Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 17 - “დატოვე ამ წელიწადსაც”

    ლუკ.13:1-9

    თავის მოძღვრებებში ქრისტე სთხოვს ადამიანებს, მიიღონ მისი მოწყალება და, იმავდროულად, სამსჯავროს შესახებ აფრთხილებს. “ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, - თქვა მან, - არამედ სახსნელად” (ლუკ. 9:56). “იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ” (იოან. 3:17). მაცხოვრის მოწყალება და თანაგრძნობა, მისი დამოკიდებულება უფლის სამართლიანობისა და სამსჯავროსადმი კარგად გამოიხატა იგავში უნაყოფო ლეღვის ხის შესახებ. ქრისტე აფრთხილებდა ადამიანებს ღვთის სასუფევლის მოახლოების შესახებ და მკაცრად ამხილებდა მათს უმეცრებასა და გულგრილობას. ისინი კარგად ცნობდნენ ცაში ამინდის მომასწავებელ ნიშნებს, მაგრამ ნიშნები დროისა, რომლებიც ასე ნათლად მიუთითებდა მის მისიაზე, ვერ ამოიცნეს.ქი 86.2

    მაგრამ ხალხი მაშინაც ისევე, როგორც დღეს, სიამოვნებით იტყუებდა თავს იმით, რომ სწორედ ისინი არიან ღვთის რჩეული შვილები და მხილების სიტყვები მათ არ ეხება. მსმენელებმა მაცხოვარს უამბეს იმ მოვლენის შესახებ, რომელმაც ხალხში დიდი მღელვარება გამოიწვია. იუდას მმართველის - პონტოელი პილატეს მიერ მიღებულმა მკაცრმა ზომებმა ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. იერუსალიმში დიდი ალიაქოთი ატყდა და პილატემ გადაწყვიტა, ძალის გამოყენებით ჩაეხშო იგი. ერთერთი შეტაკებისას ჯარისკაცები ტაძრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და რამდენიმე გალილეველი მლოცველი სწორედ იმ დროს დახოცეს, როცა უფალს მსხვერპლს სწირავდნენ. ებრაელებმა ეს ტრაგედია დახოცილთა ცოდვებით გამოწვეულ საზღაურად მიიჩნიეს და ქრისტესთან ამ ამბის მომტანნიც გულის სიღრმეში ფარულ კმაყოფილებას გრძნობდნენ მის გამო. ბედნიერნი იყვნენ, რადგან ეს მოვლენა იმის უდავო მტკიცებად მიაჩნდათ, რომ ისინი ამ გალილეველებზე ბევრად უკეთესნი არიან ღვთის თვალში. მოუთმენლად ელოდნენ, რომ იესოც დაადასტურებდა ამას დაღუპულთა მიმართ გამკიცხავი სიტყვების წარმოთქმით, ვინაიდან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ ეს სასჯელი სრულად დაიმსახურეს.ქი 86.3

    ქრისტეს მოწაფეები ამ საკითხზე თავიანთი თვალსაზრისის გამოთქმას ერიდებოდნენ და ელოდნენ, თუ რას იტყოდა მოძღვარი. მაცხოვარს ადრე უკვე ჰქონდა მათთან საუბარი სხვათა განკითხვასა და სასჯელის გამოტანასთან დაკავშირებით. და მაინც, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ქრისტე გალილეველ მლოცველთ გაკიცხავდა და მათ სხვებზე უფრო ცოდვილ ადამიანებად გამოაცხადებდა. რა დიდი იყო მათი გაოცება, როცა მასწავლებლის პასუხი მოისმინეს.ქი 86.4

    მაცხოვარმა კი ირგვლივ შეგროვილ ბრბოს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თქვენ გგონიათ, ვითომ ეს გალილეველები ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ევნენ? არა, გეუბნებით, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით”. ამ საშინელ ტრაგედიას მათი გული უნდა მოელბო და მონანიების სურვილი უნდა აღეძრა. ახლოვდებოდა ჟამი შურისგებისა, რომელიც თავს დაატყდებოდა ყველას, ვინც ქრისტეში არ პოვა თავშესაფარი.ქი 86.5

    თავისი წინასწარმეტყველური თვალით მაცხოვარი ხედავდა მტრისაგან ალყაშემორტყმულ იერუსალიმს. ესმოდა, თუ როგორ მძიმედ, მტკიცე ნაბიჯით მიიწევდა უცხოთა ლაშქარი რჩეული ქალაქისაკენ, ალყაში ათასობით დაღუპულ ადამიანსაც ხედავდა. მრავალი ებრაელი იქნა მოკლული ტაძრის ეზოში მსხვერპლშეწირვის მსახურებისას იმ დახოცილ გალილეველთა მსგავსად. ცალკეულ ადამიანთა თავს დამტყდარი უბედურება გაფრთხილება უნდა ყოფილიყო მთელი ერისათვის, რომელიც ისეთივე ცოდვილი იყო, როგორც დახოცილი გალილეველნი. “თუ არ მოინანიებთ, - ამბობს იესო, - ყველანი მათსავით დაიღუპებით”. ხალხის გადასარჩენად მცირე ხნით გაგრძელდა მადლის ჟამი. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, შეიცნონ ყოველი, რაც მათს გულს მშვიდობას მოუტანს.ქი 86.6

    “ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვი ედგა, - განაგრძო მაცხოვარმა, - მივიდა, რომ ზედ ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა. უთხრა მევენახეს: აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას?”ქი 87.1

    მსმენელთ კარგად უწყოდნენ, ვისზე იყო ნათქვამი ეს სიტყვები. დავითი თავის საგალობლებში ისრაელს უწოდებდა ვაზს, ეგვიპტიდან გამოტანილს. ესაია წინასწარმეტყველი კი წერდა: “უფალ ცაბაოთის ვენახი ისრაელის სახლია, და იუდას კაცი ნერგია მისი სიამისა” (ეს. 5:7). თაობა, რომელსაც მხსნელი ეწვია, იყო სწორედ ის ლეღვი უფლის ვენახში, რომელსაც მზრუნველობასა და კურთხევას არ აკლებდა უზენაესი.ქი 87.2

    უზენაესი მიზანი, რომელიც უფალმა ღმერთმა თავის ხალხს განუსაზღვრა, უდიდესი შესაძლებლობანი, მის რჩეულ ერს რომ მიეცა, დიდებულად არის წარმოდგენილი ამ მშვენიერ სიტყვებში: “უწოდებენ მათ მუხებს, უფლის დარგულთ, მის სადიდებლად” (ეს. 61:3). მომაკვდავი იაკობი სულიწმიდის შთაგონებით ასე ამბობს თავის საყვარელ შვილზე: “ნაყოფიერი ყლორტია იოსები, ნაყოფიერი ყლორტია წყაროს თავზე, გალავანზეა მისი ტოტები!” და შემდეგ განაგრძობს: “მამაშენის ღმერთისაგან - შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან - გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით” (დაბ. 49:22,25). ამგვარად დარგო უფალმა ისრაელი სიცოცხლის წყაროსთან, როგორც ნაყოფიერი ხე. გააშენა ვენახი “ნაყოფიერ გორაკზე. და მოხნა იგი და გაასუფთავა ქვებისაგან, და ჩაყარა რჩეული ვაზი” (ეს. 5:1,2).ქი 87.3

    “და ესავდა, რომ ყურძენს მოისხამდა, მაგრამ მოისხა მან ველური ნაყოფი” (ეს. 5:2). ეს უფლის რჩეული ერი ქრისტეს დღეებში უფრო მეტად გამოირჩეოდა თავისი გარეგნული ღვთისმოსაობით, ვიდრე წინა საუკუნეებში, მაგრამ ახლა უფრო მეტად იყო მოკლებული სულიწმიდის დიდებულ ნაყოფს. იოსების ხასიათის ის ძვირფასი თვისებები, რაც ასე ალამაზებდა და სურნელს აფრქვევდა მის ცხოვრებას, ვერ გამოვლინდა ებრაელი ერის ხასიათში.ქი 87.4

    თავისი ძის მეშვეობით ეძებდა უფალი ღმერთი ისრაელში კეთილ ნაყოფს, მაგრამ ვერ იპოვა. უნაყოფო გამოდგა ისრაელი დედამიწაზე. მისი არსებობაც კი დაწყევლილი აღმოჩნდა, რადგან უფლის ვენახში იგი იკავებდა ადგილს, რომელზედაც კეთილი ხის დარგვა იყო შესაძლებელი. ამგვარი ისრაელი დაბრკოლებას წარმოადგენდა წუთისოფლისათვის, რომლისთვისაც უფალს თავისი რჩეული ერის მეშვეობით მადლი და კურთხევა უნდა მიეცა. თავისი ცხოვრების წესით ისრაელიანნი ცრუდ სახავდნენ უზენაესს სხვა ერების წინაშე. ისრაელი არა მარტო უსარგებლო იყო, არამედ სხვა ერებსაც ხელს უშლიდა უფლისკენ მოქცევაში. მათი რელიგია უფრო მცდარი და დამღუპველი იყო, ვიდრე გადამრჩენელი.ქი 87.5

    ამ იგავში მევენახეს ეჭვი არ ეპარება, რომ პატრონის განაჩენი უნაყოფო ხის მოჭრის აუცილებლობასთან დაკავშირებით სამართლიანია, მაგრამ ისიც კარგად ესმის, თუ რა დიდად არის დაინტერესებული პატრონი ამ ხის ბედით და მის გულისთქმას იზიარებს. შველაზე დიდი სიხარული მევენახეს მხოლოდ მაშინ ეწვევა, როდესაც ამ ხეზე ნაყოფს იხილავს. იგი ხვდება, რომ პატრონსაც იგივე სურვილი აქვს და პასუხობს: “ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირს შემოვუთოხნიდე და ნაკელს დავუყრიდე, იქნებ მოისხას ნაყოფი”.ქი 87.6

    მევენახე მზად არის, კვლავაც იზრუნოს ამ თითქოსდა უიმედო ხეზე; უფრო კარგად მოუაროს და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანოს. პატრონიც და მევენახეც ერთნაირად არიან დაინტერესებული ამ ლეღვის ხით. ისევე, როგორც მამა და ძე ერთნი არიან თავის სიყვარულში რჩეული ერის მიმართ. ქრისტემ თავის მსმენელთ აღუთქვა, რომ მათ უფრო მეტი შესაძლებლობანი მიეცემათ. ყოველგვარი საშუალებებით იზრუნებს უფალი მათზე, მთელ თავის სიყვარულს გასცემს, რათა აქციოს ისინი სიმართლის ნერგად, რომელიც მთელ წუთისოფელს კურთხევას მოუტანს.ქი 88.1

    იგავში იესო არაფერს ამბობს მევენახის შრომაზე. აქ იგი თხრობას წყვეტს. მისი დასრულება დაევალა თაობას, რომელიც მის სიტყვებს ისმენდა. სერიოზულ გაფრთხილებად გაისმის მევენახის სიტყვები: “თუ არა და, მოჭრი მას”. მსმენელზე იყო დამოკიდებული, ითქმოდა თუ არა საბოლოო განაჩენი. რისხვის დღე მოახლოებული იყო. უბედურების ჟამს, რომელიც იმ დროს ისრაელს უკვე დაატყდა თავს, ვენახის პატრონმა მოწყალებით გააფრთხილა თავისი ხალხი უნაყოფო ლეღვის ხის შესაძლო დაღუპვის შესახებ.ქი 88.2

    დღესაც ხმამაღლა გაისმის ქრისტეს ეს გაფრთხილება. ო, გულგრილო ადამიანო, დაფიქრდი; შენც ხომ არა ხარ ის უნაყოფო ხე, უფლის ვენახში დარგული? შენც ხომ არ გეხება ეს განაჩენი? რამდენი ხანია, რაც მისი წყალობა მიიღეთ? რამდენი ხანია, რაც იგი მთელი გულისყურით ადევნებს თვალს თქვენს ცხოვრებას და საპასუხო სიყვარულს ელის? ო, რა დიდი შესაძლებლობები გქონდათ, როცა უფლის ვენახში იმყოფებოდით და მევენახე სიყვარულით ზრუნავდა თქვენზე! ო, რამდენჯერ ნაზად შეეხო სახარების საოცარი ჭეშმარიტება თქვენს გულს! თქვენ ქრისტეს სახელს ატარებთ, ფორმალურად მის ეკლესიაშიც იმყოფებით, რომელიც ქრისტეს სხეულია და მაინც ვერ ხვდებით, რომ სიყვარულის წყაროსთან ცოცხალი კავშირი არა გაქვთ? არა ხართ თქვენ მისი სიცოცხლის გამტარებელი. მისი ხასიათის მშვენიერი თვისებები - “სულის ნაყოფი” - არ მოჩანს თქვენს ცხოვრებაში.ქი 88.3

    უნაყოფო ხე იღებს ყველაფერს, რაც მისი არსებობისათვის აუცილებელია: წვიმას, მზის სინათლეს, მევენახის ყურადღებასა და მზრუნველობას. ისიც, სხვა დანარჩენის მსგავსად, მიწის წვენით იკვებება. მაგრამ მისი უნაყოფო ტოტები მხოლოდ ნიადაგს ჩრდილავს; მისი ჩრდილი კი ნაყოფიერი ხეების ზრდას უშლის ხელს. ასევე უფლის მადლი და წყალობა, რომელიც უფალმა უხვად მოგცათ, თქვენ გამო ვერ იქცა წუთისოფლის კურთხევად. თქვენ ართმევთ სხვებს იმ სიკეთეს, რომელსაც, თქვენ რომ არა, ისინი მიიღებდნენ.ქი 88.4

    თქვენთვის გასაგებია (თუმცა, შესაძლოა, ბოლომდე ვერც ჩასწვდით), რომ მძიმე ტვირთი ხართ დედამიწისათვის, მაგრამ თავისი სულგრძელობის გამო არ გჭრით უფალი. არ არის გულგრილი თქვენ მიმართ, ადვილად ვერ გთმობთ და დასაღუპავად ვერ გიმეტებთ. ნწარედ ტირის უფალი თავისი ცოდვილი შვილების გამო; ისევე, როგორც მრავალი საუკუნის წინათ ძველ ისრაელს დასტიროდა: “როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გადაგაგდო, ისრაელ?.. აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძვრები ეფრემის დასაღუპავად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი” (ოს. 11:8,9). თითოეულ ჩვენგანზე ასე ამბობს მოწყალე მაცხოვარი: “დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირს შემოვუთოხნიდე და ნაკელს დავუყრიდე”.ქი 88.5

    რაოდენ დიდი სიყვარულით ემსახურებოდა ქრისტე ისრაელს მათი ხანგრძლივი გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში. ასე ლოცულობდა ჯვარზე გაკრული: “მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ” (ლუკ. 23:34). მისი ცად ამაღლების შემდგომ სახარება ჯერ იერუსალიმს ექადაგა. იგივე სულიწმიდა გარდმოეფინა მის მოწაფეებს. იქვე გამოაცხადა პირველმა ეკლესიამ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ძალა და ძლიერება. ტტეფანე, რომელსაც “ანგელოზის სახე” ჰქონდა (საქმე. 6:15), იერუსალიმში მოწმობდა ქრისტეს შესახებ და სიცოცხლეც იქ გაწირა. ყველაფერი, რისი მოცემაც ზეცას ადამიანებისათვის შეეძლო, თავდაპირველად იერუსალიმს მიეცა. “რა უნდა გამეკეთებინა მეტი ჩემი ვენახისათვის და არ გავუკეთე მას? - თქვა ქრისტემ (ეს. 5:4). ასევე შრომობს და ზრუნავს უფალი თქვენზე და მისი თქვენ მიმართ ერთგულება არა თუ სუსტდება, არამედ იზრდება. კვლავაც იმეორებს უფალი: “მე, უფალი, მისი მცველი ვარ, ყოველ წამს ვრწყავ მას, რათა არ დააზიანონ, ღამით და დღისით ვიცავ მას” (ეს. 27:3).ქი 88.6