Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 10 - რეფორმაციის გამარჯვება გერმანიაში

    ლუთერის საიდუმლო გაუჩინარებამ მთელი გერმანია აღაშფოთა. ყველგან მის ამბავს კითხულობდნენ. ათასნაირი დაუჯერებელი მითქმამოთქმა დადიოდა მასზე და ბევრიც დარწმუნებული იყო, რომ ლუთერი მოკლეს. არა მარტო მისი მეგობრები, არამედ ისინიც კი, ვინც ვერ მოასწრო რეფორმაციისათვის აშკარად დაეჭირა მხარი, წუხდნენ მისი დაღუპვის გამო. ბევრი საჯაროდ იფიცებდა, რომ შურს იძიებდა მისი სიკვდილისათვის.დბ 109.1

    პაპის უმაღლესმა მოხელეებმა იგრძნეს ხალხის სიძულვილი მათ მიმართ. ლუთერის დაღუპვას თავიდან თუმცა ზეიმობდნენ, მაგრამ მალე მათ მხოლოდ ერთადერთი სურვილი hქონდათ - გაქცეოდნენ ხალხის რისხვას. ლუთერის მოწინააღმდეგეებს მისი ფარული მოქმედება უფრო აშფოთებდა, ვიდრე იმ დროის პირდაპირი და მტკიცე გამოსვლები, როცა თავისუფალი იყო. მათ, ვისაც გულით სურდათ ამ მამაცი რეფორმატორის დაღუპვა და მთელი ძალით ცდილობდნენ კიდეც ამის გაკეთებას, ახლა მისი ეშინოდათ.”ერთადერთი, რაც თავის გადასარჩენად დაგვრჩენია, - ამბობდნენ ისინი, - ის არის, რომ ჩირაღდნებით ხელში ყველა კუთხეში ვეძებოთ ლუთერი, მოვძებნოთ და დავუბრუნოთ ხალხს”. იმპერატორის ბრძანებამ ძალა დაკარგა. პაპის ლეგატები საშინლად აღშფოთებული იყვნენ იმის გამო, რომ ხალხს ლუთერის ბედი უფრო აღელვებდა, ვიდრე ეს ედიქტი.დბ 109.2

    სასიხარულო ცნობამ იმის შესახებ, რომ ლუთერი, თუმცა ტყვეობაში იმყოფება, მაგრამ ცოცხალია და არავითარი საფრთხე არ ემუქრება, არა თუ მხოლოდ დაამშვიდა ხალხი, არამედ მათში მოზღვავებული სიმპათიის გრძნობაც გამოიწვია. ახლა უფრო მეტი გულმოდგინებით კითხულობდნენ მის თხზულებებს და გამუდმებით იზრდებოდა იმ მამაცი ადამიანის მხარდამჭერთა რიგები, რომელიც ასე გაბედულად იცავდა ღვთის სიტყვას. მისმა გაუჩინარებამ ისეთი საქმე გააკეთა, რის გაკეთებასაც იგი პირადი ძალისხმევით ვერ შეძლებდა. რეფორმაციამ ფართო გაქანება მიიღო. ლუთერის მიერ დათესილი თესლი ყველგან აღმოცენდა. როდესაც რეფორმაციის ამ გამოჩენილმა ხელმძღვანელმა აქტიური მოღვაწეობა შეწყვიტა, მისმა მიმდევრებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნეს და განახლებული რწმენითა და გულმოდგინებით იწყეს შრომა იმისთვის, რომ ეს დიდებულად დაწყებული საქმე შემდგომშიც განვითარებულიყო.დბ 109.3

    მაგრამ სატანასაც არ ეძინა. ახლა იგი ცდილობდა იმის გაკეთებას, რასაც ყოველთვის აკეთებდა რეფორმაციის მოძრაობის პერიოდში: ჭეშმარიტება სიცრუით შეეცვალა, ამით ადამიანები მოეტყუებინა და დაეღუპა. როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიაში აღმოჩნდა მრავალი ცრუქრისტე, ასევე მე-16 საუკუნეშიც თავი იჩინა მრავალმა ცრუწინასწარმეტყველმა.დბ 110.1

    ქრისტიანულ სამყაროში რელიგიური აღმავლობის მღელვარებით ღრმად შეპყრობილმა რამდენიმე ადამიანმა წარმოიდგინა, რომ ზეციდან განსაკუთრებული გამოცხადება მიეცათ და განაცხადეს, რომ უფალმა მათ დაავალა ლუთერის დაწყებული საქმის დამთავრება. სინამდვილეში კი ისინი ღუპავდნენ ლუთერის საქმეს. მათ უარყვეს რეფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც აცხადებდა, რომ ღვთის სიტყვა არის რწმენისა და ცხოვრების ერთადერთი საზომი. ამ შეუცდომელი გზის მაჩვენებლის ნაცვლად მათ მიმართეს ცვალებად და განუსაზღვრულ კრიტერიებს - საკუთარ გრძნობებსა და შთაბეჭდილებებს. და როდესაც ყველამ ამ ცრუ და მცდარი კანონების ხელმძღვანელობით დაიწყო მოქმედება, სატანას გზა გაეხსნა ადამიანის გონებისაკენ.დბ 110.2

    ერთერთი ამ წინასწარმეტყველთაგანი ამტკიცებდა, რომ მას თვით გაბრიელ მთავარანგელოზი ხელმძღვანელობს. მას შეუერთდა ერთი სტუდენტი, რომელმაც სწავლა მიატოვა და განაცხადა, რომ უფალმა საჭირო სიბრძნე მისცა მისი სიტყვის განმარტებისათვის. მათ შეუერთდნენ სხვა ადამიანებიც, რომელთაც ფანატიზმისკენ hქონდათ გადახრები. ამ ენთუზიასტთა მოღვაწეობამ დიდი ხმაური გამოიწვია. ლუთერის ქადაგებები ხალხს დაეხმარა რეფორმის აუცილებლობის შეგნებაში, ახლა კი ეს გულწრფელი ადამიანები შეცდომაში შეhყავდა ამ ახალ წინასწარმეტყველთა მოძღვრებას.დბ 110.3

    ამ ახალი მოძრაობის ხელმძღვანელები ვიტენბერგში მელანქტონთან და მის თანამშრომლებთან გაემგზავრნენ და საჯაროდ განაცხადეს თავიანთი უფლებების შესახებ:“ჩვენ უფლის მაცნეები ვართ, გამოგზავნილი ხალხის გასანათლებლად. ჩვენ ყველაზე ახლო ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან. ჩვენთვის ცნობილია მომავალი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ წინასწარმეტყველები და მოციქულები ვართ და ვაგრძელებთ დოქტორ ლუთერის საქმეს.დბ 110.4

    ამან რეფორმატორები განაცვიფრა და საგონებელში ჩააგდო. აქამდე მათ მსგავსი შემთხვევა არ hქონიათ და ახლა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. მელანქტონმა თქვა:“ამ ადამიანებში სულ სხვა, რაღაც უჩვეულო სულია, მაგრამ საკითხავია, ვისი სულია ეს?.. ერთის მხრივ, ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ღვთის სული არ ჩავაქროთ, მეორეს მხრივ - ყურადღება გვმართებს, რათა სატანამ არ გვაცდუნოს”.დბ 110.5

    მალე ამ ახალი სწავლების ნაყოფიც გამჟღავნდა. ხალხმა თანდათანობით დაივიწყა ბიბლია და სულ მალე სრულებით მიატოვა იგი. უმაღლეს სასწავლებლებში დაბნეულობამ იჩინა თავი. სტუდენტებმა უნივერსიტეტებში სწავლა თვითნებურად მიატოვეს. რეფორმაციის საქმეზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა თითქმის დაღუპვის პირამდე მიიყვანეს იგი. რომის მომხრეები ზეიმობდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ”კიდევ ერთი უკანასკნელი გაბრძოლება - და ყველაფერი კვლავ ჩვენს ხელში იქნება”.დბ 110.6

    ვარტბურგში მყოფმა ლუთერმა ეს ამბავი რომ გაიგო, სინანულით თქვა:“მე ყოველთვის ველოდი, რომ სატანა თავს დაგვატეხდა ასეთ უბედურებას”. იგი კარგად ხედავდა ამ ცრუწინასწარმეტყველთა მოქმედებაში ჩამალულ განზრახვას და იმ საშიშროებას, რომელიც ჭეშმარიტების საქმეს ემუქრებოდა. პაპისა და იმპერატორის იერიშები არ იწვევდა მასში ისეთ შიშსა და სასოწარკვეთილებას, როგორც ეს ახალი უბედურება. რეფორმაციის თითქოსდა ჭეშმარიტი მეგობრები ახლა მის უბოროტეს მტრებად იქცნენ. სწორედ ის ჭეშმარიტებანი, რომელმაც ასეთი დიდი სიხარული და სიმშვიდე მოუტანა მის ტანჯულ სულს, ეკლესიის განხეთქილებისა და არეულობის მიზეზად იქცა.დბ 111.1

    რეფორმების გატარებისას ლუთერს სულიწმიდა ხელმძღვანელობდა და მისი დახმარებით მან შეუძლებლის გაკეთება შეძლო. იგი არ აპირებდა ასეთ გადამწყვეტ მოქმედებებს, არ hქონდა განზრახული ასეთი რადიკალური ცვლილებების შეტანა, მაგრამ ის ხომ მხოლოდ იარაღი იყო უსასრულოდ ძლევამოსილი ღმერთის ხელში. თავისი მოღვაწეობის შედეგებზე ფიქრისას ლუთერს ხშირად შიში იტანდა და ერთხელ აღნიშნა კიდეც:“მირჩევნია ათჯერ მოვკვდე, ვიდრე გავიგო, რომ ჩემმა მოძღვრებამ ვნება მოუტანა თუნდაც ერთ ადამიანს, ყველაზე უმეცარსა და უბრალოს. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება ასე იყოს, რადგან ჩემი მოძღვრება მხოლოდ სახარებაზეა დამყარებული”.დბ 111.2

    ვიტენბერგი, რეფორმაციის ცენტრი, ერთერთი პირველი მოექცა ფანატიზმისა და უწესრიგობის ზეგავლენის ქვეშ. ამ სამწუხარო გარემოებაში ყველაზე ნაკლები დანაშაული ლუთერის მოძღვრებას მიუძღოდა, თუმცა მტრები სწორედ საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. ამის გამო დამწუხრებული ლუთერი თავის თავს ხშირად ეკითხებოდა: “ნუთუ ასე დამთავრდება რეფორმაციის ეს უდიდესი საქმე?” და ლოცვებში უფალთან ჭიდილის შემდეგ მის სულში კვლავ სიმშვიდე ისადგურებდა.”ეს არ არის ჩემი საქმე, ღმერთო, არამედ შენი, - ამბობდა იგი, - და შენ არ დაუშვებ, რომ იგი ფანატიზმმა და ცრურწმენამ დაღუპოს”. მაგრამ ბრძოლის ასეთ კრიტიკულ მომენტში მას არ შეეძლო განზე დგომა და მტკიცედ გადაწყვიტა ვიტენბერგში დაბრუნება.დბ 111.3

    გადაწყვეტილების მიღებისთანავე გაემართა ლუთერი ამ სახიფათო მოგზაურობაში. იმპერიაში იგი კანონგარეშედ იყო გამოცხადებული. მტრებს კვლავინდებურად hქონდათ მისი მოკვლის უფლება. მეგობრებსაც კვლავინდებურად ეკრძალებოდათ მისთვის დახმარების გაწევა და უბრალო მასპინძლობაც კი. იმპერატორმა უსასტიკესი ზომები მიიღო მის მიმდევართა მიმართ. მაგრამ ლუთერი ხედავდა, რომ სახარების საქმეს საფრთხე დაემუქრა და ღმერთის იმედით და სახელით გაემართა იგი ჭეშმარიტების საქმისათვის საბრძოლველად.დბ 111.4

    ფრიდრიხისადმი გაგზავნილ წერილში ლუთერმა ჩამოაყალიბა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები ვარტბურგის დატოვების გამო.”ვაცნობებ თქვენს უდიდებულესობას, რომ მე ვბრუნდები ვიტენბერგში. მე იქ მივდივარ უფრო დიდი დაცვით, ვიდრე იმპერატორის სიგელია. ამით ისე არ გამიგოთ, რომ არ ვსაჭიროებ თქვენს მოწყალებას. ვფიქრობ, იქნებ მე თქვენ უფრო გამოგადგეთ დამცველად, ვიდრე თქვენ - მე. თუკი მეცოდინებოდა, რომ ამ საკითხის შესახებ თქვენ უფრო სხვაგვარად ფიქრობთ, მაშინ რა თქმა უნდა, არ ჩამოვიდოდი ვიტენბერგში. მაგრამ ჩემი აზრით, ამ საქმეში ჩემი შველა არასგზით არ შეიძლება. მხოლოდ ღმერთს შეუძლია მოიმოქმედოს ის, რაც ადამიანისათვის შეუძლებელია. ამიტომ, ვისაც ყველაზე მეტად სწამს, ის ყველაზე მეტად არის დაცული”.დბ 111.5

    ვიტენბერგისაკენ გზად მიმავალი ლუთერი მეორე წერილში წერდა:“მე მზადა ვარ, მივიღო თქვენი რისხვა, თქვენო უმაღლესობავ და მთელი მსოფლიო რისხვაც. განა ვიტენბერგის მოქალაქენი ჩემი ცხვრები არ არიან? განა ღმერთმა მე არ ჩამაბარა ისინი? და განა თავი არ უნდა გავწირო მათთვის, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს? გარდა ამისა, მე ძალიან მეშინია გერმანიაში სახალხო მღელვარების დაწყებისა, რითაც უფალმა შეიძლება დასაჯოს ჩვენი ხალხი”.დბ 112.1

    უდიდესი სიფრთხილითა და მორჩილებით, მაგრამ ამავე დროს მტკიცე გადაწყვეტილებით, შეუდგა ლუთერი თავის მსახურებას.”სიტყვით უნდა დავანგრიოთ და მოვსპოთ ყველაფერი ის, რაც ძალადობითაა დათესილი. მე არ ვაპირებ, ძალით ამოვძირკვო ცრურწმენა და ურჯულოება... ძალადობა დაუშვებელია. თავისუფლება - სწორედ ეს არის რწმენის არსი”.დბ 112.2

    მალე მთელ ვიტენბერგს მოედო ლუთერის დაბრუნების ამბავი და ცნობა იმის შესახებ, რომ იგი კვლავ იწყებს ქადაგებას. უამრავი ხალხი ჩამოვიდა ყველა კუთხიდან და მალე ეკლესიაში ნემსის ჩასაგდები ადგილი აღარ დარჩა. კათედრასთან მდგარი ლუთერი უდიდესი სიბრძნითა და მოკრძალებით უხსნიდა, ასწავლიდა და ამხელდა. იგი შეეხო მათ, ვისაც ძალის გამოყენებით სურდა წირვის გაუქმება და განაცხადა:“მესა უსარგებლო რამ არის, რომელიც უფლის ნების საწინააღმდეგოდ სრულდება და რომელიც უნდა გაუქმდეს. მე ვისურვებდი, რომ მთელ მსოფლიოში მის ნაცვლად სრულდებოდეს უფლის სერობა, რომელიც თავად უფალმა დააწესა. მაგრამ ამისათვის ძალა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული. ყველაფერი უფლის ხელშია და უნდა იმოქმედოს მისმა სიტყვამ და არა ჩვენ. ალბათ შემეკითხებით, რატომ? იმიტომ, რომ მე არ მიჭირავს ხელში ადამიანთა სულები იმ მექოთნის მსგავსად, რომელიც თიხით სხვადასხვა ჭურჭელს ამზადებს. ჩვენ უფლება გვაქვს - ვილაპარაკოთ და არა - ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა ვიქადაგოთ, დანარჩენი კი ღმერთს მივანდოთ. სადამდე მიგვიყვანს ძალისმიერი მეთოდები? მხოლოდ და მხოლოდ ფორმალიზმამდე, არაგულწრფელობამდე, მიმბაძველობამდე, პირფერობამდე და სხვადასხვა ბრძანებულებების გამოჩენამდე... მაგრამ ყოველივე ამაში არ იქნება არც გულის სიწრფელე, არც რწმენა და არც სიყვარული. სადაც არ არსებობს ეს სამი სათნოება, იქ არაფერი არ არსებობს და ასეთი საქმისათვის მე გროშსაც არ გავიღებდი... თავისი სიტყვის ძალით უფალი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე თქვენ, მე და ჩვენთან ერთად მთელი მსოფლიო. უფალი იპყრობს ადამიანთა გულს და როცა გული დაპყრობილია, მაშინ ყველაფერი დაპყრობილია...დბ 112.3

    მე ვიქადაგებ, ვიკამათებ და დავწერ, მაგრამ არავის ძალას არ დავატან, რადგან რწმენა მხოლოდ ნებაყოფლობითია. დაუფიქრდით ჩემს საქციელს: მე გავილაშქრე პაპის, ინდულგენციებისა და პაპის მიმდევართა წინააღმდეგ, მაგრამ არასოდეს მოვუწოდებდი ძალადობისაკენ და არასოდეს შემიტანია ხალხში შფოთი. მე მხოლოდ ვქადაგებდი ღვთის სიტყვას. ვქადაგებდი და ვწერდი - მეტი არაფერი. და როდესაც დავდუმდი, მაშინაც კი ჩემი ქადაგება საძირკველს ურყევდა პაპის ხელისუფლებას, რისი გაკეთებაც ვერც იმპერატორმა და ვერც დიდგვაროვნებმა ვერ შეძლეს: და მაინც მე არაფერი გამიკეთებია. ყველაფერი სიტყვამ გააკეთა. მე რომ ძალადობისთვის მიმემართა, მთელი გერმანია სისხლში ჩაიხრჩობოდა. რას მოგვიტანდა ეს? ეს დაღუპავდა სხეულსაც და სულსაც. ამიტომ მე სიმშვიდეს შევინარჩუნებ; დაე, მხოლოდ ღვთის სიტყვამ იმოქმედოს მთელ მსოფლიოში”.დბ 112.4

    მთელი კვირის განმავლობაში უქადაგებდა ლუთერი მოწყურებულ ხალხს და ღვთის სიტყვამ დაამარცხა ფანატიკოსთა ზეწოლა. სახარების ძალამ გზააბნეული ხალხი ჭეშმარიტების გზაზე დააბრუნა.დბ 113.1

    ლუთერს არ სურდა შეხვედრა იმ ფანატიკოსებთან, რომლებმაც ხალხში ამდენი ბოროტება დათესეს. მან იცოდა, რომ ესენი მეტად არაჯანსაღი და თავაშვებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც პრეტენზიას აცხადებდნენ განსაკუთრებულ ზეციურ გამოცხადებაზე და ვერ იტანდნენ რაიმე წინააღმდეგობას, ვერც კეთილ რჩევას ან თავაზიან მხილებას. აცხადებდნენ რა უსაფუძვლო პრეტენზიას უმაღლეს ძალაუფლებაზე, ისინი ყოველი ადამიანისაგან მოითხოვდნენ მის აღიარებას. მაგრამ როცა დაჟინებით მოითხოვეს ლუთერთან შეხვედრა, იგი შეხვდა მათ და ისეთი წარმატებით ამხილა, რომ ამ თვითმარქვიებმა მაშინვე სასწრაფოდ დატოვეს ვიტენბერგი.დბ 113.2

    ერთ ხანს ეს მოძრაობა ჩაკვდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ იფეთქა ფანატიზმმა, რომელსაც თან ახლდა უდიდესი ძალადობა და საშინელი შედეგები. ამ მოძრაობის ხელმძღვანელთა შესახებ ლუთერი ამბობდა:“მათთვის წმიდა წერილი - მხოლოდ მკვდარი ასოებია და ამიტომაც ყვირიან ‘სული, სული”; მე არ ვაპირებ იმ გზაზე სიარულს, საითაც მიhყავს ისინი ამ სულს. მოწყალე ღმერთს ვთხოვ, დამიფაროს ისეთი ეკლესიისაგან, სადაც ყველანი წმიდანები არიან. მე მსურს ვიყო უბრალო, უძლურ და ავადმყოფ ადამიანთა გვერდით, მათთან, ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, ვინც მუდამ გულის სიღრმიდან უხმობს ღმერთს და სთხოვს მფარველობასა და მშვიდობას.”დბ 113.3

    ერთერთი ყველაზე აქტიური ფანატიკოსი, თომას მიუნცერი, მეტად ნიჭიერი ადამიანი იყო. რამდენი სარგებლობის მოტანა შეეძლო მას, ჭეშმარიტების გზით რომ ევლო! მაგრამ ჭეშმარიტი რელიგიის თავდაპირველი პრინციპები არ მიიღო.”მას სურდა მსოფლიოს გარდაქმნა, მაგრამ, როგორც ეს ენთუზიასტებს ხშირ შემთხვევაში სჩვევიათ, მასაც დაავიწყდა, რომ გარდაქმნა საკუთარი თავიდან უნდა დაეწყო”. ამ პატივმოყვარე ადამიანს სურდა ძალაუფლება და საპატიო ადგილი საზოგადოებაში და არ უნდოდა მდგარიყო მეორე ადგილზე თვით ლუთერის შემდეგაც კი. მან განაცხადა, რომ რეფორმატორები ეყრდნობიან მხოლოდ ბიბლიურ ავტორიტეტს, რითაც პაპიზმის კიდევ ერთ ნაირსახეობას ქმნიან. მისი მტკიცებით, სწორედ მას დაავალა უფალმა ნამდვილი რეფორმის გატარება.”ამ სულის მფლობელს, - ამბობდა მიუნცერი, - ჭეშმარიტი რწმენა აქვს, თუნდაც თავის ცხოვრებაში არასოდეს არ ენახოს წმიდა წერილი”.დბ 113.4

    ეს ფანატიკოსი მასწავლებლები მთლიანად ემორჩილებიან თავიანთ ემოციებს და თავის ნებისმიერ აზრს თუ სულიერ მოძრაობას უფლის მოწოდებად ღებულობდნენ, რასაც უკიდურესობამდე მიhყავდა ისინი. ზოგიერთმა მათგანმა თავისი ბიბლიაც კი დაწვა იმ გაგებით, რომ ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს”. მიუნცერის მოძღვრება ადამიანებს უღვიძებდა უჩვეულო მოქმედებისაკენ სწრაფვას და მათ პატივმოყვარეობასაც აკმაყოფილებდა, - მათი ადამიანური იდეები და აზრები ხომ ღვთის სიტყვაზე მაღლა დგებოდა.დბ 113.5

    ათასობით ადამიანი გაhყვა ამ მოძრაობას, რომელმაც მალე სასტიკად გააკრიტიკა საზოგადოებრივი ღვთისმსახურება და განაცხადა, რომ ხელისუფალთა მორჩილება ნიშნავს როგორც ღმერთის, ისე ეშმაკის მსახურებას.დბ 113.6

    ადამიანები, რომლებიც ახლახანს განთავისუფლდნენ პაპის უღლისაგან, ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდიდნენ, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა მათში. მიუნცერის რევოლუციური მოძღვრება, რომელიც, თითქოსდა მათ უფლისაგან მიიღეს, მის მიმდევრებს ათავისუფლებდა ყოველგვარი ხელისუფლების მორჩილებისაგან, რაც გზას უხსნიდა ცრურწმენისა და საკუთარი ვნებების გამოვლენას. და შედეგმაც არ დააყოვნა: დაიწყო შეტაკებები და მალე გერმანია სისხლმა წალეკა.დბ 113.7

    ლუთერი საშინელ სულიერ ტანჯვას განიცდიდა მათი ფანატიზმის ასეთი შედეგებით, რომელსაც რეფორმაციას მიაწერდნენ. ეს სულიერი შფოთვა ძალზე წააგავდა ერფურტში განცდილ და გადატანილ გრძნობებს. პაპის ლიდერები აცხადებდნენ, და მათ თვალსაზრისს ბევრიც იზიარებდა, რომ ამბოხება - ეს ლუთერის მოძღვრების ბუნებრივი შედეგია. თუმცა ასეთი ბრალდებისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ მან რეფორმატორი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. იმის დანახვა, თუ როგორ გააიგივეს მისი ჭეშმარიტი მოძღვრება პრიმიტიულ ფანატიზმთან, - მის ძალას აღემატებოდა. მეორეს მხრივ, მეამბოხეებს ლუთერი არა მხოლოდ იმიტომ სძულდათ, რომ იგი აშკარად იბრძოდა მათი იდეების წინააღმდეგ და უარყოფდა მათ მოჩვენებით ღვთივსულიერებას, არამედ იმისთვისაც, რომ მან ისინი საერო ხელისუფლების წინააღმდეგ მეამბოხეებად გამოაცხადა. პასუხად მათ ლუთერს უნამუსო თვალთმაქცი უწოდეს. და ამან, როგორც ჩანს, ერთის მხრივ - ხელისუფლებისა და მეორეს მხრივ - ხალხის რისხვა გამოიწვია.დბ 114.1

    გახარებული პაპისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ რეფორმაციას სულ მალე ბოლო მოეღებოდა. ისინი ლუთერს იმ შეცდომების გამო აკრიტიკებდნენ, რომელთა გამოსწორებაც მას გულწრფელად სურდა. ცრურეფორმაციის მომხრენი ყოველგვარი გაიძვერული ხერხებით ამტკიცებდნენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და, როგორც ამას ხშირად ახერხებენ თვალთმაქცნი, - მიაღწიეს იმას, რომ ხალხმა ისინი მოწამე ქრისტიანებად მიიღო. ამგვარად ისინი, ვინც მთელი ძალებით იბრძოდნენ რეფორმაციის წინააღმდეგ, შერაცხეს ძალადობისა და სისასტიკის მსხვერპლად, მათ თანაუგრძნობდნენ და პატივს სცემდნენ. ეს იყო სატანის საქმე, რომელსაც იგივე სული მართავდა, რომელმაც იგი ოდესღაც ზეცაში ამბოხებამდე მიიყვანა.დბ 114.2

    სატანა ადამიანებს მუდამ იმით ატყუებს, რომ სიმართლეს ცოდვას უწოდებს და ცოდვას - სიმართლეს. რა ბრწყინვალე წარმატებებს მიაღწია! რა დიდი საყვედურები და ბრალდებები დაატყდა თავს ღვთის ერთგულ შვილებს მხოლოდ იმიტომ, რომ მტკიცედ იცავდნენ ჭეშმარიტებას! ხშირად სატანის აგენტები უდიდესი პატივისცემით სარგებლობენ. მათ აქებენ, პირფერობენ და ჭეშმარიტებისათვის მოწამეებადაც კი თვლიან იმ დროს, როცა ისინი, ვისაც უფლის ერთგულებისათვის ნამდვილად ეკუთვნის პატივისცემა და მხარდაჭერა, ყველასგან მიტოვებული არიან. ისინი სძულთ და მათ უნდობლობას უცხადებენ.დბ 114.3

    მოჩვენებითი და ყალბი სიწმიდე ადამიანებს ხშირად აცდუნებს. იგი დღესაც ისევე სხვადასხვა ფორმით მოქმედებს, როგორც ლუთერის დღეებში, რათა ადამიანებმა ყურადღება წმიდა წერილიდან საკუთარი გრძნობებისაკენ გადაიტანონ და დაემორჩილონ არა ღმერთის კანონებს, არამედ საკუთარ ემოციებს. ეს არის სატანის ერთერთი ყველაზე წარმატებული ხერხი სიწმიდისა და ჭეშმარიტების შელახვისა, - და საკმაო წარმატებასაც აღწევს.დბ 114.4

    ლუთერი გაბედულად იცავდა სახარებას ყოველმხრივი იერიშისაგან. ღვთის სიტყვამ აქაც გამოაჩინა თავისი ძლიერება და ყოვლისშემძლეობა. ამავე სიტყვით იბრძოდა ლუთერი პაპის უზურპატორული ძალაუფლებისა და სწავლულთა რაციონალისტური ფილოსოფიის წინააღმდეგ; და ამავე დროს, კლდესავით მტკიცედ უმკლავდებოდა ფანატიზმის ზეწოლას, რომელსაც რეფორმაციასთან შერწყმა სურდა.დბ 114.5

    ყოველი მისი მოწინააღმდეგე მხარე თავისებურად უარყოფდა წმიდა წერილს იმით, რომ სულიერების წყაროდ ადამიანის სიბრძნეს თვლიდა. რაციონალიზმი თავს ხრის გონიერების წინაშე და ჭეშმარიტების კრიტერიუმად თვლის მას. რომის ეკლესია აცხადებს პაპის უზენაესობას, მის ერთიანობას მოციქულთა პერიოდის ეკლესიასთან და მის უცვლელობას და უცოდველობას საუკუნეთა მანძილზე; მოციქულთა ეკლესიის წმიდა მანტიით ფარავს ყოველგვარ გახრწნილებასა და ღალატს. მიუნცერისა და მისი მიმდევრების სწრაფვა სულიერებისაკენ მხოლოდ მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო, რომელმაც ერთნაირად დამღუპველად იმოქმედა როგორც საერო, ასევე საეკლესიო ხელისუფლებაზე. ჭეშმარიტი ქრისტიანობა ეყრდნობა მხოლოდ წმიდა წერილის ავტორიტეტს და ღებულობს მას, როგორც უდიდეს საგანძურსა და ყოველგვარი იდეების საზომს.დბ 115.1

    ვარტბურგიდან დაბრუნების შემდეგ ლუთერმა დაასრულა ახალი აღთქმის თარგმნა და მალე გერმანელ ხალხს შესაძლებლობა მიეცა იგი მშობლიურ ენაზე წაეკითხა. ჭეშმარიტების ყველა მოყვარულმა უდიდესი სიხარულით მიიღო სახარების თარგმანი, მაგრამ ადამიანური ტრადიციებისა და წესების აღმსრულებლებმა და მომხრეებმა კი სიძულვილით უარყვეს იგი.დბ 115.2

    სამღვდელოება შეშფოთებული იყო იმით, რომ უბრალო ხალხს მიეცა მათთან დისკუსიის შესაძლებლობა ღვთის სიტყვის შესახებ, რითაც მათი უმეცრება ადვილად გამოვლინდებოდა. მათი მიწიერი სიბრძნე უძლური იყო უზენაესის მახვილის წინააღმდეგ. რომი მთელი თავისი ძალაუფლების გამოყენებით ცდილობდა ხელი შეეშალა წმიდა წერილის გავრცელებისათვის, მაგრამ ყველა მისი ბრძანება, ანათემა და წამება ამაო გამოდგა. რაც უფრო მეტად კრძალავდა და დევნიდა რომი ბიბლიას, მით უფრო დიდი იყო ხალხის სურვილი წმიდა წერილის გაცნობისა და ჭეშმარიტების შესწავლისა. ყოველმა წერაკითხვის მცოდნე ადამიანმა დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. წიგნები თან დაhქონდათ და მრავალჯერ კითხულობდნენ, სანამ კარგად არ დაიმახსოვრებდნენ მის ცალკეულ ტექსტებს. როცა ახალი აღთქმის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი დაინახა, ლუთერი დაუყოვნებლივ შეუდგა ძველი აღთქმის თარგმნას და თავისი შრომის წინსვლის შესაბამისად ნაწილნაწილ აქვეყნებდა.დბ 115.3

    ლუთერის თხზულებებს ერთნაირი ინტერესით ხვდებოდნენ როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც.”იმას, რასაც ლუთერი და მისი მეგობრები წერდნენ, სხვები ავრცელებდნენ. თავიანთი მონასტრული ცხოვრების უაზრობაში დარწმუნებული და ხანგრძლივი უსაქმური ცხოვრებით მობეზრებული ბერები შრომას შეუდგნენ, მაგრამ ღვთის სიტყვის უცოდინარობის გამო ქადაგება არ შეეძლოთ და ღმერთს იმით ემსახურებოდნენ, რომ დადიოდნენ ქალაქებსა და სოფლებში და ლუთერისა და მისი მეგობრების წიგნებს ყიდიდნენ. მალე მთელ გერმანიას მოედო წიგნების ასეთი მამაცი და შრომისმოყვარე დამტარებლები.”დბ 115.4

    ეს ნაშრომები დიდ ინტერესს იწვევდა მდიდრებშიც და ღარიბებშიც, სწავლულებშიც და უსწავლელებშიც, ღამღამობით სოფლის მასწავლებლები სახარებას უკითხავდნენ ბუხართან შეკრებილ მსმენელთა მცირე ჯგუფებს და ისინიც, ჭეშმარიტებაში დარწმუნებულნი, თავის მხრივ სხვებს უზიარებდნენ იქ მოსმენილ სიხარულისა და იმედის მომტან სიტყვას.დბ 115.5

    აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები:“საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს” (ფს. 118:130). ბიბლიის შესწავლამ დიდი ცვლილება მოახდინა იმ ადამიანთა გონებასა და გულში, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში პაპის ბატონობის რკინის ბორკილებში იმყოფებოდნენ, როცა მორწმუნეები შიშით ასრულებდნენ ყველა რიტუალს, რაც სრულებით არ ეკარებოდა მათ სულს. ღვთის სიტყვის ნათელი ჭეშმარიტებანი, რომელთაც ლუთერი ქადაგებდა, მერე კი თვით სიტყვა, რომელიც ხალხს უკვე ხელთ hქონდა, აღვიძებდა მთვლემარე ძალებს და არა თუ მხოლოდ აკეთილშობილებდა და მხნეობას მატებდა ადამიანის სულიერ ბუნებას, არამედ მის გონებრივ განვითარებასაც უწყობდა ხელს.დბ 115.6

    ყველგან შეხვდებოდით სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთ ბიბლიით ხელში, რომლებიც რეფორმაციის მონაპოვარს იცავდნენ. პაპისტები, რომლებიც თავის დროზე ბიბლიის წაკითხვის უფლებას მხოლოდ მღვდლებს აძლევდნენ, ახლა დაჟინებით მოითხოვდნენ მათგან ახალი მოძღვრების უარყოფას, მაგრამ კათოლიკე მღვდლის მსახურებმა, რომელნიც წმიდა წერილში სრულიად უმეცარნი და უვიცნი იყვნენ, დამარცხება იგემეს ეგრეთ წოდებული”ერეტიკოსებისა” და”უმეცართაგან”.”სამწუხაროდ, - ამბობდა ერთი კათოლიკე მწერალი, - ლუთერმა თავის მიმდევრებს შთააგონა, არაფერს ენდონ წმიდა წერილის გარდა”. უამრავი ადამიანი იკრიბებოდა ამ მცირედ განსწავლული ხალხის მოსასმენად, რომლებიც სწავლულებთან დისპუტებში წარმატებით იცავდნენ ჭეშმარიტებას. და ამ წარჩინებულთა უმეცრება უფრო ნათელი ხდებოდა, როდესაც მათი არგუმენტები ეხლებოდა ღვთის სიტყვის უბრალო ჭეშმარიტებას. უბრალო ხელოსნები, ჯარისკაცები, ქალები და ბავშვები უფრო კარგად იცნობდნენ ბიბლიურ მოძღვრებას, ვიდრე მღვდლები და ღვთისმეტყველნი.დბ 116.1

    არანაკლებ საგრძნობი განსხვავება იყო სახარების მოწაფეთა და პაპის ცრუმორწმუნე მიმდევართა შორის, როგორც სწავლულებში, ასევე უბრალო ადამიანებში.”იერარქიის ძველ დამცველებს, რომლებმაც არ იცოდნენ ენები და ლიტერატურა, დაუპირისპირდა კეთილშობილი ახალგაზრდობა, რომელიც წერილის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლასთან ერთად ეცნობოდა უძველეს კლასიკურ შედევრებს. ცოცხალი გონების მქონე ამ მამაცმა და სულიერად ამაღლებულმა ახალგაზრდობამ სულ მალე ისეთი ცოდნა შეიძინა, რომ დიდხანს ვერავინ დაუდო ტოლი... რეფორმაციის დამცველნი კათოლიკე ღვთისმეტყველებთან შეხვედრისას ისე ადვილად და დამაჯერებლად უმტკიცებდნენ მათი არგუმენტების უსუსურობას, რომ ჩიხში ამწყვდევდნენ და სრულიად ამარცხებდნენ მათ”.დბ 116.2

    როდესაც კათოლიკე მღვდლებმა დაინახეს, რომ მათ ეკლესიაში მრევლი შემცირდა, დახმარებისათვის საერო ხელისუფლებას მიმართეს, რათა ყოველ მიზეზგარეშე დაებრუნებინათ”დაკარგული ცხვრები”. მაგრამ ხალხმა ახალ მოძღვრებაში hპოვა სულის საზრდო და ზურგი აქცია მათ, ვინც თავისი ცრუ სარწმუნოებითა და ადამიანური ტრადიციების უვარგისი ნარჩენებით კვებავდა.დბ 116.3

    როდესაც ჭეშმარიტების მქადაგებელთა უსასტიკესი დევნა დაიწყო, ქრისტეს ერთგულებმა თავიანთი უზენაესი მოძღვრების სიტყვები გაიხსენეს:“როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ; ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა” (მათ. 10:23). ჭეშმარიტების ნათელი სხივი ყველგან იჭრებოდა. დევნილი მორწმუნეები რომელიმე სტუმართმოყვარე მასპინძლის სახლში პოულობდნენ თავშესაფარს და იესო ქრისტეს შესახებ ქადაგებდნენ. შეძლებისდაგვარად ქადაგებდნენ ეკლესიებშიც, მაგრამ როდესაც ამის შესაძლებლობა არ hქონდათ, ქადაგებდნენ სახლებში, მინდვრებში ან ტყეებში. მათთვის ნებისმიერი ადგილი წმიდა ტაძარი იყო, თუნდაც იქ ერთი მსმენელი ყოფილიყო. და ასეთი ენერგიითა და მონდომებით ნაუწყებ ჭეშმარიტებას საზღვრები არ hქონდა.დბ 116.4

    ამაო გამოდგა საპყრობილეები, წამება, კოცონი და მახვილი. უფლის ათასობით ერთგული შვილი მსხვერპლად ეწირებოდა ჭეშმარიტებას, რომელიც განუხრელად ვრცელდებოდა. და ჭეშმარიტების ფანატიზმთან შეერთების სატანისეული მცდელობა იმით დამთავრდა, რომ სატანის საქმე და უფლის საქმე უფრო თვალნათლივ გაემიჯნა ერთმანეთს.დბ 116.5