Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    დრო

    ჩვენი დრო ღმერთს ეკუთვნის. ყოველი წამი მისია და ჩვენ დიდად მოვალენი ვართ, მის სადიდებლად გამოვიყენოთ იგი. მის მოცემულ საბოძვართა შორის ყველაზე მკაცრი ანგარიში სწორედ რომ დროის გამოყენებისათვის მოგვეთხოვება.ქი 145.3

    დრო ფასდაუდებელია. მაცხოვარი თვლიდა, რომ ცხოვრების ყოველი წამი მეტად ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ასევე უნდა მივიჩნიოთ ჩვენც. ცხოვრება მეტად ხანმოკლეა იმისათვის, რომ იგი ფუჭად დავხარჯოთ. მეტად მცირე დრო გვაქვს მოცემული გამოცდისათვის და საუკუნო სიცოცხლეში შესასვლელად მზადებისათვის. ჩვენ არა გვაქვს დრო იმისათვის, რომ იგი ფუჭად ვხარჯოთ ან ჩვენი ეგოისტური მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოვანდომოთ. ჩვენ არა გვაქვს დრო იმისათვის, რომ ცოდვა შევიწყნაროთ. ეს არის დრო, როდესაც ხდება ჩვენი ხასიათის ჩამოყალიბება საუკუნო სასუფევლისათვის. სწორედ ახლა ხდება ჩვენი მომზადება მომავალ ღვთიურ სამსჯავროზე წარსადგენად.ქი 145.4

    არცთუ ისე დიდი ხანი გავიდა ადამიანის შექმნის დღიდან და კაცობრიობამ კვდომა იწყო. ამაოა ადამიანის გამუდმებული შრომა და მცდელობა საუკუნო სიცოცხლის შესახებ ჭეშმარიტების შემეცნების გარეშე. ის, ვინც კარგად იცის მისი შრომისათვის გამოყოფილი დროის ფასი, შეძლებს ზეციურ სავანეებში - საუკუნო სასუფეველში გადასვლისათვის მომზადებას. ასეთი ადამიანი ამართლებს თავის დაბადებას.ქი 145.5

    ღვთით ბოძებული დრო სასარგებლო საქმეებისათვის უნდა გამოვიყენოთ. ფუჭად დაკარგული წუთების დაბრუნება შეუძლებელია. უკან ერთ წამსაც კი ვეღარ დავიბრუნებთ. ერთადერთი გზა დაკარგული დროის ანაზღაურებისა - ესაა დარჩენილი დროის ვარგისიანად გამოყენება უფალთან თანამშრომლობაში კაცობრიობის გამოსყიდვის უდიდესი ღვთიური გეგმის განსახორციელებლად.ქი 145.6

    ადამიანს, ვინც ამას აკეთებს, თანდათან ეცვლება ხასიათი. იგი უფლის ძედ, უზენაესის ოჯახის წევრად და ზეციური მეფის შვილად იქცევა. იგი უკვე მზადაა იმისათვის, რომ ზეციურ ანგელოზებთან ჰქონდეს ურთიერთობა.ქი 146.1

    ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც მოცემული დრო მოყვასის გადასარჩენად უნდა გამოვიყენოთ. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ თუკი ქრისტეს საქმისათვის რაიმე ფულს გაიღებს, ეს საკმარისია და მეტი არაფერი მოეთხოვება. მაგრამ ის ძვირფასი დრო, რომელიც ადამიანს უფლისადმი პირადი მსახურებისათვის მიეცა, მათ ხელიდან გაუშვეს. უფლის საქმეებისათვის აქტიური შრომა და მსახურება - ეს უდიდესი უპირატესობა და მოვალეობაა იმ ადამიანისათვის, ვისაც ჯანმრთელობა და ძალა უწყობს ხელს. ყველა მორწმუნემ უნდა აკეთოს ქრისტეს საქმეები - იშრომოს ადამიანის გადარჩენისათვის. ფულადი შესაწირავი ვერ შეცვლის ამ მსახურებას.ქი 146.2

    ჩვენი ცხოვრების ყოველი განვლილი წამი შედეგს მომავალ საუკუნო სიცოცხლეში გამოიღებს. ჩვენ მუდამ ფხიზლად და მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რათა ვიშრომოთ იქ, სადაც უფალს დავჭირდებით. შესაძლებლობა სიცოცხლის სიტყვის თქმისა სულთათვის, რომელთაც ეს ამ მომენტში სჭირდებათ, შესაძლოა, აღარ განმეორდეს. უფალმა, შესაძლოა, უთხრას ადამიანს: “უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ” (ლუკ. 12:20), იგი კი მზად არ აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ჩვენ ჩვენი მოვალეობა არ შევასრულეთ. და რა გვექნება სათქმელი უფლის იმ დიად დღეს, როცა ღვთის სამსჯავროზე წარვდგებით?ქი 146.3

    სიცოცხლე მეტად ძვირფასი და მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იგი ამქვეყნიურ მიზნებს, წვრილმანებზე ზრუნვასა და ამაოებას მოვახმაროთ, რაც იმდენად უმნიშვნელოა, რომ საუკუნო სიცოცხლესთან მისი შედარება არც კი შეიძლება. და, მიუხედავად ამისა, უფალმა მოგვიწოდა, მას ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც ვემსახუროთ. ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში სიბეჯითის გამოჩენა ჭეშმარიტი რელიგიის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც ღვთისმოსაობა. ბიბლია არ იწონებს ჩვენს უსაქმოდ ყოფნას. ესაა კაცობრიობის დიდი უბედურება, რაც მძიმე წყევლად ადევს მთელ წუთისოფელს. ყოველი ჭეშმარიტად მოქცეული ადამიანი - კაცი თუ ქალი, ღვთიურ საქმეთა მუყაითი შემსრულებელი უნდა იყოს.ქი 146.4

    ჩვენი კუთვნილი დროის სრულყოფილად გამოყენებაზეა დამოკიდებული ჩვენი წარმატება სათანადო ცოდნის მიღებისა და გონებრივ შესაძლებლობათა განვითარების საქმეში. ინტელექტის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის ვერც სიღარიბე, ვერც ადამიანის უბრალო წარმოშობა და ვერც არახელსაყრელი გარემო და პირობები. საჭიროა მხოლოდ ერთი რამ: კარგად გვესმოდეს, თუ რაოდენ ძვირფასია ყოველი წუთი. რამდენ ასეთ ძვირფას წუთს ვკარგავთ უაზროდ უმიზნო საუბრებში, დილაობით ლოგინში გვიანობამდე ნებივრობისას, მოგზაურობასა და ტრანსპორტის მოლოდინში, სურსათსანოვაგისათვის გაუთავებელ რიგებსა და იმ პირთა მოლოდინში, რომელნიც დანიშნულ შეხვედრაზე დროულად არ ცხადდებიან. დროის ეს ნაწილი წმიდა წერილების კითხვასა და წაკითხულზე მსჯელობას რომ მოვანდომოთ, რაოდენ სასარგებლო საქმეს გავაკეთებდით. დასახული მიზნებისაკენ სწრაფვა, ბეჯითი შრომა, დროის დაზოგვა და შეუპოვრობა შესაძლებლობას მისცემს ადამიანს, შეიძინოს ღრმა ცოდნა, მოიწესრიგოს გონება და მოემზადოს იმისათვის, რომ ნებისმიერ ვითარებაში კეთილი ზეგავლენის მოხდენა და დიდი სარგებლობის მოტანა შეძლოს.ქი 146.5

    ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა, გამოიმუშავოს თვისებები, რომლებიც ხელს შეუწყობს, იყოს მოწესრიგებული, ბეჯითი და სრულყოფილი. არავის ეპატიება ნებისმიერი საქმის ან სამუშაოს გაჭიანურება. როდესაც ადამიანი გამუდმებით შრომობს, მაგრამ საქმეს თავს ვერ ართმევს, ეს იმის ნიშანია, რომ იგი მას უგულოდ, ენთუზიაზმის გარეშე აკეთებს. მან, ვინც ასე აუჩქარებლად მუშაობს, უნდა შეიგნოს საკუთარი ნაკლის გამოს- წორების აუცილებლობა. მან ისე უნდა გამოწვრთნას საკუთარი გონება, რომ შეძლოს თავისი დროის სწორად დაგეგმვა საუკეთესო შედეგის მიღების მიზნით. ამ მეთოდის გამოყენებით იგი შეძლებს, ხუთ საათში გააკეთოს ის, რასაც სხვა ათს მოანდომებდა. მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ, შეუსვენებლივ საშინაო საქმეებს აკეთებენ არა იმიტომ, რომ მართლაც უზომოდ დიდი დატვირთვა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ თავის საქმეებს ისე არ გეგმავენ, რომ დრო დაზოგონ. თავიანთი ზანტი მოქმედებებით ისინი სრულიად მარტივ საქმეს მეტად ართულებენ; მაგრამ ის, ვინც საკუთარ თავში ამ მავნე თვისებების აღმოფხვრას მოინდომებს, საწადელს უთუოდ მიაღწევს. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სამუშაოს დაწყების წინ განსაზღვრული მიზნის დასახვა. გამოთვალეთ, თუ რამდენი დრო დაგჭირდებათ მოცემული სამუშაოს შესასრულებლად, შემდეგ კი შეეცადეთ, განსაზღვრულ დროში დაამთავროთ ის. ნებისყოფის ასეთი გამოცდა ხელებსაც გაავარჯიშებს და მოხერხებულობასა და სიმარდესაც შესძენს მათ.ქი 146.6

    ასეთი გულმოდგინების უქონლობისა და საკუთარი უსუსურობის გამო ისინი, ვისაც საკუთარი თავის კონტროლი და გარდაქმნა არ ძალუძს, მცდარ მოქმედებათა სტერეოტიპებად გადაიქცევიან. ხოლო საკუთარი ნიჭისა და ნებისყოფის განმტკიცებით ისინი მშვენივრად გაართმევენ თავს საქმეს და თავიანთ მოვალეობასაც წარმატებით შეასრულებენ. მაშინ ისინი საჭირონი იქნებიან მუდამ და ყველგან; საკუთარ ღირსებებსაც გამოავლენენ და უდიდეს პატივისცემასაც დაიმსახურებენ.ქი 147.1

    ბევრი ახალგაზრდა და მოზარდი ხშირად ფუჭად ხარჯავს დროს, როცა შეუძლიათ, ეს დრო ოჯახურ საქმიანობას მოახმარონ, ოჯახს დაეხმარონ და ამით მშობლებისადმი ჭეშმარიტი სიყვარული და პატივისცემა გამოავლინონ. ახალგაზრდები მხარში უნდა ამოუდგნენ ოჯახის წევრებს, თავისი ძლიერი, ახალგაზრდული ხელი შეაშველონ მათ და მრავალი მოვალეობაც იტვირთონ.ქი 147.2

    ქრისტეს ცხოვრება სიყმაწვილის წლებიდანვე აქტიური შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. იგი მუდამ სხვებზე ზრუნავდა და არა საკუთარ თავზე. თუმცა იგი უზენაესი ღმერთის ძე იყო, თავის მიწიერ მამას, იოსებს, სახელოსნოში სადურგლო საქმეებში შველოდა. მისი ეს საქმიანობა მეტად მრავლისმეტყველი და ყურადსაღები იყო: იგი მოვიდა წუთისოფელში როგორც ადამიანის ხასიათის აღმშენებელი და ამიტომ მის ყოველ მოქმედებას სრულყოფილების ბეჭედი ესვა. ყოველი მისი ამქვეყნიური საქმიანობა ისეთივე სრულყოფილი იყო, როგორც მისი ღვთიური ძალით გარდაქმნილ ადამიანთა ხასიათი. ქრისტე ჩვენი მაგალითია.ქი 147.3

    მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს დროის ფასი და მისი სწორად გამოყენება. ასწავლეთ მათ, აკეთონ ის საქმეები, რაც დიდებას მოუტანს უფალს და კეთილდღეობას - კაცობრიობას. თვისი სიყმაწვილის წლებშიც კი შეუძლიათ ბავშვებს, აკეთონ უფლის საქმე და მის მისიონერებად იწოდებოდნენ.ქი 147.4

    უდიდეს დანაშაულსა და ცოდვას ჩადიან მშობლები, როდესაც შვილებს უსაქმოდ ყოფნის ნებას აძლევენ. ბავშვები ადვილად ეჩვევიან სიზარმაცეს, რის შედეგადაც უძლურ და უსარგებლო ადამიანებად იზრდებიან. ხოლო როცა იმ ასაკს აღწევენ, როდესაც თავად უნდა გამონახონ საარსებო წყარო და საკუთარი ცხოვრებაც უზრუნველყონ, მათ მუშაობა ეზარებათ და არც შრომისა და თავის შეწუხების სურვილი აქვთ, თუმცა, ამავე დროს, ელიან ანაზღაურებას, რომელიც არ დაუმსახურებიათ. უდიდესი განსხვავებაა ასეთ მუშაკებსა და მათ შორის, ვისაც შეგნებული აქვს, რომ იგი უფლის ჭეშმარიტი და ერთგული მნე უნდა იყოს.ქი 147.5

    უსაქმურობა და ყოველდღიური საქმიანობისადმი ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება დიდ ზეგავლენას ახდენს ამ ადამიანთა რელიგიურ ცხოვრებაზე, რის გამოც ისინი უფლის მსახურებისათვის უსარგებლონი ხდებიან. მრავალმა ადამიანმა, რომელიც თავისი მუყაითი შრომითა და სიბეჯითით წუთისოფლისათვის კურთხევად უნდა ქცეულიყო, თავი დაიღუპა თავისი უსაქმრობით. უქმად ყოფნა და უმიზნოდ ცხოვრება დაუცველს ხდის ადამიანს და გზას უხსნის მას ათასგვარი ცდუნებისაკენ. ურწმუნო მეგობრები და მანკიერი ჩვევები ღუპავენ ადამიანის გონებასა და სულს, შედეგი კი ასეთია: იღუპება იგი აწმყოსათვის და მომავალი ცხოვრებისათვისაც.ქი 147.6

    როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სამუშაო, ღვთის სიტყვა გვასწავლის: “იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით. სულით აღეგზნეთ. ემსახურეთ უფალს”. “ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, შენი ძალისამებრ გააკეთე”. “იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისაგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით” (რომ. 12:11; ეკლ. 9:10; კოლ. 3:24).ქი 148.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents