Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 20 - დიდი რელიგიური გამოღვიძება

    უდიდესი რელიგიური გამოღვიძება, რომელსაც გამოიწვევდა ქადაგება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, ნაწინასწარმეტყველებია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნის მე14 თავში, პირველი ანგელოზის გაფრთხილებაში. მასში ვკითხულობთ ანგელოზის შესახებ,“რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას hქონდა მარადიული სახარება დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად”.”დიდი ხმით” აუწყებს იგი ხალხს:“გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს” (გამოცხ. 14:6,7).დბ 219.4

    ამ გაფრთხილების მნიშვნელობა უფრო იმითაა აღსანიშნავი, რომ მას თავად ანგელოზი აცხადებს. ღვთიური სიბრძნის ზეციური მაცნის სიწმიდით, დიდებითა და ძალით უნდა ყოფილიყო მოსილი იმ ამაღლებული და დიდებული ჭეშმარიტების გამოცხადება, რომელიც მთელ წუთისოფელს უნდა ემცნოს. ანგელოზის ფრენა შუა ზეცაში, მისი გაფრთხილების”დიდი ხმა”, რომელიც გაისმის”ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად”, ამ ჭეშმარიტების სწრაფ და საყოველთაო გავრცელებაზე მეტყველებს.დბ 220.1

    ეს სახარება თავად აცხადებს ამ დიდი მოძრაობის დაწყების დროს. იგი”მარადიული სახარების” ნაწილია და სამსჯავროს დადგომას გვამცნობს. ხსნის სახარება ყველა საუკუნეში იქადაგებოდა, მაგრამ ეს გაფრთხილება ნაწილია იმისა, რომელიც უკანასკნელ დღეებში უნდა გამოცხადდეს, რადგან მხოლოდ მაშინ დადგება სამსჯავროს ჟამი. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია იმ მოვლენების შესახებ, რომელნიც სამსჯავროს დაწყებას უსწრებენ წინ. ეს განსაკუთრებით დანიელის წიგნს ეხება. მაგრამ დანიელს ნაბრძანები hქონდა, წინასწარმეტყველება ბოლო დღეებზე საიდუმლოდ შეენახა და დაებეჭდა”უკანასკნელ ჟამამდე”. ამ წინასწარმეტყველებაზე დაფუძნებული სახარება სამსჯავროს შესახებ არ უნდა გავრცელებულიყო ამ დროის დადგომამდე. მაგრამ წინასწარმეტყველის თქმით, ბოლო ჟამს მას”მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა” (დან. 12:4).დბ 220.2

    პავლე მოციქული აფრთხილებდა ეკლესიას, მის დღეებში არ დალოდებოდნენ ქრისტეს მოსვლას.”ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ უწინ არ მოვა განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა” (2თეს. 2:3). ჩვენ არ უნდა ველოდოთ ჩვენი უფლის მოსვლას იმაზე ადრე, ვიდრე არ დადგება რწმენისაგან უდიდესი განდგომილება და”დაღუპვის ძის” ხანგრძლივი მმართველობის პერიოდი.”დაღუპვის ძე”, რომელსაც აგრეთვე”ურჯულოების საიდუმლო”,“ურჯულოების კაცი” და”ურჯულო” ეწოდება - ეს არის პაპის ხელისუფლება, რომელსაც უნდა ებატონა 1260 წლის განმავლობაში. ეს პერიოდი 1798 წელს დამთავრდა, ამიტომ ქრისტეს მოსვლა არ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ პერიოდამდე. პავლე მოციქულის გაფრთხილება ეხება მთელ ქრისტიანულ ხანას 1798 წლამდე. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ქადაგება სახარებისა ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ.დბ 220.3

    გასულ საუკუნეებში კაცობრიობას არ მოუსმენია ეს სახარება. როგორც ვხედავთ, პავლე მოციქულიც არ ქადაგებდა ამის შესახებ; იგი თავის ძმებს მიუთითებდა იმ შორეულ მომავალზე, როდესაც ქრისტე მოვიდოდა. ამ სახარებას არც რეფორმატორები ქადაგებდნენ. მარტინ ლუთერი თვლიდა, რომ სამსჯავროს დღემდე 300 წელი იყო დარჩენილი. მაგრამ 1798 წლის შემდეგ დანიელის წიგნს მოეხსნა”ბეჭედი”, ბევრმა შეისწავლა იგი და დაიწყო ქადაგება სამსჯავროს მოახლოების შესახებ.დბ 220.4

    XVI საუკუნის რეფორმაციის მსგავსად, ადვენტისტური მოძრაობა ქრისტიანული სამყაროს სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად წარმოიშვა. ევროპაშიც და ამერიკაშიც მორწმუნე ქრისტიანები რწმენითა და ლოცვებით სწავლობდნენ წინასწარმეტყველებებს, მრავალჯერ კითხულობდნენ მის შთამაგონებელ სიტყვებს და მათთვის ნათელი ხდებოდა ბოლო ჟამის მოახლოება. ბევრ ქვეყანაში გამოჩნდნენ ცალკეული ჯგუფები ადამიანებისა, რომლებიც წმიდა წერილის სერიოზული შესწავლის შედეგად, მიდიოდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოახლოვდა ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამი.დბ 220.5

    სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მილერმა განმარტა წინასწარმეტყველება სამსჯავროს ჟამის შესახებ, და 1821 წელს იოსეფ ვოლფმა,“მსოფლიო მისიონერმა”, დაიწყო ქადაგება უფლის მალე მოსვლის შესახებ. ვოლფი გერმანიაში, ებრაელის ოჯახში დაიბადა. მისი მამა რაბინი იყო. მან ბავშვობიდანვე შეიმეცნა ქრისტიანული რელიგიის ჭეშმარიტება. მისი ცოცხალი გონება მუდამ ძიებაში იყო; დიდი ყურადღებით უსმენდა მამის სახლში გამართულ საუბრებს, სადაც ყოველდღე თავს იყრიდნენ განსწავლული იუდეველები და მსჯელობდნენ თავიანთი ხალხის იმედისა და სასოების, მომავალი მესიისა და ისრაელის აღდგენის შესახებ. ერთხელ, გაიგონა რა ყმაწვილმა იესო ნაზარეველის შესახებ, ძლიერ დაინტერესდა მისით.”იგი ძალიან ჭკვიანი ებრაელი იყო, - უპასუხეს მას, - მაგრამ თავი მესიად გამოაცხადა და იუდეველთა ტრიბუნალმა სიკვდილის განაჩენი გამოუტანა მას”.”მაგრამ რატომ დაინგრა იერუსალიმი, - დაინტერესდა ბავშვი, - და რატომ ვართ ჩვენ მონობაში?””სამწუხაროდ, ასე იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ, ებრაელები, ვხოცავდით წინასწარმეტყველთ”. - იყო მამის პასუხი. ვოლფმა გამოთქვა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ”შესაძლოა, იესოც ასეთივე წინასწარმეტყველი იყო, სრულიად უდანაშაულო და იუდეველებმა მოკლეს იგი”. ამ აზრმა ისე გაიტაცა, რომ მიუხედავად ქრისტიანულ ეკლესიაში სიარულის აკრძალვისა, იგი ხშირად დადიოდა იქ ქადაგების მოსასმენად.დბ 221.1

    ის მხოლოდ შვიდი წლისა იყო, როდესაც თავის ქრისტიან მეზობელს ეტრაბახებოდა იმ ბრწყინვალე მომავლის შესახებ, რომელიც ისრაელს მესიის მოსვლის შემდეგ ელოდა. მოხუცმა ქრისტიანმა თბილად მიმართა მას:“საყვარელო ბიჭუნავ, მე გეტყვი შენ, ვინ არის ჭეშმარიტი მესია. იგი არის იესო ნაზარეველი... რომელიც ძველ წინასწარმეტყველთა მსგავსად ჯვარს აცვეს შენმა წინაპრებმა. სახლში დაბრუნებისას წაიკითხე ესაია წინასწარმეტყველის 53-ე თავი და თავად დარწმუნდები იმაში, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა”. და მართლაც, როცა მან წაიკითხა მითითებული თავი, გაოცებული დარჩა იმით, თუ როგორ ზუსტად აღსრულდა იესო ნაზარეველის ცხოვრებაში ყველაფერი, რაც წინასწარმეტყველის წიგნში იყო დაწერილი. იქნებ, მართალია მისი ქრისტიანი მეზობელი? ბიჭმა მამას სთხოვა წინასწარმეტყველების განმარტება, მაგრამ მისგან ისეთ ჯიუტ და სასტიკ დუმილს წააწყდა, რომ შემდგომ, უკვე ვეღარასოდეს ბედავდა ასეთი კითხვების დასმას. მაგრამ ამან უფრო გაუძლიერა ინტერესი, მეტი გაეგო ქრისტიანობის შესახებ.დბ 221.2

    ბავშვის მშობლები გულმოდგინედ ცდილობდნენ იმ ჭეშმარიტების დამალვას, რომელიც ასე ძლიერ სწყუროდა მას. მაგრამ 11 წლის ასაკში ვოლფმა მიატოვა მამისეული სახლი და გავიდა ხალხში, რათა განათლება მიეღო და რელიგია და პროფესია აერჩია. რამდენიმე ხანს იგი ნათესავებთან ცხოვრობდა, მაგრამ იქიდანაც მალე გააძევეს, როგორც რჯულის მოღალატე. თავშესაფრისა და ფულის გარეშე დარჩენილმა ყმაწვილმა გადაწყვიტა, თვითონვე გაეკვალა თავისი ცხოვრების გზა. იგი ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას, სულდგმულობდა ებრაული ენის სწავლების ხარჯზე, ცდილობდა ცოდნა შეეძინა და განათლება მიეღო. კათოლიკე მოძღვრის გავლენის წყალობით მან რომის კათოლიკური რელიგიის რწმენა მიიღო და გადაწყვიტა, გამხდარიყო მისიონერი თავისი ხალხისათვის. მან რამდენიმე წლის შემდეგ ამ მიზნით დაიწყო სწავლა რომის კათოლიკურ სამისიონერო კოლეჯში. მაგრამ სულ მალე თავისი თავისუფალი მსჯელობებისა და გულახდილი გამოთქმების გამო ერესში დასდეს ბრალი. იგი საჯაროდ აკრიტიკებდა სამღვდელოებას და რეფორმების აუცილებელ გატარებას მოითხოვდა. თვითონ ვოლფი პაპის წარმომადგენელთა განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ ყველაფერი ეს მისი რომიდან გაძევებით დამთავრდა. ეკლესიის მუდმივი ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ვოლფი ერთი ქალაქიდან მეორეში მანამ მოგზაურობდა, სანამ არ დარწმუნდა იმაში, რომ ვერასოდეს შეეგუება რომის ბატონობას. ბოლოს და ბოლოს იგი გამოუსწორებლად მიიჩნიეს და თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა მისცეს. მაშინ იგი ინგლისს გაემგზავრა და მიიღო რა პროტესტანტული რწმენა, ანგლიკანური ეკლესიის წევრი გახდა. ორი წლის მომზადების შემდეგ, 1821 წელს მან მისიონერული მოღვაწეობა დაიწყო.დბ 221.3

    მიიღო რა ჭეშმარიტება ქრისტეს პირველი მოსვლის შესახებ, რომელმაც”იკისრა ჩვენი ვნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი”, ვოლფმა დაინახა, რომ წინასწარმეტყველება ასეთივე თანმიმდევრობით მოწმობდა ძალითა და დიდებით ქრისტეს მეორედ მოსვლაზე და ხალხს მიუთითებდა იესო ნაზარეველზე, როგორც აღთქმულ მესიაზე, მის პირველ მოსვლაზე და მის დამდაბლებაზე ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად. ვოლფი აგრეთვე ასწავლიდა ჭეშმარიტებას უფლის მეორედ მოსვლაზე და რომ უფალი მოვიდოდა, როგორც მეფე და განმათავისუფლებელი.დბ 222.1

    `იესო ნაზარეველი - ჭეშმარიტი მესიაა, - ამბობდა ის, - რომელსაც განუგმირეს ხელები და ფეხები; რომელიც კრავის მსგავსად, სასაკლაოზე წაიყვანეს; რომელმაც იკისრა ჩვენი ვნებები და იტვირთა ჩვენი სნეულებანი; რომელიც პირველად მოვიდა მას შემდეგ, რაც იუდას წაერთვა სამეფო კვერთხი და საკანონმდებლო ძალაუფლება; მაგრამ იგი მეორედ გამოჩნდება ცის ღრუბლებზე, მთავარანგელოზის საყვირის ხმაზე და დადგება ზეთისხილის მთაზე. და ძალაუფლება, რომელიც ერთხელ მიეცა ადამს უფლის მიერ შექმნილ ყოველ არსებაზე საბატონოდ და რომელიც შემდგომ დაკარგა (იხ. დაბ. 1:26; 3:17), იესოს გადაეცემა. ის იქნება მთელი დედამიწის მეფე. აღარ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა, ყველგან იმღერებენ ქებადიდების hიმნებს... როდესაც იესო მოვა მამის დიდებაში უამრავ წმიდა ანგელოზთან ერთად... პირველად ქრისტეში მკვდარნი აღსდგებიან (იხ. 1თეს. 4:16; 1კორ. 15:23). ეს არის პირველი აღდგომა. მაშინ ცხოველებიც კი გარდაიქმნებიან (ეს. 11:6-9) და დაემორჩილებიან იესოს (ფს. 8). დამყარდება საყოველთაო მშვიდობა. და უფალი კვლავ გადახედავს დედამიწას და იტყვის:“აhა, ძალიან კარგია!”დბ 222.2

    ვოლფს სჯეროდა, რომ უფლის მოსვლა მოახლოებულია და წინასწარმეტყველური და დიდებული აღსასრულის ჟამის მისეული განსაზღვრა უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა მილერის მიერ მითითებული დროისაგან. მათ, ვინც ქადაგებდა, რომ ამ”დღისა და საათის შესახებ არავინ იცის” და არც არაფერი უნდა იცოდეს ქრისტეს მოსვლის მოახლოების შესახებ, ვოლფი პასუხობდა:“განა ჩვენმა უფალმა თქვა, რომ დღე და საათი არასოდეს არ იქნება ცნობილი? განა არ მოგვცა დროის ნიშანი თუნდაც იმ იგავით, რომელშიც ნათქვამია, თუ როგორ უნდა შევიცნოთ ზაფხულის მოახლოება ლეღვის ფოთლების მიხედვით? (იხ. მათ. 24:32). განა ჩვენ მუდამ უმეცრებაში უნდა ვიმყოფებოდეთ, თუკი უფალმა თვითონ გვასწავლა დანიელის წიგნის არა მხოლოდ უბრალოდ წაკითხვა, არამედ მისი სრული შემეცნება? სწორედ იმ დანიელის წიგნისა, სადაც ნათქვამია, რომ იგი ბოლო ჟამამდე დაფარული იქნება და რომ”ბევრი შეისწავლის მას (ებრ. გამოთქმა:“თვალყურის დევნება და მსჯელობა დროის შესახებ”) და (ამ დროის მიმართ) მოიმატებს ცოდნა” (დან. 12:4). უფალმა, როგორც ჩანს, გაგვაფრთხილა არა იმის შესახებ, რომ ჩვენ ამ დროის მოახლოებას ვერ შევამჩნევთ, არამედ იმის შესახებ, რომ”იმ დღისა და საათის შესახებ არავინ იცის” ზუსტად. პირიქით, იგი პირდაპირ ამბობს, რომ დროის ნიშნებით ბევრ რამეს შევიცნობთ, რათა მოვემზადოთ მასთან შესახვედრად იმის მსგავსად, თუ ოდესღაც როგორ ამზადებდა ნოე კიდობანს”.დბ 222.3

    ბიბლიურ განმარტებათა დამახინჯების ფართოდ გავრცელებული სისტემის შესახებ ვოლფი წერდა:“ქრისტიანულ ეკლესიათა უმრავლესობამ დატოვა წმიდა წერილის ჭეშმარიტი შემეცნების გზა და მიმართა ბუდისტების აჩრდილთა სისტემას, რომელთაც სჯერათ, რომ”კაცობრიობის ბედნიერება ადამიანთა hაერში დაუბრკოლებლად გადაადგილებაში მდგომარეობს” და ეს ქრისტიანები”წარმართს” კითხულობენ იქ, სადაც დაწერილია”იუდეველი”,“იერუსალიმში” გულისხმობენ”ეკლესიას”, ხოლო”დედამიწა””ზეცად” მიაჩნიათ;”უფლის მოსვლა -“მისიონერთა საზოგადოების პროგრესად”, ხოლო სიტყვებს:“წავიდეთ მთაზე უფლის სახლში” ისინი განმარტავენ, როგორც წასვლას”მეთოდისტთა დიდებულ კრებაზე”.დბ 223.1

    24 წლის განმავლობაში, 1821-1845 წ.წ., ვოლფი მუდმივად მოგზაურობდა. აფრიკაში იგი ეწვია ეგვიპტეს და აბისინიას, აზიაში - პალესტინას, სირიას, სპარსეთს, ბუხარას და ინდოეთს. ხოლო შეერთებული შტატებისკენ მიმავალ გზაზე წმ. ელენეს კუნძულებზე ქადაგებდა. 1837 წელს იგი ჩავიდა ნიუიორკში, იქადაგა და შემდეგ გაემართა ფილადელფიაში, იქიდან ბალტიმორში და ბოლოს მიაღწია ვაშინგტონს. შემდგომში იგი წერდა:“ექსპრეზიდენტის, ჯონ კუინს ადამსის მიერ შემოთავაზებული წინადადებით მე შესაძლებლობა მომეცა, გამოვსულიყავი კონგრესის დარბაზში, რაც შაბათ დღეს შედგა კიდეც. ამ ლექციას კონგრესის ყველა წევრი დაესწრო, მოვიდა თვით ვირჯინიის ეპისკოპოსი, სამღვდელოება და ვაშინგტონის მოქალაქენი. ასეთივე პატივით მიმიღეს ნიუჯერსისა და პენსილვანიის შტატებში, სადაც საზოგადოებას ვაცნობდი აზიაში ჩემი გამოკვლევების შესახებ და ვკითხულობდი ლექციებს იესო ქრისტეს პირადი მმართველობის შესახებ”.დბ 223.2

    პროფესორი ვოლფი მიყრუებულ მხარეებში ყოველგვარი დაცვის გარეშე მოგზაურობდა, მრავალი სიძნელე და გაჭირვება ხვდებოდა გზებზე და ბევრჯერ ხიფათსაც გადაურჩა. სცემდნენ ჯოხებით, კლავდნენ შიმშილით, ერთხელ გაყიდეს კიდეც, როგორც მონა და სამჯერ სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. არაერთხელ ჩავარდნია იგი ხელთ ყაჩაღებს და მრავალჯერ წყურვილით სიკვდილიც დაემუქრა. ერთხელ ყველაფერი მოპარეს და იძულებული გახდა, ასობით მილი ფეხით გაევლო, თოვლიანი მთები შიშველი, გაყინული ფეხებით გადაეკვეთა.დბ 223.3

    როდესაც ურჩევდნენ იარაღის გარეშე არ წასულიყო მტრულად განწყობილ ტომებთან, იგი ჩვეული ტონით პასუხობდა, რომ შეიარაღებულია”ლოცვებით, ქრისტეს მსახურების სურვილით და მისი დახმარების რწმენით. ამას გარდა, ჩემი გული აღსავსეა ღმერთისა და მოყვასისადმი სიყვარულით, ხელში კი ბიბლია მიჭირავს”. იგი მუდამ თან ატარებდა ბიბლიას ინგლისურ და ებრაულ ენებზე. თავისი უკანასკნელი მოგზაურობის გახსენებისას იგი წერდა:“მე... ხელში ყოველთვის მეჭირა გადაშლილი ბიბლია. ვგრძობდი, რომ ჩემი ძალა - ამ წიგნშია, რომ მისი სიძლიერე მეხმარება მე”.დბ 223.4

    ვოლფი შეუპოვრად შრომობდა მანამ, სანამ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში არ გაისმა სახარება სამსჯავროს მოახლოების შესახებ. იგი ღვთის სიტყვას ავრცელებდა ებრაელებში და თურქებში, სპარსელებსა და ინდიელებში, ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა; ყველა ენისა და რასის წარმომადგენელთა შორის და ხალხს მესიის სასუფევლის დადგომის მოახლოებას აცნობდა.დბ 223.5

    ბუხარაში მოგზაურობისას მან აღმოაჩინა, რომ იმ ხალხისათვის უცხო არ არის ქრისტეს სასუფევლის მოახლოების ამბავი და რომ ამ მოძღვრებას იცნობს მსოფლიო ცივილიზაციისაგან ასე შორს მყოფი ხალხი.”არაბებს იემენიდან, - წერდა იგი, - აქვთ წიგნი, სახელწოდებით”სეერა”, რომელშიც ნათქვამია ქრისტეს მეორედ მოსვლისა და მისი დიდებით მეფობის შესახებ. ისინი ელიან უდიდეს მოვლენებს, რომელთაც ადგილი ექნება 1840 წელს... იემენში ექვსი დღე დავყავი რეhაბის შვილებთან. ისინი არ სვამენ ღვინოს, არც ვაზს რგავენ, არც თესავენ. ცხოვრობენ კარვებში, საუბრებში იხსენებენ კეთილ იონადაბს, რეhაბის ვაჟს; მათ შორის ბევრი ისრაელიანი ვნახე დანის შტოდან, რომელნიც რეhაბის შვილებთან ერთად ელიან მესიის გამოჩენას ცის ღრუბლებზე”.დბ 224.1

    სხვა მისიონერის აღმოჩენით, ასეთივე მოძღვრება არსებობდა თათრეთში. თათარმა მოლამ hკითხა მისიონერს, თუ როდის მოვიდოდა იესო ქრისტე მეორედ და როდესაც მისიონერმა უპასუხა - ამის შესახებ არაფერი ვიციო, მოლას დიდად გაუკვირდა ამ კაცის უმეცრება, რომელიც თავს დებდა ბიბლიის მასწავლებლობაზე. მოლა მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ქრისტე დაახლოებით 1884 წელს მოვიდოდა.დბ 224.2

    ინგლისში ქრისტეს მოსვლის შესახებ სახარების ქადაგება 1826 წელს დაიწყო. მაგრამ ეს მოძრაობა აქ არ ჩამოყალიბებულა ისეთი განსაზღვრული ფორმით, როგორც ამერიკაში; ყველგან არ იყო თქმული ზუსტი დროის შესახებ. მაგრამ უდიდესი ჭეშმარიტება ქრისტეს ძალითა და დიდებით მოსვლაზე ფართოდ ვრცელდებოდა. და ამისათვის შრომობდნენ არა მხოლოდ სექტანტები და”გამთიშველები”. ინგლისელი მწერალი მურან ბროკი ამბობს, რომ ანგლიკანური ეკლესიის დაახლოებით 700-მდე წარმომადგენელი ქადაგებდა”სასუფევლის სახარებას”. უწყება იმის შესახებ, რომ ქრისტე 1844 წელს მოვა დედამიწაზე, დიდ ბრიტანეთშიც გაისმა. აქ ფართოდ ვრცელდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოტანილი ადვენტისტური ბროშურები, იბეჭდებოდა წიგნები და ჟურნალები. 1842 წელს რობერტ ვინტერმა, წარმოშობით ინგლისელმა, რომელმაც ადვენტისტური რწმენა ამერიკაში მიიღო, სამშობლოში დაბრუნებისას დაიწყო ქადაგება უფლის მეორედ მოსვლის შესახებ. მის საქმიანობას ბევრი შემოუერთდა და მალე სამსჯავროს მოახლოების სახარება ინგლისის სხვადასხვა მხარეში გავრცელდა.დბ 224.3

    უმეცრებაში და საეკლესიო ინტრიგებში ჩაფლულ სამხრეთ ამერიკაში გამოჩნდა ვინმე იეზუიტი ლაკუნზა, წარმოშობით ესპანელი, რომელმაც წმიდა წერილის გამოკვლევის შედეგად მიიღო ჭეშმარიტება ქრისტეს მალე მოსვლის შესახებ. მან თავი ვალდებულად ჩათვალა, ხალხი ამის შესახებ გაეფრთხილებინა და რომის მხრიდან ბრალდების თავიდან აცილების მიზნით, თავისი თვალსაზრისი გამოთქვა ფსევდონიმით”რაბიბენეზრა”, რომელშიც თავი ახალმოქცეულ ებრაელად გამოაცხადა. ლაკუნზა ცხოვრობდა XVIII საუკუნეში, მაგრამ მისი წიგნი მხოლოდ 1825 წელს აღმოჩნდა ლონდონში, სადაც იგი ინგლისურ ენაზე ითარგმნა. ამ წიგნმა უკვე გამოფხიზლებულ ინგლისელ ხალხს მეორედ მოსვლის სახარებისადმი ინტერესი გაუღრმავა.დბ 224.4

    გერმანელ ხალხს ეს სახარება ამცნო ლუთერანული ეკლესიის მსახურმა ბენგელმა, რომელიც XVIII საუკუნის გამოჩენილ ღვთისმეტყველად და კრიტიკოსად იყო ცნობილი. მიიღო რა განათლება, ბენგელმა”მთელი თავისი დრო თეოლოგიის შესწავლას მიუძღვნა, რაშიც თავისი სერიოზული, რელიგიური წესრიგისა და დისციპლინის მქონე ბუნება და აგრეთვე ბავშვობაში მიღებული აღზრდა უწყობდა ხელს. სხვა სერიოზულ ახალგაზრდა თეოლოგთა მსგავსად, მასაც hქონდა ეჭვებთან და სიძნელეებთან დიდი ბრძოლა სულიერი ცხოვრების სფეროში და შემდგომში დიდი გრძნობით იხსენებდა “იმ მრავალრიცხოვან ისრებს, რომლებმაც დასერეს მისი საწყალი გული და მისი სიჭაბუკე მძიმე ტვირთად აქციეს”. ვიურტბენგერის კონსისტორიის წევრად გახდომის შემდეგ მან რელიგიური თავისუფლების დაცვა დაიწყო.”იბრძოდა რა ეკლესიის უფლებაპრივილეგიისათვის, ამავე დროს უფრთხილდებოდა ყოველი ადამიანის კუთვნილ სინდისის თავისუფლებასაც, რომელიც უნდა მისცემოდა ყველას, მათაც, ვისაც ეკლესიის წევრად დარჩენა არ შეეძლო”. (ბრიტანეთის ენციკლოპედია). მისი მოღვაწეობის კეთილი გავლენა დღესაც კი იგრძნობა მის სამშობლოში.დბ 224.5

    ერთხელ, ქადაგებისათვის მზადებისას იგი გამოცხადების 21-ე თავს ჩაუფიქრდა და უცბად გონება ქრისტეს მეორედ მოსვლის ნათელმა ჭეშმარიტებამ გაუნათა. გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველება მთელი სიცხადით გადაიშალა მის წინაშე. წინასწარმეტყველის მიერ დახატული სურათების გრანდიოზულობითა და მრავალმნიშვნელობით აღელვებულ პასტორს სხვა რამეზე ფიქრი უკვე აღარ შეეძლო. მეორე დღეს ეს ჭეშმარიტება მთელი თავისი რეალობითა და სიძლიერით კვლავ წარმოუდგა თვალწინ. და იმ დღიდან დაიწყო მან წინასწარმეტყველებათა გამოკვლევა, განსაკუთრებით კი გამოცხადების წიგნისა და სულ მალე დარწმუნდა, რომ ქრისტეს მოსვლა მოახლოებული იყო. მის მიერ გამოთვლილი თარიღი მხოლოდ რამდენიმე წლით არ ემთხვეოდა მილერის გვიანდელ გამოთვლებს.დბ 225.1

    ბენგელის ნაშრომები მთელ საქრისტიანოში გავრცელდა. მის თვალსაზრისს სრულად იზიარებდნენ ვიურტენბერგში და ნაწილობრივ, გერმანიის სხვა ქალაქებში. ეს მოძრაობა იზრდებოდა მისი სიკვდილის შემდეგაც და სახარება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ სხვა ქვეყნებთან ერთად გერმანიაშიც იქადაგებოდა. ზოგიერთი მორწმუნე რუსეთში გადასახლდა, სადაც მცირე კოლონიები დააარსა და ამ ქვეყანაში დღესაც იქადაგება სახარება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ.დბ 225.2

    ნათელი ამობრწყინდა საფრანგეთშიც და შვეიცარიაშიც. ჟენევაში, სადაც ფარელმა და კალვინმა გაავრცელეს რეფორმაციის იდეები, ახლა გოსენი ქადაგებდა სახარებას ქრისტეს მოსვლის მოახლოების შესახებ. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, გოსენი იმ რაციონალიზმის სულს შეეჯახა, რომელიც XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში მთელ ევროპაში იყო გაბატონებული; და სასულიერო ხარისხის მიღების შემდეგაც არაფერი იცოდა ჭეშმარიტი რწმენის შესახებ, რის მიმართაც ასე სკეპტიკურად იყო განწყობილი. ახალგაზრდობაში იგი წინასწარმეტყველებებით დაინტერესდა. წაიკითხა რა როლანის”ძველი ისტორია”, მისი ყურადღება მიიპყრო დანიელის წიგნის მე-2 თავმა და განცვიფრებული დარჩა იმ საოცარი სიზუსტით, რომლითაც წინასწარმეტყველება აღსრულდა, რაც კიდეც ასახული იყო ისტორიულ მატიანეში. ეს მისთვის წერილის”ღვთივსულიერებას” მოწმობდა, რომელიც შემდგომში მის საყრდენად იქცა და ყოველთვის ეხმარებოდა, რომ არ ჩაძირულიყო ხიფათით სავსე ცხოვრების მორევში. რაციონალისტური მოძღვრება არ აკმაყოფილებდა მას; მხოლოდ ბიბლიის სრული შესწავლის შემედ, უფრო დიდი შემეცნებისაკენ მუდმივი სწრაფვით, საკმაოდ დიდი ხნის მერე მივიდა იგი ჭეშმარიტ რწმენამდე.დბ 225.3

    წინასწარმეტყველებათა გამოკვლევების გავრცელებით და მასზე მუდმივი მსჯელობის შედეგად იგი მიხვდა, რომ უფლის მოსვლა ახლოსაა. შეიცნო რა საზეიმო მნიშვნელობა ამ უდიდესი ჭეშმარიტებისა, გადაწყვიტა იგი სხვებისთვის გაეზიარებინა, მაგრამ საყოველთაოდ გავრცელებულმა რწმენამ დანიელის საიდუმლო წინასწარმეტყველებათა შესახებ და იმ აზრმა, რომ მისი გაგება ადამიანისათვის მიუწვდომელია, სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა ჭეშმარიტების გზაზე. ბოლოს გადაწყვიტა, მიებაძა ფარელის მაგალითისათვის და დაიწყო ბავშვებთან მუშაობა იმ იმედით, რომ შემდგომში მათი მშობლებისთვის გაეღვიძებინა ინტერესი.დბ 225.4

    მოგვიანებით იგი ამ მეთოდის შესახებ წერდა:“მე მსურს ყველამ იცოდეს, თუ ჩემი მსახურების დასაწყისში რატომ მივმართე ბავშვებს და არა უფროსებს. ეს გავაკეთე არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტება, რომელსაც მე ვქადაგებდი, ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო. პირიქით, სწორედ იმ ჭეშმარიტების, რომელიც ასეთი ძვირფასი საგანძური იყო ჩემთვის, გადაცემა მინდოდა ადვილი და უფრო მისაწვდომი ფორმით. მსურდა, ჩემი მოწოდება გაეგო ყველას, მაგრამ მეშინოდა, რომ ეს არ მოხდებოდა, თუ პირდაპირ უფროსებს მივმართავდი. ამიტომ მივედი ყველაზე პატარებთან. მე ვაგროვებდი ბავშვებს და ასე ვმსჯელობდი: თუკი ჩემი ჯგუფი გაიზრდება, იმას ნიშნავს, რომ ეს აინტერესებთ, რომ მათთვის გასაგებია ჩემი საუბარი და ისინი მსჯელობენ მასზე, მაშინ გამიჩნდება იმედი მეორე ასეთი ჯგუფის შექმნისა, შემდეგ კი მშობლებიც დარწმუნდებიან იმაში, რომ ღირს ამ საკითხზე მსჯელობა და დაფიქრება. და როდესაც ეს ასე მოხდება, გამარჯვება გარდაუვალია”.დბ 226.1

    გოსენის მოლოდინი გამართლდა. პატარებთან შრომით მან უფროსებიც დააინტერესა. მისი ეკლესია სავსე იყო ყურადღებიანი მსმენელით. მათ შორის ხშირად იყვნენ გავლენიანი და სწავლული პიროვნებები, ჟენევაში ჩამოსული უცხოელები და ამგვარად, სახარება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ სხვა მხარეებშიც ვრცელდებოდა.დბ 226.2

    წარმატებებით გამხნევებულმა გოსენმა თავისი ლექციები იმ იმედით გამოაქვეყნა, რომ წინასწარმეტყველთა წიგნების გამოკვლევები დააინტერესებდა ეკლესიებსაც, სადაც მსახურება ფრანგულ ენაზე ტარდებოდა.”ბავშვებისათვის მოძღვრებათა გამოქვეყნებით სინამდვილეში მე მათ მშობლებს მივმართავდი, - წერდა გოსენი, - რომლებიც ხშირად უგულვებელყოფდნენ ამ წიგნებს იმ მიზეზით, რომ მათთვის მიუწვდომელია მათი საიდუმლო. რა არის აქ გაუგებარი, თუკი ბავშვებიც კი ჩაწვდნენ მას? ძალიან მინდოდა ეს წინასწარმეტყველებანი ჩემი ეკლესიისათვის გამეცნო. მე ეს დროულად მიმაჩნია. მათი შესწავლა მოგვამზადებს მოახლოებული გამოცდისათვის, დაგვეხმარება ფხიზლად ვიყოთ იესო ქრისტეს მოლოდინის იმედით”.დბ 226.3

    მიუხედავად იმისა, რომ გოსენი ჟენევის ერთერთი საყვარელი მოძღვარი იყო, რომელიც ღვთისმსახურებას ფრანგულ ენაზე ატარებდა, რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სამსახურიდან დაითხოვეს. მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება იმაში მდგომარეობდა, რომ იგი უსიცოცხლო საეკლესიო და რაციონალისტური კატეხიზმის ნაცვლად ახალგაზრდებს ბიბლიას ასწავლიდა. შემდგომში იგი ღვთისმეტყველების მასწავლებელი გახდა და კვლავინდებურად კვირადღეობით ბავშვებს ბიბლიას ასწავლიდა. დიდი ინტერესი გამოიწვია მისმა ნაშრომებმა წინასწარმეტყველებათა შესახებ. საპროფესორო კათედრიდან, თავისი წიგნის ფურცლებიდან თუ თავისი სამასწავლებლო და სამოღვაწეო ადგილებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში უგზავნიდა ადამიანებს კეთილ აზრებს, მიუთითებდა წინასწარმეტყველებებზე და უფლის მოსვლის მოახლოებაზე.დბ 226.4

    სახარება უფლის მეორედ მოსვლის შესახებ სკანდინავიაშიც გაისმა, სადაც მან დიდი ინტერესი გამოიწვია. ბევრი გამოფხიზლდა უზრუნველი ძილისაგან, აღიარა და მიატოვა თავისი ცოდვები და მიტევებისათვის ქრისტეს მიმართა. სახელმწიფო ეკლესიათა ხელმძღვანელები მისი ასეთი მოღვაწეობის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მათი მოთხოვნით ზოგიერთი მქადაგებელი დილეგში ჩააგდეს. მაგრამ ბევრგან, სადაც უფლის მეორედ მოსვლის მაცნენი დაადუმეს, უფალმა ქადაგების სხვა, ჩინებულ ხერხს მიმართა - პატარა ბავშვების მეშვეობით. არასრულწლოვანობის გამო, სახელმწიფო კანონები ბავშვებზე არ ვრცელდებოდა და მათ ჭეშმარიტების შესახებ ლაპარაკი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეძლოთ.დბ 226.5

    ასეთი ფორმით ქადაგება პოპულარული იყო უბრალო მშრომელთა შორის, რომელთა ღარიბულ სახლებშიც ხალხი ამ გაფრთხილებათა მოსასმენად იკრიბებოდა. მქადაგებელი ბავშვები ძირითადად ამ ღარიბი ოჯახების წევრები იყვნენ და ზოგიერთი მათგანი 6-7 წლისა იყო. და თუმცა მათი ცხოვრება მაცხოვრისადმი უდიდეს სიყვარულსა და მისი წმიდა მოთხოვნების შესრულების მცდელობას მოწმობდა, ისინი მაინც ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, რომელთა განვითარებაც მათ ასაკს შეეფერებოდა. მაგრამ როცა ხალხის წინაშე გამოდიოდნენ, აშკარად ჩანდა, რომ მათ ზეციური ძალა ხელმძღვანელობდა. მომავალი სამსჯავროს შესახებ გაფრთხილებათა წარმოთქმის დროს მათი ხმებიც კი სხვაგვარად ჟღერდა:“გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი”. ისინი ამხელდნენ და კიცხავდნენ ადამიანთა ცოდვებს, მათ უზნეობასა და მანკიერებას, მათ ჭეშმარიტი რწმენისაგან განდგომას და მსმენელთ მოუწოდებდნენ მომზადებულიყვნენ ქრისტეს შესახვედრად, რათა უფლის რისხვა თავიდან აეცილებინათ.დბ 227.1

    ხალხი მოკრძალებით უსმენდა მათ სიტყვებს. ღვთის სულიწმიდა ზეგავლენას ახდენდა მათ გულებზე. ბევრმა ინტერესით ჩაიხედა წმიდა წერილში; უზნეო ადამიანები ტოვებდნენ თავიანთ ცოდვილ ცხოვრებას, უარყოფით თვისებებს და მათი ცხოვრების უკეთესისაკენ გარდაქმნა იმდენად ნათელი იყო, რომ თვით სახელმწიფო ეკლესიათა მსახურნიც კი იძულებული იყვნენ ამ მოძრაობაში უფლის ხელი ეღიარებინათ.დბ 227.2

    უფალს სურდა, რომ სკანდინავიის ქვეყნებს მოესმინათ სახარება მაცხოვრის მოსვლის შესახებ და როდესაც მის მსახურთა ხმა დაადუმეს, თავისი სული ბავშვებს მისცა დაწყებული საქმის დასასრულებლად. როდესაც იესო, მოზეიმე ადამიანთა თანხლებით იერუსალიმში შედიოდა და აღტაცებული ხალხი პალმების რტოებით ხელში დავითის ძედ აცხადებდა მას, შურიანმა ფარისევლებმა იესოს ხალხის გაჩუმება მოსთხოვეს, მაგრამ უფალმა უპასუხა, რომ ეს წინასწარმეტყველების ასრულებაა და თუკი ადამიანები დადუმდებიან, მაშინ ქვები იღაღადებენ. მღვდელთა და მთავართა მუქარით შეშინებული ხალხი იერუსალიმში უფლის შესვლის დროს გაჩუმდა, მაგრამ ტაძრის ეზოში შემოსული ბავშვები პალმის ტოტების ქნევით უშიშრად შესძახოდნენ:“ოსანა დავითის ძეს!” (მათ. 21:8-16). როდესაც აღშფოთებულმა ფარისევლებმა უთხრეს მას:“თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?”, იესომ უპასუხა:“ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ:“ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება?” როგორც მაცხოვრის პირველი მოსვლის დროს მოქმედებდა ბავშვების მეშვეობით უფალი, ასევე გამოიყენა ისინი ქადაგებისათვის თავისი მეორედ მოსვლის შესახებ, რადგან უნდა აღსრულებულიყო ღვთის სიტყვა იმის შესახებ, რომ უფლის მოსვლის სახარება ექადაგება ყველა ტომს, ხალხებს და ენებს.დბ 227.3

    უფალმა ამ სახარების ქადაგება ამერიკაში უილიამ მილერსა და მის მიმდევრებს დაავალა. ეს ქვეყანა უდიდესი ადვენტისტური მოძრაობის ცენტრად იქცა. აქ უფრო სრულად აღსრულდა პირველი ანგელოზის სახარების წინასწარმეტყველება. აქედან ვრცელდებოდა მილერისა და მის თანამოაზრეთა ნაშრომები სხვადასხვა ქვეყნებში. ამერიკელი მისიონერები ყველა ქვეყანაში ქადაგებდნენ სასიხარულო და კეთილ სახარებას ქრისტეს მალე მოსვლის შესახებ. დედამიწის ყველა კუთხეში ვრცელდებოდა სახარების ჭეშმარიტება:“გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი”.დბ 227.4

    ადამიანები დაატყვევა წინასწარმეტყველებამ იმის შესახებ, რომ ქრისტე 1844 წლის გაზაფხულზე მოვა. ეს ამბავი მქადაგებლებს ერთი შტატიდან მეორეში გადაhქონდათ, რასაც ყველგან დიდი ინტერესით ხვდებოდნენ. ბევრი დარწმუნდა წინასწარმეტყველურ მტკიცებათა ჭეშმარიტებაში და უარყო რა თავისი ამაყი სწრაფვა საკუთარი თვალსაზრისისაკენ, სიხარულით ღებულობდა ჭეშმარიტებას. ზოგიერთი ღვთისმსახური ბიბლიის საწინააღმდეგო თავის თვალსაზრისს და წინანდელ შეხედულებებს იცვლიდა. ისინი უარს ამბობდნენ ანაზღაურებაზე, ტოვებდნენ ეკლესიებს და მიდიოდნენ ქრისტეს მოსვლის შესახებ ჭეშმარიტების საქადაგებლად. მაგრამ ასეთ მსახურთა რიცხვი მცირე იყო და ეს სახარება ძირითადად უბრალო ადამიანთა მეშვეობით ვრცელდებოდა. ფერმერები ტოვებდნენ თავიანთ ფერმებს; ხელოსნები — ინსტრუმენტებს; კომერსანტები - თავიანთ სავაჭროებს; მოსამსახურენი - თავიანთ სამუშაო ადგილებს, მაგრამ ამ დიდი სამუშაოს შესასრულებლად მქადაგებელთა ეს მცირე რიცხვი საკმარისი არ იყო. ეკლესიის არასახარბიელო მდგომარეობა, უწმიდურებაში ჩაფლული წუთისოფელი - ყველაფერი ეს მძიმე ტვირთად დააწვა უფლის ჭეშმარიტ გუშაგთ და ისინიც ნებაყოფლობით იტანდნენ სიძნელეებს, გაჭირვებას, ტანჯვას, რათა ადამიანებისათვის ეჩვენებინათ მონანიებისა და გადარჩენის გზა. სატანის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქმე კეთდებოდა და ადვენტისტური რწმენა ათასობით ადამიანმა მიიღო.დბ 228.1

    ყველგან გაისმოდა ხმა, რომელიც მოუწოდებდა ცოდვილებს - მორწმუნეებსაც და ურწმუნოებსაც - ყველაფერი გაეკეთებინათ მომავალი რისხვის თავიდან ასაცილებლად. ქრისტეს წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის მსგავსად, ჭეშმარიტების მაცნეებმა ცული დასცეს ხის ფესვებთან და ყველას დაჟინებით ევედრებოდნენ, მონანიების ღირსეული ნაყოფი გამოეღოთ. როგორ არ hგავდა წუთისოფლისადმი მიმართული მათი მწუხარე და მღელვარე მიმართვები იმ ტკბილ, დამამშვიდებელ სიტყვებს, რომელიც ეკლესიების კათედრებიდან გაისმოდა. წმიდა წერილის უბრალო, სულიწმიდის ზეგავლენით წარმოთქმული დამაჯერებელი მოწმობანი ისე ძლიერ ატყვევებდა ადამიანთა გულს, რომ მას ძალიან მცირე ნაწილი უწევდა წინააღმდეგობას. თეოლოგიის მასწავლებლები გამოფხიზლდნენ, დაინახეს თავიანთი შეცდომები, ამქვეყნიურობისადმი სიყვარული, ურწმუნოება, სიამაყე და ეგოიზმი. ბევრი მონანიებასა და მორჩილებაში ეძებდა ღმერთს. ახლა მათ თავიანთი გრძნობები და ფიქრები, რომელიც ასე ხანგრძლივად იყო მიჯაჭვული წუთისოფელზე, ზეცისაკენ მიმართეს, სულიწმიდით აღივსნენ და მორჩილებითა და სიხარულით აიტაცეს სიტყვები:“გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი”.დბ 228.2

    ცოდვილნი ტიროდნენ:“რა უნდა გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ?” მათ, ვინც ადრე უზნეოდ იქცეოდა, ახლა სრულიად საწინააღმდეგო სურდათ. hპოვეს რა სიმშვიდე ქრისტეში, ისინი გულწრფელად ცდილობდნენ, რომ სხვებსაც მიეღოთ ასეთივე მადლი. მშობელთა გულები შვილებისაკენ მობრუნდნენ და შვილებისა - მშობლებისაკენ. ადამიანთა ურთიერთობას სიამაყე და თავდაჯერებულობა აღარ უშლიდა ხელს. ისინი გულწრფელად ინანიებდნენ ცოდვებს, გულმოდგინედ იღწვოდნენ ნათესავთა და ახლობელთა გადასარჩენად და მგზნებარე ლოცვებს აღავლენდნენ ერთმანეთისათვის. ყველგან იყვნენ ადამიანები, რომელნიც თრთოლვითა და მოკრძალებით ევედრებოდნენ უფალს გადარჩენას. მთელ ღამეებს ლოცვებში ატარებდნენ, სურდათ რა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ უფალმა მიუტევა ცოდვები, სხვები კი თავიანთ ნათესავთა და მეზობელთა გადარჩენისთვის ლოცულობდნენ.დბ 228.3

    ადვენტისტთა შეკრებებზე საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი მოდიოდა: მდიდრები და ღარიბები, დიდებულნი და მდაბიონი, რომელთაც მხოლოდ ერთი რამ სწყუროდათ: მოესმინათ მოძღვრება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. სანამ ღვთისმსახურნი რწმენის პრინციპების შესახებ ქადაგებდნენ, უფალი აქრობდა ხალხში წინააღმდეგობის სულს. ზოგჯერ ეს მოწმობა მეტად სუსტი იყო, მაგრამ ღვთის სული დამაჯერებელს ხდიდა მას. ასეთ შეკრებებზე ყოველთვის იგრძნობოდა წმიდა ანგელოზთა იქ ყოფნა და ყოველდღიურად მრავალი ადამიანი უერთდებოდა მორწმუნეთ. ერთად შეკრებილი უამრავი ხალხი სულგანაბული უსმენდა საზეიმოდ წარმოთქმულ სიტყვებს ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. თითქოს ზეცა და დედამიწა უახლოვდებოდა ერთმანეთს. ღვთის ძალა მოქმედებდა მოხუცებშიც, ახალგაზრდებშიც და ბავშვებშიც. ადამიანები სახლებში ქებადიდების hიმნების მღერით ბრუნდებოდნენ და სიხარულით აღსავსე ხმები ღამის სიჩუმეს არღვევდა. შეკრებათა მონაწილეებს არასოდეს დავიწყებიათ ამ კრებებზე გამეფებული დაძაბული სულიერი ატმოსფერო.დბ 229.1

    ქრისტეს მოსვლის ზუსტი დროის მითითება საზოგადოების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა როგორც ეკლესიის მსახურებში, ასევე ყველაზე თავზეხელაღებულ დამნაშავეებშიც. რა ზუსტად აღსრულდა წინასწარმეტყველის სიტყვები:“უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. ამბობენ: სად არის მისი მოსვლის აღთქმაო? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული” (2პეტ. 3:3,4). ბევრი უფლის მოყვარული და მომლოდინე, როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებდნენ, ამბობდა: ჩვენ ვღებულობთ მოძღვრებას ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, მაგრამ რა საჭიროა ამ მოვლენის ზუსტი თარიღის დასახელება? მაგრამ ყოვლისმხილველი ხედავდა მათ გულებს, მათ სულაც არ სურდათ ქრისტეს მოსვლა, რომელიც სამართლიანად განსჯის კაცობრიობას. ისინი არ იყვნენ ერთგული მსახურნი; მათ ეშინოდათ მათი გულების გამომცდელი ღმერთისა, ეშინოდათ უფალთან შეხვედრისა. ქრისტეს პირველად მოსვლის პერიოდის იუდეველთა მსგავსად, ეს ადამიანები არ იყვნენ მზად იესოსთან შესახვედრად. მათ არა მხოლოდ არ სურდათ ბიბლიურ მტკიცებათა მოსმენა, არამედ დასცინოდნენ კიდეც უფლის მომლოდინეთ. სატანა და მისი ანგელოზები ზეიმობდნენ და უკმეხად მიუთითებდნენ ქრისტეს და მის ანგელოზთ ღვთის ხალხზე, რომელთაც, ეტყობა, არც თუ ისე დიდი სიყვარული აქვთ უფლის მიმართ, რადგან არ სურთ მისი დედამიწაზე მოსვლა.დბ 229.2

    `არავინ იცის დღე და საათი”, - ეს სიტყვები ხშირად გაისმოდა, როგორც მტკიცება ქრისტეს მოსვლის უარმყოფელი ხალხისა. წმიდა წერილი ამბობს:“მაგრამ იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ” (მათ. 24:36). წმიდა წერილის ამ ტექსტის ნათელ და მასთან შეთანხმებულ განმარტებას იძლეოდნენ ქრისტეს მომლოდინენი, ხოლო მოწინააღმდეგენი არასწორად ხსნიდნენ მას. ეს სიტყვები ზეთისხილის მთაზე მოწაფეებთან სამახსოვრო საუბრისას ქრისტემ მას შემდეგ წარმოთქვა, რაც უკანასკნელად ეწვია ტაძარს. მოწაფეებმა hკითხეს:“რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?” იესომ დროის ნიშნებზე მიუთითა და უთხრა:“როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი”. მაცხოვრის ერთი გამოთქმა არ გამორიცხავს მეორეს. თუმცა არც ერთმა ადამიანმა არ იცის მისი მოსვლის ზუსტი დღე და საათი, მაგრამ ჩვენ გაფრთხილებული ვართ ამ მოვლენის მოახლოების ნიშნების შესახებ. ასევე ნათქვამია, რომ ამ გაფრთხილებათა უგულვებელყოფით და იმ ნიშნებზე თვალის დახუჭვით, რომლებიც ქრისტეს მოსვლის მოახლოებაზე მიუთითებს, ისეთივე საბედისწერო შეცდომას ჩავდივართ, როგორც ნოეს პერიოდში მცხოვრები ადამიანები, რომელთაც არ იცოდნენ, როდის მოვიდოდა წარღვნა. ამავე თავში მოცემულ იგავში ნაჩვენებია ორი ურთიერთსაპირისპირო მსახური: ერთგული და ბოროტი; ნაჩვენებია იმ მონის ბედი, რომელმაც თავის გულში თქვა:“იგვიანებსო ჩემი ბატონი”. ეს იგავი ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ მოექცევა ქრისტე იმ ხალხს, ვინც ელოდა მას და სხვებსაც ასწავლიდა ჭეშმარიტებას მისი მოსვლის შესახებ და რა დამოკიდებულება ექნება მის უარმყოფელთა მიმართ.”ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს hპოვებს მას” (მათ. 24:42-46).”და თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, როდის მოგივალ” (გამოცხ. 3:3).დბ 229.3

    იმათ შესახებ, ვისთვისაც ქრისტეს მოსვლა მოულოდნელი იქნება, მოციქული პავლე გვეუბნება:“უფლის დღე ღამის ქურდივით მოვა. ვინაიდან, როცა იტყვიან:“მშვიდობა და უსაფრთხოებააო”, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება... და ვერ დააღწევენ თავს”. იგი მიმართავს მათაც, ვინც ყურადღებით ეკიდება ყოველივე ამას და ფხიზლობს:“მაგრამ თქვენ, ძმებო, სიბნელეში არ იმყოფებით, რომ დღე ქურდივით წამოგეწიოთ. ვინაიდან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები; არც ღამისანი ვართ ჩვენ და არც ბნელისანი” (1თეს. 5:2-5).დბ 230.1

    ამგვარად, როგორც ვხედავთ, წმიდა წერილი არავის აძლევს იმის საფუძველს, რომ ადამიანი უმეცარი იყოს ქრისტეს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მოსმენა არ სურთ მხოლოდ მათ, ვინც საბაბს ეძებს ჭეშმარიტების უარსაყოფად.”დაცინვით დამცინავნი”, რომელთა შორის ეგრეთ წოდებული ქრისტეს მსახურნიც არიან, გაუთავებლად იტყვიან:“იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის”. როდესაც ხალხი გამოფხიზლდა და გადარჩენის გზის ძებნა დაიწყო, რელიგიის მასწავლებლები, ცდილობდნენ რა მათი შიშის გაქარწყლებას ღვთის სიტყვის არასწორი განმარტებებით, მათსა და ჭეშმარიტებას შორის ჩადგნენ. ურწმუნო გუშაგნი შეუერთდნენ უდიდეს მაცდურს და ყვიროდნენ:“მშვიდობა, მშვიდობა!” მაშინ, როდესაც ღმერთი არ აცხადებს მშვიდობას. ქრისტეს დღეებში მცხოვრებ ფარისეველთა მსგავსად, ბევრმა ნებაყოფლობით თქვა უარი ზეციურ სასუფეველზე და სხვებსაც უშლიდა ხელს მისკენ სწრაფვაში. ისინი დამნაშავენი არიან მათ დაღუპვაში.დბ 230.2

    უპირველესად, ეს სახარება ეკლესიის ყველაზე თავმდაბალმა და ერთგულმა წევრებმა მიიღეს. მათ, ვინც დამოუკიდებლად სწავლობდა ბიბლიას, არ შეეძლოთ, არ დაენახათ წინასწარმეტყველების შესახებ საზოგადოდ მიღებული, დაუსაბუთებელი და მცდარი თვალსაზრისი; და იმ ადამიანებისთვის, რომელნიც წმიდა წერილს იკვლევდნენ არა სამღვდელობის ზეგავლენით, არამედ დამოუკიდებლად, საჭირო იყო ადვენტისტური სწავლების მხოლოდ წმიდა წერილთან შედარება, რათა მის ღვთიურ წარმოშობაში დარწმუნებულიყვნენ.დბ 230.3

    ბევრი იდევნებოდა თავისივე თანამოძმეებისაგან, რომელთაც არ სურდათ მოესმინათ ქრისტეს მოსვლის შესახებ. ეკლესიაში თავიანთი პოზიციების შენარჩუნების მიზნით ზოგმა ამ ახლად გამოღვიძებული იმედის შესახებ დუმილი არჩია. მაგრამ სხვები გრძნობდნენ, რომ უფლის ერთგულთ არ შეhფერით უფლის მიერ ბოძებული ჭეშმარიტების დამალვა. ბევრი ადამიანი ოფიციალური ეკლესიებიდან იმის გამო გარიცხეს, რომ მათ ქრისტეს მოსვლის მოახლოება სწამდათ. მაგრამ ჭეშმარიტებისათვის დევნილნი თავს წინასწარმეტყველის სიტყვებით ინუგეშებდნენ:“ამბობენ თქვენი ძმები, თქვენი მოძულენი და ჩემი სახელისათვის თქვენი უარისმყოფელნი: გამოაჩინოს უფალმა თავისი დიდება, რომ ვიხილოთო თქვენი სიხარული”, მაგრამ შერცხვებიან ისინი” (ეს. 66:5).დბ 230.4

    უფლის ანგელოზები უდიდესი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს ამ მოძრაობის შედეგებს. როდესაც ეკლესიებმა ძირითადში უარი თქვეს ამ გაფრთხილების სახარების მიღებაზე, ანგელოზებმა მწუხარებით დაიფარეს სახეები. მაგრამ ბევრთან ჯერ არ მისულიყო ადვენტისტური ჭეშმარიტება. ბევრნი შეცდომაში შეიყვანეს ცოლებმა, ქმრებმა, მშობლებმა თუ შვილებმა, რომელნიც მათ არწმუნებდნენ, რომ ამ ადვენტისტური ერესის მოსმენაც კი დიდი ცოდვააო ღმერთის წინაშე. ანგელოზებს ნაბრძანები hქონდათ, განსაკუთრებით ედევნებინათ თვალყური ამ სულთათვის, რადგან მათ უფლის ტახტიდან სხვა ნათელი უნდა მიეღოთ.დბ 231.1

    ხოლო ისინი, ვინც ეს სახარება მიიღეს, მოუთმენლად მოელოდნენ უფლის მოსვლას. დადგენილი დრო ახლოვდებოდა და მისთვის განსაკუთრებულად, საზეიმოდ ემზადებოდნენ. ისინი ნეტარებდნენ უფალთან ურთიერთობით. ეს ურთიერთობა ნათელი მომავლის გარანტია იყო. არც ერთ მათგანს, ვინც გამოსცადა ეს იმედი, არ შეეძლო ქრისტეს მოლოდინის იმ ძვირფასი წუთების დავიწყება. მითითებულ დრომდე რამდენიმე კვირით ადრე, თითქმის ყველამ მიატოვა თავიანთი ამქვეყნიური საქმეები. მორწმუნენი ისეთი დაძაბული ყურადღებითა და დაკვირვებით იკვლევდნენ თავიანთ ყოველ აზრსა თუ გრძნობას, თითქოს სასიკვდილო სარეცელზე იწვნენ და თითქოს სულ რამდენიმე საათი აშორებდა მარადიული სასუფევლისაგან. არავის შეუკერია სპეციალური ტანსაცმელი ზეცად ასვლისათვის, რადგან ყველამ იცოდა, რომ მაცხოვართან შესახვედრად მხოლოდ სულის მომზადება იყო საჭირო; ქრისტეს გამომსყიდველი სისხლით ცოდვისაგან განთავისუფლებული სულის სიწმინდე იყო თეთრი სამოსელი მათთვის. ო, რა კარგი იქნებოდა, რომ დღესაც ისეთივე წრფელი რწმენა და თავისი სულის გამოკვლევის მტკიცე სურვილი hქონდეთ ღვთის შვილთ, მორჩილებით რომ დაიმდაბლონ თავი უფლის წინაშე და ლოცვავედრება აღავლინონ მადლის ტახტის წინაშე. რა მდიდარი იქნებოდა მათი სულიერი სამყარო! მაგრამ რა ცოტას ლოცულობენ დღეს, რა ცოტა ადამიანი ინანიებს გულწრფელად თავის ცოდვებს! დღეს ადამიანებს არა აქვთ ცოცხალი რწმენა და შესაბამისად, უფლისაგან ასე უხვად მომადლებული წყალობაც არა აქვთ.დბ 231.2

    უფალს თავისი ხალხის გამოცდა სურდა. მისმა ხელმა დაფარა შეცდომა წინასწარმეტყველური პერიოდების გამოთვლისას. ადვენტისტებმა ვერ დაინახეს ეს შეცდომა. ვერ დაინახეს იგი მისმა ყველაზე განსწავლულმა მოწინააღმდეგეებმაც. ისინი ამბობდნენ: “თქვენი გამოთვლა სწორია. ადგილი ექნება უდიდეს მოვლენებს, მაგრამ არა მათ, რასაც მილერი ქადაგებს; ეს არ იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა. არამედ ეს იქნება მთელი მსოფლიოს მოქცევა ქრისტესკენ”.დბ 231.3

    დანიშნულ დროს არ მოვიდა ქრისტე თავისი ხალხის სახსნელად. მათ, ვინც გულწრფელად და სიყვარულით ელოდა უფლის მოსვლას, იმედები სასტიკად გაუცრუვდათ. მაგრამ უფალმა აღასრულა თავისი განზრახვა: გამოსცადა მათი გული, ვინც ამტკიცებდა, რომ ელის მის გამოჩენას. მათ შორის ბევრი იყო მოქცეული შიშით და არა უმაღლესი აზრების ხელმძღვანელობით. მათმა ზედაპირულმა, გარეგნულმა მოქცევამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა მათ გულზე და ცხოვრების წესზე. ქრისტე არ მოვიდა და ადამიანებმაც განაცხადეს, რომ სულაც არ გრძნობენ იმედების გაცრუებას, რადგან არასოდეს სჯეროდათ ქრისტეს მოსვლისა. და მათ პირველებმა დაუწყეს დაცინვა უფლის გულწრფელ შვილებს.დბ 231.4

    მაგრამ იესო და მთელი ზეციური მხედრობა სიყვარულითა და თანაგრძნობით ადევნებდნენ თვალს თავის იმედგაცრუებულ, მაგრამ გამოცდილ და ერთგულ შვილებს. და რომ გახსნილიყო ფარდა, რომელიც უხილავ სამყაროს ხილულისაგან hყოფს, ღვთის შვილები დაინახავდნენ, თუ როგორ ეხვია მათ თავს ზეციურ ანგელოზთა გუნდი და როგორ იცავდნენ ისინი მათ სატანის შემოტევებისაგან.დბ 232.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents