Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 8 - ჭეშმარიტების მღაღადებელი

    გერმანიის სამეფო ტახტზე ავიდა იმპერატორი კარლ V. რომის დესპანებმა იჩქარეს მილოცვა და თანაც იმავდროულად, რეფორმაციის წინააღმდეგ განაწყეს იგი. მაგრამ საქსონიის მმართველმა, რომლის დახმარებითაც კარლ V ტახტზე ავიდა, იმპერატორს სთხოვა, საქმის განხილვამდე არ მიეღო ზომები ლუთერის წინააღმდეგ. ამან იმპერატორი მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. პაპისტების დაკმაყოფილება მხოლოდ რეფორმატორის სასიკვდილო განაჩენით შეიძლებოდა. მაგრამ საქსონიის მმართველმა არაერთხელ მოითხოვა, რომ”დოქტორი ლუთერი, რომლისთვისაც მომზადებული იქნება დაცვის სიგელი, წარდგება საქმეში ჩახედულ, ღვთისმოსავ და მიუკერძოებელ მსაჯულთა წინაშე, რადგან არც მისმა უდიდებულესობა იმპერატორმა და არც სხვა ვინმემ არ უარყო მისი თხზულებები.”დბ 84.1

    ახლა ყველას ყურადღება მიიპყრო გერმანიის მთავართა სეიმმა ვორმსში, რომელიც კარლ V ტახტზე ასვლის დღიდან სულ მალე უნდა შემდგარიყო. ამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ კრებას, სადაც ახალგაზრდა იმპერატორი და გერმანელი მთავრები პირველად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები უნდა განეხილა. ეროვნულ სეიმზე იმპერიის ყოველი კუთხიდან ჩამოვიდნენ სახელმწიფო და სასულიერო ტიტულოვანი მოხელეები. ვორმსში თავი მოიყარეს დიდებულებმა, რომელნიც ამაყობდნენ თავიანთი მემკვიდრეობითი უპირატესობითა და კეთილშობილური წარმოშობით; აქ იყვნენ თავიანთი ძლიერებითა და ძალაუფლებით გაამაყებული სასულიერო პირები; სამეფო კარის რაინდები შეიარაღებულ ვასალთა თანხლებით, უცხო ქვეყნების ელჩები; მიუხედავად სეიმზე გატანილ საკითხთა მრავალფეროვნებისა, ამ უმნიშვნელოვანესი კრების ყველაზე დიდ ინტერესს საქსონელი რეფორმატორი იწვევდა.დბ 84.2

    საქსონიის მმართველმა, რომელიც კარლ V თხოვნით სეიმს აუცილებლად ლუთერთან ერთად უნდა დასწრებოდა, რეფორმატორს მფარველობა და ყველა საკამათო საკითხის კომპეტენტურ პირთა თანდასწრებით განხილვის შესაძლებლობა აღუთქვა. ლუთერი მოუთმენლად ელოდა იმ დღეს, როდესაც იმპერატორის წინაშე წარდგებოდა. იმ დროისათვის ავადმყოფობით დაუძლურებული ლუთერი მმართველს წერდა:“თუკი ჯანმრთელობა ხელს არ შემიწყობს წასასვლელად, თანახმა ვარ, ავადმყოფი წამიყვანონ, რადგან თუკი იმპერატორი სეიმზე მიწვევს, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უფლის ნებაა. მაგრამ თუ ძალადობას გამოიჩენენ, რაც მოსალოდნელია კიდეც (რადგან იქ იმიტომ კი არ მეძახიან, რომ ჩემი მოძღვრება მიიღონ), დავემორჩილები უფლის ნებას. თუკი ის, ვინც სამი ჭაბუკი უვნებლად ამოიყვანა გავარვარებული ღუმელიდან, არ გადამარჩენს, ესე იგი ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარა აქვს. ვიზრუნოთ მხოლოდ იმაზე, რომ სახარება უწმიდურთა დასაცინი არ გახდეს. და თუკი მისი დაცვისათვის სისხლი უნდა დაიღვაროს, მე მზადა ვარ ამისათვის. განა მე შემიძლია იმის თქმა, თუ რა უფრო სასარგებლოა ადამიანთა გადარჩენისათვის - ჩემი სიცოცხლე თუ სიკვდილი?.. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერს ელოდოთ ჩემგან... გაქცევისა და განდგომის გარდა. გაქცევა არ შემიძლია, ხოლო უარყოფა - მით უმეტეს.”დბ 84.3

    ცნობამ ლუთერის სეიმზე გამოსვლის შესახებ დიდი მღელვარება გამოიწვია. ალეანდრე, პაპის დესპანი, რომელსაც ძირითადად ეს საქმე hქონდა დავალებული, მძვინვარებამ შეიპყრო. იგი გრძნობდა, რომ ამას პაპისათვის კატასტროფული შედეგი ექნებოდა. იმ საქმის ხელახლა განხილვა, რომელსაც პაპმა საბრალდებო დასკვნა უკვე გამოუტანა, მისი უბრწყინვალესობის და უწმიდესობის, პაპის ავტორიტეტის შელახვას ნიშნავდა. ამის გარდა, ალეანდრეს ეშინოდა, რომ ლუთერის მჭევრმეტყველება და უცილობელი მტკიცებანი ზეგავლენას მოახდენდა მრავალ მთავარზე და ისინიც განუდგებოდნენ რომს. ამიტომ იგი დაჟინებით გამოთქვამდა პროტესტს ვორმსის სეიმზე ლუთერის დასწრების თაობაზე. იმ დროს გამოიცა პაპის ბულა ლუთერის ეკლესიიდან მოკვეთის შესახებ და პაპის დეკრეტისა და ლეგატის პროტესტის გამო იმპერატორი დათმობაზე წავიდა. მან საქსონიის მმართველს მისწერა, რომ თუკი ლუთერი თავის იდეებს არ უარყოფდა, მაშინ იგი ვიტენბერგში უნდა დარჩენილიყო.დბ 85.1

    ამ გამარჯვებამ არ დააკმაყოფილა ალეანდრე და მთელი თავისი ეშმაკობა და ძალაუფლება გამოიყენა, რათა ლუთერისათვის სასჯელი გამოეტანათ. არაჩვეულებრივი გულმოდგინებით მიაღწია მან ამ”კეთილშობილურ მიზანს”, ეს საკითხი სეიმზე მთავართა, პრელატთა და სეიმის სხვა წევრთა წინაშე გაიტანა და რეფორმატორი”ამბოხებისაკენ მოწოდებაში, შფოთში, ურჯულოებასა და ღვთის გმობაში” დაადანაშაულა. მაგრამ პრელატის მგზნებარე გამოსვლა და მისი განცხადება აშკარად მიუთითებდა იმ სულზე, რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფებოდა.”მასში უფრო მეტია სიძულვილი და შურისგება, ვიდრე გულმოდგინება და ღვთისმოსაობა”, - ასეთი იყო საერთო დასკვნა. და სეიმის მონაწილეთა უმეტესი ნაწილი უფრო მეტი კეთილგანწყობით მოეკიდა ლუთერის საქმეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.დბ 85.2

    ალეანდრე გაორკეცებული ენერგიითა და არნახული სიჯიუტით მოითხოვდა, რომ იმპერატორს სისრულეში მოყვანა პაპის დეკრეტი. მაგრამ გერმანიის კანონების მიხედვით, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო მთავართა თანხმობის გარეშე. და ბოლოს, მისი დაჟინებული თხოვნით მობეზრებული კარლ V დათმობაზე წავიდა და ამ საქმის სეიმზე განხილვის ნება დართო.”ეს დღე მეტად საზეიმო იყო პაპის წარმომადგენელთათვის. ეს იყო დიდი შეკრება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო საქმე, რომელიც უნდა განეხილათ. ალეანდრეს უნდა დაეცვა პაპის ძალაუფლება და ავტორიტეტი... მთელი მსოფლიოს მზრუნველი მამისა და მფარველისა.” მას მთელი ქრისტიანული სამყაროს წინაშე უნდა დაეცვა უფლებანი, რომელნიც პაპმა”პეტრე მოციქულისაგან მიიღო”.”მჭევრმეტყველური ნიჭით დაჯილდოებულმა პრელატმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. უფალმა დაუშვა, რომ უმაღლესი ტრიბუნალის წინაშე ეკლესიის ავტორიტეტის დასაცავად რომის ერთერთი დიდებული ორატორი გამოსულიყო”. რეფორმატორის თანამოაზრენი და თანამგრძნობნი შიშით უსმენდნენ ორატორს. საქსონიის მმართველი სეიმს არ ესწრებოდა, მან მხოლოდ ორატორის სიტყვის ჩაწერა დაავალა თავის ხალხს.დბ 85.3

    ჭეშმარიტების დასამარცხებლად ალეანდრემ მთელი თავისი გონება და მჭევრმეტყველება გამოიყენა. დანაშაულთა კორიანტელი დაატყდა თავს ლუთერს. იგი წარმოადგინეს, როგორც ეკლესიისა და სახელმწიფოს, ცოცხალთა და მკვდართა, სამღვდელოებისა და საეროს, მთელი საქრისტიანოსა და თითოეული ქრისტიანის დაუძინებელი მტერი.”ლუთერის ცრუმოძღვრება საკმარისია იმისათვის, რომ ასი ათასობით ერეტიკოსი ცეცხლს მიეცეს”, - განაცხადა მან.დბ 85.4

    სიტყვის დასასრულს იგი შეეცადა რეფორმატორის მხარდამჭერთა აბუჩად აგდებას:“ვინ არიან ყველა ეს ლუთერანები? უმეცარ და თავხედ მასწავლებელთა ბრბო, გარყვნილი მღვდლები, უწესო ბერები, უვიცი ვექილები, გაღარიბებული თავადები, და ერთი მუჭა მდაბიონი, ლუთერის იდეებით მოხიბლულნი. განა შეიძლება მათი კათოლიკეებთან შედარება, რომელნიც ასე მრავალრიცხოვანნი, ნიჭიერნი და ძლიერნი არიან? დაე, ამ ბრწყინვალე სასამართლოს ერთსულოვანმა გადაწყვეტილებამ თვალები აუხილოს ამ მდაბიოთ, გააფრთხილოს თავხედნი, განამტკიცოს მერყევნი და უძლურნი.”დბ 86.1

    ასეთი იარაღი ყველა საუკუნეში გამოიყენებოდა ჭეშმარიტების დამცველთა წინააღმდეგ. დღესაც ასეთ ბრალდებას უყენებენ მათ, ვინც არ ეთანხმება ცრურწმენას და ღვთის ჭეშმარიტ წმიდა სიტყვას ეზიარება.”ვინ არიან ამ ახალ მოძღვრებათა მქადაგებელნი? - გაhყვირიან პოპულარული რელიგიის მიმდევარნი. - მცირერიცხოვანი და გაუნათლებელი მდაბიონი! როგორ ბედავენ ისინი განაცხადონ, რომ იციან ჭეშმარიტება და უფლის რჩეულნი არიან? ისინი უმეცარნი არიან და თავს იტყუებენ! შეხედეთ ჩვენს ეკლესიას, ასეთ მრავალრიცხოვანსა და გავლენიანს! რამდენი სახელოვანი პიროვნება და მეცნიერია ჩვენს რიგებში. ჩვენ მათზე ბევრად ძლიერნი ვართ!” და რა თქმა უნდა, ეს არგუმენტები საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს კაცობრიობაზე, მაგრამ ის დღესაც ისევე ნაკლებად დამაჯერებელია, როგორც ლუთერის დღეებში.დბ 86.2

    რეფორმაცია არ დამთავრებულა, როგორც ეს ბევრს hგონია, ლუთერის სიცოცხლის დასრულებასთან ერთად. იგი უნდა გაგრძელდეს კაცობრიობის ისტორიის დასასრულამდე. ლუთერმა გააკეთა უდიდესი საქმე და გაავრცელა ღვთისაგან მიღებული ნათელი, მაგრამ ეს არ იყო ის სრული სინათლე, რომელიც კაცობრიობას ესაჭიროებოდა. იმ დროიდან დღემდე წმიდა წერილის ფურცლებიდან მუდმივად მოედინება ნათელი, რომელიც ჭეშმარიტების შეცნობაში გვეხმარება.დბ 86.3

    ლეგატის სიტყვამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა სეიმზე. სეიმს არ ესწრებოდა ლუთერი, რომელიც იქ ყოფნის შემთხვევაში, თავისი ნათელი და დამაჯერებელი გამოსვლით, სრულიად გაანადგურებდა პაპის დამცველთ. არავის უცდია რეფორმატორის დაცვა ამ ბრალდებისაგან. თითქოს ყველა მზად იყო ლუთერის მოძღვრების არა მხოლოდ განსჯის, არამედ მისი სრული აღმოფხვრისთვისაც. რომს თავისი ავტორიტეტის განმტკიცების მშვენიერი შესაძლებლობა მიეცა. ყველაფერი ითქვა და გაკეთდა მის დასაცავად. მაგრამ ეს მოჩვენებითი გამარჯვება ნიშანი იყო მისი სრული დამარცხებისა. ეს ორი ძლიერი ძალა შემდგომში ერთმანეთს კვლავ უნდა შეხვედროდა აშკარა ბრძოლაში, მაგრამ განსხვავება ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის ახლა უკვე გამოიკვეთა. და იმ დღიდან მოყოლებული, რომს ადრინდელივით უშიშრად აღარასოდეს უგრძვნია თავი.დბ 86.4

    თუმცა სეიმის წევრთა უმრავლესობა მზად იყო ლუთერის რომის კლანჭებში ჩასაგდებად, ბევრი მათგანი მაინც ხედავდა ეკლესიის გახრწნილებას და სურვილი hქონდა, ბოლო მოეღო მანკიერი და ანგარებიანი სამღვდელოების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის, რომლის გამოც მთელი გერმანიის მოსახლეობა იტანჯებოდა. ლეგატმა პაპის ხელისუფლება მეტად მომხიბვლელ და მომგებიან ფერებში წარმოაჩინა. მაგრამ უფალმა სეიმის ერთერთი მონაწილის სული აღძრა, რომელმაც სამართლიანი შეფასება მისცა პაპის ტირანიის შედეგებს. მთავართა შეკრებაზე გამოვიდა hერცოგი გეორგ საქსონელი და საოცარი კეთილშობილური სიმტკიცითა და სიზუსტით მიუთითა პაპის წარმომადგენელთა სიცრუეზე, მანკიერებაზე და მისი ბატონობის საშინელ შედეგებზე. თავისი სიტყვის დასასრულს მან თქვა:“ეს მხოლოდ ნაწილია იმ ბოროტმოქმედებისა, რომელიც რომის წინააღმდეგ ღაღადებს. ღვთისმსახურებმა დაივიწყეს ყოველგვარი სირცხვილი და მათი ერთადერთი მიზანია ფული, ფული და ისევ ფული; ისინი, ვინც ვალდებული არიან ხალხი დამოძღვრონ ჭეშმარიტებაში, სიცრუეს ასწავლიან მათ და ამას არა მხოლოდ უთმენს ხალხი, არამედ ფულსაც უხდის, იმიტომ რომ, რაც უფრო მეტს ცრუობენ, მით უფრო მეტი შემოსავალი აქვთ. სწორედ ამ ჭუჭყიანი წყაროდან მოედინება მოწამლული წყალი. გარყვნილება და ანგარება განუყრელი ძმები არიან. და რა სამწუხაროა, რომ სამღვდელოების ამ სამარცხვინო საქციელს ბევრი უბედური სული დაღუპვისაკენ მიhყავს. ამიტომ საჭიროა საყოველთაო რეფორმის გატარება!”დბ 86.5

    თვით ლუთერიც კი, ალბათ, ვერ შეძლებდა პაპის ხელისუფლების ბოროტმოქმედებათა ამაზე უფრო ძლიერ და სრულ აღწერას, როგორც ეს hერცოგმა გააკეთა, ხოლო თვით იმ ფაქტმა, რომ იგი რეფორმატორის აშკარა მტერი იყო, უფრო მეტი დამაჯერებლობა შემატა მის სიტყვებს.დბ 87.1

    უფალს რომ აქ მყოფ ადამიანთათვის სულიერი თვალები აეხილა, დაინახავდნენ მათ გარშემო თავმოყრილ მრავალ ანგელოზს, რომელნიც სიცრუის წყვდიადს ფანტავდნენ და ადამიანებს გულსა და გონებას უხსნიდნენ ჭეშმარიტების მისაღებად. ბრძენმა ღმერთმა ლუთერის მტრებზეც კი მოახდინა ზეგავლენა და მოამზადა გზა უდიდესი საქმის აღსასრულებლად. მარტინ ლუთერი კრებას არ ესწრებოდა, მაგრამ აქ გაისმა იმისი ხმა, ვინც ლუთერზე დიდი იყო (ქრისტეს ხმა).დბ 87.2

    და სეიმმა მაშინვე აირჩია კომიტეტი, რომელსაც დაევალა პაპის მხრიდან იმ ბოროტმოქმედებათა აღწერა, რომელიც მძიმე ტვირთად აწვა გერმანელ მოსახლეობას. ეს სია, რომელიც სხვადასხვა ბრალდების 101 პუნქტს შეიცავდა, წარუდგინეს იმპერატორს თხოვნით - მიეღო სასწრაფო ზომები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად.”რა დიდია ქრისტიან სულთა დანაკარგი, - წერდნენ პეტიციის ავტორები, - რა ძარცვას, რა გამოძალვას ითმენს ჩვენი ხალხი ეკლესიის მსახურთაგან! ჩვენი ვალია - გადავარჩინოთ საკუთარი ხალხი დაღუპვისა და სირცხვილისაგან! აქედან გამომდინარე, მტკიცედ მოვითხოვთ და უმორჩილესად გთხოვთ დაამტკიცოთ საყოველთაო რეფორმა და დაიწყოთ მისი გატარება”.დბ 87.3

    ახლა სეიმმა თავად მოითხოვა რეფორმატორის გამოძახება. ალეანდრეს თხოვნის, პროტესტისა და მუქარის მიუხედავად, იმპერატორმა თანხმობა განაცხადა და ლუთერი სეიმზე მოიწვიეს. მოსაწვევთან ერთად მას გაუგზავნეს დაცვის სიგელი - უკან მშვიდობიანად დაბრუნების გარანტია. ყველაფერი ეს ვიტენბერგში ჩაიტანა კურიერმა, რომელსაც დავალებული hქონდა ლუთერის ვორმსში ჩამოყვანა.დბ 87.4

    ლუთერის მეგობრები შიშობდნენ, რომ ეს ხელშეკრულების გარანტიაც ვერ დაიცავდა რეფორმატორს, რადგან კარგად იცოდნენ ლუთერის მიმართ სეიმის უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და სთხოვდნენ მას, საფრთხეში არ ჩაეგდო თავი. ამაზე მან მიუგო:“პაპისტებს არ სურთ ჩემი ვორმსში ჩასვლა. მათ მხოლოდ სასჯელის გამოტანა და ჩემი სიკვდილი სურთ. ჩემზე ნუ სწუხართ, ილოცეთ ღვთის სიტყვის გამარჯვებისათვის... ქრისტე თავისი სულით მომცემს ძალას ამ სიცრუის მსახურებზე გასამარჯვებლად. მე ვიბრძოლებ მათ წინააღმდეგ, სანამ ცოცხალი ვარ, ხოლო ჩემი სიკვდილი ჩემი მათზე გამარჯვება იქნება. ისინი ვორმსში ეცდებიან მაიძულონ, რომ უარვყო და აი, ჩემი განდგომაც: ადრე ვამბობდი, რომ პაპი - ქრისტეს მოადგილეა, ახლა კი ვამტკიცებ, რომ იგი ჩვენი უფლის მტერი და ეშმაკის მოციქულია.”დბ 87.5

    ლუთერი მარტო არ წასულა ამ ხიფათიან გზაზე. იმპერატორის დაცვასთან ერთად მას თან სამი უახლოესი მეგობარი ახლდა. ძალიან უნდოდა მისი თანხლება მელანქტონსაც, რომელიც იმდენად ერთგული იყო ლუთერისა, რომ მზად იყო საპყრობილეშიც კი გაhყოლოდა. იგი მისთვის სიკვდილზეც კი თანახმა იყო. მაგრამ მისი თხოვნა ამაო აღმოჩნდა: მელანქტონი ვიტენბერგში დატოვეს. ლუთერის დაღუპვის შემთხვევაში რეფორმაციის საქმე მას უნდა გაეგრძელებინა. გამოთხოვებისას რეფორმატორმა უთხრა მას:“თუკი მე მომკლავენ და ვერ შევძლებ დაბრუნებას, არ შეწყვიტო ჭეშმარიტების ქადაგება. მხნედ იყავ. გააგრძელე ჩემი საქმე... შენ თუ ცოცხალი დარჩი, ჩემს სიკვდილს დიდი მნიშვნელობა არ ექნება.” ლუთერის გასაცილებლად მოსული სტუდენტები და მოქალაქეები ღელავდნენ და წუხდნენ მის გამო. ბევრი მათგანი, ვის გულსაც სახარების ჭეშმარიტება შეეხო, განშორებისას ტიროდა. ასე დატოვა რეფორმატორმა თავის მეგობრებთან ერთად ვიტენბერგი.დბ 88.1

    გზად მიმავალი მგზავრები ამჩნევდნენ, რომ გულდამძიმებული მოსახლეობა რაღაც გაუგებრობის მოლოდინში იყო. ზოგიერთ ქალაქში მას არც მიაქციეს სათანადო ყურადღება. მღვდელმა, რომელთანაც ღამე გაათიეს, თანაგრძნობა გამოთქვა ლუთერის მიმართ და აჩვენა ერთი იტალიელი რეფორმატორის პორტრეტი, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით დაიღუპა. მეორე დღეს მათთვის ცნობილი გახდა, რომ ვორმსში ლუთერის თხზულებები აკრძალეს. იმპერატორის მაცნეები ყველგან ავრცელებდნენ ამ დეკრეტს და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ლუთერის ნაშრომები ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ჩაებარებინათ. ლუთერის გამცილებელმა, რომელიც წუხდა, რაიმე ვნება არ მიეყენებინათ ლუთერისათვის სეიმზე, იფიქრა, რომ იგი აღარ გააგრძელებდა გზას და hკითხა, ხომ არ გადაუფიქრებია ვორმსში წასვლა, რაზეც ლუთერმა უპასუხა:“თუნდაც ყველა ქალაქში გამოაცხადონ ჩემი ეკლესიისაგან მოკვეთის ამბავი, მე მაინც გავაგრძელებ გზას”.დბ 88.2

    ერფურტში ლუთერს დიდი პატივით შეხვდნენ. აღტაცებულ ადამიანთა ჯგუფებით გარშემორტყმული, იგი ნელა მიიკვლევდა გზას იმ ქალაქის ქუჩებში, სადაც ოდესღაც ხშირად დადიოდა მათხოვრის ჩანთით. მან შეიხედა მონასტრის სენაკში, სადაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მრავალი ტანჯვა და შინაგანი ბრძოლა გადაიტანა, რის წყალობითაც მის სულში შემოვიდა ნათელი, რომელიც ახლა მთელ გერმანიაში ვრცელდებოდა. აქ მას დაჟინებით სთხოვდნენ ქადაგების წარმოთქმას. ლუთერს არ hქონდა ამის უფლება, მაგრამ გამცილებელმა ნება დართო და ბერი, რომელიც ოდესღაც აქ ყველაზე შავ სამუშაოს ასრულებდა, კათედრაზე ავიდა.დბ 88.3

    იგი შეკრებილთ მიესალმა ქრისტეს სიტყვებით:“მშვიდობა თქვენდა!””ფილოსოფოსები, მწერლები და ღვთისმეტყველნი უშედეგოდ ასწავლიან ხალხს, როგორ მოიპოვონ საუკუნო სიცოცხლე. მე გეტყვით თქვენ: უფალმა მკვდრეთით აღადგინა ერთი კაცი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რათა მას დაეთრგუნა სიკვდილი, მოესპო ცოდვა და დაეხურა ჯოჯოხეთის კარი. ეს ადამიანთა ხსნაა... ქრისტემ გაიმარჯვა! რა სასიხარულოა ამის მოსმენა! ჩვენ მან გადაგვარჩინა არა ჩვენი საქმეების გამო, არამედ თავისი დამსახურებით... ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ თქვა:“მშვიდობა თქვენდა! შეხედეთ ჩემს ხელებს”... - ეს კი ნიშნავს:“ადამიანებო, მობრუნდით ჩემსკენ! შემომხედეთ! მე ვარ ის, ვინც გაგათავისუფლათ ცოდვებისაგან და გამოგისყიდათ, ახლა კი გექნებათ მშვიდობა, ამბობს უფალი”.დბ 88.4

    შემდეგ ლუთერმა განმარტა, თუ როგორ უნდა გამოვლინდეს ჭეშმარიტი რწმენა მართალთა ცხოვრებაში.”რადგან უფალმა ხსნის საშუალება მოგვცა, ჩვენც უნდა ვეცადოთ საქმეების კეთებას მისი ნებისამებრ. მდიდარი ხარ? დაეხმარე გაჭირვებულთ. ღარიბი ხარ? დააფასონ შენი სამსახური მდიდრებმა. შენ თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იღწვი, მაშინ შენი მსახურება, რომელიც უფლის ნება გგონია, სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე”.დბ 89.1

    ხალხი მონუსხული უსმენდა ლუთერს: ამ მოშიებულმა სულებმა სიცოცხლის პური მიიღეს. მათ თვალში ქრისტე ყოველგვარ პაპებზე, ლეგატებზე, იმპერატორებზე და მეფეებზე მაღლა აღზევდა. ლუთერს არაფერი უთქვამს თავისი მძიმე მდგომარეობის შესახებ. არ სურდა თანაგრძნობის საგანი გამხდარიყო. ქრისტეზე საუბრისას დაავიწყდა საკუთარი თავი. იგი გოლგოთის ჯვარზე გაკრული კაცის ჩრდილში დადგა, რადგან სურდა, რომ ადამიანებს მხოლოდ იესო დაენახათ, როგორც ცოდვილთა მხსნელი.დბ 89.2

    მათი მოგზაურობა გრძელდებოდა. რეფორმატორს ყველგან დიდი ინტერესით ხვდებოდნენ. ცნობისმოყვარეთა ჯგუფები თავს იყრიდნენ მის გარშემო და მეგობრულად განწყობილნი, აფრთხილებდნენ რომის მომხრეთა განზრახვის შესახებ.”ისინი კოცონზე დაგწვავენ, - ეუბნებოდნენ მას, - თქვენს ფერფლს კი გააბნევენ: გაიხსენეთ როგორ მოექცნენ იან hუსს”.”მათ მთელ გზაზე, ვიტენბერგიდან ვორმსამდეც რომ დაანთონ ცეცხლი, ისე, რომ ალი ცას მისწვდეს, უფლის სახელით მასში მაინც გავივლიდი; მე უნდა წარვსდგე მტრის წინაშე; ხახაში ჩავუძვრები ამ ურჩხულს და კბილებს დავაძრობ იესო ქრისტეს მოწმობით.” - პასუხობდა ლუთერი.დბ 89.3

    ლუთერის ვორმსთან მიახლოებამ დიდი მღელვარება გამოიწვია: მეგობრები წუხდნენ მის გამო, მტერს კი მისი საქმის წარმატებით დამთავრებისა ეშინოდა. ისინი დაბეჯითებით არწმუნებდნენ, არ შესულიყო ქალაქში. პაპის დაქირავებული მსახურნი გულითადად ურჩევდნენ, თავი შეეფარებინა რომელიმე მის მიმართ კეთილგანწყობილი რაინდის სახლში და ამით ყველა პრობლემა მოიხსნებოდა. მეგობრები მის შეშინებას მოსალოდნელი საფრთხით ცდილობდნენ, მაგრამ ერთნიც და მეორენიც ამაოდ ირჯებოდნენ: ლუთერი ძველებურად ძლიერად იდგა და აცხადებდა:“ვორმსში რომ იმდენი უწმიდური სული აღმოჩნდეს, რამდენი კრამიტიცაა ამ სახლების სახურავებზე, მე მაინც შევალ მასში”.დბ 89.4

    ვორმსში შესვლისას ქალაქის კარიბჭესთან ლუთერს ზღვა ხალხი ესალმებოდა. ამდენი ხალხი თვით იმპერატორსაც არ ხვდებოდა ხოლმე. უჩვეულო მღელვარება სუფევდა. უცბად ბრბოს შუაგულში ვიღაცამ გულში ჩამწვდომი, სამგლოვიარო სიმღერა წამოიწყო ლუთერის გასაფრთხილებლად მოსალოდნელი ხიფათის გამო.”უფალი იქნება ჩემი დამცველი” - თქვა მან ეკიპაჟიდან გადმოსვლისას.დბ 89.5

    პაპის დესპანს არ სჯეროდა, რომ ლუთერი მართლა გაბედავდა ვორმსში გამოჩენას. მის დანახვაზე ისინი შიშის ზარმა შეიპყრო. იმპერატორმა შემდგომი სამოქმედო გეგმის შესადგენად სასწრაფოდ მოიწვია თავისი მრჩევლები. ერთერთმა პაპის ერთგულმა მსახურმა განაცხადა:“ჩვენ ბევრს ვკამათობთ ამ საკითხის გამო მაშინ, როდესაც თქვენს ბრწყინვალებას ერთი ხელის მოსმით შეუძლია გაგვათავისუფლოს ამ ადამიანისაგან. განა სიგიზმუნდმა არ გადასცა იან hუსი კოცონზე დასაწვავად? ჩვენ ვალდებული არა ვართ, პატივი ვცეთ ამ ერეტიკოსისადმი გაცემულ დაცვის სიგელს”.”არავითარ შემთხვევაში, - თქვა იმპერატორმა, - ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი დანაპირები”. და გადაწყვიტეს, მოესმინათ რეფორმატორისთვის.დბ 89.6

    მთელ ქალაქს სურდა ამ შესანიშნავი ადამიანის დანახვა. და მალე გულშემატკივრებით აივსო სახლი, სადაც ის დაბინავდა. ლუთერმა სულ ცოტა ხნის წინ მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა, თანაც ორკვირიანი მგზავრობით ძლიერ დაიქანცა. იგი უნდა მომზადებულიყო სეიმის მონაწილეებთან შესახვედრად, და რასაკვირველია, მოსვენება და სიმშვიდე ესაჭიროებოდა. მაგრამ ხალხს მასთან შეხვედრის ისეთი დიდი სურვილი hქონდა, რომ მხოლოდ რამდენიმე საათის დასვენების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ კი გარს შემოეხვივნენ აღგზნებული, აღელვებული წარჩინებულნი, რაინდები, მღვდლები და უბრალო მოქალაქენი. მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც იმპერატორის წინაშე გაბედულად ამხილა ეკლესიის ბოროტმოქმედებანი და რეფორმის დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვა, ისინი, ვინც, ლუთერის თქმით, მისი სახარებით”გათავისუფლდა ტყვეობისაგან.” მეგობრებთან ერთად ამ უშიშარი ბერის სანახავად მოდიოდნენ მისი მტრებიც, რომელთაც იგი უცვლელი სიმშვიდით, ღირსეულად ხვდებოდა. ყოველ მის მოქმედებაში სიმამაცე და სიმტკიცე მოჩანდა. მისი ფერმკრთალი, გამხდარი, ნაავადმყოფარი და დაღლილი სახე სიკეთესა და სიხარულს ასხივებდა. მის საზეიმოდ წარმოთქმულ სიტყვებში იმდენი გულწრფელობა იყო ჩაქსოვილი, რომ მტრებიც კი მოხიბლული დარჩნენ. ყველა გაოცებული იყო მისი დანახვით. ბევრი დარწმუნებული იყო, რომ მასში ღვთაებრივი ძალა იმყოფებოდა, სხვები - იმ ფარისეველთა მსგავსად, რომელნიც ქრისტეს ადანაშაულებდნენ, აცხადებდნენ:“მასში ეშმაკის სულია”.დბ 90.1

    მეორე დღეს ლუთერი სეიმზე მიიწვიეს. იგი სახელმწოფო მოხელის თანხლებით შევიდა მისაღებ დარბაზში, მაგრამ იქიდან ძლივს გაიკვლია გზა შენობისაკენ. ქუჩები სავსე იყო ხალხით, რომელსაც სურდა იმ ბერის დანახვა, თვით პაპს რომ გაუწია წინააღმდეგობა.დბ 90.2

    სასამართლოს წინაშე წარდგომამდე ერთმა მრავალ ბრძოლაში გამარჯვებულმა გენერალმა მას სიყვარულით უთხრა:“საწყალი, საცოდავი ბერი! მრავალი ბრძოლა გამივლია და ვიცი, რომ შენ მიდიხარ ერთერთი უსასტიკესი იერიშის მოსაგერიებლად. მაგრამ თუ სიმართლე შენს მხარეზეა, და თავად დარწმუნებული ხარ ამაში, წადი წინ ღმერთის სახელით და ნურაფრის შეგეშინდება. უფალი არ მიგატოვებს”.დბ 90.3

    და ბოლოს, ლუთერი, როგორც იქნა, წარდგა სეიმის წინაშე. იმპერატორი ტახტზე დაჯდა. მის გვერდით იმპერიის ტიტულოვანი დიდებულები მოთავსდნენ. არც ერთ უბრალო ადამიანს, ალბათ არასოდეს უნახავს ასეთი ბრწყინვალე საზოგადოება, რომლის წინაშე ლუთერს უნდა წარმოეთქვა სიტყვა თავისი რწმენის შესახებ.”თვით მისი იქ ყოფნა პაპზე უდიდეს გამარჯვებას ნიშნავდა. პაპმა დამნაშავედ გამოაცხადა ეს ადამიანი, მაგრამ იგი წარდგა სასამართლოს წინაშე, მხოლოდ ამ ერთი მოქმედებითაც კი უკვე პაპის ავტორიტეტზე მაღლა იდგა იგი. პაპმა მოკვეთა ლუთერი ეკლესიისაგან, საზოგადოებიდანაც გააძევა და მიუხედავად ამისა, იგი პატივით მოიწვიეს მსოფლიოს ამ ერთერთ უდიდეს კრებაზე. პაპმა მას სამუდამოდ ჩამოართვა სიტყვის თქმის უფლება. მას კი საშუალება მიეცა გამოსულიყო ათასობით ყურადღებიანი მსმენელის წინაშე, რომლებიც ქრისტიანული ქვეყნების შორეული მხარეებიდან ჩამოსულიყვნენ. ლუთერმა უდიდესი გადატრიალება მოახდინა. რომის ტახტის ძლიერება უბრალო ბერის ხმამ შეარყია”.დბ 90.4

    უამრავ წარჩინებულთა დანახვაზე ლუთერი შეცბა. ზოგიერთმა მთავარმა იგრძნო მისი ეს მდგომარეობა და გაამხნევა იგი. ერთერთმა მათგანმა კი უჩურჩულა:“ნუ შედრკებით სხეულის მკვლელთა წინაშე, მათ ხომ სულის მოკვლა არ შეუძლიათ”. მეორემ უთხრა:“როცა წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო... ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ... ვინაიდან... თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში” (მათ. 10:18-20). ასე გაახსენეს ღვთის მსახურს მისი რწმენის განმამტკიცებელი ქრისტეს სიტყვები გამოცდის წუთებში.დბ 90.5

    ლუთერს შესთავაზეს, იმპერატორის ტახტის წინ დამდგარიყო. კრება გაირინდა. წამოდგა იმპერატორის მოხელე, ლუთერს თხზულებებზე მიუთითა და რეფორმატორს მოსთხოვა პასუხის გაცემა ორ კითხვაზე: აღიარებს თუ არა, რომ ეს ნაშრომები მისია და აპირებს თუ არა მასში გადმოცემული თვალსაზრისის უარყოფას. ლუთერმა უპასუხა, რომ დასახელებული ორი წიგნის ავტორი ნამდვილად თავად არის.”ხოლო რაც შეეხება მეორე კითხვას, - განაგრძო მან, - იგი ეხება რწმენას და სულის გადარჩენას, რომელსაც გვაძლევს წმიდა წერილი - ერთერთი უდიდესი და უძვირფასესი საგანძური როგორც ზეცაში, ასევე დედამიწაზე. და ჩემის მხრივ არ იქნება მიზანშეწონილი თქვენს კითხვაზე დაუფიქრებლად პასუხის გაცემა, რადგან დაფიქრების გარეშე შეიძლება სრულად ვერ ვუპასუხო კითხვას, ან იმაზე მეტი ვთქვა, ვიდრე ჭეშმარიტება მოითხოვს და მაშინ ქრისტეს ნათქვამი სიტყვები:“ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც ვუარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე” (მათ. 10:33), ჩემს მიმართ იქნება ნათქვამი. ამიტომ, თქვენო უდიდებულესობავ, უმორჩილესად გთხოვთ, მომცეთ დრო, რათა ჩემმა პასუხმა შეურაცხყოფა არ მიაყენოს უფლის სიტყვას.”დბ 91.1

    ლუთერი ბრძნულად მოიქცა, როდესაც ასეთი თხოვნით მიმართა იმპერატორს. მისმა საქციელმა დაარწმუნა მთელი კრება, რომ მის მოქმედებაში არაფერია მოუფიქრებელი და ნაჩქარევი. ამ გამბედავი და უკომპრომისო ადამიანის საზოგადოებისათვის სრულიად მოულოდნელმა სიმშვიდემ და თავშეკავებამ მის სიტყვებს დამაჯერებლობა შემატა და შემდგომშიც იგი კეთილგონიერებით, გაბედულად, მტკიცედ, ღირსეულად პასუხობდა ყველა კითხვას, რაც მეტად ანცვიფრებდა მის ამაყ და თავმოყვარე ოპონენტებს.დბ 91.2

    მეორე დღეს დანიშნული იყო ლუთერის გადამწყვეტი გამოსვლა სეიმზე. როდესაც დაინახა, თუ რა ძალები გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ, რეფორმატორი წამით შეშინდა. მისი რწმენა შეირყა და მისი სული საშინელებამ მოიცვა. მან აშკარად იგრძნო მოახლოებული საშიშროება და მოეჩვენა, რომ მტერი უკვე ზეიმობდა მასზე გამარჯვებას და რომ ამ ბრძოლაში ბნელმა ძალებმა გაიმარჯვეს. მის გარშემო ყველაფერი შავმა ღრუბელმა დაფარა, თითქოს მის ღმერთთან დაშორებას ცდილობდა. მას სურდა მიეღო მტკიცება იმისა, რომ მხედრობის უფალი მასთან იქნება. სრულიად გატანჯული ლუთერი მიწაზე დაემხო და გაწამებული გულიდან სულისშემძვრელი გმინვა აღმოხდა, რომელიც მხოლოდ უფლისათვის იყო გასაგები.დბ 91.3

    `ყოვლისშემძლე და მარადიულო ღმერთო! - ლოცულობდა იგი, - რა საშინელებაა ეს წუთისოფელი! უკვე დააღო თავისი შავი ხახა ჩემს ჩასაყლაპად; მე კი ისეთი მცირე რწმენა მაქვს შენი... თუკი ჩემი იმედი მხოლოდ ამქვეყნიური ძალები იქნება, მაშინ დავიღუპები... მაშინ ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები უკვე დამდგარა და განაჩენიც გამოტანილია... ო, ჩემო ღმერთო! დამეხმარე და მომაშორე ამქვეყნიური სიბრძნე, რადგან ეს მხოლოდ შენ შეგიძლია, რადგან ეს მხოლოდ შენი საქმეა და არა ჩემი. მე არაფერი მაქვს ამა სოფლის ძლიერთა საწინააღმდეგო, არამედ ეს შენი საქმეა, სამართლიანი და მარადიული საქმე. ო, ღმერთო! დამეხმარე, ერთგულო და მარად უცვლელო ღმერთო, არც ერთი ადამიანის იმედი არა მაქვს... ყველაფერი ადამიანური - არარაობა და მოკვდავია... შენ ამომირჩიე ამ საქმისათვის და იყავი ჩემთან შენი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს სახელისათვის, რომელიც ჩემი დამცველი, ფარი და ციხესიმაგრეა”.დბ 91.4

    უფლის შორსმჭვრეტელმა სიბრძნემ ლუთერის გულში დაუშვა შიში, რათა შეეგრძნო მოსალოდნელი საშიშროება და თავის თავზე არ დაიმედებულიყო, არ მინდობოდა საკუთარ ძალებს. მაგრამ რეფორმატორის გულში მოულოდნელად ჩამდგარი შიში არ იყო გამოწვეული მოახლოებული ტანჯვაწამებით და სიკვდილით. არა! დადგა მისი სულის გამოცდის ჟამი და მას სრულიად წაერთვა ძალა. იგი შიშობდა, რომ მისი უძლურების გამო ჭეშმარიტების საქმე დამარცხდებოდა. იგი ღმერთს”ებრძოდა” არა საკუთარი უშიშროებისათვის, არამედ სახარების გამარჯვებისათვის. მის გაწამებულ სულში მიმდინარეობდა შინაგანი ბრძოლა, მსგავსი მდინარის პირას ღამით მარტოდ დარჩენილი”ისრაელის” ღმერთთან ბრძოლისა და ლუთერიც”ისრაელის” მსგავსად, ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. სრულიად უმწეო ლუთერმა რწმენით მიმართა ქრისტეს - უძლიერეს მხსნელს და ირწმუნა, რომ სეიმზე იგი მარტო არ იქნება. მის სულში სიმშვიდემ და სიხარულმა დაისადგურა იმის გამო, რომ შესაძლებლობა მიეცა, ღვთის სიტყვა აღემაღლებინა დიდებულთა და წარჩინებულთა წინაშე.დბ 92.1

    უფლის იმედით და მის სიტყვაზე დაყრდნობით მოემზადა ლუთერი მომავალი ბრძოლისათვის. მან გაიაზრა სიტყვა, გააკეთა ამონაწერები თავისი ნაშრომებიდან და შეარჩია შესაბამისი მტკიცებანი წმიდა წერილიდან. შემდეგ მარცხენა ხელი დაადო მის წინ გადაშლილ წმიდა წერილს, მარჯვენა კი ზეცისკენ აღმართა და უფალს აღუთქვა, რომ”იქნებოდა სახარების ერთგული და საჯაროდ აღიარებდა თავის რწმენას მაშინაც კი, თუკი ამ მოწმობისათვის მისი სისხლი იქნებოდა საჭირო.”დბ 92.2

    როდესაც იგი კვლავ დადგა სეიმის წინაშე, სახეზე დაბნეულობისა და შიშის კვალიც აღარ ეტყობოდა. მშვიდად, აუღელვებლად და უშიშრად, კეთილშობილებითა და სიმამაცით აღსავსე წარდგა იგი - ღვთის მოწმე - ამა სოფლის ძლიერთა წინაშე. სახელმწიფო მოხელემ მისგან მოითხოვა გადამწყვეტი პასუხი: აპირებს თუ არა თავისი იდეების უარყოფას. ლუთერი მოკლედ, მოკრძალებით და მორჩილად პასუხობდა; მისი ხმა მშვიდი და დამაჯერებელი იყო. თავი მოწიწებით და მორიდებით ეჭირა, მაგრამ, ამასთან ერთად, მისმა სიმტკიცემ და მხიარულმა გამომეტყველებამ მთელი კრება განაცვიფრა.დბ 92.3

    `თქვენო ბრწყინვალებავ, - მიმართა მან იმპერატორს, - დიდებულო მთავარნო და მოწყალეო მმართველნო! მე დღეს წარვდექი თქვენს წინაშე თქვენი გუშინდელი ნებართვით, ღმერთის წყალობით და, თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ მოწყალებით მოისმინოთ საქმე, რომელიც, მჯერა, რომ სამართლიანი და ჭეშმარიტია. თუკი შემთხვევით სასახლის კარის წესებს დავარღვევ, გთხოვთ მომიტევოთ, რადგან მე არ გავზრდილვარ სამეფო კარზე და სასახლის პალატებში, არამედ - მონასტრის განცალკევებულ სენაკში.”დბ 92.4

    შემდეგ აღნიშნა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული თხზულებები განსხვავდება ერთმანეთისაგან თავისი შინაარსით. ზოგიერთ მათგანში (როგორც თვით მოწინააღმდეგენი აღიარებენ, ისინი სრულიად უვნებელნი და სასარგებლონიც კი არიან) მას დაწერილი აქვს რწმენისა და კეთილი საქმეების შესახებ. მათი უარყოფა იმ ჭეშმარიტებათა უარყოფის ტოლფასია, რომელთაც ყველა აღიარებს. სხვა წიგნებში მხილებულია პაპის ხელისუფლების მანკიერება და ბოროტმოქმედებანი. ამ ნაშრომთა უარყოფა - პაპის ტირანიის მხარდაჭერას ნიშნავს, რაც ფართოდ გაუღებს კარს მრავალ საშინელ ურჯულოებას. და ბოლოს, ზოგიერთ მის წიგნში გაკრიტიკებულია პიროვნებები, რომლებიც მხარს უჭერენ და იცავენ გამეფებულ ბოროტებას. ამ უკანასკნელთაგანზე მან საჯაროდ აღიარა, რომ მის ნაშრომებში ხშირად კრიტიკა, მართლაც, გადაჭარბებულია. რასაკვირველია, იგი დაზღვეული არ არის შეცდომებისაგან, აღნიშნა ლუთერმა, მაგრამ მისთვის ამ წიგნების უარყოფაც შეუძლებელია, რათა არ გათამამდნენ ჭეშმარიტების მტრები, არ ისარგებლონ ამით და უფრო მეტი ტანჯვა არ მიაყენონ ღვთის ხალხს.დბ 92.5

    `მე უბრალო მოკვდავი ვარ და არა ღმერთი, - განაგრძო მან. - ამიტომ ისე დავიცავ თავს, როგორც ქრისტე აკეთებდა ამას:“თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ...” ღვთის გულისათვის გთხოვთ თქვენ, თქვენო უბრწყინვალესობავ, და ყველა დიდებულს, წმიდა წერილის მიხედვით დამიმტკიცოთ ჩემი შეცდომები. და როგორც კი დამარწმუნებთ ამაში, მე ვაღიარებ ჩემს შეცდომებს და თავად მივცემ ცეცხლს ჩემს წიგნებს”.დბ 93.1

    `ჩემი სიტყვებიდან თქვენთვის, ალბათ, გასაგებია, რომ მე ყველაფერი ავწონდავწონე, რომ კარგად ვხედავ განსაცდელს, რაშიც თვითონ ვაგდებ საკუთარ თავს. მაგრამ არ მეშინია, პირიქით, გულს უხარია, რომ უფლის სახარება დღესაც, როგორც ადრე, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ბრძოლის საგანი ხდება, რადგან ღვთის სიტყვა არავის ტოვებს გულგრილს. “ნუ გგონიათ თითქოს დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი; მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი” (მათ. 10:34) - თქვა იესო ქრისტემ. უფალი დიდებულია და მრისხანე თავის გაფრთხილებებში და განაჩენის გამოტანაში, ამიტომ გაფრთხილდით, რათა, ისწრაფვით რა ბოლო მოუღოთ უთანხმოებას, არ გახდეთ უფლის წმიდა სიტყვის მდევნელნი, არ დაიტეხოთ თავს უბედურებანი და არ დაიღუპოთ სამუდამოდ... მე შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ ფარაონი, ბაბილონისა და ისრაელის მეფეები, რომლებმაც წარმატებით შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის დაღუპვას, როცა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისათვის ასრულებდნენ რჩევადარიგებებს, რომელნიც, მათი აზრით, ბრძნული და გონივრული იყო.”იგი გადადგამს მთებს, მაგრამ მაინც ვერ სცნობენ მას.”დბ 93.2

    ლუთერი ლაპარაკობდა გერმანულად, შემდეგ სთხოვეს ნათქვამის ლათინურად გამეორება. დაღლილდაქანცულმა, კვლავ ძველი ენერგიითა და მგზნებარებით ლათინურად გაიმეორა თავისი სიტყვა. ყველაფერს, ეჭვი არ იყო, უფლის ხელი განაგებდა. ბევრი მათგანი იმდენად იყო დაბრმავებული თავისი ცრურწმენით, რომ პირველი მოსმენისას ვერ ჩასწვდა ლუთერის მტკიცებათა ლოგიკას, რაც გასაგები გახდა ნათქვამის გამეორებისას.დბ 93.3

    ისინი, ვინც ჯიუტად ემიჯნებოდნენ ჭეშმარიტების ნათელს და უარს ამბობდნენ მის მიღებაზე, ძალზე განრისხდნენ ლუთერის დამაჯერებელი სიტყვების გამო. როდესაც მან თავისი გამოსვლა დაამთავრა, სეიმის თავმჯდომარემ სინანულით უთხრა:“შენ ვერ შესძელი კითხვაზე პასუხის გაცემა... შენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო და პირდაპირი... უარყოფ თუ არა?”დბ 93.4

    რეფორმატორმა განუცხადა:“რადგან თქვენი ბრწყინვალება თხოულობს ჩემგან მკაფიო, პირდაპირ და უბრალო პასუხს, მეც ასევე გიპასუხებთ: მე არა მჯერა არც პაპის, არც კრების, რადგან ყველამ იცის მათი ცოდვებისა და ურთიერთდაპირისპირების შესახებ. მე მხოლოდ წმიდა წერილის მჯერა, ვეთანხმები ჩემი სინდისის ხმას - ღვთის სიტყვას, ამიტომ არც მსურს და არც შემიძლია განდგომა, რადგან უსამართლობაა და შეუძლებელი ქრისტიანისათვის საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასვლა. ჩემს აზრზე ვრჩები და სხვანაირად არ შემიძლია. შენ დამიცავი, უფალო! ამინ.”დბ 93.5

    ასე იბრძოდა ეს მართალი ქრისტიანი ღვთის ჭეშმარიტ სიტყვაზე დაყრდნობით. ზეციური ნათელი ეფინა მის სახეს, როცა ამხელდა სიცრუეს და აჩვენებდა რწმენის უპირატესობას, რომელსაც წუთისოფლის ძლევა შეუძლია. ყველამ იხილა მისი დიდებულება და სიწმიდე, სულიერი სიმშვიდე და სიხარული.დბ 93.6

    სეიმის წევრებმა რამდენიმე წუთს განცვიფრებისაგან ხმა ვერ ამოიღეს. თავიდან ლუთერი ისეთი მოკრძალებით ლაპარაკობდა, რომ ეს მის მორჩილებად მიიჩნიეს. პაპისტებმა ჩათვალეს, რომ ლუთერი მერყეობდა. ლუთერის თხოვნა პასუხის გასაცემად დროის მიცემის შესახებ მათ თავიანთ გამარჯვებად ჩათვალეს. თვით კარლ Vმაც ზიზღით აღნიშნა რეფორმატორის დაღლილი სახე, უბრალო ტანსაცმელი, მისი სადა სიტყვა და ჩაილაპარაკა:“ეს ბერი ვერასოდეს გამხდის ერეტიკოსს”. მაგრამ შემდგომში, ლუთერის სიმტკიცემ, მისმა გაბედულებამ, მის მტკიცებათა სიძლიერემ და ნათელმა გონებამ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. და განცვიფრებულმა იმპერატორმა წამოიყვირა:“რა გაბედულად და უშიშრად ლაპარაკობს ეს ბერი!” ბევრი გერმანელი დიდგვაროვანი სიამაყით შეhყურებდა თავის თანამემამულეს და უხაროდა მისი წარმატება.დბ 94.1

    რომის მესვეურები დამარცხდნენ; მათი ქმედებანი მეტად უღიმღამოდ გამოიყურებოდა. თავიანთი ძალაუფლების განმტკიცებას ისინი ცდილობდნენ არა წმიდა წერილზე დაყრდნობით, არამედ რომის უცვლელი და მუდმივი არგუმენტით - მუქარით. სეიმის თავმჯდომარემ ლუთერს შემდეგი სიტყვებით მიმართა:“თუ არ უარყოფ, იმპერატორი და სახელმწიფო მოხელენი ისე მოგექცევიან, როგორც გამოუსწორებელ ერეტიკოსს შეhფერის”.დბ 94.2

    ლუთერის მეგობრებს, რომლებიც აღფრთოვანებით უსმენდნენ მის გაბედულ და დამაჯერებელ გამოსვლას, ამ სიტყვების გაგონებამ თავზარი დასცა, მაგრამ რეფორმატორმა მშვიდად უპასუხა:“არ შემიძლია უარყოფა. უფალი ღმერთი შემეწევა მე!”დბ 94.3

    სანამ მთავრები თათბირობდნენ, ლუთერს უბრძანეს, დაეტოვებინა სეიმი. იგრძნობოდა, რომ გადამწყვეტი მომენტი დადგა. ლუთერმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ არ დაემორჩილებოდა კრებას, ამას კი შეეძლო უდიდესი გავლენა მოეხდინა ეკლესიის ისტორიის მსვლელობაზე. ამიტომ საჭიროდ ჩათვალეს, კიდევ ერთხელ მიეცათ თავისი იდეების უარყოფის შესაძლებლობა. უკანასკნელად მოიყვანეს იგი სეიმზე. კვლავ გაისმა კითხვა, აპირებს თუ არა იგი თავისი მოძღვრების უარყოფას?”მე უკვე გიპასუხეთ, - წარმოთქვა მან, - სხვა არაფერი მაქვს სათქმელი”. აშკარა იყო, რომ ლუთერს ვერც მუქარით და ვერც დაპირებებით ვერ აიძულებდნენ თავისი რწმენის შეცვლას.დბ 94.4

    პაპის მესვეურები მეტად შეურაცხყოფილნი იყვნენ იმით, რომ უბრალო ბერმა ასეთი წინააღმდეგობა გაუწია მას, ვისი ძალისა და ძლიერების წინაშე მეფეები და დიდებულები ძრწოდნენ. მათ მძვინვარებას მხოლოდ ლუთერის მოწამებრივი სიკვდილი დააკმაყოფილებდა. ლუთერმა იცოდა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, მაგრამ მშვიდად და ქრისტიანული ღირსებით ეჭირა თავი. მას ვერ შეამჩნევდით ვერც სიფიცხეს, ვერც სიამაყეს და ვერც სიცრუეს. მას საერთოდ დაავიწყდა საკუთარი თავი, გარსშემოხვეული წარჩინებული საზოგადოება და მხოლოდ მის (ქრისტეს) სიახლოვეს გრძნობდა, ვინც პაპებზე, პრელატებზე, მეფეებზე და იმპერატორებზე შეუდარებლად მაღლა იდგა. ლუთერის ბაგეებით თვით ქრისტე ლაპარაკობდა ისეთი ძალითა და დიდებით, რომ რეფორმაციის მტრებიცა და მეგობრებიც უდიდესი მოწიწებითა და პატივისცემით აღივსნენ მის მიმართ. ღვთის უჩინარმა ხელმა ზეგავლენა მოახდინა იმპერიის დიდგვაროვან წარჩინებულებზე. ზოგიერთმა მთავარმა თამამად აღიარა ლუთერის მტკიცებათა სამართლიანობა. ბევრმა იწამა ჭეშმარიტება, ბევრნი კი, თავიდან ლუთერის მოძღვრებით გატაცებულნი, კვლავ თავიანთ პირვანდელ თვალსაზრისს დაუბრუნდნენ. იყვნენ ადამიანები, რომელთაც ამ დროისათვის ვერ მოესწროთ ჭეშმარიტებაში ღრმად ჩახედვა, მაგრამ შემდგომში, წმიდა წერილის შესწავლის შემდეგ, ისინი რეფორმაციისათვის უშიშარი მებრძოლნი გახდნენ.დბ 94.5

    საქსონიის მმართველი ფრიდრიხი განსაკუთრებული მღელვარებით ელოდა ლუთერის სეიმზე გამოჩენას და დიდი გულისყურით უსმენდა მის სიტყვას. მან სიამაყითა და სიხარულით აღნიშნა თავისი ქვეშევრდომის სიმამაცე, თავშეკავება და სიმტკიცე და უფრო მეტად დარწმუნდა მისი დაცვის აუცილებლობაში. ამ ორი მოწინააღმდეგე მხარის ერთმანეთთან შედარებისას, ფრიდრიხი ხედავდა, რომ პაპების, პრელატებისა და იმპერატორების სიბრძნე არარაობაა ჭეშმარიტების ძალის წინაშე. პაპის მესვეურნი დამარცხდნენ და ამ დამარცხებას საუკუნეთა მანძილზე შეიგრძნობს მსოფლიო.დბ 95.1

    როდესაც ლეგატმა დაინახა, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა ლუთერის გამოსვლამ მსმენელებზე, იგრძნო, რომ პაპის ძალაუფლებას საფუძველი შეერყა და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დაემარცხებინა რეფორმატორი. მთელი თავისი მჭევრმეტყველებით, დიპლომატიური ხელოვნებით, რითაც იგი ცნობილი იყო, ლეგატმა ახალგაზრდა იმპერატორს დაუხატა მომავლის საშინელი საფრთხე; - რომის უძლიერესი ტახტის მფარველობისა და მეგობრობის დაკარგვა ვიღაც უბრალო ბერის გამო.დბ 95.2

    მის სიტყვებს უკვალოდ არ ჩაუვლია. მეორე დღეს სეიმზე ლუთერის გამოსვლის შემდეგ იმპერატორმა კარლოსმა სეიმს აცნობა თავისი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ იგი კვლავ განაგრძობს თავის წინაპართა პოლიტიკას და მხარს დაუჭერს და დაიცავს კათოლიკურ ეკლესიას. და რადგან ლუთერმა არ უარყო თავისი შეხედულებები, რეფორმატორისა და მის მიმდევართა მიმართ უმკაცრესი ზომები იქნებოდა მიღებული.”მარტოხელა, შეშლილმა ბერმა გაბედა და აღდგა ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ. მე შევწირავ ჩემს სამფლობელოებს, ხაზინას, მეგობრებს, საკუთარ სიცოცხლესაც კი, მაგრამ ბოლოს მოვუღებ ამ უკეთურებას. გააძევეთ ეს ავგუსტინელი ბერი აქედან და აღარ გაბედოს ხალხში შფოთის დათესვა. მე კი მტკიცე გადაწყვეტილებებს მივიღებ ლუთერისა და მის ურჩ მიმდევართა წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მოვკვეთ მათ ეკლესიიდან, გავაძევებ საზოგადოებიდან, ვიბრძოლებ მათ წინააღმდეგ, ვიდრე ამ ერეტიკოსებს არ გავანადგურებ. მე სეიმის ყველა მონაწილეს მოვუწოდებ, გამოავლინოს თავისი ჭეშმარიტი ქრისტიანული ერთგულება.” ამავე დროს იმპერატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლუთერისადმი გაცემული დაცვის სიგელი ხელშეუხებელია და მის წინააღმდეგ რაიმე ზომების მიღებამდე იგი უვნებლად უნდა დაბრუნდეს სახლში.დბ 95.3

    სეიმი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ბანაკად გაიყო. პაპის დესპანები მოითხოვდნენ ლუთერის დაცვის სიგელის გაუქმებას. რეინმა უნდა მიიღოს”მისი ფერფლი, როგორც იან hუსის ფერფლი - ასი წლის წინათ”, - ამბობდნენ ისინი. მაგრამ გერმანიის მთავრები, მიუხედავად იმისა, რომ პაპის ერთგული მომხრეები და ლუთერის მოძღვრების აშკარა მტრები იყვნენ, პროტესტს გამოთქვამდნენ ნდობის ასეთი უხეში დარღვევის გამო, რაც სამარცხვინო იყო მთელი ერისათვის. მათ გაიხსენეს ის სამწუხარო მოვლენები, რომელთაც ადგილი hქონდათ hუსის სიკვდილის შემდეგ და განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ისეთივე საშინელებას გერმანიასა და მისი ახალგაზრდა იმპერატორის მიმართ. დბ 95.4

    თვითონ კარლოსმა ეს შეურაცხმყოფელი წინადადება უარყო და განაცხადა:“თუკი პატიოსნება და რწმენა გაძევებული იქნება მთელი ქვეყნიერებიდან, მათ თავშესაფარი მთავართა გულებში უნდა hპოვონ”. ლუთერის დაუძინებელი მტრები განაგრძობდნენ იმპერატორის დაყოლიებას, რეფორმატორს მოქცეოდა სიგიზმუნდის მსგავსად, რომელმაც hუსი ეკლესიას გადასცა; მაგრამ კარლოსს მოაგონდა მომენტი, თუ სახალხოდ როგორ მიუთითა hუსმა სიგიზმუნდს თავის ბორკილებზე, მიცემულ პირობაზე და განაცხადა:“მე არ მსურს სირცხვილი ვჭამო სიგიზმუნდის მსგავსად”.დბ 95.5

    და მაინც კარლოს V სრულიად შეგნებულად უარყო ლუთერის მიერ წარმოთქმული ჭეშმარიტება.”მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ვიარო წინაპართა გზით,” - განაცხადა მან. კარლოსმა ჭეშმარიტებისა და სიმართლის გამოც კი არ უარყო წინაპართა ცრურწმენა. ისიც მზად იყო მხარი დაეჭირა პაპის ძალაუფლების სისასტიკისა და გახრწნილებისათვის, რადგან მისი მამები ასე იქცეოდნენ. ამგვარად, მან მტკიცედ დაიცვა თავის წინაპართა პოზიცია: - უარყო ჭეშმარიტების ნათელი.დბ 96.1

    ბევრი ადამიანი დღესაც ერთგულად იცავს წინაპართა ადათწესებს. ისინი არ ღებულობენ უფლის გამოგზავნილ ახალ ნათელს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე იქცეოდნენ მათი მამაპაპანი. მაგრამ ჩვენ, მათგან განსხვავებით, სრულიად სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და სულ სხვა ვალდებულება გვაკისრია. უფალს არ მოსწონს, რომ მისი ჭეშმარიტი სიტყვის დამოუკიდებლად შესწავლის, ჩვენი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაცვლად მამაპაპების წესებს მივდიოთ. დღეს ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ვიდრე ჩვენს წინაპრებს. ვინაიდან ჩვენ ორივე გვაქვს: ოდესღაც მათ მიერ მიღებული ნათელიც და ღვთის სიტყვიდან წამოსული ნათელიც.დბ 96.2

    ქრისტემ ასე განაცხადა ურწმუნო იუდეველთა შესახებ:“მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ პატიება თავიანთი ცოდვებისათვის” (იოან. 15:22). ლუთერის ბაგეებით სწორედ ეს ღვთიური ძალა ლაპარაკობდა გერმანიის სეიმზე და როდესაც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების ნათელმა მსმენელთა გულში შეაღწია, ღვთის სული უკანასკნელად ევედრებოდა ყველას, მოქცეულიყვნენ. მსგავსად პილატესი, რომელსაც მრავალი საუკუნის წინათ სიამაყემ და განდიდების სურვილმა გული დაუხშო წუთისოფლის გამომსყიდველის წინაშე, მსგავსად შეშინებული ფელიქსისა, რომელიც ჭეშმარიტების მაცნეს შეხვდა სიტყვებით:“ახლა წადი, და როცა მოვიცლი, დაგიძახებ”; მსგავსად მეფე აგრიპასი, რომელმაც აღიარა:“ცოტაც და, ქრისტიანად მაქცევ (საქ. 24:25;26;28)”, და მაინც არ მიიღეს ზეცით გამოგზავნილი ნათელი, მოიქცა კარლოს V, როცა უარყო ჭეშმარიტება მიწიერი დიდების გამო.დბ 96.3

    ცნობამ იმის შესახებ, რომ ლუთერს საფრთხე დაემუქრა, მთელი ქალაქი ააღელვა. რეფორმატორს ბევრი მეგობარი hყავდა, რომლებმაც კარგად იცოდნენ რომის ვერაგობა და სისასტიკე მათ მიმართ, ვინც მათი მანკიერების მხილებას გაბედავდა და ამიტომ გადაწყვიტეს, ეხსნათ იგი. ასობით დიდგვაროვანმა ფიცი დადო ლუთერის დასაცავად. ბევრმა საჯაროდ განაცხადა, რომ იმპერატორი - რომის ყურმოჭრილი ყმაა. საკუთარი სახლებისა და საზოგადო შენობების ჭიშკრებზე გაჩნდა პლაკატები: ერთნი იცავდნენ ლუთერს, მეორენი კი კიცხავდნენ მას. აქაიქ მოჩანდა პლაკატები სოლომონ ბრძენის უბრალო, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვებით:“ვაი, შენდა, ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ” (ეკლ. 10:16). ლუთერისადმი თანაგრძნობის მღელვარებამ მთელი გერმანია მოიცვა და ყველაფერმა ამან დაარწმუნა იმპერატორიც და სეიმიც, რომ რეფორმატორის მიმართ სულ მცირე უსამართლობის გამოჩენაც კი საფრთხეს შეუქმნიდა არა მხოლოდ მშვიდობას იმპერიაში, არამედ იმპერატორის ტახტსაც.დბ 96.4

    საქსონიის მმართველი ფრიდრიხი დიდ სიფრთხილეს იჩენდა თავის დამოკიდებულებაში რეფორმატორის მიმართ. იგი გულმოდგინედ მალავდა თავის ჭეშმარიტ ურთიერთობას რეფორმატორთან და ამავე დროს, ფხიზლად დარაჯობდა, იცავდა და თვალყურს ადევნებდა არა მარტო მას, არამედ მის მტრებსაც. მოიძებნენ სხვა ადამიანებიც, რომელნიც სულაც არ მალავდნენ თავიანთ კეთილგანწყობასლუთერისადმი. მის სანახავად მოდიოდნენ თავადები, გრაფები, ბარონები, სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწენი.”პროფესორის პატარა ოთახი, - წერდა სპალატინი, - ვერ იტევდა ყველა მომსვლელს.” ხალხს იგი ზეკაცად მიაჩნდა. ისინიც კი, ვისაც მისი მოძღვრების არ სწამდა, აღტაცებული იყვნენ მისი ღვთისმოსაობით და კეთილშობილებით, რომელიც რეფორმატორს შთააგონებდა, უმალ სიკვდილი აერჩია, ვიდრე საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასულიყო.დბ 97.1

    ლუთერს დაჟინებით ურჩევდნენ რომთან კომპრომისზე წასვლას. დიდებულები არწმუნებდნენ, რომ სეიმისა და ეკლესიის წინააღმდეგობისათვის მას ქვეყნიდან გააძევებენ და დაცვის გარეშე დარჩება. ამაზე ლუთერმა უპასუხა:“ქრისტეს სახარების ქადაგება შეუძლებელია ბრძოლის გარეშე... რატომ უნდა დამაშოროს შიშმა უფალს და მის ღვთიურ სიტყვას, რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტებას წარმოადგენს? არა, ამას სიკვდილი მირჩევნია!”დბ 97.2

    და კვლავ შეეცადნენ მის დარწმუნებას იმაში, რომ თუკი იგი იმპერატორს დაემორჩილება, გათავისუფლდება ყოველგვარი ხიფათისაგან.”მე თანახმა ვარ, - უპასუხა ლუთერმა, - რომ ყველამ, დაწყებული იმპერატორიდან და დამთავრებული უბრალო ქრისტიანით, - წაიკითხოს და გააკრიტიკოს ჩემი ნაშრომები, მხოლოდ ერთი პირობით: ეს გააკეთონ ღვთის სიტყვასთან მიმართებაში. ადამიანებს სხვა აღარაფერი დარჩენიათ, თუ არა წმიდა წერილისადმი მორჩილება. მე სრულიად ერთგული ვარ მისი და ამიტომ, ზედმეტია თქვენი ძალისხმევა ჩემს სინდისზე ზემოქმედებისა.”დბ 97.3

    უფრო მოგვიანებით ერთერთი ამგვარი საუბრისას მან თქვა:“მე უარს ვამბობ დაცვის სიგელზე და ჩემს სიცოცხლეს ვაბარებ იმპერატორს, მაგრამ ღვთის სიტყვას არასოდეს უარვყოფ!” ლუთერმა სეიმის გადაწყვეტილებათა მორჩილების მზადყოფნა გამოთქვა იმ პირობით, თუკი ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა წმიდა წერილის შესაბამისად.”რაც შეეხება ღვთის სიტყვას და რწმენას, - ამბობდა იგი, - ყველა მორწმუნეს თანასწორად შეუძლია ამის შესახებ მსჯელობა, პაპი იქნება იგი, მისი მრავალრიცხოვანი მსოფლიო კრება თუ უბრალო ქრისტიანი.” და მალე ყველა, მტერიც და მოყვარეც დარწმუნდა, რომ რომსა და ლუთერს შორის შერიგებაზე საუბარი ამაოა.დბ 97.4

    ლუთერს ერთი პუნქტიც კი რომ დაეთმო, სატანა და მისი მხედრობა გამარჯვებას იზეიმებდნენ, მაგრამ ამ ბერის ურყევი სიმტკიცე საფუძვლად დაედო ეკლესიის თავისუფლებას და დასაბამი მისცა ახალ, უკეთეს ხანას. ასეთი ადამიანის ზეგავლენას, რომელმაც გაბედა დამოუკიდებლად აზროვნება და მოქმედება ისეთ სფეროში, როგორიც რელიგიაა, არ შეიძლებოდა ზემოქმედება არ მოეხდინა როგორც ეკლესიაზე, ასევე საერთოდ, მსოფლიოზე არა მარტო იმ პერიოდში, არამედ მომავალ საუკუნეებშიც. ლუთერის სიმტკიცე და ერთგულება დაეხმარება ყველას, ვინც ამ სიტუაციაში აღმოჩნდება, დედამიწის ისტორიის დასასრულამდე. უფლის დიდება და ძალა ყოველგვარ ადამიანურ გადაწყვეტილებებზე და სატანის ძლიერებაზე მაღლა დგას.დბ 97.5

    მალე იმპერატორის ბრძანებით ლუთერმა დატოვა ქალაქი და სახლისაკენ გაუდგა გზას. მან კარგად იცოდა, რომ ამის შემდეგ განაჩენი გამოცხადდებოდა. მის თავზე შავბნელი ღრუბლები ჩამოწვა, მაგრამ იგი მაინც გამარჯვების სიხარულით ტოვებდა ვორმსს. “თვით სატანა იცავდა პაპის ციხესიმაგრეს, - ამბობდა იგი, - მაგრამ ქრისტემ გაარღვია მისი კედელი და სატანა იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ უფალი მასზე ძლიერია”.დბ 97.6

    ვორმსის დატოვების შემდეგ ლუთერმა, რომელსაც არ სურდა მისი სიმტკიცე მტრებს არასწორად გამოეყენებინათ, იმპერატორს მისწერა:“მოწმეა ღმერთი, რომელმაც ყველას გული იცის, რომ მე მზადა ვარ, პატივში თუ სირცხვილში მყოფი, მკვდარი თუ ცოცხალი, დავემორჩილო თქვენს უდიდებულესობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია ღვთის სიტყვის უარყოფა, რომლითაც ცოცხლობს ადამიანი. ჩემი ამქვეყნიური ცხოვრებით მე მუდამ თქვენი ერთგული ვიქნები, რადგან ხსნა არ არის დამოკიდებული იმაზე, ვიგებთ თუ ვაგებთ. მაგრამ როდესაც საქმე მარადიულობას ეხება, უფალს არ სურს, რომ ერთი ადამიანი დაემორჩილოს მეორეს. რადგან ასეთი მორჩილება სულიერების საკითხში ნიშნავს ნამდვილ თაყვანისცემას, თაყვანი კი მხოლოდ შემოქმედს უნდა ვცეთ”.დბ 98.1

    ვორმსიდან უკან დაბრუნებისას გზებზე ლუთერს უფრო მეტი სიყვარულითა და სიხარულით ხვდებოდნენ. უმაღლესი სასულიერო პირები სიხარულით ესალმებოდნენ ეკლესიისაგან მოკვეთილ ბერს, საერო ხელისუფლება კი დიდი პატივით ღებულობდა იმპერატორის მიერ მსჯავრდებულს. მას სთხოვდნენ სიტყვის წარმოთქმას და ისიც, იმპერატორის აკრძალვის მიუხედავად, ადიოდა კათედრაზე.”მე არასოდეს არავისთვის მიმიცია აღთქმა იმისა, რომ ბორკილებს დავადებ ღვთის სიტყვას, - ამბობდა იგი, - და არც გავაკეთებ ამას”.დბ 98.2

    როგორც კი ლუთერმა ვორმსი დატოვა, პაპის მესვეურებმა იმპერატორი აიძულეს, მის წინააღმდეგ ბრძანებულება გამოეცა. ამ დადგენილებაში ლუთერი მოხსენიებული იყო, როგორც”სატანა ადამიანის სახით, რომელიც ბერის სამოსელშია გახვეული”. ბრძანებულებაში ნათქვამი იყო, რომ დაცვის სიგელის ვადის გასვლისთანავე უნდა მიეღოთ გადამწყვეტი ზომები მისი მოღვაწეობის აღსაკვეთად. ახლა უკვე არავის hქონდა მისთვის მასპინძლობის გაწევის, პურისა და წყლის მიწოდების, თანაგრძნობისა და დახმარების უფლება არც სიტყვით, არც საქმით. ადგილსამყოფელის მიუხედავად, ყველგან შეეძლოთ მისი დაპატიმრება და ხელისუფლებისათვის გადაცემა. ბრძანების მიხედვით მისი მიმდევრებიც უნდა დაეპატიმრებინათ პირადი ქონების კონფისკაციით; მისი ნაშრომები უნდა დაეწვათ და ყველას, ვინც ამ დეკრეტის დარღვევას გაბედავდა, ასეთივე სასჯელი ელოდა. საქსონიის მმართველმა და ლუთერისადმი კეთილგანწყობილმა დიდგვაროვნებმა რეფორმატორის ქალაქიდან გასვლის შემდეგ სულ მალე, თავადაც დატოვეს იგი და სეიმმაც მაშინვე დაამტკიცა იმპერატორის ბრძანებულება. რომის მესვეურები ზეიმობდნენ. ახლა, მათი აზრით, რეფორმაციის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.დბ 98.3

    მაგრამ უფალმა გადაარჩინა თავისი მსახური ხიფათისაგან. უზენაესი ყურადღებით ადევნებდა თვალს ყოველ მის მოძრაობას, ხოლო მის კეთილშობილურ გულში თავისი ერთგული მსახურის გადარჩენის გეგმა მწიფდებოდა. უკვე აშკარა იყო, რომ რომს მხოლოდ ლუთერის სიკვდილი დააკმაყოფილებდა. მისი სიცოცხლის შენარჩუნება მხოლოდ საიდუმლო თავშესაფარს შეეძლო. უფალმა სიბრძნე უბოძა ფრიდრიხ საქსონელს ლუთერის გადარჩენის გეგმის მოსაფიქრებლად. საიმედო ადამიანთა მეშვეობით მისი ჩანაფიქრი სისრულეში იქნა მოყვანილი. უკან დაბრუნებულ ლუთერს სახლისაკენ მიმავალ გზაზე უცბად თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სასწრაფოდ, ტყის ბილიკებით, ვარტბურგის ციხესიმაგრეში - მთებში განცალკევებულად მდგარ კოშკში მიიყვანეს. ლუთერის მოტაცება ისეთი დიდი საიდუმლოებით იყო მოცული, რომ თვით ფრიდრიხმაც დიდხანს არაფერი იცოდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ. მას მომხდარის თაობაზე განგებ არაფერს ეუბნებოდნენ ერთი უბრალო სიბრძნის გამო: საიდუმლოს შენახვა მისთვისაა ადვილი, ვინც არაფერი იცის. ფრიდრიხისათვის საკმარისი იყო იმის გაგება, რომ ლუთერს არავითარი საფრთხე არ ელის.დბ 98.4

    ერთმანეთს ენაცვლებოდა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი, ლუთერი კი კვლავინდებურად ტყვეობაში იმყოფებოდა. ალეანდრე და მისი მესვეურნი ზეიმობდნენ იმ იმედით, რომ სახარების ნათელი სულ მალე ჩაქრებოდა. მაგრამ, მათი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რეფორმატორი თავის ლამპარს”ზეთით” ავსებდა ჭეშმარიტების საგანძურიდან, რომლის ალიც მალე უნდა აგიზგიზებულიყო.დბ 99.1

    ლუთერმა მღელვარე და სასტიკი ბრძოლის შემდეგ, ვარტბურგის ციხეკოშკში მცირე ხნით დაისვენა. მაგრამ ამ მშვიდი და წყნარი ცხოვრებით დიდხანს ტკბობა არ შეეძლო. აქტიურ ცხოვრებასა და ბრძოლას მიჩვეული ლუთერისათვის მეტად ძნელი იყო ეს იძულებითი უმოქმედობა. მარტოობაშიც არასოდეს შეუწყვეტია ფიქრი ეკლესიის მდგომარეობაზე და სასოწარკვეთილებით ამბობდა;”უფლის რისხვის ამ უკანასკნელ დღეებში არ არის ადამიანი, რომელიც კედელივით დადგებოდა უფლის წინაშე ისრაელის გადასარჩენად!” ხშირად ლუთერს ეჩვენებოდა, რომ ბრძოლის ველის მიტოვებისათვის შესაძლოა სიმხდალე დაებრალებინათ. თავის თავს უსაქმურობაში და გულგრილობაში ადანაშაულებდა და ამავე დროს, ყოველდღიურად აკეთებდა იმაზე მეტს, რაც ადამიანის ძალღონეს აღემატება. მის კალამს მელანი არ შეშრობია. ლუთერის მოწინააღმდეგენი, რომელნიც თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ სამუდამოდ დაადუმეს რეფორმატორი, საოცრად განცვიფრდნენ, როდესაც მათ ხელში აღმოჩნდა თვალსაჩინო მტკიცებანი ლუთერის შემდგომი მოღვაწეობის შესახებ. მთელ გერმანიაში გავრცელდა მის მიერ დაწერილი ტრაქტატები. შეუფასებელია ლუთერის დამსახურება თანამემამულეთა წინაშე - მან პირველმა თარგმნა ახალი აღთქმა გერმანულ ენაზე. თავისი “მთაგორიანი პატმოსიდან” იგი მთელი წლის განმავლობაში განაგრძობდა სახარების ქადაგებას და თავის თანამედროვეებს ცოდვებზე, შეცდომებზე და მონანიებაზე მიუთითებდა.დბ 99.2

    უფალმა თავისი მორჩილი მსახური საზოგადოებრივ ცხოვრებას მოაშორა არა მხოლოდ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ან სხვა, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად; არა, უფალს უფრო შორეული და ამაღლებული მიზნები hქონდა. სიმშვიდესა და სიმარტოვეში ლუთერი დაცული იყო თავისი ავტორიტეტის ამქვეყნიური, ფარისევლური აღიარებისაგან. იგი გათავისუფლდა სიამაყისა და თვითრწმენისაგან, რაც ხშირად წარმატებას მოაქვს. ტანჯვამ და მორჩილებამ კვლავ მოამზადა უშიშარი მოგზაურობისათვის იმ თავბრუდამხვევ სიმაღლეებზე, სადაც იგი ასე უცბად იქნა ატაცებული.დბ 99.3

    როდესაც ადამიანები ჭეშმარიტების მიერ ბოძებული თავისუფლებით ხარობენ, ისინი ადიდებენ მას, ვისი ხელითაც უფალმა გაწყვიტა შეცდომებისა და სიცრუის ჯაჭვი. სატანა ცდილობს ადამიანის ფიქრი და გრძნობები შეაჩეროს არა ღმერთზე, არამედ იმაზე, ვისაც დავალებული hქონდა ადამიანის გათავისუფლება. მისი შთაგონებით ადამიანი იწყებს იარაღის განდიდებას და ვეღარ ხედავს ხელს, რომელიც ყველა მოვლენას მართავს. ხშირად რელიგიური ხელმძღვანელები, ქებითა და თაყვანისცემით განდიდებულნი, ვეღარ გრძნობენ თავიანთ დამოკიდებულებას უფალზე და თვითდაჯერებული ხდებიან. და მაშინ ისინი ცდილობენ, ადამიანებს შთაუნერგონ უფრო მეტი ნდობა არა ღვთის სიტყვის, არამედ - მათ მიმართ. ეკლესიაში ამ სულის შენარჩუნების გამო რეფორმაცია წელში წყდებოდა. უფალს სურდა რეფორმაციის დაცვა ამგვარი საშიშროებისაგან, სურდა, რომ ამ მოძრაობას უფლის ბეჭედი hქონოდა დასმული და არა ადამიანისა. ხალხი ლუთერში ჭეშმარიტების განმმარტებელსა და მქადაგებელს ხედავდა და უფალმა გადამალა იგი, რათა ადამიანს ჭეშმარიტების ნამდვილი და მარადიული ავტორი დაენახა.დბ 99.4