Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 32 - სატანის ქსელი

    დიადი ბრძოლა სატანასა და ქრისტეს შორის, რომელიც აგერ უკვე ექვსი ათასი წელი გრძელდება, დასასრულს უახლოვდება და სატანაც აორკეცებს თავის მცდელობას, რათა ჩაშალოს ადამიანის ხსნის გეგმა და თავის ქსელში გაახვიოს ქრისტეს მიმდევარნი. მისი მიზანია - ამყოფოს ადამიანები ბნელში, რათა არ მოინანიონ ცოდვები ქრისტეს შუამდგომლური მსახურების დასრულებამდე, როდესაც მსხვერპლი ცოდვისათვის უკვე აღარ იქნება. დბ 325.2

    როდესაც ადამიანები არავითარ ძალისხმევას არ იჩენენ მისი ძალაუფლების წინააღმდეგ, როდესაც ეკლესიაში და ერში გულგრილობისა და უზრუნველობის სულია გამეფებული, სატანა დამშვიდებულია - მას არ ემუქრება თავის ტყვეთა დაკარგვის საშიშროება. მაგრამ როდესაც ადამიანები ფიქრობენ პრობლემებზე, რომელნიც მარადიულობასთანაა დაკავშირებული და მათ სულებში იბადება კითხვა:“როგორ მოვიქცე, რომ გადავრჩე?”, სატანა მაშინვე ფხიზლდება და ცდილობს თავისი ძალაუფლების გამოყენებას ქრისტეს ძალის წინააღმდეგ, რათა გაანადგუროს სულიწმიდის გავლენა.დბ 325.3

    წმიდა წერილში აღწერილია ერთი შემთხვევა, როდესაც ანგელოზებთან ერთად ღვთის წინაშე წარდგა სატანაც (იობ. 1:6). მაგრამ იგი წარდგა არა უკვდავი მეფის თაყვანისცემისათვის, არამედ, მართალთა შორის ბოროტების დათესვას შეეცადა. ამავე მიზნით ესწრება იგი ხშირად ღვთისმსახურებას. უხილავი მტერი მთელი ძალით ცდილობს მლოცველთა აზრების დაპყრობას. ნიჭიერი მხედართმთავრის მსგავსად იგი წინდაწინ ადგენს გეგმებს, როდესაც ხედავს, რომ მქადაგებელი მთელი ყურადღებით კითხულობს წმიდა წერილს და მომავალი მსახურებისათვის ემზადება. სატანაც იმახსოვრებს მომავალი ქადაგების თემას და შემდეგ მთელ თავის ძალას, ხელოვნებასა და ოსტატობას იყენებს ისეთი პირობების შესაქმნელად, რომ ჭეშმარიტების სიტყვა არ მივიდეს იმ მსმენელის ყურამდე, რომლის ცდუნებაც იმ მომენტში აქვს გადაწყვეტილი. და მას, ვინც განსაკუთრებით საჭიროებს სიფრთხილეს, სატანა გამოუჩენს გადაუდებელ საქმეს ან სხვა მიზეზს და არ მოასმენინებს სიტყვებს, რომელიც მისი გადარჩენისათვის არის ნათქვამი.დბ 325.4

    სატანა ხედავს, რომ ადამიანთა სულიერი სიბნელე მეტად აწუხებს ღვთის მსახურთ. მას ესმის მათი გულწრფელი ლოცვა, რათა უფლის მადლმა და ძალამ გაფანტოს გულგრილობის წყვდიადი, ადამიანთა უზრუნველობა და საზეიმო განწყობილება. და იგი განახლებული ენერგიით იწყებს ახალი ცდუნების ქსელის ქსოვას. იგი შთააგონებს ადამიანებს, რომ მთავარია საკუთარი სურვილების ასრულება და საკუთარი თავისადმი პატივისცემა. და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ისინი გულგრილი დარჩნენ იმ საკითხის მიმართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის.დბ 326.1

    სატანას მშვენივრად ესმის, რომ ყველა, ვისი ყურადღებაც შეასუსტა და მოწყვიტა ლოცვასა და წერილის კითხვას, მის ნადავლად იქცევა. ამიტომ იგი ყველა ღონეს ხმარობს ადამიანთა გონების დაპყრობისათვის. და მართლაც, ყველგან გვხვდებიან ადამიანები, რომელნიც თავიანთ თავს ღვთისმოშიშს უწოდებენ, მაგრამ დაკავებული არიან არა ჭეშმარიტებათა შემეცნებით, არამედ სხვათა ნაკლისა და შეცდომების გამოკვლევებით. ეს ადამიანები სატანის მარჯვენა ხელს წარმოადგენენ. სხვისი განკითხვის მოყვარული ადამიანები მრავლად არიან და ისინი განსაკუთრებულ აქტიურობას მაშინ იჩენენ, როდესაც უფალი აუწყებს თავის ნებას, ჭეშმარიტი მორწმუნენი კი ცდილობენ მის აღსრულებას. სატანის ნების აღმსრულებელნი ცრუდ ასახავენ უფლის ნების მორჩილთა საქმეებს. ქრისტეს ყველაზე გულწრფელ, ერთგულ და თავგანწირულ მსახურთ ისინი მოტყუებულს ან მატყუარას უწოდებენ. ისინი უკუღმა წარმოადგენენ ყოველგვარ კეთილშობილურ და კარგ საქციელს, რათა ეჭვი დაბადონ უბრალო ადამიანებში და ხელიდან არ უშვებენ არც ერთ ხელსაყრელ მომენტს, რომ არ წაბილწონ ყველაფერი წმიდა და მართალი და დამახინჯებულად და ცრუდ არ წარუდგინონ იგი ხალხს. დბ 326.2

    მაგრამ არავინ არ უნდა დარჩეს უმეცარი ასეთ ადამიანთა მიმართ. არ არის ძნელი მათი შეცნობა: ვისი მიმდევრები არიან და ვის დავალებას ასრულებენ.”მათი ნაყოფით იცნობთ მათ” (მათ. 7:16). ისინი ემსგავსებიან სატანას, ვერაგ მკვლელს,“ძმათა ცილისმწამებელს” (გამოცხ. 12:10).დბ 326.3

    ამ უდიდეს მზაკვარს მრავალი დამქაში hყავს, რომელნიც ყოველ წუთს მზად არიან სულთა საცდუნებლად. ისინი იგონებენ სხვადასხვა ცრუ მოძღვრებებს მათი ინტელექტის შესაბამისად, ვისაც სატანა დასაღუპავად ეძებს. მისი მიზანია, მოიყვანოს ეკლესიაში არაგულწრფელი, გაუნათლებელი ადამიანები, ვინც ურწმუნოებისა და ეჭვის სათავედ იქცევიან და ხელს შეუშლიან უფლის საქმის წარმატებით განხორციელებას. არც თუ ისე ცოტაა ადამიანები, რომელთაც არა აქვთ ღვთისა და მისი სიტყვის მიმართ ჭეშმარიტი რწმენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღიარებენ ჭეშმარიტების ზოგიერთ პრინციპს და იმის გამო, რომ თავს მორწმუნეებად თვლიან, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი მცდარი თვალსაზრისი სულიერ ჭეშმარიტებად წარადგინონ.დბ 326.4

    განსაკუთრებით დიდ წარმატებას მიაღწია სატანამ მაშინ, როდესაც ადამიანს შთააგონა, რომ მისი რწმენის საგანს არა აქვს მაინცა და მაინც დიდი მნიშვნელობა. მაცდურმა იცის, რომ სიყვარულით მიღებული ჭეშმარიტება ანათლებს სულს, ამიტომ ყოველთვის ცდილობს მათ შეცვლას ცრუ თეორიებით, მითებითა და ცრუ სახარებით. დასაბამიდანვე ღვთის მსახურნი ებრძვიან ცრუ მასწავლებლებს, ვინაიდან მათ არა მხოლოდ ცოდვილებად, არამედ ადამიანისათვის დამღუპველ სიცრუის წყაროდ თვლიან. ელია, იერემია და პავლე მოციქული გამუდმებით და უშიშრად გამოდიოდნენ მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანს ხელს უშლიდა ღვთის სიტყვის მიღებაში. ჭეშმარიტებათა ეს წმიდა დამცველნი ყოველთვის ილაშქრებდნენ იმ სულიერი თავაშვებულობის წინააღმდეგ, რომლის დროსაც, სულ ერთია, რისი რწმენა აქვს ადამიანს.დბ 326.5

    წმიდა წერილის ბუნდოვანი განმარტება, რელიგიური რწმენის მრავალრიცხოვანი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიები, რომელიც დღეს არსებობს ქრისტიანულ სამყაროში - ყოველივე ეს შედეგია უდიდესი თვალთმაქცის მოღვაწეობისა, რომელიც ამ გზით ცდილობს ადამიანის ცდუნებას და მის ჭეშმარიტებისაგან დაცილებას.დბ 327.1

    ბიბლია არის სახელმძღვანელო ყველასათვის, ვინც უფლის ნების შეცნობას ისწრაფვის. ღმერთმა ადამიანებს მისცა”ჭეშმარიტი წინასწარმეტყველური სიტყვა”, ანგელოზებმა და თვით უფალმა იესომაც განუმარტეს დანიელს და იოანეს ის, რაც მალე უნდა მოხდეს. ჩვენს გადარჩენასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტებანი არ არის საიდუმლოებით მოცული და დაფარული. ისინი იმგვარადაა გახსნილი ჩვენთვის, რომ ჭეშმარიტების მძებნელი არ დაიბნეს და არაფერში შეცდეს. უფალმა აბაკუმ წინასწარმეტყველის მეშვეობით განაცხადა:“ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა” (აბაკ. 2:2). უფლის სიტყვა გასაგებია ყველასათვის, ვინც ლოცვით შეისწავლის მას. და ყოველი ერთგული, პატიოსანი სული მივა ამ ჭეშმარიტების ნათელთან:“შუქი იღვრება წმიდისათვის” (ფს. 96:11). ვერც ერთი საზოგადოება ვერ მიიღებს სულიერ ზრდას, თუკი მისი წევრები არ დაუწყებენ ძებნას ჭეშმარიტებას, როგორც”დაფარულ განძს”.დბ 327.2

    სიტყვა”თავისუფლებამ” ბევრს დაახუჭინა თვალი უდიდესი თვალთმაქცის ხრიკებზე, რომელიც განუხრელად იღწვის თავისი მიზნის განხორციელებისათვის. და როდესაც მას ეძლევა შესაძლებლობა, ბიბლიური ჭეშმარიტება შეცვალოს ადამიანური გამოგონებებით, მაშინ უფლის კანონი იგნორირებულია, ხოლო ეკლესია ცოდვის ბორკილებში ექცევა, თუმცა კი აცხადებს, რომ მოიპოვა თავისუფლება.დბ 327.3

    ბევრისთვის წყევლაკრულვად იქცა მეცნიერული აღმოჩენები. უფალმა დაუშვა, რომ სინათლის ნაკადი წუთისოფელზე მეცნიერული აღმოჩენებისა და ხელოვნების მეშვეობით გადმოფენილიყო, მაგრამ ყველაზე უმაღლესი გონებაც კი, თუკი იგი ღვთის სიტყვით არ ხელმძღვანელობს, გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება მეცნიერებასა და გამოცხადებას შორის დამოკიდებულების შესწავლის მცდელობისას.დბ 327.4

    ადამიანის ცოდნა მატერიალური და სულიერი სამყაროს შესახებ არასრულყოფილია. ამის გამო ბევრი თავის მეცნიერულ თვალსაზრისს ვერ უფარდებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ბევრი თეორიებსა და ვარაუდს მეცნიერულ ფაქტებად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ღვთის სიტყვა უნდა შემოწმდეს ამ”ეგრეთწოდებული მოძღვრებით” (1ტიმ. 6:20). მათ არ ძალუძთ, ჩაწვდნენ შემოქმედს და მის საქმეებს, არ შეუძლიათ, ყველაფერი ახსნან ბუნებრივი კანონებით და ამის გამო ბიბლიურ ისტორიას ეჭვის თვალით უყურებენ. მას, ვინც ეჭვს თესავს ძველი და ახალი აღთქმის ჭეშმარიტი მოწმობის ირგვლივ, ეჭვი ეპარება ღმერთის არსებობაშიც და მისი ძალაუფლების უსასრულობასაც ბუნებრივ მოვლენებად მიიჩნევს, ხელიდან უშვებს რწმენის ღუზას და ურწმუნოების უფსკრულში იჩეხება.დბ 327.5

    ამგვარად, ის, ვინც უარყოფს რწმენას და ღებულობს მცდარ თვალსაზრისს, სატანის ტყვე ხდება. ადამიანებს სურთ, შემოქმედზე მაღლა იდგნენ თავიანთი სიბრძნით; ადამიანური ფილოსოფია ცდილობს, ჩაწვდეს და ამოხსნას საიდუმლო, რომელიც მარადიულობაშიც არ იქნება გახსნილი. ადამიანებს რომ hქონდეთ სურვილი იმის შემეცნებისა, რაც უფალმა განაცხადა თავისი არსისა და თავისი ზრახვის შესახებ, ისინი ჩაწვდებოდნენ ღვთის დიდებას, ყოვლისშემძლეობასა და ძალას, აღიარებდნენ თავიანთ უძლურებას, არარაობას და დაკმაყოფილდებოდნენ მხოლოდ იმით, რაც გახსნილია მათთვის და მათი შვილებისათვის.დბ 328.1

    სატანის ყველაზე დახვეწილი ცდუნება იმაში მდგომარეობს, რომ იგი შთააგონებს ადამიანებს, იმსჯელონ ცოდნის იმ ნაწილის შესახებ, რომლის გამოცხადება და გახსნა უფალს არ სურს. სწორედ ამ მიზეზის გამო დაატოვებინეს ლუციფერს ზეცა. უკმაყოფილომ იმით, რომ უფალმა არ გაანდო ყველა თავისი საიდუმლო, მან ბოლოს და ბოლოს, უგულვებელყო ისიც, რაც მიანდეს. ლუციფერმა უკმაყოფილების სული აღძრა მასთან დაახლოებულ ანგელოზებში და მათი დაცემის მიზეზიც გახდა. იგი დღესაც იმავე სულით ცდილობს ადამიანთა ცდუნებას, რათა აიძულოს, ურჩობა გამოავლინონ უფლის ნების წინაშე.დბ 328.2

    ისინი, ვისაც ბიბლიურ ჭეშმარიტებათა ნათელი გამოცხადების მიღება არ სურთ, სხვადასხვა მსუბუქ ხერხებს იგონებენ თავიანთი სინდისის დასამშვიდებლად. და ამა თუ იმ მოძღვრებაში რაც უფრო მცირეა სულიერება, თავგანწირვა და მორჩილება, მით უფრო ადვილად ღებულობენ მას. თავიანთ ინტელექტს საკუთარ სურვილთა დასაკმაყოფილებლად იყენებენ. ეს ამპარტავანი ადამიანები მეტად დაბრძენებულად თვლიან თავს იმისათვის, რომ მონანიებითა და გულწრფელი ლოცვებით შეისწავლონ წმიდა წერილი უფლის ხელმძღვანელობის შესახებ, ამიტომ ბნელეთის ძალებს ვერ უმკლავდებიან. სატანა კი მზად არის, დააკმაყოფილოს მათი სურვილები და სარგებლობს ყველა შემთხვევით, რათა ჭეშმარიტების ნაცვლად სიყალბე შეაჩეჩოს მათ. სწორედ ამ გზით დაიპყრეს პაპის ერთგულებმა ადამიანთა გონება და პროტესტანტებიც, უარყვეს რა ჭეშმარიტება მისი აღიარების სიმძიმის გამო, იმავე გზას დაადგნენ. ყველა, ვინც უარყოფს ღვთის სიტყვას ამქვეყნიური კომფორტისა და სიმშვიდის მოპოვების მიზნით და იმისათვის, რომ არაფრით გამოირჩეოდეს წუთისოფლისაგან, მზადაა, ყველაზე საშინელი ერესი ბიბლიურ ჭეშმარიტებად მიიღოს. ვინც შეგნებულად უარს ამბობს ჭეშმარიტებაზე, მიიღებს მისთვის მოსაწონ ნებისმიერ სიცრუეს. ერთ შეცდომას კი მეორე მოhყვება. პავლე მოციქული ამბობს:“იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად, ამისთვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე... ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა” (2თეს. 2:10-12). მოციქულის ეს სიტყვები გვახსენებს, თუ რა დიდი სიფრთხილე გვმართებს ამა თუ იმ მოძღვრების მიღებისას.დბ 328.3

    უდიდესი თვალთმაქცის ყველაზე ნაყოფიერ ცდუნებათა შორის პირველი ადგილი სპირიტიზმის მოძღვრებასა და მის სასწაულებს უჭირავს. ნათლის ანგელოზის სახით სატანა ქსოვს თავის მაცდურ ქსელს იქ, სადაც ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი. თუ ადამიანებიც გულმოდგინედ და ლოცვებით რომ შეესწავლათ ღვთის სიტყვა, მაშინ არ დარჩებოდნენ ბნელში და არ გაიტაცებდა ყოველგვარი ცრუმოძღვრება. მაგრამ ჭეშმარიტების უარყოფის გამო ისინი სიცრუის მსხვერპლნი ხდებიან.დბ 328.4

    კიდევ ერთი სახიფათო შეცდომა არსებობს ქრისტეს ღვთიურობისა და მისი დედამიწაზე მოსვლამდე არსებობის უარყოფაში. ამ მოძღვრებას იზიარებენ ისინიც, ვინც უფლის სიტყვის მორწმუნედ თვლის თავს, თუმცა პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენი მაცხოვრის გასაგებად ნათქვამს მისი მამასთან კავშირის, ღვთიური არსისა და მარადიული არსებობის შესახებ. ამ მოძღვრების მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც განზრახ სურს წმიდა წერილის დამახინჯება. იგი არა მხოლოდ ამცირებს ადამიანის წარმოდგენას გამომსყიდველი მსხვერპლის შესახებ, არამედ რწმენას უკარგავს ხალხს ბიბლიის, როგორც ღვთიური გამოცხადების მიმართ. ამიტომ ეს მოძღვრება ყველაზე სახიფათო და საშიშია. როდესაც ადამიანები უარყოფენ ღვთის სიტყვის მოწმობას ქრისტეს ღვთიურობის შესახებ, მათთვის საწინააღმდეგოს მტკიცება უშედეგოა, ვინაიდან, არც ერთი ყველაზე დამაჯერებელი მტკიცება მათზე არ იმოქმედებს:“მშვინვიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი” (1კორ. 2:14). ამ სიცრუის გამზიარებელ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ჭეშმარიტი წარმოდგენა იქონიოს ქრისტეს ხასიათზე, მისიაზე და მით უმეტეს, ადამიანის გამოსყიდვისათვის ღვთის უდიდეს გეგმაზე.დბ 328.5

    არსებობს აგრეთვე სხვა მზაკვრული, მავნებლური და ადვილად გასავრცელებელი სიცრუე. ბევრი თვლის, რომ სატანა სინამდვილეში არ არსებობს, ხოლო წერილში მისი სახელი მოიხსენიება, მხოლოდ როგორც ადამიანის არაკეთილსინდისიერი აზრებისა და სურვილების განსახიერება. დბ 329.1

    არსებობს ასეთი აზრიც, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა - ეს არის უფლის გამოცხადება ყოველი ადამიანისათვის სიკვდილის შემდეგ. ეს სიცრუე აკრთობს ადამიანებს, რომლებიც ელიან მის გამოჩენას ზეციურ ღრუბლებზე. მრავალ საუკუნეთა მანძილზე სატანა კარნახობდა:“აhა, ის შიდა ოთახებშია” (მათ. 24:23-26) და ბევრი, მისი სიტყვებით ცდუნებული, დაიღუპა.დბ 329.2

    ამქვეყნიური სიბრძნე გვასწავლის, რომ ლოცვა აუცილებელი არ არის. მეცნიერები აცხადებენ, რომ არ შეიძლება რაიმე რეალური პასუხი არსებობდეს აღვლენილ ლოცვაზე და რომ ეს იქნებოდა სასწაული, სამყაროს კანონების დარღვევა, სასწაული კი არ არსებობს. სამყაროს, - ამბობენ ისინი, - მართავს განსაზღვრული კანონები, რომელსაც თვით ღმერთი ემორჩილება. ისინი ამგვარად ამტკიცებენ, რომ ღმერთი ემორჩილება თავისივე შექმნილ კანონებს; თითქოს, ღვთიურ კანონთა მოქმედება გამორიცხავს ღვთიურ თავისუფლებას. ასეთი მოძღვრება ბიბლიური მოწმობის საწინააღმდეგოა. განა ქრისტე და მისი მოციქულები არ ახდენდნენ სასწაულებს? მოწყალე მაცხოვარი დღესაც ისევე პასუხობს რწმენით აღვლენილ ლოცვებს, როგორც ძველად, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობდა. ბუნებრივი ერწყმის ზებუნებრივს. ჩვენს გულწრფელ ლოცვაზე პასუხი, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერ მივიღებდით, უფლის ჩანაფიქრის ნაწილია.დბ 329.3

    რამდენი ცრუმოძღვრება და ადამიანის მიერ მოგონილი იდეებია გაბატონებული დღეს ქრისტიანულ ეკლესიებში! შეუძლებელია ღვთის სიტყვის მიერ დადგენილი მხოლოდ ერთი პრინციპის უგულვებელყოფის დამღუპველი შედეგის წარმოდგენაც კი! ასეთი გაბედული ნაბიჯის გადამდგმელი იშვიათად კმაყოფილდება მხოლოდ ერთი ჭეშმარიტების დარღვევით. უმრავლესობა ერთიმეორის მიყოლებით უარყოფს ჭეშმარიტების ყველა პრინციპს მანამ, სანამ საბოლოოდ ნამდვილი უღმერთო არ გახდება.დბ 329.4

    პოპულარული თეოლოგიის შეცდომებმა მრავალი მიაბრუნა ბიბლიიდან სკეპტიციზმისაკენ. სამართლიანობა, მოწყალება და სიკეთე - ეს უმაღლესი ფასეულობანია და როდესაც ადამიანს შთააგონებენ, რომ თითქოს ყოველივე ეს გათვლილია ბიბლიაში, იგი საერთოდ ზურგს აქცევს ღვთის სიტყვას.დბ 329.5

    ამ მიზნის განხორციელებისათვის იბრძვის სატანაც. მისი უდიდესი სურვილია, მოუსპოს ადამიანს ნდობა ღმერთისა და მისი სიტყვის მიმართ. სატანა სათავეში უდგას იმ ადამიანთა დიდ არმიას, რომელთაც ეჭვი ეპარებათ ღვთის სიტყვაში და მაცდურიც მთელი ძალით ცდილობს მათ დატყვევებას. ურწმუნოება მოდად იქცა. ადამიანთა უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს ღვთის სიტყვას და მის ავტორს, რადგან იგი ამხელს და კიცხავს ცოდვას. ადამიანებს არ სურთ დაემორჩილონ უზენაესის მოთხოვნებს და ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას. ასეთი ადამიანები კითხულობენ ბიბლიას ან უსმენენ მქადაგებელს მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაიმე შეცდომა იპოვონ წერილში ან ქადაგებაში. მრავალი ადამიანი ურწმუნო ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაამართლოს თავისი გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი მოვალეობის მიმართ. ზოგი ურწმუნოებასთან სიამაყესა და უზრუნველობას მიhყავს. ზოგს კი, ცხოვრების ფუფუნებისაგან განებივრებულს, არ hყოფნის ძალა, გადადგას რაიმე ღირსეული ნაბიჯი, რომელიც ძალისხმევასა და თავგანწირვას მოითხოვს. იგი აკრიტიკებს ბიბლიას და ცდილობს, ბრძენის სახელი დაიმკიდროს. ჩვენს შეზღუდულ, ღვთიური სიბრძნით გაუნათლებელ გონებას ბევრი რამის შემეცნება არ ძალუძს. ამიტომ ასეთი ადამიანები ყოველთვის პოულობენ კრიტიკის მიზეზს. სხვები კი უბრალოდ, ამაყობენ თავიანთი ურწმუნოებით, სკეპტიციზმითა და ურჯულოებით. ამ ადამიანების მოჩვენებითი გულწრფელობა მალავს თავდაჯერებულობასა და სიამაყეს. ბევრი განსაკუთრებულ სიამოვნებას ღებულობს წმიდა წერილის ტექსტების ძებნაში, რომელთაც ადამიანები ჩიხში შეhყავთ. ზოგი კი თავიდან კრიტიკას უბრალოდ, იმიტომ იწყებს, რომ კამათის მოყვარულია და არ ესმის, რომ ამით თავად ეხვევა ცდუნების ბადეში. საკმარისია, განაცხადო შენი ურწმუნოების შესახებ და შემდეგ იძულებული ხარ აღარ გადათქვა შენი სიტყვა. ამგვარად აღმოჩნდები ურწმუნოთა ბანაკში და თავად დახურავ შენს წინაშე სამოთხის კარს.დბ 330.1

    უფალმა თავის სიტყვაში თავისი ღვთიური არსის საკმარისი მტკიცებები მოიყვანა. ჩვენს გამოსყიდვასთან დაკავშირებული უდიდესი ჭეშმარიტებანი მასში გასაგებად და დამაჯერებლადაა გადმოცემული. სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მიეცემა ყველას, ვინც გულწრფელად ეძებს მას, ყოველ ადამიანს შეუძლია, დამოუკიდებლად ჩაწვდეს ამ ჭეშმარიტებებს. უფალმა ადამიანებს უბოძა მტკიცე საფუძველი, რომელზედაც მათ შეუძლიათ თავიანთი რწმენის შენება.დბ 330.2

    მაგრამ ადამიანის შეზღუდულ გონებას არ ძალუძს უზენაესის გეგმებისა და ზრახვათა სრული შეცნობა. გონებით ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით ღმერთს. არც ღირს თავდაჯერებული და თავის თავში დარწმუნებული ადამიანი უფლის საიდუმლოთა ფარდის ახდას ცდილობდეს. მოციქული ამბობს:“როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!” (რომ. 11:33). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ მხოლოდ ერთში: მას ამოძრავებს მხოლოდ უსაზღვრო სიყვარული და მოწყალება, შერწყმული მის უსასრულო ძლიერებასთან. ჩვენი ზეციერი მამა ბრძენი და სამართლიანი მმართველია და ჩვენ არ გაგვაჩნია უიმედობისა და უნდობლობის საფუძველი მის მიმართ, არამედ მოწიწებით თაყვანი უნდა ვცეთ მას. იგი გამოგვიცხადებს და გაგვიხსნის თავის ჩანაფიქრს იმდენად, რამდენადაც ეს ჩვენი კეთილდღეობისთვისაა საჭირო, ხოლო რაც”მის მიღმაა”, ამაში უნდა მივენდოთ მის ყოვლისშემძლე გულსა და ხელს, სიყვარულით გამოწვდილს.დბ 330.3

    მიუხედავად იმისა, რომ უფალმა მოგვცა მტკიცე საძირკველი და საკმარისი მტკიცებანი რწმენისათვის, იგი მაინც არ წაშლის ურწმუნოების ყველა საბაბს. ვინც ეძებს კაუჭს, რომ თავისი ეჭვები ზედ წამოაგოს, აუცილებლად იპოვის მას. და ვინც უარს იტყის ღვთის სიტყვის მიღებაზე, მის მორჩილებაზე მანამ, სანამ ეს წინააღმდეგობა არ მოისპობა და ეჭვების ყოველგვარი შესაძლებლობა არ გაქრება, ვერასოდეს მიიღებს ნათელს.დბ 331.1

    უფლისადმი უნდობლობა ბუნებრივი შედეგია გაუნათლებელი, მის მიმართ მტრულად განწყობილი გულისა. რწმენა - სულიწმიდის ზემოქმედების შედეგია, ხოლო იზრდება და მტკიცდება მხოლოდ ადამიანის ძალისხმევით. არავის შეუძლია თავისი რწმენის განმტკიცება შეგნებული ძალისხმევის გარეშე. ურწმუნოება ფესვს იდგამს მაშინ, როდესაც ადამიანი ზრუნავს ამაზე. თუ ვინმე, ვინც იმის ნაცვლად, რომ იფიქროს რწმენის განსამტკიცებლად უფლის მიერ მოცემულ მტკიცებებზე, ეჭვობს და ეძებს ყოველგვარ უარყოფით მხარეებს, ის დროთა განმავლობაში უფრო გაამყარებს თავის ეჭვებს.დბ 331.2

    მაგრამ ვისაც ეჭვი ეპარება უფლის აღთქმაში, მის მადლს არ ენდობა, უპატივცემულობას იჩენს უზენაესის მიმართ, ის ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები საკუთარი მაგალითით ქრისტესკენ მოაქციოს, პირიქით, დათვურ სამსახურს უწევს მათ. ასეთი ადამიანები ემსგავსებიან უნაყოფო ხეებს, რომლებიც თავიანთი მძიმე ტოტების ჩრდილით ეფარებიან სხვა მცენარეებს და მზის სხივებს არ უშვებენ მათთან, რითაც ხელს უწყობენ მათ ჭკნობას. ამ ადამიანთა მთელი ცხოვრება მტკიცე მოწმობა იქნება თვით მათ წინააღმდეგ. ისინი თესავენ ეჭვისა და უნდობლობის თესლს და ეჭვსგარეშეა, შესაბამის მოსავალსაც მოიმკიან.დბ 331.3

    მათთვის, ვისაც გულწრფელად სურს ეჭვებისაგან გათავისუფლება, მხოლოდ ერთი გზა არსებობს: იმის ნაცვლად, რომ ეჭვი შეიტანონ და გააკრიტიკონ ის, რაც მათთვის გაუგებარია, გზა უნდა მისცენ ნათელს, რომელსაც უფალი უკვე აძლევს მათ და პირდება, რომ შემდგომში უფრო დიდი ნათელი მიეცემათ. მათ უნდა შეასრულონ მათთვის გასაგები მოვალეობანი, რაც ხელს შეუწყობს იმ ჭეშმარიტების შემეცნებას, რომელიც ჯერ კიდევ ეჭვს იწვევს მათში, შემდეგ კი იცხოვრონ ამ ჭეშმარიტებით.დბ 331.4

    სატანას ისე შეუძლია წარადგინოს ოსტატურად შენიღბული სიყალბე, რომ ყოველი ადამიანი, ვისთვისაც უცხოა თავგანწირვა და მსხვერპლის გაღება და ვინც მზად არის მოიტყუოს თავი, მას ჭეშმარიტებად მიიღებს; მაგრამ დაპყრობა გულისა, რომელიც ჭეშმარიტებისა და სიმართლის შემეცნებისაკენ ისწრაფვის, მას არ ძალუძს. ქრისტე არის ჭეშმარიტება და”ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაუნათებს წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს” (იოან. 1:9). დედამიწაზე გამოგზავნილ იქნა ჭეშმარიტების სული, რათა ადამიანებს ჭეშმარიტება ასწავლოს. უფლის ძემ დაბეჯითებით თქვა:“ეძებეთ და იპოვიდეთ”.”ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი შეიტყობს ამ მოძღვრებას, ღვთისაგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ” (მათ. 7:7; იოან. 7:17).დბ 331.5

    ქრისტიანებისათვის მცირე რამ არის ცნობილი იმ შეთქმულებათა შესახებ, რომელთაც მათ წინააღმდეგ აწყობენ სატანა და მისი ქვეშევრდომნი. მაგრამ სამყაროს მეფე მის ვერაგულ ხრიკებს თავისი ღრმა ჩანაფიქრის აღსრულებისათვის იყენებს. უფალი უშვებს თავისი ხალხის ცხოვრებაში გამოცდას მეტად მძიმე განსაცდელებით არა იმიტომ, რომ იგი სიამოვნებას ღებულობს ადამიანთა სასოწარკვეთილებითა და მწუხარებით, არამედ იმიტომ, რომ ტანჯვა აუცილებელია ცოდვაზე საბოლოო გამარჯვებისათვის. უფალს არ შეუძლია თავისი ძალითა და დიდებით დაიცვას ისინი ცდუნებისაგან, რადგან თვით გამოცდის მიზანია - ადამიანებს ცდუნების წინააღმდეგ ბრძოლა ასწავლოს.დბ 331.6

    არც ერთ ბოროტმოქმედს და ნაძირალას, არც ერთ დემონს არ ძალუძს ხელი შეუშალოს უფლის საქმეს და არ შეუძლია ჩვენი უფალთან დაშორება, თუკი მორჩილებითა და მონანიებით მივალთ მასთან, ვითხოვთ მიტევებას და მთელი გულით ვირწმუნებთ მის აღთქმას. ყოველ ცდუნებას, ყოველგვარ წამბილწველ ზეგავლენას, ხილული იქნება იგი თუ დაფარული, შეიძლება წარმატებით გავუწიოთ წინააღმდეგობა”არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი” (ზაქ. 4:6).დბ 332.1

    `ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი - მათი ვედრების მიმართ ...ცუდს ვინ გაგიკეთებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით” (1პეტ. 3:12,13). როდესაც დიდი საზღაურის მიღებით ცდუნებულმა ბალაამმა ისრაელის, უფლის რჩეული ხალხის შეჩვენება გადაწყვიტა, სულიწმიდამ გზა გადაუღობა ამ ბოროტებას და ბალაამმა წამოიძახა:“როგორ დავიწყევლო? ღმერთს არ დაუწყევლია. როგორ შევაჩვენო? უფალს არ შეუჩვენებია”.”მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი!” როდესაც კვლავ შესწირეს მსხვერპლი, უწმიდურმა წინასწარმეტყველმა წარმოთქვა:“აhა, დალოცვა მებრძანა. მან დალოცა და მე ვერ გადავთქვამ”.”არ არის სიცრუე იაკობში და არ ჩანს მზაკვრობა ისრაელში. უფალი, მათი ღმერთია მასთან და სამეფო ბუკის ხმაა მასში”.”არ არის გრძნეულება იაკობში და არ არის ჯადოქრობა ისრაელში. თავის დროზე გამოეცხადება იაკობს და ისრაელს, რა მოიმოქმედა ღმერთმა”. მესამედ ააგეს სამსხვერპლო და ბალაამმა კვლავ სცადა ისრაელის შეჩვენება, მაგრამ წინასწარმეტყველის ბაგე მისდაუნებურად ლაპარაკობდა მხოლოდ იმას, რაც სულიწმიდის ნებასურვილი იყო, ამცნობდა რა თავისი რჩეული ხალხის კეთილდღეობას და კიცხავდა მის მტერთა ბოროტეულ ზრახვებს.”დალოცვილია შენი დამლოცველი და დაწყევლილია შენი მაწყევარი” (რიცხ. 23:8,10,20,21;23; 24:9).დბ 332.2

    ისრაელი მაშინ უფლის ერთგული იყო და სანამ იგი უფლის კანონებს ემორჩილებოდა, არავითარ ბოროტ და ჯოჯოხეთის ძალას არ შეეძლო მისი დამარცხება; მაგრამ ის წყევლა, რომლის წარმოთქმის ნებაც არ მისცა უფალმა ბალაამს, მაინც ეწია ისრაელს, როდესაც სატანამ შეძლო მათი ცოდვაში გახვევა. დაარღვიეს რა უფლის მცნებები, ისინი დაშორდნენ ღმერთს და დამღუპველის გავლენის ქვეშ მოექცნენ.დბ 332.3

    სატანამ კარგად იცის, რომ ყველაზე უძლურ სულს, მაგრამ ქრისტეს ერთგულს, წარმატებით შეუძლია ბრძოლა ბნელ ძალთა წინააღმდეგ და მოვლენებში თვით მისი ჩარევის შემთხვევაშიც კი, დამარცხება გარდაუვალია. ამიტომ იგი ცდილობს ქრისტეს მხედრობის გამოყვანას მიუვალი ციხესიმაგრიდან, თვითონ კი, მიმალული ელის და მზადაა, რომ ნებისმიერ მომენტში ყველა, ვინც კი ფეხს შემოდგამს მის ტერიტორიაზე, დაღუპოს. ჩვენ თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მორჩილად ვენდობით უფალს და ვიცავთ მის მცნებებს.დბ 332.4

    ადამიანი ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი იგი ყოველდღიურად, გამუდმებით არ ლოცულობს. უფალს განსაკუთრებით უნდა ვთხოვოთ სიბრძნე მისი სიტყვების გასაგებად, რომელშიც მხილებულია მაცდურის ყოველი ხრიკი და ნაჩვენებია ის საშუალებანი, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია წარმატებით გავუწიოთ წინააღმდეგობა მას. სატანამ კარგად იცის წმიდა წერილი, თავისებურად განმარტავს ყველა ტექსტს და ამით ჩვენი ცდუნების იმედი აქვს. ჩვენ ბიბლია უნდა შევისწავლოთ მორჩილი გულით და არასოდეს დავივიწყოთ, რომ დამოკიდებული ვართ ღმერთზე. მუდამ მზად უნდა ვიყოთ, სატანის ცდუნებანი მოვიგერიოთ რწმენის ლოცვებით:“ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში”.დბ 332.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents