Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ზეგავლენა

    უსაზღვრო და უსასრულო იყო იესო ქრისტეს ზეგავლენა ადამიანებზე, რაც მას ღმერთთან და კაცობრიობასთან აკავშირებდა. მაცხოვრის მეშვეობით უფალმა ღმერთმა იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ადამიანზე, რომ მისთვის შეუძლებელი გახდა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ეცხოვრა. თუმცა ჩვენ დამოუკიდებელი პიროვნებები ვართ, მაგრამ ყოველი ჩვენგანი დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან და ნაწილი ვართ ერთი მთლიანი ორგანიზმისა, რომელიც ღმერთს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ორმხრივი მოვალეობა გვაკისრია. ვერც ერთი ადამიანი ვერ იარსებებს საზოგადოებისაგან დამოუკიდებლად, ვინაიდან ერთის კეთილდღეობა ზეგავლენას ახდენს მეორეზე. უფლის მიზანია, ადამიანმა იგრძნოს, რომ იგი ვიღაცას სჭირდება და ეცადოს, ბედნიერება მოუტანოს სხვებს.ქი 143.4

    ყოველი ადამიანის გარშემო განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს. ეს, შესაძლოა, იყოს ცხოველმყოფელი რწმენის, სიმამაცის, იმედისა და სიყვარულის ატმოსფერო; ან პირიქით, მძიმე და ცივი, პირქუში ატმოსფერო ირგვლივ მყოფთა მიმართ უკმაყოფილებისა და გულში არსებული ფარული ცოდვით მოწამლული საკუთარი ეგოიზმისა. სწორედ ჩვენ გარშემო არსებული ატმოსფეროს მეშვეობით ვახდენთ ზეგავლენას თითოეულ პიროვნებაზე, რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს.ქი 144.1

    ესაა პასუხისმგებლობა, რომლისგანაც ვერასოდეს გავთავისუფლდებით. ჩვენი ყოველი სიტყვა, საქმე, ჩაცმულობა, საუბრის კილო, სახის გამომეტყველებაც კი უდიდეს ზეგავლენას ახდენს. შთაბეჭდილებამ, რომელსაც ადამიანებზე ამგვარად ვახდენთ, შეიძლება გამოიღოს ცუდი ან კარგი ნაყოფი, რომელიც აუწყველი და შეუფასებელია. ყოველი განზრახვა, რომელიც ჩვენგან მოდის, არის თესლი, რომელიც სხვებში ითესება და რომელიც, თავის მხრივ, მათში ნაყოფს გამოიღებს. ეს მხოლოდ ერთი მცირე რგოლია სხვადასხვა ადამიანთა ცხოვრებისეულ მოვლენათა უსასრულოდ გრძელი ჯაჭვისა. თუკი ჩვენი საკუთარი მაგალითით სხვებში კეთილი პრინციპების განვითარებას ვუწყობთ ხელს, ამით მათ ვაძლევთ ძალას კეთილ საქმეთა საკეთებლად. შემდგომ კი ისინიც, თავის მხრივ, სხვებზე მოახდენენ კეთილ ზეგავლენას, ის სხვები კი - სხვებზე და ასე უსასრულოდ. ამგვარად, ჩვენი უნებლიე ზეგავლენა, შესაძლოა, ათასობით ადამიანისათვის კურთხევად იქცეს.ქი 144.2

    ტბაში ნასროლი კენჭი ქმნის ტალღების წრეს, რომელიც შემდგომ ტალღათა სიმრავლეს იწვევს და თანდათანობით ვრცელდება, ვიდრე ნაპირს არ მიაღწევს. ასევეა ჩვენი ზეგავლენაც - შესაძლოა, ჩვენგან დამოუკიდებლად იგი ადამიანებისათვის წყევლად ან კურთხევად იქცეს.ქი 144.3

    ხასიათი - ეს უდიდესი ძალაა. ჭეშმარიტების მდუმარე მოწმობას, უანგარო, ღვთისმოსაურ ცხოვრებას უსაზღვროდ დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ჩვენს ცხოვრებაში ქრისტიანული ხასიათის გამოვლინებით ჩვენ მაცხოვრის თანამშრომელნი ვხდებით ადამიანთა გადარჩენის საქმეში. და ჩვენი მასთან თანამშრომლობა მით უფრო წარმატებული იქნება, რაც უფრო მეტად გამოვლინდება ჩვენში მისი ხასიათი. რაც უფრო დიდია და ყოვლისმომცველი ჩვენი ზეგავლენა, მით უფრო მეტ კეთილ საქმეს გავაკეთებთ. როდესაც უფლის ერთგული მსახურნი ქრისტეს ცხოვრებას ბაძავენ, როდესაც მათთვის მაცხოვრის ყოველი სიტყვა და საქმე მაგალითია, როდესაც მისი პრინციპებით ცხოვრობენ, როდესაც ყოველი მათი მოქმედება მოწმობს, რომ მათ უყვართ ღმერთი და მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, მაშინ უფლის ეკლესიას ექნება ძალა, შეძრას მთელი მსოფლიო.ქი 144.4

    მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ შესაძლოა, ზეგავლენა დამღუპველ ძალად იქცეს. ტაკუთარი სულის დაღუპვა - ეს საშინელებაა, მაგრამ უფრო საშინელია, გახდე სხვისი სულის დაღუპვის მიზეზი. საშინელია იმაზე ფიქრიც კი, რომ ჩვენი ზეგავლენა ადამიანთა სიკვდილის მიზეზად შეიძლება იქცეს, მაგრამ ეს შესაძლებელია. მრავალი ღვთისმსახური, რომელიც თავს უფლისათვის ადამიანთა შეკრების საქმეში ქრისტეს თანამშრომელს უწოდებს, ხშირად საწინააღმდეგოს აკეთებს და მათ ღმერთს უფრო აშორებს. ამიტომაცაა ეკლესია ასეთი სუსტი. ბევრი მორწმუნე თავს ნებას აძლევს, გააკრიტიკოს და დაადანაშაულოს. თავიანთი ეჭვებით, შურითა და უკმაყოფილებით ისინი შესაძლებლობას აძლევენ სატანას, თავის იარაღად გაიხადოს ისინი. და სანამ ისინი გონს მოვლენ და მიხვდებიან, თუ რას აკეთებენ, სატანა მათი მეშვეობით უკვე ასრულებს თავის ჩანაფიქრს. ბოროტებამ უკვე იქონია თავისი ზეგავლენა: ვიღაცას სახელი უკვე შეელახა და სატანის ისრებმაც თავის მიზანს მიაღწია. ეჭვებმა, ურწმუნოებამ და აშკარა უღვთოობამ დაისადგურა იმ ადამიანთა გულში, რომელთაც სხვა ვითარებაში შეეძლოთ, ქრისტე მიეღოთ. ამასობაში სატანის მესვეურნი თვითკმაყოფილებით უცქერენ მათ, ვინც ასე სკეპტიკურად განაწყვეს, რომელთაც ამის გამო გული გაიქვავეს და ყური დაიხშეს, რათა არ შეესმინათ საყვედური ან ხვეწნამუდარა. ისინი თავს იმით იმშვიდებენ, რომ სხვებთან შედარებით მართალნი და კეთილმოქმედნი არიან და ვერ შეუგნიათ, რომ ამ საცოდავ ადამიანთა დაღუპვა მათი თავშეუკავებლობის, მოუთოკავი ენისა და ამბოხებული გულის ზეგავლენის შედეგია. სწორედ მათი ზემოქმედების შედეგია ის, რომ ეს სუსტი ადამიანები ცდუნდნენ.ქი 144.5

    ამგვარად ღუპავს ადამიანებს ამ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანთა არასერიოზულობა, დაუფიქრებლობა და საკუთარი თავისადმი შემწყნარებლობა, უზრუნველობა და გულგრილობა. ბევრი მათგანი შიშით შეხვდება ღვთის სამსჯავროზე საკუთარი ბოროტი ზეგავლენის ნაყოფს.ქი 145.1

    მხოლოდ ღვთის მადლითაა შესაძლებელი ამ ნიჭის სწორად გამოყენება. ჩვენ თავად არაფერი გაგვაჩნია ისეთი, რაც სხვებზე კეთილ ზეგავლენას მოახდენს. და თუკი საკუთარ უსუსურობასა და უზენაესის ძალის საჭიროებას შევიცნობთ, საკუთარ თავს აღარ დავეყრდნობით. ჩვენ არ ვიცით, თუ რას მოგვიტანს დღე, საათი თუ წუთი, ამიტომ ყოველი დღე იმით დავიწყოთ, რომ ჩვენი გზები ზეციერ მამას მივანდოთ. უზენაესის ანგელოზებს ჩვენზე ზრუნვა აქვთ დავალებული. ისინი თვალყურს გვადევნებენ და თუკი მათს ხელმძღვანელობას მივენდობით, გაჭირვებისა და ხიფათის ჟამს ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან. და როდესაც უნებლიედ ვიღაცაზე ბოროტი ზეგავლენის მოხდენის საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებით, ღვთის ანგელოზები წამსვე ჩვენთან გაჩნდებიან, რათა საჭირო სიტყვები გვიკარნახონ, ჩვენზე კეთილი ზეგავლენა იქონიონ, სწორი გადაწყვეტილება მიგვაღებინონ და სწორი გზა გვიჩვენონ. ამიტომ ჩვენი ზეგავლენა შესაძლოა იყოს უსიტყვო, ქვეცნობიერი, მაგრამ მეტად ძლიერი ქრისტესთან და ზეციურ სასუფეველთან ადამიანთა მოყვანის საქმეში.ქი 145.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents