Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 24 - საქორწილო სამოსლის გარეშე

    მათ.22:1-14

    იგავი საქორწინო სამოსლის შესახებ მეტად მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის. ქორწინება ადამიანურისა და ღვთაებრივის კავშირს გულისხმობს; საქორწინო სამოსელი კი აქ წარმოგვიდგენს ხასიათის იმ თვისებებს, რომელსაც უნდა ფლობდეს ამ უზენაეს ნადიმზე მოწვეული სტუმარი.ქი 130.1

    ეს იგავი, უდიდეს პურობაზე წვეულთა შესახებ იგავის მსგავსად, წარმოგვიდგენს ღვთის მადლის სახარებისეულ მოწოდებას, რომელიც ებრაელმა ერმა უარყო და რომელიც წარმართებს მიეცათ. მაგრამ, მიგვითითებს რა მისი მოწვევის უარმყოფლებზე, იგავი ღვთიური ჭეშმარიტების უფრო დიდ გმობასა და უფრო საშინელი შურისგების შესახებ გვესაუბრება. იგავში მეფე ნადიმზე იწვევს თავის ქვეშევრდომთ. მოწვევა მოდის იმ პიროვნებისაგან, რომელსაც ბრძანების გაცემის უფლებამოსილება გააჩნია. ეს მოწვევა უდიდესი პატივია წვეულთათვის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს პატივი სათანადოდ არ იქნა შეფასებული. შელახულ იქნა მეფის ავტორიტეტი. თუკი იმ იგავში, რომელიც დიდ პურობაზე წვეულთა შესახებ მოგვითხრობს, სახლის პატრონის მოპატიჟებას გულგრილად შეხვდნენ, აქ მეფე შეურაცხყვეს და მის მოწოდებას მკვლელობითაც კი უპასუხეს: უფლის მაცნენი “შეიპყრეს... შეურაცხყვეს და დახოცეს”.ქი 130.2

    იგავში, რომელიც დიდ პურობაზე წვეულთა შესახებ მოგვითხრობს, მის მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულებით განაწყენებულმა ბატონმა განაცხადა, რომ არც ერთი მათგანი ვახშამზე აღარ დაიშვება. ამ იგავში კი ადამიანებმა, რომელთაც მეფის ბრძანება აბუჩად აიგდეს, უფრო დიდი სასჯელი დაიმსახურეს, ვიდრე უბრალოდ წვეულ სტუმართა სიიდან ამოშლაა: მეფე “განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა”.ქი 130.3

    ორივე იგავში ნადიმზე საბოლოოდ მრავალი სტუმარი იყრის თავს; მაგრამ მეორე იგავში ნაჩვენებია, რომ ყველა წვეულმა რაღაც გარკვეული მომზადება უნდა გაიაროს. და ის, ვინც ნადიმისათვის არ მოემზადა, იქიდან გაძევებულ იქნა. “მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა, უთხრა მას: მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია? ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა”.ქი 130.4

    საქორწილო ნადიმზე მოწვევა ადამიანებს ქრისტეს მოციქულთა მეშვეობით გადაეცა. ჩვენმა მაცხოვარმა წუთისოფელში გაგზავნა ჯერ თორმეტი, შემდეგ კი თავისი სამოცდაათი მოწაფე იმის სახარებლად, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი და მოუწოდა, მოენანიებინათ და ერწმუნათ მისი სახარება. მაგრამ მისი ეს მოწოდება უყურადღებოდ დარჩა. წვეულნი ნადიმზე არ მოვიდნენ; მეფემ კვლავ გაგზავნა მსახურნი სათქმელად: “აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!” ეს იყო მიმართვა იუდეველი ხალხისადმი ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ. მაგრამ ხალხმა, რომელიც თავს განსაკუთრებულ, ღვთის რჩეულ ერად აცხადებდა, უარყო სულიწმიდის ძალით მიწოდებული ჭეშმარიტება. ბევრმა ზიზღით აქცია მას ზურგი. ბევრი კი ისე გააღიზიანა ამ გადარჩენისა და უფლის დიდების უარყოფის გამო ჩადენილი ცოდვების მონანიებისაკენ მოწოდებამ, რომ სახარების მაცნეებზე გაილაშქრეს. “მოხდა... დიდი დევნა” (საქმე. 8:1). მრავალი მორწმუნე, კაცი თუ ქალი, საპყრობილეში იქნა ჩაგდებული, ხოლო უფლის ზოგიერთი მაცნე, მათ შორის სტეფანე და იაკობი, მოკლეს.ქი 130.5

    ამგვარად დაამტკიცა იუდეველმა ერმა, რომ არ სურდა ღვთიური წყალობის მიღება. თავის იგავში ქრისტემ იწინასწარმეტყველა ამ უარყოფის საშინელი შედეგი. მეფე “განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა”. აქ წარმოთქმული განაჩენი ებრაელთა ცხოვრებაშიც ზუსტად აღსრულდა: მალე იერუსალიმი დანგრეულ იქნა, მისი მცხოვრებნი კი სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ.ქი 130.6

    მესამე მოწოდება, იგავის მიხედვით, სახარების წარმართთა შორის გავრცელებას ნიშნავს. მეფემ ბრძანა: “ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში”.ქი 131.1

    მეფის მსახურნი “გავიდნენ... გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი”. ეს საკმაოდ ჭრელი საზოგადოება იყო. მათ შორის იყვნენ ისეთნიც, რომელნიც არანაკლები უპატივცემულობით ეპყრობოდნენ მასპინძელს, ვიდრე მოწვევის პირველი უარმყოფელნი. როგორც პირველწვეულნი იყვნენ უძლურნი, ფიქრობდნენ რა, რომ თავიანთ ამქვეყნიურ საქმეებს ნადიმში მონაწილეობისათვის ვერ მიატოვებდნენ, ასევე უკანასკნელი მოწოდებით თავშეყრილთა შორისაც ბევრი საკუთარ სარგებელზე ფიქრობდა. ისინი ნადიმზე კი მოვიდნენ, რათა დიდებულად მოელხინათ, მაგრამ სულაც არ სურდათ, პატივი მიეგოთ მეფისათვის, რომელმაც მოწვევა გაუგზავნა.ქი 131.2

    როდესაც “მეფე შევიდა სტუმრების სანახავად”, ყველა წვეულის ჭეშმარიტი ხასიათი აშკარად გამოვლინდა. ყოველ მათგანს მეფემ საჩუქრად საქორწილო ტანსაცმელი მოუმზადა. ამ ტანსაცმლით ნადიმზე მოსვლა მასპინძლის პატივისცემას ნიშნავდა. მაგრამ სტუმართაგან ერთერთმა არ მოისურვა მისი ჩაცმა და წვეულებაზე ჩვეულებრივ, თავისი ტანსაცმლით მოვიდა. იგი წვეულებისათვის ისე არ მოემზადა, როგორც ამას მეფე ითხოვდა. მან უარი თქვა სამოსელზე, რომელიც, დიდი ღირებულების მიუხედავად, მოუმზადა მას მასპინძელმა, რითაც თავისი ბატონი შეურაცხყო. მეფის კითხვას: “აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?” - მან დუმილით უპასუხა, რითაც საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი. მაშინ მეფემ ბრძანა: “გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში”.ქი 131.3

    მეფის მიერ ნადიმზე წვეულთა შემოწმება უფლის სამსჯავროს სიმბოლოა. ტახარებისეულ ნადიმზე მოსულნი - ეს ისინი არიან, ვინც თავი ღვთის მსახურად გამოაცხადა და ვისი სახელებიც სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი. მაგრამ ყველა, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, როდია მისი ჭეშმარიტი მოწაფე. მანამ, სანამ მათ საბოლოო საზღაური მიეცემათ, უნდა გადაწყდეს, რომელი მათგანი გამოდგება ჭეშმარიტების მემკვიდრედ. ეს გადაწყვეტილება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, მის ციურ ღრუბლებზე გამოჩენამდე უნდა გაკეთდეს. რადგან მაცხოვარი ამბობს: “აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეებისამებრ მივუზღა” (გამოცხ. 22:12). ჯერ კიდევ მის მოსვლამდე განიხილება და შეფასდება ყოველი ადამიანის საქმე და ყოველ ქრისტიანს თავისი საქმეების მიხედვით მიეზღვება.ქი 131.4

    იმ დროს, როცა ადამიანები ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობენ, ზეცაში კვლევითი სამსჯავრო მიმდინარეობს. უფალმა თავად უნდა შეამოწმოს ყოველი ადამიანის საქმე, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებს. ყოველი საქმე ზეციურ წიგნებში არსებული ჩანაწერების მიხედვით განიხილება და ამ ჩანაწერებით გადაწყდება თითოეულის საუკუნო ხვედრი.ქი 131.5

    საქორწილო სამოსელი იგავში სიმბოლურად წარმოადგენს წმიდა, უნაკლო ხასიათს, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს ექნებათ. ქრისტეს ეკლესიას მიეცა “რომ ჩაეცვა ნათელი და წმიდა ბისონი, ვინაიდან წმიდა ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა” (გამოცხ. 19:8), რათა “არ ჰქონოდა მწიკვლი ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი” (ეფეს. 5:27). ბისონი - ეს თავად ქრისტეს სიმართლეა, მისი უმწიკვლო ხასიათი, რომელიც თავისი რწმენით ეძლევა ყველას, ვინც ქრისტეს თავის პირად მხსნელად ღებულობს.ქი 131.6

    უმანკოების თეთრ სამოსელს ატარებდნენ ჩვენი წინაპრები, როდესაც უფალმა ისინი ედემის ბაღში დაასახლა. მაშინ ისინი უფლის ნებასთან სრული თანხმობით ცხოვრობდნენ. მათი სიყვარული სრულად ეკუთვნოდა ღმერთს. საოცარი ღვთიური სინათლით იყო შემოსილი ეს წმიდა წყვილი. ეს სამოსელი ადამისა და ევას ზეციური სიწმიდისა და უმანკოების, მათი სულიერი სამოსის სიმბოლო იყო. მათი უფლისადმი მარადიული ერთგულების შემთხვევაში ისინი მუდამ ამ სამოსით იქნებოდნენ შემოსილნი. მაგრამ, როდესაც ცოდვა ჩაიდინეს, ღმერთთან კავშირი გაწყვიტეს და ზეციური ნათელიც შემოეცალათ. შერცხვათ ადამსა და ევას თავიანთი სიშიშვლისა, გადააბეს ლეღვის ფოთლები, გაიკეთეს გარშემოსარტყლები და სცადეს, შიშველი სხეული ამით დაეფარათ.ქი 131.7

    და, იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ასე იქცევიან უფლის რჯულის დამრღვევნი; საკუთარ სიშიშვლეს ლეღვის ფოთლებით იფარავენ; საკუთარი ხელით შექმნილი სამოსით იმოსებიან და ცდილობენ, საკუთარი საქმეებით დაფარონ თავიანთი დანაშაული, რათა უფლისათვის მისაღებნი გახდნენ.ქი 132.1

    მაგრამ ამას ვერასოდეს მიაღწევენ. ადამიანი ვერასოდეს შექმნის ისეთ რაიმეს, რაც მისი უმწიკვლობის სამოსელს შეცვლის. ვერც ლეღვის ფოთლების სამოსით, ვერც ნებისმიერ ამქვეყნიურ ტანსაცმელში ვერ დაჯდება იგი ქრისტესა და მის ანგელოზთა გვერდით კრავის საქორწილო ნადიმზე.ქი 132.2

    მხოლოდ თავად მაცხოვრის მიერ ჩვენთვის მომზადებულ სამოსელში შეგვიძლია, წარვდგეთ ღმერთის წინაშე. ესაა ქრისტეს სიმართლის სამოსელი, რომელსაც იგი ყოველ თავის მორწმუნეს ჩააცმევს. “მე გირჩევ, - ამბობს მაცხოვარი, - იყიდო ჩემგან... თეთრი შესამოსლები, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი” (გამოცხ. 3:18).ქი 132.3

    ესაა ზეცაში მოქსოვილი სამოსელი, რომელსაც ადამიანის ხელით ერთი ძაფიც არა აქვს გაყრილი. წუთისოფელში ხორციელად მოსულ ქრისტეს თავისი სრულყოფილი ხასიათით სურს ჩვენი შემოსვა. “წვირიანი სამოსელივით გახდა ყოველი ჩვენი სიქველე” (ეს. 64:6). ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ცოდვითაა დასვრილი. მაგრამ უფლის ძე მოვიდა, “რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და... მასში არ არის ცოდვა”. ცოდვა “ურჯულოებაა”, ქრისტე კი რჯულის ყოველ მოთხოვნას ემორჩილებოდა. მან საკუთარ თავზე თქვა: “შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია” (ფსალმ. 39:9). დედამიწაზე ყოფნისას მან თავის მოწაფეებს უთხრა: “მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები” (იოან. 15:10). ღვთის მცნებების სრული მორჩილებით მაცხოვარმა ყველას მისცა მათი დაცვის შესაძლებლობა. როდესაც მაცხოვარს სრულად ვემორჩილებით, მაშინ ჩვენი გული ჰარმონიულად ერწყმის მის გულს, ჩვენი ნება - მის ნებას, ჩვენი გონება - მის გონებას, ჩვენი აზრები - მის აზრებს და ჩვენ მისი ცხოვრებით ვცხოვრობთ. სწორედ ეს ნიშნავს ქრისტეს სიმართლით შემოსვას. და, როცა უფალი კვლავ გვიცქერს, იგი ხედავს არა ლეღვის ფოთლების სამოსელს, არა ცოდვით დამახინჯებულ სიშიშვლეს, არამედ საკუთარი სიმართლის სამოსს, რომელიც იეჰოვას რჯულისადმი სრულ მორჩილებას წარმოადგენს.ქი 132.4

    მეფემ ყურადღებით გადახედა საქორწილო ნადიმზე წვეულთ და მასზე მხოლოდ ისინი დატოვა, ვინც მის მოთხოვნას დამორჩილდა და საქორწილო სამოსი ჩაიცვა. იგივე ელის კრავის საქორწილო ნადიმზე წვეულთ. ყოველი მათგანი უნდა წარდგეს უზენაესის გამომცდელი თვალის წინაშე და მასზე მხოლოდ ისინი დარჩებიან, ვინც ქრისტეს სიმართლის სამოსით შეიმოსა.ქი 132.5

    სიმართლე მართალ საქმეთა კეთებას ნიშნავს. სწორედ საქმეების მიხედვით მიეზღვება ყველას. ჩვენი ხასიათი ჩვენს საქმეებში ვლინდება; სწორედ ჩვენი საქმეები ადასტურებს ჩვენი რწმენის გულწრფელობას.ქი 132.6

    საკმარისი არაა, მხოლოდ ის გჯეროდეს, რომ იესო თვითმარქვია არ იყო; რომ ბიბლიური რელიგია ოსტატურად შეთხზული მითი არ არის. შესაძლოა, ისიც დავიჯეროთ, რომ სწორედ ქრისტეა ის ერთადერთი სახელი მთელ სამყაროში, რომლითაც ადამიანი გადარჩება, მაგრამ საკუთარ მხსნელად არ მივიღოთ. საკმარისი არაა ჭეშმარიტების მხოლოდ თეორიულად მიღება; საკმარისი არაა, თავი ქრისტეს მორწმუნედ გამოაცხადო და ეკლესიის წევრთა სიაში გაერიო. მხოლოდ “მისი (ქრისტეს) მცნებების დამცველი რჩება მასში, ის კი - მასში”. “იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ დავიცავთ მის მცნებებს” (1იოან. 3:24; 2:3). ასეთია ადამიანის ჭეშმარიტი მოქცევის ჭეშმარიტი მოწმობა. ჩვენი ლაპარაკი საკუთარი სიმართლის შესახებ არაფრად ღირს, თუკი ჩვენს ყოველდღიურ საქმეებში ქრისტე არ ვლინდება.ქი 132.7

    ჭეშმარიტება ჩვენს გულში უნდა დაფუძნდეს. მან უნდა უხელმძღვანელოს ჩვენს გონებას და გააკონტროლოს ჩვენი გრძნობები. მთელ ჩვენს არსებას ღვთიურობის ბეჭედი უნდა აჩნდეს. უფლის ყოველი სიტყვა ჩვენს ყოველდღიურ საქმეებში უნდა განხორციელდეს.ქი 133.1

    ის, ვინც ღვთიური არსის მოზიარე ხდება, მუდამ თანხმობაში იქნება მისი სიმართლის უდიდეს საზომთან - მის წმიდა რჯულთან. სწორედ ამ რჯულით ხდება ადამიანთა საქმეების შეფასება. სწორედ მისით გამოიცდება ჩვენი ხასიათი სამსჯავროს წინაშე.ქი 133.2

    დღეს ბევრი თვლის, რომ ქრისტეს სიკვდილმა რჯული გააუქმა. მაგრამ ისინი თავად მაცხოვრის სიტყვებს ეწინააღმდეგებიან: “არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი... ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება” (მათ. 5:17,18). მაცხოვარმა საკუთარი სიცოცხლით სწორედ ღმერთის რჯულის დარღვევის შედეგებისაგან გამოისყიდა ადამიანი. ღვთიური რჯულის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ქრისტეს სიკვდილიც აღარ იქნებოდა საჭირო. თავისი ცხოვრებით დედამიწაზე მაცხოვარმა უფლის რჯული განადიდა. თავისი სიკვდილით კი გაამყარა იგი. მან საკუთარი სიცოცხლე იმიტომ კი არ გაწირა, რომ ღმერთის რჯული გაეუქმებინა ან სხვა, სიმართლის უფრო დაბალი ეტალონი შეექმნა, არამედ იმისათვის, რომ განემტკიცებინა სამართლიანობა, ეჩვენებინა რჯულის აუცილებლობა და მარადიულობა.ქი 133.3

    სატანა აცხადებდა, რომ ადამიანს არ ძალუძს ღვთის მცნებების დაცვა; და, მართლაც, ეს შეუძლებელია ადამიანისათვის, რომელიც საკუთარი ძალებით შეეცდება მათ აღსრულებას. მაგრამ განკაცებულმა მაცხოვარმა თავისი სრული მორჩილების გამოვლინებით დაამტკიცა, რომ უფლის დახმარებით და მასთან თანხმობით უფლის ყოველი მოთხოვნის აღსრულებაა შესაძლებელი.ქი 133.4

    “ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა” (იოან. 1:12). ეს არ არის ადამიანთა ხელმწიფება; ეს ღმერთის ხელმწიფებაა. როდესაც ადამიანი იღებს ქრისტეს, იღებს ძალასაც, რათა შეძლოს ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრება.ქი 133.5

    თავისი შვილებისაგან უფალი ღმერთი ითხოვს სრულყოფილებას, რომლის საზომადაც მათ თავისი რჯული დაუდგინა; რჯული კი მისი ხასიათის გამოვლინებაა. სრულყოფილების ეს ეტალონი მიეცა ყველას, რათა არ ყოფილიყო რაიმე გაურკვევლობა ან შეცდომა იმასთან დაკავშირებით, თუ ხასიათის როგორი თვისებები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომელთაც ღმერთი თავის სასუფეველში მიიღებს. ქრისტეს ცხოვრება დედამიწაზე ღვთიური რჯულის სრული გამოვლინება იყო და როცა ქრისტიანები, რომლებიც თავს ღვთის შვილებად თვლიან, თავიანთი ხასიათით ქრისტეს ემსგავსებიან, უფლის რჯულის აღმსრულებელნი იქნებიან. მხოლოდ მაშინ შეძლებს უფალი, მიიღოს ისინი ზეციურ ოჯახში. მაშინ მათ, ქრისტეს სიმართლის დიდებულ სამოსელში გახვეულთ, მიეცემათ ადგილი მეფის საქორწილო სუფრასთან და უფლება - დასხდნენ მაცხოვრის სისხლით უამრავ გამოსყიდულთა გვერდით.ქი 133.6

    კაცი, რომელიც ნადიმზე საქორწილო სამოსლის გარეშე გამოცხადდა, თვალსაჩინოდ განასახიერებს მრავალ ადამიანთა სულიერ მდგომარეობას დღევანდელ წუთისოფელში, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან და თამამად აცხადებენ თავიანთ უპირატესობასა და უფლებამოსილებას სახარებისეულ მადლზე; მაგრამ მათ სულაც არ მიაჩნიათ საჭიროდ საკუთარი ხასიათის გარდაქმნა. მათ არასოდეს ჰქონიათ ცოდვების მონანიების ჭეშმარიტი სურვილი. არც ქრისტეს საჭიროებას გრძნობენ და არც მის მიმართ რწმენის განმტკიცებას ცდილობენ. ამ ადამიანებმა ვერ გადალახეს თავიანთი თანდაყოლილი ან შეძენილი მიდრეკილება ბოროტებისაკენ. და მაინც, თავს საკმაოდ კეთილშობილ ადამიანებად თვლიან და საკუთარ ძალებს უფრო ეყრდნობიან და ენდობიან, ვიდრე ქრისტეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც მოისმინეს ღვთის სიტყვა, მოვიდნენ ნადიმზე, მაგრამ ქრისტეს სიმართლის სამოსლით არ შეიმოსნენ.ქი 133.7

    მრავალი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი უბრალო მორალისტია, ადამიანური გაგებით. მათ უარი თქვეს ღვთიურ ნიჭზე, რომელსაც ერთადერთს ძალუძს, მისცეს ადამიანს უნარი, მსოფლიოს წარუდგინოს ქრისტე მთელი თავისი დიდებით. სულიწმიდის მსახურება მათთვის მეტად საკვირველი საქმეა. მათ არ შეიძლება ეწოდოთ ღვთის სიტყვის აღმსრულებელნი. მათთვის გაუგებარია ის ზეციური პრინციპები, რომლებიც ამქვეყნიურ ადამიანს ქრისტიანისაგან განასხვავებს. ამგვარად, ეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანები უკვე აღარ წარმოადგენენ ღვთის განსაკუთრებულ, რჩეულ ხალხს. განსხვავება მორწმუნესა და ურწმუნოს შორის თითქმის შეუმჩნეველი ხდება. ადამიანები ემორჩილებიან წუთისოფელს, მის ტრადიციებსა და წესჩვეულებებს, მის ეგოიზმს. ეკლესია კი, იმის ნაცვლად, რომ კაცობრიობას უფლის რჯულის მორჩილებისაკენ მოუწოდოს, თავად არღვევს ღვთის მცნებებს, რითაც წუთისოფელს ემსგავსება. იგი დღითი დღე სულ უფრო ემსგავსება ამქვეყნიურ ორგანიზაციას.ქი 134.1

    ეს ადამიანები ელიან, რომ ხსნას ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით მოიპოვებენ და, იმავდროულად, უარს ამბობენ, იცხოვრონ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით. ისინი ხოტბას ასხამენ უფლის უანგაროდ მოცემული მადლის საგანძურს და ცდილობენ, გარეგნული, მოჩვენებითი სიმართლით შეიმოსონ, რითაც საკუთარი მანკიერი ხასიათის დამალვას იმედოვნებენ. მაგრამ მათი ყოველი ასეთი ძალისხმევა და მცდელობა ამაო იქნება უფლის იმ დიად დღეს.ქი 134.2

    ქრისტეს სიმართლე ვერ დამალავს ვერც ერთ დაფარულ, მოუნანიებელ ცოდვას. თოგჯერ ადამიანი დაფარულად, გულში არღვევს ღვთის მცნებებს, სხვების დასანახად კი არავითარ დანაშაულს არ ჩადის. შესაძლოა, საზოგადოებამ იგი პატიოსან, გულწრფელ პიროვნებად ჩათვალოს, მაგრამ უფლის რჯული კარგად ხედავს მის გულში ღრმად დაფარულ ცოდვას. ადამიანის ყოველგვარი საქციელი მისი გამომწვევი მიზეზის მიხედვით განიკითხება და გამართლდება მხოლოდ ის, ვინც თავისი სურვილი უფლის ნებას დაუქვემდებარა.ქი 134.3

    “ღმერთი სიყვარულია”. და ეს თავისი სიყვარული მან იმით დაამტკიცა, რომ წუთისოფელს “მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე” (იოან. 3:16). მან ყველაფერი უხვად გაიღო მის მიერ გამოსყიდულთათვის. გვიბოძა მთელი ზეცა, რომელიც გვაძლევს ძალასა და შესაძლებლობებს ცოდვაზე გამარჯვებისათვის, რათა არ დავეცეთ და მტერმა არ გვძლიოს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ღმერთი სიყვარულია, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ცოდვას ამართლებს. ისევე, როგორც არ გაამართლა სატანის დანაშაული; არც ადამისა და კაენის ცოდვა და არც სხვა, ნებისმიერი ადამიანის ურჯულოება. იგი არასოდეს შეხედავს ჩვენს ცოდვებს გულგრილად და არც ჩვენი ხასიათის სუსტი მხარეების განვითარებას შეუწყობს ხელს. მას სურს, ყოველი ცოდვა მისი სახელით დავამარცხოთ.ქი 134.4

    ადამიანები, რომლებიც ქრისტეს სიმართლის ნიჭს უარყოფენ, ხასიათის იმ თვისებების შეძენაზე ამბობენ უარს, რომლებიც ღვთის ძეებად და ასულებად აქცედა მათ. ისინი უარს ამბობენ იმ ერთადერთზე, რაც საქორწილო ნადიმში მონაწილეობის უფლებამოსილებას მიანიჭებს მათ.ქი 134.5

    იგავში მეფის შეკითხვაზე: “აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?” - სტუმარი დუმდა. ასევე იქნება უდიდესი სამსჯავროს დღესაც. აქ, დედამიწაზე, ადამიანს ჯერ კიდევ შეუძლია, გაამართლოს თავისი ნაკლი, მაგრამ განკითხვის დღეს ამის არავითარი შესაძლებლობა არ ექნება.ქი 134.6

    დღევანდელ ქრისტიანულ ეკლესიებს უდიდესი უპირატესობანი აქვს მინიჭებული. ფფალი გამოგვეცხადა მთელი თავისი უსასრულოდ მზარდი ნათლით. ჩვენი ეს დღევანდელი უპირატესობა დიდად აღემატება იმას, რაც ღვთის ხალხს ძველად გააჩნდა. ჩვენ მხოლოდ ის უდიდესი ნათელი როდი გაგვაჩნია, რომელიც ოდესღაც ძველ ისრაელს მიეცა; ჩვენთვის გაცხადებულია კიდევ უფრო დიდი მოწმობა ხსნის უსასრულო მადლისა, რომელიც ქრისტეს მეშვეობით გვებოძა. ყველაფერი, რაც ებრაელთათვის მხოლოდ სიმბოლოებსა და პირველსახეებს წარმოადგენდა, ჩვენთვის რეალობად იქცა. იუდეველთ მხოლოდ ძველი აღთქმის ისტორია გააჩნდათ; ჩვენ კი, ძველის გარდა, ახალი აღთქმაც გვაქვს. ჩვენ მოგვეცა აღთქმა მაცხოვრისა და მხსნელისა, რომელიც უკვე მოვიდა, რომელიც ჯვარს ეცვა, რომელიც შემდეგ მკვდრეთით აღდგა და იოსების სამარხთან წარმოთქვა: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე”. ქრისტეს შემეცნებისა და მისი სიყვარულის მეშვეობით ჩვენში უკვე დამკვიდრდა მისი სასუფეველი. ქრისტე გვეცხადება ქადაგებებსა და საგალობლებში. სულიერი ნადიმი მთელი თავისი სიუხვითაა წარმოდგენილი. ფასდაუდებელი მსხვერპლით მოპოვებული საქორწილო სამოსელი თითოეულს უსასყიდლოდ ეძლევა. უფლის მაცნეებმა გაგვიხსნეს მრავალი უძვირფასესი ჭეშმარიტება: ქრისტეს სიმართლე, რწმენით გამართლება, ღვთის სიტყვის უხვი, ფასდაუდებელი აღთქმანი, ქრისტეს მეშვეობით მამასთან თავისუფალი ურთიერთობა, სულიწმიდის ნუგეშისცემა, საიმედო აღთქმა ღვთის სასუფეველში საუკუნო სიცოცხლის შესახებ. კიდევ რისი გაკეთება შეეძლო ჩვენს ზეციერ მამას და არ გააკეთა იმისათვის, რომ ეს უდიდესი სერობა - ზეციური ნადიმი გაემზადებინა?ქი 134.7

    ანგელოზებმა ზეცაში განაცხადეს: “შევასრულეთ დავალება და ვიმსახურეთ. უკუვაგდეთ ბოროტ ანგელოზთა მხედრობა. ჩვენ ვუნერგავდით ადამიანებს ჭეშმარიტების ნათელს, ვუცოცხლებდით გონებას, რათა უფრო ადვილად შეეცნოთ იესოში გაცხადებული ღვთიური სიყვარული; ჩვენ მივუთითებდით მათ გოლგოთის ჯვარზე. მათ ღრმად შეიცნეს და შეიგნეს ცოდვის არსი, რომელმაც უფლის ძე ჯვარს აცვა. მათ მოინანიეს. იხილეს ქრისტესკენ მიმავალი გზა; შეიგრძნეს სახარების ძალა; მათს გულში სათნოებამ დაისადგურა, როდესაც ღვთიური სიყვარულის სიტკბო იგრძნეს. მათ იხილეს ქრისტეს ხასიათის სილამაზე. თუმცა ზოგიერთისთვის ყოველივე ეს ფუჭი აღმოჩნდა, რადგან არ მიატოვეს თავიანთი მანკიერი თვისებები; არ გაიძვრეს ამქვეყნიური სამოსელი და არ შეიმოსნენ ზეციურით. მათი გული კვლავ ანგარების ტყვეობაში დარჩა და ქრისტეს სიყვარულს წუთისოფელთან მეგობრობა ამჯობინეს”.ქი 135.1

    მეტად მკაცრი იქნება მათთვის დღე საბოლოო გადაწყვეტილებისა. ასე აღწერს ამ დღეს იოანე მოციქული თავის წინასწარმეტყველურ ხილვაში: “ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ” (გამოცხ. 20:11,12).ქი 135.2

    მწუხარე და საშინელი იქნება მომენტი, როდესაც მარადიულობასთან პირისპირ მათ წარსული ცხოვრების გახსენება მოუწევთ, რაც მთელი სიცხადით გადაეშლებათ კიდეც თვალწინ. ამქვეყნიური საქმეები, სიმდიდრე და დიდება ახლა სრულიად უმნიშვნელოდ მოეჩვენებათ. ადამიანები მიხვდებიან, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი განძი იყო და არის ქრისტეს სიმართლე, რომელიც მათ ასე სძულდათ. ახლა ისინი ცხადლივ დაინახავენ, რომ მათი ხასიათი სატანის ცდუნებათა ცრუ ზეგავლენით იქნა ჩამოყალიბებული. სამოსელი, რომელიც მათ აირჩიეს, პირველი უდიდესი მოღალატისადმი მათი ერთგულების უდავო ნიშანი იქნება. მაშინ იხილავენ საკუთარი არჩევანის შედეგს და მიხვდებიან, თუ რა მოაქვს ღვთის მცნებების დარღვევას.ქი 135.3

    მაგრამ გამოსაცდელი პერიოდი მარადიულობაში შესასვლელად მომზადებისათვის უკვე აღარ იქნება. მხოლოდ აქ, მიწიერ ცხოვრებაში გვეძლევა შესაძლებლობა, შევიმოსოთ ქრისტეს სიმართლის სამოსლით. ეს არის ჩვენი ხასიათის ჩამოყალიბების ერთადერთი შესაძლებლობა, რათა ვარგისნი ვიყოთ იმ სახლისათვის, რომელიც ქრისტემ მისი მცნებების დამცველთ მოუმზადა. ჩვენი გამოცდისათვის მოცემული დრო სწრაფად იწურება. დასასრული მოახლოებულია. ჩვენ გვაფრთხილებენ: “გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად” (ლუკ. 21:34). გაფრთხილდით, რომ მოუმზადებლად არ შეხვდეთ იმ დღეს. ყურადღებით იყავით, რომ სამეფო ნადიმზე საქორწილო სამოსლის გარეშე არ გამოცხადდეთ.ქი 135.4

    “რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა”. “ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი” (მათ. 24:44; გამოცხ. 16:15).ქი 136.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents