Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 33 - უკვდავების საიდუმლო

    /პირველი უდიდესი ცდუნება/

    კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე გამოავლინა სატანამ თავისი ცბიერება და შეუდგა ადამიანის ცდუნებას. მან, ვინც პირველმა მოაწყო ამბოხება ზეცაში, მოისურვა დედამიწის მცხოვრებთა იძულება, მხარი დაეჭირათ მისთვის ღვთის მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ადამი და ევა სრულიად ბედნიერნი იყვნენ იმ დროს, როდესაც უფლის კანონებს ემორჩილებოდნენ, ეს კი ხელს არ აძლევდა სატანას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ღმერთის კანონი ამონებს ადამიანს და სიხარულს ართმევს უფლის ყოველ ქმნილებას. და როდესაც სატანამ დაინახა, თუ რა მშვენიერი სახლი მოუმზადა უფალმა ამ უცოდველ წყვილს, შურმა მოიცვა. მან გადაწყვიტა, ცდუნებაში შეეყვანა ისინი, რათა ღმერთისგან გაშორებულნი, თავისი ძალაუფლებისთვის დაექვემდებარებინა და ამგვარად დედამიწის ბატონპატრონი გამხდარიყო, შეექმნა თავისი სამეფო, რომელიც უზენაესის ნებას არ დაემორჩილებოდა.დბ 333.1

    სატანას რომ თავისი ჭეშმარიტი არსი დაუფარავად გამოემჟღავნებინა, მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდებოდა, რადგან ადამი და ევა გაფრთხილებული იყვნენ ამ საშიში მტრის შესახებ. მაგრამ იგი დაფარულად მოქმედებდა და დასახული მიზნის მისაღწევად თავის ნამდვილ ზრახვებს მალავდა. გამოიყენა რა შუამავლად გველი, რომელსაც მაშინ საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა hქონდა, მან ევას მიმართა:“მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?” (დაბ. 3:1). ევას რომ მაშინვე უარი ეთქვა მაცდურთან საუბარზე, გადარჩებოდა, მაგრამ გაბედა მასთან დალაპარაკება და მისი მზაკვრული ხრიკების მსხვერპლი გახდა. დღესაც ამავე გზით ცდუნდება ბევრი. მათ ეჭვი ეპარებათ უფლის მცნებებში და უარყოფენ მათ. იმის ნაცვლად, რომ უფლის კანონებს დაემორჩილონ, ისინი ეთანხმებიან ადამიანურ თეორიებს, რომლებიც სატანის გამოგონებაა და სხვა არაფერი.დბ 334.1

    `მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა, არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. უთხრა გველმა დედაკაცს, არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი” (დაბ. 3:2-5). გველი ამტკიცებდა, რომ ადამიანები გახდებიან ღმერთის მსგავსნი, აღივსებიან სიბრძნით და მიაღწევენ უმაღლეს განვითარებას. ევამ ვერ გაუძლო ამ ცდუნებას და ადამიც შეცდომაში შეიყვანა. მათ დაუჯერეს გველის სიტყვებს, რომ ღმერთმა მოატყუა ისინი. მათ ეჭვი შეეპარათ თავიანთ შემოქმედში და დაიჯერეს, რომ უფალი ხელყოფს მათ თავისუფლებას და მისი მცნებების დაუმორჩილებლობით განდიდდებოდნენ და უდიდეს სიბრძნეს შეიძენდნენ.დბ 334.2

    და აი, ადამმა შესცოდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა უფლის მიერ ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას:“რადგან, როგორც კი შეჭამთ, მოკვდებითო”. ავიდა თუ არა იგი, როგორც სატანა შთააგონებდა მათ, ყოფიერების უმაღლეს საფეხურზე? ამ შემთხვევაში ღვთის კანონების დარღვევა უდიდესი კურთხევა იქნებოდა, სატანა კი სიკეთის მომტანი გახდებოდა მთელი კაცობრიობისათვის. მაგრამ ადამი მიხვდა, რომ უფლის განაჩენში სულ სხვა აზრი იყო ჩაქსოვილი. ღმერთმა თქვა, რომ ცოდვისათვის ადამიანი უნდა დაისაჯოს და იქცეს ისევ მიწად, რისგანაც იგი შეიქმნა.”რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი” (დაბ. 3:19). სატანის სიტყვები:“თვალი აგეხილებათ”, გამართლდა იმ გაგებით, რომ ადამსა და ევას, რომლებმაც დაარღვიეს უფლის სიტყვა, თავიანთ შეცდომებზე აეხილათ თვალი: მათ შეიცნეს ბოროტება და იგემეს ურჯულოების მწარე ნაყოფი.დბ 334.3

    ედემის ბაღში იდგა სიცოცხლის ხე, რომლის ნაყოფი უკვდავებას ანიჭებდა. ადამი რომ უფლის ერთგული დარჩენილიყო, მას შემდგომშიც ექნებოდა უფლება სიცოცხლის ხესთან თავისუფლად მისვლისა და მარადიული სიცოცხლისა. მაგრამ რაკი შესცოდა, მას ჩამოერთვა ეს უფლება და გახდა მოკვდავი. უფლის განაჩენი:“მტვერი იყავ და მტვრადვე მიიქცევი” - მიგვითითებს სიცოცხლის სრულად შეწყვეტაზე.დბ 334.4

    უკვდავებამ, რომელიც უფალმა მისი მორჩილების პირობებში აღუთქვა ადამიანს, ძალა დაკარგა მისი დაცემის შემდეგ. ადამს არ შეეძლო თავისი შთამომავლობისთვის გადაეცა ის, რაც თვითონ არ გააჩნდა. დაცემული ადამიანისათვის აღარ იყო არავითარი იმედი, უფალს რომ თავისი ძის მსხვერპლად შეწირვით არ დაებრუნებინა მისთვის უკვდავების უფლება.”სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ, ვისთვისაც ყველამ სცოდა”, მაგრამ ქრისტემ” “გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უკვდავება” (რომ. 5:12; 2ტიმ. 1:10). უკვდავება მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით შეიძინება. იესო ამბობს:“ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ურჩი ძისა ვერ იხილავს სიცოცხლეს” (იოან. 3:36). ყოველ ადამიანს შეუძლია გახდეს ამ უძვირფასესი კურთხევის მფლობელი, თუკი მოცემულ პირობას შეასრულებს. ყველა,“ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას და პატივსა და უხრწნელობას”, მიიღებს საუკუნო სიცოცხლეს (რომ. 2:7).დბ 334.5

    ხოლო ის ერთადერთი, ვინც ადამს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლე აღუთქვა, გაიძვერა იყო. არსებითად, გველის მტკიცება ედემში:“არ მოკვდებით”, - პირველი ქადაგებაა სულის უკვდავების შესახებ. მაგრამ სატანის ავტორიტეტზე დაფუძნებული ეს სიტყვები დღესაც გაისმის თითქმის ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში და ადამიანთა უმეტესი ნაწილი ისეთივე მზადყოფნით ღებულობს მათ, როგორც ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს. ღვთიური განაჩენი:“ცოდვილი სული უნდა მოკვდეს” (ეზ. 18:20), - დამახინჯებული სახით ასე გამოითქმის:“ცოდვილი სული არ მოკვდება, არამედ საუკუნოდ იცოცხლებს”. ჩვენ გაოცებას ვერ ვმალავთ, თუ როგორი ბრმა ნდობით ეკიდებიან ადამიანები სატანის ნათქვამს და რაოდენ უნდობლობას იჩენენ უფლის სიტყვებისადმი.დბ 335.1

    უკვე ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს, სიცოცხლის ხესთან მისვლის უფლება რომ მისცემოდა, მას ექნებოდა საუკუნო სიცოცხლე და ამგვარად, ცოდვაც მარადიული გახდებოდა. მაგრამ უფალმა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მახვილი დაუყენა სიცოცხლის ხესთან მისასვლელ გზას დასაცავად (დაბ. 3:24) და ადამის არც ერთ შთამომავალს არა აქვს უფლება ამ საზღვრის გადალახვისა და სიცოცხლის ნაყოფთან მიახლოებისა. ამიტომ ცოდვილი არ შეიძლება იყოს უკვდავი.დბ 335.2

    მაგრამ ადამიანთა დაცემის შემდეგ სატანამ თავის ანგელოზებს უბრძანა, დაერწმუნებინათ ისინი ადამიანის ბუნებრივ უკვდავებაში და შეძლო კიდეც მათი დარწმუნება იმაში, რომ ცოდვილს ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვაწამება ელის. ახლა ბნელეთის მეუფე, მოქმედებს რა თავისი მიმდევრებით, ღმერთს ახასიათებს, როგორც შურისმგებელ ტირანს და ამტკიცებს, რომ იგი ცეცხლის ტბაში ყრის ყველას, ვინც მას არ მოსწონს და ამით აიძულებს, საუკუნოდ იტანჯონ მისი რისხვისაგან. სატანა ამტკიცებს, რომ ცოდვილთა მარადიულ ცეცხლში ენით აუწერელი ტანჯვა შემოქმედს სიამოვნებას hგვრის.დბ 335.3

    ეს ვერაგი მტერი შემოქმედს - კაცობრიობის ყოველგვარი კეთილდღეობის სათავეს, თავის თვისებებს აკუთვნებს. სისასტიკე - ეს სატანის ხასიათია. ღმერთი არის სიყვარული და ყველაფერი, რაც მან შექმნა, წმიდა და მშვენიერი იყო, სანამ პირველმა უდიდესმა მეამბოხემ ცოდვა არ შემოიტანა სამყაროში. მტერი, რომელიც ადამიანს აცდუნებს და ცოდვისაკენ უბიძგებს, შემდეგ კი, თუ შეძლებს, საბოლოოდ ღუპავს მას, - ეს არის სატანა. შეიპყრობს რა ადამიანს, იგი განაგრძობს თავის დამანგრეველ მუშაობას და რაოდენ დიდ სიხარულს გვრის მას მისი მსხვერპლის დაღუპვა! მისი ნება რომ იყოს, მთელ კაცობრიობას თავის ქსელში გახვევდა. უზენაესის ძალის ჩარევა რომ არა, ადამის არც ერთ შთამომავალს არ ექნებოდა გადარჩენის იმედი.დბ 335.4

    სატანა დღესაც იმავე ხერხით ცდილობს ადამიანთა ცდუნებას, რომლითაც თავის დროზე აცდუნა ჩვენი წინაპარი, დათესა რა მასში შემოქმედისადმი უნდობლობის თესლი და აიძულა, ეჭვი შეეტანა უფლის მმართველობის სიბრძნესა და მისი კანონების სამართლიანობაში. სატანა თავის მომხრეებთან ერთად ცდილობს, ადამიანები უფლისადმი უფრო ცუდად განაწყოს, ვიდრე მის მიმართ; ხატავს რა მუქ ფერებში უზენაესს, ამით ცდილობს, თავისი სიმდაბლე და დაუმორჩილებლობა გაამართლოს. უდიდესი თვალთმაქცი ცდილობს ჩვენი ზეციერი მამა დაადანაშაულოს სისასტიკეში, რომელიც თვით მისი თვისებაა. ცდილობს, თავი მოგვაჩვენოს მსხვერპლად და მოწამედ, რომელიც ზეციდან იმისათვის გამოაძევეს, რომ არ დაემორჩილა ასეთ უსამართლო მმართველს. იგი სამყაროს წინაშე ხატავს თავისუფლების მაგალითს, რითაც ადამიანები, თითქოსდა, დატკბებოდნენ მისი რბილი, ზომიერი მმართველობისას, რომელიც სულაც არა hგავს ღმერთს თავისი მკაცრი ბრძანებებით. და კიდეც ახერხებს ადამიანთა ცდუნებას და ღვთისადმი ერთგულების გზიდან გადაცდენას.დბ 335.5

    რა შორს არის სიყვარულისაგან, მოწყალებისაგან დ, ჩვენი გაგებით, სამართლიანობისგანაც კი სწავლება იმის შესახებ, რომ მკვდარი ცოდვილნი მარადიული ცეცხლის ალში იტანჯებიან და რომ თავიანთი ხანმოკლე, მიწიერი ცხოვრების შეცდომებისათვის საუკუნოდ უნდა იტანჯონ. მაგრამ სწორედ ამ სწავლებას ქადაგებენ ყველგან და იგი მრავალ ქრისტიანულ დოქტრინაშიც კი არის შესული. ერთი განათლებული ღვთისმეტყველი დოქტორი ასე ამბობდა:“ჯოჯოხეთში ტანჯულთა სანახაობა გააძლიერებს მართალთა საუკუნო ბედნიერებას. როდესაც ისინი იქ თავის მსგავსთ ასეთ საშინელ მდგომარეობაში დაინახავენ, ამ დროს კი თავის თავს ასე განდიდებულად, მათი ნეტარება გაიზრდება”. სხვა ღვთისმეტყველმა თქვა:“სამსჯავროს განაჩენი მარად წარმოითქმება რისხვის თასზე და ცეცხლის კვამლი, რომელშიც იწვიან ცოდვილნი, მიაღწევს წყალობის თასამდე, მაგრამ მართალი არ თანაუგრძნობს ამ უბედურებს, არამედ წამოიძახებს:“ამინ, ალილუია, დიდება შენ, ღმერთო!” დბ 336.1

    წმიდა წერილის რომელ ადგილას წერია ასეთი სწავლება? ნუთუ ზეცაში მყოფ გამოსყიდულთ არ ექნებათ არავითარი შეცოდებისა და თანაგრძნობის ან უბრალოდ, hუმანურობის გრძნობა? ან იქნებ, ამ გრძნობებს გულგრილობა და ველური სისასტიკე შეცვლის? არამც და არამც, არავითარ შემთხვევაში! არაფერი ამის მსგავსი არ არსებობს უფლის წიგნში. შესაძლოა ისინი, ვინც ამ იდეებს ქადაგებს, მეტად განათლებული და ყველასათვის პატივცემული ადამიანები არიან, მაგრამ სატანის ხრიკებით არიან მოტყუებული. სატანა შთააგონებს მათ, არასწორად ახსნან წმიდა წერილში მოცემული მკვეთრი გამოთქმები, რომელთაც ისინი ბიბლიაში ეძებენ და თვლიან, რომ ეს არის სისასტიკე და მუქარა, რაც სატანის თვისებებია და არა ჩვენი მაცხოვრისა.”ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო” (ეზ. 33:11).დბ 336.2

    თუკი ერთი წუთით დავუშვებთ იმ აზრს, რომ უფალს სიამოვნებს ცოდვილის ტანჯვა, მათი კვნესა და ვაება, ვინც ჯოჯოხეთის ცეცხლში hყავს ჩაყრილი, მაშინ ისმის კითხვა: რა აზრია ჩადებული ამ ტანჯვაწამებაში? განა შეიძლება, რომ ეს საშინელი გმინვა ტკბილი მუსიკა იყოს უსაზღვრო სიყვარულისთვის? ამტკიცებენ, რომ ურწმუნოთა გაუთავებელი ტანჯვა მოწმობს უფლის სიძულვილს ცოდვისადმი, რომელიც არღვევს სიმშვიდეს და მშვიდობას მთელ სამყაროში! ო, რა საშინელი მკრეხელობაა! მაშინ გამოდის, რომ ცოდვისადმი ღმერთის სიძულვილი არის მისი უკვდავყოფის მიზეზი. ბევრი ღვთისმეტყველი ამტკიცებს, რომ მუდმივი ტანჯვა მოწყალების იმედის გარეშე უფრო აბოროტებს ამ უბედურებს, რომლებიც საშინელებას განიცდიან წყევლისაგან და მკრეხელობისაგან და ამით უფრო მეტ დანაშაულს ჩადიან. საუკუნეთა მანძილზე ცოდვის მუდმივი მატება არ განადიდებს უფლის სახელს.დბ 336.3

    ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს იმ ბოროტების მთელ სიღრმეს, რაც მარადიული ტანჯვის ერეტიკულმა დოქტრინამ მოიტანა. სიყვარულით, სიკეთით და დიდი თანაგრძნობით აღსავსე ბიბლიური სწავლება ცრურწმენისა და საშინელების ჩრდილმა დააბნელა. და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, თუ როგორ ცრუდ სახავს სატანა უფალს, განა უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი მოწყალე უფლის ეშინიათ და ხშირად სძულთ კიდეც? ღმერთზე ასეთმა საშინელმა წარმოდგენამ, რომელიც ეკლესიური ქადაგებების მეშვეობით მთელი დედამიწის ზურგზე ვრცელდება, ათასობით და მილიონობით სკეპტიკოსი და უღმერთო ადამიანი წარმოშვა.დბ 337.1

    მარადიული ტანჯვის თეორია, - ეს არის ერთერთი ცრუ სწავლება, ბაბილონის საძაგელი ღვინო, რომელიც შეასვა მან ყველა ხალხს (გამოცხ. 14:8; 17:2). ის, რომ ქრისტეს მსახურებმა მიიღეს ეს ერესი და ავრცელებენ მას, მართლაც საიდუმლოა. საუკუნო ტანჯვის წარმოდგენა ისევე მოახვიეს თავს ადამიანს, როგორც შაბათის შეცვლა კვირით. მრავალმა დიდმა და კეთილმა ადამიანმა იქადაგა ეს იდეა, მაგრამ მათ არ hქონდათ ის ნათელი, რომელიც ჩვენ მოგვეცა. მათ პასუხი იმდენად მოეთხოვებათ, რამდენადაც იმ დროის ნათელი hქონდათ მიცემული. ჩვენ კი უნდა ვიცხოვროთ იმ სინათლით, რომელიც ჩვენს დღეებში ანათებს. თუკი ჩვენ უარს ვიტყვით უფლის სიტყვის მოწმობაზე და ცრუ სწავლებას მივიღებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გვასწავლიდნენ მამები, მაშინ განაჩენი, რომელიც უფალმა ბაბილონს გამოუტანა, ჩვენი განაჩენიც იქნება, რადგან ჩვენც შევსვით მისი ურჯულოების ღვინო.დბ 337.2

    ბევრი ადამიანი, აღშფოთებული საუკუნო ტანჯვის შესახებ სწავლებით, სხვა, საწინააღმდეგო ცდუნებაში ვარდება. ისინი ხედავენ, რომ უფალი, რომელსაც წმიდა წერილი წარმოგვიდგენს, აღსავსეა სიყვარულითა და მოწყალებით და ვერ იჯერებენ, რომ იგი თავის შექმნილ არსებას საუკუნო ტანჯვისათვის გაიმეტებს. მაგრამ იზიარებენ რა აზრს, რომ სული თავისი ბუნებით უკვდავია, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ბოლოს და ბოლოს, მთელი კაცობრიობა გადარჩება. ბევრი ბიბლიაში მოცემულ გაფრთხილებებს უყურებს, როგორც დაშინებისა და დამორჩილების საშუალებებს, მაგრამ მათი სიტყვასიტყვით ასრულება არ სჯერათ. გამოდის, რომ ცოდვილს შეუძლია იცხოვროს, როგორც მას სიამოვნებს, უგულვებელყოს ღმერთის კანონები და ამავე დროს იმედი hქონდეს მისდამი უფლის კეთილგანწყობისა. ასეთი სწავლება, რომელიც აღიარებს უფლის მადლს, მაგრამ უარყოფს მის სამართლიანობას, მისაღებია მხოლოდ”ხორციელი” ადამიანისათვის და ურჯულოებისაკენ უბიძგებს მას.დბ 337.3

    იმის საჩვენებლად, თუ როგორ ამახინჯებენ წმიდა წერილს ისინი, ვისაც საყოველთაო გადარჩენისა სჯერათ, და თუ როგორი დამღუპველია მათი სწავლება, საკმარისია მივუბრუნდეთ მათ საკუთარ გამოთქმებს: ერთ-ერთი ურწმუნო ახალგაზრდა კაცის დაკრძალვაზე, რომელიც უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა, გამოჩენილმა ღვთისმსახურმა წარმოთქვა ტექსტი წმიდა წერილიდან, რომელიც დავითს ეხება:“გაუქარვდა მწუხარება ამნონის გამო, რომელიც მოუკვდა” (2 მეფ. 13:39).დბ 337.4

    `მე ხშირად მეკითხებიან, - თქვა პასტორმა, - რა ელის მას, ვინც ტოვებს ამ ცოდვილ ქვეყანას, მაგალითად, მთვრალ მდგომარეობაში, ვინც არ გაირეცხა თავისი ტანსაცმელი და არ მოიცილა დანაშაულის სისხლიანი ლაქები, ან დაიღუპა ამ ახალგაზრდის მსგავსად, რომელსაც არ განუცდია რწმენაში შესვლის სიხარული? ამ საშინელი პრობლემების გადაწყვეტისას ჩვენ ვეყრდნობით წმიდა წერილის ავტორიტეტს: ამნონი დიდად ცოდვილი ადამიანი იყო. იგი იყო დამნაშავე, რომელმაც არ მოინანია. იგი მოკლეს მთვრალ მდგომარეობაში. დავითი კი ღმერთის წინასწარმეტყველი იყო. თუ არა დავითისთვის, ვისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუ რა ელოდა მის შვილს იმქვეყნად, - უბედურება თუ კეთილდღეობა. რას ეუბნებოდა მას გული?”შეწყვიტა აბესალომის დევნა დავითმა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ამნონის გამო, რომელიც მოუკვდა”.დბ 337.5

    რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია? განა ნათელი არ არის, რომ დავითს არ სწამდა უსასრულო ტანჯვა და საუკუნო წამება? ეს ცხადია, და აქ ჩვენ ვპოულობთ მეტად დამამშვიდებელ, გამამტკიცებელ და უფრო დიდი მოწყალების hიპოთეზის დადასტურებას, რომლის თანახმადაც სამყაროში ბოლოს და ბოლოს დამყარდება სიმშვიდე და სიწმიდე. მას გაუქარვდა მწუხარება, როდესაც დაინახა თავისი მკვდარი შვილი. როგორ? რატომ? იმიტომ, რომ თავისი წინასწარმეტყველური თვალით დავითი ხედავდა დიდებულ მომავალს, იგი ხედავდა, რომ მისი შვილი დაზღვეული იყო ყოველგვარი ცდუნებისაგან, რომ იგი გათავისუფლდა ცოდვის ტყვეობიდან, განწმედილია ურჯულოების უწმიდურებისაგან და დამღუპველობისაგან. იგი ხედავდა მას მართალს, სხვა მართალთა შორის მიღებულს. მისი ერთადერთი ნუგეში იყო ის, რომ მისი საყვარელი შვილი, გათავისუფლებული ცოდვისა და ტანჯვის მარწუხებისაგან, იმყოფება იქ, სადაც სულიწმიდა იქნება მასთან და იგი აამაღლებს მის ჩაბნელებულ სულს, სადაც მას გაეხსნება გონება ზეციური სიბრძნისა და უკვდავი სიყვარულის აღორძინებისათვის და ამგვარად, მისი განწმედილი სული მომზადებული იქნება მარადიული სიხარულისათვის ზეციურ სამშობლოში.დბ 338.1

    და ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ ზეცისმიერი ხსნა არ არის დამოკიდებული ჩვენს საქციელზე ამ ცხოვრებაში; არ არის დამოკიდებული იგი არც ჩვენი გულების გარდაქმნაზე, არც ჩვენს რწმენაზე და არც რომელიმე რელიგიის აღიარებაზე”.დბ 338.2

    ამგვარად, ქრისტეს ცრუ მსახურმა გაიმეორა გველის მიერ ედემში წარმოთქმული სიცრუე:“არ მოკვდებით... მაგრამ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით”. იგი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი ცოდვილნი - მკვლელი, ყაჩაღი და მეძავი - სიკვდილის შემდეგ ნეტარების მემკვიდრენი გახდებიან.დბ 338.3

    რას ეყრდნობოდა ეს მოძღვარი, როდესაც ასე ამახინჯებდა წმიდა წერილს? ერთადერთ ფრაზას, რომელიც გამოხატავს დავითის მორჩილებას წინასწარმეტყველებისადმი. მის სულს სურდა აბესალომთან წასვლა,“რადგან გაუქარვდა მწუხარება ამნონის გამო, რომელიც მოუკვდა”. დრომ განკურნა იმ ტკივილისაგან, რომელიც შვილის დაკარგვით იყო გამოწვეული და მისი ფიქრები ცოცხალ შვილს მიუბრუნდა, რომელსაც სამართლიანი სასჯელის წინაშე შიში hკლავდა, რადგან იცოდა, რომ დანაშაული ჩაიდინა. და განა შეიძლება ეს იყოს იმის მტკიცება, რომ ლოთი ამნონი, რომელმაც თავისი საკუთარი და გააუპატიურა, სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა წმიდა სავანეში, სადაც, განწმედილი და გასპეტაკებული, უცოდველ ანგელოზთა ოჯახის წევრი გახდა? დიახ, რასაკვირველია, სასიამოვნო სიცრუეა, რომელიც ატკბობს ხორციელ გულს. ეს თვით სატანის გამოგონებაა და მას ნაყოფიც გამოაქვს. და თუკი ადამიანებს ასე ასწავლიან, განა გასაკვირია ის, რომ ცოდვასა და მანკიერებას დიდი წარმატება აქვს?დბ 338.4

    ამ ცრუ მასწავლებლის მსგავსად მოქმედებენ სხვებიც, მათი სულიერი ნათესავები. წმიდა წერილიდან იღებენ კონტექსტიდან ამოგლეჯილ რამდენიმე სიტყვას მაშინ, როდესაც სრული ტექსტი სწორედ მათი განმარტების საწინააღმდეგოა და ასე ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელ მონაკვეთებს იყენებენ იმისათვის, რომ დაამტკიცონ დოქტრინა, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს ღვთის სიტყვაში. მტკიცება იმისა, რომ ლოთი ამნონი აღმოჩნდება ზეცაში - ეს მხოლოდ ადამიანის მიერ გამოტანილი დასკვნაა, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა ბიბლიის გარკვეული და მყარი მტკიცებისა, რომ ლოთები უფლის სასუფეველში ვერ შევლენ (1კორ. 6:10). სწორედ ასეთი გზით ჭეშმარიტებას სიცრუედ გამოსახავენ სკეპტიკოსები, ურწმუნონი და ეჭვის მქონენი. და ბევრს, ძალიან ბევრს სჯერა ამისთანა სიცრუისა და მშვიდად სძინავს იმ იმედით, რომ არავითარი საშიშროება არ ემუქრება.დბ 338.5

    ყოველი ადამიანი სიკვდილის შემდეგ მართლაც რომ ზეცაში მიდიოდეს, მაშინ ჩვენთვის სიკვდილი სიცოცხლეზე მეტად სანატრელი იქნებოდა და ეს მოძღვრება ბევრს თვითმკვლელობამდე მიიყვანდა. როდესაც ჩვენ დათრგუნული ვართ მწუხარებით, ძნელბედობით და გაცრუებული იმედებით, მაშინ ჩნდება დიდი სურვილი საკუთარ სიცოცხლესთან დამაკავშირებელი ყოველგვარი ძაფის გაწყვეტისა და მარადიული ბედნიერების სამყაროში გადასახლებისა.დბ 339.1

    უფალმა თავის სიტყვაში დამაჯერებელი მტკიცება მოგვცა იმისა, რომ მისი კანონების დამრღვევნი დაისჯებიან. მან, ვინც თავს იმშვიდებს იმ აზრით, რომ უფალი უსასრულოდ კეთილია და არ მიაგებს ცოდვილს სამართლიანად, შეხედოს გოლგოთის ჯვარს. უფლის უცოდველი ძის სიკვდილი მოწმობს იმაზე, რომ”ცოდვის საზღაური - სიკვდილია”, რომ უფლის კანონის ყოველ დარღვევას უნდა მოhყვეს შესაბამისი საზღაური. უცოდველი ქრისტე ცოდვილი გახდა ადამიანის გადარჩენისათვის. მან თავის თავზე აიღო დანაშაული ურჯულოების გამო, ხოლო როცა მამამ სახე მოარიდა, მისმა გულმა ეს ვერ აიტანა და სიცოცხლემ დატოვა იგი. ეს უდიდესი მსხვერპლი გაღებულ იქნა ცოდვილთა გამოსასყიდად. არანაირი სხვა გზით არ შეეძლო ადამიანს, გათავისუფლებულიყო ცოდვის სასჯელისაგან. და ყოველი სული, რომელიც უარს ამბობს შემორიგებაში მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც ასეთ დიდ ფასადაა მიღწეული, თავის თავზე იღებს ცოდვის დანაშაულსაც და სასჯელსაც.დბ 339.2

    ვნახოთ, კიდევ რას ამბობს ბიბლია ურწმუნოებისა და იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც არ მოინანიეს და რომელთაც ზოგიერთი ღვთისმსახური ასახლებს ზეცაში, როგორც წმიდანსა და ბედნიერ ანგელოზს.დბ 339.3

    `მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის წყაროსგან”. ეს აღთქმა ეკუთვნით მათ, ვისაც სწყურია. მხოლოდ ისინი, ვისაც ნამდვილად უნდათ სიცოცხლის წყალი, ეძებენ მას და სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა, მიიღებენ მას.”გამარჯვებული დაიმკვიდრებს ყოველს და ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი ძე” (გამოცხ. 21:6,7). აქ, როგორც ვხედავთ, წამოყენებულია პირობები: თუკი გვინდა გავხდეთ მემკვიდრენი, უნდა ვებრძოლოთ ცოდვას და გავიმარჯვოთ მასზე.დბ 339.4

    უფალი ესაია წინაწარმეტყველის პირით ამბობს:“უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს. ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!” (ეს. 3:10,11).”ცოდვილმა კაცმა ასჯერაც რომ ჩაიდინოს ბოროტი საქმე, მიეტევება”. - ამბობს სოლომონ ბრძენი. -“მე ისიც ვიცი, რომ მიეგებათ მადლი ღვთისმოსავთ, რომელთაც ეშინიათ ღვთისა. არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ” (ეკლ. 8:12,13). პავლე მოციქულიც მოწმობს:“შენი სიკერპისა და მოუნანიებელი გულის გამო, თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და ღმერთის მართალი მსჯავრის გამოცხადების დროს, როდესაც იგი მათი საქმისამებრ მიაგებს ყველას. ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს” (რომ. 2:5,6,9).დბ 339.5

    `არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სასუფეველში” (ეფ. 5:5).”ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს” (ებრ. 12:14).”ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ hქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭეთი შევიდნენ ქალაქში”.”მის მიღმა კი არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავნი და კაცის მკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყოველი მოყვარული და ჩამდენი სიცრუისა” (გამოცხ. 22:14,15).დბ 340.1

    ღმერთმა ადამიანს თავისი ხასიათი გაუხსნა და ამავე დროს დაანახა ცოდვის მიმართ თავისი დამოკიდებულება:“უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო, შემნახაო სიყვარულისა ათასთა მიმართ. დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო” (გამოს. 34:6,7).”ყველა ბოროტს მოსპობს” (ფს. 144:20).”ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება” (ფს. 36:38). უფალი გამოიყენებს თავის ძალასა და უფლებას ამბოხების საბოლოო განადგურებისათვის, მით უმეტეს, რომ ყოველი სამსჯავრო სამართლიანი იქნება, რაც უფლის მოწყალე, მრავლისმომთმენ და თანამგრძნობ ხასიათს პასუხობს.დბ 340.2

    უფალი არ მოქმედებს ძალდატანებით, არც ვინმეს ნებას ხელყოფს. მას სიამოვნებას არ hგვრის მონური მორჩილება. სურს, რომ მისი ხელით შექმნილ არსებებს უყვარდეთ იგი, რადგან ის ღირსია სიყვარულისა, სურს, რომ ადამიანები ემორჩილებოდნენ, რადგან მათ თავისი სიბრძნის შემეცნების, სამართლიანობისა და სიკეთის შეცნობის შესაძლებლობას აძლევს. და ყველა, ვისაც სწორი წარმოდგენა აქვს მასზე, აღივსება მისი სიყვარულით და თაყვანს სცემს მას სიკეთისა და თანაგრძნობისათვის.დბ 340.3

    სიკეთის, მოწყალებისა და სიყვარულის პრინციპები, რომელიც მაცხოვარმა საკუთარი მაგალითით გვასწავლა, ზუსტად ასახავს უფლის არსს. ქრისტემ თქვა, რომ იგი ასწავლის მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც მამისაგან მიიღო. ღვთიური მმართველობის პრინციპები hარმონიულადაა შერწყმული მაცხოვრის მცნებასთან:“გიყვარდეს მტერი შენი”. უფალი გამოიჩენს თავის სამართლიანობას უწმიდურთა მიმართ და აღასრულებს მას მთელი სამყაროს კეთილდღეობისათვის და მათთვისაც, ვინც სამსჯავროზე წარდგება. უფალს მათი ბედნიერება ღვთიური კანონებისა და სამართლიანობის თანახმად სურდა. იგი გარს ახვევს მათ თავისი სიყვარულის ნიშნებს, უგზავნის თავისი კანონის ცოდნას და მოწყალებას არ აკლებს, ისინი კი უარყოფენ მის სიყვარულს, დასცინიან მის კანონს და მის მოწყალებას, თუმცა კი მუდმივად ღებულობენ მისგან წყალობას, მაგრამ თავად მომცემს უპატიოდ ექცევიან. მათ სძულთ ღმერთი, რადგან იციან, რომ უფალს სძულს ცოდვა. უზენაესი დიდი მოთმინებით ეკიდება მათ სიჯიუტეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, დადგება დრო, როდესაც მათი ბედი გადაწყდება. გამოიყენებს თუ არა უფალი ძალას მეამბოხეთა თავის მხარეზე გადასაყვანად? ან აიძულებს მათ თავისი ნების აღსრულებას?დბ 340.4

    ის, ვინც თავის წინამძღოლად სატანა აირჩია და მისი ნების მორჩილია, არ არის მზად უფლის წინაშე წარსადგომად. ასეთ ადამიანებს სიამაყის, სიცრუის, გარყვნილებისა და სისასტიკის ბეჭედი ადევთ. და განა შესაძლებელია მათთვის ზეცაში ასვლა და საუკუნოდ მათ გვერდით ყოფნა, ვინც სძულდათ და ვისაც ამცირებდნენ აქ, დედამიწაზე? ჭეშმარიტება ვერასოდეს დაეთანხმება სიცრუეს; კდემამოსილება - თვითდაჯერებულობასა და სიამაყეს; სიწმიდე - გარყვნილებას და უანგარო სიყვარული - ეგოიზმს. ან რა სიხარული უნდა განიცადონ ზეცაში მათ, ვინც მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლის ინტერესებშია ჩაფლული?დბ 340.5

    შეუძლიათ თუ არა მათ, ვინც თავისი ცხოვრება უფლის წინააღმდეგ ამბოხებას შეალია, უცბად აღმოჩნდეს ზეცაში და იხილოს მაღალი და წმიდა სრულყოფილება იქ, სადაც ყოველი არსება სიხარულს ასხივებს, სადაც ყოველი სახე სიხარულს გამოსცემს, სადაც ღმერთსა და კრავს უსასრულო hანგებით ადიდებენ; სადაც ტახტზე მჯდომარესაგან ასხივებს მარადიული სინათლის სხივი, გამოსყიდულთ რომ ეფინება; განა შეუძლიათ მათ, ვისი გულებიც აღსავსეა უფლისადმი სიძულვილით, ჭეშმარიტებისა და სიწმიდისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით, ამ წმიდა არსებებთან ურთიერთობა და მათთან ერთად ქებადიდების hიმნების გალობა? განა გაუძლებენ ისინი ღმერთისა და კრავის დიდებას? არა და კიდევ არა; მთელი წლები მიეცათ მათ გამოსაცდელად, რათა მოემზადებინათ თავიანთი ხასიათი ზეცისათვის. მაგრამ არ შეიყვარეს სისპეტაკე; ვერ შეისწავლეს ზეციური ენა, ახლა კი უკვე ძალზე გვიანია. უფლის ნების საწინააღმდეგო ცხოვრებამ ისინი ზეციური სასუფევლისათვის გამოუსადეგარ არსებებად აქცია. უფლის სისპეტაკე, სიწმიდე და სიმშვიდე მათთვის წამება იქნებოდა, უფლის დიდება კი - მჭამელი ცეცხლი. ისინი ვერ გაუძლებდნენ ყოველივე ამას, ამიტომ მხოლოდ ერთი სურვილი ექნებოდათ: ამ წმიდა ადგილიდან გაქცევა. ისინი უმალ სიკვდილს აირჩევდნენ, ოღონდ იმის სახეს დამალვოდნენ, ვინც მათი გამოსყიდვისათვის მოკვდა. უწმიდურთა ბედს მათი საკუთარი არჩევანი გადაწყვეტს. მათ თავიანთი ნებით უარყვეს ზეცა, ღმერთი კი კვლავაც უცვლელი რჩება: სამართლიანი და მოწყალე.დბ 341.1

    წარღვნის წყლების მსგავსად, ურჯულოთა მიმართ უფლის განაჩენი განკითხვის დღის ცეცხლი იქნება. ცოდვილებმა არ გამოამჟღავნეს არავითარი სურვილი უფლის ნების მორჩილებისა. მათი ნება ამბოხებაში გამოიხატა და როდესაც სიცოცხლე მთავრდება, აზრებს სხვა მიმართულება ვეღარ მიეცემა. უკვე ძალზე გვიანია იმისათვის, რომ ურჯულოებისაგან მორჩილებისაკენ, სიძულვილიდან კი - სიყვარულისაკენ მობრუნდე.დბ 341.2

    შეუნარჩუნა რა სიცოცხლე მკვლელ კაენს, ამით უფალმა კაცობრიობას დაანახა, თუ რა შედეგი შეიძლება მოhყვეს ცოდვილის სიცოცხლეს და თავისი სურვილისამებრ მოქმედების დაშვებას. კაენის საქციელის ზეგავლენით, ბევრმა მისი შთამომავლობიდან შესცოდა და საბოლოო ჯამში”წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით” (დაბ. 6:11) და”უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა” (მუხ. 5).დბ 341.3

    კაცობრიობისადმი თანაგრძნობის გამო გაანადგურა უფალმა სიცოცხლე დედამიწაზე ნოეს დღეებში. ამავე გრძნობით მოსპო მან სოდომის გარყვნილი მოსახლეობა. სატანის ცდუნება რჯულის დამრღვევთ ხელს უწყობს, ისარგებლონ ხალხის მხარდაჭერით და მათი თანაგრძნობით, და ამგვარად ისინი სხვებსაც ითრევენ ამბოხებაში. ასე იყო კაენისა და ნოეს დღეებში, აბრაამისა და ლოტის დროს, ასეა ახლაც, ჩვენს დროში. სწორედ მთელი სამყაროს სიყვარულისა და თანაგრძნობის გამო ღმერთი საბოლოოდ გაანადგურებს მათ, ვინც უარს ამბობს მის მადლზე.დბ 341.4

    `ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში” (რომ. 6:23). იმ დროს, როცა სიცოცხლე მართალთა მემკვიდრეობაა, სიკვდილი უწმიდურთა ხვედრია. მოსემ ასე მიმართა ისრაელს:“აhა, დღეს გადმოვეცი შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება” (მეორ. რჯ. 30:15). სიკვდილი, რომლის შესახებაც აქაა საუბარი, არ არის ის სიკვდილი, რომელიც ადამს მიეცა, რადგან მთელი კაცობრიობა დაისაჯა მისი ურჯულოებისათვის. აქ ლაპარაკია”მეორე სიკვდილზე”, რომელიც მარადიული სიცოცხლის საპირისპიროა.დბ 341.5

    ადამის ცოდვის შედეგად მთელი მისი შთამომავლობა სიკვდილს დაექვემდებარა. ყველა ერთნაირად ჩადის სამარეში. მაგრამ მეორეს მხრივ, გადარჩენის გეგმა ყველას სიკვდილისაგან გათავისუფლებას გვთავაზობს.”იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა” (საქ. 24:15).”როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში” (1კორ. 15:22). მაგრამ ადამიანთა ამ ორ ჯგუფს შორის საზღვარია გავლებული.”ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ, კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - სამსჯავროს აღდგომისთვის” (იოან. 5:28,29).”ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში; მასზე ხელმწიფება არა აქვს მეორე სიკვდილს” (გამოცხ. 20:6). მაგრამ ისინი, ვინც მონანიებითა და რწმენით ვერ მიიღო მიტევება, დაისჯებიან თავიანთი ურჯულოებისათვის - რაც”ცოდვის საზღაურია”. ისინი დაისჯებიან თავიანთი საქმეების მიხედვით, ხოლო შემდეგ მეორე სიკვდილით მოკვდებიან. რადგან, თავისი სამართლიანობისა და მოწყალების პრინციპების თანახმად, უფალს არ შეუძლია ცოდვილის გადარჩენა ცოდვებთან ერთად, იგი ართმევს მას სიცოცხლეს, რომლის უფლებაც ცოდვილმა თვითონ დაკარგა და თავისი საქმეებით დაამტკიცა, რომ მისი ღირსი არ არის. ასე ამბობს დავითის სულისჩამდგმელი სიტყვა:“კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი” (ფს. 36:10).”თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს” (აბდ. 16). სირცხვილნაჭამნი, ისინი სამუდამოდ გაქრებიან და დავიწყებას მიეცემიან.დბ 342.1

    ასე აღმოიფხვრება საბოლოოდ ცოდვა მთელი თავისი უბედურებითა და სიმწარით, მწუხარებითა და ნგრევით. მეფსალმუნე ამბობს:“განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე” (ფს. 9:6). იოანე წინასწარმეტყველმა მომავალი მარადიულობის ხილვისას ისმინა მთელი სამყაროს დიდების hიმნი, რომლის hარმონიას არც ერთი ყალბი ბგერა არ არღვევდა. ყოველი ცოცხალი არსება, ზეცაშიც და დედამიწაზეც, ადიდებდა ღმერთს (იხ. გამოცხ. 5:13). იმ დროს იქ აღარ იქნება არც ერთი დაცემული სული, რომელიც მკრეხელობას გამოიჩენს უფლის მიმართ. და ჯოჯოხეთში ტანჯულთა კვნესა გადარჩენილთა გალობას არ შეუერთდება.დბ 342.2

    დოქტრინამ სულის უკვდავების შესახებ დააფუძნა წარმოდგენა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე, რაც საუკუნო ტანჯვის არსებობის მსგავსად, ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას, გონიერებას და ჩვენს hუმანურობას. ამ პოპულარული სწავლების თანახმად, ზეცაში მყოფი გადარჩენილნი თვალყურს ადევნებენ ყველაფერს, რაც დედამიწაზე ხდება, განსაკუთრებით კი მათ მიერ დატოვებული მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების ცხოვრებას. მაგრამ როგორ შეუძლიათ გადარჩენილთ, ზეცაში ბედნიერად იგრძნონ თავი, თუ ისინი ხედავენ თავიანთი ახლობლების გასაჭირს, მათ ჩადენილ ცოდვებს, მათ მწუხარებას, იმედების გაცრუებასა და ტანჯვას? შეიძლება კი ისინი ბედნიერნი იყვნენ, თუკი ხედავენ ყოველივე ამას? და რა საშინელებაა იმის დაჯერება, რომ როგორც კი სიცოცხლე ტოვებს ადამიანის სხეულს, მოუნანიებელი სული მაშინვე ჯოჯოხეთის ალში ეხვევა! და რა სულიერი ტრავმა უნდა განიცადონ მათ, ვინც ხედავს, რომ მათ მეგობრებს თავიანთი ცოდვებისათვის საუკუნო ტანჯვა ელით! ამ საშინელებაზე ფიქრით შეიძლება ბევრი ჭკუაზე შეიშალოს.დბ 342.3

    რას ამბობს წმიდა წერილი ამ საკითხების შესახებ? დავითი ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი კარგავს შემეცნების უნარს.”ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები” (ფს. 145:4). სოლომონიც ადასტურებს ამ აზრს:“წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც. აღარ ექნებათ აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება”.”რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ” (ეკლ. 9:5,6,10).დბ 343.1

    როდესაც ხიზკია ლოცვით შეევედრა უფალს, მისი სიცოცხლე თხუთმეტი წლით გაეგრძელებინა და უფალმაც შეუსრულა სურვილი, მადლიერმა მეფემ ქებადიდება შესწირა უზენაესს ამ უდიდესი წყალობისათვის:“რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი. ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე დღეს” (ეს. 38:18,19). გავრცელებული თეოლოგია მკვდარ მართალს წარმოგვიდგენს ზეცაში, სადაც მარად ადიდებს ღმერთს, მაგრამ ხიზკია ვერ ხედავდა ამ ბრწყინვალე პერსპექტივას სიკვდილში. მას მეფსალმუნეც უმოწმებს:“არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვინღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქებადიდებას?” (ფს. 6:6).”არა თუ მკვდრები აქებენ უფალს, და ან ყოველი ქვესკნელს ჩასული” (ფს. 115:25).დბ 343.2

    პეტრე მოციქულმა ორმოცდამეათე დღეს თქვა, რომ პატრიარქი დავითი”აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი”,“რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად” (საქ. 2:29,34). დავითის სამარხში ყოფნა მოწმობს იმას, რომ სიკვდილის შემდეგ მართლები არ მიდიან ზეცაში, მხოლოდ მკვდართა აღდგომისას ქრისტეს აღდგომის წყალობით მიეცემა დავითს უფლის მარჯვნივ დაჯდომის შესაძლებლობა.დბ 343.3

    პავლე მოციქული ამბობს:“ვინაიდან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, ჩვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს” (1კორ. 15:16-18). და თუკი ოთხიათასი წლის განმავლობაში ყველა მართალი ზეცად ამაღლდა, მაშინ როგორღა თქვა პავლემ, რომ ქრისტეში განსვენებულნიც დაიღუპებიან, თუკი არ არის აღდგომა? მაშინ ხომ აღდგომაც საჭირო აღარ არის?დბ 343.4

    წამებულმა თინდეილმა მიცვალებულთა მდგომარეობაზე თქვა:“მე გულახდილად ვაღიარებ, რომ სრულებით არა ვარ დარწმუნებული, თითქოს ისინი ზეცად ამაღლებულნი არიან სრულ დიდებაში, სადაც ქრისტე და ღვთის რჩეული ანგელოზები იმყოფებიან. ჩემი რწმენა არ ეთანხმება ამას, რადგან, ეს რომ ასე იყოს, მაშინ რაღა საჭიროა ქადაგება ხორციელი აღდგომის შესახებ?”დბ 343.5

    შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ უკვდავების იმედმა ადამიანები ბიბლიური აღდგომის უარყოფამდე მიიყვანა. ამის შესახებ ადამ კლარკი ამბობდა:“აღდგომის შესახებ სწავლებას უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა ქრისტიანობის დასაწყისში, ვიდრე დღეს! რატომ მოხდა ასე? მოციქულები ყოველთვის ქადაგებდნენ უფლის აღდგომაზე, აიმედებდნენ, მხარს უჭერდნენ და უმტკიცებდნენ რწმენას ქრისტეს იმ მიმდევრებს, რომელნიც აღდგომის იმედით ცოცხლობდნენ. ხოლო დღევანდელი მისი მიმდევრები იშვიათად ახსენებენ აღდგომას. პირველ ქრისტიანებს სწამდათ აღდგომა იმ ძალით, რა ძალითაც მოციქულები ქადაგებდნენ, ხოლო ჩვენ რას ვქადაგებთ, იქიდან ჩანს, თუ რა სწამთ ჩვენს მსმენელთ. სახარებაში ყველაზე დიდ ყურადღებას ითხოვს უწყება აღდგომის შესახებ, ხოლო ქადაგებათა თანამედროვე სისტემაში რწმენის არც ერთ პუნქტს არ ეპყრობიან ისე უყურადღებოდ, როგორც ამას” (კომენტ. და შენიშვნ. 1კორ. 15:3).დბ 343.6

    და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ აღდგომის დიდებული ჭეშმარიტება თითქმის სრულად არ დაფარა სიბნელემ და ქრისტიანულმა სამყარომ თითქმის დაკარგა იგი. ერთი გამოჩენილი რელიგიური მწერალი კომენტარს უკეთებს პავლე მოციქულის სიტყვებს (1თეს. 4:13-18) და ამბობს:“მართალთა ნეტარი უკვდავების დოქტრინა ადამიანის დამშვიდებისათვის პრაქტიკული მიზნით, ჩვენი შემეცნებიდან განდევნის ყოველგვარ საეჭვო სწავლებას უფლის მეორედ მოსვლის შესახებ. ჩვენი სიკვდილის შემდეგ უფალი მოდის ჩვენს წასაყვანად. სწორედ ამას ველით და ამის იმედი გვაქვს. მკვდრები უკვე გადავიდნენ დიდებაში. ისინი აღარ ელოდებიან საყვირის ხმას, რომელიც ამცნობს მათ სამსჯავროსა და საუკუნო ნეტარების შესახებ”.დბ 344.1

    მაგრამ, როდესაც იესო თავის მოწაფეებს ტოვებდა, არ უთქვამს, რომ ისინი მალე მივლენ მასთან.”მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ” (იოან. 14:2,3), პავლე მოციქული კი ამბობს:“ვინაიდან თვით უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა hაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ”. და შემდეგ დაუმატა:“ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით” (1თეს. 4:16-18). რა დიდი განსხვავებაა იმედის ამ სიტყვებსა და უნივერსალური ეკლესიის მსახურის ნაშრომიდან ამოღებულ ციტატას შორის! ეს უკანასკნელნი იმით ანუგეშებენ თავიანთ დამწუხრებულ მეგობრებს, რომ მიუხედავად ცოდვებისა, გარდაცვლილები ამაღლდებიან ზეცად და მიღებული იქნებიან ანგელოზთა შორის. პავლე მოციქული კი თავის ძმებს ქრისტეს მეორედ მოსვლაზე მიუთითებს, როდესაც”ქვესკნელის ბორკილები დაიმსხვრევიან” და”ქრისტეში მკვდარნი” საუკუნო სიცოცხლისათვის აღდგებიან.დბ 344.2

    სანამ ნეტარების სამფლობელოში შევაბიჯებდეთ, ყოველი ადამიანის ცხოვრება და ხასიათი გულდასმით უნდა იყოს გამოკვლეული და თითოეულის საქმეები - უფლის მიერ შემოწმებული. ყოველი ადამიანი გასამართლდება წიგნებში ჩანაწერის მიხედვით და თითოეული მიიღებს ჯილდოს თავისი საქმეებისამებრ. მაგრამ ეს სამსჯავრო ადამიანის სიკვდილის შემდეგ არ შედგება. მიაქციეთ ყურადღება პავლე მოციქულის სიტყვებს:“ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განიხილავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელით - ყველა დაარწმუნა რა იმით, რომ იგი მკვდრეთით აღადგინა” (საქ. 17:31). აქ მოციქული პირდაპირ მიუთითებს განსაზღვრულ დროზე, რომელიც დანიშნულია ქვეყნიერების განსაკითხავად მომავალში.დბ 344.3

    მოციქული იუდაც ამ დროზე მიგვითითებს:“ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ შემოინახა, რათა დიად დღეს იქნან განკითხულნი”. შემდეგ კი იგი იმეორებს ენოქის სიტყვებს:“აhა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდანთან ერთად, რათა ყველა განიკითხოს” (იუდა 6,14,15). იოანე ამბობს:“ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები... და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ” (გამოცხ. 20:12).დბ 344.4

    მაგრამ თუკი მკვდართაგან ნაწილი ბედნიერია ზეცაში, სხვები კი იტანჯებიან ჯოჯოხეთში, მაშინ რაღა საჭიროა განკითხვის დღე? ღვთის სიტყვა ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებს ნათლად და გასაგებად აშუქებს და ყველაზე უბრალო ადამიანებსაც კი შეუძლიათ ჩაწვდნენ მათ. მაგრამ რა სიმართლესა და სიბრძნეს იპოვის სერიოზული და მოაზროვნე ადამიანი ამ მეტად გავრცელებულ თეორიებში? როგორ შეუძლიათ მართალთ განაჩენის გამოტანის შემდეგ ამ სიტყვების მოსმენა:“კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ!.. შედი შენი ბატონის სიხარულში” (მათ. 25:21), თუკი ერთად არიან, შესაძლოა, მთელი საუკუნეების განმავლობაში? განა შეკრიბავენ ჯოჯოხეთის ყოველი კუთხიდან უწმიდურთ იმისათვის, რათა მოისმინონ განაჩენი მთელი დედამიწის მეუფისაგან:“წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში”? (მათ. 25:41). ო. რა მწარე დაცინვაა! უფლის სიბრძნისა და სამართლიანობის რა სამარცხვინო დამახინჯებაა!დბ 345.1

    თეორია სულის უკვდავების შესახებ მიეკუთვნება ერთერთ იმ ცრუ სწავლებათაგანს, რომელიც რომმა წარმართთაგან მიიღო და შემდეგ ქრისტიანულ რელიგიაში დანერგა. მარტინ ლუთერი ამ სწავლებას თვლიდა”სულელურ იგავებად, რომელნიც რომის ბრძანებულებათა ნაკელის გროვაა და მეტი არაფერი”. უკეთებს რა კომენტარს ეკლესიასტეს წიგნიდან სოლომონის სიტყვებს იმის შესახებ, რომ”მკვდრებმა კი არაფერი იციან, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა”, რეფორმატორი წერს:“კიდევ ერთი ადგილი, რომელიც ამტკიცებს, რომ მკვდრები... არაფერს გრძნობენ. იქ არ არსებობს პასუხისმგებლობის გრძნობა, მეცნიერება, ცოდნა და სიბრძნე. ამიტომ სოლომონი ამბობს, რომ მათ სძინავთ და ვერაფერს გრძნობენ. რადგან მკვდრები წვანან და არ ითვლიან არც დღეებს, არც წლებს, ხოლო, როდესაც ისინი გაიღვიძებენ, მოეჩვენებათ, რომ მხოლოდ ერთი წამით ჩასთვლიმეს”.დბ 345.2

    წმიდა წერილში ვერსად ვპოულობთ იმის დადასტურებას, რომ მართლები გარდაცვალებისთანავე ღებულობენ თავიანთ ჯილდოს, უწმიდურნი კი - თავიანთ სასჯელს. არც პატრიარქებს და არც წინასწარმეტყველებს არ დაუტოვებიათ ჩვენთვის ასეთი რწმუნება. ქრისტეს და მოციქულებს გადაკვრითაც კი არაფერი უთქვამთ რაიმე ამის შესახებ. ბიბლია ნათლად გვასწავლის, რომ მიცვალებულნი სიკვდილისთანავე არ მიდიან ზეცაში. მათზე საუბარია, როგორც მკვდრეთით აღდგომამდე მიძინებულებზე (1თეს. 4:14; იობ. 14:10:12). იმ დღეს, როდესაც წყდება ვერცხლის საბელი და ტყდება ოქროს ჭურჭელი (ეკლ. 12:6), ადამიანის ყოველგვარი საფიქრალი ქრება. ქვესკნელში ჩასული ადამიანი სიჩუმეშია და მას აღარაფერი ესაქმება იმასთან, რაც მზის ქვეშ ხდება (იობ. 9:10,12). ნეტარი დასვენებაა დაქანცულ მართალთათვის! დიდხანს იქნებიან ისინი ამ მდგომარეობაში თუ ცოტა ხანს, მათთვის ის მაინც ერთი წამია. მათ სძინავთ და უფლის საყვირი გააღვიძებს მათ დიდებული უკვდავებისთვის.”ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა:“სიკვდილი შთაინთქა ძლევით” (1კორ. 15:52-54). და ღრმა ძილიდან აღმდგარნი, თავიანთ არსებობას დაიწყებენ იმ მომენტიდან, როდესაც სიკვდილმა შეწყვიტა. მათი ცნობიერების უკანასკნელი წამი სასიკვდილო ტანჯვით იყო დაბნელებული; მათი უკანასკნელი ფიქრი იყო ის, რომ საფლავში მიდიან. ხოლო როდესაც აღდგებიან, მათი სიხარულით აღსავსე პირველი ფიქრი გამარჯვების ამოძახილში გადაიზრდება:“სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?” (მუხ. 55).დბ 345.3