამიანი თანდათანობით ემსგავსება იმ საგნებს, რაზეც ფიქრობს და უთანაბრდება იმას, რაც უყვარს. და იგი ვერასოდეს ავა სიწმიდის, ღვთისმოსაობის და ჭეშმარიტების საკუთარ მაგალითზე მაღლა. თუკი უმაღლესი იდეალია საკუთარი”მე”, მაშინ ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს მასზე უფრო ამაღლებულს. პირიქით, იგი ნელნელა, მაგრამ აუცილებლად დაიწევს დაბლა. მხოლოდ ერთადერთს, უფლის მადლს შესწევს ძალა ადამიანის ამაღლებისა. საკუთარ თავზე დაყრდნობით ჩვენ აუცილებლად დაცემა გველის.დბ 348.3

    სხვადასხვაგვარ გართობათა და სიამოვნებათა მოყვარულ ადამიანებს, რომელთაც განვითარებული მგრძნობიარობა აქვთ, სულები უფრო დაბალ დონეზე ემსახურებიან, ვიდრე დახვეწილ და ინტელექტუალურ პიროვნებებს. სატანა ადამიანთან მისასვლელ გზას მისი ხასიათის თვისებების შესაბამისად ეძებს. იგი დაკვირვებით სწავლობს ადამიანის ხასიათის ყოველ სუსტ ადგილს; კარგად ამჩნევს თითოეული ადამიანის მიდრეკილებას ამა თუ იმ დანაშაულისაკენ, შემდეგ კი ყოველ ღონეს ხმარობს, შეუქმნას მას ნაყოფიერი ნიადაგი მანკიერი თვისებების განვითარებისათვის; ადამიანს უბიძგებს ზედმეტობისაკენ, თავშეუკავებლობისაკენ და ამახინჯებს მის ბუნებრივ მოთხოვნილებებს, რაც მათ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ ძალთა დაქვეითებას იწვევს. მან დაღუპა და კვლავ ღუპავს ათასობით სიცოცხლეს ვნებების დაკმაყოფილებით, ადამიანის ხასიათის სისასტიკის მატებით. იგი თავისი დაწყებული საქმის დასრულებისათვის სპირიტების მეშვეობით აცხადებს:“ჭეშმარიტი ცოდნა ადამიანს ყველა კანონზე მაღლა აყენებს”, რომ”ყველაფერი, რაც ხდება, კეთილდღეობაა”, რომ”ღმერთი არ განსჯის”, რომ”ჩადენილი ცოდვა დანაშაული არ არის”. ადამიანებსაც სჯერათ, რომ მათი სურვილები უმაღლესი კანონია, რომ თავისუფლება - ადამიანის ყოველგვარი სურვილის დაკმაყოფილებაა, რომ ადამიანი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე. და განა გასაკვირია, რომ ყველგან გაბატონებულია მანკიერება და უწესობა? ბევრი დიდი სიამოვნებით ღებულობს ასეთ სწავლებას, რომელიც ნებას რთავს, იცხოვროს ხორციელი გულის სურვილებითა და სრული თავისუფლებით. ამგვარად, თავშეკავებას მანკიერება ურჩევნიათ, სულიერ და გონებრივ ძალებს კი უმორჩილებენ საკუთარ სურვილებს, და მოზეიმე სატანა თავის ბადეში ახვევს ათასობით მსხვერპლს, რომელნიც თავს ქრისტეს მიმდევრებად თვლიან.დბ 348.4

    ნუ მოტყუვდებით სპირიტიზმის ცრუ ფანდებით! უფალმა საკმარისი სინათლე მისცა კაცობრიობას იმისათვის, რომ ადამიანებმა აღმოაჩინონ ეშმაკის დაგებული მახე. როგორც აღნიშნული იყო, სპირიტიზმი ძირშივე ეწინააღმდეგება წმიდა წერილის ნათელ და ჭეშმარიტ სწავლებას. ბიბლია გვასწავლის, რომ მკვდრებმა არაფერი იციან და არაფერზე ფიქრობენ, რომ არა აქვთ წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება, რომ მათთვის არაფერია ცნობილი იმ ადამიანთა სიხარულისა თუ მწუხარების შესახებ, რომელნიც მათთვის ასე ძვირფასი იყვნენ დედამიწაზე.დბ 349.1

    უფრო მეტიც: ღმერთმა საერთოდ აკრძალა ყოველგვარი ურთიერთობა ე.წ. მიცვალებულთა სულებთან. იუდეველთა შორისაც იყვნენ თანამედროვე სპირიტების მსგავსი ადამიანები, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ კავშირი აქვთ მიცვალებულებთან. მაგრამ ამ”მეგობარ სულებს”, როგორც თითქოსდა იმ ქვეყნიდან მოსულთ უწოდებდნენ, ბიბლია”ეშმაკის სულებს” უწოდებს (რიცხ. 25:1-8; ფს. 28; 1კორ. 10:20; გამოცხ. 16:14). ასეთ სულებთან ყოველგვარი ურთიერთობა საზიზღრობა იყო ღმერთის წინაშე და სასტიკად აკრძალული სიკვდილით დასჯამდეც კი (ლევ. 19:31; 20:27). აწმყოშიც კი სიტყვა”ჯადოქრობა” ზიზღით წარმოითქმება, მტკიცებებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ურთიერთობის დამყარება ბოროტ სულებთან, დღეს ღებულობენ, როგორც შუა საუკუნეებში შეთხზულ ზღაპრებს. მაგრამ სპირიტიზმი, რომელსაც ასი ათასობით და მილიონობით მიმდევარი hყავს, შეიჭრა მეცნიერებაში, ეკლესიაში, საკანონმდებლო ორგანოებში და მეფეთა სასახლეებშიც კი. ეს უდიდესი სიცრუე სხვა არაფერია, თუ არა შენიღბული ჯადოქრობის აღორძინება, რომელიც ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო გაკიცხული და აკრძალული.დბ 349.2

    სპირიტიზმის ჭეშმარიტი არსის სხვა დამადასტურებელი მტკიცებებიც რომ არ ყოფილიყო, ქრისტიანისათვის საკმარისი უნდა იყოს მარტო ის ფაქტიც, რომ სპირიტები არ ანსხვავებენ მართალს ცოდვილისაგან, ქრისტეს კეთილშობილ და წმიდა მოციქულებს - სატანის დაცემულ და გარყვნილ მსახურთაგან. სატანის მტკიცებით, ეს მანკიერი ადამიანები ზეცაში იმყოფებიან და უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ, რითაც მაცდურს სურს, თქვას:“არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ცოდვილი ხართ თუ არა; გჯერათ ბიბლიისა თუ არა; იცხოვრეთ თქვენი სურვილისამებრ, ზეცა მაინც თქვენი სახლია”. არსებითად, სპირიტიზმის მქადაგებელნი პირდაპირ აცხადებენ, რომ”ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩანსო უფალს და ისინი უყვარსო მას, სად არისო სიმართლის ღმერთი? (მალ. 2:17). თუმცა ღვთის სიტყვა ამბობს:“ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიმართლეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად” (ეს. 5:20).დბ 349.3

    ეს ცრუ სულები, რომელნიც თავს მოციქულებად ასაღებენ, ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რასაც სულიწმიდით აღვსილი ჭეშმარიტი მოციქულები წერდნენ. ისინი უარყოფენ ბიბლიის წარმოშობის ღვთიურობას და ამით საბოლოოდ ანგრევენ ქრისტიანთა იმედებსა და ბნელით ფარავენ იმ სინათლეს, რომლითაც ზეცაში მიმავალი გზაა განათებული. სატანა ადამიანებს არწმუნებს, რომ ბიბლია ზღაპარია, ადამიანთა მონაგონი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ეს არის წიგნი, რომელიც კაცობრიობის ჩვილ ასაკს შეეფერებოდა, მაგრამ ახლა არ შეიძლება სერიოზულად მივუდგეთ მას; ან იქნებ უკეთესია, საერთოდ დავივიწყოთ ეს მოძველებული წიგნი! ხოლო ღვთის სიტყვის ნაცვლად იგი სულების გამოცხადებას გვთავაზობს. ეს არის ბერკეტი, რომელიც სრულად ექვემდებარება მის კონტროლს. ამის საშუალებით მას შეუძლია, ყველაფერში დაარწმუნოს კაცობრიობა, თავისი სურვილისამებრ. იგი ჩრდილავს და უვარგისად აცხადებს იმ წიგნს, რომელმაც უნდა გაასამართლოს სატანა და მისი მიმდევრები. ქვეყნიერების მხსნელი მან უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანად წარმოაჩინა. და როგორც იესოს საფლავის მცველებმა მღვდელმთავართა შთაგონებით გაავრცელეს სიცრუე მისი აღდგომის უარსაყოფად, ისინიც, ვისაც სჯერა სპირიტიზმის გამოვლინებებისა, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჩვენი მაცხოვრის ცხოვრებაში არავითარი სასწაული არ ყოფილა. და იესოს უკანა პლანზე გადაწევით ადამიანთა ყურადღებას იპყრობენ საკუთარი სასწაულებით, რომლებიც, მათი თქმით, ქრისტეს საოცარ საქმეებზე მაღალია.დბ 350.1

    სიმართლეს შეეფერება ის ფაქტიც, რომ თანამედროვე სპირიტიზმი იცვლის თავის სახეს, ადამიანებში უფრო მეტი პროტესტის გამომწვევ საქმეებს მალავს და ქრისტიანულ სამოსელში ეხვევა. მაგრამ მისი მოძღვრების პრინციპები წლების განმავლობაში იქადაგება და უფრო და უფრო ვრცელდება; ამიტომ, მისი ნამდვილი არსის დაფარვა შეუძლებელია. ამ სწავლების არც შენიღბვა შეიძლება და არც უარყოფა. მაგრამ თავისი ჭეშმარიტი სახით იგი უფრო საშიშია, რადგან მზაკვრული სიცრუის სამოსელში უფრო ოსტატურად არის გახვეული. თუკი წარსულში სპირიტიზმი უარყოფდა ბიბლიას და ქრისტეს, ახლა იგი აღარ უარყოფს მათ და თითქოს ერთსაც და მეორესაც ღებულობს, მაგრამ ბიბლიის ახსნა ისეთნაირად ხდება, რომ განუახლებელ გულს მოეწონოს იმ დროს, როცა მისი სწორი და არსებითი ჭეშმარიტებანი გაუფასურებული და დამდაბლებულია. ღმერთის ყველაზე მთავარი თვისება - სიყვარული ჩამოფასებულია უბრალო სენტიმენტალიზმამდე, რომელშიც არ არის განსხვავება ბოროტსა და კეთილს შორის. უზენაესის სამართლიანობა, ცოდვილი ადამიანისადმი მიმართული გაფრთხილება, მისი წმიდა კანონების დაცვის მოთხოვნა - ყოველივე ეს დაფარულია ადამიანისაგან. ადამიანებს ასწავლიან, რომ ათ მცნებას შეხედონ, როგორც მკვდარ სიტყვებს. ხალხის შეგნება და გრძნობა სასიამოვნო, ჯადოსნური ზღაპრების ტყვეობაში იმყოფება, რაც მათ აღუძრავს სურვილს, უარი თქვან ბიბლიაზე, როგორც რწმენის წყაროზე. ქრისტე დღესაც ისევე უარყოფილია, როგორც ადრე, მაგრამ სატანამ ისე დააბრმავა ადამიანი, რომ ამას სრულებით ვერ ამჩნევს.დბ 350.2

    მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილს აქვს სწორი წარმოდგენა სპირიტიზმის მაცდუნებელი ძალისა და მისი ზეგავლენის საშიშროებაზე. სპირიტიზმით დაინტერესება ხდება შემთხვევით, მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო. ადამიანებს არ სჯერათ მისი რეალობისა და საშინელ მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ, მათთვის რომ ვინმეს პირდაპირ შეეთავაზებინა სპირიტთა ძალებისადმი მორჩილება. მაგრამ როგორც კი გაბედავენ ამ უძლიერესი მზაკვრისა და კაცობრიობის დამღუპველის კუთვნილ ტერიტორიაზე ფეხის დადგმას, მაშინვე მისი ძალაუფლების ქვეშ ექცევიან. მან კი კარგად იცის, როგორ აიძულოს ადამიანები, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ემსახურონ მას. და რაკი მაცდურს ერთხელ დაუმორჩილებენ თავის გონებას, მისი მსახურნი ხდებიან და საკუთარი ძალებით ვეღარ აღწევენ თავს მის ბოროტ ზემოქმედებას. მხოლოდ ღმერთის ძალას, რომელიც მათ მიეცემათ ძალზე სერიოზული, რწმენით წარმოთქმული ლოცვის შედეგად, შეუძლია ამ მოტყუებულ სულთა გამოხსნა.დბ 350.3

    ისინი, ვინც აყოლილი არიან თავის დანაშაულებრივ სურვილებს ან არ სურთ თავი დაანებონ საყვარელ ცოდვას, თვითონვე იწვევენ სატანას და კარს უხსნიან ცდუნებისათვის. ისინი თავს აშორებენ ღმერთს; კარგავენ ღვთის ანგელოზების დაცვას და როცა ეშმაკი იწყებს მათ ცდუნებას, ადვილადაც ბატონდება მათზე. სატანის ძალის მორჩილთ წარმოდგენა არა აქვთ, თუ რით შეიძლება დამთავრდეს ყოველივე ეს. სატანა იმორჩილებს ამ ადამიანებს და შემდეგ სხვების საცდუნებლად იყენებს.დბ 351.1

    ესაია წინასწარმეტყველი ამბობს:“თუ გითხრეს დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო? მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი” (ეს. 8:19,20). ადამიანებს რომ hქონდეთ სურვილი, მიიღონ წმიდა წერილის ფურცლებზე მოცემული ჭეშმარიტება ადამიანის ბუნებისა და მიცვალებულთა მდგომარეობის შესახებ, მიხვდებოდნენ, რომ სპირიტიზმი - სატანის ხრიკებია, რომელიც ცრუ სასწაულებით მოქმედებს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ უარი თქვან იმ თავისუფლებაზე და ჩვეულ ცოდვებზე, რომელიც ბევრ სიამოვნებას გვრის ხორციელ გულს, მრავალი ადამიანი უარს ამბობს ღვთიურ ნათელზე და მიუხედავად გაფრთხილებისა, თავისი ამორჩეული გზით დადის მანამ, სანამ სატანის ნადავლი არ გახდება და მის ბადეში არ გაებმება. და”იმის გამო, რომ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად, ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მაცდურ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე” (2თეს. 2:10,11).დბ 351.2

    სპირიტიზმის მოწინააღმდეგენი ებრძვიან არა მარტო ადამიანებს, არამედ სატანას და მის ანგელოზებსაც. ისინი აწარმოებენ ბრძოლას”მთავრობათა, ხელისუფალთა და უწმიდურ ძალთა წინააღმდეგ დედამიწაზე”. სატანა მიწის ერთ მტკაველსაც არ დათმობს, თუ ზეციურ მაცნეთა ძალით არ იქნა გაგდებული. ღვთის ხალხი მას მაცხოვრის მსგავსად უნდა ხვდებოდეს, სიტყვებით:“დაწერილია”. სატანას დღესაც, როგორც ქრისტეს დღეებში, შეუძლია წმიდა წერილის ტექსტების ბიბლიური ჭეშმარიტების დამახინჯება და თავისი სიცრუის დასამტკიცებლად გამოყენება. მათ, ვისაც ამ მეტად საშიშ დროს სიმტკიცის შენარჩუნება სურს, გონებით უნდა შეიმეცნონ წმიდა წერილის მოწმობები.დბ 351.3

    ბევრ ადამიანს უწმიდური სულები თავიანთი გარდაცვლილი ნათესავების ან მეგობრების სახით ეცხადებიან და მზაკვრულად აცდუნებენ მათ. ისინი ეხებიან ჩვენს ყველაზე ნაზ გრძნობებს და ახდენენ სასწაულებს, რათა გამოხატონ ჩვენდამი თანაგრძნობა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, სპირიტიზმს იმ ბიბლიური ჭეშმარიტებით შეიარაღებულნი შევხვდეთ, რომელიც ამტკიცებს, რომ მკვდრებმა არაფერი იციან, ხოლო მათი სახით გამოცხადებულნი - უწმიდური სულები არიან.დბ 351.4

    ჩვენ გველის”განსაცდელის ჟამი, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი” (გამოცხ. 3:10). ყველა ის, ვისი რწმენაც არ არის დაფუძნებული ღვთის სიტყვაზე, ცდუნდება და დამარცხდება. სატანა მოქმედებს”ყოველგვარი უსამართლო ცდუნებით”, რათა დაიმორჩილოს მიწის შვილები. მისი ცდუნების ძალა თანდათანობით სულ უფრო და უფრო გაიზრდება, მაგრამ იგი მხოლოდ მაშინ მიაღწევს თავის მიზნებს, როდესაც ადამიანები ნებაყოფლობით მიიღებენ მის ცდუნებას. ისინი კი, რომელნიც გულწრფელად ისწრაფვიან ჭეშმარიტების შემეცნებისაკენ და მორჩილებით - თავიანთი გულების განწმედისაკენ, ამით ემზადებიან მოსალოდნელი ბრძოლისათვის და ღვთის ჭეშმარიტებაში კიდეც hპოვებენ საიმედო დაცვას. და”რაკი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან” - ასე გვაიმედებს უფლის აღთქმა (გამოცხ. 3:10). მას ურჩევნია, ყველა ზეციური ანგელოზი გამოგზავნოს თავისი ხალხის დასაცავად, ვიდრე ერთი მასზე მინდობილი სული დატოვოს სატანის კლანჭებში.დბ 351.5

    ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, თუ რა სასტიკად ცდებიან უწმიდურნი, რომელნიც თვლიან, რომ უფლის სამსჯავრო მათ არ შეეხება.”აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით შავეთთან; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - საფარველად” (ეს. 28:15). აქ აღწერილ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან ისინიც, ვინც ჯიუტად ჩასჭიდებია ცოდვას და თავს იმით იიმედებს, რომ ცოდვილთათვის არავითარი სასჯელი არ არსებობს; რომ ყოველი ადამიანი, როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, ამაღლდება ზეცად და ღვთის ანგელოზთ დაემსგავსება. მაგრამ რაც უფრო მეტად არიან ცოდვასთან მიჯაჭვულნი ისინი, ვინც აღთქმა დაუდო სიკვდილსა და ჯოჯოხეთს, ვინც უარყო მწუხრის დღეებში მართალთა დასაცავად ზეცით შემოთავაზებული ჭეშმარიტება და მის ნაცვლად სატანის სიცრუე მიიღო, მით უფრო სრულად დაემონებიან სპირიტიზმის ცდუნებას.დბ 352.1

    მართლაც საოცარია ჩვენი თაობის სიბრმავე! ათასობით ადამიანი უარყოფს ღვთის სიტყვას, უნდობლობას უცხადებს მას და ბრმად ენდობიან სატანის ვერაგობას. სკეპტიკოსნი და დამცინავნი გმობენ იმ ადამიანთა ბრმა ერთგულებას, ვინც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა რწმენის შენარჩუნებისათვის იბრძვის, აბუჩად იგდებენ საოცარ ბიბლიურ ჭეშმარიტებას მაცხოვარზე, კაცობრიობის გადარჩენის გეგმასა და უწმიდურთა სასჯელზე. ისინი არ იღლებიან სიბრალულის გამოჩენით მათ მიმართ, ვინც მათი აზრით, იმდენად გონებაშეზღუდული, სუსტი და ცრუმორწმუნეა, რომ აღიარებს ღმერთის მოთხოვნებს და ასრულებს მის კანონებს. ისინი ისეთი რწმენით მოქმედებენ, თითქოს მართლაც დაუდეს აღთქმა სიკვდილსა და ჯოჯოხეთს, თითქოს გადაულახავი ბარიერი აღმართეს საკუთარ თავსა და უზენაესის შურისგებას შორის. მათ არაფრის არ ეშინიათ. ისე მთლიანად მიენდნენ თვალთმაქცს, იმდენად მჭიდროდ შეერწყნენ მას და აღივსნენ მისი სულით, რომ არ გააჩნიათ არც ძალა და არც სურვილი მისი მახისაგან გათავისუფლებისა.დბ 352.2

    სატანა დიდი ხანია ემზადება კაცობრიობის საბოლოო ცდუნებისათვის. მისი შრომა ჯერ კიდევ ედემში დაიწყო, როდესაც ევას არწმუნებდა:“არ მოკვდებით, მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი” (დაბ. 3:4.5). იგი თანდათანობით მიიწევდა წინ თავისი მზაკვრული სიცრუის მწვერვალისკენ - სპირიტიზმისაკენ. და თუმცა დღემდე ვერ შეძლო თავისი მიზნის სრულად განხორციელება, მაგრამ დარჩენილ დროში ამასაც მიაღწევს. წინასწარმეტყველი ამბობს:“და ვიხილე ურჩხულის პირით და მხეცის პირით და ცრუწინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმიდური სული, გომბეშოს მსგავსნი. ესენი ეშმაკის სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს და გამოდიან მთელი ქვეყნის მეფეთა მიმართ, რათა საბრძოლველად შეკრიბონ ისინი ყოვლისმპყრობელი ღმერთის იმ დიადი დღისათვის” (გამოცხ. 16:13,14). მთელი მსოფლიო ირწმუნებს ამ სიცრუეს, გარდა იმ ადამიანებისა, რომელთაც იცავს ღმერთის ძალა და მისი სიტყვის რწმენა. ბოროტის მიერ მიძინებული კაცობრიობა თავს უშიშრად გრძნობს და მას მხოლოდ ღვთის რისხვის გადმოფრქვევა გააღვიძებს.დბ 352.3

    უფალი ამბობს:“დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - სასწვრად, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს. გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით” (ეს. 28:17,18).დბ 353.1