Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 5 - ჭეშმარიტების ნათელი ინგლისში ჯონ უიკლიფი (1324-1384)

    რეფორმაციამდე ბიბლიის ეგზემპლიარები ძალიან მცირე რაოდენობით არსებობდა, მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა თავისი სიტყვის დაკარგვა. მისი ჭეშმარიტება არ უნდა დარჩენილიყო სამუდამოდ დაფარული. უფალს შეეძლო ისევე დაემსხვრია სიცოცხლის სიტყვის შემბოჭავი ბორკილები, როგორც ერთ დროს საპყრობილის კარი და ჩარაზული რკინის კარიბჭე გახსნა თავის მსახურთა გასათავისუფლებლად. სხვადასხვა ქვეყნებში სულიწმიდის ძალის ზემოქმედებით ადამიანები ეძებდნენ ჭეშმარიტებას, როგორც დამალულ საგანძურს. სულიწმიდის ზეგავლენით მათ მიმართეს წმიდა წერილს და დიდი ინტერესით დაიწყეს მისი შესწავლა. ისინი მზად იყვნენ ყოველგვარი მსხვერპლი გაეღოთ, ოღონდ შეეცნოთ ნათელი. და თუმცა ეს ადამიანები ყველაფერს ერთბაშად ვერ ჩასწვდნენ, მაგრამ აქამდე დაფარული ბევრი ჭეშმარიტება მათთვის ნათელი და გასაგები გახდა. ზეციური მაცნეების მსგავსად მათ იწყეს სიცრუისა და ცრურწმენის ბორკილების მსხვრევა და თავისუფლების დაცვისაკენ მოუწოდებდნენ მათ, ვინც ასე დიდხანს იმყოფებოდა სიცრუის ტყვეობაში.დბ 42.1

    მრავალი საუკუნის განმავლობაში ღვთის სიტყვის წაკითხვა მხოლოდ განათლებული ხალხისათვის ხელმისაწვდომ ენაზე შეიძლებოდა. გამონაკლისი მხოლოდ ვალდენსები იყვნენ. მაგრამ დადგა დრო, როდესაც წმიდა წერილი მრავალ ენაზე ითარგმნა და ადამიანებს მისი მშობლიურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა მიეცათ. კაცობრიობისთვის შუაღამის წყვდიადმა განვლო და მრავალ ქვეყანაში ამომავალმა მზის სხივებმა თანდათანობით გაფანტა იგი.დბ 42.2

    მე-14 საუკუნეში ინგლისში”რეფორმაციის ვარსკვლავი ამობრწყინდა”. ჯონ უიკლიფი იყო არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის რეფორმათა მაცნე. რომის საწინააღმდეგო მისი პროტესტის სიტყვა არ უნდა დადუმებულიყო. მისმა გამოსვლამ საფუძველი ჩაუყარა ბრძოლას, რომელმაც თავისუფლება მოუტანა არა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებს, არამედ ეკლესიებსა და მთელ ერებს.დბ 42.3

    უიკლიფმა საერო განათლება მიიღო. ღვთის შიში მისთვის სიბრძნის დასაწყისი იყო. კოლეჯში იგი გულმოდგინე ღვთისმოსაობით, გამორჩეული ნიჭითა და საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩეოდა. მას ცოდნისაკენ საოცარი ლტოლვა hქონდა და ცდილობდა შეესწავლა მეცნიერების ყველა დარგი. იგი სწავლობდა სქოლასტიკურ ფილოსოფიას, სამოქალაქო სამართალს და საეკლესიო კანონებს, განსაკუთრებით იმას, რაც მის სამშობლოს შეეხებოდა. მიღებული განათლება მას შემდგომში დიდად გამოადგა. იმ პერიოდში გავრცელებული ფილოსოფიის სრულყოფილი ცოდნა მას დაეხმარა ამ საგნის შეცდომათა მხილებაში, ხოლო საეკლესიო და სამოქალაქო სამართლის შესწავლამ სიტყვისა და რელიგიის თავისუფლებისათვის საბრძოლველად მოამზადა. იგი ოსტატურად ფლობდა ღვთის სიტყვის აუცილებელ იარაღს, კარგად შეისწავლა hუმანიტარული საგნები, იცნობდა სქოლასტების ტაქტიკას. მისი ტალანტი და მრავალმხრივი განათლება პატივისცემას უნერგავდა არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მის მტრებსაც. მისი მიმდევრები ამაყობდნენ თავიანთი წინამძღოლით, რომელსაც დიდი ადგილი ეჭირა საზოგადოებაში. მტრები კი რეფორმაციის საქმის შეურაცხყოფას ვერ ბედავდნენ მისი დამცველის ძლიერების გამო.დბ 42.4

    უიკლიფმა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო ბიბლიის შესწავლა. იმ დროს ბიბლიის წაკითხვა მხოლოდ რომელიმე ძველ ენაზე იყო შესაძლებელი და ამის გამო მხოლოდ სწავლულებს შეეძლოთ ჭეშმარიტების წყაროსკენ გზის გაგნება, რაც გაუნათლებელი ხალხისთვის ღრმა საიდუმლოდ რჩებოდა. ამგვარად, უიკლიფს, როგორც რეფორმატორს, მომავალი საქმიანობისთვის გზა უკვე გაკვლეული hქონდა.დბ 43.1

    მანამდე კი მას ცოდნის შეძენის ამოუხსნელი სურვილი ეუფლებოდა, რაც ვერ დაიკმაყოფილა ვერც სქოლასტიკურ და ვერც ღვთისმეტყველურ მეცნიერებათა შესწავლით. და მხოლოდ წმიდა წერილში იპოვა მან ის, რასაც ამდენ ხანს ეძებდა. მან სწორედ მასში დაინახა გადარჩენის სრული გეგმა და მის წინაშე ქრისტე წარსდგა, როგორც ადამიანის ერთადერთი მეოხი და დამცველი. უიკლიფმა მთელი თავისი მოღვაწეობა ქრისტეს მიუძღვნა და მტკიცედ გადაწყვიტა თავისთვის გახსნილ ჭეშმარიტებათა ქადაგება.დბ 43.2

    მომდევნო რეფორმატორების მსგავსად, უიკლიფმა თავისი მოღვაწეობის დასაწყისში ვერ განჭვრიტა თავისი საქმიანობის ყველა შედეგი. იგი არ აპირებდა რომთან დაპირისპირებას, მაგრამ ჭეშმარიტებისადმი ერთგულებამ სიცრუესთან ბრძოლამდე მიიყვანა. რაც უფრო ნათელი ხდებოდა მისთვის პაპის სიცრუე, მით უფრო მხურვალედ ქადაგებდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მისთვის აშკარა გახდა, რომ რომმა ღვთის სიტყვას ადამიანური კეთილდღეობა არჩია. იგი უშიშრად ადანაშაულებდა სამღვდელოებას წმიდა წერილის უარყოფაში და მოითხოვდა ბიბლიის დაბრუნებას ხალხისთვის და ეკლესიებში მისი გავლენის აღდგენას. იგი მეტად ნიჭიერი, სერიოზული მოძღვარი და მჭევრმეტყველი მქადაგებელი იყო, ხოლო ყოველდღიური ცხოვრებით თავისი ქადაგების ჭეშმარიტებას ადასტურებდა. ბიბლიის ღრმა შეცნობამ, შორსმჭვრეტელმა გონებამ, ცხოვრების სიწმინდემ, შეურყეველმა სიმამაცემ და სამართლიანობამ საყოველთაო პატივისცემა და ნდობა მოუტანა მას. ბევრ მის თანამედროვეს არ აკმაყოფილებდა მათი ტრადიციული რელიგია, ისინი ილაშქრებდნენ რომის ეკლესიაში გამეფებული ურჯულოების წინააღმდეგ და დაუფარავი სიხარულით ისმენდნენ უიკლიფის მიერ ნაქადაგებ ჭეშმარიტებას. ხალხზე ამ რეფორმატორის უდიდეს გავლენას პაპის წინამძღოლები მძვინვარებით ადევნებდნენ თვალყურს.დბ 43.3

    უიკლიფს ოსტატურად შეეძლო სიცრუის მხილება და უშიშრად გამოდიოდა რომის მხარდაჭერით ჩადენილი მრავალრიცხოვანი ბოროტების წინააღმდეგ. მან, ინგლისის მეფის კაპელანმა (მღვდელმა), გაბედულად ამხილა და გაკიცხა პაპი იმ გადასახადისათვის, რომელიც ინგლისის მონარქს დაუწესა, მიუთითა რა იმაზე, რომ პაპის მიერ სამოქალაქო ხელისუფლების ხელყოფა ეწინააღმდეგება როგორც ლოგიკას, ასევე ჭეშმარიტებას. პაპის მოთხოვნები უწინაც დიდ აღშფოთებას იწვევდა, მაგრამ ახლა უიკლიფის გამოსვლამ დიდად იმოქმედა სახელმწიფო მოღვაწეებზე. მეფემ და დიდებულებმა ერთობლივად თქვეს უარი პაპისათვის ხარკის გადახდაზე და ამგვარად, ინგლისში პაპის ავტორიტეტი დიდად დაეცა.დბ 43.4

    მეორე ბოროტება, რომლის წინააღმდეგაც რეფორმატორი ხანგრძლივ, შეუპოვარ ბრძოლას აწარმოებდა, იყო მოხეტიალე ბერების ორდენების დაარსება. ბერებმა მთელი ინგლისი წალეკეს და ეს მეტად სერიოზულ დაბრკოლებად იქცა ერის განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში. მათი უარყოფითი გავლენა იგრძნობოდა ეკონომიკაში, განათლებასა თუ ზნეობრივ სფეროში. მოხეტიალე ბერთა უსაქმური ყოფა ინგლისის მშრომელ ხალხს მძიმე ტვირთად დააწვა მხრებზე. ისინი იძულებული იყვნენ შეენახათ ეს საძმოები, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ გაუფასურდა შრომა. მათ განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონიეს ახალგაზრდობაზე. ოჯახურ ურთიერთობათა სიმტკიცეს საფრთხე დაემუქრა. ბერთა ზეგავლენით ბევრი ტოვებდა ოჯახს და ბერად აღიკვეცებოდა ხოლმე მონასტრებში მშობლების თანხმობის გარეშე, მათი ნების საწინააღმდეგოდ. კათოლიკური ეკლესიის ერთერთმა მამამთავარმა, რომელიც ამ ორდენის მოთხოვნას ყველა ოჯახურ მოვალეობაზე მაღლა აყენებდა, განაცხადა:“მამა რომ ქვითინითა და მოთქმით დაგიდგეს წინ, შენი კარის ზღურბლზე გაწვეს და თვალცრემლიანმა დედამ რომ თანაგრძნობა გთხოვოს და გაგახსენოს, რომ მუცლით გატარა და ძუძუ გაწოვა, გადააბიჯე მათ და იესოსკენ იჩქარე”. ასეთი”საზარელი არაადამიანობა”, როგორც მოგვიანებით უწოდა მას მარტინ ლუთერმა,“უფრო მგლური, მხეცური სულის გამოხატულება იყო, ვიდრე ქრისტიანულისა და ადამიანურისა”, დიდად ამწვავებდა მშობელთა და შვილთა ურთიერთობას. სამღვდელოებამ, ძველ ფარისეველთა მსგავსად, ასე უარყო უფლის მცნებები საკუთარი ინტერესებისათვის და დააკნინა ღვთის მცნება. შედეგად ინგრეოდა ოჯახები და ხანდაზმული მშობლები შვილების გარეშე რჩებოდნენ.დბ 44.1

    მათმა ცრუ მჭევრმეტყველებამ უნივერსიტეტის სტუდენტებიც მოხიბლა და ბევრი მათგანი ამ ორდენის წევრიც კი გახდა. შემდგომში ძალიან ბევრი ინანიებდა გადადგმულ ნაბიჯს, ხედავდა რა, თუ როგორ გაიფუჭა ცხოვრება და რა დიდი მწუხარება მიაყენა მშობლებს, მაგრამ ამ ბადეში ერთხელ მოხვედრის შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო მისგან გათავისუფლება. ამის გამო მშობლები უარს ამბობდნენ შვილების უნივერსიტეტში სასწავლებლად გაგზავნაზე, რადგან მათზე ბერთა ზეგავლენა დიდი იყო. ამიტომ ინგლისის უმაღლეს სასწავლებლებში დიდად შემცირდა სტუდენტთა რაოდენობა. შესაბამისად მცირდებოდა უმაღლეს სასწავლებელთა რიცხვი და შედეგად იზრდებოდა უმეცრება.დბ 44.2

    პაპმა ბერებს აღსარების მიღებისა და ცოდვათა მიტევების უფლება მისცა. ეს კი უდიდესი ბოროტების წყარო გახდა. ისწრაფოდნენ რა გამდიდრებისაკენ, ბერები ისე სწრაფად და ადვილად მიუტევებდნენ ცოდვებს, რომ მათთან უწყვეტ ნაკადად დაიძრა დამნაშავეთა სამყაროს უამრავი წარმომადგენელი, რაც ხელს უწყობდა ბოროტებისა და მანკიერების გაფურჩქვნას. ავადმყოფთა და ღარიბთათვის განკუთვნილი შესაწირავები ბერების კუთვნილება ხდებოდა. ისინი ყველანაირი მუქარით ითხოვდნენ მოწყალებას და უარის მთქმელს უღმერთოს უწოდებდნენ. მოჩვენებითი სიღარიბის მიუხედავად, ბერების შემოსავალი თანდათან იზრდებოდა; ორდენის მიერ აგებული დიდებული ნაგებობანი, საუცხოო საკვები, რომლითაც ტკბებოდნენ საძმოს წევრები, თვალსაჩინოს ხდიდა ერის ეკონომიურ უკუსვლას. სარგებლობდნენ რა ცხოვრების ყველა სიკეთით, ბერები აქეზებდნენ უმეცართ და ისინიც ხალხის გასაბრუებლად განუწყვეტლივ ყვებოდნენ სხვადასხვა სასწაულებისა და უჩვეულო ამბების შესახებ, იმეორებდნენ ლეგენდებს. ისინი თავიანთ ავტორიტეტს ცრურწმენის გავრცელების ხარჯზე ქმნიდნენ; ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ მათი რელიგიური მოვალეობაა პაპის უზენაესობის აღიარება, წმიდანთა თაყვანისცემა და ბერებისათვის მოწყალების გაცემა. ხალხს დაჟინებით შთააგონებდნენ, რომ ამ წესების აღსრულება - პირდაპირი გზაა სამოთხისაკენ.დბ 44.3

    ამაო იყო სწავლულთა და ღვთისმოსავთა ყველა მცდელობა, შეეცვალათ მოხეტიალე ორდენთა სტატუსი. ამ ბოროტებას გამანადგურებელი დარტყმა მხოლოდ უიკლიფმა მიაყენა, რომელსაც უფრო შორსმჭვრეტელი გონება hქონდა. მან ამხილა ბერების სიცრუე და მოითხოვა ორდენის გაუქმება. ამ საკითხის გარშემო დებატები გაჩაღდა. მოხეტიალე ბერების პაპის ინდულგენციებით ვაჭრობამ ბევრი დააეჭვა: - სწორია თუ არა ფულით ცოდვების მიტევება? ადამიანები მსჯელობდნენ: განა უკეთესი არ არის მიტევებისათვის მივმართოთ ღმერთს და არა პაპს? ბევრი ადამიანი შეაწუხა ბერების სიხარბემ, რომელსაც საზღვარი აღარ hქონდა.”ბერები და კათოლიკე მღვდლები კიბოსავით გვღრღნიან, - ამბობდნენ ისინი, - ღმერთმა უნდა გაგვათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიღუპებით”. თავიანთი სიხარბის გასამართლებლად ბერებს თავი მაცხოვრის მიმდევრებად მოhქონდათ და აცხადებდნენ, რომ იესო და მისი მოწაფეებიც ხალხის შესაწირავებით სარგებლობდნენ. მათი ასეთი მტკიცება მათივე საწინააღმდეგოდ შემობრუნდა. ჭეშმარიტების დასადგენად ხალხმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ეს კი სულაც არ შედიოდა რომის ზრახვებში. ადამიანებმა მიმართეს ჭეშმარიტების წყაროს, რომელსაც რომის ეკლესია გულდასმით მალავდა.დბ 45.1

    უიკლიფმა ბერების წინააღმდეგ სტატიების წერა და გამოქვეყნება დაიწყო არა მათთან კამათის გამართვის მიზნით, არამედ ბიბლიისა და მისი ავტორისაკენ ხალხის ყურადღების მისაპყრობად. მან განაცხადა, რომ პაპს ცოდვების მიტევების ან ვინმეს ეკლესიიდან მოკვეთის ისეთივე უფლება აქვს, როგორც ნებისმიერ ჩვეულებრივ მღვდელს და რომ არც ერთი ადამიანის მოკვეთა არ შეიძლება ეკლესიიდან ღმერთის სამსჯავროს გარეშე. ეს იყო ერთერთი ყველაზე საგრძნობი დარტყმა, რომელიც უიკლიფმა პაპის მიერ მილიონობით ადამიანთა სულებზე აღმართულ სასულიერო და საერო ბატონობის უზარმაზარ მანქანას მიაყენა.დბ 45.2

    უიკლიფის სამსახურეობრივი მოვალეობა იყო ინგლისის სამეფო გვირგვინის დაცვა რომის ხელყოფისაგან. იგი დაინიშნა მეფის ელჩად და ორი წელი გაატარა ნიდერლანდებში, სადაც პაპის წარგზავნილთა თათბირებში ღებულობდა მონაწილეობას. იქ მას თავისუფლად შეეძლო ურთიერთობა საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის სამღვდელოებასთან, რამაც საშუალება მისცა გასცნობოდა რელიგიური ცხოვრების იმ მხარეებს, რომელიც აქამდე მისთვის დაფარული იყო. საზღვარგარეთ ყოფნისას მან ბევრი რამ გაიგო და შეიმეცნა, მიღებული გამოცდილება დიდად გამოადგა შემდგომ მოღვაწეობაში. პაპის კარის წარმომადგენლებმა საბოლოოდ აუხილეს მას თვალი იერარქიის ჭეშმარიტ არსზე და მისწრაფებაზე. ინგლისში დაბრუნების შემდეგ მან უფრო მეტი თავგამოდებითა და პირდაპირობით განაახლა თავისი იდეების ქადაგება. რეფორმატორი ამტკიცებდა, რომ რომის ჭეშმარიტი ღმერთებია სიხარბე, ამპარტავნება და სიცრუე.დბ 45.3

    თავის ერთერთ ტრაქტატში იგი ასე ახასიათებდა პაპს და მის მიმდევრებს:“ისინი იტაცებენ ყველაფერს, რაც ღარიბთა არსებობის უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი. ამასთან ერთად მეფის ხაზინიდან უამრავი ფული გადის მათ საეკლესიო საიდუმლოებათა აღსასრულებლად და სხვა საჭიროებებისათვის, - მათი დაწყევლილი ერესისათვის, რომელსაც სამუსი hქვია, რასაც ქრისტიანებს ძალით ახვევენ თავს. ჩვენს ქვეყანაში ხელუხლებელი უზარმაზარი ოქროს მთა რომ არსებობდეს და მას არავინ მიეკაროს ამ პატივმოყვარე საყოველთაო ეკლესიის გადასახადის ამკრეფის გარდა, მისგან დროთა განმავლობაში არაფერი დარჩებოდა; რადგან მას მიაქვს მთელი ჩვენი ფული და სანაცვლოდ არაფერს გვაძლევს, ღვთის რისხვის გარდა მათი ერესის გამო”.დბ 46.1

    ინგლისში დაბრუნების შემდეგ უიკლიფი მეფის მიერ დანიშნულ იქნა ლუთერვორტის რექტორატში მსახურებისათვის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ინგლისის მეფე სულაც არ იყო მისი გაბედული გამოსვლებით უკმაყოფილო. უიკლიფის ზეგავლენა იგრძნობოდა როგორც სამეფო კარის ცხოვრებაში, ასევე მთელი ერის აღორძინების საქმეში.დბ 46.2

    მაგრამ უიკლიფს რომის რისხვა სულ მალე დაატყდა თავს. ინგლისში გაგზავნილ იქნა სამი ბულა - უნივერსიტეტში, მეფის სახელზე და პრელატებისთვის, რომელშიც პაპი ამ ერეტიკოსი მქადაგებლის დასადუმებლად გადამწყვეტი ზომების მიღებას ითხოვდა. ჯერ კიდევ პაპის ბულების მიღებამდე განრისხებულმა ეპისკოპოსებმა უიკლიფი სასამართლოზე გამოიძახეს, სადაც იგი გამოცხადდა კიდეც ქვეყნის ორი უძლიერესი პრინცის თანხლებით; მათ თან ადამიანთა ხალხმრავალი პროცესია მიაცილებდა. ისინი სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ და ისე შეაშინეს მსჯავრმდებელნი, რომ უიკლიფის საქმის განხილვა გადაიდო და გარკვეული დროის განმავლობაში მან კვლავ შესძლო მოღვაწეობის გაგრძელება. მალე ედუარდ III, რომლის ხანდაზმულობითაც სარგებლობდნენ პრელატები და ცდილობდნენ იგი რეფორმატორის წინააღმდეგ განეწყოთ, გარდაიცვალა და ქვეყნის რეგენტად კვლავ უიკლიფის ადრინდელი მფარველი დაჯდა.დბ 46.3

    მაგრამ პაპი თავის ბულებში მეფეს ავალდებულებდა დაეპატიმრებინა და ციხეში ჩაეგდო ერეტიკოსი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას კოცონზე დაწვა ელოდა. ყველას ეგონა, რომ მას ვერავინ ააცილებდა რომის რისხვას. მაგრამ მან, ვინც ერთ დროს უთხრა თავის მორჩილს:“ნუ გეშინია, რადგან ფარი ვარ შენი” (დაბ. 15:1), კვლავ გაუწოდა დახმარების ხელი თავის მსახურს და გადაარჩინა იგი. სიკვდილი ეწვია არა რეფორმატორს, არამედ მისი განადგურების ბრძანების ავტორს - პაპს. გრიგორი XI გარდაიცვალა და საეკლესიო სასამართლო, რომელსაც უიკლიფის ბედი უნდა გადაეწყვიტა, არ შედგა.დბ 46.4

    ღვთის შორსმჭვრეტელობა კვლავ განაგრძობდა შემდგომი მოვლენების მართვას და ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა რეფორმაციის განვითარებისათვის. გრიგორის სიკვდილის შემდეგ პაპის ტახტზე არჩეულ იქნა ორი პიროვნება, რომელნიც ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ. ორივე მხარე სახალხოდ აცხადებდა თავის უცოდველობას და მოითხოვდა უსიტყვო მორჩილებას. ყოველი მათგანი მორწმუნეებს მეტოქის წინააღმდეგ ომისაკენ მოუწოდებდა. მოწოდებებს თან ახლდა საშინელი წყევლაკრულვა მოწინააღმდეგის მისამართით და ზეციურ ჯილდოთა დაპირება ერთგულთათვის. ასეთმა მდგომარეობამ დაასუსტა პაპის ძალაუფლება. ამ დაპირისპირების დროს უიკლიფი მათი ყურადღების მიღმა დარჩა. პაპები კი ერთმანეთს ლანძღავდნენ და ანათემას გადასცემდნენ. ძალაუფლებისა და ავტორიტეტის განმტკიცების მცდელობას თან ახლდა სისხლისღვრა. დანაშაული და აშკარა სკანდალი ეკლესიაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამ დროს კი ლუთერვორტის სამრევლოში განმარტოებული რეფორმატორი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა ხალხის ყურადღება ორი ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი პაპისაგან სამყაროს მეფეზე, იესო ქრისტეზე გადაეტანა.დბ 46.5

    პაპთა შორის განხეთქილებამ თავისი დამღუპველი შედეგებით გზა მოუმზადა რეფორმაციას, რადგან ხალხმა შესძლო პაპის ხელისუფლების ჭეშმარიტი სახის დანახვა. თავის ტრაქტატში”პაპებს შორის განხეთქილების შესახებ” უიკლიფი ხალხს სთხოვდა ემსჯელა იმაზე, რომ არც ისე ტყუის ეს ორი მღვდელი, როდესაც ერთმანეთს ანტიქრისტეს უწოდებს.”ღმერთი აღარ დაუშვებს იმას, რომ მხოლოდ ერთ მათგანში იყოს ეშმაკი... არამედ განხეთქილების სული მისცა მათ, რათა ასეთი გზით ადამიანებმა ქრისტეს სახელით ადვილად მოიპოვონ მათზე გამარჯვება” - წერდა უიკლიფი.დბ 47.1

    უიკლიფი თავისი უზენაესი მასწავლებლის მსგავსად სახარებას უქადაგებდა ღარიბებს. ის ვერ დაუშვებდა, რომ ჭეშმარიტების ნათელი მხოლოდ ლუთერვორტის სამრევლოში გავრცელებულიყო და გადაწყვიტა, ის მთელი ინგლისისათვის მიეძღვნა. ამ განზრახვით მან ჩამოაყალიბა მქადაგებელთა ჯგუფი უბრალო, განათლებული და ჭეშმარიტების ერთგული ადამიანებისაგან, რომელთაც სახარების გავრცელების უდიდესი სურვილი hქონდათ. ეს ადამიანები ქადაგებდნენ ყველგან; ბაზრის მოდნებზე; დიდი ქალაქების ქუჩებში და ფართო შარაგზებზე. ისინი ეძებდნენ უძლურებს, ავადმყოფებს, ღარიბებს და მათთან ღვთიური მადლის სასიხარულო უწყება მიhქონდათ.დბ 47.2

    იყო რა ოქსფორდის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი, უიკლიფი ღვთის სიტყვას ქადაგებდა მის აუდიტორიებში. იგი იმდენად იყო გატაცებული თავისი საქმიანობით - სტუდენტებამდე მიეტანა ჭეშმარიტების სიტყვა, რომ მას”სახარების დოქტორი” შეარქვეს. მისი ცხოვრების ყველაზე დიდ მიზანს წარმოადგენდა ბიბლიის თარგმნა ინგლისურ ენაზე, რათა ყოველ მის თანამემამულეს საშუალება hქონოდა საკუთარ ენაზე წაეკითხა უფლის საოცარ საქმეთა შესახებ.დბ 47.3

    მაგრამ მისი საქმიანობა მოულოდნელად შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ 60 წლისაც არ იყო, განუწყვეტელი შრომის, მეცნიერული მოღვაწეობისა და მოწინააღმდეგეთა თავდასხმების გამო იგი დასუსტდა, ნაადრევად დაბერდა და მძიმედ დაავადდა. ბერები დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ უიკლიფი მწარედ მოინანიებდა იმ ბოროტებას, რომელიც ეკლესიას მიაყენა და სასწრაფოდ გაემართნენ მისკენ მისი აღსარების მოსასმენად. ავადმყოფის სარეცელთან, რომელიც, როგორც მისი მტრები იმედოვნებდნენ, მალე სასიკვდილო გახდებოდა, შეიკრიბნენ ოთხი ორდენის წარმომადგენლები ოთხ სახელმწიფო მოხელესთან ერთად:“სიკვდილის წინ, - მიმართეს მათ, - მოინანიეთ თქვენი დანაშაული და უარყავით ყოველი თქვენი სიტყვა, ჩვენს წინააღმდეგ თქმული”. რეფორმატორი ყურადღებით უსმენდა მათ. შემდეგ მოსამსახურეს სთხოვა მოხმარებოდა წამოჯდომაში, თავისი მშვიდი მზერა მიაპყრო მის წინაშე მდგომ პასუხის მომლოდინე ადამიანებს და წარმოსთქვა მტკიცე და ძლიერი ხმით, რომლის გაგონებაც ხშირად hზარავდა მათ:“მე არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ, რათა კვლავ ვამხილო ბერთა ბოროტმოქმედება”. დაბნეულმა და გაოცებულმა ბერებმა ნაჩქარევად დატოვეს იგი.დბ 47.4

    უიკლიფის სიტყვები აღსრულდა. იგი ცოცხალი დარჩა, რათა თავისი ხალხისათვის მიეცა რომის წინააღმდეგ საბრძოლველად უძლიერესი იარაღი - ბიბლია, ზეცით მოვლენილი ღვთის სიტყვა ხალხთა გათავისუფლების, განათლებისა და სახარების გავრცელებისათვის. ბიბლიის თარგმნისას მას წინ მრავალი წინააღმდეგობა და სიძნელე ეღობებოდა. ავადმყოფობით დაუძლურებულმა უიკლიფმა იცოდა, რომ ცოტა დრო რჩებოდა სამუშაოდ; იგი ხედავდა მის გარშემო გაჩაღებულ ბრძოლას, მაგრამ წმიდა წერილის აღთქმით გამხნევებული, უშიშრად მიიწევდა წინ. მისი ღვთით მომადლებული ნიჭი სრული გაფურჩქვნის პერიოდში იყო; თავისი მდიდარი გამოცდილების წყალობით და უფლის განსაკუთრებული ძალის გამოვლინებით იგი მზად იყო ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესასრულებლად. ქრისტიანებისათვის ამ მშფოთვარე და მღელვარე პერიოდში რეფორმატორი თავის ლუთერვორტის სამრევლოში, წუთისოფლის ბობოქარ ვნებათაგან მოშორებით, მშვიდად ასრულებდა თავის დანიშნულებას.დბ 47.5

    და ბოლოს, სამუშაო დასრულდა, - პირველად ისტორიაში ბიბლია ითარგმნა ინგლისურ ენაზე. ახლა ღვთის სიტყვა მთელი ინგლისისათვის გახდა მისაწვდომი. რეფორმატორს უკვე აღარ ეშინოდა არც საპყრობილეში ჩაგდებისა და აღარც კოცონზე დაწვისა. მან ინგლისელ ხალხს მისცა ნათელი, რომელიც აღარასოდეს ჩაქრებოდა. და ამ უდიდესი სამუშაოს შესრულებით მან უფრო მეტი გააკეთა თავისი ქვეყნის აყვავებისა და უმეცრებისაგან გათავისუფლებისათვის, ვიდრე ბრძოლის ველზე გამარჯვებულმა რომელიმე ბრწყინვალე მხედართმთავარმა.დბ 48.1

    იმ დროს არ არსებობდა სტამბა და ბიბლიის გავრცელება მეტად გულმოდგინე, მძიმე შრომის შედეგად შეიძლებოდა. ბიბლიის შეძენის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ბევრი თვითონვე იწერდა, მაგრამ მასზე ადამიანთა მოთხოვნილებას ეს ვერ აკმაყოფილებდა. შეძლებული მყიდველები იძენდნენ მთელ ბიბლიას. სხვები კი - მის ცალკეულ წიგნებს. ხშირად მთელი ბიბლიის შესაძენად რამდენიმე ოჯახი ერთიანდებოდა. ამგვარად, უიკლიფის ბიბლიამ სულ მოკლე ხანში უბრალო ადამიანთა ოჯახებისაკენ გაიკვლია გზა.დბ 48.2

    გონებრივმა გამოღვიძებამ ადამიანებს თვალი აუხილა პაპის მოძღვრებაზე და ხალხი ამ მონური მდგომარეობიდან გამოიყვანა. უიკლიფმა დაიწყო პროტესტანტიზმის ქადაგება - ქრისტეს რწმენით გადარჩენისა და წმიდა წერილის სიწმიდის შესახებ. მის მიერ მომზადებული მქადაგებლები ბიბლიასთან ერთად რეფორმატორის შრომებსაც ავრცელებდნენ და ამ მოღვაწეთა წარმატება ისეთი დიდი იყო, რომ ინგლისის მოსახლეობის თითქმის ნახევარმა მიიღო ახალი რწმენა.დბ 48.3

    ბიბლიის გავრცელებამ მრავალი თავსატეხი გაუჩინა ეკლესიის მესვეურებს. ახლა მათ ელოდათ ბრძოლა უიკლიფზე უფრო ძლიერ ძალასთან, რომლის წინააღმდეგ მათი მახვილი უძლური აღმოჩნდა. იმ დროს ინგლისში არ არსებობდა ბიბლიის ამკრძალავი არც ერთი კანონი, რადგან აქამდე არ იყო ბიბლია მათ მშობლიურ ენაზე. შემდგომში ეს კანონები მიიღეს. ჯერჯერობით კი სამღვდელოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ღვთის სიტყვა თანდათან ვრცელდებოდა.დბ 48.4

    და პაპის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ გადაწყვიტეს რეფორმატორის დადუმება. სამმა ტრიბუნალმა ვერ გატეხა უიკლიფი. ეპისკოპოსთა პირველ კრებაზე მისი შრომები ერეტიკულ ნაშრომებად გამოაცხადეს და ახალგაზრდა პრინცის რიჩარდ II მხარდაჭერით სამღვდელოებამ მიიღო მეფის ბრძანებულება, რომელიც უფლებას იძლეოდა, შეეპყროთ ყოველი, ვინც ამ ერეტიკულ, შეჩვენებულ მოძღვრებას მხარს დაუჭერდა.დბ 48.5

    უიკლიფმა პარლამენტს მიმართა; მან ეროვნული კრების წინაშე უშიშრად ამხილა იერარქია და მოითხოვა ეკლესიის ნებართვით ჩადენილი ყველა დანაშაულის განხილვა. მან მეტად დამაჯერებლად აღწერა პაპის სამღვდელოების სიხარბე და გარყვნილება. მისმა სიტყვებმა მტრებში დაბნეულობა და შიში გამოიწვია. უიკლიფის ადრინდელი მომხრეები და მიმდევრები იძულებული გახდნენ დანებებულიყვნენ და მის მტრებს ეგონათ, რომ მოხუცი, მარტოხელა, ყველასაგან მიტოვებული რეფორმატორი ქედს მოუხრიდა პაპის გვირგვინსა და კვერთხს. მაგრამ მოხდა პირიქით: პაპის მომხრეები თავად დამარცხდნენ. უიკლიფის მგზნებარე გამოსვლით შეშფოთებულმა პარლამენტმა გააუქმა მისი დევნის ბრძანებულება და რეფორმარტორი კვლავ თავისუფალი აღმოჩნდა. მალე იგი მესამედ წარდგა სამეფოს უმაღლესი საეკლესიო სასამართლოს წინაშე. პაპისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ამჯერად ერეტიკოსს არ დაინდობდნენ და რომი გაიმარჯვებდა, ხოლო უიკლიფის მოღვაწეობას წერტილი დაესმებოდა. მათი ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში უიკლიფი იძულებული გახდებოდა განდგომოდა თავის მოძღვრებას - წინააღმდეგ შემთხვევაში მას კოცონზე დაწვა ელოდა.დბ 48.6

    მაგრამ უიკლიფმა არ უარყო თავისი ნაშრომები - არც აპირებდა მლიქვნელობას. იგი გაბედულად იცავდა თავის მოძღვრებას და ბრალდებას უარყოფდა. მას არ აწუხებდა თავისი მომავალი და არ ზრუნავდა საკუთარ ბედზე, არამედ მსმენელებს აფრთხილებდა უფლის სამსჯავროს შესახებ და მათ სიყალბესა და შეცდომებს მარადიული ჭეშმარიტების სასწორზე წონიდა. სასამართლო დარბაზში სულიწმიდის სუფევა იგრძნობოდა. ყველამ შეიგრძნო ღვთიური ზემოქმედება. ყველას ეძნელებოდა ამ ადგილის დატოვება. რეფორმატორის სიტყვები ღვთიური ისრებით გმირავდა მათ გულებს. მისდამი ერესში წაყენებული ბრალდება მთელი თავისი დამანგრეველი ძალით უიკლიფმა თვით ბრალმდებელთა წინააღმდეგ მიმართა. რატომ იცავენ ჯიუტად ისინი თავიანთ შეცდომებსა და სიცრუეს და ავრცელებენ მას? - დაჟინებით იმეორებდა ამ შეკითხვას რეფორმატორი. - ისინი უფლის მადლით ვაჭრობენ თავიანთთვის სიმდიდრის მოსაპოვებლად.დბ 49.1

    “როგორ ფიქრობთ, ვის ებრძვით თქვენ? - იკითხა ბოლოს მან. - მოხუცს, რომელსაც ცალი ფეხი სამარეში უდგას? - არა! თქვენ ებრძვით ჭეშმარიტებას, მაგრამ ჭეშმარიტება თქვენზე ძლიერია და იგი აუცილებლად გაიმარჯვებს”. ამ სიტყვებით მან დატოვა კრება და მის მოწინააღმდეგეთაგან ვერავინ გაბედა მისი შეჩერება.დბ 49.2

    უიკლიფმა თითქმის დაასრულა თავისი მოღვაწეობა. მისი ხელი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჭეშმარიტების დროშას ატარებდა, მალე დაეშვებოდა, მაგრამ მას ერთხელ კიდევ უნდა დაემოწმებინა სახარებისადმი ერთგულება; მას ჭეშმარიტება უნდა ექადაგა სიცრუის სამეფოს ცენტრში. უიკლიფი რომში პაპის ტრიბუნალის წინაშე გამოიძახეს, სადაც არაერთხელ დაღვრილა მართალთა სისხლი. მან იგრძნო კარს მომდგარი საფრთხე, მაგრამ მოგზაურობაში დამბლას რომ არ შეეშალა ხელი, მაინც დაემორჩილებოდა რომის ბრძანებას. თუმცა უიკლიფის ხმა რომში ვერ გაიგონეს, მაგრამ მას ჯერ კიდევ შეეძლო კალმის ხელში დაჭერა და კიდეც ისარგებლა ამით. თავისი სამრევლოდან რეფორმატორმა პაპს გაუგზავნა წერილი და თუმცა ამ წერილში მოკრძალებული ტონი და ქრისტიანული სული იგრძნობოდა, მკაცრი კრიტიკაც იყო პაპის ფუფუნებისა და ამპარტავნობის მიმართ.დბ 49.3

    `მე მეტად მოხარული ვარ, - წერდა იგი, - რომ ჩემი რწმენის შესახებ პირდაპირ და გახსნილად შემიძლია განვუცხადო ყოველ ადამიანს, განსაკუთრებით კი რომის ეპისკოპოსს, რომელიც ვიმედოვნებ, იმდენად სამართლიანი და მართალი იქნება, რომ დაამტკიცებს ჩემი რწმენის აღიარებას, ხოლო თუ ვცდები, მასწავლის ჭეშმარიტების გზას.დბ 49.4

    უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ ქრისტეს სახარება, - ეს ღვთის კანონის არსია... და რადგანაც რომის ეპისკოპოსი ქრისტეს ნაცვალი ბრძანდება დედამიწაზე, იგი ყველა დანარჩენ ადამიანებზე უფრო მეტად უნდა დაემორჩილოს სახარების კანონებს. რამეთუ ქრისტეს მოციქულთა სიდიადე არ გამოიხატება ამქვეყნიურ დიდებასა და პატივში, არამედ ქრისტესთან სიახლოვეში და უფლის კვალდაკვალ სიარულში ყველა მის საქმეში... ქრისტე დედამიწაზე ყოფნის დროს ერთერთი უღარიბესი იყო ღარიბთა შორის, რომელსაც არავითარი ამქვეყნიური ძალაუფლება და დიდება არ გააჩნდა...დბ 50.1

    არც ერთმა გულწრფელმა ადამიანმა არ უნდა მიბაძოს არც პაპს ან რომელიმე წმიდანს იმაში, რაც არ პასუხობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ცხოვრების პრინციპებს. რადგან პეტრემ და ზებედეს ძეებმა ამყვეყნიური დიდებისაკენ სწრაფვით შესცოდეს, ამიტომ ჩვენ ასეთ შეცდომებს უნდა მოვერიდოთ...დბ 50.2

    პაპმა სამოქალაქო ხელისუფლებას უნდა გადასცეს ყველა თავისი მიწიერი სამფლობელო და სამღვდელოებასაც მოუწოდოს ამისაკენ, ვინაიდან ასე იქცეოდნენ ქრისტე და მოციქულები. თუკი მე ვცდები, მზადა ვარ მთელი მორჩილებით მივიღო ნებისმიერი სასჯელი, თვით სიკვდილიც კი, თუ საჭირო იქნება; მე თვითონ ვეახლებოდი რომის ეპისკოპოსს, რომ შემეძლოს, მაგრამ უფალმა გადაწყვიტა ჩემი აქ დარჩენა ჩემივე სურვილის წინააღმდეგ და მე უნდა დავემორჩილო ღმერთს უფრო მეტად, ვიდრე ადამიანებს...”დბ 50.3

    დასასრულს იგი წერდა:“ვილოცებ იმისათვის, რომ უფალი დაეხმაროს ჩვენს პაპს ურბან VI მის კეთილ წამოწყებაში, რათა ის და მისი სამღვდელოება თავიანთი ცხოვრებითა და საქმეებით გაhყვნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ნაკვალევს, რათა ჭეშმარიტება შეასწავლონ ხალხს, რომელმაც თავის მხრივ, უნდა უსმინოს მათ...”დბ 50.4

    ამგვარად მან პაპსა და კარდინალებს ქრისტეს თავმდაბლობა და მორჩილება წარუდგინა და ამით არა მარტი მათ, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროს უჩვენა განსხვავება რომის სამღვდელოებასა და უდიდეს მოძღვარს შორის, ვის წარმომადგენლადაც თვლიდნენ ისინი თავს.დბ 50.5

    უიკლიფი სრულიად დარწმუნებული იყო იმაში, რომ ერთგულებისათვის სიცოცხლის განწირვა მოუწევს. მეფე, პაპი და ეპისკოპოსები გაერთიანდნენ მის დასაღუპად და ფიქრობდა, რომ კოცონი არ ასცდებოდა, მაგრამ მისი სიმამაცე არ შერყეულა.”რატომ ფიქრობთ, რომ ტანჯვის გვირგვინი თქვენგან შორსაა? უქადაგეთ ქრისტეს სახარება ამაყ პრელატებს და მოწამეობრივ სიკვდილს ვერსად გაექცევით. რა? ვიცოცხლო და გავჩუმდე?... არასოდეს! დაე, დამატყდეს თავს უბედურება, მე ველი მას...”დბ 50.6

    მაგრამ უფალი კვლავ იცავდა თავის მსახურს. ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გაბედულად იცავდა ჭეშმარიტებას და რომელსაც ყოველდღე სასიკვდილო საფრთხე ელოდა, არ უნდა ჩავარდნოდა ხელში თავის დაუძინებელ მტრებს. უიკლიფი არასოდეს არ იმალებოდა; მისი პატრონი და მფარველი უფალი იყო. და ახლაც, როდესაც მისი მტრები დარწმუნებული იყვნენ გამარჯვებაში, უფლის ხელმა თავისი მსახური მათთვის მიუვალ ადგილას გადამალა: სწორედ მაშინ, როდესაც იგი ზიარების საიდუმლოს აღსასრულებლად მოემზადა, მას დამბლა დაეცა და მალე გარდაიცვალა.დბ 50.7

    უფალმა უიკლიფს გარკვეული საქმე დაავალა. მან ჩადო მის ბაგეებში ჭეშმარიტების სიტყვა და იცავდა მას, რათა ეს სიტყვა ხალხის საკუთრება გამხდარიყო. იგი იფარავდა მის სიცოცხლეს და ნაშრომებს, სანამ საძირკველი არ მომზადდა მომავალი რეფორმაციის დიდებული საქმეებისთვის.დბ 50.8

    უიკლიფმა გადალახა შუა საუკუნეების წყვდიადი. ის პირველი გავიდა ამ გზაზე და ვინმეს ნაშრომებზე არ აუგია რეფორმაციის უდიდესი საქმე. იოანე ნათლისმცემლის მსგავსად, რომელიც მოწოდებული იყო განსაკუთრებული ჭეშმარიტების სახარებლად, ის ახალი ერის დასაწყისის მაცნე იყო. მიუხედავად ამისა, მისეული ჭეშმარიტების შემეცნება სავსე, სრულყოფილი იყო და მას 100 წლის შემდეგაც ასეთივე მნიშვნელობა hქონდა. მის მიერ გაჭრილი საძირკველი იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველი, ხოლო მასზე დაშენებული ნაგებობა ისეთი მტკიცე და უნაკლო იყო, რომ მას რეკონსტრუქცია აღარ დასჭირვებია.დბ 51.1

    უიკლიფის მიერ დაწყებული დიადი მოძრაობა, რომელსაც უნდა გამოეფხიზლებინა ადამიანთა გონება და სინდისი, გაეთავისუფლებინა რომის მიერ დამონებული ერები, სათავეს ბიბლიიდან იღებს. სწორედ აქედან მოედინება ის კურთხევის წყარო, რომელიც სიცოცხლის წყლის მსგავსად, მე-14 საუკუნიდან მოყოლებული, ყველა საუკუნეში მიედინება. უიკლიფმა წმიდა წერილი მიიღო სრული რწმენით, როგორც უფლის ნების შთამაგონებელი გამოცხადება, როგორც რწმენისა და ცხოვრების ზუსტი საზომი. მას ბავშვობიდან უნერგავდნენ რომის ეკლესიის, როგორც ღვთიური, უმწიკვლო ავტორიტეტის პატივისცემას და ეჭვსგარეშეა, ისიც მოწიწებით ხრიდა თავს მისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების წინაშე. მაგრამ ეს ყველაფერი მიატოვა, რათა უფლის წმიდა სიტყვისთვის მიემართა. ეს ის უდიდესი ავტორიტეტი იყო, რომელსაც იგი ხალხს უქადაგებდა. იგი არწმუნებდა მათ: ჭეშმარიტი ავტორიტეტია არა ეკლესია, რომელიც პაპის მეშვეობით მიმართავს ხალხს, არამედ უფალი, თავისი ჭეშმარიტი სიტყვით. იგი ქადაგებდა, რომ ბიბლია არის უფლის ნების სრული გამოცხადება, ხოლო სულიწმიდა - მისი ერთადერთი გამომცხადებელი, და ყოველმა ადამიანმა წმიდა წერილის შესწავლისას მისი დახმარებით უნდა შეიგრძნოს თავისი მოვალეობა უზენაესის წინაშე. ამით უიკლიფი პაპისა და რომის ეკლესიის მიმდევრებს მიუთითებდა ჭეშმარიტების, ღვთის სიტყვის შემეცნების გზისაკენ.დბ 51.2

    უიკლიფი ერთერთი გამოჩენილი რეფორმატორი იყო. მხოლოდ მის რამდენიმე მიმდევარს შეიძლებოდა hქონოდა ისეთი ღრმა ინტელექტი, ნათელი აზროვნება, ჭეშმარიტებისადმი ერთგულება და სიმამაცე მის დასაცავად, როგორიც უიკლიფს hქონდა. ცხოვრების სიწმინდე, დაუღალავი სწრაფვა ცოდნის გაღრმავებისა და შრომისაკენ, მოუსყიდველი პატიოსნება, ქრისტესმიერი ერთგულება და სიყვარულით მსახურება - ასეთი იყო ამ ერთერთი პირველი რეფორმატორის დამახასიათებელი თვისებები. და ეს ყველაფერი იმდროინდელი სულიერი სიბნელისა და ზნეობრივი გახრწნილების ფონზე!დბ 51.3

    ეს უნაკლო პიროვნება წარმოადგენს წმიდა წერილის გარდამქმნელი და აღმზრდელი ძალის მოწმობას. იგი ასეთ უნაკლო პიროვნებად ბიბლიამ აქცია. ღვთიური გამოცხადების უდიდესი ჭეშმარიტების შემეცნების მცდელობა აღრმავებს და აძლიერებს ჩვენს ნიჭს, ანვითარებს გონებას, ამახვილებს აღქმის უნარს და სრულყოფილს ხდის ჩვენს მსჯელობას. ბიბლიის შესწავლა ამაღლებს ჩვენს აზრებს, გრძნობებს და მისწრაფებებს. იგი გვაძლევს მიზანდასახულობას, მოთმინებას, გაბედულებასა და სულიერ ძალას; იგი გვაკეთილშობილებს და გვწმენდს. ბიბლიის სერიოზული, მოწიწებით შესწავლა, რომელიც მის მკვლევართა გონებას უშუალოდ უზენაესი სიბრძნისაკენ მიმართავს, მსოფლიოს შესძენდა ბევრ გამოჩენილ, ნიჭით დაჯილდოებულ და კეთილშობილური პრინციპების მქონე ადამიანს. ვერავითარი ფილოსოფიური მოძღვრება და სკოლა ვერ იძლევა ასეთ შთამბეჭდავ შედეგებს.”საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს” - გვეუბნება მეფსალმუნე (ფს.118:130).დბ 51.4

    უიკლიფის ნაქადაგები მოძღვრება თანდათან ვრცელდებოდა. მისი თანამოაზრენი, რომელნიც უიკლიფის მიმდევრებისა და ლოლარდების სახელით არიან ცნობილი, სახარების ნათელს ფენდნენ არა მარტო ინგლისს, არამედ სხვა ქვეყნებსაც. წინამძღოლის გარეშე გარჩენილი მისი ერთგულნი უფრო მეტი გულმოდგინებით შრომობდნენ; მრავალნი მოდიოდნენ მათი მოძღვრების მოსასმენად. მოქცეულთა შორის დიდებულებიც იყვნენ. ეს რწმენა თვით დედოფალმაც მიიღო. ბევრი ცვლილება მოხდა ადამიანთა ტრადიციულ ცხოვრებაში; პაპიზმის წარმართული სიმბოლოები ეკლესიებიდან გააძევეს. მაგრამ სულ მალე დევნის ქარტეხილი დაატყდა თავს მათ, ვინც გაბედა და თავისი ცხოვრების სახელმძღვანელოდ ბიბლია აირჩია. ინგლისელმა მონარქებმა თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად რომის დახმარებით უყოყმანოდ გასწირეს რეფორმაციის ერთგულნი. და პირველად ინგლისის ისტორიაში, მრავალ ადგილას დაინთო კოცონი, რომელზედაც მოწამებრივი სიკვდილით იღუპებოდნენ სახარების მოწაფეები. ჭეშმარიტების დამცველნი, მრავალი ტანჯვისა და წამების დამთმენნი, დახმარებისათვის მხოლოდ უფალ ცაბაოთს შეhღაღადებდნენ ლოცვავედრებით. ეკლესიისა და სამშობლოს მოღალატეებად გამოცხადებულნი, დევნილნი, მალულად განაგრძობდნენ სახარების ქადაგებას ღარიბთა უბრალო სადგომებში, ხეობებსა და გამოქვაბულებში.დბ 52.1

    მიუხედავად საშინელი დევნისა, საუკუნეთა მანძილზე კვლავ გაისმოდა მოკრძალებული, მაგრამ მტკიცე, გულწრფელი და მრავლის მომთმენი პროტესტის ხმა გაბატონებული ცრურწმენის წინააღმდეგ. ამ პერიოდის ქრისტიანებმა მხოლოდ ნაწილობრივ შეიმეცნეს სახარების სიმართლე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შეიყვარეს ღვთის სიტყვა, ისწავლეს მისი მორჩილება და მისთვის ტანჯვის მოთმენა. მოციქულთა პერიოდის ბევრი ქრისტიანის მსგავსად, უფლის საქმისათვის მრავალმა მსხვერპლად გაიღო თავისი მიწიერი კეთილდღეობა. ისინი, ვინც ჯერ კიდევ თავიანთ სახლებში ცხოვრობდნენ, სიხარულით ღებულობდნენ დევნილ ძმებს და თავშესაფარს აძლევდნენ. ხოლო როდესაც მათაც იგივე ბედი ეწეოდათ, მზადყოფნით ხვდებოდნენ განსაცდელს. სასტიკი დევნით შეშინებული ათასობით ადამიანი სასჯელის თავიდან ასაცილებლად სახალხოდ ინანიებდა და თავისუფლების სანაცვლოდ უარყოფდა თავის რწმენას. მაგრამ ერთგულთა რიცხვი მაინც არ იყო მცირე; მათ შორის იყვნენ დიდებულებიც და დაბალი ფენის წარმომადგენლებიც. და საპყრობილეში, ე.წ.”ლოლარდთა კოშკებში” ჩაყრილნი, ტანჯვისა და მწუხარების ცეცხლში გახვეულნი, სიხარულით მადლობას სწირავდნენ უზენაესს, რომ”ღირსნი გახდნენ უფლის ტანჯვაში მონაწილეობისა”.დბ 52.2

    პაპისტებმა ვერ შეძლეს ანგარიშის გასწორება ცოცხალ უიკლიფთან. მაგრამ მათ მკვდარიც არ აძლევდა მოსვენებას. მისი სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ კონსტანცას სინოდის გადაწყვეტილებით უიკლიფის ნეშტი საფლავიდან ამოიღეს და სახალხოდ დაწვეს: ფერფლი კი იქვე ახლოს, ნაკადულში ჩაყარეს.”ამ პატარა ნაკადულმა, - აღნიშნა ერთმა მწერალმა, - მისი ფერფლი ავონში წაიღო, ავონიდან სევერნში, სევერნიდან მცირე ზღვებში, ზღვებმა კი თავის მხრივ, უკიდეგანო ოკეანეში ჩაიტანეს იგი. ასე გახდა უიკლიფის ფერფლი მისი მოძღვრების სიმბოლო, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული”. საკუთარი ბოროტმოქმედების ასეთ მნიშვნელოვან შედეგს უიკლიფის მტრები ვერც კი წარმოიდგენდნენ!დბ 52.3

    უიკლიფის შრომების წყალობით ბოhემიელი იან hუსი კათოლიციზმის ცრუ მოძღვრებას განუდგა და რეფორმაციის გზას დაადგა. ასე დაითესა ამ ორ, ერთმანეთისაგან დიდი მანძილით დაშორებულ ქვეყანაში ჭეშმარიტების თესლი. ბოhემიიდან ჭეშმარიტება გავრცელდა სხვა ქვეყნებში, ადამიანებმა კვლად მიმართეს დიდი ხნის მივიწყებულ წმიდა წერილს: ღვთიური ხელი დიდ რეფორმაციას უმზადებდა გზას.დბ 52.4